ლაშა მილორავა, „ბაბუა ბუკოვსკი“, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2013.
ჩარლზ ბუკოვსკი არასდროს აღმაფრთოვანებდა არც ბიოგრაფიით და არც პროზით, მით უმეტეს, მისი ერთნაირი ფანებისა და გადამწერების გაგება მიჭირდა ყოველთვის და, ალბათ, სწორედ ამიტომ შევუდექი „ბაბუა ბუკოვსკის“ კითხვას სკეპტიკური განწყობით, თუმცა როცა აღმოვაჩინე, რომ სათაური წიგნთან არაფერ შუაშია, შვებით ამოვისუნთქე.
„ბაბუა ბუკოვსკი“ ძალიან ახალგაზრდა ქართველი ავტორის, ლაშა მილორავას სადებიუტო მცირე რომანია. ასაკს სპეციალურად გავუსვი ხაზი – პირველი რამდენიმე თავის კითხვისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი საკუთარი თავის გაპერსონაჟებით მოჭარბებულად ერთობა და სიუჟეტი განზე რჩება. სრული უძრაობაა, არადა მცირე რომანის წერისას ავტორს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნახევარი წიგნი მიუძღვნას დიალოგს, რომელიც არაფერში სჭირდება, პერსონაჟებს, რომლებსაც არაფერში იყენებს და უბრალოდ გარემოსა და სამოქმედო არეალის შექმნას დაახარჯოს დრო და ენერგია. გაგიკვირდებათ და მთავარი გმირის ბაბუა, რომელიც ბუკოვსკის მხოლოდ გარეგნულად ჰგავს, არაფერ შუაში არ არის სიუჟეტთან (გარდა მთავარ გმირთან გენეტიკური კავშირისა) და გაუგებარია, რატომ ჰქვია მაინცდამაინც მისი სახელი წიგნს, ალბათ, ქართველი ბუკოვსკოჰოლიკების გულის მოსაგებად.
„ბაბუა ბუკოვსკისა“ რა გითხრათ და, სიტყვაზე, „შვილიშვილი კოლფილდი“ უფრო შეეფერება ნაწარმოებს სათაურად, ვისზე ნაკლები ფანი ჰყავს ჰოლდენს ბოლო–ბოლო? თუ ამაზე მიდგა საქმე. მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ მთავარი გმირი ნიკა ვერშემდგარი ჰოლდენ კოლფილდია, მისი ქართული ნახევარფაბრიკატი, ერთგვარი ჰოლდენა კოლფილდაძე. აღსანიშნავია მისი სამეტყველო ენა. თითქოს სერ ენტონის (ან თუნდაც იმავე სელინჯერის, მაგრამ კითხვისას სელინჯერზე მეტად ბერჯესი მახსენდებოდა) მსგავსად ლაშაც ცდილობს შექმნას რაღაც მუტანტი სლენგი, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებლად მთავრდება და მკითხველს ხელში რჩება მთავარი გმირის გამაღიზიანებლად არაბუნებრივი ქართულ-ინგლისური სლენგი, holy pants of david bowie!
მთავარ გმირს რომ თავი დავანებოთ, თავად ავტორის თხრობის მანერაც ვერ გამოირჩევა დიდი დახვეწილობით. ეს პატარა წიგნი გაძეძგილია უამრავი უადგილო სტილური ნიუანსით, ასე მაგალითად:
„ნიკა ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, მაიკლ სტალბერგს რომ ჰგვანან, ანუ მათი შინაგანი სამყაროს სახეზე ამოკითხვა შეუძლებელია“;
„იმ მომენტში ნიკას ალბათ მხოლოდ ლუდვიგ ბორხარდტი გაუგებდა“;
„მძღოლი საოცრად გავდა ხავიერ ბარდემს“;
„აბა რა კერუაკობა აგიტყდა“ (ეს ბოლო განსაკუთრებით ამოვარდნილია და საერთოდ არ ერგება ნიკას მამის ტიპაჟს).
როგორც ზემოთ მოყვანილი ფრაზებიდან ან სულაც სათაურიდანაც მიხვდით, წიგნი დახუნძლულია უამრავი ავტორის გვარ-სახელით, სხვადასხვა წიგნებით და ავტორიტეტებით. მქონდა იმედი, რომ ბოლოში ავტორი თავადვე იცინებდა ამ მოჭარბებულ „ფუყე ინტელექტუალიზმზე“, მაგრამ რახან ეს არ გაუკეთებია და თურმე სრულიად სერიოზულად ყოფილა დაკავებული ავტორიტეტების ხსენებით მთელს წიგნში, დავასკვენი, რომ ლაშას ეს დომხალი საკუთარი ხმის გამაძლიერებლად დასჭირდა, ეს კი ნაკლებ გამბედაობას ნიშნავს, ნაკლები გამბედაობა კი ძალიან ახალგაზრდა მწერლისთვის ყველაზე არასასურველი რამაა, თუმცა გამოსწორებადი.
უნდა აღვნიშნოთ, რომ იმედისმომცემია სიუჟეტური წყობა (მიუხედავად საწყისი უძრაობისა), ინტრიგის დატოვება და ყველაფერი, კვანძის გახსნის გარდა. მართალია, წიგნში ნაპოვნი ბოდლერის სტროფები ლოგიკურად ვერაა დაკავშირებული შემდეგ ნაპოვნ მინიშნებასთან და ამ ყველაფერს უჩვეულო შემთხვევითობის იერი დაჰკრავს (არადა კარგი იქნებოდა, რომ საპირისპიროდ ყოფილიყო), მაგრამ მაინც: ავტორი ითრევს მკითხველს თამაშში (ერთადერთი ესაა, რაც კითხვის მოტივაციას ბოლო გვერდამდე არ გიქრობს და ეს კარგია) და უჩენს ფინალის ინტერესს. ფინალში, სამწუხაროდ, დიდი არაფერი ხდება, ჰოლდენა პოულობს მონათესავე სულს, უყვარდება და არის ბედნიერი. Aლაგ-ალაგ წიგნის „ამერიკულ“ ესთეტიკას მსგავსი ფინალი (და ეპილოგი მით უმეტეს) კიდევ უფრო „აამერიკულებს“, შედეგად კი ვიღებთ ჰოლდენა კოლფილდაძის love story-ს happy end–ით.
და მაინც: მიუხედავად ყველაფრისა, ავტორის ასაკი, ახალგაზრდული შემართება და ნიჭი მე პირადად მაძლევს იმედს, რომ მომდევნო ნაწარმოებებში ის შეძლებს საკუთარი ხმით დამაჯერებლად (თუნდაც დაუხვეწავად, მერე რა) საუბარს და თავს დაანებებს ავტორიტეტების ხელოვნურ საბგერ იოგებს.
© “არილი”