პროზა

ბესო პაპასქუა – მიწისმთხრელები

papaskua-849723

ბესო პაპასქუა

 

მიწის მთხრელები

 

სოციალური მდგომარეობა ურთიერთობებში ყოველთვის მზღუდავდა. სიტყვას – „ყოველთვის“, აქ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ის ჩემთვის დროის სამ მონაკვეთს გულისხმობს და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უკვე მოასწარით უმნიშვნელოდ მოკიდებოდით, საერთოდ არ ჟღერს იმედიანად. პირიქით, ის ჩემს მომავალთან უკომპრომისო დამოკიდებულებაშია. თუ ჯერ კიდევ არ ვარ აზროვნების უნარს იმდენად მოკლებული, რომ სწორად შევაფასო ჩემი მდგომარეობა და დასკვნები გამოვიტანო, აღმოვაჩენ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ მიწის ვიწრო ტრანშეში ვიდექი. მისი სიღრმე ნახევარ მეტრზე მეტი იყო, რეზინის მაღალყელიანი ჩექმები მეცვა, მუშის ყვითელი უნიფორმა, და წელში მოხრილი წერაქვით თხრილში ვიჩიჩქნებოდი. ჩემს მომავალს მაინც არ ეყო ფანტაზია ახალი ისტორიის გამოსაგონებლად, რადგან მხოლოდ ტრანშე გადამიადგილა, დანარჩენი კი, ზუსტად იქ და ისე დატოვა, როგორც იყო.

ტრანშედან ყველაფერი სხვაგვარად მოჩანს, რადგან რაკურსი ორიგინალურია: ნახევარი მეტრით დაბლა დგახარ სხვებზე, ეს კი ისეთ განცდას გიქმნის, თითქოს სხვები აღგემატებიან ნახევარი მეტრით. შედეგად, თვითშეფასებასთან მიმართებით, ყველაფერი ვერ გაქვს რიგზე და, სოციალური კომპლექსი მთავარს განსაზღვრავს: საურთიერთოდ ისეთ ვინმეს ეძებ, ვისაც ნახევარი მეტრით თუ არ აღემატები, რამით უტოლდები მაინც.

ასეთის პოვნა კი ძნელია.

– პერფერატორი შეაერთე…

ეს ჯიმია, ჩემი ბავშვობის მეგობარი და ჩვენ ახლა ტრანშეში ვდგავართ. ტრანშეში მუშაობის გამოცდილება არც მე მაკლია, მაგრამ ჯიმი მაინც ჩემზე მეტადაა გამოცდილი და ამის გამო, ხანდახან, თავს განკარგულებების გაცემის უფლებას აძლევს. მისი აზრით, 4-წლიანი გამოცდილების მიღების მშვენიერი შანსი მე ჯერ კიდევ მაშინ გავუშვი ხელიდან, როცა იმ უნივერსიტეტში სწავლა გადავწყვიტე, რომელიც ჩემი ტრანშედან მარჯვნივ, ოციოდ მეტრში მდებარეობს. უნივერსიტეტს კიდე არაუშავდა, მეუბნება, მაგრამ პროფესიად ეს ბიოლოგიური ნაღდად არ უნდა აგერჩია. არადა, ყოველთვის, როცა ვუსწორებ, რომ ჩემს პროფესიას ფილოლოგიური ჰქვია და არა ბიოლოგიური, ერთი ხუიაო, მარწმუნებს. თან იმდენად დამაჯერებლად, რომ ლამისაა მეც დავიჯერო. არც ვეკამათები. უხმოდ ამოვდივარ, სადენს გადამყვანში ვაერთებ და ისევ ტრანშეში ვდგები.

დღეს ცხელა. ზაფხულია და იმიტომ. გუშინაც ცხელოდა და გუშინწინაც. აი, იმის წინ კი მაგრად წვიმდა და არც ცხელოდა. მაგრამ როცა წვიმს, არ გვამუშავებენ. არ ვიცი, ეს იღბალს უნდა დავაბრალო თუ უიღბლობას. ამაზე ფიქრისთვის, სიმართლე რომ ვთქვა, დროც არ მრჩება, რადგან უკვე შესწავლილი უიღბლობებისგან მიწევს დავიცვა თავი. კერძოდ, ძველი ნაცნობებისგან, რომელთაც უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელეს და დიდია შანსი, წერაქვით ხელში დამინახონ. კარგი ფილოლოგი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამ მდგომარეობისთვის თავი მაინც არ მემეტება და, შესაბამისად, ტრანშეს მაინცდამაინც ამ ქუჩაზე, საკუთარ უიღბლობად ვთვლი.

– სიგარეტზე გადახვალ? ქუჩის მეორე მხარეს ბუდკა დგას, მანდ იქნება – მითხრა ჯიმიმ – ოღონდ რამე ფილტრიანი, თუთუნის ფურთხების მუღამზე არ ვარ…

შემოთავაზებაზე უარი არ მითქვამს. წელში გავიმართები-მეთქი, გავიფიქრე და მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე დავეშვი. ცენტრში საყურიანი ქუჩის მუსიკოსი იდგა და უკრავდა. წინ გიტარის ჩიხოლი ჰქონდა გაფენილი. ზემოთ ასვლა არ დამჭირვებია, ნაცნობი სავაჭრო ცენტრის კარი შევაღე და სიგარეტი ერთ-ერთ ჯიხურში ვიყიდე. უკან მობრუნებისას მუსიკოსს 20 თეთრი ჩავუგდე და მადლობის ნიშნად თავი დამიკრა.

სტუდენტობის წლებში ხშირად ვსარგებლობდი ამ მიწისქვეშა გადასასვლელით და სავაჭრო ცენტრსაც არანაკლები სიხშირით ვაკითხავდი. ძირითადად მაშინ, როცა ღვინის ან არყის დეგუსტაცია იმართებოდა. ყოფილა შემთხვევები, როცა ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციას ემთხვეოდა ძეხვეულის დეგუსტაციაც გვერდითა სექციებში. მე ორივე შემთხვევით მაქსიმალურ სარგებელს ვიღებდი: არც ალკოჰოლს ვიკლებდი და არც მისაყოლებელს. სხვათაშორის, ფული საკმაოდ მეზოგებოდა. ერთხელ, როცა ჩვეულებრივ გვარიანად შექანავებული ვაპირებდი იქაურობის დატოვებას, ჩემი ყურადღება საცვლების ძვირადღირებულმა კოლექციამ მიიპყრო. მათი ფასი 50-დან 150-ლარამდე უსინდისოდ მერყეობდა.

პროტესტის საშინელმა გრძნობამ იფეთქა ჩემში. ჩემი სიცოცხლის განმავლობაში უამრავ ისეთ ადამიანს შევხვედრივარ, ვისაც შია, სცივა და მხოლოდ მაშინ არ სწყურია, როცა მთელი ქვეყანა წყალდიდობას მიაქვს. ესენი კიდე ტრუსიკებს ყიდიდნენ 150 ლარში.

მიუხედავად იმისა, რომ აქტიურობით არასოდეს გამოვირჩეოდი, სასწრაფოდ გადავწყვიტე  უნივერსიტეტში დაბრუნება ჯგუფის ჩამოყალიბების მიზნით. ჩემი მიზანი იყო თანამოაზრეები შემომეკრიბა ირგვლივ, რომლებიც გააპროტესტებდნენ ძვირადღირებული საცვლების ბიზნესს საქართველოში. გეგმაში მქონდა, რომ ჩვენ ტრანსპარანტებით მოვედებოდით ქუჩებს, რომელზეც ეწერებოდა: „ბოიკოტი 150-ლარიან ტრუსიკებს!“, „არცერთის ბინძური ტრაკი არ ფასობს ამად!“, მაგრამ არავინ ამყვა. უცნაური იყო, ჩემი იქ სწავლის პერიოდში უამრავ სტუდენტს ვიცნობდი ისეთს, ვინც ყურადღების მიქცევის მიზნით არასდროს ერიდებოდა უკანალის იმ დონეზე მოშიშვლებას, რომ მთლად ტრაკშიც არავის ეხმარა. ისინი სკანდალებისკენ, სენსაციებისკენ იყვნენ მიდრეკილები, მაგრამ ჩემს ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. შეიძლება ეს ჩემი სიმთვრალის ბრალიც იყო. არ ვიცი.

მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვედი.

– დედას რო შევეცი მე…

ვერ ჟღერს კორექტულად, თუმცა, ჯიმის ჰქონდა სათანადო მიზეზი, რომ არაკორექტული ყოფილიყო:

– კანალიზაციის ტრუბა გავხეთქე…

მახსოვს, ერთ იდიოტურ ჰოლივუდურ ფილმს ვუყურე ერთხელ. მთელი ფილმის განმავლობაში არაფერი მეჩვენა საინტერესო ერთი ეპიზოდის გარდა. რომელიღაც პერსონაჟი  საკანალიზაციო მილში შემძვრალიყო და საკმაოდ მახვილგონივრულად წუხდა: როდესაც სხვებისგან მესმოდა, ყელამდე მძღნერში ვარ, მე მხოლოდ მხატვრული გამონათქვამი მეგონაო.

ჯიმის დანახვამ ასოციაცია გამიჩინა იმ ფილმის პერსონაჟთან. თუმცა იმ წუთას მივხვდი, რომ არ იქნებოდა ჩემი მხრიდან ჭკვიანური საქციელი, გული გადამეშალა. მითუმეტეს – სახალხოდ. ტრანშეში იდგა და მის ფეხებთან ყვითელი ფეკალიები დაცურავდნენ. ბრიგადის დანარჩენ წევრებს მის ირგვლივ წრე შეეკრათ.

– მიყურეთ ახლა!

ჯიმი ტრანშედან ამოვიდა და წრე გაარღვია.

– მე ამეებში ქექვას არ ვაპირებ, სპეციალური ჯგუფს დაუძახეთ.

ნაბიჯი გადავდგი. წრის ისევ შეკვრის მიზნით. შევკარი კიდეც. ვგრძნობდი, რომ საოცარი სურათის ნაწილს წარმოვადგენდი. დაახლოებით ათი კაცი დგას და ჩაფიქრებული თვალებით მისჩერებია განავლის ყვითელ ნაფლეთს, რომელიც სულ უფრო ნაწევრდება მარტივ მამრავლებად.

ეგ ვართ ჩვენ!

– მილიონის გულისთვის არ გადაეშვებოდი ამაში თავით?

გვერდზე გავიხედე. ერთი 20 წლის ბიჭი მედგა და სულელური ღიმილით მომჩერებოდა. ასეთ კითხვებს და არანაკლებ სულელურ ღიმილს მთელი ცხოვრება მიჩვეული ვარ.

– ყანწითაც სიამოვნებით დავლევდი!

ვუთხარი და კმაყოფილი შევატოვე დანარჩენებს.

ხომ ვთქვი, ეგ ვართ-მეთქი ჩვენ!

 

2.

საღამოა და მივდივარ ჩემთვის, მივსეირნობ. სულაც არ ვარ უკმაყოფილო იმით, რომ დღეს სამუშაო ჩვეულებრივზე ადრე დავასრულე. თან იმის გამო, რომ ფეკალური მასის წინააღმდეგ ბრძოლაში 5-კაციანი ჯგუფი კარგა ხანს ვერაფერს გახდა. მართალია, ეს ჩემს ხელფასზე იმოქმედებს, რადგან იმის მიხედვით მინაზღაურდება შრომა, რამდენსაც გავთხრი, მეტრობით, მოკლედ, მაგრამ ზოგჯერ დასვენებაც არ მაწყენს. ასეთი შემთხვევაა დღეს და მივდივარ ჩემთვის. თუმცა ეგ უკვე აღვნიშნე, მგონი. ის კი ნამდვილად არ მითქვამს, რომ ასე, ჩემთვის სიარულს და სეირნობას ყოველ დღე ვერ ვახერხებ. ძალიან მღლის სამუშაო და იქიდან ხშირად გვიანობამდეც ვერ ვთავისუფლდები. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემგან ორჯერ ამის აღნიშვნა სულაც არ იყო თავხედური საქციელი. და არც სამჯერ იქნება. მოკლედ, მივდივარ და მივსეირნობ ჩემთვის. ბევრი ხალხი მოძრაობს. საღამო ნელ-ნელა ედება ქალაქს და განათებებს რთავენ, თბილისის ქუჩები ფერად შუქებითაა შემოძონძილი. ბოშა ქალივით. ვერ იყო მთლად კაი მეტაფორა.

ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე, მაგრამ სანთებელა ვერ ვიპოვე და ქუჩაში ვთხოვე ვიღაცას, გადამიკიდე პაბრაცკი-მეთქი. არ უთქვამს უარი. აი, ასე. სულ ვკარგავ ამ სანთებელებს. არადა, ვინც მწეველია, ყველამ იცის, რამხელა ფასი აქვს ცეცხლს მაშინ, როცა სიგარეტის მოწევა გაქვს გადაწყვეტილი. თუმცა მგონი არ არის აუცილებელი, ამის მისახვედრად მაინცდამაინც მწეველი იყო. და  არც განსაკუთრებული ინტუიციაა საჭირო.

მოკლედ, ერთხელ ერთ უცნაურ ადგილას მოვხვდი. ეს იყო ადგილი, სადაც აგიტაციას უწევდნენ საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებას, რომ სიგარეტი ზიანის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გასაგებია, რომ ეს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ ესენი გაცილებით საფუძვლიანად იყვნენ მომზადებულები. ახლა, რაში მგომარეობდა ეს საფუძვლიანობა. კედლებთან იდგა უამრავი სტენდი, რომლებზეც გაეკრათ პლაკატები. ფერადი. პლაკატები ანტირეკლამას უწევდა სიგარეტს. მაგალითისთვის, მასზე აღბეჭდილი იყო ერთ მხარეს, მწეველი ადამიანის ფილტვის მდგომარეობა და მეორე მხარეს – არამწეველის. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჯერ საერთოდ არ მგონია ადამიანის შიგნეულზე დაკვირვება ესთეტიკური ამბავი, მწეველის ორგანიზმი კი მით უმეტეს, ჯოჯოხეთური სანახავია. განსაკუთრებით მაშინ, თუ თვითონ ხარ მწეველი. დავდიოდი სტენდებს შორის და სულ უფრო ვითრგუნებოდი, წარმოდგენა მრჩებოდა, რომ საშუალება მომცეს საკუთარ, მომაკვდავ ორგანიზმში შემეღწია გარკვეული პერიოდით, ოფლმა დამასხა, ძალიან ავღელდი, საშინლად ანერვიულებულმა დავტოვე ოთახი, გარეთ გამოვედი და როგორ გგონიათ, დასამშვიდებლად პირველ რიგში რა გავაკეთე? სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაფაზი დავარტყი… სულზე მომისწრო.

ამ ფიქრებში გართულმა, მოულოდნელად იმ საყურიან მუსიკოსს მოვკარი თვალი, რომელსაც რამდენიმე საათის წინ ტრანშესთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში 20 თეთრით გავუწიე დახმარება. ამჯერად კინოს სახლის წინ იდგა კედელს მიყრდობილი. გატიალებული მთვრალი იყო, მაგრამ მთლად უნარწართმეულიც არ ეთქმოდა. დაკვრა შეეძლო, ყოველ შემთხვევაში. და არცთუ ისე ცუდად უკრავდა. მოსასვენებელ სკამზე ჩამოვჯექი და გადავწყვიტე მისთვის მომესმინა.

აქამდე რამდენიმე მუსიკოსთან მქონია ურთიერთობა. მათი უმეტესობა იმის დამტკიცებას ცდილობდა ჩემთვის, რომ მსმენელისთვის არ უკრავდა. რატომ? იმიტომ, რომ არ ჰყავდა.

მუსიკის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ მათთან ურთიერთობამ ერთი რამე მაინც მასწავლა: თურმე აბსოლუტურად შესაძლებელია, მუსიკას არ ქმნიდე მსმენელისთვის, განსაკუთრებით ადვილი კი ეს მაშინაა, თუ ის საერთოდ არ გყავს. ძნელი სათქმელია, როგორ მოიქცეოდნენ იმ შემთხვევაში, რომ ჰყოლოდათ, მაგრამ რამდენად დამაჯერებელიც არ უნდა იყოს ეს ამბავი, მაინც ნათელია – ბევრ მათგანს უჩნდება სურვილი თუ არა, საჭიროება მაინც, რომ მოუსმინონ. იმაზე, რომ ამ ქვეყანაში პროფესიით თავის რჩენის შანსი მცირეა, ვთვლი, რომ ჩემ მიერ გათხრილი მინიმუმ 60 სანტიმეტრის სიღრმის ტრანშეები განსაკუთრებით მტკივნეულად მეტყველებს. გამონაკლისს არც მუსიკოსის პროფესია წარმოადგენს, და მაშინ აქედანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ გამორჩეულად მძიმე შემთხვევას მსმენელის გარეშე დარჩენილთა კატეგორია შეიძლება შეადგენდეს. ამიტომ მათ ისღა დარჩენიათ, ქუჩაში გამოვიდნენ დასაკრავად. გამოდიან კიდეც. შენ კი ხშირად იძულებული ხარ ხურდა ფულით დაეხმარო მათ, რადგან ზოგიერთი მათგანი გზაზე გეღობება და წარმოდგენას გიტოვებს, თითქოს იმ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფული დაგედო ვალად, რომელზეც გავლით მოხვდი. ვერ ვიტან ასეთ მოძალადეებს.

ერთ მუსიკოსს ვიცნობდი, მეუბნებოდა, ხურდების ჩხრიალს მოვკრავ თუ არა ყურს, არა აქვს მნიშვნელობა სად ვარ და რა ვითარებაში, ხელი გიტარისკენ ინსტინქტურად გამირბისო. მაგრამ ეს უკვე სიმთვრალის იმ ფაზაში იმყოფებოდა, რომლისთვისაც სულ ერთია დაეხმარებიან თუ არა, ადამიანებიც სულერთია და საერთოდ, რომ მიხვიდე და ჰკითხო, ჩვენ შორის რომელი ხარ შენო, შეიძლება ვერც გაგცეს სწორი პასუხი.

უცებ მოულოდნელი რაღაც მოხდა. დავინახე, იქვე მდებარე რესტორნიდან გამოსულმა ორმა ღიპიანმა მოქალაქემ როგორ შეანელა ფეხი მუსიკოსის წინ. ესენიც არანაკლებ იყვნენ მთვრალები. მიუბრუნდნენ მუსიკოსს და ლაპარაკი დაუწყეს. მათი საუბარი არ მესმოდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ თანდათან იძაბებოდა მდგომარეობა. ერთი, რაც გავიგონე, ღიპიანების მხრიდან ნათქვამი „პიდარასტი“ იყო. მერე უცებ მოხდა ყველაფერი: მუსიკოსმა ხელი მოუქნია, მაგრამ დარტყმა იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ მის წინ მდგომი ღიპიანი არც გატოკებულა ადგილიდან, სამაგიეროდ თვითონ მოსდო ყბაში. მუსიკოსი დაეცა და წიხლებით შედგნენ.

ბევრი არ მიფიქრია, ადგილიდან წამოვვარდი, ჩვენ შორის მანძილი სირბილით დავფარე და ერთ მათგანს ფეხებით შევაფრინდი. გადატრიალდა და კედელს შეენარცხა ზურგით. მეორემ მუშტი გამომიქანა, მაგრამ მომზადებული დავხვდი, თავი დავხარე და ისე ოსტატურად ავიცილე, ფეხებს ვერ მომჭამდა ჟან კლოდ ვანდამი! სამაგიეროდ თვითონ ამოვიღე იდეალურად მისი შეწითლებული სიფათი მიზანში და მთელი ძალით ვლეწე. უგონოდ დავარდა ძირს. მიმოვიხედე და მივხვდი, რომ ამ შემთხვევას ზედმეტად მიექცია გამვლელების ყურადღება. მუსიკოსი სასწრაფოდ წამოვაყენე ფეხზე,  გიტარა ჩიხოლში ჩავადებინე და სასწრაფოდ დავტოვეთ იქაურობა.

– მადლობა – ის მკლავზე მებღაუჭებოდა – საყურე რო მეკეთა ეგ არ დაევასათ… ჩემი ბრალი…

– ვიცი – შევაწყვეტინე და „სელპაკით“ სახიდან სისხლი მოვწმინდე – შორს ცხოვრობ? უკვე დაღამდა და ჯობია სახლში წახვიდე.

აღმოჩნდა, რომ სულაც არ ცხოვრობდა შორს, მაგრამ ჩემი რჩევის მიუხედავად, არ აპირებდა სახლში წასვლას. ჯიბიდან ხურდები ამოყარა, ხელისგულზე დაიხვავა და თვლას შეუდგა. ახლომდებარე მარკეტში ორი ბოთლი „არგო“ იყიდა, საცხობში ფენოვანი ხაჭაპური და რვიანების ხაზვით მომადგა ისევ. გამომიწოდა. უარი არ მითქვამს. მთელი დღის უჭმელი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ხაჭაპური ცარიელი ცომი იყო, უხმოდ და გემრიელად ვჭამდი. მუსიკოსმაც ჩაკბიჩა პირველი ლუკმა, მაგრამ მოულოდნელად შეეცვალა გამომეტყველება და ჯიბისკენ წაიღო ხელი, ორმოცდაათთეთრიანი ამოარჩია და ისევ რვიანების ხაზვით მიადგა საცხობს:

– ცოტა ყველიც აგვიწონეთ, თუ შეიძლება…

ძლივს გამოვატყავე გამყიდველს.

კიბის საფეხურზე ჩამოვჯექით.

– შარიანი დღეები მიდგას, ძმაო. არ ვიცი, სავსე მთვარიანობას დავაბრალებდი, დანაშაულის რიცხვი საგრძნობლად მატულობს ამ დროსო, ჩემი ასტროლოგიით გატაცებული გელფრენდი მიბურღავდა ტვინს, მარა ცაზე ავიხედე წეღან და ახალივით გამოიყურება – ენას ძლივს იბრუნებდა პირში, თვალებს ქაჩავდა, საფეხურზე მჯდომი იქით-აქეთ ირწეოდა და დროდადრო აბოყინებდა – მოკლედ, იმისი თქმა მინდა, რომ მთვარისადმი ნდობა იმ ახვრებმა ამ საღამოს საბოლოოდ დამაკარგვინეს. ჩემ გელფრენდს კი არც აქამდე ვენდობოდი, ვიცი რომ წაკლა ნაბოზარია…

მისი ლოგიკა ძალიან მომეწონა.

– რა გქვია? – ვკითხე.

– მაქსი. შეგიძლია მაქსიმა დამიძახო. – მერე ოდნავ გადმოიხარა და ცნობისმოყვარედ მომაშტერდა თვალებში – რა მაგრად ჩხუბობდი. მე ბავშვობიდან ვერ ვქაჩავდი, პირველი დარტყმა კაი მარტო მაშინ გამომდიოდა, თუ მთელ დიხანიას ჩავდებდი მოქნეულში. მეორეს მოსაქნევად უკვე ძალა აღარ მყოფნიდა. თუ ავაცილებდი აი, მანდ მენძრეოდა, იმიტომ, რომ ვიცოდი, მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში ძირითადად ჩემი პიზდვით იქნებოდნენ დაკავებულები. ერთი პლიუსი მაინც აქვს ჩემ სისუტეს, იმდენად ადვილია ჩემი ცემა, რო თავში არასდროს მოსდით ჩემ წინააღმდეგ რკინა გამოიყენონ, მაგალითად დანა, ან პისტოლეტი.

– ესეიგი, ცივი იარაღით სიკვდილი არ გემუქრება – ვუთხარი.

– არანაირად. მაგრამ დიდი შანსია, ცემაში ამომხადონ სული. საერთოდ, იშვიათად ვაწყდები ამისთანა პათოლოგებს, საყურე რო აღიზიანებთ ჩემ ყურზე, ადრე უფრო ბევრი იყვნენ, მარა არი მაინც მომენტები. ძირითადად რესტორნიდან ახალგამოსული ღრუზინები არიან საშიშები, ჭკუა არ მოეკითხებათ…

ეჭვგარეშე იყო, დავმეგობრდებოდით.

 

3.

ჯიმის გაცნობა მხოლოდ ტრანშეშია შესაძლებელი, ან გზაში, რომელიც ტრანშესა და მის სახლს შორის მდებარეობს. მაქსიც ტრანშეში მდგომს გავაცანი.

მესამე დღეს დარეკა. როგორც გამიმხილა, პადზემკებში ნაგროვებ ხურდებს კოლოსალური რიცხვისთვის მიეღწია და დასალევად გვეპატიჟებოდა. მეც და ჯიმისაც.

– გააჯვას რა, ვიღაც პიდარასტების ნერვები არ მაქ. სად პოულობ მაინც იობანი ვ როტ?

მაინც დავითანხმე.

მოსაღამოვებული იყო, როცა მოსაცდელთან დავდექით და თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ ავტობუსს დავუწყეთ ლოდინი. დიდი დრო არ დაგვჭირვებია.

თავისუფლების მოედანზე მაქსი დაგვხვდა და რომელიღაც მიწისქვეშა ბარში გვიკრა თავი, რომელიც მისი ნაცნობებით იყო გამოტენილი. ბარი მსუბუქად იყო განათებული და მუსიკაც დაბალ ხმაზე უკრავდა.

ცალკე მაგიდასთან დავსხედით.

– საერთოდ, ღმერთისაც მწამს და ეშმაკისაც – დაიწყო მუსიკოსმა – ამიტომ გარკვეულ საკითხებს სიფრთხილით ვეკიდები. მაგალითად, ისეთ ამბავს, როგორიცაა სამოთხეში მოხვედრა. მე მაგრად მიყვარს ალკოჰოლი, სამოთხეში კი, მგონია, რომ ზედმეტ წესრიგში ცხოვრება მომიწევს და არავინ მომცემს უფლებას დავლიო, მითუმეტეს იმ რაოდენობით, როგორც ჩვეულებრივ ვეტანები.

ჯიმის არ გასცინებია. ჯერ კიდევ ზედმეტი სერიოზულობით უდგება მსგავს საკითხებს.

– მკრეხელობ – თქვა და აღელვების დასაფარად სიგარეტს მოუკიდა – ბიბლიაში მასე არ წერია.

– ჩემებურად მწამს. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ღმერთსაც აქვს იუმორის გრძნობა, იმიტომ, რომ ის ჩვენ გვაქვს. ხატად თვისად ხო შეგვქმნა ადამიანები?

ჯიმი ჩაფიქრდა. მუსიკოსმა ალბათ იგრძნო, რომ ამ იშვიათი მომენტით უნდა ესარგებლა და გადაწყვიტა აზრი დაესრულებინა.

– მაგრამ არც ჯოჯოხეთში მოხვედრა მაწყობს – გაგვიმხილა – მართალია, ალკოჰოლი იქნება, მაგრამ ალბათ მხოლოდ ეშმაკისთვის. ჩემ წინ ჩამოჯდება, ფეხს ფეხზე გადაიდებს, აუტანელ სიცხეში ცივი პივით ჩაიგრილებს ყელს, მოწევს და სახეში შემომაბოლებს. მე კი ჩემი ფეხები, მარადიული ნერწყვის ყლაპვისთვის ვიქნები განწირული. მოკლედ, იდეა მაქვს.

მომლოდინე მზერით მივაჩერდით, მან კი არაყი დაასხა ჭიქებში, ხელში ჭიქა აიღო, კვლავ მოგვიბრუნდა და თქვა:

– ისევ აქ უნდა ვიყოთ. ამ დედაშეცემულ სამყაროში. ცოცხლები და საღ-სალამათები. მოვილაპარაკეთ?

ეს აზრი ძალიან მომეწონა.

– შევთანხმდით! – ვუთხარი და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ. მცირე პაუზის შემდეგ ჯიმიც აგვყვა.

ვატყობდი, რომ რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო ნაკლებად აღიზიანებდა მუსიკოსის საყურე.

არაყს და ლუდს ერთმანეთში ვურევდით.

– ფანატიკური მორწმუნე მე არ ვარ.  ისლამისტებში რო არიან, ეგრეც ნუ მიყურებთ – ჯიმი რაც უფრო მეტს სვამდა, მით უფრო ივსებოდა უკმაყოფილებით.

– არ გიყურებთ – ვცადე დამემშვიდებინა.

– თავებს რო იფეთქებენ – განაგრძო – რა პონტში იფეთქებენ ბლიად თავებს? ვიღაცა სირების გამო, ვიღაცა ავღანეთის პრეზიდენტის, ალი ბაბების გამო…

– ბინ ლადენის – შევუსწორე. მაქსი გაკვირვებული გვიყურებდა, მე კი მიჩვეული ვიყავი – პრეზიდენტი კი არა, ტერორისტია და ამასთან, კიდევ ერთი ახალი ამბავი მაქვს შენთვის: უკვე ტრუპია, გაასაღეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯიმის 4 წლის განმავლობაში იშვიათად ვნახულობდი, ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ ბინ ლადენის სიკვდილის ამბავი გამორჩენოდა.

მუსიკოსს გავხედე, ეღიმებოდა, მაგრამ თავს იკავებდა.

– ვინ, ეგ როჟა დაბრიდეს? – გაოცებისგან სკამიდან წამოიწია. როგორც ჩანს, ვერ გარისკა მეორედ მოეხსენებინა სახელით.

– ნამდვილად!

– ვახ, ბლიად, აბა, ისევ რატო იფეთქებენ სხვები თავებს?

– იმიტომ, რომ იდეას ვერ მოუხერხეს ვერაფერი – საუბარში მუსიკოსი ჩაერთო – ვიღაცის სიკვდილი იდეის დასამარცხებლად არ კმარა.

მივხვდი, რომ ჯიმისთვის საკითხი ზედმეტად ფილოსოფიური გახდა…

ბევრი დავლიეთ.

ბარიდან უგონოდ მთვრალი გამოვედი. ჯიმის და მაქსს გამოვემშვიდობე და სახეტიალოდ დავაწექი. ქუჩები დაცარიელებულიყო. მოსასვენებელ სკამზე ჩამოვჯექი, ფეხები სიგრძეზე გავშალე, საზურგეს გადავაწექი და სიგარეტს გავუკიდე. დიკენსის რომელიღაც გმირივით ვგრძნობდი თავს, ოღონდ ზუსტად ვერ ვიხსენებდი, რომელივით. დიკენსთან მთელი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დაკავშირებული, ძირითადად ადრეული პერიოდი, ბავშვობის.

ჩემს ბავშვობაში კი ყველაფერი მახინჯი იყო, მაგრამ ბუნებრივი. ის იქ არსებობდა, შენობათა დარღვეულ კონსტრუქციებთან, მტვრიან კედლებში მოყოლილი, რომ ბეტონის ჩამოფშვნილ ფილებს შორის გაჩხერილი სათამაშოები  -კონსერვის ჟანგიანი ქილა, ასანთის დამპალი კოლოფი, სისხლიანი შპრიცები თუ სიგარეტის დანესტილი ბიჩოკები ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის გადაერჩია.  ბავშვური გულმოდგინებით ვუნდებოდი მუდმივად რაღაცა ახლის ძიებას და ამას თამაში დავარქვი; იმასაც, როცა კედლებზე დავძვრებოდი, გაჩერებული ქარხნებიდან ალუმინის და სპილენძის მავთულების მოსაპარად, ცეცხლმოკიდებული ასანთის ღერს პირში ვიდებდი, ან ხელნაკეთი ასაფეთქებლებით ჯიბეგამოტენილი უბნიდან უბანში გადავდიოდი; როცა ღამე, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ჩუმად გადაპარული ჩემივე სკოლის ეზოში ქვებს ვუშენდი სადამრიგებლო კლასის ფანჯრებს, გაბმული ლაწალუწის ფონზე კი, ყველა შურისმაძიებლის სახეზე კმაყოფილების ცეცხლი კრთოდა.

სიბნელე იმუქრებოდა, სანამ დღე იყო, ან ადამიანებს ჯერ კიდევ შეეძლოთ მზის შუქზე ერთმანეთი გაერჩიათ, ისინი პურის ტომრებით, „კლეჩატნი“ ჩანთებით ხელში, უკრაინული ველოსიპედებით თუ ბენზინის კანისტრებით ქუჩებს ედებოდნენ, ესალმებოდნენ, რიგში დგებოდნენ, ერთმანეთს აგინებდნენ და აფურთხებდნენ, ეხუტებოდნენ და ერთმანეთის გამო მოთქვამდნენ. საღამოს კი, როცა დაღლილ- დაქანცულები მიათრევდნენ ფეხებს თავიანთი ბნელი სოროებისკენ, რომლის ერთი ფანჯრიდანაც ლამპის ოდნავ მბჟუტავი სინათლე გამოკრთოდა და კარებთან დადარაჯებული მშიერი ბავშვები ეზოს იკლებდნენ ყვირილით: „მამა მოვიდა, დეეე!“,  გარეთ, ყველა ქუჩის კუთხეში კომენდანტის არაოფიციალური საათი ძალაში შედიოდა. ქუჩები, ჩიხები, ბნელი მოსახვევები, ერთმანეთთან რიგში მდგომი უამრავი გაბზარული კორპუსის შემოგარენი, ძრწოლაატანილ ქალაქს პოსტაპოკალიპტური მოჩვენებებივით ზემოდან რომ გადმოჰყურებდა, „ბაბოჩკიანი“, „სპიცებიანი“ და ავტომატიანი ლანდებით ივსებოდა. ისმოდა ჩურჩულის, გასროლის, ყვირილის ხმა. დაგვიანებული მგზავრები, ან საქმეს კანტიკუნტად შემორჩენილი ადამიანები, რომელთაც შემოღამებოდათ, მთავარი გზებით სიარულს თავს არიდებდნენ, უცხო ბილიკებით, სასაფლაოებით ჭრიდნენ, მიცვალებულთა ახალგათხრილ სამარეებში რიგრიგობით ცვიოდნენ და ხშირად დილამდე ყურყუტებდნენ იქ…

ზუსტად არ მახსოვს როდის, ალბათ მაშინ, როცა ქუჩაში გატარებულმა კიდევ ერთმა დღემ დრამატულად ჩაიარა და კიდევ ერთ მეზობელს ფეხბურთის თამაშის დროს ფანჯარა წარმატებით ჩავულეწე, ჩემი ყურადღება დანთებულ ღუმელთან მიგდებულმა წიგნის ყდამ მიიპყრო. „დევიდ კოპერფილდს“ რამდენიმე გვერდი აკლდა, ძირითადად თავში, მაგრამ ვიგრძენი, რომ  ჩემთვის რაღაც ახალს და ახლობელს ვეზიარე. ახალი გასართობი გამიჩნდა, სინამდვილისგან დროებით გაცლის საშუალება. ამის შემდეგ, ყოველ საღამოს, ცენტრში ოვალურად გახვრეტილ რვეულის ფურცელს ლამფას ვარგებდი მეტი სინათლის დასაღვრელად და წიგნების ჯადოსნურ გვერდებზე და ზღვა თავგადასავლებით აღსასვე სამყაროსკენ მიმავალი გზის გასანათებლად. ერთგვარად, ასე ვასვენებდი გონებას საკუთარი ცხოვრების მომაბეზრებელი ნაწილისგან – „ტურბოს კევებზე“, გადასაყვან „ნაკლეიკებსა“ თუ „პიკნიკის“ პეჩენიებზე დაუღალავი ფიქრისგან, „მარტო შენი დედამოვტყანისგან“, ან, უფრო მოგვიანებით, იმისგან, რასაც შეიძლებოდა დარქმეოდა ჯანსაღი კრიმინალური ინერცია: 15 წლის ასაკში „ბოზობისთვის“ დაჭრილი სხვაუბნელი და ძმაკაცური – „პუტიოვებთან“, რომელთაგანაც სულ უფრო ნაკლებადღა თუ ხდებოდა ვინმე ქურდი.

წლები გადიოდა, ბოძებზე მავთულგადახლართული, კიბეებიდან ჩამოცვენილი ადამიანების, ქუჩებში მწყობრიდან გამოსული, მიტოვებული ტრაქტორების და ცეცხლს მიცემული უამრავი საბურავის ფონზე, მძიმედ, მაგრამ ბუნებრივად, და ერთ მშვენიერ დღეს ამ ბუნებრიობამ უმაღლეს სასწავლებელში ამომაყოფინა თავი.

მერე კი, რაც მოხდა, დიკენსის კისერზე იყოს…

– შეიძლება აქ ჩამოვჯდე?

სკამიდან კინაღამ გადმოვვარდი…

ჩემ წინ უცნობი გოგო იდგა, უცნაური ჩაცმულობით, უზარმაზარი ზურგჩანთით  და თითით იმ სკამზე მანიშნებდა, რომელზეც ვიჯექი…

 

 

4.

თავს უიღბლოდ უფრო ხშირად ვთვლი, ვიდრე იღბლიანად. ჰო, ნამდვილად ასეა. ჰოდა, ზოგჯერ, ჩემგან უიღბლობის გააზრება ზედმეტად ყოვლისმომცველი ხდება. სწორად უნდა გავიგოთ ეს ამბავი, ანუ – რაღაც შეიძლება ყოვლისმომცველი იყოს, მაგრამ ზედმეტად მაინც არა. ჩემ შემთხვევაში კი ზედმეტად ეხება საქმე საკითხს, უფრო ზუსტად კი, იმდენად უიღბლო დილემას, როგორიც საკუთარ უიღბლობაზე ფიქრი და წუხილია. საილუსტრაციოდ იმ რამდენიმე შემთხვევის გახსენებაც იკმარებს, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტობუსით ან მარშუტკით მგზავრობისას, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გადამხდენია თავს. მაგალითად, ვდგავარ  მგზავრებით გადაჭედილ ავტობუსში და სახელურზე ჩამოკიდებული ვცდილობ, ცალი ფეხისთვის მაინც მოვიპოვო დასაყრდენი. მშვიდად ვმგზავრობ, ერთი სიტყვით. უცებ დამწვრის სუნი დგება ავტობუსის მთელ სალონში და  შეწუხებული ხალხი  ცხვირზე იჭერს ხელს. მძღოლი მოძრაობას აჩერებს, კარს აღებს და ხმამაღლა აცხადებს:

– ავტობუსი გაფუჭდა. დაცალეთ აქაურობა.

უკმაყოფილო ხალხი ნელა ჩამოდის ავტობუსიდან და თავში აზრადაც არ მოსდის, რომ მისი მწყობრიდან გამოსვლა ტექნიკური გაუმართაობის კი არა, ჩემი უიღბლობის ბრალია, თორემ შემოტრიალდება და მოურიდებლად გაგლეჯს შუაზე სტუდენტს, რომელიც ამ დროს დამნაშავე თვალებით ცდილობს იპოვოს უსაფრთხო ადგილი და გაერიდოს იქაურობას.

ზუსტად სამი საგნის შეტენვა დამჭირდა იმისთვის, რომ ჭკუა მესწავლა და 3 საათით ადრე გამოვცხადებულიყავი გამოცდებზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ საკუთარი უიღბლობა, რა თქმა უნდა, მაწუხებს, მაგრამ იმაზე მეტად ნამდვილად არა, რომ სხვებიც ხშირად ხდებიან მსხვერპლი ჩემი უიღბლობის. ყოველთვის, როცა ასეთი დღეები ერთმანეთს გადაებმება, უხასიათობა მიპყრობს და სახლში ვიკეტები. თავს ვირწმუნებ, რომ თითქოს ზიანის მომტანი ვარ სხვებისთვის, მაგრამ ასეთი პერიოდი დიდხანს არ მიგრძელდება. საკმარისია ერთი წიგნი წავიკითხო სახლში გამოკეტილმა, რომლის წაკითხვასაც სხვა დროს ვერაფრით ვასწრებ, და აღვფრთოვანდე, რომ გული მომიბრუნდეს სამყაროზე. აი, ეს გრძნობა უკვე ბევრს ნიშნავს ჩემთვის და თავს იღბლიანად ვთვლი. ვხვდები, რომ ჩემთვის მთავარი და ერთადერთი იღბალი წიგნია.

უცებ გავიფიქრე, რომ ეს გოგო, ღამის 4 საათზე ჩემ გვერდით რომ იჯდა სკამზე, საკუთარ ზურგჩანთაზე ფეხები შემოეწყო და საზურგეზე ჩემსავით გადაწოლილი ვარსკვლავებიან ცას აჰყურებდა, წიგნი იყო, რომელიც არ ვიცოდი რამდენი გვერდისგან შედგებოდა. მთვრალი ვიყავი. მთვრალებს კი ასეთი ფიქრები მიეტევებათ… გადავწყვიტე პირველი გვერდი გადამეშალა.

სანამ შენ მოხვიდოდი, დიკენსზე ვფიქრობდი-მეთქი, ვთქვი ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს.

არც თვითონ გამოუხედავს ჩემკენ და, დიკენსზე საერთოდ, თუ მის რომელიმე ნაწარმოებზეო?

„დევიდ კოპერფილდზე“-მეთქი. მაგრამ მახსოვრობის პრობლემაა თუ რას დავაბრალო არ ვიცი და, ვერაფრით ვიხსენებ წიგნში რა ხდება, მარტო ის მახსოვს, რომ ობოლი იყო-მეთქი.

მე ზუსტად მახსოვს, თუ გინდა მოგიყვებიო.

ახლა კი გავიხედე გვერდზე. არც კი შერხეულა. ისევ ისე აჰყურებდა ცას, მშვიდი სახით, თითქოს ზუსტად იცოდა იქ რა ხდებოდა.

სხვა დროს რომ იყოს-მეთქი?

არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაიღიმა.

ოდნავ მივიჩოჩე მისკენ.

ასეა, არც პერსონაჟის სახელი მემახსოვრებოდა დიკენსს რომანისთვის რომ არ დაერქმია, შენ რა გქვია-მეთქი?

დარწმუნებული ხარ, რომ დაიმახსოვრებო?

კი, კი, მაგას დავაკვირდი, ქალების სახელები ეგრევე მამახსოვრდება, მაგალითად: ჯეინ ეარი, ანა კარენინა, მადამ ბოვარი და ვეფხისტყაოსნის ყველა ქალი პერსონაჟის სახელიც შემიძლია ჩამოგითვალო-მეთქი.

ვეფხისტყაოსნის გარდა ყველა ჩამოთვლილ ნაწარმოებს ის სათაური აქვს, რაც მათ პერსონაჟ ქალებს ჰქვიათო.

შენც ეგრე დაგიმახსოვრებ-მეთქი, წიგნის სათაურად…

გაეცინა და პირველად მოატრიალა თავი ჩემკენ. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.

საკის მეძახიანო.

შევათვალიერე. თაფლისფერი თვალები ჰქონდა საკის, დატყავებული თითები, ფეხზე ბათინკები ეცვა, რომელსაც ტალახი ჰქონდა მიმხმარი და გრძელი შარვლის ტოტები მუხლებამდე აეკეცა. ეტყობოდა, რომ შორიდან მოდიოდა, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებდა, თუ სათ აპირებდა წასვლას. ვკითხე…

აღმოსავლეთისკენ, მაგრამ მანამდე აქ ვაპირებ გაჩერებას რამდენიმე დღითო.

მაშინ კი დავინტერესდი, საიდან მოდიხარ-მეთქი?

გრძელი ისტორიაა, 4 წელია დავდივარ, ჩემი ქვეყანა მომენატრა და მხოლოდ ამიტომ ჩამოვედი, მაგრამ დროებითო.

და ასე, მარტო დადიხარ-მეთქი?

თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

ჩემ მთვრალ გრძნობებზე საკის ნათქვამმა მაპროვოცირებელად იმოქმედა და გონებაში ამბის შეთხზვა დავიწყე, გოგოზე, რომელსაც მუდმივი ხეტიალის შედეგად არეკლილი სამყარო დროის ერთი მონაკვეთიდან მეორეში უნდა გადაეტანა. და ამ ანარეკლმა დამახვია ალბათ თავბრუ, რადგან მოულოდნელად ვიგრძენი, ჩემთვის უცნობი სამყაროს უსასრულოდ გრძელ და ველურ ყვირილად როგორ გადანაწილდა მის თვალებში, ხმაში, თითებში, თმის თითოეულ ღერში. პირველად ვხედავდი პირამიდებს, მესმოდა მათი, უდაბნოს ქვიშისფერი შუადღეების თუ ამაზონის გაუვალი ტყეების, აცტეკების ძველი ნასახლარების, და წყალუხვი ჩანჩქერების, დიდი ტბების. ის კი ჩემ წინ იჯდა და ვითომ არაფერი, მშვიდად მიყურებდა თვალებში. აშკარა იყო, რომ არაფერი იცოდა ამის შესახებ და როგორმე უნდა გამეგებინებინა, მაგრამ თვითონ დამასწრო საუბრის გაგრძელება…

რა პროფესიის ხარო?

პირდაპირ ვუთხარი, რომ ჩემ პრაქტიკულ პროფესიას მიწის თხრა ერქვა და რადგან გაკვირვება შევატყვე სახეზე, ავუხსენი, რომ იქ მუშაობის დასაწყებად ფილოლოგის დიპლომის აღება გახდა საჭირო და ერთ-ორ წიგნთან ურთიერთობის გამოცდილებაც ამიტომ მქონდა.

ღიმილით მითხრა, რომ არ უნდა მენერვიულა მომავალზე, რადგან მას ვარსკვლავები განსაზღვრავდნენ.

რა-მეთქი, სკამიდან წამოვვარდი.

ვერ მიხვდა რა დამემართა და რა მოხდაო, მკითხა.

შემთხვევით შენ მაქსს ხო არ იცნობ-მეთქი?

არაო.

ღრმად ამოვისუნთქე და მსუბუქად დავეშვი სკამზე. მაქსი ჩემი მეგობარია, ვუთხარი, მუსიკოსია და ასტროლოგიის არ სჯერა, ამ ბოლო დროს კი განსაკუთრებით სავსე მთვარისადმი შეერყა რწმენა-მეთქი… ანუ ჩვენთან როგორაა საქმე, ვარსკვლავებისთვის წინასწარ ცნობილი იყო ის ამბავი, რომ ერთმანეთს შევხვდებოდით?

მთლად ეგრეც არაა, რომელი ზოდიაქოს ნიშანის ქვეშ ხარ დაბადებულიო?

ამ კითხვაზე პასუხს ყოველთვის გავურბივარ-მეთქი.

გაეცინა, ქალწული ყოფილხარ – ერთადერთი ადამიანური ნიშანიო. ჩანთისკენ დაიხარა, მათარით წყალი ამოიღო და დალია. მერე მე გამომიწოდა. დავლიე.

საშუალება რომ მომეცეს წარსულში დაბრუნების, იმ გამოცდილებით რაც ახლა მაქვს, მაინც ფილოლოგიას ავირჩევდი სპეციალობად და ტრანშეში ჩავდგებოდი, იმიტომ, რომ ჩემთვის ერთადერთი იღბალი წიგნია-მეთქი.

მიყურებდა, ვიგრძენი, მაგრამ თავი არ მიმიბრუნებია მისკენ.

სხვა თუ არაფერი, წარმოიდგინე, მე რომ ტრანშედან არ დამეწყო, არც ამ ბაღში აღმოვჩნდებოდი, ამ სკამზე, და შენც ვერ გნახავდი. მაცლი შენს წაკითხვას-მეთქი? მისკენ გავიხედე. ბინდი ნელა იცრიცებოდა და დავინახე, რომ ღიმილი ეფინა სახეზე, ოდნავ შესამჩნევი და ნათელი.

რა მქვიაო? – მკითხა.

საკის გეძახიან-მეთქი, ვუპასუხე.

ჩემკენ ფრთხილად გადმოიხარა და მაკოცა…

 

5.

„დევიდ კოპერფილდი“ არ მახსოვს. მხოლოდ იმ შთაბეჭდილებას ვუტრიალებ, რომელიც მისი წაკითხვის დროიდან მომყვება. ეს კი, როგორც უკვე ვთქვი, ბავშვობასთანაა დაკავშირებული. ერთხელ ბუკინისტებში ზუსტად იმ გამოცემას გადავეყარე, რომელიც მე მქონდა წაკითხული და გამყიდველს ნისიაზე შევუთანხმდი. წიგნი ავიღე და უნივერსიტეტის ბაღში, სკამზე ჩამოვჯექი. კაი ხანს ვუტრიალებდი, გადავშალე კიდეც, მაგრამ სიტყვაც არ წამიკითხავს. ვერ გავბედე, იმიტომ რომ ვიგრძენი, ჩემი ბავშვობის შთაბეჭდილებას დიკენსზე მეტადაც კი ვენდობოდი და არ მინდოდა ის ახლით ჩამენაცვლებინა. იქნებ ემოციურად ისე ძლიერად ვეღარ ემოქმედა, როგორც ბავშვობაში. მჯეროდა, რომ ყველაფრის შენახვა შეიძლებოდა, მათ შორის ემოციისაც და მე ერთ-ერთი შთაბეჭდილების დაკონსერვება მქონდა მტკიცედ გადაწყვეტილი. როცა საკიმ მითხრა, შემიძლია კოპერფილდი მოგიყვეო, ჩავთვალე, რომ შემოთავაზება საფრთხის შემცველი არ იყო, რადგან მის წაკითხვას არ გულისხმობდა. მეორე დღეს გავახსენე და დავთანხმდი. როდისო? შემეკითხა. ხვალ… სანამ გამგზავრებას დააპირებ, იმაზე ერთი დღით ადრე-მეთქი. ავლაბარში, პატარა სასტუმროში აიღო ბინა ორი დღით.

მთელი დღე ტრანშეში გავატარე. საღამოსკენ დაღლილობა ზედმეტად მომაწვა. ფეხზე ძლივს ვიდექი. წინა ღამის უძილობის ბრალი იყო. ბრიგადირს დღის განმავლობაში ჩემი გათხრილი ტრანშის სიგრძე ფურცელზე ჩავანიშნინე, ჯიმის გამოვემშვიდობე და საკის პირდაპირ სასტუმროში მივაკითხე. აბაზანაში ვარო, გამომძახა, რომ დავაკაკუნე. კარი შევაღე და სავარძელში ჩავჯექი…

თვალები რომ გავახილე, სისხამი დილა იყო. სავარძელში გვერდულად ვიყავი მიწოლილი, საკი კი ჩემ წინ, ლოგინზე იჯდა, თავისი უზარმაზარი ზურგჩანთა ფეხებთან დაედო და გაღიმებული მომჩერებოდა.

ადგილიდან წამოვხტი, დილა მშვიდობისა-მეთქი, ვუთხარი და გამოსაფხიზლებლად ოთახში წინ და უკან სიარულს მოვყევი. დილა მშვიდობისა, პირზე წყალი შეისხი და გავედითო.

არ მიყვარს, როცა მძინარეს მიყურებენ! იქნებ ვხვრინავდი კიდეც? რას გაიგებ…

8 საათზე ქალაქიდან გამსვლელ მთავარ გზაზე ვიდექით. საკის წინ ხელი ჰქონდა გაშვერილი და ჩვეთვის საჭირო მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების გაჩერებას ცდილობდა. შენ ხელს მიშლიო. რა-მეთქი? შენ რო დგახარ არ მიჩერებენ, ცოტა შორს დადექიო. ავტოსტოპით სიარულის არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ამ ამბავშიც მალე გავერკვიე. მივეფარე თუ არა თვალს, საკის რომელიღაცა მარკის წითელმა მანქანამ გაუჩერა. მანქანებში საერთოდ ვერ ვერკვევი და მხოლოდ ფერებით ვცნობ, ამ ბოლო დროს კი, როგორც დავადგინე, თურმე ფერმა შეიძლება საავტომობილო მარკის არასწორი დეფინიცია გამოიწვიოს. მაგალითად, მანამდე ყველა წითელი მანქანა ტოიოტა მეგონა, შავი – ბმვ და ასე შემდეგ. რატომღაც, ბავშვობიდან ასე  მქონდა გონებაში ღრმად ჩაბეჭდილი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ჩემი მეთოდი სანდო არ იყო. ამიტომ, როცა სამალავიდან გამოვედი, სანამ ჩავსხდებოდით, მოვასწარი  და საკის ვკითხე, რა მანქანაა-მეთქი. რაღაცა უცხო მარკა მითხრა, ჯერ არ მსმენოდა, და ვეღარ დავიმახსოვრე. სამაგიეროდ მივხვდი, რატომ მთხოვა საკიმ მისგან შორს დავმდგარიყავი. იმიტომ, რომ მძღოლები გოგოების ხათრით აჩერებენ გზებზე მანქანებს. თან მარტო იმიტომ კი არა, რომ პატივისცემას გამოხატავენ. იმიტომაც, რომ მათ დანახვაზე სირები უბრიქინდებათ.

მძღოლი ახალგაზრდა ტიპი იყო, ჩემი მოულოდნელი გამოჩენა დიდად არ გახარებია, მაგრამ ამაზე არ ვდარდობდი.

2 საათში მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. სამი მანქანის გამოცვლა დაგვჭირდა. მეორე თეთრი ფერის იყო, მესამე კი ლურჯი…

საკიმ მითხრა, რომ აქედან ფეხით უნდა გვევლო, თან რუკა ჰქონდა გაშლილი და დროდადრო დაჰყურებდა. მიმართულება დააზუსტა და გზას გავუდექით.

თავდაპირველად ქვაღორღიან გზაზე მივდიოდით. როგორც კი დასახლებულ ადგილებს გავცდით, აღმართმა მოიმატა. ზურგჩანთას მე ავიკიდებ-მეთქი, შევთავაზე. იყოს, მიჩვეული ვარო. არც ჩავციებივარ. დაიღლება და მეტყვის-მეთქი. ბილიკი, რომელსაც მივყვებოდით, დროდადრო გვეკარგებოდა, მაგრამ ვახერხებდით პოვნას. რანაირი ადგილები აღარ გავიარეთ – დაბურული ტყეები, ტრიალი მინდვრები თუ ეკალ-ბარდებით მოფენილი ველები, ნაკაწრებიდან სისხლი გვდიოდა, მაგრამ საკის არცერთხელ არ დაუწუწუნია. თავდაჯერებული მიიწევდა წინ. ვუყურებდი და თავში აზრად არ მომსვლია მეკითხა, სად მივდიოდით. იმ მომენტში მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ ერთად ვიყავით და შემეძლო აღმართში ასვლისას მივშველებოდი, ან მდინარეზე გადასვლისას ხელი გამეწოდებინა მისთვის. თუმცა, საკის ეს მაინცდამაინც არ სჭირდებოდა. დიდი ხნის სიარულის შემდეგ, ის შეჩერდა. მეც შევანელე ნაბიჯები. მივხვდი, რაღაცას ყურს უგდებდა, სმენა დავძაბე და წყლის ვარდნის ხმა გავიგონე. მგონი მოვედითო…

ლამაზი ჩანჩქერი იყო. დაახლოებით ოცდაათი მეტრის სიმაღლიდან ეცემოდა.  ირგვლივ ერთიანად ხავსი მოსდებოდა და ისეთ განცდას გიტოვებდა, თითქოს მწვანე იყო გარშემო ყველაფერი, წყალიც კი.

ჩენჩქერს შევუდექი და ცოტა გავგრილდი. სანამ მოსაღამოვდა, ხის პატარა ტოტები შევაგროვე და შედარებით მშრალ ადგილას ცეცხლი დავანთე. საკი კარავს შლიდა, ჩემი დახმარება არ დასჭირვებია, ხუთ წუთში მორჩა საქმეს. მერე პარალონი წამოიღო, ცეცხლის პირას დააფინა და დაჯდა. ვჭამეთ და ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც.

მოგწონს აქაურობაო? მკითხა.

კი-მეთქი და გავიხედ-გამოვიხედე. ჩანჩქერის ხმაური სმენას სასიამოვნოდ სწვდებოდა, ფოთლები ფრთხილად შრიალებდნენ და თითქოს რაღაცის ერიდებოდათ. ჩემ გვერდით საკი იჯდა, ცეცხლის პირას, სახეზე ალი დასთამაშებდა და თვალებში სამყაროს ანარეკლს ინახავდა, ყველაზე სრულყოფილს, რაც კი ოდესმე მინახავს.

პირველი შემთხვევაა თუ ასე სხვა დროსაც გიმოგზაურიაო?

არა, პირველი. საერთოდ, წარმოსახვა იმდენად მაქვს განვითარებული, რომ ნანახს აჭარბებს და იმედი ყოველთვის მიცრუვდება, ამიტომ, მოგზაურობებს თავს ვარიდებ-მეთქი.

მეოცნებე ყოფილხარო და გაიღიმა. საშინელი-მეთქი, დავეთანხმე. წარმოიდგინე, მხატვრული სინამდვილე უფრო მეტად მოქმედებს ჩემზე, ვიდრე თვითონ სინამდვილე. მაგალითად, როცა წიგნის გმირი კვდება, ნებისმიერი რეალური ადამიანის სიკვდილზე მეტად განვიცდი-მეთქი.

შენ თუ დაგიწერია რამეო?

ვუთხარი, რომ არასდროს, და ამხელა პასუხისმგებლობას თავზე ვერც ვერასდროს ავიღებდი.

მგონია, რომ წერა კარგად გამოგივაო, საიდან დაასკვნა არ ვიცი. მე კარგად მარტო კითხვა გამომდის, მაგრამ არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე კარგად-მეთქი, ვუთხარი და მისკენ ოდნავ მივიწიე.

ყოველ შემთხვევაში, შენსავით განათლებული მიწის მთხრელი არამგონია ბევრი იყოს, მე უბრალოდ გამიმართლაო.

ტაქსით რომ გემგზავრა ოდესმე, იქნებ უფრო გაგმართლებოდა-მეთქი. გაიცინა.

უცებ უხსოვარმა გრძნობამ შემომიტია თითქოს. თითქოს ადრეც ვმსხდარვართ ასე, გვერდიგვერდ, და ერთმანეთს ხმადაბლა ვესაუბრებოდით. აქ, ამ გაუვალ ტყეში, სადაც ნიავი შემოპარულივით მოძრაობდა ხეებს შორის და ჩანჩქერს აწაპნილი წვეთებით დროდადრო შუბლს გვიგრილებდა, თითქოს პირველად არ ვიყავი. მთელი ცხოვრება ამ უსაშველოდ გრძელ წამში რომ ჩატეულიყო, ალბათ ბედნიერს გამხდიდა-მეთქი, გავიფიქრე და მისკენ გადავიხარე, მთელი სხეულით დამნებდა… დიდხანს განვიცდიდი ზღვებს, მთებს, ტბებს, უდაბნოებს, ქარიშხლებს, წვიმებს, მთელ იმ სამყაროს, რომელთანაც ოდესმე ჰქონია კავშირი და ვგრძნობდი, მთელი ჩემი პლანეტა როგორ მიყვარდა, ეს უსაშველოდ გადაწელილი კონტინეტები მასზე და ოკეანეები მათ შორის. ჩემი ბურთივით მრგვალი დედამიწა მიყვარდა…

დილას, როცა ოქროსფერი სხივები დაეცა კარავს, გამომეღვიძა და გვერდზე გადავბრუნდი. გაღვიძებოდა და თვალებში მიყურებდა.

კოპერფილდიო?

სხვა დროს იყოს-მეთქი, რატომღაც მაინც ვუთხარი, ისე, რომ თვითონაც არ მჯეროდა ჩემი სიტყვების.

განშორებისას სიცხისგან დახეთქილ წითელ მიწაზე ვისხედით ზურგჩანთას მიყრდნობილები, ცენტრალური გზის პირას, და ცხელი ქარი თვალებში ქვიშას გვაყრიდა. მზე აჭერდა ძლიერად და ჩემს მკერდზე ედო თავი. იქნებ გადაიფიქრო და დარჩე-მეთქი, ვუთხარი. თავი ამოაბრუნა და ისე  ამომხედა. მისი მხრიდან, ახლა ალბათ  უკუღმა ვჩანდი და მომეჩვენა, რომ ამის გამო გაკვირვება აღებეჭდა სახეზე. დავიხარე და ვაკოცე. კოცნით არ უპასუხია. ჩუმად იყო. მივხვდი, ამაზე მეტად არ უნდა ჩავძიებოდი, რადგან ლოგიკურად შეეძლო ჩემთვისაც ეკითხა, თუ რატომ არ მივყვებოდი მე თვითონ, ურთიერთობაში კი, ყველაფერი ლოგიკური მასაც ისევე აშინებდა, როგორც მე. არც გამიმეორებია ჩემი სათქმელი. ჩუმად ვიყავით და ერთხანს მისი თმებიდან ადენილი ოფლის და მტვრის სუნს ვისუნთქავდი. ზუსტად ვიცოდი, როგორი სუნიც ასდიოდა იმ წუთას სამყაროს.

მერე ისე წამოდგა, ჩემთვის სიტყვა არ უთქვამს, ზურგჩანთა მოიკიდა, გზის განაპირას დადგა, გამვლელი მანქანა გააჩერა, ჩაჯდა და წავიდა.

შავი ფერის მანქანა იყო…

 

 

6.

 

შენი ოთახი საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შესაძლებლობაა. ამიტომ, მას ზოგჯერ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. არავისთან არასდროს ათანხმებ, რა ფერის ფარდა ჩამოკიდო ფანჯარაზე, ან ბოლომდე უნდა გადაწიო თუ სანახევროდ. ეს შენი ოთახის უპირატესობაა. ხშირად კი, როცა მარტო იღვიძებ და იმ ისტერიკულ სიჩუმეს უგდებ ყურს, რომელსაც საათის ტიკტიკი ინტერვალებად შლის, მაშინ არაფერი გინდა. არაფერი, არაფრის გარდა.

თუმცა როცა გირეკავენ, ზარს მაინც უნდა უპასუხო…

– ხო…

– ქვემოთ გელოდები. ჩამო…

– კაი.

ჩავიცვი და ვიდრე კარში გავიდოდი, წიგნების თაროსკენ გამექცა თვალი.

ჯიმი ქვევით დამხვდა და ნახევარ საათში ტრანშეში ვიდექით. უგულოდ ვთხრიდი. მართალია, არც აქამდე ჩამიქსოვია არასდროს გრძნობები, მაგრამ მოთმინება მაინც მყოფნიდა, მთელი დღე გამეძლო. ახლა კი ვეღარ ვძლებდი. უახლოეს მარკეტში არაყი ვიყიდე და ჯიმის დალევა შევთავაზე.

– დილიდან? რა გჭირს…

ბოთლს თავი მოვხსენი და  მოვიყუდე.

– მაქსი უნდა ვნახო – ვუთხარი ჯიმის.

ამომხედა.

– რაღაცა ხდება და არ მეუბნები?

– არა, უბრალოდ ვერ ვარ დღეს ჯანზე. არაფერი…

ტელეფონი ავიღე და მაქსს დავურეკე. თქვენთან მოვდიოდი, ხუთ წუთში მანდ ვიქნებიო. გზას მაქსთან ერთად გავუყევი. ჯიმი დარჩა. მშვენიერი გამოსავლისთვის მიგიგნიაო, გადაწყვეტილება მომიწონა მაქსმა, როცა ბოთლიდან არაყი გადაკრა. ტრანშე სად გაგექცევა და საერთოდ, ხომ არ გინდა საბოლოოდ ამოგიყვანო მანდედან? გიტარაზე დაკვრას გასწავლი და ერთად ვუბეროთ, არაყის ფული ყოველთვის გვექნებაო. გამეცინა. სმენა საერთოდ არ მაქვს-მეთქი. ოჰ, ისე მეუბნები, თითქოს ვინმე ვოკალურ მონაცემებს გიმოწმებდეს პადზემკაშიო. ეგ არა, მაგრამ დღეს მაგრად მინდა დავთვრეთ-მეთქი. რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამს.

ბარში ჩასვლამდე უკვე საკმაოდ ნასვამი ვიყავი და იქ კიდევ დავამატეთ.

– ეს დღეები სად დაიკარგე? – მკითხა და სიგარეტს მოუკიდა.

– ერთი გოგო იყო, მოგზაური… – ვუთხარი, მაგრამ აღარ გავაგრძელე.

– ჰაჰა…- მაქსმა ხმამაღლა გაიცინა – ექსტრემალი, არა?

გაკვირვებულმა შევხედე. ვერ მივხვდი რა აცინებდა.

– ხო. შეიძლება ეგრეც ითქვას.

– ასეც ვიცოდი. შენნაირ მდგომარეობაში მყოფ ბიჭთან რომ გადაწყვიტოს ყოფნა, გოგო შეუხედავი უნდა იყოს, იმედგადაწურული, ან ექსტრემალი. შეხედე შენს თავს – და მაისურზე მანიშნა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ტრანშეს მტვერი. ჩამოფერთხვა ვცადე და მერე მეც სიცილი ამიტყდა.

– ძაან რომ მოვინდომო, ვერც მოვატყუებ, ტრანშე ტანსაცმელზე მახატია.

– ზუსტად! – მაქსი იცინოდა – მერე ახლა სად არის ეგ შენი ექსტრემალი?

ხელი ჩავიქნიე.

– წავიდა. რიგითი გზაზე შემხვედრი ვიყავი. თავისი გზა ჰქონდა.

მაქსსა და ჩემ შორის სიგარეტის ბოლი დაგროვდა და ხელი გაიქნია, რომ უკეთ დაგვენახა ერთმანეთი. გაკვირვებული მიყურებდა.

– იმაზე თუ გიფიქრია, რომ ამდენ ფილოსოფიას ჯობდა ამდგარიყავი და უბრალოდ გაჰყოლოდი?

ჩავფიქრდი, მაგრამ დიდი ხნით არა.

– დავლიოთ – ვთქვი, მაგრამ მაქსმა დამასწრო.

– მაშინ ყველა მეოცნებეს გაუმარჯოს – და გადაკრა.

მეც დავლიე და მერე რაღაც გამახსენდა.

– სხვათა შორის, ასტროლოგიით იყო გატაცებული.

მაქსს მექსიკური კარტოფილი გადასცდა ყელში. წყალი დააყოლა და როგორც კი შეძლო ლაპარაკის გაგრძელება, თქვა:

– არაფრით არ უნდა ენდო, ძმაო. როგორ თქვი? წავიდაო? თავისი გზა ჰქონდაო? ხოდა შეეშვი, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. მაგათ ვარსკვლავების უფრო სჯერათ, ვიდრე ადამიანების. ყველაზე საშიში მაინც ისაა, რო თუ შენი დარწმუნებაც მოახერხეს, მერე მიდიი, ერთად უბერავთ, სინქორნში…

უგონოდ დავთვერი. მაქსიც, მაგრამ მე უფრო მეტად ვიყავი მთვრალი. გამომშვიდობებისას ხელი მხარზე დამადო, რაღაც უნდა გკითხო, როგორც ძმაკაცს, და არ დამიმალო იცოდეო. თავი დავუქნიე. დღეს რატომ დათვერიო? იმიტომ, რომ დიკენსი მაქვს წასაკითხი და ფხიზელზე ტრაკი არ მყოფნის-მეთქი. სახე შეეცვალა, ხო გთხოვე არ დამიმალოო, მაგრამ მე სიმართლეს ვეუბნებოდი. უბრალოდ, ამის ასახსნელად დრო არ მქონდა.

ბოთლი ავიღე და გზას გავუდექი.

ქუჩები აირივნენ, ერთმანეთში გადაიხლართნენ, შენობებმა რატომღაც თავდაყირა გადაწყვიტეს დგომა. კიბეზე თავს ძლივს ვიმაგრებდი, მაგრამ მაინც მოვახერხე ჩემს ოთახამდე მიმეღწია. კარი შევაღე და წიგნების თაროს მივუახლოვდი. „დევიდ კოპერფილდს“ მივწვდი, გადმოვიღე, შუქი ავანთე და მაგიდასთან დავჯექი. წიგნი გადავშალე, ვცადე წამეკითხა, მაგრამ ერთმანეთში აზელილი ასოების გარჩევას ვერაფრით ვახერხებდი. თითქოს ასოებიც ჩემსავით მთვრალები იყვნენ, წიგნის ფურცლებიდან გასაქცევად ემზადებოდნენ და ერთმანეთზე გადარბოდნენ. მივხვდი, რომ საშველი არ იყო, მაგრამ მხოლოდ ასეთი მთვრალი თუ გავრისკავდი მის გადაშლას, როცა ასოების გარჩევა და სიტყვებიდან აზრის გამოტანა მიჭირდა, ფხიზელს კი, სულერთია, მაინც არ მეყოფოდა გამბედაობა მის წასაკითხად. წიგნი დავხურე, ვიგრძენი, როგორ შემომაწვა სევდა და უცებ ბავშვობის მერე პირველად ავტირდი…

ცხოვრებას ვერცერთ მეტაფორას ვერ შეუსაბამებ, ის არც დრამას ჰგავს, არც კომედიას და, ესე იგი, არც რომელიმე სადგურს. მაშინ რა აზრი აქვს ერთ ადგილას ყოფნას? ტრანშეში დგომა? ტრანშეში დგომა აზრი ვერ იქნება, მით უმეტეს, თუ იმ უნივერსიტეტიდან ოციოდ მეტრში მდებარეობს, რომელიც სულ რაღაც ორი წლის წინ დაამთავრე…

ფეხზე წამოვდექი, დიკენსს დავხედე, ხელი არ მიხლია, იქვე დავტოვე, მაგიდაზე. ბოთლიდან არაყი მოვსვი და სახლიდან გამოვედი. ქვეყნის რომელიღაცა დასალიერი მედგა თვალწინ, სადაც თვალუწვდენელი ველებია და მარტოსული ჩანჩქერები, მთები, ან მეწამულისფერი ჰორიზონტები, რომლებიც ხარბად ეტანებიან ჩამავალ მზის სხივებს და ბოლოს ერთ ლუკმად არ ყოფნით ეს ამოდენა სიკაშკაშე… სადღაც იქვე, პატარა კარავი დგას, ის გოგო კი, მოგზაური, დევიდ კოპერფილდზე მიყვება.

გრილოდა. ცენტრალური ქუჩის განაპირას ვიდექი და საჭირო მიმართულებით მიმავალ მანქანებს ხელს ალალბედზე ვუქნევდი. ათი წუთი გავიდა, თხუმეტი, ოცი… მერე კი დავინახე, როგორ შეანელა ერთ-ერთმა სვლა, გაჩერდა და უკუსვლით დაიძრა ჩემკენ. ფეხებში ძალა გამომეცალა, ნაბიჯი ვერ გადავდგი. პირდაღებული მივჩერებოდი მოახლოებულ მანქანას, თვალებს არ ვუჯერებდი. წინა ფანჯრიდან მძღოლმა თავი გადმოყო და მოდიხარ თუ არაო, გადმომძახა. გამოვერკვიე. ხო, ხო-მეთქი, ვუთხარი და მისკენ წავედი. მანქანის უკანა კარი გამიღო და დავჯექი.

სად წამივიდოდა? რაც მთავარია, აღმოსავლეთის გზას ვადექი. მართალია, ტელეფონიც არ ჰქონდა, მაგრამ მიწაში რომ დამჭირვებოდა ჩაძრომა, მაინც ვიპოვიდი, მით უმეტეს, არავის ჰქონდა მიწაში ძრომის ჩემხელა გამოცდილება, ჯიმის გარდა. ჯიმის კიდევ ახლა ღრმად ეძინა. რამდენიმე საათში დავურეკავდი და გავაფრთხილებდი, რომ ჩემი კუთვნილი ხელფასიც აეღო საქმეს როცა მორჩებოდა  და ისე გამოეყენებინა, როგორც მოუნდებოდა. ან მაქსიც დაეპატიჟებინა სადმე და ერთად მაგრად დაელიათ. ისე დამთვრალიყვნენ, როგორც მე ვიყავი ახლა მთვრალი… მძღოლისკენ ოდნავ გადავიხარე და თუ შეიძლება, ერთი უცნაური კითხვა მინდა დაგისვათ-მეთქი.

მკითხეო.

ეს მანქანა რა ფერისაა-მეთქი?

გაკვირვებულმა გადმომხედა, მაგრამ მიხვდა, რომ უგონოდ მთვრალი ვიყავი და მწვანეო, მიპასუხა.

მგონი ოპელში ვისხედით…

© არილი

Facebook Comments Box