პროზა

ლევან სეფისკვერაძე – ბებერი ქურდები

”ცოტა ნელა შე კეთილძაღლო შენა! ლამის ფეხებზე დამეცა!” – კბილებში გამოსცრა გრიშამ და ამწის მძღოლს, ვერხველ გოგიას მუშტი მოუღერა. “ომს გადავურჩი და აქ გინდა მამკლა ბედოვლათო შენა?!” – არ ცხრებოდა გრიშა და თან ოფლს კუბოკრული ცხვირსახოცით ისეთი ძალით იწმენდდა, მთელი სახე დაიწითლა.

ამწე ძველი იყო და ღრჭიალ-ღმუილით მუშაობდა, მაგრამ ახლა მთავარი ის იყო, რომ არავის დაენახათ. დაინახავდნენ და, როგორც ტარასა, იგივე ტარიელ ტლაშაძე ამბობდა – ”ციმბირს უკან დაატოვინებდნენ”, თუმცა ტარასამაც, გრიშამაც, სულიკომაც და მათ მიერ დაქირავებული ამწისა და სატვირთო ”კამაზის” მძღოლებმაც კარგად იცოდნენ, რომ ციმბირი შორს იყო და ”გაციმბირებაც” მხოლოდ საშიშ, მაგრამ მიმქრალ ამბად მოსჩანდა.

ამწის ტროსები საშინლად ძაგძაგებდა და გაწყვეტას ცოტაღა აკლდა. ძრავა ღმუოდა და ყველანი მანქანის გამონაბოლქვის სიმყრალეში იყვნენ გახვეულები. მაგრამ, მძღოლი კარგი, გამოცდილი და ჯინიანი ბიჭი იყო და როდის-როდის, ასაწევი მაინც ასწია. ასწია და ”კამაზზეც” რის ვაი-ვაგლახით დადო. ახლა ტროსების შეხსნა იყო ერთი ვარამი. ტარიელი 70 წელს კარგა ხანია გადასცილებოდა, სულიკო 72 წლის იყო, მაგრამ ტროსების შესახსნელად ორივე სატვირთო მანქანის ძარაზე ჯეელი ბიჭებივით მარჯვედ აბობღდნენ. ჯერ ქანჩები დაუშვეს, მერე ტროსების განასკვული ბოლოების ძალაყინის ტარით გამოხსნას შეუდგნენ. ამ დროს გრიშა მოყურადედ იდგა და როგორც მხედველობადაკლებულ კაცს შეჰფერის, გარემოს გამოწეული სათვალით ზვერავდა.

ყველაზე მეტად ”კამაზის” მძღოლი, პაჭრიაანთ კობა იყო შეშინებული. ამ საქმეს ხელს ცოცხალი თავით არ მოჰკიდებდა, ტარასა პაპას მისთვის მთელი 1000 ლარი რომ არ შეეძლია. კობამაც იფიქრა: ”ათასი ლარი შეიძლება მთელ თვეში ვერ გავაკეთო და ერთხელ ავყვები ამ ბებრების ხუნტრუცობასაო”, მაგრამ მერე უკვე ნანობდა რომ დათანხმდა. როგორი საქმეა კაცო, დაგიჭერენ და ”გაციმბირება” არ აგცდება…

ტარასა და სულიკო ტროსების გამოხსნის დროს ძალიან დაიღალნენ და ბებრული, ნაოჭმრავალი ხელებიც დაუსისხლიანდათ, მაგრამ შუა გზაში საქმის მიტოვება არ გამოდიოდა და შუბლშეკრულები ტუჩების კვნეტით აგრძელებდნენ კვანძების გამოხსნას. ”ნაჟოლკა” მაინც წამოგვეღო ე ჩემის მოტყნული, როგორ დამავიწყდა სიჩქარეში!” ¬_ მალიმალ იმეორებდა სულიკო, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, გინებით საქმე რომ კეთდებოდეს, გორი მოსკოვზე დიდი იქნებოდა.

უცებ გრიშამ დაიყვირა – ვიღაცეები მოდიან, გაიქეცითო. ახლა გაქცევა არ გინდა? ჯერ მანქანის ძარაზე აბობღება როგორია და მერე იქიდან ჩამოხტომა… პირველი ”კამაზის” მძოლი გადმოხტა კაბინიდან და ბუჩქებში შევარდა. ბებრებიც აპირებდნენ ძარიდან ჩამოსვლას, მაგრამ გრიშამ დაუძახა – მომეყურა ბიჯო, მომეყურაო და ახლა გრიშას აუტეხეს ერთი ამბავი: ჩვენი გაგვჭირვებია და შენ რაღას გვიმატებ, კეთილძაღლო შენაო. მოტრიალდა შერცხვენილი პაჭრიაანთ კობაც და შეიზლაზნა ისევ კაბინაში. თან ბუზღბუნ-ბუზღუნით ბუჩქებიდან გამოყოლილ ეკლებს იძრობდა ხელებიდან.

ბოლოს სულიკო და ტარასასაც დაადგათ საშველი. ტროსები შეხსნეს, დაღლილები იქვე ძარაზევე გაიშხლართნენ და ”რაღას უდგეხარ, დაძარი ბიჯოო” – დაუძახეს პაჭრიაანთსას. საქმის დასრულებით გახარებულმა კობამაც ”კამაზი” საჩქაროდ დაქოქა და ნელ-ნალა, უკანსვლით გავიდა ჭიშკრისკენ. გრიშა ამწის კაბინაში ჩაჯდა და ამწეც უკან გამოჰყვა პაჭრიაანთ ბიჭს. ყველაზე საშიში ჭიშკრის იქით, განათებულ ქუჩაში გასვლა იყო, რადგან ყველა ადვილად იცნობდა მანქანის ძარაზე რაც ედოთ და ისეთი ამბავი ატყდებოდა რო… მაგრამ, სულიკოს საყვარელი გამოთქმისა არ იყოს: ”თუ ყაყაში ხარ, გენცვა, იქიდან რომ გამოხვიდე, ისევ ყაყაში უნდა გატოპო. აბა მა როგორა?!”. გავიდნენ ქუჩაში. გავიდნენ და რომ მიაჭირა კობამ გაზს, ქალაქის ბოლომდე არ აუღია ფეხი.

ამწის მძღოლს – ვერხველ გოგიას, აბა, რა ენაღვლებოდა. გააჩერებდნენ და უცებ არ მიმხვდარიყვნენ ცოტა ხნის წინ სად იმუშავა… მიდიოდა თავისთვის და თან გრიშას ეხვეწებოდა: მომეცი ჩემი ფული, მე წავალ და ტაქსით დანარჩენებთან ჩემი ხარჯით გაგიშვებო. მაგრამ გრიშა განა გეჩი კი არ იყო, ეს რომ ექნა. ენდობა კი ტაქსისტებს დღეს კაცი? თან ჩვენს დროში, როცა გაჩათლახდა და გამაზალოვდა ქვეყანა! – აი ფიქრები და აზრები გრიშასი, რომელიც გეჩი ნამდვილად არ იყო. თან ტვირთიც ხომ ჩამოსაცლელი იყო?! აბა, უამწეოდ რას გახდებოდნენ?

სანამ გრიშა და ვერხველი გოგია ”კამაზით” წინ გაქცეულებს დაეწევიან, მანამდე გეტყვით, რომ სიტყვა ”გეჩის” მნიშვნელობა ქართლშიც კი ბევრმა არ იცის. ყველაზე სანდო ვერსიით, რაკი ქართლელი მენახირეები დაუმორჩილებელ ძროხებს ყველაზე ხშირად ”ჰო-გეეჩოს” – ეძახიან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ”გეჩი” უტვინო, გამოუსვლელი ადამიანის შესამკობი სიტყვაა.

ამასობაში კობას დიდთვალებიანმა შიშმა თავისი საქმე გააკეთა და დატვირთული ”კამაზით” ისე სწრაფად მივარდა გრიშას სახლამდე, ანუ დანიშნულების ადგილამდე, რომ სისწრაფეში მის მიერ ნაჩვენებ სპორტულ შედეგებს დაკარის სატვირთო ავტომობილების რბოლების არაერთი მონაწილე მოაწერდა ხელს. ჭიშკარი გრიშას ცოლმა გააღო, რომელიც გულისფანცქალითა და შიშ-კანკალით ელოდა, როგორც თვითონ ამბობდა ხოლმე, ”ხატგამწყრალი სამეულის” დაბრუნებას. ქმარი რომ ვერ დაინახა, როგორც ჭეშმარიტ იმერელ ქალს შეშვენის, თავშალი მოიხადა და გლოვის ნიშნად თმის გლეჯვას უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ სულიკო და ტარასამ დაამშვიდეს: აი, ახლა, სულ მალე მოვა შენი ქმარი და თუ უკან ვინმე ჩათლახი აედევნათ, თმის გლეჯვას მერეც მოაწრებო.

ზუსტად ათ წუთში ამწეც მოგრიხინდა. ”აბა ახლა არ გვინდა ტრაკის დაყუნცება. გადმოვიღოთ ესა და დავდგათ როგორც წესი და რიგია. შენ კიდე, ქალო, რომ გითხარი, ხო მოამზადე ყველაფერი?! სუფრა ხოა გაშლილი ვაშლების ძირში?” – ამწის ფანჯრიდანვე დაიძახა გრიშამ. ”სუფრაც გაშლილია და დენიც გამოვაყვანინე ზაურას ბიჭსა. ოღონდ არ მითქვია, რატომ მინდოდა. მარა, ეგ ისეთი მაღვალაკია, იეჭვა მგონი რაღაცა” – სულ ოხვრა-კვნესით ლაპარაკობდა გრიშას ცოლი, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაეჯერებინა ის დაუჯერებელი სიგიჟე, რაც მისმა ქმარმა და ჩაიფიქრა და აკი განახორციელა კიდეც!

”კამაზიდან” გადმოღება, დადებაზე ბევრად უფრო ადვილი გამოდგა. თან უკვე იცოდნენ, რა და როგორ უნდა ექნათ. ისევ ხელახლა მოაბეს თოკები. გოგიამ დაქოქა ამწე, რაც გადმოსაღები იყო, სულ ციმციმ ასწია და ეზოს ცენტრში ისე კოხტად დადგა, გეგონებოდა ყოველთვის სულ იქ იდგა და ფეხიც კი არ მოუცვლიაო. მერე ყველანი ერთად დაფაცურდნენ, გარშემო მიწა და დიდი მორები შემოულაგეს – გრიგალა ქარმა არ დაბეროს და არ წაიქცესო. როცა ამ ყველაფერს მორჩნენ, გრიშა გოგიასაც და პაჭრიაანთ კობასაც ფულის ამბავში გაუსწორდა.

ბიჭები სუფრაზე კი შეიპატიჟეს და მძღოლებსაც შიოდათ, მაგრამ მაგრამ საჭმელად რას დარჩებოდნენ… ორივეს ერთი სული ჰქონდათ, როდის დააღწევდნენ თავს ამ გადარეულ მოხუცებს. აბა, პაპებო, კაათ იყაით და ”ეგ” სულ მშვიდობაში მოგახმაროთო – დაიძახეს, შეახტნენ თავთავიანთ მანქანებს და სულ ჩქარ-ჩქარა გაცვივდნენ გრიშაანთ ეზოდან. “აბა ესაა ბიჯო თაობაი? ამათი ახალგაზრდობა რომ მოვსტყან მე“ – ჩაილაპარაკა სულიკომ, მძღოლები როცა ეზოდან გავიდნენ. მერე ჭიშკარი მიხურა და სხვებთან ერთად წავიდა ხელ-პირის დასაბანად.

წინ დიდი ღამე, დიდი სუფრა და დიდი ქეიფი ელოდათ. უბრალო ამბავი ხომ არ იყო… მათ იმ დღეს “კაპიტალიზმის ნაშიერების“ მიერ გორის ცენტრიდან ცოტა ხნის წინ აღებული “სოციალიზმის დიდი ბელადის”, “ხალხთა უდიადესი მეგობრისა და მარად უკვდავის” – იოსებ ბესარიონეს ძე სტალინის ძეგლი მოიპარეს და ახალი სიცოცხლე შთაბერეს! ახლა დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია!

© არილი

Facebook Comments Box