პროზა

ლუკა ბაქანიძე – კატა

მთისძირა ქუჩის ვიწრო ტროტუარზე მიმავალი გამვლელი ღობეს აეკრო და ინანა, რომ ამ გზით წამოვიდა და დაბლიდან არ მოუარა, მისკენ კი ბარბაცით მოდიოდა კაცი, – პერანგშემოხეული, მტვერში ამოსვრილი და თან ყურებამდე გაღიმებული. მოპირდაპირე მხარეს გადასვლაც ვერ გარისკა, რამეთუ ეს ქუჩა, პრინციპში, ავტობანი იყო, ზედ დიდი სისწრაფით დაქროდნენ მანქანები და საერთოდაც, მეორე მხარეს არც ებადა ტროტუარი. იდგა ასე, თავბედს იწყევლიდა და კაცს მისჩერებოდა შეშინებული. ამასობაში კაცი ზედ მოადგა და გამვლელმა შეამჩნია, პერანგი იდაყვთან სისხლიანი რომ ჰქონდა.

– ძაღლები მომიქსიეს პროჭებმა! – აუხსნა გამვლელს, პერანგის სახელო აიკაპიწა და ნაკბენი დაანახა რაღაცნაირი სიამაყით, შემდეგ კი ჰკითხა: – გაქვს სიგარეტი?

გამვლელმა სწრაფად ამოიღო სიგარეტის კოლოფი და გაუწოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, კოლოფიდან თავად ამოიღო ღერი და მიაჩეჩა. კაცმა თვითონაც სიგარეტის კოლოფი დააძრო, რომელიც სხვადასხვა მარკის სიგარეტებით ჰქონდა სავსე, გამორთმეული ღერიც შიგნით ჩააკვეხა და გაუღიმა:

– მიყვარს ძაღლები.

– გიჟია, – მიხვდა გამვლელი და გზა გააგრძელა, მაგრამ უცებ შეჩერდა და შორიდან გამოსძახა:

– აცრა გაიკეთე, ინფექცია არ შეგეჭრას!

კაცმა გახედა, ისევ გაუღიმა და გამვლელმა ვერ გაიგო, როგორ ჩაილაპარაკა:

– არ შემეჭრება, მიყვარს ძაღლები.

* * *

ბიჭი აუზიდან ამოძვრა და შეაჟრიალა, ცივი იყო წყალი. სხვაც რომ წამოყოლოდა ვინმე, მისი თანატოლი, ვაჟკაცურად აიტანდა სიცივეს, მაგრამ რაც ამ მთისძირა სკვერში სამხედროფორმიანები გამოჩნდნენ არყის ბოთლებით და იზოლენტადახვეული ავტომატებით, არავინ უშვებდა ამ მხარეს ბავშვებს. მერე მისი მეზობლის ძაღლმა სკვერში აუფეთქებელი ნაღმი იპოვა და ამ ქუჩისკენ გამოხედვასაც უკრძალავდნენ შვილებს მშობლები. ბიჭმა აუზის პირას მზით გახურებულ ფილაქანზე გაირბინ-გამოირბინა ცოტა რომ გამთბარიყო, თან დედამისს გახედა, რომელსაც მთელი საპლაჟო ეკიპირება მოეპოვებოდა ჩანთაში და მათ შორის პირსახოციც. დედამისი ჯარისკაცების ჯიხურის გვერდით, სკამზე იჯდა ფეხი-ფეხზე გადადებული, კისკისებდა და ბიჭი ხედავდა, სიცილის დროს კუსავით როგორ ეწელებოდა და უნაოჭდებოდა კისერი. მის გვერდით ორი სამხედროფორმიანი იჯდა, ერთი ჭაღარა ძიაკაცი და მეორე – ოცდახუთიოდე წლის ყმაწვილი, რომელიც ქალისკენ გადახრილიყო, რაღაცას უყვებოდა, შიგადაშიგ კი, ვითომ შემთხვევით, ხელს გაწევდა და ქალს წამით მუხლზე ეხებოდა, თითქოს მტვერს აცლისო. ჭაღარა სამხედროს სიტყვის ჩართვა ვერ მოეხერხებინა და იჯდა ჩუმად, ხანდახან კი ჯიხურში შედიოდა, იქ ერთ ჭიქა არაყს ჩაჰკრავდა, მერე ისევ გვერდით მიუჯდებოდა წყვილს და კვლავ ამაოდ ცდილობდა საუბარში ჩართვას უშნო ხუმრობებით. ბოლოს ქალი მოუტრიალდა და ხაზგასმული ზრდილობით და თავაზიანობით, მაგრამ ცივად გაეპასუხა, როგორც თინეიჯერი გოგოები იშორებენ ხოლმე თავგზადაკარგულ, ბებერ და ნასვამ მოარშიყეებს, ალკოჰოლი რომ ავიწყებთ ასაკს, ეს მოუქნელი და ჩუმი კაცი კი პირიქით – სწორედ რომ საკუთარ, უკვე სიბერეში შესულ ასაკს ახსენებდა ქალს და ამიტომაც სძულდა.

ბავშვს სამხედროები თავიდან აინტერესებდა და ლამის შეუყვარდა კიდეც ერთ-ერთი, ახალგაზრდა, რომელმაც ერთხელ თავის ავტომატს მჭიდი გამოუღო და ხელში დააკავებინა ცოტახნით, უფრო სწორად, გვერდით აუყუდა, რადგან ბავშვი ვერ მოერია იარაღის სიმძიმეს. იმ დღეს დედამისმა სამახსოვრო ფოტოც გადაუღო და მაშინ აღმოაჩინა ბავშვმა, რომ ნამდვილი ავტომატი, მარტო მძიმე კი არა, თითქმის მისი სიმაღლის საგანი გამოდგა, ანუ საშინლად არაპრაქტიკული და მოუხერხებელი რამ, მაგრამ სამხედროებზე მაინც მზე და მთვარე ამოსდიოდა, სანამ შემდეგ ბავშვური ინტუიციით არ მიხვდა, აქ ყველას თვითონ კი არა, დედამისი რომ აინტერესებდა და მისი ხათრით ელოლიავებოდნენ, თორემ ისე, ალბათ ერჩივნათ, ბიჭი სულაც სახლში ან სადმე ჯანდაბაში ყოფილიყო და არა ამ სკვერში, დედამისთან ერთად.

ცოტახანს დედას და ჯარისკაცებს შეჰყურებდა და ელოდა, როდის მოიხედავდა დედამისი და მიხვდებოდა, რომ ბიჭს სციოდა. თავად, რათქმაუნდა, არ აპირებდა ამის გამხელას, თუმცა ცხვირპირი საფუძვლიანად შეიჭმუხნა მაინც, რაც, მისი აზრით, სიცივის  შეგრძნებას საუკეთესოდ გამოხატავდა. იდგა ასე ერთხანს და სასაცილოდ იმანჭებოდა. ერთი-ორჯერ დაუსტვინა კიდეც, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. უცებ კნავილი მოესმა, სადღაც ზემოდან, ხის ფოთლებიდან და ყურები ცქვიტა. შემდეგ ისევ დაუსტვინა. კნავილი ისევ განმეორდა და ბიჭი ხმას მიჰყვა.

* * *

ქუჩის კუთხეში, მწვანე მანქანას მიყუდებული ტაქსისტი დაელოდა, სანამ მობანცალე კაცი გაუსწორდებოდა, მერე მანქანას მეორე მხრიდან მოუარა, სახურავზე გადმოეყუდა და წაეხუმრა:

– ჰა, ჯიგარ, როდის წავიდეთ აბა მე და შენ ქალებში?

კაცის სახეზე ბავშვური, გულუბრყვილო ღიმილი წამში შეცვალა სიძულვილის გამომეტყველებამ და ანგარიშმიუცემლად გაეშურა ტაქსისტისკენ, თან ბოლო ხმაზე დაიღრიალა:

– მყავს ქალი უკვე, რამდენჯერ უნდა გითხრა!

– ვინ ქალი გყავს, შე მნძრეველა! – გაეცინა ტაქსისტს და მანქანის მეორე მხრიდან მზესუმზირა ესროლა სახეში.

კაცს კანკალი აუვარდა, ცრემლი მოადგა და ყელში მობჯენილი ყიყინა ხმით რამდენჯერმე გაიმეორა:

– შე ახვარო! შე ახვარო! შე ახვარო! – თან მანქანას მიადგა და შეეცადა სახურავის ზემოდან ტაქსისტისთვის მიეწვდინა ხელები. იდგა ასე, მანქანის სახურავს უგლასუნებდა თითებს და თან იდაყვიდან წამოსული სისხლით თხვრიდა, სანამ არ მიხვდა, წინ რომ რაღაც ეღობებოდა, შემდეგ კი სწრაფად შემოუარა მანქანას, მაგრამ ტაქსისტი აღარ გარიდებია, შეწუხებული ათვალიერებდა მანქანის სახურავს და ავად ცრიდა კბილებში:

– რა წაუსვი შე ნაგიჟარო, რაა ეს, – მერე დასვრილ მანქანას ფრთხილად შეახო თითი და კაცს შეხედა: – სისხლებია, ბიჭო?! – თან თითი ეჭვით დაყნოსა, – სისხლები მოგდის, შე უბედურო?

კაცს წამში დაავიწყდა წეღანდელი წყენა, სახეზე ისევ ბავშვური ღიმილი გადაეფინა და გულმოდგინედ აიკაპიწა პერანგის სახელო:

– ძაღლები მომიქსიეს ჩათლახებმა! – უთხრა ტაქსისტს.

მაგრამ ტაქსისტი აღარ უსმენდა. ჯიბიდან სუფრისხელა ჭრელი ცხვირსახოცი ამოიღო, იქვე სკვერში ჩავიდა, ცხვირსახოცი შადრევანთან დაასველა და ოდნავ გაწურა.

– სალამ! – სკამიდან გამოსძახა ჭაღარა სამხედრომ.

ტაქსისტმა გახედა და სახეზე შეეტყო, რომ ან – საერთოდ ფორმიანებს ვერ იტანდა და ანდაც სახელდობრ ამას, ვინც მიესალმა, მაგრამ მაინც მიემლიქვნელა:

– ვაახ, კაი ხალხს სიცოცხლე!

ჭაღარას გაუხარდა, ხმის გამცემი რომ შემოხვდა. ისიც კი გაიფიქრა, ხომ არ შევეპატიჟო არაყზეო, მაგრამ გადაიფიქრა და ტაქსისტთან მივიდა.

– სიგარეტი ხომ არ გაქვს?

ტაქსისტმა ჯიბეებზე ხელი დაიკრა და მოატყუა:

– ეჰ, სადაა სიგარეტი და კაი ცხოვრება.

უცებ გაახსენდა, ცხვირსახოცი ჯიბეში რომ აღარ ედო და ხელში ეჭირა, მის გარეშე კი ჯიბეზე მკაფიოდ შეეტყობოდა სიგარეტის კოლოფის კონტურები; სწრაფად შეტრიალდა და ცხვირსახოცი იქვე აუზში ამოავლო ანგარიშმიუცემლად.

– მე მაქვს სიგარეტები. ბევრი სიგარეტები. – ზურგსუკან მოესმა ჭაღარას.

* * *

ზემოთ, ფოთლებში, ტოტზე იჯდა პატარა, ზოლებიანი კატა და ბავშვს ჩამოჰყურებდა შეშინებული თვალებით.

– ფისო-ფისო, – დაუძახა ბიჭმა.

– მიაუ, – გამოეპასუხა კატა. შემდეგ ფრთხილად წამოიმართა ტოტზე, ხის ვარჯს მიუახლოვდა და ჩამოსვლას შეეცადა; ხის ტანს მიეკრო და ცოტა ქვემოთ ჩამოინაცვლა. მოძვრებოდა თავდაყირა და თან ბავშვს არ აცილებდა შეშინებულ თვალებს. ბოლოს ვეღარ გარისკა, ისევ ზემოთ აფოფხდა იოლად და კვლავ თავის პირვანდელ ადგილზე გაწვა ტოტზე.

– ეგრე არა, პირიქით უნდა ჩამოხვიდე, – ასწავლა ბიჭმა. მერე დედამისისკენ გაიხედა, ერთხანს დაფიქრდა და ბოლოს დედასთან მიირბინა:

– დე, კატაა იქ, – უთხრა თვალებგაბრწყინებულმა.

– აბა, სად? – მოუბრუნებლად, უყურადღებოდ მიუგდო ქალმა. ეს-ესაა ახალგაზრდა ფორმიანმა შესთავაზა, თუ გინდა, ტელეანძაზე აგიყვან, იქიდან გადმოგახედებ ქალაქსო, და ამ წინადადებაზე ფიქრობდა.

– ხეზეა, სულ ზემოთ. – უთხრა ბიჭმა.

ფორმიანმა გაუცინა:

– ეგ იქნება ციყვი!

– კატაა, – ჯიუტად გაიმეორა ბიჭმა.

– კაი, იყოს კატა, – დაეთანხმა ფორმიანი და ჰკითხა: – არ გინდა იქ, ზემოთ? – თან იქვე, მთაზე წამოყუდებული ტელეანძისკენ აიშვირა ხელი.

– არა. – მოკლედ მოუჭრა ბავშვმა.

ფორმიანს გაუკვირდა:

– რატომ, კიმარა ?

– ისვრიან იქ. – თქვა ბავშვმა.

– აღარ ისვრიან, – განაცხადა ფორმიანმა და ქალს გადახედა თავმომწონედ, – რაც ჩვენ აქ ვართ, აღარ ისვრის არავინ.

– ის რო გამოვიდა აბა ტელევიზორში? – ჰკითხა ქალმა, – ისა, რა ქვია იმას… ტელეანძა ახლა ჩვენია, გილოცავთო.

– შენ რა გესმის, ქალბატონო! – გაბრაზდა ფორმიანი და სკამიდან წამოდგა.

– ძაან კარგადაც მესმის! – ეწყინა ქალს.

– მაგათ რო მოვუტყან დედის ტრაკი! – შეიგინა უცებ ჯიხურში ჭაღარა ფორმიანმა და გარეთ გააწიტა.

– ნუ უზრდელობ ბიჭო ქალთან! – გააფრთხილა ახალგაზრდამ.

ბავშვმა დედამისს მოქაჩა მკლავზე:

– დე, კატაა იქ!

– კატა არ იქნება, ციყვი იქნება შვილო ეგა, – თქვა ქალმა.

– კატაა! – ბავშვს ყელში მოაწვა რაღაც და თვალები აუწყლიანდა.

ახალგაზრდა ფორმიანი ბავშვის წინ ჩაცუცქდა, თმა აუჩეჩა და ჰკითხა:

– ეშმაკის ბორბალზე მჯდარხარ ?

– კი, – უპასუხა ბიჭმა. – მამამ დამსვა, პატარა რომ ვიყავი.

– ააა.. – უხერხულად შეიშმუნა ფორმიანი და წამოდგა.

– სადაა აბა, შვილო, ციყვი? დამანახე… – ნაჩქარევად წაილაპარაკა ქალმა და ფორმიანს თვალი აარიდა.

– არსად, – თქვა ბავშვმა და აუზისკენ წავიდა, – ისე გითხარი.

აუზთან, სკამზე, კაცი იჯდა, ცალი ხელი მეორე მკლავზე შემოეჭირა და უღიმოდა.

– იმ კატაზე ამბობ? – ჰკითხა ბავშვს და თავით ხისკენ ანიშნა. – მიყვარს კატები.

* * *

ტაქსისტმა სველი ცხვირსახოცით გულმოდგინედ გაწმინდა მანქანის სახურავი, შემდეგ ცხვირსახოცი იქვე ბუჩქებზე მიაგდო, სიგარეტი ამოიღო, გემოზე გააბოლა და გაიხედ-გამოიხედა. კარგად იცოდა, რომ ტაქსის კლიენტს კი არა, საერთოდ, გამვლელსაც ვერ მოჰკრავდა თვალს კაიხანს, მაგრამ ზაფხულის ხვატში სახლში ჯდომას და ცოლის გაუთავებელი წუწუნის მოსმენას ისევ აქ, ნაძვის ჩრდილში ყოფნა ერჩივნა. თან, სროლაც კაი ხანია აღარ გაუგონია და მშვიდად გრძნობდა თავს, თუმცა აქვე სკვერში, სოკოსავით ერთ ღამეში გაჩენილი სამხედრო ბლოკპოსტი მაინც აფორიაქებდა. უცებ დაბლა, ქვაფენილიან ქუჩაზე ძალიან ნელა ამომავალ მანქანას მოჰკრა თვალი და შეშფოთდა, სიგარეტიანი ხელი აუკანკალდა. თეთრი, ალაგ-ალაგ ტალახშემხმარი მანქანა ქუჩის კუთხემდე არ ამოსულა და ქვემოთ გაჩერდა, ტაქსისტისგან ათიოდე მეტრის მანძილზე. თმაწვერგაბურძგნილმა, სახეზე ყვრიმალებამოჩრილმა მძღოლმა ფანჯრიდან თავი გამოყო და ხბადაბლა დაუძახა:

– მოდი აქ, ბიჭო!

ტაქსისტს ფერი წაუვიდა, სიგარეტი გადააგდო და მანქანას მიუახლოვდა. მძღოლის გვერდით, შუბლზე ლენტწაკრული თექვსმეტიოდე წლის ბიჭი იჯდა, მკერდზე სათუთად მიეკრა ავტომატი და ტაქსისტს კეთილგანწყობილად უღიმოდა. ტაქსისტმაც ნაძალადევად გაუღიმა და გაიფიქრა, რომ მისი შვილის ტოლი იქნებოდა ეს ბიჭი. უკანა, დაბურული მინები, პაპანაქება სიცხის მიუხედავად, ბოლომდე იყო აწეული და ამიტომ ტაქსისტი მხოლოდ გაურკვეველ ფუთფუთს არჩევდა შიგნით.

– ამ უბნელი ხო ხარ, ბიჭო? – ამრეზით ჰკითხა წვერიანმა, თან თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა.

– ვერა ხედავ, სახლის ჩუსტებით დგას, შეჩემა, აბა რა უბნელი იქნება! – ჩაიხითხითა ვიღაცამ უკანა სავარძელზე და დააყოლა:

– სიგარეტი თუ აქვს, კითხე აბა ერთი მაგას.

ტაქსისტი შეყოყმანდა, მაგრამ მერე სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან. უკანა დაბურული მინა ჩაიწია, წელს ზემოთ შიშველმა, გამხდარმა და მელოტმა კაცმა სიგარეტის კოლოფი გამოართვა, დახედა და თქვა:

– ესა ნახე, ქემელს ეწევა.

– მშვენიერი თამბაქოა, თუ ნამდვილი ქემელია, – მოუწონა სიგარეტი გვერდით მჯდომმა გაურკვეველმა სილუეტმა და ზრდილობიანად იკითხა: – ერთ-ორ ღერს ხომ არ გვიწილადებდით, მეგობარო?

– შაყირობ, შეჩემა? – გაუკვირდა მძღოლს, თან უკან მჯდომს კოლოფი ხელიდან გამოსტაცა და „ბარდაჩოკში“ შეაგდო არხეინად.

– ახლავე გამოიღე და უკან დაუბრუნე პატრონს! – მკაცრად უთხრა სილუეტმა.

მძღოლს გაეცინა:

– წინა კვირას რო მენტებს წაართვი ერთი ბლოკი მალბორო, მაშინ რაღატო არ დაუბრუნე პატრონს, ჰა?

– ისინი წარმოადგენდნენ არსებულ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, და მაშასადამე, ჩვენს იდეურ მტრებს! – ღრმააზროვნად წარმოსთქვა სილუეტმა.

– იმენა პოეტი ხარ, რა! – ხელი წაჰკრა გვერდით მჯდომმა.

– ჩემი პოეზია არც ამ მანქანაშია სახსენებელი და არც, ზოგადად, ამ წყეულ ეპოქაში! – გაბრაზდა სილუეტი და უცებ, თითქოს ახლა გაახსენდაო, ტაქსისტს შეეკითხა:

– იმედია, თქვენც პრეზიდენტის მომხრეებს არ მიეკუთვნებით, მეგობარო?

მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა და ყველა ტაქსისტს მიაჩერდა. წინა სავარძელში მჯდომ შუბლზე ლენტაწკრულ ბიჭს სახე გაუმკაცრდა და გულში ჩახუტებულ ავტომატს ხელი მოუჭირა.

– რაა? ვინა კაცო, მეე? – დაიბნა ტაქსისტი და მიტკალივით გაფითრდა.

– აბა სხვა ვინ დგას აქა შენ გარდა, ბიჭო! – ბოროტად გამოსცრა მძღოლმა.

ტაქსისტმა ხელები გაშალა:

– დედიჩემის ძვლებსა ვფიცავ, ბიჭებო, ვაბშე არ მევასება მე ეგენი!

მძღოლმა ეჭვით შეხედა და შემპარავად ჰკითხა:

– ვითომ? აბა მანდ სკვერში რო მაგათი პოსტია, რატო გვიმალავ?

– ხო არაფერი გიკითხავთ, ბიჭებო, ან მე რავიცი ეგა პოსტია თუ შმოსტი? არ იყო და უცებ გაჩნდა ეგრე და მე საიდან უნდა ვიცოდე, ვტაქსაობ ჩემთვის… – ტაქსისტი კინაღამ ატირდა.

უკანა სავარძელზე, მელოტმა თავი გამოყო ფანჯარაში და გარემო ყურადღებით მოათვალიერა:

– ოთხნი დგანან, ხო? ეგ ახვრები.

– რავიცი მე, რამდენი დგანან, ხან ბევრი დგანან, ხან ცოტა დგანან! – ტაქსისტი გრძნობდა, როგორ ჩამოსდიოდა შუბლზე ოფლის წვეთები. ჯიბეში ჩაიყო ხელი ცხვირსახოცის ამოსაღებად და უცებ გაახსენდა, წეღან რომ გადააგდო, იმ ნაგიჟარის სისხლით დასვრილი.

– ხო გითხარით უკვე: დღისით დგანან სამნი! ბევრნი ღამე არიან ხოლმე. – განმარტა შუბლზე ლენტწაკრულმა ბიჭმა.

– შენ საიდანღა იცი? – ჰკითხა მძღოლმა.

– დღეს დილით ჩემი ძაღლი შევაჯვარე ამ უბანში, იმ ძაღლის პატრონს ვკითხე და ეგრე მითხრა, რავი. თვითონ აქვე ცხოვრობს. – უპასუხა ბიჭმა.

– კარგად შეჯვარდნენ? – დაინტერესდა მელოტი.

– ყლეურად, – თქვა ბიჭმა, – ჯერ ერთმანეთზე იწევდნენ საჩხუბრად, მერე ვიღაც კლიენტი გაიჩითა პადიეზდიდან და ახლა იმაზე გაიწია ორივემ, დაჭერა ვერ მოვასწარით და სუ მიწაზე აგორავეს, ბლიაძ.

– დაგლიჯეს, ტო?

– ჩემმა ხელი მოაჭამა კინაღამ. ძლივს გამოვათრიე.

– საწყალი კაცი! – შეეცოდა გაურკვეველ სილუეტს.

– მეთქი – წამო ჯიგარო აფთიაქში, იოდს ან ზილიონკას წაგისმევ, აცრა არ დაგჭირდება, სუფთაა, და ამან – არაუშავს ბიჭებო, მიყვარს ძაღლებიო, აზრზე მოდი. მთვრალი მეგონა და დედალის პატრონმა – ვიცნობ, გიჟია გაქანებული, გაანებე თავიო და შევეშვით, მაგრამ მთელი მუღამი ისაა, რო მაგის მერე ისე იოლად შეჯვარდნენ ეს ჩემისები, არც მივკარებივართ ჩვენ, თვითონ მოაყომარეს, – გაეცინა ბიჭს.

– ასეა, სისხლი და სისატიკე აღაგზნებს ხოლმე ღვთიურ ქმნილებათ… – ჩაილაპარაკა სილუეტმა.

* * *

– არ დახიო, დედა გაგიბრაზდება. – უთხრა კაცმა.

ბავშვს არ უპასუხია, მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა პირსახოცს და ქშინავდა.

– არ მჭირდება შეხვევა, გამიარა თითქმის, – გაუმეორა კაცმა და თავზე ხელი გადაუსვა გაუბედავად.

ბიჭმა შეხედა:

– არ გტკივა?

– ასე არა და რო ვამოძრავებ, მაშინ მტკივა, – გამოუტყდა კაცი, მაგრამ ბიჭის შეწუხებული სახე რომ დაინახა, სწრაფად დააყოლა: – ოღონდ ძალიან კი არ მტკივა, ცოტა მტკივა.

– სახელო აიწიე! – მკაცრად უბრძანა ბიჭმა. რაღაც გაურკვეველ ინტუიტურ სოლიდარობას გრძნობდა კაცის მიმართ და სულ ვერ აღიქვამდა მათ შორის ასაკობრივ ზღვარს – თანატოლად მიიღო დანახვისთანავე.

კაცმა მორჩილად აიკაპიწა პერანგის სახელო და თქვა:

– ნახე, აღარ მომდის უკვე სისხლი, მოვრჩი უკვე.

– ჩემს მეზობელს უკბინა ძაღლმა და მოკვდა მერე ის მეზობელი, – ბიჭი ცდილობდა დაეფრთხო კაცი.

– მე არ მოვკვდები, იმიტომ რო მიყვარს ძაღლები! – ურყევი რწმენით მიუგო კაცმა.

ბავშვს დიდებულად მოეჩვენა ასეთი ლოგიკა და პატივისცემით შეხედა.

– ჩემი მეზობელი რო მოკვდა? – გაიმეორა ისევ, მაგრამ უკვე სჯეროდა, მის მეზობელს ძაღლები ყველაზე მეტად რომ სძულდა ქვეყანაზე. შემდეგ პირსახოცი დაუფიქრებლად დაასველა ნერწყვით და ფრთხილად ჩამოაცილა კაცს მკლავზე მიმხმარი სისხლის კოშტები.

– მორჩა, ახლა აღარ მოკვდები, – თქვა საქმიანად და დალაქავებულ პირსახოცს დახედა. უცებ სახე გაუნათდა:

– მოდი ახლა ეს პირსახოცი ხის ძირას გავჭიმოთ, კატა ზედ დახტება და არაფერი მოუვა!

კაცმა სახელო ჩამოიწია, ხეს ახედა და დაეჭვდა:

– ვითომ?

– აბა, რა, – დაარწმუნა, ბიჭმა. – ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ზუსტად ეგრე შვრებიან ასეთ დროს.

– ჰოო, – იოლად ენდო კაცი და წამოდგა.

ამ დროს თითქოს გაახსენდა რაღაც, ქუჩის მეორე მხარეს, ფუნიკულიორის სადგურს გახედა, თავი მოიფხანა და ყოყმანით უთხრა:

– იქ ბევრი გრძელი ფიცარი ყრია, ეგ რო გადმოვიტანო და ხეზე მივაყუდოთ, უფრო იოლად ჩამოვა.

ბავშვს ეწყინა, იდეა რომ დაუწუნეს, მაგრამ არ შეიმჩნია და დაეთანხმა:

– ფიცარიც ვნახოთ და თუ ვერ უშველა, მერე ჩამოვახტუნოთ პირსახოცზე, – შემდეგ სისხლით დასვრილ თეთრ პირსახოცში გულმოდგინეთ გაეხვია და კაცს ალალად გამოუტყდა:

– უუჰ, გავიყინე.

* * *

კაცი ქუჩაზე გადავიდა და ფუნიკულიორის სადგურს მიუახლოვდა. ნატყვიარ, ჩამონგრეულ კედლებს შორის, ფოიეში გაიარა და მტვრით და ნაგვით სავსე, უკაცრიელ სადგურში შევიდა, სადაც ბინდში ნაირფრად ბრჭყვიალებდა სადგურის მთელი წინა ფასადი – რაღაც სასწაულით დაუზიანებლად გადარჩენილი უშველებელი ვიტრაჟი. კაცი ერთხანს გაუნძრევლად იდგა სიწყნარეში, მოჯადოებული მისჩერებოდა ვიტრაჟს და ნეტარებდა, უსაფრთხოების და უკიდეგანო სიმყუდროვის შეგრძნებით აღსავსე. წინ ვირთხამ გაურბინა და ძლივს გამოერკვა, გაახსენდა რისთვისაც მოვიდა, სადგურის სიღრმეში შევიდა და მთის წვერზე ამავალი რელსების გვერდით ვიწრო კიბეს აუყვა. ცოტა ხანში, იქვე, ტყეში დაყრილ ფიცრებსაც მოჰკრა თვალი, კიბიდან გადავიდა, ერთი გრძელი ფიცარი ძლივს აიღო ცალი ხელით, ამოიიღლიავა და ისევ დაბლა ჩამოუყვა კიბეს. ვიტრაჟმა კვლავ გაუშტერა მზერა და ისევ გაიყურსა, როგორც მლოცველი ხატის წინ. ვეღარც ყრუ ტკივილს გრძნობდა მკლავში და ვერც ამოიღლიავებულ ფიცარს… ამ დროს საბურავების ყურისწამღები ღრჭიალი მოესმა ქუჩიდან, რომელსაც ავტომატის გაბმული ჯერი და გაურკვეველი ღრიალი მოჰყვა, და მერე ერთმანეთში აირია ყვირილის და სროლის ხმები. კაცს შიშისგან ხელისგულები გაუოფლიანდა და ფიცარი ძირს დააგდო. შემდეგ იქვე ჩამომდგარ, დაჟანგებულ საბაგირო ვაგონში შევარდა, სკამზე გაწვა და თავზე ხელები წაიფარა. უცებ ბავშვი გაახსენდა და წამოდგა. ვიტრაჟისკენ არც გაუხედავს, ისე ჩაუარა და მტკიცედ გააბიჯა ქუჩაში.

სადგურის პირდაპირ, თეთრ მანქანასთან, ავტომატმომარჯვებული, წელსზემოთ შიშველი მელოტი ტიპი ჩაკუზულიყო და რაღაცას ყვიროდა, იქვე კი მეორე გაშოტილიყო ასფალტზე, ხელებგადაშლილი, და სისხლიან შუბლზე წაკრული შავი ლენტი მოუჩანდა. დაბლა, ქუჩის მოსახვევში ვიღაცის სილუეტი გარბოდა, ზემოთ აშვერილი ავტომატით შიგადაშიგ უმისამართოდ ისროდა და ისიც უთავბოლოდ ღრიალებდა. კაცმა თვალი გაადევნა, სანამ სილუეტი მოსახვევში არ გაუჩინარდა, შემდეგ მანქანას წინ ჩაურბინა, სკვერში ჩასასვლელ კიბესთან შეჩერდა და იქაურობა სწრაფად მოათვალიერა. ჯიხურის გვერდით, სკამზე, ჭაღარა ფორმიანი იჯდა თავჩაქინდრული და გაყინული ღია თვალებით ჩაჰყურებდა ფეხქვეშ დამდგარ წითელ გუბეს. სადღაც, სკამის უკნიდან ისმოდა ქალის გაუთავებელი, ისტერიული კივილი, იქვე, მახლობლად კი ერთი ფიჭვი ცისფერ კვამლში გახვეულიყო და კვამლიდან დროდადრო ვიღაც ისროდა მოკლე-მოკლე ჯერით, თან ბოლო ხმაზე იგინებოდა. ბავშვი აუზის მეორე მხარეს, ხესთან იდგა გაშეშებული და სისხლით დასვრილი თეთრი პირსახოცი მოეხურა შიშველ ტანზე. კაცმა სწრაფად ჩაირბინა კიბე და ბავშვისკენ გაიქცა ფართოდ მკლავებგაშლილი, თითქოს რაღაც უხილავი, ყველაფრისგან დამცავი წამოსასხამი გაშალაო, და ამ დროს ტყვიამ ნემსივით განმსჭვალა ზურგში, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია და რამდენიმე ნაბიჯიც გაირბინა ბიჭისკენ, სანამ მუხლებში ძალა არ გამოეცალა და არ წაიქცა. ბავშვს ნაკვთი არ შერხევია სახეზე, ისევ გაშეშებული იდგა და ზემოდან დაჰყურებდა მოხუცის მკაცრი და სასტიკი მზერით, და კაცმა რატომღაც დამნაშავედ იგრძნო თავი. შეეცადა წამომდგარიყო, მაგრამ ვეღარ გაინძრა, თავიღა წამოსწია, ბავშვს ძლივძლივობით გაუღიმა და უთხრა:

– არაფერი მომივა, მიყვარს ადამიანები.

მერე ლოყა ფილაქანზე დადო და სანამ თვალს დახუჭავდა, დაინახა, ბალახებში ისარივით როგორ გაიქროლა პატარა, ზოლიანმა კატამ, შემდეგ კი ნაგვის ბუნკერზე ახტა და შიგნით გაუჩინარდა.

© არილი

Facebook Comments Box