ესე,  კრიტიკა

მერე რა, თუ ყველა ვერ იყიდის

თათია კობიძე

”რა შეიძლება შეიძინოთ ორმოცდაათ თეთრად?” არაფერი ღირებული გახსენდებათ? მე კი შემიძლია ის წიგნები ჩამოგითვალოთ, რომლებიც ორმოცდაათ თეთრად ბუკინისტებთან მაქვს ნაყიდი. უოლტერ სკოტის ”აივენჰო”, ირაკლი კოსტავას ლექსების კრებული, გალაკტიონის ორი ტომი (თითო ოცდახუთ თეთრად)… კიდევ ბევრი წიგნის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც თითქმის უფასოდ მაქვს ბუკინისტებისგან ნაყიდი.
თბილისში დაბრუნებულს ახალი ამბავი დამხვდა. სიახლეები ჩვენი დედაქალაქისთვის დიდი ხანია უცხო აღარაა, ამჯერად ქალაქიდან წიგნები გაქრა. დიახ, გაქრა. გაქრა მათთვის, ვისაც ნამდვილად უყვარდა კითხვა.
თბილისის თითქმის ყველა ქუჩაზე შეგეძლოთ ბუკინისტების ნახვა და ”სტელაჟებზე” გამოფენილი ფილოსოფიური, ისტორიული, სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურის იშვიათი გამოცემების ყიდვა ან უბრალოდ დათვალიერება მაინც. საკუთარი ბიბლიოთეკისთვის შეძენილ თუ ნაჩუქარ წიგნებს ბუკინისტები ”უბრალო მოკვდავებისთვის” ხელმისაწვდომ ფასად ყიდდნენ. ”უბრალო მოკვდავები” ტყუილად არ მიხსენებია იმიტომ, რომ საშუალო ფენის ადამიანისთვის წიგნის მაღაზიების სტუმრობა ფუფუნების ტოლფასია. ამაში დიდი ხნის წინ დავრწმუნდი, როდესაც სასურველი წიგნების ფასების გაგებით იმედგაცრუებული რამდენჯერმე ხელცარიელი გამოვბრუნდი უკან. ე.წ. ლიტერატურულ კაფეებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს. იქ ჯერ გეკითხებიან რას შეუკვეთავთ, შემდეგ კი გაღიზიანებული ხმით გაფრთხილებენ, რომ თაროდან წიგნის აღება და წაკითხვა აკრძალულია. ”ჭამე, იყიდე, წადი!”
ბუკინისტების ”აყრის” შემდეგ კიდევ ერთხელ მივიაკითხე წიგნის მაღაზიებს. ამჯერად მხოლოდ ფასების გასაგებად. აღმოჩნდა, რომ ყველაზე იაფი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული საბავშვო წიგნი, სამი ლარი ღირს. წიგნში შეგიძლიათ ამოიკითხოთ: რა ფერისაა თვითმფრინავის საწვავი ან რა ჰქვია მას, ვინც თვითმფრინავს მართავს. სამ ლარად მეტს არ უნდა ელოდო. აქვე იყო შედარებით იაფიანი, ხუთ-ექვს ლარიანი წიგნებიც (ძირითადად ბროშურები), მაგრამ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ, ავტორებს რომ არ ვაწყენინოთ. ასეთ წიგნებს, როგორც წესი, ოჯახის ახლობლები ყიდულობენ ხოლმე. მოკლედ, თუ წიგნის ყიდვას გადაწყვეტთ სულ მცირე ათი ლარის დახარჯვა მაინც მოგიწევთ.
და მაინც, რატომ ”აყარეს” ბუკინისტები? ისინიც გარემოვაჭრეები არიანო.
გარემოვაჭრეების ”აყრის” მნიშვნელოვანი მიზეზები ის იყო, რომ ქალაქს აბინძურებენ, მოძრაობას აფერხებენ და ჯანმრთელობისთვის საშიშ, მალფუჭებად პროდუქს ყიდიანო. რატომ იყო, მაგალითად, კოსტავას ქუჩაზე, მიწისქვეშა გადასასვლელის კიბის კუთხეში მდგომი პროფესიით ფილოსოფოსი გოგი გარემოვაჭრე. წიგნებით აბინძურებდა გარემოს?როგორც ჩანს, ვიღაცამ ”სულიერი საზრდო” პირდაპირ მნიშვნელობით გაიგო და საკვებს დაუკავშირა? ანდaრატომ იყო მიწისქვეშა გადასასვლელების ფილებზე დაწყობილი წიგნები ვიღაცისთვის არაესთეტიკური შესახედი, მე პირადად, ვერ ვხვდები.
ამ მოვლენამ იმელის შენობაში არსებული ბიბლიოთეკა გამახსენა. იმდროინდელმაკულტურის მინისტრმა ბიოლის ფონდში შეხვედრაზე მისულ ჟურნალისტებს ხუმრობით გვითხრა: ”რა ხართ ეს ჟურნალისტები! ყველაფრისგან პრობლემას ქმნით, ხომ გადავიტანეთ ის წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაშიო.”თუმცა გადატანამდე ათასობით ეგზემპლარი, რომელთა სრული სია არც კი არსებობდა, სახურავახდილი შენობის დერეფნებში, სარდაფსა და კიბეებზე სამშენებლო ნაგვის გვერდით გდებისგან რომ გაფუჭდა და დაიკარგა იმაზე აღარაფერი უთქვამს. ის არ იყო პრობლემა. ჰოდა, არც ქალაქიდან წიგნების გაქრობა იქნება დიდი პრობლემა. წიგნის მაღაზიები ხომ არსებობს და მერე რა, თუ ყველა ვერ იყიდის.

facebook.com

Facebook Comments Box