მოქმედი პირები :
საბინა გარსია მსახიობი
ალბერტო გუზმანი ბიბლიებით მოვაჭრე
ჟან-ლუკი საბინას შეყვარებული
მადრიდის მაღალსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინის აივანი. სცენაზე მოჩანს მაღალი შენობების პატარ-პატარა ფანჯრები, ანტენები, სარეცხის თოკები და სხვ. აივანი სავსეა მცენარეულობით. სცენის ცენტრში დგას მაგიდა, ასაკეცი სკამები და წითელფოთლება ქლიავის ხე. იქვეა ჰამაკი. კედლის პირდაპირ კი სარკეა დამაგრებული.
სექტემბრის მშვენიერი საღამოა. ბინდდება.
შემოდის საბინა. ხელში ბოთლი და სავსე ჭიქა უჭირავს. ლამაზი ქალია, ასე 25-ოდე წლის. ჩამოქნილი ტანი და დახვეწილი მიხვრა-მოხვრა აქვს. გლუვი კანი მწვანე ვაშლივით უპრიალებს. რაღაცას ნაღვლიანად ღიღინებს. გაბზარულ ხმაზე ეტყობა, ბლომად დაულევია.
ბოთლს და ჭიქას მაგიდაზე აწყობს და გადის. ბინიდან მისი სიმღერა ისმის. ბრუნდება, თან ტელეფონი მოაქვს, მაგიდაზე დებს. ხელში სცენარი უჭირავს და ერთ ხანს კითხულობს. თან სვამს. ჭიქას თავიდან ავსებს. ფეხზე წამოდგება და სარკის წინ დგება.
საბინა: (თამაშობს) მომშორდი! თავიდან მომწყდი, შე პირუტყვო! არ მომეკარო-მეთქი, მე შენ გელაპარაკები… (ისე იქცევა, თითქოს ვიღაცას ხელს ჰკრავდეს). ეგრე, ჰო, აბა რა გეგონა. იღლაკნე ეხლა პატარა ხვლიკივით. არაა, რაღაცა ვერ არის. (სცენარში იყურება და ერთს კიდევ მოსვამს.) ეგრე, ჰო, სწორედ ასეთი მინდოდა მენახე, ქვეწარმავალივით დაღლაკნილი და ლორწოვანი. (ფიქრობს.) მოიცა, ქვეწარმავლები იღლაკნებიან, რო? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს… (გრძელებს) იღლაკნე ეხლა გალორწკილი ქვეწარმავალივით! ყველაფერი შენს თავს დააბრალე. არა, ჩემს ოქროს საათს რომ აგირავებდი, რას ფიქრობდი. ეგ ერთადერთი ნივთიღა მქონდა შემორჩენილი ბებიაჩემის მოსაგონრად. არა, ნურაფერს მეტყვი!.. არც დამელაპარაკო! მერედა რისთვის? ტყუი! ეს სულ იმ ძუკნას ხუშტურებია, ჩუმ-ჩუმად რომ დაძვრები. (ხმას იცვლის) ჩუმ-ჩუმად რომელ ძუკნასთანაც დაძვრები, სწორედ მისი ხუშტურებია. (მოწრუპავს და აგრძელებს) არა, ნუ მელაპარაკები! სიტყვის გაგონებაც არ მინდა. ეხლავე ჩემოდანი ჩაალაგე და ჩემს სახლში აღარ დაგინახო. მე შენ გითხარი, ახსნა-განმარტებები არ მჭირდება-მეთქი. (სცენარს კითხულობს და თან სვამს.) თუ გგონია, ამ ზღაპრებს კიდევ დაგიჯერებ… რა თქვი? გიყვარვარ, არა? ჰა, ჰა, ჰა… მერედა შენ სიყვარულის რა გაგეგება, შე ღორო, შენა! შენ ხომ მარტო ფული გიყვარს. (სცენარში იყურება, თან სვამს) მორჩა! შენი ზღაპრების აღარ მჯერა… რას ამბობ? გიყვარვარ, ხომ? ჰა, ჰა, ჰა… მერედა შენ სიყვარულის რა გაგეგება, შე ღორო, შენა! შენ ხომ მარტო ფული გიყვარს. (სცენარში იყურება, კვლავ სვამს). ჩემი ფული, შე ღორო, შენა. ეხლავე გაეთრიე ოთახიდან, შე ვირთხა, ნამდვილ მატლს რომ ჰგავხარ. არა, სულ აღარ გრცხვენია? (სცენარში იყურება) ალდო, ჩემო პაწაწა ლომო. ვიფიქრე, ჩემი ცხოვრების მამაკაცი ვნახე-მეთქი. მეტის ძებნა აღარ მომიწევს-თქო. სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით-მეთქი. ვინ იყო შენი ბადალი, ვინ გაგიწევდა ცილობას რომელი წინა… წინამორბედი. სულ იმაზე ვოცნებობდი, როდის იქნება შენს დასაფლავებაზე რომ მოვალ, ქვრივი, ოდნავ შებერებული, როგორ დავემხობი შენს… (იფურთხება) აი, შენ რისი ღირსი ხარ. ჰო, რას შვრები? ასე რატომ მიყურებ? დაშოშმინდი, ალდო, გეხუმრე, ჩემო გვრიტო. აბა ეხლა ჭკვიანად იყავი, სისულელეები არ დაიწყო. მოდი და ეს დანა… (უცბად ტელეფონისკენ მიაბრუნებს თავს და ყურმილს ეცემა) ალო, ალო, დიახ, რომელი ხარ? (ყურმილს ჰკიდებს და ცოტას მოწრუპავს.) გეხუმრე- მეთქი, ჩემო გვრიტო. აბა ეხლა ჭკვიანად იყავი, სისულელეები არ დაიწყო. მოდი, აგერაა დანა და გაათავე დროზე. (უკან ვარდება) ალდო… ალდო! (ამოიკვნესებს და ეცემა) ვიცოდი, რომ შენ უკანასკნელი მამაკაცი იქნებოდი ჩემს ცხოვრებაში. (კვდება) რა საშინელებაა! რა უბედურებაა..! ჩემო გვრიტო, ჩემო გვრიტო… (კარზე ზარი რეკავს. საბინა შეკრთება, წამოხტება და ტელეფონს ეცემა) ალო, ჰო, გისმენ, გენაცვალე! ალო! ალო! (კარზე ზარის ხმა კვლავ მოისმის. საბინა ყურმილს ჰკიდებს და რწევა-რწევით კარისაკენ მიემართება.)
ალბერტო (სცენის მიღმა): უკაცრავად, შეიძლება ოჯახის უფროსს დაველაპარაკო?
საბინა (სცენის მიღმა): შემოდი, შემოდი. ნუ გრცხვენია. სულ მარტო ვარ. ჩემი სახლი – შენი სახლი. (ალბერტოსთან ერთად შემოდის) ჩემი აივანი – შენი აივანი. აგერ, ზევით ცა რომაა, ისიც შენი იყოს, მიჩუქნია. ჰა, რას იტყვი, თანახმა ხარ?
(ალბერტო მორცხვად შემოიძურწება. ახალგაზრდა კაცია. ცოტას წაიგოიმებს, თორემ ისე არა უშავს რა. გაზეთილი თმები უკან გადაუვარცხნია. საშუალო სიგრძის ჰალსტუხი ისე დაუბნევია, როგორც მოდაში არის. საკმაოდ შელახული საზაფხულო ჟაკეტი აცვია. სათვალე უკეთია. ხელში საკმაოდ მძიმე დიპლომატი უჭირავს.)
საბინა: მოდი, დაჯექი. ნუ გრცხვენია-მეთქი, ხომ გითხარი. რა კარგ დროზე მოხვედი. სწორედ ეხლა სასიკვდილოდ ვემზადებოდი. ასეთი რამე გაგიგია? ასე მარტო როგორ მოვკვდე, ვიღაცამ ხელი ხომ უნდა შემაშველოს. (მაგიდიდან რაღაცას იღებს და აწვდის.) აგერ ა. მიდი, დამარტყი. (ალბერტო წამოხტება.) ნუ გეშინია, კაცი არა ხარ, მშვიდად, აუღელვებლად მომკალი. აი, ასე, რა უნდა ამას? (ალბერტო შეხტება.) რა იყო, გეტკინა რამე?
ალბერტო: მე არა, ქალბატონო, მაგრამ…
საბინა: არ არსებობს, სიკვდილის სცენა ყველა მსახიობს უყვარს. რას ამბობ, რამხელა სიამოვნებაა, შეგიძლია შენს ნებაზე იგრიხო, სხვადასხვანაირი სიფათი მიიღო და მერე… ფაფუ! აღარა ხარ. ამ სულელურ ამბავში ერთადერთი ეგ სცენა მევასება. სხვა დანარჩენი საზიზღრობაა, ნამდვილი ზუფილიუსი… სწორედ ვამბობ?
ალბერტო: რას?.. რაო?
საბინა: იმას, რა ჰქვია… აი, ბევრი ცხოველი რომ მონაწილეობს. (მრავალმნიშვნელოვნად) შენ, მაგალითად, ძალიან ჰგავხარ ვირთხას!
ალბერტო: მაპატიეთ, მაგრამ…
საბინა: ეს მეტაფორაა, ადამიანო. პირდაპირ ღორი ან ვირთხა კი არ უნდა იგულისხმო, არაა. აი, მაგალითად, როცა ამბობ, რა ლორწკიანი უხსენებელივით იკლაკნებიო, ეს უკვე მეტაფორაა, მიხვდი, ხომ?
ალბერტო: დიახ, ქალბატონო. აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ. ცხოვრება თავად არის მეტაფორა. (დიპლომატიდან ერთ ცალ ბიბლიას იღებს) ბიბლია არის სწორედ მეტაფორების წიგნი, მერედა როგორი მეტაფორების. მე მჯერა, რომ თქვენ აღმერთებთ მეტაფორებს.
საბინა: ვინა, მეე? არ დაიჯერო.
ალბერტო: სიმბოლოებზე და ნიშნებზე რაღას იტყვით? ეს ყველაფერი ამ წიგნშია თავმოყრილი. ქალბატონო, მოვსულვარ, რათა წიგნთა წიგნი მოგყიდოთ. ეს ერთადერთი ფილოსოფიაა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.
საბინა: კი მაგრამ, ქალბატონოს რატომ მეძახი? ვითომ ასეთი ბებერი ვარ?… შენი აზრით, რამდენი წლის ვიქნები?
ალბერტო: აჰ… ასე ოცის, ოცდაერთის. სწორედაც რომ იდეალური ასაკია იმის შესაცნობად, რაც ამ წიგნშია დაუნჯებული…
საბინა: ოცდაერთისო? ზუსტადაც. ოცდაერთი წლისა ვარ. (სცენარში იყურება.) ეს როლი კი სულ არ შემეფერება. დიახაც, საჩემო არაა. ვგავარ ეხლა მე ისეთ ტიპს, ვიღაც გველს რომ გაჰყვება ცოლად, ის კი ჩემს სამკაულს დააგირავებს და ვიღაც ძუკნას დაახარჯავს? ყველაზე მაგარი ისაა, რომ მთავარი როლი ამ ძუკნასია. მაგარი კი არა, მაგარი ცუდია. სულ ჩემზე ლაპარაკობენ, მე კიდევ არ ვჩანვარ. ბოლოს კი გამოვდივარ, მაგრამ რად გინდა, მაშინვე მკლავენ. სრული უაზრობაა. არა, ვერაფრით ვერ შევალ ამ როლში. რეალობასთან ვერ ვაკავშირებ. თან სამკაულიც არა მაქვს. მე, მე… (უეცრად) მოიცა, ტელეფონი რეკავს?
ალბერტო: არ გამიგონია.
საბინა (ყურმილს იღებს): ალო? ალო? (ჰკიდებს ყურმილს, კვლავ იმედგაცრუებული რჩება) მნიშვნელოვან ზარს ველოდები. (სვამს) იცი, სამშაბათობით მირეკავს ხოლმე. ეხლა რა დროა?
ალბერტო (ნერვიულობს): ცხრის ნახევარია.
საბინა: უი, უკვე ცხრის ნახევარიც გამხდარა! წუთი-წუთზე დარეკავს. (სვამს.) ბოდიში, შენ არც კი შემოგთავაზე. დალევ რამეს?
ალბერტო: არა, გმადლობთ. არ ვსვამ.
საბინა: არ სვამ? საერთოდ არც მე ვსვამ ხოლმე, მაგრამ… დღეს სულ სხვა ამბავია. ხანდახან საჭიროა დალევა, რაღაცეებს სხვანაირად რომ შეხედო. უფრო რელისტურად, გესმის ჩემი? იმიტომ რომ… რომ ვთქვათ, ვინ ვარ მე სინამდვილეში? ან შენ ვინა ხარ? მართლა, ვინა ხარ?
ალბერტო: The Light, Inc.-ს სავაჭრო წარმომადგენელი. ეს ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიებით…
საბინა: არა, მოიცა. ვინ ვარ მე? ნორმალურ მდგომარეობაში სხვა ვარ, მთვრალი კიდევ სხვა? ალკოჰოლი რაღაც-რაღაცეების პროვოცირებას ახდენს, მაგალითად ტვინის მუშაობას აჩქარებს, რეალურ შესაძლებლობებებს კი ზღუდავს. მარტოხელები სვამენ და მერე საკუთარ თავს ესაუბრებიან სარკეში. ხათრიანები გასამხნევებლად. მშიშრები კი… მშიშრები იმიტომ სვამენ, რომ გაბედონ რამე. ჰო, ესაა სწორედ! მაგიტომ ვსვამ. აბა, შამპანური მომართვით. ამ ამბავს წერტილი ასე უნდა დავუსვა. (სვამს) უჰ, რა კარგია, ერთ ჭიქას ხომ არ დალევდი?
ალბერტო: არა, ნამდვილად არ მინდა. მართლა არა ვსვამ… სამუშაო საათებში. მე მინდა თქვენი ძვირფასი დროის ხუთიოდე წუთი დამითმოთ, რათა…
საბინა: ხუთი წუთიო? დასათმობი რა არის, გჩუქნი სულით და გულით. ხუთ წუთსაც გჩუქნი და ერთ ჭიქა შამპანურსაც. წავალ, მოვიტან.
ალბერტო: არაა საჭირო, ნუ წუხდებით.
საბინა ყურადღებას არ აქცევს მის ლაპარაკს და ჭიქის მოსატანად გადის. ალბერტო დიპლომატიდან იღებს ბიბლიებს და მაგიდაზე აწყობს. საბინა ბრუნდება, ხელში ჭიქა უჭირავს. შევსებას ცდილობს, მაგრამ ერთ-ერთ წიგნს გადაასხამს. ალბერტო წამოხტება და გამალებით წმინდავს.
საბინა: ნაღდად გიჟი ან თავხედი გგონივარ… ტყუილია. მე ღმერთი მწამს.
ალბერტო (გაეხარდება): სწორედ მაგაზე მინდა გესაუბროთ, თუ ინებებთ და ორიოდე წუთს…
საბინა: რა ცუდია, მთვრალი რომ ვარ.
ალბერტო: ეგ არაფერი. ახლა არ ამბობდით, ალკოჰოლი რაღაც-რაღაცეების გაგებას აადვილებსო. არსებობს ისეთი საგნები, რომელთა აღქმა ძალიან ძნელია, თუ…
საბინა (კიდევ აწყვეტინებს): საქმე ისაა, რომ შეყვარებული ვარ. ჰო, სულ დავკარგე თავგზა. ერთი აჩრდილი შემიყვარდა. სამშაბათობით მირეკავს ხოლმე… აი, დღესაც… ხმაზე ხომ არ მეტყობა, სულ ცოტა დავლიე. სულ ასე ვსვამ, ამაზე მეტი რა საჭიროა, ხომ გესმის? თუმცა დღეს სულ სხვა ამბავია. დღეს მე რაღაცა გადავწყვიტე.
ალბერტო: ალბათ ნაჩქარევად.
საბინა: ნაჩქარევადო? კი მაგრამ, შენ საიდან ასკვნი ამას? წესით ასე ერთი წლის წინ უნდა მოვქცეულიყავი, რომ მიმატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. აი, ხედავ, შენც კი, არაფერი რომ არ იცი, აცერცეტებულ ქალად მთვლი.
ალბერტო: ნუ განაწყენდებით, ქალბატონო, ძალიან გთხოვთ, მე უბრალოდ…
საბინა: ქალბატონოს თუ კიდევ დამიძახებ, ჩვენი საუბარი შეწყდება. სამუდამოდ დაგემდურები. გაიგონე?
ალბერტო: თუ შეიძლება, განგიმარტავთ. ,,ნაჩქარევადო” რომ ვთქვი, იმას ვგულისხმობდი, რომ სანამ რაღაც სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ვინმეს რჩევა და გვერდში დგომა არ გაწყენდათ. დღევანდელი სამყარო ენით გამოუთქმელი ტანჯვით და ტკივილით არის გათანგული. ირგვლივ კი რა ხდება? აბა, მიმოვიხედოთ. რამდენი შესანიშნავი ნივთია, რომელსაც ვერც კი ვამჩნევთ და სამარადჟამისო დავიწყებისთვის ვწირავთ. რა არის ჩვენი ცხოვრების ჭეშმარიტი არსი? ბიბლია გაქვთ წაკითხული?
საბინა: მოიცა, რა ხდება? ეხლა უბირი და უმეცარიც გამომიყვანე! ის არ მეყოფოდა, შენი გამოისობით, თავს ლოთად, სულელად და გათახსირებულად რომ ვგრძნობდი, ეხლა გინდა ესეც…
ალბერტო: ოჰ, რა თქმა უნდა, არა. თუ ბიბლია ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ, რა მოხდა მერე, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. მე აგერ არა ვარ? ამ თვეში სხვა ასეთი შანსი აღარ მოგეცემათ. საგანგებო გაყიდვა ეწყობა, მხოლოდ ამ თვეში. მართლაც განსაკუთრებული რამეა. მაგალითად, შეხედეთ, აი, ეს გამოცემა. ტყავშია ჩასმული, საერთოდ 250$ ღირს, ეხლა კი, მარტო ამ თვეში, შემიძლია ფასდაკლებით შემოგთავაზოთ, სულ 209$-ად.
საბინა: (ტელეფონის ყურმილს ეცემა): დიახ! ალო! (ჰკიდებს და ალბერტოს უყურებს) არავინაა.
ალბერტო: შეგიძლიათ მერწმუნოთ, ზღაპრულად იაფია. საოცარი შესაძლებლობა მოგეცათ! სხვათა შორის, ფერის არჩევაც შეგიძლიათ. ჩვენ მუდამ მომხმარებელზე ვფიქრობთ, ვზრუნავთ მისი ინტერიერის გალამაზებაზე. როგორც კი ამ სახლის ზღურბლს გადმოვაბიჯე, მაშინვე თქვენმა ფიჭვის ავეჯმა მომტაცა მზერა. ამას მწვანეყდიანი მოუხდებოდა, არა, არა… აი, ეს კი, ყავისფერყდიანი, ხომ საერთოდ დახატავდა აქაურობას…
საბინა: არა, არ შემიძლია… მოიცა…
ალბერტო: ისე, უფრო იაფფასიანიც კი გვაქვს (წიგნებში იქექება).
საბინა: მის ხმას გავიგონებ თუ არა, ლაპარაკის უნარს ვკარგავ. მინდა დავპატარავდე და ჯუჯად ვიქცე, ფიფქიაში როა, ხომ იცი? ისეთად. ეგრევე ვმუნჯდები (იცინის).
ალბერტო (ესეც იცინის, თუმცა არ იცის რაზე): აი, შეხედეთ, ეს კლასიკური სტილია, სულ 180$ ღირს, მეტი კი არა.
საბინა: სწორედ მაგ საცოდავ 180$-ს მიხდიან ხვალინდელ სპეკტაკლში, მეტს კი არა.
ალბერტო: ქალბატონო…
საბინა (კივის): რაო?
ალბერტო: მაპატიეთ, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოგმართოთ.
საბინა: ვისა, მე?
ალბერტო: ჰო, თქვენი სახელი, თუ შეიძლება.
საბინა: ნამდვილი სახელი, თუ ისე?
ალბერტო: სულ ერთია, ოღონდაც რამე მითხარით.
საბინა: საბინა გარსია.
ალბერტო (წამოხტება და ხელს გაუწვდის): ალბერტო გუზმანი. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.
საბინა (ვერც კი ამჩნევს, სასმელს უსხამს): მე კი ჩემი სახელი არ მომწონს. რა სახელია საბინა. ვერაფრით ვერ ვეგუები. ეს სახელი ერთ მაღალ-მაღალ ქალს უფრო მოუხდებოდა, თმა რომ უკვე გათეთრებია, წარბებიც, წამწამებიც.. თვალები კი ცისფერი შემორჩენია… ამიტომაც შევიცვალე სახელი. ჩემი სასცენო სახელია ვენუს ვეგა. შენ შეგიძლია საბინა დამიძახო, კარგი?
ალბერტო: რაღაცა მეცნობით. მე მგონი, კინოფილმებში მინახიხართ.
საბინა: ნებას მომცემ, რაღაცაში გამოგიტყდე? გაფრთხილებ, შეიძლება არ მოგეწონოს. ჰეი, საით იყურები? მოიხედე აქეთ. აბა, რას იტყვი?
ალბერტო: თქვენს ხვალინდელ სპექტაკლზე ვფიქრობდი. რა იქნებოდა, რომ… რაოდენ სიმბოლური იქნებოდა, თუკი თქვენს ხვალინდელ შემოსავალს ჩემს საქმეში დააბანდებდით.
საბინა: შენში?
ალბერტო: აი, ერთ ბიბლიას თუ აიღებდით. განვადებით, რასაკვირველია.
საბინა: რაღაცა ამ ბოლო ხანებში ყველაფერი განვადებით მაქვს, სიყვარულიც კი…
ალბერტო: მთელი დღეა დავდივარ, ერთი წიგნის გაყიდვაც კი ვერ მოვახერხე.
საბინა: სიყვარული განვადებით… ჟან-ლუკი ყოველ სამშაბათს მეფიცება ხოლმე, იმ კვირაში აუცილებლად ჩამოგაკითხავო, მაგრამ სადაა მერე. დღეს კი ჩემი დრო დადგა, მე შევატყობინებ, რომ ყველაფერი დამთავრებულია (სიმწრით ჩაიცინებს) ყველაზე მაგარი ისაა, ჩემგან სულ ერთგულებას და თავდადებას რომ ითხოვს… (სერიოზულად) მეც ერთგული ვარ, აბა რა ჯანდაბა ვარ… მიყვარს და იმიტომ. (სანამ საბინა ლაპარაკობს, ალბერტო კალკულატორზე რაღაცას ანგარიშობს) გეფიცები, დღეს მართლა ვაპირებ, ყველაფერს წერტილი დავუსვა. შენ კი ჩემი დარდის და ვარამის უტყვი მოწმე იქნები. დაიცა, რას აკეთებ? შენ რა, არ მისმენ?
ალბერტო: (შეხტება) მაპატიეთ, მაგრამ არც თქვენ იკლავდით თავს ჩემი მოსმენით. არც მე მაქვს დრო თავზე საყრელად. საერთოდ, ყველას თავისი პრობლემა აქვს.
საბინა: ეს რაები ჩამოგიწერია?
ალბერტო: ნამდვილად გაინტერესებთ?
საბინა: ჰო, აბა რა!
ალბერტო: აი, ერთწლიან განვადებას თუ გააფორმებთ, თვეში სულ 17,50$-ს გადახდა მოგიწევთ, 5% კიდევ მოგება გრჩებათ.
საბინა: ნამდვილი ურჩხული ხარ. ერთი წუთითაც ვერ ივიწყებ ამ შენს… არ შეგიძლია ცოტა ხნით ამაღლდე ყველაფერ ამაზე, მოისროლო ეს გაქონილი წიგნები…
ალბერტო: ძალიან ვწუხვარ, საბინა, მაგრამ დღეს ერთი მათგანი მაინც თუ ვერ გავყიდე… კარგი, გნებდებით, ეჭვიც აღარ მეპარება, რომ ჩემი პრობლემები არაფერში გენაღვლებათ…
საბინა: რაო, ერთი ცალი რა ღირსო?
ალბერტო: განვადებით თუ ნაღდად?
საბინა: ეს რა არის? (ხელიდან სტაცებს) უი, ბიბლია ყოფილა. მაშ, შენ ბიბლიებს ჰყიდი? მდაა. შეუცნობელ არს გზანი შენი, უფალო. გადაეყრები ვიღაცას, უცხო გგონია და რა ხდება? თურმე რამდენი რამ გგქონიათ საერთო. შენ თუ იცი, რომ სანამ მსახიობობას დავიწყებდი, მეც ასე კარდაკარ დავწანწალებდი და ბიბლიებს ვყიდდი. მაგრამ აღარც იქ გამაჩერეს, სრული უნიჭობა გამოვავლინე. რაც კი რამ მქონდა გასაყიდი, ყველაფერი სახლში წამოვიღე. გინდა განახო? სულ ცოტა 15 ცალი მაინც მექნება.
ალბერტო: არა, არა, არაა საჭირო. ნეტავი ადრევე გეთქვათ.
საბინა: როდის მკითხე, რო?
ალბერტო: ხომ გკითხეთ, თუ გაქვთ წაკითხულიო და მიპასუხეთ, არაო.
საბინა: ჰო, კარგი. ვაღიარებ, არა მაქვს წაკითხული (ალბერტო წიგნებს უკანვე ალაგებს) რაო, რა მქვიაო, რა მითხარით?
ალბერტო: ალბერტო გუზმანი (საბუთს აჩვენებს).
საბინა: ეშმაკსაც წაუღიხარ, რა! ერთი წუთითაც ვერ ივიწყებს თავის პროფესიას! მაგ თავში სამსახურის გარდა სხვა არაფერი გიტრიალებს?
ალბერტო: ასე მაშინ ვარ ხოლმე, როცა ვერაფერს გავყიდი. მაპატიეთ, საბინა, დაგტოვებთ, ბევრი საქმე მაქვს, ერთი მაინც თუ არ გავყიდე, სამუშაოს დავკარგავ.
საბინა: ძალიანაც კარგი, თუ დაკარგავ. შეხედე რას ჰგავხარ, ყურებში სინათლე გაგდის.
ალბერტო: ჰო, ვიცი, მაგრამ რა ვქნა. დედა და ოთხი დედ-მამიშვილი მე შემომყურებს, ამის გარდა…
საბინა: რას ამბობ, მართლა? მე კიდევ შვიდი და-ძმა მყავს. მზის წნულის შვიდი მხიარული ნასხლეტი… ისე, მეც სიამოვნებით ვიყოლიებდი შვიდ შვილს, მაგრამ საიდან? ქმარი მე არა მყავს და არაფერი, ამაშია საქმე. დაიცა, ტელეფონის ხმა გესმის?
ალბერტო: შეეშვით, არ აიღოთ, არაფერიც არ რეკავს (საათზე იყურება). კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, მაგრამ… (ოთახის გავლით კარებისაკენ მიემართება. საბინა კართან დაეწევა და აჩერებს)
საბინა: არ წახვიდე რა, გეხვეწები. დარჩი და მე ვიყიდი.
ალბერტო: რას ამბობთ, ისედაც რამდენი გაქვთ.
საბინა: ერთით მეტი იქნება თუ ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვს.
ალბერტო: არა, არა, დაივიწყეთ. დრო მაქვს. ერთ-ორ ადგილს კიდევ მოვსინჯავ.
საბინა: ნუ ჯიუტობ, რა.
ალბერტო: არა, თქვენ ვერ მოგყიდით, არ შემიძლია. ბიზნესი ბიზნესია, მაგრამ…
საბინა: დარჩი და ნაღდი ფულით გადაგიხდი.
ალბერტო: ისედაც თავზესაყრელად გაქვთ, თხუთმეტი ცოტა ხომ არ არის. მტრის ოჯახში კი არა ვარ.
საბინა: (დიპლომატს ართმევს) მოდი აქ, გადავხედავ და რომელიც არა მაქვს, იმას ვიყიდი… მაგალითად, აი, ეს მწვანეყდიანი.
ალბერტო: (ავტომატურად) ზუსტად თქვენს ავეჯზეა ზედგამოჭრილი.
საბინა: რაო?
ალბერტო: არა, არაფერი. გადახრა მაქვს, პროფესიული.
საბინა: ისე, სერიოზულად მაინტერესებს, როგორ ფიქრობ საშენო სამუშაოა?
ალბერტო: რა თქმა უნდა… არა.
საბინა: მე კი საამისო ნერვები არასდროს მქონია. ისე ცოტა არ იყოს, მეძვირება. მოდი, ამას ავიღებ, შავყდიანს, თანაც ჩემს გულსა და განწყობილებას შეეფერება, პირდაპირ ზედგამოჭრილია. (იცინის) რა ღირს?
ალბერტო: კარგი რა, გეყოფათ. არ გინდათ. ვიცი, ხვალ უკანვე დამიბრუნებთ. ახლა ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ…
საბინა: კაი, რა, ნუ გააჭირე საქმე. თავს ნუ ისულელებ. შენ შენსას ცდილობ, მე კი, ჩემის მხრივ, მინდა შენი დახმარებით შიშს ვსძლიო. რაო, ხომ ორივესთვის ღირსეული გამოსავალია?
ალბერტო (ცოტათი შეყონვდება და მერე ჭიქას მოკიდებს ხელს): დიახ.
საბინა: ჰოდა, მოვრჩეთ. ეხლა კი ერთად დაველოდოთ ზარს. თან დავლიოთ. (ჭიქებს ავსებს. ალბერტო დალევას აპირებს.)
საბინა: არა, მოიცა, ეგრე არა. რამე ნატვრა ჩაუთქვი.
ალბერტო: ნატვრა?
საბინა: ჰო.
ალბერტო (ფიქრობს): მერე თქვენ?
საბინა: მეც, აბა, რა. (სვამენ) რა ინატრე?
ალბერტო: ვერ გაგიმხელთ, არ შემიძლია.
საბინა: რატომ, რა ხდება?
ალბერტო: მართლა არ შემიძლია.
საბინა: მოიცა, რა. მიდი, თქვი.
ალბერტო (პაუზის შემდეგ): ნეტავი ტელეფონმა დარეკოს-მეთქი.
საბინა: ჰო, ღმერთმა გისმინოს. ნეტა მართლაც დარეკოს. უკვე ყველაფერი წარმოდგენილი მაქვს. სიტყვა-სიტყვით დალაგებული მაქვს, რაც უნდა ვუთხრა. ჰო, არ დამავიწყდეს, უნდა ვთხოვო, გასაღები დამიბრუნოს. ისე, რა სიმბოლურია, არა? ვინმე თუ ძალიან გიყვარს, მისთვის სულსაც კი არ დაიშურებ, რაზეა ლაპარაკი. მე, მაგალითად, ყველაფერს გავცემდი. (შეხედავს) შენ გიყვარს ვინმე?
ალბერტო: არ… ვიცი.
საბინა: თუ არ იცი, ე. ი. არ გიყვარს. ტყულად გიხსნი, მაინც ვერაფერს გაიგებ.
ალბერტო: არაფერი შეგეშალოს. მთლად მასეთი ბრიყვი კი არა ვარ.
საბინა: შეხედე, ხელები როგორ მიკანკალებს. სულ ასეა, იმას რომ ველაპარაკები. ქუჩაშიც, საითაც არ უნდა გავიხედო, სულ იმას ვხედავ. რამდენჯერ ხეში შემეშალა. მუსიკას ჩავრთავ და მისი ხმა მესმის. მაგრამ ამას კიდევ რა უჭირს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ რაღაცა მაკავებს, უკან მექაჩება. დღესაც ამიტომ დავლიე. სხვანაირად არ შემიძლია, ვერაფერს ვეტყვი. არა, დღეს ამ ისტორიას წერტილი დაესმება. დასასრული. Fini.
ალბერტო: რატომ?
საბინა: რას ჰქვია რატომ? რა არის აქ გაუგებარი?
ალბერტო: იმას არ უყვარხარ.
საბინა: ვიცი. რომ ვუყვარდე, ხომ მოვიდოდა კიდეც. კარებს შემოაღებდა და ლოგინში შემომიწვებოდა. შენ რა, ვინმე რომ გიყვარდეს, ასე არ მოიქცეოდი? არა?
ალბერტო: ჰო, მაგრამ ხანდახან… არა, არა, არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს, მე რას ვიზამდი, სისულელეა ყველაფერი. ერთი კია, მის ადგილზე მე ერთი წუთითაც არ შევყოყმანდებოდი (ნერვიულად სვამს).
საბინა: მოიცა, ასე რატომ მიყურებ? შენ რა, გეცოდები?
ალბერტო: ჩემი შესაცოდებელი რა გჭირს? ანგელოზივით ქალი ხარ…
საბინა: (იცინის) რომელი ანგელოზივით, ბიბლიურივით?
ალბერტო: არა! ქალი ხარ ანგელოზის დარი, ულამაზესი და უმშვენიერესი, ანგელოზივით სასურველი და მიუწვდომელი.
საბინა: ჰო? შენ? შენ ვიღას ჰგევხარ? რაღაცა ვერ გხედავ.
ალბერტო: ჰო, საკმაოდ შებინდდა.
საბინა(ტირის): უკვე დაღამდა, ის კი არ მირეკავს. არც დამირეკავს! (ტელეფონს ხელს ურტყამს) დარეკე, რა, შე წყეულო! ეხლავე დარეკე! მე უკვე მზადა ვარ! ჟან-ლუკ, ჟან-ლუკ… ეხლა ნახე, შენს ჯავრს როგორ ამოვიყრი, ცხვირიდან ყველაფერს ძმრად ამოგადენ!
ალბერტო: აბა, წყნარად, აი, უკვე დავმშვიდდით. მისმინე, სიგარეტი ხომ არ გინდა?
საბინა (უკიდებს): ნახავ აგერ, თუ არ მივატოვებ. თავის თავს დააბრალოს. იცი, რა? ახლა აქ რომ იყოს, ამის თქმასაც კი ვერ გავუბედავდი. საკმარისია ერთი დარეკოს და მაშინვე კისრისტეხით გავრბივარ. მეტყვის, აბა დაახვიე აქედანო და მეც უენოდ ვემორჩილები. აბა, ღმერთი თუ შემეწია და კოცნა დამიპირა, მეტიც არ მინდა, ეგრევე მზადა ვარ. ვიცი, არასწორად ვიქცევი. მაგრამ იცი, რატომ ხდება ასე? რაც მეტი დრო გადის, შიში სულ უფროდაუფრო გეძალება, თავს უმწეოდ და დაუცველად გრძნობ. ეს კიდევ არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ თანდათან სევდა და ნაღველი შეგიპყრობს, კაცები კი ვერ იტანენ მოწყენილ ქალებს. ასე არაა? შენ, მაგალითად, ქალები მოგწონს?
ალბერტო: ქალებსაც გააჩნია.
საბინა: მოწყენილი ქალები?
ალბერტო: მოწყენილი ქალი მაშინ მომეწონებოდა, თუ მის გამხიარულებას შევძლებდი.
საბინა: აი, ხედავ. შენც ეგოისტურად მსჯელობ. მე აბა ჟან-ლუკი ყველანაირ მდგომარეობაში მომწონს. ვგიჟდები, ისე მიყვარს მისი ყურება, რაღაცაზე რომ დარდობს. შენ უნდა ნახო, რა ხდება, თუ ტირის. ცრემლებს სულ კოცნით ვუშრობ, ზებუნებრივი ნეტარება მეუფლება. მერე რა გემრიელი ცრემლები აქვს, არც კი ვიცი რას შევადარო – კარგ ღვინოს, ნექტარს თუ ამბროზიას, აი, ღმერთები რომ ჭამენ ხოლმე. ვაიმე, რამდენს ვლაპარაკობ, ალბათ თავი მოგაბეზრე.
ალბერტო: არა, სულაც არა. ისე ვგრძნობ თავს, თითქოს კინოთეატრში ვიყო და ეკრანზე ხდებოდეს ყველაფერი. სიზმარიც რომ არაა. მითხარი, საიდან ინთება, უკეთესად მინდა შეგხედო.
(კატები განწირულად ჩხავიან. ალბერტო სინათლეს ანთებს და აივნის მოაჯირს ეყრდნობა)
ალბერტო: რა ლამაზია აქედან ყველაფერი! შეხედე, სახურავზე რამდენი კატა მოგროვილა. ღამ-ღამობით გამოდიან ხოლმე, გულის სწორს ეძებენ.
საბინა (მხარზე ხელს ადებს): ნეტავი მაგათ! არც ქორწილი უნდათ, არც ხელმოწერა. როცა მოუნდებათ და სადაც მოუნდებათ, მიდი… მე შენ გეტყვი, ან ტყუილი სჭირდებათ და ან თავის მოკატუნება.
ალბერტო: ჭრილობას როგორ ირჩენენ ხოლმე? გამოყოფენ თავიანთ საყვარელ პატარა ვარდისფერ ენებს და ილოკავენ და ილოკავენ.
საბინა: ჰო, თავიანთ ამბავში არიან. ისე ჩვენა გვგვანან, მაგრამ არა, ისინი თავისიანებს არ ატყუებენ. საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს. (უცბად ტელეფონისკენ მირბის, მაგრამ ყურმილს არ იღებს. პაუზა. ალბერტოს უცნაურად შეხედავს).
ალბერტო: ასე რად მიმზერ?
საბინა (ისევ ისე უყურებს): მორჩა, აწი აღარასოდეს დარეკავს. (მაცდურად) რაო, კატები რას შვებიანო?
ალბერტო: როდის?
საბინა: აი, ერთმანეთს რომ ეძებენ, იქ სახურავზე.
ალბერტო: ერთმანეთს კუდში დასდევენ, სულ წრეებს ურტყამენ.
საბინა: რა, ცეკვავენ?
ალბერტო: შეიძლება ითქვას, მასეა.
საბინა: შენ ცეკვავ?
ალბერტო: მეე?
(საბინა ჭიქას უვსებს და აწვდის. მერე სცენიდან გადის და ძველი ფირსაკრავი მოაქვს. ფირფიტას ადებს და მუსიკის ხმა ისმის)
საბინა: იცი, ეხლა მე ვინ ვარ? შენი ციცუნია ფისო.
(ალბერტო ამოძრავდება. გარშემო უვლის. თანდათან აუჩქარებს და თავშეუკავებელი ხდება. ეს უბრალო ცეკვა არაა, ეს ბრძოლაა, ეროტიკაა. საბინა ჭიქას ცეკვა-ცეკვით უვსებს)
საბინა: აბა, შესვი. მინდა ჩემსავით დათვრე.
ალბერტო: თავგზა სულ დავკარგოთ!
საბინა: მოდი, ბოლომდე შევუბეროთ! მიაუ, მიაუ, მიაუ…
ალბერტო: მიაუ, მიაუ, მიაუ…
(იცინიან)
საბინა (ოთხით დაცოცავს): აბა, დამეწიე, მიდი, დამიჭირე!
ალბერტო (ესეც უკან დასდევს): ვერსად გამექცევი! შენი სუნი მეცა! ჩემი უნდა გახდე!
საბინა (გვერდზე გახტება): აქეთ, ქუცი, ქუცი, აქა ვარ! (კატასავით კრუტუნებს)
ალბერტო (ხელს წაავლებს): ოჰ, როგორ აღმაგზნე! ეხლა შეგჭამ და შეგახრამუნებ!
(კოცნის)
(ალბერტო ღილებს უხსნის. საბინა ტირილს მორთავს)
ალბერტო: რა იყო, რა მოხდა? რა გატირებს?
საბინა: არა, ვერ ვიზამ. ამას არასოდეს მაპატიებს.
ალბერტო: ვინ უნდა გაპატიოს, ვინაა აქ, ხედავ ვინმეს?
საბინა: მაინც არ შემიძლია. ეხლა ვერ ვიზამ.
ალბერტო: შენ არ იყავი, ყველაფერი მორჩაო, რომ მიმტკიცებდი?
საბინა: ჰო, გეფიცები, დამთავრებულია ყველაფერი.
ალბერტო: მართლა? რა ვიცი, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.
საბინა (პაუზის შემდეგ): ერთი ჩამომისხი, რა.
ალბერტო: ეს რაღად გინდა ეხლა?
საბინა: იქნება მეშველოს და საბოლოოდ გავაფრინო.
(ალბერტო ჭიქებს ავსებს. ორივენი ერთბაშად გადაჰკრავენ)
საბინა: რაო, რა მითხარი, რა მქვიაო?
ალბერტო: ალბერტო.
საბინა: ალბერტო, მე შენ მიყვარხარ!
ალბერტო: პირდაპირ შეუდარებელი ხარ.
საბინა: მოდი, რა ხელი გადამისვი, მომეფერე, რამე ისეთი სიტყვა მითხარი, გულზე რომ მომხვდეს. (საბინა ზურგზე ტრიალდება, ალბერტო ეფერება)
ალბერტო: ისეთი სიტყვა, არა? მაინც რა გინდა, რა გითხრა? იცინე, იცინე, რა გენაღვლება რა… ასეთ ლამაზ საჯდომს ჩემს ცხოვრებაში არ მოვფერებივარ. მართლა, მართლა, ჩემი პატარა ფისო, ჩემი ველური… კნურ, კნურ… აუ, რა მშვენიერ ბილიკს მივადექი! ნეტავ სად წამიყვანს? ოჰ, არა… მიშველეთ, მომეხმარეთ, ეხლა მოვკვდები…
საბინა: შენც დათვერი უკვე, თუ ჯერ გიკლია ჩემამდე?
ალბერტო: მე შენით ვარ მთვრალი. აი, უკვე მოჩვენებებიც დამეწყო. მოიცა, უნდა შეგხედო… აუუ, რა ლამაზი ხარ, რა მიმზიდველი, ჯერ არნახული და გაგონილი…
საბინა: ხომ გიყვარვარ?
ალბერტო: რას ამბობ, ვაფრენ.
საბინა: მითხარი რა, კიდევ გამიმეორე. უკვე რამდენი ხანია, ეს სიტყვები არ გამიგონია.
ალბერტო: ისე მიყვარხარ, ისე მსურხარ, რომ მზად ვარ… შეგჭამო… შეგახრამუნო… მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ.
საბინა: ნამეტნავად, ნამეტნავად?
ალბერტო: აი, შემომხედე. (სანთებელას აიღებს და ბიბლიას ცეცხლს წაუკიდებს)
საბინა: რას შვრები, გაგიჟდი?
ალბერტო: შენ გპასუხობ. (ბოთლიდან სვამს) ეხლა ყველა ანგელოზი ერთბაშად განათდება. მშვიდობით, წმინდაო პავლე, კარგად ბრძანდებოდეთ, წმინდაო იოანე, სულ კარგად და ჯანმრთელად, წმინდაო მათე! ალბერტო გუზმანი თავის სულის საოხად თქვენ, ყველას, ცეცხლის გეენიაში გამოწვას გისჯით!
საბინა: მერე კი მეხანძრეები მოცვივდებიან! ხანძარია! ხანძარია!
ხანძარია!
ალბერტო: დღეს გავთავისუფლდით, დამოუკიდებლობის დღეა! (გაექანება და ცეცხლს გადაახტება) ჩემთან, ქალაქში, სულ პირველ ადგილზე გავდიოდი ხოლმე კოცონზე ხტომაში (კიდევ ხტება) ქუსლები სულ შერუჯული მქონდა, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი. იმხელა ცეცხლი იყო ხოლმე, ამ აივანს მოწვდებოდა. არა. ასჯერ, რა ასჯერ – ათასჯერ უფრო მაღალი! (კიდევ ხტება) მიაუ, მიაუ. ჩემი პატარა ციცუნია სადღა დაიკარგა ამ ხვატსა და პაპანაქებაში?
(ეძებს. გამოდის საბინა. ხმით სახანძრო სირენას ბაძავს, თან ვედროთი წყალს მოათრევს)
საბინა: ხანძარია, ხანძარიი! (წყალს ასხამს და ცეცხლს აქრობს. თვითონაც წონასწორობას ჰკარგავს და იატაკზე ეცემა)
(ალბერტო ხელს სტაცებს და გულში იკრავს)
ალბერტო: წამო, ჰამაკში ჩაგაწვინო.
(დიდი გაჭირვებით მიათრევს ჰამაკამდე და შიგ აგდებს)
საბინა (ჩურჩულებს): ვინა ხარ? ხმა გამეცი, მიპასუხე. საკუთარ თავზე ჯერ არაფერი გითქვამს, არაფერი მოგიყოლია. შენს შესახებ არაფერი ვიცი. ყველაფერი ამერია, თავში ნამდვილი დომხალი მაქვს. თავბრუ მეხვევა. ერთი კიდევ დამისხი, რა. გთხოვ.
ალბერტო: არა, აღარ არის მეტი. (ეფერება, უყვავებს)
საბინა: თქვენ რა გქვიათ?
ალბერტო: ფრედერიკო გარსია ლორკა!
საბინა: ფრედერიკო, რაიმე მომიყევით, რა, გთხოვთ!
ალბერტო: კი ბატონო. ოღონდ შენ დაწყნარდი და… აბა, ეხლა მოეშვი, მოდუნდი და ჩემს მკლავებში დაიძინე, ჰო, აი ასე! ჩემი ფისო, ჩემი პატარა გოგო, ჩემი მოსუსნული, ჩემი მოლეული, ჩემი, ჩემი… “დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი სასთუმალს დამესვენება…”
საბინა: ძალიან მეხვევა თავბრუ. ყველაფერი ტრიალებს… რა ხდება? სადა ვართ?
ალბერტო: აქა ვართ, აივანზე. აქედან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანს. შეხედე, ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი! აგერ, დიდი დათვის თანავარსკვლავედი! ის ირმის ნახტომია. ეს კი ვენერაა, ვენუსი, შენსავით!
საბინა: რა?
ალბერტო: ჩუ, ჩუ… ჩუმად იყავ. კიდევ ტელევიზორის ანტენებს ვხედავ. ეხლა, როცა მთელი ქალაქი საღამოს საინფორმაციო გამოშვებას მიშტერებია, ჩვენ აქ, სახურავზე ერთმანეთს ვეფერებით. აგერ, თვითმფრინავმაც გადაგვიფრინა. აუუ, რამხელაზეა! თვითმფრინავში არასოდეს ვმჯდარვარ, მაგრამ ალბათ იქაც რაღაც ამდაგვარს განიცდი. მითხარი ერთი…
(საბინა არ პასუხობს. ღრმად სუნთქავს)
ალბერტო: აი, ნახავ, ხვალიდან ყველაფერი შეიცვლება, შოტლანდიაში, ნესის ტბაზე წავალ, იმ ურჩხულს მოვნახავ და სტატიას დავწერ, ბლომად ფულს ავიღებ. (ღონემიხდილი მიესვენება) ბიბლიებს შევეშვები, აღარასოდეს გავეკარები. (გაბზარული ხმით) აწი ვეღარავინ მეტყვის, არ მინდა, თავიდან მომწყდი შენი წიგნებიანადო. (კარზე ზარის ხმა გაისმის) ძალიან მაგარი რამეა! თითქოს თვითმფრინავში ვიჯდე! (ჩურჩულით) მიდი, დარეკე… დარეკე… დარეკე კიდევ…
(იძინებს).
(კარებზე კვლავ რეკავენ, მერე ისმის, როგორ ტრიალდება კარებში გასაღები და კარი იღება, ვიღაცა კიბეებზე ამოდის).
ჟან-ლუკი: (სცენის მიღმა) საბინა… საბინა! აი, მეც მოვედი. საბინა! Je suis ici. სადა ხარ?
(აივნის კარებში ჟან-ლუკი გამოჩნდება. სახეზე ღიმილი შეაცივდება და ადგილზე გაშეშდება. ცოტა ხანში გასაღებს მაგიდაზე დააგდებს და გადის. ისმის როგორ ჩარბის კიბეებზე და კარებს აჯახუნებს).
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
ინგლისურიდან თარგმნა შორენა შამანაძემ
© “არილი”
Facebook Comments Box