დრამატურგია,  თარგმანი

ჟან ანუი – მედეა

 

 

 

ფრანგულიდან თარგმნა ლევან ბერძენიშვილმა

 

 

მოქმედნი პირნი:

 

მედეა

იასონი

კრეონი

ძიძა

ბიჭი

მცველები

 

ფარდა იწევა. სცენაზე მედეა და ძიძა ჩაცუცქული არიან ფურგონის წინ. შორიდან ისმის მუსიკა, მღერიან. ესენი ყურს უგდებენ.

 

მედეა. გესმის?

ძიძა. რა?

მედეა. ბედნიერება. ხეტიალობს.

ძიძა. სოფელში მღერიან. შეიძლება დღესასწაული აქვთ დღეს.

მედეა. მეზიზღება მაგათი დღესასწაულები. მეზიზღება მაგათი მხიარულება.

ძიძა. აქაური რომ არ ხარ, იმიტომ. (სიჩუმე.) ჩვენთან დღესასწაული უფრო ადრეა, ივნისში. გოგოები თმებს ყვავილებით ირთავენ, ხოლო ბიჭები სახეს საკუთარი სისხლით იხატავენ და გარიჟრაჟზე, პირველი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, ბრძოლებს იწყებენ. რა ლამაზნი არიან კოლხი ბიჭები, როცა იბრძვიან!

მედეა. გაჩუმდი.

ძიძა. შემდეგ მთელი დღე ველურ ნადირებს ათვინიერებენ. საღამოს კი მამაშენის სასახლის წინ დიდ კოცონს ანთებენ, დიდ ყვითელ კოცონს, რომელშიც სურნელოვანი ბალახი იწვის… ნუთუ დაგავიწყდა, პატარავ, ჩვენებური ბალახის სუნი?

მედეა. გაჩუმდი, გაჩუმდი, საყვარელო.

ძიძა. აჰ, დედაბერი ვარ, გზა კიდევ მეტისმეტად გრძელია… რატომ, რატომ წამოვედით, მედეა?

მედეა. წამოვედით იმიტომ, რომ იასონი მიყვარდა; იმიტომ, რომ მის გამო გავძარცვე მამაჩემი, ძმა მოვკალი მის გამო! გაჩუმდი, საყვარელო, გაჩუმდი. კარგი გგონია გაუთავებლად ერთისა და იმავეს ლაპარაკი?

ძიძა. ოდესღაც ოქროსკედლებიანი სასახლე გქონდა, ახლა კი აქ ვართ, ორი მათხოვარივით ჩაცუცქული  ამ კოცონთან, რომელიც სულ გვიქრება.

მედეა. წადი, შეშა მოიტანე!

ძიძა დგება, ამოიოხრებს და გადის.

მედეა, უეცრად ყვირის. უსმინე! (დგება.) ვიღაც მოდის გზაზე.

ძიძა, უსმენს, შემდეგ ამბობს. არა. ეს ქარია.

მედეა ისევ ჩაცუცქდება. შორიდან ისევ ისმის სიმღერის ხმა.

ძიძა. ნუღარ ელოდები, ჩემო ფისო, ნუ იტანჯები. თუ ეს მართლა დღესასწაულია, მას აუცილებლად მიიწვევდნენ. ცეკვავს შენი იასონი, ცეკვავს პელასგ ქალიშვილებთან და ჩვენ აქ ვართ ორივენი.

მედეა, ყრუდ. გაჩუმდი, დედაბერო!

ძიძა. ჩუმად ვარ.

სიჩუმე. ძიძა ოთხზე დგება, რომ ცეცხლს დაუბეროს. ისმის მუსიკის ხმა.

მედეა, უეცრად. გრძნობ!

ძიძა. რას?

მედეა. ამ ბედნიერების სიმყრალე აქამდე აღწევს, ამ უდაბნომდე. ჩვენ ხომ მათი სოფლიდან შორს გაჩერება გვიბრძანეს! ეშინოდათ, ღამით მათი ქათმები არ მოგვეპარა. (წამოდგება, ყვირის.) მაგრამ რა ამღერებთ და რა აცეკვებთ? მე რა, ვმღერი, მე რა, ვცეკვავ?

ძიძა.  სახლში არიან, თავისთან. (ჩუმდება. ოცნებობს.) გახსოვს? თეთრი სასახლე კვიპაროსების ხეივნის ბოლოს. გრძელი გასეირნებიდან ბრუნდებოდი… ცხენს მონას ჩააბარებდი და დივანზე წამოწვებოდი. მაშინ გოგოებს ვეძახდი, გბანდნენ და გაცმევდნენ. შენ იყავი მბრძანებელი, მეფის ასული და არაფერი იყო შენთვის საკმარისად კარგი. სკივრიდან კაბებს იღებდნენ და შენ ირჩევდი, მშვიდი და შიშველი, სანამ ისინი ნელსაცხებელს გისვამდნენ.

მედეა. გაჩუმდი, ძვირფასო, მეტისმეტად სულელი ხარ. გგონია, რომ ვნანობ სასახლეს, კაბებს, მონებს?

ძიძა. და შემდეგ გაქცევა, სულ დევნილობა!

მედეა. გაქცევა შემეძლო, სულ.

ძიძა. გაძევებულები, დაბეჩავებულები, შეძულებულები, უქვეყნო, უსახლკარო.

მედეა. შეძულებული, გაძევებული, დაბეჩავებული, უქვეყნო, უსახლკარო, მაგრამ მარტო არ ვარ.

ძიძა. მეც წამომათრიე, ჩემს ასაკში. და რომ მოვკვდე, სად დამტოვებ?

მედეა. სადმე ორმოში ან გზისპირას, რა მნიშვნელობა აქვს, დედაბერო? მეც იგივე მელის, ამას უკვე შევეგუე. მაგრამ მარტო არ ვარ.

ძიძა. გტოვებს, მედეა.

მედეა. არა! (ჩერდება.) უსმინე.

ძიძა. ეს ქარია. ეს დღესასწაულია. ის არ დაბრუნდება არც ამ საღამოს. მედეა. რა დღესასწაული აქვთ? რა ბედნიერებას მოაქვს აქამდე მათი მყრალი ოფლი, უბრალო ღვინო, შემწვარ-მოხრაკული? კორინთოსის ხალხო, რა გამღერებთ და რა გაცეკვებთ? ასეთი სასიხარულო რა ხდება ამ საღამოს, გულს რომ მიკლავს და მახრჩობს?.. ძიძა, ძიძა, ორსულად ვარ ამ საღამოს. მტკივა და მეშინია, როგორც მაშინ, შენ რომ დამეხმარე მუცლიდან პატარის ამოსაყვანად… დამეხმარე, ძიძა! რაღაც იძვრის ჩემში, როგორც უწინ და ეს რაღაც არას ეუბნება იმათ სიხარულს ქვემოთ, ესაა რაღაც, რაც ეუბნება არას ბედნიერებას. (აკანკალებული ეკვრება მოხუც ქალს.) ძიძა, თუ ვიყვირე, პირზე ხელს ხომ დამაფარებ და ბრძოლას თუ დავიწყებ, ხომ დამაკავებ? არ დამტოვებ, მარტო რომ დავიტანჯო… აჰ! დამიჭირე, ძიძა, დამიჭირე მთელი ძალით. დამიჭირე, როგორც პატარა გეჭირე, როგორც იმ საღამოს, როცა მშობიარობისას ვკვდებოდი. ამ საღამოს რაღაც ისევ უნდა მოვუვლინო სამყაროს, რაღაც უფრო დიდი, უფრო ცოცხალი, ვიდრე მე ვარ და არ ვიცი, ვიქნები თუ არა საკმარისად ძლიერი…

ბიჭი, შემოდის უეცრად და ჩერდება. თქვენ მედეა ხართ?

მედეა. დიახ! სწრაფად თქვი! ვიცი!

ბიჭი. იასონმა გამოგზავნა.

მედეა. არ დაბრუნდება? დაჭრილია, მკვდარია?

ბიჭი. მიბრძანა, გითხრათ, რომ გადარჩით.

მედეა. არ დაბრუნდება?

ბიჭი. მიბრძანა, გითხრათ, რომ მოვა, რომ უნდა დაელოდოთ.

მედეა. არ დაბრუნდება? სად არის?

ბიჭი. მეფესთან, კრეონთან.

მედეა. დაპატიმრებულია?

ბიჭი. არა.

მედეა, ისევ ყვირის. აჰ! ეს ზეიმი მისთვისაა? მითხარი! ხომ ხედავ, ყველაფერი ვიცი. მისთვისაა?

ბიჭი. დიახ. მისთვისაა.

მედეა. და რა ქნა? მიდი, მითხარი სწრაფად. გირბენია, სულ წითელი ხარ, ერთი სული გაქვს, იქ დაბრუნდე. ცეკვავენ, ხომ?

ბიჭი. დიახ.

მედეა. და სვამენ?

ბიჭი. ექვსი კასრი გახსნეს სასახლის წინ!

მედეა. თამაშები, ტკაცუნები, მაშხალები ცაში ერთად მიფრინავენ. სწრაფად, სწრაფად, პატარა, შენს დავალებას შეასრულებ და შეგეძლება დაბრუნდე და გაერთო. შენ მე არ მიცნობ. რას გიზამს ის, რაც მე უნდა მითხრა? რატომ გაშინებს ჩემი სახე? გინდა, გაგიღიმო? აი, გიღიმი. სხვათა შორის, ალბათ, კარგი ამბავია, რაკი ცეკვავენ. სწრაფად, პატარა, მე ისედაც ვიცი!

ბიჭი. კრეუსა მოჰყავს ცოლად, კრეონის ასული. ხვალ დილითაა ქორწილი.

მედეა. გმადლობ, პატარა! წადი და იცეკვე ახლა კორინთოსის ქალიშვილებთან. იცეკვე მთელი ძალით, იცეკვე მთელი ღამე. და როცა დაბერდები, გაიხსენე, რომ სწორედ შენ მიუტანე ამბავი მედეას.

ბიჭი, წასვლას აპირებს. რა უნდა ვუთხრა?

მედეა. ვის?

ბიჭი. იასონს.

მედეა. გადაეცი, რომ მადლობა გითხარი.

ბიჭი გადის.

მედეა, უეცრად ყვირის. მადლობა, იასონ! მადლობა, კრეონ! მადლობა, ღამე! ყველას მადლობა! რა მარტივია, გავთავისუფლდი…

ძიძა, უახლოვდება. ჩემო ამაყო არწივო, ჩემო პატარა მიმინო…

მედეა. მორჩი, ქალო! შენი ხელები აღარ მჭირდება. ჩემი ბავშვი თავისით დაიბადა. ამჯერად ეს გოგოა. ჩემო სიძულვილო! რა ახალი ხარ… რა ტკბილი ხარ, რა სურნელოვანი ხარ! ჩემო შავტუხა გოგო, ახლა მთელ მსოფლიოში შენ გარდა არავინ მყავს, რომ მიყვარდეს.

ძიძა. მოდი, მედეა…

მედეა, წამოდგება, ხელებს მკერდზე გადაიჯვარედინებს. მაცალე. ვუსმენ.

ძიძა. რად გინდა მაგათი მუსიკა! დავბრუნდეთ.

მედეა. აღარ მესმის. ჩემს სიძულვილს ვუსმენ… ო, სიტკბოება! ო, დაკარგულო ძალა! რას მიშვრებოდა, ძიძა, თავისი დიდი, ცხელი ხელებით! საკმარისი იყო, მამაჩემის სასახლეში შემოსულიყო და შემხებოდა. ათი წელი გავიდა და იასონმა ხელი გამიშვა. თავი ხელახლა აღმოვაჩინე. ნუთუ მეძინა? ეს მე ვარ. ეს მედეაა! ეს უკვე ის ქალი არაა, რომელიც კაცის სუნს მიჯაჭვული ძუკნასავით წევს და ელოდება. სირცხვილი! სირცხვილი! ლოყები მეწვის, ძიძა. მე მას ველოდი მთელი დღე, გაშლილი ფეხებით, მოკვეთილი… მორჩილად ვრთავდი ნებას, ჩემი ნაწილი წაეღო და დაებრუნებინა, ჩემი წიაღის ეს შუაგული, რომელიც მისი იყო… დიახ, მას უნდა დავმორჩილებოდი, გამეღიმა მისთვის, გამოვწყობილიყავი, რომ მოსწონებოდა, რადგან ყოველ დილას მტოვებდა და მივქონდი, მეტისმეტად ბედნიერი ვიყავი, რომ საღამოს დაბრუნდებოდა და საკუთარ თავს დამიბრუნებდა. დიახ, უნდა მიმეცა მისთვის ოქროს ვერძის საწმისი, რაკი უნდოდა, უნდა გამეცა მამაჩემის ყველა საიდუმლო, უნდა მომეკლა ძმა მის გამო, უნდა გავქცეულიყავი მასთან ერთად, მასსავით დამნაშავე და ღატაკი. ყველაფერი გავაკეთე, რაც სჭირდებოდა და მეტის გაკეთებაც შემეძლო. შენ იცი ეს ყველაფერი, ძვირფასო ქალო, შენც ხომ გიყვარდა.

ძიძა. დიახ, ჩემო ძუ მგელო.

მედეა, ყვირის. მოკვეთილი!.. ო, მზეო, თუ მართალია, რომ შენგან წარმოვიშვი, რატომ გამხადე მოკვეთილი? ქალიშვილად რატომ შემქმენი? ეს მკერდი რატომ, ეს სისუსტე, ეს ჭრილობა ჩემს სიღრმეში? მშვენიერი არ იქნებოდა ბიჭი მედეა? ძლიერი არ იქნებოდა? ქვასავით მაგარი სხეული, შექმნილი, რომ აიღო და წახვიდე, მძლავრი, ხელუხლებელი, მთლიანი! აჰ! მოსულიყო მაშინ იასონი თავისი დიდი საშიში ხელებით, ეცადა, შემხებოდა! თითოეულს თავის ხელში დანა ექნებოდა და რომელიც უფრო ძლიერი აღმოჩნდებოდა, მოკლავდა მეორეს, განთავისუფლდებოდა და წავიდოდა. ეს ბრძოლა კი არა, როცა სხვა არაფერი გინდა, მხოლოდ მხრების შეხება იქნებოდა და ჭრილობა, რომელსაც ევედრები. ქალი! ქალი! ძუკნა! ხორცი, შექმნილი ტალახისგან და კაცის ნეკნისგან! კაცის ნაჭერი! ბოზი!

ძიძა, ეხვევა. შენ არა, შენ არა, მედეა!

მედეა. მეც სხვებივით!.. სხვებზე უფრო ლაჩარი და უფრო პირდაღებული. ათი წელი! მაგრამ ამ საღამოს ეს დამთავრდა, ძიძა, მე ისევ მედეა გავხდი. რა კარგია!

ძიძა. დამშვიდდი, მედეა.

მედეა. დავმშვიდდი, დავწყნარდი. ხომ ხედავ, რა წყნარი ვარ, ძიძა, რა მშვიდად ვლაპარაკობ. ვკვდები. ძალიან წყნარად ვკლავ რაღაცას ჩემში. ვახრჩობ.  

ძიძა. წამოდი. მაშინებ, დავბრუნდეთ.

მედეა. მეც, მეც მეშინია.

ძიძა. რას გვიზამენ ახლა?

მედეა. რა შეკითხვაა? საკითხავია, ჩვენ რას ვუზამთ მათ, დედაბერო! მეც მეშინია, მაგრამ არა მათი მუსიკისა და ყვირილის, არა მათი ტილიანი მეფისა, მათი ბრძანებებისა –  ჩემი! იასონ, შენ დამაძინე და აი, მედეა იღვიძებს! სიძულვილი! სიძულვილი! უზარმაზარო მაცოცხლებელო ტალღავ, შენ თავს მევლები და მე ხელახლა ვიბადები.

ძიძა. გაგვაძევებენ, მედეა.

მედეა. შეიძლება.

ძიძა. სად წავალთ?

მედეა. ჩვენთვის ყოველთვის იქნება ქვეყანა, საყვარელო, სიცოცხლის ამ მხარეს ან იმ მხარეს, ქვეყანა, სადაც მედეა იქნება დედოფალი. ო, ჩემო შავო სამეფო, შენ დამიბრუნდი.

ძიძა, ბუზღუნებს. ისევ უნდა ჩავალაგოთ ყველაფერი.

მედეა. შემდეგ ჩავლაგდებით, დედაბერო!

ძიძა. რის შემდეგ?

მედეა. კიდევ მეკითხები?

ძიძა. რის გაკეთებას აპირებ, მედეა?

მედეა. რაც გავაკეთე, როდესაც მამაჩემს ვუღალატე, როდესაც ძმის მოკვლა მომიხდა, რომ გამოვქცეულიყავით, რაც ვუყავი მოხუც პელიასს, როდესაც ვცადე, იასონი გამეხადა მისი კუნძულის მეფე, რაც ათგზის გამიკეთებია მისთვის, ოღონდ, ახლა ჩემთვის, როგორც იქნა!

ძიძა. გაგიჟდი! არ შეგიძლია.

მედეა. რა არ შემიძლია, საყვარელო? მე მედეა ვარ, სულ მარტო, მიტოვებული ამ ფურგონთან; ამ უცხო ზღვის ნაპირას, გაძევებული, შერცხვენილი, შეძულებული, მაგრამ არაფერია მეტისმეტი ჩემთვის! (მუსიკა შორს უფრო ხმამაღლა ისმის. მედეა ცდილობს, ყვირილით გადაფაროს მუსიკის ხმა.) იმღერონ, სწრაფად იმღერონ თავიანთი საქორწინო სიმღერა! სწრაფად გამოაწყონ პატარძალი თავის სასახლეში. ქორწინებამდე მთელი გრძელი დღეა… აჰ! იასონ, შენ ხომ მიცნობ მე, შენ იცი, როგორი ქალიშვილი ჩაიბარე კოლხეთში. და რა გგონია? რომ ტირილს დავიწყებ? შენ მოგყვებოდი სისხლით და დანაშაულით, ახლაც დამჭირდება სისხლი და დანაშაული, რომ გამოგეთხოვო.

ძიძა, მივარდება. გაჩუმდი, გაჩუმდი, გევედრები! დამალე შენი საჩივარი გულის სიღრმეში! დამალე შენი სიძულვილი. მოითმინე. ამ საღამოს ისინი ჩვენზე ძლიერნი არიან.

მედეა.  მერედა რა, ძიძა?

ძიძა. შენ შურს იძიებ, ჩემო ძუ მგელო, ჩემო მიმინო. ერთხელაც მათ ავნებ, შენაც; მაგრამ ჩვენ არავინ ვართ აქ. ორი უცხოელი ფურგონში, ბებერი ცხენით. საქათმეების ორი ქურდბაცაცა, რომლებსაც ბავშვები ქვებს ესვრიან. დაიცადე ერთი დღე, დაიცადე ერთი წელი, მალე შენ უფრო ძლიერი იქნები.

მედეა. უფრო ძლიერი, ვიდრე ამ საღამოს? არასოდეს.

ძიძა. მაგრამ რა შეგიძლია გააკეთო ამ მტრულ კუნძულზე? კოლხეთი შორსაა და კოლხეთიდანაც კი გამოძევებული ხარ. იასონიც გვტოვებს ახლა. მაშ, რაღა გრჩება?

მედეა. მე ვრჩები!

ძიძა. საბრალო! კრეონი მეფეა და ამ ვერანაში გვიტანდნენ, რადგან მას ასე სურდა. ერთი სიტყვა რომ თქვას, ერთი ნებართვაც რომ გასცეს, ყველანი აქ გაჩნდებიან დანებითა და კეტებით. დაგვხოცავენ.

მედეა, წყნარად. დაგვხოცავენ; მაგრამ გვიან იქნება.

ძიძა, ფეხებში უვარდება. მედეა, მე მოხუცი ვარ, მაგრამ სიკვდილი არ მინდა! შენ გამოგყევი, ყველაფერი მივატოვე შენ გამო; მაგრამ დედამიწა ჯერაც სავსეა კარგი რამეებით, მზით გამთბარი სკამი, რომელზედაც ისვენებ, ცხელი სუფი შუადღისას, ერთი-ორი ნაშოვნი მონეტა ხელში, ყლუპი, რომელიც გულს გითბობს ძილის წინ.

მედეა, ფეხით იშორებს, ზიზღით. შე ბეხრეკო! გუშინ მეც მინდოდა სიცოცხლე, მაგრამ ახლა უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დგას.

ძიძა, მუხლებზე ეხვევა. სიცოცხლე მინდა, მედეა!

მედეა. ვიცი, თქვენ ყველას სიცოცხლე გინდათ. იასონსაც სიცოცხლე უნდა და იმიტომ მიდის.

ძიძა, მოულოდნელი ზიზღით. შენ ის აღარ გიყვარს, მედეა. შენ ის აღარ გინდა უკვე დიდი ხანია. მე ყველაფერი ვიცი, ფურგონი ხომ ასე ვიწროა. პირველმა მან გითხრა ერთ საღამოს, ძალიან ცხელა და ჩემი ჩალის საწოლი გარეთ უნდა გავიტანოო. შენ ნება დართე და მე გავიგონე, შვებით როგორ ამოისუნთქე, იმ საღამოს, როცა საწოლზე მარტო დარჩენილი წამოწექი. კლავენ კაცისთვის, რომელთანაც ჯერაც ცხოვრობენ და არა კაცისთვის, რომელიც ღამით საწოლიდან დათხოვნილი ჰყავთ.

მედეა, საყელოში ჩაავლებს ხელს და სახესთან მიათრევს. ყური მიგდე, ქალო! მეტისმეტად ბევრი იცი და მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობ. შენს ძუძუს ვწოვდი და შენს წუწუნს ვიტანდი; მაგრამ ხომ იცი, მედეა რომ რძეს არ გაუზრდია. შენი იმდენივე მმართებს, რამდენიც თხის ვალი მექნებოდა, მისი ძუძუ რომ მეწოვა შენი ძუძუს ნაცვლად. მაშ, მისმინე: შენ საკმაოდ მელაპარაკე შენი ძვლებით, შენი ყლუპით, შენი მზეზე დამპალი ხორცით… შენს ჭურჭელს, ბებერო, შენს ცოცხს, შენს ნაფცქვენებს მიხედე, როგორც შენს მოდგმას შეჰფერის. თამაში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ, სათქვენო არ არის. და თუ თქვენც ამ თამაშში დაეცით, უნებლიეთ და გაუგებრად, საწყენი იქნება, მაგრამ რა გაეწყობა! (უხეშად აგდებს მიწაზე.)

ძიძა. მედეა! აქეთ მოდიან!

მედეა მობრუნდება, მის წინაშე კრეონია ორ-სამკაციანი ამალით.

კრეონი. შენ ხარ, მედეა?

მედეა. დიახ.

კრეონი. მე კრეონი ვარ, ამ სოფლის მეფე.

მედეა. სალამი.

კრეონი. შენი ამბავი მოვიდა ჩემამდე. შენი დანაშაული აქაც ცნობილია. საღამოობით ჩვენი მხარის ყველა კუნძულზე ქალები ბავშვებს უყვებიან და აშინებენ. რამდენიმე დღე აგიტანე ამ მიწაზე შენი ფურგონით; ახლა უნდა წახვიდე.

მედეა. რა დავუშავე კორინთოსის ხალხს? საქათმეები გავუქურდე? საქონელი დაავადდა? წყაროები მოვუწამლე, როცა სადილისთვის წყალი ავიღე?

კრეონი. ჯერ არაფერი; მაგრამ ეს ყველაფერი შეგიძლია ერთ დღეს გააკეთო. წადი!

მედეა. კრეონ, მამაჩემიც მეფეა.

კრეონი. ვიცი. წადი და კოლხეთში მიჩივლე.

მედეა. კარგი, მე იქ დავბრუნდები. მეტად აღარ შევაშინებ შენი სოფლის დედაკაცებს, ჩემი ცხენი აღარ მოიპარავს შენი მიწის იშვიათ ბალახს. კოლხეთში დავბრუნდები, მაგრამ ვინც წამომიყვანა, იმან ჩამიყვანოს.

კრეონი. რისი თქმა გინდა?

მედეა. იასონი დამიბრუნე.

კრეონი. იასონი ჩემი სტუმარია, ჩემი მეგობარი მეფის შვილია და თავისუფალია, რასაც უნდა აკეთებს.

მედეა. რას მღერიან შენს სოფელში? რატომ ისვრით მაშხალებს ცაში, რატომ ცეკვავენ, რატომ არიგებენ ღვინოს? თუ ეს ჩემი ბოლო ღამეა. რომელიც აქ მომეცა, რატომ მიშლიან დაძინებას შენი პატიოსანი კორინთოსელები?

კრეონი. ამის სათქმელადაც მოვედი. ამ საღამოს ჩემი ქალიშვილის გათხოვებას ზეიმობენ. ხვალ იასონს მოჰყავს ცოლად.

მედეა. დიდხანს სიცოცხლე, ხანგრძლივი ბედნიერება ორივეს!

კრეონი. შენი კურთხევა არ დასჭირდებათ.

მედეა. რატომ ამბობ უარს, კრეონ? მეც დამპატიჟე ქორწილში. წარმადგინე შენს ქალიშვილთან. შეიძლება გამოვადგე, იცი? ათი წელი იასონის ცოლი ვიყავი და დრო მქონდა, შემესწავლა, ხოლო შენი ასული მხოლოდ ათი დღეა, იცნობს.

კრეონი. სწორედ იმიტომ, რომ ეს შეხვედრა არ მოხდეს, გადავწყვიტე, რომ ამაღამ დაგატოვებინო კორინთოსი. შეაბი ცხენი, ჩალაგდი, ერთი საათი გაქვს, რომ საზღვარზე გადახვიდე. ეს ხალხი გაგაცილებს.

მედეა. უარს თუ ვიტყვი წასვლაზე?

კრეონი. შენგან მოკლული მოხუცი პელიასის ვაჟები სთხოვენ შენს თავს ამ მხარის ყველა მეფეს. თუ დარჩები, იმათ გადაგცემ.

მედეა. ისინი შენი მეზობლები არიან. ძლიერნი არიან. მეფეები ხშირად უწევენ ერთმანეთს ამ სამსახურს. რატომ არ გადამცემ ახლავე?

კრეონი. იასონმა მთხოვა, წასვლის საშუალება მომეცა.

მედეა. კეთილი იასონი! მადლობა უნდა ვუთხრა, არა?! გინდა, ნახო, როგორ მაწამებენ თესალიელები ამ ქორწილის დღეს? მხედავ სასამართლოზე, კორინთოსიდან რამდენიმე ლიეს დაშორებით ხმამაღლა რომ განვაცხადებ, ვისთვის მოვაკვლევინე პელიასი? სიძისათვის, პატიოსანო მსაჯულნო, თქვენი კეთილი მეზობელი მეფის, რომელთანაც საუკეთესო ურთიერთობა გაქვთ, პატივცემული სიძისათვის… ძალიან ქარაფშუტულად ასრულებ შენს სამეფო მოვალეობას, კრეონ! მე საკმარისი დრო მქონდა მამაჩემის სასახლეში, რომ მესწავლა, როგორ უნდა მბრძანებლობა. ბრძანე, ახლავე მომიღონ ბოლო.

კრეონი, ყრუდ. ასე უნდა ვაკეთებდე, დიახ; მაგრამ შევპირდი, რომ გაგიშვებდი. ერთი საათი გაქვს.

მედეა, ამაყად უდგება წინ. კრეონ, შენ ბებერი ხარ. დიდი ხანია, მეფე ხარ. საკმარისად გინახავს ადამიანები და მონები. ასევე საკმარისად იცნობ ბინძურ სამზარეულოს. შემხედე თვალებში და გამიცანი. მე მედეა ვარ. ასული აიეტესისა, რომელიც ბრძანებდა, როცა საჭირო იყო, დაეხოცათ ხალხი, ბევრად უფრო უდანაშაულო, ვიდრე მე ვარ, გარწმუნებ. მე შენი მოდგმისა ვარ. იმ მოდგმისა, რომელიც ასამართლებს და უსჯის, რომელიც შემდეგ არ აუქმებს განაჩენს და არ განიცდის სინდისის ქენჯნას. შენ მეფურად არ იქცევი, კრეონ. თუ გინდა, იასონს მისცე შენი ქალიშვილი, ბრძანე, ახლავე ამოგვხოცონ მეც, ეს დედაბერიც, ბავშვებიც, რომლებსაც აქ სძინავთ და ცხენიც. დაე, შენმა ერთგულმა ორმა კაცმა გადაბუგოს ყველაფერი, რაც ამ უდაბნოშია და შემდეგ ფერფლიც გაფანტოს. დაე, მედეასგან დარჩეს მხოლოდ დიდი შავი ლაქა გადამწვარ ბალახზე და ამბავი, რომელსაც შესაშინებლად მოუყვებიან საღამოობით კორინთოსის ბავშვებს.

კრეონი. რატომ გინდა, მოკვდე?

მედეა. შენ რატომ გინდა, რომ ახლა ვიცოცხლო? არც შენ, არც მე, არც იასონს არ სჭირდება, რომ მე ცოცხალი დავრჩე ერთი საათიც, კარგად იცი ეს.

კრეონი, გაურკვეველ მოძრაობას აკეთებს, შემდეგ ყრუდ ამბობს. აღარ მიყვარს სისხლის ღვრა.

მედეა, უყვირის. მაშინ შენ მეტისმეტად ბებერი ხარ, რომ მეფე იყო! შენი ვაჟი დააყენე შენ ნაცვლად, რომ მან ისე შეასრულოს ეს სამუშაო, როგორც საჭიროა, შენ კი მიხედე ვენახს და მზეზე გათბი! სხვა არაფრისთვის აღარ ვარგიხარ.

კრეონი. ამპარტავანი! ფურია! შენ გგონია, რჩევისთვის მოვედი შენთან?

მედეა. არა, მაგისთვის არ მოსულხარ, მაგრამ მე მაინც გაძლევ რჩევას. ეს ჩემი უფლებაა. შენი კი, მაიძულო და ხმა ჩამაგდებინო, თუ შეძლებ. სულ ესაა.

კრეონი. იასონს შევპირდი, რომ უვნებლად წახვიდოდი.

მედეა, დაცინვით. უვნებლად! ვერ წავალ უვნებლად, როგორც შენ ამბობ. მეტისმეტად კარგი იქნებოდა, უვნებლად წასვლა რომ შემეძლოს. საჭიროა ჩემი განადგურება, პირისაგან მიწისა აღგვა. დაე მედეა, რომელთან ერთადაც ამდენი გზაა გავლილი, იქცეს აჩრდილად, მოგონებად, სავალალო შეცდომად. ამ ყველაფერზე ოცნებობს იასონი! შეუძლია გამასულელოს, დაიმალოს შენს სასახლეში, შენი მცველების ზურგს უკან, თავშესაფარი იპოვოს შენი ასულის ხელებში და შენი სიკვდილის შემდეგ გახდეს კორინთოსის მეფე, მაგრამ მაინც იცის, რომ ჩვენი სახელები უწყვეტად არის სამარადჟამოდ შეერთებული. იასონ-მედეა! მათი გათიშვა შეუძლებელია. გამაძევებ თუ მომკლავ, ერთია ორივე. მასთან ერთად შენი ასული მეც მომყვება ცოლად, გინდა თუ არა, შენ მეც მიღებ მასთან ერთად. (უყვირის.) კრეონ, იყავი მეფე! გააკეთე, რაც საჭიროა. გააძევე იასონი. ჩემს დანაშაულებში ნახევარი მისია. ხელები, რომლებიც შენი ქალიშვილის სხეულს უნდა შეეხონ, იმავე სისხლითაა წითელი, რომლითაც ჩემი. მოგვეცი ორივეს ერთი საათი, ნაკლებიც კი. ჩვეულებად გვაქვს ყველა დანაშაულის შემდეგ ერთად გაქცევა. გარწმუნებ, სწრაფად ჩავალაგებთ ყველაფერს.

კრეონი. არა, მარტო წადი.

მედეა, მოულოდნელი თვინიერებით. კრეონ, არ მინდა გევედრო. არ შემიძლია. ჩემს მუხლებს მოხრა არ შეუძლიათ, ჩემს ხმას არ უნდა, მორჩილად ისმოდეს. მაგრამ შენ ადამიანური ხარ, რაკი ვერ გადაწყვიტე, ჩემთვის სიკვდილი მოგესაჯა. არ დაუშვა, რომ მარტო წავიდე. დაუბრუნე დევნილს მისი ხომალდი, დაუბრუნე მისი თანამგზავრი! მე მარტო არ ვიყავი, როდესაც მოვედი. მაშ, რატომ უნდა განგვასხვავო ახლა? მე იასონისათვის მოვკალი პელიასი, ვუღალატე მამაჩემს და შევწირე ჩემი უდანაშაულო ძმა გამოქცევისას. მე ვეკუთვნი იასონს, მე მისი ცოლი ვარ და ყველა ჩემი დანაშაული მისია.

კრეონი. შენ ტყუი. მე ყველაფერი გავარკვიე. იასონი უდანაშაულოა უშენოდ, თუკი მის საქციელს შენი საქციელისგან დამოუკიდებლად განვიხილავთ. სასამართლოზე მისი დაცვა შესაძლებელია, შენ კი მარტო ხარ მოთხვრილი. იასონი ჩვენიანია, ის ჩვენი ერთ-ერთი მეფის შვილია. მისი სიყმაწვილე, ისევე როგორც სხვებისა, შესაძლოა, უგუნური იყო, მაგრამ ახლა ისაა ადამიანი, რომელიც ჩვენსავით ფიქრობს. შენ კი შორიდან ბრძანდები მოსული, შენ აქ უცხო ხარ შენი ჯადოქრობითა და სიძულვილით. დაბრუნდი შენს კავკასიაში, იპოვე შენი მოდგმის კაცი, შენსავით ბარბაროსი, ხოლო ჩვენ დაგვტოვე ამ უღრუბლო ცის ქვეშ, ამ წყნარი ზღვის პირას, რომელიც გულგრილია შენი დაუოკებელი ვნებებისა და ყვირილის მიმართ.

მედეა, პაუზის შემდეგ. კარგი, მე წავალ. მაგრამ ჩემი შვილები, რომელი მოდგმისანი არიან? დანაშაულისა თუ იასონისა?

კრეონი. იასონი ფიქრობს, რომ ისინი ხელს შეგიშლიან გზაში. დაგვიტოვე ისინი ჩვენ. ჩემს სასახლეში გაიზრდებიან. გპირდები, რომ ჩემი მფარველობა არ მოაკლდებათ.

მედეა, თვინიერად. მადლობა უნდა გითხრათ ისევ, ასე არ არის? ადამიანური ბრძანდებით, მეტიც, სამართლიანი ბრძანდებით, მთლიანად და სიძულვილის გარეშე.

კრეონი. შენთვის შეინახე შენი მადლობა. წადი. საათი უკვე მთავრდება და როდესაც მთვარე ცაზე მაღლა იქნება, ვეღარავინ დაგიცავს შემდეგ აქ. ბრძანება გაცემულია.

მედეა. რა ბარბაროსული, რა უცხო და რა უხეშიც უნდა იყოს კავკასია, საიდანაც მე მოვდივარ, დედები იქაც გულში იხუტებენ თავიანთ შვილებს, კრეონ, როგორც სხვაგან. ველური ცხოველებიც ამას შვრებიან… ბავშვებს იქ სძინავთ. ეს ყვირილი, ეს ჩირაღდნები ღამეში, ეს უცნობი ხელები, რომლებიც აიყვანენ და მე მომაცილებენ, შესაძლოა მეტისმეტი საზღაური იყოს მათი დედის დანაშაულებისათვის. მომეცი დრო ხვალამდე. დილით ჩვეულებრივად გავაღვიძებ და გამოგიგზავნი შენ. დაუჯერე მედეას, მეფევ! როგორც კი გზაზე მოუხვევენ, მე გავემგზავრები.

კრეონი, ერთხანს მდუმარედ უყურებს და შემდეგ უეცრად. იყოს. (ყრუდ ამატებს, ისე რომ მზერას არ აცილებს.) ხედავ, მართლა მოხუცი ვარ. ერთი ღამე ძალიან ბევრია შენთვის. ეს შენი ათი დანაშაულის დროა. არ უნდა შემესმინა შენი ვედრება. მაგრამ მეც ბევრი მომიკლავს, მედეა. დაპყრობილ სოფლებში, სადაც ჩემი მთვრალი ჯარისკაცებით ვიჭრებოდი, ბავშვებსაც ვკლავდი. სანაცვლოდ ვაძლევ ბედისწერას ამ ორი ბავშვის მშვიდ ძილს. თუ უნდა, გამოიყენოს იგი ჩემს დასაღუპავად.

გადის ამალასთან ერთად. როგორც კი თვალს მოეფარება, მედეას სახე ეცვლება, მიაფურთხებს და მთელი ხმით ყვირის.

მედეა. ჩემი იმედი გქონდეს, კრეონ! მედეას იმედი გქონდეს! ბედისწერას ცოტა დახმარება სჭირდება! დაგიკარგავს შენი კლანჭები, ბებერო ლომო, თუკი ვედრების შესმენა და ბავშვების მკვლელობის გამოსყიდვა შეგიძლია… აჰ! შენ გინდა ძილი აცალო ამ ორს, რადგან რაღაც გიღიტინებს მკერდის ღრუში, როდესაც მარტო ხარ საღამოობით შენს ცარიელ სასახლეში ვახშმის შემდეგ და ფიქრობ ყველაზე, ვინც მოგიკლავს. ეს შენი სტომაქი ურევს, ბებერო მტაცებელო, სხვა არაფერი! ჭამე ფაფა, მიიღე ფხვნილი, ნუ დატკბები მეტად საკუთარი თავით, რომ ასე კარგი ხარ, მოხუცი კრეონი, რომელსაც ასე კარგად იცნობ, სინამდვილეში მშვენიერი კაცი, თუმცა გაუგებარი, რომელსაც მაინც დაუხოცავს უცოდველების თავისი რაოდენობა, როდესაც ჯერ კიდევ ჰქონდა კბილები და ჯანი მოსდგამდა. მხეცებიც ხომ ხოცავენ ბებერ მგლებს, რომ წარსულის მოგონებებსა და დაგვიანებულ მონანიებას აარიდონ. იმედი არ გქონდეს, რომ ეს ჩაგეთვლება. მე მედეა ვარ, ბებერო ნიანგო! მე ზუსტად ვწონი, ღმერთებს თუ უნდათ, შეუძლიათ უფრო გაგიგონ. კარგი და ცუდი მეც გამეგება. ვიცი, რომ ნაღდით გვიწევს გადახდა, რომ ყველა დარტყმა მშვენიერია და რომ თავი უყოყმანოდ უნდა დაიცვა. და რაკი სისხლი გაგიცივდა, ჯირკვლები მოგიკვდა და იმდენად მოეშვი, რომ ეს ღამე მაჩუქე, ეს ძვირად დაგიჯდება! (უყვირის ძიძას.) ჩაალაგე, დედაბერო! ქვაბი არ დაგრჩეს, ლოგინი დაახვიე, ცხენი შეაბი. ერთ საათში მივემგზავრებით.

ჩნდება იასონი.

იასონი. სად მიდიხარ?

მედეა, მიუბრუნდება. გავრბივარ, იასონ! გავრბივარ. ჩემთვის ახალი არ არის ადგილის გამოცვლა. გაქცევის მიზეზი კი არის ახალი, რადგან დღემდე შენ გამო გავრბოდი.

იასონი. იმათ მოვყვებოდი. ვაცალე, წასულიყვნენ, რომ მარტო მენახე.

მედეა. რამე გაქვს კიდევ ჩემთვის სათქმელი?

იასონი. ამის ეჭვი გაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოვისმენდი, რასაც მეტყოდი წასვლის წინ.

მედეა. და არ გეშინია?

იასონი. კი.

მედეა, ნელა უახლოვდება და უეცრად ამბობს. მოდი, შეგხედო… მე შენ მიყვარდი! ათი წელი გვერდით გეწექი. მეც დავბერდი შენსავით, იასონ?

იასონი. დიახ.

მედეა. ისევ ისეთს გხედავ, როგორიც წინ დამიდექი პირველ ღამეს კოლხეთში. შავგვრემანი გმირი, გემიდან ჩამოსული, განებივრებული ბავშვი, რომელსაც ოქროს საწმისი უნდოდა, რომლის სიკვდილი დაუშვებელი იყო, ნუთუ ეს შენ იყავი?

იასონი. ეს მე ვიყავი.

მედეა. მაშინ უნდა მიმეტოვებინე და მარტო უნდა მიმეშვი ხარებთან! მარტო მიწიდან ამოსულ შეიარაღებულ გოლიათებთან და საწმისის მცველ დრაკონთან.

იასონი. შეიძლება.

მედეა. მოკვდებოდი. რა იოლი იქნებოდა სამყარო იასონის გარეშე!

იასონი. სამყარო მედეას გარეშე! მეც მიოცნებია ამაზე.

მედეა. მაგრამ ეს სამყარო მოიცავს იასონსაცა და მედეასაც და იგი უნდა მიიღო, როგორიც არის. სულ ტყუილად სთხოვე დახმარება შენს სიმამრს, რომ მისმა კაცებმა საზღვრამდე მიმაცილონ; ერთი ზღვა იქნება თუ ორი, ეს ჩვენ შორის საკმარისი არ არის, ხომ იცი. რატომ დაუშალე ჩემი მოკვლა?

იასონი. იმიტომ, რომ დიდხანს ჩემი ცოლი იყავი, მედეა. იმიტომ, რომ მიყვარდი.

მედეა. და ახლა არ ვარ?

იასონი. არა.

მედეა. ბედნიერი იასონი, განთავისუფლებული მედეასგან! შენმა უეცარმა სიყვარულმა კორინთოსის ამ პატარა ბატისადმი, მისმა ნორჩმა მკვეთრმა სუნმა, ქალწულის შეტყუპებულმა მუხლებმა გაგათავისუფლეს?

იასონი. არა.

მედეა. მაშ რა?

იასონი. შენ.

პაუზა. დგანან ერთმანეთის პირისპირ და ერთმანეთს თვალებში უყურებენ. უეცრად ქალი უყვირის.

მედეა. შენ ვერასოდეს განთავისუფლდები, იასონ! მედეა ყოველთვის შენი ცოლი იქნება! შეგიძლია გამაძევო, მაშინვე დამახრჩო, როდესაც ჩემი ყვირილის გაგონებას ვერ შეძლებ, მაგრამ არასოდეს, მეტად არასოდეს მედეა არ დატოვებს შენს მეხსიერებას! შეხედე ამ სახეს, რომელზედაც მხოლოდ სიძულვილს ამოიკითხავ, შეხედე შენი სიძულვილით, ბრაზმა და დრომ შეიძლება დაამახინჯოს იგი, მანკიერება მასზე თავის კვალს დატოვებს; ოდესმე ეს იქნება საზარელი დედაბრის სახე, რომელიც ყველას თავზარს დასცემს, მაგრამ შენ ბოლომდე ამოიკითხავ მასზე მედეას სახეს!

იასონი. არა, მე მას დავივიწყებ.

მედეა. ასე გგონია? შენ სხვა თვალებს ჩააშტერდები, სხვა ბაგეებიდან დაეუფლები სიცოცხლეს, შენს პატარა მამაკაცურ სიამოვნებას მიიღებ, სადაც შეძლებ. ოჰ! შენ სხვა ქალები გეყოლება, დამშვიდდი, ათასი ქალი გეყოლება, რადგან ვერ შეძელი, რომ ერთი გყოლოდა; მაგრამ შენ სამუდამოდ დაიწყებ მათს თვალებში ამ ანარეკლის, მათ ტუჩებზე ამ გემოს, მათს სხეულზე მედეას ამ სურნელის ძებნას.

იასონი. სწორედ ამ ყველაფერს გავურბი!

მედეა. შენს თავს, კაცის ბინძურ თავს შეიძლება ეს უნდოდეს, მაგრამ შენი გზასაცდენილი ხელები, შენგან დამოუკიდებლად, სიბნელეში უცხო სხეულში მიტოვებული მედეას ფორმას დაუწყებენ ძებნას. თავი გეტყვის, რომ ისინი ათასჯერ უფრო ნორჩი და მშვენიერია. მაშ, არ დახუჭო თვალები, იასონ, რომ ერთი წამითაც არ მოტყუვდე. შენი ჯიუტი ხელები შენს დაუკითხავად მოძებნიან თავიანთ ადგილს შენი ქალის სხეულზე… ბოლოს და ბოლოს,  ჩემი მსგავსი უამრავი ახალი მედეა გეყოლება მოხუცს ლოგინში, მაშინ როცა ნამდვილი მედეა იქნება მხოლოდ ძვლებით სავსე ტყავის ტომარა, ამოუცნობი; საკმარისია შეეხო მოუხელთებელ სისქეს, ერთი კუნთით მოკლეს ან გრძელს, რომ ბებერი ხელების ახალგაზრდა მტევნები გაიხსენებენ მედეას და გაიკვირვებენ, ის არ არისო. მოიჭერი ხელები, იასონ, ახლავე მოიჭერი ხელები! გამოიცვალე ხელები, თუ გინდა, კიდევ გიყვარდეს.

იასონი. მაშ შენ გგონია, რომ სხვა სიყვარულის საძებნელად გტოვებ შენ? ნუთუ გგონია, რომ ხელახლა დაწყება მინდა? მარტო შენ კი არ მძულხარ, სიყვარულიც მძულს!

პაუზა. ერთმანეთს უყურებენ.

მედეა. სად გინდა, რომ წავიდე? სად მაგზავნი? მივაღწევ ფასისს, კოლხეთს, მამის სამეფოს, ჩემი ძმის სისხლით მორწყულ ველებს? შენ მაგდებ. რომელ მიწაზე მიბრძანებ, რომ წავიდე უშენოდ? რომელ თავისუფალ ზღვებზე? პონტოსის სრუტეებისკენ, სადაც შენ მოგყვებოდი, ვტყუოდი, ვცრუობდი, ვქურდობდი შენ გამო? ლემნოსზე, სადაც არასოდეს არ უნდა დამივიწყონ? თუ თესალიაში, სადაც მელიან, მამისთვის რომ შური იძიონ, რომელიც შენ გამო მოვკალი? ყველა გზა, რომელიც შენ გაგიხსენი, ჩემთვის ჩავიკეტე. მე ვარ მედეა, დატვირთული საშინელებითა და დანაშაულით. შენ შეგიძლია დამივიწყო, მაგრამ სხვებმა არ დამივიწყეს. რა გართულებაა ყოფილი თანამზრახველი, არა? საჭირო იყო, მოვეკალი კრეონს, კარგად ხედავ ამას.

იასონი. მე შენ გადაგარჩენ.

მედეა. შენ მე გადამარჩენ! რას გადაარჩენ? ამ ნახმარ ტყავს, ამ მედეას ჩონჩხს, რომელიც თავისი სევდითა და სიძულვილით სადღაც დაეხეტება? ცოტა პური, სადღაც სახლი და რომ დაბერდეს სიჩუმეში, არა? რომ მასზე აღარ ილაპარაკონ საბოლოოდ! რატომ ხარ ლაჩარი, იასონ? რატომ არ მიდიხარ ბოლომდე? მხოლოდ ერთი ადგილია, ერთი სავანეა, სადაც მედეა დადუმდება. შენ გინდა, რომ მე მოვიპოვო ეს სიმშვიდე, რომ შენ შეძლო სიცოცხლე, მომეცი იგი. მიდი, უთხარი კრეონს, რომ თანახმა ხარ. ეს მხოლოდ ერთი პატარა წუთი გაგრძელდება. შენ უკვე მოკალი დღეს მედეა, იცი მშვენივრად. მედეა მკვდარია. და რაღაა მედეას სულ ცოტა სისხლი დამატებით? გუბე, რომელსაც მიწიდან გადარეცხავენ, საშინელების გრიმასის გახევებული კარიკატურა, რომელსაც სადღაც გადამალავენ, რომელიმე ორმოში. არაფერი. დაამთავრე, იასონ! აღარ შემიძლია მეტი მოცდა. წადი, უთხარი კრეონს.

იასონი. არა.

მედეა, უფრო რბილად. რატომ? გგონია, რომ უფრო მეტკინება, თუ გამგლეჯენ ან კანი გამისკდება?

იასონი. მე საერთოდ არ მინდა შენი სიკვდილი. შენი სიკვდილი ისევ შენ ხარ. მე მინდა დავიწყება და მოსვენება.

მედეა. ეგ არასოდეს არ გეღირსება, იასონ! შენ ეგ დაკარგე იმ საღამოს კოლხეთში, ტყეში, როდესაც ხელები ჩამავლე. მკვდარი თუ ცოცხალი, მედეა აქაა, შენი სიხარულისა და მოსვენების წინ, დაცვას უზრუნველყოფს. ეს საუბარი, რომელიც მასთან წამოიწყე, ახლა დასრულდება მხოლოდ შენი სიკვდილით. სინაზისა და სიყვარულის სიტყვების შემდეგ მოვიდა შეურაცხყოფა და განხეთქილება, ახლა სიძულვილია, იყოს, მაგრამ ისევ და ისევ მედეას ელაპარაკები. სამყარო შენთვის მედეაა, სამუდამოდ.

იასონი. სამყარო შენთვის ყოველთვის იასონი იყო?

მედეა. დიახ!

იასონი. სწრაფად ივიწყებ! ახლა აქ უკანასკნელი საოჯახო სცენის მოსაწყობად არ მოვსულვარ, მაგრამ ეს სარეცელი, რომელიც, როგორც შენ ამბობ, სამუდამოდ გვაკავშირებდა, პირველმა ვინ დატოვა? დიახ, პირველმა ვინ იგრძნო სხვისი ხელები თავის სხეულზე, სხვა კაცის სიმძიმე თავის მუცელზე?

მედეა. მე!

იასონი. მე მეგონა, რომ შენ ისიც დაგავიწყდა, რატომ გავიქეცით ნაქსოსიდან.

მედეა. შენ უკვე ხელიდან მისხლტებოდი. შენი სხეული ჩემ გვერდით იწვა ყოველ ღამეს, მაგრამ შენს თავში, მამაკაცის ბინძურ თავში, საიდუმლოდ იჭედებოდა სხვა ბედნიერება, უჩემოდ. და აი, მე ვცადე, პირველი გაგქცეოდი, დიახ!

იასონი. მოსახერხებელი სიტყვაა, გაქცევა.

მედეა. არც ისე, როგორც ხედავ, რაკი ვერ მოვახერხე. ეს ხელები, ეს სხვა სუნი, ეს სიამოვნებაც კი, რომელსაც შენ აღარ მაძლევდი, მე ისინი მაშინვე შევიძულე. მე დაგეხმარე, მოგეკლა, საათიც გითხარი. მე ვიყავი შენი თანამზრახველი მის წინააღმდეგ. მე გავწირე იგი. დაგავიწყდა ის საღამო, მე რომ გითხარი: „მოდი, აქ არის, შეგიძლია შეიპყრო“?

იასონი. ნურასოდეს ილაპარაკებ იმ საღამოზე!

მედეა. საზიზღარი ვიყავი, არა, იმ საღამოს, თანაც ორჯერ? შენ გეზიზღებოდი, გძულდი მთელი ძალით და მე შენგან სხვა არაფერს ველოდი, მხოლოდ გაყინულ მზერას, მაგრამ მაინც შენ, სწორედ შენ გთხოვე,წამოგეყვანე. ის მაინც ლამაზი იყო, ხომ იცი, იასონ, ჩემი ნაქსოსელი მწყემსი! ახალგაზრდა იყო და მე ვუყვარდი!

იასონი. რატომ არ უთხარი, მოვეკალი? ვიწვებოდი ახლა შენგან შორს, დასრულებული ვიქნებოდი.

მედეა. მე არ შემეძლო! საჭირო გახდა და მე ბუზივით მივეწებე შენს სიძულვილს, რომ გზა შენთან ერთად გამეგრძელებინა და მეორე დღეს შენს მოწყენილ სხეულს მივკროდი, რომ, ბოლოს და ბოლოს, ძილი შემძლებოდა. გგონია, ათასგზის უფრო მეტად არ მეზიზღებოდი, ვიდრე შენ? ვყმუოდი ჩემი სარკის წინ, სახეს ფრჩხილებით ვიხოკავდი, რადგან ის ძუკნა ვიყავი, რომელიც დასაწოლად თავის სოროში ბრუნდებოდა. ცხოველები ერთმანეთს მაინც ივიწყებენ და შორდებიან, როგორც კი სურვილი კვდება… მე შენ გიცნობ, კორინთოსელი გოგოების გმირო, აწონილი მყავხარ. ვიცი, რისი მიცემაც შეგიძლია. მაგრამ ჯერაც აქ ვარ, როგორც ხედავ.

იასონი. შესაძლოა მეტისმეტად სწრაფად მოკალი შენი მწყემსი!

მედეა, უეცრად ესვრის. მე ვცადე, იასონ, არ იცოდი? კიდევ ვცადე სხვებთანაც შემდეგ. ვერ შევძელი!

პაუზა. იასონი უეცრად ამბობს უფრო რბილად.

იასონი. საბრალო მედეა…

მედეა, ფურიასავით წამოიმართება მის წინაშე. გიკრძალავ ჩემს შებრალებას!

იასონი. ზიზღის უფლებას მაძლევ? საბრალო მედეა, სულ აირია! საბრალო მედეა, რომელსაც სამყარომ ზურგი შეაქცია! შეგიძლია აკრძალო შენი შებრალება. არავის არასოდეს არ შეებრალები. მე – მით უმეტეს; დღეს რომ გამეგო შენი ამბავი, ვერ შეგიბრალებდი. კაცი იასონი შენ განგიხილავს სხვა კაცებთან ერთად. და შენი შემთხვევა გადაწყვეტილია ერთხელ და სამუდამოდ. მედეა! რა ლამაზი სახელია და მაინც მხოლოდ შენი იქნება სამყაროში. ამაყო ქალო! მიიტანე შენს პატარა ბნელ კუთხეში, სადაც შენს სიხარულს მალავ: სხვა მედეები აღარ იქნებიან, არასოდეს, ამ დედამიწაზე. დედები შვილებს არასოდეს დაარქმევენ ამ სახელს. შენ იქნები მარტო, დროთა აღსასრულამდე, როგორც ამწუთას ხარ.

მედეა. მით უკეთესი! გაიმართე, მუშტები შეკარი, იფურთხე, ფეხები აბაკუნე… რაც მეტს გაგკიცხავთ და შეგიძულებთ, მით უკეთესი, ხომ ასეა? რაც უფრო გაიზრდება წრე შენ ირგვლივ, მით უფრო მარტო იქნები, მით უფრო გეტკინება და რაც მეტი მიზეზი გაჩნდება, საკუთარი თავი შეიძულო, მით უკეთესი. დღეს საღამოს კი მარტო არ ხარ, მით უარესი… მე, რომელიც ყველაზე მეტად დაიტანჯა შენ გამო, მე, რომელიც შენ ყველას არჩიე, რომ გადაგეყლაპე, მე მებრალები.

მედეა. არა!

იასონი. მე მებრალები შენ, მედეა, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს იცნობ, რომელსაც მხოლოდ იმისთვის შეუძლია მოგცეს, რომ მიიღოს, მე მებრალები, რადგან მიმაგრებული ხარ მუდმივად საკუთარ თავს, გარშემორტყმული ხარ შენ მიერ დანახული სამყაროთი…

მედეა. შენთვის შეინახე სიბრალული! დაჭრილი მედეაც საშიშია. ჯობს, თავი დაიცვა.

იასონი. შენ ჰგავხარ მუცელგამოფატრულ პატარა ცხოველს, რომელიც საკუთარ შიგნეულში გახლართული იბრძვის და კიდევ თავს ხრის შეტევისათვის.

მედეა. კარგი არაფერი მოუვა, იასონ, მონადირეს, რომელსაც გული უჩუყდება იმის ნაცვლად, რომ იარაღი ჰქონდეს შემართული. ყველაფერი იცი, ჯერ კიდევ რაც შემიძლია?

იასონი. დიახ, ეგ ვიცი.

მედეა. შენ იცი, რომ მე გული არ ამიჩვილდება და სიბრალულს არ დავანებებ, უკანასკნელ წამს დამეუფლოს! ადრეც ხომ გინახავს, რომ დანებება არ მჩვევია, თუმცა მცირე რამისთვის ყველაფრის გაწირვა შემიძლია?

იასონი. დიახ.

მედეა. მაშ, რა გინდა შენ? რისთვის მოხვედი, რომ უცებ ყველაფერი აურიო შენი შებრალებით? მე საზიზღარი ვარ, შენ ეს იცი. მე შენ გიღალატე, როგორც სხვებს. მე მხოლოდ ცუდის კეთება ვიცი. შენ ამას ჩემგან ვეღარ იტან და კარგად გრძნობ, რა დანაშაულსაც ვამზადებ. მაშ, თავი დაიცავი! უკან დაიხიე! სხვებს მოუხმე! ასე კი ნუ მიყურებ, გირჩევნია, თავი დაიცვა!

იასონი. არა.

მედეა. მე მედეა ვარ! მე მედეა ვარ! შენ გეშლება! მედეა, რომელსაც შენთვის არასოდეს არაფერი არ მოუტანია, სირცხვილის მეტი. მე ვცრუობდი, ვატყუებდი, ვქურდობდი, მე ბინძური ვარ… ჩემ გამოა, რომ დევნილი ხარ და შენ ირგვლივ ყველაფერი სისხლით მოთხვრილია. მე ვარ შენი უბედურება, იასონ, შენი წყლული, შენი ფუფხი. მე ვარ შენი დაკარგული ახალგაზრდობა, შენი გაფანტული კერა, შენი მოხეტიალე ცხოვრება, შენი მარტოობა, შენი სამარცხვინო სენი. მე ვარ შენი ბინძური საქმეები და ბინძური ფიქრები. მე ვარ სიამაყე, ეგოიზმი, გარყვნილება, მანკიერება, დანაშაული. მე ვყარვარ, ვყარვარ, იასონ! ყველას ეშინია ჩემი და უკან იხევს. შენ ხომ იცი, რომ მე სულ ეს ვარ და მე მალე ვიქნები დაცემა, სიმახინჯე, გაბოროტებული სიბერე. ყველაფერი, რაც შავი და მახინჯია დედამიწაზე, მე  ჩავიბარე შესანახად. მაშ, როდესაც შენ ეს იცი, კიდევ რატომღა მიყურებ ასე? მე არ მჭირდება შენი სინაზე. მე არ მჭირდება შენი კეთილი თვალები. (უყვირის.) შეწყვიტე, შეწყვიტე, იასონ! თუ არა, ახლავე მოგკლავ, რომ ასე აღარ მიყურო!

იასონი, რბილად. შეიძლება ეს საუკეთესოც ყოფილიყო, მედეა.

მედეა, უყურებს და უბრალოდ ამბობს. არა. შენ არა.

იასონი, მიდის მასთან და მის ხელს იღებს.  მაშ, მომისმინე. მე ვერ დაგიშლი, რომ შენ შენ იყო. მე ვერ დაგიშლი, ბოროტება ჩაიდინო, რომელსაც შენში ატარებ. თანაც წილი უკვე ნაყარია. გადაუწყვეტელი კამათიც შეიძლება გადაწყდეს, როგორც სხვა და ვიღაცამ უეჭველად იცის უკვე, როგორ დამთავრდება ყველაფერი ეს. მე ვერაფერს ვერ შევუშლი ხელს. ერთადერთია, ბოლომდე შევასრულო როლი, რომელიც დამეკისრა დიდი ხანია. მაგრამ რაც შემიძლია, ესაა ერთხელაც ყველაფერი ვთქვა. სიტყვები არაფერია, მაგრამ საჭიროა, მაინც ითქვას. და თუ საჭიროა, რომ მე ამ საღამოს ვიყო ამ ამბის მკვდრების რიცხვში, მე მინდა მოვკვდე განწმენდილი ჩემი სიტყვებით…

მე მიყვარდი, მედეა, როგორც კაცს უყვარს ქალი, უპირველეს ყოვლისა. შენ, უეჭველია, მხოლოდ ასეთი სიყვარული იცოდი და ამით ტკბებოდი, მაგრამ მე შენ მოგეცი მეტი, ვიდრე კაცის სიყვარულია, შეიძლება შენ ეს არც გაგიგია. მე შენში დავიკარგე, როგორც პატარა ბავშვი ქალში, რომელმაც იგი სამყაროს მოუვლინა. შენ დიდხანს იყავი ჩემი სამშობლო, ჩემი სინათლე, შენ იყავი ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავდი, წყალი, რომელიც უნდა დამელია, რომ მეცოცხლა და პური ჩემი არსობისა.

როდესაც კოლხეთში გაგიცანი, შენ იყავი სხვებზე უფრო ლამაზი და მიუწვდომელი ქალიშვილი, რომელიც მე დავიპყარი ოქროს საწმისთან ერთად და წამოვიყვანე. ამ იასონზე დარდობ? მე წამოგიყვანე, როგორც მამაშენის ოქრო, რომ სწრაფად გამეფლანგე, რომ ოქროსავით უდარდელად დამეხარჯე. ღმერთო ჩემო, მე მქონდა გემი, მყავდნენ ერთგული მეგობრები, წინ მელოდა სხვა თავგადასავლები. თავიდან მიყვარდი, ისე, როგორც შენ, მედეა: ჩემი გავლით. სამყარო იყო იასონი, იასონის სიხარული, მისი ვაჟკაცობა და მისი ძალა – მისი შიმშილი. და რადგან ორივეს დიდი კბილები გვქონდა, ერთ მშვენიერ დღესაც ერთი ჩვენგანი შეჭამდა მეორეს…

და აი, ერთ საღამოს, რომელიც სხვა საღამოებისგან არაფრით განსხვავდებოდა, თავი მხარზე დამადე და მაგიდასთან ჩაგეძინა პატარა გოგოსავით. და ამ საღამოს, როცა შენ, ალბათ, მხოლოდ მეტისმეტად გრძელი გზით დაღლილი იყავი, უეცრად ვიგრძენი, შენით ავივსე. ერთი წუთის წინ ჯერ კიდევ იასონი ვიყავი და ამ სამყაროში მხოლოდ ჩემს სიამოვნებას ვიღებდი ძალით. საკმარისი აღმოჩნდა, რომ შენ დადუმებულიყავი, შენი თავი ჩემს მხარზე აღმოჩენილიყო და ეს ყველაფერი დამთავრდა… ჩემ ირგვლივ აგრძელებდნენ სიცილსა და ლაპარაკს, მაგრამ მე ისინი უკვე მივატოვე. ახალგაზრდა კაცი იასონი მოკვდა. მე ვიყავი შენი მამა და შენი დედა; მე ვიყავი ის, ვის მხარზედაც ეძინა მედეას. რა სიზმარს გიჩვენებდა ქალის პატარა ტვინი, როდესაც მე ასე ავივსე შენით? შემდეგ მე ჩვენს სარეცელზე დაგასვენე და იმ საღამოს არ დაგუფლებივარ, არც მომნდომებიხარ. მხოლოდ გიყურებდი, რომ გეძინა. ღამე მშვიდი იყო, დიდი ხანია შორს გავექეცით მამაშენის გამოგზავნილ მდევარს, ჩემი შეიარაღებული თანამგზავრები გვიცავდნენ და მაინც მე თვალის დახუჭვას ვერ ვბედავდი. მე შენ გიცავდი, – არვისგან, სხვათა შორის, – მთელი ის ღამე.

დილით გზა განვაგრძეთ და დღეები ისევ ერთმანეთს დაემსგავსა, მაგრამ ნელ-ნელა ბიჭებს, რომლებიც პირველები წამომყვნენ უცნობი ზღვისკენ, იოლკოსელ პატარა ბიჭებს, რომლებიც მზად იყვნენ ჩემს პირველივე ნიშანზე თავისი სუსტი იარაღით ურჩხულებს შებმოდნენ, შიში შეეპარათ. ისინი მიხვდნენ, რომ მე აღარ ვიყავი მათი მეთაური, რომ მე მათ ვერაფრის საძებნელად ვერსად ვერ გავუძღვებოდი, ახლა, როცა მე შენ გიპოვე. მათი მზერა სევდიანი გახდა და, შეიძლება, ზიზღიანიც, მაგრამ არ უსაყვედურიათ. ოქრო გავიყავით და მათ მიგვატოვეს. მაშინ სამყარომ თავისი ფორმა მიიღო. მე მეგონა, რომ მას მუდმივად ასე დავინახავდი. სამყარო გახდა მედეა…

ნუთუ დაგავიწყდა ის დღეები, როდესაც ჩვენ არაფერს ვაკეთებდით, არაფერს ვფიქრობდით ერთმანეთის გარეშე? ორი თანამზრახველი სულ უფრო გართულებულ ცხოვრებასთან ჭიდილში, ორი პატარა ძმა, რომელთაც ხელებდაკაპიწებულებს მიაქვთ თავიანთი ჩანთა გვერდიგვერდ, ყველაფრისთვის მზად არიან, სიკვდილისათვისაც კი, უსიტყვოდ იყოფენ ყველაფერს შუაზე, ჩხუბში ორივე თავისი დანით, ნახევარი დაღლილობით, ნახევარი ბოთლით სუფრასთან. გეწყინებოდა, ხელი რომ გამომეწოდა და დახმარება შემომეთავაზებინა რთულ გადასასვლელზე. იასონი მხოლოდ ერთ პატარა არგონავტს მეთაურობდა. ჩემი პატარა სუსტი არმია თავსაფრის ქვეშ დამალული თმებით, ნათელი და პირდაპირ მიქცეული მზერით, შენ იყავი. მაგრამ მე შემეძლო ამ ერთგული არმიით მთელი მსოფლიო დამეპყრო!.. პირველ დილას „არგოზე“, ჩემი ოცდაათი მეზღვაურით, ჩემთვის რომ სიცოცხლეს გაიღებდნენ, ვერ ვგრძნობდი თავს ასე ძლიერად… საღამოობით კი, შესვენებისას, როდესაც ჯარისკაცი და კაპიტანი გვერდიგვერდ იხდიდნენ სამოსს, გაოგნებულნი აღმოაჩენდნენ ერთნაირი ხალათის ქვეშ კაცსა და ქალს და ერთმანეთი უყვარდათ.

ჩვენ შეიძლება უბედურები ვიყოთ ახლა, მედეა, შეიძლება ერთმანეთს ვაწამებდეთ და ვტანჯავდეთ. ის დღეები ჩვენ მოგვეცა და შეუძლებელია სირცხვილმა ან სისხლმა ისინი დასვაროს…

დუმილი. იასონი ოდნავ ჩაფიქრდა. მედეა ჩაცუცქდა, სანამ ის ლაპარაკობდა, მუხლებზე ხელები შემოიხვია, თავი დახარა. კაციც გვერდით ჩაცუცქდა, თუმცა მას არ უყურებს.

შემდეგ პატარა ჯარისკაცმა ქალის სახე დაიბრუნა და კაპიტანს მოუხდა კაცი გამხდარიყო და ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთისთვის ცუდის კეთება. სხვა გოგოები დადიოდნენ ქუჩებში და მე არ შემეძლო, მათთვის არ შემეხედა. პირველად გავიგონე და გამიკვირდა, რა ხალისით იცინოდი სხვა მამაკაცებთან და შემდეგ შენი ტყუილებიც მოვიდა. ჯერ ერთხელ მოიტყუე და ეს ტყუილი შხამიანი ცხოველივით დიდხანს მოგვყვებოდა; ჩვენ მისთვის თვალის გასწორებას ვერ ვბედავდით და პირს ვიბრუნებდით. შემდეგ კიდევ ტყუოდი, ყოველდღე უმატებდი. და საღამოს, როდესაც ერთმანეთს უსიტყვოდ ვეუფლებოდით და გვრცხვენოდა ჩვენი ჯერ კიდევ თანამზრახველი სხეულებისა, ამ ტყუილების ჯოგი ჩვენ ირგვლივ ირეოდა და სუნთქავდა ღამეში. ჩვენი სიძულვილი უნდა დაბადებულიყო ერთ-ერთი ამგვარი, სინაზეს მოკლებული სატრფიალო შეტაკებიდან და ჩვენ უკვე სამნი დავხეტიალობდით, ის უკვე ჩვენ შორის იყო; მაგრამ რატომ ვლაპარაკობ იმაზე, რაც უკვე მკვდარია? ჩემი სიძულვილიც მოკვდა…

 

შეწყვიტა. მედეა წყნარად ამბობს.

მედეა. თუ მხოლოდ მკვდარ რამეებზე ვლაპარაკობთ, რატომ ვართ ასე ცუდად ორივე, იასონ?

იასონი. იმიტომ, რომ ყველაფერი მძიმეა დაბადებისას ამ სამყაროში და მძიმედ კვდება.

მედეა. შენ იტანჯებოდი?

იასონი. დიახ.

მედეა. როცა ვშვრებოდი, რასაც ვშვრებოდი, მე შენზე ბედნიერი არ ვიყავი.

იასონი. მე ეს ვიცი.

პაუზა.

მედეა, ყრუდ ეკითხება. რატომ დარჩი ამდენ ხანს?

იასონი, მოძრაობს. მე შენ მიყვარდი, მედეა. მე მიყვარდა ჩვენი დაუოკებელი ცხოვრება. მე მიყვარდა დანაშაული და თავგადასავალი შენთან ერთად. და ჩვენი ჩახუტებები, ჩვენი ბინძური და საზარელი ბრძოლები, თანამზრახველების ურთიერთგაგება, რომელიც საღამოს გვეწვეოდა, როდესაც დაქანცულები ფურგონის კუთხეში ლეიბზე ვწვებოდით. მე მიყვარდა შენი შავი სამყარო, შენი სიმამაცე, ამბოხება, საშინელებებთან და სიკვდილთან შენი ძმაკაცობა, ყველაფრის მოსპობის შენი გაშმაგებული წყურვილი. მე შენთან ერთად მჯეროდა, რომ სულ ბრძოლაა საჭირო და რომ ყველაფერი ნებადართულია.

მედეა. და ამ საღამოს აღარ გჯერა?

იასონი. არა. ახლა მინდა მივიღო.

მედეა, ჩურჩულით. მიიღო?

იასონი. მინდა, მორჩილი ვიყო. მინდა, რომ ამ სამყარომ, ამ ქაოსმა, რომლის გავლით შენ ხელჩაჭიდებულს მიგყავდი, შეიძინოს საბოლოოდ ფორმა. შენ უეჭველად მართალი იყავი, როცა ამბობდი, რომ არ არსებობს არც გონება, არც სინათლე, არც მოსვენება, რომ სულ საჭიროა აფათურო სისხლიანი ხელები, უნდა დაახრჩო და შორს მოისროლო ყველაფერი, რასაც ვერ შეიპყრობ; მაგრამ ახლა მე მინდა, გავჩერდე, მინდა, ადამიანი გავხდე. იქნებ, ილუზიის გარეშე გავაკეთო რამე, როგორც ამას ისინი აკეთებენ, ვინც ჩვენ გვეზიზღება; რასაც აკეთებდნენ მამაჩემი და მამაჩემის მამა და ყველა, რომლებიც ჩვენამდე იყვნენ და ცხოვრებას ჩვენგან განსხვავებულად, უფრო უბრალოდ ეპყრობოდნენ, მინდა გავწმინდო პატარა ადგილი ადამიანისთვის ამ უწესრიგობასა და ღამეში.

მედეა. გჯერა, რომ ამას შეძლებ?

იასონი. უშენოდ, შენი საწამლავის გარეშე, რომელსაც ყოველდღე ვსვამდი, მგონია, რომ შევძლებ.

მედეა. უჩემოდ. მაშ, შენ შეგიძლია წარმოიდგინო სამყარო უჩემოდ?

იასონი. მე ამას ვცდი მთელი ჩემი ძალით. უკვე საკმარისად ახალგაზრდა არ ვარ ახლა, რომ ვიტანჯო. ამ საზარელ წინააღმდეგობებს, ამ უფსკრულებს, ამ ჭრილობებს მე ვუპოვი ყველაზე უბრალო წამალს, რომელიც ხალხმა მოიფიქრა, რომ ეცოცხლა: მე გავაძევებ ყველა ეჭვს და გავფანტავ ყველა შიშს.

მედეა. შენ მშვიდად ლაპარაკობ, იასონ, და საშინელ სიტყვებს ამბობ. როგორ დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში! რა ძლიერი ხარ!

იასონი. დიახ, ძლიერი ვარ!

მედეა. აბელის მოდგმა, მართალთა მოდგმა, მდიდართა მოდგმა, რა მშვიდად ლაპარაკობთ. კარგია, არა, ზეცაც რომ გყავს და ჟანდარმებიც. კარგია, ერთ დღეს რომ დაიწყებ ფიქრს როგორც მამაშენი და მამაშენის მამა, როგორც ყველა, ვინც ყოველთვის მართალი იყო. კარგია იყო კეთილი, იყო კეთილშობილი, იყო პატიოსანი. და ეს ყველაფერი მოდის ერთ დილას, შემთხვევით, იგი მოჰყვება პირველ დაღლას, პირველ ნაოჭს, პირველ ოქროს. ითამაშე ეს თამაში, იასონ, გადადგი ნაბიჯი, თქვი „დიახ“! მშვენიერ სიბერეს მოიმზადებ შენ!

იასონი. ეს ნაბიჯი მინდოდა შენთან ერთად გადამედგა, მედეა. ყველაფერს მივცემდი, რომ ერთად დავბერებულიყავით, გვერდიგვერდ, დამშვიდებულ სამყაროში; მაგრამ შენ ეს არ მოინდომე.

მედეა. დიახ.

იასონი. გააგრძელე შენი გზა. ერთი ადგილი ტკეპნე, თავი დაიგლიჯე, მჯიღები დაიშინე, შეიზიზღე, შეურაცხყავი, მოკალი, უარყავი ყველაფერი, რაც შენი არ არის. მე, მე ვჩერდები. მეყოფა. ვუბრუნდები ამ ვითარებას ისევე მტკიცედ, ისევე უყოყმანოდ, როგორც უარვყავი ოდესღაც შენთან ერთად. და თუ საჭიროა ბრძოლის გაგრძელება, ახლა ამისთვის ვიბრძოლებ, მორჩილად, მივეყრდნობი ამ სასაცილო კედელს, რომელიც საკუთარი ხელით ავაგე უაზრო არყოფნასა და ჩემ შორის. (პაუზა. ამატებს.) სწორედ ამაში, უეჭველად, საბოლოო ანგარიშით და არა სხვა რამეში არის  ადამიანად ყოფნის აზრი.

მედეა. ეჭვი ნუ გაქვს, იასონ, შენ ახლა ადამიანი ხარ.

იასონი. ვიღებ შენს ზიზღს ამ სახელთან ერთად. (დგება.) ეს გოგონა მშვენიერია. ნაკლებად მშვენიერი, ვიდრე შენ, როდესაც მომევლინე პირველ საღამოს კოლხეთში და მე ის არასოდეს მეყვარება, როგორც შენ მიყვარდი. მაგრამ ის უცოდველია, უბრალოა, სუფთაა. მე ღიმილის გარეშე ჩავიბარებ მას მამამისისა და დედამისის ხელიდან, სულ მალე, დილის მზესთან ერთად, თეთრ კაბაში და პატარა ბავშვების თანხლებით… პატარა გოგონას მოუქნელი თითებიდან ველოდები მორჩილებასა და დავიწყებას. და თუ ღმერთებს სურთ, იმას, რაც ყველაზე მეტად გძულს დედამიწაზე, რაც ყველაზე უფრო შორსაა შენგან: ბედნიერებას, საცოდავ ბედნიერებას.

პაუზა.

მედეა, ჩურჩულებს. ბედნიერება… (ისევ პაუზა. უეცრად აგრძელებს ხმადაბლა, მორჩილად, გაუნძრევლად.) იასონ, ძნელი წარმოსათქმელია, თითქმის შეუძლებელია. ეს მახრჩობს და მრცხვენია. ახლა რომ მეთქვა, მინდა ვცადო ახლა შენთან ერთად-მეთქი, დამიჯერებდი?

იასონი. არა.

მედეა, პაუზის შემდეგ. სწორიც იქნებოდი. (უმატებს, ჩვეულებრივი ხმით). აი. ყველაფერი ვთქვით, არა?

იასონი. დიახ.

მედეა. შენ დაამთავრე. შენ განიწმინდე. შენ ახლა შეგიძლია წახვიდე. მშვიდობით, იასონ.

იასონ. მშვიდობით, მედეა. ვერ გეტყვი, ბედნიერი იყავი-მეთქი… იყავი, ვინც ხარ. (გადის.)

მედეა, ჩურჩულებს. მათი ბედნიერება… (უეცრად წამოიჭრება და გამქრალ იასონს მიაყვირებს.) იასონ! ასე ნუ მიდიხარ. მობრუნდი! რამე დაიყვირე. დაეჭვდი, იგრძენი ტკივილი! იასონ, გევედრები, დაე, ერთი წამით შენს თვალებში გაჩნდეს დაბნეულობა ან ეჭვი, რომ ყველანი გადავრჩეთ!.. (მისდევს, შემდეგ ჩერდება და ყვირის.) იასონ! მართალი ხარ, შენ კეთილი ხარ, შენ სამართლიანი ხარ და ყველაფერი ყოველთვის ჩემი ბრალი იყო; მაგრამ ერთი წამით, ერთი პატარა წამით, დაეჭვდი! მობრუნდი და შეიძლება განვთავისუფლდე… (ხელი ჩამოუვარდება. იასონი უკვე შორს უნდა იყოს. სხვა ხმით ეძახის.) ძიძა. (ძიძა ჩნდება ფურგონის კარებში.) მალე გათენდება. გააღვიძე ბავშვები, საზეიმოდ გამოაწყვე. მინდა, რომ ჩემგან საქორწინო საჩუქარი წაუღონ კრეონის ასულს.

ძიძა. შენი საჩუქარი, საბრალო! რაღა დაგრჩა, რომ აჩუქო?

მედეა. სამალავში შავი სკივრია, კოლხეთიდან რომ წამოვიღე. მომიტანე.

ძიძა. ხომ ამიკრძალე ხელის ხლება. იასონმაც კი არ უნდა იცოდესო მისი არსებობა.

მედეა. წადი, მოძებნე, ლაპარაკი არაა საჭირო. შენი მოსმენის დრო არ მაქვს. ყველაფერი უნდა წავიდეს საშინლად სწრაფად ახლა. მიეცი სკივრი ბავშვებს და გაჰყევი, სანამ ქალაქი არ გამოჩნდება; იკითხონ მეფის სასახლე, უთხრან, რომ ეს მათი დედის, მედეას საჩუქარია პატარძლისთვის… ხელში გადასცენ იგი და დაბრუნდნენ. სკივრში ოქროს საბურველი და დიადემაა, ჩემი მოდგმის საგანძურის ნაშთი. არ გახსნან. (საშინლად უყვირის დედაბერს, რომელიც დაბნეული დგას.) შეასრულე!

დედაბერი ფურგონში შედის. ცოტა ხნის შემდეგ უხმოდ გამოდის ბავშვებთან ერთად.

მედეა, მარტო დარჩენილი. ახლა კი, მედეა, უნდა იყო, რაც ხარ… ო, ბოროტება! დიდო მხეცო, რომელიც ჩემზე დაცოცავ და ცხელი ენით ჩემს სხეულს ლოკავ, ჩამიბარე. შენი ვარ ამაღამ, შენი ცოლი ვარ. შემოდი ჩემში, გამგლიჯე, დასივდი და დაიწვი ჩემს წიაღში. უყურე, გიღებ, გეხმარები, გნებდები… დამაწექი შენი დიდი ბანჯგვლიანი სხეულით, მომიმწყვდიე შენს დიდ კოჟრიან ხელებში, დამახრჩვე შენი ხრინწიანი სუნთქვით, მომისმინე. როგორც იქნა, ცოცხალი ვარ! ვიტანჯები და ვიბადები. ეს ჩემი ქორწილია. შენთან სიყვარულის ამ ღამისთვის მიცხოვრია აქამდე.

და შენ, ღამე, მძიმე ღამე, მოგუდული ყვირილისა და ბრძოლის ხმების ღამე, რომლის საფარქვეშ ყველა მხეცი ერთმანეთს დასდევს, ნერბავს და კლავს, ცოტა კიდევ მოიცადე, გევედრები, ნუ გადიხარ ასე სწრაფად… ო, მხეცებო ჩემ ირგვლივ, აურაცხელი ხართ, ამ ვერანის პირქუშო მშრომელებო, საშინელო, უბოროტო მკვლელებო… აი, ამას უწოდებს ხალხი მშვიდ ღამეს, ამ უსიტყვო ნერბვისა და მკვლელობების გიგანტურ ფუთფუთს. მე გგრძნობთ თქვენ, ყველგან მესმით ამ საღამოს პირველად: წყლის სიღრმეში, ბალახის სიმაღლეში, ხის ტოტებში, მიწისქვეშეთში… ერთი სისხლი ჩქეფს ჩვენს ძარღვებში. ღამის მხეცებო, მახრჩობლებო, ჩემო დებო! მედეაც მხეცია თქვენსავით! მედეაც დატკბება და მოკლავს თქვენსავით. ეს ვერანა მეორეს ებმის და კიდევ ვერანა და ვერანაა და ასეა წყვდიადის საზღვრამდე და ყველგან მილიონი ერთნაირი მხეცი ნებდება ერთმანეთს და, ამავე დროს, ხოცავს ერთმანეთს. ამ ღამის მხეცებო! მედეა აქაა, თქვენ შორის, თქვენი თანამზრახველი და თავისი მოდგმის მოღალატე. თქვენთან ერთად საზარელ ხმას გამოვცემ მეც. თქვენთან ერთად, განხილვის გარეშე, მეც ვემორჩილები წყვდიადის მბრძანებლობას. ფეხქვეშ ვთელავ და ვაქრობ მცირე სინათლეს. სამარცხვინო ჟესტს ვაკეთებ. ჩემს თავზე ვიღებ, ვვარაუდობ, ვამტკიცებ. მხეცებო, თქვენ ეს მე ვარ! ყველა, ვინც ნადირობს და კლავს ამაღამ, მედეაა!

 

ძიძა, შემორბის. მედეა, ბავშვები, ალბათ, უკვე მივიდნენ სასახლეში, ქალაქში დიდი ხმაურია ატეხილი. არ ვიცი, რა დანაშაული ჩაიდინე, მაგრამ ხმა უკვე ყველგან ვრცელდება. სწრაფად შეაბი ცხენი, გავიქცეთ, საზღვარს მივადგეთ.

მედეა. მე გავიქცე? პირიქით, უკვე წასული რომ ვყოფილიყავი, უკან დავბრუნდებოდი, რომ სანახაობით დავმტკბარიყავი.

ძიძა. რა სანახაობა?

ბიჭი, შემორბის. ყველაფერი დაიღუპა! სამეფო და სახელმწიფო დაეცა. მეფე და მისი ასული მკვდრები არიან.

მედეა. ასე მალე დაიხოცნენ? როგორ?

ბიჭი. ორი ბავშვი მოვიდა განთიადისას და საჩუქრად მოუტანა კრეუსას შავი სკივრი, რომელშიც იდო ოქროთი გაწყობილი საბურველი და ძვირფასი დიადემა. როგორც კი კრეუსამ მოირგო საჩუქრები, პატარა გოგოსავით ცნობისმოყვარედ მიირბინა სარკესთან, ფერი ეცვალა, დაეცა, ტანჯვისგან კრუნჩხვები დაეწყო, ტკივილმა სახე დაუღრიჯა.

მედეა. დაუღრიჯა? დაუშნოვდა, სიკვდილივით, არა?

ბიჭი. მოირბინა კრეონმა, უნდოდა აეყვანა, მოეშორებინა საბურველი და ოქროს სალტე, მაგრამ როგორც კი შეეხო, ისიც გაფითრდა. ერთ წამს შეყოვნდა, საშინელება ჩაუდგა თვალებში, შემდეგ დაეცა, ტკივილისგან ღმუოდა. ახლა გვერდიგვერდ წვანან, გადასკვნილები, სასიკვდილო კრუნჩხვებით სული ამოსდით და ვერავინ ბედავს მათთან მიახლოებას; მაგრამ ხმა დაირხა, რომ საწამლავი შენ გამოაგზავნე. კაცებმა ხელი სტაცეს ხელკეტებსა და დანებს; შენი ფურგონისკენ მორბიან. მე გამოვასწარი მათ. თავის გამართლებასაც ვერ მოასწრებ. გაიქეცი, მედეა.

 

მედეა, ყვირის. არა! (ბიჭი გარბის, მედეა მიაძახებს.) მადლობა, პატარა, კიდევ ერთხელ მადლობა! შენ გაიქეცი! ჯობს, არ მიცნობდე. მანამ, სანამ ხალხი მეხსიერებას არ დაკარგავს, ურჩევნიათ, არ მიცნობდნენ მე! (ძიძას მიუბრუნდება.) აიღე დანა, ძიძა, ახლავე ყელი გამოსჭერი ცხენს, რომ არაფერი დარჩეს მედეასგან. ფიჩხი შეუწყვე ოთხთვალას ქვემოდან, ჩვენ ახლა საზეიმო კოცონს ავაგიზგიზებთ კოლხეთივით. მოდი!

ძიძა. სად მიგყავარ?

მედეა. იცი შენ. სიკვდილთან! სიკვდილი მსუბუქია. მოჰყევი, დედაბერო, დაინახავ! აღარ მოგიწევს ბებერი ძვლების თრევა, რომლებიც გტკივა და გაკვნესებს. როგორც იქნა, დაისვენებ, უსასრულო კვირადღე დაგიდგება.

ძიძა, უძალიანდება და ბღავის. არ მინდა, მედეა! სიცოცხლე მინდა!

მედეა. რამდენი ხანია, დედაბერო, რაც ზურგზე გაქვს მოკიდებული სიკვდილი?

შემორბიან ბავშვები და შეშინებულები მედეას კალთას ეჭიდებიან.

მედეა, ჩერდება. აჰ! თქვენ ორიც აქ ხართ! შეგეშინდათ? მთელი ეს ხალხი რომ მორბის და ბღავის, ეს ზარები… ყველაფერი დაწყნარდება. (თავებს გადაუწევს, თვალებში უყურებს და ჩურჩულებს). უმანკოები! ბავშვების ხაფანგი თვალები, კაცისთავიანი პატარა მზაკვარი მხეცები. გცივათ? ცუდს არაფერს გაგიკეთებთ. სწრაფად ვიზამ. მხოლოდ სიკვდილით გაოცებას მოასწრებენ თქვენი თვალები. (ეფერება.) წამოდით, რომ დაგამშვიდოთ, რომ გულში ჩავიკრა ერთი წუთით თქვენი პატარა ცხელი სხეულები. კარგია დედასთან ჩახუტება, აღარ გეშინია. ორი პატარა თბილი სიცოცხლე, გამოსული ჩემი მუცლიდან, პატარა სიცოცხლისა და ბედნიერად ყოფნის სურვილი… (უეცრად ყვირის.) იასონ! აი, შენი ოჯახი, ნაზად გაერთიანებული. შეხედე მას. და შეგიძლია საკუთარ თავს ჰკითხო სულ, მედეასაც არ უნდოდა სიყვარული, ბედნიერება და უდანაშაულობა? მას არ შეეძლო ყოფილიყო ერთგული და საიმედო? როდესაც დაიტანჯები, მალე დაიწყება ეს და სიკვდილამდე გაგრძელდება, იფიქრე იმაზე, რომ ოდესღაც იყო პატარა გოგონა მედეა, მომთხოვნი და სუფთა. პატარა, ნაზი და მდუმარე მედეა მეორის წიაღში. გაიხსენე, რომ იგი მარტო იბრძოდა, არავინ გაუგო, ხელი არავინ გაუწოდა და რომ ის იყო შენი ნამდვილი მეუღლე! იქნებ მე მინდოდა, იასონ, რომ მუდამ ასე გაგრძელებულიყო და ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ზღაპრებშია! ახლაც კი, ამ წამს, მინდა, მინდა ისევე ძლიერად, როგორც ბავშვობაში, რომ ყველაფერი იყოს ნათელი და კეთილი! მაგრამ უდანაშაულო მედეას ეწერა ნადავლი და ბრძოლის სარბიელი გამხდარიყო… სხვებს, უფრო უსახოსა და უფერულებს, შეეძლოთ ბადის ქსელს დასხლტომოდნენ, მშვიდ წყლამდე მიეღწიათ ან ლაფში ჩამალულიყვნენ. წვრილფეხობა ღმერთებს არ ადარდებთ. მედეა მეტისმეტად კარგი ნანადირევი იყო და მახეში გაება: და იქ დარჩა. ყოველდღე არ აწყდებიან ღმერთები ასეთ მონაპოვარს, საკმარისად ძლიერ სულს მათი ბინძური თამაშებისთვის. ბეჭებზე გამაკრეს და მიყურებენ, როგორ გავიბრძოლებ. უყურე მათთან ერთად, იასონ, მედეას უკანასკნელ შეტოკებას! მე მოსაკლავი მაქვს ჯერაც უმანკოება ამ პატარა გოგოში, რომელსაც ამდენი უნდოდა და ჩემს ამ ორ პატარა თბილ ნაჭერში. ისინი ამ სისხლს ელოდებიან, ზემოთ, ისინი მოლოდინში ვეღარ ითმენენ! (ბავშვები ფურგონთან გამოჰყავს.) მოდით, პატარებო, ნუ გეშინიათ. ხომ ხედავთ, თქვენთან ვარ, გეფერებით, და სამივენი სახლში მივდივართ…

შედიან ფურგონში. სცენა დროებით ცარიელია. შემოდის ძიძა. აღელვებულია, როგორც ნადირი, რომელიც იმალება. ეძახის მედეას.

ძიძა. მედეა! მედეა! სად ხარ? მოდიან! (უკან იხევს და ისევ ყვირის.) მედეა!

ცეცხლი ედება მთელ სცენას, ფურგონი იწვის. იასონი სწრაფად შემოდის შეიარაღებულ კაცებთან ერთად.

იასონი. ჩააქრეთ ცეცხლი! ეს ქალი შეიპყარით!

მედეა, გამოჩნდება ფურგონის ფანჯარაში და დაიყვირებს. არ მომიახლოვდე, იასონ! უბრძანე, ფეხი არ გადმოდგან!

იასონი. ბავშვები სად არიან?

მედეა. კიდევ მკითხე ერთ წამში, რომ კარგად ჩაგხედო თვალებში. (უყვირის.) ისინი მკვდრები არიან, იასონ! მკვდრები არიან, დავხოცე ორივე, და სანამ ნაბიჯს გადმოდგამ, ეს რკინა მე განგმირავს. ამიერიდან მე დავიბრუნე ჩემი კვერთხი, ჩემი ძმა, ჩემი მამა, და ოქროს საწმისი დაბრუნდა კოლხეთში: მე ხელახლა ვიპოვე სამშობლო და ქალწულობა, შენ რომ მომტაცე. როგორც იქნა, მედეა ვარ სამარადისოდ! შემომხედე, სანამ მარტო დარჩები კეთილგონიერ სამყაროში, კარგად შემომხედე, იასონ! ამ ორი ხელით გეხებოდი, ცხელ შუბლზე გადებდი, რომ გაგრილებულიყო და ისევ ხურდებოდნენ, შენს კანს რომ ეხებოდნენ. მე გატირებდი, მე თავს გაყვარებდი! შეხედე შენს პატარა ძმასა და მეუღლეს, ეს მე ვარ. ეს მე ვარ! ეს საშინელი მედეაა! და ახლა სცადე და დამივიწყე! (ხანჯალს ჩაიცემს და ცეცხლში ვარდება, რომელიც ახალი ძალით იფეთქებს ფურგონზე.)

იასონი. დიახ, მე შენ დაგივიწყებ. დიახ, მე ვიცოცხლებ, მიუხედავად ამ სისხლიანი კვალისა, შენ რომ დატოვე ჩემს გზაზე, ხვალიდან მოთმინებით ისევ დავიწყებ ჩემი კაცობის საბრალო ხარაჩოების აგებას ღმერთების გულგრილი მზერის ქვეშ. (თავის ხალხს მიუბრუნდება) ერთი თქვენგანი დარჩეს მცველად ამ ხანძართან, სანამ ყველაფერი ფერფლად არ იქცევა, სანამ მედეას ბოლო ძვალი არ დაიწვება. სხვები აქ მოდით. დავბრუნდეთ სასახლეში. საჭიროა ვიცხოვროთ, მივხედოთ წესრიგს, გამოვცეთ კანონები კორინთოსისთვის და ილუზიების გარეშე ავაგოთ საჩვენო სამყარო, რომ იქ სიკვდილს დაველოდოთ.

ყველანი გადიან, გარდა ერთი მცველისა, რომელიც საღეჭ თამბაქოს ჩაიდებს პირში და ხანძრის წინ ყარაულში დგება. შემოდის ძიძა და მოკრძალებით ჯდება მის გვერდით. თენდება.

ძიძა. დრო არ გქონდათ, რომ ჩემთვის მოგესმინათ. ამასობაში რაღაც კი მქონდა სათქმელი. ღამის შემდეგ მოდის დილა და ყავაა მოსადუღებელი და ლოგინები გასასწორებელი. გამოგვი და ცოტა დასვენება შეიძლება მზეზე, შემდეგ ბოსტნეულია გასაწმენდი. კარგია, თუ რამდენიმე სუს გამოსთხოვ, რომ ცოტა ღვინით შიგანი გაითბო. შემდეგ სუფს მიირთმევ და ჭურჭელს დარეცხავ. ნაშუადღევს უნდა დარეცხო სარეცხი და სპილენძის ჭურჭელი დაწმინდო, წაეჭორაო მეზობლებს და ვახშის დროც წყნარად მოდის… მერე წვები და იძინებ.

მცველი, პაუზის შემდეგ. კარგი ამინდი იქნება დღეს.

ძიძა. ეს კარგი წელიწადი იქნება. მზე და ღვინო იქნება. მოსავალი?

მცველი. იმ კვირაში თიბვა დაიწყო. ხვალ ან ზეგ მოვრჩებით, ამინდი თუ არ შეიცვალა.

ძიძა. მოსავალი კარგი გვექნება?

მცველი. სასაყვედურო არაა. პური არავის მოაკლდება წელს.

ფარდა ეშვება, სანამ ლაპარაკობენ.

© არილი

 

Facebook Comments Box