თარგმანი,  ლექცია

ლასლო კრასნაჰორკაი – ნობელის პრემიით დაჯილდოებისას წარმოთქმული სიტყვა

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

როდესაც მივიღე 2025 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში, თავდაპირველად მსურდა გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი აზრები იმედის თაობაზე, მაგრამ რადგანაც იმედის მარაგი ამომეწურა, ახლა ანგელოზებზე ვილაპარაკებ.

1.

ბოლთას ვცემ და ვფიქრობ ანგელოზებზე. აი, ახლაც კი ბოლთას ვცემ. თვალებს ნუ დაუჯერებთ, ნუ იფიქრებთ, რომ აქ ვდგავარ და მიკროფონში ვლაპარაკობ, არა, სინამდვილეში, ერთი კუთხიდან მეორეში წინ და უკან დავდივარ და ვფიქრობ ანგელოზებზე; და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ახალი დროის ანგელოზებია, უფრთო ანგელოზები, და ამიტომ საჭირო არაა წარმოდგენა იმისა, როგორაა ამოზრდილი მათი ზურგიდან ორი ფრთა, როგორ გაიშლება ხოლმე ეს ვეებერთელა ფრთები ანგელოზთა სამოსზე, რაოდენ რთულ სამუშაოს ასრულებს მათი ზეციური მკერავი, რა უცნობ ცოდნას ფლობს ის იქ, ზევით, როდესაც მათ აცმევს; ორი ფრთა, რასაკვირველია, უხორცო სხეულიდანაა ამოზრდილი და დაწყობილია ამ სხეულის სამოსზე, რომელიც ესოდენ წარმტაცად ეხვევა ანგელოზებს ტანზე, ხოლო თუ მათი ფრთები არ ჩანს, როგორ ფარავს ეს ზეციური სამოსი მათ სხეულებს ფრთებთან ერთად, ო, საბრალო ბოტიჩელი, საბრალო ლეონარდო, საბრალო მიქელანჯელო, და საბრალო ჯოტო და ფრა ანჯელიკო! მაგრამ ახლა ამაზე აღარ ვფიქრობთ, ძველი დროის ანგელოზები გაქრნენ, ხოლო ანგელოზები, რომელთა შესახებაც ვლაპარაკობ, ახალი ანგელოზებია, და ამაში ვრწმუნდები, როდესაც ჩემს ოთახში ბოლთას ვცემ, თქვენ კი მხოლოდ იმას ხედავთ, რომ მიკროფონთან ვდგავარ და, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი, ვაცხადებ, რომ მსურდა იმედზე მესაუბრა, მაგრამ ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ, ამის ნაცვლად ვილაპარაკებ ანგელოზებზე, აქედან დავიწყებ, და უკვე წარმომიდგება ბუნდოვანი სილუეტები, როდესაც მედიტაციურ პოზას ვიღებ ჩემს სამუშაო სივრცეში, რომელიც არც ისე დიდია, სულ თექვსმეტი კვადრატული მეტრის ფართობის კოშკია, საიდანაც, რასაკვირველია, უნდა გამოვრიცხოთ ფართობი კიბისა, რომელიც კოშკს პირველ სართულთან აკავშირებს, მაგრამ, რასაკვირველია, არ უნდა წარმოიდგინოთ სპილოს ძვლის რომანტიკული კოშკი, ჩემი კოშკი იაფი ნორვეგიული ნაძვის ფიცრებისგანაა აგებული და განლაგებულია ერთსართულიანი ხის შენობის მარჯვენა კუთხეში, ყველა სხვა ნაგებობაზე მაღლა, რადგან დგას ბორცვის ციცაბო ფერდობზე, რომელიც ხეობისკენ ეშვება, და პირველი სართულის ოთახებზე კოშკის დაშენება იმიტომ მოვინდომე, რომ სახლის მთელი სივრცე წიგნებს ეკავა, და ეს გადაუდებელ საქმედ იქცა, ხოლო ეს მიშენებული ოთახი ფერდობის გამო კოშკივით აღიმართა ქვედა სართულზე, მაგრამ აქ მხოლოდ ანგელოზებზე საუბარი მსურს,

და არა იმედზე,

და არა ძველ ანგელოზებზე, რადგან ძველი, ფრთიანი ანგელოზები – გაიხსენეთ ხარების ამსახველი ყველაზე ცნობილი სურათები, რომლებიც მრავლად შეიქმნა შუა საუკუნეებსა და აღორძინების ეპოქაში – გვაუწყებდნენ, რომ ის, ვინც უნდა დაბადებულიყო, დაიბადებოდა; ეს ზეციური მაცნეები იყვნენ ძველი დროის ანგელოზები, რომლებიც გამუდმებით გვახარებდნენ ამა თუ იმ ამბავს, და ანგელოლოგიის დასკვნათა თანახმად, ამბავს ზეპირად გადასცემდნენ ადრესატს ან, როგორც მეცხრე და მეათე საუკუნეების ნახატებზე ვხედავთ, კითხულობდნენ ქაღალდზე გამოსახული კლაკნილი ხაზებიდან, სადაც სიტყვას საგანგებო მნიშვნელობა განეკუთვნებოდა; მაგრამ ეს ანგელოზები, სხვა მისიათა შესრულების შემთხვევაშიც კი, მაინც გადასცემენ – უფრო ზუსტად, ზენაარი არსების უწყებას გადასცემდნენ ღვთის რჩეულთ, შუქმოსილ სიტყვას ამბობდნენ ან ყურში უჩურჩულებდნენ მათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ამგვარ გამოსახულებაზე ანგელოზების გამიჯვნა მათივე უწყებისგან შეუძლებელია – უფრო ზუსტად, შეუძლებელი იყო მათი გამიჯვნა მათივე უწყებისგან – იმდენად, რომ სინამდვილეში ეს ძველი დროის ანგელოზები თვითვე იყვნენ უწყებები, თვითვე იყვნენ უწყება, რომელსაც ყოველთვის გვიგზავნიდა ის, ვისდამი მიმართული ვედრებაც ამაოა, ის გვიგზავნიდა ანგელოზებს ჩვენ, რომლებიც ვჯახირობთ მტვერში, მიწაზე, უგზო-უკვლოდ დავხეტიალებთ, და განწირულნი ვართ შემთხვევითობებისთვის (ო, რა მშვენიერი დრო იყო!), ერთი სიტყვით, ძველი დროის ყოველი ანგელოზი იყო უწყება – ბრძანება ან შეტყობინება, ერთისგან მეორისთვის, მაგრამ ახლა, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ, არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს და ბოლთის ცემას ჩემს კოშკში, რომელიც, როგორც უკვე იცით, იაფფასიანი ნორვეგიული ნაძვისგანაა აგებული და რომლის გათბობა თითქმის შეუძლებელია, და რომელიც კოშკია მხოლოდ იმის გამო, რომ ციცაბო ფერდობზეა აგებული, არ ვილაპარაკებ ძველ დროებაზე, თუნდაც ჩვენს სულში აღბეჭდილ სურათებზე – შუა საუკუნეებისა და ადრეული ახალი ხანის გენიოსთა წყალობით, ჯოტოდან ჯოტომდე – თუნდაც ეს ძველი დროის ანგელოზები იყვნენ, და არ ვუწოდებ მათ ეპითეტებს “შესანიშნავი“, „ამაღლებული“ და „შთამბეჭდავი“, თუნდაც ისინი ჯერ კიდევ ღრმა ზეგავლენას ახდენდნენ ჩვენს სულზე, რომელსაც რწმენა არ ხელეწიფება, ეჭვგარეშეა, საუკუნეთა განმავლობაში მხოლოდ მათი – თუმცა იშვიათი – მოვლინების წყალობით ვრწმუნდებოდით ზენაარსის არსებობაში და, ამასთან ერთად, ვასკვნიდით, რომ არსებობს მიმართულება სამყაროში, ხოლო იქ, სადაც არის მიმართულება, არის მანძილი და არის სივრცე, და სადაც არის მიმართულება, იქ იქნება მანძილი ორ წერტილს შორის და იქნება დრო და, შესაბამისად, საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში არსებობდა სამყარო, რომელიც, როგორც ფიქრობდნენ, ზენაარსის მიერ შექმნილია და სადაც ამ ძველი დროის ანგელოზებთან შეხვედრა საშუალებას გვაძლევდა, შეგვეგრძნო ზედა და ქვედა, როგორც რეალური და ჭეშმარიტი, და ამიტომ, თქვენთან ძველი დროის ანგელოზებზე საუბარი რომ მსურდეს, ერთი კუთხიდან მეორეში ბოლთის ცემას დავიწყებდი, შემდეგ კი დავბრუნდებოდი იმავე კუთხეში, მაგრამ ძველი დროის ანგელოზები აღარ არსებობენ, არიან მხოლოდ ახლები, მე კი აღარ დავდივარ ერთი კუთხიდან მეორეში და აღარ ვფიქრობ მათზე, როდესაც აქ, თქვენ წინაშე ვდგავარ, რადგან შესაძლოა, უკვე მოვიხსენიე

ჩვენი ანგელოზებიახალი ანგელოზები,

რომლებსაც, ფრთებმოკვეცილთ, აღარ აქვთ ის სამოსი, რომელიც წარმტაცად ეხვეოდათ ტანზე, და ჩვეულებრივი ტანსაცმლით მოსილნი, ისინი ჩვენ შორის დადიან, თუმცა ვიცით, რამდენნი არიან, მაგრამ, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა უცვლელია, და, ძველი დროის ანგელოზთა მსგავსად, ახლებიც უჩვეულოდ გვევლინებიან ხოლმე ხან იქ, ხან აქ, ჩვენი ცხოვრების იმავე სიტუაციებში, რომლებშიც ძველ ანგელოზებს ვჭვრეტდით, და მათი ცნობა ადვილია, თუკი სურთ, რომ ისინი ვიცნოთ, თუკი არ მალავენ თავიანთ არსს, და მათი ცნობა ადვილია, რადგან ისინი თითქოს განსხვავებული ტემპითა და რიტმით იჭრებიან ჩვენს ცხოვრებაში, იმ ტემპისა და რიტმისგან განსხვავებით, რომლითაც დავხეტიალობთ მტვერში, მიწაზე, აქ, ქვემოთ, გარდა ამისა, შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს, რომ ეს ახალი ანგელოზები ზევიდან გვევლინებიან, რადგან „ზევით“ – ძველი დროის ანგელოზებთან ერთად – ადგილს უთმობს მარადიულ „სადღაც“-ს, სადაც ახლა მხოლოდ სამყაროს ილონ მასკისეული ავადმყოფური სტრუქტურები წარმოქმნის სივრცესა და დროს და აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც ხედავთ და უსმენთ მხოლოდ ბერიკაცს, რომელიც თავის უცნობ ენაზე ლაპარაკობს ნობელის პრემიის მიღებასთან დაკავშირებით, ბერიკაცს, რომელიც გამუდმებით ბოლთას სცემს იმ გაყინულ კოშკში, ნორვეგიული ნაძვის ფიცრებისგან რომაა აგებული,  ეს სწორედ მე ვარ, ის, ვინც ახლა ნაბიჯს უჩქარებს, თითქოს სურს თქვას, რომ მისი აზრები ამ ახალი ანგელოზების შესახებ სიარულის სხვაგვარ ტემპს მოითხოვს, და როდესაც ნაბიჯს ვუჩქარებ, უეცრად ვაცნობიერებ, რომ ამ ახალ ანგელოზებს არა აქვთ არა მარტო ფრთები, არამდე არა აქვთ უწყებაც, საერთოდ, არავითარი უწყება, ისინი, უბრალოდ, აქ არიან, ჩვენ შორის, თავიანთ ჩვეულებრივ საგარეო ტანსაცმელში გამოწყობილნი, და თუ სურთ, მათ ვერ ვიცნობთ, მაგრამ თუკი მოინდომებენ, რომ ვიცნოთ, შეარჩევენ ერთ-ერთ ჩვენგანს, მივლენ მასთან და მაშინ მოულოდნელად, მყისიერად, თვალი აგვეხილება, გული აგვიძგერდება და ეს მოხდება ჩვენი შეხვედრის გამო, გავოგნდებით და ვიტყვით, ღმერთო, ეს ხომ ანგელოზია, ის აქ დგას, ჩვენ წინაშე, ახლა… ისინი არაფერს გვაუწყებენ, მათ ირგვლივ არაა არავითარი შარავანდედი, და ისინი არც ერთ სიტყვას არ ამბობენ, თითქოს დამუნჯდნენ, ისინი უბრალოდ, დგანან და გვიყურებენ, სურთ თვალი თვალში გაგვიყარონ, თითქოს გვევედრებიან, რომ მათ თვალებში ჩავხედოთ, რომ

თვითონ

გადავცეთ მათ შეტყობინება, მაგრამ, სამწუხაროდ, სათქმელი არ გვაქვს, რადგან ანგელოზთა მავედრებელი მზერის პასუხად შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რაც დიდი ხნის წინ ითქვა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა კითხვა, მაგრამ ახლა არ არსებობს არც კითხვა, არც პასუხი, ჰოდა, რაღა შეხვედრაა ეს, რა ზეციური და მიწიერი სცენაა, ისინი, უბრალოდ, დგანან, გვიყურებენ, და ჩვენც უბრალოდ ვდგავართ, ვუყურებთ, და თუ მათ ამ სიტუაციაში რამე ესმით, ჩვენ არ გვესმის, თუ რა ხდება, ერთი მუნჯია და მეორე – ყრუ, ერთი ყრუა და მეორე – მუნჯი, როგორ უნდა დაველაპარაკოთ ერთმანეთს, როგორ უნდა გავუგოთ, აქ არამცთუ ღვთაებრივი შეტყობინების გადაცემა, არამედ ჩვეულებრივი საუბარიც კი შეუძლებელია, და როდესაც ყოველი მარტოხელა, დაღლილი, სევდიანი და მგრძნობიარე ადამიანი, ისეთი, როგორიც ვარ მე, აქ რომ ვდგავარ და მიკროფონში ვლაპარაკობ, – და ვინც სინამდვილეში მაღალ კოშკში იმყოფება, იაფფასიანი ნაძვის ფიცრებისგან რომაა აგებული, – ვაცნობიერებ, რომ ეს მდუმარე ანგელოზები, შესაძლოა, ანგელოზები კი არა, მსხვერპლნი არიან, მსხვერპლნი ამ სიტყვის პირვანდელი, საკრალური გაგებით, სწრაფად ვიღებ ჩემს სტეტოსკოპს, რადგან მას ყოველთვის თან დავატარებ, და ახლაც თან მაქვს, მაშინ, როდესაც ჩემი კოშკიდან ვლაპარაკობ და თან ბოლთას ვცემ, ძალზე ფრთხილად ვადებ ამ სტეტოსკოპს თითოეული თქვენგანის მკერდს და მაშინვე მესმის ბედისწერის ხმა, ვგრძნობ, როგორ მყისიერად გარდასახავს ის ამ წუთს, მაგრამ მას მოსდევს შოკისა და მარცხის განცდა, რადგან ჩემი სტეტოსკოპით შევიგრძნობ ჩემ წინაშე მდგარ ამ ახალ ანგელოზთა სავალალო ისტორიას, ისტორიას იმისა, რომ ისინი მსხვერპლნი არიან, მსხვერპლნი, და არა ჩვენთვის, არამედ – ჩვენ გამო, თითოეული ჩვენგანის გამო, ფრთებმოკვეცილი ანგელოზები და უწყებათა არმქონე ანგელოზები, და მათ მთელი ამ დროის განმავლობაში იცოდნენ, რომ არის ომი, ომი, და მხოლოდ ომი ბუნებაში, ომი საზოგადოებაში, და ეს ომი ხორციელდება არა მხოლოდ იარაღით, არა მხოლოდ წამებით, არა მხოლოდ განადგურებით: რასაკვირველია, ასეც ხდება, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ საკმარისია მხოლოდ ერთი ბოროტი სიტყვა, ერთი ბოროტი სიტყვა, რომელიც ამ ახალი ანგელოზების მიმართ წარმოითქმის, ერთი უსამართლო, გაუაზრებელი, უღირსი საქციელი, სხეულსა და სულზე მიყენებული ერთი ჭრილობა, რადგან ისინი ამისთვის არ დაბადებულან, ეს უბიწო და თვინიერი ანგელოზები უმწეონი არიან ბოროტების წინაშე, განადგურების წინაშე, სულმდაბლობის წინაშე, ცინიკური უსულგულობის წინაშე, საკმარისია ერთი ბოროტი სიტყვა, რომ მათ სამარადისოდ ატკინოს გული – და ამას თუნდაც ათი ათასი სიტყვა ვერ გამოასწორებს, რადგან ამის გამოსწორება შეუძლებელია.

II.

ანგელოზებზე აღარაფერს ვიტყვი!

ახლა ვილაპარაკოთ ადამიანის ღირსების შესახებ.

ადამიანო, საოცარო არსებავ, ვინ ხარ შენ?

შენ გამოიგონე ბორბალი, გამოიგონე ცეცხლი, მიხვდი, რომ ერთობლივად მოქმედება გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, გამოიგონე ნეკროფაგია, განივითარე საოცრად მძლავრი ინტელექტი და იმდენად დიდი, იმდენად დაღარული და რთული ტვინი, რომ მისი მეშვეობით მოიპოვე ძალაუფლება – თუმცა კი რამდენადმე შეზღუდული – სამყაროზე, რომელსაც სახელი უწოდე, იმგვარი ჭეშმარიტებები აღიარე, რომლებიც, თურმე, ჭეშმარიტებები არ ყოფილა, მაგრამ მათი საშუალებით შეძელი ევოლუციის გზის გავლა; შენმა განვითარებამ განამტკიცა შენი სახეობის არსებობა დედამიწაზე და ხელი შეუწყო მის ზრდას, შენ ქმნიდი ურდოებს, აგებდი სახელმწიფოებს, ცივილიზაციებს, თავიდან აიცილე გადაშენების საფრთხე, თუმცა ამის საშიშროება მაინც არსებობს, როგორც ჰომო ჰაბილისი, ქვისგან იარაღებს ქმნიდი და იცოდი, როგორ უნდა გამოგეყენებინა ისინი, შემდეგ, როგორც ჰომო ერექტუსმა, აღმოაჩინე ცეცხლი, ხოლო შემდეგ, მხოლოდ ერთი პაწაწინა დეტალის წყალობით – იმის გამო, რომ, შიმპანზისგან განსხვავებით, შენი ხორხი და სასა განცალკევებულია, – ტვინის მეტყველებითი ცენტრის განვითარების პარალელურად, შექმენი ენა; თუ დავუჯერებთ ძველი აღთქმის ფრაგმენტებს, რომელთაც მალავენ, ცათა მეუფის გვერდით იჯექი, მის გვერდით იჯექი და სახელები უწოდე საგნებს, რომლებიც შემოქმედმა გიჩვენა; მოგვიანებით გამოიგონე დამწერლობა, მაგრამ ამ დროისათვის უკვე ფილოსოფიური აზროვნება შეგეძლო; თავდაპირველად, ერთმანეთთან აკავშირებდი მოვლენებს, შემდეგ გამიჯნე ისინი რელიგიური რწმენა-წარმოდგენებისგან; საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გამოიგონე დრო, შექმენი სატრანსპორტო საშუალებანი, დახეტიალობდი უცნობ ადგილებში და გაძარცვე ყველაფერი, რისი გაძარცვაც შესაძლებელი იყო; დაიტანე რუკაზე პლანეტები, რომლებიც მიუწვდომლად მიიჩნევა. და ამ დროისათვის მზე ღმერთად, ვარსკვლავები კი ბედ-იღბლის მაჩვენებლად აღარ მიგაჩნდა; შენ გამოიგონე, უფრო ზუსტად კი, გარდასახე სექსუალობა, გამოიგონე მამაკაცთა და ქალთა როლები და ძალზე გვიან, თუმცა ეს გვიანი არასოდეს არაა, აღმოაჩინე სიყვარული, გამოიგონე გრძნობები, ემპათია, ცოდნის შეძენის სხვადასხვაგვარი იერარქიები, ბოლოს, აფრინდი კოსმოსში, შემდეგ – მთვარეზე და იქ პირველი ნაბიჯები გადადგი, გამოიგონე ისეთი იარაღი, რომელსაც შეუძლია მთელი დედამიწა რამდენჯერმე ააფეთქოს, და შემდეგ გამოიგონე მეცნიერებები, რომელთა წყალობითაც ხვალინდელი დღე აჭარბებს იმას, რაც დღეს შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ, შექმენი ხელოვნება, კლდეზე ამოკვეთილი ნახატებით დაწყებული და ლეონარდოს „საიდუმლო სერობით“ დამთავრებული, რიტმის მაგიური მომნუსხველობით დაწყებული და იოჰან სებასტიან ბახით დამთავრებული, დაბოლოს, ისტორიული პროგრესის შესაბამისად, აღარ გწამს არაფრისა და შენ მიერვე გამოგონილი, წარმოსახვის გამანადგურებელი მოწყობილობების წყალობით, ახლა დაგრჩა მხოლოდ მოკლევადიანი მეხსიერება და უგულებელყავი კეთილშობილური და საყოველთაო საუნჯე – ცოდნა, მშვენიერება და ზნეობრივი სიკეთე, ახლა მზად ხარ, დაიპყრო ველები, სადაც შენი ფეხები ჩაეფლობა, შეჩერდი, ნუთუ მარსისკენ მიიწევ? სჯობს, შეჩერდე, რადგან ეს ჭაობი ჩაგითრევს, თუმცა შენი ევოლუციური გზა შესანიშნავია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი განმეორება შეუძლებელია.

III.

აღარაფერს ვიტყვი ადამიანის ღირსებაზე.

აჯობებს, ვისაუბროთ ამბოხის შესახებ.

ვცადე, ამაზე მემსჯელა ჩემს წიგნში „სამყარო გრძელდება“, მაგრამ ვინაიდან იმით, რაც დავწერე, უკმაყოფილო ვარ, ახლა ხელახლა ვცდი. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, ერთ ჩახუთულ ნესტიან დღეს, ბერლინის მეტროს სადგურის ქვედა ბაქანზე მატარებელს ველოდებოდი. რამდენიმე მეტრის მანძილზე იმ ადგილიდან, საიდანაც მატარებელი აგრძელებს ხოლმე თავის მოძრაობას გვირაბში, იდგა ვეება სარკე, შუქნიშნითურთ, იმისთვის, რომ მემანქანეს დაენახა მთელი მატარებელი და, ასევე, იმისთვის, რომ ზუსტად სცოდნოდა, სად უნდა შეეჩერებინა მატარებლის წინა ვაგონი, როდესაც მგზავრები ვაგონებიდან გამოსვლასა და ვაგონებში შესვლას დაიწყებდნენ. რასაკვირველია, სარკე მემანქანისთვის იყო განკუთვნილი; წითელი ნათურა უჩვენებდა რელსების პერპენდიკულარულ წერტილს, სადაც მემანქანეს მატარებელი უნდა შეეჩერებინა მგზავრთა უსაფრთხო შესვლა-გამოსვლისთვის, ხოლო მწვანე მიუთითებდა, რომ მატარებელს შეეძლო გვირაბში გზის გაგრძელება, ამ შემთხვევაში, რულებენის მიმართულებით. გარდა დაფისა, რომელიც მგზავრებს აფრთხილებდა უბედური შემთხვევების თავიდან აცილებისა და წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ, გვირაბის შესასვლელთან, შუქნიშანსა და გვირაბის შესასვლელს შორის, იატაკზე გავლებული იყო ფართო ყვითელი ზოლი, რომელიც იმაზე მიუთითებდა, რომ ბაქანი კიდევ რამდენიმე მეტრით რომც გაგრძელებულიყო, – და ასეც იყო – მგზავრს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაელახა ზოლი. მატარებელს კროიცბერგის მხრიდან ველოდი და უეცრად შევამჩნიე, რომ აკრძალულ ზონაში ვიღაც იმყოფებოდა. ეს იყო მაწანწალა, რომელიც ტკივილისგან მოკაკულიყო და ცდილობდა ლიანდაგზე მოეშარდა. ეტყობოდა, რომ შარდვა უჭირდა, რადგან მხოლოდ წვეთ-წვეთად შარდავდა. იმ დროისთვის, როდესაც ის შევამჩნიე, სხვებმაც დაინახეს ეს უჩვეულო მოვლენა. მაშინვე ყველას ჩამოუყალიბდა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ ეს სკანდალი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტილიყო, მაწანწალა უნდა წასულიყო, ხოლო ყვითელი ზოლის ქმედითობა აღდგენილიყო. არავითარი პრობლემა არ შეიქმნებოდა, მაწანწალას შარდვა რომ დაემთავრებინა და შემდეგ კიბით ზედა ბაქანზე ასულიყო, მაგრამ ის ვერ წყვეტდა შარდვას, რაც უსიამოვნებას უქადდა. მართლაც, მოპირდაპირე ბაქანზე გამოჩნდა პოლიციელი, რომელმაც ყვირილით უბრძანა მაწანწალას, შეეწყვიტა თავისი საქმიანობა. უსაფრთხოების მიზნით, მეტროში ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი მატარებლების ლიანდაგები განლაგებულია ათი მეტრი სიგანისა და დაახლოებით ერთი მეტრი სიღრმის ტრანშეაში, ისე, რომ თუკი მგზავრი ერთი მატარებლიდან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელში გადაჯდომას დააპირებს, ის უნდა მივიდეს ბაქნის ბოლოს განლაგებულ კიბესთან, ავიდეს ზედა ბაქანზე, გადავიდეს მოპირდაპირე მხარეს, შემდეგ ჩამოვიდეს კიბეზე და მხოლოდ ამგვარად მივა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელთან. რასაკვირველია, არც ერთი მგზავრი არ ჩახტება ორლიანდაგიან ტრანშეაში და არ გადაირბენს ათ მეტრს, რომელიც ამ მატარებლისგან აცილებს – ეს აკრძალული და საშიშია. ამ ფაქტზე ესოდენ დეტალურად იმიტომ ვსაუბრობ, რომ ზემოხსენებულ გააფთრებულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი ღირსების შეგრძნებით აჩვენებდა ყველას თავის მანდატს, – სწორედ ეს ხერხი უნდა გამოეყენებინა, ანუ კიბით ასულიყო ზედა ბაქანზე, და შემდეგ ჩამოსულიყო ქვემოთ, იქ, სადაც ჩვენ ვიდექით.

            იმ წუთიდან მოყოლებული, რაც პოლიციელმა მაწანწალა დაინახა, უშედეგოდ უყვიროდა მას, მაწანწალა კი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, თავი ჩვენკენ ჰქონდა მობრუნებული და ეტყობოდა, როგორ იტანჯებოდა, ხოლო მისი შარდი წვეთ-წვეთად იფრქვეოდა ლიანდაგზე; ეს იყო წესების, წესრიგის, კანონებისა და საღი აზრის უპრეცედენტო დარღვევა, – ის, რომ მაწანწალა ისე იქცეოდა, თითქოს ყრუ ყოფილიყო, რაც პოლიციელს განსაკუთრებით აღაშფოთებდა.

            რასაკვირველია, მაწანწალა ხედავდა პოლიციელს და იცოდა, რომ ეს უკანასკნელი მასზე უფრო სწრაფად იმოძრავებდა, მაგრამ საკუთარი ნებით ვერ წყვეტდა აკრძალულ ქცევას, ხოლო როდესაც შეამჩნია, რომ პოლიციელი სირბილით ადიოდა კიბეზე, რათა შემდგომ ასევე სირბილით ჩამოსულიყო ჩვენთან და მაწანწალისთვის ყურში ხელი ეტაცა, მან ოხვრით, ძლივძლივობით შეწყვიტა ის, რასაც აკეთებდა და ჩვენკენ გამოემართა, რათა სწრაფად ასულიყო კიბეზე და გაუჩინარებულიყო.

            როდესაც მაწანწალა დაიძრა, მგზავრთა ჩოჩქოლი შეწყდა. აშკარა იყო, რომ ბებერი მაწანწალა თავს ვერ იხსნიდა, რადგან მთელი სხეულით კანკალებდა, სიარული უჭირდა. სანამ პოლიციელი კიბეზე არბოდა, მაწანწალა მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის გავლას შეძლებდა და ის თვალს არ აცილებდა ათ მეტრს, რომელიც პოლიციელისგან აშორებდა. ეს ათი მეტრი პოლიციელისთვის ნიშნავდა დაუმსახურებელ დაბრკოლებას, მაშინ, როდესაც იგივე ათი მეტრი ჩვენთვის ნიშნავდა იმედს, რომ მაწანწალა თავის დახსნას შეძლებდა. პოლიციელი, მისივე თვალსაზრისით, განასახიერებდა საყოველთაოდ სანქციონირებულ და ამიტომ აუცილებელ კანონს, ხოლო სამართალდამრღვევი უგულებელყოფდა რაციონალურს, სავალდებულოს და, მაშასადამე, „ბოროტებას“ განასახიერებდა.

            დიახ, პოლიციელი „სიკეთეს“ განასახიერებდა, მაგრამ იმ წუთას ის უძლური იყო. ვაკვირდებოდი ამ შეჯიბრებას მეტრებსა და სანტიმეტრებს შორის და ისე მოხდა, რომ გაფაციცებულმა ყურადღებამ დროის დინება შეანელა – დრო შენელდა სწორედ მაშინ, როდესაც მათ ერთმანეთი შეამჩნიეს: „კეთილმა“ პოლიციელმა დაინახა, რომ „ბოროტი“ მაწანწალა აკრძალულ ზონაში შარდავდა, ხოლო „ბოროტების“ განმასახიერებელმა მაწანწალამ დაინახა, რომ, მისდა საუბედუროდ, „კეთილმა“ პოლიციელმა შეამჩნია ის. მათ შორის სულ ათი მეტრი იყო. პოლიციელმა ხელი სტაცა თავის კეტს და სანამ დაიძვრებოდა, წამით გაშეშდა, დაიძაბა, თითქოს ნახტომისთვის მოემზადა, ალბათ, გაიფიქრა, იქნებ, იმ ათ მეტრზე გადავხტეო, ხოლო ამავე ათი მეტრით დაცული მაწანწალა უმწეოდ კანკალებდა. ეს სურათი მეხსიერებაში ჩამრჩა და იქ რჩებოდა დღევანდელ დღემდე. მეფიქრებოდა იმ წუთზე, როდესაც გააფთრებული პოლიციელი ხელკეტის ქნევით გაიქცეოდა მაწანწალას დასაპატიმრებლად, ესე იგი, „სიკეთე“ გაიქცეოდა „ბოროტებისკენ“, რომელიც მაწანწალას სახით მოგვევლინა, და ამდენად, უბრალოდ, „ბოროტებას“ კი არ განასახიერებდა, არამედ – განზრახული საქციელის გამო, თვით „ბოროტება“ იყო. ამ სურათში დღესაც კი ვხედავ იმას, ვინც მიისწრაფვის შორეული ბაქნისკენ და სწრაფად გადალახავს მეტრებს, ხოლო ჩვენს მხარეს ვხედავ აკვნესებულ, აკანკალებულ, უმწეო და ტკივილისგან თითქმის დამბლადაცემულ მაწანწალას, რადგან ვინ იცის, რამდენი წვეთი შარდი დარჩა მის სხეულში, რომელიც თითო-თითო სანტიმეტრით მიიწევდა წინ – და ვხედავ, რომ ამ შეჯიბრების დროს „სიკეთე“

სულ ათი მეტრის გამო,

ვერასოდეს დაიჭერს „ბოროტებას“, რადგან ამ ათი მეტრის გადალახვა შეუძლებელია, და, როდესაც მატარებელი გრუხუნით შემოვიდა სადგურში, პოლიციელს მაწანწალა კიდეც რომ დაეჭირა, ჩემს თვალში ის ათი მეტრი მარადიულ და გადაულახავ მანძილად დარჩებოდა, რადგან „სიკეთე“ ვერასოდეს დაიჭერს აკანკალებულ „ბოროტებას“, რადგან „სიკეთესა“ და „ბოროტებას“ შორის არავითარი იმედი არ არსებობს, არავითარი. მატარებელმა რულებენისკენ წამიყვანა და ვერაფრით დავივიწყე მაწანწალას კანკალი და პოლიციელის ხელკეტის ქნევა. უეცრად თავში გამიელვა: როდის ამბოხდებიან ეს მაწანწალა და ეს პარიები, და როგორი იქნება ეს ამბოხი? შესაძლოა, ეს იქნება სისხლისმღვრელი, ულმობელი ამბოხი, შესაძლოა, თავზარდამცემიც, რადგან ყოველთვის ასეა, როდესაც ერთი ადამიანი კლავს მეორეს – ვცდილობ, არ ვიფიქრო ამაზე, რადგან ამბოხი, რომელზეც ვფიქრობ, სხვაგვარი იქნება, ეს იქნება ყოვლისმომცველი ამბოხი.

            ქალბატონებო და ბატონებო, ყოველი ამბოხი ყოვლისმომცველია, და ახლა, როდესაც თქვენ წინ ვდგავარ და სულ უფრო ნელა დავაბიჯებ ჩემს კოშკში, კვლავ მახსენდება ის მგზავრობა მეტროთი რულებენისკენ. ერთი განათებული სადგური მეორეს ენაცვლება და არც ერთ მათგანში არ გამოვდივარ ვაგონიდან, მას შემდეგ იმ მეტროთი ვმგზავრობ გვირაბში, რადგან არსადაა გაჩერება, სადაც გასვლას შევძლებ. უბრალოდ, ვუყურებ, როგორ ენაცვლება ერთმანეთს სადგურები, და ვგრძნობ, რომ ყოველივე ეს გავიაზრე და ვთქვი ყველაფერი, რასაც ვფიქრობ ამბოხზე, ადამიანის ღირსებაზე, ანგელოზებზე და, შესაძლოა, ყველაფერზე – იმედზეც კი.

© არილი

Facebook Comments Box