ახალი ამბები,  ინტერვიუ

ინტერვიუ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან – “საბა” და ჟიურის წევრობის გამოცდილება

არილი გაესაუბრა პოეტსა და დრამატურგს, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს, რომელიც 2021 წელს “საბას” ჟიურის წევრი იყო.

 

როგორ შეაფასებთ „საბას“ და მის ოცწლიან ისტორიას?

“საბას”, ისევე როგორც მის ისტორიულ სეხნიას, დიდი და დატვირთული გზის გავლა მოუწია დღევანდელობამდე. ცხადია, ყველა კონკურსს ახლავს სიხარულიც და გულისწყვეტაც, ქებაც და გინებაც. არც საბაა გამონაკლისი. თუმცა მთელ ამ ქარტეხილებში “საბამ” თავი დაიმკვიდრა, როგორც საქართველოს მთავარმა ლიტერატურულმა ჯილდომ და მიუხედავად მრავალი სხვა პრემიისა, დღესაც უკონკურენტოა მისი პრესტიჟი. ამასთან ერთად, “საბას” მთავარ ღირსებად მისი დამოუკიდებლობა მიმაჩნია, – მიუხედავად იმისა, რომ პრემიას კერძო ორგანიზაცია გასცემს, დამფუძნებელი არ ერევა ჟიურის მუშაობაში და შედეგად, ჯილდოს სრულიად სხვადასხვა შეხედულებებისა და გემოვნებისა ადამიანები იღებენ.

რას ფიქრობთ წლევანდელ გამარჯვებულებზე, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები? სხვა ფავორიტები ხომ არ გყავდათ?

წლევანდელ გამარჯვებულებზე რთულია ჟიურის გამოედავო. პირადად მე, შეიძლება, კონკრეტულ ნომინაციებში სხვა კანდიდატებისთვის დამეჭირა მხარი, მაგრამ ვერც არსებულ გამარჯვებულებს დავიწუნებდი. შესაბამისად, აბსოლუტურად მისაღები შედეგებია.

 ხომ არ ყოფილა ისეთი წიგნები ან ავტორები, რომლებიც მოკლე სიის მიღმა დარჩნენ, თუმცა, თქვენი აზრით, ფინალისტობას იმსახურებდნენ?

გულწრფელად რომ ვთქვა, შარშანდელი წელი იმდენად დატვირთული გამოვიდა, ვინაიდან საბას ჟიურიში ვიყავი, რომ წელს მცირე შესვენება მივეცი თავს და ახალი წიგნებიდან ბევრს არ გავცნობივარ, ამიტომ რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში გასულ წელს დაემატა ნომინაციათა სიას. თქვენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანი წარსულის ანალიზი და  საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გამოცდილებების ტექსტად ქცევა?

განსაბჭოება გარდამტეხი წერტილია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. თითქოს ესაა ზღურბლი, რომლის აქეთაც ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოთა პერიოდის სწორი გააზრება და პოსტსაბჭოთა ხანის ანალიზი, ლიტერატურას კი შეუძლია ეს საქმე ლამაზად და საინტერესოდ შეასრულოს, ამიტომ თუ ეს პრემია დამატებით სტიმულადაც იქცევა ავტორებისთვის, რომ აღნიშნული თემა იკვლიონ, მხოლოდ მივესალმები.

2021 წელს „საბას“ ჟიურის წევრი იყავით. რამდენად რთული იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა? როგორ შეთანხმდით გამარჯვებულთა ვინაობაზე?

“საბას” ჟიურიში ყოფნა იყო მეტად საპასუხისმგებლო და დიდად საფათერაკო საქმე. გამიმართლა, რომ კამათშიც კი ძალიან შეხმატკბილებული გუნდი აღმოვჩნდით, თუმცა მაინც ურთულესი სამუშაო პროცესის მონაწილე გავხდი. ჟიურის წევრები თავიდან მეტად კონსტრუქციულად იწყებენ გარჩევას, ხოლო როცა საქმე უკვე არჩევანს ეხება, დისკუსიაც უფრო მხურვალე ხდება და უშუალობა ცხელ კამათში გადაითარგმნება ხოლმე. ერთდროულად ძალიან საინტერესო პროცესიცაა და თან ძალიან თავის ამატკივებელიც. მთავარი ამ პროცესში ერთმანეთის მოსმენაა. იყო შემთხვევები, როცა ვიცავდი ამა თუ იმ წიგნს, მაგრამ კოლეგების კონტრარგუმენტები დამაჯერებლად მეჩვენა და დავთმე. ხდებოდა პირიქითაც. ერთმანეთის არგუმენტების პატივისცემამ და ყურადღებამ საბოლოო შედეგებამდე ხავერდოვნად მიგვიყვანა, გამარჯვებულთა ვინაობის გამოსავლენად კი მაინც ფარულ კენჭისყრას მივმართეთ. საბოლოოდ ჟიურის ხუთივე წევრი შევთანხმდით, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილებები მივიღეთ.

© არილი

Facebook Comments Box