დრამატურგია,  პოეზია (თარგმანი),  პროზა (თარგმანი)

ესქილე – სპარსელები

ძვ.წ. 472წ.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ლევან ბერძენიშვილმა

როგორც თითქმის ყველა ხელნაწერში გადარჩენილი დიდასკალიებიდან ჩანს, „სპარსელები“ დაიდგა ძვ.წ. 472 წ. ტეტრალოგიის შემადგენლობაში, რომელშიც ასევე შედიოდა ტრაგედიები: „ფინევსი“, „გლავკოსი“ (იხ. ფრ. 38-46) და სატირული დრამა „პრომეთევსი — ცეცხლისწამკიდებელი“ (ფრ. 37, 47-51). ტეტრალოგიამ პირველი ადგილი დაიკავა ტრაგიკოს პოეტთა შეჯიბრებაში. მეცნიერებაში მრავალგზის სცადეს, დაედგინათ ტეტრალოგიაში შემავალ ტრაგედიებს შორის რამე აზრობრივი კავშირი, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, 472 წ. ესქილემ ერთ ტეტრალოგიაში გააერთიანა ოთხი დამოუკიდებელი ნაწარმოები — ეს მის პრაქტიკაში უაღრესად იშვიათი შემთხვევაა.

„სპარსელების“ მეორე თავისებურება ისაა, რომ მას საფუძვლად უდევს არა მითი, არამედ ისტორიული ამბავი (მართალია, საკმარისად მითოლოგიზებული) — საბერძნეთის ფლოტის გამარჯვება სპარსელებზე სალამისთან ძვ.წ. 480 წ. თემის შერჩევაში ესქილეს წინამორბედი ჰყავდა ფრინიქეს სახით, რომელმაც 476 წ. დადგა ტრაგედია „ფინიკიელი ქალები“; ტრაგედიას სახელი მისცა ფინიკიელ ქალთა გუნდმა, რომელიც სწორედ სალამისთან დაღუპულ თავიანთ ქმრებს დასტიროდა.

ცნობილია, რომ ფრინიქეს ჩვენამდე მოუღწეველ ტრაგედიას იწყებდა საჭურისი, რაც წინ უძღოდა სამეფო მრჩევლების სხდომას: „აი, სპარსელთაგან, რომლებიც შორეულ ლაშქრობაში წავიდნენ“… ამავე საჭურისისგან მაყურებელი იგებდა სპარსელთა დამარცხების ამბავს, რომელსაც მოჰყვებოდა, როგორც ჩანს, ფინიკიელ ქალთა ხანგრძლივი გოდება. აქედან ცხადი ხდება, რომ „სპარსელების“ ის ნაწილი, რომელიც წინ უძღვის მაცნეს გამოჩენას და გაჯერებულია გუნდისა და ატოსას მშფოთვარე წინათგრძნობით, ისევე როგორც დარიოსის აჩრდილის გამოძახება და მონოლოგები ესქილემ შექმნა და ფრინიქეს თავისებური სამგლოვიარო კანტატა მსოფლიო ლიტერატურის შედევრად, ღრმა მსოფლმხედველობრივი პრობლემატიკით აღსავსე ტრაგედიად აქცია.

ტრაგედიაში გატარებული აზრი თავისუფალი ბერძნული სამყაროს უპირატესობის შესახებ ბარბაროსულ აღმოსავლეთთან შედარებით, სადაც ყველანი თვითმპყრობელი მეფის ქვეშევრდომნი არიან, იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მთელი საბერძნეთისთვის, რომ „სპარსელების“ ათენში დადგმის შემდეგ ეს ტრაგედია ესქილეს მონაწილეობით სირაკუზშიც დაიდგა. სირაკუზის ფლოტმა ჰიმერესთან კართაგენელთა საზღვაო არმადა დაამარცხა თითქმის იმავე დღს, როდესაც ათენელებმა სალამისთან მიაღწიეს ისტორიულ გამარჯვებას და ორივე ეს გამარჯვება ბერძნების მიერ აღიქმებოდა, როგორც ელადის საბოლოო განთავისუფლება აზიური დესპოტიზმის საფრთხისაგან.

არისტოფანეს „ბაყაყების“ (სტრ. 1026-1029) მიხედვით, „სპარსელები“ ესქილეს სიკვდილის შემდეგაც იდგმებოდა ძვ.წ. V საუკუნის ბოლოს.

მოქმედნი პირნი

ბერიკაცთა გუნდი

ატოსა, დარიოსის ქვრივი და ქსერქსესის დედა

მაცნე

დარიოსის აჩრდილი

ქსერქსესი, სპარსეთის მეფე, დარიოსის ძე

მოქმედება ხდება სუსაში, სპარსეთის მეფის სასახლის წინ. ჩანს დარიოსის საფლავი სპარსეთის დედაქალაქში სალამისის ბრძოლიდან გარკვეული დროის შემდეგ.

პროლოგოსი

 

შემოდის სპარსელ ბერიკაცთა გუნდი.

 

გუნდი

სპარსელები საბერძნეთის მიწაზე წავიდნენ, ჩვენ კი, რომელთაც ერთგულთა საბჭოს გვიწოდებენ, ჩვენ ვიცავთ მდიდარ და ოქრომრავალ სავანეს; ჩვენ, ასაკის გამო, მეფე ქსერქსესმა, დარიოსის შობილმა,[1] აგვირჩია ქვეყნის მეთვალყურედ. მეფისა და ოქრომრავალი ლაშქრის დაბრუნებაზე [10] სული მეტისმეტადშფოთავს და უბედურებას მოელის. რადგან აზიელთა მთელი ძალა წავიდა, ახალგაზრდა მეფეს ჩუმად კიცხავენ; არც მაცნე, არც ცხენოსანი არ უახლოვდება სპარსელთა ქალაქს; სუსა და აგბატანა,[2] კისიის[3] ძველი მხარე დატოვეს და წავიდნენ: ზოგი ცხენით, ზოგი გემით, ზოგი ქვეითად [20] და ომის საბრძოლო მწყობრი შექმნეს. ისეთები, როგორებიცაა ამისტრესი[4] და არტაფრენესი და მეგაბატესი და ასტასპესი, სპარსელთა მეთაურები, თავად მეფეები და დიდი მეფის ქვეშევრდომები, წინ მიიწევდნენ, უზარმაზარი ლაშქრის მხედართმთავრები, საუკეთესო მშვილდოსნები და ცხენოსნები, სანახავად საშიშნი, ბრძოლაში სასტიკნი, სულის სიმტკიცით მამაცნი. არტემბარესი, — ეტლიდან მეომარი [30] და მასისტრესი, მშვილდოსნობის ოსტატი იმაიოსი, ფარანდაკესი და ცხენების გამაქროლებელი მეეტლე სოსთანესი. სხვები მძლავრმა და ნაყოფიერმა ნილოსმა[5] გამოგზავნა: სუსისკანესი, ეგვიპტელი პეგასტაგონი, წმინდა მემფისის[6] მმართველი დიდი არსამესი, უძველესი თებეს[7] მმართველი არიომარდოსი, ჭაობის მცხოვრები მენიჩბეები, [40] ძლიერები და უთვალავი სიმრავლის. მათ მიჰყვებოდა განცხრომაში მცხოვრები ლიდიელების სიმრავლე, რომელთაც მორჩილებაში ჰყავთ მატერიკის ყველა ხალხი;[8] მათ მიუძღოდნენ მეტროგათესი და მამაცი არქტევსი, მეფე-მეთაურები; და ოქრომრავალმა სარდისმა ეტლებით მიმავალი მრავალი გაგზავნა ომში, ორხელნიანი და სამხელნიანი[9] ეტლების მწკრივი, სანახავად საშინელი. წმინდა ტმოლოსის[10] მოსახლეობაც იმუქრება, [50] რომ საბერძნეთს მონობის უღელს დაადგამს, მარდონი, თარიბისი, შუბის დაუოკებელი მტყორცნელები და მისიელები, ხელშუბის ოსტატები. ოქრომრავალმა ბაბილონმა[11] მრავალფეროვანი წყება გაგზავნა, გრძელი რიგი გემებით მეზღვაურებისა და მშვილდოსნობის ოსტატობას მინდობილებისა. ხმლის მატარებელი ტომი მთელი აზიიდან გაჰყვა საზარელ მსვლელობაში მეფეს. ასეთი ვაჟკაცებისგან შემდგარი სპარსეთის მიწის ყვავილი [60] წავიდა, ამათზე მთელი აზიის მიწა, მათი მძაფრი სიყვარულით გამომზრდელი კვნესის, მშობლები და ცოლები დღეებს ითვლიან, დრო კი იწელება და ისინი ცახცახებენ.

 

გუნდი

სტროფი I

გადავიდა უკვე მეფის ქალაქთმმუსვრელი ლაშქარი მეორე ნაპირის მეზობელ მიწაზე, სელის თოკით შეკრული ხიდით ათამასის[12] ასული ჰელეს სახელობის სრუტეზე, მჭიდროდ ნაგები ხიდით, რომელიც ზღვის ყელს უღლად დაადგეს.[13]

 

ანტისტროფი I

ხალხმრავალი აზიის დაუოკებელი მბრძანებელი მიუძღვის გასაოცარ ლაშქარს მთელი სამყაროს წინააღმდეგ ორ, ქვეით და საზღვაო, ნაწილად დაყოფილს, ენდობა რა თავის მტკიცე და მკაცრ მხედართმთავრებს; თავად [80] ღვთისდარი ვაჟკაცი მეთაურობს ოქროშობილ მოდგმას.[14]

 

სტროფი II

სისხლიანი დრაკონის მუქი ლურჯი გამოხედვით, მრავალხელნიანი და მრავალმეზღვაურიანი სირიული ეტლით მიჰყვება, მიდის შუბებით სახელგანთქმული მტრის წინააღმდეგ მშვილდოსნების იმედად.

 

ანტისტროფი II

არ არსებობს მომზადებული კაცი, რომელიც დაუპირისპირდებოდა ადამიანთა უზარმაზარ ნაკადს, და მძლავრი ჯებირით დააკავებდა [90] ზღვის დაუმარცხებელ ტალღას; რადგან დაუძლეველია სპარსელთა ლაშქარი, ხალხი კი — მამაცი.

 

სტროფი III

რადგან ღმერთების ნებით და მოირას მიერ ასეა დადგენილი ძველი დროიდან, ებრძანა სპარსელებს, მისდიონ გალავანთა მმსხვრეველ ომებს, იბრძოლონ ეტლებით და იერიშით აიღონ ქალაქები.

 

ანტისტროფი III

[100] ისწავლეს ვრცელი თეთრი ქაფით დაფარული, ქარით გამძვინვარებული ზღვის ყურება, გულდასმით დაწნული ბაგირების საშუალებით ხალხის გადასაყვანი საშუალებების აგება.

 

სტროფი IV

ღმერთის ცბიერ ვერაგობას რომელი მოკვდავი კაცი გადაურჩება? მსუბუქი ფეხით ვინ გადახტება [110] და გაექცევა მახეს?

ანტისტროფი IV

რადგან ჯერ მეგობრულად ეფერება და მოკვდავს ბადეში ახვევს უბედურება, იქიდან კი მისთვის უკვე შეუძლებელია უვნებლად თავის დაღწევა.

 

სტროფი V

ასე გული შავი ფიქრით, შიშით მეკუმშება სპარსული ჯარზე, ვაი, ქვეყანამ არ გაიგოს, რომ დიდი ქალაქი სუსა გაუკაცრიელდა.

 

ანტისტროფი V

[120] და კისიის ქალაქი საპასუხოდ მღერის, ვაი, ქალებით სავსე გუნდი კივის, თხელი ნაჭრის კაბებს გლეჯენ.

 

სტროფი VI

მთელი ცხენოსანი და ქვეითი ხალხი ფუტკრის გუნდივით გაჰყვა ლაშქრის მეთაურს, [130] ორივე მხარეს შეერთებული, ორ კონცხს შორის სრუტეზე გადებული ხიდი გაიარეს.

 

ანტისტროფიVI

სარეცლები ვაჟკაცთა მონატრებით ივსება ცრემლებით; ჩუმად ტირიან სპარსი ქალები, საყვარელი ქმრები ენატრებათ; შუბები აისხეს, ომში წავიდნენ და უღელში მარტო დატოვეს.

 

 

 

პირველი ეპისოდიონი

კორიფაიოსი

[140] მოდით, სპარსელებო, დავსხდეთ ძველ სასახლეში, გონივრულად და ღრმად გააზრებულად ვიმსჯელოთ, ამის საჭიროება მოვიდა; როგორაა მეფე ქსერქსესი, დარიოსის შობილი, ჩვენი მოდგმის მამამთავრის? რა მოხდა, მშვილდის ლარმა გაიმარჯვა თუ წვერმახი შუბისპირის ძალამ აჯობა?[15]

 

ეტლით შემოდის მდიდრულად ჩაცმული ატოსა მრავალრიცხოვანი ამალით.

 

[150] აი, ღმერთების თვალების თანასწორი სინათლე მოდის, მეფის დედა, ჩემი დედოფალი. მუხლს ვიყრი მის წინაშე. საჭიროა მისასალმებელი სიტყვით  მივმართოთ მას ყველამ.

 

მოხუცები თაყვანს სცემენ და წამოდგებიან. კორიფაიოსი აგრძელებს

 

ო, დაბალსარტყლიან სპარსელთა უდიდესო დედოფალო, ქსერქსესის პატივსაცემო დედა, გაიხარე, დარიოსის მეუღლევ! სპარსელთა ღმერთის მეუღლევ, ღმერთისვე მშობელო დედა, თუკი ძველმა დემონმა ახლა არ უმტყუნა ჯარს.

 

ატოსა

ამის გამო დავტოვე ოქროთი გამართული სასახლე, [160] დარიოსისა და ჩემი საერთო საძინებელი და მოვედი. მეც გულს მიკუმშავს ფიქრი, თქვენ გეუბნებით, მეგობრებო, უსაფრთხოდ ვერ ვარ. მეშინია, რომ დიდი სიმდიდრე, რომელიც დარიოსმა რომელიღაც ღმერთის შეწევნით მოიპოვა, მტვრად არ იქცეს და მიწას ბუღად არ აუვიდეს. ამიტომ ორმაგი საზრუნავი მაქვს გონებაში — დიდი სიმდიდრე მისი მცველი ხალხის გარეშე ვერ ინარჩუნებს საპატიო ღირებულებას, მაგრამ სიმდიდრის გარეშეც ძალა, როგორიც უნდა იყოს, ვერ გაიბრწყინებს ვერასოდეს. ჩვენი სიმდიდრე სრულიად საკმარისია, მე თვალის გამო ვშიშობ, სახლის თვალად კი პატრონის შინ ყოფნას მივიჩნევ. [170] შესაბამისად, რაკი ასეა საქმე, თქვენი რჩევა მჭირდება, სპარსელებო, ჩემო ასაკოვანო და საიმედო მსახურებო. რადგან მთელი ჩემი იმედი ახლა თქვენს რჩევაზეა დამოკიდებული.

 

გუნდი

კარგად იცოდე, ამ მიწის დედოფალო, ორგზის თქმა არ გჭირდება, რომ სიტყვითა და საქმით, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ. კეთილგანწყობილები ვართ შენ მიმართ ჩვენ, ვისაც მრჩევლებად მიგვიჩნევ.

 

ატოსა

ღამით სიზმრები არ მასვენებს, რაც ჩემმა შვილმა ლაშქარი შეკრიბა და იონიელების მიწის ასაოხრებლად გაეშურა,[16] მაგრამ ასეთი ცხადი, [180] როგორიც ამაღამ ვნახე, ჯერ არ მინახავს; გეტყვი: სიზმარში თვალწინ წარმომიდგა ორი კარგად ჩაცმული ქალი, ერთი სპარსული სამოსით მორთული, ხოლო მეორე — დორიულით.[17] სიდიდით ახლანდელებს ბევრად აღემატებოდნენ, სილამაზით იყვნენ უნაკლონი, დები იყვნენ ერთი მოდგმისა. სამშობლოდ კი ერთს წილად ერგუნა საბერძნეთის მიწა, ხოლო მეორეს — ბარბაროსული. მეზმანა, რომ დავინახე, როგორ ჩამოვარდა მათ შორის განხეთქილება. ჩემმა შვილმა ეს ნახა და [190] სცადა, შეეკავებინა და დაემშვიდებინა ისინი. ორივე უღელში შეაბა და კისერზე აპეურები მოუჭირა. ერთი ამაყად იდგა ასეთ მდგომარეობაში და პირი სადავეს დაუმორჩილა, მეორემ კი გაიბრძოლა, ხელებით ეტლის აღკაზმულობა დაგლიჯა, სადავეები და ლაგამი ძალით მოიცილა და უღელი დალეწა. დაეცა ჩემი შვილი და იქვე დაუდგა სიბრალულით აღსავსე მამამისი, დარიოსი; როდესაც იგი დაინახა ქსერქსესმა, ტანსაცმელი ტანზე შემოიხია. [200] აი, გეუბნები, ეს ვნახე ღამით. შემდეგ ავდექი და ხელები კეთილმედინი წყაროს წყლით დავიბანე, მსხვერპლშემწირველი ხელით მივუახლოვდი საკურთხეველს, უბედურების ამარიდებელი დემონებისთვის მსურდა, შემეწირა კვერი, როგორც სათანადო წესია. ვხედავ, მოფრინდა არწივი ფოიბოსის სამსხვერპლოსთან, შიშისგან ენაჩავარდნილი ვიდექი, მეგობრებო. შემდეგ კი შევარდენი დავინახე მთელი სისწრაფით, გაშლილი ფრთებითა და ბრჭყალებით თავში მისწვდა, ის კი შეშინდა, ჩაიყუჟა [210] და დანებდა. მე ამის ნახვამ თავზარი დამცა, თქვენ კი — მოსმენამ. დარწმუნებული იყავით, ჩემი შვილი, თუ წარმატებას მიაღწევს, სახელგანთქმული კაცი გახდება, ხოლო თუ ხელი მოეცარა, პასუხს არ აგებს ქვეყანასთან; თუკი გადარჩა, ისევ ისე იმეფებს მიწაზე.

 

გუნდი

არ გვსურს, დედა, მეტისმეტად შეშინება შენი სიტყვებით და არც გამხნევება. ღმერთებთან მიდი ლოცვით, თუ რამე ცუდს ხედავ, სთხოვე მათ, ბოროტება მოიგერიონ, რომ სიკეთე დადგეს ბოლოს შენთვის და შენი შვილებისთვის, ქალაქისა და ყველა ძვირფასისათვის. შემდეგ საჭიროა, რომ საღვრელი [220] დაუღვარო დედამიწასა და დაღუპულებს; სთხოვე ეს შენს მეუღლე დარიოსს, რომელიც, როგორც თქვი, ღამით ნახე, რომ გამოგიგზავნოს შენ და შენს შვილს სიკეთე მიწის ქვეშეთიდან დღის სინათლეზე, საპირისპირო კი უკანვე ჩამალოს მიწის წყვდიადში. ამ რჩევას გაძლევ, საღ აზრზე დაყრდნობით ვმისნობ რა, კეთილგანწყობილი. ყველაფერი კარგად იქნება შენთვის, ასე ვადგენთ ჩვენ.

 

ატოსა

შენ პირველმა განმარტე ჩემი სიზმრის მნიშვნელობა კეთილი ნებით ჩემი შვილისა და სახლის მიმართ. დაე ყველაფერი ბედნიერად დასრულდეს! ღმერთებსა და მიწის ქვეშ მყოფ ძვირფასებს მსხვერპლს შევწირავ, როგორც შენ მირჩევ, [230] როგორც  კი სასახლეში დავბრუნდები. ახლა კი მინდა ვიცოდე, მეგობრებო, სად მდებარეობს ათენი.

 

გუნდი

შორს დასავლეთით, სადაც მეუფე ჰელიოსი ჩაესვენება.

 

ატოსა

და მაინც მიელტვის ჩემი ძე ამ ქალაქის დაუფლებას?

 

გუნდი

მთელი საბერძნეთი მეფის სამფლობელო გახდებოდა.

 

ატოსა

და მათ ჰყავთ ხალხმრავალი ლაშქარი?

 

გუნდი

ისეთი ლაშქარი, რომელმაც მიდიელებს ბევრი სიავე გაუკეთა.[18]

 

ატოსა

სხვა რა აქვთ მათ? სიმდიდრე მოეპოვებათ სახლებში?

 

გუნდი

ვერცხლის საბადო აქვთ, მიწის საგანძური.[19]

 

 

ატოსა

მშვილდის მოზიდვას, ისრის სროლას მიჩვეული აქვთ ხელი?

 

გუნდი

[240] არანაირად; შუბი აქვთ ხელჩართული ბრძოლისთვის და ფარებს ატარებენ აღჭურვილობაში.

 

ატოსა

ვინ არის მათი მწყემსი და ვინ მბრძანებლობს ლაშქარს?

 

გუნდი

არც ერთი კაცის მონებად და ქვეშევრდომებად არ ითვლებიან.[20]

 

ატოსა

მაშ, როგორ იგერიებს მოსულ მტრებს ხალხი?

 

გუნდი

იმგვარად, რომ დარიოსის მრავალრიცხოვანი და მამაცი ლაშქარი გაანადგურეს.

 

ატოსა

საშინელებას ამბობ, რა უნდა იფიქრონ  წასულთა მშობლებმა?!

 

გუნდი

მაგრამ, ასე მგონია, მალე გაიგებ ყველაფრის შესახებ უტყუარ სიტყვას. რადგან აქეთ მოდის კაცი, რომელიც უეჭველად სპარსია, მას მოაქვს ცხადი ამბავი, კარგი იქნება თუ ცუდი, მოსასმენად.

 

შემოდის მაცნე.

 

მაცნე

მთელი აზიის მიწის ქალაქებო, [250] სპარსეთის სამეფო და სიმდიდრის უხვო ნავსაყუდელო, ერთი დარტყმით განადგურდა მთელი თქვენი კეთილდღეობა, სპარსელთა ყვავილი ბრძოლაში დაეცა და დაიღუპა. ვაიმე, საზიზღარი საქმეა, ცუდი ამბის მოტანა პირველს რომ გიხდება, და მაინც, უნდა ვთქვა მთელი უბედურება, სპარსელებო! ბარბაროსების მთელი ლაშქარი დაიღუპა.

 

გუნდი

სტროფი I

სავალალო, სავალალო უბედურებაა, უცნაური და სასტიკი. ვაიმე! იგლოვეთ, სპარსელებო, ეს რა საშინელება გაიგეთ!

 

მაცნე

[260] დიახ, იქ ყველაფერი დამთავრდა. თავადაც არ მქონდა იმედი, რომ ამ დღეს მოვესწრებოდი.

 

გუნდი

ანტისტროფი I

მეტისმეტად გრძელი ცხოვრება მოგვეცა მოხუცებს, რომ ეს გაუგონარი უბედურების ამბავი შეგვეტყო!

 

მაცნე

მე იქ ვიყავი და სხვისი სიტყვები კი არ მსმენია, სპარსელებო, შემიძლია მოგიყვეთ ზუსტად, რანაირი უბედურება დაგვატყდა თავს.

 

გუნდი

სტროფი II

ვაი, მრავალნაირი შერეული ლაშქარი [270] აზიის მიწისა საბერძნეთის მტრული მიწისკენ ამაოდ წავიდა.

 

მაცნე

ავი ბედისწერით დაღუპული ცხედრებით სავსეა სალამისის ნაპირები და მთელი მეზობელი მხარე.

 

გუნდი

ანტისტროფი II

ვაი, შენ ამბობ, რომ ჩვენი საყვარელი ხალხის ზღვაზე გარეკილი, წყლით გაჟღენთილი და გალუმპული ცხედრები რიფებს ეხეთქებიან.

 

 

მაცნე

არაფერში გამოგვადგა მშვილდები, მთელი ლაშქარი დაიღუპა, როდესაც გემი გემს შეასკდა.

 

გუნდი

სტროფი III

[280] იგლოვეთ, საბრალო სპარსელებს მწუხარე და ვაებით სავსე კივილი შეაგებეთ, რადგან ყველა უსასტიკესად დაიღუპა, ვაი განადგურებულ ლაშქარს!

 

მაცნე

ო ყველაზე უფრო საძულველო მოსასმენო სალამისის სახელო! ვაი, როგორ ვკვნესი, ათენს რომ ვიხსენებ!

 

გუნდი
ანტისტროფი III

საშინელია ათენი მტრებისთვის. ახლა უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრ სპარსელ ქალს წაართვა შვილი და ქმარი, ამაოდ დაღუპული.

 

ატოსა
[290] ხმას ვერ ვიღებ რახანია, ამ უბედურებით თავზარდაცემული. იმდენად დიდია ეს უბედურება, რომ არც ლაპარაკი და არც კითხვის დასმა შემიძლია; და მაინც, მოკვდავებმა უნდა გადაიტანონ ღმერთებისგან მოვლენილი განსაცდელი; აიყვანე თავი ხელში და თუნდაც კვნესით, ყველაფერს მოგვიყევი უბედურებაზე: ვინ არ მოკვდა, ვინ უნდა დავიტიროთ ბელადთაგან, მთავარსარ­დალ­თა­გან ვინ მოკვდა და გააცარიელა ადგილი?

 

მაცნე

თვითონ ქსერქსესი ცოცხალია და სინათლეს უჭვრეტს.

 

ატოსა

[300] ამ სიტყვით დიდი სინათლე და ნათელი დღე მოუტანე ჩემს სახლს ღამის წყვდიადის შემდეგ.

 

მაცნე

არტემბარესი, ათი ათასი მხედრის წინამძღოლი, სილენიის სასტიკ ნაპირებს ეხეთქება.[21] ათასისთავი დადაკესი, შუბით განგმირული, მსუბუქი ნახტომით გადმოვარდა გემიდან. ტენაგონი, საუკეთესო და ნამდვილი ბაქტრიელი[22] წარმოშობით, ახლა აიასის ზღვის ტალღებით ნახეთქებ კუნძულზეა.[23]ლილაიოსი, არსამესი და მესამე არგესტესი, — ესენი მტრედების მკვებავი კუნძულის ირგვლივ [310] ტრიალებენ კლდეებზე დალეწილები. ეგვიპტის ნილოსის წყაროებთან მცხოვრები არქტევსი, ადეუესი და მძლავრფარიანი მესამე ფარნუქოსი, — ესენი ერთ ხომალდზე დაიღუპნენ. ქრისელი მატალოსი, ათი ათასი მხედრის მეთაური, მოკვდა; ძალიან ხშირი, გაწეწილი წვერი სისხლით მოეთხვარა და მისი ფერი მეწამულად შეეცვალა. ჯადოქარი არაბოსი და ბაქტრიელი არტაბესი, შავი ცხენების ოცდაათათასიანი მხედრობის მეთაური, კლდოვანი მიწის მკვიდრი, იქ დაიღუპნენ. [320] ამისტრისი და მძიმე შუბოსანი ამფისტრევსი, ვაჟკაცი არიომარდოსი, რომელსაც გლოვობენ სარდეში, სეისამეს მისიელი, თარიბისი, ხუთგზის ორმოცდაათი გემის ამირბარი, ლირნესოსელი მოდგმით, ლამაზი კაცი, წევს მკვდარი, უბედურ დღეზე გაჩენილი. სიენესისიც, პირველი ვაჟკაცი, კილიკიელთა მხედართმთავარი, რომელიც, ერთი კაციც კი, უამრავ მტერს აფრთხობდა, სახელოვნად დაიღუპა. ამ მეთაურებზე მოგახსენეთ მე. [330] უამრავი დანაკარგი გაქვს, მე კი რამდენიმე გამცნეთ.

 

ატოსა

ვაი! რა საშინელი უბედურების ამბავი მესმის! სირცხვილი სპარსელებს და გლოვის ქვითინი! მაგრამ დაუბრუნდი თხრობას და გარკვევით მითხარი, როგორი იყო ბერძნების ხომალდების სიმრავლე, რომ მათ გაბედეს სპარსელების ხომალდებთან საზღვაო ბრძოლა?

 

მაცნე

სიმრავლეს რაც შეეხება, დარწმუნებული იყავი, ხომალდებით ბარბაროსებს უნდა გაგვემარჯვა. რადგან ბერძნებს სულ ჰყავდათ სამასი [340] გემი და კიდევ ათი რჩეული ცალკე.[24] ქსერქსესს კი, ეს კარგად ვიცი, ათასი ჰყავდა და ზესწრაფი იყო ორასი და კიდევ შვიდი. ესაა რიცხვები. ხომ არ გგონია, რომ ჩვენ ბრძოლით დავთმეთ რამე? არა, ეს რომელიღაც ღმერთმა გაგვინადგურა ლაშქარი, ბედის სასწორი არათანაბრად აწონა. ღმერთებმა გადაარჩინეს ქალღმერთ პალასის ქალაქი.

 

ატოსა

მაშ, ათენის ქალაქი ისევ ხელუხლებელია?

 

მაცნე

სანამ ხალხი ცოცხალია, მანამ მისი გალავანი ურყევია.

 

ატოსა

[350] მითხარი, როგორი იყო ხომალდების ბრძოლის დასაწყისი. ვინ წამოიწყო ბრძოლა, ბერძნებმა თუ ჩემმა შვილმა, გემების სიმრავლით გაამაყებულმა?

 

მაცნე

დაიწყო ყველა ეს უბედურება, ჩემო დედოფალო, შურისმაძიებელმა სულმა ან ბოროტმა დემონმა. ბერძენი კაცი[25] ათენელთა ლაშქრიდან მოვიდა და უთხრა შენს ვაჟს, ქსერქსესს, რომ როგორც კი შავი ღამის წყვდიადი დადგებოდა, ბერძნები აღარ დარჩებოდნენ, არამედ დაიფანტებოდნენ ხომალდებით და აქეთ-იქით გაეშურებოდნენ, [360] საიდუმლო გაქცევით სიცოცხლე რომ შეენარჩუნებინათ. როგორც კი მოუსმინა, ვერ გამოიცნო ბერძენი კაცის ცბიერება და ვერც ღმერთების შური, ყველა ხომალდის მეთაურს უბრძანა, როგორც კი მზე შეწყვეტს მიწის განათებას თავისი სხივებით, წყვდიადი დაეუფლება ცარგვალს, მოეწყოთ გემები სამ რიგად, რომ გაცურვის მსურველებისთვის ყველა გზა გადაეკეტათ, ხოლო დანარჩენი ხომალდებით აიასის კუნძულის ირგვლივ შეეკრათ წრე; ხოლო თუკი ბერძნები თავს დააღწევდნენ უბედურ ხვედრს, [370] ხომალდებისთვის რამე ფარულ გასასვლელს თუ იპოვიდნენ, ყველა გემის მეთაური თავს დაკარგავდა. ეს ბრძანება გასცა თავის თავში დარწმუნებულმა, ჯერ არ იცოდა, რა განზრახვა ჰქონდათ ღმერთებს. მათაც არა უწესრიგოდ, არამედ მორჩილი გულით ვახშამი მოამზადეს, თითოეულმა მეზღვაურმა კი თავისი ნიჩბის ხელჩასაჭიდი დაამაგრა სანიჩბე ორკაპას; როდესაც მზის სინათლე ჩაქრა და ღამე დადგა, ყველა მენიჩბე და ყველა შეიარაღებული კაცი ავიდა გემზე. [380] მწყობრში ჩამდგარი გემები ერთმანეთს შეეხმიანნენ, გაცურეს, როგორც თითოეულს ჰქონდა ნაბრძანები, და მთელი ღამე ხომალდების მეთაურები ნიჩბებს ასმევინებდნენ ხომალდის ხალხს. ღამე ილეოდა, ბერძნების ლაშქარი კი არ ცდილობდა, გამძვრალიყო ფარული გასასვლელით. ხოლო როდესაც თეთრცხენებიანმა დღემ მთელი მიწა გაანათა, ჯერ ბერძნების რიგებში ყიჟინა გაისმა, როგორც საბრძოლო სიმღერა და მაშინვე [390] კუნძულის კლდეებმა ექოდ დააბრუნა საპასუხო ძახილი. თავზარი დაეცა ყველა ბარბაროსს, რომლებიც შეაცდინეს: გაქცევაზე კი არ მღეროდნენ თავის დიდებულ პეანს ბერძნები, არამედ ბრძოლაში მიემართებოდნენ დაუოკებელი სიმამაცით. საყვირის ხმა კი მათ საბრძოლოდ აღაგზნებდათ. იმავე წამს, ბრძანების თანახმად, ქაფიანი ნიჩბების თანაბარი მოსმით გაკვეთეს მარილიანი ტალღები; მალე კი ყველანი ცხადად გამოჩნდნენ. მარჯვენა ფრთა პირველი [400] მიდიოდა მწყობრად, მერე კი მთელი ფლოტი მიჰყვებოდა და მაშინვე ხმამაღალი ძახილი მოსწვდა ჩვენს სმენას: „მიდით, ბერძენთა შვილებო, გაათავისუფლეთ სამშობლო, გაათავისუფლეთ ბავშვები, ქალები, მამისეული ღმერთების ტაძრები და წინაპართა საფლავები, ახლა ყველაფერ ამისთვის ვიბრძვით.“ საპასუხოდ ჩვენი მხრიდან აღიძრა შერეული სპარსული სიტყვა, აღარ იყო დაყოვნების დრო. სპილენძით მოჭედილი ცხვირით გემი გემს დაეჯახა, ბერძნულმა გემმა შეტევა დაიწყო, [410] მთლად დალეწა ფინიკიური გემი. ერთმანეთს შეასკდა გემები. პირველ იერიშს გაუძლო სპარსულმა ფლოტმა. როგორც კი ვიწრო სივრცეში მოხვდა ხომალდები, ერთმანეთის დახმარების ნაცვლად, ბრინჯაოს ცხვირებით ერთმანეთი დააზიანა, ნიჩბები და მენიჩბეები მოსრეს. ბერძნულმა ხომალდებმა კი, გააზრებულად, ალყა შემოგვარტყეს, ხომალდები ამოყირავდნენ, ზღვაც აღარ ჩანდა, [420] ხომალდის ნამსხვრევებითა და მიცვალებულთა გვამებით იყო სავსე. ჩვენმა მკვდრებმა გაავსეს ნაპირები და კლდეები, უწესრიგოდ გაქცევას ცდილობდა ყველა გემი, რომელიც კი გადარჩა ბარბაროსთა ფლოტიდან. როგორც თინუსს ან რომელიმე თევზის ნადავლს ნიჩბების ნატეხებით, დამსხვრეული გემის ნაწილებით დასცხეს ბერძნებმა სპარსელებს. გლოვამ და კივილმა აავსო ღია ზღვა, სანამ შავი ღამის თვალმა არ დამალა სანახაობა. მთელ უბედურებას, ათი დღეც რომ ვყვებოდე, [430] ვერ მოგითხრობდით, ვერ შევძლებდი, აღმეწერა შენთვის. თუმცა, დარწმუნებული იყავი, რომ არასოდეს ერთ დღეში ამდენი ადამიანის სიმრავლე არ ამოწყვეტილა.

 

ატოსა

ვაიმე, უბედურებათა ზღვამ დაამსხვრია სპარსელები და მთელი ბარბაროსების დიდი მოდგმა.

 

 

მაცნე

კარგად იცოდე, ჯერ ნახევარიც არ თქმულა უბედურების. ისეთი განსაცდელი დაგვატყდა თავს, რომ ორგზის უფრო მძიმე აღმოჩნდა სხვა გასაჭირზე.

 

ატოსა

ამაზე უარესი რაღა უნდა მოსვლოდათ?! მითხარი, რა განსაცდელზე ლაპარაკობ, ლაშქარს [440] რომ თავს დაატყდა, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა უბედურების სიმძიმე?

 

მაცნე

ყველა სპარსელი, ვინც იყო საუკეთსო ასაკში და სულით უმამაცესი, კეთილშობილი წარმოშობის, ხელმწიფისათვის ყველაზე უფრო საიმედო მუდამ, სამარცხვინოდ დაიხოცა უსახელო სიკვდილით.

 

ატოსა

რა მესმის, უბედურს ბედმა რა დარტყმა მაგემა, მეგობრებო! რა ბედი  ეწიათ, როგორ დაიღუპნენ?

 

მაცნე

არის ერთი კუნძული[26] სალამისის წინ მდებარე, პატარა, გემებისთვის ვერმისადგომი, მისი ზღვით განბანილი ნაპირები გუნდების მოყვარული პანის საყვარელი სავანეა. იქ გაგზავნა ქსერქსესმა ისინი, თავისი საუკეთესო ნაწილები, [450] თუკი ბერძნების დამსხვრეული ხომალდებიდან ხალხი ამ კუნძულს მიმართავდა, მათთვის ამის საშუალება არ მიეცათ და თავისიანები კი კუნძულზე აეყვანათ. ვერ განჭვრიტა კარგად ხელმწიფემ; როდესაც რომელიღაც ღმერთმა ბერძნებს საზღვაო ომში დიდება მოუპოვა, იმავე დღეს ბრინჯაოში ჩასმული სხეულებით გადავიდნენ გემებიდან და ალყა შემოარტყეს მთელ კუნძულს, ასე რომ, ჩვენმა ხალხმა არ იცოდა, საით მოტრიალებულიყო. მრავალი ქვა მოხვდათ მათი ხელით [460] ნასროლი, ისრები გაფრინდა მშვილდის ლარებიდან, და ხოცავდა ყველას. საბოლოოდ ბერძნები, აღძრულები ერთიანი შეტევით, თავს დაესხნენ, ასო-ასოდ აკუწეს საცოდავები, სანამ ყველა არ გამოასალმეს სიცოცხლეს. ხმამაღლა ამოიგმინა ქსერქსესმა, როდესაც ბოროტების სიღრმე იხილა,რადგან იჯდა და მთელ ლაშქარს ხედავდა, მაღალ ბორცვზე, ზღვის ნაპირის მახლობლად. სამოსი დაიგლიჯა და მწარედ ხმამაღლა ამოიგმინა, დაუყოვნებლივ მისცა ბრძანება ქვეით ჯარს, [470] უწესრიგოდ გაქცეულიყო. ეს შენთვის, უკვე ნახსენებთან ერთად, არის უბედურება, რომელიც უნდა დაიტირო.

 

ატოსა

საძულველო დაიმონო, როგორ გაუცრუე სპარსელებს იმედი! მწარე შურისძიება იპოვა ჩემმა შვილმა სახელოვანი ათენელებისგან, საკმარისი არ აღმოჩნდა, რაც მანამდე მარათონში ბარბაროსები დაიხოცნენ. მათთვის შურისძიებას ფიქრობდა ჩემი ბიჭი და ამოდენა უბედურებაში ჩაიგდო თავი. შენ კი მითხარი, ხომალდები, რომელთაც განსაცდელს თავი დააღწია, სად დატოვე ისინი? მათზე ვერ მეტყვი ცხადად?

 

მაცნე

[480] იმ ხომალდების მეთაურები, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ, სასწრაფოდ გაიქცნენ უწესრიგოდ, საითაც ქარმა წაიღეს. დარჩენილი ლაშქარი კი ბეოტიის მიწაზე დაიღუპა, წყაროს წყლის სასიცოცხლო ძალის გვერდით წყურვილმა დაახრჩო, სხვებმა კი, დაქანცულებმა, ქოშინით მივაღწიეთ ფოკისელების მიწას, დორისის ქვეყანას, მეიოსის უბეს, სადაც სპერქევსი ასმევს ყანებს წყალს. იქიდან მშივრები აქაიის მიწაზე გადავედით და თესალიის ქალაქებს მივადექით, [490] იქ უმეტესობა დაიღუპა წყურვილითა და შიმშილით, რადგან ორივე დაგვატყდა თავს. მაგნესიის მიწას მივადექით და მაკედონიელების ქვეყანას, აქსიოსის ფონს, ბოლბეს ჭაობის ლელიანს, პანგევსის მთას, ედონების მიწას. იმ ღამით ღმერთმა დროზე ადრე დააყენა ზამთარი და გაიყინა წმინდა მდინარე სტრიმონის მთელი დინება. ვინც ღმერთებს პატივს არ სცემდა მანამდე, ახლა ვედრებით ლოცულობდა, მიწასა და ზეცას თაყვანს სცემდა. [500] როდესაც მრავალგზის მოუხმო ღმერთს და შეწყვიტა ლაშქარმა ლოცვა, გაყინულ მდინარეზე გადავედით; ვინც კი ჩვენგან მოასწრო მზის ღმერთის სხივების განფენას, გადარჩა; მაგრამ მალე მზის მოელვარე დისკომ ფონის შუაში შეაღწია და გაადნო ყინული ცეცხლით. ერთმანეთის მიყოლებით ჩაცვივდნენ, იმათ გაუმართლათ, ვისაც უსწრაფესად ამოხდა სული. დანარჩენებმა კი, ვინც სიკვდილს გადაურჩა, თრაკია გადაჭრეს დიდი ტანჯვით, [510] და გამოქცეულები ჩამოვიდნენ, უკვე ძალიან ცოტანი, მშობლიური კერის მიწაზე; ასე რომ, დაიტირე და გამოიგლოვე, სპარსების ქალაქო, ამ მიწის საყვარელი ყმაწვილკაცები. ასეთია სიმართლე. ბევრი რამ გამოვტოვე და არ მითქვამს იმ უბედურებაზე, რომელიც თავს დაგვატეხა ღმერთმა.

 

გუნდი

უბედურების მომტანო დაიმონო, რა მეტისმეტი სიმძიმით ფეხქვეშ გათელე მთელი სპარსული მოდგმა!

 

ატოსა

რა უბედური ვარ, ჩვენი ლაშქრის დაღუპვის გამო! ო ღამის სიზმრისეულო მკაფიო ხილვავ, რა მეტად ცხადად მამცნობდი უბედურებას! [520] თქვენ კი მეტისმეტად მსუბუქად განმარტეთ იგი; და მაინც, დავუჯერებ თქვენს რჩევას, ჯერ მსურს, ღმერთებზე ვილოცო, შემდეგ მიწასა და მიცვალებულებს სახლიდან სამსხვერპლო ღვეზელს საჩუქრად გამოვუტან. ვიცი, რომ უკვე მომხდარს ეს ვერ უშველის, მაგრამ, შესაძლოა, მომავალი მაინც უკეთესი გახდეს. თქვენ კი ამ გარემოებებში საიმედო რჩევა უნდა მომცეთ, ხოლო ჩემს შვილს, თუ ჩემს დაბრუნებამდე მოვიდა, [530] ნუგეში ეცით და სასახლეში შემოუძეხით, რომ ამდენ უბედურებას მისი სასოწარკვეთილებაც არ დაემატოს.

 

გადის.

 

 

 

პირველი სტასიმონი

 

გუნდი

ო ზევსო მეფევ, რადგან ახლა სპარსელების თავმომწონე და მრავალრიცხოვანი ლაშქარი დაღუპე, მწუხარების წყვდიადში გაახვიე სუზისა და აგბატანის ქალაქი! მრავალი ქალი მოცახცახე ხელით თავშალს გლეჯს, ხშირი ცრემლებით კალთას [540] ასველებს, ამ მწუხარების მონაწილე. მწარედ დასტირიან სპარსი ქალები ქმრებს, უყურებენ რბილგადასაფარებლიან სარეცელს, რომელსაც იყოფდნენ, განცხრომიანი სიყმაწვილის სიხარულს, ტოვებენ, გლოვობენ უსასრულო გოდებით. მეც დაცემულების საბრალო ხვედრს მთელი გულით დავტირი.

 

სტროფი I

რადგან ახლა კვნესის განადგურებული მთელი აზიის მიწა. [550] ქსერქსესმა წაიყვანა, ვაი, ქსერქსესმა დაღუპა, უი, ქსერქსესმა უგუნურად განალაგა ბრტყელძირიანი ხომალდები. როგორღა იყო დარიოსი ასე დაცული თავის დროზე უბედურებათაგან, მშვილდოსანთა ასისთავი, სუსელების საყვარელი მეთაური?

 

ანტისტროფი I

რადგან ქვეითები და მეზღვაურები სელისფრთიანი, მუქთვალიანი [560] გემებით წავიდნენ, ვაი, გემები დაიღუპა, უი, მთლიანად მოისპო გემთა შეტაკებაში, იონიელების ხელით. თვითონ მეფე, როგორც გავიგეთ, ძლივს გამოქცეულა გაყინული გზებით, თრაკიის მინდვრების გავლით.

 

სტროფი II

ისინი, რომლებიც პირველი დაიხოცნენ, ვაი, მწარე ბედისწერით განწირულები, უი, [570] კიხრეიის ნაპირებთან,[27] ვაი, მიყვანილები! იკვნესე, იტირე, ცას გავაგონოთ გლოვის ხმა, მაღლა ავწიოთ ჩვენი მწუხარე ხმები, ჩვენი უბედური გოდება.

 

ანტისტროფი II

კლდეებს ენარცხება სხეულები, ვაი, მათ ჭამენ, უი, ზღვის უხმო შვილები, ვაჰ! მწუხარებით სავსეა დაცარიელებული სახლი, [580] უშვილოდ დარჩნენ მოხუცი მშობლები, ვაი, ბოლომდე შეიცნეს მთელი ტკივილი.

 

სტროფი III

ვინც ვრცელ აზიაში ცხოვრობს, მეტად აღარ იმართება სპარსელების მიერ, აღარ მოუტანენ ღალას თავიანთ ბატონს, არ განირთხმებიან მიწაზე მათი შიშით, რადგან სამეფო [590] ძალა დაიღუპა.

 

ანტისტროფი III

მოკვდავთა ენა მეტად აღარ არის შეკავებული: თავისუფალ ხალხს ლაპარაკიც შეუძლია, რაკი ძალის უღელი დამსხვრეულია. სისხლიანი მიწა, აიასის ზღვის ტალღებნაცემი კუნძული ფლობს ყველაფერს, რაც ოდესღაც სპარსეთი იყო.

 

 

 

 

მეორე ეპისოდიონი

 

 

სასახლიდან გამოდის ატოსა მოახლეთა თანხლებით, რომელთაც სამსხვერპლო საჩუქრები მოაქვთ.

 

ატოსა

მეგობრებო, ვინც კი არის გამოცდილი უბედურებაში, მან იცის: როდესაც უბედურების ტალღა [600] თავს ატყდება მოკვდავებს, ყველაფერს შიშით უცქერენ; როცა კი ბედი სასიკეთოდ შემობრუნდება, სჯერათ, რომ მუდმივად წარმატება ელით. რადგან ახლა ყველაფერი მაშინებს და თვალში ღმერთების მტრობა მიჩანს, ყურებში ჩამესმის არა გამარჯვების სიმღერა, იმდენადაა უბედურების დარტყმისგან დაშინებული ჩემი სული. სწორედ ამის გამო ისევ მოვედი სასახლიდან არა ეტლით და ჩვეული დიდებით და მომაქვს ჩემი ვაჟის მამისთვის საღვრელი, [610] რომ შევწირო მსხვერპლი, რომელიც მიცვალებულებს ამშვიდებს,შეუბღალავი ძროხის გემრიელი თეთრი რძე, ყვავილებში მომუშავის სითხე, გამჭვირვალე თაფლი, ქალწული წყაროს წყლის ნაკადთან ერთად, ველური დედის შეურეველი, ძველი ყურძნის ცქრიალა სასმელიც. აქაა ასევე მარადიული, უხვფოთლიანი, ოქროსფერი ზეთისხილის სურნელოვანი ნაყოფი და ყვავილთა წნული, ნაყოფიერი მიწის შვილი. მაგრამ, მეგობრებო, როდესაც მე მიცვალებულებს ამ საღვრელს ვუღვრი, [620] უმღერეთ ჰიმნები და გამოიხმეთ დარიოსის ღვთაებრივი სული, მე კი მიწას შევასმევ ქვედა ღმერთებისთვის პატივს.

 

გუნდი

დედოფალო ქალო, სპარსელთათვის სათაყვანო, ჩაუშვი საღვრელი მიწისქვეშა პალატებში, ჩვენ კი ჰიმნებით ვთხოვთ დაღუპულთა წინამძღოლებს, მიწის ქვეშ კეთილად განეწყონ. მიწის წმინდა ღვთაებებო, გეა და ჰერმესო, და შენც, ქვედათა მეუფევ, [630] ნათელში გამოუშვით ქვემოდან სული; თუკი ჩვენი უბედურების რამ წამალი იცის, მოკვდავთაგან მხოლოდ მას შეუძლია, გამოგვიცხადოს, როგორ აღვასრულოთ.

 

სტროფი I

გესმის ჩემი, ნეტარო და ღვთის თანაბარო მეფე, რასაც ბარბაროსული გაურკვეველი ენით წარმოვთქვამ, გესმის ჩემი დამთრგუნველი და მწარე ჩივილი? თუ ხმამაღლა უნდა ვიბღავლო ჩემს უბედურებაზე, მას ქვემოთ ესმის ჩემი?

 

ანტისტროფი I

[640] შენ, გეა და სხვა ღმერთებო, რომლებიც ბატონობთ ქვედა სამყაროს მკვიდრებზე, გამოუშვით თავისი სავანიდან, გევედრებით, სახელგანთქმული სული, სუსაში შობილი სპარსელთა ღმერთი. გამოაგზავნეთ ზედა სამყაროში იგი, ვისი მსგავსიც სპარსულ მიწას არ დაუმარხავს.

 

სტროფი II

საყვარელო კაცო, საყვარელო ბორცვო; აქ ძვირფასი ზნე განისვენებს. აიდონევს,[28]მზის სინათლეზე გამომგზავნო, აიდონევს, გამოუშვი ღვთაებრივი მბრძანებელი, დარიოსი.

 

ანტისტროფი II

მას არასოდეს დაუღუპავს ხალხი უაზრო და დამაქცევარ ომებში, იგი ატარებდა სპარსელთა ღვთაებრივი მრჩევლის სახელს, ღვთაებრივი მრჩეველი იყო, რაკი ლაშქარს კარგად მართავდა.

 

სტროფი III

მეფევ, ძველო მეფევ, მოდი, მოახლოვდი! ამოდი ამ ყორღანის მწვერვალზე, [660] ზაფრანისფერი სანდალი აღმართე, სამეფო ტიარის ლითონის სამშვენისი გამოაჩინე. მოდი, უმწიკვლო მამა, დარიოს!

 

ანტისტროფი III

მოდი, მოისმინე ჩვენი ახალი, ჯერთუსმენელი უბედურება, ჩვენი მბრძანებლის მბრძანებელო, გამოჩნდი! რადგან სტიქსის წყვდიადმა მოგვიცვა, ახალგაზრდობა ხომ ჩვენი ქვეყნისა [670] ერთიანად ამოწყდა. მოდი, უმწიკვლო მამა დარიოს!

 

ეპოდოსი

ვაიმე, ვაიმე! შენი სიკვდილით მეგობრებს იმდენი ცრემლი ადინე! როგორ მოხდა ეს, როგორ შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო, როგორ დავკარგეთ ყველა სამრიგიანი ხომალდი, [680] გემები აღარაა!

 

საკუთარი საფლავიდან ამოდის დარიოსის აჩრდილი.

 

დარიოსის აჩრდილი

ო, ერთგულნო ერთგულთაგან, ჩემი სიყმაწვილის მეგობრებო, ბებერო სპარსელებო, რა უბედურება დაატყდა თავს ქალაქს? კვნესის, თავს იცემს, დასკდა მიწა. ვხედავ მეუღლეს ჩემი საფლავის მახლობლად და ვშფოთავ, დამამშვიდებელი საღვრელი კი მივიღე. თქვენ კი გოდებთ ჩემი საფლავის ახლოს, მიცვალებულის სულის გამომხმობი ხმამაღალი ძახილით საბრალოდ მეძახით. იოლი არ არის საფლავიდან გამოსვლა, რადგან მიწისქვეშა ღმერთები ყოველნაირად [690] მზად არიან, მიიღონ და არ გაუშვან; და მაინც, რაკი იქაც მბრძანებლობა მაქვს მოპოვებული, მოვედი. იჩქარე, რომ არ გავიკიცხო დადგენილი დროის გადაჭარბებისთვის. რა არის სპარსელთათვის ახალი მძიმე უბედურება?

 

გუნდი

სტროფი

ვერ ვბედავ ყურებას, ვერ ვბედავ შენი თანდასწრებით ხმის ამოღებას შენ წინაშე, ძველი შიშის გამო.

 

დარიოსის აჩრდილი

მაგრამ რაკი ქვემოდან ამოვედი შენს გოდებას მინდობილი, გრძელი სიტყვა არ გინდა, მოკლედ მოჭერი და მოჰყევი, ჩემი რიდი ნუ გექნება.

 

გუნდი

ანტისტროფი

[700] მეშინია, რომ დაგემორჩილო, მეშინია, რომ შენი თანდასწრებით ვილაპარაკო და ის ვუთხრა საყვარელ ხალხს, რისი თქმაც არ შეიძლება.

 

დარიოსის აჩრდილი

მაგრამ რაკი ჩემი ძველი შიში გულში გაქვს გამჯდარი, ჩემი სარეცლის მოზიარე, კეთილშობილო ჩემო მეუღლე, შეწყვიტე გლოვა და ტირილი და გულახდილად მითხარი ყველაფერი. ადამიანის ჩვეული ხვედრი ხომ უბედურებაა. ხომ უამრავი რამ უნდა შეემთხვეს ზღვასა და ხმელეთზე მოკვდავებს, თუკი სიცოცხლე ოდნავ გაუგრძელდა.

 

ატოსა

ო ყველა მოკვდავზე კეთილდღეობით აღმატებულო ბედის ნებიერო, [710] სანამ ცოცხალი იყავი და შენი თვალები მზეს უმზერდა, ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდი და სპარსელებს ღმერთად უჩანდი, ახლა მიცვალებულიც ბედნიერი ხარ, უბედურებამდე იხილე სიღრმე. რადგან მთელ ამბავს, დარიოს, გაიგონებ მოკლე ხანში: სპარსთა ძალა დაემხო, როგორც იტყვიან.

 

დარიოსის აჩრდილი

რანაირად? ჭირის მეხი დაგვეცა, თუ აჯანყება ქალაქში?

 

 

ატოსა

არც ერთი და არც მეორე, არამედ ათენთან მთელი ლაშქარი გაგვინადგურდა.

 

დარიოსის აჩრდილი

ჩემი რომელი ვაჟი გაუძღვა ლაშქარს იქ, მითხარი!

 

ატოსა

დაუოკებელი ქსერქსესი, მთელი ხმელეთის გაცამტვერების მსურველი.

 

დარიოსის აჩრდილი

ქვეითად გაეშურა თუ ზღვით ჩაიფიქრა ეს უგნური ლაშქრობა უბედურმა?

 

ატოსა

[720] ორივენაირად: ორმაგი ფრონტი ჰქონდა ორი ლაშქრით.

 

დარიოსის აჩრდილი

როგორ გადაიყვანა მეორე ნაპირზე ქვეითად ამოდენა ლაშქარი?

 

ატოსა

ცბიერი მოწყობილობით დაიმორჩილა ჰელესპონტი და გადასასვლელი შექმნა.

 

დარიოსის აჩრდილი

ნუთუ ეს მოახერხა და მძლავრი ბოსფორი ჩაკეტა?

 

ატოსა

დიახაც. რომელიღაც დემონი დაეხმარა, როგორც ჩანს.

 

დარიოსის აჩრდილი

ვაჰ! მძლავრი ყოფილა ის დემონი, თუკი ტვინი ასე აუმღვრია.

 

ატოსა

როგორც შედეგი გვაჩვენებს, დიდი უბედურება შეძლებია.

 

დარიოსის აჩრდილი

და შემდეგ რა ქნეს, რომ ასეთ გლოვას მისცემიხართ?

 

ატოსა

საზღვაო ძალა რომ განადგურდა, სახმელეთოც დაიღუპა.

 

დარიოსის აჩრდილი

და მთელი ხალხი დაიღუპა მტრის შუბით?

 

ატოსა

[730] დიახ და ამის გამოა, რომ მთელი სუსა დასტირის თავის დაცარიელებას.

 

დარიოსის აჩრდილი

ვაი ჩვენი მცველი მებრძოლების მამაცურ ძალას!

 

ატოსა

ბაქტრიელების ხალხიც ამოწყდა, ერთი მოხუციც ვერ გადარჩა.

 

დარიოსის აჩრდილი

უბედური, მოკავშირეთა მთელი ახალგაზრდობაც გაანადგურა.

 

ატოსა

ამბობენ, რომ ქსერქსესი რამდენიმე მეომრით დარჩა…

 

დარიოსის აჩრდილი

როგორ და სად აღესრულა? თუ გადარჩენის იმედი არის?

 

ატოსა

თავისდა ბედად,მოადგა ორი ხმელეთის შემაერთებელ ხიდს.

 

დარიოსის აჩრდილი

და აქეთ მხარეს გადმოვიდა უვნებლად, ეს მართალია?

 

ატოსა

დიახ, ეს ნამდვილი ამბავია, ეჭვი არ არის.

 

დარიოსის აჩრდილი

ვაი! რა სწრაფად ახდა წინასწარმეტყველების საქმე! ჩემს შვილს [740] დაატეხა თავს ზევსმა მათი ძალა. მე კი მეგონა, რომ დიდი დრო გამოხდებოდა, სანამ ღმერთები მათ აღასრულებდნენ; მაგრამ როცა კაცი თავად ჩქარობს, ღმერთიც შეუერთდება. ახლა, მგონი, ყველა ჩემი საყვარელი ადამიანისთვის ამოხეთქა უბედურების წყარომ; ხოლო ჩემმა ვაჟმა საფრთხე ვერ შენიშნა და ყმაწვილკაცური დაუდევრობით მასში გადაეშვა. მას იმედი ჰქონდა, რომ წმინდა ჰელესპონტს მონასავით ბორკილებს დაადებდა, ბოსფორის ღვთაებრივ დინებას და დააჭედებდა რა უროსებრ ხუნდებს, ახალი ყაიდის ფართო გზას გაუკვალავდა თავის აურაცხელ ლაშქარს; მოკვდავი კაცი უკვდავებს გაუთამამდა და გონებადაკარგული პოსეიდონს გაეჯიბრა. ნეტავ, რამე სენმა გონება ხომ არ დაუბნელა ჩემს ვაჟს? მეშინია, რომ ჩემი გარჯის ნაყოფი, ჩვენი უზარმაზარი სიმდიდრე  სხვისი ნადავლი არ გახდეს.

 

ატოსა

ბოროტ ხალხთან ურთიერთობაში ისწავლა ეს დაუოკებელმა ქსერქსესმა. რადგან ამბობდნენ, რომ შენ შვილებს შუბით უზარმაზარი ქონება მოუპოვე, ის კი, არავაჟკაცი, სახლში მეომრობდა და მამისეულ ქონებას არ ზრდიდა. ეს საყვედური რომ ესმოდა ხშირად ბოროტი ხალხისგან, მაშინ გადაწყვიტა საბერძნეთზე გალაშქრება.

 

დარიოსის აჩრდილი

და აი, მან გამოიწვია უდიდესი და დაუვიწყარი [760] უბედურება, რომელიც მანამდე არასოდეს არ სწვევია ამ ქალაქ სუსას, მას შემდეგ, რაც მეუფე ზევსმა დაადგინა, რომ ერთი პატრონი უნდა ჰყავდეს და ერთი კვერთხის მპყრობელი ბელადი უნდა მართავდეს მთელ ნაყოფიერ აზიას. რადგან პირველი იყო მედოსი, ვინც იყო ჩვენი მხედართმთავარი, შემდეგ იყო მისი ძე, რომელმაც აღასრულა თავისი საქმე, რადგან სიბრძნე მართავდა მის სულს. მის შემდეგ მესამე იყო კიროსი, ბედნიერი კაცი, რომელიც ხელისუფლებას დაეუფლა და მშვიდობა მისცა ყველა ხალხს. [770] ლიდიისა და ფრიგიის ხალხები დაიპყრო და მთელი იონია შემოიერთა. ღმერთი სწყალობდა, რადგან კეთილგონიერი დაიბადა. კიროსის ძე ჩვენი ლაშქრის მეოთხე მმართველი იყო. მეხუთე იყო მარდოსი, რომელმაც შეარცხვინა სამშობლო და ძველი ტახტი. იგი კი ცბიერებით ღირსმა არტაფრენესმა მოკლა  სასახლეში მეგობარ კაცებთან ერთად, როგორც საჭირო იყო. მეექვსე იყო მერაფისი, მეშვიდე კი — არტაფრენესი. მეც დავეუფლე იმ ხვედრს, რომელიც მსურდა, [780] და ვილაშქრე ბევრი დიდ ლაშქართან ერთად, მაგრამ ასეთი უბედურება არასოდეს მომიტანია სახელმწიფოსთვის. მაგრამ ქსერქსესი, ჩემი ვაჟი, ახალგაზრდაა და ახალგაზრდული ფიქრები აქვს და არ დაიმახსოვრა ჩემი რჩევები. ეს ხომ კარგად იცით, ჩემო თანატოლებო, თქვენ, ყველამ, ვისაც ძალაუფლება გვქონდა, ამოდენა უბედურება არ ჩაგვიდენია.

 

 

 

კორიფაიოსი

მაშ, რა უნდა ვქნათ, მეუფე დარიოს, საით მივყავართ შენს სიტყვებს? მომხდარის შემდეგ რა უნდა იღონოს სპარსელმა ხალხმა?

 

დარიოსის აჩრდილი

[790] ბერძნების მიწას აღარ დაესხათ თავს, თუნდაც მიდიელების ლაშქარი აღმატებული იყოს მათსაზე, რადგან თავად მიწაა მათი მოკავშირე.

 

კორიფაიოსი

ამას რას ამბობ? რა გზითაა მოკავშირე?

 

დარიოსის აჩრდილი

შიმშილით კლავს მტრის მეტისმეტად დიდ ლაშქარს.

კორიფაიოსი

მაგრამ თუკი უფრო რჩეულ და უკეთ აღჭურვილ ლაშქარს წარვმართავთ?

 

დარიოსის აჩრდილი

ახლა საბერძნეთში დარჩენილი ლაშქარიც კი ვერ დაბრუნდება და ვერ გადარჩება.

 

კორიფაიოსი

როგორ ამბობ? მაშ, ბარბაროსთა ლაშქარი ვერ დატოვებს ევროპას და ვერ გადმოკვეთს ჰელესპონტს?

 

დარიოსის აჩრდილი

[800] ყველაფერი დადასტურდება. ცოტანი, თუკი სანდოა ღმერთების წინასწარმეტყველება, მომხდარის მიხედვით, რადგან რაკი რაღაც დადასტურდა, ყველაფერი დადასტურდება. ეს კი ნიშნავს, რომ რჩეული ჯარი ჩემმა ვაჟმა იქ, ცარიელ იმედზე დაყრდნობით, დატოვა. ისინი შეჩერებული არიან იქ, სადაც ასოპოსი რწყავს და კვებავს ბეოტიის მიწებს, იქ, სადაც შეხვდებიან უკანასკნელ განსაცდელს, რომელიც მათ მოევლინათ ქედმაღლობისა და არასათნო საქციელის გამო, რადგან საბერძნეთში რომ ჩავიდნენ, არც ღმერთებს მოერიდნენ, [810] ღმერთების გამოსახულებები მოსპეს და ტაძრები გადაწვეს. საკურთხევლები დაარბიეს, ღმერთების ქანდაკებები ჩამოაგდეს და დალეწეს; და აი, ასეთი უბედურება რომ ჩაიდინეს, არანაკლებიც გადაიტანეს, სხვა განსაცდელიც მოელით, უბედურება ჯერ კიდევ წინაა, მათი გასაჭირის გაზაფხული არ ამოწურულა, ჯერაც ძალაშია. დიდი სისხლი კიდევ დაიღვრება პლატეას მიწასთან დორიული შუბით და საფლავთა ჯაჭვი მესამე თაობამდე უსიტყვო მაგალითად დარჩება ადამიანთა თვალებისთვის, [820] რომ მოკვდავი კაცი მეტისმეტად არ უნდა ზვაობდეს. ქედმაღლობა დამწიფდა და ნაყოფად მოიტანა უბედურება, საიდანაც მოვიწიეთ ცრემლების მოსავალი. ამ შურისძიებას რომ დაინახავთ, გაიხსენეთ ათენი და საბერძნეთი, ნუღარ გაფლანგავთ საკუთარ ბედნიერებას და მეტს ნუ მოინდომებთ, სხვისი ნუ მოგინდებათ. ზევსი სინამდვილეში მძიმე ხელით შურს იძიებს მეტისმეტი ქედმაღლობისათვის. თქვენ კი, რომელთაც სიბრძნე არ გაკლიათ, გონებისკენ მოუხმეთ ჩემს შვილს, ჩააგონეთ მას ღმერთების პატივისცემა, რომ შეწყვიტოს თავხედური ზვიადობით ღმერთების განრისხება. შენ კი, ქსერქსესის ღირსეულო და საყვარელო დედა, სასახლეში შედი და შესაბამისი სამოსი გამოუტანე შვილს და მოემზადე მის შესახვედრად. რადგან მთლიანად ტანზე დაიგლიჯა და ძონძებად აქცია ბრწყინვალე სამოსი ამ უბედურებაში. ანუგეშე ნაზი სიტყვებით, რადგან მხოლოდ შენ, ვიცი, რომ მოგისმენს. მე კი მიწის ქვეშ, წყვდიადში, ჩავალ. [840] თქვენ კი, უხუცესნო, მშვიდობით, მიუხედავად გასაჭირისა, გაიხარეთ თქვენი თითოეული დღით, რადგან სიმდიდრეს მიცვალებულისთვის სარგებელი არ აქვს.

 

დარიოსის აჩრდილი გადის.

 

კორიფაიოსი

გული მტკივა, რომ მესმის, რამდენი უბედურება დაატყდა თავს და კიდევ რამდენი ელოდება ბარბაროსებს!

 

ატოსა

ო, ღმერთო! რამდენი განსაცდელი დამატყდა თავს, მაგრამ ყველაზე უფრო გული იმან მომიკლა, რომ გავიგონე, ჩემი შვილის სხეულს ახლა თურმე სამარცხვინო ძონძები რომ ფარავს. მაგრამ მივდივარ, სახლიდან სამოსს გამოვუტან [850] და მის შესახვედრად მოვემზადები. საყვარელი ხალხი განსაცდელში არ უნდა მივატოვოთ.

 

გადის.

 

 

 

მეორე სტასიმონი

 

გუნდი

სტროფი I

ო, დიახ, ეს იყო მართლაც სახელოვანი და კარგი ცხოვრება, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში გვყავდა ხანდაზმული და ყოველმხრივ მძლავრი მეფე, რომელსაც არაფერი შეშლია, დაუმარცხებელი მეფე, ღვთისდარი დარიოსი და ის მართავდა ქვეყანას.


ანტისტროფი I

უპირველესად ჩვენ მსოფლიოს ვუჩვენეთ სახელოვანი ლაშქარი, ბურჯივით მტკიცე კანონმდებლობა, [860] ყოველმხრივ მოწესრიგებული, ჩვენ ვბრუნდებოდით ომებიდან დაუმარცხებლები და დაუტანჯავი, ხალხი ბედნიერი ბრუნდებოდა შინ.

 

სტროფი II

რამდენი ქალაქი აიღო ისე, რომ არ გადაულახავს მდინარე ჰალისი და საკუთარი კერა არ მიუტოვებია. როგორც, მაგალითად, აქელოუსის ქალაქები, სტრიმონის ზღვაზე, [870] თრაკიის დაბლობის მეზობლად.

 

ანტისტროფი II

როგორც ისინი, რომლებიც ტბიდან შორს, ხმელეთის ქალაქები, გალავანშემორტყმული დაემორჩილა მას, როგორც მეფეს; დასახლებები ჰელესპონტის ორივე მხარეს და პროპონტისის[29] სრუტის სივრცე და პონტოსის[30] კარიბჭე.

 

სტროფი III

და ზღვით განბანილი [880] კუნძულები, ზღვის გაწვდენილ მკლავზე, რომლებიც ჩვენს ხმელეთს ემიჯნება, როგორც ლესბოსი, ზეთისხილით მდიდარი სამოსი, ქიოსი და პაროსი, ნაქსოსი, მიკონოსი  და ანდროსი, რომელიც ტენოსის მიწის გვერდითაა.

 

ანტისტროფი III

იგი ფლობდა ღია ზღვის კუნძულებს: [890] ლემნოსს, იკაროსის მიწას, როდოსსა და კნიდოსს, კვიპროსის ქალაქებს: პაფოსსა და სოლეს და ახლანდელი ჩვენი უბედურების მიზეზს, სალამისის დედაქალაქს.

 

ეპოდოსი

და ბერძნების მდიდარ და ხალხმრავალ ქალაქებს იონიის მხარეში [900] მართავდა თავის ნებაზე. მის ხელთ იყო მეომარ კაცთა და ყველა ერის მოკავშირეთა დაუქანცავი ძალა. მაგრამ ახლა, როდესაც ზღვაზე საშინელი დამარცხება განვიცადეთ, მთელი ომიც წავაგეთ, ბედი შეიცვალა და უეჭველია, რომ ამაში ღვთის ხელი ურევია.

 

 

 

ექსოდოსი

 

შემოდის ძონძებში ჩაცმული ქსერქსესი მწირი ამალით.

 

ქსერქსესი

ვაი, რა უბედური ვარ, [910] რა საშინელ განსაცდელში ჩავვარდი! რა დაუნდობლად თელავს ფეხით ბედისწერა სპარსულ მოდგმას! კიდევ რა მელის მე უბედურს? რადგან მუხლებში ძალა მერთმევა, როდესაც ამ უხუცეს მოქალაქეებს ვხედავ. ნეტავ მეც, ზევსო, წასულ ვაჟკაცებთან ერთად დავეფარე სიკვდილის ბედისწერას.

 

კორიფაიოსი

ვაი, მეფევ, ვაი კეთილო ლაშქარო, ვაი სპარსეთის მმართველობის დიდო სახელო, [920] ვაი ვაჟკაცთა ბრწყინვალებას, რომლებიც ბედისწერამ მოკვეთა! მიწა დასტირის მშობლიურ ახალგაზრდობას, ქსერქსესისთვის დახოცილთ, მიწამ ჰადესი დახოცილი სპარსელებით გაავსო. რადგან უამრავი მეომარი, რჩეული მშვილდოსანი, ჩვენი ქვეყნის ყვავილი, აურაცხელი ვაჟკაცი დაიღუპა. ვაი ჩვენს საიმედო დაცვას! აზიის ქვეყანა, დედამიწის მეფე, [930] საშინლად, საშინლად დაცემულია მუხლებზე.

ქსერქსესი

სტროფი I

შემხედეთ, ეს მე ვარ, გლოვის საგანი, ჩემი მოდგმისა და სამშობლოს დასაქცევად დაბადებული.

 

გუნდი

შენი დაბრუნების აღსანიშნავად აღმოვთქვამ ავისმეტყველ ხმას, ავისმომასწავებელ ოხვრას, მარიანდინელი დამტირებლის [940] ცრემლმრავალ გოდებას.

 

ქსერქსესი

ანტისტროფი I

გაიღეთ მარადიული გლოვის შესაბრალისი ხმა, რადგან ბედისწერამ ზურგი შემაქცია.

 

გუნდი

შესაბრალისად გლოვით დავიტიროთ ჩვენი ზღვაში დაღუპული ხომალდები; მოდგმაზე მგლოვიარე ქალაქი ტირის. მე კი დავტირი, დავტირი ხმამაღლა და აურაცხელი ცრემლით.

ქსერქსესი

სტროფი II

[950] იონიელებმა დახოცეს, იონიელებმა საზღვაო ბრძოლაში გაიმარჯვეს და ღამით მოიწიეს საბედისწერო ნაპირზე სასიკვდილო მოსავალი.

გუნდი

ვაი! იყვირე და მთელი უბედურება გაიგე. სად არის ჩვენი მეგობრების სიმრავლე? სად არის, შენს გვერდით რომ იდგა ფარანდაკესი, სუსასი, პელაგონი და დოტამასი, [960] აგდაბატასი, ფსამისი, სუსისკანესი, რომელმაც აგბატანა დატოვა?

 

ქსერქსესი
ანტისტროფი II

ყველანი დავტოვე, ტიროსული გემებიდან სალამისის ნაპირებს აწყდებოდნენ და ტალღები ახეთქებდნენ კლდოვან ნაპირებს.

გუნდი

ვაიმე, იყვირე! სად არის შენი ფარნუქოსი და მამაცი არიომარდოსი, სად არის მეუფე სევალკესი, [970] კეთილშობილი ლილაიოსი, მემფისი, თარიბისი და მასისტრასი, არტემბარესი და ჰისტექმასი? ამას გეკითხები.

ქსერქსესი

სტროფი III

ვაი, ვაიმე! უძველეს და საძულველ ათენს ერთი შეტევისას შეავლეს თვალი და ვაი, ვაი, უბედურები ნაპირზე დაეცნენ.


გუნდი

ნუთუ შენი სანდო თვალი[31] დაკარგე, რომელმაც ათიათასობით სპარსელი დაითვალა, ალპისტოსი, ბატანოქოსის ძე?! მეგაბატესის ძის, სესამესის ძე, პართოსი და მძლავრი ოიბარესი, დატოვე, დატოვე? ვაი, ვაი უბედურს! სახელოვან სპარსელებზე ცუდ ამბავს ამბობ.

 

ქსერქსესი

ანტისტროფი III

ვაი, ვაი, მართლაც, გულს მიკლავს ჩემი საყვარელი მეგობრების გახსენება, [990] როდესაც გლოვობთ, მახსენებთ საშინელ და უპატიებელ ამბავს. ჩემს მკერდში გული ბღავის იმ უბედურებზე.


გუნდი

სხვებიც არიან, ვინც გვენატრება: ათიათასი მარდელი ვაჟკაცის მეთაური ქსანთისი და მამაცი ანქარესი, დიექსისი და არსაკესი, მხედართა მეთაურები, კეგდადატასი და ლითიმნასი, ტოლმოსი, ომით გაუმაძღარი. მიკვირს, მიკვირს, [1000] რომ ისინი არ მოჰყვებიან შენს ბორბლიან კარავს.

 

ქსერქსესი

სტროფი IV

რადგან წავიდნენ მხედართმთავრები.


გუნდი

წავიდნენ უსახელოდ.

 

ქსერქსესი

ვაი, ვაიმე!

 

გუნდი

ვაი, ვაი, დემონებო, მოულოდნელად დაგვაცხრით თავს, აშკარაა, აქ შურისძიების ქალღმერთის ხელი ურევია.

 

ქსერქსესი

ანტისტროფი IV

საშინელი დარტყმაა და დიდხანს გასტანს.

 

გუნდი

დარტყმაა, სრულიად ცხადია.

 

ქსერქსესი

[1010] ახალი, ახალი უბედურება, უბედურება!

 

გუნდი

ჩვენდა დასაღუპავად შევასკდით ზღვაზე იონიელებს, ბრძოლაში ბედი არ აღმოგვაჩნდა სპარსელებს.

 

 

 

ქსერქსესი

სტროფი V

რა მართალია! ამოდენა ლაშქარი დამარცხდა, ვაი მე უბედურს!

 

გუნდი

და რაც უბედური სპარსეთისა იყო, არ დაიღუპა?

 

ქსერქსესი

ხედავ? რქა დარჩა ჩემი სამეფო სამოსიდან!

 

გუნდი

ვხედავ, ვხედავ.

 

ქსერქსესი

[1020] და ეს მშვილდისარი.

 

გუნდი

ეს გადაარჩინე, ამას ამბობ?

 

ქსერქსესი

კაპარჭი ისრებისთვის.

 

გუნდი

რა ცოტაა რა ბევრიდან!

 

ქსერქსესი

დავკარგეთ მცველები.

 

გუნდი

იონიელი ხალხი შუბებს არ გაურბის.

 

ქსერქსესი

ანტისტროფი V

მეომარი ხალხია, მაგრამ ასეთ უბედურებას არ მოველოდი.

 

გუნდი

გაქცეული ხომალდების სიმრავლეზე ამბობ?

 

ქსერქსესი

[1030] ამ უბედურების გამო სამოსი ტანზე შემოვიხიე.

 

გუნდი

ვაი, ვაი!

 

ქსერქსესი

არა, ვაიზე უარესი!

 

გუნდი

ორგზის და სამგზისაც!

 

ქსერქსესი

ჩვენთვის ტკივილი და მტრისთვის სიხარული.

 

გუნდი

და ძალა დაიკარგა.

 

ქსერქსესი

ამალის გარეშე ვარ, შიშველი.

 

გუნდი

ზღვამ შეიწირა ისინი.

 

ქსერქსესი

სტროფი VI

იგლოვე, იგლოვე უბედურებაზე და სახლში წადი.

 

გუნდი

ვაი, ვაი, უბედურება, უბედურება!

 

ქსერქსესი

[1040]ხმამაღალი კვნესით უპასუხე ჩემსას.

 

გუნდი

უბედურება უბედურისგან უბედურს.

 

ქსერქსესი

ჩემს სიმღერას შეუწყვე ქვითინი.

 

გუნდი

ოჰ, ოჰ! მძიმეა ეს განსაცდელი. მეც ძალიან მტკივა გული.

 

ქსერქსესი

ანტისტროფი VI

დაირტყი, დაირტყი გულში ხელი და ჩემ გამო იკვნესე.

 

გუნდი

ვტირი, ვგოდებ.

 

ქსერქსესი

ჩემს მოთქმას მოთქმით უპასუხე!

 

გუნდი

ბატონო, ამას ვაკეთებ.

 

ქსერქსესი

[1050] ახლა უფრო ხმამაღლა იკვნესე!

 

გუნდი

ოჰ, ოჰ, ოჰ! ჩემს გლოვას ერწყმის ოხვრა და გულში ხელის ცემა.

 

ქსერქსესი

სტროფი VII

მისიურ გლოვასთან ერთად უფრო მძლავრად დაირტყი ხელი გულში!

 

გუნდი

ტანჯვა, ტანჯვა!

 

ქსერქსესი

დაიგლიჯე, გევედრები, ჭაღარა წვერი!

 

გუნდი

სწრაფად, სწრაფად და ხმამაღალი მოთქმით!

 

ქსერქსესი

მკვეთრი კივილით.

 

გუნდი

ამასაც ვაკეთებ.

 

ქსერქსესი

ანტისტროფი VII

[1060] საკუთარი თითებით დაიგლიჯე მკერდზე სამოსი!

 

გუნდი

ტანჯვა, ტანჯვა!

 

ქსერქსესი

თმები დაიგლიჯე, იგლოვე ჩვენი ლაშქარი.

 

გუნდი

სწრაფად, სწრაფად და ხმამაღალი მოთქმით!

 

ქსერქსესი

ცრემლით გაივსე თვალები.

 

გუნდი

ცრემლებითა ვარ სავსე!

 

ქსერქსესი

ეპოდოსი

ყვირილს ყვირილით უპასუხე!

 

გუნდი

ვაი, ვაი!

 

ქსერქსესი

ოხვრით დაბრუნდი სახლში.

 

გუნდი

[1070] ვაი, ვაი, ჩვენო სპარსეთო!

 

ქსერქსესი

ვაი მთელ ქალაქს!

 

გუნდი

მართლაცდა ვაი!

 

 

ქსერქსესი

ნელა იარეთ და იგლოვეთ.

 

გუნდი

ვაი, ვაი, სპარსეთის მიწავ, გაუბედურებულო!

 

ქსერქსესი

ვაი, ვაი, სამწყებიან ნიჩბებიან ხომალდებში დაღუპულებო, ვაიმე!

 

გუნდი

უკან მოგყვები საბრალო გოდებით.

ყველანი გადიან.

 

[1]სტრ. 6. დარიოსის შობილმა — ქსერქსესი ტახტზე ავიდა დარიოსის გარდაცვალების შემდეგ, ძვ.წ, 486 წ.

[2]სტრ. 16 და შმდგ. აგბატანა — იგივე ეკბატანა, ძვ. სპარსული ქალაქი სუსის ჩრდილოეთით.

[3]სტრ. 17 კისია — მთიანი ოლქი სუსასა და აგბატანას შორის.

[4]სტრ. 21-41. ქსერქსესის მხედართმთავრებს შორის, რომლებიც აქ არიან ჩამოთვლილი და რომელთა სახელები ათენელი მაყურებლებისთვის ეგზოტიკურად ჟღერდა, რამდენიმე ისტორიულადაა დადასტურებული და სხვა წყაროებიდან ცნობილი, მაგალითად: არტაფრენესი, არტემბარესი, მასისტრესი, არიომარდოსი; სხვა სახელები შეიძლება გაგონილი ჰქონდა ესქილეს, შეიძლება, თვითონაც მოიფიქრა; მთავარი მისი თანამედროვეებისთვის იყო საერთო კოლორიტი და არა ცალკეული სახელები.

[5]სტრ. 34. ნაყოფიერმა ნილოსმა — ეგვიპტეზე სპარსელები ძვ.წ. 525 წ. გაბატონდნენ.

[6]სტრ. 36. წმინდა მემფისი — ძვ. ეგვიპტის ქალაქი, ზედა და ქვედა ეგვიპტის საზღვარზე, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე.

[7]სტრ. 38. უძველესი თებე — იგულისხმება ეგვიპტის თებე, ე.წ. „ასკარიბჭიანი თებე“, მდ. ნილოსის შუაწელში.

[8]სტრ. 42. მორჩილებაში ჰყავთ მატერიკის ყველა ხალხი — ფარული მინიშნებაა ათენელთა მონათესავე იონიელებზე, რომლებიც იძულებით მონაწილეობდნენ საბერძნეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში. სპარსელებმა ლიდიელები დაიპყრეს ძვ.წ. 546 წ., როდესაც კიროსმა მათი მეფე, აურაცხელი სიმდიდრით სახელგანთქმული კროისოსი დაამარცხა. ლიდია უაღრესად მდიდარი ქვეყანა იყო, ამიტომ უწოდებს მათ ესქილე „განცხრომაში მცხოვრებს“.

[9]სტრ. 48. ორხელნიანი და სამხელნიანი — ოთხცხენიანი და ექვსცხენიანი ეტლები.

[10]სტრ. 49. ტმოლოსი­ — მთაა ლიდიაში.

[11]სტრ. 52. მისია — მცირე აზიის მთიანი მხარე; ბაბილონი — ქალაქი მდ. ევფრატის ნაპირზე, ახალი ბაბილონის სამეფოს დედაქალაქი, რომელიც სპარსელებმა დაიპყრეს 538 წ. და ამავე სახელის სატრაპიის დედაქალაქად აქციეს.

[12]სტრ. 70. ათამასი — ბეოტიის ქალაქ ორქომენოსის მეფე. მისმა მეორე ცოლმა გერების, ფრიქსოსისა და ჰელეს, დაღუპვა განიზრახა. ბავშვებს საშველად მოევლინა ოქროსბეწვიანი ცხვარი, რომელმაც ისინი კოლხეთისკენ გადააფრინა. ზღვის თავზე ჰელემ თავი ვერ შეიკავა და წყალში ჩავარდა. ამ ადგილს ჰელესპონტი, ანუ ჰელეს ზღვა ეწოდა (დღევანდელი დარდანელის სრუტე).

[13]სტრ. 72. ზღვის ყელს უღლად დაადგეს — თუ როგორ ააგო ქსერქსესმა ხიდი ჰელესპონტზე, მოთხრობილი აქვს ჰეროდოტოსს VII, 36.

[14]სტრ. 80. ოქროშობილ მოდგმას — გმირი პერსევსი, რომელიც ქსერქსესის წინაპრად მიიჩნევა და რომელმაც სტრ. 146-ის მიხედვით, სახელი მისცა სპარსელთა ტომს, იყო ძე ზევსისა, რომელიც დანაეს ოქროს წვიმის სახით მოევლინა.

[15]სტრ. 147. რა მოხდა, მშვილდის ლარმა გაიმარჯვა თუ წვერმახი შუბისპირის ძალამ აჯობა? — მშვილდი სპარსეთის ლაშქრის სიმბოლოა, ხოლო შუბი — ათენელებისა.

[16]სტრ. 177. იონიელების მიწის ასაოხრებლად გაეშურა — ძვ.წ. V საუკუნეში იონიად მოიხსენიებოდა მცირე აზიის დასავლეთი სანაპირო, რომელიც დაფარული იყო ბერძნული ახალშენების ქსელით. ამავე დროს, ათენელებიც თავს იონიელებად მიიჩნევდნენ და თავიანთ წინაპრად ლეგენდარულ იონს მოიხსენიებდნენ.

[17]სტრ. 183. დორიული — დორიელები, ისევე როგორც იონიელები, ძველესი ბერძნული ტომი იყო. ისტორიულ ეპოქაში დორიულ დიალექტზე პელოპონესოსში ლაპარაკობდნენ, მაგრამ აქ ესქილე „დორიულში“ საერთო ბერძნულს გულისხმობს.

[18]სტრ. 236. ისეთი ლაშქარი, რომელმაც მიდიელებს ბევრი სიავე გაუკეთა­ — მიდიელები თავდაპირველად იყვნენ კასპიის ზღვის სამხრეთით მცხოვრები ტომები. მათმა სამეფომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ძვ.წ. 550 წ. შეიძინა, როდესაც კიროსმა დაიპყრო და სპარსეთს შემოუერთა. იმ დროიდან მოყოლებული „მიდიელი“ ხშირად „სპარსს“ აღნიშნავს. ბევრ სიავეში მარათონის ბრძოლა იგულისხმება.

[19]სტრ. 238. ვერცხლის საბადო — ვერცხლის საბადო ლავრიონში, ატიკის სამხრეთში.

[20]სტრ. 242. არც ერთი კაცის მონებად და ქვეშევრდომებად არ ითვლებიან — ათენის დემოკრატიის იდეალიზებული სურათი.

[21]სტრ. 302. სილენიის სასტიკ ნაპირებს ეხეთქება­ — კონცხი სალამისის სანაპიროზე.

[22]სტრ. 306. ბაქტრიელი; ბაქტრია — სპარსეთის უკიდურესი აღმოსავლეთი მხარე, ესაზღვრება ინდოეთს.

[23]სტრ. 307. აიასის… კუნძულზე. აიასის კუნძული — კუნძული სალამისი, რომლის მფარველადაც ტროის ომის ერთ-ერთი უდიდესი გმირი, აიას ტელამონის ძე ითვლებოდა.

[24]სტრ. 340. ბერძნებს სულ ჰყავდათ სამასი გემი და კიდევ ათი რჩეული ცალკე — ჰეროდოტოსის VIII, 48 მიხედვით, ბერძნებს 380 გემი ჰყავდათ.

[25]სტრ. 355. ბერძენი კაცი — ჰეროდოტოსის VIII, 75 მიხედვით, ეს ყოფილა ვინმე სიკინოსი, თემისტოკლესის ბავშვების აღმზრდელი. რადგან ბერძენ მეთაურთა შორის არ იყო თანხმობა, გაემართათ თუ არა საზღვაო ბრძოლა სალამისთან, თემისტოკლესმა გადაწყვიტა, ისინი ფაქტის წინაშე დაეყენებინა და იძულებული გაეხადა, ერთად ემოქმედათ საერთო მტრის წინააღმდეგ. სწორედ ამ მიზნით მოახდინა მან ქსერქსესის პროვოცირება, რომ ალყა შემოერტყა ბერძნული ფლოტისათვის.

[26]სტრ. 447. არის ერთი კუნძული — მცირე კუნძული ფსიტალეა.

[27]სტრ. 570. კიხრეიის ნაპირებთან — სალამისის სანაპიროზე.

[28]სტრ. 649. აიდონევსი — ჰადესის, მიწისქვეშეთის მბრძანებლის, სხვა სახელი.

[29]სტრ. 876. პროპონტისი — მარმარილოს ზღვა.

[30]სტრ. 877. პონტოსი — შავი ზღვა.

[31]სტრ. 979. სანდო თვალი — სპარსეთის მეფეებს ლაშქარში ჰყავდათ ოფიცრები, რომელთაც ერქვათ „თვალი“ და „ყური“ და რომელთაც ევალებოდათ, ანგარიში ჩაებარებინათ მასზე, რაც დაინახეს და გაიგონეს.

Facebook Comments Box