ინტერვიუ

ინტერვიუ არჩილ ქიქოძესთან – “მთხრობელი ჩემთან ერთად იზრდება”

ესაუბრა თაკო წულაია

არჩილ ქიქოძე „საბას“ ლაურეატია წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. ინტერვიუ ეხება გამარჯვებულ ტექსტს, გამორჩეულ პერსონაჟებს, გიგოსა და მანანას, და ავტორის შთაგონების წყაროს. გარდა ამისა, მწერალი საუბრობს ნამდვილი გმირებისა და თავისი თხრობის სტილის შესახებ. ინტერვიუს დასასრულს გაიგებთ იმასაც, თუ რის დაწერას გეგმავს და მისი რომელი წიგნი გამოვა უახლოეს მომავალში.

რომანის „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ პერსონაჟებს კონკრეტული რიტუალები აქვთ, რომელთა მნიშვნელობაშიც ეჭვი არ ეპარებათ. გიგოს დასაფლავება, საფლავის ქვაზე წამიერად გაელვებული ხვლიკების დევნა, ხატების მიტანა უცნაურ ნაგებობაში, წიგნის გონებაში წერა… რა მცდელობებია ეს, გადარჩენისა და ცხოვრებასთან კავშირის შენარჩუნების? იქნებ მხოლოდ ინერციაა და დაცლილია შინაარსისგან? რა აზრი აქვს ამ რიტუალებს მათთვის?

არა მგონია, რომ რომანის მთხრობლისთვის ხვლიკებისთვის ფოტოების გადაღება რიტუალი იყოს, უფრო აჩემებაა, ჰობი, რომელიც გარდაცვლილი მამის მონატრებიდან მოდის. ისე კი, წიგნში მართლა ბევრია რიტუალი, ზოგი გააზრებული და უფრო მეტად გაუაზრებელი, ცოდნის გარეშე შესრულებული ადათი (თქვენ მიერ შეკითხვაში ნახსენები „ინერცია“ ძალიან ზუსტი სიტყვაა), საკრალური მნიშვნელობის მინიჭება არასაკრალური ადგილებისთვის ან საკრალურის ვერ (არ) დანახვა. ორი სიტყვით რომ გითხრათ, ჩემი მიზანი იყო, აღმეწერა ქვეყანა, სადაც რაღაც ფასეულობები ან მოკვდა, ან კვდომის პროცესშია, ახალი კი ჯერ არ დამკვიდრებულა. ასეთ ქვეყანაში ძნელია ცხოვრება, მაგრამ ლიტერატურისთვის ის ძალიან საინტერესოა.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი პერსონაჟია მანანა. დედა, რომლის რეაქციით ამოწმებს მთხრობელი, სხვადასხვა მოვლენა როგორ უნდა აღიქვას და ქალი, რომელსაც მუდმივად აწყვეტინებენ სიტყვას. როგორ შეიქმნა მანანას სახე? კონკრეტული პროტოტიპი ხომ არ ჰყავს? რამ შთაგაგონათ, როცა მის შესახებ წერდით?

მანანა ყველაზე მეტად დედაჩემს ჰგავს. იცით, რაშია საქმე, მე ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული და ძალიან ძლიერი ეგოს მატარებელი მამაკაცი იყო. ყველანი ერთად ვცხოვრობდით, მამა, ბიძები, ბაბუა, სოფელშიც ერთად ვიყავით ხოლმე. ეს მამაკაცები მასწავლიდნენ თოფის სროლას, დანის და ცულის მიზანში სროლას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, უკვე ასაკში, აღმოვაჩინე, თუ რამდენად დიდი იყო დედაჩემის როლი ჩემი სამყაროს ხედვის ჩამოყალიბებაში, მოვლენების, ადამიანების ხედვაში. ამ აღმოჩენამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. მთავარი გმირიც მუდმივად ამოწმებს დედის რეაქციას, რადგან ისინი მხოლოდ დედა-შვილი კი არა, თანამოაზრეებიც არიან.

დედაჩემთან მსგავსება ბევრია, მაგრამ ბევრია განსხვავებაც. ჩვენი ოჯახი ბედნიერი ოჯახი იყო და დედაჩემსაც სიტყვას არავინ აწყვეტინებდა.

„რაც ღმერთისთვის საქციელია, მოკვდავისთვის – გმირობაა“. მხოლოდ გმირები ინარჩუნებენ სიკვდილის შემდეგ მეხსიერებას, იმიტომ, რომ ღმერთების საქციელის რეკონსტრუქციას ახდნენ. თქვენი პერსონაჟები თუ არიან გმირები? შეიძლება, რომ დამახსოვრების ასეთი მძაფრი სურვილი გმირად ქცევისკენ სწრაფვა იყოს?

ნამდვილი, მოქმედი გმირები თანამედროვე ლიტერატურაში და ცხოვრებაშიც ცოტაა, თუმცა, მგონია, რომ უკრაინელი ხალხის გმირობა ამ დამოკიდებულებას შეცვლის, მაგრამ დააკვირდით, ბევრს უკრაინელების გმირობისაც არ სჯერა და ათას შეთქმულების თეორიას უფრო იჯერებს, ვიდრე იმას, რომ ჩვენს ეპოქაში, ჩვენ თვალწინ, მთელი ერი ყოველდღიურად ჩადის გმირობას. ეს მხოლოდ რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგი არ მგონია, ზოგადად, კაცობრიობა ნიჰილიზმით არის მოცული. მაგრამ დამნახავი ხალხი ხომ მაინც არსებობს?! ჩემმა მეგობარმა, ლევან ღლონტმა მითხრა: ზელენსკი ნამდვილი აქილევსიო! თან ძაან გამეცინა და თან ლევანი კიდევ უფრო შემიყვარდა.

ჩემს წიგნში კი ის არის, რაც ძალიან ქართული ამბავი მგონია, წინაპრებისკენ გამუდმებით ყურება და მათზე უიმედო სწორება, რომ ყოველი თაობა უფრო დაკნინებულია, ვიდრე – წინამორბედი. ამით ნათამაშები მაქვს რომანში, მაგალითად, პაპის ჩადენილი გმირობა, რომლის ჩრდილშიც მთელი ცხოვრება იმყოფება ერთ-ერთი პერსონაჟი, გმირობა სულაც არ არის, მაგრამ გაფეტიშებულია და თავისი სიდიადით მთელ შთამომავლობას თრგუნავს.

წიგნის მთავარი სიმბოლო საფლავის ქვაზე გამოჩენილი ხვლიკია. მთავარი გმირი ცდილობს, რომ პატარა გოგონას ქვეწარმავლების შიში გაუქროს. როგორც ავტორი, თქვენც იმავეს, „ბუნების დაუმარცხებელი ჯარის“ უარყოფითი კონოტაციებისგან გათავისუფლებას ხომ არ ცდილობთ? მაინც რისი სიმბოლოა საფლავის ქვაზე ხვლიკი, რომელიც მოგონებებივით მოუხელთებელია და ყოველთვის გვისხლტება?

მე ნატურალისტი ვარ. მეცნიერი არ ვარ, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანზე მეტი ვიცი ბუნების შესახებ. ბავშვობიდან არ მომწონდა, როცა ბუნების ეშინოდათ და ამ შიშის გამო ანადგურებდნენ. ეს არის და ეს.

ხვლიკს რაც შეეხება, მოუხელთებლობის სიმბოლო ნამდვილად არის. ალბათ, უფრო ბედნიერებასავით მოუხელთებელია. თან ხვლიკს კუდის მოძრობა შეუძლია, წაეტანები და ხელში შეგრჩება კუდი, რომელიც რაღაც ხანი კიდევ იფართხალებს.

რომანში თხრობა რეტროსპექტიულია, მთხრობელი საკუთარ წარსულს ნელ-ნელა, ქრონოლოგიის დაცვის გარეშე ამხელს. რატომ შეარჩიეთ ასეთი ფორმა? ჩვენი მეხსიერების ფრაგმენტულობიდან გამომდინარეობს თუ ტექსტის შინაარსმა გიკარნახათ?

მგონი, ეს უბრალოდ ჩემი თხრობის სტილი გახდა. მგონია, რომ ასე ნაკლებად მოსაწყენი იქნება, უფრო სწორად, მკითხველი მუდამ დაძაბულობაში იქნება და ეცდება, არაფერი გამოეპაროს, რადგან წარსულით, უფრო შორეული წარსულით და აწმყოთი უნდა შეიკრას მთლიანი მოზაიკა. თუ მკითხველი გაფაციცებული არ იქნება, გამოტოვებს წარსულის იმ მომენტს, რომელიც აწმყოში ამა თუ იმ პერსონაჟის საქციელს ახსნის. იმის გასაღები, თუ რატომ ვართ თითოეული ჩვენგანი ისეთი, როგორებიც ვართ, ჩვენს წარსულშია. ამაში ახალი არაფერია.

ისე, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ ჩახლართულ წიგნებს დავწერდი. უბრალოდ, ასე გამოვიდა.

თურმანიძე მეუბნება, რომ ჩემს ბოღმასაც უნდა ჰქონდეს ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ რასაც ის ბოღმას ეძახის, ეგ ჩემი მეხსიერებააო, ვკითხულობთ რომანში. თქვენი, ავტორისეული განსაზღვრებით, რა არის მეხსიერება? რატომ დაინტერესდით ამ თემით?

მეხსიერება სულ მაინტერესებდა. ჯერ ერთი, არასოდეს შევხვედრივარ სხვა ადამიანს, ჩემნაირი მეხსიერების პატრონი რომ ყოფილიყოს. ოღონდ, ჩემი მეხსიერება ამბების მეხსიერებაა, ჩემს თავს, ჩემს მეგობრებს გადამხდარი ამბები არასოდეს მავიწყდება. სამაგიეროდ, შეიძლება, წლები დავდიოდე კაფეში, მომწონდეს იქაურობა და არ მახსოვდეს, კედელზე რა კიდია, რა ფერია შპალერი, არის თუ არა იქ ქოთნის ყვავილი. მე მიყვარს სხვებზე დაკვირვება და სხვების სმენა, მგონია, რომ რახან მიყვებიან და თავისთვის მნიშვნელოვან ამბებს მიმხელენ, ვალდებული ვარ, დავიმახსოვრო, არ დავივიწყო. პრობლემებს მიქმნის და ხანდახან მაცოფებს კიდეც, როდესაც ჩემ მიერ მონათხრობი სხვას ავიწყდება. შეურაცხმყოფელია, ამიტომ სულ ვმუშაობ იმაზე, რომ საკუთარ თავს შევახსენო, სხვებს ჩემნაირი მეხსიერება არ აქვთ. ჰოდა, ასეთი მეხსიერების პატრონი მუდმივად ვადევნებ თვალს, როგორც ცვლიან ადამიანები ამბებს, რომლებიც ვიცი, სინამდვილეში როგორ იყო, რა ოინებს უკეთებს მათ მეხსიერება. მეხსიერების დაკარგვა ან დადამბლავება ჩემი მთავარი კოშმარია. ჰოდა, მეხსიერება და ზეპირად მოყოლილი ამბები წარმოშობს მითებს, მარტო მთაში არა, ქალაქშიც. ყველა ოჯახს, ყველა უბანს საკუთარი მითოლოგია აქვს. ზოგადად კი ადამიანები ისე ჰყვებიან ამბებს, როგორც თვითონ აწყობთ. ბევრჯერ მოჰყვებიან და უკვე თვითონაც სჯერათ, რომ ასე იყო.

და მაინც, ადამიანის მეხსიერება, თუნდაც სუბიექტური (და სხვანაირი ალბათ არც არსებობს), არის განძი. ამიტომაც მგონია, რომ თითოეული ხნიერი ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლით ჩვენგან დიდი განძი მიდის.

არ ვიცი, კარგად თუ გიპასუხეთ შეკითხვაზე, მაგრამ ეს არის საფუძველი, საიდანაც ჩემი მეხსიერებით დაინტერესება მოდის.

რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი, გიგო, ძალიან უცნაურად და ორიგინალურად იღუპება.  სამოც პარტია პინგ-პონგს თამაშობს, სამოცივეს იგებს და კვდება. მისი სიკვდილიც და სიკვდილამდე მისი ცხოვრებაც ერთდროულად სევდიანი და ღიმილის მომგვრელია. თითქოს ბედნიერების განცდას, წარსულის შენარჩუნებას, რაღაცის გადარჩენას ცდილობს და მისი ყველა მცდელობა ფუჭია (მაგალითად, კლასელების შეგროვება რესტორანში), რადგან უკვე ყველანი ერთმანეთთან გაუცხოებულები, საკუთარ ოცნებებს ჩამოშორებულები და შეცვლილები არიან. რატომ იმეტებს ავტორი ასეთი ტრაგიკული ცხოვრებისთვის? რისი სიმბოლოა გიგო?

გიგოს მსგავსად დაიღუპა ერთი ძალიან კარგი და ცნობილი ადამიანი. ამაზე ლაპარაკი არ მინდა, შეიძლება, არც მქონდა უფლება, მისი სიკვდილი ჩემს წიგნში წამომეღო, მაგრამ ძალიან იმოქმედა თავის დროზე და გვერდი ვერ ავუარე. იმ ადამიანს და ჩემს გიგოს შორის სხვა მსგავსება არ არსებობს. რატომ გავიმეტე გიგო ასეთი ცხოვრებისთვის? მე გიგოს ცხედარი გავიმეტე აქეთ-იქით უსასრულოდ ტარებისთვის. ეს უფრო ძნელი დასაწერი იყო, თუმცა არც მომიფიქრებია. ტაქსისტმა მომიყვა რამდენიმე წლის წინ, ძმასთან ერთად როგორ ამოთხარა გლდანის სასაფლაოდან ბიძაშვილი, რომელიც „წუმპეში დამარხეს“, იმ ბიძაშვილის ცოლსაც აგინებდა, „ვიღაცას გადაეკიდაო“, მომიყვა, როგორ წაიღეს სოფელში, თონესთან როგორ გააშრეს სველი მიცვალებული და როგორ დამარხეს მშობლიურ მიწაში. მაშინვე წარმოვიდგინე ეს ამბავი. ტაქსიშივე ვიცოდი, რომ დავწერდი, ოღონდ ის ტაქსისტი კახელი იყო, მე კიდევ გიგოს ნეშტის გასატაცებელ ადგილად ქართლი ავირჩიე, სოფელი რუსების მიერ გადმოწეულ და მავთულხლართებით გამიჯნულ საზღვართან. ეს მდებარეობა უფრო ხისტი და დაუნდობელი იყო ჩემთვის და საწყალი გიგოსთვის.

გიგო კი გაუხარელია. ასეთ გაუხარელ ადამიანებს ყოველდღე ვხედავ. ბევრს ვიცნობ, ბევრიც მიყვარს. ჩემი თაობა სავსეა ასეთი გაუხარელი კაცებითა და ქალებით. იმედი მინდა მქონდეს, რომ ახალგაზრდობაში ასეთები ნაკლები იქნებიან, მაგრამ, ვშიშობ, ჩემს უმცროს თაობაშიც ბევრია ასეთი ადამიანი.

„ხვლიკი საფლავის ქვაზე“ თქვენი სხვა ტექსტების კონტექსტში განვიხილოთ. რით განსხვავდება წინა წიგნებისგან? ამ რომანის წერის თუ მასზე ფიქრის პროცესში, რა იყო ყველაზე საინტერესო თქვენთვის? საბოლოო ჯამში, რამდენად შეიცვალა არჩილ ქიქოძის სტილი ან სათქმელი?

რაც ცოტა მსხვილ წიგნებზე გადავედი, ვფიქრობ, რომ ერთ დიდ წიგნს ვწერდი, რომელიც „ხვლიკმა“ დაასრულა. რაც „ჩიტში“ დამრჩა უთქმელი, „სპილოში“ ვთქვი და რაც იქ დამაკლდა, „ხვლიკში“ დავწერე. ეს ტრილოგიასავით არის, სტილიც დაახლოებით ერთნაირია და იმედი მაქვს, თანდათან იხვეწება. სამივე წიგნის სათაურში აუცილებლად არის რომელიმე „ცხოველი“. სამივე პირველ პირშია დაწერილი, მთხრობელი იმ ასაკის არის, რა ასაკისაც მე ვიყავი წერის პროცესში. მთხრობელი ჩემთან ერთად იზრდება, უკვე ბერდება კიდეც და ვშიშობ, უფრო და უფრო უიმედო ხდება.

თუ კიდევ დავწერ რომანს, პირველ პირში დაწერა აღარ მინდა. რამე ახალი ამოცანა მინდა მოვუგონო ჩემს თავს, სტილიც შევცვალო. კარგი იქნება, თუ გამომივა. 

თქვენთან ერთად ნომინირებული სხვა ტექსტები თუ წაიკითხეთ? რას ფიქრობთ მათ შესახებ?

ჯერ არ წამიკითხავს. ვიცი, რომ აუცილებლად წავიკითხავ ირმა ტაველიძის წიგნს და იმიტომ არა, რომ ერთად გავიმარჯვეთ. უბრალოდ, ამ ადამიანს და მის შემოქმედებას პატივს ვცემ და მაინტერესებს. „საბას“ გამარჯვებულებიდან აუცილებლად წავიკითხავ დავით ჯიშკარიანის დოკუმენტურ წიგნს. ძალიან მომწონს ეს ადამიანი და ის, რასაც აკეთებს, უმნიშვნელოვანესი საქმე მგონია.

ამჟამად რაზე მუშაობთ? რომელ ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას? ისევ განაგრძობთ მოთხრობების წერას თუ მკითხველი თქვენგან მხოლოდ ახალ რომანებს უნდა ელოდოს?

ამჟამად წიგნზე არ ვმუშაობ. მალე გამოვა ჩემი „მექსიკური დღიური“ – დოკუმენტური წიგნი, რომელიც სიხარულით და ძალიან იოლად დავწერე. არ ვიცი, რას ვიზამ მომავალში. რომანზე ვფიქრობ, მაგრამ მარტო ფიქრს წლები დასჭირდება, მერე კიდევ იმის დაწერა… მოთხრობებზე არ მეფიქრება რაღაცნაირად, ეს არ არის რამე გადაწყვეტილება, რომ მოთხრობები – აღარ და აუცილებლად რომანები უნდა ვწერო. ასე გამოვიდა, ჩემს შემთხვევაში. მოთხრობა ისევ მიმაჩნია ყველზე მაგარ თუ არა, რომანზე ნამდვილად არანაკლებ ჟანრად, უბრალოდ, დიდ წიგნზე უფრო მეფიქრება.

© არილი

Facebook Comments Box