ადრე თუ გვიან მედიკოსი სტუდენტები აუცილებლად სვამენ კითხვას: რა სიძლიერის ტრავმულ შოკს შეიძლება გაუძლოს პაციენტმა. ყველა მასწავლებელი სხვადასხვანაირ პასუხს იძლევა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პასუხი წარმოადგენს კითხვას:
გადარჩენის რამდენად ძლიერი სურვილი აქვს პაციენტს?
26 იანვარი
ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც შტორმმა ნაპირზე გამომრიყა. ამ დილით მთელი კუნძული ფეხით შემოვიარე. ეს უცნობი კუნძული, ერთი ბოლოდან მეორემდე, სიგანეში ას ოთხმოცდაათი ნაბიჯია, სიგრძეში ორას სამოცდაშვიდი.
მინდა აღვნიშნო, რომ მთელ კუნძულზე არაფერია ისეთი, რაც შეიძლება შეჭამო.
მე მქვია რიჩარდ პაინი. ეს ჩემი დღიურია. თუ ვინმე მიპოვის (როდის?), საკმაოდ მარტივად გავანადგურებ. ასანთის ნაკლებობას არ განვიცდი. არც ასანთის და ჰეროინის. ორივე საკმარისზე მეტი მაქვს. ისე არც ერთი მათგანისთვის არ ღირდა აქ მოხვედრა, ჰა-ჰა. ასე რომ მე ვიწყებ დღიურის წერას. დროს მაინც მოვკლავ, სხვა თუ არაფერი.
თუ მხოლოდ სიმართლე უნდა მოვყვე – მოვყვები, რატომაც არა? დრო ნამდვილად საკმარისი მაქვს! – დავიწყებ იმით, რომ მე, რიჩარდ პინცეტი, დავიბადე ნიუ-იორკის პატარა იტალიაში. მამაჩემი “ძველი სამყაროდან” იყო. მე მინდოდა ქირურგი გამოვსულიყავი. მამაჩემი დამცინოდა, გიჟს მეძახდა და მთხოვდა კიდევ ერთი ჭიქა ღვინო მიმეტანა მისთვის. ის კიბოთი მოკვდა ორმოცდაექვსი წლის ასაკში. მე ეს გამიხარდა.
სკოლაში ფეხბურთს ვთამაშობდი. მე ვიყავი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი, რომელსაც კი იმ სკოლაში უთამაშია, ამის დედა მოვტყან. მცველი. ბოლო ორ წელს ქალაქის ნაკრებში ვთამაშობდი. მე მძულდა ფეხბურთი. მაგრამ თუ შენ ღარიბი იტალიელი ხარ და სწავლა გინდა, სპორტი ერთადერთი ბილეთია შენთვის კოლეჯში მოსახვედრად. მე ვთამაშობდი და ვიღებდი სპორტულ განათლებას.
კოლეჯში იქამდე ვთამაშობდი, სანამ უმაღლესი აკადემიური განათლება არ მიიღეს ჩემმა თანატოლებმა. მამაჩემი ექვსი კვირით ადრე მოკვდა, ვიდრე მე კოლეჯს დავამთავრებდი. მშვენიერი ამბავია. თქვენი აზრით, მე მინდოდა სცენაზე გამოვსულიყავი დიპლომის მისაღებად და ქვემოთ ეს ქონის მასა დამენახა წამოსკუპებული? თქვენი აზრით ქათამს სჭირდება დროშა? სტუდენტურ საძმოშიც კი შევედი. ეს საძმო ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაცია იყო, მთლად პინცეტივით ვერ ქაჩავდა, მაგრამ ეს საძმოები ხომ სულ ერთმანეთს გვანან.
რატომ ვწერ ამას? ეს უკვე სასაცილო ხდება. არა, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. ეს მართლა ძალიან სასაცილოა. დიდებული ექიმი პაინი კლდეზე შემომჯდარა, პაჟამა-შარვალში და მაისურში გამოწყობილი, გადაფურთხების რადიუსის მქონე კუნძულზე და წერს თავისი ცხოვრების შესახებ. მშია. არა უშავს. მაინც დავწერ ჩემი საცოდავი ცხოვრების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ეს იმაში მაინც დამეხმარება, რომ საჭმელზე აღარ ვიფიქრო.
გვარი პაინად მანამდე გადავიკეთე, სანამ კოლეჯში ჩავაბარებდი. დედაჩემი მეუბნებოდა, რომ გულს ვტკენ. ნეტავ რომელ გულს გულისხმობდა? მეორე დღეს მამაჩემი უკვე მიწაში იდო, ის კი იმ ებრაელ ვაჭარს დასდევდა, ჩვენსავე კვარტალში, რომ ცხოვრობდა. იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც გვარი ასეთი მნიშვნელოვანია, ზედმეტად სწრაფად გადაკეთდა შტაინბრანერად.
ქირურგობა იყო ის, რაც ყოველთვის მინდოდა. სკოლიდან მოყოლებული. მაშინაც კი ხელთათმანებს ყოველი თამაშის წინ ვიცვამდი და თამაშის შემდეგ ხელებს ვიბანდი. თუ ქირურგობა გინდა, საკუთარ ხელებზე უნდა ზრუნავდე. ბავშვები დამცინოდნენ ამის გამო და ქათმის სკინტლს მეძახდნენ. მე მათთან არასდროს ვჩხუბობდი. ფეხბურთის თამაში ისედაც სარისკო იყო. თუმცა სხვა მეთოდებიც არსებობდა. ყველაზე მეტად ჰოუი პლოცკი მაწუხებდა. უზარმაზარი, ჩლუნგი, სახედამუწუკებული მუტრუკი. ფული ცოტა მქონდა და რაც მქონდა, იმით ვირჩენდი თავს. შემოსავლის წყაროები არ მაკლდა, მაგრამ შემოსავალი ცოტა მქონდა. საჭიროა, რომ იცნობდე ადამიანებს, რომლებსაც გავლენიანი ნაცნობები ჰყავთ… ეს აუცილებელია, თუ ქუჩაში დაწანწალებ. ნებისმიერმა პროჭმა იცის, როგორ უნდა მოკვდეს. მთავარია ისწავლო, როგორ გადარჩე, ხვდებით, რას ვგულისხმობ? ამიტომ მე ათი დოლარი გადავუხადე ყველაზე დიდ ბავშვს ჩვენს კოლეჯში, რიკი ვიცის, რომ ჰოუი პლოცკისთვის ცხვირ-პირი მოენგრია. ცხვირ-პირი მოუნგრიე, – ვუთხარი მე, ათ დოლარს გადაგიხდი ყოველი მისი კბილისთვის, რომელსაც მომიტან. სამი კბილი მომიტანა, ქაღალდის ხელსახოცში გახვეული. მან ორი თითის სახსარი დაიზიანა ამ დავალების შესრულების დროს, წარმოიდგინეთ, ჩემს თითებს რა მოუვიდოდა.
სამედიცინო კოლეჯში, სანამ დანარჩენი მწოველები თავს იმასხარავებდნენ და ხან ოფიციანტებად დარბოდნენ აქეთ-იქით და ხან ჰალსტუხებს ყიდდნენ, ან იატაკებს რეცხავდნენ, მე გაცილებით უკეთ ვცხოვრობდი. საფეხბურთო ტოტალიზატორებით, საკალათბურთო ტოტალიზატორებით, აზარტული თამაშებით. ძველ მეგობრებთან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებდი. ასე რომ, კოლეჯში მშვენივრად ვიყავი.
კიდევ უფრო უკეთესი იყო, როცა პრაქტიკები დამეწყო, ნიუ-იორკის ყველაზე დიდ საავადმყოფოში ვმუშაობდი. თავიდან მხოლოდ სარეცეპტო ბლანკები მეხებოდა. მე ასამდე ბლანკს მივყიდდი ხოლმე ერთ ტიპს სამეზობლოდან, მას კი ისინი ისევ ჩემთან მოჰქონდა, ორმოცი ან ორმოცდაათი ექიმის მის მიერვე გაყალბებული ხელმოწერით, და ამ ბლანკებსაც ისევ მე მივყიდდი ხოლმე მას. შემდეგ ის მიდიოდა და პირდაპირ ქუჩაში ყიდდა ამ ბლანკებს, ათ და ოც დოლარად. სირები სიხარულით ყიდულობდნენ ხოლმე.
მალე აღმოვაჩინე თუ როგორი ქაოსია წამლებზე საავადმყოფოში. არავინ იცოდა რა რაოდენობის მედიკამენტები გადიოდა და შემოდიოდა საწყობში. იყვნენ ისეთი ტიპებიც, მუჭებს რომ ივსებდნენ ხოლმე ნარკოტიკებით. მაგრამ მე – არა. მე ყოველთვის ფრთხილი ვიყავი. პრობლემებში არასდროს ვეხვეოდი, სანამ უდარდელი არ გავხდი და იღბალმაც არ მიმტყუნა. მაგრამ მე ისევ დავდგები ფეხზე. ყოველთვის ვახერხებდი ამას.
ამჯერად მეტის წერა აღარ შემიძლია, ხელი დამეღალა და ფანქარიც დამიბლაგვდა. ვერ ვხვდები, რა მანერვიულებს. მალე ვიღაც მიპოვნის და წამიყვენს აქედან.
27 იანვარი
ნავი წუხელ გამორიყა დინებამ და კუნძულის ჩრდილოეთით, ნაპირიდან ათი ფუტის მოშორებით ჩაიძირა. ვინ გადმოგიგდებს თოკს? ფსკერი შვეიცარიულ ყველს ჰგავდა, მას შემდეგ რაც ნავი გაეხახუნა. იქიდან ყველაფერი წამოვიღე, რისი წამოღებაც ღირდა. ოთხი გალონი წყალი. საკერავი იარაღების კომპლექტი. პირველადი მედიკამენტების კომპლექტი. ბლოკნოტი, რომელშიც ვწერ და რომელიც წესით მაშველი ნავის ცვლის ჟურნალი უნდა ყოფილიყო. სასაცილოა პირდაპირ. სად გაგიგიათ მაშველი ნავი, სადაც საჭმელი არ ინახება. უკანასკნელი ჩანაწერი გაკეთებულია 1970 წლის 8 აგვისტოს. ხო, კიდე, ორი დანა, ერთი ბლაგვი და მეორე ძალიან ბასრი, ერთი კოვზ-ჩანგალა. მე მას ვახშამზე გამოვიყენებ ამაღამ. შემწვარ კლდეს ინებებთ? ჰა-ჰა. მოკლედ ასე, ფანქრის გათლა მაინც მოვახერხე.
როცა აქედან გავაღწევ, აუცილებლად ვუჩივლებ ამ “პერედაის ლაინს” და ცხვირიდან ამოვადენ ყველაფერს. მარტო ამისთვის ღირს ცხოვრება. და მე ვაპირებ ცხოვრებას. მე ვაპირებ გავაღწიო აქედან. ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში. მე ვაპირებ გავაღწიო.
(მოგვიანებით)
როცა წამოღებულ ინვენტარებს ვწერდი, ერთი გამომრჩა: ორი კილო სუფთა ჰეროინი, 350,000 დოლარი ღირს, ნიუ-იორკის ქუჩის ფასებით. აქ მას ნეხვის ფასი აქვს. სასაცილოა არა? ჰა-ჰა.
28 იანვარი
მაშ ასე, მე ვჭამე, თუ თქვენ ამას ჭამას დაუძახებთ. ერთ-ერთ კლდეზე, თოლია იყო შემომჯდარი, კუნძულის ცენტრში. აქაური მთები და კლდეები ფრინველის სკინტლითაა დაფარული. მე ავიღე ქვის ნატეხი, რომელიც ხელში კარგად დამეტეოდა და ბობღვით მივუახლოვდი, სადამდეც გავბედე. ის უბრალოდ თავის კლდეზე იდგა და მე მიყურებდა, თავისი კრიალა შავი თვალებით. მიკვირს, ჩემი მუცლის ბუყბუყმა არ დააფრთხო და არ გაფრინდა.
ქვა მთელი ძალით ვესროლე და გვერდში მოვარტყი. ხმამაღლა იკივლა და გაფრენას შეეცადა, მაგრამ მე მარჯვენა ფრთა მოვტეხე. ხელი წავატანე, მაგრამ ის ადგილიდან ახტა. თეთრი ბუმბულებიდან სისხლი წასკდა. დაჭერობანას მეთამაშება ეს ბოზის შვილი, ერთ მომენტში კლდის მეორე მხარეს ტერფი გამეჭედა ორ ქვას შორის და კინაღამ კოჭში გადამიტყდა.
საბოლოოდ ის დაიღალა და კუნძულის აღმოსავლეთ მხარეს დავიჭირე. ცდილობდა წყალში შეესწრო და ცურვით გამცლოდა. მე მას ბუმბულის კუდში ვტაცე ხელი, ის კი მობრუნდა და ჩამკორტნა. მაშინ ერთი ხელი ფეხებში ჩავავლე. მეორე თავზე მოვკიდე და კისერი გადავუმტვრიე. მტვრევის ხმამ დიდი სიამოვნება მომანიჭა. საჭმელი მოგართვით, იცოდით? ჰა-ჰა.
ჩემს “ბანაკში” წავიღე, მაგრამ სანამ გამოვშიგნავდი, მისი ჩაკორტნილი ჭრილობა იოდით დავიმუშავე. ჩიტები უამრავ მიკრობს ატარებენ, ინფექციაღა მაკლდა ახლა.
ოპერაცია “თოლიამ” კარგად ჩაიარა, თუმცა მე ვერ შევძელი მისი მომზადება. არანაირი მცენარეულობა, არანაირი საჭრელი დაფა, ნავიც კი ჩაიძირა. ასე რომ უმის ჭამა მომიწია, მუცელს მაშინვე ამორწყევა მოუნდა. მესმოდა მისი გასაჭირი, მაგრამ ამის უფლებას ვერ მივცემდი. მე ვითვლიდი უკუღმა, სანამ გულის რევის შეგრძნებამ არ გამიარა. ეს თითქმის ყოველთვის შველის.
შეგიძლიათ, ასეთი ჩიტი წარმოიდგინოთ, კოჭში რომ კინაღამ გადამამტვრია და ჩამკორტნა? თუ კიდევ ერთ ასეთს დავიჭერ ხვალ, აუცილებლად ვაწამებ. მას გაუმართლა და იოლი სიკვდილით მოკვდა. ახლაც კი, როცა ამაზე ვწერ, შემიძლია დავიხედო ქვემოთ და ქვიშაში მის მოჭრილ თავს დავინახავ. მიუხედავად იმისა, რომ მისი შავი თვალები სიკვდილითაა დაფარული, მაინც მეჩვენება, რომ დამცინავად მიყურებენ. ნეტავ თოლიებს აქვთ რამენაირი ტვინი? ნეტავ იჭმევა?
29 იანვარი
არავითარი საჭმელი დღეისათვის. ერთი თოლია კლდის წვერზე შემოჯდა, მაგრამ მანამდე გაფრინდა, სანამ მივუახლოვდებოდი და “ზუსტ პასს მივცემდი წინ”, ჰა-ჰა! წვერი წამომეზარდა. საშინლად მექავება. თუ ეს თოლია ისევ დაბრუნდება და დავიჭერ, თვალებს ამოვჩიჩქნი, სანამ მოვკლავ.
თავისუფლად შემიძლია იმის თქმა, რომ საოცარი ქირურგი ვიყავი. მაგრამ მათ ამიკრძალეს ეს საქმე. მართლა სასაცილოა: ამას ყველა აკეთებს, მაგრამ როგორც კი ვინმე ჩაუვარდებათ ხელში, მაშინვე სისხლიანი ფარისევლები ხდებიან. რომ იცოდეთ, როგორ მომიხაზეს. ესეც შენი ჰიპოკრატეს და ჰიპოკრიტეს მეორე ფიცი.
ისე ამოვიდა ყელში ეს პრაქტიკანტობა და რეზიდენტობა (რაც ნიშნავს რომ უნდა იმუშაო სინდისიერად, იმ ფიცის თანახმად, რომლისაც არ გწამს), რომ გადავწყვიტე საკუთარი საავადმყოფო გამეხსნა “პარკ ავენიუზე”. და რაც ყველაზე მაგარია, ეს მდიდარი მამიკოს და გავლენიანი მფარველის გარეშე შევძელი, ჩემი “კოლეგებისგან” განსხვავებით. მაგრამ ცოტა ხანში ჩემი ყველაფერი დასრულდა. მამაჩემი ცხრა წლის დამარხული იყო ღარიბთა სასაფლაოზე. დედაჩემი ერთი წლით ადრე მოკვდა, ვიდრე ლიცენზიას ჩამომართმევდნენ.
ეს პანჩურის ამორტყმას ჰგავდა. მე ვთანამშრომლობდი ექვსიოდე აღმოსავლელ ფარმაცევტთან, ორ მსხვილ მომწოდებელთან და სულ ცოტა ოც ექიმთან მაინც. ისინი მე მიგზავნიდნენ პაციენტებს, მე კი მათ. მე ვაკეთებდი ოპერაციებს და ვუწერდი მათ აუცილებელ გამაყუჩებელ საშუალებებს. ყოველი ოპერაცია ნამდვილად არ იყო აუცილებელი, თუმცა არც ერთი მათგანი არ ჩამიტარებია პაციენტის სურვილის საპირისპიროდ. არასდროს მყოლია პაციენტი, რომელიც დახედავდა რეცეპტს და მეტყოდა: “მე ეს არ მინდა”. მისმინე: ისინი ხან საშვილოსნოს იჭრიდნენ 1960-ში, ხან ფარისებრ ჯირკვალს 1970-ში და თუ ნებას დავრთავდი, ხუთი ან ათი წლის შემდეგაც იღებდნენ გამაყუჩებლებს. ზოგჯერ ასეც ვიქცეოდი. და ალბათ ხვდებით, რომ მე ერთადერთი არ ვიყავი. მათ შეეძლოთ საკუთარი თავისთვის ასეთი თვისებების გამომუშავების ნება მიეცათ. ზოგჯერ კი პაციენტებს ცუდად ეძინათ, თუნდაც უმნიშვნელო ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ან ნერვულნი ხდებოდნენ, სადიეტო ტაბლეტების გამო. ან ლიბრიუმის გამო. ეს ადვილი მოსაგვარებელი იყო. ჰა! ნამდვილად! თუ ჩემგან ვერ მიიღებდნენ, სხვისგან მაინც შეძლებდნენ მიღებას.
შემდეგ საგადასახადო დაადგა ლოუენტალს. ამ ცხვარს. ხუთწლიანით დაემუქრნენ და იმანაც ექვსამდე გვარი ამოღერღა. მათ შორის ჩემიც. ცოტა ხანს მითვალთვალეს და როცა ისინი დაიწვნენ, მე უკვე ხუთ წელზე გაცილებით მეტი მეკუთვნოდა. იქ კიდევ რამდენიმე საქმე იყო, სარეცეპტო ბლანკების ჩათვლით, რისი კეთებაც არასდროს შემიწყვეტია. რა ღადაობაა, ეს აღარაფერში მჭირდებოდა, უბრალოდ ჩვევაში მქონდა. ძნელია უარი თქვა ერთით მეტ კოვზ შაქარზე.
მოკლედ, მე ვიცნობ ვიღაც-ვიღაცეებს, სხვადასხვა სიმებისთვის გამომიკრავს. ერთი-ორი მგლებისთვისაც მიმიგდია საჯიჯგნად. არც ერთი მათგანი არ მომწონდა სინამდვილეში, ყველანი წმინდა წყლის ბოზის შვილები იყვნენ. ღმერთო, როგორ მშია.
30 იანვარი
დღეს თოლიები არ მოფრენილან. ეს ამბავი წარწერას მაგონებს, პროდუქტის ურიკით დამტარებლებს რომ აქვთ ხოლმე ზოგჯერ, “დღეს პომიდორი არ მაქვს”. წელამდე წყალში შევედი ბასრი დანით ხელში. ოთხი საათის განმავლობაში სრულიად გაუნძრევლად ვიდექი ერთ ადგილას, სადაც მზე ეცემოდა. ორჯერ მეგონა, რომ გონებას ვკარგავდი, მაგრამ ისევ უკუთვლას შევუდექი, სანამ არ გამიარა. ერთი თევზიც კი არ შემინიშნავს, ერთიც კი.
31 იანვარი
კიდევ ერთი თოლია მოვკალი, ზუსტად ისე, როგორც პირველი. ძალიან მშიერი ვიყავი იმისათვის, ისე მეწამებინა, როგორც ვაპირებდი. გამოვშიგნე და შევჭამე. შემდეგ ნაწლავებიდან განავალი გამოვიღე და ისიც შევჭამე. უცნაური გრძნობაა, როგორ უბრუნდება ადამიანს სიცოცხლისუნარიანობა, ცოტათი შემეშინდა კიდეც, ერთ მომენტში. როცა ცენტრალური კლდის ჩრდილში ვიწექი, მომეჩვენა რომ ხმები მესმოდა. მამაჩემის. დედაჩემის. ჩემი ყოფილი ცოლის. და ყველაზი უარესი, იმ დიდი ჩინელის, რომელმაც ჰეროინი მომყიდა საიგონში. ის ჩლიფინით ლაპარაკობდა, შესაძლოა იმიტომ, რომ ენა ნახევრად მოჭრილი ჰქონდა.
“მიდი ხო,” მისი ხმა არსაიდან მოდიოდა, “მიდი, გაიცქირე ცოტა, თჰულ დაგავიწყდება შიმშილის გრძნობა, ეთ მაგარია..” მაგრამ მე არასდროს მიმიღია გამაბრუებლები, დამაძინებელი ტაბლეტებიც კი არ მიმიღია.
ლოუენტალმა თავი მოიკლა, არ მითქვას თქვენთვის? ეგ ცხვარი. თავი ჩამოიხრჩო, ოთახში, რომელიც ადრე მისი კაბინეტი იყო. ჩემი აზრით, დიდი სამსახური გაუწია სამყაროს.
მე ისევ პრაქტიკა მინდოდა. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე ამაზე, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა, ოღონდ დიდი ფული დაჯდებოდა. იმაზე დიდი, ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო. სეიფში 40 000 მედო. გადავწყვიტე შანსი გამომეყენებინა და ეს ფული დამეტრიალებინა. გამეორმაგებინა ან გამესამმაგებინა.
ასე რომ რონი ჰანელის სანახავად გავემართე. მე და რონი ფეხბურთს ვთამაშობდით ერთად კოლეჯში, მერე როცა მისმა პატარა ძმამ სამედიცინოზე ჩაბარება გადაწყვიტა, მე ადგილის პოვნაში დავეხმარე. თვითონ რონი იურიდიულზე სწავლობდა, მოდი და ნუ გაგეცინება, არა? იმ უბანში, სადაც ჩვენ ვიზრდებოდით, რონის ეძახდნენ “რონი – შემსრულებელს” იმიტომ, რომ ის მსაჯობდა თამაშებს, რომლებსაც ჯოხით და ბურთით თამაშობენ, მათ შორის ჰოკეისაც. თუ შენ მისი ჩასტვენა არ მოგწონდა, არჩევანი შენზე იყო – ან უნდა მოგეკეტა ან თითები გეღრღნა. პუერტო რიკოელები მას “რონი-მაკარონის” ეძახდნენ. ამ სახელის დაძახება მას ყოველ ჯერზე აგიჟებდა. და ეს ტიპი შევიდა სკოლაში, შემდეგ კოლეჯში, იურიდიულზე, გამოცდები პირველივე ჯერზე ჩააბარა, ბოლოს მაღაზია გახსნა ჩვენსავე უბანში, ბარის პირდაპირ. მე თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ მოსრიალებს უბანში თავისი თეთრი კონტინენტალით. ქალაქის ყველაზე მსხვილსაქმიანი ნაბიჭვარი.
მე ვიცოდი, რომ რონის რაღაც ექნებოდა ჩემთვის, “ეს საშიშია.” თქვა მან, “მაგრამ შენ შეგიძლია შენ თავზე ზრუნვა, თუ ეს საქმე გამოგივა, მე გაგაცნობ ორ ადამიანს, რომელთაგან ერთ-ერთი მთავრობიდანაა.
მან ორი სახელი მითხრა, ერთი დიდი ჩინელი იყო, ჰენრი ლი-ცუ, მეორე ვიეტნამელი, სოლომ ნგო, ქიმიკოსი. დიდი თანხის სანაცვლოდ ის ჩინელის საქონელს ამოწმებდა. ჩინელს ხანდახან გამოხტომებიც სჭირდა. ეს გამოხტომები იმაში გამოიხატებოდა, რომ პლასტიკური პაკეტები ხშირად ტალკუმით იყო გატენილი, ნიჟარის საწმენდი ფხვნილით, სიმინდის ფქვილით. რონიმ მითხრა, ერთხელაც ლი-ცუს სიცოცხლის ფასად დაუჯდება ეგ გამოხტომებიო.
1 თებერვალი
თვითმფრინავი გამოჩნდა. კუნძულს ზედ თავზე გადაუფრინა. შევეცადე კლდის წვერზე ავცოცებულიყავი და იქიდან დამექნია ხელი. ისევ ფეხი გამეჩხირა ნახვრეტში. იგივე დაწყევლილ ნახვრეტში, რომელშიც მაშინ გამეჩხირა, როცა პირველად მოვკალი ჩიტი. ფეხი კოჭთან გადამიტყდა. ორმაგი მოტეხილობა მქონდა. თითქოს იარაღი მესროლეს. წარმოუდგენლად მტკიოდა. მე ვიკივლე და წონასწორობა დავკარგე. ხელები გიჟივით ავიქნიე, მაგრამ თავი ვეღარ შევიმაგრე, დავგორდი, თავი დავარტყი და გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი, უკვე ბნელოდა. თავიდან სისხლი მდიოდა. ფეხი გასიებული მქონდა და ამ ყველაფერს მზისგან მიღებული დამწვრობაც ემატებოდა. მზეს კიდევ ერთ საათს რომ გაეძლო, მე ალბათ წყლულები გამიჩნდებოდა.
როგორღაც აქამდე მოვხოხდი, მთელი ღამე ვცახცახებდი და ვღრიალებდი მოტეხილობის ტკივილებისგან. დეზინფექცია ჩავუტარე ჭრილობას მარჯვენა საფეთქელთან და შევიხვიე, როგორც შევძელი. მე მგონი ეს სკალპის უმნიშვნელო დაზიანება და მსუბუქი ტვინის შერყევაა, მაგრამ ფეხის კოჭი… რთული მოტეხილობა მაქვს. ორ ან შეიძლება სამ ადგილასაც.
ახლა როგორღა ვინადირებ ჩიტებზე?
წესით, რამე თვითმფრინავი უნდა დაფრინავდეს, “კალასიდან” გადარჩენილების მოსაძებნად. სიბნელეში, შტორმმა, შესაძლოა სამაშველო ნავი რამდენიმე მილის მოშორებით გარიყა იმ ადგილიდან, სადაც ჩაიძირა. შეიძლება ისინი აღარც კი დაბრუნდნენ ამ ადგილას.
ღმერთო, როგორ მტკივა კოჭი.
2 თებერვალი
მე მინიშნება ავაგე კენჭებით, კუნძულის სამხრეთით, სადაც სამაშველო ნავი ჩაიძირა, ამას მთელი დღე მოვუნდი, ზოგჯერ ჩრდილში ვისვენებდი ხოლმე. ამის მიუხედავად, მაინც ორჯერ კინაღამ გონება დავკარგე. რამდენადაც ერთი შეხედვით ვხვდები, უკვე ოცდახუთი ფუთი დავიკელი წონაში, ძირითადად ორგანიზმის შიგნიდან გამოშრობის გამო. სამაგიეროდ აქედან, სადაც ახლა ვზივარ, მშვენივრად ვხედავ შავი ქვებით თეთრ ქვიშაზე გამოყვანილ ასოებს, რომლებიც შეადგენენ სიტყვას: “მიშველეთ” და რომელიც ოთხი ფუტია სიმაღლეში.
შემდეგი თვითმფრინავი აუცილებლად დამინახავს.
თუკი შემდეგი თვითმფრინავი არსებობს.
ჩემი ტერფი შეუწყვეტლივ პულსირებს. ის უფრო მეტად გასივდა და გადატეხილი ნაწილის გარშემო ავისმომასწავებელი ლაქები გამიჩნდა. სილურჯე სწრაფად ვრცელდება ფეხზე. როცა მას მაისურით ძლიერად ვიხვევ, ტკივილი კლებულობს, თუმცა ის მაინც იმდენად ძლიერია, რომ როცა მგონია რომ ძილი მერევა, სინამდვილეში გული მიმდის.
უკვე იმაზეც კი ვფიქრობ, რომ შესაძლოა ამპუტაცია გახდეს საჭირო.
3 თებერვალი
ფეხი უფრო მეტად გამისივდა და სილურჯემაც მოიმატა. ხვალამდეც მოვიცდი. თუ ოპერაცია აუცილებელი გახდა, მე ვფიქრობ, რომ შევძლებ მის ჩატარებას. მე მაქვს ასანთი იმისათვის, რომ ბასრ დანას სტერილიზაცია გავუკეთო. მაქვს ნემსი და ძაფი საკერავი კომპლექტიდან. შესახვევად მაისურს გამოვიყენებ.
ორი კილო “ტკივილგამაყუჩებელიც” კი მაქვს, ოღონდ იმისგან განსხვავებული, რასაც პაციენტებს ვუწერდი. მაგრამ ისინი აუცილებლად მიიღებდნენ მას, მისი შოვნა რომ შეძლებოდათ. სანაძლეოს დავდებ. ის მიხრწნილი ცისფერთმიანი ქალბატონები დეზედორანტსაც კი შეიყნოსავენ, თუკი ეტყვი, რომ ის აბრუებს. დამიჯერეთ!
4 თებერვალი
გადავწყვიტე ფეხი მოვიჭრა. ოთხი დღეა არაფერი მიჭამია. თუ ასე გაგრძელდა ეს გაზრდის რისკს, რომ ოპერაციის დროს მე დავკარგავ გონებას შიმშილისგან და შოკისგან და სისხლისგან დავიცლები. ასეთ მდგომარეობაშიც კი მე ჯერ კიდევ მინდა სიცოცხლე. მახსოვს, რას გვეუბნებოდა მოკრიჯი ანატომიის გაკვეთილზე. ბებერი მოკი, ასე ვეძახდით. ადრე თუ გვიან მედიკოსი სტუდენტები სვამენ კითხვას: რა სიძლიერის ტრავმულ შოკს შეიძლება გაუძლოს პაციენტმა? ის თითს ურტყამდა ადამიანის სხეულის რუკას. ურტყამდა თირკმელებს, ღვიძლს, გულს, ელენთას, ნაწლავებს. როგორც წესი, ბატონებო, ამ კითხვას პასუხად მოსდევს შემდეგი კითხვა: გადარჩენის რამდენად დიდი სურვილია აქვს პაციენტს?
მე ვფიქრობ, რომ შევძლებ ამის გადატანას.
მართლა ასე ვფიქრობ.
ალბათ მე იმისთვის ვწერ, რომ დროებით გადავდო ის, რაც გარდაუვალია. მაგრამ ახლა გამახსენდა, რომ არ დამისრულებია იმის თხრობა, თუ როგორ აღმოვჩნდი აქ. მგონი აჯობებს დავასრულო ის, რაც დამრჩა მოსაყოლი, იმ შემთხვევისთვის, თუ ოპერაცია ცუდად ჩაივლის. ეს დაახლოებით ათი წუთის საქმეა და დღის სინათლე ოპერაციის ჩასატარებლადაც საკმარისი დამრჩება, მით უმეტეს, რომ ახლა ჩემს საათში დილის ათის ცხრა წუთია. ჰა.
საიგონში ტურისტად ჩავფრინდი. უცნაურად ჟღერს? არადა სულ ტყუილად ფიქრობთ ასე. იქ დღემდე ათასობით ტურისტი ჩადის, მიუხედავად ნიქსონის დაწყებული ომისა. ისეთებიც არიან, დამტვრეული მანქანების და ქათმების ჩხუბის სანახავად რომ ჩადიან იქ.
ჩემმა ჩინელმა მეგობარმა საქონელი მომცა. მე ის წავიღე ნგოსთან, რომელმაც თქვა, რომ ეს ძალიან ხარისხიანი საქონელია. მან მითხრა, რომ ლი-ცუმ უკანასკნელად გამოავლინა თავისი გამოხტომები და მისი ცოლი ჰაერში ასწია აფეთქებამ, როცა საკუთარი “ოპელის” დაქოქვას ცდილობდა. იმ დღის შემდეგ მისი გამოხტომები აღარ გამეორებულა.
საიგონში სამი კვირა დავრჩი. ადგილი ტურისტულ გემზე დავჯავშნე, რომელსაც “კალასი” ერქვა და სან-ფრანცისკოში მიდიოდა. პირველი კაიუტა ავიღე. საქონლის შეტანა უპრობლემოდ მოვახერხე. ნგომ დაცვის ორი წევრი მოისყიდა, რომლებმაც ერთი თვალი შეავლეს ჩემს ჩემოდანს და გემზე ამიშვეს. საქონელი სპეციალურ შეკვრაში მედო, რომლისთვისაც არც კი შეუხედავთ.
“ამერიკის საზღვარზე გაცილებით რთული იქნება,” მითხრა ნგომ, “მაგრამ ეგ უკვე თქვენი პრობლემაა.”
საქონლით ამერიკის საზღვარზე მისვლას არც ვაპირებდი. რონი ჰანელიმ მყვინთავი დაიქირავა, რომელსაც ერთი ჯოჯოხეთური საქმე უნდა შეესრულებინა სამი ათას დოლარად. მე ის უნდა მენახა (ორი დღის წინ ახლა როგორც ვვარაუდობ) სან-ფრანცისკოს ერთ ღამისგასათევში, რომელსაც ერქვა “სასტუმრო სენტ რეჯისი”. გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ საქონელი წყალგაუმტარ ქილაში უნდა მოგვეთავსებინა. მასზე უნდა მიმაგრებულიყო ტაიმერი და წითელი საღებავი. როგორც კი გემი დოკში შევიდოდა, ქილა უნდა გადაგდებულიყო ზღვაში – ოღონდ არა ჩემს მიერ, რა თქმა უნდა. ზუსტად იმ დროს, როცა მე ვეძებდი მზარეულებიდან ან გამცილებლებიდან რომელიმეს, რომელიც ფულის სანაცვლოდ ამ საქმეს შეასრულებდა და გამოიჩენდა გონიერებას, – ან უგუნურებას, – რომ ენისთვის კბილი დაეჭირა, კალასი ჩაიძირა.
არ ვიცი, როგორ ან რატომ. შტორმი იყო, მაგრამ თითქოს გემს საფრთხე არ ემუქრებოდა. სადღაც, საღამოს რვა საათისთვის პირდაპირ გემბანის ქვეშ მოხდა აფეთქება. მაგ დროს მე ვისვენებდი და უცებ “კალასი” ცალ მხარეს გადაიხარა. მარცხნივ… ზუსტად არ ვიცი როგორ ამბობენ, “პორტს” თუ “ქიმს”?
ადამიანები კიოდნენ და სხვადასხვა მიმართულებით დარბოდნენ. ბარში ბოთლები თაროებიდან ჩამოცვივდა და ძირს ეყარა. ქვედა სართულიდან კაცი ამოვარდა. შარვალი დამწვარი ჰქონდა, კანი გადაყვლეფილი. რუპორები მგზავრებს მოუწოდებდნენ წასულიყვნენ სამაშველო ნავებისკენ, რომლებიც ინსტრუქტაჟით მათთვის იყო გათვალისწინებული. მგზავრები მაინც აქეთ-იქით სირბილს აგრძელებდნენ. ძალიან ცოტა მათგანმა შეიწუხა თავი ინსტრუქტაჟს მიჰყოლოდა. მე არათუ გამოვცხადდი ადგილზე, არამედ ყველაზე ადრე მივედი. მინდოდა პირველ რიგებში მოვხვედრილიყავი, ხომ ხედავთ, მე ყველაზე ყურადღებიანი ვხდები, როცა საქმე ჩემს ტყავს ეხება.
მე კაიუტაში დავბრუნდი, ავიღე ჰეროინის შეკვრები და ჯიბეებში ჩავილაგე. შემდეგ გავემართე მერვე სამაშველო ნავისკენ. სანამ კიბეებით მთავარ გემბანზე ასვლას ვცდილობდი, კიდევ ორი აფეთქება მოხდა და გემი თითქმის ბოლომდე აყირავდა ცალ მხარეს.
ზემოთ პანიკა სუფევდა. დავინახე, როგორ ჩამირბინა გვერდით შემზარავად აკივლებულმა ქალმა, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა და თავის შემაგრებას ცდილობდა სრიალა, აყირავებულ გემბანზე. ის მოაჯირს მიეჯახა თეძოებით და გემიდან გადავარდა. ჰაერში ორჯერ ამოტრიალდა და როცა მესამე ტრიალზე წავიდა, მე ის დავკარგე მხედველობის არედან. იქვე იჯდა კაცი მზარეულის თეთრ ფორმაში გამოწყობილი, სახე და ხელები საშინლად ჰქონდა დამწვარი და ყვიროდა:
“მიშველეთ! ვერაფერს ვხედავ! მიშველეთ! ვერაფერს ვხედავ!”
პანიკა ყველას მოედო: ის გადადიოდა მგზავრებიდან მეზღვაურებზე, როგორც მომაკვდინებელი ვირუსი. მინდა დავამატო, რომ პირველი აფეთქებიდან გემის სრულ ჩაძირვამდე, ოცი წუთი გავიდა. რამდენიმე სამაშველო ნავი ბოლომდე იყო გადატენილი აკივლებული მგზავრებით, მაშინ, როცა დანარჩენები ცარიელები იყვნენ. ჩემი ნავი, გემის აყირავებულ მხარეს, თითქმის ცარიელი იყო. გარშემო არავინ ჩანდა ერთი მეზღვაურის გარდა, რომელსაც მუწუკებიან სახეზე მკვდრის ფერი ედო.
“მოდი ეს სათლის მსგავსი ბებერი ძუკნა წყალში მოვისროლოთ.” თქვა მან, თვალებს გიჟივით აცეცებდა. “ეს დაწყევლილი აბაზანა აშკარად ფსკერისკენ იწევს.”
სამაშველო ნავის ბაგირით დაშვება უმარტივესია, მაგრამ მან ნერვული ფათიფუთის გამო არასწორად დაუშვა ის. ნავი ექვსი ფუტით ჩამოცურდა და გაჩერდა. შედეგად ცხვირი ორი ფუტით უფრო დაბლა ჰქონდა, ვიდრე ძირი.
როცა მან ყვირილი მორთო, მე გადავწყვიტე დავხმარებოდი. თუმცა მალევე გაართვა თავი სიტუაციას და იმავდროულად ხელიც ჩაიყოლა სადღაც. თოკმა მის ხელს ბოლი აადინა, კანი გადააცალა და ნავიდან გადაითრია. მე ვისროლე თოკის კიბე, დავეშვი მასზე, ნავი ფრთხილად მოვაცილე ბაგირს. შემდეგ კი ნიჩბების მოსმა დავიწყე. ადრე ამას ხშირად ვაკეთებდი ჩემი სიამოვნებისთვის, როცა მეგობრებთან დავდიოდი სტუმრად აგარაკზე, ახლა კი ამას სიცოცხლის შესანარჩუნებლად ვაკეთებდი. ვიცოდი, რომ თუ ჩაძირვამდე “კალასს” საკმაო მანძილზე არ მოვშორდებოდი, ის მეც ჩამიყოლებდა.
ხუთ წუთში ის წყალმა ჩაყლაპა. მე ვერ მოვასწარი ბოლომდე გავცლოდი საშიშ ზონას, საიდანაც ის ვეღარ შეძლებდა ჩემს ჩათრევას. გიჟივით უნდა მესვა ნიჩბები, რომ ერთ ადგილას დავრჩენილიყავი. ძალიან სწრაფად ჩაიძირა. მის მოაჯირს ჩაბღაუჭებული ადამიანები ჯერ კიდევ შემზარავად ღრიალებდნენ. მაიმუნების გროვას ჰგავდნენ.
შტორმი გაძლიერდა. ერთი ნიჩაბი დავკარგე, მაგრამ მეორე მაინც შევინარჩუნე. მთელი ღამე თითქოს სიზმარში გავატარე. ჯერ ნავიდან წყალს ვხაპავდი, შემდეგ ვეჭიდებოდი ნიჩაბს და გამეტებით ვიქნევდი, რომ მომავილი მზარდი ტალღა გადამელახა.
ოცდამეოთხე დღეს ჩემს უკან ტალღები გაძლიერდა. ნავი წინ მიცურავდა. ეს საზარელიც იყო და სახალისოც ერთდროულად. მოულოდნელად ნავის ფიცარი შეირხა ჩემს ფეხებთან. სანამ სამაშველო ნავი ჩაიძირებოდა, ის შეეჯახა ამ ღვთის მიერ აღმართულ კლდეს. წარმოდგენა არ მაქვს, სად ვარ: არანაირი იდეა არ მაქვს, სად შეიძლება ვიყო. ნავიგაციაში აშკარად მოვიკოჭლებ. ჰა-ჰა.
მაგრამ მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო. შეიძლება ეს უკანასკნელი მცდელობაა, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ ამას შევძლებ. ყოველთვის ასე არ იყო? დღეს უკვე ადამიანები სასწაულებს სჩადიან პროტეზით. ცალი ფეხითაც მშვენივრად ვიცხოვრებ.
ახლა გამოჩნდება, თუ მართლა ისეთი მაგარი ვარ, როგორიც მეგონა თავი. წარმატებები.
5 თებერვალი
გავაკეთე.
ყველაზე მეტად ტკივილი მაშინებდა. საერთოდ ტკივილის გაძლება შემიძლია მაგრამ ასეთ დასუსტებულ მდგომარეობაში, შიმშილისა და აგონიის ერთობლიობას შეეძლო გონება წაერთმია, სანამ ოპერაციას დავასრულებდი.
ჰეროინი ძალიან დამეხმარა.
მე გავხსენი ერთ-ერთი პაკეტი და შევისუნთქე ორი ჯანმრთელი დოზა ბრტყელი ქვის სლიპინა ზედაპირიდან. ჯერ მარჯვენა ნესტოთი, შემდეგ მარცხენათი. თითქოს გამაყუჩებელი სიგრილე შემესუნთქოს ცხვირით, რომელმაც თავიდან ფეხებამდე დამიარა. მე შევისუნთქე ჰეროინი მაშინათვე, როგორც კი დღიურის წერას მოვრჩი გუშინ, – 9:45 საათზე. შემდეგ, როცა საათს დავხედე, ჩრდილი უკვე გადასული იყო და ნახევრად მზეში ვიწექი, ზუსტად 12:41 იყო. შემდეგ გავითიშე. ვერც კი წარმომედგინა, თუ ასეთი კარგი იქნებოდა. არ მესმის რატომ ვუყურებდი ამას აქამდე ასე აგდებულად. ტკივილი, შიში, ტანჯვა… ეს ყველაფერი გაქრა, დარჩა მხოლოდ მშვიდი ეიფორია.
სწორედ ამ მდგომარეობაში ჩავატარე ოპერაცია.
ტკივილი მაინც იგრძნობოდა, განსაკუთრებით ოპერაციის დასაწყისში. მაგრამ ეს ტკივილი თითქოს ჩემგან მოშორებით არსებობდა, როგორც უცხო ადამიანის ტკივილი. ამან შემაწუხა, მაგრამ დამაინტერესა კიდეც. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? თუ ოდესმე მიგიღიათ ძლიერი, მორფინის მაგვარი ნარკოტიკი, ალბათ შეძლებთ კიდეც. ის არა მხოლოდ ამცირებს ტკივილს, არამედ ცვლის ცნობიერებას. სიმშვიდე. მე მესმის მათი, ვინც მასზე შეჯდა, მიუხედავად იმისა, რომ “შეჯდა” ზედმეტად უხეში სიტყვაა, რომელსაც უმეტესად ისინი იყენებენ, რომლებსაც არასდროს გაუსინჯავთ ის. სადღაც შუაში, ტკივილი ნელ-ნელა ისევ ჩემი გახდა. აგონიის ტალღებმა გადამირბინეს. პირღია პაკეტში დარჩენილ ფხვნილს დავყურებდი თვალის დაუხამხამებლად. თავი ვაიძულე, მზერა მომეწყვიტა მისთვის. კიდევ ერთხელ რომ შემესუნთქა, აუცილებლად სისხლისგან დავიცლებოდი და მოვკვდებოდი იმიტომ, რომ გონებას დამაკარგინებდა. ამის ნაცვლად ისევ უკუთვლა დავიწყე, ასიდან ქვემოთ.
სისხლდენა ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო, მე ბოლომდე მესმოდა ეს. უმიზეზოდ არც ერთი წვეთი არ უნდა დაღვრილიყო. თუ პაციენტი სისხლს ღვრის საავადმყოფოში, მას უნაზღაურებენ. მე აქ სისხლით ვერავინ მომამარაგებს. ის, რაც დავღვარე, – სხვათა შორის ოპერაციის შემდეგ ჩემს ფეხთან ქვიშა შავი იყო სისხლისგან, – აღმოჩნდა იმდენი, რამდენიც ორგანიზმის შინაგან რესურსს შეუძლია ხელახლა გამოიმუშავოს. მე არ მქონდა სამაგრები. არ მქონდა ჰემოსტატი. არ მქონდა არანაირი ქირურგიული იარაღები.
მე დავიწყე ოპერაცია ზუსტად 12:45-ზე. დავასრულე 1:50-ზე და დაუყოვნებლივ მივიღე ჰეროინის ახალი დოზა, უფრო დიდი, ვიდრე მანამდე. ჩავეშვი ნაცრისფერ სამყაროში, სადაც არ არსებობდა ტკივილი და დაახლოებით ხუთ საათამდე დავრჩი მასში. როცა გამოვერკვიე, მზე უკვე დასავლეთის ჰორიზონტს უახლოვდებოდა, წყნარი ოკეანის ზედაპირზე მზე ოქროს გზას აფენდა, რომელიც ჩემსკენ მოემართებოდა. ასეთი ლამაზი არასდროს არაფერი მენახა. ალბათ ჩემი ტკივილები მხოლოდ საფასური იყო ამ წამიერი სანახაობისა. ერთ საათში კიდევ შევიყნოსე, რომ ბოლომდე დავმტკბარიყავი მზის ჩასვლის ცქერით.
მალევე, როგორც კი მზე ჩავიდა მე…
მე…
მოიცადეთ. მე ჯერ არ მითქვამს, რომ ოთხი დღე არაფერი არ მქონდა ნაჭამი? და ერთადერთი, რასაც შეეძლო დაებრუნებინა ჩემთვის დაკარგული სასიცოცხლო ძალა, ეს იყო ჩემივე სხეული. და არ გიმეორებდით და გიმეორებდით, რომ გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული? ზეადამიანურ გადაწყვეტილებაზე. თავს იმით არ ვიმართლებ, რომ თითქოს ჩემს ადგილას თქვენც ასევე მოიქცეოდით. თქვენ ალბათ ქირურგიც კი არ ხართ. რომც იცოდეთ, როგორ კეთდება ამპუტაცია, ალბათ ისე ცუდად ჩაიტარებდით ამ ოპერაციას, რომ აუცილებლად სისხლისგან დაიცლებოდით. რაც მთავარია, ოპერაციაც რომ გადაგეტანათ და ტრავმული შოკიც, ალბათ არც არასდროს მოგივიდოდათ აზრად ამ ოპერაციის ჩატარება გაკეთება. ერთი სიტყვით, როგორც არის, – არის! წინასწარ არავინ იცის. უკანასკნელი, რასაც ამ კუნძულის დატოვებამდე გავაკეთებ, იქნება ის, რომ ამ რვეულს გავანადგურებ.
ძალიან ფრთხილი ვიყავი.
გულდასმით გავრეცხე, სანამ შევჭამდი.
7 თებერვალი
ჭრილობა საშინლად მტკიოდა და ტკივილი აუტანელი ხდებოდა. ვფიქრობ, შიგნიდან ქავილი მიუთითებს რომ ის შეხორცებას იწყებს, ეს უარესი ტანჯვა იყო. იმ შუადღეს მე ვფიქრობდი ჩემს პაციენტებზე, რომლებიც ლუღლუღებდნენ ხოლმე, რომ აღარ შეეძლოთ ოპერაციის შემდგომი ნაკერების მოფხანვის სურვილის გაძლება. მე მათ ღიმილით ვპასუხობდი, რომ ხვალ უკეთ იქნებოდნენ, სინამდვილეში კი იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორი უმადური დედიკოს ბიჭები იყვნენ ისინი. ახლა მათი მესმის. რამდენჯერმე სულმა წამძლია, ფეხიდან მაისური მომეხსნა და გამრიელად დამეფხანა ჭრილობა, თითები თბილ და რბილ ხორცში შემეთხარა, უხეში ნაკერები გამერღვია და სისხლი ქვიშაზე გადმომენთხია, რაც გინდა, რაც გინდა, ოღონდაც ეს ჯოჯოხეთური ქავილი დასრულებულიყო.
ასეთ მომენტებში უკუთვლას ვიწყებ და ჰეროინს ვიყნოსავ.
არ ვიცი რამდენი ჰეროინი მივიღე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ოპერაციის შემდეგ “კაიფიდან” არ გამოვსულვარ. შიმშილის გრძნობასაც აქრობს. საერთოდ არც კი მახსენდება, რომ მშია. მხოლოდ სუსტი, შორეული განცდა იმის, რომ რაღაც გღრღნის მუცელში, სულ ესაა. ამას მარტივად დააიგნორებ. თუმცა მე ასე არ ვიქცევი. ჰეროინი კალორიებს არ შეიცავს. ჩემს თავს ვამოწმებდი, ერთი ადგილიდან მეორისკენ მივხოხავდი, ჩემს ენერგიას ვზომავდი. ის იშრიტება.
ღმერთო, იმედი მაქვს, რომ არა, მაგრამ… მგონი მეორე ოპერაციაც დამჭირდება.
(მოგვიანებით)
კიდევ ერთმა თვითმფრინავმა გადაიფრინა. ძალიან მაღლა იყო იმისათვის, რომ რამე შეცვლილიყო ჩემთვის. ერთადერთი, რაც დავინახე, იყო მისი კვალი, რომელსაც ის ტოვებდა ცაზე. მე მაინც ხელებს ვუქნევდი. ხელებს ვუქნევდი და ვყვიროდი. ხოლო, როცა თვალს მიეფარა, ავქვითინდი.
ისე დაბნელდა, რომ ვეღარაფერს ვხედავ. საჭმელი. დიდი ხანია მხოლოდ სხვადასხვა სახის საჭმელზე ვფიქრობ. ნივრიანი პური. ლოკოკინა. კიბორჩხალა. ნეკნები. პირველი ხარისხის ვაშლი. შემწვარი წიწილა. უზარმაზარი ტორტის ნაჭერი და ერთი თეფში სახლის ნაყინი. შებოლილი ორაგული, შებოლილი შაშხი ანანასით. ხახვის რგოლები. ხახვის სოუსი შემწვარ კარტოფილთან, შეგრილებული ჩაი და მისი ხანგრძლივი და მშვიდი წრუპვა ფრანგულად შემწვარ კარტოფილთან ერთად, თითებს ჩაიკვნეტ.
100, 99, 98, 97, 96, 95, 94…
ღმერთო ღმერთო ღმერთო
8 თებერვალი
ამ დილით კიდევ ერთი თოლია შემოჯდა კლდის წვერზე. დიდი და მსუქანი. მე კლდის ჩრდილში ვიჯექი, რომელსაც ჩემს ბანაკად ვთვლი, ნაოპერაციები ფეხი ქვაზე მქონდა შემოდებული. მაშინვე ნერწყვი წამომივიდა, როგორც პავლოვის ძაღლს. უიმედოდ ვყლაპავდი ნერწყვებს. როგორც უმწეო ბავშვი. როგორც უმწეო ბავშვი.
მე ავიღე ქვა, იმ ზომის, რომელიც ხალში კარგად მოთავსდებოდა და მისი მიმართულებით დავიწყე ხოხვა. ოთხი მეოთხედიდან სამი უკვე გავიარე. მესამე და ყველაზე გრძელი მონაკვეთი. პინცეტი უკან ისვრის, რათა გადააწოდოს პასი (პაინს, საწყალ პაინს). დარწმუნებული ვიყავი, რომ გაფრინდებოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა მეცადა. თუ იმ ნოყიერ და უტიფარ ჩიტს დავიჭერდი, ჩემი მეორე ოპერაცია დიდი და გაურკვეველი დროით გადაიდებოდა. მე მივხოხავდი მისკენ. ჩემი გადაჭრილი ფეხი დროდადრო კლდეს ეცემოდა და ამ დარტყმებით გამოწვეული ტკივილი მთელ სხეულს გადაეცემოდა, თან ვუცდიდი, როდის გაფრინდებოდა.
ის არ გაფრინდა. გაჭიმული დააბიჯებდა აქეთ-იქით, წინ გამოზნექილი მკერდით, გეგონებოდათ ავიაციის გენერალი იყო და თავის ჯარისკაცებს ათვალიერებდა. ყოველ ჯერზე, როცა ის ჩერდებოდა და მე მაშტერდებოდა თავისი პატარა, საზიზღარი თვალებით, მე ადგილზე ვშეშდებოდი და ვიწყებდი უკუთვლას, სანამ ის აქეთ-იქით სიარულს არ განაახლებდა. ყოველ ჯერზე, როცა ფრთებს შეარხევდა, მუცელში ყინული მეზრდებოდა. ნერწყვებს ვყლაპავდი. ამას ვერაფერს ვუხერხებდი. როგორც უმწეო ბავშვი.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვუთვალთვალე. ერთი საათი? ორი? რაც უფრო ახლოს მივდიოდი მასთან, მით უფრო ხმამაღლა ცემდა ჩემი გული და მით უფრო საეჭვოდ გამოიყურებოდა ის. ისიც კი ვიფიქრე, რომ მეღადავებოდა და როგორც კი საკმარისად მივუახლოვდებოდი, მაშინვე გაფრინდებოდა. ხელების და ფეხების ცახცახი დამეწყო. პირი გამიშრა. ფეხი ისევ ამტკივდა. მე ვფიქრობ, უკვე ”ლომკის” შეტევაც მქონდა. მაგრამ ასე მალე? ერთი კვირაც არ იქნება, რაც ჰეროინს ვიღებ.
ეგ არაფერი. მე ის მჭირდება. კიდევ ძალიან ბევრი დამრჩა. ძალიან. თუ მკურნალობა დამჭირდა ამის გადასაგდებად, როცა ამერიკაში დავბრუნდები, მე ავირჩევ საუკეთესო კლინიკას კალიფორნიაში და ამას გავაკეთებ ღიმილით. ახლა ეს არანაირი პრობლემა არაა, ასე არ არის?
როცა საკმარისად მივუახლოვდი, აღარ მინდოდა ქვა მესროლა. ავადმყოფურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ავაცილებდი, შეიძლება რამდენიმე ფუტითაც. კიდევ უფრო ახლოს უნდა მივსულიყავი. ასე რომ კლდეზე ცოცვა განვაგრძე, უკან გადაგდებული თავით, ოფლად დაღვრილმა, საფრთხობელასავით ჩამომჭკნარი სხეულით. ჩემმა კბილებმა უკვე ლპობა დაიწყეს, ეს ჯერ არ მითქვამს? ცრუმორწმუნე რომ ვყოფილიყავი, ამას დავბრალებდი იმას, რომ მე შევჭამე…
ჰა! ჩვენ უკვე ვიცით ეს, ხომ ასეა?
მე ისევ გავჩერდი. ახლა მასთან უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე სხვა ნებისმიერ თოლიასთან ოდესმე. მაინც ვერ ვბედავდი ამის გაკეთებას. ქვას ხელს ისე ვუჭერდი, რომ უკვე თითებიც კი ამტკივდა და მაინც არ ვესროდი, ეს იმიტომ, რომ ვიცოდი რაც მელოდებოდა თუ ავაცელდი.
არ მაინტერესებს, მთელ საქონელს ვიხმარ თუ არა. როგორმე თავს დავაღწევ მათ და დანარჩენ ცხოვრებას ფუფუნებაში გავატარებ. ჩემს ხანგრძლივ, ხანგრძლივ ცხოვრებას!
მე ვფიქრობ, შევძლებდი მასთან ბოლომდე მიახლოვებას, ფრთები რომ არ აექნია. მივწვდებოდი და დავახრჩობდი. მაგრამ ის უცებ აფრინდა. მე ვიღრიალე, მუხლებზე შევდექი და ქვა მთელი ძალით ვესროლე. მოვარტყი.
მას მოგუდული ჩხავილი აღმოხდა და კლდის მეორე მხარეს გადავარდა. ხარხარით და ბოდვებით გადავფოფხდი კლდის მეორე მხარეს, აღარც იმ ტკივილებზე ვღელავდი, რომლებსაც ნაოპერაციების ქვაზე დარტყმების დროს ვგრძნობდი და აღარც ჭრილობის გახსნაზე. წონასწორობა დავკარგე და თავი დავარტყი. მაშინ ეს ვერც კი ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი კოპი ამომეზარდა. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, იყო ჩიტი, და ის, თუ როგორ გავარტყი ქვა. წარმოუდგენლად გამიმართლა. პირდაპირ ფრთაში მოხვდა.
ის ნაპირისკენ მიფრატუნობდა, ფრთა მონგრეული ჰქონდა, უკან სისხლს ტოვებდა. მე ხოხვით გავეკიდე, მთელი სისწრაფით რაც შემეძლო, მაგრამ ის ჩემზე სწრაფად მიბობღავდა. ინვალიდების გასწრობანა. ჰა! ჰა! რომ არა ჩემი ხელები, ალბათ დავიჭერდი კიდეც მას, ჩვენ შორის დისტანცია აშკარად მცირდებოდა. საკუთარ ხელებს უფრო უნდა მოვფრთხილებოდი. ისინი ჯერ კიდევ დამჭირდებიან. მიუხედავად ჩემი სიფთხილისა, როცა ნაპირს მივაღწიეთ, ხელები სულ დაკაწრული მქონდა. მაჯის საათი კლდეზე მივამსხვრიე.
თოლია წყალში შევარდა. გულისწამღებად ჩხაოდა. მე ხელი ვტაცე და ხელში მისი ბუმბულის კუდი შემრჩა. შემდეგ დავეცი, წყალი გადამცდა, ვიხრჩობოდი და ვქშინავდი.
უფრო წინ გავედი წყალში. ამ ყველაფრის შემდეგ ისიც კი ვცადე, რომ ცურვით დავწეოდი. ფეხიდან სახვევი მომძვრა. ჩაძირვა დავიწყე. როგორღაც ნაპირისკენ მოტრიალება მოვახერხე, დაუძლურებული ვცახცახებდი, ტკივილს აყოლილი, ვტიროდი, ვღრიალებდი და თოლიას ვწყევლიდი. მან კიდევ დიდხანს იტივტივა იქ, უფრო და უფრო მშორდებოდა. მგონი ვემუდარებოდი კიდეც, რომ დაბრუნებულიყო. მაგრამ როცა მან რიფს მიაღწია, მე ვფიქრობ უკვე მკვდარი იყო.
ეს უსამართლობაა.
თითქმის ერთი საათი დამჭირდა, საკუთარ ბანაკში რომ დავბრუნებულიყავი. ჰეროინის უზარმაზარი დოზა შევიყნოსე, მაგრამ ამის შემდეგაც კი ძალიან ვიყავი გამწარებული თოლიას გამო. თუ მაინც ვერ დავიჭერდი, მაშინ რაღატომ მეღადავებოდა? რატომ თავიდანვე არ გაფრინდა?
9 თებერვალი
მარცხენა ფეხი მოვიჭერი და ჩემი საცვალით შევიხვიე. უცნაურია. მთელი ოპერაციის მანძილზე ნერწყვებს ვყლაპავდი. ისევე, როგორც თოლიას ყურებისას. უმოწყალოდ ვყლაპავდი ნერწყვებს. თავი ვაიძულე საღამომდე მომეცადა. უკუღმა დავითვალე ასიდან.. ოცჯერ თუ ოცდაათჯერ! ჰა! ჰა!
შემდეგ…
შუჩერებლად ვუმეორებდი თავს: ცივი შემწვარი ხორცი. ცივი შემწვარი ხორცი. ცივი შემწვარი ხორცი.
11 თებერვალი (?)
ორი დღეა გადაუღებლად წვიმს. და ძლიერი ქარია. ცენტრალური კლდიდან ქვები მოვათრიე, რომ სორო ამეშენებინა და შიგნით შევმძვრალიყავი. ერთი პატარა ობობაც ვიპოვე. სანამ გაქცევას მოახერხებდა, თითებით მოვჭყლიტე და შევჭამე. გემრიელი იყო. წვნიანი. გავიფიქრე, შეიძლება ეს სორო თავზე დამემხოს და აქ დავიმარხო-მეთქი. რა პრობლემაა.
შტორმი ქვით ნაგებ სოროში გადავიტანე. შეიძლება სამი დღე წვიმდა ორის ნაცვლად. ან სულაც ერთი. მაგრამ მე მახსოვს, რომ ორჯერ დაბნელდა. მიყვარს, როცა ვითიშები. აღარც მტკივა, აღარც მექავება. მე მჯერა რომ გადავრჩები. არ შეიძლება ეს ყველაფერი უშედეგოდ გადაიტანოს ადამიანმა.
ბავშვობაში, როცა ეკლესიაში დავდიოდი, იქ ერთი მღვდელი მსახურობდა, პატარა, დაბალი ბიჭი იყო და გიჟდებოდა, ისე უყვარდა ჯოჯოხეთზე და მომაკვდინებელ ცოდვებზე ლაპარაკი. ეს მისი სარწეველა ცხენი იყო. სასიკვდილო ცოდვის მონანიება შეუძლებელია, ასე ფიქრობდა ის. წუხელ მე ის დამესიზმრა, მამა ჰეილი შავი სამოსით, ულვაშებით ცხვირთან. თითის ქნევით მეუბნებოდა: “სირცხვილი შენი რიჩარდ პინცეტ.. სასიკვდილო ცოდვა.. ჯოჯოხეთი არ აგცდება.. ჯოჯოხეთი არ აგცდება..”
მე მას დავცინოდი. თუ ეს ადგილი არაა ჯოჯოხეთი, მაშ რაღაა? სასიკვდილო ცოდვა კი ასეთ დროს, დანებებაა.
ნახევარ დროს ბურუსში ვატარებ. დარჩენილ დროს კი ქავილის საშინელი შეგრძნებით და ჭრილობების ტკივილით ვიტანჯები, რომელსაც აქაური ნესტი იწვევს.
მაგრამ მე არ დავნებდები. გეფიცებით. არაფრის გამო. შეუძლებელია ჩემი ბრძოლა ამაო იყოს.
12 თებერვალი
მზე ისევ ამოვიდა, ლამაზი დღეა. იმედი მაქვს ჩემი მეზობლები ტრაკებს ილღვობენ.
დღეს კარგი დღე იყო ჩემთვის, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ამ კუნძულზე. ციებ-ცხელება, რომელიც შტორმის დროს მქონდა, გამიქრა. ძალიან სუსტად ვიყავი და საშინლად ვცახცახებდი, როცა ჩემი სოროდან გამოვხოხდი, მაგრამ ორი-სამი საათით ცხელ ქვიშაზე წოლის შემდეგ თავი თითქმის ადამიანად ვიგრძენი. კუნძულის სამხრეთით მივხოხდი და ხის ნაჭრები ვნახე, რომელიც შტორმა გამორიყა, მათ შორის ჩემი სამაშველო ნავის ფიცრებიც. ზოგიერთი მათგანი წყალმცენარეებით იყო მორთული. მე შევჭამე ისინი. საშინელი გემო ჰქონდათ. თითქოს სააბაზანოს სველ ფარდას ვჭამდი. თუმცა თავს გაცილებით მოძლიერებულად ვგრძნობდი ამ დილით.
ხის ნაფოტები ზღვიდან მოშორებით გადავათრიე, რომ გამშრალიყვნენ. ჯერ კიდევ მქონდა მორჩენილი წყალგამძლე ასანთის მარაგი. სასიგნალო კოცონს დავანთებ იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე მეძებს. თუ არადა საჭმელს მაინც მოვამზადებ მასზე. ახლა ცოტა უნდა წავუძინო.
13 თებერვალი
კიბორჩხალა ვიპოვნე. მოვკალი და ნელ ცეცხლზე შევწვი. ამაღამ კინაღამ ხელახლა ვიწამე ღმერთი.
14 თებ
ამ დილით აღმოვაჩინე, რომ შტორმმა ჩემს ნიშანს “მიშველეთ” ასოების უმეტესობა მოსტაცა. მაგრამ შტორმი შეწყდა… სამი დღის წინ? მე მართლა იმ სოროში ვიყავი? ამას უნდა მივხედო და დოზას მოვუკლო. იქნებ გემმა იმ დროს ჩაუარა კუნძულს, როცა მე გათიშული ვიყავი?
მე ისევ დავამატე ასოები, მაგრამ ამან მთელი დღე წაიღო და ახლა ძალიან გამოფიტული ვარ. კიბორჩხალას ვეძებდი იმ ადგილას, სადაც წინათ ვიპოვნე მაგრამ ამაოდ. ქვებზე ხელები გადავიჭერი და მიუხედავად ჩემი დაღლილობისა, სასწრაფოდ იოდით დავიმუშავე. ხელებს კარგად უნდა მოვუფრთხილდე. მიუხედავად ყველაფრისა.
15 თებ
თოლია კლდის წვერზე შემოჯდა. მანამდე გაფრინდა, სანამ მივუახლოვდებოდი. მე მას ჯოჯოხეთში მოხვედრა ვუსურვე, რომ მამა ჰეილის თვალები ეკორტნა მთელი მარადისობა.
ჰა! ჰა!
ჰა! ჰა!
ჰა!
17 თებ (?)
მარცხენა ფეხი მუხლამდე მოვიჭერი და უამრავი სისხლი დავღვარე. ტკივილი გაუსაძლისია ჰეროინის მიუხედავად. ტრავმული შოკი აუცილებლად მოკლავდა ჩემზე სუსტ კაცს. ნება მომეცით კითხვით გიპასუხოთ: რამდენად სუსტია პაციენტის გადარჩენის წყურვილი? რამდენად სუსტია პაციენტის გადარჩენის წყურვილი?
ხელები მიცახცახებენ. თუ ისინი მიმტყუნებენ, ყველაფერი მორჩება. უფლება არა აქვთ მიმტყუნონ. მე გამუდმებით მათზე ვზრუნავდი. ვანებივრებდი. ასე რომ არც იფიქრონ ღალატი. თორემ ძალიან ინანებენ.
რაც მთავარია მშიერი არ ვარ.
სამაშველო ნავის ერთ-ერთი ფიცარი შუაზე გასკდა. ერთ-ერთს ბასრი პირი აღმოაჩნდა. მე ის გამოვიყენე. ნერწყვი მდიოდა მაგრამ ვითმენდი. შემდეგ გამახსენდა.. ჩემი საყვარელი ბარბიქიუ. უილ ჰამერსმიტის ის ადგილი ლონგ აილენდზე. იქ დიდი სექცია ჰქონდა, სადაც გოჭის შეწვაც კი შეიძლებოდა. ჩვენ ვისხედით ვერანდაზე, ბინდში, ხელში მომარჯვებულები დიდი, სასმელით სავსე ჭიქებით და ვლაპარაკობდით ქირურგიაზე, გოლფზე, ნებისმიერ რამეზე. ნიავს შემწვარი გოჭის ტკბილი სუნი მოჰქონდა ჩვენთან. იუდა ისკარიოტელო, შემწვარი გოჭის ტკბილი სუნი-მეთქი.
თებ?
მეორე ფეხიც მუხლამდე მოვიჭერი. მთელი დღეა მეძინება. “ექიმო ეს ოპერაცია აუცილებელი იყო?” ჰაჰა. ხელები მოხუცივით მიცახცახებს. მძულს ჩემი ხელები. სისხლი ფრჩხილებს მიღმა. ნაბიჭვრები. გახსოვს ის მოდელი გამჭვირვალე მუცლით, სამედიცინო სკოლაში? ზუსტად მასე ვგრძნობ თავს. უბრალოდ არაფრის დათვალიერება არ მინდა შიგნით. არც ისე, არც ასე. მახსოვს, დომი ამბობდა ხოლმე ასე. ვალსის ცეკვით მოსრიალებდა ქუჩის ბოლოდან შენსკენ, თავის საკლუბო პიჯაკში გამოწყობილი. შენ ეკითხებოდი, ჰეი დომ, როგორ ჩაიარა იმ გოგოსთან პაემანმა? ის კი გპასუხობდა, არც ისე, არც ასე. ბებერი დომი. ნეტავ იქვე დავრჩენილიყავი, ძველი მეგობრების სიახლოვეს. რაღაც ტრაკულად მიდის, როგორც დომი იტყოდა-ხოლმე. ჰაჰა.
მე მგონია, რომ შესაბამისი მკურნალობით და კარგი პროტეზით თავს ისევ მშვენივრად ვიგრძნობ. მერე აქ მოვიყვან მეგობრებს და ვეტყვი: “აი. სად მოხდა. ეს ყველაფერი.”
ჰაჰაჰა.
23 თებერვალი
ვიპოვნე მკვდარი თევზი. დამპალი და აყროლებული. მაინც შევჭამე. რწყევა მინდოდა, მაგრამ თავს ამის ნება არ მივეცი. მე გადავრჩები. რა ლამაზად უბრუნდება მზე თავის სოროს.
თებერვალი
თან ვერ ვბედავ და თან სხვა გზა აღარ მრჩება. მაგრამ როგორ უნდა შევაჩერო სისხლდენა ბარძაყის არტერიიდან? ის ხომ ახლა გვირაბივით უზარმაზარია.
როგორმე უნდა შევძლო. მე მოვხაზე ჩემი ბარძაყის ზედა ნაწილი, ნაწილი, სადაც ჯერ კიდევ შემრჩა ხორცი. ამავე ფანქრით მოვხაზე.
ნეტავ ამ ნერწყვის შეჩერება შემეძლოს.
თე
შენ… დაიმსახურე… შესვენება დღეს… ასე რომ… ადექი და წადი.. მაკდონალდსში… ორი ხორცის ღვეზელი… სოუსი… სალათი… კიტრის მწნილი… ხახვი… ფუნთუშა…
მნია… მნია… ნამუ… ნამ… ნამ… ნამ…
თებბა
დღეს წყალში საკუთარი სახე დავინახე. ძვალზე გადაკრული ტყავი ვარ. შეშლილი გგონივართ არა? წესით კი უნდა ვიყო შეშლილი. მე მონსტრად ვიქეცი, საფრთხობელად. წელს ქვემოთ აღარაფერი შემრჩა. ნამდვილი საფრთხობელა ვარ. ტანზე დამაგრებული თავი, რომელიც იდაყვებით დააბიჯებს ქვიშაზე. კიბორჩხალა. კიბორჩხალა კაიფში. ასე არ ეძახიან თავს ისინი? ჰეი, მეგობარო, მე საწყალი კიბორჩხალა ვარ, ხურდას ხომ არ მაჩუქებდი?
ჰაჰაჰაჰაჰა.
ამბობენ, რომ ადამიანი არის ის, რასაც თავად ჭამს. თუ ასეა, მე ოდნავადაც არ შევცვლილვარ. ღმერთო ჩემო. ტრავმული შოკი. ტრავმული შოკი. არავითარი ტრავმული შოკი არ არსებობს.
ჰა.
თე/40?
მამაჩემი მესიზმრა. როცა თვრებოდა, ინგლისურად სიტყვასაც ვერ ამბობდა ხოლმე. პრინციპში არც არაფერი ჰქონდა სათქმელი. დედამოტყნული მუნჯი. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მაგ სახლიდან გამოვაღწიე მამიკო, მუნჯო ნაბიჭვარო. შენ ნოლი იყავი, სრული არარაობა. მჯეროდა, რომ ამას შევძლებდი. ხომ გამოგექეცი კიდეც? ხელებით წამოვედი.
ქვემოთ აღარაფერი დამრჩა, რასაც მოვიჭრიდი. გუშინ ყურები მოვიჭერი.
მარცხენა ხელი ბანს მარჯვენას და დაე შენმა მარცხენამ არ იცოდეს, რას აკეთებს შენი მარჯვენა დო რე მი ფა სოლ ლა სი ხვალ არ წავალ სკოლაში. ჰაჰაჰა.
ვის ანაღვლებს, მარცხენა ხელია თუ მარჯვენა. კარგი საკვები, კარგი ხორცი, ვჭამოთ, გვაკურთხებს ღმერთი.
თითებს თითების გემო აქვთ, დიდი არაფერი.
© kalmasoba.com
One Comment
Avtandil
ბოლო–ბოლო ეს ადამიანი სტეფან კინგია თუ სტივენი?