* * *
რეზო ინანიშვილი “დილის” რედაქტორია. მე მას კარდენახელი პოეტი ქალის, მერი ბიწაძის ლექსები მივუტანე. მითხრა, შენი საბავშვო ლექსებიც მოიტანე, დაგიბეჭდავო. მე ვეუბნები, საბავშვო ლექსებს არ ვწერ-მეთქი. რას ამბობ კაცო, როგორ თუ არ წერ, გაზაფხულზე ლექსი არ დაგიწერიაო? მე მივხვდი, მისთვის როგორი წარმოუდგენელი იყო მწერლისგან ბავშვების თვალით სამყაროს აღქმის შეუძლებლობა, მივხვდი, რომ რაღაც აკლდა ყველას, ვისაც არ შეეძლო ბავშვების თვალით შეეხედა ბუნებისთვის, ცხოვრებისთვის, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროსთვის. ის ბუნების დიდი შვილი იყო და ეს რა გასაკვირია, მისი “კაცების”, “ბიბოს”, შიო პაპასა და უშიშა პაპას შემდეგ.
ადამიანის სმენასაც, მხედველობასაც აქვს თავისი საზღვრები, რევაზ ინანიშვილს კი მემგონი ეს არ ეხებოდა, ის ყოველგვარი ინსტრუმენტარიების გარეშე ახერხებდა ყოფიერებისა და სამყაროს ყოველგვარ განზომილებაში წვდომას. იგი რაღაც ზეგრძნობადი გამტარი იყო სამყაროსი და შეეძლო გადაქცეულიყო ყველა ასაკის ადამიანად და ყველანაირ სულიერ და უსულო არსებად.
* * *
ზოგჯერ, ამა თუ იმ მწერლის წაკითხვისას, ვფიქრობ, რა ტყუილი გარჯაა მწერლობა, რა გამოსწორდა გენიოსების არსებობით. ძალმომრეობა, ომი, ჩაგვრა და ყოველგვარი ადამიანური მანკიერება ისევ არსებობს-მეთქი.
რეზო ინანიშვილთან ეს არასოდეს მომსვლია თავში. რატომ? განა ის კი გამოასწორებს და აღგვის პირისაგან მიწისა ყოველგვარ მანკიერებას? როგორც ვერ იტყვი, რა საჭიროა წელს მარტი ან აპრილი რომ მოვიდაო, ასე არ გეთქმება – რა საჭიროა მისი ესა თუ ის მოთხრობაო. ეს მოთხრობები ბუნების ქმნილებებს გავს და შენთან ერთად, შენს გვერდით მიედინება ბუნების შეუჩერებელ ფერისცვალებაში.
* * *
დიდი ხელმოკლეობის ჟამს, სტუდენტობისას, როდესაც ავად მყავდა და, წიგნის მაღაზიის კარებთან ჩემს ფიქრებსა და მწუხარებას მიცემული გამომაფხიზლა ძალიან ყურადღებიანმა შემოხედვამ, არა ისეთმა, შეურაცხყოფად რომ მივიღებდი, ეს იყო შემოხედვა ადამიანისა, რომელმაც იცის ტკივილის ფასი და აკრთობს სხვისი მწუხარება.
ეს ადამიანი რეზო ინანიშვილი იყო.
* * *
1992 წლის 1 იანვარს სიღნაღის საავადმყოფოში მორიგეობის დროს გავიგე რეზო ინანიშვილის გარდაცვალების ამბავი. ეს იყო მძიმე, ეკონომიკური და ინფორმაციული ბლოკადის პერიოდი, სამოქალაქო ომი, შიმშილი, გათიშული ქვეყანა, უტრანსპორტობა. ამ საყოველთაო უბედურების ჟამს, კიდევ ერთი შავი დღე ჩამოდგა. რეზო ინანიშვილის სიკვდილი იქნებ იმიტომ დაამთხვია განგებამ იმ დიდ საერთო გლოვას, რომ შედარებით ჩუმად გადაგვეტანა ზარი, მის სიკვდილს სხვა დროს რომ მოყვებოდა, რათა ჩუმად, ცალ-ცალკე, სახლებსა და სამუშაო ადგილებზე გამოკეტილებს გვეგლოვა და ისე, მის პიროვნებას რომ შეეფერებოდა.
რეზო ინანიშვილი მთელ სამყაროს მოუკვდა. არა მგონია მისი სიკვდილი არ ეგრძნოთ მცენარეებს, ფრინველებს, ჯერ კიდევ გონში ჩაუგდებ ბავშვებს. იგი თითქოს სულ არსებობდა და სულ უნდა ეარსება მთელ ცოცხალ სამყაროსთან ერთად. მასში იყო რაღაც ისეთი, ბუნებისაგან კეთილად ბოძებული, რაც ამსგავსებდა ტყეებს, ველებს, მინდვრებს, მზესა და მთვარეს: მასზე ადრევე უნდა დაგვეწყო წერა; მაგრამ იგი ჩემთვის უკიდეგანო რეზო ინანიშვილი იყო და დაკონკრეტება არასდროს მომნდომებია. თუმცა ის თავისი კონკრეტული პიროვნებითაც მთელ სამყაროს მოიცავდა.
* * *
რეზო ინანიშვილი მე სკოლიდან ვიცოდი, როცა ის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. იმდროინდელი სტუდენტები მასზე ბევრს ლაპარაკობდნენ. ჩვენს სოფელში მოჰქონდათ მისი ამბავი. ამბობდნენ, რომ ერთი პერიოდი სამგორში წავიდა სამუშაოდ, რომ განსაკუთრებულად უყვარდა ნიკო კეცხოველს, ძალიან აფასებდნენ ამხანაგები. წერდა ძალიან კარგად. აკი არჩილ სულაკაურმაც თქვა, რომ უნივერსიტეტის პერიოდში რეზო ინანიშვილის მეტმა წერა არავინ ვიცოდითო. და აი უკვე, როცა თბილისში ვსწავლობდი, მახსოვს მის წიგნებს – “მეგობრისადმი მინაწერი წერილებიდან” და შემდეგ “წვეთები ფოთლებზე”, როგორ იტაცებდა ხალხი.
რ. ინანიშვილის მოთხრობები სასკოლო სახელმძღვანელოებშია შეტანილი. “იავნანამ რა ჰქმნა?”, “თინას ლეკურის”, “მაგდანას ლურჯას”, “ღვინია გადაიჩეხას”, “ყაყიტას ქურდის”, “შვლის ნუკრის ნაამბობის”, “მთის წყაროს”, “ქუჩის”, “ხმელი წიფელის” გვერდით უსათუოდ უნდა ისწავლონ ქართველმა ბავშვებმა “კაცები”, “ბიბო”, შიო პაპასა და უშიშა პაპას ამბები, “ლამაზი ცრემლები”, “ხელისგულებით ნალესი ქოხი” და სხვა.
ეს მოთხრობები მსოფლიოს საუკეთესო მოთხრობების ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებდა. რეზო ინანიშვილს სურს, რომ სტრიქონები, რომელიც ყრუ, გამწმენდ ტკივილებად შედის მასში, ელექტროდენივით გადასცეს სხვასაც, რათა ამით ნაწილობრივ მაინც მოვიხადოთ სასჯელი, დიდი ადამიანების წამებული სულების წინაშე.
* * *
რეზო ინანიშვილს პირველად 1955 წლის აგვისტოში შევხვდი. გამომცემლობა “ნაკადულის” ერთ-ერთ ოთახში იჯდა, კედელზე გაკრული სიღნაღის დიდი ფოტოს წინ. როცა იქ მყოფმა ლიტმუშაკებმა მკითხეს, აბა შენ სად ცხოვრობო, მე ფოტოზე მივუთითე, აი, აქა-მეთქი. რეზომ მკითხა: შენ მერი ბარნაბიშვილი ხარო? (მაშინ ახალი დაბეჭდილი ვიყავი “ცისკარში”).
1973 წელს სიღნაღში დავპატიჟეთ. მოხსენების დაწერისას სულ მაწუხებდა ფიქრი, რა უნდა მეთქვა რეზო ინანიშვილზე ისეთი, რასაც ის ამბობს თავისი მოთხრობებით. მაგრამ ეტყობა რაღაცა მაინც უნდა ვთქვათ.
ერთი წლის მერე რეზო ინანიშვილი 6-7 დღე ცხოვრობდა სიღნაღის სასტუმროში. მე და ჩემმა მეუღლემ სახლში წავიყვანეთ და ჩემს 5-6 მეგობართან ერთად შევხვდით მას. იგი გატაცებით ლაპარაკობდა პატარა რუსუდან ფეტვიაშვილზე, მხატვრობაზე საერთოდ; თენგიზ მირზაშვილზე, სალვადორ დალიზე, მოყვა სოლჟენიცინზე. ძალიან მოწონდა ა. ახმატოვას მიერ წაკითხული “კლეოპატრა”. როცა მწერლებს ადარებდნენ ერთიმეორეს, რევაზ ინანიშვილმა ბრძანა, განგებამ ყველა ადამიანს განსხვავებული რიტმი უბოძა და მათი ერთმანეთთან პირდაპირი შედარება არ გამოდგებაო. რამდენი მწერალიცაა, იმდენივე შეიძლება იყოს ძალიან დიდი მწერალი, მთავარი ნიჭიერებააო.