1990-იანი წლები ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდია და შესაბამისად რთული მხატვრული ფორმებით გადმოსაცემად. ეპოქალური ცვლილებების, ე.წ გარდამავალი პერიოდის გავრცობის ველში ჩვენ მარტო არ ვიყავით, მსგავსი პროცესები სხვადასხვა სპეციფიკური მახასიათებლებით მთელ ყოფილ სოციალისტურ სივრცეს ეხებოდა და ზოგჯერ ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ გეოგრაფიულ წერტილებში სრულიად იდენტური ამბებიც ხდებოდა. უშუალოდ იმ დროში რთული იყო იმის რაციონალურად გააზრება, სად ვიმყოფებოდით, თუმცა არტისტული აქტივობები დაშლილი სისტემის ყოფილ ცენტრებში მაინც მიმდინარეობდა და ზოგჯერ პარადოქსულად აქტიურადაც კი გამოიყურებოდა მძიმე სოციალური ფონის პირობებში. ეს არის დრო, როცა პოსტსაბჭოთა სივრცის ხელოვანების უმეტესობა მიმართავს პერფორმანსის, აქციის ფორმატს და ამ ყველაფრის დოკუმენტად ქცევას ცდილობს სხვადასხვა მედიუმის საშუალებით. ვიზუალური ხელოვნების სივრცეში მთავარი თემა გახდა დოკუმენტაცია, – თეორეტიკოსები აღნიშნავენ, რომ „ბოლო საბჭოთა თაობის“ (ტერმინის ავტორია ალექსეი იურჩაკი) მხატვრებს სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა თვალყური ედევნებინათ მიმდინარე მოვლენების ინტენსიური ნაკადისთვის და თანამონაწილეობის გარეშე, დისტანციიდან დაეფიქსირებინათ მათ თვალწინ გათამაშებული დრამა. ქართული პრეცედენტებიდან ცნობილი მაგალითია კოკა რამიშვილის „ომი ჩემი ფანჯრიდან“ (1992) – თბილისის ომისას მხატვრის ბინის ფანჯრიდან ერთ ადგილას დამონტაჟებული კამერით გადაღებული ფოტოსერია; ან გურამ წიბახაშვილის სერია „ულისე,“ – ე.წ. სნეპშოთების კოლექცია, იმ პერიოდის ერთგვარი ვიზუალური ქრონიკა. ეს სავსებით ბუნებრივი იყო, რადგან უშუალოდ პროცესში მყოფთათვის ძალიან რთული მოსაძებნია მხატვრული კომენტარის რეფლექსიური ფორმა არსებულ რეალობაზე, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადად თანამედროვე ხელოვნების და უახლესი პრაქტიკების შემოსვლა-გაზიარებას დიდი წინააღმდეგობები ახლდა თან.
ორი ათეული წლის შემდეგ უკვე არსებობს გაცნობიერებული გამოცდილებების ისტორია და ინტერესიც გაჩნდა კრიზისული წლების უკვე დროითი დისტანციიდან დასანახად. თითქმის ერთმანეთის მიყოლებით მოეწყო გამოფენები 1980 თუ 1990-იანების თემებზე, რომელთაც შესაძლოა სრულად ვერ აჩვენეს ხსენებული პერიოდებისა და მათში მოქმედი არტისტული ენერგიის გადაკვეთის მომენტები, მაგრამ უახლესი ისტორიის გააზრების გზაზე მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს. „ისტორია – კონსტრუქციის საგანია, რომლის ადგილიც ცარიელი და ჰომოგენური დრო კი არ არის, არამედ „აქტუალური აწმყოთი“ სავსე დრო,“ – წერს ვალტერ ბენიამინი წერილში „ისტორიის ცნების შესახებ“. ამ გაგებით აქტუალური აწმყოს რესტავრაცია მოხდა ვახო ბუღაძის ფერწერულ სერიაში – „იპოდრომი“. გამოსახულებებში არაფერია ნათქვამი იმ დროის ისტორიულ ფაქტებზე, ენერგეტიკულ კრიზისსა და ომზე, – აქ პერსონალური ისტორია ვითარდება, დაკავშირებული კონკრეტულ ეპიზოდთან ცხენებით დაინტერესებული სამეგობროს ცხოვრებიდან. ეს „ნამდვილი ამბავი“ იმაში მდგომარეობს, რომ მათ ჩრდილოეთ კავკასიიდან ცხენები თბილისში ჩამოიყვანეს და ამ ინიციატივამ თბილისის იპოდრომის ცხოვრება შეცვალა, გაიზარდა თითქმის მოძრაობად ქცეული ცხენოსნობის მოყვარულთა წრე.
თავლა, მის ირგვლივ გავრცობილი ურთიერთობები და ამ ყველაფერთან დაკავშირებული მოგონებები მრავალი წლის შემდეგ იქცა ვახო ბუღაძის ფერწერული სერიის ინსპირაციად, უფრო ზუსტად კი გამოცდილების გააზრება დასრულდა იმ ენით, რომლითაც მხატვრობა მეტყველებს. სერიით გადმოცემულ მიკროსამყაროს, რომელიც თავისი სრული ცხოვრებით ცხოვრობს და საკუთარი შიდა კანონზომიერებები აქვს, ირიბი მინიშნებებით მოაქვს იმ პერიოდის სახასიათო ატმოსფერო, რასაც პოეტურად „დროის სულს“ უწოდებენ. ვახო ბუღაძის მხატვრული სტილი, რომელიც რთულად განსასაზღვრია იმ მიზეზით, რომ აბსტრაქციისა და ფიგურატიულობის ძალიან სპეციფიკურ ნაზავს წარმოადგენს და მუდმივად საზღვრის წინ მდგომის განცდას უტოვებს მაყურებელს, თითქმის ყოველთვის თანაბარი ძალის ექსპრესიულობით განისაზღვრება და „იპოდრომის“ შემთხვევაში განსაკუთრებული დრამატულობა ახასიათებს. სერიის თითოეული კომპოზიციის ცალკეული ელემენტების ურთიერთქმედებები და შიდა კავშირები იმ ენერგიის მაორგანიზებელია, რომელიც პერიოდულად სტიქიური კატასტროფების ფატალურობასა და გარდუვალობის განცდას ატარებენ. ვახო ბუღაძე ხშირად მუშაობს ცხოველებისა თუ ფრინველების სხეულების პლასტიურობის ეფექტურ მომენტებზე, ზოგადად სხეულის ბუნება მისი ინტერესის მუდმივი საგანია. ამ სერიაში კი მხედრის თემას ცხენებისა და მათი მხედრების სხეულების ურთიერთობის თავისებური ენით აჩვენებს. ეს ერთგვარი „კენტავრები“ ზოგან ცხენოსანი სკულპტურების მოდელს იმეორებენ და ისტორიულ მეხსიერებას ეხებიან ცხენოსანი ძეგლების კონცეფტის ციტირებით, რაც ლიდერისა თუ წინამძღოლის, ძალაუფლების მატარებლის სიმბოლურ-იკონური სქემაა.
ნამუშევარში ”მუზეუმი“, სადაც ფრესკის იმიტაცია ცხენების სხეულების დინამიკურ ფრაგმენტებს აჩვენებს, ანტიკური მითოლოგიის მოტივი, მარმარილოს ფაქტურის ღვთაებრივი ძალის ფრთოსანი ცხენების ანტიკური გამოსახულებების ფსევდონაშთებად იქცევა სრულიად კონტრასტულ ნეიტრალურ ფონზე, კედლის ფაქტურითა და ფართო მონასმებიანი ღრუბლებისმაგვარი ლაქა-სილუეტებით. ცხენებისა და ადამიანების ურთიერთობა აქ აგრძელებს ვახო ბუღაძის მხატვრობის ერთ-ერთ მთავარ თემას, სადაც ცხოველები ერთგვარ გამოცანად რჩებიან ადამიანების სამყაროში მათთან ურთიერთობის განსაკუთრებული გამოცდილებით, როცა ისინი უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს ან უბრალოდ ერთ სივრცეში თანაარსებობენ. ამ სერიაში კლასიკური-მითოლოგიური თემები თავიანთი ეპოქებიანად წარსულის ფაქტებად არსებობენ და ამავდროულად ამ მოდელების დეკონსტრუირების პროცესს აჩვენებენ თანამედროვე კულტურის პირობებში. ტილო „თბილისის იპოდრომი“ ამ ამბივალენტურობას ცხენოსანი მხედრის ტრანსფორმაციით აჩვენებს, ის პოსტამენტზე რეპრეზენტატულად, შუა საუკუნეების კონდოტიერივით დგას, მისი აღქმაც ტრადიციულად პოსტამენტზე მდგარი სკულპტურის მსგავსად იწყება, ქვედა რაკურსით, ზემოთკენ კი თანდათანობით ექსპრესიული ფერწერით იტვირთება და უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. სხეულებს, უფრო სწორად კი მატერიის განზოგადებულად შეგრძნება-გააზრებას კონტრასტული და უფრო პოპარტისტული ფონების ერთგვარად „ბანალური“ ჩანართები გამოკვეთს. ამ ფონების მოტივი – ღობის, შპალერის, თავლის გისოსების ვერტიკალური ზოლები სრულიად არ გამოიყურება ვულგარულად და ტილოებზე განვითარებულ ფორმებს ერთგვარ ინტიმურობას აძლევს, ნამუშევრის ძლიერ ექსპრესიას დახვეწილად ამსუბუქებს. მსგავსი ხასიათის სინთეზური ექსპერიმენტია ნამუშევარში, სადაც ყალყზე შემდგარ ცხენზე ამხედრებული ფიგურის მონუმენტური სილუეტი ლურჯი ფერით სრულიად კონტრასტულ გამოსახულებას ქმნის (საკმაოდ ორიგინალური თამაში იმპერიული სკულპტურისა და მოდერნისტული ფერწერის სინთეზით) და მონოტონურად განლაგებული თეთრი წერტილებიანი „ბადით“ გადაფარვისას განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება.
ეს კონტრასტი – ერთდროულად ძალიან ბრუტალური და ამავე დროს დახვეწილად მგრძნობიარე – განსაზღვრავს ვახო ბუღაძის ნამუშევრებით მიღებულ ეფექტს. ემოციურ მუხტს აქცენტების მონაცვლეობა განსაზღვრავს სხვადასხვა ტილოებზე, – ზოგან ფიგურატიული მოტივი დომინირებს, ზოგან კი – აბსტრაქტული. ნამუშევარი „მეჯინიბის ოთახი“ პრივატული სივრცის, საკუთარი სამყაროს რღვევის სურათს დრამატული ქაოსით გამოხატავს. დრამატიზმი ყველაზე მეტად გამძაფრებულია ღვინისფერ-შავ ზოლებიან ფონზე გამოსახული სხეულის ფრაგმენტით. სერიის სხვა ნამუშევრების მსგავსად შერეული ტექნიკით შესრულებული „გალუბკა“ თავისი ფერწერული ტექნიკითა და ხორცი-მატერიის ფაქტურის სიღრმისეული განცდით ფრენსის ბეკონის ფერწერის ასოციაციებს გაგიჩენთ, რომლის კოლორიტსაც „საყასბოს“ ინტერიერს ამსგავსებდნენ. თუმცა „იპოდრომის“ დრამატურგიული სქემა მხოლოდ დაძაბული სხეულებისა და მხედრების ნაგულისხმები ბიოგრაფიებით არ არის აგებული. ასევე ძლიერი ემოციური მუხტისაა „ტრიბუნა“, – მუქი, ხისა და მიწის ფერების ფაქტურული ფერწერით ნაჩვენები იპოდრომის ტრიბუნის ნაწილი და კიდევ უფრო ექსპრესიული „რბოლა“, – ასევე ტრიბუნების ფონზე გაფანტული სქელი, ნაღვენთებიანი მონასმებით გამოსახული შავი ცხენებისა და ყვითელი მხედრების პლასტიური, „დამდნარი“ სილუეტებით. აბსტრაქტულის, ფიგურატიულისა და რედიმეიდის სინთეზური ვარიაციების დახვეწილი და განსაკუთრებით ორიგინალური ვერსიაა „დერბი“ – აქ მონოქრომული აბსტრაქციებისათვის სახასიათო გეომეტრიული მინიმალიზმი სიურრეალისტური ეფექტით უერთდება ფიგურატიულ დეტალს. მუქ ნაცრისფერ ფონზე იგივე ფორმატის ვარდისფერი დეკორატიული ფაქტურული ჩანართი კვლავ ზოლებიანი მოტივისაა, რომელიც მუქ ფონზე დადებულ კონტრასტულ ზედაპირად აღიქმება და ფერების მეტყველებისა და ურთიერთობის მედიტაციური ჭვრეტის განზომილებაში შევყავართ, თანაც ამავე დროს სურათის ტრანსფორმაციის მოწმეობაც გვიწევს. ის მონოქრომულ-აბსტრაქტული გამოსახულებიდან რეალისტურ კომპოზიციაში გადადის, სადაც ძალიან მაღალი ვარდისფერი „პოსტამენტია“, რომლის ზემოთ მასზე მდგარი ცხენის ფეხები ტილოს სივრცით განზომილებას ცვლის. ნამუშევარი ამ მხრივ ძალიან რთულია და მისი ღირებულებაც ზუსტად თავისი ავტონომიური დრო-სივრცითი კატეგორიის გამოკვეთილ ფლობაშია. მასში მოგზაურობთ და იმ ცვლილების თანაგანცდაში ხართ, რომელიც სურათში ხდება. სერიის ტრაგიკული ქვეტექსტების (მხედართა ნაწილი ქვეყნის კონფლიქტური ისტორიის მსხვერპლთა რიცხვში აღმოჩნდა) პარალელურად ძლიერია სიცოცხლის პულსაცია, განსაკუთრებით ეროტიულ მოტივებსა („მეჯინიბის საყვარელი“, „კვირადღე“) თუ ახალდაბადებული კვიცის გამოსახულებაში („უფლისწულის დაბადება“). ექსპრესია განსაკუთრებით ინტენსიურია ამ ნამუშევრებში, გამოხატული კვლავ სხეულების პლასტიკითა და ენერგიული მონასმებით.
სერია „იპოდრომი“ საქართველოს ეროვნული გალერეის დარბაზში 2013 წლის გაზაფხულზე გამოიფინა პროექტის ფარგლებში, რომლის სათაურიც იყო “Victoria”. ის გალა გლერეის „გასვლითი“ გამოფენებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და ვახო ბუღაძის გარდა აქ ოლეგ ტიმჩენკოსა და უშანგი ხუმას ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. კურატორის, დედიკა ბულიას თქმით, ამ სამი განსხვავებული მხატვრის ერთ პროექტში გაერთიანება მხოლოდ იმ მიზეზით არ მოხდა, რომ ისინი თანამედროვე ქართული ფერწერის საუკეთესო მოქმედი წარმომადგენლები არიან, -მათ აერთიანებდათ ინტერესი ისტორიისა თუ ადამიანური დრამის მიმართ, რასაც განსხვავებული მხატვრული სტილებით გამოხატავენ. სათაური “Victoria” ოლეგ ტიმჩენკოს ერთი ნამუშევრის სათაურის მიხედვით შეირჩა, რომელიც ავტორის კომენტარით ომის აბსურდის თემას უკავშირდებოდა. ამის გარდა, თუ უშანგი ხუმას აბსტრაქტული ტორსების სერიასაც გავითვალისწინებთ, საბოლოოდ ძალიან ექსპრესიული და დრამატული ექსპოზიცია შედგა, რომლის ცენტრალურ ნაწილად ვახო ბუღაძის ეპიკური სერია იქცა, როგორც უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრული ინტერპრეტაცია.
ნახატი: ვახო ბუღაძე, უფლისწულის დაბადება; ტილო, შერეული ტექნიკა. 200×140. © გალა გალერეა
© “არილი”