ინგლისურიდან თარგმნა ელენე ფილფანმა
სამეცნიერო ფანტასტიკის პიონერი მწერლის, ურსულა კ. ლე გუინის რომანები პირველად ნახევარი საუკუნის წინ, 1966 წელს გამოქვეყნდა. მისი „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ ჟანრის კლასიკადაა აღიარებული, ხოლო „წყვდიადის მარცხენა ხელი“ გენდერისა და სქესის ორიგინალური გადააზრებით მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ წიგნად იქცა. წერდა ლექსებსაც. ლე გუინი იმ იშვიათ ავტორთაგანია, ვისაც “ჰიუგოსა” და “ნებიულას” ჯილდო ერთ წელში ორჯერ გადაეცა.
1998 წელს ლე გუინმა მწერლებისათვის მცირე ზომის სახელმძღვანელო გამოსცა – “ხელობის მართვა“ (Steering the Craft). თუმცა გაყიდვებმა აჩვენა, რომ ოსტატობაზე საუბარი მოდიდან გადავარდა. ინტერვიუერის კითხვები ე.წ. „წიგნზე“ სწორედ ამ ნაშრომს მიემართება.
მწერალი 2018 წლის იანვარში გარდაიცვალა.
წინამდებარე ინტერვიუ ჩაწერილია 2015 წლის 4 სექტემბერს:
შეიძლება მწერალი ნებისმიერი გახდეს? ადრე ამ საკითხზე მტკიცე შეხედულებები მქონდა, ახლა კი აღარ ვიცი…
მტკიცე მოსაზრებები გინდათ? წერა ნებისმიერს შეუძლია. იცით, ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი სათემო კოლეჯში ასწავლის წერას. ბავშვებს უხსნის როგორ ააწყონ წინადადებები, სიტყვები რომ არ შემოეფანტოთ და აზრი, საუბრის მსგავსად, კალმითაც თავისუფლად გამოხატონ. ამას ნებისმიერი მოახერხებს. მაგრამ რომ ვთქვა, ყველას შეუძლია მწერალი გახდეს, იგივე იქნება ვამტკიცო, თითქოს სონატას ნებისმიერი შეთხზავს. ოჰ, დაივიწყეთ! ხელოვნებას თანდაყოლილი ნიჭი სჭირდება. არ ვიცი, რამხელა, მაგრამ რაღაც თავიდანვე უნდა იყოს ადამიანში.
შრომით პოეტი ვერ გახდება კაცი, არა?
ვერა, უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოეტებს ჯოჯოხეთური შრომა არ უწევთ.
თან არც ისე დაფასებული საქმიანობაა.
არიან მწერლები, წერა რომ არ სიამოვნებთ. ვწუხვარ მათ გამო. მე ჩემი საქმე მიყვარს. არ მანაღვლებს რამდენად ბევრ შრომას მოითხოვს ჩემგან.
პოეტები მწერლებს შორის რით განსხვავდებით?
ამერიკაში პოეზიის სამყარო ძალიან პატარაა, მკითხველია ცოტა. სხვებისგან განსხვავებით, დიდი ტერიტორია არ გვაქვს, ამიტომ პოეტები საკუთარ სივრცეს დიდი მონდომებით იცავენ, რაც მე დროის ტყუილი კარგვა მგონია.
ამის გამო პროცესით ტკბობა რთულდება, არა?
ზოგადად, ძნელია მწერალმა თავისი შემოქმედებით უზრუნველყოფილად იცხოვროს, გინდ პოეტი იყოს და გინდ პროზაიკოსი. გამუდმებით უნდა იმარჩიელო, შენს ნაწარმოებებს რამდენი წაიკითხავს. ამიტომ წერის ჯილდო პროცესშივე უნდა იპოვო. არაფერია იმაზე სასიამოვნო, შენი დაწერილი ლექსი კმაყოფილმა წაიკითხო.
პირადი, ჩუმი ტრიუმფია.
მაგრამ რეალური.
საშუალო ფენაში მწერალთა რიცხვი გაიზარდა. დღისით მოსაწყენ სამსახურებს მიაშურებენ, ღამე კი წერენ. პირადად ჩემთვის, ფულის და საყვარელი საქმის ასეთი გამიჯვნა კომფორტულიც კია.
მაგრამ ძალიან რთულია, მთელი დღე იმუშაო, ოჯახური მოვალეობები აღასრულო და თან წერო. ორი საქმის კეთება წარმოუდგენლად რთულია, ხოლო სამის – წარმოუდგენელი. თუმცა ეს უმეტესი მწერალი ქალის ყოველდღიურობაა: თავი შეინახონ, ოჯახს მოუარონ და თან წერონ.
რთულ პერიოდებსა და გადატვირთულ გრაფიკებს კი, ალბათ, პირველი წერა ეწირება.
მე ამის მწირი გამოცდილება მაქვს. მართალია, სამი შვილი მყავდა მაგრამ მე და ჩემმა ქმარმა მოვახერხეთ ამ მხრივ თანამშრომლობა. თვითონ პროფესორი იყო, ასწავლიდა. მე ვწერდი, ოჯახს კი ერთად ვინახავდით და ვუვლიდით. მთლიანობაში თავი კარგად გავართვით. როცა ბავშვებთან ვარ, ვერ ვწერ. მთლიან ყურადღებას მათკენ მივმართავ. ამიტომ მხოლოდ როცა ეძინათ, მაშინ ვმუშაობდი, 9 საათიდან შუა ღამემდე. ამ პერიოდში შვილებს ჩემი ქმარი დარაჯობდა, გაღვიძებულებს რამე თუ მოუნდებოდათ. უკან რომ ვიხედები, ხშირად აღმომხდება „რანაირად მოვახერხეთ?!“, მაგრამ ფაქტია, შევძელით.
წიგნში აზრის წინადადებებით ძერწვაზე წერთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საუბრის ტრანსკრიპტის წერას რომ შევუდგები, ჩემი საუბარი გულს შემიწუხებს, თქვენ იმდენად თანმიმდევრულად გადმოსცემთ აზრებს.
მე კი შემაშფოთებს, რომ საუბრისას ყველაფერს ვაზუსტებ. ეს ფემინური თვისებაა. მინდა მარტივად ვთქვა, თუმცა ყოველთვის ამ სულელურ ახსნა-განმარტებებს ვამატებ. წიგნში საუბრის და წერის ასეთ მანერასაც ვეხები. ეს ჩემთვის ზედმეტი ხმაურია და მეტი არაფერი. მოზარდების მსჯელობას ჰგავს.
საქაღალდეში მოზარდობისას შექმნილ ნაწარმოებებს ხომ არ ინახავთ?
დიახ. არაფრის დიდებით ვაჩვენებ ვინმეს. თუმცა გადასაგდებადაც მენანება.
კარგია, რომ შეინახეთ.
მიმაჩნია, რომ მათი გადაყრა ახალგაზრდა ჩემი თავის შეურაცხყოფა იქნებოდა. წერა კარგად არ გამომდიოდა, მაგრამ ხომ ვცდილობდი.
უხეშობაში თუ არ ჩამომართმევთ, გკითხავთ: ხომ არ აპირებთ სამომავლოდ ისინი უნივერსიტეტს უანდერძოთ?
ჩემი არაერთი ნაწერი უკვე ინახება ორეგონის უნივერსიტეტში, პირადი წერილები და მისნაირი დოკუმენტები. თუმცა, ცხადია, შეზღუდული გამოყენების პირობებით. არ ვიცი, ახალგაზრდობის ხელნაწერებს რას მოვუხერხებ. ერთადერთი ალტერნატივა მათი დაწვაა, მაგრამ ამაზეც არ მიმდის გული.
დაწვა ძალიან დრამატულია.
ნამდვილად. საშინელებაა. ავტორის ხელით განადგურების გარეშეც მალე იკარგება შემოქმედება. თუმცა გამოქვეყნებაზე შეზღუდვების დაწესების მომხრე ვარ. არ მიყვარს, როცა ცნობილი ავტორის ძველ შემოქმედებას მიაგნებენ და ასაჯაროებენ, გეგონება ეს ავტორს სურდა. ჰარპერ ლის ახლანდელ შემთხვევაზეც ჯერ არ ჩამომიყალიბებია აზრი.
ოჰ, ეს ნამდვილად უცნაური შემთხვევაა.
სწორედ ეს მაფიქრებს, რომ აქ რაღაც სწორი არ უნდა იყოს. მას ნამდვილად სურდა ამ წიგნის გამოქვეყნება? მაგრამ დანამდვილებით ვერც ჩვენ ვიტყვით, არა?
გამომცემლობები არ დაეჭვებულან, დაებეჭდათ თუ არა.
გამომცემლობების უმეტესობამ არ იცის დაეჭვება რაა.
მკითხველს უხარია „წყვდიადის მარცხენა ხელი“ ამდენი წლის შემდეგ ელექტრონულ წიგნად რომ გამოიცა. ვიმედოვნებ, ამან თქვენც გაგახარათ.
დიახ, რადგან იმედი მაქვს, ამით არალეგალური ვერსიები დაკარგავენ პოპულარობას. ახლა მკითხველს ოფიციალური გამოცემის შეძენა შეეძლებათ. თავის დროზე ამ წიგნის გამოქვეყნება ძალიან გართულდა. მაგრამ ბოლო წლებია ახალ აგენტთან ვმუშაობ და უფრო მშვიდად მიდის საქმე.
კარგი მრჩევლის ყოლა ამ ინდუსტრიაში აუცილებელია.
ნამდვილად, ამიტომაც მაშფოთებს ზოგი მწერალი თავად რომ აქვეყნებს ხოლმე შემოქმედებას. იმედი მაქვს, უმეტესობა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდება.
ერთ დღეს მე და ჩემმა მეგობარმა დამოუკიდებლად წერილები გამოგიგზავნეთ. ძალიან გვიხაროდა. ცხადია, პასუხს არ ველოდით. მახსოვს, მაშინ ვფიქრობდი, ნეტავ თქვენ რას გრძნობდით, როგორც ადრესატი.
ბოლო დროს ქაღალდზე დაწერილ წერილებს ნაკლებად ვიღებ. ამიტომ მახარებს, როცა იმეილის ნაცვლად ფიზიკური წერილი მომდის. პირადად მეც იმეილი მირჩევნია, 85 წლის ვარ და მარტივ გზას ვამჯობინებ, ფოსტაში სირბილს. ამიტომ ხშირად პასუხებსაც ვერ ვაბრუნებ. მაგრამ ბავშვებს აუცილებლად ვუბრუნებ უკან ხელნაწერ წერილს. ზოგჯერ, ისე თავხედურად იწერებიან.
რას გწერენ ხოლმე?
მეუბნებიან, ჯობდა წიგნი ასე და ასე დაგემთავრებინა. ან მირჩევენ შემდეგი რაზე დავწერო. თავს არ იზღუდავენ, რაც ძალიან მომწონს. ცხადია, უფროსს რომ მოეწერა ასე, სულ არ მომხიბლავდა. ვუპასუხებდი „თავად დაწერე წიგნი“-მეთქი. მაგრამ 8 წლის ბავშვები გულწრფელად ერთვება ამბავში და მათ წერილებსაც ენთუზიაზმი ცხადად ეტყობა.
[…]
წიგნში ხელოვნების გულისთვის წერის იდეას უბრუნდებით, რაც, მგონია, რომ მოდაში აღარაა. ჩვენ წერის კომერციულ ხასიათზე ლაპარაკს ვამჯობინებთ.
და იმდენი სახლემძღვანელო ეთმობა თემას – „როგორ გახდე წარმატებული“. ჩემი წიგნით მკითხველს ამსითვის ვერაფერს ვურჩევდი. თავად წერა წარმატებისთვის არ დამიწყია.
მწერლობის ოსტატობაზე ბევრი საუბრობს, თუმცა თქვენი შეფასება ყველაზე გულწრფელად მეჩვენება: მნიშვნელოვანია, დაეუფლო ხელობას, თუ წერა შენთვის სულერთია არაა.
ბოლო დროს სიტყვა ოსტატობას სერიოზულად აღარ უყურებენ. მექანიკურ, ხელოსნურ საქმიანობაში გაჰყავთ. თუმცა ამას ვერავინ გაექცევა თუ უნდა თავის საქმე კარგად აკეთოს. წინადადების დაწერას უდიდესი ოსტატობა სჭირდება, კარგი წინადადების დაწერას კი – ამაზე ბევრად მეტი.
გამომცემლობები წიგნის გეგმაზე და მოკლე შინაარსზე უფრო მეტს საუბრობენ ვიდრე წიგნებზე.
აი, ამ მხრივ კი განვსხვავდები სხვა პროფესიონალი მწერლებისგან. წიგნის გეგმა არასდროს გამიყიდია. ჩემს აგენტებსაც ავუკრძალე. თუმცა ადრე ვისთანაც ვთანამშრომლობდი გამომცემლობასთან კონტრაქტი დადო და შეუთანხმდა, კონკრეტულ ვადაში 3 წიგნს მივაწვდიდით. ამიტომ მომიწია დაკვეთისამებრ მეწერა. საშინელება იყო. ძლივს ვაპატიე. ვუთხარი, რომ აღარასოდეს გაეყიდა წიგნი, რომელიც ჯერ არ დამიწერია. ხალხს უკვირს ასე რომ ვიქცევი, მეკითხებიან – როგორ ახერხებო. მეც მიწევს გამოვტყდე, რომ 10 წელი ვწერდი სერიოზულად, სანამ პირველად გავყიდდი რამეს.
ასეც უნდა იყოს, არა?
ამ შემთხვევაში რამე სხვა საქმეც უნდა გქონდეს, თავი რომ შეინახო ან მეუღლე უნდა გყავდეს ისეთი, არაქისის კარაქი პურზე თავად რომ გადაგისვას
ბევრ ახალგაზრდა მწერალს შევხვედრილვარ, თავიანთი ნაწარმოებების გამოქვეყნება რომ უნდათ. მე კი ჩემთვის ვფიქრობ, „ვიმედოვნებ, კიდევ დიდხანს იცოცხლებენ. არ ვარგა, მოვლენებს წინ რომ უსწრებენ.“
არა მგონია, ადამიანთა უმეტესობამ გვიან 20-იან წლებამდე კარგი პროზაული ნაწარმოების დაწერა მოახერხოს. წერა ნელი ხელოვნებაა. მუსიკა მალე ეწვევა ადამიანს. კარგი მუსიკოსი 16 წლისაც შეიძლება იყოს. მაგრამ რამდენ ასეთ მწერალს იცნობთ? 16 წლის ჯონ კიტსსაც შეცდომები ეპარება. თუმცა ადრეულ 20-იან წლებში უკვე უკვდავ პოეზიას თხზავს. ცხადია, კიტსისნაირი ბევრი არ დაიარება. თუმცა, ამავდროულად, კიტსის მაგალითზე ვერ ილაპარაკებ წერაზე როგორც ხელობასა და პროფესიაზე. გენიოსები თავისთვის ემსახურებიან სილამაზეს. ხოლო ვინმე ახალგაზრდობაშივე რომ შედგეს პროფესიონალ მწერლად, ამისთვის საჭირო ნიჭი სასწაულს გაუთანაბრდებოდა.
კიტსისნაირი გენიოსები დანარჩენებს საზომ სისტემას გვირევენ.
არა უშავს. უბრალოდ უნდა მიიღო, რომ ეს შენი გზა არაა. და მერე რა? მაინც შეგიძლია მშვენიერება შექმნა.
ყველას თავისი ადგილი მოეძებნება.
ნამდვილად. და დიდი ადგილია ამბის უბრალო მთხრობელთათვისაც. კიდევ ერთ ამბავს ადგილი ყოველთვის მოეძებნება. არავის შეუძლია ზედმეტად ბევრი შეთხზას. ასე რომ თუ ამბავი გაქვს მოსაყოლი და გჯერა, რომ ამ საქმეს თავს გაართმევ, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, მისი მოსმენის სურვილი რომ ექნება. ხელობის სრულყოფის პროცესში ყველა დამწყებს სჭირდება რწმენა, რომ მის ამბების მკითხველი ეყოლება. მწერლისთვის თითქოს მოზარდობისა და დაბნეულობის პერიოდი ზრდასრულობისასაც გრძელდება.
დღეს თუ დაწერეთ რამე?
მსგავსი განრიგი არასდროს მქონია. რომანებს როცა ვწერდი, დილის რვიდან საღამოს ათამდე ვმუშაობდი, წიგნი ასე მოითხოვდა და მეც მზად ვიყავი, საქმის ბოლომდე მისაყვანად. მაგრამ ამ ბოლო დროს ბევრს აღარ ვწერ. ისიც ვიცი, რომანს ვეღარ დავწერ. საამისოდ ფიზიკური ენერგია შემომელია. თუმცა ზოგჯერ ამბები მეწვევიან. მეც ვჯდები და ვწერ. პოეზიასაც როცა უნდა, მაშინ მეწვევა. ვფიქრობ, მუდმივი მზადყოფნა პროფესიონალი მწერლის აღჭურვილობის ნაწილია. ჩემი არსების რაღაც ნაწილი ამისთვის ყოველთვის გადადებულია – შემოსულ ამბებს, ლექსებსა და იდეებს ისმენს.
ამაზე „წყვდიადის მარცხენა ხელის“ პოსტსკრიპტუმშიც საუბრობთ. პერსონაჟებზეც ახსენებთ, რომ თავად გეუბნებიან, რა როგორ უნდა მოხდეს.
მთელ ჩემს წერის პრაქტიკას ღიაობისა და მზადყოფნის მდგომარეობა ახლავს თან. ალბათ, ამიტომ არ მაქვს სურვილი ჯერ გადავწყვიტო, რაღაც რომ უნდა დავწერო და შემდეგ შევუდგე საქმეს. ეს ყველანაირი შესაძლებლობის კარს მიხურავს. როგორ დავწერო წიგნი, რომელიც ჯერ არ დამიწერია?! მზადყოფნაში ვერ ვიქნები შემომავალი იდეებისთვის თუ რაღაც პროექტზე ვმუშაობ, რომლის გვარობაც წინასწარ განსაზღვრულია. გესმით, რასაც ვგულისხმობ?
სრულებით.
ჩემთვის ასეა. ბევრი მწერლისთვის, პირიქით. ამ მხრივ სპექტრის ბოლოში ვდგავარ.
ზოგიერთ ჩვენგანს, დავალებების შესრულება უბრალოდ არ შეუძლია.
ვფიქრობ, უმეტესობა რედაქტორი, ვისთანაც მიმუშავია, გეტყვით, რომ კეთილგონიერი ვარ. თუმცა ისინი დავალებებს არც მაძლევენ, ჩვენ ვთანამშრომლობთ. კარგი რედაქტორი არასდროს იტყვის „ეს ამოიღე!“, არამედ მიგითითებს, რომ რომელიღაც აბზაცი ცოტა გაუგებრად გიწერია. შემდეგ შენ ეტყვი, „არაფერიც, ყველაფერი ცხადი და გასაგებია“.
მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს – წერა 5 წლისამ დავიწყე, ახლა 85-ის ვარ. შესაბამისად, კარგად ვიცი, როგორ უფრო ნაყოფიერად ვმუშაობ. თუ პროფესიონალ მწერლობას აპირებ, ამას ყურადღება უნდა მიაქციო – შენი საკუთარი წერის სისტემა უნდა ააწყო.
შენი ადგილი თავადვე უნდა იპოვო.
ის აუცილებლად დაგხვდება. წერა ფართო ასპარეზია, ყველანაირი სახის გამომცემლობებითა და მკითხველებით. რომელიმეს აუცილებლად მოერგები. თუმცა ნება არ უნდა მისცე, თავი ისეთ ადგილას ამოგაყოფინონ, შენს ნიჭსა და უნარს რომ დათრგუნავს.
ეგოისტურად სევდიანი, მაგრამ ასევე გაოცებული ვარ, რომ ამჯერად რომანზე არ მუშაობთ, ამბობთ ენერგია აღარ მყოფნისო.
ეს არ მაბედნიერებს. ამის თქმაც არ მსიამოვნებს. მგონია, ცხოვრებაში რომანის დაწერაზე კარგი ცოტა რამ გამიკეთებია. მაგრამ ამჯერად რისი შესაძლებლობაც მაქვს, იმას ვჯერდები.
ბლოგის წერა თქვენთვის ნამდვილად შესაფერისია! [ლე გუინი საიტზე, Book View Café, წერდა]
ეს ერთადერთი სივრცეა, სადაც გამოხმაურების ნახვა შემიძლია. შთამბეჭდავი პროცესია, უმალ როცა ხედავ, რა მოსწონს, რა აღაფრთოვანებს მომხმარებელს.
თითქოს სახლის გარეთ ხალხი გელოდებათ, არა?
ადრე ინტროვერტ/ექსტროვერტობის ტესტი გავაკეთე. კატეგორიულად ინტროვერტი აღმოვჩნდი. შესაბამისად, ხალხი ოდნავ მღლის.
მაგრამ ემპათიაში ნულს არ აიღებდით.
ოჰ, არა! ეს პრობლემა არასდროს ყოფილა.
უბრალოდ დრო გჭირდებათ მარტო ყოფნისთვის.
დიახ, მარტოობა მესაჭიროება.
© არილი