რომენ გარი, თეთრი ძაღლი, დიოგენე, 302 გვ.
სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ მიმდინარე თვეში გასული საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორის, რომენ კაცევის რომანით – „თეთრი ძაღლით“ გრძელდება. რომენ გარი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის ერთ-ერთი ფსევდონიმია. აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი მწერალია, რომელმაც „დააღვია“ ერთ-ერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის წესდება და მისი მოპოვება მეორეჯერაც შეძლო, რომელიც სრულიად სხვა ფსევდონიმით – „ემილ აჟარის“ სახელით გამოქვეყნებული რომანისთვის მიიღო. რომანი – „თეთრი ძაღლი“, რომელიც 1970 წელს გამოვიდა, ავტობიოგრაფიულია და მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გახმაურებულ და შთამბეჭდავ მისტიფიკაციად ითვლება. ეს არის ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის ტრაგიკული ისტორია, რეალური ამბავი, თუ როგორ ცდილობდა მწერალი ხელახლა გაეწვრთნა და ადამიანებისთვის უსაფრთხო არსებად ექცია პოლიციის მიერ, საგანგებოდ შავკანიანებზე დაგეშილი ნაგაზი. ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში პირველია ამ ავტორის შემოქმედებიდან, რომელიც ქართულ ენაზე გამოვიდა. რომანი ფრანგულიდან მერაბ ფიფიამ თარგმნა.
სტივენ კინგის ორი რომანი ქართულ ენაზე, მიზერი, დიოგენე, 436 გვ.
„მიზერი“ 436-გვერდიანი ფსიქოლოგიური ტრილერია, რომანი, რომელიც პირველად 1987 წელს გამოქვეყნდა და ის ფანტასტიკის ჟანრში საუკეთესო რომანების დაჯილდოებაზეც მოხვდა. ფაბულა ასეთია: ცნობილი მწერალი პოლ შელდონი ავტოავარიაში ხვდება, რომლის სიცოცხლეს ყოფილი მედდა, ენი უილკსი გადაარჩენს, თუმცა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის პოლს მსხვერპლის გაღება უწევს. მედდა, სახელად ენი მისი თაყვანისმცემელია და მწერლისაგან რომანის დაწერას მოითხოვს. შელდონი სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყოველ ღამით წერს. წიგნის სახელწოდება – Misery, შელდონის მიერ დაწერილი რომანის მთვარი გმირის სახელია, რომელიც ინგლისურიდან ასე ითარგმნება – ტანჯვა, უბედურება, განსაცდელი. წიგნის მთარგმნელი ლალი გოგაძე გახლავთ.
მწვანე გზა, 468 გვ.
ოდნავ მოგვიანებითაა დაწერილი მეორე რომანი “მწვანე გზა“, რომელიც ნიკა სამუშიამ თარგმნა. წიგნის გმირი პოლ ეჯკუმი გახლავთ, რომელიც ერთ დროს ციხის სიკვდილმისჯილთა ბლოკის ყოფილი ზედამხედველი იყო. მოხუცთა თავშესაფარში მყოფი, ის, სწორედ 50 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს. წიგნი 1996 წელს გამოქვეყნდა და სამი წლის შემდეგ, მის მიხედვით ფილმიც გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლებს ტომ ჰენქსი და მაიკლ კლერკ დუნკანი თამაშობენ. წიგნს, საუკეთესო რომანის ნომინაციაში, ბრემ სტოკერის სახელობის პრემიაც მიანიჭეს.
მიშელ უელბეკი, სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები, ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა, 144 გვ.
თარგმნილი პროზის ნიმუშებს სულ ახლახანს მიშელ უელბეკის მორიგი წიგნი შეემატა. ქართულენოვანი მკითხველისთვის ეს წიგნი სიახლეა, რადგან ჩვენთან უელბეკის თარგმნილი ოთხი რომანის შემდეგ, მცირე მოცულობის ახალი გამოცემა მწერლის ყველაზე ცნობილ ესეებსა („სიცოცხლის გაგრძელება: სახელმძღვანელო“, „დაბნეულობის ზღვარზე“) და მცირე პროზაულ ნიმუშებს აერთიანებს. მათ შორისაა ის ტექსტებიც, რომელთაც უელბეკი მემარცხენე მიმართულების ჟურნალში – Les Inrockuptibles-ში, 1990-იან წლებში აქვეყნებდა. უელბეკის აღნიშნული ტექსტები, რომანების მსგავსად, მძაფრი ემოციებითა და ნატურალიზმით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, გონკურის პრემიის დაჯილდოების შემდეგ, მას „ჩვენი დროის მთავარი მოწმე“ უწოდეს. „მის ესეებში სწორედ ეს ფხიზელი დამკვირვებელი ჩანს, ვინც ზოგჯერ კონტურებს იმისთვის ამუქებს, რომ საერთო სურათში სიმართლე უფრო იოლად აღსაქმელი გახადოს. მისი სიმართლე კი ყოველთვის ძალიან მწარე და აქტუალურია“ – აღნიშნულია წიგნის ქართულენოვან ანოტაციაში, რომელიც ფრანგულიდან ირმა ტაველიძემ თარგმნა.
თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგია, არტანუჯი.
თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგია პირველი ნაწილია გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ დაწყებული სერიიდან , „თანამედროვე დრამატურგია“ , რომელიც თანამედროვე დრამატურგიის პოპულარიზაციას ემსახურება. გერმანულენოვანი პიესების კრებულში მკითხველი გაეცნობა ავტორებს, რომელთა ნამუშევრები ლიტერატურული პრემიებით აღინიშნა და რამდენიმე თეატრშიც დაიდგა. წარმოადგენილი პიესები ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება. მათ შორის გამორჩეულია ქართველი დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და გერმანულად წერს. მისი პიესა – „ლივ შტაინი“ (გერმანულიდან თარგმნა ოთარ ყარალაშვილმა) გასულ წელს თბილისში, სამეფო უბნის თეატრში, თავად ავტორის რეჟისორობით დაიდგა. ამავე კრებულს თან ახლავს მისივე წერილი – „თეატრი ანუ ქვიშაში წერა“. ქართველ დრამატურგთან ერთად, ახალი გამოცემა თანამედროვე სამი დრამატურგის პიესებსაც გთავაზობთ. მათ შორისაა: ფოლკერ შმიდტის „ბაიკერები“ (მთარგმნელი – მაია ფალავანდიშვილი), ლუკას ბარფუსის „ავტობუსი“ ( მთარგმნელი შორენა შამანაძე) და მარიუს ფონ მაინბურგის „ცივი ბავშვი“, რომელიც გერმანულიდან მაია ფალავანდიშვილმა თარგმნა.
გი დე მოპასანი, ორლა, აგორა.
გამომცემლობა „აგორა“ ფრანგული ლიტერატურის მოყვარულებს მე-19 საუკუნის ფრანგი კლასიკოსის, გი დე მოპასანის ვრცელი მოთხრობის – „ორლას“ ქართულენოვან თარგმანს სთავზობს. ფრანგულიდან ის ჟორჟ ეკიზაშვილმა თარგმნა. მოთხრობა იმითაა გამორჩეული, რომ კრიტიკოსების შეფასებით, ის ფრანგული ფანტასტიკის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია. ნოველის გმირი თავის ამბებს სიგიჟის ზღვარზე გვიყვება. მთელი მოთხრობის მიმდინარეობისას, ის უხილავი არსების გვერდით ყოფნას გრძნობს, რომელიც მას ნელ-ნელა აგიჟებს. მკითხველიც გმირთან ერთად განიცდის გაორებას და ლოგიკურ კითხვას სვამს: მართალია ის რასაც ავტორი ყვება, თუ მწერალი ნამდვილად გაგიჟდა? ამ განცდას მოთხრობის ერთ-ერთი გამორჩეული აქცენტი აძლიერებს: „ადამიანის ბატონობა დასრულდა“, რადგან სულიერ არსებათა შორის ის აღარ არის უმაღლესი გონიერი არსება“.
© “ცხელი შოკოლადი”