ინტერვიუ

ანა ჭაბაშვილი – ჩემი ცხოვრების წიგნები

რედაქტორი ანა ჭაბაშვილი თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:

კითხვის პირველი მოგონება

ძალიან დავიძაბე, რომ ის პირველი მომენტი გამეხსენებინა, კითხვის, და ვერ შევძელი. მაგრამ სურათებად მაქვს ჩარჩენილი აუცილებელი რიტუალი ყოველ საღამოს, როგორ ვწევართ მე და ჩემი და და მამამ ძილის წინ უნდა წაგვიკითხოს რამე. ეს არის, მაგალითად, ვაჟას „გოგრა“ და „ქუდოვანი“, ნაწყვეტები „კაცია ადამიანიდან“, რა ვიცი, კიდევ რამდენი! თვალწინ მიდგას გრიმების ზღაპრების ლურჯი კრებული. მერე გავიგე, რომ ნიკო ლორთქიფანიძის თარგმანი ყოფილა. იწყება „ვაჭრობა“. მამა დაღლილია, ცდილობს, რამე მოკლე შეარჩიოს, ჩვენ გვინდა, რომ ზღაპარი გრძელი იყოს. ჩვენ ვიმარჯვებთ!

ერთად კითხვის ტრადიცია მერეც შემოგვრჩა, დიდობაში.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

ჩემი ბავშვობა 50-იანი წლების დასაწყისშია, ომის დამთავრებიდან სულ რამდენიმე წელია გასული. „საბლიტგამის“, ანუ საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობის (მერე რომ გამომცემლობა „ნაკადულად“ იქცა) შავ-თეთრ წიგნებში არ არის ფერადი ილუსტრაციები, გარეკანიც კი არა აქვს ფერადი, მაგრამ ეს დღესაც ჩემი უსაყვარლესი წიგნებია! სამწუხაროდ, ის ბავშვობის დროინდელი წიგნები არ შემომრჩა (ეჰ, არ გავუფრთხილდი) და სადმე ბუკინისტთან თუ მოვკრავ თვალს სიტყვა „საბლიტგამს“, მაშინვე ვეტაკები და ვყიდულობ იმ ძველ, ჭუჭყიან წიგნებს, ვითომ შვილიშვილებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ჩემთვის. რომელი ერთი გავიხსენო: იოსებ გრიშაშვილის „თქვენთვის, ჩემო პატარებო“ ავტორის მიძღვნით, ნოსოვის „არიციას თავგადასავალი“, რომელშიც მამაჩემს კალმით ჩაუსწორებია მთარგმნელის შეცდომები (მაშინ ვღიზიანდებოდი და ახლა რომ ვფიქრობ, სრულიად სამართლიანი შენიშვნები ჰქონდა).

ერთხელ არ დამეზარა და თავიდან ბოლომდე გადავფურცლე გამომცემლობა „ნაკადულის“ ბიბლიოგრაფია და მიხვდი, რომ მშობლები თურმე ყველა წიგნს ყიდულობდნენ, რაც კი მაშინ გამოდიოდა – ყველა წაკითხული მქონდა. საბჭოთა იდეოლოგიური ლიტერატურის გამოკლებით, რომელიც მაშინ მრავლად იყო. მაგრამ იმათაც ვკითხულობდი სკოლის ბიბლიოთეკაში და სადმე სააგარაკოდ რომ ვიყავი სოფელში, იქაური ბიბლიოთეკიდან გამომქონდა. ისე, მგონია, რომ ეგეც უნდა წაიკითხოს ადამიანმა (თუკი სწორი მიმართულების მიმცემი ჰყავს) – საჭირო ინფორმაციას ადამიანი იქიდანაც მიიღებს.

დედა რუსულ წიგნებს გვიკითხავდა და იქვე გვითარგმნიდა.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

მერე, მალევე, თვითონ დავიწყე კითხვა და უკვე რომ წამოვიზარდე, სათანადო ლიტერატურაზე გადავედი. მაშინ გამოდიოდა „სათავგადასავლო ლიტერატურის“ სერია, პოლიგრაფიულად ძალიან კარგად გამოცემული. დავბრუნდებოდი  თუ არა შინ  სკოლიდან, გავწვებოდი დაბალ ტახტზე სხვადასხვა პოზაში: ტანი ტახტზე – ფეხები კედელზე ან ტანი ტახტზე თავი – იატაკზე და ვკითხულობდი და ვკითხულობდი! (ნეტა ახლა შემეძლოს ეგრე!), გაკვეთილების სწავლა ვის ახსენდებოდა!

ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე წიგნმა მკვეთრად შემცვალა, მაგრამ ყოველი წიგნი რომ ადამიანზე რაღაცნაირ გავლენას ახდენს, მე არ მომიგონია და ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. საბოლოოდ ყველა წიგნში ის წერია, თუ რა არის კარგი და რა – ცუდი, რა არის მეგობრობა, სიყვარული, რა არის ბოროტება, შური, მტრობა, ღალატი… მაგას დღესაც ყოველდღე ვკითხულობ, მაგრამ ახლა უკვე პროფესიული თვალით ვხედავ, როგორ აღწევს მწერალი ამას.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

ეს წინა შეკითხვის გაგრძელებაა. გავიმეორებ, რომ შეხედულებები არ შემცვლია, მაგრამ მე გავიზარდე და კითხვა ვისწავლე. ის, რასაც ბავშვი და 14-15 წლის მოზარდი ხედავ, ზრდასრულ ასაკში სულ სხვაგვარად წარმოგიდგება. ეს უკვე ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოაქვს:  დაინახო ეპოქა, ისტორიული ფონი, როცა ნაწარმოების მოქმედება ხდება (ამას თითქოს სკოლაში გვასწავლიდნენ და ახლაც ასწავლიან, მაგრამ ცარიელ სიტყვებად დარჩება, თუ ადამიანმა თვითონ არ დაინახა, მაგალითად, როგორი იყო „გრიგოლ ხანძთელის“ ეპოქა ან რა ხდება „ლამბალო და ყაშაში“. სულ პატარა ვიყავი, ალბათ მეოთხე კლასში, რომ მოპასანის „ლამაზი მეგობარი“ წავიკითხე. მაშინ მე იქ, რა თქმა უნდა, სულ სხვა რამეები მაინტერესებდა, მაგრამ მერე ერთხელ ამ რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და მივხვდი, რომ წიგნი სულ სხვა რამეზეა – ადიულტერზე კი არ არის, საძაგელი, სულგაყიდული საზოგადოებაა აღწერილი. და ბევრი ასეთი…

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

წერის სურვილი არასოდეს გამჩენია, მაგრამ ახლა ფეისბუკის პოსტებს „ვაცხობ“. მგონია, რომ გამომდის. ოღონდ ეს მწერლობა არ არის. მწერალი მაშინ ხდები, როცა საკუთარი გამოცდილებისგან (თუმცა არც უამისობა შეიძლება) დაიხსნი თავს და თხზვას შეძლებ (კარგად, რა თქმა უნდა). მაგას კი ნიჭი უნდა.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

ძირითადად სწორედ იმ ავტორებს ვუბრუნდები, რომლებიც ადრე მიყვარდა. უთვალავჯერ შემიძლია წავიკითხო ბულგაკოვის „თეთრი გვარდია“. საწოლის გვერდით მიდევს და ერთსა და იმავე ეპიზოდებს ვფურცლავ. ერთხელ სკოლაში ვასწავლიდი და იქ ვახსენე ეს. ერთმა ბავშვმა გაკვირვებით მკითხა, რათა, მას, ისედაც ხომ უკვე იცით, რა წერიაო. იქვე ვუპასუხე (მანამდე არ დავფიქრებულვარ), აი, მუსიკას რომ უსმენ ერთსა და იმავე „ვეშს“ ათასჯერ, ესეც ასეა-მეთქი. სხვათა შორის, გაიგო – თავი დამიქნია.

მაგრამ ცალკე ამბავია ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“. ბოლო ხანებში, 5-10 წელიწადში ერთხელ, ხელახლა ვკითხულობ და თითქოს პირველად ვიგებ ცხოვრების მსხვილმანს და წვრილმანს, პერსონაჟების ხასიათს… მოკლედ ამოუწურავია.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

გაგიკვირდებათ და ესაა წიგნები (საუკეთესოებიც და ყველაზე უარესებიც), რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში წავიკითხე, როგორც პროფესიონალმა მკითხველმა – რედაქტორმა.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

სამწუხაროდ, ჩემს ბავშვობაში არ იყო ასტრიდ ლინდგრენი ქართულად თარგმნილი და შვილებს რომ ვუკითხავდი (ახლა უკვე შვილიშვილებს), გული მწყდებოდა, რომ უკვე დიდმა წავიკითხე – მაინც სულ სხვა სიამოვნება იქნებოდა.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

როგორც მთელი მსოფლიოს ყველა მოზარდისთვის, ჩემთვისაც ალბათ ჰოლდენ კოლფილდი იყო ასეთი პერსონაჟი. მაშინ, რა თქმა უნდა, ეს გაცნობიერებული არ მქონდა. „ჭვავის ყანა“ სწორედ იმ ასაკში უნდა წაიკითხოს კაცმა, თორემ ახლა რომ ვკითხულობ, სულ სხვა აზრისა ვარ.

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

დოსტოევსკის კითხვა არ მიყვარს. განა არ ვიცი, რომ უდიდესი მწერალია, მაგრამ სიყვარულისა რა მოგახსენოთ. ერთხელ, 90-იანებში, ცხოვრებაში ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა. აქეთ-იქით ვაწყდებოდი და ხელში მომყვა „დანაშაული და სასჯელი“. მოგეხსენებათ, მტანჯველი წიგნია. ჩემი მეუღლე მეუბნება, შენ ახლა მაგას რატომ კითხულობ, გინდა გაიგო, რომ სხვები შენზე უარესად არიანო?

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

ზემოთ „ომი და მშვიდობა“ ვახსენე. ჰოდა, გამოგიტყდებით, როცა ვკითხულობ, ომებს ყოველთვის ვტოვებ – ბავშვობიდან გამომყვა ეს მავნე ჩვევა.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

ბევრია ასეთი. ძირითადად საბავშვოებს ვყიდულობ საჩუქრად.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

ვკითხულობ, როგორც რედაქტორი, მაგრამ ხომ ვკითხულობ! ესაა ისმაილ კადარეს „მკვდარი არმიის გენერალი“. დიდებული წიგნია. ვისაც მისი „გახლეჩილი აპრილი“ აქვს წაკითხული, ის მიმიხვდება.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

ესაა ავსტრალიელი მწერლის, კოლინ მაკალოუს სასიყვარულო-ყოფითი რომანი „კვრინჩხის მგალობლები“. მინდა, ქართველმა ქალებმაც მიიღონ დიდი სიამოვნება ამ წიგნის წაკითხვით.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

ასეთი ბევრია, მაგრამ ყველას ვურჩევ, წაიკითხოს თანამედროვე ამერიკელი კლასიკოსის, ჯონათან ფრენზენის „შესწორებები“. წიგნიც დიდებულია და მთარგმნელიც საუკეთესო, თამარ ჯაფარიძე.

ანა და მარიამ ჭაბაშვილები კითხულობენ იოსებ გრიშაშვილის საბავშვო ლექსების კრებულს „თქვენთვის, ჩემო პატარებო“.

© არილი

Facebook Comments Box