ინტერვიუ

ლირიკის აპოთეოზი – საუბარი ანდრო ბუაჩიძესთან

– ვიცი, რომ არ გიყვარს პათეტიკა, ამიტომ XXI Óაუკუნეს ხმაურიანი სიტყვებით არ შეხვდები.
– სასაცილოა, XXI Óაუკუნეში შევდივართ და ნავთქურის ფითილზე ვზრუნავთ. უნდა ამოწიო ფითილი, აანთო ასანთი (თუ იპოვნე სიბნელეში) და მერე დაიწყო ლაპარაკი, თუ გაქვს ამის ხალისი. გარშემო წყვდიადია, მხოლოდ ფანჯრიდან მანქანის წყვილი წითელი სინათლე მოჩანს და სევდიანად გიმღვრევს გუნებას.
– ეს უკვე ლირიკაა.
– მერე რა მოხდა, იყოს ლირიკა, ლირიკა მირჩევნია რიტორიკას. ლირიკა ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო ყოველთვის. ლირიკის გარეშე წარმოუდგენელია ყოველგვარი ეპიკა და არა მხოლოდ ეპიკა, არამედ საერთოდ, ხელოვანი კაცი, შემოქმედი. პოეზიაში მთავარი ლირიკაა. ვისაც სამყაროს ლირიკული შეგრძნება არა აქვს, ის ეპიკურ ნაწარმოებსაც ვერ შექმნის.
– გიყვარს ზოგადთეორიული მსჯელობანი?
– აქ სიყვარული არ არის მთავარი. უბრალოდ, ზოგჯერ გინდა, რაც შეიძლება ზუსტად დაახასიათო ესა თუ ის მოვლენა. გინდა არა ფარისევლური, სნობური “მსჯელობა მსჯელობისათვის”, არამედ მართლა რაღაცის ახსნა გწადია. როცა კარგი კრიტიკოსის წერილს კითხულობ, სინანული გეუფლება: რასაც შენ მძაფრად, მაგრამ ინტუიტურად გრძნობდი, სხვამ უმარტივესი სიტყვებით გამოხატა. ამ სინანულს სიხარულიც ახლავს. ბნელმეტყველება, რომელიც სირთულედ არის მონათლული, არ მიყვარს, რადგან ის ყოველთვის სწორხაზოვნებასთან ასოცირდება, ნატიფად, ნათლად გამოთქმული აზრი კი – მრავალწახნაგოვნებასთან. საერთოდ, ნათლად აზროვნება, “ფოკუსის გასწორება” ძალიან ძნელია.
– აქ პოეზიასაც გულისხმობ?
– რა თქმა უნდა. პოეზიასაც და პროზასაც. მხოლოდ არა მარტივი სათქმელის მარტივად გამოთქმას, არამედ რთულის მკაფიოდ გამოხატვას, სადაც, ვთქვათ, ფოლკნერი ვერ ახერხებს შეძლებისდაგვარად ნათლად წერას და “გაუვალ ტევრებს” ახვავებს, იქ ის დამარცხებულია. ისე კი მისი საუკეთესო რომანები “ხმაური და მძვინვარება” და “აგვისტოს ნათელი” გარკვევით და გასაგებად არის დაწერილი. ფაბულა წყვეტილია, ქრება და მერე ისევ იჩენს თავს. მოვლენათა რგოლები უცნაურად არის ჩართული მთლიან ჯაჭვში. აქ თანაბარი მნიშვნელობა აქვს ფაბულის კვალდაკვალ “სვლას” და ეგზალტირებულ ლირიკულ ცივ დინებათა კვალდაკვალ მიყოლას, ვინაიდან სწორედ ლირიკული ობერტონები ქმნის მისი სტილის უცნაურობას.
პოეზიაშიც ასეა. მხოლოდ აქ უფრო რთული ვითარებაა. ამ სირთულეს “ლექსად სტრუქტურირებული სივრცე” კი არ ქმნის, არამედ თვითონ პოეზიის ბუნება. ეს ბუნება ლაკონიზმს, შეკუმშულ ფორმას მოითხოვს, ყოველი ფრაზა აუცილებლობით უნდა იყოს ნაკარნახევი და მნიშვნელობას “ფლობდეს”. პოეზიის არსი დღესაც უცვლელია, როცა პროზაული რეალიების შეჭრა ხდება პოეზიაში. ეს ტენდენცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოეზია პროზად უნდა იქცეს, – მათ შორის უშველებელი წყალგამყოფია. ლექსი, რომლიდანაც არცერთი ფრაზა არ დაგამახსოვრდება, ლექსი არ არის.
– ზეპირად თუ სწავლობდი ლექსებს?
– არასოდეს. მე მიმაჩნია, რომ პოეზია თვითონ, ძალდაუტანებლად უნდა შემოვიდეს ადამიანში. ეს პოეზიის თვისებაა. დაზეპირება უფრო მექანიკური პროცესია, როცა ზეწოლა ხდება საკუთარ თავზე და ტექსტზეც. დაზეპირებული ლექსი, პირადად ჩემთვის, მნიშვნელობას კარგავს. აქ ერთი აზრობრივი ნახტომიც მინდა გავაკეთო. ზოგს ჰგონია (ამ ბოლო დროს არაერთი ასეთი ადამიანი გავიცანი), რომ პოეზია, ლექსი, “ინტელექტუალური კროსვორდის” მსგავსი რამაა. ასეთ ტექსტს იოლად მხოლოდ ტექსტოლოგები შიფრავენ. ჩვეულებრივი მკითხველიც შიფრავს და მას სწორედ გაშიფვრის პროცესი ანიჭებს, მათი აზრით, სიამოვნებას. ეს შეცდომაა. პოეზია, უპირველეს ყოვლისა, ემოციურ ზემოქმედებას უნდა ახდენდეს მკითხველზე.
– ხომ არ ფიქრობ, რომ პოეზიამ უკვე მოჭამა თავისი დრო?
– არა, არ ვფიქრობ. მართალია, არაპოეტურ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ სწორედ ეს არაპოეტურობა, სამყაროს ძველ წესრიგში შეჭრილი დისონანსი წარმოშობს დღეს პოეზიის იმპულსებს. დღევანდელი პოეტისთვის, ჩემი აზრით, მთავარი მსოფლშეგრძნების თანადროულობაა – მოვლენათა დრამატული აღქმა, ემპირიზმი, რომანტიკული შარავანდედისგან განთავისუფლება, საკუთარი ინტონაციის ძიება, იქნებ საგანთა ხედვის რაკურსის შეცვლაც – მცირეოდენი ენობრივ-სტილური გროტესკული გადახრაც. ასეა თუ ისე, თანამედროვე პოეტი იმ ალქიმიკოსს ჰგავს, რომელიც მოთმინებით აზავებს პროზაულ ანუ ემპირიულ მასალას პოეტურ სუბსტანციაში. პოეზიას თავის დრო არ მოუჭამია, ვიდრე არსებობს ღრმა ლირიკული გრძნობის ან განცდის უნარი მეტყველ ადამიანში, იარსებებს პოეზიაც. პოეზია, უპირველეს ყოვლისა, ლირიკული განცდის ვერბალიზაციაა.
– ჰოდა, მეც მაგას ვამბობ. იქნებ ეს განცდა საერთოდ დაკარგოს ადამიანმა ე.წ. კომპიუტერის ეპოქაში?
– შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება, ვინაიდან ადამიანი ჩვენს დროში თვითონაც კომპიუტერს ემსგავსება. რეალობაც იგივეს გვკარნახობს – თვალშისაცემად მომრავლდნენ ამ გრძნობას აბსოლუტურად მოკლებული პიროვნებები. პოეტის არსებობა ასეთ დროში ათგზის უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან თავის წიაღში ინახავს პრომეთეოსის ცეცხლს – იგივე ამ ლირიკულ განცდას, სამყაროს ესთეტიკური ხედვის პირველსათავეს, ურომლისოდაც ადამიანი არ იქნებოდა ის, რაც არის ჩვენს წარმოდგენაში. ამიტომ, ვიდრე პოეტი და პოეზია არსებობს, ქვეყნიერება უფრო სრულყოფილია და სრულქმნილი.
– საიმისოდ, რომ პოეზია თანადროული იყოს, იქნებ, გარკვეულწილად ექსპერიმენტებია საჭირო?
– აბა, რა გითხრათ, პოეზიასთან მიმართებაში ეს სიტყვა როგორღაც მეხამუშება. ჩემთვის წარმოუდგენელია ექსპერიმენტატორი რილკე, ბლოკი ან გალაკტიონი. ექსპერიმენტი თითქოს უფრო ფორმალისტური ძიებების გამომხატველი ცნებაა. XX Óაუკუნის სამი უდიდესი პოეტის შემოქმედებაში ნოვატორული ძვრები ღრმა “შინაგან ხმასთან” კავშირის მეშვეობით იკიდებდა ფეხს. რილკეს საგანი-ლექსები მისი მსოფლმხედველობის და მსოფლშეგრძნების საფუძველზე აღმოცენდა, ე.ი. აქ საკმაოდ უცნაური ფორმა შინაარსისგან გაპირობებული აუცილებლობით დაიბადა. ბლოკის შესახებ ერთი რუსი კრიტიკოსი წერდა, რომ ამ პოეტის ინტონაციური ჟღერადობა ხშირად იმეორებს წინამორბედ პოეტთა ჟღერადობას, მაგრამ მან იმხელა სულიერება, გზნება, ტემპერამენტი, დრამატული გაქანება ჩადო საკუთარ სტრიქონებში, რომ სულ სხვა სინათლე გამოასხივა. ასევეა გალაკტიონთან, დაკვირვებული თვალი მისი ადრეული ლექსებიდანვე შეამჩნევს (ვთქვათ, როგორიცაა “მე და ღამე”), რა უცნაური ბგერწერული ვიბრირება აღწევს მკითხველის ყურთასმენამდე. სწორედ რხევით, ბგერათა მუდმივი ვიბრაციით იყო გალაკტიონის მთელი არსება მოცული.
ასე რომ, ისინი ექსპერიმენტატორები კი არა, ნოვატორები იყვნენ, ამ სიტყვის უღრმესი მნიშვნელობით და ისიც უნდა ითქვას, რომ მათი ნოვაციები არა მხოლოდ ღრმა “შინაგან ხმასთან”, არამედ უპირველეს ყოვლისა, საკუთარენოვან ტრადიციასთან იყო დაკავშირებული. ეს ვრცელი საუბრის თემაა.
ისევ გალაკტიონს მინდა მივუბრუნდე. მე მგონია, მან სხვებზე უკეთესად აღნიშნა თავის პოეტური ნიჭიერების თვისობრივი უნიკალობა, როცა თქვა, ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტისო. მისი პოეზია მართლაც ნერვებად დაქსელილ უწვრილეს ძაფებზეა ასხმული. ჩვენში ამ ბოლო დროს სოკოებივით მომრავლდნენ სნობები და პროვინციალები (ეს ორი რამ ერთმანეთს არ გამორიცხავს), რომლებიც ქართული ლიტერატურის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მეშვეობით, საკუთარი პერსონის ვითომდა კულტუროსნობას ამჟღავნებენ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა: XX Óაუკუნე დამთავრდა და ძნელი წარმოსადგენია ისეთი სახელოვანი ლირიკოსი – რილკე იქნება ეს, მანდელშტამი თუ პაუნდი – რომელიც გალაკტიონს ოდნავ მაინც დაჩრდილავს. გალაკტიონი ყველას გაუთანასწორდება (არ ვამბობ, აღემატება-მეთქი). გენიალური პოეტების შეფასებას აზრი არა აქვს; ერთი რამ კი უნდა ითქვას: გალაკტიონთან ძალზე გამჭვირვალედ ჩანს გენიალობა, რაც, ალბათ, გენიოსთა შორისაც იშვიათთა ხვედრია. ამას აშკარა რეალობა მკარნახობს და არა “ნაციონალისტური აღტკინება”.
– ქართული ლიტერატურისადმი ვიღაცეების სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე რომ ლაპარაკობ, რას გულისხმობ, ღირებულებათა გადაფასების ხანას ხომ არა?
– პოსტსაბჭოთა პერიოდს ვგულისხმობ, როცა გარკვეულწილად მართლა უნდა გადაფასებულიყო ღირებულებები. ბოლშევიზმის ლაფი და ჭუჭყი უნდა მოსცილებოდა ქართულ კულტურას. უნდა აღდგენილიყო ის კრიტერიუმები, რომლებიც კომუნისტებმა გაამრუდეს მახინჯი იდეოლოგიის მეშვეობით. არადა, გარკვეულ წრეებში (კიდევ კარგი, ლოკალური მასშტაბით) მოხდა საპირისპირო რამ, გაჩნდა საპირისპირო ტენდენცია: მოვიდნენ არასრულფასოვნების კომპლექსით დასნეულებული ტიპები და რაც კომუნისტებმა დააკლეს ქართულ კულტურას, იმის აღსრულება მოინდომეს. ღირებულებების გადაფასებაზე ლაპარაკი ზედმეტია (რომელი მათგანი იყო გადამფასებელი), ამ ტენდენციას უნდა დარქმეოდა (ან უნდა დაერქვას) – ღირებულებების შელახვა. კარგად მახსოვს, როგორ წამოხტა ამ რამდენიმე წლის წინ ერთ აუდიტორიაში მავანი და დაიღრიალა: “რუსთაველი არარაობაა! რატომ არ უნდა გვქონდეს დღეს ჩვენ ამის დაფიქსირების უფლება?” ასევე კარგად მახსოვს სხვა ტიპის გამოხდომებიც – ჯერ სავსებით უმიზეზოდ ფედერიკო ფელინის ლანძღვას მოჰყვა, თან ისეთი ტონით, იფიქრებდი, ეს უკანასკნელი მისი მეზობელიაო, მერე კი მკაცრად წარმოთქვა: “რა გახდა ამისთანა, მომაშორეთ ბოლოსდაბოლოს ეს თქვენი საზიზღარი დოსტოევსკი და ფოლკნერი!” ამგვარი წამოძახილები საკმაოდ ხალხმრავალ აუდიტორიაში გაისმოდა. მე პირადად, ყოველივე ამას ვუცქერდი, როგორც არასაინტერესო ვოდევილს. ელიას კანეტის რომანში “დაბრმავება” არის ერთი მწითური დარაჯი, რომელიც თავის თავში უზარმაზარ აბსურდს ატარებს. სწორედ ამ პერსონაჟს მახსენებდნენ ეს ადამიანები… მაგრამ კარიკატურული პერსონაჟები ამ ბოლო დროს ნაკლებად მიტაცებენ. კულტუროფობია ყველა დროში სხვადასხვაგვარად ინიღბებოდა, ბოლოსდაბოლოს ჩვენს ქვეყანაში პროლეტმწერლები არსებობდნენ, რომელთაც კულტუროფობიის, ანტიქართული გამოვლინებების, მიზანთროპიის შესანიშნავი “ნიმუშები” დაგვიტოვეს.
– შენ რას იტყოდი XX საუკუნის ქართულ კულტურაზე, ზოგადად, რა თქმა უნდა?
– აქ მეცნიერების და კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებმა უნდა თქვან თავიანთი კომპეტენტური სიტყვა. მე, უბრალოდ, მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ XX Óაუკუნის პირველ ოცდაათწლეულში მთელ კულტურულ მსოფლიოში შეინიშნებოდა სულიერ-ინტელექტუალური აღზევება და ეს მძლავრი ტალღა არც საქართველოს ასცდა. რუსებმა ამ ეპოქას “ვერცხლის საუკუნე” უწოდეს. ეს იყო ბლოკის და ახმატოვას, პასტერნაკის და მანდელშტამის, ბულგაკოვის და პლატონოვის, ბერდიაევის და როზანოვის, აგრეთვე, სხვათა მოღვაწეობის დრო. ამ ეპოქას “ძია ლენინმა” და “ძია სტალინმა” მოუთავეს ხელი. საქართველოში, მოგეხსენება, დამსჯელ ღონისძიებებს ლავრენტი ბერია განაგებდა. ამ არამზადამ არაერთი დიდი ქართველი ხელოვანი და მწერალი აწამა და გამოასალმა სიცოცხლეს, თუნდაც მიხეილ ჯავახიშვილი და ევგენი მიქელაძე გავიხსენოთ. ყოველივე ეს ცნობილია, მაგრამ ახლა უკვე დღის სინათლეზე შეიძლება შემზარავი ფაქტების გამოტანა და გაანალიზება. იცის ახალმა თაობამ, ვინ იყო მიხეილ ჯავახიშვილი, ან ევგენი მიქელაძე? იცის, რომ ასეთი ნიჭით მადლმოსილი ადამიანები იშვიათად იბადებიან არა მარტო საქართველოში, არამედ საერთოდ, სადაც არ უნდა იყოს? მე მგონი საამაყოა, რომ XX საუკუნის უპირველესი, უშველებელი ხელოვანების და სწავლულების ღირსეულ მოწაფეთა შორის ქართველებიც იყვნენ. ვთქვათ, ოგიუსტ როდენის მოწაფე იყო იაკობ ნიკოლაძე, ედმუნდ ჰუსერლისა – კოტე ბაქრაძე. პირველმა ქანდაკების სკოლა შექმნა საქართველოში, მეორემ – ფილოსოფიური აზროვნებისა. გერონტი ქიქოძე შვეიცარიაში სწავლობდა, ბერნის უნივერსიტეტში. ლაიფციგის უნივერსიტეტში დაიცვა 1909 წელს სადოქტორო დისერტაცია დიმიტრი უზნაძემ. ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა გრიგოლ რობაქიძემ. ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი და დავით კაკაბაძე პარიზში XX საუკუნის უპირველესი მხატვრების გვერდით ჰფენდნენ თავიანთ ნამუშევრებს. არ შეიძლება დავივიწყოთ ადრე გარდაცვლილი ბრწყინვალე მხატვარი შალვა ქიქოძე – ქართველი იმპრესიონისტი, რომელიც პარიზშივე ქმნიდა თავის ტილოებს. პროზაში ნიკო ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე ევროპაში სწავლობდა, შნიცლერთან მეგობრობდა. ძნელია ყველას ჩამოთვლა. უბრალოდ, აქ ერთი რამ არის მთავარი და არსებითი: ეს ადამიანები ღვთისგან ბოძებული ნიჭის მეშვეობით ყველაფერს, რასაც ქმნიდნენ, ქართულ ელფერს ანიჭებდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპაში მიღებულ გამოცდილებას ქართულ ნიადაგზე ამყნობდნენ. ასე ეყრებოდა მყარი საფუძველი ჩვენში XX საუკუნის კულტურას.
– იყო თუ არა ეს კულტურა თანამედროვე?
– სწორედ რომ იყო, და აი, ეს არის მნიშვნელოვანი. აზრი, ესთეტიკა, პოეტიკა, ფორმათქმნადობა – ყველაფერი თანამედროვე იყო, ყველაფერი ევროპაში მიმდინარე პროცესებს პასუხობდა. ამგვარი სინქრონულობა, რა თქმა უნდა, უშუალოდ პირველწყაროსთან, ევროპულ ფასეულობებთან ზიარებამ განაპირობა. ვთქვათ, ხშირად საუბრობენ გრიგოლ რობაქიძეზე. შეიძლება დღეს, უკვე XXI საუკუნეში არ მოგვეწონოს მისი ესა თუ ის ნაწარმოები, რომელიც, ფაქტობრივად, XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და კარგად გამოხატავდა თავის ეპოქას ფორმითაც და სათქმელითაც, მაგრამ ეს არ არის მთავარი, გრიგოლ რობაქიძე იყო კაცი, რომელმაც პირველად გააცნო ქართულ კულტურულ საზოგადოებას ფრიდრიხ ნიცშეს ნააზრევი. რობაქიძის ლექციებს დიდძალი ხალხი ესწრებოდა – იმხანად წყურვილიც დიდი იყო სიახლეთა წვდომისა. გრიგოლ რობაქიძეს პატივს სცემდნენ ნიკოლაი ბერდიაევი, ანდრეი ბელი, ზინაიდა გიპიუსი. მან კარგად იცოდა სიმბოლიზმის თეორიაც და თუ “ცისფერყანწელებმა” ქართული ლექსის ძირეული რეფორმა განახორციელეს – ამ კაცსაც ღირსეული წვლილი მიუძღვის. XXI საუკუნეში ალბათ ობიექტურად უნდა შეფასდეს წინა ასწლეულში მოღვაწე მწერლების და მეცნიერების ღვაწლი. რუსიფიკაციის და ბოლშევიზმის სასტიკ წნეხს მხოლოდ მათი თავისუფალი აზრისკენ სწრაფვა და საერთოდ, სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების დაფუძნება უპირისპირდებოდა. ამაზე მძლავრი იარაღი არ არსებობდა. ამიტომაც გაანადგურეს ან განდევნეს ეს ადამიანები. რაც შეეხება გრიგოლ რობაქიძეს, ის მართლაც თანამედროვე იყო და ეს ღირსება სძენდა აქტუალობას. მისი თვალთახედვის არეში თავისი დროის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მოექცა. ამ რამდენიმე წლის წინ “ლიტერატურნაია გაზეტაში” დაიბეჭდა ჩაადაევის პორტრეტი რობაქიძის რუსულ ენაზე დაწერილი წიგნიდან “პორტრეტები”. ეს ნაწარმოები არამცთუ არ გახუნებულა, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ სავსებით ახალი ნიშნით გამობრწყინდა. ყურადღებას იქცევს უაღრესად თავისებური, დახვეწილი ენა და სტილი.
– ხომ არ დავკარგეთ ჩვენი საუბრის ძაფი?
– მე მგონი, არა, არ დაგვიკარგავს. მე არ მიყვარს ზედმეტი სუბიექტივიზმი ამა თუ იმ მწერლის შეფასებისას, არადა, როგორც ვატყობ, დღეს ესეც მოდაშია. არც განდიდებაა საჭირო და არც დამცირება. დღეს, XXI საუკუნეში, ალბათ ხელახლა დაიწერება XX Óაუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია და შეძლებისდაგვარად (ეს არ არის იოლი საქმე) ყველას თავისი ადგილი მიეკუთვნება. მთავარია, ავტორები იყვნენ შეფასებისას შინაგანად თავისუფალნი. ისინი ერთი მხრივ, კომუნისტური სტერეოტიპებისგან უნდა განთავისუფლდნენ და, მეორე მხრივ, დღეს ფეხმოკიდებული, უსაფუძვლო, ზერელე სკეპტიციზმისგან. სულერთია, ლიტერატურა მიმეტური იქნება თუ ანტიმიმეტური, – მთავარია, ის ცხოვრებაზე საუბრობდეს. ყველაზე სახიფათო მწერლობისთვის ფორმალიზმია. ვიდრე არსებობს სიცოცხლე, სიკვდილი, სიძულვილი, სიყვარული, ღალატი და ა.შ. მწერლობამ ცხოვრებაზე უნდა ილაპარაკოს, როცა ყოველივე ეს აღარ იარსებებს, მწერლობაც დაკარგავს აზრს. XX საუკუნის მანძილზე ევროპული ლიტერატურა არცთუ იშვიათად ვარდებოდა ფორმალიზმის უფსკრულში, ფორმალიზმის არა საბჭოთა გაგებით, არამედ საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტვის, უხიფათობის, მკვდარ სიტყვებად ქცევის თვალსაზრისით. სწორედ ასეთ დროს იყო ალფრედ დიობლინმა, ფუტურიზმის მამას, მარინეტის რომ შეახსენა, მწერლობაში მთავარი ინდივიდისეული უნიკალობაა და არა კოლექტივიზმის სულისკვეთებაო. მართლაც, ინდივიდი ქმნის მწერლობას, ინდივიდი ანიჭებს ყოველგვარ მიმდინარეობას საზრისს.
– ლირიკაზე ხომ არ იტყოდი კიდევ რაიმეს?
– ჩემი ნება რომ იყოს, ამ საუბარს ლირიკის აპოთეოზად ვაქცევდი. ლირიკა არ უნდა გაქრეს. ნამდვილი შემოქმედება შთაგონების მეშვეობით იკრებს ძალას. შთაგონება კი ემოციური სტიმულის გარეშე წარმოუდგენელია. აი, აქ იჩენს თავს ლირიკა, ღრმად პიროვნული განცდა, რომელიც ამავე დროს, პოეტურიცაა.
– რატომღაც უცნაური დანაკლისის გრძნობა მაქვს, თითქოს უფრო მეტი უნდა გვესაუბრა ლიტერატურაზე, ვთქვათ, ხომ არ ახსენებდი შენს საყვარელ მწერლებს?
– ჯოზეფ კონრადს სიკვდილის წინ უთქვამს თურმე, მე მსურდა ვყოფილიყავი ისეთი მწერალი, როგორიც დოსტოევსკი იყოო. მართლაც არსებობენ მწერლები, რომლებიც თითქოს უფრო წარმოსახვის სფეროს ეკუთვნიან, ვიდრე რეალობას. ასეთები არიან ჩემთვის შექსპირი და დოსტოევსკი. რა თქმა უნდა, ეს სია უფრო ვრცელიც შეიძლება იყოს, მაგრამ მე ვინც მინდოდა, ისინი დავასახელე. ძალიან მიყვარს შექსპირისეული სენტენციები, ვთქვათ ასეთი: “ცხოვრება იდიოტის ნაამბობ ზღაპარს ჰგავს”. ძნელია ცხოვრებაზე ასე მოკლედ და ზუსტად თქვა რამე. ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებაც ამგვარი “იდიოტიზმებით” – პარადოქსებით და მოულოდნელობებით არის სავსე. დოსტოევსკის ფანტაზია აღელვებულ ზღვას ჰგავს, მხოლოდ არა ემპირიულ სივრცეში, არამედ ადამიანის შიგნით, მის გულში და გონებაში გაშლილს. აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მთავარი ის არის, რომ მწერლის აზარტულ შემართებას სწორედ აქ მომხდარი ძვრები აღძრავს. დოსტოევსკისთვის გარესამყარო ყოველთვის პირობითია, უფერულია, შინაგან ქვეყნიერებასთან შედარებით. ვთქვათ, მწერლის სიტყვით, რასკოლნიკოვი “კუბოსავით ვიწრო” ოთახში იწვა, არადა, ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ზრახვები ზოგადკაცობრიულია. იქნებ ვინმემ თქვას, რომ ასეა ყველა საინტერესო მწერალთან, კი, მართალია! მაგრამ ეს ზღვარი დოსტოესკისთან განსაკუთრებულია. “მკვდარი სახლის ჩანაწერებში” უკვე შესანიშნავად ჩანს დოსტოევსკი, როგორც ადამიანთა მჭვრეტელი. აქ უკვე იკვეთება მისი, როგორც მწერლის მიდრეკილება, ფოტოფირივით გაამჟღავნოს ადამიანთა შინაგანი სამყარო. ეს მისთვის შთაგონების აღმძვრელი გადაულახავი სურვილია, მართლაც აზარტია. აკი თვითონვე თქვა, თუკი მთელი ცხოვრება მოანდომე ადამიანის გამოცნობას, არ უნდა იფიქრო, რომ უქმად დაკარგე დროო. რაც შეეხება ლირიკას, რადგან ამაზე ავაგე ჩემი საუბარი, ისიც მინდა ვთქვა, რომ დოსტოევსკის რომანების პოლიფონიურობა, სულაც არ გამორიცხავს მის “ლირიკულ კადნიერებას”.
ბოლო დროს ვინ იცის მერამდენედ გადავიკითხე გოგოლის “შინელი” და სტივენ კრეინის “ცისფერი სასტუმრო” და მივხვდი: მწერლობა გრძნეულებაა. სწორედ ეს გრძნეულება დაკარგა დღევანდელმა მწერლობამ, რადგან ინტელექტუალური კი არა, ინტელექტისმიერი გახდა. ქართველი პროზაიკოსებისგან მიხეილ ჯავახიშვილს ვახსენებდი კიდევ ერთხელ. ჩემზე “ჯაყოს ხიზნები”, “კვაჭი კვაჭანტირაძე”, “ლამბალო და ყაშა”, “ოქროს კბილი” და სხვა ნაწარმოებები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ეს მწერალი ხელახლაა წასაკითხი.
– მიხეილ ჯავახიშვილს კარგად იცნობს მკითხველი, მაგრამ საუკუნის პირველი ნახევრის მწერლებიდან იქნებ დავივიწყეთ ვინმე?
– დავიწყება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმე ცოდვაა, მაგრამ არა მგონია მთლად მივიწყებული იყოს რომელიმე მნიშვნელოვანი მწერალი. განზრახ დავიწყებაც არ არის კარგი. ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ ამა თუ იმ ნიჭიერ მწერალს, რადგან ცოდვები მოეჩხრიკება, ამიტომ მის შემოქმედებაზე საუბარი არასასურველია. ამგვარ თვალსაზრისს მე პირადად ვერ გავიზიარებ. ვთქვათ, ცნობილია, რომ კნუტ ჰამსუნმა და ეზრა პაუნდმა ფაშისტურ რეჟიმს დაუჭირეს მხარი, რაც, რა თქმა უნდა, მათივე პიროვნებისეული ნაკლოვანების გამომხატველია, მაგრამ ამის გამო ამ მწერლების აკრძალვა არასწორი იქნებოდა. გაუგებრობა რომ არ მოხდეს, მწერლის პიროვნებას ნათელი უნდა მოეფინოს, უნდა გაირკვეს, რა ბრალს სდებენ მას და შეესაბამება თუ არა ეს ბრალდება სინადვილეს. ამ “პროცედურისგან” დამოუკიდებლად ნებისმიერ კრიტიკოსს აქვს უფლება – და ეს აუცილებელიც არის – მიმოიხილოს უსამართლოდ თუ სამართლიანად შერისხული მწერლის შემოქმედება. მთავარია, თვითონ ნაწარმოები აღძრავდეს ანალიზის, მიმზიდველი საუბრის სურვილს.
ტოტალიტარიზმით სნეულ, იმპერიული ამბიციებით შეპყრობილ რუსეთში ყოველთვის არსებობდნენ ნიჭიერი, მაგრამ გაყიდული მწერლები, მაგრამ დღეს, როცა იმპერია დაინგრა, არავის უფიქრია მათი აკრძალვა, პირიქით, ისეთი ნაწარმოებები გამოიტანეს დღის სინათლეზე, რომლებშიც მათივე კონფორმისტული სულისკვეთება ნაკლებადაა შესამჩნევი.
უმკაცრესმა შემფასებელმა, ივან ბუნინმა, სტალინის ყურმოჭრილი ყმის, ალექსეი ტოლსტოის შესახებ თქვა, მისი ხელიდან გამოსულ “ხალტურასაც” კი ნიჭიერების კვალი ატყვიაო. ბოლო დროს ამ მწერლის არაერთი წიგნი გამოიცა…
სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა ბორის სლუცკიმ – პასტერნაკის წინააღმდეგ გაილაშქრა. მძიმე ცოდვის გაცნობიერებამ პოეტს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამოაყოფინა თავი. პოსტსაბჭოთა პერიოდში სლუცკის შესანიშნავ პოეზიას “არავინ შეხებია ცუდად”… “უსაქციელობის გამო” დღესაც აკრძალული უნდა ყოფილიყო ბაირონი, ფრანსუა ვიიონი, მარკიზ დე სადი (დიდხანს იყო აკრძალული) და სხვა არაერთი მწერალი. მართალია, მათ “სხვა მუხლს” მიუყენებდნენ, მაგრამ საბაბი საბაბია, თუ აკრძალვა გინდა, ვერაფერი შეგეწინააღმდეგება. ერთი სიტყვით, შეცდომად მიმაჩნია არა მხოლოდ აკრძალვა, არამედ ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებითი რეზონანსის ჩახშობა სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო. ყველაფერი ხმამაღლა უნდა ითქვას.
– რომელ ქართველ მწერლებს კითხულობდი თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ასაკში, მოწაფეობის დროს, ან სტუდენტობის პირველ წლებში?
– მე უმთავრესად ათიანი და ოციანი წლების ქართულ მწერლობას შევეხე. არადა, მინდოდა სამოციან წლებზეც მესაუბრა. თუმცა ეს უკვე ცალკე თემაა. სამოცდაათიან წლებში, ე.ი. ჩემი მოწაფეობის და სტუდენტობის პერიოდში ქართველი მწერლებიდან ყველაზე ხშირად გურამ რჩეულიშვილს ვკითხულობდი. ახლაც კარგად მახსოვს, როგორ წავიკითხე “ერთი მოთხრობის ბიბლიოთეკის” სერიით გამოცემული “ალავერდობა”. ამ მოთხრობას არაჩვეულებრივი დასაწყისი და დასასრული აქვს. გვიან მივხვდი – გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები სრულიად თავისებური ლირიზმით მიზიდავდა. “ალავერდობა” ამინდზე საუბრით იწყება და ეს საუბარი რაღაც უცნაურ შეფერილობას ანიჭებს მთელ მოთხრობას. თითქოს ავტორი, ვიდრე მთავარი ამბის თხრობას დაიწყებდეს, უკიდურესად მელოდიურ პირველ აკორდებს იღებს. ასეა ფინალშიც, მხოლოდ აქ უკვე ბოლო აკორდები ჟღერს და ლირიკის წრე იკვრება: ალავერდიდან ჩამოსული გურამი ნელა მიაბიჯებს ალვანისაკენ, გზადაგზა კი ელნათურები იწყებენ ციმციმს. ძნელია აქ მთავარი გმირის მრავლისმეტყველ განწყობას რაიმე დაარქვა. ლირიკული ეფექტი იმდენად ძლიერია, რომ მკითხველი მთლიანად ერწყმის გმირს. რა გრძნობა ეუფლება გურამს, იმედგაცრუება? გულგატეხილობა? ნაღველი? მე მგონი, არცერთი. უბრალოდ, ის რაღაცას ხვდება ისეთს, რასაც აქამდე ვერ ხვდებოდა და თითქოს სხვა სივრცეში იჭრება. ეს ფინალი, ჩემი აზრით, რეფლექსიის მომენტს აღბეჭდავს. გურამი ფიქრობს, მხოლოდ ფიქრობს არა მარტო გონებით, არამედ მთელი არსებით და ყოველივე ეს ღრმა ლირიკული დინებით არის გადმოცემული. გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები ლირიზმის – ღრმად პიროვნებისეული განცდის და პოეტური წარმოსახვის გარეშე წარმოუდგენელია. ენის სისადავეს და ფსიქოლოგიზმს ბუნებრივად ერწყმის სიტუაციის ლირიკული ხაზგასმა, ხაზი მოძრავია და პლასტიური.
– იქნებ იმით დავამთავროთ, რითიც დავიწყეთ, მე ვგულისხმობ ლირიკას?
– კი ბატონო. ლირიკა ჩემთვის ყოველგვარი შემოქმედების პირველსათავეა.

ესაუბრა ალეკო ბერიძე

© “არილი”

Facebook Comments Box