გარე ვაჭრობის შესახებ დღეს ბევრს ლაპარაკობენ. განსაკუთრებით წიგნით მოვაჭრეებსა და მათ გულშემატკივრებს აფორიაქებთ ადგილის შეცვლა. ეს ალბათ ბუნებრივიცაა _ ადამიანები ბუნებით კონსერვატორები არიან და ყოველგვარ სიახლეს ეჭვიანად უყურებენ, ფრთხილობენ, აშინებთ გაურკვევლობა. თუმცა, ამ შემთხვევაში, წიგნის მოვაჭრეების მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახიფათო. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს ქალაქში საერთოდ არსებობს პარკებსა და ბაღებში ვაჭრობის ტრადიცია. წლების წინ, ჯერ კიდევ “პერესტროიკის” დროს, ბუკინისტები ვერის პარკში იდგნენ, მერე, 90-იან წლებში, მშრალ ხიდთან გადაინაცვლეს, სწორედ იქ, სადაც დღეს სთავაზობენ წიგნების გაყიდვას. ოღონდ მაშინ არც პარკები იყო კეთილმოწყობილი, არც სტელაჟები ჰქონდათ და არც ძელსკამები, გამყიდველებს მიწაზე გაშლილ ცელოფნებზე ელაგათ წიგნები. ბაღი ყოველთვის სავსე იყო ხალხით. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ დღეს წიგნით მოვაჭრეებს აშინებთ, დედაენის ბაღში მყიდველი მოგვაკლდებაო. რასაკვირველია, რუსთაველსა და კოსტავას ქუჩაზე გაცილებით მეტი გამვლელია, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ _ მათგან რამდენია წიგნის მყიდველი? ბუკინისტებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, რომ წიგნის მოყვარულები განსხვავებული ადამიანები არიან. ისინი დაუზარლად დადიან ყველგან, სადაც წიგნი ეგულებათ. თან არა მგონია, ორბელიანთუბანი _ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძველი უბანი _ წიგნით ვაჭრობისთვის ცუდი იყოს. თუკი ბუკინისტები ქალაქის ცენტრში, დედაენის ძეგლის გარშემო მოიყრიან თავს, ესეც ხომ სიმბოლური იქნება. ზოგი იმასაც ამბობს, სანაპიროზე ქარია და ნესტიო. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბუკინისტები, მოგეხსენებათ, სენის ნაპირას ვაჭრობენ და არა მგონია, კლიმატური პირობები იქ ვინმეს ხელს უშლიდეს მუშაობაში. მინდა, ყველას ვუთხრა, ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული _ ჩაბრძანდნენ დედაენის ბაღში და ნახონ, რას სთავაზობს ქალაქის ხელისუფლება წიგნით მოვაჭრეებს. ნახონ დაჩრდილულ, ქვით მოკირწყლულ, ძალიან ლამაზ სანაპიროზე ჩამწკრივებული სტელაჟები და ძელსკამები, და მე მგონი, დამეთანხმებიან, რომ აქ გაცილებით უკეთესი პირობებია შექმნილი ბუკინისტებისთვისაც და წიგნის მყიდველებისთვისაც. დროთა განმავლობაში აქაურობა იქცევა ერთგვარ ცენტრად ხელოვნების მოყვარულთათვის. როგორც ვიცი, მერიას ადგილის რეკლამირებაც აქვს დაგეგმილი ადამიანების მოსაზიდად. მოდი, კიდევ ერთხელ გავიაროთ დედაენის ბაღში, დავრწმუნდეთ, რომ ბუკინისტებისთვის შეთავაზებული ადგილი კარგია და ნუ შეგვეშინდება სიახლის!
© liberali.ge
Facebook Comments Box