
ინგლისურიდან თარგმნა და შესავალი დაურთო გიორგი მუზაშვილმა
1948 წლის 26 ივნისს გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა The New Yorker-მა იმ დროისთვის ჯერ კიდევ ახალბედა, არცთუ ცნობილი მწერლის, შირლი ჯექსონის მოთხრობა „ლატარია“ გამოაქვეყნა. დღეს უკვე ამერიკული ჰორორის დიდოსტატად მიჩნეულ ჯექსონს, რომლის ყველაზე პოპულარული ნაწარმოები „ჰილჰაუსის მოჩვენებაა“, მოთხრობამ არნახული აღიარება მოუტანა. თუმცა, მისი გამოქვეყნებიდან მალევე, ნაწარმოებს გაუგონარი გამოხმაურება მოჰყვა ჟურნალის ერთგული მკითხველებისგან. გამოცემას მათ ასობით წერილი გაუგზავნეს, ზოგმა კი საერთოდ გამოწერაც გააუქმა. წაკითხულმა ნაწილი აღაშფოთა, ზოგი დააბნია, ზოგსაც ინტერესი გაუჩინა, თუ შეიძლებოდა აღწერილი რეალობა საკუთარი თვალი ეხილა. ჟურნალში ირწმუნებოდნენ, რომ მანამდე გამოქვეყნებულ არცერთ ტექსტს ასეთი მასშტაბური გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მიღებულ წერილებს პირდაპირ ავტორთან ამისამართებდნენ. იმ ზაფხულს ჯექსონი ყოველდღიურად იღებდა ათამდე წერილს, რომლებსაც თავად თემატურად სამ ჯგუფად ყოფდა: გაოგნების გამომხატველი, ვარაუდებზე დაფუძნებული და ლანძღვა. თუმცა ბევრი, უბრალოდ, მოთხრობის მთავარი სათქმელის ახსნას ითხოვდა და ამ მოთხოვნას ავტორმა ერთი თვის შემდეგ უპასუხა:
„ძალიან რთულია იმის ახსნა, რისი თქმა მსურდა ამ მოთხრობით“, – განაცხადა მწერალმა გაზეთთან ინტერვიუში, - „ვფიქრობ, ვიმედოვნებდი, რომ სასტიკი უძველესი რიტუალის თანამედროვეობასა და ჩემს სოფელში გადმოტანით, ეს შეულამაზებელი, დრამატიზებული სცენა მკითხველებს ჩვენს სამყაროში არსებულ უსაგნო ძალადობაზე და, ზოგადად, არაადამიანურ ქცევაზე დააფიქრებდა“.
ეჭვგარეშეა, რომ ჯექსონმა თავის მიზანს მიაღწია. „ლატარია“ თითქმის რვა ათწლეულის შემდეგაც ისეთივე სულისშემძვრელი და, სამწუხაროდ, აქტუალური საკითხავია, როგორც მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი, ჰოლოკოსტი და ბევრი სხვა ენით აღუწერელი სისასტიკე ახლო წარსული იყო. „ჩემი პირველი რეაქცია შოკი გახლდათ, მეორე კი იმაზე დაფიქრება, ეს როგორ მოახერხა“, – ასე იხსენებს თანამედროვე ამერიკული ჰორორის ყველაზე ცნობილი ფიგურა, სტივენ კინგი „ლატარიის“ პირველად წაკითხვის შემდგომ ემოციებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ აფრიკის კავშირმა (დღევანდელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინამორბედმა) მოთხრობა უბრალოდ აკრძალა, რადგან მასში აღწერილი რეალობა მათთვის გამოგონილი სულაც არ იყო.
თავად ჯექსონი ასეთი გამოხმაურებისთვის თვალის გასასწორებლად მთლად მზად არ აღმოჩნდა. ეგ კი არა, წლების შემდეგ, თავის ლექციაში იხსენებდა კიდეც, როცა ჩემი ნაწარმოებების გამოქვეყნება გადავწყვიტე, წარმოვიდგენდი, როგორ აღაფრთოვანებდა ისინი მილიონობით მკითხველს, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ კიდევ მილიონობით ადამიანს სულ სხვაგვარი რეაქცია ექნებოდა და ისეთ წერილებს მომწერდა, რომელთა გახსნაც მეშინიაო.
„სამასამდე წერილიდან, რომლებიც იმ ზაფხულს მივიღე, ალბათ მხოლოდ ცამეტი იყო საქებარი და მათი უმრავლესობაც ჩემი მეგობრების გამოგზავნილი გახლდათ“, – ჰყვებოდა მწერალი, – „დედაჩემმაც კი დამტუქსა, ნუთუ დღევანდელი ახალგაზრდობა ასეთ შავბნელ ამბებზე ფიქრობთ ხოლმეო. რამე ისეთი დაწერე, რომ ხალხი გაამხიარულოო, მირჩევდა“.
აშკარაა, რომ შირლი ჯექსონმა დედის რჩევა არ გაითვალისწინა. თუმცა, იქნებ ასეც ჯობდა; სხვაგვარად ხომ ამერიკული ჰორორის დედოფლად ვერ იქცეოდა?!
აი, ამერიკული პროზის კლასიკად ქცეული „ლატარია“ კი მკითხველების (და არა მხოლოდ მათ) დაზაფვრას განაგრძობს. მოთხრობა რამდენჯერმე დაიბეჭდა სხვადასხვა ჟურნალში, კრებულში, ანთოლოგიასა და სახელმძღვანელოებშიც კი. ნაწარმოების მიხედვით, შექმნეს ტელე და რადიოადაპტაციები, გადაიღეს ფილმები, დადგეს ბალეტი, ოპერა და სპექტაკლი.
27 ივნისის დილას ცა მოწმენდილი იყო. მზე ჩახჩახებდა, ჰაერი შუა ზაფხულის საამო სითბოთი გაჟღენთილიყო, ირგვლივ კი ყვავილები უხვად გაფურჩქნილიყო და ბალახი მწვანედ ხასხასებდა. ხალხმა ფოსტის შენობასა და ბანკს შორის მოქცეულ მოედანზე შეკრება ათი საათისთვის დაიწყო. ზოგიერთ ქალაქში იმდენი ცხოვრობდა, რომ ლატარიის გამართვას ორი დღე სჭირდებოდა, ასე რომ, 26 ივნისს უწევდათ დაწყება, მაგრამ ამ სოფელში, სადაც სამასამდე კაცი თუ სახლობდა, მთელი ეს ღონისძიება ორიოდე საათს წაიღებდა, ამიტომ თავისუფლად შეეძლოთ, დილის ათზე შესდგომოდნენ საქმეს და დროულადვე დაესრულებინათ, რათა შუადღისთვის ხალხი თავ-თავიანთ სახლებში წასულიყო.
თავდაპირველად, რასაკვირველია, ბავშვებმა მოიყარეს თავი. სკოლაში საზაფხულო არდადეგები სულ ცოტა ხნის წინ დასწყებოდათ და თავისუფლებას ჯერ მთლად ვერ გაშინაურებოდნენ; თავიდან უხმაუროდ გროვდებოდნენ, მერე კი თავს ვეღარ იკავებდნენ და თამაშს იწყებდნენ. საუბარში ჯერ კიდევ სკოლას, მასწავლებლებს, წიგნებსა და დატუქსვას იხსენებდნენ. ბობი მარტინს ჯიბეები უკვე ქვებით გამოეტენა. სხვა ბიჭებმაც მიბაძეს და ყველაზე მრგვალი, პრიალა ქვების ძებნას შეუდგნენ. ბობიმ, ჰარი ჯოუნსმა და დიკი დელაკრუამ – რომლის გვარსაც თანასოფლელები „დელაკროიდ“ გამოთქვამდნენ – ბოლოს ქვები მოედნის ერთ კუთხეში დაახვავეს და გვერდზე დარაჯად დაუდგნენ, რომ სხვა ბიჭებს არ მოეპარათ. აი, გოგონები მოშორებით დამდგარიყვნენ, ერთმანეთში საუბრობდნენ და ბიჭებს მხარზემოდან გასცქეროდნენ, ყველაზე პატარები კი ან უკვე მტვერში ამოგანგლულიყვნენ, ან უფროს და-ძმებს ხელებზე ეპორწიალებოდნენ.
ცოტა ხანში კაცებიც გამოჩნდნენ, თავიანთ შვილებს თვალი შეავლეს და თესვაზე, წვიმაზე, ტრაქტორებსა და გადასახადებზე ლაპარაკი განაგრძეს. ისინიც ერთად დადგნენ, კუთხეში ქვების გროვისგან მოცილებით, ხმადაბლა ხუმრობდნენ და მხოლოდ მორიდებულად იღიმოდნენ. მალევე გახუნებულ საშინაო კაბებსა და კოფთებში გამოწყობილი ქალებიც მოვიდნენ, ერთმანეთს მიესალმნენ და სანამ თავიანთ ქმრებს ამოუდგებოდნენ გვერდში, ერთი-ორი ჭორიც გაცვალეს. უკვე ქმრებთან მისულებმა, ბავშვებს მოუხმეს და ისინიც, ოთხი თუ ხუთი დაძახების შემდეგ, უხალისოდ გამოეშურნენ მშობლებისკენ. ბობი მარტინი დედამისს მაინც გაუსხლტა ხელიდან და სიცილით ისევ ქვების გროვასთან მიირბინა, მაგრამ როგორც კი მამის მკაცრი ხმა გაიგო, უკან მობრუნდა და მასა და უფროს ძმას შორის ჩადგა.
ლატარიას, ცეკვების, მოზარდების კლუბის და საჰელოუინო პროგრამის მსგავსად, მისტერ სამერსი უძღვებოდა, რადგან ასეთი სახალხო ღონისძიებებისთვის არც დროის და არც შემართების ნაკლებობას არ უჩიოდა. მომრგვალებულსახიანი, ხალასი ბუნების მქონე კაცი ქვანახშირის ბიზნესს ფლობდა, მაგრამ ხალხს კი მაინც ეცოდებოდა, რადგან შვილები არ ჰყავდა და კაპრიზებიან ცოლთან ერთად ცხოვრობდა. როცა იგი მოედანზე ხის შავი ყუთით გამოჩნდა, სოფლელები აბუტბუტდნენ, კაცმა კი მისალმების ნიშნად ხელი აუწია.
„ცოტა შემაგვიანდა, ხალხო“, – მიმართა მათ.
მას მოჰყვა ფოსტის გამგე, მისტერ გრეივზი, რომელმაც სამფეხა ტაბურეტი მოიტანა და მოედნის შუაში დადგა. მისტერ სამერსმა შავი ყუთი მასზე შემოდო. ხალხი სკამისგან მოშორებით იდგა და როცა მისტერ სამერსმა იკითხა, ვინმე ხომ ვერ დამეხმარებითო, შეყოყმანდნენ, სანამ ორი კაცი – მისტერ მარტინი და მისი უფროსი ვაჟი, ბაქსტერი – წინ გამოვიდოდა და ყუთის მყარად დადგმაში მიეშველებოდა. მისტერ სამერსმა ყუთში ჩაყრილ ქაღალდის ნაგლეჯებს ხელით ამოურია.
ხელსაწყო, რომლითაც ლატარიას თავდაპირველად მართავდნენ, დიდი ხნის წინ დაკარგულიყო, ამიტომ ახლა სკამზე შემოდებული შავი ყუთით ის ჯერ კიდევ იქამდე შეცვალეს, სანამ მოხუცი უორნერი, სოფლის ყველაზე ხნიერი მცხოვრები, დაიბადებოდა. მისტერ სამერსი სულ იმას ეუბნებოდა თანასოფლელებს, ახალი ყუთი გავაკეთოთო, მაგრამ ამ შავი ყუთით გამოხატული ტრადიციის წინააღმდეგ წასვლის იდეაც კი არავის უჯდებოდა ჭკუაში. ამბობდნენ, ეს ყუთი მისი წინამორბედის ნატეხებით გაკეთდაო, ის უწინდელი ხელსაწყო კი ჯერ კიდევ სოფლის პირველ მოსახლეებს დაუმზადებიათ. ყოველ წელს, ლატარიის ჩატარების შემდეგ, მისტერ სამერსი ხელახლა იწყებდა ლაპარაკს ახალი ყუთის გაკეთებაზე, მაგრამ ეს საკითხი ყოველ ჯერზე უშედეგოდ მიეცემოდა ხოლმე დავიწყებას. შავი ყუთი კი ყოველწლიურად უფრო და უფრო იქუცებოდა. ამ დროისთვის მთლად შავიც აღარ ეთქმოდა, ერთ მხარეს უშნოდ ალეწილს, ხის ფერი გამოეჩინა, ზოგან საღებავი გადასვლოდა, ალაგ-ალაგ კი დალაქავებულიყო.
მისტერ მარტინსა და მის უფროს ვაჟს, ბაქსტერს, სკამზე შემოდგმული ყუთი მტკიცედ ეჭირათ, სანამ მისტერ სამერსი მასში ჩაყრილ ქაღალდებს ხელით გვარიანად ამოურევდა. რაკიღა ამ რიტუალის დიდი ნაწილი უკვე მივიწყებული გახლდათ, მისტერ სამერსმა მოახერხა, ქაღალდის ნაგლეჯებით ჩაენაცვლებინა ხის მომცრო ნაფოტები, რომლებსაც მრავალი თაობა იყენებდა. კაცის აზრით, ხის ნათალი წინათ მშვენივრად ადგებოდა პატარა სოფელს, მაგრამ ახლა, როცა დასახლებაში სამასზე მეტი კაცი ცხოვრობდა და მოსახლეობა ალბათ კიდევ გაიზრდებოდა, საჭირო იყო ისეთი მასალის გამოყენება, შავ ყუთში რომ თავისუფლად მოთავსდებოდა. ასე რომ, ლატარიის წინა ღამით, მისტერ სამერსი და მისტერ გრეივზი ქაღალდს ანაკუწებდნენ და ყუთში ყრიდნენ, მერე კი მისტერ სამერსის ქვანახშირის კომპანიაში მიჰქონდათ და სეიფში საიმედოდ კეტავდნენ, სანამ მეორე დილას მოედანზე გამოიტანდნენ. წლის სხვა დროს, ყუთი ხან სად იდო და ხან – სად; ერთ წელს მისტერ გრეივზის საბძელში განაწესეს, მერე – ფოსტის შენობის იატაკქვეშ, ზოგჯერაც მარტინების საბაყლოს თაროზე შემოდებდნენ და იქვე ტოვებდნენ.
სანამ მისტერ სამერსი ლატარიას გახსნილად გამოაცხადებდა, ათასი წვრილმანი იყო მოსაგვარებელი. პირველ რიგში, სიები გახლდათ ჩამოსაწერი: ჯერ ოჯახის უფროსების, მერე თითოეულ ოჯახში ცალკეული კარ-მიდამოს უფროსების, ბოლოს კი ყოველი ოჯახის ყოველი კარ-მიდამოს თითოეული მცხოვრების. როგორც ლატარიის თავკაცს, მისტერ სამერსს ფოსტის გამგის წინაშე სათანადო ფიციც უნდა წარმოეთქვა. ზოგი იხსენებდა, რომ იყო დრო, როცა ლატარიის თავკაცი მღეროდა კიდეც, რაღაც ფორმალურ, უმელოდიო ჰიმნს ასრულებდა და თანაც, ამას ყოველ წელს უფრო და უფრო უსულგულოდ აკეთებდა. სოფლელების ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ სიტყვის წარმოთქმისას ან ჰიმნის შესრულებისას, ლატარიის თავკაცი უძრავად უნდა მდგარიყო, მეორე ნაწილის აზრით კი, მას შეკრებილებს შორის უნდა ევლო. თუმცა, წლების გასვლასთან ერთად, რიტუალის ეს ნაწილი სულაც მოიშალა. წინათ ასევე არსებობდა საწესჩვეულებო მისალმებაც, რომელიც ლატარიის თავკაცს ყუთთან ფურცლის ამოსაღებად მისული ყოველი კაცის წინაშე უნდა შეესრულებინა, მაგრამ დროსთან ერთად ესეც შეცვლილა და ახლა მხოლოდ გამოლაპარაკებაღა მიიჩნეოდა აუცილებლობად. მისტერ სამერსს კი ამ ყველაფერში ბადალი ნამდვილად არ ჰყავდა: გახამებულ თეთრ პერანგსა და ლურჯ ჯინსებში გამოწყობილს, ცალი ხელი უდარდელად შემოედო შავ ყუთზე და ძალიან დინჯი, საქმიანი იერით გაება საუბარი მისტერ გრეივზთან და მარტინებთან.
მისტერ სამერსს ის-ის იყო, როგორც იქნა, საუბარი მოემთავრებინა და შეკრებილი თანასოფლელებისკენ ტრიალდებოდა, როცა მოედნის გზაზე ჩქარა მომავალი მისის ჰაჩინსონი გამოჩნდა, კოფთა დაუდევრად მოეცვა და ხალხის განაპირას დაეკავებინა ადგილი.
„სულ გადამავიწყდა, რა დღე იყო“, – უთხრა გვერდით მდგომ მისის დელაკრუას და ორივეს გაეცინა. „ვიფიქრე, ჩემი ქმარი სახლის უკან შეშას აწყობს-მეთქი“, – განაგრძო მისის ჰაჩინსონმა, – „მერე ფანჯრიდან გავიხედე და ბავშვებს რომ ვეღარ მოვკარი თვალი, გამახსენდა, ოცდაშვიდი იყო და გამოვიქეცი“, – ქალმა წინსაფარზე შეიმშრალა ხელები.
„რა გინდა, კი მოასწარი. ჯერ კიდევ საუბრობენ“, – გადაულაპარაკა მისის დელაკრუამ.
მისის ჰაჩინსონმა კისერი წაიგრძელა, რომ შეკრებილებს შორის თავისი ქმარი და შვილები ეპოვა. მათ წინა რიგებში ჰკიდა თვალი. მისის დელაკრუას დამშვიდობების ნიშნად მხარზე ხელი მოუთათუნა და ხალხს შორის გზის გაკვლევას შეუდგა. მოედანზე შეკრებილები თავაზიანად გაიწივნენ აქეთ-იქით და ქალს გზა დაუთმეს, ერთი-ორმა ხალხის რუზრუზში ძლივსგასაგონად თქვა, მისის ჰაჩინსონიც მოსულაო. „ბილ, როგორც იქნა, მოაღწია“. როცა მისის ჰაჩინსონი თავის ქმარს მიუახლოვდა, მისტერ სამერსი, რომელიც მოთმინებით იცდიდა, ქალს ხალისიანად მიეგება:
„ვიფიქრე, შენ გარეშე მოგვიწევდა დაწყება, ტესი“.
„ჭურჭელს ნიჟარაში გაურეცხავს ხომ ვერ დავტოვებდი, ჯო?“, – უპასუხა ქალმა ღიმილით. მის ნათქვამს ხალხში აქა-იქ სიცილი მოჰყვა. შეკრებილები ნელ-ნელა უბრუნდებოდნენ მისის ჰაჩინსონის მოსვლამდელ განლაგებას.
„მაშინ, რაღას ვუცდით“, – წამოიწყო მისტერ სამერსმა დასერიოზულებული ტონით, – „გვიჯობს, დავიწყოთ და მალევე მოვამთავროთ, რომ საქმეს მივუბრუნდეთ. ვინმე გვაკლია?“.
„დანბარი“, – წამოიძახა რამდენიმემ, – „დანბარი, დანბარი“.
მისტერ სამერსმა სიას ჩახედა.
„კლაიდ დანბარი“, – დაადასტურა, – „მართალია. ფეხი მოიტეხა, არა? მის მაგივრად ვინ ამოიღებს?“.
„ალბათ, მე“, – თქვა ერთმა ქალმა და მისტერ სამერსი მაშინვე მისკენ მიბრუნდა.
„ცოლს შეუძლია ქმრის მაგივრად მიიღოს მონაწილეობა“, – უპასუხა და იქვე ჰკითხა, – „დიდი ბიჭი არ გყავთ, რომ ეს შენ მაგივრად გააკეთოს, ჯეინი?“, – თუმცაღა პასუხი მანაც და სხვა ყველამ მშვენივრად იცოდნენ, ლატარიის თავკაცს ფორმალურად მაინც ევალებოდა ასეთი შეკითხვების დასმა. მისტერ სამერსი ინტერესით მიაჩერდა მისის დანბარს.
„ჰორასს ჯერ თექვსმეტი წელი არ შესრულებია“, – ნაღვლიანად თქვა ქალმა, – „ვეჭვობ, ჩემი ქმარი მე უნდა ჩავანაცვლო ამ წელს“.
„მართალი ხარ“, – დაუდასტურა მისტერ სამერსმა და ხელთ მომარჯვებულ სიაში ჩაინიშნა, მერე კი იკითხა, – „უოტსონების ბიჭი წელს არ იყრის წილს?“.
მაღალმა ყმაწვილმა ხელი ასწია.
„აქ ვარ“, – დაიძახა, – „ჩემი და დედაჩემის სახელით ვიყრი წილს“, – აღელვებულმა თვალები დაახამხამა და თავი ჩახარა, გარშემო რამდენიმემ კი შეაქო: „ყოჩაღ, ჯეკ“, „როგორ მიხარია, რომ დედაშენს გვერდით კაცი ჰყავს ამ საქმისთვის“.
„მაშინ, ყველანი ვყოფილვართ“, – განაცხადა მისტერ სამერსმა, – „მოხუცი უორნერი მოვიდა, თუ იცით?“.
„აქ ვარ“, – გაისმა ხმა. მისტერ სამერსმა კმაყოფილებით დააქნია თავი, ყელი ჩაიწმინდა და სიას შეხედა, ხალხი კი მაშინვე გაისუსა.
„მზად ხართ?“, – დაიძახა ბოლოს, – „ახლა ჯერ ოჯახების უფროსებს ამოვიკითხავ, კაცები ამოვლენ და ყუთიდან ქაღალდს ამოიღებენ. სანამ ყველა არ ამოიღებს, ფურცელი არ გახსნათ და არ ჩაიხედოთ. ყველაფერი გასაგებია?“.
სოფლელებს ეს უკვე იმდენჯერ გაეკეთებინათ, რომ მითითებებს ცალ ყურსღა უგდებდნენ. უმრავლესობა წყნარად გაჩერებულიყო, ტუჩებს ილოკავდა და გარშემო არ იყურებოდა. მერე მისტერ სამერსმა ხელი ასწია და წარმოთქვა: „ადამსი“.
შეკრებილებს კაცი გამოეყო და წინ გამოვიდა.
„სალამი, სტივ“, – მიეგება მისტერ სამერსი და მისტერ ადამსმაც სალმით უპასუხა. ერთმანეთს უხალისოდ, ნერვიულად გაუღიმეს. მერე მისტერ ადამსი შავი ყუთისკენ წავიდა და იქიდან გადაკეცილი ქაღალდი ამოიღო. ფურცელი მტკიცედ დაიჭირა, შეტრიალდა და ჩქარი ნაბიჯით დაუბრუნდა ადგილს. თავისი ოჯახისგან ოდნავ მოშორებით იდგა და ხელისთვის თვალის არიდებას ცდილობდა.
„ალენი“, – განაგრძო მისტერ სამერსმა, – „ანდერსონი… ბენთემი“.
„ლატარიას ლატარიამდე თითქოს საერთოდ აღარაფერი აშორებს“, – გადაულაპარაკა მისის დელაკრუამ მისის გრეივზს უკანა რიგში, – „ასე მგონია, ბოლო ლატარია სულ რაღაც წინა კვირას იყო“.
„დრო ნაღდად გარბის“, – დაეთანხმა მისის გრეივზი.
„კლარკი… დელაკრუა.“.
„აი, ჩემი ქმარიც“, – თქვა მისის დელაკრუამ და სუნთქვა შეეკრა, სანამ კაცი წინ გადიოდა.
„დანბარი“, – ამოიკითხა მისტერ სამერსმა და მისის დანბარიც წარბშეუხრელად გაემართა ყუთისკენ. გზად თანასოფლელმა ქალებმა გაამხნევეს: „მიდი, ჯეინი”, “აი, ისიც!“.
„შემდეგი ჩვენ ვართ“, - თქვა მისის გრეივზმა და თავის ქმარს შეხედა, რომელიც ყუთთან მივიდა, მისტერ სამერსს გაუღიმებლად მიესალმა და ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო. ახლა ხალხის გასწვრივ კაცები გამწკრივებულიყვნენ და თავიანთ დიდ ხელებში მოქცეულ მომცრო ფურცლებს ნერვიულად ათამაშებდნენ. მისის დანბარი კი თავის ორ ვაჟთან ერთად იდგა და მასაც ქაღალდი ეკავა ხელში.
„ჰარბერტი… ჰაჩინსონი“.
„მიდი, ბილ“, – შეაგულიანა მისის ჰაჩინსონმა თავისი ქმარი. მის გვერდით მყოფებს გაეცინათ.
„ჯოუნსი“.
„ამბობენ, ჩრდილოეთით, ერთ სოფელში ლატარიაზე ხელის აღებას აპირებენო“, – გამოელაპარაკა გვერდით მდგომ მოხუც უორნერს მისტერ ადამსი.
„შეშლილი ყეყეჩები“, – ჩაიფრუტუნა მოხუცმა, – „ახალგაზრდებს უგდებენ ყურს, მაგათ ხომ არაფერი მოსწონთ. ცოტა ხანში გამოქვაბულებში დაბრუნებას მოისურვებენ, აღარ იმუშავებენ და ეგრე იცხოვრებენ. ადრე ამბობდნენ ხოლმე, ივნისის ლატარიას სიმინდი მოჰყვებაო. ახლა კი, აი, ნახავ, მოშუშული ჟუნჟრუკის და რკოს ჭამას რომ დაგვაწყებინებენ. ლატარია ოდითგან იყო!“, – ბრაზობდა კაცი, – „ახლა კი, დგას დაუღვინებელი ჯო სამერსი და ყველას ელაზღანდარება“.
„ზოგან უკვე აღარც ატარებენ ლატარიას“, – ჩაერია მისის ადამსი.
„და მერე მაგაში კარგი რა არის?!“, – გაცხარდა ისევ მოხუცი უორნერი, – „პირტიტველა ჩერჩეტების ბრბო“.
„მარტინი“, – ბობი მარტინმა მამამისს თვალი გააყოლა, – „ოვერდაიკი… პერსი“.
„ნეტავ, ცოტა აუჩქარონ“, – ჩაულაპარაკა მისის დანბარმა თავის უფროს ვაჟს, – „აუჩქარონ, რა“.
„თითქმის მორჩნენ“, – უპასუხა შვილმა.
„შენ მზად იყავი, რომ გაიქცე და მამას უთხრა“, – თქვა ქალმა.
მისტერ სამერსმა ახლა საკუთარი სახელი ამოიკითხა, ნაბიჯი პირდაპირ გადმოდგა და ყუთიდან ქაღალდი ამოიღო. მერე დაიძახა: „უორნერი“.
„სამოცდაჩვიდმეტი წელია, ლატარიაში ვიღებ მონაწილეობას“, – ამბობდა ხალხში მიმავალი მოხუცი, – „სამოცდამეჩვიდმეტედ ვიღებ მონაწილეობას“.
„უოტსონი“, – მაღალი ბიჭი მორიდებით გამოეყო ხალხს. ვიღაცამ გაამხნევა, ჯეკ, ნუ ღელავო.
„არ იჩქარო, შვილო“, – უთხრა მისტერ სამერსმა.
„ზანინი“.
ამის თქმა იყო და სიჩუმე ჩამოვარდა, წამით ყველას სუნთქვა შეეკრა, სანამ მისტერ სამერსმა ჰაერში თავისი ქაღალდის ნაგლეჯი არ ააფრიალა და დაიძახა: „აბა, ხალხო“. ერთხანს არავინ განძრეულა, მერე კი ყველამ ერთბაშად გაშალა ფურცლები. უცებ ქალები ერთად აქაქანდნენ: „ვინაა?“, „ვის ამოუვიდა?“, „დანბარები არიან?“, „უოტსონები?“. მერე აღმოხდათ: „ჰაჩინსონია. ბილია“, „ბილ ჰაჩინსონს ამოუვიდა“.
„მიდი, დროზე, მამაშენს გააგებინე“, – უთხრა მისის დანბარმა თავის უფროს ვაჟს.
ხალხი ჰაჩინსონების გარშემო შემოიკრიბა. ბილ ჰაჩინსონი აუღელვებლად იდგა და ხელში გაშლილ ქაღალდს ჩასჩერებოდა. უცბად, ტესი ჰაჩინსონმა მისტერ სამერსს დაუყვირა: „არ ადროვე, რომ სასურველი ფურცელი ამოეღო. დაგინახე. ეს უსამართლობაა!“.
„ნუ შარობ, ტესი“, – დაუძახა მისის დელაკრუამ. იქვე მისის გრეივზი ჩაერია: „ყველას თანაბარი შანსი გვქონდა“.
„მოკეტე, ტესი“, – უთხრა ქმარმაც.
„აბა, ხალხო“, - წამოიწყო მისტერ სამერსმა, – „მალე კი მოვამთავრეთ, მაგრამ ცოტა უნდა ვიჩქაროთ, რომ ყველაფერს დროულად მოვრჩეთ“, – ამის თქმაზე მორიგ სიას ჩახედა, – „ბილ, შენ ჰაჩინსონების ოჯახიდანაც უნდა ამოარჩიო. ჰაჩინსონებს სხვა კარ-მიდამოც ხომ არ გაქვთ?“.
„დონი და ევა არიან კიდევ“, – დაიყვირა მისის ჰაჩინსონმა, – „მათაც მიეცი შანსი!“.
„ქალიშვილები თავიანთი ქმრების ოჯახებთან ერთად იყრიან წილს, ტესი“, – განუმარტა მისტერ სამერსმა ალერსიანად, – „ეს ხომ შენც კარგად იცი“.
„უსამართლობაა“, - ამოთქვა ტესიმ.
„ვშიშობ, არა, ჯო“, – დაღვრემილად უპასუხა ბილ ჰაჩინსონმა შეკითხვას, – „ჩემი ქალიშვილი თავისი ქმრის ოჯახთან ერთად იყრის წილს. წესი ასეა. ბავშვების გარდა, ოჯახში სხვა არავინ მყავს“.
„მაშინ, გამოდის, რომ შენი ოჯახიდანაც შენ ხარ“, – განმარტა მისტერ სამერსმა, – „და ასევე შენ წარმოადგენ შენივე კარ-მიდამოს. ასეა, არა?“.
„ასეა“, – დაუდასტურა ბილმა.
„რამდენი ბავშვი გყავს, ბილ?“, – ჩაეკითხა მისტერ სამერსი ფორმალობისთვის.
„სამი“, – უპასუხა ბილ ჰაჩინსონმა, – „ბილ უმცროსი, ნენსი და პატარა დეივი. და მე და ტესი ვართ“.
„კარგი მაშინ“, – თქვა მისტერ სამერსმა, – „ჰარი, ამათი ბილეთები მანდ გაქვს?“.
მისტერ გრეივზმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და ქაღალდის ნაგლეჯები უჩვენა.
„ყუთში ჩაყარე მაშ“, – მიუთითა მისტერ სამერსმა, – „ბილისიც აიღე და ჩააგდე“.
„ჩემი აზრით, ხელახლა უნდა დავიწყოთ“, – რაც შეიძლება ხმადაბლა გააპროტესტა მისის ჰაჩინსონმა, – „გეუბნებით, უსამართლო წილისყრა იყო. სათანადოდ არ ადროვე, რომ ამოერჩია. ეს ხომ ყველამ დაინახა“.
მისტერ გრეივზმა ქაღალდის ხუთი ნაგლეჯი ამოარჩია და ყუთში ჩაყარა, დანარჩენი ფურცლები კი ქვემოთ მიმოფანტა და ნიავს გაატანა.
„ყველამ მისმინეთ“, – მისის ჰაჩინსონი გარშემომყოფებთან დალაპარაკებას ცდილობდა.
„მზად ხარ, ბილ?“, – ჰკითხა მისტერ სამერსმა. ბილ ჰაჩინსონმა წამით თავის ცოლ-შვილს შეავლო თვალი და თავი დაუკრა.
„გახსოვდეთ“, – ხსნიდა მისტერ სამერსი, – „ფურცლები ამოიღეთ და მანამდე არ გაშალოთ, სანამ ყველას არ ექნება. ჰარი, შენ პატარა დეივს დაეხმარები“.
მისტერ გრეივზმა ხელი მოჰკიდა პატარა ბიჭს, რომელიც მორჩილად მიჰყვა ყუთთან.
„ყუთიდან ქაღალდი ამოიღე, დეივი“, — უთხრა მისტერ სამერსმა. დეივიმ ყუთში ხელი ჩაყო და გაიცინა, — „მარტო ერთი ფურცელი ამოიღე. ჰარი, ქაღალდი მის მაგივრად დაიჭირე“.
სანამ გვერდით მდგომი პატარა დეივი გაცეცებით შეჰყურებდა, მისტერ გრეივზმა ბავშვს მაგრად შეკრული მუშტიდან დაკეცილი ქაღალდი გამოართვა და ხელში დაიკავა.
„შემდეგი ნენსია“, – გამოაცხადა მისტერ სამერსმა. თორმეტი წლის ნენსი სკოლის მეგობრებმა დამძიმებული სუნთქვით გამოაცილეს, გოგონა კაბის კიდეების რხევით წინ გამოვიდა და ყუთიდან მოხდენილი მოძრაობით ამოიღო ქაღალდის ნაგლეჯი.
„ბილ უმცროსი“, – სახეაჭარხლებულმა და აწოწილმა ბიჭმა ფურცლის ამოღებისას ლამის ყუთი გადააყირავა.
„ტესი“, – თქვა მისტერ სამერსმა. ქალი წუთით შეყოყმანდა, ურჩი მზერით მიმოიხედა გარშემო, მერე კი ტუჩები მომუწა და ყუთს მიუახლოვდა, ფურცელს უცბად სტაცა ხელი და ზურგს უკან დაიკავა.
„ბილ“, – ბილ ჰაჩინსონი ყუთთან მივიდა, ხელი შიგნით მიმოატარა და ბოლოს ქაღალდის ნაგლეჯი ამოაძვრინა.
ხალხი გაიყურსა. ერთმა გოგონამ დაიჩურჩულა, იმედია, ნენსი არ იქნებაო. მისმა ბუტბუტმა ტალღად გადაუარა შეკრებილებს.
„ძველებურად აღარაა“, – გამოსცრა მოხუცმა უორნერმა, – „ხალხიც აღარაა ისეთი, როგორიც უწინ“.
„აბა, გაშალეთ ფურცლები“, – ბრძანამ მისტერ სამერსმა, – „ჰარი, შენ პატარა დეივის ფურცელი გაშალე“.
მისტერ გრეივზმა ქაღალდის ნაგლეჯი გაშალა და ხალხმა შვებით ამოისუნთქა, როცა ფურცელი მაღლა ასწია და ყველამ დაინახა, რომ ის ცარიელი იყო. ნენსიმ და ბილ უმცროსმა თავ-თავიანთი ფურცლები ერთად გაშალეს, ორივეს სახე გაუცისკროვნდა და სიცილი წასკდათ, მერე ხალხისკენ შეტრიალდნენ და ქაღალდის ნაგლეჯები თავზემოთ დაიჭირეს.
„ტესი“, – მიმართა მისტერ სამერსმა. ქალს არ უპასუხია, ამიტომ ახლა მის ქმარს მიუბრუნდა. ბილ ჰაჩინსონმა ფურცელი გაშალა და კაცს უჩვენა. ცარიელი იყო.
„ტესია“, – მოგუდული ხმით თქვა მისტერ სამერსმა, – „მისი ფურცელი გვიჩვენე, ბილ“.
ბილ ჰაჩინსონი ცოლთან მიიჭრა და ხელიდან ძალით გამოსტაცა ქაღალდის ნაგლეჯი. ფურცელს შავი წერტილი აჩნდა. ზუსტად ის შავი წერილი, მისტერ სამერსმა რომ უხეში ფანქრით დაამჩნია წუხელ ქვანახშირის კომპანიის ოფისში. ბილ ჰაჩინსონმა გაშლილი ფურცელი ასწია. ხალხი შეჩოჩქოლდა.
„მაშ ასე, ხალხო“, – საქმიანად თქვა მისტერ სამერსმა, – „მალე მოვამთავროთ“.
მართალია, სოფლელებს რიტუალები დავიწყებოდათ და პირვანდელი შავი ყუთიც დაეკარგათ, მაგრამ ქვების გამოყენება ჯერ კიდევ ახსოვდათ. ბიჭების მიერ წეღან მოგროვებული და ახოხოლავებული ქვები გამოსაყენებლად მზად იყო. ქვები ძირსაც ეყარა და ყუთიდან გადმოყრილი ქაღალდებით დაფარულიყო. მისის დელაკრუამ იმხელა ქვა ამოარჩია, რომ ასაღებად ორივე ხელით დაეჯაჯგურა, თან, მისის დანბარს მიუტრიალდა და დაუძახა: „მოდი, იჩქარე“.
მისის დანბარს ორივე ხელში მომცრო ქვები დაეკავებინა და სუნთქვა გახშირებოდა.
„სულ არ შემიძლია სირბილი“, – უთხრა ქოშინით, – „შენ წადი და მეც დაგეწევი“.
ქვები ბავშვებსაც მოემარჯვებინათ უკვე. ვიღაცამ პატარა დეივი ჰაჩინსონაც მიაწოდა რამდენიმე კენჭი.
ტესი ჰაჩინსონი კი ახლა მოედნის გათავისუფლებული სივრცის შუაში აღმოჩენილიყო და ხელები უიმედოდ მიეპყრო თანასოფლელებისკენ, რომლებიც მისკენ მოიწევდნენ. „ეს უსამართლობაა“ , – აღმოხდა ქალს. ქვა მას თავში მოხვდა.
მოხუცი უორნერი აჟიტირებული გაიძახოდა: „მიდით, მიდით, ყველამ!“. ბრბოს წინ სტივ ადამსი მოუძღოდა, მის გვერდით კი მისის გრეივზი შემართულიყო.
„უსამართლობაა, ეს არაა სამართლიანი“, – გაჰკიოდა მისის ჰაჩინსონი, სანამ თანასოფლელები თავზე გადაევლებოდნენ.
© არილი