მე და მამაჩემი მანქანით შემოვდიოდით ქალაქის შესასვლელში ტრასაზე. მამაჩემი მიყვებოდა მისი ერთი თანასოფლელის დაკრძალვაზე, რომელიც მეგობარმა მოკლა. მამაჩემი ამბობდა, რომ მოკლულს ცოტა ხნის გადაგდებული ქონდა წამალი და თავს ხელოსნობით ირჩენდა, რაღაცნაირად აეწყო ძლივს ცხოვრება და ამ დროს ის მისმა ნარკომანმა მეგობარმა “ურთიერთშელაპარაკებისას” მოკლა. ანუ, ძალიან ბანალური და სევდიანი ამბავი იყო. მამაჩემი მის სახლთან ასახვევში ჩამოვსვი, მე თვითონ კი დამძიმებულმა გავაგრძელე გზა, უკვე ფეხით, რადგან ვიცოდი, რომ დღის ამ მონაკვეთში, დარჩენილ მანძილს ფეხით ბევრად უფრო მალე გავივლიდი. ცალმხრივ პროსპექტზე, რვა ზოლის მიუხედავად, დამღლელი საცობი იყო გაჭიმული. მანქანების წითელი სტოპ-სიგნალები უწესრიგოდ გადანაწილებულიყვნენ გზის საფარზე.
ქალაქობის თითიდან გამოწოვილი დღესასწაული იყო და შესაბამისად, მეტროს სადგურის ამოსასვლელებთან, ერთმანეთში გადაზელილი ადამიანებისა და მანქანების კონცენტრაცია კრიტიკულ ზღვარს უახლოვდებოდა. ტელეკომპანია “მეორეს” ცათამბჯენთან, მეტროს გაჩერების ზემოთ, ჩვეული ქაოსი სუფევდა, რაც ავტობუსების, მარშრუტკების, სხვადასხვა ნაწილებისგან აწყობილი ტაქსებისა და სხვა მანქანების პარალიზებულ ზედახორაში გამოიხატებოდა. მივიკვლევდი გზას ამ ყველაფერში და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ყველაფერი მთლად ჩვეულებრივად არ იყო – წინ რაღაც აღელვებული მოციონი შეინიშნებოდა. რამდენიმე მანქანის მოშორებით პატრულის სირენამაც გაიწრიპინა და გაჩუმდა. როგორც ჩანდა, ეკიპაჟიც ცდილობდა რაღაც შემთხვევის ადგილამდე მისვლას. დაინტერესებულმა გადავკვეთე ქუჩა გაჩხერილ დაქოქილ მანქანებს შორის, ცოტა გავიარე და პირველი კვარტალის ერთ-ერთ ეზოში შევედი, საიდანაც ჩოჩქოლის ხმა გამოდიოდა.
პირველი ადამიანი, ვინც ეზოში დავინახე თემო იყო, რომელიც რამდენიმე თვის უნახავი მყავდა. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა – დიდი ხნის წინ, ჩვენ რამდენიმე წელი ერთად ვმუშაობდით გრაფიკული დიზაინის სტუდიაში. მერე მე ტელევიზიაში წავედი, თემომ კი კლუბი გახსნა და კარგი ბიზნესიც ააწყო. ის აქვე, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და წელიწადში ერთი-ორჯერ სახლშიც შევუვლიდი ხოლმე. მაგრამ თვითონ თემო ჩემთან სტუდიაში არასდროს ამოსულა. ახლაც თავისთან მიმიპატიჟა და მეც გავყევი, თუმცა მანამდე უნდა გვენახა რა ხდებოდა ეზოში. აქ კი უკვე ბევრი რამ იყო სანახავი.
კორპუსის წინ, გაზონზე ეყენა დაუდგენელი მარკის დალეწილი მანქანა, რომლის დაჭყლეტილ კაპოტზეც მთვრალი უბნელები სვამდნენ ლუდს პლასტმასის ჭიქებით. მოშორებით, ეზოს შესასვლელში ევაკუატორი ცდილობდა სახურავზე გადმოტრიალებული ნაავარიები “აუდის” აწევას. მანქანისთვის უკვე გამოებათ ევაკუატორის ტროსები, რომლებითაც უშედეგოდ ცდილობდნენ მის ბორბლებზე დაყენებას. ევაკუატორი მანქანას ასფალტზე სახურავით დაახოხიალებდა, რაც იწვევდა ჟეშტის შემზარავ ხრიალს. მე და თემო ცოტა ხანს უსიტყვოდ ვუყურებდით კიბერპანკის ამ გამოძახილს ჩვენს რეალობაში. თემო უკმაყოფილოდ აქნევდა თავს, მერე მე ხელი მხარზე დავადე და ჩვენ პირველი კვარტალის სიღრმეში, კომუნისტების დროინდელი გაქუცული სკვერების გავლით, მისი სახლისკენ წავედით.
ორი ნაბიჯი არ გვქონდა გადადგმული, რომ ზემოდან ჩოჩქოლის, ყვირილისა და უგლუშიტელო მოტორის გამაყრუებელი ხმა მოისმა, რომელიც ჩქარა გვიახლოვდებოდა. ხეებისკენ გაწევა ძლივს მოვასწარით, რომ ჩაბნელებული სკვერის ბინდბუნდიდან გადმოხტა და ცხვირწინ ჩაგვიქროლა გაუგებარი მარკის დალეწილმა თეთრმა მანქანამ, რომელიც გაზონებსა და ბუჩქებს ჯეგავდა და ზუსტად იმ ადგილისკენ მიიწევდა, სადაც უბნელები ლუდს სვამდნენ. აწყვეტილ მანქანას უკან გამაფრთხილებელი შეძახილებით მოყვა ზემოდან მის კვალდაკვალ გამოქცეული ხალხი. მანქანა ხმაურით უახლოვდებოდა ზაფხულის ბინდბუნდში თეთრ ლაქად მოელვარე ხრუშოვკის კედლებს. რამდენიმე წამში კი გაისმა გადამსკდარი ბორბლების, ბორდიურზე ნაწილების მსხვრევის, შემდეგ კი დაჯახების ხმა. მანქანა კედელს მიასკდა, გაჩერდა და კაპოტიდან ორთქლი ამოუშვა. მას სხვადასხვა მხრიდან წამოსული ხალხი შემოეხვია. ატყდა ფუსფუსი. თუმცა მე და თემო უკვე მეორედ გამოვტრიალდით და გავაგრძელეთ სიარული მოკლეზე, თემოს კორპუსისკენ.
თემო წინ მიმიძღოდა და გულმოსული იგინებოდა. ამბობდა, რომ იმბეცილებმა მაგრად აიშვეს და რომ აქ უკვე შეუძლებელი გახდა ცხოვრება. ჩვენ გზას მივიკვლევდით აქა-იქ შემოღობილ ყოფილ გაზონებს შორის. ერთ-ერთი ღობის იქით დაბმული ყავდათ მოზრდილი ძაღლი, რომელმაც ჩვენს გამოჩენაზე ყეფა ატეხა. ბილიკი მის სიახლოვეს გადიოდა, თუმცა, თემო ძაღლს არ შეეპუა (ალბათ პირველად არ სარგებლობდა ამ გზით), ზედ მის ცხვირთან გაიარა და კორპუსის კუთხეს მიეფარა, თან დასამშვიდებლად მომაძახა, რომ ცუგა არაფერს დამიშავებდა, მაგრამ მე მაინც შემეშინდა და ძაღლს სხვა მხრიდან შემოვუარე. ჩემდა მოულოდნელად, იქაც რამდენიმე უპატრონო ძაღლი დამხვდა, თუმცა მათ ჩემთვის არ ეცალათ – მონუსხულები რაღაცას მიშტერებოდნენ სწორედ იმ ადგილისკენ, სადაც თემო გაუჩინარდა. ძაღლებს ძალიან ფრთხილად ჩავუარე, რომ მათი ყურადღება არ მიმეპყრო, თუმცა მათ ზედაც არ შემოუხედავთ. სამაგიეროდ ყეფისგან ხმა ჩაეხლიჩა ბადესთან დაბმულ ქოფაკს.
კორპუსის კუთხესთან რო მოვედი, თემო აღარსად ჩანდა – არც ხუთსართულიანის გასწვრივ, არც სკვერის გაყოლებაზე. ერთადერთი ადგილი, სადაც ის შეიძლება ასე მალე გაუჩინარებულიყო, იყო პატარა დაბურული ბორცვი, რომელსაც ზემოთკენ ციცაბო ბილიკი მიუყვებოდა. მეორე მხრიდან მოწყობილი იყო ბორცვზე ასასვლელი ხის კიბეებიც, თუმცა მაწანწალა ძაღლებმა სწორედ ამ კიბეებთან გადაინაცვლეს და მე ისღა დამრჩენოდა, ხელებით და ფეხებით ავფორთხებულიყავი ძალიან ციცაბო ბილიკზე. ერთი მომენტი ქვემოთაც გადმოვიხედე რომ უკან ჩამოვმხტარიყავი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უკვე იმსიმაღლეზე ვიყავი ამოსული, რომ არც ჩახტომა იყო უსაფრთხო და თან შემეშინდა, რომ ჩემი მიწაზე დაცემის ხმა თავდასხმად არ მიეღოთ მაწანწალა ძაღლებს, რომლებიც კიბეებთან ისხდნენ და მონუსხულებივით იყურებოდნენ ზევით – გამწვანებული ბორცვის კენწეროსკენ.
ოთხზე ფორთხვით, როგორც იქნა ავფოფხდი ბორცვზე, წამოვდექი და დამტვერილი ტანსაცმელი ჩამოვიფერთხე. აქ აღარ აღწევდა პირველი კვარტალის ალიაქოთი და სრული სიჩუმე იდგა. ხის კიბეებიდან ერთმანეთის პერპენდიკულარულად გაეშენებინათ გამწვანებით დაბურული ორი ბილიკი, რომლების ღიობებშიც, შორს, ჩამავალი მზით განათებულ ბალახში მონებივრე ლომები მოჩანდნენ. ერთი ბილიკი პირდაპირ გრძელდებოდა და მწვანე ბინდბუნდში იკარგებოდა. იქ ორი ლომი შევნიშნე, რომლებმაც აქეთკენ გამოიხედეს. მეორე ბილიკი ოდნავ უფრო ფართე და ნათელი იყო, და აღმართზე ადიოდა პომპეზურად. მოშორებით, ბილიკის ორ მხარეს გაყოლებულ მწვანე ბუჩქების ზოლებს შორის მოჩანდა “ნეშნალ ჯეოგრაფიკის” სტილში, ზარმაცად მიგდებული მამალი ლომი დიდი ფაფარით. მის წინ, ბილიკი რამდენჯერმე გადაკვეთეს მორიდებულმა მაიმუნებმა და გამწვანებაში გაუჩინარდნენ. ლომებმა მე კი დამინახეს, მაგრამ არანაირად არ შეუმჩნევიათ ჩემი იქ ყოფნა, თუმცა, რასაკვირველი, მე მაინც დავფრთხი. იქნებ ეს იყო ლომების თავისებური ხერხი მსხვერპლის ყურადღების მოსადუნებლად? ქვევით ჩავიხედე.
მაწანწალა ძაღლები აორთქლებულიყვნენ და არც იყო გასაკვირი, იმიტომ, რომ მათ ადგილას უკვე იდგა ორი მარტორქა, რომლებიც მშვიდად ძოვდნენ პირველი კვარტალის სასწაულის ფასად გადარჩენილი მწვანე გაზონის ბალახს. უცებ გაისმა მძიმე ნაბიჯების ხმა და ნათელი ბილიკიდან სპილომ გამოაბიჯა. უკან დავიხიე და კიბეებზე უკუსვლით ნელ-ნელა ქვემოთ ჩასვლა დავიწყე ისე, რომ სპილოსთვის თვალი არ მომიშორებია. სართულებს შორის პლატფორმაზე სული მოვითქვი. სპილოს არ ეტყობოდა, რომ კიბეებზე ჩამოსვლას აპირებდა. ისედაც, ვერ გამოეტეოდა კიბის უჯრედში. სამაგიეროდ ქვემოთ, მარტორქებს უკვე მოესწროთ გაქრობა და მათ მაგივრად, ქვედა საფეხურებზე, პატარა ბავშვივით, მოუქნელად ჩამომჯდარი დამხვდა პატარა სპლიყვი, რომელიც, როგორც ჩანს, დედას დაკარგვოდა და ახლა შიშისგან მთელი ტანით ცახცახებდა. დედა სპილო ზედა პლატფორმაზე შფოთავდა და ცდილობდა, როგორღაც პატარას დახმარებოდა, მაგრამ უშედეგოდ.
ისინი ვერ ხედავდნენ ერთმანეთს, მაგრამ მე კიბეებიდან ორივეს ვხედავდი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ცოტახნის ლოდინის შემდეგ როგორღაც გავძვერი პატარა სპილოსა და მოაჯირს შორის და ისევ ხუთსართულიანი ხრუშოვკის პირისპირ აღმოვჩნდი. პირველ კვარტალში სიჩუმე სუფევდა. ზემოდან მოისმა გასროლის ხმა, რის შემდეგაც ჩემს ცხვირწინ, ამოუშენებელი ლოჯიის ბეტონის კარკასში ჭერი გამოინგრა და ხვრელიდან გაშლა დაიწყო დედა სპილოს ხორთუმმა, რომელიც თავიდან ჭიპლარს გავდა, შემდეგ კიბერნეტიკულ ანტენას, და ასე უსასრულოდ განაგრძობდა მორფინგს, სანამ გამჭირვალე მოცისფრო-ეთეროვან ხორთუმად არ ჩამოყალიბდა.
პირველი, რაც გავიფიქრე, იყო, რომ დედა სპილოს ვიღაცამ ესროლა, მაგრამ ეს აზრი ვეღარ განვავრცე, იმიტომ რომ პროსპექტიდან ამომავალ ჩაბნელებულ სამანქანო გზაზე გაისმა გერმანული საუბრის ხმა და ვიღაცეების თავებზე დამაგრებული მეშახტეების მოძრავი სანათურები გამოჩნდა. ოციოდე წამიც და ხრუშოვკის დაუმთავრებელი ლოჯიის ჭერიდან ჩამოსულ გამჭვირვალე ხორთუმს თეთრ ხალათებში გამოწყობილი ქალებისგან შემდგარი საგანგებო ჯგუფი მოუახლოვდა. ქალებს ხელში პლანშეტები ეჭირათ და გერმანული რეპლიკების თანხლებით, ხორთუმის შესახებ კალმისტრით რაღაც მონაცემებს იწერდნენ.
ხორთუმის შესწავლის შემდეგ, თეთრხალათიანების ჯგუფმა პატარა სპილოსკენ გადმოინაცვლა. ბავშვობისდროინდელი გერმანული სკოლის ინერციით, ჩემამდე ატანდა მათი საუბრის ცალკეული მონაკვეთების აზრი, საიდანაც ვხვდებოდი, რომ ისინი პატარა სპილოს მდგომარეობას განიხილავდნენ. გერმანელები ვარაუდობდნენ, რომ სპლიყვი უკვე საკმაოდ ძლიერი იყო დედასთან განშორების გადასატანად და ის, ასე თუ ისე, შეძლებდა შოკიდან გამოსვლას. მისი მდგომარეობა, ბუნების კანონების შესაბამისად, უნდა დასტაბილურებულიყო.
უცებ, გერმანელი მეცნიერები გაჩუმდნენ და რაღაცას მიაცქერდნენ.
გამჭვირვალე ხორთუმი გამქრალიყო და მის ადგილას, ამოუშენებელი ლოჯიის ზუსტად შუაგულში, ჰაერში ეკიდა წყლიანი ბუშტის მაგვარი იდეალური სფერო, რომელიც სავსე იყო ცისფერი სუბსტანციით.
ჯიბეები ისტერიულად მოვიჩხრიკე, ამოვიღე მობილური და დაკიდებული სფეროს ვიდეოგადაღება დავიწყე. გერმანელმა სპეციალისტებმა ერთმანეთს გადაუჩურჩულეს.
ვიღებდი დაკიდებულ სფეროს და ტანში სიამოვნების ტალღები მივლიდა. მსიამოვნებდა მობილურის ეკრანზე გამოტანილი გამოსახულება, რომელიც ორიგინალთან შედარებით ოდნავ გადანათებული იყო და ტრიალისას მოცისფრო ეთეროვან კვალს ტოვებდა.
გადაღებას რომ მოვრჩი, ის იყო ტელეფონი ჯიბეში უნდა ჩამედო და კიდევ კარგი ვიგრძენი, რომ ხელი სხვაგან მომიხვდა და ეკრანზე გაჩნდა დადასტურების შეკითხვა:
“ნამდვილად გსურთ ყველა 81 ობიექტის წაშლა? OK or Cancel”
საკმაოდ დაძაბული საღამო გამოვიარე და ნანახით აღელვებული ვიყავი. ამიტომ ვცადე კარგად დავკვირვებოდი, თუ რას მეკითხებოდა ტელეფონის მენიუ, რომ შემთხვევით არ წამეშალა ლევიტირებული სფეროს გამოსახულება.
მერე ძალიან ფრთხილად მივიტანე თითი ეკრანთან.
“Cancel”, ვთქვი ჩემთვის და ეკრანს ფრთხილად შევეხე. Cancel.
© არილი