პროზა

ლუკა ხატიაშვილი – ტელემაქე მოკვდა

 

ეძღვნება შრედინგერს

უფრო სწორად, მის კატას.

 

რაც გამომძიებლად დავინიშნე, ვოცნებობ მკვლელობა მოხდეს.

ოღონდ, განა ჩვეულებრივი მკვლელობა – არა, გენაცვალე – მინიმუმ ერთი სერიული მკვლელი მაინც მინდა. წარმოგიდგენიათ ქართველი სერიული მკვლელი? პიზდეც!  კაი, ფსიქოპატი თუ არ იქნება, მაგარი როჟა მაინც გაიჩითოს. აი, ისეთი, რომ უკვე აღარც ახსოვს რამდენი კაცი ჰყავს დაბრედილი.

ცუდად ჟღერს? არადა, რომანტიკაა ეგეც. აი, წარმოიდგინეთ: შემომივარდება ოთახში ქოშინით  განყოფილების უფროსი: ,,ეჰ, გიგო შენ რომ არ მყავდე, სხვა ამ საქმეს ვინ გახსნისო?’’ შევიფერებ და გავიქცევი დანაშაულის ადგილას. იქ სისხლი დამხვდება, ძალიან ბევრი სისხლი. გულისრევის შეგრძნება შემაწუხებს, მაგრამ, აბა, რას შევიმჩნევ? დავიწყებ ახლობლების დაკითხვას : უხ, ტირილი, კივილი, წივილი. უიმედო საქმეა. რაღაც ქსელს გავაბამ. იმდენად დახლართულ ქსელს, რომ საბოლოოდ ამ აბლაბუდაში მეც ავიხლართები. დაძაბული სახლში დავბრუნდები. „ღმერთო, შენ მიშველე“ :ლოცვების ბუტბუტს მოვყვები. მაგარი უნამუსო კაცი კი ვარ – ეს ღმერთიც მარტო  მაშინ მახსენდება, როდესაც მჭირდება. ამას გავაცნობიერებ თუ არა, რამდენიმე ცრემლსაც გადმოვაგდებ. საკუთარი არაადამიანურობითა და უმადურობით შეძრწუნებული დავწვები. რამე სევდიანი მუსიკაც ჩაირთვება და ეგაა.

აი, დილით დაიწყება თუ დაიწყება: იმედი უკვე გადაწურულია და ციდან მოწმე ჩამოვარდება ან ანონიმური წერილი მოვა ან ევრიკა, ერთ გამვლელს გაახსენდა, რომ ზუსტად მკვლელობის დროს ინსტაგრამისთვის ვიდეოს იღებდა და ყველაფერი ჩაიწერა.

ან, ან…

საბოლოოდ საქმეს გავხსნი, ხოშიან პრემიასაც ავირტყამ და ეკრანზე ტიტრებიც ამოვა – ფილმზე იმუშავა ამან და ამან, მონაწილეობდნენ ესენი და ესენი. ბრავო! ისმის მქუხარე ოვაციები.

ნეტა, ცხოვრებაშიც ყველაფერი ასე მარტივად იყოს. მე თუ მკითხავ, საერთოდ უნდა აიკრძალოს ეს კრიმინალური ფილმები და სერიალები. მაგან არაა, რომ შემაცდინა და ეს უბედური პროფესია ამარჩევინა? რამდენი წელია უკვე სულ ველოდები და ველოდები: ახლა მივიღებ მონაწილეობას რაიმე ღირებულ საქმეში – მეთქი.  ეს ახლა ვერა და ვერ დადგა.

ძალიან დიდი ხნის წინ კრიმინოლოგიის პირველ ლექციაზე პატივცემულმა ბატონმა ზაალმა გვკითხა: ჩემი კურსი რად აირჩიეთ, აბა, ახლავე მომიყევითო. უჰ, დიდებული მიზეზები კი მოვიფიქრეთ – კრიმინალთან ბრძოლა, დანაშაულის აღმოფხვრა, დამნაშავის ფსიქოტიპის შესწავლა – ცარიელი ლაილაი. არადა, გულის სიღრმეში ყველას გმირობა გვინდოდა, რაღაც დროის მერე კი ყველანი ერთხმად შევთანხმდით, რომ ამ საქმით გმირი ჩემს ფეხებს გახდები. მხოლოდ მე და ერთი/ორი აღმოვჩნდით იმდენად დებილები, რომ დაწყებული არ მივატოვეთ. აი, ეს არის თავდადება!

ისე, ამ ყველაფერს რომ ვფიქრობ, რაღაც პონტში არასწორია. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც თამამად შემიძლია ვთქვა: გამომძიებელი ვარ – მეთქი. მანამდე იყო სტაჟირებები, შემდეგ პრაქტიკა, ტრალივალი. ჰოდა, მაინც და მაინც, ეს კვირა ჩაყლაპა მიწამ ყველა დამნაშავე ამ პატარა თბილისში. გეგონება, შეთანხმდნენ, ვაი, გიგო გამომძიებლად დანიშნულა, აწი რაღა გვეშველება, წავედით, გადავიკარგოთო.

ლეპტოპის გამორთულ ეკრანს მიშტერებულს ამ სისულელეებით მაქვს თავი გამოჭედილი, როდესაც უფროსი მიახლოვდება: გიგო, რას აკეთებო. აუ, ტუზი დამეცა – მეთქი ვფიქრობ, ვინთები და უცებ არ ამატებს: ვიღაც ცნობილი ტიპის შვილი დაიკარგა, მეორე დღეა არ გამოჩენილა, ზარი შემოვიდა: მოდით რამე გვიშველეთო? დამემსხვრა ოცნების კოშკები.

კაი, სულ არაფრის კეთებასა და გოდებას ხომ მაინც სჯობს?

მივეშურები დანიშნულების ადგილისაკენ. ახალგაზრდობაში ამ უბნებში ხშირად ვსეირნობდი. ერთი მეგობარი მყავდა ძველ შენობებსა და სადარბაზოებს გადაკიდებული. ჩამკიდებდა ხელს და წამიყვანდა ქუჩა-ქუჩა საბოდიალოდ. მაგარ დროს ვატარებდით; თან მთაწმინდა/სოლოლაკის ყველა შენობის ამბავი ზეპირად იცოდა. გადაკრავდა ლუდს და მომიყვებოდა ვინ სად ცხოვრობდა, ვინ სად მოკვდა. ისე, კარგი გამომძიებელი კი დადგებოდა მაგისგან, მაგრამ ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა – ეიჩარობას მიაწვა და კი აქვს ახლა ფეხი ფეხზე გადადებული.

ეს შენობაც ვიცი: გარე ფასადზე უცნაური ორნამენტები, აივანთან რქიანი კაცის ბიუსტი. ამბავი იყო ის, რომ იყო და არა იყო რა და ,თურმე, ერთ დღეს ამ შენობაში ლუციფერის გარე ბიძაშვილი დასახლებულა და ცუდი ამბები დაუტრიალებია. უბედური დემონი. როგორ დავიჯერო, რომ ამ უზარმაზარ პლანეტაზე შუა სოლოლაკზე უკეთესი ადგილი ვერ ნახა? ჩვენში დარჩეს და ცოტა კი მეშინია. რა გავაკეთო? მჯერა ამ ცრურწმენების.  სადარბაზო საზიზღარი სანახავია. აქა-იქ ამძვრალი საღებავი, ჭრაჭუნა, ძველი იატაკი, ხის, გახუნებული კიბე –  დაიკარგებოდა, აბა, რა იქნებოდა. ასეთ ადგილას რომ მეცხოვრა თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი.

კაი, გიგო გეყო; ახლა საქმეზე გადადი.

ერთი, ორი, სამი – კაკ-კუკ.

გამარჯობა, გამომძიმებელი გიგო არსენიშვილი გახლავართ.

დაკარგულის მშობლები მხვდებიან წაშლილი სახეებით. მეცნობიან : ნატა და გოგი. ხახახა, მე გიგო, ის გოგი. თითქმის სეხნიები ვყოფილვართ – მეთქი. ისე ვხარხარებთ წამით სულ გვავიწყდება, რომ ცუდ ამბავზე ვართ შეკრებილები.

ნატა მებოდიშება გვიან შეგაწუხეთო და მისაღებისკენ მიმითითებს. არა, რას ლაპარაკობთ, ასეთია ჩემი საქმე და მაგიტომაც მიყვარს – მეთქი: გაუცნობიერებლად ვაყრანტალებ. მეღიმება; სიმართლეს ვამბობ.

ვგიჟდები ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზე. სულ რომ დაიქცეს ქვეყანა, ჯერ ყავასა და ჩაის მაინც შემოგთავაზებენ. უარს ვამბობ და ჯიბიდან წიგნაკს ვაძრობ. ძველი ყაიდის კაცი ვარ. არ შემიძლია ეს პლანშეტები და ციფრული ამბები.

ჩანაწერების კეთებას ვიწყებ: ესე იგი, დაკარგულია ოცდაოთხი წლის ტელემაქე. ამის შემდეგ, რა ნამუსით ვიწუწუნო ჩემს სახელზე. არა, მეც კი არ მაკლებდნენ დაცინვას, მადლობა „თხა და გიგოს“, მაგრამ ტელემაქე ნამეტანია. რადგანაც ამ თითქმის სეხნიობამ გამათამამა, სახელის უცნაურობაზე ვხუმრობ და მანდ ვქარავ! ბატონი გოგი ბრაზდება: ეს ჩემი ახირებააო, „ოდისეაა“ ასეთი წიგნი, რომელიც აშკარად არ გაგიგია, თორემ გაგონილი რომ გქონდეს, გაგახსენდებოდა ტელემაქეო. კაი გაუნათლებელ ტიპად კი გამოვყავარ, მაგრამ მართლა აზრზე არ ვარ ვინ არის ეს ტელემაქე და რა ვქნა? კიდევ კაი, ნატა ერევა – ნუ შეჭამე ყველა ამ შენი ტელემაქეთი, ვერ ხედავ, ბავშვს დაბადებიდან დაღი დაასვიო? ამაზე გოგი ძალიან ნაღვლიანად ეპასუხება: ტელემაქეა მამისმაძიებელი გმირი, მაგრამ მე ბედი ვინ მომცა, იქით გამიხდა შვილი სახლში დასაბრუნებელიო.

არ ჩანან ესენი ბოლომდე დალაგებულები.

ტელემაქე ფიზიკოსი ყოფილა. ოღონდ აშკარად წარუმატებელი ფიზიკოსი, უმუშევარი. რა უნდა აკეთოს ფიზიკოსმა საქართველოში? ამ ჩვენს ტელემაქეს გამოაუცხადებია, აქაოდა, მასწავლებლობისთვის ზედმეტად ჭკვიანი ვარ, ჩემი კვლევებით სამყაროს აღქმა უნდა შევცვალოო. ამბიციური ლაწირაკი! ვერაფერიც ვერ შეცვალა და ეტყობა საბოლოოდ შერცხვა, დაკრა ფეხი და გაიქცა. არაო, უარობენ მშობლები – ეგ ისეთი ამაყია მარცხს არაფრის დიდებით არ აღიარებდაო. სტატიებს მაინც წერდა და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში აგზავნიდაო. მართალია არც ერთი არ უქვეყნებდა, მაგრამ ეგეც მოსწონდა – გენიოსების როდის ესმითო?

საერთოდ მეკარგება ტელემაქეს პოვნის სურვილი. რა იცით, რომ დაიკარგა და უბრალოდ სადმე არ გაძვრა – მეთქი. არა, შანსი არაა! ტელეფონი, საფულე და გასაღები აქ დატოვაო. მაგიდაზე დაგვხვდა, ისეთ გამოსაჩენ ადგილას, გეგონება უნდოდა ეგრევე შეგვემჩნია და შეგვშინებოდაო. ვახ, მაგარი უცნაური ტიპის შთაბეჭდილებას კი ტოვებს. სურათებს მათვალიერებინებენ, არაფერი განსაკუთრებული – ერთადერთი რიჟა წვერი მხვდება თვალში. წყნარი ბიჭი იყო, ერთი შემთხვევაც არ გვახსოვს ჩხუბში მოჰყოლოდა ან რამე სხვა შარში გახვეულიყოო. სამაგალითო შვილი! ხვალ ადექით და ქალაქში გააკარით სურათები, იქნებ, ვინმემ რამე დაინახა და გამოგეხმაუროთ – მეთქი ვურჩევ. მაინც ვერ ვიჯერებ, რომ რაღაც უჩვეულოსთან გვაქვს საქმე და ამაზე ნატა ძალიან სერიოზულად მპასუხობს: ტელემაქეს ოთახში როგორც კი შევიხედე, მაშინვე ვიფიქრე, ცუდი ამბავი დატრიალდა – მეთქი, საწოლი გასწორებული დამხვდა და მანდ მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყოო.

კიდევ ბევრს მიყვებიან ტელემაქეზე და რაც უფრო მეტს მიყვებიან, მით უფრო მიღრმავდება ეჭვი, რომ ამ ჩვენს ტელემაქეს უბრალოდ ყელში ამოუვიდა აქ ცხოვრება, გასართობი მოაკლდა და წავიდა. არადა, შეხედავ და ბიჭს მაგარი დალხენილი ცხოვრება აქვს და გაჭირვებითაც არაფერი უჭირს, მაგრამ ყველას თავისი სადარდებელი აქვს და თუ გაუჩინარება გინდა, მიზეზსაც აუცილებლად იპოვი. გეყო, გიგო, გეყო! შემი საქმე დაკარგულის პოვნაა და არა მაგის ფსიქოტიპის ამოხსნა. ისე, არც ეს იქნებოდა მთლად უინტერესო.

ტელემაქეს ოთახი; ვათვალიერებ და ღიმილს ვერ ვიკავებ -„დიდი აფეთქების თეორიის“ ფანი ყოფილა – საწოლთან უზარმაზარი პოსტერი. წიგნებით სავსე თაროები. მრავალი სიგელი, ჯილდო და მედალი. მართლა ჭკვიანი ყოფილა ეს შობელძაღლი!

ახლა ვხვდები, თუ რა ეუცნაურა ნატას: ოთახი დალაგებული, გამაღიზიანებლად დალაგებულია. თითქოს, აქ არასდროს არავის ეცხოვრა. საკუთარი არსებობის კვალი წაშალა. ესენი კი გაიძახიან: არა, გინდა თუ არა, ვიღაცის ხელი ურევია ამ ამბავშიო. კარგი, მოდი ვთქვათ, რომ რაღაც საშინელება მოხდა. თუ ამ საქმეში უცხო პირია გარეული, კაცო, ოთახს ტელემაქეს გარდა, სხვა ხომ მაინც ვერავინ დაალაგებდა? როგორც ვხვდები, არ იყო ეს ბიჭი სისუფთავის დიდი მოყვარული. დავიჯერო, მართლა ისეთი მანიაკი აღმოვაჩინე, რომელიც გაურკვეველი ხერხით ადამიანებს იტაცებს და შემდეგ სახლში უვარდება და ოთახებს ულაგებს?

კითხვებს ვინიშნავ, მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვპოულობ: ვერც უჯრებში, ვერც მაგიდაზე, ვერც კარადაში. ყველაფერი თავის ადგილზეა; იდეალური წესრიგი. არა, უფლება არ მაქვს ასე ვიქექო სხვის ნივთებში, მაგრამ გაიგიჟა თავი გოგიმ: მიდი, მიდი, ოღონდ შენ შვილი დაგვიბრუნე და ხმის ამომღები ჩვენ არ ვართო.

საწოლთან წიგნი. ალბათ, ბოლოს ამას კითხულობდა. სანიშნად საკუთარი სურათი. ამ სურათში სულ სხვანაირია – რაღაცნაირი ლაღი, ცოცხალი. მაინტერესებს რას კითხულობდა და გვერდებს ვფურცლავ. უამრავი მინაწერი აქვს წიგნშივე გაკეთებული. სხვადასხვა ფორმულები. ვერაფერს ვარჩევ – ხელწერით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. აი, სათაურიც : „შრედინგერის კატის სიცოცხლე და სიკვდილი“. არა, არ არის ეს საჩემო ამბავი. ტელეფონით მაინც რამდენიმე სურათს ვიღებ. ისე, კატა თარსია, კაცს კარგი რა უნდა მოგიტანოს?

გოგისა და ნატას ვეძახი. იქნებ ვინმე გაიხსენოთ, ვინც ბოლოს ნახა, ელაპარაკა ან იმ ხალხის სია მომცეთ, ვინც შეიძლება რამე იცოდეს – მეთქი. იფიქრეს, იფიქრეს და სულ ოთხი ადამიანი გაიხსენეს : ერთი მეზობელი, უბნის ზედამხედველი, ვინმე გასპაჟა მარგო, ტელემაქეს ორი მეგობარი : პაატა, ნანა და მესაიდუმლე ბიძა, ნუგო. კარგით ბატონებო, ჩავიწერე, სახელები და ტელეფონის ნომრები. თუ რამეს გავარკვევ შეგეხმიანებით, თქვენ თუ რაიმეს გაიგებთ ან გაიხსენებთ, არ მოერიდოთ დარეკვას – მეთქი.

შენ შემოგევლე, შენ გაიხარე! ერთმანეთს ვემშვიდობებით.

მშვიდი ღამეა. ცოტა ხანს ამ საზიზღარ სადარბაზოსთან ვჩერდები. გაურკვეველი წარმომავლობის არსების ბიუსტს ვაშტერდები და ჟრუანტელი მივლის. უცნაური ხალხია. ვერ ვხვდები, თავში რა უტრიალებთ. ამათი შვილი რა იქნება. დედა ნახე, მამა ნახე შვილი ისე გამონახეო – ტყუილად კი არ უთქვამთ ჩვენს ბრძენ წინაპრებს.

ეჰ, ტელემაქე, ტელემაქე…

უი, გიგო შენც რომ კაი დებილი ხარ! ერთი გამაგებინე ეს სურათი ხელს რად გამოაყოლე?  არა, თავი მომაჭერით თუ გინდათ, ამ სურათში სულ სხვანაირია. ვინმე მეტყოდა, ვერა ხარ შენ კარგად, სურათი სურათია, რა ფილოსოფოსობას აწვებიო. არა, არა! აქ ცოცხალია, სხვებში ჩამქრალი. სიტყვებით ვერ ავხსნი.

უცნაური ბიჭია, არაჩვეულებრივი. არ ვიცი, არაჩვეულებრივად კარგი თუ არაჩვეულებრივად ცუდი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ თუ ვიპოვი, პირადად აუცილებლად გავესაუბრები.

ისევ ჩემს წიგნაკას ვაძრობ და ცარიელ ფურცელს ვაშტერდები.

რაო, ვისი კატაო?

ვერ ვიხსენებ.

***

გრძელი დღე გამოდგა.

ჩემს პატარა ბინაში თავს მშვიდად ვგრძნობ. წინ და უკან ხეტიალი მღლის. საშინლად მტკიოდა მთელი დღე თავი. ასეთ დროს მგონია, რომ თავზე ცა ბეტონად ჩამომემხობა. ბედი არ გინდა? მაინცდამაინც, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება საღად აზროვნება, მაშინ გიმტყუნებს ისევ და ისევ შენი თავი. არა, ღმერთს რომ იუმორის გრძნობა აქვს ტყუილია!

არადა, კარგ ხასიათზე გავიღვიძე. ჯან-ღონით სავსემ. რადგანაც, გოგიმ და ნატამ ბევრი ვერც ვერავინ გაიხსენეს, ვინც ტელემაქეს პოვნაში გამომადგებოდა, გადავწყვიტე, დრო რატომ დავკარგო, ბარემ ყველას დღესვე გავესაუბრები – მეთქი. რა უნდა ოთხი კაცის მოსმენას? თან, აი, დარწმუნებული ვიყავი არაფერი განსაკუთრებული არ ხდება – მეთქი.

ახლა დარწმუნებული აღარ ვარ. მეტიც ძალიან ავირიე. არ ყოფილა მთლად საღლიცინო საქმე.  არა, განა რამე ახალი გავარკვიე, პირიქით, ვერაფერიც ვერ გავარკვიე და მაგრად დავიგრუზე. გადარეულივით მივჩერებივარ ტელემაქეს სურათს და გაგონილს ვწონი.

არ მესმის.

არაფერი მესმის.

სად არის ეს ლაწირაკი?

ადრიანად დავურეკე გასპაჟა მარგოს. გავეცანი: ამა და ამ საქმეზე გაწუხებთ – მეთქი. უი, გუშინ ღამე თქვენ იყავით მოსულიო? ვერ შეიკავა თავი. გამეღიმა, მართლა უბნის მეთვალყურე ყოფილა. ეგეთებს ყველგან თვალები და ყურები აქვთ. იქნებ, რამეში დამეხმაროს. შევუთანხმდი: მოვალ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ – მეთქი. ეგრევე სიხარულით დამთანხმდა. უეჭველი თვითონ უფრო აინტერესებდა რა მოხდა და ფიქრობდა რამეს გამოვტყუებო.

მარგოს მოვუგვარე. მივყევი სიას. ეს ჩემი მოწმეები კაი მოცლილი ხალხი გამოდგა. კი, რა პრობლემაა რომელზეც გინდათო. აეწყო: დილით მარგო, შუადღეს ნანა და პაატა, საღამოს ძიაკაცი ნუგო. ავშენდი – მეთქი ის ის იყო გავიფიქრე, რომ წამოვდექი და კი დამარტყა თავმაც. გამაყუჩებელი ვხიე, მაგრამ წამალი არასდროს მშველის. საქმის გადადება არ გამოვიდოდა. გასვლისას ხელს დიქტოფონი გავაყოლე. ისედაც სულ ვამბობ: მოწმესთან შეხვედრა აუცილებლად უნდა ჩაიწერო, თორემ რაღაც მაინც გამოგეპარება. მერე წამოგორებული მშვიდად მოუსმენ და შეიძლება ისეთ წვრილმანებს მიაგნო, გამოშტერდე.

პასტა, ფურცელი.

მივყვეთ თავიდან:

 

რა დაინახა მეზობელმა?

პირველი ჩანაწერი.

მარგო:

ბევრი არც არაფერი ვიცი, არც ტელემაქეზე და არც მაგის მშობლებზე, შვილო. კაი, უჟმური ხალხი კი არიან. შე დალოცვილო, ამდენჯერ შევხვედრივართ, არ გაინტერესებს ვის უბანში ცხოვრობ? ყავაზე დამპატიჟე, მოგიყვები აქაურსა და იქაურს, მაგათმა არ იციან რა ხელი მაქვს!  რო კითხო: ინტელიგენტი, განათლებული ხალხია; ტრაკში პერო! ერთი, ის არ გაუგიათ, ცუდ ნათესავს კარგი მეზობელი სჯობსო?…თუ როგორც არის.

გოგი არ ვიცი, მაგრამ ნატაზე თავს დავდებ: თავმომწონე ქალია, დახვეწილი. ეგეთები ჭორაობასა და უბნის ქალებთან ჯდომას არ კადრულობენ, მაგრამ ყოველ მოძრაობაზე ეტყობათ, რომ გულზე ლოდად რაღაც აწევთ, მაგრამ სახლის გარეთ ვერ გამოატანინებ. მაღაზიაში თუ შევხვდებოდით ერთმანეთს. მომესალმებოდა, მეც მივესალმებოდი და მოვიკითხავდი ოჯახში როგორ ხართ – მეთქი. კი ვიცოდი, რომ “არაფერი გვიჭირს” – ზე მეტს პასუხად ვერაფერს მივიღებდი, მაგრამ პაპიტკა ნი პიტკა ხო იცი? ა, ყვავილები უყვარდა. ჩვენი ქუჩის ბოლოს ერთი ქალია, ნაზი. რამდენჯერაც ჩაუვლიდა, იმდენჯერ ერთ ყვავილს მაინც ყიდულობდა. საწყალი! ეტყობა ქმარი აკლებდა. მეჟდუ ნამი და, ნატა კი ათი თავით ჯობია იმ ძუნგლიან გოგის.

შენ დაოჯახებული ხარ, ძვირფასო? არა, ხო? ეგრეც ვიფიქრე. მაგიტომაც არ გესმის და ვერც წარმოიდგენ, თუ რამხელა ტვირთია ოჯახი. შეიძლება გაგსრისოს. საწყენია, სად აქვთ ამ გოგოებს თვალები, რომ დაგტოვეს ეს ანგელოზივით ბიჭი მარტო? დრო შეიცვალა, თორემ მივდგებ-მოვდგებოდი და კი გიპოვიდი ვინმე შესაფერისს, მაგრამ ეგ სხვა დროს იყოს და დაიმახოვრე, ყველა ოჯახს თავისი სადარდებელი აქვს, მაგიტომაც გინდა კაი მეზობელი – შენ შენს ჯავრს ეტყვი, ის თავისას, თუ საჭირო გახდა ერთადაც იტირებთ. მერე კი იჭორავებთ ერთმანეთზე, მაგრამ სიფრთხილითა და სიყვარულით. აბა, როგორ გინდა?

მომიკვდეს თავი! რამდენი ვიბოდიალე. ისე, სასაცილოა! ვერ გამიგია, რაღა ჩემთან გამოგიშვეს. მეზობლებიც კი არ ვართ. მაგათ მოპირდაპირე კორპუსში ვცხოვრობ. ჩვენი ფანჯრები უყურებენ ერთმანეთს. ოჰ, მაგან ყველაფერი იცისო, რაღაცას დაინახავდაო? უი, გაუზრდელები! ერთი გამოჩნდეს ის ბიჭი, მერე ყელში ამოვადენ. არ გამომიყვანეს უსაქმური დედაბერი? ეგეთი მშობლები რომ მყავდნენ მეც დიდი ხნის წინ გადავიკარგებოდი. ხომ იცი ვინ არიან ეგენი? არა?! უი, უი ღმერთო შენ გადმომხედე! შენ რანაირი გამომძიებელი ხარ. არ გასწავლეს, რომ პირველი, ოჯახის დასკანალნი კვლევით უნდა დაიწყო? ახლა მომისმინე! გოგი ცნობილი რეჟისორია, ნატა კიდევ უფრო ცნობილი რეჟისორის შვილი. არტისტი ხალხი. სახლზე მაინც არ გაგიჩნდა ეგ ეჭვი? კედლები სულ ნაირ-ნაირი ნახატ-სურათებით აქვთ აჭრელებული. მე შენ გეტყვი და შესაძლებლობა არ აქვთ! ვაი, მაგათ რომ შესაძლებლობა აქვთ ეგეთი უნდა.

ისე ტელემაქე ცუდი ბიჭი არ არის. რა ქნას; თავისას ცდილობს.  ზრდილობიანად გამიღიმებდა ხოლმე, ერთხელ ბაზრიდან მოვდიოდი და პარკების ატანაში დახმარებაც შემომთავაზა. გულჩათხრობილი ეგეც კი იყო – ზედმეტ სიტყვას ვერ ათქმევინებდი, მაგრამ ლამაზი ღიმილი ჰქონდა. რაღაცნაირი გულწრფელი. თავის მშობლებს კი არ ჰგავდა.

ღამურაა – რამდენჯერმე დავინახე ფანჯრის რაფაზე იჯდა და ბუტბუტებდა. ასაკში ვარ და თვალი არ მიჭრის, მაგრამ დამეფიცება, მარტო იყო. საწყალი თავის თავს ელაპარაკებოდა, ოღონდ, მარტო კი არ ელაპარაკებოდა, არა! მთელი ჟესტებითა და ამბებით, იცინოდა კიდეც.  ეტყობა, სათქმელი ბევრი ჰქონდა, მაგრამ მსმენელი არა ჰყავდა. არა, ღმერთი-რჯული მე არაფერი მესმოდა. მართლა ვინ გგონივარ შენ მე!

როდის? ასე ღამის სამ/ოთხ საათზე. ღამე ხომ იცი, განსაკუთრებით რთულია აზრები რომ გაწვება და ვერავის ელაპარაკები. მე რატომ მეღვიძა? ვაი, ვაი, სირცხვილი და თავის მოჭრა!  ძალიან კი მერიდება შენი შვილო, მაგრამ ,აბა, მილიციელი ხარ და ხომ არ მოგატყუებ? მილიციელი რაღა იყო და გამომძიებელი, ხო! რას მეკიდები სიტყვებზე ამხელა ქალს? გაგეცინება, მაგრამ ერთი წითელი ნიფხავი მაქვს. ჰოდა, ამ ნიფხავის დღე გაფენა რაღაცნაირად მერიდება. მაგ ქუჩაზე ყველამ იცის მე სად ვცხოვრობ. მერე რა აიტანს მაგათ ხორხოცსა და თითების შვერას – „შეხედე მარგოს როგორი საცვლები ჰქონიაო“. შენი ჭირიმე!  ესეც დაიმახსოვრე: მეზობლებს შენი საცვლები არ უნდა დაანახო. მეც სხვა გზა არ მაქვს და ღამე ვფენ გასაშრობად და დილით ძალიან ადრე ვდგები რომ ჩამოვხსნა. ამ დროს დავინახე ეს შენი ტელემაქეც. ერთხელ თვითონაც შემამჩნია და ჩემი საიდუმლოც გაიგო. ზუსტად ვიცი ეგრევე ყველაფერს მიხვდა. ტყუილად კი არაა ფიზიკოსი. ყურებიდან ტვინი გადმოსდის. არ მინერვიულია. ალალი ბიჭია ხო გითხარი. შიში არ მაქვს რომ სადმე მოყვება.

ეჰ, ახლა ეს ყველაფერი რომ მოგიყევი. გული ჩამწყდა ამ ჩვენს ბიჭზე. იპოვე რა, შვილო – არაფერი მაგას არ დაუშავებია. დააბრუნე, დააბრუნე. ეგეთი ბიჭები არ უნდა იკარგებოდნენ და ცხოვრებაც უნდა უხაროდეთ.

უი, უი გამახსენდა. მთელი დღე ვიმეორებდი ვაიმე, მარგო, ეგ არ დაგავიწყდეს შე ჩერჩეტო, აუცილებლად უნდა უთხრა იმ კაცს – მეთქი. დაიცა გადავითვალო: ერთი, ორი, სამი… ხო, სამი დღის წინ დავინახე ღამე გვიან მოვიდა. ვიღაც კაცთან ერთად უზარმაზარ ყუთს მოათრევდა. ვერაფრით გავარკვიე რა იდო იმ ყუთში და კი არაფერი, მაგრამ რამ გამაოცა და რატო დამამახსოვრდა ის ყუთი იმ ღამით მაგასაც გეტყვი.

ტელემაქე ეწეოდა. არა, არა! პაპიროსს ეწეოდა და არანორმალურივით იკრიჭებოდა.  ამდენი წელია ვხედავ, ხო? ერთხელ არ დამინახავს პაპიროსით. გიჟი მეძახე, მაგრამ ასაკი თავისას შვება და გამოცდილებაც.  გეუბნები, იმ ღამით რაღაც მოხდა. არ იფიქრო ტყუილად დავკარგე დროო. აგერ შენ და აგერ მე. როდესაც ყველაფერი გაირკვევა, იტყვი: ნეტავ, თავიდანვე მარგოსი დამეჯერებინაო.

წარმატებები, შვილო, ღმერთი იყოს შენი მფარველი.

 

აუფ, რამდენი იქოთქოთა! ეჰ, გასპაჟა მარგო; კაი ნერვები სჭირდება თქვენს მოსმენას. ისე, რაღაცაში მართალია. ვერ დავუკარგავ, რამდენიმე საინტერესო ცნობა მომაწოდა. რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ თურმე წითელ ნიფხავს ფლობს, რომლის გამოჩენისაც ძალიან ცხვენია. ნეტა, ჩვენი საუბრისასაც ეგ წითელი ნიფხავი ეცვა? მარგო წითელ ნიფხავში. კარგი მორჩი ხუმრობას და დასერიოზულდი, გიგო!

ფურცელზე ვწერ:

ნატა და გოგი არტისტი, ტრაკში პერო ხალხია და მეზობლებს არ კადრულობენ.

ტელემაქე ალალი ბიჭია.

რამდენიმე დღის წინ, ღამით უცნობ კაცთან ერთად უზარმაზარი ყუთი მოათრია.

ტელემაქე ძალიან მარტოსულია.

 

რა თქვეს მეგობრებმა ?

მეორე ჩანაწერი.

ნანა: 

ტელემაქეს კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. აუ, გაუცნობიერებლად დამემართა. რა დრამატულად დავიწყე. რატომ ჰქონდა; მართლა ხომ არ მომკვდარა. ტფუ, ტფუ, ტფუ.  (მაგიდაზე სამჯერ აკაკუნებს)

თავიდან დავიწყებ – ტელემაქეს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ მაგის ხუმრობები ბევრს არ ესმის. ისეთი სერიოზული სახით ღადაობს, შეიძლება ძაან ცუდად მიიღო და სახეში შემოარტყა. დამუღამება უნდა. მე ეგრევე დავუმუღამე და ,ალბათ, მაგიტომაც დავმეგობრდით. არადა, თავიდან საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე დავახლოვდებოდით. მეთორმეტე კლასში გადმოვიდა ჩვენს სკოლაში. მასწავლებლები ისე აქებდნენ, ეგრევე კლასისთვალას სახელი შეეწერა. დიდად არავინ ეკონტაქტებოდა და არც თვითონ იკლავდა თავს. ბოლო მერხზე იჯდა თავისთვის ჩუმად. მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა. მთელ კლასს შეგვიყვარდა.

პირველი ჩემთან გაიხსნა. სახლამდე ერთი გზა გვქონდა. მეტრომდე ფეხით მივდიოდით და ვლაპარაკობდით. აუ, ერთი სიამოვნებაა მაგასთან ლაპარაკი. რაშიც გინდა გაგიგებს. არასდროს განგსჯის. მერე ცუდად გახდა და ერთი კვირა გაკვეთილებს აცდენდა. ჰოდა, ეგ ერთი კვირა სოციალურ ქსელებში გაუჩერებლად ვწერდით ერთმანეთს და მაშინ მივხვდი, რომ შევეჩვიე. გარშემო ყველას შეყვარებულები ვეგონეთ. მე ისეთი აღშფოთებული ვუარობდი, როდესაც მეკითხებოდნენ თქვენ რა, ერთად ხართო, ვითომ, ტელემაქესნაირ შეყვარებულზე უარს ვიტყოდი. თან ვუხდებოდით ერთმანეთს. ვაიმე, არა, არასწორად გაიგეთ. პრინციპში არ ვიცი. შეიძლება მიყვარდა კიდეც ან მომწონდა. რავიცი, უცნაური ურთიერთობა გვქონდა… ჯანდაბა, გვაქვს! ბოლომდე არც მე მესმის და რავი, ეგეც მომწონს. იმას, რაც ძალიან კარგია, სიტყვებით ხო ვერ ახსნი?

ერთხელ ვუთხარი: მგონი ამ ჩვენს პატარა პლანეტაზე შემთხვევით მოხვდი, რაღაც აგერია – მეთქი. გაეცინა, უცხოპლანეტლის რა შემატყეო. არადა, ეგეთ ხალხს ეგრევე ვცნობ. დედაჩემი მეუბნება ადამიანების აურას გრძნობო. მაგის ბოლომდე არ მჯერა, მაგრამ ხალხს კარგად ვცნობ. აი, თქვენ არ გქონიათ შემთხვევა ტიპს რომ შეხედავ, და ეგრევე გაგიელვებს თავში არაამქვეყნიურიაო. არა? ცუდია! სცადეთ, დააკვირდით გამვლელებს, თუმცა ახლა რა აზრი აქვს ამას, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეგეთ ხალხს სიფრთხილე უნდა. არა, სიფრთხილე მთლად შესაფერისი სიტყვა არაა. უფრო გაფრთხილება სჭირდებათ. რაღაცნაირად ფაქიზები არიან. ჰოდა, მეც ვუფრთხილდებოდი ტელემაქეს.

ე, ძალიან ძვირფასია ჩემთვის. შეიძლება მოვწიო? არა, ტელემაქე არ ეწევა. უფრო სწორად, მწეველი არ არის. ძალიან იშვიათად. როდის? ძირითადად როდესაც ნერვიულობს ან როდესაც ძალიან აჟიტირებულია. მე გავასინჯე პირველად სიგარეტი. ნაფაზი ძლივს დაარტყა, იგუდებოდა. არა, დალევით არასდროს სვამს. ბანკეტზე კინაღამ მოკვდა. ოღონდ მართლა კინაღამ მოკვდა და მაშინ დაიფიცა წვეთს აღარ დავლევო. იცით, რომელი კატეგორიაა ტელემაქე? აი, მშობელს რომ ეტყვი ეგეც მოდისო და სადაც არ უნდა წახვიდე უპრობლემოდ გაგიშვებს.

ჭკვიანია, ძალიან ჭკვიანი. მე ფიზიკის არაფერი გამაგება, მაგრამ ისეთი აღფრთოვანებული მიყვება ხოლმე ვიღაც დიდი ფიზიკოსების ამბებს: ეს აღმოაჩინეს, ეს გააკეთესო, რომ მეც მედება მისი განწყობა. მართლა მჯერა, რომ ძაან დიდი მომავალი აქვს. თვითონ სულ მეჩხუბება – ეგრე ნუ მეუბნები, მერე იმედებს გაგიცრუებო. სადაც არ უნდა იყოს, აუცილებლად დაბრუნდება. დამიჯერეთ, მე მაინც არ დამტოვებს.

სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩავაბარეთ. ბოლო ზარზე პირობა დავდეთ, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მეგობრებად დავრჩებოდით. ეს პირობა არც ერთს არ დაგვირღვევია. კვირაში ერთხელ მაინც მწერს წამოდი გავისეირნოთო და მეც მივყვები. შეიძლება მთელი დღე ჩუმად ვიაროთ, მაგრამ ზუსტად ვიცი ბოლოს, სანამ დავიშლებით, მეტყვის ძაან კაი დღე იყოო. მე გულში ვფიქრობ ხოლმე: ბიჭო, თუ მაინც არ უნდა მელაპარაკო, ბარემ მარტო ისეირნე – მეთქი, მაგრამ, როდესაც მეუბნება “ძაან კაი დღე იყოო”, ვიღიმი და მერე მთელი დღე გაღიმებული დავდივარ.

აუ, თქვენ ხომ სულ სხვა რაღაცის მოსასმენად ხართ მოსული. ბოლოს, სადღაც ერთი კვირის წინ ვესაუბრე. არ ვიცი რამდენად სწორია ამის თქვენთან თქმა, მაგრამ, რა ვიცი, მაინც გეტყვით. მომწერა: ხვალ ბიბლიოთეკაში მივდივარო. აი, აქვე საჯაროში დადიოდა. ჟურნალ/გაზეთებისთვის მოხსენებებს რომ წერდა, გეცოდინებათ. ჰოდა, ხან ძველ სტატიებში იქექებოდა, ხანაც მასალებს აგროვებდა. ბოლოს აზრზე არ ვარ რაზე მუშაობდა, მაგრამ ანთებული იყო. რაღაც ძალიან მაგარს და ღირებულს ვწერო. საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრად ეკიდებოდა. ყოველი კრიტიკა ანადგურებდა. არაფერს იმჩნევდა, მაგრამ მე ხომ ვიცნობ. ჰოდა, მომწერა ბიბლიოთეკაში მივდივარ წიგნების დასაბრუნებლად და გადავწყვიტე ჩემი ოცნება ავისრულოო. რა ოცნება – მეთქი ვკითხე. ერთი წიგნია, ძალიან მომწონს, სხვაგან არსად იშოვება და უნდა მოვიპაროო. გადავყირავდი სიცილისგან. ხვდებით, ხო, როგორია ტელემაქე? წიგნის ქურდობაზე ოცნებობდა. ნეტა, თუ მოიპარა ის წიგნი. მე სანაძლეოს ჩამოვალ, რომ დაზადნავდა, მაგრამ უცნაურად კი იქცეოდა ბოლო ერთი თვე და რა ვიცი… ბიბლიოთეკაში ძალიან დიდ დროს ატარებს. ურიგო არ იქნებოდა მანდაც თუ მიხვდიოდით და ხალხს გამოკითხავდით.

აუ, სანამ წახვალთ ერთსაც გეტყვით რა – გთხოვთ კარგად დაიმახსოვრეთ. ტელემაქეს ცხოვრება ძალიან უყვარს. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ვაფასებ. ასე უბრალოდ ყველაფერზე ხელს არ ჩაიქნევდა. შეიძლება დეპრესიულის ან მუდოს შთაბეჭდილება დატოვოს, მაგრამ ეგრე არაა.

ზუსტად ვიცი – ტელემაქე ცოცხალია.

 

ნანა კარგი გოგოა. გულწრფელად უყვარს. ახლა უფრო ვბრაზდები ამ ლაწირაკზე. როდესაც გვერდით ასეთი მეგობარი გყავს, ისეთი რა უნდა გადაგიბრუნდეს თავში რომ დაიკარგო? ვაღიარებ – ნანას სიტყვების შემდეგ მეც დავუშვი, რომ შეიძლება რაღაც რიგზე ვერ არის. ტელემაქე სხვა თვალით დავინახე. უფრო სწორად… ახსნა მიჭირს. ნატასთან და გოგისთან სტუმრობის შემდეგ სულ ტელემაქეზე ვფიქრობ. ვიხსენებ ნანახს, მის ოთახს, გაგონილ ამბებსა და მეგონა გონებაში ზუსტი სურათი დავხატე. მაგრამ ნანას მოყოლილის შემდეგ ჩემი წარმოდგენა ერთ აზელილ ლაქად გარდაიქმნა. უფორმო, უფერულ ლაქად.  ამოუცნობ, შეუვალ მასად. კაი, ჯერ მაინც ადრეა დასკვნების კეთება.

ჩავწეროთ:

ტელემაქე მწეველი არ არის. ეწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალიან ნერვიულობს ან აჟტირებულია; არ სვამს.

საჯარო ბიბლიოთეკაში დიდ დროს ატარებდა. წიგნის მოპარვაზე ოცნებობდა.

ტელემაქეს ცხოვრება ძალიან უყვარს.

 

მესამე ჩანაწერი.

პაატა:

რა ვიცი, ტო, რა გითხრა. კურსელები ვიყავით. ვძმაკაცობდით, კაი თემებშიც ვიჩითებოდით. მერე დრო გავიდა. უნივერსიტეტი დავამთავრეთ და დავიშალეთ რა. ჩემთვის მოკვდა. დაბადების დღესაც კი არ ვულოცავთ ერთმანეთს, მოკითხვაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. სიკვდილი არაა ეგ?

რავიცი, შეიძლება გაბრაზებულიცაა ჩემზე. არ მიცდია გაიასნება. კურსელი იყო რა. კაი, გამოგიტყდები და კი ვფიქრობ ხშირად, პაატა შე არასწორო, მაგარი უმადური ხარ. ბიჭი ოთხი წელი გვერდში გედგა. ყველაფერში გეხმარებოდა და დავაი, მიწერე, ეგრე არ შეიძლება – მეთქი. რატომ არ მიმიწერია? არ ვიცი.

მე ფიზიკას უნივერსიტეტის მერე არც კი გავკარებივარ. სიმართლეს გეტყვი და მაგანაც თავისი ითამაშა. მაგას ფიზიკა მაგრად ევასებოდა. ბიჭი გიჟდებოდა. თან მაგარი მოზგია. სულ სენსაციური იდეები ჰქონდა. ახლაც ეგრე იქნება. თამამი იყო. რამდენადაც გაუბედავი ცხოვრებაში, იმდენად გაბედული ფიზიკის ამბებში. ასე რომ, ფიზიკას თუ დავთმობდი ტელემაქეც უნდა დამეთმო. ერთი მეორეს გარეშე არ გამოდიოდა. შეიძლება ეგ ვერ მაპატია ზუსტადაც. არ გამიკვირდება. ახლა ბინებს ვაქირავებ და საკაიფო მაყუთსაც ვშოულობ, რაში მინდა ერთი მითხარი კვანტური მექანიკის ცოდნა?

ლექტორებთან კამათი მაგრად უსწორდებოდა. ისინიც მერე ჯიბრში უდგებოდნენ და ქულებზე აპახავებდნენ. დიდად ვერ გავუგე ფიზიკას, მაგრამ რაც გავუგე ტელემაქეს წყალობაა და იმდენი კი მესმოდა, რომ რასაც ბაზრობდა უინტერესო არ იყო. არ დადგებოდა მაგისგან ხელწამოსაკრავი ფიზიკოსი. ხო არ იცი რაზე მუშაობდა? ვისი კატა? ა, შრედინგერის კატა? ხახახა. ვახ, არ მჯერა. კიდე მაგაზეა ჩაციკლული, ტო? ახლავე, აგიხსნი ეგ რა თემაცაა. იყო ერთი მეცნიერი, შრედინგერი და ჩაატარა ექსპერიმენტი: რადიოაქტიურ ნივთიერებასთან ერთად ყუთში ჩასვა კატა. ზუსტად არ მახსოვს, რა როგორ იყო, მაგრამ ერთი ისაა, რომ ატომები თუ დაიშლებოდნენ კატა მოკვდებოდა, თუ არ დაიშლებოდა კატა გადარჩებოდა. ნახე, სადაა ძაღლის თავი დამარხული – ატომების დაშლის ზუსტი მომენტის განსაზღვრა შეუძლებელია და რომ გაიგო დაიშალა თუ არა, უნდა გახსნა ყუთი და ნახო კატა. შეპყრობილი იყო ეგ ჩემისა ამ ამბით. პაატა, შენ ხვდები ეს რა მაგარი რამეა? გამოდის, რომ სანამ ყუთი გაიხსნება კატა ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიცო. დაიბენი, ხო? შეხედე: ყუთის გახსნის შემდეგ ორი მოცემულება რჩება: ატომი დაიშალა, კატა მოკვდა. ატომი არ დაშლილა, კატა ცოცხალია, მაგრამ თუ ყუთს არ გახსნი კატა ერთრდოულად ცოცხალიცაა და მკვდარიც. გაიგე რამე? მეც ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება კატა ერთდროულად ცოცხალიც იყოს და მკვდარიც, მაგრამ მაგრად მეკიდა ეს შენი შრედინგერის კატა და ტელემაქესაც თავს ვუქნევდი, ხო, ხო მაგარია – მეთქი.

გართობის დიდი მოყვარული არ იყო. პირველ კურსზე ძალით წავიყვანე ბარში და ისეთი სახით იჯდა, ყველა გოგო დამიფრთხო. იქაც ფიზიკაზე ბაზარი დაიწყო. გეუბნები, სჯეროდა, რომ ეს ფორმულები და ციფრები, სამყაროს გასაღები იყო. იმის მერე შევეშვი. ოთხი წლის განმავლობაში ერთი არ მახსოვს ვინმეზე ეთქვა დამევასაო ან სადმე გავიაროთ, თვალს წყალი დავალევინოთო. სულ ფიზიკა, ფორმულები, ციფრები. ახირებული კაცი გამოვიდოდა მაგისგან. როგორი, იცი? მარტო თავის საქმეზე რომ არიან გადამკვდარები და ცხოვრება ეპარებათ. კაი, ტო, ეგეთი კამანდა ისედაც მკვდარია.

სხვა რა შემიძლია გითხრა. მშობლებთან ვერ ჰქონდა მთლად დალაგებული ურთიერთობა. პირდაპირ ასე არასდროს უთქვამს, ერთმანეთის არ გვესმისო. ღადაობ, რომელი ნაბიჭვარი იტყვის მაგას ხმამაღლა მშობელზე? გინდ, უახლოეს ძმაკაცთან. ნდობის ამბავი კი არაა მანდ, არა, უბრალოდ ამას რომ იტყვი, მერე თავს ცუდ ადამიანად იგრძნობ. სიტყვებს კიდე უკან ვეღარ წაიღებ. რატომ მგონია ეგრე? ვიცი რა. დებილი კი არ ვარ. თრგუნავდნენ. ვერ ხვდები? ეს დაფრინავდა, ისინი მიწისკენ ექაჩებოდნენ. როგორც ხდება ხოლმე. თვითონაც უთქვამს რამდენჯერმე მაგათ წინასწარ უნდათ ყველაფერი დამიგეგმონ, ამ ჩემი უბედური სახელით დაწყებული ყველაფერს ჩემს მაგივრად წყვეტენო.

კი გამიტყდა, რაც შენ მითხარი. იმედია რამეში დაგეხმარე. დაკარგვისთვის ნაღდად არ მემეტება, მაგრამ…პესიმისტი როჟა არ ვარ, მაგრამ მგონია მკვდარია, რა. შეიძლება, თავიც მოიკლა. არ განიხილავ მაგას? რომ ვფიქრობ, ყველაზე ლოგიკური ეგ მგონია. გული უეჭველი აცრუებული ექნებოდა. მშობლების კისერზე, უმუშევარი, მიზანდაკარგული. ვერაფრით გადახარშავდა. ისედაც არ იყო დიდად აღფრთოვანებული ამ ცხოვრებით. ჩაიკეტებოდა, თავით ამ აბსტრაქტულ იდეებში გადაეშვებოდა და ბრახ. რა უნდა; ყველაზე მარტივი გამოსავალი ეგაა.

ღმერთმა ქნას ვცდებოდე. უბრალოდ, ვიცნობ რა, როჟას და შენს ადგილას მთავარ თეორიად მაგას განვიხილავდი. წარმატებები, ძმაო, წარმატებები.

 

კაი ხანია ჩუმად ვზივარ პაატას ჩანაწერის დასრულების შემდეგ. არ მესმის: როგორ შეიძლება პაატა და ნანა ერთ ადამიანზე ლაპარაკობდნენ? ხომ ვთქვი ძალიან მტკიოდა მთელი დღე თავი – მეთქი. ეს კავშირი, უფრო სწორად, აცდენა ვერ დავიჭირე. როდესაც ერთმანეთის მიყოლებით მოვუსმინე ჩანაწერები, განსხვავება ცხადზე ცხადი გახდა: ნანა ხედავს ლაღ, ცხოვრების სიყვარულით სავსე ბიჭს. პაატა, ახირებულ კაცს, რომლის ყველაზე ლოგიკური აღსასრულიც თვითმკვლელობაა. არა, რა ერთად უნდა მენახა ორივე. იკაიფე, ერთი დარწმუნებულია, რომ ტელემაქე ცოცხალია. მეორე, რომ ტელემაქე მკვდარია. ეგრე როგორ შეიძლება?

არა, მგონი ვხვდები რასაც გულისხმობენ. მეც ეს სურათი რომ დავინახე, ეგ არ ვთქვი – აქ ცოცხალია, სხვებში ჩამქრალი – მეთქი? არ ვიცი; რაღაც ძაან მოვუხშირე ამ არ ვიცი, არ ვიცის ძახილს. ერთდროულად ცოცხალი და მკვდარია. როგორც… როგორც შრედინგერის კატა. ვა, გიგო რა მაგარი ხარ. უხ, რა დროს არ ესმის შენი ფიზიკის მასწავლებელს. ხო ინანებდა ორჯერ საშემოდგომო რომ გამოგაყოლა.

მოკლედ, შევაჯამოთ:

ტელემაქეს ფიზიკა უყვარს.

დიდად გართობისა და პონტის კაცი არაა.

მშობლებთან არც ისე სახარბიელო ურთიერთობა აქვს.

პაატას აზრით, ტელემაქემ თავი მოიკლა.

შრედინგერს მაგარი გარეკილი ჰქონდა.

 

რა მოყვა ბიძამ?

ბოლო ჩანაწერი.

ნუგო:

ნუგო? არა შენ შემოგევლე, ნუგზარი დამიძახე, მეგობარო. უკვე ზედმეტად ბებერი ვარ. ნუგო აღარ მშვენის. ნუ გეცინება. სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი შენი სახელი შემახსენე. გიგო; ვერაფრით გამოვიცნობდი. ბოდიში და საერთოდ არ შეგეფერება. არ მეთანხმები?  ვიცი ახლა რასაც ფიქრობ. სამშობიაროში ჩემმა დამ რომ გამოგვიცხადა: ბავშვს ტელემაქე დავარქვითო, გავხევდით. ვერაფერი ვუთხარით. მერე კი ავჩურჩულდით: რა ტელემაქე, ესენი სულ გადარეულან – თქო, მაგრამ როგორც კი ბავშვი ვნახე, მივხვდი: ზედგამოჭრილი ტელემაქე იყო. უცნაურია, არა?

ეჰ, ვიცი, როგორ არ ვიცი. პირველი მე დამირეკეს, შენთან ხომ არ არისო. არა, რა ჩემთან. ერთ წელზე მეტი იქნება თვალით არ მყავს ნანახი – მეთქი. ეგრეცაა, ამიტომ მგონი შენც ვერ გამოგადგები. ნატამ შეიცხადა: რას ამბობო. არადა, თავი მომაჭერი, გაუხარდა. აღიზიანებდა ჩვენი სიახლოვე. ეგენი გეტყოდნენ ბიძამისი მაგის მესაიდუმლეაო. მაგიტომაც გაგიკვირდა, არა? ადრე ეგრეც იყო, მაგრამ ბევრმა წყალმა ჩაიარა და იმაზე მეტმა კიდევ სიტყვამ.

ძალიან ვნერვიულობ. დაბადებიდან უჩვეულო ბედის ბიჭია: პირველი შვილი, პირველი შვილიშვილი, პირველი სიხარული. ზედ ვყვებოდით, დედაჩემს ტელემაქეზე მეტად არავინ უყვარდა. ცოტა ვეჭვიანობდი კიდეც. ეგეთი რბილი, ეგეთი მოსიყვარულე ჩემთან და ჩემს დასთან არასდროს ყოფილა. ეჰ, ნათელი და სანთელი. არ გეგონოს, აქაოდა, ყველა ზედ ყვებოდა და თავში აუვარდებოდაო. არა, პირიქით, პასუხისმგებლობაა ეგეც, პასუხისმგებლობა კიდე მძიმე ტვირთია. პასუხისმგებლობაა ისიც, როდესაც ადამიანი გენდობა. მე კიდევ ტელემაქეს ნდობა ვერ გავამართლე, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია.

იმის თქმა მინდა, რომ ტელემაქესგან ბევრს ელოდნენ. ელოდნენ რა, ველოდით. შენ ჩვენი მომავალი პრეზიდენტი უნდა გახდეო, ეუბნებოდნენ ჩემი მშობლელი. სკოლა რომ დაამთავრა და ფიზიკაზე ჩააბარა, ეგ იყო პირველი იმედგაცრუება. არავინ კი არაფერი შეიმჩნია, ფიზიკა მაინც ისეთი დარგია, პატივსაცემი, მაგრამ მე რას გამომაპარებ? სად ფიზიკოსი და სად პრეზიდენტი.

როგორი ბავშვი იყო? მშვიდი; ჭირვეულობა არ უყვარდა, მაგრამ ქარიშხალი! ცელქზე ცელქი.  ჩემი აზრით, ბავშვი ცელქი უნდა იყოს, ისე როგორ გინდა? მე შვილები არ მყავს და ტელემაქე იყო ჩემი შვილიც და ძირიც. მსგავსი სიყვარული მეორე არ ვიცი. ყველანაირად ვცდილობდი დისშვილთან ბევრი დრო გამეტარებინა. კითხვას კითხვაზე სვამდა. აინტერესებდა გარშემო რა ხდებოდა. მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. ბევრს ვსწავლობდი მაგასთან ურთიერთობით. მაგრამ იცი რა არის ტელემაქეს მთავარი ღირსება? შენ საიდან უნდა იცოდე. ყველა იძახის ჭკვიანია, ჭკვიანიაო. დარწმუნებული ვარ შენც პირველს მაგას გეტყოდნენ. კი, ჭკვიანიცაა, მაგრამ თან ძალიან კეთილია. ოღონდ, იცი რააა ყველაზე ცუდი? ტელემაქესნაირი ადამიანები ამ ცხოვრებას ვერ უქაჩავენ.

ჩემი და კაპასია. მე თუ არა, სხვა ვინ გეტყვის. გაწონასწორებული, დახვეწილი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. არ დაიჯერო! არც მაგის ქმარი უქნია ღმერთს. იდეალურად შეეფერებიან ერთმანეთს. ფერი, ფერსაო. მე და ნატას ერთმანეთის არასდროს გვესმოდა. ჩემზე ოთხი წლით უფროსია და რატომღაც დღემდე ჰგონია, რომ ეს ბევრს ნიშნავს. მთელი ცხოვრება ჭკუას მარიგებს. დედასთანაც სულ კამათობდა. საიდუმლოდ გეტყვი და დარწმუნებული ვარ, ასეთი პატარა მაგიტომაც გათხოვდა. ცოდვას ვერ დავიდებ, უყვარს ის თავისი სნობი გოგი, მაგრამ დამიჯერე – ბოლოს ისეთ მდგომარეობაში იყო, ოღონდ ჩვენი სახლიდან წასულიყო და უკადრებელსაც იკადრებდა.

რას ეძახით ამას? კარმა, ხო? ჰო, კარმა ოხერი რამეა. ჩვენ კი გაგვექცა, მაგრამ ტელემაქესთანაც ვერ დაალაგა ურთიერთობა. ჯერ იყო და იმაზე წუწუნებდა როგორ ბედავს სამი წლის ბავშვი და გამართულად ვერ მეტყველებსო. რა ეგონა მაგას? რადგანაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ინსტიტუტი კიდევ წითელ დიპლომზე, მაგისი შვილი გაჩენისთანავე “ვეფხისტყაოსანს” ჩაურაკრაკებდა? ო, ნატა მამაჩემს ძალიან ჰგავს. გეცოდინება მამაჩვენი, ცნობილი სი-ნე-მა-ტო-გრა-ფი. დაიჯერებ, რომ მამაჩემის არცერთი ფილმი დღემდე არ მინახავს?!შეიძლება მართლა ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ ადამიანად არ ვარგოდა. კიდევ კარგი, სულ აქეთ-იქით სიარული უწევდა. ძირითადად დროს დედასთან ვატარებდით. ჩემს თავს კი არ ვჩივი, ნატა მეცოდებოდა. ვერაფრით ეგუებოდა მამის უყურადღებობას. კაი, კაი; ისევ შორს წავედი.

მოკლედ, რამდენჯერაც მშობლებთან წაიჩხუბებდა, იმდენჯერ მე მირეკავდა. ოღონდ ჩხუბი ხმამაღალი ნათქვამია. არაფერი იფიქრო: ცემა-ტყეპას არ ვგულისხმობ. კამათი უფრო უპრიანი სიტყვაა. უფ, კამათობდნენ ყველაფერზე რაზეც კი კამათი შეიძლებოდა. ძალიან დრამატულად ჟღერს, მაგრამ ეგრეა. აი, ერთს მოგიყვები: მეორე კლასში ტელემაქემ მათემატიკის საკონტროლოში ცხრიანი მიიღო. ამათ მოატყუა- ათიანი მივიღეო. რა თქმა უნდა, ნატამ მეორე დღესვე გაიგო სიმართლე და ტელემაქემაც მაშინ გაიგო, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. უყურე საქმე რაშია; იმაში კი არაა, რომ ტელემაქემ ცხრიანი მიიღო, ხვდები მეორეკლასელ ბავშვს დედის როგორ ეშინოდა? ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ. სულ ორიოდე გაჩერება გვაშორებს. დაიწყებდა ნატა კამათს, ბავშვიც ეგრევე ხტებოდა მარშრუტკაში და ჩემთან მოდიოდა.

როგორც გითხარი, ერთ წელზე მეტია არ მინახავს, მაგრამ დაახლოებით ორი კვირის წინ ველაპარაკე. დამირეკა. ერთ-ერთი რედაქტორის მეილი მთხოვა. ვუკარნახე. გამიხარდა, რამე ახალზე ხომ არ მუშაობ – მეთქი. განსაკუთრებულზე არაფერზეო, მშრალად მომიჭრა და გამითიშა. ეჰ, არადა, იყო დრო, როგორც კი რამეს მოიფიქრებდა, ეგრევე მე მწერდა.  კი, რა თქმა უნდა, რამეში თუ გამოგადგებათ. ახლავე დაგიწერთ. ჩემი ნაცნობია; მეცნიერების დიდი მოყვარული. ამ სიყვარულმა გადააწყვეტინა პატარა ინტერნეტპორტალის შექმნა. ნაშრომებს, კვლევებს, სხვადასხვა სტატიებს უქვეყნებს დამწყებ და უკვე ცნობილ მეცნიერებს. აი, ბატონო; ინებე, ოღონდ დანამდვილებით ვერ გეტყვი დაუკავშირდა თუ არა.

რაღაცნაირი კაცი ხარ, გიგო; ნდობას იწვევ. სახელი კი არ გიხდება, მაგრამ პროფესია სწორად აარჩიე. არ მახსოვს ბოლოს ამდენი როდის ვილაპარაკე.

მომენატრა; ახლა ვფიქრობ, რამხელა სისულელე დამემართლა. კი მოვუბოდიში, მაგრამ არ არის ის კაცი, რომელიც წყენას მარტივად დავიწყებს. მგონი, გადავამლაშე; იმდენჯერ გავიმეორე, შეიძლება რამე საშინელება წარმოიდგინო. სინამდვილეში არც არაფერი განსაკუთარებული არ მომხდარა. ერთხელ ნატას ვუთხარი, სამსახური იშოვოს, მაგის ფიზიკა არავის სჭირდება, ფულია საჭირო – მეთქი. მე რა ვიცოდი რომ გაიგებდა. თავიდან ბავშვურ საქციელად ჩავუთვალე, მაგრამ მერე დავფიქრდი და საშინლად შემრცხვა. წარმოიდგინე, გულშემატკივარი არ გყავს და ერთადერთი ქვეყანაზე, ახლობელ ადამიანად, გეგულება ბიძა, რომელიც შენს ზურგს უკან, ასეთ რამეს იძახის. არ გამოვიდა კარგად, მაგრამ შეცდომა ყველას მოგვდის. თავს კი არ ვიმართლებ – უბრალოდ, ასე გამზარდეს. არაფერი გვიჭირდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებლობა და საკუთარ ტყავზე ფიქრი არ მისწავლია. იცი, ახლა ვხვდები, რომ შეიძლება ცოტა მშურდა ტელემაქესი. არ ვიცი კეთილი და ბოროტი შური მე – შური, შურია!  ის მეოცნებე იყო; ჩემთვის არავის უკითხავს რა მინდოდა ან რაზე ვოცნებობდი.

სიტყვები ვერაგი იარაღია, გიგო. ხშირად გღალატობენ და მთავარი უბედრება ისაა, რომ ნათქვამს უკან ვეღარ წაიღებ. მაგრამ ოღონდ გამოჩნდეს, ოღონდ ყველაფერი კარგად დასრულდეს, მუხლებში ჩავუვარდები და მაინც შემოვირიგებ.

 

აუ, არა, სულ ტყუილად ვჯღაპნი. რა შეჯამებების კეთება ამიტყდა. ვაი, ნეტავ, ენას ძვალი ჰქონდეს. მომინდომეს ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ღაღადი. ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, სიტყვები ვერაგი იარაღიაო. წინადადებების ხროვა. მგონი, ესენი კიდევ უფრო მარტოსულები არიან, ვიდრე ტელემაქე. წამით ვფიქრობ, თავიდან ჩართე ჩანაწერები, გიგო, იქნებ რამე გამოგრჩა – მეთქი. ამის ნაცვლად საკუთარ ნაწერს ვაშტერდები და მეჩვენება, რომ სიტყვები ქრებიან, ჰაერში ლივლივებენ, მაგრამ მე ფურცელს თვალს ვერ ვაშორებ და ვუყურებ თეთრს, ყველაზე სევდიანსა და ცარიელ ფერს.

ვკუჭავ, ვხევ, ნაგავში ვყრი;

ლეპტოპს ვრთავ.

ნუგზარის გადმოცემულ ფურცელს ვპოულობ და მეილს ვწერ:

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ამა და ამ დანაყოფის, გამომძიებელი გიგო არსენიშვილი ვიძიებ ბატონი ტელემაქეს გაუჩინარების საქმეს. ძალიან მოკლედ რომ აგიხსნათ: პირი სამი დღეა არ გამოჩენილა. საგამოძიებო მოქმედების განსახორციელებლად მჭირდება თქვენი დახმარება. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა დაკარგული პირი გაუჩინარებამდე დაგიკავშირდათ. ძალიან დამავალებთ, თუ მომაწვდით ცნობებს ამ უკანასკნელის თაობაზე. გთხოვთ დროულად მიპასუხოთ. გაითვალისწინეთ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ფლობთ, შეიძლება გადამწყვეტი გახდეს.

პატივისცემით

გიგო არსენიშვილი.

წესით, ასე არ ხდება, მაგრამ მეზარება ეს ფორმალური სისულელეები. ახლა დამარეკინე განყოფილებაში და ამაღებინე ორდერი, მერე სანამ ბეჭედს დაარტამენ და ფაქსით გადააგზავნიან. სად მაქვს მაგდენი დრო? იმედია ზედმეტ კითხვებს არ დამისვამს და პირდაპირ მიპასუხებს. ვფიცავ, ამ მდგომარეობაში სიტყვებს თავს რომ ვუყრი, ეგეც გმირობის ტოლფასია.

საწოლისკენ მივლასლასებ. ერთი კაი გამოძინება არ მაწყენს.

ვერაფრით ვისვენებ; აქეთ-იქით ვწრიალებ. თავიც უარესად მტკივდება – დაუსრულებელი ამბებით ვარ სავსე.

ვინ ხარ ტელემაქე?

***

დღეს თავი აღარ მტკივა, მაგრამ კარგ ხასიათზე ყოფნას ნაღდად ვერ დავიბრალებ. ძილშიც ვერ მოვიშორე ეს თავხედი! არადა, სიზმრები არ მესიზმრება, თუკი მესიზმრება არ მამახსოვრდება. ახლა კი ღამით ნანახი იმდენად ცხადად მახსოვს, რომ გარშემო ვიყურები და ვეღარ ვარჩევ რა არის ნამდვილი და რა ცრუ.

აბაზანაში ონკანს ვუშვებ და ცივ წყალს თავს ვუშვერ. იქნებ გამოვფხიზლდე, საფეთქლებს ვიზელ. ვაი, გიგო, რაღაც ნაადრევად მოგინდა დაბერება; საკუთარ ანარეკლს ვათვალიერებ: უფ, კიდევ კაი, ჯერ ჭაღარა მაინც არ ჩანს. დავბერდი კი არა, დავიღალე: მესამე დღეა გაუჩერებლად ტელემაქეზე ვფიქრობ. ახლა ამ სიზმარმაც ამაფორიაქა. ე, როგორ ამბობენ, სიზმარი წყალს უნდა მოუყვეო? კაი, ჩემი რა მიდის. ონკანს ბოლომდე ვატრიალებ და გამოთქმით ვიწყებ. სიზმარი ასეთი იყო :

მთაწმინდის უბანში ვბოდიალობდი. თოვდა; აი, თბილისში თოვდა. ეგრევე ხომ უნდა მივმხდარიყავი რომ სიზმარი იყო და სასწრაფოდ გამეღვიძა? არა, ხანდახან ეს ჩემი ტვინი ისეთს მოხევს, გაგიჟდება კაცი. ჰოდა, თოვდა. მეც მივადექი და მივაჩერდი ამ გაურკვეველი წარმომავლობის ურჩხულის ბიუსტს. აი, იმას, ტელემაქეს კორპუსს დარაჯად რომ აზის. რამდენი ხანი ვიდექი ერთ ადგილას ვერ გეტყვით. სიზმარში დრო სწრაფად გადის ან ნელა გადის ან საერთოდ არ გადის. რაღაცას ვფიქრობდი; არა, შეიძლება არაფერსაც არ ვფიქრობდი. კაი, მოკლედ, ამბავი ისაა, რომ დრო გამექცა და აზრზე კატის კნავილმა მომიყვანა.  ფეხზე მეტმასნებოდა. ამასობაში საკაიფოდაც მოეთოვა. თვალებში ჩავხედე წითურ, მწვანეთვალება კატას. გეფიცებით, მიყურებდა და მეუბნებოდა წამო, გიგო, წამო. მე მიგიყვან იმ ბიჭთან, შენ შენით მაგის მპოვნელი არ ხარო. ბაზარი არაა – მეც გავყევი. ვიარეთ, ვიარეთ და ერთ მიყრუებულ კუთხეში მართლა დავინახე კაცის სილუეტი. რა თქმა უნდა, ტელემაქე იყო.  ჩემკენ ზურგით იდგა, მაგრამ ეგრევე ვიცანი. კატა წინ გავარდა. თოვლმა უმატა, ძალიან უმატა. ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. ალპინისტი გავიჩითე. თვალები მეხუჭებოდა; კნავილს ბრმად მივყვებოდი. ეს შეგრძნებაც მაქედან გამომყვა. ახლა, როდესაც ამ სურათებს ვიგონებ, მთელ სხეულს მივსებს – თავი დაკარგულად ვიგრძენი; ხელმოცარულად. შემდეგ რა იყო? წყვდიადი და ბოლოს ტელემაქეს ზურგი.

მხარზე შევეხე;

ხელში ჩამადნა.

გავიღვიძე.

ნანას რჩევას დავუჯერებ და საჯარო ბიბლიოთეკაში შევივლი. იქნებ ვინმე ტელემაქეს ნაცნობი გამოვიჭირო. სახლში ვერ გავჩერდები. კედლებზე სიარულს დავიწყებ. გავნიავდები მაინც. ჰო, ჰო! ახლავე ჩავიცვამ და გავალ. საერთოდ მანქანასაც დავტოვებ და ფეხით გავივლი. იქნებ, მართლა რამე არაამქვეყნიურმა დამაყენოს ამ ბიჭის კვალს. აუ, ახლა რო მოთოვოს. ეგრევე, დავწერ განცხადებას და წამოვალ სამსახურიდან. მიზეზსაც მივაწერ: გამომძიებელი კი არა ვანგა ვყოფილვარ და თქვენთან დროსაც ტყუილად ვკარგავ და ჩემს ნიჭსაც – მეთქი.

ვიცვამ; საძინებელში საშინელი არეულობაა. რომ მოვალ, უეჭველი უნდა დავალაგო. რაც გავიღვიძე, იმის მერე ტელემაქეს სურათს ვეძებ. ყველაფერი გადავატრიალე – ვერსად მივაგენი. მეც დავკარგე ეს უბედური.

ქურთუკს ვისხამ და ის ის არის კარისკენ მივდივარ, რომ თვალში ლეპტოპი მეჩხირება. გუშინდელი მეილი მახსენდება. სულ ამომივარდა თავიდან. ერთი შევამოწმებ ხომ არ მიპასუხა – მეთქი გავიფიქრე და ეგრე აგიხდა ყველაფერი – მოწერილი მხვდება. მაგარი ოპერატიული აღმოჩნდა ბატონი რედაქტორი. შეშინებული ვხსნი – ჭკვიანი კაცი თუა, წესით ასე სიტყვაზე არ უნდა მენდოს. წარმოიდგინეთ, ვიღაც უცხო გწერს გამომძიებელი ვარ და მოდი მომიყევი თუ რამე იციო. როგორც კი მეილი გავხსენი, მომეშვა – არაფერი ყოფილა სანერვიულო. ესე იგი, კი ბატონო ვისაუბრეთო და თუ რამით შემიძლია, დაგეხმარებითო. მიმოწერას ვკითხულობ; აზრი ის ყოფილა, რომ ჩვენს ტელემაქეს უცნობი ბატონი რედაქტორისთვის კაი მოზრდილი სტატია გაუგზავნია, გთხოვთ გამოსაქვეყნებლად განიხილოთო, პასუხად კი სასტიკი უარი მიუღია. არანაირი ზრდილობა; პირდაპირ მოუჭრეს შენი აზრები არც ერთ კონტექსტში არ ჯდებაო.

რას ნიშნავს ,,კონტექსტში ჩამჯდარი აზრი’’ ან ასეთი რა დაწერა? აი, სტატიაც მიბმულია.

წკაპ, თანდართულ ფაილს ვხსნი.

მშვენიერი სათაურია:

                           არსებობა და არარსებობა: ობიექტური რეალობის უარყოფა

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ფიზიკა ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ მეცნიერებად ითვლება, მაგრამ ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შეცდომაა, რომელსაც საზოგადოება ამ დიდებულ მეცნიერებასთან მიმართებაში უშვებს. ჩემი აზრით, მოცემულობა, რომელსაც ძალიან ხშირად ვაწყდებით სასწავლო პროგრამისა და დამკვიდრებული მეთოდების დისფუნქციას ამტკიცებს, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც, მოცემული ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენს სასწავლო მეთოდიკის კრიტიკა, ამ საკითხზე ბევრს არაფერს ვიტყვი.

გარეთ რომ გახვიდე და ხალხი გამოკითხო, ათიდან ცხრა გეტყვის ფიზიკა ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი დარგია, არანაირი ფანტაზია და წარმოსახვა, მხოლოდ ციფრები და ფორმულებიაო. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც, სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი იზიარებს. სწავლის დროს აღმოვაჩინე, რომ თურმე სწორედ ფიზიკა ეჭიდება უზარმაზარ სამყაროს და მის ახსნას ცდილობს. ობიექტური კუთხით ახსნას. პარადოქსია, თუმცა, რამდენადაც გაცხარებით არ უნდა ამტკიცებდეს მეცნიერთა ნაწილი ფიზიკის ობიექტურობას, იმდენად მეტი ცდომილების აღმოჩენის შესაძლებლობა დგება.

სინამდვილეში, ფიზიკის სიზუსტე დიდი მითია და ამ მითს, საბედნიეროდ, მრავალი მეცნიერი უკვე განუდგა, მაგრამ მანამ, სანამ ამ მეცნიერთა ნააზრევის განხილვასა და ანალიზის მცდელობას შევუდგები, ერთ ამბიციურ განაცხადს გავაკეთებ – ზუსტი მეცნიერება არ არსებობს. მათემატიკამაც კი, რომლის ფუნდამენტიც სიზუსტე, ხოლო მიზანი შექმნაა მოდელისა, რომელიც გამორიცხავს ყოველ წინააღმდეგობას და არათავსებად დებულებას, შეიძლება გაგაოცოთ: კერძოდ, მოდით განვიხილოთ  ნულზე გაყოფა. დარწმუნებული ვარ არ მოიძებნება ბავშვი, რომლისთვისაც არ უთქვამთ ნულზე გაყოფა არ შეიძლებაო, მაგრამ ძალიან ცოტა თუ იკთხავდა რატომო. იმიტომ, რომ ნულზე გაყოფის აკრძალვაა სწორედ ის, რაც მათემატიკას სიზუსტეს უნარჩუნებს, რადგანაც, თუ დავუშვებთ ნულზე გაყოფას, მაშინ წარმოიშვება წინააღმდეგობა და სწორედ ეს სიზუსტის ილუზია ერთხელ და სამუდამოდ წაიშლება, რადგანაც შესაძლებელი იქნება ყველაფრის მტკიცება. გამოდის ნულზე გაყოფის აკრძალვა ის ხელოვნურად შექმნილი ბარიერია, რომელიც მათემატიკას სიზუსტეს უნარჩუნებს. ჩემი მსჯელობის გასამყარებლად მოდი დავუშვათ, რომ…’’

აუფ, რამდენი მაგალითია. არა, დაგვიანებულია ჩემი ამ ამბებში გარკვევა. შემდეგ გვერდზე გადავდივარ. აი, ადამიანური ენით გრძელდება:

,,თანამედროვე ფიზიკა, დიდწილად კვანტური მექანიკის თეორიებს ეყრდნობა და მისი საშუალებით ხსნის ბუნებასა და მის დამოკიდებულებას ატომურ და სუბატომურ ერთეულებთან და, როდესაც ვსაუბრობთ კვანტურ ფიზიკაზე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ერთი დიდი მეცნიერი : ნილს ბორი, რომელიც კვანტური მექანიკის კოპენჰაგენის ინტერპრეტაციის ახლებურ ხედვას გვთავაზობდა და ობიექტური რეალობის არარსებობაზე მიგვითითებდა…”

კაროჩე რა! უდიდესი ბოდიშის მოხდით ბატონო ტელემაქე, მაგრამ მე ამის ბოლომდე წამკითხველი არ ვარ. ამდენი გაუგებარი სიტყვა ჩემს ცხოვრებაში ერთად არ მინახავს. ვახ ჩემი, ცხრამეტი გვერდია! აუ, ეს რედაქტორი რა ცუდი კაცი ყოფილა – ბიჭმა ამდენი იწვალა, იშრომა, შე დალოცვილი ასე პირდაპირ რატო უჭრი, შენგან არაფერი გამოვა, წადი შეგვეშვიო. რას გაუგებ ამ მეცნიერ ხალხს. მე სჯობს ჩემს საქმეს მივხედო.

ლეპტოპს ვხურავ და სახლიდან გავდივარ. განა დიდი მანძილი მაქვს გასავლელი; მაქსიმუმ ხუთ წუთში ბიბლიოთეკის კარს მივადგები. ე, საჯარო ბიბლიოთეკაში იმის მერე არ ვყოფილვარ, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე. რამდენი წლის ვიყავი? ოცდაოთხის – ზუსტად ტელემაქეს ასაკის. რა სასაცილო იყო ოცდაოთხი წლის მუწუკებიანი გიგო. კაი, მუწუკები მართლა კი არ მქონია, მაგრამ ამბავს ასე უფრო უხდება. როგორც არ უნდა იყოს, იმის თქმა მინდოდა, რომ ის ბიჭი წამითაც ვერ წარმოიდგენდა, რომ წლების მერე გამომძიებელი გახდებოდა და პირველ საქმედ გადარეული ფიზიკოსის მოძებნას დაავალებდნენ.

ისე, გულწრფელად რომ ვთქვა, სამი დღე გავიდა და გიჟი შეიძლება დამიძახოთ, მაგრამ სიგიჟეა ეს საქმე აბა, რაა და უკვე ძალიან ახლობელ ადამიანად ვთვლი ტელემაქეს. ახლა რომ ვფიქრობ, როგორი ვიყავი მე მის ასაკში, ერთი ძალიან დიდი სურვილი მიჩნდება ერთმანეთი უფრო ადრე გაგვეცნო.

აუ, მაგარი დუეტი ვიქნებოდით, როგორც… არა რა, უნდა დავუბრუნდე მხატვრული ლიტერატურის კითხვას. ან მართლა მაგარი გაუნათლებელი კაცი ვარ, გოგის თქმისა არ იყოს, ან დაუფასებელი გრძნობაა ჭეშმარიტი ძმაკაცობა ამ შენს ლიტერატურულ სამყაროში. ა, გამახსენდა, როგორც ტარიელი და ავთანდილი. ე, მერე ფრიდონი გვეყოლებოდა საშოვნელი, მაგრამ ბარემ თუ ფრიდონიზე და მესამეზე მიდგებოდა საქმე, სამი მუშკეტერობა უფრო გაასწორებდა. ვახ, გიგო – მგონი სულ გარეკე. აი, რაზე უნდა გელაპარაკა ამ ფიზიკას გადამკვდარ ბიჭთან? მარა კაია ეგეც – მომიყვებოდი ფიზიკის ამბებს, ამიხსნიდა რა აზრი და ფილოსოფია იმალება ამ კვანტური მექანიკის უკან. კაი ბაასი გამოგვივიდოდა. სეირნობა უყვარდაო, არა? აი, საერთოც გვქონია. მოვივლიდით მთასა და ბარს. იქნებ ჩემნაირი მეგობარი რომ ჰყოლოდა, ეს ამბავი არც მომხდარიყო? აი, შენი გმირის კომპლექსიც. მეც კაი ცარიელი ვარ, თქვენ არაფერი გეტკინოთ.

ვფიცავ, ამ უაზრო ფიქრებში ისე ვერთობი, ვერც ვხვდები, როგორ ვადგები საჯარო ბიბლიოთეკის კარს.  სუნთქვა მიხშირდება – მგონია, რომ ჩემსა და ტელემაქეს შორის უხილავი ძაფი იჭიმება.

შენობაში შევდივარ;

გული მიგრძნობს, აქედან ხელცარიელი არ გავალ.

***

ისევ და ისევ დამაღალატა ამ ჩემმა ძვირფასმა გულმა. ოთახში გაუჩერებლად წინ და უკან დავდივარ. ლამისაა კედელს თავი ვურტყა. მესამე დღე მიილია, მესამე დღე! მე კიდევ ჯერ ვერაფერიც ვერ გავარკვიე. ჩიხში ვარ; არა, როგორ ვერ გავარკვიე – დღესაც რამდენიმე საინტერესო ცნობა შევიტყვე ბატონზე, მაგრამ ისეთი ვერაფერი გავიგე, რაც გამოძიებას წინ ერთი ნაბიჯით მაინც წაწევდა.

ე, დრო რა ყოფილა;

ხან მთელი დღე ერთ წამად გეჩვენება.

ხანაც წამი დაუღამებელი დღესავით იწელება.

დღისით თუ ვერც მივხვდი, ისე მივედი ბიბლიოთეკამდე, სამაგიეროდ, იქიდან გამობრძანებულს მომეჩვენა, რომ სახლამდე ერთი საუკუნე მაინც გავიარე. სირცხვილი და თავის მოჭრა – მთელი გზა ბრძოლაში გავატარა. საკუთარ თავს ვემუდარებოდი არ დაერეკა განყოფილებაში და უარი არ ეთქვა საქმეზე. როგორ ავალაპარაკო ყველა, ეს ჩვენი ენთუზიაზმით სავსე გიგო ასე მარტივად დანებდაო. მე არ ვიყავი ის კაცი პირველივე დღიდან ტვინს რომ ბურღავდა, ერთი სული მაქ დამოუკიდებლად გამოძიებას გავუძღვეო? ვაბშე, იქნებ ჭკუის სასწავლებლად მიჩალიჩებენ მთელ ამ ამბავს. კაი, ახლა უკვე კონსპირაციებში გაიჭერი. ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება: დახმარებას ვერავის ვთხოვ. ვიცი, ერთი სული აქვთ ფეხი ამიცდეს. ეგრევე გადამივლიან.

რა ვქნა?

რა მოვიმოქმედო?

კაი, ერთხელაც ყველაფერს თავიდან მოვყვეთ:

შევედი ბიბლიოთეკაში და მივადექი ერთ უსაყვარლეს გოგონას. მოკლედ მოვუყევი: გამომძიებელი ვარ, აი, მოწმობაც; ერთი ბიჭი დადიოდა აქ ხშირად, სახელად ტელემაქე და რამე თუ იცით ამ ბიჭზე გთხოვთ მომიყევით – მეთქი. იმ წამს ძალიან მიხაროდა, რომ გოგიმ იყოჩაღა და თავის ბიჭს ტელემაქე დაარქვა და არა, მაგალითად, გიორგი. წარმოიდგინეთ, რომ მეთქვა ამ გოგოსთვის გიორგის ვეძებ – მეთქი, ხო შემომიბრუნებდა კითხვას გაკვირვებული: ბატონო ჩემო, თუ იცით აქ დღეში რამდენი გიორგი შემოდისო? მარტივი ფსიქოლოგიაა: ტელემაქე ეგრევე დაგამახსოვრდება. სახელს რომ გაიგებ, გამორიცხულია სახეზე არ შეხედო. ერთი და ეგაა – აღარ დაგავიწყდება. იმას ვამბობდი, რომ ამ გოგონასაც, რა თქმა უნდა, ახსოვდა ტელემაქე. საჩვენებელი თითით მარჯვენა კუთხეში განცალკევებული მაგიდისაკენ მიმითითა. აი, აქ უყვარდა ჯდომაო. ერთი-ორჯერ ისიც კი შევამჩნიე, რომ, ეს მაგიდა თუ დაკავებული იყო, არ შემოდიოდაო. ეს არაფერი დიდი სიახლე, ახირებული რომ იყო, ეგ ხომ ისედაც ვიცოდი. ა, ისიც გავიგე, რომ თავისი ოცნება აუსრულებია და წიგნიც მოუპარავს. შემომჩივლა ბოლოს, ოთხი წიგნი ჰქონდა წაღებული და ერთი არ დააბრუნაო, რამდენიმე დღეა ვურეკავ, მაგრამ ყურმილს არავინ იღებსო. დარწმუნებული ვარ იმ წიგნზეა საუბარი მის საძინებელში რომ ვნახე.  შემდეგ მოაყოლა, აი, ეს დარჩაო; მწვანეყდიანი რვეული გადმომცა. ეგ აქ მომსვლელი ვატყობ აღარაა, ეს კი სულ თან დაჰქონდა და როცა იპოვით იქნებ თქვენ მაინც გადასცეთო. აშკარად ესიმპათიურებოდა ამ ლამაზ გოგონას ჩვენი ტელემაქე.

გადარეული ფიზიკოსი, შეთავსებით წიგნის ქურდი;

ამაზე უკეთესი რა გინდა, სულო და გულო.

ავიღე რვეული და ტელემაქეს საყვარელ ადგილას მოვკალათდი. დანაშაულის შეგრძნებამ შემაწუხა. თითქოს მის პირად სივრცეში შევჭრილიყავი. უკვე ერთხელ კი წარმოვიდგინე, რომ გადამკვდარი ძმაკაცები ვიყავით, მაგრამ მეეჭვება აქ ჩემი დანახვა გაჰხარებოდა. რვეულს რბილი ყდა აქვს. ვფურცლავ; როგორ შეიძლება ჯანსაღმა ადამიანმა აქ რამე გაარკვიოს. იმდენი გადახაზულია, იმდენი ნაჯღაბნი. რაღაც სიტყვებს ვარჩევ, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვუკავშირებ. მთლიანი წინადადების ამოკითხვაზე ხო ზედმეტია საუბარი. გავიფიქრე წავედი აქედან და ეს რვეულიც ნაგავში მოვისროლე – მეთქი და გონებაც გამინათდა. რვეული ბოლო ფურცელზე გადავშალე. რვეულის ბოლო გვერდი ხო ისეთი თემაა, რომ ყველა რაღაცებს ხატავს ან სისულელეებს წერს. იქნება და ეს ერთი ადამიანური თვისება მაინც ჰქონდეს ამ დალოცვილს – მეთქი ვიფიქრე და მართალიც აღმოვჩნდი.

ყოჩაღ, გიგო!

კალიგრაფიით უკვე ხო გამაოგნა, თქვენ მაგის ნახატები უნდა ნახოთ. დიდი კვადრატი. კვადრატში რაღაც ფორმა, რომელიც აშკარად ადამიანი უნდა იყოს. ორი ხაზი: ჰორიზონტალური (მინ. 80 სმ), ვერტიკალური (მინ. 190 სმ). მიდი და გაუგე რა უნდა. რვეული დავატრიალე, ამოვატრიალე; ხან მარჯვნიდან შევხედე ნახატს, ხან მარცხნიდან. არანაირი სარგებელი. რავიცი, ნახატითა და ზომებით თუ ვიმსჯელებთ კი მივამსგავსე რაღაცას, მაგრამ დავიჯერო მართლა საკუთარ კუბოს ხატავდა ეს ჩემისა?

აი, სულ ეს იყო და ეს.

იწილო-ბიწილო;

მეტი ხელჩასაჭიდი არაფერი მაქვს.

უი, კინაღამ დამავიწყდა: არც მე ვიცი რატომ, მაგრამ სახლში სანამ ამოვედი, ნატას დავურეკე. გამოველაპარაკე, იქნებ რამე სიახლე იყოს ან იქნებ სურათებზე ვინმე მადლიანი გამოგეხმაურათ – მეთქი. ნატამ გაიკვირვა: რა სურათებიო და მეც აი, რომ გთხოვეთ ქუჩებში ტელემაქეს სურათები გააკარით და მიაწერეთ რომ დაიკარგა – მეთქი, შევახსენე. არაფერი არ გაგვიკრავს, ბატონო გიგო, ჯერ-ჯერობით გვირჩევნია ასე, საჯაროდ ჩვენი სადარდებელი არ გამოვფინოთო. მესმის – მეთქი, კი ჩაივუბურტყუნე, მაგრამ ნეტავ, რა გესმის შე უბედურო.

აბა, დრო რითი გავიყვანო? ლეპტოპს ვიღებ და ტელემაქეს სტატიას ვპოულობ. მეტი რა ვქნა, არ ვიცი; თუ ვერაფერი გავიგე, ტკბილად მაინც ჩამეძინება. სად გავჩერდი? ობიექტურ რეალობას უარჰყოფსო. კარგი, კარგი, გავყვეთ. მაგალითები და ფორმულები, ფორმულები და მაგალითები. ბლა, ბლა, ბლა; დაიცა, როგორ მასწავლეს? CONTROL + F “შრედინგერი”. უფ, კაი ბლომად შედეგები ამოყარა.

მეექვსე გვერდი:

“…შრედინგერის თეორიული ექსპერიმენტი ,,კატა ყუთში’’ საუკეთესო მაჩვენებელია ობიექტური რეალობის სუბიექტურ პერსეფციაზე დაქვემდებარებისა, მაგრამ ამ ექსპერიმენტის განხილვისას ერთ დიდ შეცდომას ვუშვებთ. იმის მიუხედავად, რომ კატის სიცოცხლე და სიკვდილი დამოკიდებულია ნივთიერების დაშლა-არდაშლაზე, მთავარი ამ ამბავში ის წინაღობაა, რომელიც მიჯნავს დამკვირვებელსა და კატას. კერძოდ, ვგულისხმობ ყუთს. თითქოს, ყუთი არაფერ შუაშია შედეგთან – კატა მაინც ან მკვდარი იქნება ან ცოცხალი, მაგრამ დავუშვათ, არ არსებობს ყუთი: როგორც კი ატომი დაიშლება-კატა უმალ მოკვდება. სანამ ატომი არ დაიშლება -კატა იცოცხლებს.

ყუთის მთელი ხიბლი იმაშია, რომ მანამ, სანამ პროცესი ყუთში მიმდინარეობს, შეუძლებელია დაზუსტებით თქვა კატა ცოცხალია თუ მკვდარი; რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია გაარკვიო დაიშალა თუ არა ატომი.

სიცოცხლე და სიკვდილი ობიექტური მდგომარეობაა. ყველანი ვთანხმდებით, რომ შეუძლებელი იყო ერთდროულად ცოცხალიცა და მკვდარიც. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. მაგრამ მთელი ამ ექსპერიმენტის მნიშვნელობა იმაშია, რომ მანამ, სანამ არ გაიხსნება ყუთი, ანუ არ გაქრება ის ხელოვნური წინაღობა, რომელიც დამკვირვებელს აფერხებს აღიქვას კატის სიცოცხლე/სიკვდილი გამოდის, რომ კატა ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც. იქმნება ილუზია, რომლის საპირისპიროს მტკიცებაც შეუძლებელია ყუთის გახსნამდე.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთი ობიექტური რამ, როგორიც სიცოცლე და სიკვდილია, დამოკიდებულია სუბიექტური აღქმის უნარზე.

ისე, საინტერესოა რატომ გადაწყვიტა შრედინგერმა თავისი თეორიული ექსპერიმენტის ცენტრში მოექცია მაინცდამაინც კატა და არ ჩასვა ყუთში, მაგალითად, ადამიანი…”

 

ტანში ჟრუანტელი მივლის. ბოლო წინადადებას რამდენჯერმე თავიდან ვკითხულობ. “ადამიანი ყუთში” “ადამიანი ჩასვა ყუთში”; “ადამიანი”; “ყუთი”.

ნაგვის ყუთი! საწოლიდან ვხტები და თავდაყირა ვაყენებ. ფურცლებში ვიქექები:  ისეთ პატარა ნაკუწებად დამიხევია, ამათში სიტყვის ამომკითხველი კაციშვილი არაა.  მოიცა, მოიცა, მარგოს ჩანაწერი ხომ მაქვს? სად წავიღე დიქტოფონი? თაროზე ვპოულობ. მარგო ისევ შენ თუ გადამარჩენ. ჩანაწერს ბოლოსკენ ვახვევ:

“გეუბნები, იმ ღამით რაღაც მოხდა. არ იფიქრო ტყუილად დავკარგე დროო. აგერ შენ და აგერ მე. როდესაც ყველაფერი გაირკვევა, იტყვი, ნეტავ, თავიდანვე მარგოსი დამეჯერებინაო.”

ვიტყვი, შენ შემოგევლე აუცილებლად ვიტყვი, მაგრამ ეს არა. ცოტა წინ:

“უი, უი, გამახსენდა. მთელი დღე ვიმეორებდი ვაიმე, მარგო, ეგ არ დაგავიწყდეს შე ჩერჩეტო, აუცილებლად უნდა უთხრა იმ კაცს – მეთქი. დაიცა გადავითვალო: ერთი, ორი, სამი… ხო, სამი დღის წინ დავინახე ღამე გვიან მოვიდა. ვიღაც კაცთან ერთად უზარმაზარ ყუთს მოათრევდა. ვერაფრით გავარკვიე რა იდო იმ ყუთში და კი არაფერი, მაგრამ რამ გამაოცა და რატო დამამახსოვრდა ის ყუთი, იმ ღამით, მაგასაც გეტყვი….”

ვაპაუზებ.

არა, არა! სიგიჟეა.

ღილაკს ვაწვები.

კიდევ ერთხელ;

ვრთავ და ამჯერად უკვე მარგოსთან ერთად მეც ვბუტბუტებ:

“…ღამე გვიან მოვიდა. ვიღაც კაცთან ერთად უზარმაზარ ყუთს მოათრევდა…”

 

***

კარზე ვაბრახუნებ.

პასუხი არ არის.

ვუმატებ და ვუმატებ. გიგო ვარ, გამომძიებელი, გიგო – კი არავინ მეკითხება, მაგრამ მე მაინც ვყვირი. იმდენად ნატას და გოგის გასაგონად არა, რამდენადაც საკუთარი თავის. აუხსნელი სურვილი მეუფლება:  ვიმეორო და ვიმეორო. საკუთარ თავს შევახსენო ვინ ვარ და რას ვაკეთებ. ყველას გავაგონო: გიგო ვარ, გიგო!

მგონი ტყუილი არ უთქვამს ძიაკაც ნუგზარს. არ მიხდება ეს ჩემი სახელი, მაგრამ ბოლომდე მართალიც ვერ გამოდგა: არ არის გამომძიებლობა ჩემი მოწოდება. ასე რომ არ იყოს, ეს ერთი საქმე როგორ მომტეხდა. მომტეხა კი არა დამანგრია, დედა მიტირა. თავს საშინლად ვგრძნობ; ვითომ ეს ჩემი სხეული დაპატარავებული, ძველი ტანსაცმელი იყოს…

მგუდავს, მახრჩობს.

საღი აზრი საბოლოოდ დავკარგე. ვერც მივხვდი, ისე გამოვედი სახლიდან, ჩავჯექი მანქანაში, დავურეკე განყოფილების უფროსს :საქმე გავხსენი, ყველაფერს მივხვდი, ერთი დიდი გაუგებრობა ყოფილა, იმ ბიჭს დღესვე ვიპოვი და ხვალ ყურით მოგითრევთ – მეთქი.  პასუხს არ დაველოდე, გავუთიშე. თავისუფლებაზე საცობში მოვყევი. იქვე მივაყენი მანქანა და ამათ სახლამდე სულ სირბილით ამოვქანდი. ერთი სადარბაზოსთან გავჩერდი: ე, შე არასწორო – მეთქი, იმ ურჩხულის ბიუსტს თვალებში ჩავხედე და შევაფურთხე. უფრო სწორად, ვცადე. რა თქმა უნდა, ვერ მივაწვდინე და ახლაც ვერ ვხვდები რას ვერჩოდი იმ საწყალ დემონს. ვითომ,ეგ ყოფილიყოს მთელ ამ ამბავში დამნაშავე. ნუ გამამტყუნებთ. ვინმეზე ჯავრი ხომ უნდა ვიყარო, კაცო?

როგორც იქნა! კარი იღება. ხალათებში გამოწყობილი ნატა და გოგი შეშინებულები მიყურებენ. ნატა უკვე დარწმუნებულია რომ საშინელი ამბის სათქმელად ვარ მოსული; ერთი სიტყვა და ცრემლებად დაიღვრება. გოგი თვალებით მჭამს: დროზე რამე თქვიო. ხმას ვერ ვიღებ. დავბერებულვარ. თავბრუ მეხვევა; ლამისაა წავიქცე. ნატა გოგის ეუბნება: წყალი მოუტანეო. ხელით ვანიშნებ არ მინდა – მეთქი.

არ მინდა წყალი;

რა დროს წყალია?

ყუთი!

სად არის ყუთი?

ვერ ხვდებიან, რა ყუთზე ვლაპარაკობ. უეჭველი ფიქრობენ: ესეც გაგიჟებულაო. ვაი, თქვენს პატრონს!  გავგიჟდი კი არა, მე გამოვდექი ერთადერთი, ვინც თქვენს არანორმალურ შვილს გაუგო. მაგრად მკიდია; რაც გინდათ, ის იფიქრეთ. არაფერი თქვენი აღარ მინდა. არადა, როგორ არ მინდა; ღრიალი! მთელი ძალით უნდა ვიღრიალო. აი, ფილმებში რომ მთავარი გმირი ძაან დრამატულად ღრიალებს და კადრი დიდდება, ეგრე. იმხელაზე, რომ მთელი კორპუსი გავაღვიძო. ფანჯარასთან მივვარდე და მარგოს გადავძახო: ცხოვრებაში მეტი სადარდებელი გამჩენმა არაფერი მოგცეს – მეთქი. ავუხსნა, რომ არავის აინტერესებს წითელ ნიფხავს ჩაიცვამს თუ ყვითელს. შემოვბრუნდე, ამათ თვალებში ჩავხედო და ვუთხრა – მაგრად დაგვაგოიმეს: თქვენც, მეც, ვაბშე ყველა! არსადაც არ დაკარგულა და მით უმეტეს არავის გაუტაცებია ეგ თქვენი ტელემაქე. გა-გი-ჩა-ლი-ჩათ! აგერ, უზარმაზარი ყუთი რომ მოათრია რამდენიმე დღის წინ, იქ იმალება. გაგიჟება შეიძლება, არა? ამხელა მუტრუკი ყუთში; და იცით ვისი ბრალია ყველაფერი! ოჰო, ვერც წარმოიდგენთ. იმ ნაბიჭვარი შრედინგერის! ერთხელ მაინც გეკითხათ ამ ბიჭისთვის, რა უტრიალებდა თავში; საერთოდ, გაგიგიათ ეგეთი მეცნიერი? გარეკილი ჰქონდა და თქვენს შვილსაც გაარეკინა. მაგრამ, არა, შრედინგერი რა შუაშია. კარგად იყოს სადაცაა თავის კატიანად.  თქვენი ბრალია, თქვენი! ვერ ხედავდით. ჰოდა, ისიც ადგა და დაგსაჯათ. ხანდახან უნდა გაუჩინარდე, რომ გიპოვონ, უნდა მოკვდე რომ იცოცხლო. ე, უკეთესი მშობლები რომ ყოფილიყავით, ეგრე სასტიკად კი არ მოგექცეოდათ. მაგისი გაგებაც შეიძლება. დაიღალა! ჩრდილიდან გამოსვლა მოუნდა; იფიქრა, იფიქრა და ყუთში ჩახტომაზე უკეთესი ვერც ვერაფერი მოიფიქრა.

არა, შანსი არაა. სულ ტყუილად ვწვალობ – სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვაბამ. ეს უაზრო პაუზაც იწელება. ღრმა ჩასუნთქვა; ოფლის სუნად ვყარვარ. კიდე კაი; იმან იკითხოს ვისაც სუნი საერთოდ არ ასდის. ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და სასოწარკვეთილი თავს ერთადერთი წინადადების თქმასღა ვაბამ:

ტელემაქე ყუთშია.

სიტყვები ნატას და გოგის ტალღასავით ეჯახებიან. ფერს კარგავენ. აუტანელი სიჩუმე წვება. რა ვიცი, ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა, შენი ოცხდაოთხი წლის შვილი ყუთში იმალება და იქიდან წყნარად უყურებს ყველა წინ და უკან როგორ დარბის და მაგის გაუჩინარებას გლოვობსო, უამრავი კითხვა გამიჩნდებოდა. არა, შენც არ მომიკვდე! ვითომ არაფერი განსაკუთრებული არ მეთქვას. გოგი მშვიდად სამზარეულოში შედის და გასაღებით გამოდის. მანიშნებენ, გამოგვყევიო. პატარა მწვანე კარი; ნატას ხელები უკანკალებს. გასაღებს საკეტს ძლივს არგებენ.

ესეც საკუჭნაო; შეუვალი წყვდიადი. კიბეზე ჩავდივარ. მეშინია არ დავგორდე. ბოლო საფეხურს   ფეხს ვადგამ, სინათლეც ინთება და ერიჰა – ზუსტად ნათურის ქვეშ დიდი ყუთია. რამდენიმე წამი მოძრაობას ვერც ერთი ვერ ვბედავთ. ეს ოთახი სცენას ჰგავს, ეს ყველაფერი კი თეატრალურ დადგმას. კომედიაა, რა! არ არსებულია! წარმოიდგინე, ესეც კი გათვალა: ყუთს სინათლე ისე ურტყამს, თითქოს გიყვიროდეს: აქ არის, აქ. ამდენი ხანი რა ვერ მიხვდით, რა ხდება, რა ამბავიაო. წითელი საღებავი. რა წერია? – “FRA-GILE” (მსხვრევადი) ფუ, ამის, ხუმრობაც როგორი სცოდნია.

არ ვიცი ესენი რას ფიქრობენ, მაგრამ წითელი საღებავის დანახვაზე მე ძალიან ვიბნევი – მხოლოდ ახლა მინათდება გონება და შიში მიტანს. ვაცნობიერებ, რომ ყველაფერი ასე მარტივადაც არაა და ეს ამბავი კომედია კი არა, ერთი დიდი ტრაგედიაა: გასაგებია, რომ ყუთშია, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, თუ ეს იდიოტი მართლა ადგა და ბატონი შრედინგერის ექსპერიმენტი გაიმეორა? მანდ ხომ ბაზარი მხოლოდ ყუთზე არაა; კატა ყუთში… რა მითხრა პაატამ? ხო, ხო – რაღაც ნივთიერება: ტოქსიკური თუ რადიოაქტიური ნივთიერება. ატომების დაშლა. ატომი დაიშალა, კატა მკვდარია; ატომი არ დაშლილა, კატა ცოცხალია.

რა გამოდის: შეიძლება, ტელემაქე მკვდარია?

ამის გაფიქრებაა და ნატა და გოგი ადგილს სწყდებიან. გეგონება, ჩემი აზრების გაიგესო. აქეთ-იქით დარბიან. ყუთს წრეებს ურტყამენ. სურათი ორდება, სამდება. ერთი მარჯნვიდან მარცხნივ, მეორე მარცხნიდან მარჯვნივ. უფ, იწყება თავდავიწყება: ნატა გაჰყვირის “ტელემაქე ცოცხალია”, გიგო ეპასუხება “არა, ტელემაქე მკვდარია”; “ცოცხალია რა ვერ გაიგე, გვეკაიფება”, “შენც მაგარი ხარ, ამდენი ხანი თუ ამ ყუთში იჯდა, ცოცხალი რანაირადღა იქნება?” “თავს ეგრე არ გაიმეტებდა!”; “თავს არა, მაგრამ ჩვენ გაგვიმეტებდა”. “დავნაძლევდეთ ცოცხალია”,  “გეუბნები მკვდარია!”.

მე ყუთს ძალიან ნელა ვუახლოვდები. გამაღიზიანებლად ნელა. ნანახის არარეალურობას აზრზე მოვყავარ. სხეული საოცრად მიმსუბუქდება და რაღაც არაამქვეყნიური გრძნობა მეუფლება. ვოცნებობ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს. ცხელი ღამის ბოდვა. დაკარგულის ლოცვა.  ერთი გაიძახის ცოცხალიაო, მეორე მკვდარიაო, გაუჩერებლად ურტყამენ წრეებს, მაგრამ ამ დაწყევლილი ყუთისკენ წამითაც არცერთი არ იყურება. ნეტა, მართლა თუ ადარდებთ ამ ბიჭის ბედი?

პაატას ხმა ჩამესმის:

სანამ ყუთი გაიხსნება, კატა ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც.

ვიღიმი; ჩემსა და ტელემაქეს შორის არსებული უხილავი ძაფი კი ისევ იჭიმება. არა, თქვე დებილებო, მაინც ვერაფერი გაიგეთ. მივხვდი, მივხვდი, მარტო მე მივხვდი! მართლა მაგარი ჭკვიანი ყოფილა თქვენი შვილი. საამაყოდ გაქვთ საქმე. ტელემაქე ყუთში არ არის. ყუთში ჩვენ ვართ. აი, ტელემაქე კი მთელს ოთახშია, მთლიან შენობაშია, ჩვენშია, ყველგანაა. აზრი არ აქვს. სად და როგორც არ უნდა იყოს, თავს დავდებ, ახლა ძალიან ბედნიერია. რაც უნდოდა მიიღო. ტიპი ვერსად თავის ადგილს ვერ პოულობდა და საპასუხოდ ყველაფერი დატბორა, ყოველი კუთხე-კუნჭული ამოავსო. აგვრია, დაგვრია და საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა ცოცხალია თუ მკვდარია.

ვღრიალებ:

გახსენით ეს დედამოტყნული ყუთი!

ნატა და გოგი ყუთს ხსნიან;

მე ერთ ადგილას ვიყინები.

ღმერთო ჩემო!

ყუთი ცარიელია.

© არილი

Facebook Comments Box