
ის მწვანეთმიანი გოგო მოსწონდა დემოს. არადა, არც სახე იცოდა მისი, არც არაფერი. თმის გარდა არაფერი იცოდა იმ გოგოსი დემომ და სახელიც მერე გაიგო – ლუნა. ნაჭრის უბრალო პირბადე ეკეთა ლუნას და ჩაფხუტი ეფარა. დემოს უფრო მაგარი ჩაფხუტი ეფარა, სამხედრო, ნამდვილი ჩაფხუტი. ლუნასი თეთრი იყო. დაბლა, სკვერში არიგებდნენ ასეთ იაფ ჩინურ ჩაფხუტებს და კარგად კი გამოიყურებოდა, მაგრამ რაიმე პრაქტიკული ფუნქცია არ ჰქონდა. ჰოდა, იმ ჩაფხუტიდან გამოფშეკოდა ლუნას მწვანე თმა და დემოს სულ უნდოდა, მისულიყო და ეთქვა – ვერ დაგიცავს გოგო ესა. ვერაფრისგან.
რო გაიცნო ლუნა, თუ გაცნობა ერქვა იმას, რობოკოპების თავზეით გამოტყორცნილმა წყლის ჭავლმა რო მაგრად გაწუწა ლუნა და დემომ საწვიმარი მოახურა, და მერე ლუნა რო ფეიერვერკებს ესროდა იმათ და დემომ ფოტო გადაუღო და ანახა – გაცნობასავით ხო იყო, რაც იყო და არც მაშინ უთქვამს, რო ლუნას ჩაფხუტი არ ვარგოდა არაფრად. რო – გინდა ქაღალდი დაგედო თავზე და გინდა ისა. ნატრობდა დემო, არ მოარტყანო იქიდან. არაფერი არ ესროლონო ისეთი, რაც ლუნას მისი ჩაფხუტის უვარგისობაში დაარწმუნებდა. პირველად უჩაფხუტოდ კი ნახა ასე:
ღამის სამ საათზე, ზემოთა ქუჩებზე შეიკრა ალყა. დემოს ჯგუფის მეთაური ცნობილი ტელესახე იყო და დემოს მანამდე ვერ წარმოედგინა, ბავშვობაში ტიპს რო უყურებდა ტელევიზორში და იცინოდა, სწორედ ეს ტიპი იქნებოდა წლების მერე მისი ჯგუფის მეთაური. აწ უკვე მობერებული, მაგრამ გეუბნები: გამოცდილი სამხედროსავით დაატარებდა თავის ოცკაციან ჯგუფს. წამოვიდოდა შავად სპეცრაზმი – მწყობრად იხევდნენ ზემოთა ქუჩებისკენ. ზოგჯერ ათიოდე სპეცრაზმელი, მარბიელები, საკუთარ ძალებში მეტისმეტად დაჯერებული, გამოსცდებოდა რობოკოპების კოლონას კაი მანძილზე, და ტელესახემაც: ეგ გვინდაო, ბიჭო. ავიტყუოთო ზემოთა ქუჩებზე. გარბოდა ჯგუფი. მისდევდა ბრაგაბრუგით სპეცრაზმი. აუხვევდნენ ბესიკზე და ქრებოდნენ. და სანამ სპეცრაზმი ცარიელ ქუჩას აჰყურებდა, სადარბაზოებით და ვიწრო შესასვლელ-გამოსასვლელებით მოუვლიდნენ უკნიდან და ზურგიდან დასცხებდნენ. ორჯერ თუ სამჯერ ქნეს ასე. და მერე სპეცრაზმი ვერც გაზის კაფსულების სასროლი თოფის მომარჯვებას ასწრებდა და სხვა არც არაფერი ჰქონდათ მაგათ სახიფათო – წყლის ჭავლის მანქანა იმ დედააფეთქებულ შენობას არ შორდებოდა დიდ მანძილზე. პარლამენტის შენობას. კარგი მეთაური ჰყავდათ მოკლედ. შენ ტელესახე უძახე და რო დაიღრიალებდა: – აბა, მიდით ბიჭებო, ამათი! ჰოდა, ეს ლუნა სად და როდის აგვებლანდა ნეტავო, ფიქრობდა ხოლმე დემო.
ზემოთა ქუჩებზე მარტო ჯგუფები იყვნენ ღამე. ჯერ ბევრი ხალხი ირეოდა, მაგრამ ღამე გაიკრიფებოდნენ სახლებში და რჩებოდნენ ჯგუფები და თითო-ოროლა სხვაც. და ეგ სხვა იყო ჰოდა ლუნა. პირველად უჩაფხუტოდ როდის ნახა-მეთქი და სად წავსულვარ: ალყაში გვაქცევენო, გაზით გვგუდავენო, ყვიროდა ზოგჯერ რომელიმე ჯგუფელი, იტყუებოდა – ზედმეტი ხალხი ეგრევე ჯლიგინით ჩარბოდა გამზირზე და ზემოთა ქუჩებზე ხელს აღარ უშლიდნენ მერე: სარბენიც იყო, გასაქცევიც, გამოსაქცევიც. ჯგუფების, ანუ ორიოდე ათეული, კარგად აღჭურვილი ადამიანების გარდა, დარჩენით მარტო დასარჩენები რჩებოდნენ და შემდეგ ზოგს შეიერთებდა ხოლმე რომელიმე ჯგუფი.
ალყაო და მართლა ალყა გამოდგა იმ დღეს. ლუნა რო უჩაფხუტოდ ნახა პირველად დემომ, იმ დღეს. ხალხიც ვეღარ დაიშალა, იმიტომ რო ახლა მართლა ალყა იყო და მაშინ ნახა უჩაფხუტოდ დემომ – აი, პოსტაპოკალიფტურ გეიმებში და ფილმებში როა ხოლმე, ეგეთ კედელთან, თითქოს ბევრი რკინის ჯართი შეადუღაბეს და წვეტებიც გაუკეთესო – იქ ატუზულიყო-მეთქი ლუნა, თავისი უვარგისი ჩაფხუტი ხელში ეჭირა. ალბათ ზემოთა ქუჩაზე არბოდა და დახვდა ესა. ჯგუფებიც ამ ქუჩით იპარებოდნენ ზოგჯერ და ასე უცებ საიდან ახორხლეს და როგორ, დემო ფიქრობდა. ზემოთ მიფხრეწილი ქურთუკი ეკიდა – ალბათ ვიღაცა გადააცოცდა და ზედ შეატოვა. ნაწლავი არ შეატოვა კიდევ კარგიო, დემო ფიქრობდა, იმსიმაღლე ხერგილი იყო. მანდ ნახა ლუნას მწვანე თმა უჩაფხუტოდ და მისი დიდი შეშინებული თაფლისფერი თვალები უსათვალოდ. დემოსაც ეშინოდა იმ დღეს, ხერგილს არავინ ელოდა აქ. რო გარბიხარ და აჰა, ააღწიე ზემოთა ქუჩამდე და იქ ვიღა გიპოვის, ისიც ისეთივე გამზირია ლამის, როგორიც დაბლა, ხალხი რო გროვდება. ააღწიე და ეს წყეული ხერგილი გხვდება. დემოს და მისი მეგობრების ბარიკადა, ყველაზე დიდი – ნაგვის ბუნკერები იყო ძირითადად და იმასაც კაიხანს მოახრიგინებდნენ ახლომახლო ქუჩებიდან, სანამ ცეცხლს წაუკიდებდნენ. მართლა ალყა გამოდგა მოკლედ. ზუბალაშვილების ქუჩაზე გამოჩნდა დიდი შავი კოლონა, რობოკოპების. ჟვანიაზე, პარლამენტის მხრიდანაც დაიძრნენ და წყლის ჭავლის მანქანაც მოჰყვათ. და ტელესახემ დაშლისკენ მოუწოდა თავის ჯგუფს. ვიწრო შუკაში აირბინა დემომ, იმ გამზირივით ქუჩაზე რო გაეღწია და ეგრე დახვდა ლუნა, როგორც წეღან ვთქვი. გზა ვიციო, დემომ. ჩაჭიდა ხელი ლუნას და გაიქცნენ. ბესიკის ასახვევთან უკვე სპეცრაზმის მჭიდრო კოლონა ჩანდა, უკან ფარებიანი რობოკოპებიც მოჰყვებოდნენ. გამზირზე ჩასასვლელი ქუჩები პატრულის მანქანებით და ფურგონებით იყო გადაკეტილი. და დემომ უცებ იქვე სადარბაზოში დურთა თავი, ლუნაც შეიყოლა.
აირბინეს სამიოდე სართული. ახლა ავალთ სხვენზე, მერე სახურავზე და იქიდან დავხედოთ, ვიკაიფებთ მაგრად, ვიდეოც გადავუღოთ, – დემომ თქვა. მერე ჩაფხუტი ზურგჩანთაში ჩაიდო და სხვენში ამავალ რკინის კიბეს აჰყვა. კარს დაეჯაჯგურა და არ გაიღო. არ გაიღო-მეთქი კარი და ამ დროს იყო, ლუნამ რო ჰკითხა – რა გქვიაო. მე ვარ დემო, – უთხრა დემომ. დემო სახელია თუ რენდომ დაირქვიო ახლა, – ლუნამ. დემო ვარო და მორჩა, ეგრე უთხრა. აეროზოლითაც ეგრე აწერდა ხელს ღამღამობით: ძირს რეჟიმი! და დაბლა პატარაზე – დემო. მთელ სოლოლაკში და მთაწმინდა-ვერაზე ათას ქუჩაზე ეწერა – დემო. ჯერ რაღაცა ლოზუნგი დიდად და დაბლა, ავტორის პონტში – დემო.
სხედან დემო და ლუნა სხვენის ასასვლელ კიბესთან. მეოთხე სართულზე. სიბნელეში. სხედან და სცივათ. ნოემბრის ბოლოა. თოვს ცოტა. ქრის მაგრად. საცაა გათენდება. ქუჩაზე ისმის კივილი, გინება. ფანჯრიდან თუ აივნიდან ქუჩას ჩამოკივის რომელიღაც გაღვიძებული მობინადრე. ვინ დაიჭირეს ნეტა, – დემო ფიქრობს. ალბათ სანდრე, ასკვნის. სანდრეს ფარზე დაპრინტული აქვს ღვთისმშობლის ხატი, რო – ნაკლები მოარტყან და თან დაიცვას ხატმა, მაგრამ ყველაზე მეტი სანდრეს ხვდება ყოველთვის. ერთხელ ჭონქაძემდეც აჰყვა სპეცრაზმი სანდრეს საცემრად და ვიღაცამ შეათრია სახლში, გადაარჩინა. დემოს ჯგუფელია სანდრე და უყვარს ღმერთი და მისთანანი. ფარზე მაგიტომ აქვს ღვთისმშობლის პრინტი. მაგრამ ყველაზე მეტი სანდრეს ხვდება და ლუკა, საერთოდ, დაიჭირეს კიდეც. რობოკოპს ფარი წაართვა და იმით დარბოდა ლუკა, სანამ დაიჭერდნენ. ახლა ციხეშია ლუკა და გმირია. აეროზოლით დაუწერია დემოს ბევრჯერ – თავისუფლება ლუკას!
სად გავუტიე და: გინება და კივილი-მეთქი, მერე ყრუდ ბუთქიც მოჰყვა და იმ ქარშიც ამოაღწია მეოთხეზე სუნმა. ლუნას სათვალე აქვს უზარმაზარი, მოთხილამურეთა, და უბრალო ნაჭრის პირბადე. დემომ ამოიღო ზურგჩანთიდან თავისი აირწინაღი და გაუკეთა ლუნას. თვითონ შეჩვეულია ყელის წვას და გუდვის ფეიქ-შეგრძნებას. ტელესახე ასწავლიდა ჯგუფს: სადაც გასკდება, იქ დაგენძრევათ მარტო ათ მეტრში, და ათი მეტრის იქით რაც გჭირთ, შიშისგან გჭირთო. თან, სულ აირწინაღით ხო არ ივლი. აირწინაღი კარგია დაბლა, გამზირზე – დახუჭავ თვალს და გაიქცევი სადაც გაიქცევი, გასაქცევი გამზირიაო ეგა. და აქ, ამ შუკებში და ჩიხებში, ზემოთა ქუჩებში აირწინაღით რას დაინახავო გასაქცევს. აირწინაღი უნდა აიკრა, როცა სხვა გზა არა გაქვს. ეგრე ამბობდა ხოლმე ტელესახე, ეგ ჩემის გენერალი. და შეიძლება იყო კიდეც ოდესმე რამე ეგეთი, სამხედრო პონტში, ისე მაგრად იცის ყველაფერიო, დემო ფიქრობდა.
სხედან ლუნა და დემო. ლუნას დემოს აირწინაღი უკეთია და დემოს კი როლინგის საყელო აქვს აწეული თვალებამდე. დროდადრო ჩამოიწევს და რძეში გარეულ არაყს სვამს კოლას პლასტმასის ბოთლიდან – რძე შველის, როცა გგაზავენ, არაყი კიდევ თავისი გემოვნებით გაურია, სიმხნევისთვის. მაგრამ გულის ასარევი საშუალებაცაა რძე და არაყი და ასლოკინებს დემოს. სხედან და კიბეებს შემოუყვა ქუჩიდან სპეცრაზმი. ბევრი არა. კიბეზე ფეხის ხმას ეტყობა, ორი-სამი კაცი ალბათ.
ერთმანეთს ეკვრიან დემო და ლუნა. ლუნა და დემო სხედან სხვენის ასასვლელთან კიბეზე და ეკვრიან ერთურთს. შიშისგან. სიცივისგან. კიბეზე სხედან ლუნა და დემო, ჩახუტებულები, და კიბეზე ამოდიან სპეცრაზმელები. მათი ფანრის შუქის ზოლები აღწევს ზემოთაც. დაგვენძრა, ფიქრობს დემო. დაგვენძრა, – ამბობს ხმამაღლა ლუნა. ჩუ, გოგო. ჩუ. – დემო აჩუმებს და მაგრად იხუტებს გულში ლუნას.
სიბნელეში ჩახუტებულებს წამოადგათ ერთი. დაანათა ფანარი. – იპოვე ეგ ნაბოზრები? – ღრიალებს დაბლა ვიღაც. სპეცრაზმელი დაჰყურებს ფანრის შუქში მოქცეულ ლუნას და დემოს. ხმას არ იღებს და უყურებს. მერე ჩურჩულებს: – ამათი დედა მოვტყან. ამ ქვეყნის დედა მოვტყან… და ბრუნდება უკან, ჩადის კიბეზე და ყვირის: – არავინაა აქ, ბიჭო. სხვა სადარბაზოში ვნახოთ.
© არილი