“ბავშვი, რომელიც სოლომონის კუნძულებთან ღია ზღვაში ორი დღის წინ უგონოდ მყოფი ვიპოვეთ, არ მომკვდარა. საოცარია, მაგრამ ეს ველური არსება დღითიდღე არაჩვეულებრივ მოხერხებულობასა და საზრიანობას იჩენს…” – კაპიტან მორტინეს მასპეროს დღიურებიდან.
კუნძული იყო პატარა…
თუმცა, არც ისე პატარა, როგორც კონტინენტის მკვიდრს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს. თვითონ კუნძულელები თავიანთი სამშობლოს სიმცირეს ვერ ამჩნევდნენ, პირიქით, შეიძლება ითქვას, ხალვათადაც კი გრძნობდნენ თავს.
კუნძულზე ჰავა ტროპიკული იყო, მიწა – ნოყიერი, წყაროები – ცივი და კამკამა.
ოკეანეში ჩაკარგული მიწის ამ ნაგლეჯს, აბორიგენი მოსახლეობა ინსულად მოიხსენიებდა, საკუთარ თავს კი – ინსულელებად.
ინსულელები საკვებად მხოლოდ მცენარეულს იყენებდნენ. საამისოდ კუნძულზე უხვად მოიპოვებოდა ბანანი, ანანასი, ქოქოსის კაკალი და სხვა ბევრი გემრიელი რამ. ასე რომ, ამ მხრივაც კმაყოფილები იყვნენ.
თუმცა, ისევე როგორც ყველა არაინსულელს, ინსულელებსაც ჰქონდათ ერთი მცირე, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელო ნაკლი: ამ უწყინარმა არსებებმა არაფერი იცოდნენ სამყაროში სხვა ადამიანების არსებობის შესახებ. უფრო მეტიც, გულუბრყვილო და უმეცარ ინსულელებს ვერც კი წარმოედგინათ, მშობლიური კუნძულის გარდა, მყარი საყრდენი, იგივე მიწა, სხვაგანაც თუ არსებობდა. კუნძულის ქვიშიან სანაპიროზე დაყრდნობილ ლურჯად მოლივლივე ოკეანეს მთლიანად დაეპყრო მათი გონება.
აბა, წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდნენ ამგვარი “ყოვლისმომცველი” ცოდნით აღჭურვილი ინსულელები, როდესაც კუნძულზე რამდენიმე წლის წინათ უგზოუკვლოდ გაუჩინარებული და ნაადრევად გაჭაღარავებილი აკიდე ეძანდრავეშა გამოჩნდა. პატარა აკიდეს სანაპიროზე თამაში და ზღვის უკიდეგანო სივრცეში საათობით ცქერა უყვარდა. რაზე ოცნებობდა პატარა აკიდე? ვინ იცის, ვინ იცის… გაუჩინარებამდე ინსულელებმა იგი ზღვაში მოჭყუმპალავე ნახეს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. პატარა აკიდესათვის დროს ტყუილად არ უდენია. ამ კაცის მეორე მოსვლით, კუნძულის დაუწერელ ისტორიაში ახალი ერა დაიწყო!
ინსულელთა გაოგნებამ საყოველთაო ხასიათი შეიძინა – სად იყო ამდენი ხანი, როგორ იარსება ეს წლები?! ინსულელი ხომ არც თევზია და, მით უმეტეს, არც ზღვის ბინადარი სხვა რომელიმე ცხოველი, კუნძულს მიღმა რომ ეარსება?
ყველა ამ თავისამატკივებელ კითხვაზე პასუხების არ არსებობა (არცთუ აკიდე ეძანდრავეშას დუმილის გარეშე), მას მისტიციზმისა და სასწაულის ნისლში ხვევდა.
ჭაღარა აკიდეს გამოჩენასთან ერთად, ინსულელებმა კუნძულის ჩრდილოეთით, უმნიშვნელო ფართობზე უდაბნოსმაგვარი, ქვიშიანი ადგილის გაჩენაც შენიშნეს.
თავიდან ამ უჩვეულო მოვლენისათვის ყურადღება არავის მიუქცევია, ხოლო როდესაც უდაბნოს გაფართოების ვერ შემჩნევა შეუძლებელი გახდა, ყველაფერი გვიანი იყო: ოქროსფერი მშრალი ზღვა, ქვიშის პატარ-პატარა ტალღებით, ჯიუტად მიიწევდა კუნძულის გულისაკენ და გზად ყველანაირ მცენარეულს სპობდა. კუნძულზე დამტყდარ უბედურებას ხანგრძლივი, გულამდე გამომფიტავი გვალვებიც დაემატა. ამ დროს ხეებში სასიცოცხლო წვენები იმდენად შრებოდა, რომ მცენარეები ან საერთოდ ვეღარ ისხამდნენ ნაყოფს, ან თუ ისხამდნენ – ძალიან მწირს.
ასე და ამგვარად, ინსულელები საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთად-ერთი საარსებო საკვების გარეშე რჩებოდნენ. თავად განსაჯეთ – ბანანის, ანანასისა და ქოქოსის ოთხჯერადი მოსავალი, ნელნელა და შეუმჩნევლად ჯერ სამჯერადით, შემდეგ კი ორჯერადით შეიცვალა.
შველა – არსაიდან, ხსნა – მითუმეტეს. კუნძულის მფარველ ხისგან გამოჩორკნილ ღმერთკაცს საბოლოოდ აეღო ხელი მორჩილ ინსულელებზე.
კუნძული უდავოდ დასაღუპად იყო განწირული, რომ არა კიდევ ერთი სასწაული: აკიდე ეძანდრავეშამ, ყველას მუნჯი რომ ეგონა, მოულოდნელად ხმა ამოიღო და დაბალ ხმაზე (ძლივს გასაგონად) აი რა თქვა: სანამ ცა “ცხელ თვალს” დახუჭავს, მას არა ერთი და ორი ცრემლი დასცვივდება. ცხარე ტირილი “ცივი თვალის” შეცვლამდე გასტანს.
წინასწარმეტყველება იშვიათი სიზუსტით ახდა. გადარჩნენ! დათქმულ დროს თავსხმა, ტროპიკულმა ნიაღვარმა იხუვლა. ხეებმა კვლავ იწყეს ნაყოფის მოსხმა, წყაროები კი მტკნარი წყლის მნიშვნელოვანი მარაგით შეივსო. თუმცა, წვიმიან დღეებს, როგორც წესი, კვლავ გრძელი, აუტანელი გვალვები მოჰყვებოდა ხოლმე. ამის მიუხედავად გულუბრყვილო, მიამიტი ინსულელები ჭაღარა აკიდეს მიმართ მოზღვავებულ მადლიერების გრძნობას ვერ მალავდნენ. მათ უმძიმეს მდგომარეობას გრძნეული ეძანდრავეშას წინასწარმეტყველება საგრძნობლად ამსუბუქებდა. მართალია, ზღვიდან მოვლენილი ნათელმხილველის ძალებს კუნძულის ჭირვეული კლიმატის შეცვლა აშკარად აღემატებოდა, მაგრამ იგი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ზუსტად იცნობდა წვიმების სეზონის დაწყების დღესა და გვალვის ხანგრძლივობას. ეს კი, მოულოდნელად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილ ინსულელებს, სასმელი წყლისა და მცენარეული საკვების მცირე მარაგის შექმნის საშუალებას მაინც აძლევდა.
თვითონ აკიდე ეძანდრავეშამ წინასწარმეტყველების ამ საოცარი უნარის გამო თანაკუნძულელთა შორის უტყუარი ნათელმხილველის სახელი დაიგდო. სულ მალე მას პირველი თაყვანისმცემლებიც გამოუჩნდნენ. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტი და მეტი ინსულელი ეთაყვანებოდა მის ზომიერად ცხიმნადებ სხეულს. ძალზე ბევრი ადამიანი ცდილობდა მისთვის როგორმე ესიამოვნებინა. სასმელი წყალი რომ სასმელი წყალი იყო, მისთვის არავის ენანებოდა. ინსულელებისათვის მთავარი იყო: ზღვის ადამიანს თავის ზებუნებრივ საქმიანობაში ხელი არ შეშლოდა. ასე ფიქრობდნენ ისინი და ამგვარ ფიქრებში გადიოდა დრო…
თითქოსდა, კუნძული შეეგუა კლიმატის აუხსნელ ცვლილებას; თითქოსდა, ინსულელები მიეჩვიენ ახალ პირობებში ცხოვრებას; თითქოსდა, ცხოვრების ახალ წესსაც მოერგნენ, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათი ყველა მცდელობა ახალ კლიმატურ პირობებში დამკვიდრებულიყვნენ, მარცხისთვის იყო განწირული.
მიზეზი: უდაბნო, რომელიც ჩრდილოეთიდან მიზანმიმართულად მიიწევდა კუნძულის გულისაკენ, სასოწარკვეთილ ინსულელებს გადარჩენის არანაირ იმედს არ უტოვებდა. უდაბნოს გაფართოება მცირე ხნით ჩერდებოდა, ისიც წვიმების სეზონში, შემდეგ კი გავარვარებული ქვიშა კვლავ აგრძელებდა კუნძულის სიღრმისაკენ მომაკვდინებელ სვლას. შედეგად, კუნძულზე თავის რჩენა გაძნელდა. გარდა საჭმელ-სასმელის სიმცირისა, კუნძული საგრძნობლადაც დამოკლდა, თვალსა და ხელშუა დაპატარავდა, დაილია.Pსიხალვათეში ცხოვრებას მიჩვეულმა ინსულელებმა ერთმანეთის სიახლოვე ვერ აიტანეს და… ჯერ ხმამაღალმა საუბრებმა იმატა, სულ მალე კი კუნძულის დაუწერელ ისტორიაში პირველად ინსულელმა ინსულელზე ძალა იხმარა: ერთი ასხმა ბანანის გულისათვის ვინმე იჭიბმა თავისსავე მოგვარეს თავში ბამბუკის კეტი ჩაცხო.
ამასობაში აკიდე ეძანდრავეშა, საკუთარი ოჯახის რამდენიმე წევრთან, ანუ სხვა ეძანდრავეშებთან ერთად, არაბუნებრივი ნიჭის წყალობით, კუნძულს ახალ მმართველად მოევლინა. ნიჭიც რომ არ ჰქონოდა, იგი თავისი განსხვავებული წარსულით, საიდუმლოებით მოცული გაქრობით, ხომ ყველასგან გამოირჩეოდა. ამ კუნძულზე, აკიდეს გარდა, ყველა ერთნაირი იყო. ასე რომ, აკიდე ეძანდრავეშა დაბრუნების პირველივე დღიდან ინსულელთა თავკაცობისათვის იყო განწირული. ოჯახი კი რა. ოჯახი ერთპიროვნულად განაგებდა მოწეული მოსავლის აკრებვასა და მისი განაწილების უმძიმეს საქმიანობას.
ცუდი ამბავი: ოჯახი ინსულელთა აუტანელ პირობებსა და გაჭირვებას, ვერ ამჩნევდა!
რაღაცის შეცვლა იყო საჭირო….
პირველად ხმა ერთმა რიგითმა, თქმა არ უნდა, არაფრით გამორჩეულმა ინსულელმა ითრე ანუცაკმა აღიმაღლა. მან თქვა:
– ზღვის ურჩხულია ეძანდრავეშა!
ინსულელები ამ ნათქვამმა გააოგნა, თუმცა ხმა არ გაუღიათ.
ანუცაკმა იფიქრა, სხვა რამ უნდა მეთქვაო. სულ მალე, ეტყობა მიაგნო საჭირო სიტყვებს და კიდევ უფრო საზარელი ხმით დაიყვირა:
-ეძანდრავეშა ზღვის ურჩხულია!
ინსულელთა რიგებში ჩოჩქოლი ატყდა. ეს იყო და ეს.
“არა, არა, სხვა უნდა მეთქვა” – ითრე ანუცაკმა რგოლგაყრილ ცხვირში ჩაიდუდღუნა, მერე ერთი ხანობა გამომშრალი კეფა იფხანა, გონებაც დაძაბა და კიდევ ეფრო ხმამაღლა დაიძახა:
– ურჩხულია ეძანდრავეშა ზღვის!
ბუნებით მშვიდმა ინსულელებმა თავი ვეღარ შეიკავეს და ერთ ხმაში იღრიალეს:
– ურჩ-ხუ-ლი! ურჩ-ხუ-ლი! ურჩ-ხუ-ლი!
“მგონი, მივაგენი საჭირო სიტყვებს,” – გაიფიქრა კმაყოფილმა.
ბამბუკის გრძელ ჯოხზე დაყრდნობილი ითრე ანუცაკი წელში ამაყად გაიშალა. შიშველ, მზისგან გარუჯულ დუნდულოებზე დავლილი ჟრუანტელით ინსულელებზე საკუთარი გავლენის გაზრდა იგრძნო და ბამბუკის ჯოხი ეძანდრავეშების საგვარეულო ბუნგალოსაკენ გაისროლა.
აღგზნებულმა ინსულელებმა კუნძულის სწორუპოვარი წინასწარმეტყველის მოშორება გადაწყვიტეს. მათი აზრით, ბუნების უცნაური ჭირვეულობა და ქვიშის ეს უსაშველო მოზღვავება, სწორედ რომ აკიდე ეძანდრავეშას გამოჩენის დღიდან დაიწყო. ინსულელებმა ბევრი სხვა ნააზრევიც პირში მიახალეს პალმის ტოტებით დაწნულ ტალავერზე ფეხმორთხმით მჯდომ ამინდის უბადლო წინასწარმეტყველს.
გავეშებულ ინსულელთა რიგებს გათამამებული ითრე ანუცაკი გამოეყო. მან თქვა: სრულიად ინსულეთს ბნელი ძალა დაეპატრონა. ჩვენ არ გვინდა უბანანო, უქოქოსო, უანანასო სიცოცხლე. დაფიქრდით, ინსულელებო, რას უტოვებთ ინსულეთის მომავალ თაობას?!
ისედაც გადარეულებს, აბა, რა წაქეზება სჭირდებოდათ?
-ბა-ნა-ნი! ბა-ნა-ნი! ბა-ნა-ნი! – იძახდნენ ისინი.
-ა-ნა-ნა-სი! ა-ნა-ნა-სი! ა-ნა-ნა-სი! – ბღაოდნენ ისინი.
-ქო-ქო-სი! ქო-ქო-სი! ქო-ქო-სი! – ითხოვდნენ ისინი.
ეძანდრავეშების ბუნგალოს გარშემო ხმაური “ცხელი თვალის” დახუჭვამდე გაგრძელდა. მთელი ეს დრო აკიდე ეძანდრავეშა სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ბოლოს წამოდგა და თქვა:
– მე თქვენთვის თავს არ ვზოგავ. მთელ ჩემ უნარს საინსულეთოს კეთილდღებას ვახმარ. დღე და ღამე არ მძინავს, რათა წვიმის მოსვლა არ გამოგრჩეთ, რათა მომზადებულები შეხვდეთ გვალვას. რა მრჯის, თუ არა თქვენი და თქვენი შვილების სიყვარული? იცით, რომ მე წლების განმავლობაში კუნძულისა და თქვენი ანანასების გარეშეც, კარგად ვცხოვრობდი… თანაც, განა, თქვენ არ ამირჩიეთ ბელადად? მე გთხოვეთ?
ინსულელებს ხმა არ გაუღიათ – გაშტერებული უსმენდნენ წინასწარმეტყველს. მხოლოდ ითრე ანუცაკმა გაბედა:
-ქვიშა?.. ქვიშა, რომელიც კუნძულს გვართმევს, განა შენი დაბრუნების მერე არ გაჩნდა? ინსულელებო, კუნძული ხელიდან გვეცლება…
ისევ აყაყანდნენ ინსულელები.
-კუ-ნძუ-ლი! კუნ-ძუ-ლი! კუნ-ძუ-ლი! – იძახდნენ ისინი.
აკიდემ დონდლო მარჯვენა შემართა. კვლავ ჩამოწვა სიჩუმე კუნძულის ყველაზე ხალხმრავალ უბანში. ეძანდრავეშამ, როგორც იქნა, ისევ ამოიღო ხმა:
– მე ვიცი, რა უდევს გულში ბინძურ ანუცაკის…
ამის გამგონე საბრალო ითრემ, საკუთარ ყურებს არ დაუჯერა.
-მმე? მმე? – ენის ბორძიკით კითხულობდა იგი. – არაფერიც არ მიდევს გულში, საიდან მოიტანა…
ინსულელებმა იცოდნენ რა აკიდე ეძანდრავეშას ნათელმხილველობის ამბავი, ანუცაკს ეჭვით დაუწყეს ყურება. ეძანდრავეშამ კი უფრო დამაჯერებლად განაგრძო:
– ინსულელების მტრებს უნდათ, კუნძულს მისი ქვიშიანი ნაწილი მოწყვიტონ!
ისევ აყაყანდნენ ინსულელები. მათი მრისხანებისაგან დაღრეცილი სახეები ანუცაკის დაჭყეტილ თვალებში ირეკლებოდნენ. თავად ითრე ანუცაკი კი თვალსა და ხელშუა პატარავდებოდა.
– კუნძულის მთლიანობა ურღვევია! ჩვენ მის ხელყოფას არ დავუშვებთ! მოვა დრო, ჩვენ კვლავ დავბრუნდებით იქ, ჩვენ კვლავ ავაყვავებთ კუნძულის ამ ნაწილს! – შეშლილის ხმით ყვიროდა ცბიერი ეძანდრავეშა და მის ყოველ სიტყვას, ათჯერ უფრო მეტი გახელებით, ინსულელები იმეორებდნენ.
-თუ თქვენ ასე გინდათ, და თუ ეს ჩემ მშობლიურ კუნძულს გამოადგება, მე გამოვალ ამ ბუნგალოდან და ნებისმიერ თქვენგანს დავუთმობ მას. ჩემთვის მთავარი კუნძული და კუნძულელებია. მე აღარ ვარ თქვენი რჩეული წინასწარმეეტყველი. კარგად დაფიქრდით – მტერი ფხიზლობს, კუნძული განსაცდელშია!
ასე და ამგვარად, ინსულელების გასაკვირად, აკიდე ეძანდრავეშამ თავის მართლების გარეშე, თანატომელთაგან განცალკევებით ცხოვრების სურვილი გამოთქვა.
მართალია, ინსულელთა გულებს ეჭვები ღრნიდნენ, მაგრამ მათ ბნელი წარსულის მქონე ბელადის გადადგომა გამარჯვებად მიიღეს. ერთი ხანობა გვარიანი ცეკვაც გააჩაღეს, მაგრამ, როცა გრძნობები დაცხრნენ, ინსულელთა ეჭვებმა ერთი ათად იბარტყეს. დაფიქრდნენ: მათ ამიერიდან აკიდე ეძანდრავეშას ხილვების გარეშე, როგორც ბრმებს ისე უნდა ეცხოვრათ. შეშინდნენ… ბუნდოვანი მომავლის შიშით მზეზე გარუჯული სახეები არაბუნებრივად გაუფერმკრთალდათ. ცოტა ხანიც და ვერ ნახავდით ერთ ინსულელსაც კი, რომელიც იმ ისტორიულ ღამეს ეძანდრავეშების საგვარეულო ბუნგალოს გარშემო, მუხლებზე არ იდგა. მათი საქციელი, ინსულელთა ლოღიკით, ალბათ, გამართლებული იყო. ინსულელები ხომ დიდი ჭკუა-გონებით არ გამოირჩეოდნენ (ან ვისგან უნდა გამორჩეულიყვნენ?). მათ ერთი რამ დანამდვილებით იცოდნენ – დღეს სიკვდილს, ხვალ, ან უკეთეს შემთხვევაში, ზეგ სიკვდილი სჯობდა. ამაზე არავინ დავობდა.
საჭირო იყო სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ფიქრი. არჩევანიც (პირველი და თავისუფალი) გაკეთდა: კვლავ აკიდე ეძანდრავეშა, თავისი პროგნოზებითა და წინასწარმეტყველების საოცარი უნარით.
თავჩაღუნული ინსულელები “ცხელი თვალის” გახელამდე ელოდნენ ბელადყოფილის გამოჩენას. წაგრძელებულ თავებში საშინელი ფიქრები უტრიალებდათ და დადებითი პასუხის მიღებამდე, დაშლას არ აპირებდნენ.
ჯიუტები იყვნენ ინსულელები, კიდევ უფრო ჯიუტი გამოდგა ზღვიდან მოვლენილი მათი ბელადი. მხოლოდ მეორე დღისათვის მოხერხდა მისი დაყოლიება: აკიდე ეძანდრავეშა ინსულელთა მამობას მას შემდეგ დათანხმდა, როცა სასმელი წყლის ერთიანი მარაგის შექმნაზე, მისთვის სასურველი პასუხი მიიღო.
– მე თქვენთან ვიქნები, – თქვა და ფიქრებისაგან შეჭმული კაცის იერით კვლავ ბუნგალოს სიღრმეში გაუჩინარდა. პირველი, რაც ჭაღარა ბელადმა ჰამაკში ჩაწოლამდე გააკეთა, თავისი უფროსი ძმისშვილის მოხმობა იყო.
– შვილო ოგუნ, – მიმართა მან ხუჭუჭა ინსულელს, – დღეიდან სასმელ წყალს შენ გაანაწილებ. ყველას არ ეყოფა, რამე უნდა მოიფიქრო…
ახალგაზრდა ოგუნმაც მოიფიქრა – მტკნარ წყალში მან, ზომიერი დოზით, ზღვის წყალი შეურია.
ინსულელებს წყლის გემო არ მოეწონათ. თუმცა, ამ შემთხვაში რაოდენობამ ხარისხი აშკარად დაჯაბნა. პირველად ჭაღარა ეძანდრავეშას ზღვით მოვლენიდან სასმელი წყალი, რომ იტყვიან, თავზე სასხმელად ჰქონდათ (ვისღა ახსოვდა ითრე ანუცაკი და მისი მოწოდებები).
ინსულელებმა ჭარბწყლიანობის ეს ფაქტი საერთო საკუნძულო დღესასწაულის მიზეზად აქციეს. მთელი ღამე არ ეძინა კუნძულს. ზეიმობდა ყველა: მსუქანი და გამხდარი; მაღალი და დაბალი; ქაჩალი და ხეშეშთმიანი…
…მხოლოდ ბელადი იყო უხასიათოდ!
ბელადის გულს მწარე ფიქრები ღრნიდნენ. საფიქრალი კი მას მართლაც რომ თავზე საყრელად ჰქონდა. გაურკვეველი იყო მისი მომავალი – გაურკვეველი და უიმედო: ორიოდე თვეც და ბელადის წინასწარმეტყველების საოცარი უნარი, რამაც აკიდე ეძანდრავეშა თანატომელებში ხისგან ნაჩორკნი ღვთაების ტოლ კაცად აქცია, დაილევა, საბოლოოდ გაქრება. არადა, მართლაც რა უნდა ქნას, როცა მატერიკიდან ჩამოყოლილი ხელის ტრანზისტორის გალვანური ელემენტები “დაჯდებიან”, ხმარებისათვის უვარგისი გახდებიან? სად შეივსოს ჭაღარა ეძანდრავეშამ ეს დანაკლისი? ვინღა მიაწვდის პროგნოზს მოსალოდნელი ამინდის შესახებ?
რამდენიმე თვეც და აკიდე ეძანდრავეშას მეფური ცხოვრებიდან აღარაფერი დარჩება. შერცხვენილსა და გარიყულს მასაც მოუწევს გადარჩენისათვის ბუნებასთან ჭიდილი… თუ ამის საშუალება მისცეს, რა თქმა უნდა. თუმცა, ეს დრო ჯერ არ დამდგარა. მანამდე კი ინსულელთა თავკაცი ჩვეული, შთაგონებული ღმერთკაცის იერით განაგრძობს თამაშს. იცის ბელადობის ხიბლი და იმიტომაც. მისთვის რამდენიმე თვეს კი არა, ყოველ დღესა და საათს აქვს მნიშვნელობა. თანაც, არც მთლად უიმედოდაა საქმე. ვინ იცის, იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს გაიხედოს და კუნძულის მახლობლად, მისმა მკრთალსახიანმა მეგობრებმა ჩაუშვან ღუზა? ისე როგორ შეირცხვენენ თავს, ერთი აკუმულატორი, ან წყვილი გალვანური ელემენტი მაინც არ ჩამოუტანონ? მაშინ მის მეფობას ხომ დასასრული არ ექნება!
ეჰ, გამოჩნდებოდნენ და…
***
ამ იმედით აკიდე ეძანდრავეშამ კიდევ ერთი ხანგრძლივი თვე იციცხლა. ერთი თვის შემდეგ ელემენტები “დაჯდნენ”. ტრანზისტორის დადუმებიდან კიდევ ერთი თვის თავზე ინსულელებმა ბელადის პროგნოზირების უნარში ეჭვი შეიტანეს, უდიდესი მმართველი შეიპყრეს… და სადილად მიირთვეს.
ეს იყო კუნძულზე კანიბალიზმის პირველი შემთხვევა. პირველი და არა უკანასკნელი…
© “არილი”