პოეზია

გიორგი ლომსაძე – ოდები სიკვდილს და გარეუბნის პალიმფსესტები

* * *

ისინი მიკეტავენ კარს
და მე ვეხეთქები მანამ, სანამ შევანგრევ.
ტანსაცმელივით ვიძრობ ჩემს ტყავს
და დაგიყრი ფეხქვეშ, დავიღალე.
დაბრუნებულ ჩონჩხს ვეღარ მცნობს ძაღლი
და მარტო სახლი უცნაურად დაიწყებს ტირილს,
როცა ჭერიდან წყალი ჩამოვა.
გავიფანტები და ნატეხებად მოვალ შენამდე,
აღარ ვარ ერთი, დავიკარგე.
შენ შეგიძლია ჩემი პოვნა შენი სკამის ქვეშ,
მაგიდის უჯრაში ან რომელიმე ნაგვის ურნაში
და მარტო შენ გთხოვ,
შემაგროვე და შემიწებე, რომ ვიყოთ ერთნი.

 

* * *

მე ვცხოვრობდი ლოდინისა და შიშის ქუჩაზე

საკუთარ სახლში, სანამ გაბზარული იმედები

და საწოლის ქვეშ შევარდნილი სუფთა აზრები

ჩემი სახლივით დაბერდებოდნენ.

 

ავად არ ვყოფილვარ, უბრალოდ ერთ დღეს

ვიღაცამ მოულოდნელად ყველაფერი წინასწარ მითხრა –

ჩემი სახლი ადგილზევე დარჩებოდა – მე დავტოვებდი,

მაგრამ კედლებმა ვერ მიიღეს სიკვდილის წესები.

 

ბებერი სახლი და ჭაღარაშერეული სკამი,

ღრუბლებიანი ფანჯრები და მოცეკვავე იატაკი

მაგრად შეშინდნენ, მწვანე საწოლმა ვეღარ ამიტანა,

თითქმის ჩაინგრა, მაგრამ საათს არაფერი ემჩნეოდა.

 

* * *

თავი დახარე ფოთლებთან, მათ შეუძლიათ

პატივმოყვარეობის გარეშე კვდომა

უცერემონიოდ.

და უფრო მეტიც,

ელოდებიან, როდის წაიღებს

ხეებისგან ქარი მიწისკენ,

ძირს დაცვენილებს როგორ უჩურჩულებს,

რომ მათი ცვენა სავსეა სიცოცხლით

და კვდომა მორჩა.

 

* * *

შენ თავში მუდმივ დაბრუნებას

დავიწყებისთვის იმეტებ,

სათქმელი არ გაქვს

და ექსტაზურ სიტყვებს

აწყობ ნაგავში,

სადაც ადგილი არავის ყოფნის.

დამალვას სახელს არ არქმევენ,

უბრალოდ გინდა,

აღარავინ შეგეხებოდეს.

 

* * *

 

შენობის შესასვლელი კარის ტრიალის უსასრულობა,

წრეები ცაში, მრგვალი ბაღები.

ალუბლის ხის სკამი ყვავილობისას ისხამს მაგიდებს,

მითების დაკარგვის შიში და უძრავი ეპოსი.

დიომიდე სუბოტას არ აქვს სხვა გზა,

დიომიდე სუბოტა იჭრის გაუზრდელ თმას,

დიომიდე სუბოტა ისეთი სენტიმენტალურია,

იყენებს მოძველებულ  სიტყვებს:

ახალგაზრდული ჟინი და მოელვარე ცა.

დიომიდე სუბოტას ოცნებები ვერ სცდება

ღრუბლებზე მოსიარულე ცოლს.

სუბოტას ჰყავს ნაცნობები მეზობელი ფანჯრიდან

და ყოველ დილით, როცა იცის, არავინაა,

ეზოში დაეძებს შემთხვევით სიყვარულებს.

 

* * *

პარკინგიდან გამოსვლამდე წვიმიან ამინდში,

აღვიხილენ თვალნი ჩემნი მთათა.

ერთკვირიანი უძილობა და ოცნებები –

ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.

დაკეტილი მაღაზიიდან წამოსვლის დროს,

აღვიხილენ თვალნი ჩემნი მთათა.

მათხოვრებით სავსე გადასასვლელები,

ყველასგან დავალებული მუშები,

პანიკური პაციენტებით მორთული,

დაგვიანებული ექიმებით სავსე

ჭუჭყიანი საავადმყოფოები,

ბეტონის ჰორიზონტალური წვიმა,

უძრაობისთვის განკუთვნილი მანქანები,

სკოლის მერხებზე დარიგებული უიმედობა,

აღვიხილენ თვალნი ჩემნი მთათა,

შენდამი აღვიხილენ თვალნი ჩემნი.

 

* * *

მომატებული მრიცხველები,

უკვე ღამდება ადრე

ცეცხლი დიდხანს ვერ გაძლებს

გირჩებისაა, ეზოში რომ იპოვეს,

სახლიდანაც ვერაფერს დაწვავენ

ფეხსაცმელების გარდა,

მეზობელს რომ ეცვა  ხოლმე

და სიკვდილამდე დაუტოვა.

დილა ვერ დადგება

ან გათენება ისევ ჩამოყრის

ნაძვიდან გირჩებს

სულის ამოხდისგან გადასამალად.
* * *

წაშლილი საზღვარი დასახლებებში,

ჰიბრიდული წესრიგი,

კორპუსები ტყისპირა სოფლებში

და პლანტაციები ქალაქის ცენტრში,

ხის ღობეები გზის პირზე.

გეტოში დაიბანაკებს ანგელოზი

გარემოს მოშიშთა მისთა.

ბავშვები ისუნთქავენ ყვავილის ჰაერს,

სულები ელოდებიან ბანკომატის რიგს შუა ვენახში,

ცოცხალი ხისგან დარგული სახლები

იზრდება წვიმისგან,

ლიტერატურული სტამინა ყველას ყოფნის

და არავინ აღდგეს შენ ზედა

 

* * *

უკვე ქარია, აკურთხევდინ ისრაელი უფალსა,

სახლები გაიქცევიან მალე.

გზას ვერასოდეს შეუცვლი სახეს,

აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

მზე და მთვარე სიჩუმეს გვაჩვევს,

ხმაში შემერევა არეულობა.

ყველა წავიდა წინწილით თავისთვის

და აღარასდროს მოიხედავენ.

ქუჩა ისეთი დაცლილია, ქერუბიმების

გადაფრენის ხმებიღა ისმის,

გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი,

რათა აუარო სახელსა შენსა.

© არილი

Facebook Comments Box