ონიროკრიტიკა I
სიზმარში ვწერდი, ოღონდ ვწერდი ნამდვილ წიგნს (რადგან მჯერა, რომ არსებობენ ნამდვილი წიგნები, წიგნები წიგნების უკან, ის უღრმესი ჩვენი წიგნების ფესვებში, რომელთა მხოლოდ ჩრდილიც ეცემა მიწაზე, მას მერე რაც ხედ ავაყუდებთ ასლს, რომელსაც ვქმნით მათი მიხედვით), ეს ნამდვილი წიგნი, ამ სიზმარში, იწერებოდა ამგვარად: კი არ ვიჯექი მაგიდასთან, ფურცლებით და კალმით ან ფანქარმომარჯვებული გადაშლილ რვეულთან, არამედ შევერთებოდი თითქოს წყაროს, არა, უკეთ, ვიყავი წყარო და შევერთებოდი პირვანდელ ზღვას და ამ მეწყაროს გავლით მეთავში დამიდიოდნენ ნამდვილი ნამდვილი, სრული სიტყვები, ფრაზები, აბზაცები, ახსნილი ყველა მათგანი, ველური, მოუთოკავი ყველა ნაკლოვანებით რომელსაც დავადებთ ხოლმე, რომლებითაც დავახეიბრებთ ყველაფერს რაც მეორე ბოლოში გამოდის ჩვენი გავლით, მე, აგრეთვე აღჭურვილი გაუგონარი, წარმოუდგენელი გამტარობით, როგორის წარმოდგენაც კი სხვამხრივ არ შემიძლია, ვატარებდი მათ ჩემში და ჩემი გავლით გროვდებოდნენ ისინი წიგნში, და თუ ვცდილობ ჩავხედო ისევ იმას, სადაც მაშინ ვიყავი, საშიშად ჟღერს, როგორც პირთამდე დამწიფებული ატამი პოეტთან, როგორც ჩვენ, ხანდახან, რომ გავივსებით მოზღვავებით, რომელიც მეტია, ვიდრე შეგვიძლია, ავიტანოთ და გავძლოთ, როგორც თესლი ნისლის მოქცევებად, გამოსული იმის ასოდან ვინც გიყვარს და ჩვენს რომელიმე ჭურჭელში, ჰო, ჟღერს, ვამბობ, ეს თითქმის შემზარავად, როდესაც ახლა ვფიქრობ ამაზე, მაგრამ მაშინ არ ვფიქრობდი არამედ განვიცდიდი, არც, ვღვიოდი წარმოუდგენელი, უსაზღვრო ბედნიერებით, ვივსებოდი სიღრმით, თითქოს უღრმესი ფსკერი გადამკვროდა კანად მანათობელ ძვლებზე, და წიგნი გროვდებოდა, იქმნებოდა, ხორცს ისხამდა იმ ადგილას, სადაც მანამდე არ იყო არაფერი, და გამოიყურებოდა ისე, როგორც ლაბირინთი, ეს პირველქმნილი ლექსი, ანუ არა სტრიქონებით დაღარული ფურცელი, არამედ კონსტრუქცია იყო ეს წიგნი, ნაგებობა სრულყოფილ სივრცეში, თუ გადავიხრებოდი მე უსხეულო, შემეძლო ჩამეხედა შიგნით და დამენახა, როგორ ქმნიდნენ ეს სივრცული სიტყვათწყობები, ეს მოძრავი, მოელვარე ჰიბრიდები, აღჭურვილები ყველა გრძნობითა და მეტით, ქმნიდნენ ლაბირინთს ამ ჭაში, ამ ადამიანურ ჭაში, რომლის სახელიც გავიგე ბევრად გვიან მაგრამ ვიცოდი უკვე თუმცა არ ვიცი ჯერ, და რომ ვკითხულობდი მათ, როგორ ვთქვა, რომელი სიტყვებით, ახლა, შემიძლია ეს ვთქვა, როგორ მესმოდა აზრის სიმრავლეები, რომ ვკითხულობდი, ყველა წახნაგი ერთად, ყველა სრული, დახურული თავის თავში და ნაწილი, ათასობით წინადადება ერთი და თითოეული სიტყვა ათასი სხვა სიტყვა თანადროულად, თვითონ კითხვა, როგორც ლაბირინთში გადაადგილება, და მერე, მერე, სულ ბოლოსღა მივხვდი, რომ ვკითხულობდი თურმე ჩემ საკუთარ ციცქნა თხზულებას, ერთ-ერთ იმათგანს, შეიძლება, თუმცა არ ვიცი, რომელსაც გადაეყრები მომდევნო გვერდებზე, ოღონდ ვკითხულობდი არა იმას, რაც დავწერე ჩვენ სიბნელეში ხელის ცეცებით, არამედ მის პირველწყაროს, იმ ხილვას, რომელმაც მამცნო თავი, რომელიც მეხარა და რომელიც მე დავაკოჭლე გადმოტანისას და გამოვაბი ჩემს ბრტყელ, სამწუხარო ფურცელს, ხორცშესხმული, ის, უქმნელი, ჩვენი ნაკლული სიტყვებით; მაშინ მივხვდი, აგრეთვე, რომ მოგვდიან ეს ხილვები იმავე ადგილიდან, თუ მივყავართ ჩვენ იქ, ან გვამცნობენ იმას, სადაც დაძრწის ჩვენი სიზმრის სული. . . . მივხვდი, მაშინ, როგორ ვისჯები.
სიტყვები მაღლამფრენისა
Not till I’ve seen the sky’s not lit up
In tears, child try and understand
Don’t pull the string, don’t bring me down
Don’t make me land
(Tu se’ lo mio maestro e ‘l mio autore,
tu se’ solo colui da cu’ io tolsi
lo bello stilo )
მაშინ, როდესაც ცხოვრება, მეც ისე მაღლამფრენი ვიყავი, შემეძლო ზევიდან მეყურებინა ყველაფრისთვის, და ქუჩები ამჟღავნებდნენ, თითქოს გასდიოდათ, თავისი სიმძიმეების ქვეშ დამალულ სიმჩატეებს, კარდონის ჩონჩხებს, რომლებზეც იდგა მათი სახლები და შენობები და ეს ყველაფერი მეშლებოდა თავისთავად, ბუნებრივად, როგორც ხელისგული ცხვირწინ, მის მუჭში ჩაგროვილი არაფრით და თუ სიო დაუბერავს, ან თუ სულს შეუბერავ გამაფრთხილე წინასწარ ორი წამის წინ თვალები რომ დავხუჭო, მაგრამ ღია მქონდა და ვუყურებდი დაბლა, მე, მაშინ, ისეთი მჩატე, რომ მაღალი ქარები მატარებდნენ თავიანთ გამჭვირვალე ზურგებზე და მათ მიღმა მეშლებოდა ცხოვრების სურათები, მაგალითად შაბათობით, როდესაც ქალაქში სახალხო სეირნობები ეწყობოდა და შემეძლო მეყურებინა, როგორ გამოდიოდნენ გამოწყობილი, კარგად შეხვეული კაცები და ქალები, ერთი მეორეშიც გახვეული მკლავებით, როგორც მოწყენილი, დასევდიანებული კატა პატრონს, ყველა მათგანი გულისამრევი, შეზრდილი თავ-თავის თავისქალაში ამოყირავებული თვალებით, მუცლებით და ფეხებით: ქალები გვანან, ვფიქრობდი მაშინ, ტუალეტებს შიგნიდან და კაცებიც და მე ისე მაღლა მათგან, რომ თუ გადავაფურთხებდი, ან გადავაფსამდი, გადავაფურთხებდი ან გადავსაფსამდი, ან გადავაფურთხებდი და გადავაფსამდი, აქედან, მშრალი ვერავინ გამოვიდოდა, მე კი ვიფრენდი მაღლა და მაღლა ისე, სანამ მაღალი ქარები თვალებს არ წამართმევენ და თუ დავჯდები მაინც შემიძლია ვჭამო რასაც ძაღლები ჭამენ და მერე ისევ მაღლა, და რაც თან დამაქვს მხოლოდ იმდენადვე მჩატე შეიძლება იყოს, რომ ბუმბულზე დატეულიყო – რადგან მაღლაფრენისგან და ნელ-ნელა გაქრობის განცდისგან ცრემლები მდის გაუთავებლად და მალე შეიპყრობს ახალშობილებს ცივი ქარები და, მაშინ, გადაიქცევა ჩემი წყვილი კაკლის მურაბა თვალი, ორი ისეთი თითქოს ორი ცალი სავსე შავი მთვარე დალიეს, გადაიქცევა მაშინ ორივე შიგნიდან გარეთ ყინულის შადრევნად და მაშინ მეც დანახვას შევწყვეტ და მერე მორჩა – ასე, პატარ-პატარა, სიტყვები როგორც ციცქნა ამოსუნთქვა, რომ ბუმბულზე დაეტიონ.
უკანასკნელმტვერქვეშ
Dar vă spun: trebuie să ascunzi o mare nebunie ca să vrei să devii piatră, lemn sau putregai.
Un monde où tout serait silencieux et immobile et chaque chose à sa place dernière, sous la dernière poussière.
მეტისმეტი დიდი ხანი თუ გავატარე ჩემი ხისგან კურდღლის ყურებაში ყალბი განათების ვიწრო მავთულზე რადგან რომ ავწიე თავი თითქოს როგორც ვერ ვიცანი გარშემო – მერე დავაბრუნე საკუთარი მუჭიდან ჩანთაში და ჩანთა მატრასსქვეშ მატრასის ქვეშ იატაკი იატაკზე მატრასი რომელზეც ვწერვართ მე და დანარჩენი და მეც იმ მატრასზე მაშინაც იმ ღამის თვალებში – ჩემი კურდღელი კიდევ იქ რომ დამემალა და ახლა თუ ვუყურებ ისიც მარტო ღამით და ღამითაც მარტოდამარტო მაშინ თუ გადავწყვეტ ისე ჩანს სხვების თვალებს გარეთ ვიყო და შეიძლება უაზროდაც არაფრად სულტყუილად რადგან იმიტომ შეიძლება უკვე მოსწყინდათ და ვეცოდები ანდა დაიღალნენ მაინც მაგრამ ვერ ვივიწყებ როგორ პირველად მომეპარა ერთი გამომგლიჯა კურდღლი ხელიდან და მერე ესროდენ ერთმანეთს კვადრატურის აქედან იქით ბოლოს წინ და უკან სანამ მიყურებდნენ ან მესმოდათ მე როგორ ვაქნევდი ხელებს სულელივით საფრთხობელავით და ვყვიროდი და მარტო იცინოდნენ და იცინოდნენ უფრო და უფრო თუ მივუსწრებდი რომელიმეს სანამ ხელში ჩემი კურდღლით იდაყვს მკრავდნენ ისე რომ ძირს მივეცი და სანამ ისევ ავდგებოდი უკვე წინ იყვნენ კვადრატული ნაბიჯებით სანამ ბოლოს არ დავბრუნდი ჩემთან ჩემ ბლოკში მუცლით დაბლა და ქუთუთოები მოვუჭირე ერთიმეორეს ტკივილამდე თან გულში ვტიროდი გულში მიწვიმდა ჩემ კურდღელს უკვე დაკარგულს მაშინ გულისთვის ოღონდ რომ იმათ თურმე მოწყინებოდათ და შეიჩოჩეს უკანუკან თითოთითოდ თავის-თავისთან თავის ბლოკებში და ჯერ გავიგე ყრუ ბრახ ჩემ ბლოკში ძირიდან და ვუთხარი არ აიხედო არც მიაქციო არც არსებობს არც ისინი არაფერი არ არსებობენ ვითომ მერე როცა ბოლოს დამიმშვიდა სხვების გარინდვამ ყველაფრის უკვე სიჩუმემ – ჩამჩუმჩამ – მაშინ გავიხედე და ავიღე იქიდან ჩემი კურდღლი და ხელისგულით ვეფერე დიდხანს სანამ თითქოს არ მოშორდა იმათი ძალა მტვერივით—ახლა კი მედო უკვე ჩანთაში და ისიც იატაკის ჯიბეში სადაც ვმალავდი იმიერიდან მერე შევხედე დანარჩენებს ქვებივით კლდეზე დაყრილს სინათლის მავთულიც უკვე გამქრალი და ყველაფერიც რაც ცა აღარ ჩანს ამიტომ მოკლედ თვალები დავხუჭე
ამდროს კიდევ წყლის კაცმა შემოიტანა და შეგვეძლო დროდადრო ერთერთსგავსულიყავით და ბოლოს ჩვენი კვადრატიდანაც გაგვიხსნეს გზა და შევედით – დაეშვა და თავიდან და დიდი ხანი როგორც ისრების შხაპი ტკივილი განსხვავება შიგნით და გარეთ სანამ ბოლოს ოდნავ შევიგუე და მერე შემწყდა და დამრჩა კანი რბილი ბორცვებივით და რბილი სიმაგრეებიც რბილი ასე ფრჩხილები ჩამოვიმტვრიე ხის კედლებზე და მერე გამომაგდეს და მე რომ არ მინდოდა უკან ტანსაცმელებში შეძრომა ადრეც იყო რომ შემიცვლიდნენ და არ ამიტომ მომიწია და რომ დავბრუნდი ჩვენ კვადრატში ნაჭერქვეშ ხელი და მაშინ გამახსენდა რა მელაგა იქ და კიდევ კარგი მაშინ როგორც ძველი სიო და კოლოფიც ქვემოთ ამოვდე კურდღლის გვერდით ჩანთში ჩანთზე მიმშრალი ხელით და მეორე ხელი ისევ სველი თმაზე დავიდე და როგორც მიმეწება: თმები მეზრდება თავზე გვერდულად და შუაში ბრტყლად და წვერებიც და სხვა წვერებიც შუაში და გვერდებზე და თუ ამაღამ გადავწყვეტ სხვების თვალებს გარეშე ვიყო რომ გამოშრება მეორე ხელიც შევძლებ უკან ამოვიღო კოლოფი ჩანთიდან და ერთი ავანთო და მეჭიროს ისე და ვუყურო სანამ თითებს არ დამწვავს
სანამ სხვებიც მე ვუყურებ როგორ აქეთ და იქით აქეთ იქით აქეთიქით სულ ერთი მეორე კვადრატურა და მერე როცა აღარ მე მარტო ვახელ თვალებს და მაშინაა რომ სხვა ჩადის ძირს და ამომდის არა როგორც ახალი ერთი – როგორც ყველაფერი მთელი მე ყველა და მწიწკნის მჩხვლეტს მფხრეწს მხევს როგორც იმდროს ახალი წყალი რომ ვახელ თვალებს მარტო და ისინი სხვები როგორც ქვები კლდეებზე აქეთიქ და გამქრალი განათების ყალბი მავთული მაშინ ვწევ ხელებს – ერთს ან მეორეს – იატაკის ჯიბისკენ მერე უკან და როგორც წესი მაშინ მეც სხვებთან ერთად ერთ-ერთ ქვად ვიქცევი
სიუცხოვე
მე არ ვარ აქაური, უცხო ვარ ამ მიწაზე და უცხო ამ ხალხისთვის და ეს ხალხი უცხო ჩემთვის და ეს მიწა, ამ ქუჩებში, ხმამაღლა, მთელ ხმაზე, შემიძლია ვილაპარაკო რაც მინდა, როცა მომინდება, იმიტომ რომ არ ესმის აქ არავის ჩემი ენა და არავის, რას ვიტყვი, ხალხს, რომლებიც, ჩემთან ერთად, იქნებიან ქუჩაში გამვლელებად და ჩამივლიან და არ შემომხედავენ, არ ეცოდინება, რა მოუხერხოს ამ ხმას, რომელიც ესმის, ეს ქუჩაში, სადაც საშიში მტრული ტრამვაიები გამოსულები ჩემზე სანადიროდ და, ამ ქუჩებში, მწუხრი რომ აბნევს თავის ძაფებს ჩემ თვალწინ, რომ ბოლოსდაბოლოს ვეღარ დავინახო როგორც ვერასდროს, როგორც ყოველთვის, ეს ქუჩაში და ასევე შიგნითაც, კედლები ამ ბინაში, რომელიც არაა ჩემი და რომლებიც არაა ჩემი, და არც მე მათი ან მისი, მე დავკარგე ჩემი სახლის გასაღები და ჩემი სახლის გასაღებმა დამკარგა მე, ჩემმა სახლმა დაკარგა ჩემი გასაღები, აგრეთვე, და დრო, რადგან მართლა მართალი ყოფილა, რომ მარტოობაში დრო იბერება, იზრდება, ბევრდება, როგორც გარკვეული მატერიები წყალში, და არც ბევრდება, არც იზრდება, არამედ თითქოს გზას უთმობს ცარიელ ადგილებს თავის თავში, რომლებიც სულ იქ იყვნენ, დამალულები, და ეს ცარიელი ადგილებიც გზას უთმობენ სხვა სიცარიელეებს მათში და ასე, და ასე, უბოლოოდ, რომ იდაყვამდე შეეტიოს ჩემი მაჯა, თუ მოვინდომებ, და მოვინდომე, ხანდახან, მე შევისწავლე ისინი, ეს ცარიელი ადგილები და სიცარიელეები კიდევ მათში და კიდევ, როგორც, შეიძლება, შეისწავლიან ბორცვებს და სოროებს, სიყვარულით, სიყვარულის დროს, და ადამიანებს, არსებებს, რომლებსაც აქ ვხვდები აგრეთვე რაღაც აქვთ სათქმელი, და ახერხებენ ხშირად ამას თავიანთი ჩრდილებით ან სხვა მხლებლებით და ზოგს, ჩანს, არ მოვწონვარ და ზოგს მოვწონვარ ანუ ყველას რაღაცა, რომელიმე ერთი ნაწილი, თუ უნდა ვთქვა ერთი რომელიმე ნაჭერი ჩემგან, ზოგიერთი, ასე, დამატარებს თავის თავში, ასე მსჯის, მინახავს რომ არ გავქრე, როგორც შეიძლება დაშალო შენობა აგურ-აგურ და ატარო ისინი ჯიბით, იმის ნაცვლად, რომ უყურო როგორ ჩამოიშლება ყველაფერი, ყველაფერი, სრულებით, ერთიანად, როგორც წესია, თუ იშლება საერთოდ ოდესმე რამე, და იმათ, რომლებიც მე მიყვარს არ ვადარდებ მე, ვეგულგრილები, და ვისაც მე ვუყვარვარ, მე არ მადარდებენ, თუ დამეხმარნენ ერთი-ორჯერ, მეხმარებოდნენ დროის გაყვანაში, არა, გაყვანა არ უნდა იყოს სიტყვა, არა გაყვანა, არა გართობა, არამედ შევსება, შეკვრა, რადგან დრო, მართლა, ცარიელია, მოშვებული, და დღეები ცარიელი და სივრცე ცარიელი და ცარიელი შიგნით და ცარიელი გარეთ, თუმცა ქალი, რომელთანაც მივდიოდი ხანდახან ამისთვის, მივდიოდი სილამაზისთვის, ვიყვარებდი მძვინვარედ ჰაერს, რომელსაც ჩემამდე შეეხო თავისი სხეულით, და მერე, არჩემს ყუთში დაბრუნებული, ჩემს სიბნელეში დაბრუნებული, ხშირად წარმოვიდგენდი და ვეტყოდი ხანდახან არავის მის ნაცვლად, ცამ ვარსკვლავები იწვიმა ამწამს ჩვენ საწოლში, ანდა გთხოვ არ მაქციო ერთ-ერთ იმათგანად, ვისაც უწევს, ფული დახარჯოს სილამაზით ტკბობის უფლების მისაღებად, და მერე, ხშირად, მეორე დილით, ცარიელი ზეწარი ჩამოფარებული ჩემ მხედველობაზე გაუთავებლად მთავაზობდა შენს კონტურებს, და მე ვეფერებოდი მოზაიკას, რომლითაც ჩემი წარმოსახვა მამარაგებდა შენს ასაწყობად, ეს ქალი, ვამბობ, იყო გულგრილი და შეწუხებული ჩემი ყურადღებისგან, თუმცა ზრდილობიანი, გულმოწყალე და სულგრძელი, თუ მოვინდომებთ, ვახსენოთ ყველა შიდა ჭურჭელი, იქნებ შეესწროს, ეს ქალი, ერთ დღეს, როგორ ვიჯდები მე რომელიმე არტისტულ კაფეში იმათთან ერთად, ვინც არ მადარდებს, და ლაპარაკის ხმებთან, ნაბიჯების ხმებთან, ყბების ხმებთან, მუსიკის ხმასთან, სიჩუმის ყველა მოსახლესთან წილნაყარი ჩემი ხმა როგორ გააცნობს მათ უახლეს აღმოჩენებს, გამოტანილს იმ ჭიდან, იქ, შიგნით და გარეთ, და მოხდება იქ ჩემი შემოქმედად აღიარება და ჩემი ბნელი ქალბატონი მაშინ მოხიბლული მეტყვის ჩემი ცუდი ხმის ღირსებებზე, და იქნებ გამომიყოს მერე სივრცე რომ დავჯდე და ველაპარაკო უცხო ყურებს და ვილაპარაკებ, მაშინ, მე, რათქმაუნდა, ყოველთვის, მხოლოდ და მხოლოდ ღრუბლებზე, და რამდენხანს ვუყურე მათ, რამდენი ხანი გავატარე ღრუბლების ყურებაში, ვეტყვი უცხო ყურებს, და შეიძლება მომეჩვენოს მაშინ ხანდახან, რომ იციან უკვე, უკვე მიხვდნენ, გადაწყვიტეს, რა მოუხერხონ ჩემ ხმას და ამ სიტყვებს და მეც აღარ მომიწევს გავატარო ყოველთვის ჩემი მოშხამული ცნობიერება თვითაღქმის საცერში, რადგან შემეძლება, გავუშვა, მივუშვა, მართლა, ჩემი სასოწარკვეთილების ყვავილი იქამდე, საიდანაც სხვები იწყებიან, და მორჩა, თუმცა მეცოდინება, და არ შემიშლის ეს ხელს, რომ სხვებს, უბრალოდ, მოსწონთ, ისევე, როგორც მანამდე, როგორც ყოველთვის, ეს სასაცილო, უხერხული, უადგილო ხმა მოსული სხვაგნიდან, ართობთ და ახალისებთ, რადგან ჩვენ არ გვეხება, ხომ ასეა, ეს ხმა, ეს ღრუბლები, და ეს კარგია, და ხომ არ შევცდები, ოდესმე, ერთდღეს, ჩამომჯდარი ჩემ სხვის ბინაში, ცივ სახლში, გაბზარული ფანჯრის შემხედვარე, და ჩემი ნაწილები და ხმა და მთელი ჩემი მე გატანილი გამოსაფენად სხვების ბინებში, სხვების სახლებში, სადაც ყველაფერი, რაც მომაკლდა, რაც დავკარგე, რაც არ ყოფილა, რაც არ უნდა ყოფილიყო, და იქნებ, მაშინ, ჩემი ნაწილები, რაღაცნაირად აინაზღაურებენ ამ საძაგელი გამოფენებით, ყველაფერს რაც არ მქონია არასდროს, ხომ არ შევცდები, მაშინ, თუ მივიხედავ უკან, ან როგორც იქნება, სულერთია, და ვიტყვი, ან არ ვიტყვი, მაგრამ გავიფიქრებ, ვიგულისხმებ, მთელი ჩემი სხეულით, მისი ჟესტებით, სახის გრიმასით, ჰაერითაც კი ჩემს გარშემო, დავასკვნი, ამ ხალხის შოვინიზმი, მათი სიძულვილი, გულგრილობა, მათი სიცივე და ჩემი სიუცხოვე მაჭმევდნენ წლების მანძილზე პურს.
მართალთა ძილი
და დაახლოებით მაგ დროს გავიგე პირველი ხმა, და მეც, სანამ მეგობარი ლაპარაკს აგრძელებდა და მისი ფიგურა თუ რაღაც სხვა, თითქოს, ამტკიცებდა, რომ ახლა, ბოლოსდაბოლოს, გადავიდოდნენ მისი სიტყვები მთავარ ნაწილზე, ყველაზე მნიშვნელოვანზე, რომ სხვა ყველა სიტყვა, ყველა მათგანი, რომელიც წინ სდევდა, ელაგა თითქოს ხალიჩად ზღურბლზე ამ ამბავს, დაახლოებით მაშინ დავკარგე ყურადღების ბოლო ნატეხებიც, ერთად მოვუყარე თავი, როგორც პურის ნამცეცებს მაგიდაზე ხელის მოძრაობით, ჩავიყარე ხელისგულში და იქიდან, პირდაპირ, გავშალე მუჭი, მტვერს გავურიე, თავი შიგნით ჩავღუნე, სანამ ის განაგრძობდა, ზრდადი თვითმნიშვნელობით ხმაში, მისი ფიგურა ახლაც ისევე ნახევრადგანათებული, ნახევრად არ, ისე ჩაყვინთული უმეტესობით ოთახის სიბნელეში, რომელიც გადარჩენოდა ნათურას მაგიდაზე, როგორც, წარმომედგინა, მაშინ, ქუჩაში ღამით, ქუჩის უმეტესობა გაჟღენთილი სიბნელით და მხოლოდ ორი-სამი ლაქა, განათებული ხელოვნურად, აქა-იქ, და გავჩერდი ლამპიონთან, თვალის კუთხიდან შევძელი შემემჩნია მისი ჩრდილი, გაწოლილი ტროტუარზე, რომლის პატრონიც – თუ უნდა ვთქვა მეწყვილე? ორეული? – ბოლომდე შეყუჟული სადარბაზოში, თუმცა ჯერ არ მესმოდა, ვერ ვხვდებოდი, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ეს ხმები, საზიზღარი, რა იწვევდა, მაინც გავიჭედე იქ, თითქოს ფეხებით შევეწებე ქუჩის ერთადერთ განათებულ ადგილს, და ჩემი თვალებიც, რომლებიც, დიდი ხანი იყო უკვე, მას აღარ უყურებდნენ, იწოვდნენ იმ ცოტაოდენ სინათლეს, რომელსაც მიაკვლევდნენ, მაგიდაზე, და იქიდან ჩამოფერთხილს, იატაკზე, იქ მსუბუქად გაწოლილს და ნელ-ნელა გაცრეცილს, რაც მეტად მიაყოლებდი თვალს ოთახის მეორე ბოლოსკენ (ნელ-ნელა გაცრეცილი, ჰო, თუმცა ვნახე, ერთხელ, მახსოვს, ისიც, როგორ დარჩა სახლის ერთ-ერთ დერეფანში შუქი ანთებული მთელი ღამით, და ისეთი გადამდები, ეს შუქი, რომ მას მერე რაც გამთენიისას ის ჩავაქვრე და კიდევ ერთხელ გავიარე ნახევრად ბნელ დერეფანში, შევამჩნიე, რომ იატაკისა და მისი მომიჯნავე პატარა მონაკვეთს გადასდებოდათ მისი ოქროწაბლისფერი, ფრჩხილების დასასრული, ო მეხსიერება პოეზიის პირველო მტერო), ხმა არ წყდებოდა და (და არ წყდებოდა), თუმცა უკვე ვხვდებოდი რაც იყო, უკვე აღვადგინე მთელი ამბავი, უკვე მჩხვლეტდა ტვინში ის ერთი-ორი სურათი, რომლებიც ახლა გადაბმოდნენ ერთმანეთს, ისე მჭიდროდ, განუცალკევებადად, რომ უკვე ზუსტად ვიცოდი, მე ვიყავი დამნაშავე იმ ქუჩაზე (ამ ოთახში?), ყველა სხვა, ჩაგრული და მჩაგვრელი, თანაბრად სუფთა, თანაბრად განლაგებული ღამის მტკივნეულ ჰაერში, მაინც არ შემეძლო ადგილიდან მოწყვეტა, სარივით ვერჭე, თუ გნებავს, გაუნძრევლად ისევ იქ, ვერ ვდგამდი ნაბიჯს ვერც წინ ვერც უკან, თუმცა ორივე მეტად მინდოდა, თუნდაც დიდად არცერთი, ვიდრე იქ დგომა, ხესავით, ასე, ეს მინდოდა ყველაზე ნაკლებად, საერთოდ არა, თუმცა, პრინციპში, საერთოდ არ მინდოდა არც დანარჩენები, არც წინ წასვლა არც უკან, არც არსად, და მაინც მეტად, ვიდრე, მეტად, ოდნავ მეტად, თუმცა, იქ, ხესავით, და ყველაფერი, რასაც ამბობდა, მეჩვენებოდა მეტად და მეტად, შემეხებოდა მეც იმდენადვე მაინც, რამდენადაც – თვითონ, რადგან არაფერი ნაკლებად არ მინდოდა, იმწამს, ვიდრე იქ ჯდომა და ამ სიტყვების შეშვება ჩემ ყურებში და ტვინში ჩემი ყურების გარშემო, ეს სიტყვები, რომლებიც სადღაც შუაგზაში იქცეოდნენ საზიზღარ ღამის ფრინველებად და მხოლოდ ამის მერე, უკვე სახეცვლილები, აბიჯებდნენ გარედან ჩემში და იქ აფხარუნებდნენ ფრთებს, ტვინის გარშემო, თავის ქალაში, ისე, რომ მემგონი კარგა ხნის მერე მივხვდი, რომ ხმა უკვე შემწყდარიყო, ყველაფერი ღამის მდუმარებას ეჭირა, და, კიდევ უფრო გვიან, კაცის მძიმე, პერიოდულ ქოშინს, რადგან, მართლაც, პროცედურა მოემთავრებინა, მაგრამ სადარბაზოდან ფეხს არ იცვლიდა, და ამასობაში ჩრდილიც თან შეეთრია შიგნით, და, მეც, თითქოს, ჩრდილთან მქონდა მონური კავშირი მთელი ეს დრო, თითქოს მას მივები იმ განათებული ადგილისთვის, როგორც კი ვეღარ დავიგულე თვალის კუთხეში, შევძელი ნელ-ნელა შემობრუნება და სადარბაზოს მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, სადაც ახალი ხმები დახვდნენ ჩემ ყურებს, ეს კაცის ხელები იყო, რომლებიც ჯერ მოუსვენრად მერე ნელა ისევ მოუსვენრად ისევ ნელა მიმოდიოდნენ ბეწვზე, თან რაღაცას ბუტბუტებდა, გავიგე ესეც, მაშინ როდესაც, ახლაღა, გამიგო თვითონაც და შემობრუნდა, ვინ ხართ, რა გინდათ და ეგეთები როგორც დალეწილი გემის ნაყარ-ნუყარი მისი ხმის უხერხულ უფორმო ტალღებზე, და იგივე ტალღები, შორსმოცახცახე, მეჩვენებოდა, ირეკლავდნენ ზედაპირზე სინათლის ორ წვეთს მის ხოჭოშავ, შავ თვალებში, საზიზღრობა, მე კიდევ გავჩერდი და დიდხანს ვუყურე ჯერ კაცს, მის ხელებს იდაყვამდე ამოთხვრილს, მის ხელებს იმ ჭაში, საცოდავ გრეხილებს მის სახეზე, რომელზეც ახალ შიშს ბოლომდე ვერ გადაეგდო ყოფილი ნეტარება, მართლა, სრული ნეტარება და მეტი არაფერი, მერე ძირს გაწოლილი ძაღლის გვამს, რომელიც, ადღლეზილი ბეწვით და ზედ შემოზრდილი სისხლით, უკვე, თითქმის, საუკუნეების წინანდელი, მაგონებდა ნაგვის გროვას, და მახსოვს, თუ სწორად, გავიფიქრე თითქოს მაშინ, რომ, მართლა, ბეწვი, ოფლი და სისხლი სამი მთავარი რამე იყო მასში, ისევე თავისთავად, უნებურად, ინერციით, როგორც სხვა ყველაფერი იმ მომენტიდან, რაც პირველად გავიგე ხმები, კაცს საბოლოოდ მივუახლოვდი, და ყველა ფიქრი დატბორა მისმა სუნთქვამ და საბრალო ლუღლუღმა, სანამ მეთვითონ არ გავხდი ეს ხმები და მეტი არაფერი, ისინი აძლევდნენ რიტმს ჩემ ხელებს და არ გავჩერებულვარ სანამ აღარ შემეძლო და მერეღა თუ გავახილე თვალები, რადგან მაშინღა მივხვდი, რომ ის წინა რიტმი უკვე ბოლომდე ეკუთვნოდა ჩემ ყურებს და მას ვეღარაფერი გამოსცემდა იმაზე, რაც ადრე სახე იყო, ახლა კი ცუდად ნახმარი ტაფის ძირი, აღარაფერი განსაკუთრებული იმ ადგილას, სადაც გამოჭრილიყო მანამდე პირი, იგივე, რომელმაც ბოლოს, ან სადღაც შუაში, მოასწრო ეთქვა, გთხოვთ, გთხოვთ, ისე მციოდა, ისეთი გაყინული ჩემი ხელები და ისეთი თბილი თბილი თბილი მისი სისხლი, მაგრამ აქ რომ ამოეხედა ჩემს მეგობარს თავისი სიტყვებიდან, მათი სადარბაზოდან, კაცისა და ძაღლის გვამებიდან, თავისი ფიქრების მთელი სანაგვე კოსმოსიდან, შეამჩნევდა, რომ მის მსმენელს ამასობაში ჩასძინებოდა, გაუგებარია ზუსტად როდის, რის გამოც ვერ გავარჩევდი ვერც მე, რომელი სიტყვები ეკუთვნოდა მას და რომელბით მომამარაგა გადამრჩენმა ძილმა.
ნივთები
ამ საგნებს, უკვე ყველასთვის გაგამოუსადეგარებულებს, ის კრეფდა ყველგან, კრეფდა იქ, სადაც იპოვიდა, როგორც კრეფენ სხვები ყვავილებს, და ილაგებდა მათ, ინახავადა, ასევე, სადაც მოუხდებოდა, სადაც ჰქონდა ჯერ კიდევ ზედ ცარიელი ადგილი შესავსებად, სანამ არ გაივსებოდა ყველა ნაპრალი მასში, მასზე და აღარ დარჩებოდა აღარაფერი რასაც დაისახლებდა რითაც, და ისედაც, გარდა ამისა, არც ის უნდოდა, გამხდარიყო შემგროვებელი, ანდა ქცეულიყვნენ, როგორღაც, ეს ნივთები მის საკუთრებად თუნდაც ბრჭყალებში, ამიტომ ყველგან, სადაც შეძლო, მან დატოვა მათგან თითო-თითო, თითო-თითო ნაწილი თავისგან, რომელიმე, ისე, რომ აღარაა უკვე ბევრი ბინა, აღარაა უკვე ბევრი ადამიანი, რომელშიც ის ყოფილა, რომელსაც ის შეხვედრია, რომ არ შეიცავდეს, რომ არ ჰქონდეს რომელიმე ერთი ნივთი, რომელიც მან იპოვა და შეინახა თავისი მომლოცველობის ჟამს, და თუმცა აღარ იქნება მოგონების მტვერი მასზე ვარსკვლავების მეხსიერებაშიც კი, ეს ნივთები გასცდებიან მას და გარკვეულწილად განაგრძობენ მას ასე, ნაწილ-ნაწილ, უცნობუწარსულოდ, უმახსოვრობოდ, ის გახდება, სასწაულებრივად, ნივთები როდესაც აღარ იქნება, ნივთები რომლების დანახვაც პირველმა ისწავლა, და თუმცა არასდროს მათ ისე ყურადღებით არ მოუსმენს, რომ გაიგოს როგორ ჩურჩულებენ დროდადრო, არდამივიწყო, მაინც შეგვეძლო დაგვეშვა რაღაც შეუძლებელი შესაძლებლობა, რომ ერთ დღესაც როგორღაც შეეცდებოდა ვინმე გაყოლოდა ძაფს უკან-უკან და გზად შეხვედროდა ყველა ის ნივთი, რომელიც კი მან სადმე დატოვა, და ამრიგად ის, ვინც განვლიდა ამ უკუმომლოცველობას მანამდენავალს, ააგებდა ხელმეორედ რაღაცას, რაც ოდნავ, რაც თითქმის იქნებოდა ის, რაც ოდესღაც იყო თვითონ.
ზამთრის ტყუილი
(რატომ გამიყარა გუშინ ღამით ზამთარმა თავისი დანა სიცივედ მუცელში? და გავიღვიძე დილით დაჭრილმა, უხილავი ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად რომ მდიოდა ტკივილი და სიცივე – ტკივილის ნაცვლად) დღეს დილას არ აქვს ისეთი სიცივე ჩემთვის, როგორც წუხელ ღამეს, რომლისთვისაც აღვიჭურვე ასე, მაგრამ მაინც, სიცივე, რასაც ხელად მივყავარ ოდნავ უფრო ღრმად, ღრმად ამ ჭაში, ფარდის მიღმა, ვიდრე ჩვეულებისამებრ, და ხმები იმ ქუჩაში, რომ გამეგო ფეხქვეშ, მომდიან ჩემგან სინათლის წელიწადებით დაშორებულნი და რასაც ვხედავ, აგრეთვე, შორსაა, შორს ჩემგან, შორს, შორს და რა კიდევ, ნამცეც-ნამცეც ასაკრეფი, თუკი მოვინდომებდი და არ – რომ არ ვიცოდე, ტყუილია რაღაცნაირად ყველაფერი რასაც ვხედავ, გამიშეუძლებელდებოდა მაშინ ამ თვალების ტარება, და მძაფრი სურნელი, ხილის და ნაგვის და ქალების, მაჭრილობლად ესხმიან ჩემ ნესტოებს, უცხო სხეულებად მეკიდებიან და ჩემი სახე იასამნისფრდება ბოროტ ხუმრობად და ჩემი ხელებიც, უფრო თხელი ახლა ჩემი წყვილი ნაფოტა ხელი ვიდრე ოდესმე, წყვილი თითქმისტოლი ნაჩხვლეტი კიდევ ჩემი შუა თითის შუა ბალიშზე მეწვის განსხვავებად ცეცხლსა და ყინულს შორის, თითქოს აპირებდეს გადამატაროს ზამთრის სიცივეც და ზაფხულიც ერთბაშად, და კიდევ რაღაც: ზუსტად მაშინ, როდესაც აპირებს თითქოს, მეჩვენება, ყრუ ზვირთი ჩემს გულში, გასცეს პირველი ნამდვილი, ღრმა გრძნობა მთელი ჩემი ორგანიზმის გადაღმა, ნერვების დაბოლოებებამდე, რომ გაეფანტა ეს სიცრუის შრეები შრეები შრეები ნადებად ჩემს ტვინსა და რაზე ამ დროს ქუჩა და მისი მოსასხამი და სხვა მხლებლები მთელი ძალით ბრუნდება აღქმის ფოკუსში და მაბრუნებს იქ საიდანაც ზუსტად მაშინ როდესაც მზეგამოსული სულ ერთი წამით წამწამებს ჩემ ქუთუთოებზე და იყენებს მათ დიფრაქციულ მესერად და მადებს მხედველობაზე ცისარტყელებად ნამდვილებს თითქოს უნდა დაიბადოს პირველი ნამდვილი აზრი რომ მიმომიფანტოს სიცრუეები გულის ფსკერიდან ზუსტად მაშინ წამით თვალს ვკრავ ჩემ ანარეკლს რამე ოპტიკურში რომ მიყურებს და თავს იკატუნებს ვითომ ვარსებობ.
დაბადება
ვცდილობ ჩრდილი ამოვიყეფო, გამოვყეფო ჩემი
სხეულიდან, დავყეფო და ვუყეფო
ჩრდილში ვათავსებ ყველაზე ძვირფასს
რაც კი ჩემში უხილავია, რაც შემეძლო მქონოდა
რა გარიყული
იქნებოდა ყველა ადამიანი უჩრდილოდ – მაქვს ეჭვი, ვერ
ექნებოდა ვერცერთ მათგანს ვერცერთი წვეთი ურთიერთობა
ვერავისთან რომ არა ჩრდილი – მტკიცებულება, რომ ერთიანი
არ ხარ არც უნიფორმული რომ რაღაც მუდმივად გდის
ჟონავს შენგან, გასდის შენს მეს, ჟონავს ფეხებით, თუნდაც
თან სდევდეს მაინც რასაც, ძირს გაწოლილი მის ძირას
მის ფეხებთან უცნაურ გეომეტრიულ ურთიერთობაში
მასთან და ამიტომ, ნიშნავს ეს იმასაც, არაა მაშინ
განწირული სრული, ხელუხლებელი მარტოობისთვის
ღამე ოფელიასთან
მთელი ღამე ოფელიასთან გავატარე სიზმარში, სიზმარი მისი იყო, მის მკვდარ შეშლილ თავში შობილი, მის მკვდარ შეშლილ თავში ვიყავით, და გამახვია თავის ძილის წყლებში, თავისი სიკვდილის ხავსში, გაწოლილმა თავის მკვდრის ცოცხალ ქვებზე, კანი ყველგან თეთრლურჯად განქარვებოდა, რემბოს თვალების ფერი იყო მთელი მისი სხეული, გარდა ადგილებისა, სადაც უკვე მოუჩანდნენ ლილითის ძვლები, მე შევნიშნე, ის განძარცვულიყო თავისი ავადმყოფური უმანკოებისგან, გამძვინვარებულიყო, მისი თმები ნერვალის ცეცხლი, მისი არსი – ჩემი შეუძლებელი ჩემი სიგიჟე, დამარხე სიტყვები რომლებისაც შენ თვითონ აღარ გჯერა, მითხრა სიმრისხანაზით, დამარხე სევდა თვითსიბრალული ოცი წელი რომ გათრიეს ამქვეყნად
და განთიადისას, მარტო დარჩენილს,
შემრჩა სიტყვები
ოფელიაზე ყოველდღიურად ფიქრის შედეგად გადავწყვიტე რომ ის დე სადის ქვეშაა დამრხული
აქ ასვენია ოფელია სისხლის კედლების ქვეშ
© არილი