ახალი წიგნები,  პოეზია,  რეცენზია

გუგა მგელაძე – ლელა სამნიაშვილის ბასრი სიფაქიზე

ლელა სამნიაშვილის ახალი პოეტური კრებულის ,,ავირეკლოთ’’ კითხვისას პოლ ვალერის ერთი მეტად საგულისხმო დაკვირვება გამახსენდა: ,,პოეზია არის დანაწევრებული მეტყველების მეშვეობით იმ მდგომარეობის წარმოდგენისა თუ აღდგენის ცდა, რომლის გამოხატვასაც ბუნდოვნად ცდილობს ყვირილი, ცრემლი, ალერსი, კოცნა, ღიმილი, ოხვრა და ა.შ.’’

მართლაც, ლელა სამნიაშვილის პოეზია, თავისი სრულყოფილი სტრუქტურისა და სკრუპულოზულად ,,დამუშავებული’’ სინტაქსის (ისევე, როგორც სიტყვებში განსხეულებული ემოციური მუხტის, ერთგვარი გრილი ლავის) კომბინაციით სწორედ ყველაზე ინტიმური შეგრძნებების, შთაბეჭდილებების, პოეტის ცნობიერებაში ,,არეკლილი’’ მძაფრი მომენტების ,,ალბომს’’ წარმოადგენს.

,,ავირეკლოთ’’ პოეტის ყველაზე ინტიმური კრებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ თავმოყრილ ლექსებში მხოლოდ ავტორის ინტროსპექციული ბუნება საცნაურდება. არა, აქ, ამ კრებულში, ლელა სამნიაშვილი, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე სამყაროში პოეზიისთვის ადგილის  მოხელთებას ცდილობს.

ის ხშირად აკვირდება წერის, როგორც ქმნადობის, პროცესს.

დავაკვირდეთ:

,,თავის დროს უცდის, რომ მოგძებნოს, აგეკვიატოს.

მისთვის არც ადრე არ არსებობს და არც გვიან. დროს

ითვლის პირველი ბგერიდან და თანხმოვანს, ხმოვანს,

ყველა ამბავს და უამბობას, რაც უსახსოვრა –

ერთმა გონებამ – ყველა შემდეგს – იბეჭდავს სწრფად,

სულსწრაფად,ვიდრე მელოდიას გაჰყვება ძაბვა.

და თავისთავად ჩნდება რიტმი, ეწყობა პაზლი

და აქაც მხოლოდ აზარტია მთავარი აზრი.’’ (,,მოტივი’’)

ან

,,როგორ უნდა აუხსნა ადამიანს,

რატომ არის ლექსი ლამაზი?

არც ახალთახალი ავტომობილივით ლაპლაპებს,

არც ხალი აქვს ზედა ტუჩზე,

არც პალმებს შორის გაბმული ჰამაკია.

დიდი და პატარა ობობებივით ქსოვს რაღაცას

გამჭირვალეს, უსიმეტრიო ხაზებად გაბმულს

მაგიდის კუთხიდან ნათურის ღერძამდე,

მეზობელი ნივთიდან ნივთამდე,

ცდილობს სრულიად შეუსაბამო საგნები და არსებები დააკავშიროს.’’ (,,რატომ არის ლექსი ლამაზი’’)

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ლელა სამნიაშვილი სრულყოფილად ფლობს როგორც კონვენციური ლირიკის, ასევე ვერლიბრის მაგიას. მეტიც, ,,ავირეკლოთ’’ რამდენიმე სონეტსაც შეიცავს ( იხ. ,,ნაახალწლარი სონეტი’’, ,,ძაღლის სონეტი’’).

არ შემიძლია ბოლომდე არ ვაციტირო უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთი შედევრი, რომელიც ანჟამბემანის ვირტუოზულად გამოყენების უთვალსაჩინოესი მაგალითია:

 ქვის გალაკტიონს შემოაკლდა ტანზე ქარები.

გადმოჰყურებენ კორპუსები სართულებიდან

ამრეზით. ის დგას გრიგალური თავშეკავებით.

თითქოს ქალაქზე საბოლოოდ აცრუებია

გული. ცემენტის ნამტვრევები მის ქვის ფეხებთან

და მტვერი მის ქვის პალტოზე და წვერზე მიკრული

ფეხის მტვერია ამ ქალაქის მომხმარებელთა.

ცხადია, ვეღარც პოეზია განიკურნება

ამდენი მტვრისგან. ამიტომაც დგას გრიგალური

თავშეკავებით. კორპუსების ყრუ თავებს ითმენს.

აცრუებია გული. ქალაქს ცერად გაჰყურებს

და გონებაში თავის სულთამხუთავებს – რითმებს

ატრიალებს და ემატება ტანზე მტვრის ფენა,

რომ უფრო შორს და უფრო ცალკე მოსინჯოს ფრენა.’’

 

***

,,არათუ კონკრეტულად, მიახლოებითაც შეუძლებელია ითქვას, როგორ იწერება, როგორ ,,იწყება” ლექსი. ბგერების და სიტყვების სახით გაბნეული უსახური რამ სასწაულებრივად იყრის თავს, სიტყვა სიტყვას გამოიხმობს, რომელიმე სიტყვაში არსებული ბგერათა ჟღერადობა აცოცხლებს ფერს, მოულოდნელ განწყობილებას და თითქმის დაუსაბამო სიცარიელიდან იქმნება რაღაც მთელი, აქამდე ქაოსურად არსებული.” – ეს სიტყვები გივი ალხაზიშვილის ესეების კრებულის კითხვისას ამოვიწერე.

მოდით, დავაკვირდეთ, რა მთავარი ,,გამღიზიანებლები’’ პროვოცირებენ ლექსის ჩასახვის პროცესს: ერაყელი ლტოლვილი ქალის ფოტო თეთრი კატით (,,ქალი კატით’’), გალაკტიონის ძეგლი ( ,,გალაკტიონის ძეგლი ჭავჭავაძეზე’’), შექსპირის ტრაგედია ( ,,ჰამლეტის დაბრუნება), ეზოს ძაღლი (,, ჩვენი ეზოს ძაღლს, სახელის მაგიერ’’) და ა.შ.

,,ყველა თავის ამბავს ჰყვება’’ – წერს ლელა სამნიაშვილი. კრებული ,,ავირეკლოთ’’ სწორედ პოეტის მყისიერი რეაქციების ერთგვარი კალეიდოსკოპია. მისი პოეტიკა უნიკალურია იმდენად, რამდენადაც, წარმოადგენს მძაფრი ემოციებისა (შინაარსობრივი მხარე) და ლექსის მკაცრი გეომეტრიის (სტრუქტურული მხარე) ოსტატურ სინთეზს.

მძაფრი ემოციები ვახსენე და ერთი დეტალი მინდა დავაზუსტო: ლელა სამნიაშვილის პოეზიის ემოციური ფონი არასდროსაა აგრესიულად ეკლექტური. ის არც გროტესკული სიშიშვლით ხასიათდება. მძაფრ ემოციებში პოეტის გულწრფელობის ხარისხსა და სინატიფეს ვგულისხმობ.

 

***

,,ავირეკლოთ’’ ლელა სამნიაშვილის, ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალი პოეტის, საუკეთესო კრებულია. მისი მოჩვენებითი ,,სიცივე’’ დისტანციის მცდელობა უფროა, ვიდრე პოეტის რეალური ,,თვისება’’. ამდენად, ლექსებში ნაღმებივით გაბნეული ,,კოდები’’ და ინტერტექსტუალური ,,დინებები’’ სწორედ მკითხველის ჩართულობას და მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს.

მეტაფორულად თუ ვიტყვი, მისი პოეზია ფაიფურის მოხატული ლარნაკებია, რომელსაც ფილიგრანული ოსტატობის კვალი ამჩნევია.

© არილი

Facebook Comments Box