ესე

ვალერი ოთხოზორია – მამარდაშვილი და მსოფლიო დრამა

 

 

მსოფლიო დრამის ცენტრში ლიტერატურა დგას, თუმცა იქვეა ფილოსოფია და რელიგიაც. ანთროპოლოგიაც ამ დრამის ნაწილია, უკანასკნელი დანამატი. მეცნიერებაც. ყველაფერი, რაც გვამცნობს, რა იყო, რა არის და რა იქნება. მაშასადამე, მეცნიერება და ხელოვნებაც. ხელოვნება კი, განსაკუთრებით ეკუთვნის დრამას. ხელოვნებაში განსაკუთრებით – ლიტერატურა.

რატომ ლიტერატურა? იმიტომ, რომ ლიტერატურა ერთადერთი ლეგიტიმური ადგილია, სივრცეა (როგორც ფუკო იტყოდა), რომელშიც არ გამქრალა ტრანსცენდენტური ანუ მეტაფიზიკური. ტრანსცენდენტური ლიტერატურას იმანენტურად აქვს. არ არის აუცილებელი, მარადისობასა და უსასრულოზე უშუალოდ საუბრობდეს ლიტერატურა. მისი 99% ამაზე სიტყვასაც არ ძრავს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლიტერატურა ტრანსცენდირების აქტს (როგორც მამარდაშვილი იტყოდა) სჩადის; უერთდება სივრცეს, რომელიც არა მხოლოდ ფაქტობრივი ან ჯერარსული, არამედ ფიქტიურია, და სადაც ფიქციაა, როგორც ასეთი, როგორც თვითმიზანი, იქვეა ტრანსცენდენტურიც. ლიტერატურული ფიქცია ფილოსოფიურ ტრანსცენდენტურს ემთხვევა. სწორედ ამ აზრით იყო გატაცებული ლიტერატურით მერაბ მამარდაშვილი. მეტიც, მან სწორედ ლიტერატურაზე დაყრდნობით, ლიტერატურიდან შექმნა, მე ვიტყოდი, შეიქმნა ფილოსოფია. შეიქმნა, რადგან მამარდაშვილის ფილოსოფია ინდივიდის ფილოსოფიაა, ფილოსოფია ინდივიდისთვის და არა კათედრისთვის. ამ აზრით, მამარდაშვილი შოპენჰაუერის, ნიცშეს და, როგორც თვითონ გვიმტკიცებს, დეკარტის გვერდით დგას, ამ სტილის გამგრძელებელია (თვითონ იტყოდა: პლატონის, კანტისა და დეკარტის…). მაგრამ შოპენჰაუერივით და ნიცშესავით მეამბოხე როდია. მაშ, შემრიგებელია? არც შემრიგებელია. კონფორმისტია? არა. ნონკონფორმისტია? დიახ. რის მიმართ არის ნონკონფორმისტი? სიკვდილის მიმართ (როგორც ყველა ან თითქმის ყველა ფილოსოფოსი).

მამარდაშვილი საუბრობს ორგვარ სიკვდილზე, ორ დაბადებაზე, ორ გაღვიძებაზე, ორ სამშობლოზე, და ერთ ჭეშმარიტებაზე… ერთია სიკვდილი ფიზიკური, მეორეა, როცა ფიზიკურ სიცოცხლეში კულტურულად მკვდარი ხარ; ერთია დაბადება ბიოლოგიური, მეორეა, როცა ბიოლოგიურ სიცოცხლეში ფილოსოფიურად იბადები (როგორც ჭეშმარიტება); ერთია გაღვიძება ფიზიოლოგიური, მეორეა, როცა აზრში იღვიძებ; ერთია სამშობლო ფაქტობრივი, მეორეა, როცა მეტაფიზიკურ სამშობლოს აღმოაჩენ… ჭეშმარიტება კი სწორედ ამ დრამას ეკუთვნის: მეორე დაბადებას, მეორე სიკვდილს, მეორე გაღვიძებასა და მეორე სამშობლოს…

მამარდაშვილისთვის ყველა ფილოსოფოსი სიცოცხლის ფილოსოფოსი არ არის, არც ყველა კულტურაა სიცოცხლის კულტურა. არსებობენ ფილოსოფოსი-მანქანები და ფილოსოფია-მანქანები, და მანქანა-კულტურები, კულტურა-მკვლელი. გერმანული ფილოსოფია მამარდაშვილს არ უყვარს, რადგან მის თვალში ის ფილოსოფია-მანქანაა. განსაკუთრებით არ უყვარს ჰეგელი, რადგან ის მისთვის ფილოსოფოსი-მანქანაა. არც ჰაიდეგერით აღფრთოვანდება, არ ესმის, რატომ არიან გატაცებული მისით. გერმანული კულტურაც, მამარდაშვილისთვის, არასრულფასოვანი კულტურაა, დაკომპლექსებული, პერფექციონიზმით შეპყრობილი, რის გამოც ინდივიდს თავისუფლების სივრცეს არ უტოვებს, მანქანად აქცევს. ამ მომენტს უკავშირებს ნაციზმის ფენომენს და ფიქრობს, რომ ეს მომენტი ამ კულტურას შინაგანად აქვს. საბჭოთა კულტურაც, საბჭოთა კავშირი, მამარდაშვილისთვის ერთმნიშვნელოვნად მკვლელია, დიქტატორული კულტურაა. ის გკარნახობს, ვინ ხარ, რა გინდა, რას აკეთებ, როგორც ცხოვრობ და როგორ მოკვდები. შენი სიტყვა არსებობს შენამდე, შენი ხმა ჟღერს, ვიდრე ხმას ამოიღებ. შენი ხატი არსებობს შენამდე, რომელშიც იბადები და გწვავენ. აი, რას გაურბის მამარდაშვილი! რუსულ სულზე მას გული ერევა. მიაჩნია, რომ რუსული სული გერმანული სულის კონტრაპუნქტია. თუკი გერმანული სული ვერ კმაყოფილდება მიღწეულით, რუსული სული, პირიქით, არაფრითაა კმაყოფილი. არარაში მისტიკურსა და მაგიურს ჭვრეტს, ღვთაებრივად და წმინდად მიაჩნია. ამიტომ ეს კულტურა ინდივიდის თავისუფლებას ვერ შეუწყობს ხელს, პირიქით, სპობს. მაშ, რომელი კულტურებია კარგი და რომლები უწყობენ ხელს ინდივიდის თავისუფლებას?

პირველ რიგში, ბერძნული, რა თქმა უნდა; მეორე რიგში – ფრანგული. რატომ ბერძნული? იმიტომ, რომ ბერძნები მეორედ დაიბადნენ, თავისუფლებაში დაიბადნენ, აზრში ჩავარდნენ. იმიტომ, რომ ბერძნებმა მეორე სამშობლო აღმოაჩინეს, მეტაფიზიკური სამშობლო, რომელიც ტერიტორიას არ ემთხვევა, მხოლოდ აზრის, ცოცხალი განცდის, ესე იგი ფილოსოფიის ტოლფასია. საბერძნეთში დაიბადა ინდივიდი, როგორც ასეთი, თავისუფლება ანუ აზრი. და რატომ ფრანგული? იმიტომ, რომ ფრანგებმა მოირგეს ბერძნული გზა, გააგრძელეს: კაპრიზით, კომერციით და სალონებით (ფრანგული დრამა).

ქართული კულტურა? რას ფიქრობდა მამარდაშვილი მასზე? სხვათა შორის, დადებითად იყო განწყობილი, დადებითად აფასებდა. რატომ? იმიტომ, რომ ქართველებს უხარიათ სიცოცხლე და აქვთ ეს „უკანონო სიხარული“, უკანონო თავისუფლება. ვისაც უხარია, მას ფილოსოფიურად ვერ მოკლავ. ეს აიმედებდა მამარდაშვილს. ფიქრობდა, რომ ქართული კულტურა ფილოსოფიურად გადარჩა. ის შეიძლება შეზღუდო, გარყვნა, დაამახინჯო, მაგრამ არსობრივად ვერ შეცვლი, სწორედ ამ სიხარულის გამო. სიხარულში მამარდაშვილი ფილოსოფიურ ჭეშმარიტებას ხედავდა. გახარებული ქართველი მამარდაშვილისთვის მაღლა დგას რუსულ ნიჰილიზმზე, გერმანულ დესპოტიზმზე და ახლოა ფრანგულ თავისუფლებასთან.

ახლა კი შევეხოთ მეორედ დაბადების, მეორედ სიკვდილისა და მეორე სამშობლოს (ფილოსოფიური ონტოგენეზი) კონცეპტს.

უპირველეს ყოვლისა, ადამიანი მამარდაშვილისთვის ფილოსოფიური არსებაა, ინდივიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურავს. ბუნებით არსებას არ სჭირდება არც აზრი, არც მეტყველება. მაგრამ ადამიანი იბადება ბუნებაში, როგორც კულტურაში აღმოჩენილი; მაგრამ ამავე დროს, ის უნდა „დაიბადოს” (მეორედ!) კულტურაში, როგორც ინდივიდი, როგორც ცოცხალი ჭეშმარიტება, ცოცხალი აზრი.ეს იშვიათობაა და ეს სასწაულს ჰგავს. მაგრამ ადამიანი არის სწორედ ასეთი სივრცე სასწაულისთვის, თავისუფლების სივრცე.

დაბადების ამ პროცესს მამარდაშვილი გვიყვება პირადი გამოცდილების მეშვეობით. ეს მოხდა მოზარდობის ასაკში, როცა მას „გაეღვიძა“, როგორც თვითონ ამბობს, „ცოცხალი გვამების ტყეში“ („ცოცხალში“ ის გულისხმობს ბიოლოგიურად, ფიზიკურად ცოცხალს) და ამან უკიდურესად შეაძრწუნა. ეს ისეთი დაბადება იყო, რომელიც თვითმკვლელობის სურვილს და შესაძლებლობას გამორიცხავს (ალუზია პლატონის გამოქვაბულის მითთან?..), რომელიც უკვდავებას უდრის. მას გაეღვიძა სხვაგან, სადაც აღმოჩნდება ყველა გაღვიძებული, მეორედ დაბადებული, „ადგილი“, რომელსაც „მეტაფიზიკური სამშობლო“ უწოდა.

და მან აღმოაჩინა სიკვდილი, მეორე სიკვდილი, სიკვდილი საკუთარ თავში, საკუთარ ყოფაში, კულტურაში. რადგან როცა მოუნდა ლაპარაკი, აღმოაჩინა, რომ „ვიღაც“ საუბრობდა მის ნაცვლად, როგორც თავისი თავი; როცა მოუნდა ფიქრი, აღმოაჩინა, რომ „ვიღაცას“ უკვე ნაფიქრი ჰქონდა მის ნაცვლად; როცა მოუნდა ეგრძნო რაღაც, აღმოაჩინა, რომ „ვიღაცას“ უკვე ნაგრძნობი ჰქონდა მის ნაცვლად… და მან აღმოაჩინა, იგრძნო, გააცნობიერა, რომ ეს „ვიღაც“ თვითონ არაა, მისი კულტურული ხატია, რომელშიც მთელი ეს დრო გამომწყვდეული ყოფილა. მან იგრძნო, რომ აქამდე მკვდარი ყოფილა, ცოცხალ-მკვდარი; ახლა კი გაცოცხლდა…

ფილოსოფიის დრამა, დრამა, რომელიც მამარდაშვილისთვის გაღვიძებისთანავე დაიწყო, სიცოცხლის დრამაა, ადამიანის, როგორც ინდივიდის, დრამაა, რომელიც გამსჭვალავს ყველა ადამიანს, როგორც შესაძლებლობა, როგორც რისკი, როგორც გამოწვევა და საჩუქარი (სასწაული); რომელიც უნივერსალურია და მსოფლიო დრამას წარმოადგენს.

მამარდაშვილმა აღმოაჩინა, რომ ეს არის სიცოცხლის, ჭეშმარიტი სიცოცხლის შესაბამისი, ესე იგი ჭეშმარიტება; მაგრამ კულტურაში „აკრძალული“. აღმოაჩინა, რომ ამ ჭეშმარიტებას არა მხოლოდ საფრთხე ემუქრება გარედან, არამედ შიგნითაც, თავად ინდივიდში: მას შეიძლება თავისი „სიცოცხლე“ დაავიწყდეს, ან დაეკარგოს. ამიტომაც ინდივიდმა უნდა იშრომოს, არ უნდა დაისვენოს, ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, ვიდრე ჭეშმარიტებას ხედავს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა არსებობის სინათლე, აზრის სინათლე, სინათლე. მამარდაშვილმა აღმოაჩინა, რომ მარტო არ ყოფილა და უამრავი ადამიანი წარსულიდან და აწმყოშიც იმავეს ცდილობს, ამ გზას მიყვება; რადგან ჭეშმარიტება, სინათლე ერთია და ვინც იქაა, ყველა ერთ გზაზეა. ასე აღმოაჩინა მამარდაშვილმა ჭეშმარიტების ერთადერთობა და ამგვარად ჩაუღრმავდა ფილოსოფიასა და ლიტერატურას.

ფილოსოფიაში, უპირველეს ყოვლისა, დეკარტმა გააოგნა. დეკარტმა იგრძნო ყველაზე ცოცხლად ის, რომ აზრში მეორედ დაიბადა, მეორე სამშობლოში დაიბადა, როგორც უკვდავება და სხვებსაც წარმატებით აჩვენა, როგორ ხდება ეს. და გააკეთა იგივე პლატონმა, კანტმა და პრუსტმა. და მამარდაშვილმა ყველა მათგანი გულით შეიყვარა.

და დაიწყო მამარდაშვილმა იმის სწავლება, ჭეშმარიტება რა არის: მეორე სიცოცხლე, მეორე სიკვდილი, მეორე დაბადება, მეორე გაღვიძება და მეორე სამშობლო. და ასწავლიდა მამარდაშვილი სინათლეს და იმას, რომ სანამ სინათლეა, უნდა იმუშაო. და აჩვენებდა ამას პრუსტთან, კანტთან, დეკარტთან და პლატონთან. და ამტკიცებდა, რომ მეტაფიზიკური სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური სამშობლო, და რომ ჭეშმარიტება მეტაფიზიკურ სამშობლოს ეკუთვნის და ფიზიკური სამშობლო ვერ დაიმორჩილებს მას. და ზოგიერთები, ამას რომ ისმენდნენ, უყვიროდნენ: „როგორ ბედავ?!“ ის კი პასუხობდა: ვბედავ და ყოველთვის გავბედავ, რადგან ჭეშმარიტებას არ ეშინია, ასეთი თვისებაა ჭეშმარიტება ანუ სინათლე. გამოქვაბულში მცხოვრებთ შეიძლება შეეშინდეთ სინათლისა, რადგან ასეთებს აბრმავებს, მაგრამ მზეში მყოფთ სინათლის ვერ შეეშინდებათ. და ამაზეც ისინი უყვიროდნენ: „როგორ ბედავ?!“ მამარდაშვილს გული რომ გაუსკდა, ისინი მაინც იმავეს ყვიროდნენ; ერთმანეთსა და სხვებს უყვიროდნენ. კარგი არაფერი გამოვიდა ამ ყვირილიდან, ცუდი – მრავალი.

მამარდაშვილი იყო კაცი, რომელმაც ფილოსოფია გააცოცხლა საქართველოში; კაცი, რომელმაც სიცოცხლე გააცოცხლა ქართველ ადამიანში. ასეთი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ იყო. მან დატოვა კვალი, ცოცხალი გრძნობის, ცოცხალი აზრის, ცოცხალი უკვდავების, ცოცხალი ენის, ცოცხალი სამშობლოს, ცოცხალი ჭეშმარიტების კვალი; კვალი, რომლის წყალობითაც ჭეშმარიტებას მარტივად ვეღარ დაივიწყებენ. მამარდაშვილი იყო მოვლენა, სიცოცხლის მოვლენა და ეს სასწაულია „უკანონოდ მხიარულთა“ სამშობლოში!

ილია ჭავჭავაძის შემდეგ, მამარდაშვილი იყო ის, ვინც ხელახლა გააცოცხლა აზროვნება, გააცოცხლა ქართველი ადამიანი. მამარდაშვილი იყო ის, ვინც გვაჩვენა ინდივიდში არსებული მსოფლიო დრამის ჰორიზონტი (ჩვენგან დავიწყებული და წაყრუებული), მსოფლიო სინათლე. მამარდაშვილმა მსოფლიო მოვლენების ჩვენში შემოსვლას საბედისწეროდ დაასწრო. მან დაგვიტოვა შანსი…

© არილი

Facebook Comments Box