პროზა

ნიკუშა ანთაძე – The Killers


– ცხვირი მოვაჭრა თუ ყურები? – იკითხა ჩიქომ სპირტში შენახული სახის ნაწილების კოლექციონერივით.

– ყურები არა ნესვი. თუ დაჭრაა, ფეხში უნდა ესროლო, – თითები გაატკაცუნა ოთომ, – კალათბურთელია ხო იცი და…
– მერე რა?
– რა და ცალი ფეხით ვეღარ ითამაშებს.
– მოიცა, ეგ თან ძველი ბიჭია, თან სამქულიანებს ყრის? – სანდრო ლუდის ბოთლებით ხელში დაბრუნდა სამზარეულოდან.
– 21-ე საუკუნეა, ძმაო, – ოთომ ერთი ბოთლი ჩამოართვა, – მოდაშია ეხლა თან სპორტი, თან ძველბიჭობა. ეგ რა არი, შენ ბატუტზე მხტომელი ქურდი თემუკა არ გაგიგია? და მოციგურავე შავი რეზო. კაი რა, ძველი ბიჭი არა ნესვი. ეგეთ ძველ ბიჭებს ყურში აფსამენ მერე ზონაზე. უჭკუო ბავშვები, იარაღი აქვთ და ტვინი არა აქვთ.
– დღესვე უნდა ვნახო, – გადაწყვიტა ჩიქომ, – ვერ ვიტან გაწელვებს და გადადებებს.
– ეგეთთან ლაპარაკი და რამის ახსნა უაზრობაა, თავის ენაზე თუ არ აუხსენი, ისე არ ესმის.
– გავაგებინებ რამენაირად.
– ღიირს? – თვალი თვალში გაუყარა სანდრომ.
– რა არ ღირს სანდრიკ, როგორ უნდა შევარჩინო და რატო უნდა შევარჩინო ესეთი რამე? ჩემ შეყვარებულს იარაღს ადებს ხალხში და რაღაც სირობებს ეუბნება.
– ისე შენი სალომეც კაი ნესვია, – ხელი ჩაიქნია ოთომ, – სულ უმიზეზოდ არ მოხდებოდა ეგ ბაზარი.
– რაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც არ არი საპატიებელი. ატირებული მოვიდა გოგო.
– ხოდა არც ეპატიება, ძმაო. ნომერი გაქვს მაგ ტიპის?
– კი, მიწერია ტელეფონში.
– დაურეკე, გავიდეთ და ვნახოთ.
– მარტო მინდა შევხვდე.
– რა მარტო? მარტო არ გაგიშვებ, რა პონტია?
– ეგრე მირჩევნია.
– ხო იცი რანაირი ლაპარაკის შეყვანა იციან ჯიგრებმა, სულ რო მართალი იყო კაცი, მაინც გაგამტყუნებენ და შენ აჯობებ მაგას სიტყვაში? თან გოგოს ნათქვამზე მიდიხარ.
– არ მაინტერესებს, მაჯობებს და მოვაჭრი ყელ-ყურს.
– Джек-Потрошитель.
– ხუმრობის ხასიათზე არა ვარ.
– კაი ძმაო, რა ვიცი, შენ როგორც გინდა რა. პროსტა მაშინ რკინა წაიღე.
– ჩვენი სასროლი აქ არი?
– აბა სად იქნება, – სანდრომ კომპიუტერის კეისისკენ მიუთითა.
– ამოიღე რა.
სანდრომ კეისი მაგიდაზე შემოდგა და გახსნა.
– რამე რო მოხდეს, ხო იცი, პირში ჩავულაგებ სამქულიანებს და კალათზე ჩამოვახრჩობ.
– რა უნდა მოხდეს? რო მომკლას?
– თუნდაც, – ისევ გაიღიმა ოთომ.
– თუ მომკლა მერე რაღად მინდა.
– მაშინ წამოვალ და ეხლავე ჩავულაგებ.
– მარტო მინდა-მეთქი, ვა.
– კაი, კაი.
– ჰა, – სანდრომ “ტეტე” გაუწოდა ჩიქოს და კეისი თავის ადგილას დააბრუნა, – აბოიმა სავსეა, მაგრამ ის რომ უიარაღოდ მოვიდეს?
– უიარაღოდ არა ნესვი. ეგ რო ფსავს, ალბათ მაშინაც გადატენილი უჭირავს და კაცთან შესახვედრად ცარიელი მოვა ხო უეჭველად? – ოთო ადგა, – მივაფსამ და მოვალ.
ჩიქომ თავი ჩახარა.
– გულახდილად მითხარი, – ხელი გადახვია სანდრომ, – გინდა ახლა შენ ეს ყველაფერი?
არ უპასუხა, სიგარეტი ჩააქრო და ახალს მოუკიდა.

ჩიქო მშიშარა არ იყო, არ შეშინებია. უბრალოდ ნერვიულობდა ცოტას და რაღაც მოუსვენრობა აწუხებდა, როგორც ყოველთვის, როცა ასეთ შარში გაეხვეოდა ხოლმე. აკადემიაში აპირებდა ჩაბარებას, სამხატვროში. სიამოვნებით აიღებდა ფუნჯს იმ საღამოსაც, მაგრამ იარაღი ეჭირა. არასდროს არ ყვარებია გარჩევები და “კაჩაობები”, უბრალოდ ასეთი რამეების გატარება არ შეეძლო. არა გოგოსა და სიყვარულის გამო. თითქოს თავისუფლად უნდა დაეკიდებინა ვინ რას ეტყოდა სალომეს, რომელიც ოთოს თქმის არ იყოს, მართლაც მაგარი ნესვი გახლდათ. უყვარდა არ უყვარდა, არც იცოდა წესიერად, რა სიყვარული, 43 სალომე ჰქონდა კიდევ წინ ცხოვრებაში, რატომ უნდა გაეგიჟებინა თავი ამის გამო და რატომ წასულიყო ვიღაცეების საჩეხად, მაგრამ თავმოყვარეობა თუ რაღაც ამდაგვარი არ ასვენებდა. მომხდარს სალომეს შეურაცხყოფაზე მეტად, თავის შეურაცხყოფად თვლიდა. მერე თავის თავზე ბრაზდებოდა, იმიტომ რომ გულის სიღრმეში არც არავის ფეხების ხვრეტა უნდოდა და არც არაფერი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მოაგვარებდა საქმეს, იქამდე ვერ ჩერდებოდა.

* * *
პატარაობაში ირაკლი, უფროს ძმას “რაზბორკებზე” კალიასკით დაყავდა. 3-4 წლის იყო მშობლებმა ძმას რომ ჩააბარეს გასაზრდელად და ასე გაიზარდა ქუჩაში. უფროსს უბანი ეჭირა და ესეც ხომ არ ჩამორჩებოდა, დარბოდა იარაღებით, ისროდა აქეთ-იქეთ. ერთი პერიოდი “ბესპრიძელშიკადაც” იცნობდნენ. ქუჩის გარდა ერთადერთი კალათბურთი აინტერესებდა, თუმცა სპორტსა და ძველბიჭობას შორის არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირდა. ვერ გადაეწყვიტა, სად უფრო კარგი მომავალი ელოდა, ქუჩაში თუ მოედანზე. ბოლო დროს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძმას ისე ახლოს მოხვდა ტყვია გულთან, რომ ძლივს გადაარჩინეს, კი შეფიქრიანდა ირაკლი, მაგრამ უბნის მიტოვება ადვილი არ იყო, ვერ წარმოედგინა ცხოვრება ბირჟაზე დგომის გარეშე. ვარჯიშიდან დაბრუნებული გადაივლებდა, სწრაფად ჭამდა და მერე შუაღამემდე ეზოში იდგა ძმაკაცებთან ერთად. ყოველდღე.

– მინი ეცვა იმ დედაგახერხილს, – ირაკლის გარშემო ბიჭები შეკრებილიყვნენ, – ვუყურებდი რა, არც ვუყურებდი, ერთი-ორჯერ გავხედე და ნუ მიყურებო, თორე აგიდგება და რა გეშველება მერეო. თან ხალხი იყო, ყველამ გაიგო, მაგის დაქალები კინაღამ გაიპარენ სიცილში. რა უნდა მეთქვა?
– რა უთხარი?
– რა მეშველება და მიგარჭობ-მეთქი.
– მერე?
– ტირილი დაიწყო, ტო. აზრობ რა გულჩვილი და მგრძნობიარე აღმოჩნდა ცაცკალი, ვითომ უარესი არ უთქვამთ და არ მიურჭიათ კიდევაც, მე მაგის გამომშვები დედა რო…
– ეხლა მაგის შეყვარებული გეძებს თურმე.
– რა იცი?
– გოგოებმა თქვეს. სალომემ მოუყვა ეტყობა და იმას უთქვია ვნახავო.
– მერე მეძებს რა, რომელი ნიულავიმი ჯო მე ვარ რო ვერ მიპოვა? მიპოვოს, მიპოვოს და მიერჭობა მაგასაც. ეგ რა როჟაა საერთოდ?
– დიდი არაფერი. მხატვარი და რაღაც ეგეთი დვიჟენია.
– რამხელაა?
– ჩვენხელა იქნება, 17-ის ან 18-ის, ზუსტად არ ვიცი. ისე შენც რამ გაგაჭედინა, იარაღი დაადო გოგოსო.
– რა იარაღი?
– რა რა იარაღი? ხო გედო დღეს.
– კი მედო, მარა არ დამიდია არავისთვის.
– რავი, ის ეგრე ყვება.
– ხოო? საღოლ. სუ გამოყ… მაიცა, ტელეფონი მირეკავს. და.. კი, მე ვარ, შენ რომელი ხარ?.. ხო, მერე??.. კი.. ლისზე? უფრო შორს არ იცი რამე?!.. მე რა ვიცი, მაგას მერე გაგაგებინებ.. ხარაშო, ხარაშო.. ჰა?.. კაი.. კაი, ბაზარი არაა.. დავაი.
– რაო?
– ხმაზე მაგარი ქინძისთავი ჩანს.
– რა მინდაო?
– ათ საათზეო, ლისის ტბაზე რო ტყეაო.
– უფრო შორს არ იცის რამე?
– მარტო მოვალ და მარტო მოდიო.
– ვაა. ეგ არაფერი, კიდე კაი არ გითხრა, დედიკოს და მამიკოს წამოვიყვანო.
– მაგას არ მეტყოდა, რათ უნდა რო დედიკო იქვე ლაივში მივუხისძირო.
– ეგეც მართალია.
– ეე, რა დროს ეს იყო, თამაში მაქვს ხვალ, ნახევარფინალია.
– უცებ მოუყომარე და წამოდი რა.
– არ არი პრობლემა.
– მარტო წახვალ? როგორც ვაკეთებთ ხოლმე ისე არ გინდა? მარტო მიდი და მერე ჩვენ ვითომ შემთხვევით გავიჩითებით.
– შენ რა ჭკვიანი ხარ. ძაან შემთხვევითობაა 15 ბიჭი ღამე ლისის ტბაზე რო სეირნობს და თან ჩემი ძმაკაცები რო აღმოჩნდებიან.
– არ გკიდია? ეგეც ან მოვა მარტო ან არა, რამე არ გააჩალიჩოს.
– გააჩალიჩებს და რაც მოუვა მერე ჩემზე კარგად იცით.
– თუ მოგკლა მერე რაღად გინდა.
– მომკლავს ხო, აბა რას იზამს.
– მთავარია შენ არ შემოგაკვდეს, თორე ეგ რა ფუნჯიც არი გასაგებია.
– მოკლედ ავუხსნი რო ტრაკი დააყენოს.
– თუ არადა მიჭერი ტრაკში.
– დანაც წავიღო?
– სასროლი მიგაქ?
– არ წავიღო?
– ის არა მგონია იარაღით იყოს.
– მით უკეთესი. გავედი რა.
– თუ რამეა დარეკე.
– კაი.
– აბა ჰე, ჭკვიანად.

* * *
დათქმულ ადგილას შეხვდნენ.
– შენ ხარ ირაკლი?
– კი. შენ ჩიქო ხარ?
– კი.
– შევიწიოთ, პატრული არ გაიჩითოს.
საკმაოდ ღრმად შევიდნენ ტყეში.
ჩიქოს თითქოს დალაგებული ჰქონდა რა და როგორ უნდა ეთქვა, მაგრამ ახლა, როცა გვერდი-გვერდ მიაბიჯებდნენ, ყველაფერი დაავიწყდა. ირაკლის ცოტა უკვირდა, რა თამამად მომყვება ეს ფუნჯიო. ასეთ მომენტებში ყოველთვის ძაღლივით გრძნობდა ხოლმე, როგორ ეშინოდათ მისი, მაგრამ ამ საღამოს არაფერი უგრძვნია.
შეჩერდნენ.
– რა ხდება აბა? – ირაკლიმ ქამარი გაისწორა და ხელები ჯიბეებში ჩაიდო.
– სალომეს საიდან იცნობ? – ძლივს იპოვა დასაწყისი ჩიქომ.
– არ ვიცნობ.
– ჩემი შეყვარებულია.
– ძალიან კარგი. მერე?
– რა მერე?
– მერე რა?
– რომც არ იყოს ჩემი შეყვარებული გოგოა და..
– და?
– არ არი ლამაზი გოგოსთან უზდელობა.
– მე ვიცი ვისთან რა არი ლამაზი, შენ ნუ მასწავლი, ბიჭო, თორე შენც არ ხარ ლამაზი და გაგალამაზებ, – პირველივე შანსზე დაძაბა ირაკლიმ.
– წესიერად ილაპარაკე, – ჩიქო არ აყვა.
– კიდე რჩევებს მაძლევ?! – ირაკლი უფრო დაიჭიმა.
– ნუ პანიკობ, – ჩიქომ ზურგს უკან გააპარა ხელი.
– აუ, შენ, ჩემი დედა, ბიჭო.. – და ირაკლიმ იარაღი ამოიღო გამწარებული სახით, მაგრამ სანამ გადატენიდა ჩიქოსაც დაუნახა თავისნაირი “ტეტე”.
– მესროლე, – ჩიქომ აუღელვებლად დაიტრიალა იარაღი თითზე.
– რჩევებს შეეშვი-მეთქი!..
– რატო ამოიღე აბა, თუ არ მესვრი.
– გესვრი! – ჩიქოსკენ გაიწია ირაკლი.
– მესროლე!
– გესვრი!
– მესროლე!
შუბლები ლამის მიაბჯინეს ერთმანეთს და გაჩუმდნენ. ალბათ ნახევარი წუთი იდგნენ ასე. მერე ჩიქომ ზურგი შეაქცია და მოზომილი ნაბიჯებით წავიდა წინ.
– რა იყო, დუელში მიწვევ? – ჩაიცინასავით ირაკლიმ.
– რიგ-რიგობით ვისვრით იქამდე, სანამ ისე არ დავიჭრებით რომელიმე, რომ სროლის თავი აღარ გვექნება. ტყვიები გეყოფა?
– 5 მიდევს.
– ეს 20 მეტრია, – ჩიქო გაჩერდა, – იყოს?
– 30 ჯობია. მეკაიფები?!
– კაი, – კიდევ ათი ნაბიჯი გადათვალა ჩიქომ, იარაღს მჭიდი მოხსნა, სამი ტყვია ამოიღო, ჯიბეში ჩაიგდო და მჭიდი თავის ადგილას დააბრუნა, – მესროლე!
ირაკლი გაოგნებული უყურებდა 30 მეტრით დაშორებულ ადამიანს, რომელმაც ის, ძველი ბიჭი, ქუჩის და უბნის სიამაყე და მომავალი, დუელში გამოიწვია.
– ჰა, მიდი. არა? მაშინ მე გესვრი, – და უცებ ჩიქოს პირველი ტყვია გავარდა.
შუბლზე ოფლის წვეთები ჩამოეკიდა ირაკლის. ძმის სახე გაახსენდა სავადმყოფოში რომ მიიყვანეს და საოპერაციოში რომ შეყავდათ. ინსტიქტურად ტანზე დაიხედა. არ მოხვედრია. ერთი ხელი მეორეზე მოიჭირა, რომ არ აკანკალებოდა, “ტეტე” აწია და დაუმიზნა. ხეს მოხვდა, ჩიქოს უკან.
ჩიქო იმაზე ფიქრობდა თუ მოკვდებოდა, რატომ მოკვდებოდა და გრძნობდა, სახლამდე თუ მიაღწევდა, ხატვაში გაატარებდა მთელ ღამეს. მისი ჯერი იყო. ისროლა. ირაკლი უძრავად იდგა. არადა ძალიან, ძალიან უნდოდა მთელი ძალით გაქცევა. ახლა მან გადატენა და.. კვლავ აცდა. ჩიქოს ტვინში სისხლი მოაწვა, ამ წუთში მზად იყო კაცის მოსაკლავად. მეოთხედ ისროლა. ირაკლიმაც სწრაფად უპასუხა. ბოლო ტყვია დარჩათ. ჩიქომ თვალები მოჭუტა. ფეხებზე ეკიდა სალომე. გამოკრა. ირაკლიმ მძიმედ ამოისუნთქა. ბოლო შანსი ჰქონდა და უნდა გამოეყენებინა, თორემ, უბანში დაბრუნებულს რომ კითხავდნენ, სად წავიდა ტყვიებიო, რა უნდა ეთქვა? სასხლეტს თითი ჩამოუსვა ფრთხილად და
დააჭირა..
მთვარის შუქი თეთრად ეცემოდა ორივეს, გაფითრებულებს გავდნენ. კაი ხანი არ განძრეულან. აღარაფერი უთქვამთ. ორივე მიხვდა…
მიხვდნენ, რომ სროლა არცერთმა არ იცოდა.

© ”ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box