პროზა

სანდრო წერეთელი – ბედნიერი დასასრული

 

ანას მოულოდნელად დაშორდა შეყვარებული. ყველაზე უპრობლემო, ბედნიერ დროს, როდესაც ურთიერთობა თითქოს ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა – ანა ფიქრობდა, რომ სულ ცოტაც, და გიორგი ხელს სთხოვდა. ელოდა, რომ ხელის თხოვნა რაღაც გრანდიოზული და ექსტრავაგანტური სიურპრიზი იქნებოდა – როგორც მიღებულია საზოგადოდ. მაგრამ გიორგი დაშორდა. დაშორების მიზეზი ანასთვის ბუნდოვანი დარჩა. ეს ბუნდოვანება დაშორების საყოველთაოდ ცნობილ სევდას კიდევ უფრო ამწვავებდა. მოულოდნელი ტრაგედია და მისი გაურკვეველი მიზეზები. სარკეში ჩახედვა აღარ უნდოდა. ოთახში ჩაიკეტა და ყველანაირ სოციალურ აქტივობაზე უარი თქვა.

მაგრამ სოციალურ ქსელებზე უარის თქმა მაინც ვერ შეძლო. ჩაბნელებულ ოთახში მჯდარს სევდიან სახეზე მუდამ ეფინა ტელეფონის ეკრანის მჭახე ნათება. ამა თუ იმ სოციალურ ქსელში გამუდმებით აწყდებოდა აწ უკვე ყოფილი შეყვარებულის ცხოვრების ახალ-ახალ ეპიზოდებს: გიორგი ბაქოში გამართულ მარკეტინგის საერთაშორისო, სტუდენტურ კონვენციაზე, სიგელით ხელში; გიორგი კოქტეილით ხელში ქალაქის ცენტრში ახლადგახსნილ ბარში, მეგობრებით გარშემორტყმული. გიორგის სალათა და კაპუჩინო. გიორგი მისი ერთ-ერთი მეგობრის (მათი საერთო ნაცნობის) სახლში ქალაქგარეთ.  სოციალურ ქსელებში მიმოფანტულ სურათებსა და პოსტებში ანა ცდილობდა იმ სევდის ჩრდილი მაინც დაენახა, რასაც თავად განიცდიდა, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, გიორგის ცხოვრება ყოველგვარი დანაკლისისა და შეფერხების გარეშე მიედინებოდა – ისევე წარმატებულად და უდარდელად, როგორც მანამდე.

ანას განწყობა დღითი-დღე უარესდებოდა. ბნელი ოთახიდან გამოსვლაზე მხოლოდ საჭმელად თანხმდებოდა, ესეც ისე, თითქოს აუცილებელ, მაგრამ დამამცირებელ კომპრომისზე მიდიოდა. სწავლაზე გული აიცრუა და მეგობრებთან ურთიერთობის სურვილიც გაუქრა. ისინი ურეკავდნენ, ეპატიჟებოდნენ დაბადების დღეებზე, ფესტივალებზე ან უბრალოდ ყავაზე შესახვედრად, მაგრამ გარეთ ვერაფრით გაიტყუეს.

ამ ჩაკეტილობიდან გამოსავალი არ ჩანდა. სოციალურ ქსელებში დატოვებული გიორგის ნაკვალევის მუდმივმა თვალთვალმა ანა საბოლოოდ მიაჯაჭვა თავის ოთახსა და ტელეფონს. გიორგი ანასთვის ახლა ნამდვილ ურჩხულად გადაიქცა და თან ისეთ ურჩხულად, რომელიც სრულყოფილი და წარმატებული ცხოვრებით ცხოვრობს. გიორგისთან ლაპარაკი დაშორებისწინა მტკივნეული მიმოწერის შემდეგ აღარ შემდგარა და კონტაქტის ეს ნაკლებობა ანას შთაბეჭდილებას გიორგის სრულყოფილი ცხოვრების შესახებ ხელს უწყობდა – ახლა ეგონა, რომ გიორგის ცხოვრების ყველა ნაკლი, მისი ცხოვრებიდან ანას გაქრობასთან ერთად გაქრა.

არავინ იცის, თუ სადამდე მიიყვანდა ანას ასეთი ცხოვრების წესი, უმოძრაობა და  დარდი, რომ არა სოციალურ ქსელში გამოჩენილი სურათი – ისევ გიორგის ცხოვრებიდან. ერთ დღესაც, გიორგიმ თავისი ცხოვრების მორიგი ეპიზოდი დადო; უცხო, მიუკერძოებელი პირისთვის ამ სურათში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული ან ამაღელვებელი, მაგრამ უწყინარმა ფიზიკურმა კონტაქტმა, რომელსაც გიორგი სურათში ამყარებდა ვიღაც უცხო გოგოსთან (მასზე ხელი ჰქონდა გადახვეული) ანაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხელის ეს გადახვევა რაღაც ახალს მოასწავებდა, გიორგის სრულყოფილი ცხოვრების კიდევ უფრო სრულყოფას – რაზეც, უცნაურია, მაგრამ ანას აქამდე არ უფიქრია. შეიძლება გიორგის მთელი მონსტრუოზულობის მიუხედავად, ანას ვერ წარმოედგინა, რომ ასე მალე მოიძებნებოდა მისი შემცვლელი. აქამდე გიორგის სურათებში მხოლოდ მამრობითი სქესის მეგობრები ან საკმაოდ უსიმპათიო გოგონები იყვნენ, მარკეტინგის ფაკულტეტის ელიტური ჯგუფებიდან. უცნობმა გოგოს დანახვამ სურათში, თანაც საკმაოდ ინტიმურ კომპოზიციაში, ანა წყობიდან გამოიყვანა. და წყობიდან გამოსვლამ ოთახიდან გამოსვლაც აიძულა.

წყობიდან გამოსვლას შეიძლება სხვა შედეგიც მოჰყოლოდა, მაგრამ უკიდურესი ზომების მისაღებად, მაგალითად, თავის მოსაკლავად, ანას გარემო პირობები არ უწყობდა ხელს, სურათის ნახვის შემდეგ კი (რომელსაც ელოდა, რომ მალევე მოჰყვებოდა სხვა მსგავსი სურათები) ოთახში დარჩენა და გიორგის ციფრული პიროვნების თვალიერება შეუძლებელი გახდა. სხვა გზა აღარ იყო, რაღაც უნდა შეცვლილიყო ანას ცხოვრებაში და ისიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად, გასასეირნებლად გამოეწყო.

გარეთ გამოსულს ცოტათი იმედი გაუცრუვდა – თითქოს ელოდა, რომ ქალაქი მის შინაგან განწყობას აირეკლავდა და ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში ისეთივე საცოდავ იერსახეს მიიღებდა, როგორც თვითონ ეგონა რომ ჰქონდა. მაგრამ არაფერი ჩამოქცეულიყო, პირიქით, ენერგიული მშენებლობა მიდიოდა, მანქანების ხმაურს მუშების ერთმანეთში გადაძახილი და ელექტრო ხელსაწყოების ღმუილი ერეოდა – ქუჩა ისეთივე ხმაურიანი იყო, როგორიც ახსოვდა – და შეიძლება უფრო მეტადაც. ცხოვრება, მისდა გასაკვირად, შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ამ გარემოებამ ერთდროულად დაამწუხრა და შვებაც მოჰგვარა. შეეძლო, თუკი მოისურვებდა, ტრაგედიის მძიმე განცდის გარეშე ესეირნა ქალაქში, რომელსაც ფეხებზე ეკიდა მისი ტანჯვა. უფრო სწორად – საერთოდ არც იცოდა, თუ ასეთი რამ არსებობდა.

ამინდიც რაღაც ორმაგი გამოდგა – მოკრიალებულ ცასა და გაზაფხულის მზეს ძლიერი ქარი ახლდა. ანას სულ მალე აეწეწა ისედაც დაუდევრად დავარცხნილი თმა. ათიოდე წუთის სეირნობის შემდეგ ქარმა კიდევ უფრო მოიმატა და ანას გულშიც გრძნობები აბობოქრდნენ. მაგრამ ეს ქარზე მეტად შეიძლება იმის ბრალია, რომ ანა იმ ადგილებს მიუახლოვდა, სადაც გიორგის ხშირად ხვდებოდა ხოლმე. გიორგი და მისი სამეგობროს დიდი ნაწილი აქვე ახლო-მახლო ცხოვრობდა. ანა თითქოს მხოლოდ ახლა გამოერკვა და მიხვდა, თუ სად აღმოჩნდა. აღელდა, რადგან სულაც არ იყო გამორიცხული, რომ აქ გიორგის შემთხვევით შეხვედროდა; პატარა სკვერი, სადაც ხშირად მსხდარან ის და გიორგი, ყურადღებით მოათვალიერა, მაგრამ საინტერესო ვერავინ შენიშნა. კვლავ უიმედობა იგრძნო და მოუნდა, სასწრაფოდ გასცლოდა ამ ადგილს, შებრუნდა, რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და სწორედ ამ დროს ვიღაც მხარზე შეეხო. მძაფრი წამი გადაიტანა სანამ ისევ შემობრუნდებოდა და დაინახავდა იმას, ვინც გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა, რომ გიორგი იქნებოდა. იმედი გაუცრუვდა, მაგრამ მთლად ბოლომდე არა, რადგან გიორგის ახლო მეგობარი, ბექა შერჩა ხელში.

  • კარგად გამოიყურები – თქვა მისალმების შემდეგ ბექამ.

კომპლიმენტი გაუკვირდა, მაგრამ იფიქრა, რომ ზერელე ძალისხმევის მიუხედავად, რომელიც გამოსვლის წინ გარეგნობის წესრიგში მოყვანას დაუთმო, ორკვირიანი ტანჯვა მაინც რაღაც მომხიბვლელობას ანიჭებდა მის გარეგნობას.

ერთმანეთი მოიკითხეს და ცოტა ხანი უმნიშვნელო, ყოფით საკითხებზე ილაპარაკეს. ბექას დასმულ შეკითხვებზე – უნივერსიტეტის, საერთო ნაცნობების და ჯანმრთელობის შესახებ, მოკლედ და მშრალად პასუხობდა. ელოდა, რომ ბექა გაკვრით მაინც ახსენებდა გიორგის და დაშორების ტრაგედიაზე მიანიშნებდა, თუნდაც თანაგრძნობის გამოსახატავად, მაგრამ ბიჭი თითქოს განზრახ არიდებდა თავს ამ თემას. არადა შეუძლებელი იყო, არაფერი სცოდნოდა – გიორგის სულ ხელებისა და ფეხების თითებზე ჩამოსათვლელი ჰყავდა ასეთი ახლო მეგობარი.

  • მოდიხარ ამ საღამოს? – ჰკითხა ბოლოს ბექამ, როდესაც ყველა წვრილმანი სასაუბრო თემა ამოიწურა.

ანა მიხვდა, რომ, როგორც იქნა, მიუახლოვდნენ მისთვის საინტერესო საკითხს. იცოდა, რომ „ამ საღამოს“, რაც არ უნდა ყოფილიყო დაგეგმილი, გიორგიც იქ იქნებოდა. იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, ამ საღამოს არსად იყო დაპატიჟებული, თავი ისე მოაჩვენა, თითქოს კარგად არ ახსოვდა რაზე იყო საუბარი.

  • უი – გაიკვირვა გულუბრყვილოდ და ბექას თვალი აარიდა, თითქოს ძალიან გონებაგაფანტულს სივრცეში თვალის გაშტერება სჭირდებოდა დეტალების გასახსენებლად – კი, მგონი მოვდივარ.

თან თამაშობდა, თან თვითონაც უკვირდა – კარგად არ იცოდა, თუ რატომ აკეთებდა ამას, მაგრამ რადგან, პრინციპში, არაფერი დაშავდებოდა, თუ ასეთი გზით რამე მნიშვნელოვანს გაიგებდა ბექასგან, გადაწყვიტა, თამაში გაეგრძელებინა. ბოლოს და ბოლოს, შეეძლო ყოველთვის დაეხია უკან და სიმართლე ეთქვა.

ბექამ გაუღიმა. ანას სასწრაფოდ უნდა მოეფიქრებინა რამე საუბრის გასაგრძელებლად, მაგრამ ბექამ თვითონ უთხრა:

  • იცი სად არის? მოიცა, ახლავე – და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, ტელეფონში რაღაცას დაუწყო ძებნა.

ბექა თვითონ აწვდიდა იმ ინფორმაციას, რომლის დაცინცვლასაც ანა ეშმაკობით აპირებდა. სხვა შემთხვევაში ანას ეს აუცილებლად დააფიქრებდა, მაგრამ ახლა მთელი მისი ყურადღება სხვა რამით იყო დაკავებული – ცდილობდა თავი რაც შეიძლება ბუნებრივად დაეჭირა.

  • ახლავე – თქვა ბექამ, მიუხედავად იმისა, რომ ანას მოუთმენლობა არ გამოუხატავს – აი, ვიპოვე.

იმ ბარის, სადაც შეკრება იყო დანიშნული, სახელი და მისამართიც კი უთხრა. ანას პირველი ვარაუდიც სწორედ ეს ბარი იყო – გიორგის და ანას საყვარელი შეხვედრის ადგილი, სანამ ერთად იყვნენ. როგორც ჩანს – მწარედ გაიფიქრა ანამ – თვითონ არ ყოფილა მიზეზი, თუ რატომ მოსწონდა გიორგის ეს ბარი.

ბექასთან მეტი აღარაფერი იყო სალაპარაკო, ახლა უკვე სასწრაფოდ განმარტოება უნდოდა. ბიჭს დაემშვიდობა და ისევ უკან, თავისი სახლისკენ გაუყვა ქუჩას.

ბექამ ანას თვალი გააყოლა და როდესაც გოგო თვალს მიეფარა, იქვე ერთ-ერთი თავისუფალი სკამი მოძებნა. სადღაც რეკავდა, თან ქვედა ტუჩს საქმიანად იჭამდა.

  • რაშვები – თქვა ბექამ, როდესაც ზარი გავიდა – მეც არამიშავს. ხო, მაგაზე გირეკავ ზუსტად. ეხა ვნახე კაკრაზ. არა, მისვლას ვაპირებდი, მაგრამ შემთხვევით შემხვდა.

ბექა დაელოდა სანამ კითხვები, რომლებიც თანამოსაუბრემ დააყარა, მორჩებოდა.

  • ხო, ტონკად ვუთხარი. ამ საღამოს, კი. ვიცი რომ იცის, მაგრამ მისამართიც ვუთხარი მაინც. რავი, მგონია, რომ მოვა. არა, არაფერი უთქვამს. თუ არ მოვა, მერე შეგვიძლია სხვა რამე მოვიფიქროთ.

საუბარი დაასრულა და წამოდგა. ჩქარი ნაბიჯით გაემართა ქვევით, ხმაურიანი ქუჩისკენ, კაცივით, რომლის დარჩენილი დღეც უამრავი მოსასწრები საქმით არის დაკავებული.

ანა ნელ-ნელა მიიწევდა სახლისკენ. ბექასთან შემთხვევითმა შეხვედრამ, ერთი მხრივ, ბუნდოვანი და უსაფუძვლო იმედი გაუჩინა; უფრო ფხიზელი, რაციონალური ნაწილით კი იცოდა, რომ შეკრება, რომელიც ანას გარეშე დაგეგმეს, მისი ყველაზე უარესი შიშების გამართლება იყო. წარმოიდგინა, როგორ შეიკრიბებოდნენ გიორგის მეგობრები – მათ შორის მისი ახალი მეგობრები, ფოტოზე ნანახი, ახალი მეგობარი გოგოს ჩათვლით. მშვენიერ საღამოს გაატარებდნენ. ადრეული გაზაფხულის პირობაზე თბილი ამინდი დამდგარიყო და, ალბათ, გარეთ დასხდებოდნენ. დალევას დაიწყებდნენ და შეკრებილებს შორის ურთიერთობა სულ მალე თამამი და გახსნილი გახდებოდა. წარმოიდგინა ფამილიარული შეხება და ჭიხვინი, რომელსაც სექსუალური მინიშნებებით დატვირთულ ხუმრობებზე ატეხდნენ. სახლს მიუახლოვდა, მაგრამ გზა გააგრძელა. ბნელ ოთახში დაბრუნება აღარ უნდოდა. შეეცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა – ფეხსაცმელზე, მაღაზიის ვიტრინაში ან კრუასანზე უბნის ყველაზე ცნობილ საკონდიტროში. მაგრამ კრუასანმა მადა ვერ აღუძრა. ფეხსაცმელმა გულგრილი დატოვა. ცოტა ხანი ქუჩაში გაჩერდა ჩაფიქრებული – როდესაც შებრუნდა და ისევ სახლისკენ წავიდა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

ჩაბნელებულ ოთახში დაბრუნებულმა შუქი აანთო და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მივიწყებული ტანსაცმლის მოსინჯვა დაიწყო. მექანიკურად იცვამდა და იხდიდა, მაგრამ ვერ ამჩნევდა დეტალებს, სარკეში მხოლოდ საკუთარ სილუეტს ხედავდა და ვერ იმახსოვრებდა, თუ როგორ გამოიყურებოდა უკვე მოსინჯულ ტანსაცმელში.

რას იზამდა, როდესაც ბარში მივიდოდა? ეს არ იცოდა, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იქ წასვლა უნდოდა და ამ სურვილის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეეძლო.

საათი შეამოწმა – ერთი საათი მაინც გასულიყო, რაც ტანსაცმელს ირგებდა. ჯერ კიდევ ჰქონდა რამდენიმე საათი – გადაწყვიტა ბარში გვიან მისულიყო, როდესაც ყველანი უკვე შეკრებილები იქნებოდნენ; ჯერ შორიდან დაათვალიერებდა მათ და მოიფიქრებდა, ახლოს მისულიყო თუ არა.

დამამშვიდებელი დალია და პარალონი გაშალა მედიტაციისთვის. მედიტაცია არასოდეს გამოსდიოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა ეღონა ცოტა დასამშვიდებლად – საღამოსთვის რაც შეიძლება გაწონასწორებული უნდა ყოფილიყო.

მედიტაციისას ფიქრობდა იმ კატასტროფასა და შერცხვენაზე, რომელიც საღამოს ელოდა. ეს ყველაზე საშინელი საღამო იქნებოდა მის ცხოვრებაში და ამის გაფიქრებაზე მთელს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. ცოტა ხანში დამამშვიდებელმაც დაიწყო მოქმედება და ცოტა ხანში ჩაეძინა კიდეც.

როდესაც გაეღვიძა, უკვე ის დრო იყო, როცა, ალბათ, ბარში ნელ-ნელა ხალხი მისვლას დაიწყებდა – ძილ-ბურანში მყოფი ემზადებოდა გასასვლელად. რადგან მედიტაციის, დამამშვიდებლისა და ძილის შემდეგ მაინც წასვლა უნდოდა, ესე იგი ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. სახლიდან გასვლისას გაკვირვებულ და თავშეკავებულად გახარებულ მშობლებს (ამ დღეს უკვე მეორედ გადიოდა ანა სახლიდან) მიაძახა, რომ დააგვიანდებოდა. ბარამდე ფეხით აპირებდა მისვლას, რისთვისაც დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდებოდა.

ქუჩას ნელი ნაბიჯით გაუყვა. ახლა, წესით, ყველანი უკვე ბარში იქნებოდნენ. როგორც ვარაუდობდა, ამინდი გარეთ ჯდომისათვის შესაფერი იყო. ასე რომ, ბარს, რომლის ეზოში დადგმული ზოგიერთი მაგიდიდან ქუჩის ნაწილი მოჩანდა, ფრთხილად უნდა მიახლოებოდა, რომ დროზე ადრე არავის შეემჩნია. დამამშვიდებლის მოქმედება შესუსტდა და ანას მღელვარება მოემატა. მით უმეტეს, რომ ჯერ არ მოეფიქრებინა, რას იზამდა, როდესაც შეკრებას იპოვიდა.

წარმოიდგინა, როგორ გაითამაშებდა გაკვირვებას, მათ მაგიდასთან მიახლოებული და ნეიტრალური, ცოტა არ იყოს გულგრილი ტონი მიესალმებოდა კამპანიას. შემდეგ კი უხერხული, ნაძალადევად მხიარული რეპლიკების თანხლებით მისთვის გამოთავისუფლებულ ადგილზე დაჯდებოდა. ან შეიძლება არც დამჯდარიყო. რა იქნებოდა მათი რეაქცია? ალბათ, ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედავდნენ, გიორგი კი, ცოტა გაღიზიანებული, მხრების აჩეჩვით უპასუხებდა მეგობრების გაკვირვებულ მზერას.

არა, ასე პირდაპირ ვერ მივიდოდა – სხვა რამე უნდა მოეფიქრებინა; მაგრამ სხვა არაფერი აფიქრდებოდა. ბარის ეზოში შესასვლელ დიდ ჭიშკართან შეყოყმანდა – ჯერ კიდევ შეეძლო უკან დახევა. შეეცადა შიგნით შეეხედა – მაგიდები და მათ ირგვლივ შემომსხდარი ხალხი მოჩანდა, მაგრამ მათ შორის გიორგის სამეგობრო ვერ ამოიცნო – რამდენიმე ცარიელი მაგიდაც შენიშნა. ეს კარგი ნიშანი იყო – ესე იგი გიორგის მაგიდა ბარის უფრო სიღრმეში უნდა ყოფილიყო და შეეძლო, რომელიმე თავისუფალ მაგიდაზე ისე დამჯდარიყო, რომ მათ ვერც შეენიშნათ – რა თქმა უნდა, ასეც მოიქცეოდა – ჯერ ცალკე დაჯდებოდა, იმის მოსაფიქრებლად კი, თუ რა უნდა ექნა შემდეგ, მთელი საღამო ჰქონდა.

რაც შეიძლება თვალს  მოფარებული მაგიდა ამოარჩია და დაჯდა. ახლა რაღაცას უნდა დალოდებოდა – შესაფერის მომენტს და რადგან არ იცოდა, თუ რისთვის შესაფერისს,  ასეთი მომენტი ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო.

შეეძლო მშვიდად ეთვალიერებინა ბარი. როგორც ივარაუდა, ისინი ბარის სიღრმეში ისხდნენ. ანასა და მათ მაგიდებს შორის კიდევ რამდენიმე მაგიდა იდგა – თუ გაუმართლებდა, საკმაოდ დიდი ხანი შეეძლო აქ შეუმჩნევლად ყოფნა. საპირფარეშოებიც მეორე მხარეს იდგა, ასე რომ, ანას მაგიდასთან ჩავლა აუცილებელი არ იყო. ჯერჯერობით ყველაფერი ხელს უწყობდა.

რამდენიმე წუთში მენიუ მიუტანეს. გაფანტულად გადაშალა სასმელების გვერდზე და თვალი გადაავლო – სხვა, უფრო ჩვეულებრივ დროს, ალბათ, ჭიქა როზეს ან ჩამოსასხმელ ლუდს შეუკვეთდა, მაგრამ ახლა რადგან სწრაფად სჭირდებოდა გამხნევება, ყველაზე ალკოჰოლური კოქტეილი ამოარჩია.

სანამ შეკვეთილ სასმელს მოიტანდნენ (რასაც ერთი თხუთმეტი წუთი მაინც დასჭირდა), გიორგის მაგიდის კარგად შეთვალიერება შეძლო. ვინც აინტერესებდა, ყველა შეეძლო დაენახა – გიორგი, რომელიც ანასგან ზურგით იჯდა, მის მარჯვნივ მჯდომი ბექა და მარცხნივ მჯდომი უცნობი გოგონა. დანარჩენებს (სულ რვანი იყვნენ) ანა ყველას იცნობდა, მაგრამ ანას ისინი არ აინტერესებდა, ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ სხვა მაგიდაზე იჯდა – მათი გიორგის მაგიდაზე ყოფნა არ იყო გასაკვირი და არც მათი არყოფნით შეიცვლებოდა რამე.

ანა ხედავდა, როგორ წამდაუწუმ, მრჩეველივით გადაიხრებოდა ხოლმე ახალი გოგო გიორგისკენ რაღაცის სათქმელად – ბარის ხმაურს კარგად იყენებდა თავისი მიზნებისთვის. გიორგიც, როგორც ჩანდა, ყურადღებით, (ალბათ, სიამოვნებითაც) უსმენდა და პასუხობდა. ანას ცუდი წინათგრძნობა არათუ მართლდებოდა, მისი წარმოსახვა სუსტიც კი აღმოჩნდა ყველა საშინელების წინასწარ წარმოსადგენად. სამეგობროში გაჩენილი ახალი წევრის გარდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ კიდევ რაღაც იყო განსხვავებული იმისგან, როგორადაც ახსოვდა გიორგის სამეგობროს მსგავსი შეკრებები – მაგრამ ზუსტად ჯერ კიდევ ვერ გაერკვია – რა. ერთი რამ კი ნამდვილია, რომ ყველაფერი ჩვეულებრივზე ცოტა უფრო ხმამაღლა, ცოტა უფრო მხიარულად, ცოტა უფრო მეტი სასმლის თანხლებით ხდებოდა – ერთმანეთს საუბარს არ აცლიდნენ და ბარში მდგარი მაგიდებიდან ყველაზე ხმაურიანად იცინოდნენ. თითქოს რაღაცას აღნიშნავდნენ. ისიც აშკარა იყო, რომ შეკრების ცენტრი გიორგი უნდა ყოფილიყო, ყველაზე ხშირად მას უწევდა საუბარი გაეწყვიტა ერთთან, რათა მეორეს რეპლიკაზე ან შეკითხვაზე ეპასუხა. ანა შეეცადა გაეხსენებინა ყველა მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც გიორგისთან ერთად ჰქონდა აღნიშნული მათი სამწლიანი ურთიერთობის მანძილზე, მაგრამ ამ კონკრეტულ, უმნიშვნელო, არაფრით გამორჩეულ ოთხშაბათს (გარდა პირველი არაჩვეულებრივი ამინდისა ზამთრის აბეზარი სიცივეების შემდეგ), არაფერი ემთხვეოდა.

დაღლილმა ოფიციანტმა კოქტეილი მოუტანა და ანამ ნახევარი მაშინვე გამოცალა. შეეცადა გამოეცნო, თუ რატომ შეიკრიბნენ გიორგი და მისი მეგობრები შუა კვირაში მაგრამ დამაჯერებელი ვერსიები არ ჰქონდა. ინტუიციამ უკარნახა, რომ შეკრების მიზეზი იმ ახალ გოგოსთან დაეკავშირებინა, ჯერ არ იცოდა როგორ.  უცებ თავი საშინლად მარტოსულად იგრძნო და კოქტეილის კიდევ ერთი მოზრდილი ყლუპი მოსვა. უფრო მეტი ალკოჰოლი იყო საჭირო მიუსაფრობის და სასოწარკვეთის განცდის შესარბილებლად და სამოქმედო ენერგიად გარდასაქმნელად. ბოლო ყლუპის შემდეგ მართლაც სწრაფად იგრძნო ალკოჰოლის მოქმედება. შენიშნა, რომ ახლომახლო მაგიდებიდან აკვირდებოდნენ – უმეტესად კაცები.

მაგრამ ამას ოდნავადაც არ შეუწუხებია და ეს ნიშანი იყო, რომ მოქმედებისთვის საჭირო გამბედაობა უკვე მოკრებილი ჰქონდა. მაგრამ რა უნდა ექნა, ჯერ მაინც არ იცოდა. მოქეიფეებთან მისვლა და თავის მოჩვენება, თითქოს აქ შემთხვევით აღმოჩნდა, არ გამოვიდოდა. ჯერ ერთი, ამ უდარდელობის გათამაშება ახლა შეუძლებლად ეჩვენებოდა – ვერავის დააჯერებდა. პირიქით, ალბათ, მისდამი სიბრალულით განეწყობოდა ზოგიერთი. მაგრამ მეორე, და მთავარი, ამ სამოქმედო გეგმის უარსაყოფად იყო ის, რომ ასე მოქცევას საკმარისი სიმძაფრე აკლდა. შესაბამისი არ იყო იმასთან, რისი გამოხატვაც ანას უნდოდა.

წარმოიდგინა მეორე, უფრო ექსცენტრიკული სცენა. გიორგის მაგიდაზე დიდი ხანია აღიზიანებდა არყის ბოთლი – აღიზიანებდა მისი საზეიმო ციმციმი და ასევე ფრთხილი სიზუსტე, რომლითაც გიორგი და მისი მეგობრები არყის ჭიქებში ჩამოსხმისას ბოთლს ეპყრობოდნენ: სცენაში ანა მაგიდასთან მივიდოდა (ამჯერად გამარჯობის გარეშე) და სანამ რომელიმე მათგანი შეამჩნევდა და მოიფიქრებდა, თუ რა რეაქცია უნდა ჰქონოდა მის დანახვაზე, არყის ბოთლს ხელს დაავლებდა და მაგიდის კუთხეზე ჩამოამტვრევდა. ფილმის შენელებულ კადრად წარმოიდგინა უამრავი, გამჭვირვალე შუშის ციმციმა  ნამსხვრევის ბარის სველ იატაკზე მიმოფანტვა.

ეს სცენა უფრო მოსწონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კიდევ სულ ცოტა აკლდა საჭირო სიმამაცემდე.

კოქტეილი ბოლომდე ჩაცალა. ბარში ხალხი მომატებულიყო და გიორგის მაგიდას ახლა ბარში ის ახალმოსულები ფარავდნენ, რომელთაც დასაჯდომი არ ჰქონდათ და მაგიდებს შორის იდგნენ თავიანთი ჭიქებით ხელში. მაგიდა რომ თვალს მიეფარა, ანას კვლავ ეჭვი და ყოყმანი მოეძალა. არყის ბოთლის დამსხვრევა ვულგარულობად და ველურობად მოეჩვენა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა კიდევ სჭირდებოდა ალკოჰოლი. ოფიციანტს, რომელსაც თავს ზემოთ ცარიელი ჭიქები ეჭირა და მაგიდებს შორის გაძრომას ცდილობდა, კოქტეილი შეუკვეთა.

საბოლოო მოქმედება შეეძლო კოქტეილის მოსვლამდე გადაედო, მანამდე კი საჭირო იყო, დაესვენა. მაგიდიდან წამოდგა და ტუალეტებისკენ გაემართა. ძლივს აუქცია გვერდი გადაჭედილ მაგიდებს და სამშვიდობოს გასულს, ანუ ტუალეტის კაბინაში მარტო დარჩენილს, უნიტაზზე მჯდარს და საკუთარი მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილს, მას შემდეგ, რაც მსუბუქი გულისრევა ჩაუწყნარდა, შურისძიების ყველა შესაძლო სცენარი მიზანს აცდენილად მოეჩვენა. აზრი არაფერს ჰქონდა. მოეჩვენა, რომ ალკოჰოლმა, რომელიც ისევ სწრაფად ეკიდებოდა, გონების საბოლოოდ დაბინდვის ნაცვლად, თითქოს პირიქით, მძაფრი ემოციები დაუბლაგვა და ახლა სინამდვილე უფრო ცხადად შეეძლო დაენახა. არაფერი ესაქმებოდა არყის ბოთლთან და გიორგის მეგობრების გაკვირვებულ სახეებთან. შურისძიება ფეხებზე ეკიდა (თავი ასწია, დაასლოკინა და კაბინა კიდევ ერთხელ დატრიალდა). გიორგიც ფეხებზე ეკიდა. მაგრამ აუცილებლად სჭირდებოდა გაერკვია… კითხვები აწუხებდა. გიორგისთან დალაპარაკება სჭირდებოდა. უნდოდა სცოდნოდა სიმართლე – რა მოხდა, როდესაც გიორგი ასე მოულოდნელად დაშორდა. მეტი, პრინციპში, არაფერი იყო მნიშვნელოვანი. თავისი საწოლის გარდა, რომელშიც უცებ ჩაწოლა მოუნდა – საწოლის ხათრით სასწრაფოდ უნდა მოემთავრებინა ამ ბარში საქმე.

ხელები გულმოდგინედ დაიბანა, თმა შეისწორა და გადაწყვიტა, რომ ჯერ კიდევ შეეძლო თავი ფხიზლად დაეჭირა. მართლაც, ფეხიც კი არ შეშლია, როდესაც ტუალეტიდან გამოვიდა და თავისი მაგიდისკენ გაემართა.

მაგიდას მშვიდი და მტკიცე მიუჯდა. შეკვეთილი სასმელი მოეტანათ და ანამ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში პირველად გრძნობდა შვებას, ჭიქა სიამოვნებით აიღო ხელში. ჭიქა უკვე ტუჩებთან ჰქონდა მიტანილი, როდესაც ხალხი, რომელიც გიორგის მაგიდას ფარავდა, ცოტა გაიწ-გამოიწია და ანამ რამდენიმე ცარიელი სკამი შენიშნა იქ, სადაც გიორგის სამეგობრო უნდა მჯდარიყო. სულ მალე, მას შემდეგ, რაც მოსმული ყლუპი კინაღამ გადასცდა და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა, დარწმუნდა, რომ მაგიდა მართლაც ცარიელი იყო.

ტუალეტის კაბინაში მოპოვებული სიმშვიდე მაშინვე დაეკარგა. წამოდგა და მიმოიხედა – ნაცნობი აღარავინ ჩანდა ბარში. მაგრამ თან მოეჩვენა, რომ ყველა მას უყურებდა და ელოდა, რას გააკეთებდა, მაგრამ ეს ფლეშმობი საკუთარი ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნია. ხმაურსაც კი მოეკლო ბარში და ხალხიც შეთხელებულიყო. ხელი ჩანთას წამოავლო, რამდენიმე კუპიურა ამოიღო და მაგიდაზე დაყარა. გიორგის უნდა დასწეოდა – შორს ვერ იქნებოდნენ წასულები, მაგრამ ანას სწრაფად უნდა ემოქმედა.

ჭიშკრისკენ წავიდა და გაკვირვებით აღმოაჩინა, რომ სიარული უჭირდა და თავისთვის ძალის დატანება სჭირდებოდა, რომ არ ებარბაცა. ყურადღება მოიკრიბა და შეეცადა, რაც შეიძლება სწრაფად და მტკიცე ნაბიჯით წასულიყო გასასვლელისკენ. ჭიშკართან ახლოს იყო (ცდილობდა მის მიღმა დაეჭირა ნაცნობი ხმები ან ნაცნობი სილუეტი დაენახა), რომ ოფიციანტმა დაუძახა. ანა გაღიზიანებული მოტრიალდა. ვერ გაიხსენა რამდენი ლარი დაყარა მაგიდაზე. ალბათ, ამიტომ ეძახდა ოფიციანტი. ჩანთის მოხსნისას წაბარბაცდა, მაგრამ დროზე შეიმაგრა თავი და ჩანთაში ფულის ძებნას შეუდგა, მაგრამ როდესაც ოფიციანტი დაეწია, სულ სხვა რამ უთხრა.

  • უკაცრავად, ვიღაც ბიჭი გკითხულობთ.

ანამ თავი ასწია და ოფიციანტს მიაშტერდა.

  • ვინ ბიჭი? – ჰკითხა ცოტა სულელურად.
  • აი, იქით გელოდებათ – თქვა ოფიციანტმა და ხელი ბარის სიღრმისკენ გაიშვირა. აქედან არ ჩანდა.

ანა შეყოყმანდა. ოფიციანტის დაღლილ სახეს ამღვრეული თვალებით მიაჩერდა, მაგრამ იქ ვერაფერი ამოიკითხა. ისევ საკუთარი ფანტაზიის იმედად რჩებოდა: იქნებ შეკრებილებმა შენიშნეს და როდესაც ანა ტუალეტში გავიდა, დრო იხელთეს და დაიშალნენ? მაშინ ის უცნობი ბიჭი, ვინც ოფიციანტს ანას მობრუნება დაავალა, გიორგი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ისიც შეიძლება, რომ ეს სულ სხვა, უცნობი ბიჭი იყო – ვიღაც მთვრალი, ზედმეტად თავდაჯერებული ბიჭი, რომელმაც შეამჩნია მარტო მჯდარი ანა და გადაწყვიტა თამამად ემოქმედა. ანამ არ იცოდა, რომელი ვერსია იყო უფრო სარწმუნო, მაგრამ სანამ ირწეოდა და ოფიციანტს უაზროდ შეჰყურებდა სახეში, იგრძნო, რომ გიორგის სამეგობროს გამოდევნების სურვილი აღარ ჰქონდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ თავს ძლივს იკავებდა წაქცევისგან. უცებ შვება იგრძნო, რადგან გადაწყვეტილების მიღების ტვირთი მოეხსნა.

ოფიციანტის მიერ ნაჩვენები ადგილისკენ წავიდა.  ბარის ეზო ბოლომდე გაიარა, ისე რომ არც ახალი თაყვანისმცემელი გამოჩენილა და არც ძველი და ის-ის იყო იფიქრა, რომ, როგორც იქნა, ყველაფერი დამთავრდა, ზუსტად ისე, როგორც პარკში რამდენიმე საათით ადრე, მხარზე ბექა შეეხო. ანა შემოტრიალდა და თვალებში ჩამოშლილი თმა გადაიწია. ბიჭი რაღაც უხერხულად იღიმოდა, რაღაცას ამბობდა. ანამ გასამხნევებლად მხარზე ხელი დაჰკრა.

  • როგორ ხარ? რა დამთხვევაა, არა? – თქვა ანამ.
  • კარგად კარგად. მოდი ჩამოვსხდეთ.

ბექამ ხელკავი გამოსდო და ერთ-ერთი ახლად დაცარიელებული მაგიდისკენ წაიყვანა.

  • კიდევ დალევ რამეს?

ანამ მხრები აიჩეჩა.

  • სხვები სად არიან? – ჰკითხა ანამ, როდესაც ბექამ თითო ჭიქა ღვინო შეუკვეთა.

ბექამ ბუნდოვანი, ცოტა არეული პასუხი გასცა. ხშირ-ხშირად იღებდა ხელში ტელეფონს და რაღაცას გამალებით კრეფდა. მაგრამ არც ანა უსმენდა ყურადღებით, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, გაუძლებდა თუ არა კიდევ ერთ ჭიქა ღვინოს. გადაწყვიტა, რომ გაუძლებდა. ბექას კი შეეძლო წასულიყო, ოღონდ მისი აქ ყოფნისაც არ ჰქონდა რამე საწინააღმდეგო.

  • აქ რა გინდა? – ჰკითხა კიდევ ერთხელ.
  • წეღან დაგინახე და მაგრად გამიკვირდა – თქვა ბექამ – შენ რა გინდა?

ანა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან მთვრალი იყო, მიხვდა, ბექას პასუხი საერთოდ არ შეესაბამებოდა მის შეკითხვას. აშკარა იყო, რაღაცას მალავდა. მაგრამ მაინცდამაინც აღარ აინტერესებდა, რას.  თვალი მოავლო ბარის ეზოს და ოფიციანტს მხიარულად დაუქნია ხელი.

  • ჩვენი ღვინო მალე მოვა?

ოფიციანტმა არაფერი უპასუხა და შენობაში მიიმალა.

ბექამ შეეცადა ანას ყურადღება მიეპყრო და საუბარი გაება, მაგრამ ტელეფონი ხელს უშლიდა. ღვინო მოიტანეს და ანამ ერთბაშად დალია ნახევარი. ბექა კიდევ უფრო შეშფოთდა, ანას ღვინის ჭიქა, მისი პროტესტის მიუხედავად წაართვა და ახლოს მიიდგა. თავისი ჭიქისთვის კი ხელი არ უხლია. ანამ თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ძალიან ეწყინა – ჩანთას ხელი დასტაცა და შეეცადა წამომდგარიყო.

  • წამო, მთაწმინდაზე ავიდეთ – სასწრაფოდ თქვა ბექამ – თბილი საღამოა, ზემოთ მაგარი იქნება. თან მთვრალი ხარ, ახლა რა გინდა სახლში.
  • დავიძინებ – თქვა ანამ და გაუცინა.
  • კაი რა, რა დროს ძილია.

ანამ მას უმეტყველო მზერა მიაპყრო. ბექას სახე ცარიელი ბარის მაგიდებს ზემოთ ტივტივებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მთვრალი იყო, მიხვდა – კიდევ რაღაც მზადდებოდა მისთვის. ბოროტმა ფიქრმა გაუელვა – გაჯიუტებულიყო და სახლში წასულიყო – გრძნობდა, რომ ამით დიდ დარტყმას მიაყენებდა ვიღაცას. ყოველ შემთხვევაში, ბექას მაინც მიაყენებდა.

  • კარგი რა – თითქოს ამის დასტურად თითქმის შეეხვეწა ბექა – წამო რა. კაი იქნება.

მაინც ცნობისმოყვარეობამ სძლია.

  • წავიდეთ – თქვა ანამ გულგრილად.

ბექა როგორც ჩანს მეტ წინააღმდეგობას ელოდა და ამ პასუხით გახარებული სკამიდან წამოხტა. მხოლოდ წამით დაიბნა, როდესაც ოფიციანტი მაშინვე ვერ მოძებნა, მაგრამ აღარ დალოდებია მის გამოჩენას, მაგიდაზე ფული დატოვა და ანას სკამიდან წამოდგომაში დაეხმარა. ტაქსამდე სანამ მივიდოდნენ ანა ბექას მხარზე იყო მიყრდნობილი. მანქანაში ჩაჯდომაშიც ბიჭი დაეხმარა და უკანა სავარძელზე მიაწვინა. ტაქსი დაიძრა თუ არა ანას ჩაეძინა მაგრამ ბექამ მაშინვე შეაღვიძა.

  • კაი რა, არ დაგეძინოს.
  • რატომ? – თქვა გაღიზიანებულმა ანამ. გული ერეოდა – რა შენი საქმეა?
  • ცოტაღა დარჩა – ნახავ რა კარგი იქნება.
  • რა იქნება კარგი? თავი დამანებე.
  • შეხედე, შეხედე – შეეხვეწა ბექა, ხელი წინ გაიშვირა.

აღმართზე ადიოდნენ – გზა მართლაც უჩვეულოდ განათებული იყო. ანამ შენიშნა, რომ ასფალტზეც, ფოსფორისფერი საღებავით ისრები დაეხატათ – წინ გაშვერილები, თითქოს მიმართულებას აჩვენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ წასასვლელი სხვაგან არც იყო.

  • ისრები? – იკითხა ანამ – ძაან კაია – ისევ სავარძელზე გადაწვა, თვალები დახუჭა.
  • კი – თქვა ბექამ და ისევ მხარზე შეეხო – თითქმის მივედით – ტელეფონშიც ჩასძახა –  მოვედით, მოვედით. მაქსიმუმ ხუთ წუთში. ორ წუთში მანდ ვართ.

ბექამ გოგო კიდევ ერთხელ შეაღვიძა. ანა გასწორდა, მაგრამ ეს მექანიკური მორჩილება იყო, არ აინტერესებდა სად მიდიოდნენ. თავი სტკიოდა და გულისრევა აღმართზე გაუძლიერდა. ის-ის იყო უნდა ეთქვა, რომ მეტის მოთმენას არ აპირებდა, რომ მანქანამ პლატოს მიაღწია – მოედანივით ადგილს, სადაც წყდებოდა ხეების რიგი და თბილისის ვრცელი ხედი იშლებოდა. მოედანზე შეკრებილმა, საზეიმოდ გამოწყობილმა ხალხმა მანქანას გზა დაუთმო, სხვები კი მოაჯირს, საიდანაც ღამის ქალაქის ხედით დატკბობა შეიძლებოდა, მოშორდნენ და მანქანასთან ახლოს მოიწიეს.

ანამ მანქანიდან ცალი ფეხი გადმოყო, მაგრამ მეორე კი მანქანაში დარჩა. მანქანის ირგვლივ შეკრებილებმა ტაში დასცხეს, თან შუშხუნა ღვინით სავსე ჭიქებს ჰაერში სწევდნენ. ერთი-ორმა დაუსტვინა კიდეც. ანამ მანქანიდან თავი გამოყო რათა უკეთ დაეთვალიერებინა ეს სცენა. სუფთა ჰაერმა ცოტა შეუმსუბუქა გულისრევა, მაგრამ ბექას დაელოდა რათა ის მანქანიდან გადმოსვლაში დახმარებოდა. მთელი მოედანი სახელდახელო განათებით იყო გაჩახჩახებული. მოაჯირზეც კი გაეყოლებინათ ნათურების გრძელი ასხმა. ანა გასწორდა და ამღვრეული თვალები მოავლო მთელ ამ უცნაურ თავყრილობას. ტაშმა, რომელიც აშკარად მისსა და ბექას მობრძანებას ეძღვნებოდა, მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, ალბათ ეს თუ იყო მიზეზი, რომ ტაში მოწყვეტით შეწყდა. ანამ უხერხულად გაჩუმებულ პუბლიკაში რამდენიმე ნაცნობი სახე დაინახა – გიორგის მეგობრები იყვნენ. ვიღაცამ ანასკენ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ როგორც კი გოგომ მისკენ მიატრიალა სახე, რომლის გამომეტყველებაც სახიფათოდ ახლოს იყო მტრულთან, შეყოყმანდა და შორიახლოს გაჩერდა.

ბექაც დაბნეული და შეცბუნებული იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ შეეცადა სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნებას – ანას მოაჯირისკენ ფრთხილად უბიძგა, ირგვლივ შეკრებილებიც გამხნევდნენ, წყვილს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, რათა მოაჯირამდე საზეიმოდ მიეცილებინათ. მსვლელობის სულ ბოლოში ფოტოგრაფები მოდიოდნენ და აპარატებს აჩხაკუნებდნენ. ანა დამორჩილდა და იქით წავიდა, საითაც უბიძგებდნენ. გულისრევა ცოტა კი დაუმშვიდდა, მაგრამ ირგვლივ ჭყეტელა ფერები და მჭახე სინათლეები თავბრუს ახვევდნენ.

ბექამ კიდევ ერთხელ მიიდო ტელეფონი ყურთან – მზად ვართ, თქვა ჯერ ზედმეტად ხმადაბლა და შემდეგ არაბუნებრივად ხმამაღლა გაიმეორა – მზად ვართ. აქ ვართ.

ყველა გაჩუმდა რაღაც გრანდიოზულის მოლოდინში, მაგრამ რამდენიმე წამი არაფერი მომხდარა. ანამ შემობრუნება დაიწყო, რათა იქაურობას გასცლოდა, როდესაც მუსიკა აღრიალდა და  თბილისის თავზე ფეიერვერკი ამოიფრქვა. ანამ ცალი ხელი უღონოდ მიიტანა ყურთან, თითქოს არაბუნებრივად ხმამაღალი მუსიკისგან თავის დასაცავად და მოაჯირისკენ შეტრიალდა, რათა გაეგო, თუ რა ხდებოდა. მის ირგვლივ შემოკრებილმა, ფეიერვერკის, მუსიკისა და შუშხუნა ღვინისგან აღგზნებულმა ხალხმა კი სიხარულის ღრიალი ამოუშვა.

ბექაც შეეცადა თავისი მოვალეობა ბოლომდე შეესრულებინა და სიხარული გამოეხატა – უკან გადაიხარა და ხელები გაშალა, მაგრამ სახეზე სასოწარკვეთილება ეწერა. იღლიებთან ღია ვარდისფერ პერანგზე ოფლის მუქი, მოზრდილი ლაქები ეტყობოდა.  ანამ მის ჟესტს არაფრით უპასუხა. ბექამ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და კიდევ ერთხელ მიანიშნა ცაზე აფეთქებულ ფეიერვერკზე – ათასობით ბრჭყვიალა წერტილი ტექსტად იწყებდა ფორმირებას. ანას უკან ხალხი გაიყო და ცოცხალი დერეფნის ბოლოში სასიძო გამოჩნდა და მოაჯირისკენ დაიძრა. ხელში უზარმაზარი თაიგული ეჭირა.

ანამ მას ზურგი შეაქცია და ცაზე გამოსახული უზარმაზარი ტექსტისკენ, მიმართა მზერა. მეტს ვეღარ მოითმენდა, უნდა გათავისუფლებულიყო იმისგან, რაც გულზე მთელი საღამოს განმავლობაში აწვებოდა.  მოაჯირზე გადაეყუდა, პირი გააღო და ენა გამოყო. გულისრევის კონვულსიებს შორის, როდესაც სულის მოთქმის საშუალება ჰქონდა, მოსწონდა კიდეც გრილ მოაჯირზე გულდაღმა წოლა. ჩაჰყურებდა ბნელ ხეობას, სადაც იკარგებოდა მისი ნარწყევი. დროდადრო კი თვალებს ხუჭავდა. ასეთ დროს კი წარმოსახვის დაძაბვის გარეშე ხედავდა წამის წინ ცაზე გამოსახული და ახლა უკვე თვალებში ჩაბეჭდილი ტექსტის, ოდნავ დეფორმირებულ, მოცახცახე, მაგრამ მაინც ზუსტ ასლს: „ანი, ცოლად გამომყევი“.

© არილი

Facebook Comments Box