პოეზია (თარგმანი)

იოსიფ ბროდსკი – Fin de siècle

brodsky 7986

თარგმნა ბათუ დანელიამ

მალე მორჩება საუკუნე, ოღონდაც მანამ

მე დავმთავრდები – ამას ვამბობ ალღოთი განა! –

დადგა ყოფნაზე არყოფნისა გავლენის ხანა,

 

ანუ ნადირზე – მონადირის, სულგანაბულის,

ან – გულის კუნთის, ანდა – აგურის…

გვესმის თუ როგორ სტვენს მათრახი – სადღაც აქ არის,

 

გვახსენებს მათი მამის სახელს, ვუყვარდით ვისაც,

ხელზე გვიძერწავს მათ სახეებს… ვერაფერს ვიზამთ –

დღემდე რაც იყო ეს სამყარო, არაა ისა,

 

როცა სუფევდა მასში შიში, ფოქსტროტი, ჭაღი,

კომბინაცია და ტახტი და მარილი, ბაღი… –

ვინ იფიქრებდა, რომ წაშლიდა მათ დროის დაღი,

 

როგორც საშლელი ქაღალდიდან ფანქარის ძალას?!

არავინ! ყველა უარს ამბობს, არავინ მალავს.

დრომ კი ეს ქნა და გააკეთებს ამასვე ხვალაც…

 

უსაყვედურე, თუ ბიჭი ხარ! – მძლეობა ძუნწობს…

დღეს ყველგან ნახავ ანტენებს და ყმაწვილებს, კუნძებს

ხეების ნაცვლად… კაფეში კი, შესული უცებ,

 

თანამოღვაწეს ვერ შეხვდები, გასრესილს ბედით,

ვერც თავზე მაღლა მფრენ ანგელოზს, ზღვისფერი პლედით

და კოფთითა და ქვედატანით – რა გინდა მეტი!

 

არადა ხალხი ყველგანაა, აქაც და იქაც,

ხან ბრბოის ზღვად ჩანს, ხან – უგრძეს რიგად.

ტირანი უკვე აღარ ავობს – არ სძვრება სიქა…

 

არც წყალია და არც ღვინოა. მანქანაც უკვე

არ წარმოადგენს ფუფუნებას, მაგრამ გზებს უკეთ

ვერცრა ამტვერებს და სიჩქარეს მას მაინც ვუქებთ,

 

თუმც ყავარჯნებსაც გაუქმება მისგანვე ელით…

და ბავშვს ჰგონია, რომ რუხი მგელი

ქვეით პოლკზედაც ძლიერია და შიშის მგვრელი

 

და ხშირად უწევს ცხვირსახოცის მიდება თვალზე,

დაკავებული რომ აქვს ფოთლის ცქერით და სავსე

არის ცხელ კურცხლით, რაც უელავს ნამისა მსგავსი

 

და ითავისებს ფოთლის ხარვეზს, ზმნებს წარსულ დროში

და კიდევ ასო “Л“-ს და კიდევ რაღაცის მროშველ

არიას, გუგულს რომ აღმოხდა თავისი ხოშით…

 

დღეს ის არია უხეშია მეტადრე, ვიდრე

კავარადოსის იყო “თუნდაც მომკალ” და კიდევ

“მეტს ნუღარ დალევ”, და ხელი თითებს

 

უშვებს და ვხედავთ დაბლა მავალ ცარიელ გრაფინს,

მაგრამ კარებში ვერა ვხედავთ მღვდელსა და რაბინს,

ერას – კი, fin de siècle რომ რქმევია სხვაფრივ…

 

და ყველაფერი შავი არის მოდაში: წინდა,

პერანგი, კაბა, თეთრეულიც – მივდივართ წინ და

ამ ყველაფერს რომ მოდას წაგვრი ჩრდილად თუ ბინდად,

 

სახლს გაანათებს ოცდაათი ან მეტი ვატი,

მაგრამ პირიდან “ვივატისა”-სა მაგიერ, მნათის

დარად, დის “შევცდი”, რაკი გაქრნენ ლანდები მათი…

 

ახალი დრონი – მწუხარენი არიან, დიახ,

ხოლო ნივთები ვიტრინებში, რაღაც რომ ჰქვიათ,

იყოფიანო მათით მათზე, რომლებსაც, გვიან,

 

თქვენვე მოიხმართ, კიდევ მათზე, რომლებსაც შეშლილ

თქვენსავ საკუთარ ბინდში თუ ბნელში

უტოლებთ კაცთა მოდგმის ნატვრას და გული გერჩით…

 

და, არსებითად, მისგან სხვას არც ელოდეთ უნდა –

უსულობაზე, ანონიმურ რამეზეც თუნდა,

რასაც ზოგისთვის იყენებს ხუნდად…

 

ეს, სამწუხაროდ, არის ჯამი, დიახაც, ჯამი

გამრავლებისა, რასაც არ აქვს სათავედ ფა-მი

აღმოსავლეთის და შარვალის, არამედ – ჩქამი

 

ელექტრობისა. საუკუნე მთავრდება. რბოლა

დროისა ითხოვს დიდ მსხვერპლსა და ნანგრევთა კოლაჟს,

დროს აღარც კაცთა მოდგმა აწყობს – არა თვლის ტოლად.

 

დროს უნდა მივცეთ ყველაფერი: გრძნობები, აზრი,

მოგონებანი, ხოლო მადა, ცრემლ-სისხლით დასვრილ

დროს არ აკლია. მე არ ვჩქარობ, ვარ თუმცა მკაცრი –

 

დროს ვასაჩუქრებ. მხდალი არ ვარ. მზადა ვარ ვიყო

წარსულის ნივთი. შემიძლია მივბაძო ჩიკორს,

თუკი დროს უნდა მჯაბნოს და მრიყოს,

 

დროს, რაც დაჰყურებს, ზემოდან თუ სამყაროს მხრიდან,

თავის ნადავლებს, მასაც, რაც გვზრდიდა

ცისქვეშ ყველას და ჯერ ირხევა ტყითა თუ ზღვითა…

 

და მხურვალეა… და მე მინდა დამფაროს ქვიშამ

და ჩემზე ფეხით მოგზაურმა, პატივის ნიშნად,

ობიექტივით არ მიყუროს, არ დამრჩეს კლიშედ –

 

ძლიერთა გრძნობა. ეს დრო, ჩემკენ მოძრავი ბოლოს,

არ იმსახურებს ყურადღებას ვინმესგან, ხოლო –

უკან მოძრავი – ყურადღების ღირსია მხოლოდ,

 

ჩანდეს სხვანაირ ფასადივით, რაც ბაღს ჰგავს სწორედ,

ხან კი – ჭადრაკის პარტიას და ნასიზმრევ შორეთს,

საიდანაც რომ ესმით გრძნობებს მი-ფა და დო-რე…

 

არ იყო ცუდი საუკუნე – გააჩნდა მადლიც.

ხოლო თუ მკვდარი ზედმეტია, მდგმურებიც, ცხადლივ,

საკმარისია, ამ სტრიქონთა ავტორის ჩათვლით,

 

გინდ გამოკლებით, ანუ – მდგმურთა მარაგი კმარა

და ეს მარაგი იარსებებს მუდმივ და მარად,

რაც უნდა, დროის სასარგებლოდ, მარჯვედ და ჩქარა

 

ჩადონ ისინი მარინადში, ან თუნდაც ყველი

აკეთონ მათგან, კამერულად, ანუ – შავ ხვრელის

ჭერქვეშ, კოსმოსში, რაც, როდისმე, სუყველას გველის…

 

იქნებ ჯობია – გადავუღოთ სამყაროს ფოტო

ექვსი ცხრაზე და გავამრავლოთ, თუ ვეღარ მოთოვს

მერე ლიქნა, რომ ერთმანეთზე არ აძვრნენ თოთო

 

აზრებით, როგორც მოსდის ხოლმე შეშისას შტაბელს…

და საუკუნე კვდება. ამბავს ბუტბუტით აფენს

ატმოსფეროზე პროფესორი, რაც ნიშნავს: სხვაფერ

 

სიცხეებს უნდა მოველოდეთ და არა იმას –

აქედან სხვაგან მოვხვდეთ, სადაც აზავებს წვიმას

ჩვენი “გვიხსენ” და აიძულებს სხივს, იქცეს იმად,

 

ოქროს რომ ვერცხლში გადაუცვლის ვედრებით “ღმერთო!..”

საუკუნე კი, აგროვებს რა თავის მადლს ერთობ,

ამას აფასებს ისე, თითქოს, ეს იყოს რეტრო,

 

ანუ სიძველე, სადაც აწმყო, თითქოსდა შედგა

და წინ არ მიდის, რათა აღარ გაიგოს ფეთქვა…

და პოლუსიდან ძაღლის ყეფა მოისმის მკვერად.

 

დასავლეთში კი აღმოსავლეთს უცქერენ მუჭში,

აღმოსავლეთი არ ნებდება – ზედმეტად ურჩი…

და იქ ხედავენ ღობეს, ბარაკს, სად არა ყუჩი

 

გლოვა, არამედ – ხალისია… და ტევრის ხელით

შეშინებული ფრინველები მიფრენენ ცხელი

სამხრეთისაკენ, სადაც არის გარგარიც, ლელიც,

 

პალმაც, დოლბანდიც… სადღაც უკრავს ვიღაცა ტამტამს

და, სხვის ნაკვთების დაკვირვებით, ნათელი გახდა

ის, რომ მთავარი მსგავსებანი უბრალო დაღთა

 

და ძველ ტილოებს შორის, თუკი ვიმსჯელებთ საღად,

ყოფილა არა სიზმარი და ცხადი ან რაღაც,

არამედ ის, რომ ერთ ეგზემპლარს მათ ვერსად ნახავთ.

 

ბუნება, როგორც ბარდი გუშინ – საასლე ქაღალდს,

ან, როგორც შუბლის აზრი – ასოს, ფუტკარი – ნაყარს,

აფასებს ისე წრფელად და ლაღად –

 

მასიურობის პრინციპს, ტირაჟს, შიში აქვს რაკი

ერთადერთობის, ენერგიის დაკარგვის, ნაკლის

და თავხედობა იცავს – მცველი ყველაზე კარგი.

 

დასახლებული არის სივრცე, რასთანაც ჟამის

უთანხმოება თავისუფლად ამძაფრებს ჩქამით –

მასში შესვლას და ყოფნა მაინც წამია, წამი.

 

მაგრამ შეიკრა თქვენი წარბი. ზღვები კი მშვიდად

ლურჯდებიან და სიშორეში წასცდებათ სიტყვა

“აისი”, “უქმად”, რომლის მერე ღელავენ დიდხანს.

 

და მოგესმით რა ხმა ექოსი, გინდებათ თხაროთ

მიწა და გემზე ახვიდეთ და იცუროთ ჩქარა,

არა იმ მიზნით, რომ კუნძული, ხე, ანდა სხვა რამ

 

აღმოაჩინოთ, ანდა ახალ განედზე რამე

სიმშვენიერე ბუნებისა, არამედ – სხვა “მე”,

უმთავრესად კი – პირი, რითაც გვაქრობენ, გვჭამენ…

© არილი

Facebook Comments Box