პოეზია

ლევან ზარიძე – ახალი ლექსები

***

ყველა გზა რომიდან მოვა,
გზის იქით დარჩება რომი
და ლურჯი იქნება წყალი,
ყინული – იგივე ფორმის.

ყველა მზე ამოვა ერთად,
ოკეანს აუვა ბოლი,
არც ოცდამეშვიდე ციდან
გამოჩნდა სინათლის ბოლო.

არც ნავიგატორის ნავი
ამოვა ამაზე მაღლა,
შენ იცი დუმილის ფასი,
ენას რომ აწვალებს ახლა.

ფურცელზე დავხატე ჯოხი
და იქვე ნულები, მიჯრით
და თოვლის პაპების სახლში
მზე შუშის თვალებით იჯდა.

ყველა გზა რომიდან მოვა,
გზის იქით დარჩება რომი
და ლურჯი იქნება წყალი,
ყინული – იგივე ფორმის.

***

იბარებს მაკულატურას
შ.პ.ს. “პარადიგმა”,
გამოაცოცხლა სასწორი
გადაუშლელმა წიგნმა.

დახვეულია სამ ფენად
წარმატებული ტექსტი
და აფრქვევს ვარდის დანამატს,
აღარაფერი ესმის.

***

ერთი სიცოცხლე წავიდა იქით,
სადაც ფოთლები მიქრიან ხოლმე,
მდინარე უკვე სიგრძეზე მიდის,
სიჩუმეს ტოვებს, არაფერს ტოვებს.

ვიყიდე თეთრი მდინარის წყალი
და ვებრძვი ბოთლზე მიხატულ მორევს
და მივაქციე ეს წყალი იქით,
სადაც თევზები მირბიან ხოლმე.

***

მქონოდა ვერტმფრენი
მეტაფიზიკური,
ხორცი, ვით პური და
ღვინო ქიზიყური.


ან ცხენი მყოლოდა,
სიზმრების ფაფარით,
სანომრე ნიშნებით
მზეს გადავფარავდი.


ეზოში ზღარბი მყავს,
ძაღლივით მსახურობს,
სახლში ვერ მივდივარ,
ზღარბს ვერა ვნახულობ.


მქონოდა ვერტმფრენი
მეტაფიზიკური,
სისხლი, ვით ღვინო და
პური ქიზიყური.

***

გადავწყვიტე, ვწყვიტე
მსხალი გახდეს პანტა,
არ ვიდარდო, ვიდრე
წლები გამეფანტოს.

ვერ მოვწყვიტე, ვწყვიტე,
თვალი მაგ შენს თვალებს,
სამჯერ სამი როა
და არ არის მთვარე.

მერე ქვები ვხარჯე
და ეკალი ვგლიჯე,
შუბლის ცაზე ხაზი
გადიოდა, ლურჯი.

მომეხმარე, ეს ქვა
იქით გადავწერო,
გრავიტაციულო არაფერო,
ზერო.

***

უკიდეგანოდ ჩუმია
ოკეანეში თევზი,
ვფიქრობ, როგორი იქნება
ის თევზი მაიონეზით.

სიცარიელით მევსება
ათასი სისულელე,
დასასრულიდან ავფურცლავ
სინათლის ევანგელეს.

ყველა წერილი წმინდაა,
ყველა მდინარეც წმინდა,
იდგა ნაპირთან ნაპირი,
ოკეანეზე წვიმდა.

სიზმრების ლურჯი ფანჯრიდან
ჩანდა სიჩუმის ლოლო,
ცაზე გზა იყო და გზაზე
ცივი მზე იდო მხოლოდ.

უკიდეგანოდ ჩუმია
ოკეანეში თევზი,
ვფიქრობ, როგორი იქნება
ის თევზი მაიონეზით.

***

ფრაგმენტულად მახსოვს
შენი სიზმრის გემო,
ჩიტი იშვა, სადღაც,
წაიყვანა გემმა.

გემმა ოცი აფრით
და ორასი ცხენით
და ათასი ტალღის
ცაზე დანარცხებით.

მოვლენ გზები უკან
და უკანა გზაზე
შენ იქნები ბედში
ჩადებული აზრი.

…ცხრა სიბნელე დნება
მზესთან სიახლოვით,
მომიტანეთ წყალი
და სიზმარიც მოვა.

ფრაგმენტულად მახსოვს
შენი სიზმრის ფერიც,
თვითმფრინავის ბოლის
ლურჯი პარალელი.

***

ეცოდინები გზას,
ეცოდინები მზეს,
დადუმებული ქვე
ესადაგება სკნელს.

ეცოდინები მას,
ეცოდინები მეს,
ეცოდინები მის
უსინანულო დღეს.

ეცოდინები ზარს,
გაისად, ანუ წელს,
ორბიტალური ხმის
ეკონომიკურ წრეს.

ეცოდინები მთას,
ეცოდინები მთებს,
მოჭრილი არის ხე
და ესიზმრება ტყე.

ეცოდინები ქვას,
ჩიტის ფრთასთან რომ დევს,
ეცოდინები ცას
ალბათ საღამომდე.

***

დამიმახსოვრა სიზმარმა,
დამიმახსოვრა ცხადმა,
შარშანწინ სადაც ვიდექი,
გავიარე და, არ ვარ.

არც დღეს ვიქნები, სადაც ხვალ
გავმეორდები, ალბათ,
გარემოების მაღლა და
უსასრულობის დაბლა.

***

დასაბამიდან აქამდე,
აქედან დასასრულამდე,
დასასრულიდან სიზმრამდე
მზის ლურჯი ალილუია.

ბოლოშიც სიტყვა იქნება,
დასაწყისივით უნაკლო,
წამი სივრცული ჩიტია,
უსასრულობას უგალობს.

მოვიდა თეთრი ამბავი,
მომავლიდან, თუ საიდან,
გავიგე, რაც ვერ გავიგე
არის მეზობელ საიტზე.

თურმე გადარჩა ქალაქი
და დილა ბატმა ახარა,
ხალისკოს შტატში ყოფილა
ქალაქი გვადალახარა.

დასაბამიდან აქამდე,
აქედან დასასრულამდე,
დასასრულიდან სიზმრამდე
მზის ლურჯი ალილუია.

***

ამ სიმართლეზე მართალი
არის მეორე ზღაპარი,
ცხადის და სიზმრის გადასწვრივ
დადის მესამე სამყარო.

არსებულამდე უცნობი,
არარსებულზე იოლი,
უხილავ გზაზე გადარბის
უენო ფოსტალიონი.

ე უდრის ემცე კვადრატს და
მელანქოლიურ პანთეონს,
საუკუნეში ერთხელ ხომ
აუცილებლად თენდება.

თენდება მზის გამზირებზე
უკიდეგანო თენებით,
ცაზე იწყება ჩიტების
გენეციფრული ჩვენება.

ამ სიმართლეზე მართალი
არის მეორე ზღაპარი,
ცხადის და სიზმრის გადასწვრივ
დადის მეოთხე სამყაროც.

***

მეტროში წასაკითხი ლექსი
ადამიანი – ობობა
ადამიანი – ოფოფი
ადამიანი – თევზი
ადამიანი – კატა.
ადამიანი – ფოთოლი
ადამიანი – ბუჩქი
ადამიანი – ბოლქვი
ადამიანი – ობი.
ადამიანი – ქსოვილი
ადამიანი – ძაფი
ადამიანი – ბოჭკო
ადამიანი – ჭია.
ადამიანი – ტალღა
ადამიანი – სხივი
ადამიანი – ძალა
ადამიანი – ომი.
ადამიანი – პური
ადამიანი – ყველი
ადამიანი – წყალი
ადამიანი – ღვინო.
ადამიანი – თეთრი
ადამიანი – შავი
ადამიანი – კაცი
ადამიანი – ქალი.
ადამიანი – კარგი
ადამიანი – ცუდი
ადამიანი – ტვინი
ადამიანი – ძვალი.
ნუ მიეყრდნობით კარებს
ადამიანი ამბობს
ადამიანმა იცის
ინგლისურადაც ამბობს.
ადამიანი – ჩიტი
ადამიანი – ბუდე
ადამიანი – კვერცხი
ადამიანი – ჭუჭუ.
ადამიანი – უფხო
ადამიანი – უთმო
ადამიანი – მჟავე
ადამიანი – ტკბილი.
ადამიანი – ერთი
ადამიანი – ორი
ადამიანი – სამი
ადამიანი – ოთხი.
ადამიანი – კენტი
ადამიანი – ლუწი
ადამიანი – ფუჭი
ადამიანი – განძი.
ადამიანი – ზარი
ადამიანი – ჩუმი
ადამიანი – ნელი
ადამიანი – ჩქარი.
გაჩერებაა ბოლო
ადამიანი ამბობს
ადამიანმა იცის
ინგლისურადაც ამბობს.

***

წარსული ამოტივტივდა,
სიშორე მოტივირდა,
შემთხვევით უზენაესთა
მდგომარეობა მჭირდა.

მილიარდიან ქალაქში
ყოფნა და ყეფა მსურდა,
ცის მერვე ოკეანეში
ცხრა გემი დადასტურდა.

მამლის ციფრული ყივილი
უთანაბრდება ნამდვილს
და ორჯერ ორი ოთხია,
მზე ამოდის და ადის.

არასაბავშვო საბავშვო ლექსი

ზღარბი ზღარბთან არის,
ციყვი ციყვზე ხტუნავს,
ტყეში არის ყველა,
ტყეში არის ტურაც.

ტურა არის ცუდი,
უცუდესი ზრახვით,
ხეს მოსჭამოს ფეხი,
დააბრალოს თახვებს.

სად ტურა და სად ხე,
ხეზე ცხოვრობს ბელი,
მელა გახდა ბრძენი
და მქადაგებელი.

ბუ გამხდარა ბროლის,
რა, სად, როგორ, როდის,
სერზე სამი მგელი
მოდის, მიდის, მოდის.

ირემია ლურჯი,
ახლაც რქების ფუნჯით
ხატავს შემოგარენს,
ნუ გამოხვალთ გარეთ.

ადვილია ყოფნა
გალიაში ლომად,
დროს არევს და დარევს
დაგეგმილი კვდომა.

დააბრუნეთ ტყეში
მაიმუნის კვალი,
როგორც ყველა ერთი,
ერთი ყველა არის.

***

შუამავლებად სიზმრები
გამომიგზავნე მუდამ,
ნიშანი იყოს რაღაცის
და იყოს აბდაუბდა.

მეცოდინება, რომ ამით
გამოვა არაფერი,
და მაგიდაზე მედება
ბილეთი მატარებლის.

ზღვას მოველოდი ფანჯრიდან,
გამომეცხადა ციდან,
მსურს aqua destillata
აისბერგების ცრემლის.

ტრიალებს ლურჯი გლობუსი,
მდინარისაკენ მიდის
და მიყვარს გამეორება,
რაც აღარ ვიცი, იმის.

სიზმრები შუამავლებად
გამომიგზავნო უნდა,
ნიშანი არის არაფრის,
თან არის აბდა-უბდა.

***

ახალქალაქი არსებობს,
ახალსოფელიც არის,
ადგილი ვიცი ისეთი,
ცხრაჯერ ჯობია პარიზს.

მივირთმევთ ყოფნის ნაპირზე
არყოფნის ბურბუშელას,
ძველი ტრაკიდან გამოვალთ
და ახალ ტრაკში შევალთ.

***

წამმა, უზენაესმა,
სახელითა ძისა,
გახსნა დროის გალია
და წავიდა მზისკენ.

მეცხრე ციდან მიგზავნის
მოკლე ტექსტებს, სრულად,
ყველაფერი კარგია,
რაც არ არის ცუდი.

ახლა მინდა არყოფნა
დავაბრალო ყოფნას,
ვგუგლავ ეგზისტენციურ
წყლის მეშვიდე ფორმას.

ვეძებ უწონადობას
ნაბიჯების მიღმა
და გავიგე რა არის
გზების პარადიგმა.

რომ მოგვაჯდეს მომავლის
ჩიტი, მოგალობე,
გავიზრდებით წამებით
მე და ჩემი ღობე.

წამმა, უზენაესმა,
სახელითა ძისა,
გახსნა დროის გალია
და გაფრინდა ცისკენ.

***

ჭია ფოთოლზე ზის,
ჭამს და ქანაობს თან,
დამთავრდა ფოთლის დღე,
და ჭია ცაზე დგაფ

ან რა ლამაზად დგაფ
ან რა მშვენივრად დგაფ
ან რა საყვარლად დგაფ
ან რა საოცრად დგაფ.

ფოთლის სიზმარში ჟღერს
ახლა პეპელას ხმა,
სოლ, სი, ლა, სოლ, მი, სი,
მი, სოლ, რე, დო, ლა, ფა.

***

შორს წავიდა შენი
გამოგონებანი,
ხორცი, როგორც პური,
პური ხორციანი.

რას შექმნიდი ახლა
ცაზე სენსაციურს,
უდაბნოზე ფიქრობს
ახლა ვენეცია.

ან ეს ლურჯი ქოლგა,
ზედ მზითა და მთვარით,
გადავიდა წვიმა,
ვერ გავდივარ გარეთ.

ამან იმას ვერა,
იმან ამას სძლია,
კეთილები იყვნენ,
სინანული სცმიათ.

ხეზე იჯდა კაცი,
ეს ხე იყო ალვის,
საქმე ისე მიდის,
ბაობაბზეც ავა.

რომ მოავლოს მზერა
სივრცულ არემარეს,
მიემაგრე კარგად,
არ გადმომივარდე.

***

იყო და არა იყო რა,
ვიცი და არა ვიცი მე,
შეუძლებელი შევძელი,
არ მინდოდა და, ვიცინე.

სიტყვის სათქმელად მოვედი
და სიტყვამ მოსვლა დამასწრო,
უწონადობის ნეონში
ვეძებ სინათლეს – ასაწონს.

ეს უდრის იმის დაცემის
აღდგომისეულ მესამედს,
ახლა ხუმრობის გარეშე,
ორნი ვართ, ვეძებთ მესამეს.

თოვლისფერია გარემო,
სადაც ფიფქები მოვიდნენ,
ერთ ფიფქზე იჯდა უდაბნოს
ციფრული პარანოია.

იყო და არა იყო რა,
ვიცი და არა ვიცი მე,
შეუძლებელი შევძელი,
არ მინდოდა და, ვიცინე.

***

ვინ დაგცინა, ძაღლო,
ვინ გიწოდა ლომი,
მოისმინა მონამ
მეფის მონოლოგი.
ეს ამბავი ცრუა,
დღეში რვაჯერ ვცრუობ,
არ შეხვიდე ცაში,
თუ არ იცი ცურვა.
გაიარა წყალზე,
წყალი იყო თბილი,
სიზმარივით თბილი,
იმედივით თბილი.
მერე ორი ხელით
მოეხვია ნიავს,
ჰაერივით ნიავს,
ჰარმონიულ ნიავს.
რა კარგია თოვლი,
როცა მოდის სხვაგან,
იმ თოვლივით სხვაგან,
იმ დღესავით სხვაგან.
კედლის იქით მზეა,
ახლა ორი ცალი,
მერე სამი ცალი,
მერე ოთხი ცალი.
ფურცელია ბოლო
და სინათლე ბოლავს,
ბუხარივით ბოლავს,
ჩიბუხივით ბოლავს.
ვინ დაგცინა ძაღლო,
ვინ გიწოდა ლომი,
მოისმინა მეფემ
მონის მონოლოგი.

***

ვხედავ, როგორ დადის,
ვხედავ, როგორ ივლის,
ვხედავ, როგორ მოვალ
და ზედ შემოგივლი.

დაღლილ ცაზე მზეა,
უკიდურეს მარჯვნივ,
სადღაც ღმერთის ძეა
ბედნიერი, ტანჯვით.

ლურჯი სიზმრის იქით,
ცხრა კარების აქეთ,
გაღებული ბაგე
თვალებს გამოანთებს.

წავა ვერცხლის მთვარე,
მოვა სხივთა ოქრო,
გაუტყდება ენა
უსინათლო ბოქლომს.

ვხედავ, როგორ დადის,
ვხედავ, როგორ ივლის,
ვხედავ, როგორ მოვალ
და ზედ შემოგივლი.

***

ჰგვანან დღეები დღეებს,
ტყუპის ცალები – ცალებს,
ორი თეთრი მზე მქონდა,
ლურჯ მზეში არ გავცვალე.

მერე ვარსკვლავი ვთვალე
და ბეღურები ვთვალე,
უდაბნოების თავზე
მოლეკულური მთვარე.

…და გაზაფხული ვცადე,
მერე ზაფხული ვცადე
და შემოდგომა ვცადე,
ერთხელ ზამთარი ვცადე.

ყველა ზღაპარის ბოლო
ზღაპრულიაო, მითხრეს,
ამომსვლელებმა მითხრეს,
ჩამომსვლელებმა მითხრეს.

ეს ავტობუსი ახლა,
რომ მიდიოდეს ცამდე,
ანდა, ავდგე და ჩრდილი
სივრცულად გამისამდეს.

ჰგვანან დღეები დღეებს,
ტყუპის ცალები – ცალებს,
ორი თეთრი მზე მქონდა,
ლურჯ მზეში არ გავცვალე.

***

გულახდილად იწვა
საუბარი ფიქრთან,
განიხილეს სიტყვა,
პირველად რომ ითქვა.

ეს ამბობდა იმას,
ის ამბობდა ამას,
იცვლებოდა ფიქრში
სიტყვის პანორამა.

აწვალებდა ფიქრი
უდაბნოში მავალთ,
ქვას ადნობდა სიტყვა,
გავალთ, გავალთ, გავალთ.

გამოვარდა ციფრი
უსასრულობიდან,
შენთან, შენთან, შენთან,
შენთან, შენთან მინდა.

როგორც ორჯერ ორი,
ანდა სამჯერ სამი,
ვხედავ თავებს ზემოთ
დადებულან სკამნი.

ადიოდა სიტყვა
ფიქრზე უფრო ზევით,
ბაგეების ჩუმი
ესკალატორებით.

გულახდილად იწვა
საუბარი ფიქრთან,
განიხილეს სიტყვა,
პირველად რომ ითქვა.

***

ბოლო ზღაპრის ბოლოს
ზღაპრის ბოლო ზღაპრობს,
ეს მზე უფრო მომწონს,
ეს მზე უფრო მაწყობს.


დამთავრდება ფირი
და ციფრული ველი,
არაფერიისგან
არაფეერს ველი.


აგვიანებს ყოფნას
სიუჟეტი ყოფნის,
ეს მზე უფრო მიყვარს,
ეს მზე უფრო მყოფნის.


სენტიმენტალური
სისულელის კედელს
გაფრენილი წამის
ლანდი მივაჭედე.


სინათლეზე გასვლა,
სიჩუმეში წოლა,
დაწყებული ეს დღე
უფრო მომეწონა.


ბოლო ზღაპრის ბოლოს
ზღაპრის ბოლო ზღაპრობს,
ეს მზე უფრო მომწონს,
ეს მზე უფრო მაწყობს.

© არილი

Facebook Comments Box