ლექსო დორეული / ნიკოლოზ აგლაძე, კრიტიტაკა, თბ. საუნჯე, 2014
მას შემდეგ, რაც დედამიწაზე საძოვრები და მინდვრები რიგი დაუდგენელი მიზეზების გამო გადაშენდა, მათი ადგილი უდაბნოებმა დაიკავეს. ლიტდეპარტამენტისა და მწყემსთა პალატის გაერთიანებულმა კომიტეტმა სასაძოვრედ საფეხბურთო მოედნების გამოყენება და ხსენებული სპორტის გაუქმება გადაწყვიტა. მაგრამ ხელოვნური ბალახით უკმაყოფილო ვეგეტარიანელებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს და საზოგადოდ ცნობილ ფორმულაში დისბალანსი რომ შეეტანათ და პროტესტის რეზონანსულობა აემაღლებინათ, ბურთი თან წაიყოლეს.
ამიტომ მოედანს თავისი თავდაპირველი, კლასიკური ფუნქცია კი დაუბრუნდა, თუმცა არც ბურთი ჩანდა სადმე და არც მისი მკერავი. მოედანი გაივსო ამოუცნობი, გაურკვეველი და ბუნდოვანი ლიტერატურული წარსულის მქონე პირებით. გუნდებად, თუმცა როგორც ავი ენები ამბობენ, კლანებად დაყოფის პრინციპიც მეტად მისტიკურ და მიკერძოებულ ხასიათს ატარებდა. ამიტომ თამაში არც სანახაობრივი იყო და არც შედეგიანი. მოედანზე სრულმა ქაოსმა დაისადგურა და დაიწყო დიადი ბაზრის და მისი ქვეშევრდომების მართვის ხანა. თუმცა გულისგამაწვრილებლად ვაზვიადებ! ზემოხსენებულით შეძრწუნებულმა ცარიელმა ტრიბუნებმა ჯერ ასიმეტრიული ტალღები გააკეთეს, შემდგომ ამისა კი ერთხმად დაიგრგვინეს: მსაჯები! მსაჯები! მსაჯები!
და აი, როგორც მოწმენდილ ცხვირზე კეხი, გამოჩდნენ მოედნისკენ მომავალი წარსულში პოეტურ-კორუფციულ გარიგებაზე და შეიარაღებულ პუბლიცისტურ ყაჩაღობაზე არაერთგზის ნასამართლევი კანონიერი ფილოსოფოსი ლექსო დორეული და ლიტერატურულ-საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციული მუხლით დაჯარიმებული ნიკოლოზ აგლაძე. ახლა მათი დროა! ახლა ისინი დაგვაჯარიმებენ, დანიშნავენ კუთხურებს, პენალტებს და აუტებს! თუ საჭირო გახდა დამატებით დროსაც მოგვცემენ. და რაც ყველაზე მთავარია, გასცემენ ყვითელ და წითელ ბარათებს. ამიტომ კარს უკან წამოწოლილ მონებივრე მოთამაშეებს შესაძლოა სამუდამო დისკვალიფიკაციაც დაემუქროთ. თუმცა მათი თქმით და ჩემი ფაქტობრივი დადასტურებით, ძირითად აქცენტს სიმულიანტებზე გააკეთებენ, არჩათვლილ გოლებსაც აღადგნენ და თამაშგარედან გატანილს – გაანულებენ. „მსაჯი კი არა ზემსაჯი“ – გაიფიქრეს ფრიდრიხ ნიცშემ და ტარიელ ჭანტურიამ და წერა გააგრძელეს.
წარმოიდგინეთ, გასახდელისკენ მიმავალი თავჩაქინდრული, ან გაბრაზებულ-გაკვირვებული სახეები, რომლებიც პოეზიის თუ პროზის ატალახებულ, ოფლიან, ან სულაც გაპრიალებულ ფორმებს იხდიან და ტოვებენ გასახდელში. ისინი შიშვლები, დაჭმუჭნული გამაშებით დგანან და უყურებენ ჩამოკიდებულ ან მიგდებულ ფორმებს, რომლებსაც აღარასდროს ჩაიცვამენ. დიდო აფეთქებავ ჩემო, როგორი ეგზისტენციალური ტკივილით აღსავსე სურათია.
– ბურთი! ბურთი! – ხელში ბურთი უჭირავთ! – შენიშნა თუ არა ეს მზაკვარმა ლინგვისტური კონიუნქტურის თანაშემწემ, „სუდიაო-რაღაცაო!“ – ჩაიბურტყუნა თავისთვის, თუმცა ხმამაღლა წამოძახება ვერ გაბედა. იმიტომ კიარა, რომ საკუთარ სიმართლეში ეჭვი ეპარებოდა. არა, უბრალოდ ტრაკი არ ეყო! თამაში დაიწყო. გერბი თუ საფასური?
ვინაიდან წიგნი, რომელზეც ვსაუბრობთ, გასცდა ვიწრო პროფესიულ ჩარჩოებს, როგორც მინიმუმ ყდით და პოპკულტურის ტანსაცმელში გამოჭიმული მოგვევლინა, ლექსოს და ნიკას, როგორც კრიტიკოსების ტაქტიკისა და სტრატეგიების დასახასიათებლად, პოპკულტურიდან, კერძოდ კი კომიქსებიდან გამოვიხმობ სუპერგმირებს. ლექსო რორშახია – „Watchmen”-იდან, ნიკა კაპიტანი ამერიკა “Avengers”-იდან. ორივე სუპერგმირია. თუმცა რორშახში ორივე, პირობითი სიკეთის და ბოროტების საწყისები გამუდმებით მონაცვლეობენ. ის არ არის ცალსახად დადებითი სუპერგმირი და ზოგადსაკაცობრიო მოტივებიც ძირითადში ფეხებზე ჰკიდია; არამედ ბუნდოვანია, ირონიული, დროდადრო სასტიკი; ზოგჯერ თავადაც არ იცის ვინაა და მაყურებელიც დაბნეული ჰყავს თავისი მოულოდნელი ფანტაზიებით და რეინკარნაციებით. სწორედ ამითაა ქარიზმატული. თავის თავთან ბრძოლით და სასხვათაშორისო სიკეთით. ის მისი ნიღაბივით ცვალებადია, რომელიც არასდროსაა ერთნაირი. რორშახის ტესტის მიხედვით შექმნილ ნიღაბზე გამოსახული მელნის ლაქები ხასიათის შესაბამის მუდმივ მოძრაობაშია. სწორედ ეს მოძრავი ნიღაბია მისი ნამდვილი სახე. ნიკა – კაპიტანი ამერიკა კი ცალსახად კეთილია. იგი იდეალისტია, რომელსაც ურყევად სწამს კონსტიტუციის და მხოლოდ ფიქრისმიერი გაელვებით თუ შეიტანს მასში ეჭვს. დარწმუნებულია თავის იდეალებში და მაყურებელმაც უწყის ამის შესახებ. სუპერძალას არ ფლობს, მაგრამ სპეცეფექტებიც აქვს, სპეცილეთებიც და თავის საქმესაც აკეთებს, მაგრამ ზოგჯერ მონოტონურია, რადგან არ ახლავს მოულოდნელი, მკვეთრი შემობრუნებები და სიმძაფრე. მისი ქმედებები და რეაქციები პროგნოზირებადია და ყოველთვის ვიცით, რომ ბოლოს აუცილებლად გაიმარჯვებს. მაგრამ ნასროლი ფარის ტრაექტორია, რომელიც უკანვე უბრუნდება ბუმერანგივით, რათა თავიდან ისროლოს, მაინც ატარებს თავის პირველად ხიბლს, რადგან ყოველ ჯერზე მასშიცაა მცირე განსხვავებები და ეს განსხვავებები დარტყმის სიძლიერეშიც აისახება. ხანდახან კი თავის ძირითად, თავდაცვით ფუნქციას უბრუნდება.
„ცხოვრებამ მოიტანაო“ – გაიძახის რუხ კედელზე მიხატული კარიკატურის ანიმაციური ენა და ამ ბანალური თავდაცვითი ფრაზის საწინააღმდეგოდ ამხედრებული გაპიროვნებული ტრიბუნა ამაყად შეეპასუხა: „ბალახმა მოიტანაო!“ და მოედანზე ჯეჯილივით აბიბინებულ კანაფებზე მიუთითა. ოდისევსი და მეტაფორულად ნაგულისხმევი ახალგაზრდობა კი არსად ჩანდა. არც გაზონის საკრეჭი.
სამაგიეროდ ახალი ჯემპრით გულანთებული მავნე კრიტიკოსი აცხადებს, რომ ლექსო დორეულისა და ნიკა აგლაძის წიგნის პათოსი ერთგვარი ალუზიაა პოპულარული ფსევდოფსიქოლოგის დეილ კარნეგის წიგნის სათაურისა: „როგორ გავიჩინოთ მეგობრები და ვმართოთ ადამიანები“ – ანუ როგორ გავიჩინოთ მტრები და ვმართოთ ლიტერატურა. თუმცა კრიტიკოსის ეს პასაჟი ისეთივე პრიმიტიული, ნაძალადევი და სასაქონლე მოხმარებისაა, როგორც დეილ კარნეგი და მისი წიგნი. ცენზურამ დაგვიფაროს, არავინ უპირებს ლიტერატურას მართვას.
– კატორღა მათ! – თქვა ვიღაცამ. ხმას ვერ ვიხსენებ, ვინ. მოკლედ, კრიტი იკა, კრიტი აკა, წიგნის ბოლომდე ბედნიერად ცხვორობდნენ.
ავტორმა, პირადობის მიხედვით გიორგი ფირცხალაიშვილმა, ლექსო დორეულის კრიტიკული წერილების ინსპირაციით დაწერა წერილი, რომელიც ლიტერატურული გალაქტიკის ავტონომიური და სრულფულებიანი წევრია და არანაირად არ იმყოფება იმ წიგნის დაქვემდებარებაში, რომლის შესახებაც გიამბოთ. გთხოვთ, სეპარატისტული კომპლექსებისაგან თავი შეიკავოთ! ნებისმიერი დამთხვევა ნამდვილ პერსონაჟებთან არ არის შემთხვევითი, არამედ წარმოადგენს ავტორის ფანტაზიის ნაყოფს და მიუხედავად ამისა, მაინც არ არის შემთხვევითი.
© არილი