ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

ჯაბა ზარქუა – ორიგინალი ანაცვლებს ასლს

barnes-2893

ინგლისი, ინგლისი; ჯულიან ბარნსი, თარგმანი – ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე. გამომცემლობა „დიოგენე“; 2015.

აბა რა იცოდა ჯულიან ბარნსმა, როცა ამ წიგნს წერდა, რომ ქართველ მკითხველში ერთი ჩვეულებრივი სცენის აღწერით დიდ ემოციებს გააღვიძებდა და წარსულში ამოგზაურებდა. არადა როგორი აუცილებელია ამ წიგნის კითხვის დროს წარსულში მოგზაურობა. მეტსაც გეტყვით – ადამიანები, რომლებსაც წარსული არ გაგაჩნიათ ან ამოშანთული გაქვთ ის მეხსიერებიდან რიგი მიზეზების გამო, ნურც წაიკითხავთ. ბუნდოვანების გასაფანტად ერთ მცირე ეპიზოდზე გავჩერდები დასაწყისშივე, დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებს განსაკუთრებით გეცნობათ აღნიშნული სცენა, რომლებიც 90-იან წლებში ბავშვები იყავით. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის პირადად რაღაცნაირი მისტიური ელფერი დაკრავდა გამხმარი ზეწრის სახლში შემოტანის და მისი დანამვის სცენას. დედა და მამა გაქვავებულ ზეწარს, რომელიც მყარ მატერიად ქცეულიყო, სახლში შემოიტანდნენ და ლოგინზე დადებდნენ. ისინი ლოგინს ორი მხრიდან მიუდგებოდნენ და ზეწრის გაშლას იწყებდნენ. მაგრად ექაჩებოდნენ. შემდეგ კი წყლით ნამავდნენ. მერე დანამულს დაკეცავდნენ და დასაუთოვებლად გაიტანდნენ. ამ დროს მე ლოგინზე ვჯდებოდი სწრაფად და ჩემს თავს ზემოთ გაშლილი ზეწრის ქვეშ ვიმალებოდი, რომელსაც დედა და მამა ეჯაჯგურებოდნენ. ძალიან მყუდრო შეგრძნება იყო, განსაკუთრებით იმ დროს. ახლა კი შეხედეთ ავტორი რას აღწერს:

„მერე უკვე ჩუმად აგრძელებდნენ; ჯერ განზე გაშლიდნენ (მკლავის სიგრძე არ გყოფნის, მართა!), მერე აწევდნენ, ზედა კუთხეს მოქაჩავდნენ, მარცხენა ხელს დაუშვებდნენ, ახლა მეორე კიდეს მოეჭიდებოდნენ, ირიბად გაქაჩავდნენ, მერე თავ-თავისკენ დაიქნევდნენ (უფრო მაგრად, მართა!), ერთმანეთისკენ დაიძრებოდნენ, პირს პირზე მიადებდნენ, მოკეცავდნენ და შემდეგ ცალზე გადადიოდნენ“. მესმის, რომ ზუსტად იგივე არაა რაც მე გამახსენდა, მაგრამ აბა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი სხვა რამაა – დასაწყისიდანვე ავტორმა უნებლიეთ ისეთი მიკარგული ტერიტორიები იპოვა ჩემს გონებაში, რომ ძალიან უნდა მოენდომებინა ამის მერე წიგნი აღარ მომწონებოდა.

ზემოთ აკი გითხარით, ის ხალხი ერიდეთ, ვისაც წარსული არ გაქვთ-თქო. ზუსტად ასეა. წარსულში ქექვა მარტივი საქმე როდია. დიდ ნებისყოფას, ემოციურ ინტელექტსა და დეტალების ზუსტად დაკვირვებას მოითხოვს. მერე დასკვნების გამოტანას. მერე ფიქრს, განსჯასა და აზროვნებას. მოკლედ, მთელი ჩახლართული და არც ისე დინამიური პროცესია. ამ წიგნით კი ავტორი იმ ხალხს დასცინის, რომლებსაც ამ პროცესში მონაწილეობა თან ეზარებათ და თან თითქოს მაინც უნდათ, თუმცა კი უნარები არ ჰყოფნით ამისთვის. გაუმარჯოს XXI საუკუნის მომხმარებელ ადამიანს! ზედაპირულსა და შემგროვებელს, თუმცა არავითარ შემთხვევაში მაძიებელსა და მქექავს.

შეიცვალა სამყარო. წარსულში და მით უმეტეს ბრიტანეთში როგორი იყო ზუსტად, ნამდვილად არ ვიცი, მხოლოდ ფილმებიდან თუ შემიძლია რაიმეს თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ შეიცვალა და ისიც ფაქტია, რომ დღეს ადამიანის უცნაური სახეობა ბატონობს დედამიწაზე. ეს ადამიანი არის ძალიან დაკავებული, ოფისზე მიჯაჭვული, არაფრისმაქნისი საქმით ტვინგამოლაყებული და თვის ბოლოს მომლოდინე, როცა ხელფასი უნდა აიღოს. ხელფასიდან კი დანაზოგს გააკეთებს იმისთვის, რომ ის აკეთოს წელიწადში ერთხელ მაინც, რაც გულით უნდა. რა უნდა გულით? მოგზაურობა! ბევრის ნახვა! უფრო სწორად კი – თვალის შევლება. თან დღეს, როცა სამყარო ასე დაპატარავდა და ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილება დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს, მოგზაურობაც უფრო და უფრო ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა აქ არის ერთი მცირე დეტალი. ეს ერთი შეხედვით კეთილშობილური სურვილი სულაც არ არის მოტივირებული ახლის ნახვით, ახლის აღმოჩენით, დაუძლეველი ცნობისმოყვარეობით. არავითარ შემთხვევაში. ჯანდაბამდე გზა ჰქონია კვლევა-ძიებას, მთავარი ფოტოს გადაღებაა და ხალხისთვის ჩვენება – აი, მიყურეთ, მე ცოცხალი ვარ, მე გავცდი ოფისს და ვმოგზაურობ, მე მოვიპოვე თავისუფლება! აქედან გამომდინარე მოგზაური ადამიანის მოთხოვნებიც სხვაა, ვიდრე იმ მოგზაურისა იქნებოდა, რომელიც ნაგვის საქექად დაეხეტება და ახლის აღმოჩენის წყურვილით გახლავთ შეპყრობილი. ეს მოთხოვნები კი მართავს სამყაროს. მეტსაც გეტყვით – თანდათანობით ანადგურებს კიდეც მას. აი, შეხედეთ:

თანამედროვე მოგზაურ ადამიანს არ აქვს ბევრი დრო. დღეს ბევრი დრო საერთოდ არავის აქვს. წელიწადში 24 დღე გვეკუთვნის შვებულება. 24 დღე გვეკუთვნის თავისუფლება. თუმცა ეს 24 დღე ცხადია, ცოტაა და არც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ოცდაოთხივე მიყოლებით ავიღოთ. ამდენი ხანი უოფისოდ რა უნდა ვაკეთოთ, სად არის ამდენი ფული? ამიტომ ეს ჩვენი 24 დღე ჩამოდის 12 დღემდე და როგორც წესი, სეზონურად, წელიწადში ორჯერ 12-დღიან თავისუფლებას ვჩუქნით ხოლმე საკუთარ თავს. ამისთვის კიდევ მოაგროვებ ადამიანი ფულს, ასე თუ ისე. მოკლედ, ჯერ 24 დღე რა არის და ახლა კიდევ 12. ძალიან ცოტა დროა და ცხადია, მოგზაურ ადამიანს უნდა რომ ყველაფერი მოასწროს. აი, აქ არის მისი ხარბი გონებისთვის დაგებული მთავარი ხაფანგი. ეს ყველაფრის მოსწრების სურვილი საბოლოო ჯამში იმას იწვევს, რომ ვერც ვერაფერს ასწრებს. არა, მექანიკურად მართლა შეიძლება მოასწროს – 10-დღიანი ტური იტალიაში, 3 დღე რომში, 3 ფლორენციაში, 2 ბოლონიაში, 2 ვენეციაში, ჩექინები, სურათები, სტატუსები ოთხი სხვადასხვა ქალაქიდან, მშვენიერია, ვერაფერს იტყვი. თუმცა ეს ყველაფერი არაფერია, რადგან ასეთ დროს ახლის აღმოჩენა კი არავის აინტერესებს, არამედ უკვე აღმოჩენილის გადაღეჭვა ათასმეერთედ. აქ მთავარი ფლორენციაში მიქელანჯელოს რომელიმე ქმნილებაზე მიშტერება კი არ არის, მთავარია პიეტასთან სურათის გადაღება წამიერად და მორჩა, თუ რამეა, სურათს დახედავს წლების მერე და მერეღა დაიწყებს ფიქრს და იქნებ რამე აღმოაჩინოს კიდეც. ცოტა დრო, ცოტა ფული, ბევრი სანახავი ადგილი, შემორბენა, გადარბენა, თვალის შევლება, არიქა – ეგაა თანამედროვე მოგზაური ადამიანი, რომელმაც შეცვალა სამყარო. შეცვალა იმიტომ, რომ იმდენად გაბევრდა ასეთი ადამიანი, სამყარომ ნელ-ნელა დაიწყო გადაწყობა მისი მოთხოვნების შესაბამისად.

აი, ამ ახალი სამყაროს დასაბამთან დგანან სერ ჯეკ პიტმენი და მისი ამალა. ინგლისი დიდია და ბებერი. ეს თავხედი ნოვატორები მოინდომებენ კომპაქტური და ახალგაზრდა ინგლისის შექმნას, რომელიც იქნება ბრენდი. ყველაფერი ერთ სივრცეში – ჩვენი სამოქალაქო რეესტრის გარდა ბევრ რამეს ესადაგება მგონი ეს სლოგანი. ყველაფერი ერთ სივრცეში თუ არ გვაქვს, ისე არ ვარგა – გადაადგილება გვიწევს და დროის კარგვა. დრო კი არაა დასაკარგი! მილიონერი სერ ჯეკი იყიდის კუნძულს და იქ დაიწყებს ინგლისის შენებას. თავს მოუყრის ყველაფრის ასლს, რის გამოც ადამიანები ბრიტანეთში მოგზაურობენ. შედეგად კი ყველაფერი, რაც ადამიანს აინტერესებს, ათასობით კილომეტრის მანძილზე კი არ არის განფენილი, არამედ ერთ პატარა ტურისტულ კუნძულზე. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, მთელი ინგლისი, თავისი სამეფო ოჯახის ჩათვლითაც, რომელსაც თუ ფულს გადაუხდი, ბუკინგემის სასახლის ასლშიც მშვენივრად იცხოვრებენ. სერ ჯეკის ქმნილება იმდენად სრულყოფილია, რომ ნელ-ნელა ორიგინალი ხდება ასლი. რა საზარელი წინასწარმეტყველებაა მომავლისა. იმ მომავლის, სადაც მოხუცი და ღარიბი სახელმწიფოები წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ ახალგაზრდა, თავხედი მილიარდელების კაპიტალს და ეს კაპიტალი გახდება სახელმწიფო, თავისი წესებითა და გაყალბებული ისტორიით.

განა ერთხელ გაგიგონიათ თუ ორჯერ პარიზში ნამყოფი ადამიანების სასოწარკვეთილი ამოძახილი დავინჩის შედევრის ხილვის შემდეგ? პირველი შთაბეჭდილება ყველასთვის ესაა: „რა პატარა იყო, უფრო დიდი მეგონა, უზარმაზარ რიგში ვიდექით იმის გამო, რომ ორი წამით თვალი შემევლო შორიდან და წესიერად ვერც გამერჩია როგორ გამოიყურებოდა სურათი“. ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ხშირ შემთხვევებში დიადი ორიგინალები საკმაო იმედგაცრუებას იწვევს ჩვენში იმიტომ, რომ არ მოგვეწოდება იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ გვსურს. თუ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინებით არ არის შეფუთული – დავინჩიც კი წყალს წაუღია, ვის ადარდებს! როცა ჩვენს მოთხოვნებს ორიგინალები ვერ აკმაყოფილებენ, მაშინ ჩნდება ასლების საჭიროება. ასლმა უნდა გვასიამოვნოს და დაგვაკმაყოფილოს, ესაა მთავარი შტრიხი, რაც ასლებისგან გვჭირდება. ნუ გაგიკვირდებათ და ნუ იტყვით, რომ ეს შეუძლებელია. შეუძლებელი კი არა, პირიქითაც – უფრო შესაძლებელია, ვიდრე ორიგინალის შემთხვევაში, იმიტომ, რომ ასლები იქმნება აქ და ახლა, ჩვენი ამჟამინდელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო ორიგინალები იმ დროს შეიქმნა, როცა სხვანაირი ადამიანები ბატონობდნენ ამ მიწებზე. ორიგინალებმა დროს გაუძლეს, ასლები ვერ გაუძლებენ, მაგრამ აბა ეს ვის ადარდებს? ხვალ სხვა ასლებს შევქმნით, რა პრობლემაა.

„არა მხოლოდ დასვენება!“, ეს იყო სერ ჯეკისა და მისი კომპანიის მიერ წამოწყებული და განხორციელებული სრულიად უპრეცედენტო პროექტის მთავარი სლოგანი. ისინი ეუბნებოდნენ ადამიანებს, რომ ახალი ინგლისი მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ დასათვალიერებელი ატრაქციონი. ისინი მომხმარებლებს ცხოვრების სიმულაკრსაც სთავაზობდნენ, არათუ მხოლოდ უსულო ასლებს. ერთ-ერთმა პერსონაჟმა ისე შეტოპა თავის მიერ განსახიერებულ როლში (ძველი ინგლისის მაცხოვრებელს თამაშობდა), რომ ბოლოს იდენტობა დაკარგა კიდეც და ვერც დაიბრუნა. ორიგინალსა და ასლს შორის გაეხირა ტრაგიკულად.

ამ პრობლემის წინაშე დიდი ტურისტული ქვეყნები ხომ დგანან და დგანან, მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაცია იქნება პატარა ტურისტულ ქვეყნებში? მაგალითად საქართველოში, სადაც ტურისტი შემოსავლის მთავარი წყაროა. გინდა მეტი ტურისტი? მაშინ კეთილ ინებე და დააკმაყოფილე მეტი ადამიანის მოთხოვნილებები. ეს გზა კი ხშირად საკუთარი იდენტობის ორიგინალიდან ასლად ქცევაზე გადის. ორიგინალი ხისტია და ბევრმა შეიძლება ვერ გაიგოს. ასლი რბილია და ლამაზი. აბა ახლა თვალი გადაავლეთ ჩვენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ახალ გარემონტებულ ძველ ქუჩებს, სუფრას და რა ვიცი კიდევ, ყველაფერს რაც გაგახსენდებათ და რასთან ერთხელ მაინც ჰქონია ტურისტს შეხება და თვალნათლივ დაინახავთ ორიგინალების ასლად ქცევის პროცესს, მთელი თავისი საშინელი დიდებულებით.

ამ კონტექსტში საინტერესოდ მოჩანს პერსონაჟების სექსუალობა და ცოტა ხნით მინდა ამაზე შევჩერდე. მართა კოკრინს, მთავარ პერსონაჟს, ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყოლია. ფრიგიდული არ ეთქმის, მაგრამ რაღაცნაირად უგრძნობი ქალია, რომელსაც თითქოს ხელი ჩაუქნევია ნამდვილი ემოციების ძიებაში. ერთგან ავტორი პირდაპირ გვეუბნება, რომ მართამ იცოდა რაც სჭირდებოდაო: სიმართლე, უბრალოება, სიყვარული, სიკეთე, კარგი საზოგადოება, ბევრი სიცილი და ბედნიერება ინტიმურ ურთიერთობაშიო. თითქოს ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს ბანალურობა ადამიანისთვის, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ ორიგინალების ასლებად ქცევის საქმეში, ხელმიუწვდომელი იყო. თითქოს სიყვარულისა და ვნების ჩანასახები გაჩნდა სხვა პერსონაჟთან – პოლთან, რომელიც ბოსის იდეათმჭერი იყო და მეტი არაფერი, ყველაზე დაბალი რგოლი ბოსის გარემოცვაში, თუმცა ეს სიყვარული ვერ განვითარდა და ჩაკვდა. ლოგიკურია ყველაფერი, არაფერია გასაკვირი. გარემოში, სადაც ასლები ბატონობენ, ნამდვილ გრძნობებს და მათი ძიების პროცესს აბა რა ესაქმება? საგულისხმოა თავად ის ფაქტიც, თუ როგორ გვაწვდის ავტორი მართასა და პოლის სექსუალობას – პუნქტობრივად, მშრალად, კონკრეტული ფაქტების აღწერით, ჩამორაკრაკებით, თითქოს რამე სამეცნიერო მოხსენების რეზიუმეს აკეთებსო. ასლი სექსუალობას აპრიორი გამორიცხავს. სექსუალობის ასლი მარტივი და პრიმიტიული პორნოგრაფიაა, ასევე მეტად ნაცნობი და განვითარებული ჩვენს დროებაში.

სამყაროში, სადაც სექსუალობის ძიება ჩანასახშივეა განწირული, ადგილი რჩება პერვერსიებს. ოღონდ – კონტროლირებულ პერვერსიებსა და ფეტიშებს. სერ ჯეკი ჩუმად დაიარება ერთ ალაგას, სადაც ჭოჭინაში თამაშობს, პამპერსებს აცვლევინებს მიმზიდველ მომვლელებს, თავსაც ატუქსინებს შიგადაშიგ და სექსიც აქვს, ცხადია. ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და დალაგებული აქვს. არაფერი უნდა მოხდეს ამ ქვეყანაზე მისი ნების გარეშე და გაუთვალისწინებლად! მისი ეს ინფანტილური ფეტიში მრავლისმთქმელია. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ფულისა და ძალაუფლების პატრონია და აგერ ახალ, ალტერნატიულ ინგლისსაც კი ჩაუყარა საფუძველი, გულის სიღრმეში ერთი ვერგაზრდილი ბავშვია, რომელიც სამყაროთი ერთობა და რომლისთვისაც ინგლისი იმ თამაშს ჰგავს, რომელსაც თავად მართა თამაშობდა ბავშვობაში – ბრიტანეთის ასაწყობი რუკა იყო, სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც სხვადასხვა მიწებს განასახიერებდნენ, ერთმანეთისთვის უნდა მიეწყო. ამგვარი სათამაშოა რეალური სამყარო სერ ჯეკისა და მისნაირი ავანტურისტებისთვის.

დასასრულს კი მინდა ვთქვა, რომ ეს წიგნი ალბათ ყველა თბილისელს უნდა გვქონდეს წაკითხული და სახლშიც გვედოს პერიოდულად გადასახედად.

© არილი

Facebook Comments Box