პოეზია

შოთა იათაშვილი – მტრედი იათაშვილი და სხვ. ლექსები

shota iatshvili 35635

 მტრედი იათაშვილი

მე მტრედი იათაშვილი ვარ.

მ. კოსტავას 46/50-ის ბინა 28-ში

ერთი კვირის წინ ჩავეწერე.

ქუჩის მხარეზე, აივანზე ვცხოვრობ,

ძველი კარადის სულ ზედა თაროზე.

აქ ძირითადად ცარიელი მტვრიანი ქილები

და ბოთლები ალაგია,

თუმცა არის ამჟავებული კომპოტები

და დაძმარებული ღვინოებიც.

საძინებელში ხანდახან

ხატია, ნატა, ანასტასია და დიტო იათაშვილები შემოდიან,

წამოწვებიან, ძინავთ, წიგნებს კითხულობენ,

უფრო ხშირად კი გაფაციცებულები

კომპიუტერს მისჩერებიან,

ამიტომ ვერ მამჩნევენ.

გადავფრინდები. გადმოვფრინდები.

მაგრამ უშედეგოდ.

და გული მწყდება.

მეც ხომ უკვე აქ ვარ ჩაწერილი,

მათიანი ვარ.

ერთადერთი შოთა იათაშვილი მამჩნევს.

ყოველ დილით,

გაიღვიძებს თუ არა,

გაშტერებული იყურება ფანჯარაში,

თავის ფიქრებშია,

მაგრამ მეც მაკვირდება,

და მეც გავხალისდები ხოლმე,

ვღუღუნებ,

მივქრი-მოვქრივარ,

შევხტები ჩემს ზედა თაროზე,

მერე გამოვფრინდები,

აივნის მოაჯირზე დავხტები,

კოსტავას ქუჩას გადავხედავ,

ვაკონტროლებ.

გაჩერებაზე ხალხი დგას,

სამუშაოდ მიეშურება.

ვიცი, შოთა იათაშვილიც ადგება მალე,

გაუყვება თავის გზას.

ნელ-ნელა დამივიწყებს.

საღამოთი ვერც კი შემამჩნევს.

მხოლოდ დილით,

როცა იღვიძებს,

მაშინ მხედავს და ახსენდება ხოლმე,

რომ მეც აქ ვცხოვრობ,

მტრედი იათაშვილი.

 

ახსნაგანმარტებითი ბარათი კულტურის სამინისტროს

დედა ალაგებს
ჩემი დედა სულ ალაგებს
დილით თუ ღამით
თავდადებით დაუზარელად
რაც თავი მახსოვს სულ ალაგებს
იმიტომ რომ ვუყვარვართ დედას
დედას ვუყვარვართ და ალაგებს
სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში უპრობლემოდ იოლად აღწევს
გვისუფთავებს უჯრებს ზედმეტ ნივთებს გვაშორებს
მერე რა რომ ამ პროცესში
იკარგება ხანდახან რაღაც
დანაკარგი უმნიშვნელოა –
მთავარია რომ სიყვარულით ალაგებს დედა
მერე რა რომ იკარგება ხანდახან ქვაბი – კოპლებიანი
სადაც უნდა მოიხარშოს ჩვენთვის ლობიო
ეგ არაფერი
პურზეც და წყალზეც კი გადავალთ
მთავარია დედამ ალაგოს და უხაროდეს
გრძნობდეს რომ გვერდში გვიდგას მუდამ და გვეხმარება
მერე რა რომ იკარგება გასაღები ხანდახან და
გარეთ ვეღარ გაგვიღწევია
ეგ არაფერი
ვისხდებით სახლში
მთავარია დალაგების ის აზარტი
რა აზარტმაც გასაღები უცებ გააქრო
მერე რა რომ იკარგება ზოგჯერ პასპორტიც
და მიფრინავს თვითმფრინავი ლაიფციგის ფესტივალისკენ
მე კი აქ ვრჩები
ეგ არაფერი
მთავარია მოხუც დედას საზრუნავი არ გამოელიოს
მთავარია მას ვუყვარდეთ
და გვილაგებდეს სამზარეულოს
კარადებს და წიგნის თაროებს
გვილაგებდეს მონდომებით და სიხარულით
და ასეცაა
დედა ალაგებს
ჩემი დედა სულ ალაგებს
დილით თუ ღამით
თავდადებით დაუზარელად
მთავარია თქვენ ეს გაიგოთ
მთავარია გაიგოთ რომ
ლაიფციგში თუ ბერლინში საკუთარი ლექსების კითხვას
მე მირჩევნია ალაგებდეს ჩემი დედა
ვუყვარდეთ და მტკიცედ სწამდეს
რომ ჩვენთვის იღვწის!

 

კორექტურა

ოთარ ჭილაძის ქუჩაზე,
კარლო კაჭარავას სახლთან,
გაურეცხავ მანქანაში
ვისხედით ორი პოეტი, ერთი პროზაიკოსი
და ერთიც კლდიაშვილი,
სანოტარო კანტორიდან გამოსულები,
და ვბჭობდით 85-ე მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის შესახებ,
თავს ვიმტვრევდით, როგორ გაგვესწორებინა
ორი ფატალური კორექტურა
სამკვიდროს მოსაპოვებელ საბუთებში და
ეს იყო თითქოსდა
“ერთი უმნიშვნელო ეპიზოდი პოეტის ცხოვრებიდან”,
ანუ გიო საჯაიას ლექსის ახალი ინტერპრეტაცია,
სადაც კარლო კაჭარავას ეპიგრაფი გარდაისახა მის კორპუსად,
რომელიც გვერდში გიდგას და გულს გიმაგრებს,
ხოლო ოთარ ჭილაძე აღარ იჭმება,
მაგრამ შეგიძლია იდგე მასზე და
მისდამი აღავლინო ლოცვა,
სთხოვო, რომ დახმარება გაგიწიოს
ფატალური კორექტურების გასწორების საქმეში.

ოთარ ჭილაძის ქუჩაზე,
კარლო კაჭარავას სახლთან,
სანოტარო კანტორაა მწერლებისათვის…

 

როგორ ამოვიღო

ვზივარ და ვფიქრობ,
როგორ ჩავატიო ამხელა სიყვარული
ერთ უბრალო ლექსში.

გიო საჯაია

ვზივარ და ვფიქრობ,
როგორ ამოვიღო ამხელა სიყვარული
ამდენი პრეტენზიული ლექსიდან.

როგორ ამოვიღო ოთხში ის შეყვარებული პოეტი,

მუდამ სულის ტკივილებით და

იესოს ციტატებით რომ მელაპარაკება,

არადა მე კბილი მტკივა და

პირველ რიგში ის უნდა ამოვიღო,

თუმცა ფელინის ნათქვამიც მახსენდება ამ დროს,

რომ ხელოვანმა არ უნდა აღწეროს

საკუთარი კბილის ტკივილი,

რადგან პუბლიკისთვის ეს არაა საინტერესო…

მახსენდება და ვბრაზობ,

რაღაც მაინცდამაინც ამაში დაუჯერა ყველამ ფელინის,

და არავინ ლაპარაკობს კბილის ტკივილზე

და ყველამ სულის ტკივილზე დაიწყო ლაპარაკი,

ისე, რომ თითქმის შეუძლებელი ხდება

ამხელა ტკივილების ამოღება

ამ გაპრანჭული ლექსებიდან და

სიყვარულის ამოღება კი

უკვე ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება.

ჰოდა, რაღა დამრჩენია სხვა,

ვზივარ მეც და ვფიქრობ,

როგორ ამოვიღო ოთხში,

როგორ ამოვიღო ოთხში

ეს ხუთოსანი ლექსები

და მათი ოროსანი ავტორები…

ჩემი ჰელოუინი

ეს ჩემი ჰელოუინია,
წავალ და ჟურნალს დავაკაბადონებ.
შავი ფრთებით მივფრინდები რედაქციაში და
ჩალურჯებული თვალით კორექტურას წავიკითხავ.
ავტორები შიშში იქნებიან.
არ ეცოდინებათ ბოლომდე,
მოხვდებიან თუ არა ამ ნომერში.
მერე იმ ბანკებს ჩავუქროლებ,
“შავი ხელით” რომ მაფრთხობენ,
ერთი დღით იქით დავცემ ზაფრას,
რადიოში გადავფრინდები
და ერთი ფრანგი მწერლის წიგნზე ვალაპარაკებ
დაბნეულ სტუმარს
პირქუში სიტყვებით.
ხმის რეჟისორს ვთხოვ და
ამ ხმას ტონალობას შეუცვლის,
შემზარავს გახდის.
ბოლოს ჩავფრინდები სახლში,
მაცივრიდან არაყს გამოვიღებ და გადავკრავ.
და საათი თორმეტს რომ დაჰკრავს,
სასაცილო ქუდს დავიხურავ,
მწვანე ლაბადას მოვიცვამ და
აივანზე ჩამოვჯდები თეთრი ყვავივით
ახალი დემონური ლექსის დასაწერად.
ეს ჩემი ჰელოუინია.
არ გაშინებთ, მაგრამ რა ვქნა,
მეც მინდა მქონდეს ჩემი ჰელოუინი.

ეპოქის უბედური
იყო ზაფხული,
ხელოვნური განათება
მწვანე ფოთლებს აბრჭყვიალებდა,
ჩიტები ალბათ არ ჭიკჭიკებდნენ,
მაგრამ მგონი ბევრიც არ უკლდათ,
ერთი ვითომ ახალგაზრდა
სხვა მასზე მეტად ახალგაზრდებს შორის ყოჩაღად
ჩამჯდარიყო და პირს იქაფებდა,
ბესპრედელის და პერესტრელკების
ეპოქიდან გადმოსროლილი
ჩარჭობილიყო კარგა მყარად
ლიტერატურის მუზეუმის განახლებულ ექსტერიერში
მელნიკოვას ლობიოს და
ლეონიძის ბიუსტს შორის,
მის მელოტ თავს შეჰყურებდა შამუგია და
მამამისზე ეფიქრებოდა,
ბადე ბაიდებს, ბუდე ბაიდებს
ცირა მუხლებზე გულფილტვს დაიდებს –
ფორმალიზმს ვერ ეშვებოდა
ასაკოვანი ყმაწვილკაცი,
დაცემულიყო ქადაგად და თავიც მოსწონდა,
და გაუსწორა უცებ მზერა
თმააჭრილმა ერთმა გოგონამ,
გაუღიმა ოდნავ მკაცრად და ჩაეკითხა:
თქვენ ძალიან უბედური ხართ ამ ეპოქაში?

იყო ზაფხული,
ხელოვნური განათება
მწვანე ფოთლებს აბრჭყვიალებდა,
ჩიტები ალბათ არ ჭიკჭიკებდნენ,
მაგრამ მგონი ბევრიც არ უკლდათ…

 

ტრიოტრიო ლეტილეტი

მიბანცალებს ქუჩაქუჩა ქარდაქარ
კორპუსკორპუს სართულსართულ კარდაკარ
შეჩერდება ამოიღებს გადაკრავს
მიბანცალებს ქუჩაქუჩა ქარდაქარ
აფთიაქთან აფთარსა ჰგავს განა კრავს
მთვრალ სახეზე ცუდი ფერი გადაჰკრავს
მიბანცალებს ქუჩაქუჩა ქარდაქარ
კორპუსკორპუს სართულსართულ კარდაკარ

© არილი

ფოტო © ვასო გულეური

Facebook Comments Box