• ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – ოქტომბერი

    აკა მორჩილაძე, მამლუქი (რომანი), ყდის დიზაინი: თამაზ ვარვარიძე. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.
    ერთ-ერთი შუააზიური რესპუბლიკის ავტონომიური ოლქის, ქირბალის უკანასკნელი გამგებლის ვაჟიშვილი ბედისწერამ პატარა ქართულ ქალაქში მიიყვანა და სამუდამოდ დააკავშირა ერთ ჩვეულებრივ ქართველ ბიჭთან. ამ ორ პერსონაჟთან ერთად მკითხველის თვალწინ კიდევ ერთხელ გაიელვებს 90-იანი წლების საქართველოს ტრაგიკული ამბები.

    ზაზა ბურჭულაძე, adibas (რომანი), ყდის დიზაინი: თამუნა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.
    ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი adibas 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს. იმის მიუხედავად, რომ წიგნში არ არის არც ერთი საბრძოლო სცენა, ომი მაინც ამ რომანის მთავარი პერსონაჟია. მთავარი პერსონაჟია სექსიც, რომელიც წიგნში ომის ერთგვარ სინონიმადაა წარმოდგენილი. “დანარჩენ” პერსონაჟებს – რამდენიმე ახალგაზრდა კაცს და ქალს – თითქოს არ ეხებათ მათ გარშემო მიმდინარე პროცესები, მაგრამ ყველაფერი უკვე გაჟღენთილია ომით, რომელიც თბილისს უახლოვდება.

    ოთარ ჭილაძე, 100 ლექსი, შემდგენელი ზვიად კვარაცხელია. თბ. “ინტელექტი”, 2009.
    კრებული ოთარ ჭილაძის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა და იგი პოეტის ყველა პერიოდის ლექსებს მოიცავს, 1948 წლიდან მოყოლებული, 2009 წლის 17 ივნისამდე, როდესაც პოეტის უკანასკნელი, უსათაურო ლექსი დაიწერა.

    ზაზა აბზიანიძე, ბუსუნსულები, ავტორის ილუსტრაციებით. თბ. “პეგასი”, 2009.
    პირველი ბუსუნსულები ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიბეჭდა “არილში”. ესაა სრულიად უცნობი და უჩვეულო ჟანრის ნაწარმოებები, რომელსაც ავტორმა ლექს-ნახატები უწოდა. ავტორმა, რომელსაც საბავშვო პროზით, კრიტიკული ესეებითა და ლიტერატურული პორტრეტებითაც კარგად იცნობს მკითხველი.

    თამაზ ჩხენკელი, ტრაგიკული ნიღბები. რედაქტორი მერაბ ღაღანიძე. თბ. “მემკვიდრეობა”, 2009.
    ეს წიგნი თამაზ ჩხენკელის კლასიკური ნაშრომის მესამე გამოცემაა და გარდა მონოგრაფიისა, “ტრაგიკული ნიღბები”, კრებულში წარმოდგენილია ავტორი წერილები ვაჟა ფშაველას შემოქმედებაზე: “ვაჟა – მომავლის პოეტი”, “ალუდა ქეთელაური”, “ვაჟას პირველი ლექსი”.

    ჟან ჟაკ რუსო, მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების შესახებ. ფრანგულიდან თარგმნა დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ, სამეცნიერო რედაქტორი, დემურ ქერქაძე, რედაქტორი, ლამარა რამიშვილი. თბ. “carpe diem”, 2009.
    ჟან ჟაკ რუსოს ეს უმნიშვნელოვანესი ტექსტი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე. ტრაქტატში ჩამოყალიბებულია საზოგადოებაში უთანასწორობის გაჩენის მიზეზები. პოლიტიკური უთანასწორობის გაჩენის მთავარ მიზეზად რუსო კერძო საკუთრების გაჩენას მიიჩნევს. მისი მიზანია “ადამიანი განიხილოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც წინ უსწრებს საზოგადოების წარმოშობას” და საზოგადოების ევოლუციის კვალობაზე წარმოაჩინოს ადამიანთა შორის პოლიტიკური უთანასწორობის დასაბამის საფუძვლები. წიგნი ალექსანდრე დიუმას ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა.

    ჟაკ ჟერსტლე, პოლიტიკური კომუნიკაცია. ფრანგულიდან ტარგმნა ნ. ცქიტიშვილმა. სამეცნიერო რედაქტორი, მალხაზ მაცაბერიძე. თბ. “ახალი აზრი”, 2009.
    ამ კვლევის ქართული თარგმანიც ალექსანდრე დიუმას ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა. ნაშრომში წარმოჩენილია პარადიგმებისა და თეორიების მრავალფეროვნება პოლიტიკური კომუნიკაციის პრაქტიკასა და ევოლუციაში. ასევე აღწერილია პოლიტიკური კომუნიკაციის ძირითადი კონცეფციები და სხვ.

    სალომე დუნდუა, ზვიად აბაშიძე, ეთნიკური და რელიგიური იდენტობის საკითხები და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები საქართველოში. თბ. “ინტელექტი”, 2009.
    კვლევის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს იმ ფაქტორების შესწავლა, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების სოციალურ და პოლიტიკურ აქტორებად გადაქცევას, უზრუნველყოფენ სამოქალაქო ინტეგრაციის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, ქვეყანაში მკვიდრი დემოკრატიის დამყარებას.

    გიგი თევზაძე, განჯადოება – ხუთი ესე თანამედროვე საქართველოს შესახებ. დიზაინი და დაკაბადონება გიორგი კევლიშვილი. ყდაზე გამოყენებულია კახა თოლორდავას ფოტო. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.
    ესეები ბოლო 2-3 წლის მანძილზე გამოქვეყნდა ქართულ პერიოდულ პრესაში და მოიცავს საკითხებს: “საქართველოში მეცნიერების წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ”, “პოლიტიკური ანთროპოლოგია საქართველოში”, “კანონიერი ქურდები”, “ქართველი ერის დაბადება”, “საქართველო – აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაგასაყარზე”.

    კახა თოლორდავა, Briefly Close Conversations in Jazz (საუბრები ჯაზზე). რედაქტორი რუსუდან გორგაძე, დიზაინერი მართა თაბუკაშვილი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.
    ეს წიგნი ალბომიცაა და ინტერვიუების კრებულიც, სადაც ავტორმა უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვან ჯაზ-მუსიკოსებთან საუბრებს მოუყარა თავი. ამ წლების მანძილზე კახა თოლორდავა ბევრს შეხვდა: ჰერბი ჰენქოქსა და ჯო ზავინულს, ჯორჯ დიუკსა და ბილი კობჰებს, გარი ბერთონსა და ჯონ სკოფილდს, მარკუს მილერსა და ჯორჯ ბენსონს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ზვიად რატიანის “ნეგატივი”

    დღევანდელი “ბიბლიოთეკა” თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელზე მოგვითხრობს. სულ ცოტა ხნის წინ ზვიად რატიანის ბოლო პოეტური კრებული გამოვიდა, “ნეგატივი”, წიგნი, რომელიც ახალი ლექსების გარდა, პოეტის წინა ორი კრებულიდან ამოკრებილ ლექსებსაც მოიცავს.

    ზვიად რატიანი იშვიათად გამოსცემს კრებულებს, მინიმუმ 5 წელი მაინცაა ხოლმე საჭირო, რომ მან ბოლო დროის მანძილზე დაწერილს თავი მოუყაროს და წიგნად აქციოს. მიუხედავად იმისა, რომ იგი 90-იანი წლების დასაწყისიდან წერს და აქვეყნებს თავის ლექსებს, მაინც მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ბოლო ორი კრებულია ყურადღების ღირსი. საკუთარი პოეტური წარსულის მიმართ იგი ხანდახან ძალიან კრიტიკულია ხოლმე, რაც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ბევრი სხვა პოეტისგან განსხვავებით, ზვიადის ყოველ ახალ კრებულს ლექსები კი არ ემატება, არამედ აკლდება. შესაბამისად, წიგნის გამოცემის მიზეზს, მისთვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო წარსულის მოწესრიგება წარმოადგენს, ვიდრე მომავალზე ფიქრი: “პირველი მიზეზი, ამოსავალი მიზეზი იყო ის, რომ მანამდე იყო კიდევ ორი წიგნი, რომლებიც უნდა გამექრო, ჩემთვის გამექრო, თითქოს არ არსებულან. ამ ახალ წიგნში შევიდა 4 წიგნი, ორი უკვე გამოცემული, 2000 და 2005 წელს და ორი ახალი, რომლებიც წიგნად გამოცემული არ იყო და რაღაც-რაღაცეები აქედან დაბეჭდილი იყო, სხვადასხვა დროს. დიდი ნაწილი არც იყო დაბეჭდილი”.
    ახალი წიგნი თავისი სტრუქტურითაც გამორჩეულია: “რაც შეეხება წყობას. წიგნი უკუღმაა ქრონოლოგიურად დალაგებული. ეს უბრალოდ ყველაზე მოხერხებული ფორმა იყო ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი ვიფიქრე როგორ დამელაგებინა ეს ოთხი წიგნი ერთად. არც თემატურად ეწყობოდა და არც ლექსწერის და ტექნიკური თვალსაზრისით. ასე უფრო დალაგდა, დაალაგა თან ნაწილობრივ სათაურმა, ერთ-ერთი ლექსის სათაურმა, ნეგატივმა, რომელიც უკუხედვას, უკუღმა ხედვას გულისხმობს და ასე უფრო მოხერხებული და პრაქტიკული მეჩვენა წიგნის აწყობა.”
    ზვიად რატიანი იმ იშვიათ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც პოეზიის მოყვარულთა გარდა, თავად პოეტებიც ძალიან აფასებენ. წლების განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ ზვიადის ახალ პუბლიკაციებს ყველა თაობის პოეტი ელოდება ხოლმე და მასზე საუბრისას, როგორც წესი, ძალას კარგავს ტრადიციულ-ქართული ზეპირსიტყვიერი კრიტიკის ორი ყველაზე გავრცელებული მოდუსიც, ყალბი ქებაცა და ჭორაობაც. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზვიადს დამწყები, სრულიად ახალგაზრდა პოეტები აფასებს. მაგალითად, შოთა გაგარინი ალბათ ვერ იგუებს დამწყები პოეტის წოდებას, სამაგიეროდ, ეს ახალგაზრდა პოეტი სიამოვნებით, და რაც მტავარია, საინტერესოდ საუბრობს ზვიად რატიანის შესახებ: “მისი სახასიათო ენა სრულიად ორიგინალურია და არ გავს სხვა პოეტების გამოხატვის ფორმებს. ზვიადის ლექსების შეგრძნებას გიტოვებს, რომ მისთვის მთავარი არ არის სიტყვა, მისთვის მთავარი არის სურათი, რომელიც ამ სიტყვებით უნდა დახატოს. ზვიადს ვერ ვუწოდებთ პოეტს, რომელიც ენაზე მუშაობს. რა თქმა უნდა სიტყვების მიმართ პატივისცემით არის გამსჭვალული და იგრძნობა ეს მის ლექსებში, მაგრამ ენაზე მომუშავე პოეტს ვერ ვუწოდებთ, თუ არ ჩავთვლით თავის საკუთარ იდიოსინკრატულ ენას”.
    შოთა ზვიადის ლექსებს იაპონურ პოეზიასთან აახლოვებს და მას ავტორსა და მკითხველს შორის ჩატეხილ ხიდად მიიჩნევს, რომელიც თავად მკითხველმა უნდა ამოაშენოს. ახალგაზრდა კოლეგა პოეტის მელანქოლიურობაზეც ამახვილებს ყურადღებას: “ზვიადის ყველა ლექსში არის მელანქოლია, ოღონდ სხვანაირი მელანქოლია, რომელიც გაქცევისკენ არ გიბიძგებს. თითქოს დგახარ სადღაც ნაპირზე და უყურებ დიდ ტალღას, რომელიც მოდის და იცი, რომ ამ ტალღას ვერსად ვერ გაექცევი, აზრი არა აქვს ფართხალს და ერთად-ერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, ესაა ბოლო წამები გაილამაზო და ამ სილამაზით იკაიფო, სანამ ეს ტალღა წაგლეკავს”.
    ამისგან განსხვავებით თავად ზვიადი განუწყვეტლივ გაქცევის მცდელობებშია. წლების განმავლობაში გაქცევა მისი პოეტიკის განუყრელ ნაწილად იქცა: “ამ ოთხივე წიგნში რაც პირველ რიგში, ჩემი აზრით თვალშისაცემია, ესაა გაქცევის მცდელობა, უფრო სწორად უშედეგო მცდელობები. ესენი ერთნაირი წიგნებია, მე სულ ვცდილობ რაღაცას გავექცე, არ მაქვს ამოჩემებული იდეა ფიქსი, რომ რაღაც ახალი დავწერო და შევქმნა, ზოგადად პოეზიაში, მაგრამ საკუთარ პოეზიასთან, საკუთარ ლექსებთან მიმართებაში მე ეს მაქვს და ჩემი წიგნები ამის მუდმივი მცდელობებია. საბოლოო ჯამში ეს არის შედეგი. ეს ოთხი წიგნი სინამდვილეში ერთ წიგნია, მე ამას ვეძახი ჩემს ბოლო პირველ წიგნს, ყველა წიგნს, აქამდე მე პირველ წიგნს ვუწოდებდი და ახლა მგონია, რომ ეს არის ბოლო პირველი წიგნი და მომავალში ალბათ პირველი მეორე წიგნის წერას დავიწყებ”.
    დასაწყისშიც ვამბობდი და აქაც გავიმეორებ, რომ ზვიადი წარსულს აწესრიგებს, მის დანახვას ცდილობს. ერთ-ერთ ლექსში იგი ღმერთს მადლობას წირავს, რომ მისთვის წინათგრძნობის არავითარი ნიჭი არ მიუცია, სამაგიეროდ ბლომად მოჰმადლა წარსულის ნიჭი: “წარსულის, სადაც გამუდმებით რაღაც იცვლება”. ამ თემას გაკვრით შოთა გაგარინიც შეეხო: “ზვიადი ალბათ იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ახალის შექმნას კი არ ცდილობს, არამედ ცდილობს უკვე არსებულში რაღაც პოეტური დაინახოს. როცა კითხულობ ზვიადის ლექსებს, მორიგ ძალიან მაგარ მეტაფორას როცა წააწყდები, სულ გებადება შეგრძნება, რომ აი, მე ეს ადრე როგორ ვერ შევამჩნიე”.
    ბოლოს ზვიად რატიანის ე.წ. სამოქალაქო ლექსებს მინდა შევეხო. 90-იანი წლებიდან მოყოლებული მან რამდენიმე ძალიან რთული, სამოქალაქო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ლექსი შექმნა. ვინაც ზვიად რატიანის პოეზიას კარგად იცნობს, მას აუცილებლად ემახსოვრება 90-იანების ბოლოს დაწერილი მისი “მამები”, ასევე “გზები და დღეები” და ზვიადის შარშანწინანდელი ლექსი, “ნეგატივი. ოცი წლის შემდეგ”. “სამოქალქო ლექსები” მეთქი, ვამბობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზვიადი რომელიმე პროტესტ-პოეზიის ან სოციალური ლექსის ნაკადს მივაკუთვნოთ, სადაც წინასწარი ჩანაფიქრებით, გარკვეული იდეოლოგიური მზადყოფნით იწერება ლექსები. ზვიადი ყველაფერ ამისგან შორს დგას და იგი ე.წ. “სამოქალაქო ლექსის” ცნებასაც არ ითავისებს: “მე არ ვხედავ ამ ყველაფერს ისე, რომ დიდ ყურადღებას ვუთმობდე. უბრალოდ არის რამდენიმე კონკრეტული ლექსი, რომელიც ამ თემატიკითაა, ისევე როგორც სხვა თემატიკებით, ანუ რაიმე განსაკუთრებულ ადგილზე ჩემთვის ეს ლექსები არ დგას. შეიძლება ის კონკრეტული ლექსები, მაგალითად “ნეგატივი”, ჩემთვის განსაკუთრებული იყოს დაწერის სირთულის გამო, იმიტომ, რომ მტკივნეული თემა იყო, მაგრამ ასევე მტკივნეული ბევრი თემაა”.
    ზვიად რატიანმა სწორედ ამ ბევრი მტკივნეული თემით დაიმკვიდრა უმნიშვნელოვანესი ადგილი თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფრის დანახვა მკითხველს ნათლად შეუძლია “ნეგატივში”, როგორც თავად ავტორი ამბობს, მის “ბოლო პირველ წიგნში”.

    © tavisupleba.org

  • ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ნაირა გელაშვილის “პირველი ორი წრე”

    დღეს “ბიბლიოთეკა” ნაირა გელაშვილის ბოლო რომანზე მოგითხრობთ. “პირველი ორი წრე და ყველა სხვა”, ასე ჰქვია წიგნს, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის საქართველოს ისტორიის მხატვრული გააზრების კიდევ ერთი ძალზე საინტერესო ცდაა.

    ახალი ამბავი არ არის, რომ დღეს თანამედროვე ქართული ლიტერატურა ძალიანაა მოწყვეტილი რეალურ თანამედროვეობას, ისტორიას, ჩვენივე ქვეყნის ახლო წარსულს თუ ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს. ჩვენში თითქმის არ იწერება დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებები, იშვიათად ნახავთ პროზაში არეკლილ საქართველოს ბოლოდროინდელ თავგადასავალს, მწვავედ დასმულ კითხვებს. ნაირა გელაშვილის ბოლო რომანი “პირველი ორი წრე” სწორედ ასეთი ხარვეზების შევსების მცდელობაა. ესაა რომანი ჩვენი დროის შესახებ, უფრო სწორად კი იმ მიზეზებზე, რამაც ჩვენი დრო შვა. კრიტიკორი ლევან ბრეგაძე რომანის შესახებ გვეუბნება: “ნაირა გელაშვილის არც ერთი წიგნი ერთმანეთს არ გავს, მაგრამ ბევრი გავს ერთმანეთს სწორედ ამით. ანუ ესაა ქვეყნის ბედით შეწუხებული ადამიანის ფიქრები, გამოსავლის ძიება, და იმის მცდელობა, რომ გაიაზროს, რა ხდება, რა გვჭირს, რა მოგვივიდა, რომ ამ გაუთავებელი კრიზისიდან ვეღარ გამოვსულვართ”.
    რომანს მყარი ისტორიოსოფიური საფუძვლები აქვს, ამაზე როგორმე სხვა დროსაც ვისაუბრებთ, ახლა უბრალოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ რომანიდან, რომელიც წარსულის საშიშროებებს ეხება, იმას, რომ წარსული “თან უნდა გახსოვდეს და თან არა. წარსულიდან მხოლოდ ის უნდა იცოდე, რასაც აცნობიერებ, სხვა ყველაფერი უნდა გადაყარო, რათა ტვირთად არ გექცეს”. ამის შესახებ ნაირა გელაშვილმა ჩვენთან საუბრისასაც აღნიშნა, როდესაც მას ვთხოვეთ რომანის დაწერის პირველი იმპულსები გაეხსენებინა:
    “დიდი დრო რომ გადის, მერე გავიწყდება, რატომ წერდი და რა იყო იმპულსი და რა გაწერინებდა. ეს რომანი 1994 წელსაა დამთავრებული და არც მინდოდა გამოქვეყნება და რაღაცნაირად მინდოდა ის სინამდვილე დამევიწყებინა, ისევე, როგორც ბევრს სურს დავიწყება ჩვენი უახლოესი წარსულისა, რომელიც მთლიანად შედგება ტრავმების წნულისაგან. ეს განცდა მახსოვს, “დრო, დრო აღნიშნე”, გალაკტიონის სიტყვები, რომელიც თითქოს რაღაც ანდერძივითაა. მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარი არის ის, რომ ესაა მცდელობა დააასახელო მიზეზები, რამაც გამოიწვია საქართველოს პერმანენტული მარცხი და პერმანენტული უიღბლობა და რაც დღესაც იწყვევს კიდეც, რადგან ის მიზეზები აღმოფხვრილი არც ახლა არ არის და გრძელდება”.
    რომანის მოქმედება ერთ კონკრეტულ ადგილას, უფრო სწორად, კონკრეტულ დაწესებულებაში ვითარდება, “მთარგმნელობით კოლეგიაში”. ამ რეალურ დაწესებულებაში, რომელიც ნაირა გელაშვილმა საკუთარი გამონაგონითაც შეავსო, ხანმოკლე არსებობის მიუხედავად, მაინც ბევრი რამ გაკეთდა, ითარგმნა წიგნები, გამოჩნდნენ ახალი ავტორები. კოლეგიაში მუშაობდა კრიტიკოსი ლევან ბრეგაძეც, ვისთვისაც ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი იყო იმდროინდელი საქართველოს ინტელექტუალურ ცხოვრებაში: “ამ დაწესებულების არსი, ოთარ ნოდიას მიერ მოფიქრებული და მის მიერ შექმნილი მთარგმნელობითი კოლეგიის არსი იყო კულტურული ცხოვრების უზრუნველყოფა საქართველოში. კულტურული კავშირების უზრუნველყოფა სხვა ხალხებთან, სხვა ერების ლიტერატურებთან, და ეს კეთდებოდა არაჩვეულებრივი თავგამოდებითა და თავდადებით, როგორც ხელმძღვანელის, ისე თანამშრომლების მიერ. მე ცოტა ხანს მომიწია იქ მუშაობა და ვიცი ეს, როგორ იყო”.
    პერსონაჟები სხვადასხვა ტექსტების, შესაბამისად კი სხვადასხვა კულტურათა თარგმნით არიან დაკავებულნი, ამასობაში კი მათ გარშემო ახალი ქვეყანა იბადება, ჩნდებიან ახალი ლიდერები, რომლებიც სწორედ ამ “სხვას” ებრძვიან, იწყება “მთარგმნელობითი კოლეგიის” თანამშრომლების დევნა, დაშინება, რომელიც შემდეგ დარბევაში გადაიზრდება და მსხვერპლიც მოჰყვება. კულტურის ამ კერის რეალურ თუ გამოგონილ ხვედრს უკავშირდება საქართველოს ისტორიის ფაქტებიც, რომელიც რომანში ხან პერსონაჟების მიმოწერიდან აღწევს, ხანაც ქუჩიდან, საიდანაც გამუდმებით მოისმის სკანდირების ხმა, ირხევიან დროშის წვერები, ერთმანეთს ცვლიან ლოზუნგები. ნაირა გელაშვილის რომანში კულტურისა და ბარბაროსობის ამ დაპირისპირებას დიდი ადგილი უკავია, მან საუბარშიც აღნიშნა: “რეალურად, ეს იყო ის ორგანიზაცია, რომელიც, რომ არ ყოფილიყო, დემოკრატიულ სახელმწიფოს თავად უნდა შეექმნა, რომელიც იღებს ევროპულ ორიენტაციას, ანუ სარკმელი გაეჭრა ინტელექტისა და სულის დონეზე. და გამოვიდა ისე, რომ ამ ნაციონალისტურმა ძალებმა არსებული ორგანიზაცია დახურეს.”
    ჯერ კიდევ რომანის დაწერამდე რამდენიმე წლით ადრე, თავის ერთ-ერთ წერილში, რომელიც 1990 წელს დაიბეჭდა ქართულ პრესაში, ნაირა გელაშვილმა ის ფაქტორები დაასახელა, რომელიც პირველ რიგში უნდა დაგვეძლია ქართველებს დამოუკიდებლობისკენ სავალ გზაზე. მომავალში სწორედ ეს თეზისები იქცა რომანის საფუძვლად: “ჩვენ ვართ ინტელექტუალურად მოუმზადებლები ახალი დროისთვის, ჩვენი მორალური საყრდენები შერყეულია, ანუ ღირებულებათა სისტემა და მესამე ფაქტორად მქონდა დასახელებული ის, რომ ჩვენ არა ვართ ფსიქიკურად სტაბილური ხალხი. მაშინ ეს არგუმენტირებული არც მქონდა და ამის დამამტკიცებელი რამე მასალა ხელში არ მეკავა. არის, როცა რაღაცას ამბობ განცდისა და შეგრძნების დონეზე. რეალურად კი ის, რაც მაშინ, 1990 წელს არგუმენტების გარეშე, თეზისებივით მქონდა დაწერილი, ამ რომანში რაღაცნაირად გაიშალა”.
    გარდა ამისა, რომანი კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას ეძღვნება, რომელიც დღეს ტოტალურად ბატონობს საქართველოში, ქვეყანაში, სადაც საზოგადოებას განათლება რეალურად არ სჭირდება, განათლებული ადამიანი კი ხშირ შემთხვევაში დაცინვის ობიექტი ხდება: “პრობლემა, რომელიც ლაიტმოტივის სახით არის რომანში და სტრუქტურულად განსაზღვრავს მას, ესაა შემეცნების წყურვილის ძალიან, სასოწარმკვეთად დაბალი დონე საქართველოში, როცა ცოდნის სიყვარული უკვე აღარ იგრძნობა და შემეცნების წყურვილი, თვითონ სამყაროს შემეცნების წყურვილი დასულია იმდენად ნულს ქვემოთ, რომ პერსპექტივა არ ჩანს”.
    ცალკე თემაა რომანის ჟანრული განსაზღვრა და ის, თუ როგორაა იგი აგებული სტრუქტურულად: “პირველ რიგში ეს არის კარგი საკითხავი პროზა. პროზა მეთქი, ვთქვი, მაგრამ, იქ ბევრი ლექსია და პროზაული პოეტური პასაჟებიც ბევრია და ბარემ ახლავე ვიტყვი, რომ ეს მაინც არის რომანი, მრავალფეროვანი, ტექსტებისგან შედგენილი რომანი, ცოტა უცნაური ამ მხრივ, ტრადიციულ რომანებს ნაკლებად ჰგავს. არის თარგმანები, პოეტურიც და პროზაულიც, თან ძალიან აქტუალური წიგნებიდან”. ლევან ბრეგაძის ამ ჩამონათვალს სხვასაც დავამატებდი. რომანს ავსებს ბიოგრაფიებიც, მთარგმნელთა ბიოგრაფიები, რომელსაც კოლეგიის ერთ-ერთი თანამშრომელი ადგენს “ორგანოებისთვის”. მათ უფრო ნოველები შეგვიძლია ვუწოდოთ, სადაც თხრობა ხან მდორედ მიედინება და ხანაც შექსპირული ვნებები ტრიალებს. მთავარი კი ის არის, რომ კონკრეტული ადამიანების ბედში ქვეყნის ცხოვრებაც აირეკლება.
    რა თქმა უნდა, რომანი “პირველი ორი წრე” არაა დოკუმენტური, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც დოკუმენტების, ასევე ავტორისეული ხედვებისა და ტკივილების ერთიანობა ახლიდან განგვაცდევინებს ჩვენი ქვეყნის არეულ თავგადასავალს. ეს წიგნი სწორედ ამ არეულობის გააზრებისა და მის არსში წვდომის მცდელობაა.

    © tavisupleba.org

  • ინტერვიუ

    მალხაზ ხარბედია – “წიგნის შედგენის ხელოვნება გადაყრის ხელოვნებაა”

    – ამას წინათ ზურაბ ქარუმიძეს ვესაუბრე, რომელმაც განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება რედაქტორის ინსტიტუტის არარსებობაზე საქართველოში. არადა, ეს ინსტიტუტი საჭიროა: შენი ტექსტი ვიღაცამ უნდა წაიკითხოს, რადგან უცხო თვალი ნაწერს სხვაგვარად აფასებსო. ბატონი ზურაბი მარტო არ არის, ვინც ასე ფიქრობს. ბევრი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით საქართველოში კარგი რედაქტორი თითზე ჩამოსათვლელია. შენი აზრით, რამდენად მწვავედ დგას ეს საკითხი?
    – საკმაოდ მწვავედ. ეს საქართველოში გამოცემულ თითქმის ყველა წიგნს ეტყობა. დავანებოთ თავი ახალგაზრდა, ან დამწყებ მწერლებს, მათთან მუშაობა ცალკე საუბრის თემაა. ავიღოთ, მაგალითად, თანამედროვე ქართველი კლასიკოსები, თუნდაც გურამ დოჩანაშვილი, რომელსაც ნამდვილად მოუხდებოდა ერთი კარგი რედაქტორი. ანდა ნაირა გელაშვილის ბოლო, ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი რომანი გავიხსენოთ – “პირველი ორი წრე და ყველა სხვა”. ამ რომანს რომ რედაქტორი ჰყოლოდა, დღეს ეს წიგნი ნახევარ საქართველოს ექნებოდა წაკითხული. ძალიან ბევრი გამოდის მოთხრობების კრებულები, აბსოლუტურად არაფრის მთქმელი კრებულები, სადაც მექანიკურადაა ჩაყრილი ნაწარმოებები, არადა პირიქით, წიგნის შედგენის ხელოვნება გადაყრის ხელოვნებაა და არა ჩაყრის. დღეს ძალიან ბევრი უფერული მოთხრობა იწერება, რომელმაც წალეკა ჩვენი პერიოდიკა, ანთოლოგიები და კრებულები. სამწუხაროდ, გამოცემას, რომელსაც მე ვრედაქტორობ, ფინანსური პრობლემები აქვს და შესაბამისად ვერ ვაძლევ თავს უფლებას ხორცი შევასხა იდეებს, რომელზეც რამდენიმე წელია ვსაუბრობ. ამის საშუალება როცა გაჩნდება, “საშუალო” ლექსებიცა და მოთხრობებიც გაქრება ჩემი ჟურნალის გვერდებიდან და მათ ადგილს უფრო მწვავე, ახალი და საინტერესო მასალები დაიკავებს.
    – ლიტერატურის თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ მხატვრული ტექსტის კარგი რედაქტორის ჩამოყალიბებას თაობები სჭირდება. ეთანხმები ამ მოსაზრებას? საერთოდაც, როგორ უნდა გამოიზარდოს კარგი რედაქტორი? შეიძლება ამის სწავლა თუ ესეც ისეთივე ნიჭია, როგორც, სიტყვაზე პოეზია ან მწერლობა?
    – რედაქტორი, რა თქმა უნდა, ნიჭიერი უნდა იყოს, მაგრამ თუკი მას ალღო არა აქვს და მზად არ არის თავისი პიროვნული ახირებები და ოცნებები გვერდზე გადადოს, არაფერი გამოუვა. გარდა ამისა, რედაქტორობა გემოვნებასაც გულისხმობს და იგი უნდა ფლობდეს უზარმაზარ ინფორმაციას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენის ცოდნასაც, არამხოლოდ იმიტომ, რომ დაიცვას ენა, არამედ იმისთვისაც, რომ თუ საჭირო გახდა, დაანგრიოს კიდეც (ანუ ავტორს დაანგრევინოს). ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოში ყველა მწერალს ვაიძულებდი 4-5 წელი რედაქტორად მუშაობას. ამით ისინი ბევრ რამეს ისწავლიდნენ, პირველ რიგში კი ეგოცენტრიზმისგან გათავისუფლდებოდნენ. და რაც მთავარია, რედაქტორობას ორთოგრაფიული ლექსიკონი არ სჭირდება. მე მაგალითად, არ მახსოვს ორთოგრაფიული გადამეშალოს, იმიტომ, რომ ყოველთვის შინაგან რიტმს ვუსმენ.
    დაახლოებით 10-12 წლის წინ უნივერსიტეტში მოგვიწვიეს “არილი”-ს რედაქცია, შეხვედრა მოგვიწყვეს. სიტყვებით გამოვიდნენ, გვაქეს, გვადიდეს, შენიშვნებიც მოგვცეს, დაახლოებით ასეთი: “ცოტა მეტი ეროვნულობა არ გვაწყენდა ყმაწვილებო”, “ნურც ჩვენ დაგვივიწყებთ…” და ა.შ. უცებ სიტყვა აიღო ერთმა ჩემმა ყოფილმა თანაკურსელმა (ფილოლოგმა), რომელიც, როგორც ეტყობოდა, მაგარი მომზადებული იყო, იმიტომ, რომ ფურცლების მთელი დასტა დააძრო. ეს გოგო დაახლოებით ნახევარი საათი კითხულობდა მოხსენებას თემაზე – “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს – ქართული ენის სიწმინდე არილში”, თუ რაღაც ამგვარი ერქვა. ამ ჩემს კურსელს “არილის” ნომრებიდან ამოკრებილი ჰქონდა ჟარგონული გამონათქვამები, ბარბარიზმები, უხამსობები, ცდილობდა შესატყვისების მოძებნას, გვითარგმნიდა, გვიმარტავდა, გვტუქსავდა, ჭკუას გვარიგებდა, შიგადაშიგ წინაპართა აჩრდილებსაც გამოიხმობდა, მოკლედ ძალიან ვიხალისეთ. რატომ მოვყევი ეს ამბავი? წარმოიდგინეთ, ლუი სელინისთვის, ჰანტერ ტომპსონისთვის, ვენედიკტ ეროფეევისთვის ან ზურა ლეჟავასთვის რომ ვინმეს მისეული მეტყველების მანერა აეკრძალა, სიტყვები ამოეყარა და წინადადების წყობა გაესწორებინა, ხომ იქნებოდა სასაცილო? ისე, ერთხელ უნდა ვცადო, ჟარგონით კარგად გაწყობილი რომელიმე ტექსტი უნდა ავიღო და ორთოგრაფიულის მიხედვით უნდა მოვთარგმნო, მემგონი საინტერესო შედეგს მივიღებთ.
    – გოლი თარაყის ინტერვიუს ვკითხულობდი, სადაც ის ამბობს: “ძალზე მნიშვნელოვანია კარგი რედაქტორი, რომლის ნაკლებობასაც დღევანდელ ირანში უმწვავესად განვიცდით და რომლის ფასიც, პირადად, საფრანგეთში გავიგე. ყველა მწერალმა, თუ ის პროფესიონალია, რასაკვირველია, ყველაზე უკეთ იცის, როგორც მწერალმა, სად იზარმაცა, სად რა შეცდომა მოუვიდა, ან ყურადღება სად მოადუნა. ჩემმა ფრანგმა რედაქტორმა ამგვარ იაღლიშებს უცდომლად მიაგნო და სათუთად, ფრთხილად და მაღალპროფესიულად გაასწორა. ირანში კი, სრულიად საპირისპირო ამბავი ხდება. ჯერ რედაქტორი არ არის, ხოლო თუ სასწაული მოხდა და ამ საქმის მცოდნე კაცი გამოჩნდა, რომელიც ავტორს ნაკლზე მიუთითებს და ტექსტის ამა თუ იმ ადგილის გასწორებას შესთავზებს, მწერალი მის აზრს ყურს მაინც არ ათხოვებს, ზემოდან ყურებას დაუწყებს და ეტყვის: შენ საიდანღა გამომიტყვრი? წადი, შენს თავს და საქმეს მიხედეო…” როგორც ჩანს, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. რით ახსნი ამ ფაქტს? ანუ, რატომ არის ბევრ ქვეყანაში კარგი რედაქტორის დეფიციტი?
    – სხვათა შორის, ბოლო დროს სულ უფრო გულგრილი ვხდები ამ საქმიანობის მიმართ, ანუ რედაქტორობის მიმართ. სამწუხაროდ, რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებად სჭირდებათ ჩვენთან რედაქტორი, კონკრეტულ ავტორებს ვგულისხმობ, თორემ რედაქტორის ინსტიტუტი რომ გასაძლიერებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ვინც კარგად წერს, ის ყოველთვის ღიაა შენიშვნების და ჩასწორებების მიმართ. ჩემთვის საყვედურიც კი უთქვამთ იმის გამო, რომ არაფერი იყო ჩასწორებული ტექსტში. მახსოვს რამდენს ვმუშაობდით ხოლმე მე და ზაზა თვარაძე რომელიმე მისი მოთხრობის ან ლექსების პუბლიკაციის მომზადებისას. არადა, ზაზა თავად იყო ბრწყინვალე რედაქტორი და ჩემი რედაქტირება მის ტექსტებს ნამდვილად არ სჭირდებოდა. მეორე მხრივ არიან ავტორები, რომლებიც წვალობენ, წერა არ იციან, სათქმელი არა აქვთ, ნიჭი აკლიათ, და ბევრი მათგანი იმდენად არაადეკვატურად აღიქვამს ხოლმე შენიშვნებს, რომ მათთან საუბარი აზრს კარგავს. ყოფილან ავტორები, რომლებიც რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დამიბეჭდავს, ისეთებიც არიან, რომლებიც ნახევარგვერდიან ჩანახატს გამოაგზავნიან და შემდეგ გთხოვენ ორჯერ დიდი რეცენზია დაუწერო, სადაც არგუმენტირებული იქნება, თუ რატომ არ ვუბეჭდავ ამ იმპრესიონისტულ ესკიზს. მოკლედ, სიამოვნებით დავანებებდი თავს რედაქტორობას და სხვას გადავულოცავდი ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას. 15 წელი ცოტა არაა, დროა ჩემი თავისთვისაც მოვიცალო.
    – “არილი,” “წიგნები,” “ცხელი შოკოლადი” – ის ლიტერატურული გამოცემებია, რომელთაც სხვადასხვა პერიოდში რედაქტორობდი და რედაქტორობ. რა განსხვავებაა მათ შორის და თუ გაქვს ხოლმე ჩამოყალიბებული რაიმე სახის კონცეფცია, როდესაც ამათუიმ ახალ ჟურნალსა თუ გაზეთზე იწყებ მუშაობას?
    – ყველა გამოცემას, რომელსაც ოდესმე ვრედაქტორობდი, “არილი” იქნება ეს, “24 საათის” ლიტერატურული დამატებები თუ “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი” ერთი მთავარი რამ აერთიანებს. ვცდილობდი და ვცდილობ დავბეჭდო უახლესი თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა, ისეთი რაღაცეები, რაც არავის წაუკითხავს, ასევე თანამედროვე ქართული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი ის ნაწარმოებები, რომლებიც რაღაც სიახლეს გულისხმობს. მქონდა მცდელობები ცოტა სხვა ეტაპზე გადასულიყო რეცენზირებისა და კრიტიკის ქართული კულტურა, ეს კი მანამ არ მოხდება, სანამ მწერლები არ დაიწყებენ ერთმანეთზე წერას. ჯერ-ჯერობით ამ თვალსაზრისით “ვდგავართ”, მაგრამ ვფიქრობ მალე იქნება ძვრები. ჩემი ოცნებაა კონკრეტული პრობლემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდები ყოველ ნომერში გადიოდეს, აუცილებელია ერთ წიგნზე (ნებისმიერ წიგნს არ ვგულისხმობ, არამედ მნიშვნელოვანს) რამდენიმე რეცენზია იწერებოდეს, ინტერვიუ ავტორთან და ა.შ. თემატური ნომრები, რომლის ტრადიციაც 90-იანი წლების ბოლოს დავამკვიდრეთ “არილში”, ცალკე თემაა. დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი გამოცემები.
    – როგორც ამ გამოცემათა რედაქტორს, გამუდმებით გიწევს შეხება თანამედროვე ქართულ ლიტერატურასთან. რამდენად არის შეცვლილი ვითარება თუნდაც 10-15 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, როდესაც შენ ამ სივრცეში მოღვაწეობას იწყებდი?
    – შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ადრე მეტად იყო ჩართული ლიტერატურაში მწერალიც და მკითხველიც. 1997-2003 წლები დიდი იმედების წლები იყო, ახლა კი ჩვენ დიდი იმედგაცრუებების პერიოდში ვართ და ეს ნეგატიური გარემო იმედი მაქვს მალე უკეთესობისკენ შეიცვლება, მე ვხედავ უკვე ამის ნიშნებს. დღეს მწერალსაც და მკითხველსაც სადღაც სხვაგან გაურბის თვალი, ყველა რაღაცნაირ მახეშია გაბმული, სადაც ლიტერატურა აბსოლუტურად არაარსებით როლს თამაშობს. ჩვენს გარშემო მხოლოდ პიარია, რომელზეც ერთნი რისხვით რეაგირებენ, მეორე კი კონფორმისტული ქედისმოხრით. სამწუხაროდ ახლა არც ბიტნიკების ხანაა და არც კლასიკური რომის პერიოდი, რომ ამ რეაქციებმა შედეგი მოიტანონ. უკიდურესი ამბოხისა ან მეორეს მხრივ, ხოტბის დრო წასულია, რადგან მათში, არც ერთში, სიმართლე არ მოჩანს, დღეს კი სიმართლე ყველაზე მეტად გვჭირდება. სწორედ ამ სიმართლის დეფიციტის გამოა, რომ ქართული ლიტერატურა ვერ ვითარდება, მწერლები ვერ იზრდებიან…
    – რამდენიმე წლის წინ გამოიცა შენს მიერ შედგენილი “თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია”, რომელმაც 1990-2004 წლების ქართული პოეზია შეაჯამა. ამ გამოცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხომ არ აპირებ მსგავსი პროექტის განხორციელებას პროზაშიც?
    – მსგავსი პროექტი განხორციელდა კიდეც, გასულ წელს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან” თანამშრომლობით 20 საუკეთესო ქართული მოთხრობის ანთოლოგია შევადგინეთ რამდენიმე ადამიანმა, თუმცა მთლიანობაში მაინც უკმაყოფილო ვარ ამ კრებულით. იქ არის რამდენიმე მოთხრობა, რომელსაც მე არ შევიტანდი ანთოლოგიაში. გარდა ამისა, მაქვს ჩაფიქრებული ერთი გრძელვადიანი პროექტი, რომლის გამოცემაც იმედია მალე დაიწყება. დაახლოებით 10 წლის შემდეგ სიამოვნებით შევადგენდი ამჯერად უკვე 2005-2020 წლის ქართული ლექსის ანთოლოგიას.
    – ისევ “ანთოლოგიას” დავუბრუნდეთ. მკითხველთა უმეტესობას მოეწონა წიგნი, თუმცა იყვნენ უკმაყოფილონიც, რომლებიც სუბიექტურობაში გდებდნენ ბრალს. რა სირთულეებს უკავშირდება მსგავსი კრებულის შედგენა?
    – ასეთ შემთხვევაში შემდგენელი ყოველთვის სუბიექტური უნდა იყოს, სუბიექტური ლექსებთან დამოკიდებულებაში და არა ავტორებთან მიმართებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე გული მწყდება, რომ ზოგიერთ ლექსსა თუ ავტორს ანგარიში გავუწიე და დღეს ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა საერთოდ არ შემეტანა ესათუის ლექსი თუ ავტორი კრებულში. რა თქმა უნდა, ახლა სულ სხვანაირს გავაკეთებდი იმ ანთოლოგიას.
    – რადიო “თავისუფლებაზე” გაქვს ძალზე საინტერესო ბლოგი, რომელიც ლიტერატურას ეხება, მიგყავს ამავე რადიოს ლიტერატურული რუბრიკაც. ხომ არ გეგმავ აქ გამოქვეყნებული მასალების წიგნად გამოცემას?
    – ერთიორჯერ კი გავიფიქრე ამის შესახებ, მაგრამ მერე თავადვე ჩავახშვე ეს ფიქრები. საბედნიეროდ მკითხველი ისედაც არ აკლია ამ ბლოგებს, რადიო “თავისუფლების” საიტი ყველაზე კითხვადი (და სმენადი) საინფორმაციო-ანალიტიკური საიტია საქართველოში. მაგრამ, თუკი დავრწმუნდი, რომ ინტერნეტს მიღმა ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია დარჩენილი, ვისაც დააინტერესებს ჩემი ნაწერი, მაშინ შეიძლება ვიფიქრო ბლოგების თავმოყრაზე და გარკვეულ კონცეფციით მათ განაწილებაზე. ხოლო რაც შეეხება ჩემს საავტორო გადაცემას, “ბიბლიოთეკას”, გამორიცხულია წიგნად გამოვიდეს, ეს სპეციფიური, რადიოსთვის შექმნილი ტექსტებია, რესპოდენტებით, ჩართვებით და ა.შ.
    – ინტერნეტ-სივრცეზე მინდა გკითხო, რომელიც გაცილებით თავისუფალია ბეჭდურ გამოცემებზე და უფრო მეტ თავისუფლებას იტანს, შესაბამისად, რედაქტორიც ნაკლებად ესაჭიროება. დღეს ინტერნეტში აქტიურად აქვეყნებენ ნაწარმოებებს როგორც ახალბედა, ასევე უკვე ცნობილი ავტორები. ხომ არ გამოიწვევს ეს ფაქტი რედაქტორის ინსტიტუტის კიდევ უფრო შესუსტებას?
    – პირიქით, ეს აადვილებს კიდეც ურთიერთობას ავტორსა და რედაქტორს შორის. ანუ ეს არის საუკეთესო საშუალება ავტორების აღმოსაჩენად, თუმცა მწერალმა, შემდეგ, რაღაც ეტაპზე აუცილებლად უნდა გადაინაცვლოს ბეჭდური მედიის და წიგნების ფურცლებზე. დგება დრო, როცა ჟურნალის ან გამომცემლობის რედაქტორი უნდა ჩაერთოს საქმეში. თუკი ავტორი მაინცდამაინც ჰიპერრომანს არ წერს, რისთვისაც მას ქსელის დახმარება სჭირდება აუცილებლად, უკეთესი იქნება თავისი საუკეთესო ნაწერები ყოველთვის დასაბეჭდად შემოინახოს ხოლმე, ასე ეფექტიც მეტი ექნება, მცირე შემოსავალსაც მიიღებს ავტორი და მიზნობრივი მკითხველიც მეტი ეყოლება. საიტზე გამოკიდებას და დიდი რაოდენობით “ლაიქებისა” და “პლიუსების” მიღებას იგი ყოველთვის მოასწრებს.
    – და ბოლოს, რაში ხედავ გამოსავალს, როგორ შეიძლება ამ სფეროს შველა?
    – ამ სფეროს შეცვლას 4-5 ენთუზიასტიც კი ეყოფა, ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ეცდებიან ფხიზლად შეაფასონ ქართული ლიტერატურა. ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა დაეკისროს მედიას, ბეჭდურ და სატელევიზიო მედიას, უნდა ჩამოყალიბდეს ლიტერატურული ჟურნალისტიკა და პირველ რიგში ეს მისია თავად მწერლებმა უნდა იკისრონ. სატელევიზიო მედიაზე კი ადრეც არაერთხელ დამიწერია და დღესაც ვიტყვი, რომ ძალიან მძივე ვითარებაში ჩაიგდეს თავი. მაშინ, როცა პრესა და ტელევიზია მკითხველის მოპოვების ყველაზე მძლავრი იარაღია მთელს მსოფლიოში, მედია დღევანდელ საქართველოში იმდენად სუსტია, რომ მისი წყალობით ლიტერატურა და პოეზია, ყველაზე მოსაწყენ რამეებთან ასოცირდება. სამწუხაროდ ჟურნალისტიკა ძალიანაა გამარტივებული და იგი ყველაზე ხშირ შემთხვევაში რაღაც ობიექტის გახსნისას ვიღაც ჩინოსანის მიერ წარმოთქმული სიტყვის რეზიუმეზე დაიყვანება. მემგონი აუცილებელია ლიტერატურას სარეკლამო დროც კი დაუთმონ ტელეარხებმა, იმ დროში, რომელიც სოციალურ რეკლამას ეთმობა, ლიტერატურაც უნდა მოვიაზროთ, სხვა შემთხვევაში ხალხს შეიძლება კითხვაც კი დაავიწყდეს. სახელმწიფოს ვერ ააშენებს საზოგადოება, სადაც 5 მილიონიდან მხოლოდ 500 კაცი კითხულობს წიგნებს.

    ესაუბრა ნანა კობაიძე

    © “ლიტერატურული გაზეთი”