• პროზა (თარგმანი)

    ფილიპ დელერმი – ხილით სავსე კალათი

    მე მილიონობით მკითხველი მყავს. “ზაფხულის ხილი გნებავთ? მზის მოზრდილი ყლუპი – ყვითელი ატამი! გახლეჩთ და ფაქიზ, ხავერდოვან კანქვეშ წვნიან, ენაზე დასადნობად გამზადებულ რბილობს აღმოაჩენთ.” ჰო, ეს ჩემი სიტყვებია, “იოპლას” იოგურტის ქილაზე. თითქოს ვხედავ კიდეც თქვენს მრავლისმეტყველ ღიმილს. მილიონობით მკითხველი… ალბათ ფიქრობთ, რომ ქილას უმალ სანაგვე ყუთში მოისვრიან, ვიდრე ჩემს ნატიფ ფრაზებს წაიკითხავენ… არა, არ გეთანხმებით. პირველ რიგში, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ მათი რიცხვი, ვინც წიგნებს არ კითხულობს, გაცილებით აღემატება იმათსას, რომლებიც ქილებზე მიკრულ ეტიკეტებს არ კითხულობენ. განა ბესტსელერების ტირაჟს სასაჩუქრე წიგნების რიცხვი არ ზრდის? კითხულობთ იმ წიგნებს, რომლებსაც გჩუქნიან? მე უნდა ვაღიარო, რომ უფრო ხშირად – არა, არ ვკითხულობ. რამდენი ტყე გაიჩეხა, რათა ეს კურთხეული მართკუთხა პარალელეპიპედები დაემზადებინათ, გაცვლითი ღირებულების მქონე ფულის ერთეულებს რომ მოგვაგონებს! დაგპატიჟებენ სადმე და თქვენც წიგნს მიუტანთ – თითქოს სადილზე დასასწრები ბილეთი იყოს.
    ახლა იოგურტზე დაფიქრდით. ქილის დამამშვენებელი სიტყვები თუ გავიწყდებათ, ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ არ წაგიკითხავთ: ერთი-ორი წამით ხომ ყველა საქმიანობა შეწყვიტეთ, რათა ქილა ცერსა და შუა თითს შორის მოგექციათ, ეტიკეტი გაგერჩიათ. თუმცა ეს ქმედება თითქმის გაუცნობიერებლად შეასრულეთ, რაც მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ტექსტი ყელში გადასრიალდა, ყვითლად ჩამდნარ-ჩამწიფებული ატამივით. სიტყვისა და საგნის ეს ჰარმონია კი ვერც შეედრება მზენაბანი სინაზისა თუ რძისებური სიბლანტის შეგრძნებებს. გაუჩინარდით საკუთარ შეგრძნებებში – აი, მშვენიერი პოეტური დევიზი!
    ალბათ მეტყვით, რომ ამ ტექსტებს ავტორის ხელმოწერა არ ახლავს. რასაკვირველია, მოცემულ საკითხზე ჩემი აზრით არავინ დაინტერესებულა, მაგრამ ეს სულაც არ მაწუხებს. გულახდილი ვიქნები: უმცირეს სიამოვნებასაც ვერ მივიღებდი, საკუთარ სახელს იოგურტის ქილებზე თუ დავინახავდი. ჩემი გვარიც სრულიად უგემური რამ არის. და რადგან ეს სიტყვები ყვითელ ატამს მიემართება, შემეძლო ხელი ამგვარად მომეწერა: “ყვითელი ატამი”, ან თუნდაც: “მარწყვის კოქტეილი”. დააკვირდით: “მკვრივი, მომჟავო ტყის მარწყვისა და ხენდროს ნარევი – ასე უფრო მკვეთრად იკვეთება მათი უნაზესი არომატი თუ ჰაეროვანი სიმსუბუქე!” ამ ყველაფრით ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, ტყის მარწყვის გემო გაცილებით მძაფრია. ნუ მკითხავთ, ქიმიური ნივთიერებებიც შეურიეს თუ არაო. არ ვიცი. მაგრამ ის კი ვიცი, რომ მარწყვის კოქტეილში ტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს. მის გარეშე ვიტყოდით: “რატომ მარწყვის კოქტეილი? მხოლოდ ტყის მარწყვის გემოს ვგრძნობ!” მგონია, რომ ჩემი “უნაზესი არომატითა” და “ჰაეროვანი სიმსუბუქით” ეს ნაზავი მოხერხებულად გავაწონასწორე და ხოტბაც ისე შევასხი, რომ ტყუილი არ მითქვამს ვეება ხენდროს შესახებ, რომელიც უმცროს ძმაზე ბევრად გადამწიფებული და ნაკლებად არომატულია.
    და მაინც, თუ ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნეთ, წარმოიდგინეთ, რომ ყვითელი ატამი და მარწყვის კოქტეილი მხოლოდ იმ კონცეფციის ორი მხარეა, რასაც “ხილით სავსე კალათი” ჰქვია. აი, აქ კი ვერ ავიტანდი მრავლისმეტყველ ღიმილს. “ხილით სავსე კალათი” ის მიგნებაა, რომელიც კონკურენტთა მთელს არმიას შურით ავსებს – ამით ყველაფერია ნათქვამი.
    ახლაც თვალწინ მიდგას სამსახურში გამართული თათბირი, როცა “იოპლას” მარკეტინგის თანამშრომლები სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ. სისუფთავისა და ბუნებასთან სიახლოვის იდეა გვჭირდებოდა, თუმცა ადამისდროინდელი სტერეოტიპების გარეშე: ბებია, ხილის ბაღი და ა.შ. დიუვალმა “მდელოს სურნელი” შემოგვთავაზა, გენერალურმა დირექტორმა, დიუპონ-ლაშომმა კი უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო, მერე თავი გააქნია: ზედმეტად გაცვეთილი, ბანალური და მილიონჯერ ნანახიაო. დიუმონტიე – ის საბრალო დიუმონტიე კი დარწმუნებული იყო, რომ “მზეტკბილით” უკეთეს შედეგს მიაღწევდა, მაგრამ დიუპონ-ლაშომმა უმალვე თავისი კუთხისკენ გაგზავნა:
    – დიუმონტიე, შე ძველო, ცოტა სერიოზულად შეხედე ამ ამბავს! ის კი არ მითქვამს, ალენ სუშონის სიმღერისთვის ტექსტი დაწერეთ-მეთქი. დაწურული და დამაჯერებელი ფრაზა მინდა, მაგრამ არა – ერთსიტყვიანი. ჩვენ ხომ ფართო საზოგადოებას მივმართავთ!
    იქვე ვიყავი, სადღაც ბოლოში ვიჯექი. სარეკლამო ტექსტების მთხზველის გაურკვეველი სტატუსი, ვისაც ჰონორარს სიტყვების რაოდენობის მიხედვით უხდიან, გარეშე პირის როლს მთავაზობდა. მოულოდნელად წამოვიძახე: «ხილით სავსე კალათი» და იმავე წამს მივხვდი, რომ გავიმარჯვე.
    – ხილით სავსე კალათი! ხილით სავსე კალათი! რა თქმა უნდა, ჰო! ასჯერ ჰო! ხილით სავსე კალათი!
    დიუპონ-ლაშომი უკვე ამ სიტყვებს იგემოვნებდა:
    – მაგარია, სწორედ ისაა! აქვე, ამ მაგიდასთანვე წარმოგვიდგება თვალწინ ნამით დაფარული საბაზრო პროდუქტი, სადღაც სხვაგან კი არ გვჭირდება ძებნა. ამავე დროს, მოდიდან გამოსული და გაცვეთილიც არაა… სხვა არც არაფერია საჭირო! უმნიშვნელოვანესია, რომ სხვა სიტყვები საჭირო არ არის: “ჩვენი ხილით სავსე კალათი” სისულელე იქნებოდა, მაგრამ “ხილით სავსე კალათი” გენიალურია: ბატონებო, მჯერა, რომ შევძლებთ და ამას საკუთარი მიზნებისთვის გამოვიყენებთ. ხილით სავსე კალათი!

    * * *
    უნდა აღვნიშნო, რომ იმ დღეს ენასთან ჩემი დამოკიდებულება თავდაყირა ამობრუნდა. ოცი ათასი ფრანკი სამი სიტყვისთვის. ვითომ მეტად ხელგაშლილი იყო დიუპონ-ლაშომი? ამის დამტკიცებას ნამდვილად ვერ შევძლებდი. მითხრეს – ალბათ იმიტომ რომ გული ეტკინათ – ამ სამმა სიტყვამ “იოპლას” მილიონები მოუტანაო. რა მნიშვნელობა აქვს! ოცი ათასი ფრანკი სამი სიტყვისთვის – ეს მაინც გარკვეულწილად ცვლიდა ღირებულებათა ჩემეულ სისტემას. ორი წლის წინ, ავანსის სახით, ექვსი ათასი ფრანკი გადამიხადეს პირველ რომანში, რომელსაც ორი წელი ვწერდი და მომდევნო სამი წლის განმავლობაში გამომცემლობებში ფოსტით ვაგზავნიდი, რომელზეც უდიდეს იმედებს ვამყარებდი და ხელთ კი მხოლოდ მელანქოლია შემრჩა. გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ კი, როცა გამომცემლობას საავტორო უფლების გასარკვევად მივაკითხე, ამიხსნეს, რომ დებეტური სალდოს მიუხედავად, ჩემი ავანსი უცვლელი დარჩებოდა – ცხადად ჩანდა: ექვსი ათას ფრანკადაც ვერ გაიყიდებოდა ჩემი საუკეთესო ნამუშევარი, რომლის მშობიარობის ტკივილებსაც ისევ გულისრევის შეგრძნებით ვიხსენებდი.
    და აი, დაბნეულად რომ გავყურებდი ფანჯრის მიღმა ჩამოწოლილ ნოემბრის ნისლს, ენის წვერზე მომდგარი სამი სიტყვა წარმოვთქვი – ოციათასფრანკიანი. სამი სიტყვა, მალევე მილიონობით ტირაჟით რომ გამოქვეყნდა და იმ თავისებური ანონიმური ბრწყინვალებით გავრცელდა, რომლის ერთადერთ მფლობელადაც თავს სიამოვნებით ვთვლიდი.

    * * *
    ვაღიარებ, მომდევნო თვეებში ჰიპერმარკეტებში სიარულს მოვუხშირე. სიამოვნებას ვიზოგავდი და პირდაპირ რძის ნაწარმის განყოფილებისკენ არ მივრბოდი. ურიკას ნელა მივაგორებდი და შესაძენი პროდუქტების სიის ლოგიკას კეთილსინდისიერად მივყვებოდი. მიუხედავად ამისა, თევზეულობის წინ აშკარად ვთვალთმაქცობდი, თითქოს ყინულის ნამსხვრევებზე დაწყობილი ქორფა ლანგუსტები აღმაფრთოვანებდნენ, ამ დროს კი ხერხემალზე ჭიანჭველები მაცოცდებოდნენ – სულ ახლოს ვიყავი. “ხილით სავსე კალათის” ერთმანეთზე გადაბმული ქილები, მარცხნივ, ორი მეტრის სიგრძეზე გაეფინათ – “სულიტცერის” ყველაზე გაყიდვად იოგურტებზე ფართოდ. გარეგნული იერით ნამდვილად ვერ გამოარჩევდით: აქაც კომპიუტერში დაკრეფილი ხილის მეტად კაშკაშა, მყვირალა ფერები, ერთგვარი შუშისებრი ჰიპერრეალიზმით. არა, უმნიშვნელოვანესი სწორედ ეს სამი მოცისფრო სიტყვა იყო, ამ კონცეფციის საგრძნობ დინამიზმს რომ განაპირობებდა. ერთხელ ისიც კი გავიგონე, როგორ უთხრა ერთ-ერთმა დიდმუცელა დიასახლისმა, ჭრელა-ჭრულა მოტმასნილ შარვალში რომ ჩატენილიყო – (სიგიჟეა, რას აღარ აღმოაჩენ ჰიპერმარკეტში) – თავის გოგონას, რომელსაც საშინლად ბრიყვული მზერა ჰქონდა, აი, ისეთი – კოკა-ტელესა თუ ტელე-კოკას თავგადაკლულ მსმელებს რომ აქვთ:
    – რა ქენი, აიღე შენი “ხილით სავსე კალათები”?
    რა თქმა უნდა, უკვე ვხედავ, რომ ცხვირი აიბზუეთ ჩემი მკითხველ-მომხმარებლების ლიტერატურულ გემოვნებაზე. იცოდეთ: უმცირეს სირცხვილსაც არ განვიცდი, როცა ვიწრო შარვალში ჩატენილი გოდორა ბებო ჩემს პროზას ეცნობა. არა, ეს სუფთა სიხარული იყო. მთელი სცენა წარმოვიდგინე: იმავე საღამოს, სამზარეულოს ნეონის შუქზე, საფანელში ამოვლებული თევზის დანამცეცების შემდეგ:
    – აიღე შენი «ხილით სავსე კალათები», მაცივარშია!
    აი, აქ, რა თქმა უნდა, კლერ შაზალის მზერით მონუსხულ გოგოს წამიც კი არ დარჩებოდა, რომ ჩემი პოეტური შედევრისთვის თვალი შეევლო. და მაინც, ნება მომეცით, ვიოცნებო: ის, რასაც ბრმა კოვზით ხახაში უშვებდა, რასაც ნეტარებით სავსე თვალებით ნთქავდა, თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის დროს დაფლეთილი სხეულები კი არ იყო, არამედ «ხილით სავსე კალათი» – ჩემი ხილით სავსე კალათი.
    – რა ქენი, აიღე «ხილით სავსე კალათი»?
    აბა, რა ვთქვათ ვიწრო შარვლებში ჩატენილი ბებოების სინტაქსურ სიძლიერეზე? იმ დღიდან, როცა საკუთარი სახელი საზოგადოდ გადაიქცა, ის ხანა დაიწყო, როდესაც თავი სამყაროს ბატონ-პატრონად ვიგრძენი. ერთი შეხედვით, უბრალო, ჩვეულებრივი განცდა დამეუფლა, მაგრამ არაჯანსაღი ამპარტავნების თანხლებით: მწერლური გამარჯვება დავაგემოვნე.

    * * *
    ამ დღის შემდეგ, უნდა გამოვტყდე, კალმის ხელში აღება მიჭირდა იმ შრომატევადი არაბესკების გამოსაჩუქურთმებლად, რომელთა თხოვნაც აქა-იქ უკვე დაიწყეს. «ხილით სავსე კალათის» კამპანია არაფერი იყო არაოფიციალურ აღიარებასთან შედარებით, რაც ხალხში ხმების გავრცელებას მოჰყვა და მალევე აღინიშნა კიდეც ჩემს ავტომოპასუხეზე შემოსული ზარებით. უკვე სანდო კაცი ვიყავი. შეეძლოთ უშიშრად ენდოთ კვების ნებისმიერი პროდუქტის ხოტბა-დიდება. რა თქმა უნდა, ყველა შემოთავაზებას ვთანხმდებოდი, მარგარინით დაწყებული, ვარდისფერი ბანდოლით დამთავრებული. კარგიც კი იყო შეკვეთებზე მუშაობა, თუმცა აქ ელვისებურ სისხარტეს, ლაკონურ გასხივოსნებას აღარ ითხოვდნენ. ახლა რაღაც ლამაზი, ლირიკული და ვნებისაღმძვრელი უნდა მოგეფიქრებინა. ეს კი, თავისთავად, უფრო მეტ სიტყვასა და ნაკლებ ფულს ნიშნავდა. აბა რა, დაუსჯელი კი ვერ დარჩები, «ხილით სავსე კალათს» თუ მოიგონებ. გულის სიღრმეში ისევ ვერთობოდი იმ იმედით, რომ მეორე სასწაულიც მოხდებოდა. და, აი, ერთ დღეს…
    თანდათან საჭირო გახდა, რომ ნაკლებად მოქნილ ენაზე, თითქმის ლუი-ფილიპიანურ* სიმრგვალეებზე გადავსულიყავი. ეს მუცლის საამებელი, საშუალო ტვინზე გათვლილი ლიტერატურა იყო. შემკვეთის თანხმობის მისაღებად ისიც კმაროდა, ცოტაოდენი რომანტიკული აქცენტით თუ გააოგნებდი. მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დასაკმაყოფილებლად, იძულებული ვიყავი, ზედმეტად გაწელილი ფრაზებისთვის, მთლიანად იაფფასიანი ორნამენტებისთვის მიმემართა. სხვა გზა არ იყო, დათმობაზე უნდა წავსულიყავი. მაგალითად: «მსუბუქი, თუმცა ხილის საგრძნობი არომატით», ან «სუფთა და ცქრიალა, ოდნავ შესამჩნევი სიმწარით», ან «სულგრძელობა, ამაყ და უტეხ კუთხეში შობილი»… ამ დონეზე თანახმა ვიყავი, რომ დამეთმო: სომიურის თეთრი ღვინის ეტიკეტის ბოლომდე წამკითხველები მრავალრიცხოვანნი ნამდვილად ვერ იქნებოდნენ.
    ისეთი შეკვეთებიც მქონდა, რომლებიც ისევ მელნის გემოსთან მაბრუნებდნენ – სადაც შედარებით ხელფეხგახსნილი ვიყავი. აი, ასე გამომაცოცხლა ალზასური ღვინის კამპანიამ. მსგავსი ტონები და ნახევარ-ტონები უნდა გადამეთამაშებინა, მოხერხებულად გამეფერმკრთალებინა ცუდი და უგემური: მოკლედ, პალიტრის ფერების ათვისებას მთხოვდნენ, რისლინგიდან – მუსკატამდე, ყველაზე მშრალიდან ყველაზე ტკბილ ღვინომდე და არც შამპანურის შუშხუნა ფოიერვერკი უნდა დამვიწყებოდა.
    ყურძნის ჯიშებთან მიმართებაში დიდად არ ვბრწყინავდი. “უსამართლობაა, ვოგეზის ფარგლებს გარეთ ალზასურ მუსკატს რომ არ აღიარებენ. ეს სამი მარცვალი (მუს-კა-ტი) იმ მდიდარი ბუნების ხელშესახებ სიმსუბუქეს აღნიშნავს, რომელიც ნაკლებად თავბრუდამხვევი და მათრობელაა, ვიდრე გევურცტრამინერისა. მასავით ვერცერთი ღვინო ვერ გაგრძნობინებთ კუგელჰოფის არომატსა თუ ნუშის ტორტის გემოს”. ხედავთ, როგორია, არა? სიამოვნების განცდას ლიტერატურული წარმატების შეგრძნება ნამდვილად არ მანიჭებდა. მაგრამ მაინც მომწონდა, თავს ორკესტრის დირიჟორად რომ ვგრძნობდი – ვინც დგას და თითოეულ ინსტრუმენტს პარტიტურის ნიუანსებს კარნახობს. ჰოდა, ვმართავდი სიტუაციას. მე უნდა განმესაზღვრა ამა თუ იმ ჯიშის ფერი და მისთვის ის თვისებები მიმეწერა, რაც მისსავე მეზობელს აკლდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ კომერცია ყველას ერთმნიშვნელოვნად მიუჩენდა ადგილს იმ იერარქიაში, რომლის მწვერვალზეც გევურცტრამინერი იწონებდა თავს, ხოლო სილვანერი სიის ბოლოში განაბულიყო. თუმცა თეთრი პინოს, შავი პინოს ან სენ-იპოლიტის წითელის რიგ-რიგობით შექება და თითოეული მათგანისთვის იმ ადგილის გამოძებნა, რასაც ისინი გემური თავისებურებების მიხედვით იმსახურებდნენ, ისეთ განცდას მიტოვებდა, თითქოს ფილოსოფოსი გავხდი. აქ უკეთესები და უარესები კი არ არსებობდნენ, არამედ მარტივად: მშრალები და ტკბილები, შემღვრეულები და კრიალები, მძიმეები და მსუბუქები – და მაინც: ნაკლებად მძიმეები, საგრძნობლად მსუბუქები, ნახევრად მშრალთან მიახლოებულები. მოკლედ, ალზასის ღვინოები არსებები იყვნენ, სულდგმულები, მეტაბოლიზმები. სანამ მათ ხასიათებს ვქმნიდი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ადამიანთა მიმართ უფრო მეტად დამთმობი და მომთმენი გავხდი.
    ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ალზასის მხარეში ტურიზმის კომიტეტის მიერ შემოთავაზებული მოგზაურობა სულაც არ ყოფილა თვითმიზნური. კენცჰაიმის ვარდისფრად მოპირკეთებულ სასტუმრო-ღვინის სახლში დაბინავებულმა, ღვინოების ძიების გზაზე, ნისლში ჩაძირული ვოგეზი აღმოვაჩინე – ყველა წმინდანის დღესასწაულზე. ვენახებს ზემოთ, მთისკენ ორ ნაბიჯს გადადგამთ და მაშინვე უზარმაზარ ლურჯ ცაში შეაბიჯებთ, შემოდგომის ფერებს რომ გადაჰფენია… საკმაოდ დიდხანს მივუყვებოდი იმ შუქით გასხივოსნებულ ბილიკებს, ერთდროულად დამაბრმავებელი რომ იყო და მსუბუქი. მერე კი, საღამოს, რენე კოენიგის საწნახელთან ასეთი ტრადიცია აღმოვაჩინე: ახალი ღვინის დაჭაშნიკება ნიგვზით. უყურადღებოდ ვუსმენდი კოენიგის ვაჟიშვილს, რომელიც თავის ფუტკრებსა და თაფლზე მესაუბრებოდა. ბრიყვულად განაბულმა, სულელურად გაღიმებულმა თანდათან ვიგრძენი, როგორ გავხდი წუთების ლოთი, შეგრძნებების ქურდი – სიამოვნების ბრაკონიერი.

    * * *
    ვაი რომ, ყველაფერი წარმავალია და გემოს იცვლის. პირველმა გემოვნურმა თავბრუსხვევებმა გურმანი და გულკეთილი გამხადა, იოლად დამყოლი კაცის თვისებებით. ეს ყველაფერი კი მალევე შეცვალა გულძმარვამ. ფულს კვების სფეროში მუშაობით შოულობდე და კვებისთვის ხარჯავდე – არის ამაში რაღაც თავისთავად არაჯანსაღი – სულ მცირე ხანში პირში ვეღარაფერს ვიდებდი.
    ყველაზე საშინელ დღეში უცხიმო ყველმა ჩამაგდო. რასაკვირველია, ეს ერთგვარი გამოწვევა იყო: იმ ყველის გემოთი უნდა აღვფრთოვანებულიყავი, რომელსაც მსგავსიც არაფერი ჰქონდა. მეტყვით, კლასიკური შემთხვევააო. რა თქმა უნდა, როკფორს, მკვრივ კანტალს ან ნამდვილ ბრის სიტყვები საერთოდ არ სჭირდება. რეკლამის შემქმნელთათვის განსაზღვრული ყველეულის ტერიტორია კი იმ უსახური ჯგუფით იწყება, რაც, საუკეთესო შემთხვევაში, ცხიმმოხდილ კულომიეს გულისხმობს და რომლის ფერები, შემღვრეული თეთრიდან ღია კრემისფერამდე, უკვე უგემურობაზე მიანიშნებს. მიუხედავად ამისა, ეს პროდუქტი ორმაგი უპირატესობით სარგებლობს: ერთი მხრივ, ბავშვები, რომლებიც მძაფრ სუნებს ვერ იტანენ, მას კარგად ეგუებიან და მეორე მხრივ, ამ ყველს დიდი რაოდენობით ვნთქავთ ისე, რომ ამას თითქმის ვერ ვამჩნევთ. მათ ერთმანეთისგან განარჩევენ სახელით, ყუთის ფორმით… და ზოგჯერ სარეკლამო კამპანიითაც.
    უბედურება თავს მაშინ დამატყდა, როცა ასეთი დავალება მივიღე: მცირე ხანში სრულიად შეუდარებლად უნდა მექცია სამი ამ უგემურ, ერთგვაროვან პროდუქტთაგანი. თავიდან ღიმილით შევხედე, ძველი პროფესიონალის ვერაგული თვითკმაყოფილებით, რომელიც მუდამ მზადაა ვნებიანად უფათუროს ხელები წრის კვადრატებს. შემდეგ კი გულისრევა დამეწყო იმ უაზრობის გამო, რასაც მთელს ამ თვალთმაქცურ ფუჭსიტყვაობაში ვადანაშაულებდი. ელოდნენ, რომ სიამოვნებით უნდა აღვფრთოვანებულიყავი, მაგრამ მსგავსსაც არაფერს განვიცდიდი. და რა რჩებოდა? მხოლოდ პურის ფულზე ზრუნვა, რასაც უცხიმო ყველი ემატებოდა. ზიზღი დამეუფლა. ფარული მანიპულატორის სიხარული ამიერიდან სევდიანი აკრობატის მარტოობამ ჩაანაცვლა.

    * * *
    კვების პროდუქტებთან ურთიერთობა საბოლოოდ უნდა გამეწყვიტა. მიუხედავად ამისა, “ხილით სავსე კალათს” მაინც ნოსტალგიით ვიხსენებდი. ხელოვნური გემოების ოკეანეში რძის ნაწარმი ხომ ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ერთგვარ მოტკბო სისუფთავეს. ნამდვილი შური და ეჭვიანობა კი იმ დღეს ვიგრძენი, როცა “ნუამ” ახალი კამპანია წამოიწყო, რომელმაც უმოკლეს დროში უზარმაზარი წარმატება მოიპოვა. გაზაფხულის დადგომისთანავე ვეებერთელა სარეკლამო პანოზე, ზუსტად მეტროსადგურ “სევრ-ბაბილონის” გამოსასვლელთან, ის ნახატი გამოკიდეს, სადაც კეთილი ბებოს სახე ილანდებოდა და მხოლოდ ეს მომაკვდინებელი სიტყვები: “მადლობა ვის?”
    არც ერთი სხვა სიტყვა და პირველ რიგში – არც ბრენდის სახელი! ამ მიგნებამ შეურაცხყოფის გემო მაგრძნობინა. მადლობა ნუა ბებოს. კაცს მარცხის აღიარებაც უნდა შეგეძლოს. ნამდვილად ძვირად დამიჯდა ამ მინიშნების აღმოჩენა, რომელმაც ჩემი “ხილით სავსე კალათი”, ცოტა ხნის წინ ასეთი საოცნებო და სასურველი, უკვე მოდიდან გასული საქონლის რიგში გადაისროლა. უკეთესს რას გააკეთებდნენ მედიის ხელშეწყობითა თუ თანამზრახველობით? შელახული თავმოყვარეობა მიბიძგებდა, რომ რაღაც აღმომეჩინა, სხვაგან, სრულიად სხვა სიბრტყეზე. ჰოდა, თეთრად გათენებულმა და თამბაქოს ბოლით გაკვამლულმა რამდენიმე ღამემ გასხივოსნების გზაზე დამაყენა, კვების პროდუქტებთან დაკავშირებული კარიერის კულმინაციასთან მიმაახლოვა.
    დილითვე, როგორღაც დაბრუნებული თავდაჯერებით, იმ დროს დავაბრახუნე დიუპონ-ლაშომის კაბინეტის კარზე, როცა მისი მდივანი ამაოდ ცდილობდა თავაზიანად მოვეცილებინე.
    – ორი სიტყვა! გთხოვთ, მხოლოდ ორი სიტყვა მათქმევინეთ!
    დიუპონ-ლაშომმა სათვალე შუბლზე აიწია და ამავე დროს მადმუაზელ ჟეორჟეტს მარჯვენა ხელის გაურკვეველი მოძრაობით ანიშნა, ამ აბეზარს თვითონ მივხედავო. ჩემი დიდებული წარსული აიძულებდა, სხვა თუ არაფერი, ყური მაინც დაეგდო. თუმცა, მაინც მჯერა, რომ წინადადების სითამამემაც ერთგვარად განაიარაღა. იმ დილით ნამდვილად მთებს გადავდგამდი. მბრუნავ სავარძელში გადაწოლილი დიუპონ-ლაშომი მალევე გადავიდა ეჭვნარევი მზერიდან გაუბედავ ღიმილზე. ტუჩის კუთხეები მოურბილდა. გავიმარჯვე.

    * * *
    “მთელი სიკეთე”. ჰო, ეს იყო ჩემი ორი სიტყვა. მთელი სიკეთე. თითქოს ვხედავდი კიდეც მოკრძალებულ გამხდარ ქალიშვილს – ალბათ უფრო სერიოზულ მოცეკვავეს, ვიდრე კაშკაშა ვარსკვლავს. ტანზე მომდგარ თეთრ სამოსში: მაისურსა და ვიწრო შარვალში გამოწყობილი ლოტოსის პოზაში უნდა მჯდარიყო – თვალებდახუჭული – მზის სხივებით განათებული ფოთოლცვენის ფონზე. ცაზე, მის თავს ზემოთ, მაგიური სიტყვები გამოჩნდებოდა. ქვემოთ ციცქნა ასოებით: «იოპლა».
    «მთელი სიკეთე». აქ, ახალ განზომილებას ვწვდებოდი. საკვებ პროდუქტს სრულიად გარდავქმნიდი, მას მორალურ კონოტაციას ვამატებდი – ვიტყოდი, ფილოსოფიურსაც კი. მთელი სიკეთე. რა თქმა უნდა, ამ სიტყვებში კეთილდღეობა იგულისხმებოდა, თუმცა თეთრი ფერის სიმბოლო, ინიციაციური პოზა, ფოთოლცვენის ბუნდოვანი ორიენტალიზმი ფიზიკურ სიმდიდრეს სცდებოდა და უმალ ზეციურ ორაზროვნებაში ინაცვლებდა. სიკეთის მოხმარება, მოხმარების სიკეთე. ბუნებრივია, კომპანიის მხარდაჭერასაც მნიშვნელობა ჰქონდა, ასეთი რამეს «ოლიდასტან» ვერც გავბედავდი. აქ კი უკვე ვგრძნობდი, როგორ მიედინებოდა ფოტო-მოდელის თხელ ვენებში «იოპლას» ქათქათა, მხსნელი სისუფთავე.
    და კიდევ იყო რაღაც. კარგი სარეკლამო კამპანია, საიდანაც, რასაკვირველია, დიუპონ-ლაშომმა დიდი სარგებელი ნახა. მაგრამ ჩემთვის ეს უფრო მეტს ნიშნავდა: ანარქისტულ, თუნდაც ერეტიკულ მესიჯს. სიკეთე არსს იცვლიდა, მატერია მორალში იჭრებოდა, მის ტერიტორიას იკავებდა. ნეტარება, რომელსაც განვცდიდი, როცა ვხედავდი, თუ როგორ ჰყვაოდა «მთელი სიკეთე» პარიზის ტროტუარებზე, დემიურგის სიამოვნება იყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ხრწნადი საზოგადოების ყველაზე იდუმალ ვიბრაციებს ვისრუტავდი, რომლის დაღლილი სულიერება სავარჯიშო დარბაზის ძელებთან ეძებდა ნავთსაყუდელსა და ნაოცნებარ საყოველთაო ჰარმონიას. აღარც ზესკნელი და აღარც ქვესკნელი, აღარც სხეული და აღარც გონება: იოგურტ «იოპლას» ტალღა, მოხელთებული ჩანასახოვანი სიკეთე.
    ეპოქის ანარეკლი. ჩემი «ადამიანური კომედია». ბალზაკმა ოცი ტომი დაწერა: ჩემთვის ორი სიტყვაც საკმარისი აღმოჩნდა.

    * * *
    ამით დავასრულე კვების პროდუქტებთან ურთიერთობა. უკეთესი კარგის მტერიაო: წინ ვეღარ მივდიოდი. და კიდევ, ჟანგბადით გაჯერებულ ფილოსოფიურ სიმაღლეებთან შენობით საუბარი თავბრუდამხვევი კი იყო, მაგრამ ჩემს ხასიათს ნაკლებად შეეფერებოდა. ახლა უფრო სახალისო საქმიანობაზე ვოცნებობდი, რომელიც წერასთან იქნებოდა დაკავშირებული: ასე მოვხვდი «ნაკრებში».
    სპორტის სფეროში ჩემი კომპეტენცია სულ მცირე უფლებასაც არ მაძლევდა, რომ ამ ახალ გზას დავდგომოდი. კომერციული სლოგანიდან სპორტულ ჟურნალისტიკამდე რამდენიმე ნაბიჯიც იყო და მეტიც. რამ მიბიძგა ამ დიდი ნახტომისკენ? კარგად მახსოვდა ბრწყინვალე მიმომხილველები: ანტუან ბლონდენი, რობერ პარიანტე, სახელები, რომლებიც მხოლოდ ავტორიტეტებს კი არ წარმოადგენდნენ ველოსპორტსა თუ ტანვარჯიშში, არამედ დრო და დრო ლიტერატურული ჟურნალების სვეტებშიც ჩნდებოდნენ ხოლმე. “ნაკრები” ჩემთვის ლირიზმისა და თავხედობის ნაზავს, ერთგვარ ნეოგასკონურ პირდაპირობას ნიშნავდა. სტატიების სათაურები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ, ქუდში გარჭობილი ბუმბულის მსგავსად. მახსენდებოდა მსხვილი შრიფტით გამოტანილი ერთი სათაური: “ბედნიერი ხარ, რომ გქვია ლუქსი ამ ნათლით მოსილ შაბათს”, რითიც საკმაოდ მოუქნელად ცდილობდნენ მკითხველის ცნობიერებაში ინგლის-საფრანგეთის შეხვედრის რომელიღაც მზიანი შუადღის ჩაბეჭდვას. ამის საპირისპიროდ, როგორი მელანქოლიაა ამ სათაურში: “სამოთხის ზღურბლზე”, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიასთან საფრანგეთის წაგებას რომ მოჰყვა! ასე იქმნებოდა მთელი ეპოპეა. თუმცა სიტყვებით თამაშიც არ ეზარებოდათ – ცოტა ტვინისჭყლეტა, ენის ფხანა თუ მეგობრული წკიპურტები.
    იმ შუადღით გვარიანად ცხელოდა. ზაფხულის ისეთი დღე იდგა, როცა სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლია ჟალუზების ჩამოწევა და ტელევიზორის წინ მოკალათება – “ტურ დე ფრანსის” ყურება დანაშაული არ არის: თითქმის ვალდებულებაა. იტალიელი ველომრბოლი პანტანი ალპ-დ’უეზის ბოლო ფერდობებს მიუყვებოდა, მკერდგაღეღილი გულშემატკივრების, წყლის უშურველი მომწოდებლების, “რიკარის” კასკეტებში გამოწყობილი, ვითომ-მრბოლელებად გადაცმული მაყურებლების რიგებს შორის. სათაური იმავე წამს მომადგა ენაზე: “რა ტიპია ეს პანტანი – ამ ეტაპზეც, იმ ეტაპზეც”.
    რასაკვირველია, ნამდვილი მიგნება იყო. მწერლურმა პატივმოყვარეობამ ისი-ლე-მულინოში, “ნაკრების” რედაქციაში დარეკვისკენ მიბიძგა – ნომერი გაზეთის კუთხეში ვიპოვე. ამ საქმის სპეციალისტთან გადამრთეს, რომელიც ჯერ დამცინავი ტონით მემასხრებოდა, მერე კი თითქოს დაინტერესდა. მისმა ნათქვამმა: “კარგი, გადავცემ” – თითქმის არ დამიტოვა იმედი.
    და რა სიამოვნება იყო, როცა მომდევნო დილით წითელ ქსოვილზე მსხვილ ასოებად აბრიალებული ჩემი კალამბური დავინახე, პრესის სახლის სტენდზე! მაშინვე ისი-ლე-მულინოში დავრეკე. ისე-ლე-მულინო! ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ამ ერთგვარ პერიფერიულ და ფუნქციონალურ სტერილურობაში არსებობდა “ავტოს” მემკვიდრე ყოველდღიური გაზეთი, რომელიც სამუდამოდ დაკავშირებოდა ფობურ-მონმარტრის ქუჩას, იმ კრამიტის სახურავებს, რომელთა წინაც პარიზელი ცნობისმოყვარეები ერთმანეთს აწყდებოდნენ – ნუთუ იქ საღამოობით მართლა კითხულობდნენ ცარცით აღნიშნულ საეტაპო რეიტინგებს?
    რა თქმა უნდა, სათაურისთვის კარგად გადამიხდიდნენ. თუმცა სასწაულებს არ უნდა დავლოდებოდი და იმ ოქროს ტბებს ხომ არა და არა, რასაც რეკლამის სფერო გვთავაზობს! როცა რეგულარული თანამშრომლობა ვახსენე, სკეპტიკურად შემომხედეს, თუმცა ფეხბურთის ჩემპიონატის დაწყებისთანავე მომეცა ხელსაყრელი შემთხვევა მათი ნდობის მოსაპოვებლად. ყველას გასაკვირად, «ბასტია» რეიტინგის თავში მოექცა, რასაკვირველია, საშუალო დონის შემადგენლობით, რომლიდანაც მხოლოდ ფეი ბრწყინავდა მოედანზე. შევთავაზე: «ბასტია»: ფეის – კოცნა, სხვებს – კოცონი ანდა ბასტა»
    ამ მარტივმა გადათამაშებამ საბოლოოდ მომაპოვებინა მთავარი რედაქტორის ნდობა, ვისაც პირადად არასდროს შევხვედრივარ. ეპოქას ინფორმაციის გადაცემის ასეთი ფორმა ახასიათებდა: “მუშაობა”, რომლის დროსაც ფიზიკურ დასწრებას არც ითხოვდნენ და არც სურდათ. მშვენივრად შევეგუე ამ ყველაფერს. პირველ რიგში, ისი-ლე-მულინო… და გარდა ამისა, მეტად ამაღელვებელი იყო იმის ხილვა, თუ როგორ ვათამაშებდი ძაფებზე გამობმულ სიტყვებს ჩემს პაწია ოროთახიანში და ისინიც, თითქოს ჯადოქრობის ძალით, ტროტუარების მთელ სიგრძეზე ჩამწკრივდებოდნენ ხოლმე.
    შეკუმშულ მეტყველებას ნარკომანივით შევეჩვიე. თითოეული ახლადათვისებული ტერიტორია, პირველ რიგში, გულზე მალამოდ მედებოდა. მერე კი უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობდი სურვილს, რომ ნამდვილი შედევრი შემექმნა, სანამ სხვა სფეროს მოვსინჯავდი. და აი, რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატი სპორტულ ასპარეზზე ჩემი მოღვაწეობის აპოგეაც და ეპილოგიც ერთდროულად აღმოჩნდა. ფინალურ ეტაპზე გასვლისას საფრანგეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკის გუნდთან დამარცხდა, კოკისპირულ წვიმაში მამაცურად ჩატარებული, მაგრამ მაინც უღიმღამო შეხვედრის დროს. ახლა მესამე ადგილისთვის უნდა ეთამაშა, ინგლისის წინააღმდეგ. ეს კი ღირსებისთვის ბრძოლაზე მეტი იყო, რადგან მოწინააღმდეგეს ქვის ხანიდან ვიცნობდით! თუმცა ჩვენები სხვა რამეს ელოდნენ – თამაშის ფრანგულად გახსნას, შესაძლებლობების ბოლომდე ჩვენებას. შედეგი საკმაოდ ცოტას ნიშნავდა. სწორედ მოსალოდნელი რევანშის წინადღეს მომივიდა თავში ის, რაც ჩემს ყველაზე სრულყოფილ მიგნებად მიმაჩნია: “მიაწვები? დაამიწებ!”

    * * *
    ისი-ლე მულინოში ვერ გამიგეს, როცა ვთქვი, რომ აქ უნდა გავჩერებულიყავი. მშვენიერი კარიერა მესახებოდა იმ პროფესიის სახით, რაც მანამდე არ არსებობდა და რისი კონტურებიც ჩემი შეუპოვრობის წყალობით გამოიკვეთა: მესათაურე. ყველაფერი ხელს მიწყობდა, რომ გამეგრძელებინა, მაგრამ მიწოლას ხომ დამიწება მოჰყვება: არაკომპეტენტურობის ზღურბლს მივაღწიე.
    უკვე სხვა რამეზე ვოცნებობდი. აქამდე ჩემი კალამი ყოველგვარი ლოგიკის გარეშეEდაეხეტებოდა აღმა-დაღმა. პირველი უმანკო რომანიდან “ხილით სავსე კალათის” საყოფაცხოვრებო კომპრომისამდე დავეშვი, რომელმაც ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი ავად თუ კარგად “იოპლას” სიკეთემდე აამაღლა. შემდეგ “ნაკრების” მკითხველთა ინფანტილურ ენთუზიაზმს მოვუთათუნე ხელი. რა აერთიანებდა ამ ყველაფერს? განცდა, რომ თითოეულ ჯერზე საკმაოდ ბევრ ფულს ვშოულობდი, სათქმელი კი არაფერი მქონდა და ეს უკანასკნელი თითქმის საერთოდ დავკარგე, როცა სიმართლის თქმა ვცადე.
    ჰო, ცინიზმით, რომელიც, პატივმოყვარეობის გამო, ოდნავ შევარბილე. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვამაყობდი ჩემი ტყის მარწყვით, მოსწრებული სპორტული კალამბურებით. ჯერ კიდევ არ დამეწერა ის, რაც საკუთარ თავს მთლიანად შემაზიზღებდა – ნუთუ ამას ოდესმე შევძლებდი?
    დიუპუიტრენმა, ერთ-ერთმა იმ შორეულ ნაცნობთაგან, რომლებთან ურთიერთობის გაბმაც მთლიანად სარეკლამო სფეროში მომუშავეთა წვეულებებზე შემთვრალი კაცის გულზიარობის დამსახურებაა, ცოტა ხნის წინ თავისი აღმოჩენა გამანდო:
    – ჰო, ბიჭო, ოცი მილიონი! დიდება “Sacem”-ს**! გეფიცები, ეს სიმღერა ორ საათში დავწერე!
    ერთ დაშაქრულ ტექსტს გულისხმობდა, ვიღაც თმაგაგლესილი-მოტუტუცო-ლათინო-სენტიმენტალო-პასტა-მამა-ტუტო-ლა-ფამილია იდიოტისთვის დაწერილს – და რაზეც მარსელის გარეუბნების მთელი საქალეთი ცრემლად იღვრებოდა. დიუპიუტრენი ტექსტს ღიღინებდა და სიცილით იხრჩობოდა საკუთარი აქცენტ-ამერიკანოს გამო:
    – კი, ნამდვილად…!
    “ნეაპოლიტანელო გოგონა,
    მაინც ჩემი გახდები, აბა, რა!”
    არ მითხრა, რომ არასდროს მოგისმენია!
    მოსმენილი მქონდა. იმ წუთებში ისევ გაშტერებული ვიდექი, პატარა მოყავისფრო ნახვრეტებს მივჩერებოდი, რომელთა ჟიტანისფერფლისმიერი წარმოშობის ვარსკვლავები ჩემი კოლეგის პერანგს ამშვენებდა. ოცი მილიონი ფრანკი. სიმღერა, რომლის სიტყვებიც დიუპიუტრენმა დაწერა, ნამდვილად არ იყო “ჰიტი”. მოკრძალებულად თუ გაისმოდა რადიოში, კვირაში ერთი-ორჯერ. მაშ, რამდენი მილიონის მოტანა შეეძლო ნამდვილ წარმატებას?
    რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობდი იმ ფრაზებს, რომლებსაც ტელევიზორში გამოჭიმული სქელ-სქელი, სიგარის კვამლით სახეწამოწითლებული ბატონები დრო და დრო გადმოგვიგდებდნენ ხოლმე (ნეტა რატომ უსვამდნენ კითხვებს ყოველთვის ნოყიერი სადილის ბოლოს?)
    – წარმატება შეკვეთით არ მოდის. ამის რეცეპტი რომ არსებობდეს, ყველას გვეცოდინებოდა.
    ეს იდეა სკეპტიკურად განმაწყობდა. ჯერ კიდევ საკმაოდ ცუდად ვიცნობდი შოუბიზნესის დემონურ სამყაროს, თუმცა კი ერთი კანონი, ჩემი აზრით, თითქმის უგამონაკლისოდ ფუნქციონირებდა: ყველაზე დიდი უაზრობა ყველაზე ძვირად ფასობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ მომღერლებს ჩემი სიტყვები არ სჭირდებოდათ, ხოლო სხვებს რაც შეეხება…
    დიუპიუტრენზე უკეთესად უნდა მომეხერხებინა. ვერ ვიტყვი, რომ წარმატებას პირველივე ცდაზე მივაღწიე. დასაწყისში, ჩემი ტექსტები ბოლომდე აბსურდული იყო, თუმცა მაინც ფორმალიზმის ტყვეობაში რჩებოდა. მაგრამ მალევე ვიგრძენი, როგორ ნაზად დავეშვი უარესისკენ. ერთ დღეს კი მივხვდი, რომ შიგ შუაგულში ვიდექი და ამის გასაღებას თუ შევძლებდი, ყველაფრის იმედი უნდა მქონოდა. ნაკლს ვერ უპოვიდით: ღამის კლუბებშიც შეიძლებოდა მოგესმინათ და ნათლობებზეც, სახელდახელო ქეიფებზეც, პატარა თავყრილობებზეც – თავიდან ბოლომდე ამაზრზენი იყო. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სტროფებს, რომლებიც ჭიქების მიჭახუნების, კეკლუცი გოგოების გიჟური კისკისის ან ვნებამორეული წივილ-კივილის დროს უნდა გადაბმოდა ერთმანეთს. თუმცა რეფრენი გაბედულად მოგიწოდებდათ:
    “ა… ა… ა… აბა, რიგში დადექით
    ჟერმენს ამოუდექით
    აი, ასე ჩამწკრივდით
    ლუიზონის უკ-ან”
    იმდენად დიდი სისულელე იყო, რომ შეიძლებოდა, ქვეტექსტებიც დაეძებნათ, თუ მოინდომებდნენ – იმის რისკიც კი არსებობდა, რომ “ფრანს ინტერზე” გაუშვებდნენ.
    ერთმა პროდიუსერმაც არ დააყოვნა და ამ პატარა შედევრით დაინტერესდა. ლიტერატურული დებიუტის ხსენებისგან თავი შევიკავე, თუმცა სარეკლამო სფეროში მიღწეული წარმატების აღნიშვნამ უმალვე განაპირობა ჩემი სერიოზულად აღქმა. სწორედ შესაფერის “პროდუქტს” ეძებდნენ რომელიღაც ატიპიური მომღერლისთვის, ვინც ერთგვარ ანტი-ვარსკვლავს წარმოადგენდა: ორმოცდაათი წლის, უწყინარი იერით, თავზე ჩამომხობილი ბერეტით: ცოტაც და მკლავქვეშ ბაგეტს ამოუდებდით. მის სასცენო სახელს მოფრანგულო დაცინვის სუნი ასდიოდა: ზებუ!
    ჩემი და ზებუს ურთიერთობა მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა (მხოლოდ ხელის ჩამორთმევა რედაქტორის კაბინეტში კონტრაქტზე ხელის მოწერის დღეს), მაგრამ მადლიერების განცდა, რომელიც მის მიმართ გამიჩნდა, უკუნითი უკუნისამდე გაჰყვება. ზებუმ ხომ ჰიტ-პარადების მწვერვალზე აიტანა და ბარაქიანი ბანკეტებისა და ძველმოდური დისკოთეკების სიღრმეებში ჩაიტანა ჩემი უჭკნობი სტრიქონები. აკორდეონის ხმით შელამაზებული მუსიკის ფონზე, მძლავრი რიტმული დარტყმებით თანდათან რომ ძლიერდებოდა – გულისცემის მსგავსად, როცა გული პატარა წითელ უჯრედებს ღია სარქველებში ისვრის – თავიდან საწყისი აჩქარება ისმოდა: “ა… ა… ა…”, შემდეგ ჟერმენის სახელი მოდიოდა, რაც მხიარულ თავის ქნევას, თვალთმაქცურ გახალისებას იწვევდა.
    სამ თვეზე ნაკლებ დროში რამდენიმე მილიონი ვიშოვე. ორი წლის წინ გაოგნებისგან ენა ჩამივარდა, როცა ოცი ათასი ფრანკი ჩამითვალეს “ხილით სავსე კალათისთვის”. “ა… ა… ა… აბა, რიგში ჩადექით, ჟერმენს ამოუდექით”- აი, ამან კი ფონოგრაფიულ, ვიდეოგრაფიულ, რადიოგრაფიულ უფლებებსა და ჩანაწერის ეგზემპლარებთან ერთად, მოზრდილი თანხა – სამი მილიონ ხუთასრვა ათას ექვსასორმოცდაათი ფრანკი მომიტანა – საავტორო უფლების ჩათვლით. “Sacem”-ის ფურცელი ხენდროს ხილფაფაზე გემრიელი აღმოჩნდა.
    “Sacem”-ის ფურცელი ეშმაკთან დადებულ ხელშეკრულებად იქცა. ჩემმა სიმღერამ ცქრიალა ღვინოების გაყიდვას – უშუალო, დამტკბარ-დაშაქრული ურთიერთობების გაბმას შეუწყო ხელი. მე კი, ამ უფლებებით, შერის ნისლებში ჩაძირული, რომანტიკული ციხე-კოშკი ვიყიდე.
    მას შემდეგ… ვწერ, ჩემი სამფლობელოს ცარიელ სკამებზე, მხედართათვის განკუთვნილი ბილიკების გასწვრივ. შესაძლოა, ხსნაც აქ უნდა ვეძებო. მეორე რომანს ვწერ. ნერვებს მიშლის, ძალიან გრძელია, ალბათ არასდროს დამთავრდება. თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ჩემთვის ვწერდი, მაგრამ ეს არასდროს არ არის მართალი. მკითხველისთვის ვწერ. ერთადერთი მკითხველისთვის. თუმცა ის ერთადერთიც…

    ბეკონ-ლე-ბრუიერი, აგვისტო 96 – სოლინი-სურ-შერი

    * ლუი-ფილიპი – საფრანგეთის მეფე 1830-1848 წლებში
    ** Sacem – ფრანგული ორგანიზაცია, რომელიც ავტორთა უფლებებს იცავს

    ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    გაგა ნახუცრიშვილი – ლექსები

    თეთრი ცხელება

    მოჩვენებები სტოვებენ ბინას,
    სადღაც მიქრიან შავი ცხენებით,
    მარტოობისგან ვიღაცა გმინავს,
    რუხი დღეები თეთრი ცხელებით.

    ეჭვები ყოფნას ისევ წამლავენ,
    ვიღაცა კარგავს იღბალის ჩანთას,
    ტრამალს მოჰყვება ისევ ტრამალი,
    არავინ არ ჩანს, არავინ არ ჩანს.

    არ ჩანს მირაჟი… თუნდაც მირაჟი,
    რამდენიც გინდა ათვალიერე,
    ცა დაეცემა უცებ მიწაზე,
    და რჩება მაღლა სიცარიელე.

    მოჩვენებები სტოვებენ საკანს,
    იპარებიან შავი ცხენებით,
    ტყვიები ვეღარ შველიან ნაგანს,
    და სუჩემეა მხოლოდ შედეგი.

    და რჩება მხოლოდ სიჩუმის შიში,
    და შავი, შავი, შავი ცხენებით,
    რუხი დღეები გვტოვებს და მიქრის,
    რუხი დღეები თეთრი ცხენებით.

    ეს მოხდა

    კართან
    სიცოცხლე იდგა ქალივით
    და ეშინოდა სივრცეში გასვლა,
    იყო უცნობი დღე და თარიღი,
    ალბათ,
    არ ღირდა რიცხვების დათვლა,
    ტყუილს ეხურა თავზე პარიკი,
    რადგან
    რცხვენოდა ეარა ქაჩლად
    და გაქრა ყველა გათვლა, განრიგი,
    ეს მოხდა მართლა…

    კრიზისი

    ქალი ხალათში, ნივთებს ალაგებს,
    ის თურმე წუხელ დასტოვა ქმარმა,
    არ დაუტოვა თანაც ბარათი,
    რადგან სიტყვების არასდროს სწამდა.

    ხო, ქალიც წავა, არ სურს დარჩენა,
    წავა, რომ მარტომ მოკლას ფიქრები,
    ჩამოიღამეს უკვე ფანჯრებმა,
    ალაგებს ჩანთას და სძულს ნივთები.

    წავა, რადგანაც მაინც ხუნდება,
    ადგილი, სახლი, ლოგინი, გრძნობა.
    რაც იყო, მაინც არ დაბრუნდება,
    მოვა სიბერე, ავადმყოფობა.

    ხომ მაინც ბოლოს იღლები ყოფნით
    თუ ბითურდება გიყვარდა რაცკი,
    თურმე სადღაც შორს გავარდა თოფი,
    სადღაც დაეცა უსულოდ კაცი.

    უმისამართო

    უმისამართოდ ვცხოვრობდი მაშინ,
    უმისამართო დამდევდა მთვარეც,
    შენ არასოდეს იყავი სახლში
    და მე ყოველთვის ვიყავი გარეთ.

    მე შენს მისამართს ვეძებდი მაშინ,
    სულ წამით შენი დანახვა მსურდა,
    უმისამართო მოვიდა ბავშვი
    გამახსენდი და მივეცი ხურდა.

    მუმიები

    გვიანი არის, ამ დროს ვერ შეცვლი…
    ამ დროს რამდენიც გინდა უკმიე,
    ცეცხლი ენთო და შემორჩა ფერფლი,
    ვერ გააცოცხლებ მაინც მუმიებს.

    ვერ დააბრუნებ ძველ, ჩავლილ კადრებს,
    სურათებს რეცხავს დროის საპონი,
    ის იყო ბრძენი და მოკვდა ადრე
    და ერქვა თურმე ტუტანჰამონი.

    ვერ დაინახავ, ბევრი იბრძოლო,
    თუნდაც და ბევრის გსურდეს გამხელა,
    მას სიყვარული უნდოდა მხოლოდ,
    მას სერაფიტა ერქვა სახელად.

    რეალობა კი რომანტიზმს ახრჩობს,
    იდეალი კი არის წაშლილი,
    იყო ბატონის ერთგული სანჩო
    და სუფთა გული ჰქონდა ბავშვივით.

    ვის აუხსნია ანდა ვინ იცის,
    რატომ იცვლიან ნიღბებს, პარიკებს,
    და ისტორია არის ცინიზმი,
    რადგან გვიტოვებს მხოლოდ თარიღებს.

    გვიანი არის, ამ დროს ვერ შეცვლი,
    და იმეორებ ერთს და იგივეს,
    ცეცხლი ენთო და შემორჩა ფერფლი,
    მუმიებს მხოლოდ მოაქვთ სიცივე.

    გადაბრუნებული დედამიწა

    არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,
    და სიტყვით ვინღა უნდა ვაცდუნო,
    სად არის ღერძი, მომეცით ღერძი,
    დედამიწა რომ გადავაბრუნო.

    რომ არაფერი აღარ შევცვალო
    და დასალევიც უკვე დავლიე,
    რომ აღარავინ არ შევიყვარო,
    მხოლოდ ვუყურო ზეცას ცარიელს.

    არაფერს ვამხელ, არაფერს განვსჯი,
    არ მინდა რამეს ცილი დავწამო,
    მე მარტო ვზივარ ჩემს მყუდრო სახლში
    და გარეთ მოდის მყუდრო საღამო.

    არაფერს ვცლი და არაფერს ვავსებ,
    და არ ვარ ბოლო და არც პირველი,
    ვინც იგონებდა სულელურ ზღაპრებს,
    ვის ჯადოსნური სწამდა ფრინველი.

    არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,
    და არ მსურს ისევ თავი ვაცდუნო,
    სად გაქრა ღერძი, მომეცით ღერძი,
    დედამიწა რომ გადავაბრუნო.

    * * *

    როცა ყველას სძინავს,
    გამეღვიძა ამდროს,
    რას დავარქმევ სიზმარს,
    რას დავარქმევ ამ დროს.

    რას დავარქმევ სადგურს,
    რას დავარქმევ წასვლას,
    რას დავარქმევ ზაფხულს,
    რას დავარქმევ ზამთარს.

    გაანათებს ზამთრებს
    ვარსკვლავების სხვენი,
    ცას სინათლე ავსებს,
    ჩანს თვალები შენი.

    სიცოცხლის დროა
    მთვრალი ხომალდი
    არტურ რემბო

    დავტოვოთ სევდა, ცრემლების გროვა
    და სინანულიც გვეყო, არ გვინდა,
    წამოდით დროა, წამოდით დროა!
    რემბოს ხომალდი უკვე გაფხიზლდა!…

    ვერ მოაქვს შვება სასმელს და თრიაქს,
    მომყევით, უკვე უნდა ვიჩქაროთ,
    ჩვენი წამები ქარს უკვე მიაქვს,
    მომყევით, ერთად მზე მოვიპაროთ!

    თავისუფლება ვიპოვოთ თვითონ,
    გავყვეთ საკუთარ მნათობს, ვარსკვლავებს,
    წავიდეთ დროა, ბევრს ნუღარ ფიქრობთ,
    მკვდრები თავის მკვდრებს თავად მარხავენ.

    წამოდით, შუქი მოჰყვება გვირაბს,
    სანამ ველური ცეცხლი ანთია,
    წამოდით, სანამ ვცოცხლობთ და გვიყვარს,
    სანამ სიმუნჯე არ დაგვმართია.

    წამოდით, თორემ მერე ვინანებთ,
    ასეთი ვნება არ მოვა ისევ,
    უნდა მოვიდეთ ერთხელ მიწაზე,
    რომ ავიხედოთ მაღლა და ცისკენ.

    რომ დავეუფლოთ კოსმოსს, პლანეტებს,
    რომ მივატოვოთ წარსულზე გლოვა,
    წამოდით, ერთხელ მაინც გაბედეთ,
    სიცოცხლის დროა, სიცოცხლის დროა!

    ჩვეულებრივად

    წამით ჩათვლიმა და ისევ ფხიზლობს,
    ღამით დაშორდა საყვარელ გოგოს,
    თან არაფერი შეცვლილა თითქოს,
    წვიმს და უყურებს ამინდის პროგნოზს.

    ფანჯარას აღებს, დუღდება ყავა,
    თან ნერვებს უშლის სისველე თარსი,
    იცის, რომ მალე ქუჩაში გავა
    და ისეირნებს წვიმაში ტაქსით.

    უყურებს უჟმურ ღამეს და სახლებს,
    და მძღოლი ჩუმად მანქანას მართავს,
    სიგარეტს იღებს და ასანთს ანთებს,
    ჩვეულებრივად იცხოვრებს ალბათ.

    შემოდგომის სინანული

    სინანული თუ გზას გაანათებს,
    მაშინ გაქრება ჩემი შეცდომა,
    თუკი სიცოცხლე იყო ღალატი,
    სიკვდილი რატომ ჰგავს შემოდგომას.

    რატომ იძინებს ნამუსი თბილად,
    ფოთლების ყვითელ იხურავს საბანს,
    ფოთლები ცვივა, ფოთლები ცვივა,
    სინაცრისფრეა და ცაც კი არ ჩანს.

    ელიან საკენკს – ბეღურებს ვხედავ,
    ველია, სადაც სივრცე მთელია,
    ვერცერთი ქალი და ვეღარც დედა
    სიცარიელეს ვერ უშველიან.

    დავრჩებით ასე: კვლავ მე და სივრცე,
    სადამდეც გავძლებთ, ალბათ ვიქნებით,
    “იყავი ჩიტი!” – ამბობდა ქრისტე,
    სად მიფრინავენ ნეტავ ჩიტები.

    ცოტა ხნით დარჩით, ჯერ ხომ არ ცივა,
    ცოტა ხნით დარჩით და ღმერთის გწამდეთ,
    ფოთლები ცვივა, ფოთლები ცვივა,
    არ შეგეშინდეთ, დაგიყრით საკენკს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    გელა ჩქვანავა – იავნანამ რა ჰქმნა

    ბაგი დარასელიამ, წმინდად წვერგაპარსულმა პენსიონერმა, სრული პიჯაკის სახელოები ხელების ზურგს მთლიანად რომ უფარავდა, ახალგაზრდა გამომძიებელს თაბაშირში ჩასმული, კისერზე ჩამოკიდებული ბინდისავე კოხტა მარყუჟში გაყრილი დაბინდული ხელი შეუთვალიერა, შემდეგ მზერა საფერფლეში ჩაჭყლეტილ სიგარეტის ნამწვებზე გადაიტანა.
    – ძალიან ბევრს ეწევით, პატივცემულო, – შენიშნა ბაგიმ. – ჩემი ბიჭებიც ეწევიან, ორივე. ვერაფრით გადავაჩვიე.
    – თემას ნუ გადავუხვევთ! – მკაცრად შენიშნა ახალგაზრდა გამომძიებელმა.
    – რასაც ვლაპარაკობთ, ყველაფერს იწერს ეს გოგო? – ოციოდ წლის სტენოგრაფისტზე მიანიშნა ბაგიმ გამომძიებელს.
    – ყველაფერს, რაც საჭიროა! – დაუმოწმა გამომძიებელმა და ყვითელი სანთებელა, აქამადე ხელში რომ ათამაშებდა ნერვიულად, სიგარეტის წითელ კოლოფს დაადო ზემოდან კოხტად და პროპორციულად.
    – ასწრებს მერე? – გაოცება და თანაგრძნობა ერთდროულად გაუკრთა ხმაში ბაგის.
    – ასწრებს! – ცივად მოუჭრა გამომძიებელმა და ისევ სანთებელასკენ წაღებული ხელი შუა გზიდან მოაბრუნა.
    – ყოჩაღი გოგოა, ეტყობა! – დაასკვნა ბაგიმ. – ყოჩაღები არიან იურისტები საერთოდ!
    – ეს გოგო იურისტი არ არის, სტენოგრაფისტია!
    – ნეტავი იმ ოჯახს, რომელშიც ეს გოგო შევა… თქვენ დაოჯახებული იქნებით, რა თქმა უნდა! – თვალები მოწიწებით მიაპყრო ბაგიმ გამომძიებელს.
    – არა, ვინ გითხრათ! – რატომღაც საწყენად მიიღო ეს უწყინარი კითხვა გამომძიებელმა. – საქმეს დავუბრუნდეთ. ასეთი არხეინი არ ვიქნებოდი თქვენს ადგილას!
    – როგორ მინდოდა ჩემი ბიჭები იურისტები გამოსულიყვნენ! – თავისას განაგრძნობდა ბაგი. – იურისტები რომ ყოფილიყვნენ ჩემი ბიჭები, რძლები ექიმები მეყოლებოდა და როცა დამჭირდებოდა, თუ არ მომარჩენდნენ, სწორ დიაგნოზს მაინც დამისვამდნენ. სწორი დიაგნოზის დასმაა მთავარი. თუ დიაგნოზი სწორია, დანიშნულებაც სწორია. აი, ღვიძლი რომ ამტკივდა, სულ სვადასხვა დიაგნოზი დამისვეს ექიმებმა…
    გამომძიებელმა სანთებელა აიღო და ბაგიც მიხვდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო.
    – თუ ხვდებით, დასაჭერად რომ გაქვთ საქმე? – შინაურულად ჰკითხა გამომძიებელმა.
    – გამომიშვებენ! – გლეხური თავდაჯერებით მიუგო ბაგიმ. – გადაურეკავენ ჩემს ბიჭებს რუსეთში და როგორ ფიქრობთ, ისინი მამას ციხეში დატოვებენ?… თქვენც მიიღებთ თქვენსას, თუ არ გამაწვალებთ და მთავარ გამომძიებელთან მიმიყვანთ პირდაპირ.
    – დააფიქსირეთ ოქმში!.. ქრთამის შეძლევა! – სტენოგრაფისტს უკანმოუხედავად ესროლა გამომძიებელმა.
    – ეხ-ხ!.. ახალგაზრდა ხარ შვილო და შენი გგონია ქვეყანა! – გულწრფელად შეიცოდა ბაგიმ გამომძიებელი.
    – აბა შენი და შენი ბიჭებისაა, რომლებიც ვინ იცის რა გზით შოულობენ ფულს მოსკოვში?!
    – ჩემი ბიჭები, ჩემი, ბაგი დარასელიას გაზრდილია და ცუდს არასოდეს იკადრებენ! – თქვა ბაგიმ. – ჩემს სიძეს რომ გაუჭირდა, მაშინვე გამოიყვანეს ციხიდან – ერთადერთი დის ქმარს როგორ მივატოვებთ გასაჭირშიო…
    – ის თუ არის დაფიქსირებული ოქმში, სიძე გაფლანგვისთვის რომ იჯდა? – ჰკითხა გამომძიებელმა სტენოგრაფისტს.
    – თქვენ ხომ მანიშნეთ არ გინდათო? – მიუგო სტენოგრაფისტმა. – შეგეცოდათ მაშინ გულუბრყვილობისათვის…
    – ახლა დააფიქსირეთ რასაც სიძეზე იტყვის, იყოს მაინც ოქმში ყოველი შემთხვევისათვის!
    – სიძეზე არაფერს ვიტყვი! – გაბრაზდა ბაგი. – მე თქვენ მართლა სულელი ხომ არ გგონივართ?!.. თქვენ რა, რახან იურისტი ხართ, სხვებზე ჭკვიანი გგონიათ თავი?.. ჩემი სიძის მამა, თუ გინდათ იცოდეთ, ვეტექიმი იყო თავის დროზე, მთელს რაიონში დაფასებული…
    – …და თქვენ რატომ ესროლეთ თორმეტკილოიანი ბრინზა ყველი მოქალაქე პარმენ გოგიას? – საქმეზე გადავიდა გამომძიებელი.
    – ერთხელ უკვე ვთქვი რატომაც, მეორეჯერ არ გავიმეორებ! – ამაყად განაცხადა ბაგიმ და სტენოგრაფისტ გოგოს მიუბრუნდა. – ცეცხლივით ბიჭები მყავს და ყველას შურს ჩემი. ხმას უვრცელებენ სოფელში, იქ, რუსეთში ცუდ წრეში არიან გარეულებიო. მიმოზასაგან მოდის ეს ყველაფერი, ძალიან უმაქნისი ბიჭი ყავს… იცით რა რემონტი გავაკეთე სახლში? ვანა-ტუალეტი შიგნით მაქვს, გარეთ გასვლა არაფერზე დაგჭირდებათ…
    – ესე იგი, მოქალაქე პარმენ გოგიას იმიტომ ესროლეთ ყველი, რომ უშნოდ გაგიღიმათ, ასე არ არის? – ჰკითხა ბაგის გამომძიებელმა.
    – მაგისთანა ღიმილი არვისთვის არ უპატიებია ჩემს გვარსა და ჯიშს! – მაგიდაზე გაშლილი ხელი დადო ბაგიმ.
    – ესე იგი, პარმენ გოგიას თქვენი ბიძაშვილი ყავდა ცოლად და მიატოვა. მას მერე პარმენ გოგია არ გინახავთ დღევანდელ დღემდე. დღეს კი ბაზარში ნახეთ და მან “უშნოდ” გაგიღიმათ. რას გულისხმობთ მაინც უშნო ღიმილში – დაცინვას, გამოწვევას თუ კიდევ სხვა რამეს?
    – ვთქვი მე, გადავიხდი იმ ყველის ფულს-მეთქი. პარმენ გოგიას კიდევ, თუ საჩივარი არ გამოიტანა მილიციიდან, მოკლავენ ჩემი ბიჭები. აი, ნახავთ თუ არა. ჩემი ბიჭები ისე გავზარდე, რომ მამის შეურაცყოფას არავის აპატიებენ. ჩემი დაჭერის ამბავი რომ გაიგონ, მაშინვე აქ გაჩნდებიან!
    – თუ ასეა და თუ მართლა მაშინვე აქ გაჩნდებიან, გაიგონ, თქვენთვის უკეთესი არ არის? – გაეღიმა გამომძიებელეს. – თქვენ არ ამბობდით, ოთხი წელია არ მინახავს, ჩამოსასვლელად ვერ იცლიანო? დაარეკინეთ დაჭერილია მამათქვენი-თქო და ჩამოვლენ და შვილებსაც ნახავთ!
    – გავიდეს ეს გოგო ხუთი წუთით, საქმე მაქვს თქვენთან! – საქმიანი გამომეტყველება მიიღო ბაგიმ.
    – ქრთამი უნდა შემაძლიოთ? – დამცინავი ღიმილისაგან თავი ვერ შეიკავა გამომძიებელმა.
    – რას მეთამაშება ეს ბიჭი, რომ მეთამაშება?! – თავისი აღშფოთება სტენოგრაფისტს გოგოს გაუზიარა ბაგიმ. – ბაგი დარასელიასთვის არავის დაუცინია ჯერ ამქვეყნად!.. იცით თუ არა თქვენ, როგორ ეხვეწებოდა პარმენი ბიძაჩემს, შვილი გამომატანეო?!.. იცით თუ არა-მეთქი, გეკითხებით! მე თვითონ იქ ვიყავი მაშინ. ძმაკაციც მოყვა ერთი, ქალის სახელი ერქვა იმ კაცს. პოეტი ვარო, ამბობდა და თურმე ჟესტიანშიკი ყოფილა. ნაქირავები “პობედით” ამოვიდნენ ბიძაჩემთან სოფელში ის და მაგის ძმაკაცი. მიგრძნობს გული, ან სულ მთლად ამაშენებს, ან სულ მთლად დამაქცევს ეს კაციო, თქვა მაშინ ბიძაჩემმა და აუხდა კიდეც ნათქვამი მეტი რომ არ შეიძლება ისე ცუდად – ქალიშვილის გამოთხოვებამ მოუღო ბოლო, ერთ წელიწადში გულით მოკვდა ჯანმრთელი კაცი. ამ დილით კიდევ, სოფლიდან რომ მოვდიოდი, სასაფლაოს რომ ჩავუარეთ ავტობუსით, ბიძაჩემი გამახსენდა, თითქოს გულმა მიგრძნო მაგის მკვლელი და მისი ოჯახის დამაქცევარი რომ უნდა მენახა. მთელი გზა ბიძაჩემზე ვფიქრობდი, ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს… აი, თქვენ, პატივცემულო გამომძიებელო და თქვენც…
    – ლია მქვია, – წაეშველა სტენოგრაფისტი გოგო.
    – ბიძები ხომ გყავს ლია, შვილო, მამის მხრიდან?
    – საქმეზე ვილაპარაკოთ! – მკაცრად გააფრთხილა გამომძიებელმა ბაგი.
    – აბა მე რაზე ვლაპარაკობ? – გაოცდა ბაგი. – შენ თუ გყავს ბიძა, პატივცემულო გამომძიებელო?
    გამომძიებელმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. მაგიდიდან სიგარეტი აიღო, ფანჯარასთან მივიდა და რაფაზე ჩამოჯდა მოხერხებულად.
    – რატომ ესროლეთ ყველიო, რომ მსაყვედურობთ თქვენ, რაც ხელში მომხვდა ის ვესროლე. თოფი რომ მქონოდა, თოფს ვესროდი, ზარბაზანი რომ მქონოდა – ზარბაზანს!
    – ჩავწერო? – მცირე პაუზის შემდეგ იკითხა სტენოგრაფისტმა.
    გამომძიებელი რაფიდან ჩამოძვრა, ფანჯრისკენ შეტრიალდა, თითები რაფაზე აათამაშა, თან ხელის ზურგზე დაიხედა, თითქოს იმის წარმოდგენას ცდილობდა, როგორი შესახედავი იქნება, მასაც ბაგივით სრული პიჯაკი რომ ცმოდა, რომლის სახელოები ლამის თითების სახსრებამდე ექნებოდა ჩამოშვებული.
    – არ ჩაწეროთ, – თქვა გამომძიებელმა.
    – ქვევრი აჩუქა იმ უხსენებელმა ბიძაჩემს, როცა ახალი სიძე იყო. ამოთხარეთ ის ქვევრი და ხევში გადააგდეთო, დაიბარა ბიძაჩემმა სიკვდილის წინ, – თქვა ბაგიმ.
    – ამოთხარეთ? – იკითხა გამომძიებელმა.
    – არა. თავიდან მაგისთვის ვის ეცალა, მიცვალებული უნდა დაგვეტირა. მერე დარჩა და დარჩა!
    – რას წერ? – ჰკითხა გამომძიებელმა სტენოგრაფისტს.
    – არაფერს არ ვწერ, ჯვრებს ვხატავ საშრობზე, – გამოეპასუხა სტენოგრაფისტი.
    – ჩემი გოგოც წერდა, ოღონდ დღიურებს, სანამ გათხოვდებოდა. რამდენი არ ვთხოვე, დამიტოვე, წავიკითხავ როცა მომენატრები-მეთქი, მაგრამ არ ქნა, – თქვა ბაგიმ და სტენოგრაფისტს გაუღიმა. – თქვენც ხომ წერთ დღიურებს?
    კითხვამ სტენოგრაფისტი გააწითლა.
    – სხვისი დღიურების წაკითხვა არ შეიძლება, – მორიდებით შენიშნა მან და ისევ გაწითლდა.
    – არც საკუთარი შვილის? – გაოცდა ბაგი.
    – რა დღიურებზეა ლაპარაკი, თუ ღმერთი გწამთ, მთელი დღე აქ წერს ოქმებს და სახლში მისული პასტის და ფურცელის დანახვაზე ალბათ ცუდად ხდება! – შენიშნა გამომძიებელმა და სტენოგრაფისტი კეთილი ღიმილით დაასაჩუქრა.
    – ღვინო ასხია იმ ქვევრში, – თქვა ბაგიმ. – ჯერ კიდევ იმ დროიდან დარჩენილი, როცა ის უხსენებელი ბიძაჩემის სიძე იყო. გავსინჯე ამ ოთხი წლის წინ. დამაინტერესა უბრალოდ. არაფერი დამილევია ჩემს ცხოვრებაში უკეთესი. სხვა სამი ქვევრი მსხლის ხის ფესვებს გაუბზარავს, იმ უხსენებელის ნაჩუქარი კიდევ მთელი დარჩენილა. შევავსე ნაკლული, ზევიდან ორნახადი არაყი დავასხი და ფიჭით ამოვუგლისე ისევ თავი. დალევით მაინც ვერ დავლევდი, ღვინოს დაქცევა კიდევ არ შეიძლება. ამ დილით ავტობუსში, ბიძაჩემი რომ მომაგონდა რატომღაც-მეთქი, რომ გითხარით, იმ ღვინოზეც ვიფიქრე ბევრი, ნეტავ ვინ უნდა დალიოს-მეთქი. თქვენ როგორ გგონიათ, ვინ უნდა დალიოს ის ღვინო?
    – მაინც რამდენი წლის იქნება? – მეტი კონკრტიკა მოითხოვა გამომძიებელმა ხმაგამკაცრებულად. სტენოგრაფისტმა ნაცნობი, ნათქვამის დაფიქსირების მომწოდებელ ნაცნობ ნოტებს მიამგვანა გამომძიებლის ხმაში გარეული მოჩვენებითი ფოლადი და საწერად მოემზადა, მაგრამ თვითონ გამომძიებელს რომ შეხედა, ისევ ჯვრების ხატვა განაგრძო.
    – ოცდარვისაზე მეტის! – თქვა ბაგიმ. – ჩვენ, დარასელიები, მაგ ღვინოს ვერ დავლევთ, არ შეგვერგება! დაე, იმათ დალიონ, ვისაც შეხვდება, თუნდაც ღვინის ქურდებმა-მეთქი, ვიფიქრე ამ დილით. არ იცის სოფელმა, თორემ არ გააჩერებდნენ ამდენი ხანი.
    – სხვა ქვევრში გადაასხით და ისე დალიეთ, – შესთავაზა გამომძიებელმა.
    – მტერს სხვა ტანსაცმელი რომ ჩააცვა, იქცევა მოყვრად? – საკუთარი ექსპრომტად გამოთქმული აფორიზმი პირველმა თვითონ დააფასა თავმომწონე ღიმილით ბაგიმ.
    – ღვინო ხომ ბიძაშენის დაყენებულია? – თავმომწონე ღიმილი ბოლომდე არ შეარგო გამომძიებელმა. – ადექით და დალიეთ თქვე დალოცვილებო!
    – იმ უხსენებელის ქვევრში ხომ არის დაღვინებული?! – წინადადება დაუფიქრებლად უარყო ბაგიმ. – ბიჭი არ მყავს და ბიჭი შემეძინაო, ამბობდა ბიძაჩემი იმ უხსენებელზე… უყვარდა გულწრფელად.
    – უიარაღო ხომ გაქვთ წაკითხული, ხვიჩაზე და გოჩაზე რომაა?.. კინოცაა, “მამლუქი”.
    – ძალიან კარგი კინოა. ჩემს უფროს ბიჭსაც ხვიჩა ქვია. ცეცხლივით ბიჭია, რომ იცოდეთ!
    – ჰოდა, ვთქვათ და, ხვიჩა და გოჩა არ მოკვდნენ, როგორც კინოშია ან წიგნშია, გადარჩნენ და მივიდნენ ხელიხელჩაკიდებულები თავიანთ მშობლებთან. როგორ ფიქრობთ, არ უნდა მიიღონ მშობლებმა ისინი ღვიძლ შვილებად, იმიტომ რომ მტრის ქვეყანაში არიან გაზრდილები? – კუთხეში მიიმწყვდია გამომძიებელმა ბაგი და ახლა თვითონ გაიღიმა თავმომწონედ. – ქვევრს, ანუ გამზრდელს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ღვინის დამყენებელი, ანუ მისი შემქმნელი თქვენიანია!
    ბაგი დარასელია ასეთმა მტკიცე არგუმენტმა დააბნია და დააფიქრა.
    – “იავნანამ რა ქმნაშიც” ხომ იბრუნებენ შვილს? – მორიდებულად შენიშნა სტენოგრაფისტმა.
    – ქეთოზე რომაა, ხომ?.. ეგეც ნანახი მაქვს, – მოწურული მხრები ისევ გაშალა ბაგიმ. – ქეთო დაარქვა თავის პირველ გოგოს ჩემმა სიძემ, ჩემი გოგოს ქმარმა…
    – აი ხომ ხედავთ! – უთხრა გამომძიებელმა.
    – თქვენს ბიძაშვილს ხომ ყავს შვილი დაზარალებულისგან? – მორიდებულად ჰკითხა ბაგის სტენოგრაფისტმა.
    – არა, არ ყავს!
    – აბა, მარტოხელა დედააო, რომ თქვით? – პირზე დაადგა სტენოგრაფისტი.
    – რომ გამოთხოვდა მერე აიყვანა შვილი გასაზრდელად. ერთადერთი შვილი ვარ, თანაც გოგო, ბიჭი არ რჩება მამაჩემს მემკვიდრედ და ვიშვილებ ბიჭსო. მამამისის სახელი დაარქვა. სინდისის ქენჯნის ამბავიც იყო, რა თქმა უნდა. რატომ მკითხეთ?
    – შვილიშვილის ქორწილში შეიძლება გაიხსნას ქვევრი-მეთქი, ვიფიქრე, – მიუგო სტენოგრაფისტმა.
    – გამორიცხულია! – თქვა ბაგიმ. – ჩვენი გვარისთვის არ შეიძლება იმ ღვინის დალევა!.. ბავშვს ვერ აჩენო, ეს მოსდო შარად ჩემს ბიძაშვილს იმ, რა ქვია მაგას… დაზარალებულმა. არადა, პირიქით იყო, როგორც მერე გამოირკვა!
    – იქნებ გაფუჭდა ის ღვინო. ქვევრი რომ გაიხსნება, თუ მაშინათვე არ გადაისხა სხვა ჭურჭელში, ფუჭდება ღვინოო, გამიგია! – თქვა გამომძიებელმა.
    – არ არის ღვინო გაფუჭებული. ძროხის შპრიცით ამოვიღე და გავსინჯე! – გამოტყდა ბაგი. – რამდენ გრამი ღვინო ამოვიღე ზუსტად იმდენი არაყი შევუშვი ისევ იმავე შპრიცით. არაყი ღვინოზე მსუბუქია და ზევიდან ტივტივებს! არ არის ღვინო გაფუჭებული, თავს დავდებ თუ გინდათ!
    – რომელი შპრიცით ამოიღეთ, თქვენი ვეტექიმი მძახალის შპირცით? – დაინტერესდა გამომძიებელი.
    – არა, სხვა შპრიცით. რა ხართ მაინც ეს გამომძიებლები, არაფერი გავიწყდებათ!
    – არ გვაქვს უფლება რომ დაგვავიწყდეს. ჩვენ რომ რამე დაგვავიწყდეს და ოქმებში დაფიქსიერებული ფაქტებიდან გამომდინარე არ გავაკეთეთ დასკვნები, ხომ დავიღუპებით! ცოტაოდენი გადახრა და მაშინვე მიკერძოებაში ჩაგვეთვლება და ეჭვის თვალით შემოგვხედავენ, ქრთამი აიღოო, იფიქრებენ. – თქვა გამომძიებელმა. – თქვენ რა იცით, დაზარალებული უნაყოფო იყო თუ არა?
    – მეორე ცოლისაგანაც არ ყოლია შვილი და იქიდან! – თქვა ბაგიმ.
    გამომძიებელმა ყვითელი სანთებელა კისერზე მარყუჟით ჩამოკიდებული დაბინდული ხელის თაბაშირზე დააკაკუნა.
    – ბანდიტების ტყვიაა? – დაბინდულ ხელზე ჩაეკითხა ბაგი. – “ბანდიტსკაია პულიაო”, რომ იტყვიან, ის არის?
    – სამსახურებრივი ტრავმაა! – მოკლედ მოუჭრა გამომძიებელმა და მაგიდას მიუჯდა. – რამდენი ღვინო ასხია იმ ქვევრში?
    – ათკოკიანი ქვევრია. კოკაში ოცდაოთხი ლიტრაა. ორასორმოცი ლიტრა გამოდის, – თქვა ბაგიმ.
    – ჩავჯდებით ახლა მე და შენ ჩემს მანქანაში, წავალთ შენს სოფელში, მივადგებით ბიძაშენის სახლს, ვნახავთ იმ ქვევრს და თუ ის, რაც შენ ილაპარაკე, მართალი გამოდგა, ხომ კარგი, თუ არადა, გახეხინებ ციხეს! – ძალიან მშვიდად უთხრა გამომძიებელმა ბაგის და სიგარეტს მოუკიდა. – თუ ღვინოს შევატყვე რომ მართლა ძველია, ორას მანეთს მოგცემ ნაღდ ფულად!
    – ისედაც გაჩუქებთ, ბატონო! – შეაგება ბაგიმ.
    – არავითარ შემთხვევაში! – ძალიან მკაცრად დააკაკუნა მაგიდაზე სანთებელა გამომძიებელმა. – მე ქრთამს არ ვიღებ!
    – არც მიკადრებია, ქრთამი აიღეთ-მეთქი! – დაიბნა ბაგი.
    – ჩვემ იურისტებს არაფერი გამოგვეპარება! – ღრმა ნაფაზი დაარტყა გამომძიებელმა. – თქვენ ჩემზე იფიქრეთ, ეს ცალხელა კაცი საჭეს ვერ მიუჯდება, სოფელში წასვლა გამოსაცდელად მითხრა – იმაში დასარწმუნებლად, მართლა არსებობს ის ღვინო თუ არა, მერე ადგება და მეტყვის, აქეთ მომართვი ღვინოოო, ასე არ არის? სხვა ღვინოს შემოპარებაც შეიძლება ამ შემთხვევაში, ტყუილს ვამბობ?
    – როგორ გეკადრებათ, ბატონო! – აღშფოთების გამოსახატავად სრული პიჯაკის ზედიზედ ორჯერ გასწორება არ ეყო ბაგის. – არასოდეს უთქვამს ბაგი დარასელიას ტყუილი და ამ სიბერეში რა ათქმევინებდა!.. ახლავე წავიდეთ, მაგრამ ფულს ნუ შემომთავაზებთ ღვინოში, არ ავიღებ მაინც! ოცდარვა წელზე მეტია იმ ღვინოს არ გავკარებივართ დარასელიები და ფულს ავიღებ, როგორ გგონიათ?
    გამომძიებელი თაბაშირში ჩასმულ საკუთარ ხელს დააცქერდა.
    – აბა, მართლა არსებობს ოცდარვა წლის ღვინო? – იკითხა მან და სტენოგრაფისტ გოგოს შეხედა.
    – შვილებს გეფიცებით, ხვიჩას და კაჯის და, შვილიშვილებსაც, ქეთის და უმცროს ხვიჩას! – ფიცი მაგიდაზე ხელის დატყაპუნებით წარმოთქვა ბაგიმ.
    გამომძიებელი ისევ სტენოგრაფისტ გოგოს მიაჩერდა, სტენოგრაფისტმა კი დაკითხვის ოქმში ჩაიხედა, თითქოს იქ უნდა ამოიკითხოს პასუხიო.
    – შეიძლება ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი, რომ თქვენ მოგცეთ ის ღვინო! – თქვა ბაგიმ. – რომც არ გამიშვათ მაინც გაჩუქებთ იმ ღვინოს. სულ ერთია, ჩემი ბიჭები მაინც გამომიყვანენ აქედან, აგერ ნახავთ თუ არა!.. ოღონდ ამ ღვინოს ამბავი ჩვენ სამს შორის უნდა მოკვდეს. არც ჩემმა ბიჭებმა და არც ჩემმა სიძემ არ იციან მაგ ღვინის ამბავი. ახალგაზრდები არიან, რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ცდუნებისთვის ვერ გაეძლოთ და ბიძაჩემის წყევლა არ ასცდებოდათ მაშინ!
    – აბა მე დაწყევლილ ღვინოს მტენი?! – აღშფოთდა გამომძიებელი.
    – სიტყვას მოჰყვა, თორემ ღვინო კი არ დაუწყევლია ბიძაჩემს, ქვევრზე თქვა, გადაუძახეთ ხევშიო. კაცი სიკვდილის წინ რომ დაიბარებს, გადაუძახეთ ქვევრს ხევშიო, ასე გამოდის, რომ იმ ქვევრიდან ღვინო ჩვენი გვარის კაცს არ დაელევა. აი თქვენთვის კი ნამდვილად ალალი იქნება. ხომ გითხარით, ალბათ ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი-მეთქი?
    – დაზარალებულისაც? – გესლიანად იკითხა გამომძიებელმა.
    – შეიძლება!.. იმიტომ რომ, ის უხსენებელი დაზარალებული რომ არ ყოფილიყო, ვერც თქვენ შეგხვდებოდით…
    – ორას მანეთს მოგცემ ნაღდ ფულს იმ ღვინოში, თუ არ აიღებ ჩაგალპობ ციხეში! – თქვა გამომძიებელმა. – თუ მატყუებ, მაშინაც ჩაგალპობ!
    – ვერ ავიღებ მე ფულს! რა სინდისით დავუნთო მერე ბიძაჩემს სანთელი საკურთხზე, ან როგორი თვალით შევხედო, როცა იმქვეყნად შევხვდებით ერთმანეთს?!
    – აი ამ ხელებით მოგახრჩობ, თუ არ აიღებ! – კბილებიდან გამოსცრა გამომძიებელმა და ბაგი დარასელიას ჯერ საღი ხელი აჩვენა, შემდეგ თაბაშირში ჩასმულიც.
    – არ ავიღებ! – თქვა ბაგიმ. – ბიძაჩემის სული არ მაპატიებს!
    – მე კიდევ გჭირდებით, თუ შემიძლია წავიდე? – გაუბედავად იკითხა სტენოგრაფისტმა გოგომ.
    – წადი, მაგრამ არ გაინტერესებს მაინც, როგორ დამთავრდება ეს ამბავი? – გაოცება ვერ დამალა გამომძიებელმა.
    – ის ფული, ღვინოში რომ სთავაზობთ ეჭვმიტანილს, აიღეთ და დაზარალებულს მიეცით კომპენსაციად ეჭვმიტანილის სახელით, ისიც ადგება და საჩივარს გამოიტანს. მერე თქვენც ადექით და იჩუქეთ ის ღვინო და მერე მეორე ოცდარვა წელი მაინც დაგრჩებათ მოსაგონრად და სატრაბახოდაც მისი გემო! – უპასუხა სტენოგრაფისტმა გოგომ და მისი კდემისთვის შეუფერებელი თავდაჯერებულობით გაიღიმა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია (თარგმანი)

    დევიდ დემპსი – ნორმან მეილერის "შიშვლები და მკვდრები"


    დევიდ დემპსი
    პასუხი მათ, ვინც ომის მომხრეა
    ნორმან მეილერის “შიშვლები და მკვდრები”

    ვფიქრობ, ნორმან მეილერი არ უნდა დავძრახოთ იმისათვის, პირდაპირი იერიშით რომ შეეცადა იმის აღებას, რაც მასზე უკეთესად მიჩნეულმა მწერლებმა ბრძოლის სხვა ხერხებით ვერ მოიპოვეს. მისი რომანი “შიშვლები და მკვდრები” უსასრულო, სულისშემძვრელ კივილად აღიქმება, თანამედროვე ომის მთელ სისასტიკეს და დაუნდობლობას რომ ამხელს. ეს არის მართლაც ამბიციური ნაწარმოები, მაგრამ გაბედული და უკომპრომისო. მე მას თამამად მოვიხსენიებ იმ საუკეთესო წიგნების გვერდით, რაც კი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაწერილა. მიუხედავად ცალკეული მოსაწყენი პასაჟებისა, სადაც ხშირად ერთსა და იმავეს გვიმეორებენ, მიუხედავად დაჟინებული მრავალსიტყვაობისა და ანალიტიკური მომენტების სიჭარბისა, ეს არის ცინცხალი ნიჭით დაჯილდოებული სულ ახალგაზრდა, ოცდახუთი წლის კაცის ძლიერი და შთამბეჭდავი ნაწარმოები, რომლის აქა-იქ მიმოფანტული “ჩავარდნები” მხოლოდ იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ ავტორს მოუხელთებელის შეწვდომა უფრო განუზრახავს, ვიდრე მისი ხელთ გდება და მუჭში გამომწყვდევა.
    “შიშვლები და მკვდრები” უსაშველოდ დიდი რომანია, იმედგაცრუების მძლავრი ტალღით ნაპირზე გამორიყული! იგი ოცნების უფლებასაც კი არ გვიტოვებს და ისეთ უმოწყალო კანონადად ჩაგვესმის ყურში, რომლის დროსაც თითოეული ობიექტი თუ სამიზნე სულ ცოტა სამჯერ მაინც იწვნევს დარტყმას. გარდა ამისა, ეს არის მთავარი გმირის, გალაჰერის სექსუალურ განცდათა და ქმედებათა გუდმოდგინე რესტავრაცია. რომანის სტილი, არც მეტი არც ნაკლები, სალდაფონურია, გნებავთ ქუჩური, რაც, ალბათ, ბევრი მკითხველის სმენას შეურაცხყოფს, თუმც გაზვიადებული აქ თითქმის არაფერია: მეილერის მეომრები ხომ ადამიანებია, დათრგუნული, აგონიით განაწამები არსებები. ეს რომანი ომზე მოგვითხრობს და სისხლს გვაყურებინებს, ამიტომაც ის აისივით მეწამულია. ეს არის გაბედულ იერიშთა მთელი სერია, რომელთა დროსაც ობიექტი რატომღაც აუღებელი რჩება. ისე კი, ცოტა ჭირს იმის გარკვევა, ამ ობიექტში რა იგულისხმება.
    მისტერ მეილერს აშკარად არ მოსწონს ომი, არც მასში მონაწილე მებრძოლებითაა აღტაცებული (ამისთვის, ცხადია, ორიგინალობას ვერ დავაბრალებთ). იგი ყველანაირად ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ომის მთელი საშინელება მის მონაწილეთა ბუნებიდან მომდინარეობს, მათი ბუნება კი, თავის მხრივ, ომსა და სამხედრო ატმოსფეროს დაუმახინჯებია. არა მგონია, მთლად ასე იყოს საქმე! მეორე მსოფლიო ომამდელი ახალგაზრდობა ისე იყო დეპრესიით მოდუნებული, რომ საყოველთაო დემოკრატიის ფხიზელ გუშაგად ვერა და ვერ გამოდგებოდა!
    რომანის ორი პერსონაჟი ებრაელია, ერთიც – ეთნიკური მექსიკელი; ამერიკელი ხალხის ოცნება მათ ჯერ ბოლომდე ვერ “გაუმშობლიურებიათ”. მაგრამ რას ვერჩით, როცა თავად ამერიკელებს ბევრი აქვთ ერთმანეთთან გასარკვევი და საკამათო. აზრთა ასეთი სხვადასხვაობა მშვიდობის დროს, ასე თუ ისე, ასატანია, ომში კი, შეუდარებლად გამწვავებული: სამხედრო ატმოსფერო ხომ არნახული აგრესიით მუხტავს ადამიანებს, სწორედ ეს არის რომანის კვინტესენცია და მთავარ გმირსაც, გალაჰერს, მისი ცხოვრების არცთუ სახარბიელო პერიოდში მოვიხელთებთ წიგნის ფურცლებზე.
    მეილერი ამ წარმოსახვით ომს მებრძოლთა ჯგუფის, ერთი გენერლის და კიდევ ერთი მაიორის თვალით გვაყურებინებს. ესენი უკვე ადამიანები აღარ არიან; რაღაც ერთიან, საშინელებით ათრთოლებულ, გაშიშვლებულ ნერვად უფრო აღიქმებიან. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს “საბრძოლო ერთეულები” სულიერი არსებანი, ცალკეული ინდივიდები იყვნენ ოდესღაც. რომანში ღრმად არის შესწავლილი მათი ხასიათები და იგი ბრწყინვალე რეტროსპექტული ჩანახატებით წარმოგვიდგება. სწორედ ეს მოქნილი ჩანახატები ადასტურებენ, რომ მეილერი ნიჭიერი და შორსმჭვრეტელი შემოქმედია. აი, ძირითადი სიუჟეტი კი ინერტულობით გამოირჩევა… დუნე, უსიცოცხლო თხრობის მსხვერპლს ემსგავსება. ბრძოლის ყველა დეტალის მხატვრულად “გადათარგმნა” არაფერს მატებს ტექსტს, მხოლოდ ამძიმებს. ამასთან ერთად, პერსონაჟთა წარსული და აწმყო ერთმანეთს მეტისმეტად სუსტად უკავშირდება, და მეტსაც გეტყვით: გენერალი, რომლის ხასიათის გამოძერწვაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ რომანში, ჩვეულებრივი ფაშისტის ინტელექტუალური ვერსიაა, სხვათა შორის, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებული.
    მაგრამ ეს თვალშისაცემი ხარვეზები ბევრს მაინც ვერაფერს აკლებს ნაწარმოებს. აქ ხომ უამრავ ოსტატურად ნაქსოვ სიუჟეტს გადააწყდებით: თვეზე მეტია, რაც გალაჰერს შეატყობინეს, რომ მისი ცოლი გარდაიცვალა, ის კი კვლავ იღებს ქალის ბარათებს, დაწერილს იქამდე, ვიდრე ის მშობიარობას გადაჰყვებოდა; უილსონის დაღუპვის ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია, რაც კი ოდესმე ომის თემაზე დაწერილ წიგნებში ამომიკითხავს; ვერაფერი დამავიწყებს სერჟანტ კროფტის სადისტურ სახეს, რომელსაც სურს საკუთარი ჯარისკაცები ფრიალო კლდეებზე აძრომიალოს. რატომ, ამაზე ნუ დაფიქრდებით… უნდა და მორჩა! ყოველივე ეს “ომის გულიდან” ამოზრდილი ტრაგედიაა, ტრიუმფი სენტიმენტალობას მოკლებული რეალიზმისა. “შიშვლები და მკვდრები” უბრწყინვალეს წიგნად არ მიმაჩნია, მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო დანიჭიერი ამერიკელი მწერლის დაბადების საბუთად ხომ გამოდგება!

    The New York Times Book Review
    1948, 9 მაისი

    ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    გაგა ლომიძე – აღმნიშვნელთა მინერალური ამბოხი


    Lost in Translation

    იმპერიების ნანგრევებზე ყოველთვის ახალი ლიტერატურა აღმოცენდება ხოლმე. და მხოლოდ ასეთი სიახლის გამო შეიძლება ჰქონდეს გამართლება იმ პოლიტიკურ სიბინძურეს, სოციალურ კატაკლიზმებსა და ადამიანების გაუბედურებას, რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის თან სდევს იმპერიების დაისს. ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნგრევამ კაფკა და მუზილი გვაჩუქა, ბრიტანეთის იმპერიის დაშლას კი ასპარეზზე რუშდისა და «ბუკერის» პრემიის ლაურეატი მწერლების მთელი კოჰორტის გამოსვლა მოჰყვა. საბჭოთა იმპერიის დემონტაჟიც, ახლო მომავალში, იმედია, თავის შედეგს გამოიღებს: უკრაინული ლიტერატურა დღეს არნახულ აღმავლობას განიცდის. მხოლოდ ჩვენს გამომცემლობაში გასულ წელს სამი უკრაინელი და ერთი ბელორუსი ავტორის წიგნი გამოიცა. ბოლოს და ბოლოს, ზაზა ბურჭულაძის წიგნი «მინერალური ჯაზი»-ც დავსტამბეთ. მოსკოველი მკითხველისთვის ეს თითქმის ისტორიული მოვლენაა – თანამედროვე თბილისის ცხოვრების შესახებ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ ვიცით. “მინერალური ჯაზი” კი თანამედროვე ქართველი ავტორის პირველი თარგმანია უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. როგორც მოგახსენეთ, ძალიან ცოტა რამ ვიცით საქართველოს კულტურული კონტექსტის შესახებ, მაგრამ იმ მცირედის გამო, რაც ზაზას და საქართველოში მისი რეპუტაციის შესახებ შევიტყვეთ, ძალიან დავინტერესდით.
    ზაზა ბურჭულაძე, რომელსაც თბილისში სკანდალისტის სახელი აქვს, მუდამ ვიღაცას ეკამათება და ეჩხუბება, მოსკოვში – პირიქით, თავს უყრის და არიგებს სრულიად განსხვავებულ მწერლებს – მაგალითად, ლიმონოვსა და გრიშკოვეცს, რომლებიც მოსკოვის ვერცერთ კონტექსტში ერთმანეთს ვერაფრით შეხვდებოდნენ, მაგრამ ზაზა თავის ჟურნალისტურ ესსეში მათ გვერდიგვერდ მოიხსენიებს. ედუარდ ლიმონოვი, რომელიც უკანასკნელ წლებში არცერთ რუს ჟურნალისტს არ თანხმდება ინტერვიუზე, ზაზასთან ინტერვიუს ჩასაწერად მზადაა. ვლადიმირ სოროკინი კი, რომელიც ახალგაზრდა მწერლებს იშვიათად წყალობს, ზაზას თავის აგარაკზე იწვევს. სკანდალისტი ზაზა ბურჭულაძე რუსეთში თავდადებულ კულტურტრეგერად, მშვიდობისმყოფლად მოგვევლინა, რომელმაც კულტურათაშორისი დიალოგის წარმმართველის მნიშვნელოვანი ფუნქცია იკისრა.
    ზაზა ბურჭულაძის წიგნის რუსულ ენაზე გამოცემის გამოცდილება უაღრესად საგულისხმო და პროდუქტიულია. გვინდა გვჯეროდეს, რომ ზაზა პირველი მერცხალია იმ ახალი ლიტერატურისა, რომელიც საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენდება. ამ ლიტერატურას არ ექნება ეროვნება და პასპორტი, მისთვის არც ვიზები იქნება საჭირო, ვინაიდან კულტურა სულ სხვა სასაზღვრო კანონებს ემორჩილება. ზაზა ბურჭულაძე კი ერთ-ერთი პირველი ქართველი მესაზღვრეა, ვინც თბილისში კონტრაბანდულად შეიტანა რუსული ლიტერატურა და პირველი მოხვდა ლიტერატურულ მოსკოვში.

    ალექსანდრ ივანოვი
    გამომცემლობა Ad Marginem-ის დირექტორი

    გაგა ლომიძე

    აღმნიშვნელთა მინერალური ამბოხი

    Заза Бурчуладзе. Минеральный джаз (перевод: Майя Бирюкова). Ad Marginem. 2008

    “მინერალურ ჯაზში” ავტორი თავის ნაწარმოებს ქარვას ადარებს, ვინაიდან რომანი, ისევე როგორც ქარვა, თავისთავში საუკუნეების ”გამოცდილებას” აერთიანებს – იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე ძველი ქარვა დაახლოებით 30-90 მილიონი წლისაა და მასში უხრწნელი სახით, ჩაკირულია ყველაზე ძველი ორგანიზმები – მცენარეები თუ მწერები. ”მინერალური ჯაზი”, თავისი ბრიკოლაჟური ტექნიკით, რომელიც ლიტერატურული თუ ვიზუალური ხელოვნების ინტერტექსტებით თუ ციტატებითაა გაჯერებული, იმაზე მიუთითებს, რომ ის მსოფლიო კულტურის გამოცდილებას მოიცავს და ქარვის კვალად, ”გამომაფხიზლებელი”, სამკურნალო დანიშნულება აქვს. სწორედ აქედან მომდინარეობს რომანის სათაურის ავტორისეული დეფინიციაც – ”მინერალური ჯაზი”: ”მინერალური”, რაც სამკურნალო თვისებებს გულისხმობს; ხოლო ჯაზი – ”სეირი, დარდის გაქარვება, ზურნა-დუდუკი, სასეირო”-ს მნიშვნელობის მატარებელია. აქედან უკვე სემანტიკური თვალსაზრისით წყვილდება ორი ცნება: საწადელი და სასეირო.
    იმავდროულად, ქარვა ერთგვარად უკავშირდება თაფლსაც, რაც რომანში არაერთგზისაა მოხსენიებული და იკვრება მეტაფორული წყვილები – გოლეული/ფუტკარი და მწერალი/ტექსტი, რაც თავის მხრივ, უკვე პირდაპირ უკავშირდება ტექსტის, როგორც ქარვის გაგებას. ახლა, თუკი ავტორის სიტყვებს გავიხსენებთ, რომ ყოველი დიდი ქმნილება უნდა იყოს საზოგადოც და ვიწროდ ნაციონალურიც, მაშინ ფუტკრისა და თაფლის კონტექსტში სრულიად სამართლიანად შემოვა რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი – დათვი – დიადი რუსეთის ხატი. მით უმეტეს, მისი ტამბოვური წარმოშობა გვიბიძგებს ამისკენ. ახლა უკვე რომანი პოლიტიკური პამფლეტის სახეს იღებს და ასეთ შემთხვევაში ასოციაციური ცდუნებისთვის თავის დაღწევა ძნელია: შამუგიას ”კისერზე ძაღლის მძორი” ხომ იგივე თეიმურაზ ხევისთავთან გვაგზავნის ”ჯაყოს ხიზნებიდან”, ხოლო ”ქართველობა, როგორც დიდი ტვირთი” – თეიმურაზის და ივანეს დიალოგს მოგვაგონებს იმავე რომანიდან; ან თუნდაც ფრაზა – ”წამოვწვებოდი ჩემთვის ლეღვის ჩეროში და აღარაფერზე არ ვიფიქრებდი… ზაფხულია და მისი დადგომისთანავე ჭერში იმოდენა ბუზი ჩნდება, შეგიძლია თვალო და შემოდგომამდე მაინც ვერ დათვლი”, რომელიც ილიას ”კაცია-ადამიანს” შეგვახსენებს. თვით ”შემოქმედებითი კრიზისიც” – რომანის ალტერნატიული სათაური თითქოს მიგვანიშნებს, რომ ”გურჯისტანში” არაფერი შეცვლილა. მით უმეტეს, რომ ავტორისეული festina lente-ც ამის ერთგვარი დადასტურებაა, როცა თითქოს რომანი ვერ სრულდება (როგორც პრუსტის გმირი, რომელიც რომანის დაწერას აპირებს, მაგრამ არ გამოდის და რომანიც მაშინ მთავრდება, როცა პერსონაჟი უკვე წერას იწყებს), რასაც ავტორი გამუდმებით გვიმტკიცებს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს ავტორის ნიღაბია და რომანის დაუსრულებლობა მხოლოდ ხერხია – კარნავალური ხერხი. ყოველივე ამის გათვალისწინებით დათვი-პერსონაჟი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ შთაბეჭდილებას, როცა ავტორი უნებლიედ, თითქოს სასხვათაშორისოდ, ახსენებს ”ოლიმპოელ კნეინას” – ჰერას, რომელმაც ხსენი დაღვარა, საიდანაც რძიანი გზა, ანუ დიდი დათვის თანავარსკვლავედი გაჩნდა. ეს კი, თავის მხრივ, ვისკონტის ”დიდი დათვის დანისლულ ვარსკვლავს” შეგვახსენებს და გზის გამოუვალობაზე მიგვანიშნებს. და ბოლოს, მდგომარების გამოუვალობას კიდევ უფრო ამძაფრებს ოჩიგავების სახლში დათვის სტუმრობა და ამ ჩაკეტილ სივრცეში ექსტატიური როკვა. მით უმეტეს, პერსონაჟები ამ დროს ჯაჭვურ გერანოსს ცეკვავენ, რაც თეზევსისა და ლაბირინთიდან შვიდი ქალწულის გათავისუფლების მითს უკავშირდება.
    თუმცა, თუ უფრო ფართო პერსპექტივიდან შევხედავთ, ყველაზე რთული, ზოგადად, ადამიანის ხვედრია სამყაროში, სადაც ბიბლია, ფელინი და ზოლებიანი კბილის პასტა თანაბარმნიშვნელოვან ცნებებად იქცნენ; სადაც ჩვენს ჰიპერრეალურ სამყაროში ომი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, შუალედებში ჰიგიენური ტამპონების რეკლამებით; სადაც მასობრივი კვლავწარმოების ხანაში სულიერი კულტურა მეორეხარისხოვნად იქცა, რაც გაცხადებულია რომანის ბოლოს ტყავის სავარძლებში ჩაფლული პრეზიდენტებისა და ანდაზის, როგორც სულიერი კულტურის ნიმუშის დაპირისპირების მეტაფორაში. ადამიანის მიერ საკუთარი ბედის მოწყობის მცდელობა თვითნებურად ან ღმერთთან შეთანხმების გარეშე – უღმერთობის ხანის ნიშანია, რაც კიდევ უფრო ცხადად ჩანს შამუგიას ხილვაში – თავისი ვალპურგის ღამეებით თუ ჰომუნკულუსებით (გოეთეს ”ფაუსტის” ციტირებით და ფაუსტურ ცივილიზაციაზე მითითებით). იქნებ ამიტომაც ახსენებს ზაზა ბურჭულაძე პითაგორასეულ სიყვარულს, რომელზეც თითქოს უნდა გვესაუბროს და ავიწყდება. იქნებ ამიტომაც გვრის ნოსტალგიას ტამბოველ დათვს ქოლთრეინის კომპოზიციის, ”აფრიკას” შემთხვევითი გაგონება.
    თუკი, როგორც ავტორი ამტკიცებს ერთგან, ”დღევანდელ დღეს, საბაზრო ეკონომიკის ჯუნგლებში… ლიტერატურა, როგორც დარგი, მალე ისევე ამოწურავს თავისთავს, ვით, ვთქვათ, სქოლასტიკამ ამოწურა”, რაღა საჭიროა – ავტორის, როგორც მთავარსარდლის და სასვენი ნიშნების, როგორც ალყის მილიტარისტული მეტაფორა? ასეთ დროს სწორედ ტროპული ხერხები და მნიშვნელობები იქცევა ”ხელი-ხელ შეკოწიწებული ფასეულობათა წესრიგის” დეკონსტრუქციის იარაღად. ამგვარი ტექნიკა კი უხვადაა ”მინერალურ ჯაზში” – უპირველესად, პრუსტისეული მეტატექსტით თუ მკითხველთან ინტერპოლაციით, აღმნიშვნელთა თამაშით (ერთი და იგივე საგნის ან მოვლენის დასახასიათებლად ბინარული ოპოზიციების ჩამოთვლით, მათ შორის პოლარული სხვაობის გაგება უქმდება) თუ აპორიულობით; კულტურის კოდების ირონიზებით (სადაც მყარი გამოთქმების, ერთგვარი გნომური კოდების ეროვნული საუნჯიდან ავტორი ცდილობს სიკვდილის შესატყვისი გამოთქმა შეარჩიოს) თუ უნებლიე ეტიმოლოგიით (შენობა/შეჩემობა, სადაც ”შეჩემობა” ეტიმოლოგიური თვალსაზრისით სექსუალურ კავშირთან წილნაყარ სიახლოვეს, როგორც ჭეშმარიტ სიახლოვეს მოგვაგონებს); მოლოდინის ჰორიზონტის გაცრუებით (ფრაზით – ”აქ ალბათ მკითხველი ელოდება, რომ…”) თუ ცნობილ ლიტერატურულ ტექსტებზე პაროდიით (როდესაც ”მინერალურ ჯაზში” სამაშველო რგოლი ჩნდება, რომ შამუგია სხვა რომანების პერსონაჟებივით წყალში არ დაიხრჩოს).
    თუმცა აქ ყველაზე მთავარი მაინც ჯაზის ცნებაა, ვინაიდან ის ”თავისუფლების პოსტულატია” და ”ახლა და აქ” იქმნება. ამდენად კავშირი იკვრება როგორც რომანის საერთო სტრუქტურასთან, ისე კარნავალურობის გაგებასთან – ტექსტთან იერარქიის გარეშე და ეს აშკარაა თუნდაც იმიტომ, რომ ”მინერალურ ჯაზში” არ არსებობენ მთავარი და არამთავარი გმირები, ტრადიციული გაგებით. მაგრამ არსებობს ტექსტი, რომლისთვისაც ”დროის არავითარ ხანგრძლივობას არ აქვს მნიშვნელობა” და თანმიმდევრული, ხაზოვანი თხრობის სისტემა მის თავისუფლებას ვეღარ შეზღუდავს. მისთვის მხოლოდ ”მარადიული აწმყოა”; და რაც მთავარია – არსებობს ავტორი, რომელიც თავის ტექსტთან ერთად ”იბადება” და ევოლუციას განიცდის; რომელიც თანამედროვე რომანში ”ავტორის სიკვდილის” მიუხედავად, კვლავაც აგრძელებს არსებობას და წინააღმდეგობას გამძაფრებული ”მე”-ს შეგრძნებით უპირისპირდება. აქედან მომდინარეობს ”მინერალურ ჯაზში” გალაკტიონისეული ინტერტექსტი – ”მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა”, რაც იმავდროულად, სისტემისგან და კანონიკისგან გათავისუფლებული ავტორის განუზომელ თავისუფლებას გულისხმობს; მეორე მხრივ, ისევ გალაკტიონისეული ”ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა” – თავის თავში მოიცავს ჰიპერტროფირებულ ”მე”-ს და შემოქმედებით პოტენციას ითვალისწინებს.
    როგორც დერიდა იტყოდა, ყველაფერი ტექსტობრივია და არაფერი არსებობს ტექსტს გარეშე. მათ შორის, ჩვენი ცხოვრებაც. ჩვენ კი, მკითხველთ, ისღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ, ნიშნებს შორის ქვეტექსტები ვიკითხოთ და ვიოცნებოთ; ვიოცნებოთ სოდომამდელ სამყაროზე, სადაც აღარ იქნება იერარქიული წესრიგი; არც მნიშვნელობების სისტემა შეზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და აღარც მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებად დაყოფენ ადამიანებს – სწორედ ისე, როგორც ”მინერალურ ჯაზში”. ან, სულაც გავიღიმოთ – რომანს ხომ თითქოს რეფრენივით გასდევს ავტორის უწყინარი (თუ ირონიული) სიცილი – ”ეხე-ხე”, რომელიც თავისი ბუნებით დიონისურია, ან, გნებავთ, კარნავალური და თავის თავში აერთიანებს იმავე ბინარულ წყვილებს: ქებას და ლანძღვას, დაცინვას და აღტაცებას, კვდომას და აღდგომას.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე

    თემურ კობახიძე – ქარის ქსოვა სარკეებიან უდაბნოში – ტ. ს. ელიოტის “ჯერონშენი”

    რაც შესაძლოა მომხდარიყო არის აბსტრაქცია,
    რომელიც მუდმივ შესაძლებლობად
    მხოლოდ აზროვნების სფეროში რჩება.
    ის, რაც შესაძლოა მომხდარიყო და ისიც, რაც მოხდა
    მხოლოდ ერთ დროს გულისხმობს, ყოველთვის აწმყოს.
    ტ.ს.ელიოტი, “ოთხი კვარტეტი”

    იმ მრავალრიცხოვანი კომენტარების შემდეგ, რაც ინგლისსა და ამერიკაში “ჯერონშენის” შესახებ გამოქვეყნდა, კიდევ ერთი წერილის გამოჩენას ალბათ მხოლოდ ის გამართლება აქვს, რომ ქართველი მკითხველისათვის ეს ნაწარმოები პრაქტიკულად უცნობია. უკანასკნელ დრომდე არც ქართულ თარგმანში იყო შესაძლებელი ელიოტის ამ მეტად მნიშვნელოვანი ლექსის წაკითხვა. გარდა ამისა, როგორც პოეზიის ყველა გამორჩეულ ნიმუშს, ელიოტის ამ ნაწარმოებსაც სხვადასხვა დროსა და გეოგრაფიულ გარემოში მცხოვრები დაინტერესებული მკითხველი სხვადასხვანაირად აღიქვამს. “ჯერონშენი” არ არის უბრალოდ ლექსი, რომელიც ევროპაში ოდესღაც გამეფებულ კრიზისულ განწყობილებებს ასახავს და დღეს უკვე მხოლოდ ლიტერატურის ისტორიის ფაქტად აღიქმება. დიდი ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველთა ყოველ თაობას ის ახლებური, ამ თაობისათვის აქტუალური კუთხით წარმოუდგება, რომ აღარაფერი ვთქვათ ანგლო-ამერიკული მაღალი მოდერნიზმის იმ განუმეორებელ ხიბლზე, რომელიც ელიოტის ყველა ძირითად ქმნილებას თან ახლავს. ცხადია, დღევანდელი გადმოსახედიდან ადვილად ვაცნობიერებთ, რომ ელიოტის მოდერნისტული აპოკალიფსი არ შედგა. ან უფრო, შედგა სწორედ ის, რაც ელიოტს თავისი ეპოქისათვის აპოკალიფსად მიაჩნდა. სამოციანი წლების “განტენბაინთა” საზოგადოებამ, რომელმაც ჰესეს “ფელეტონური ეპოქა” შეცვალა, წარმატებული სვლა განაგრძო და საუკუნის მიწურულისათვის დამატებითი ტექნოლოგიზაცია განიცადა. ჩვენ ახლა ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვებით ვიკვებებით და e-წიგნებს ვკითხულობთ (როდესაც ვკითხულობთ). თუმცა თანამედროვე ადამიანს ჰაქსლის “მშვენიერი ახალი სამყაროს” წინასწარმეტყველებათა აღსრულება ჯერ კიდევ წინ აქვს, არის ბევრი რამ, რაც მან უკვე წარმატებით უკან ჩამოიტოვა. უკვე ჩამოყალიბდა ე.წ. პოსტ-პოსტინდუსტრიული ცივილიზაცია, რომელმაც ადამიანის ცნობიერებაში მთლიანად შეცვალა მოძველებული სულიერი კულტურა და მისი ტრადიციული ზნეობრივ-ესთეტიკური კრიტერიუმები. სიტუაციას ახალისებს ისიც, რომ ზოგი საზოგადოება, ან მისი გამორჩეული წარმომადგენელი ამ პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ეტაპთა გაუვლელად, პირდაპირ ჯორჯ ორუელის “ცხოველთა ფერმიდან” მოხვდა. Eეს ყველგანაა მეტ-ნაკლებად საგრძნობი – ჩვენშიც და დასავლეთშიც.Uუბრალოდ, ჩვენში ყველაფერი ჰიპერტროფირებულ ფორმებს იღებს. მიტომაც არის, მაგალითად, რომ საკმაოდ გონიერი მწერალი ქალი სინთია ოზიკი, რომელიც მაღალი ხელოვნების შესახებ ელიოტის თეორიულ მოსაზრებებს ეკამათება, თავის ერთ-ერთ გახმაურებულ ესეს ოპტიმისტური შეძახილით ამთავრებს იმის შესახებ, რომ საბედნიეროდ, “თანამედროვე სამყაროში მაღალი ხელოვნება მკვდარია”.
    Mმაგრამ, მიუხედავად იმისა, რასაც არ უნდა წერდნენ ცალკეული ავტორები, საგულისხმოა, რომ “ჯერონშენი” დღესაც აღიქმება არა მხოლოდ უჩვეულო პოეტიკით გამართულ, ძალზე სპეციფიკური განცდითი შინაარსის გამომხატველ ლექსად, არამედ ერთგვარ მსოფლმხედველობრივ დიაგნოზადაც. ალბათ იგივე ითქმის ელიოტის მთელ ადრეულ პოეზიაზეც, თუმცა თვით პოეტს ხშირად აღუნიშნავს, რომ ამგვარი “დიაგნოსტიკა” მის გაცნობიერებულ მიზანს არასოდეს არ შეადგენდა. პოეზია მისთვის ყოველთვის განცდით-ინტელექტუალური კომპლექსი იყო და არა სოციალურ პროცესთა კვლევის ლაბორატორია. Aამიტომაც არის, რომ დეფიციტურ სულიერ საწყისთა ძიებით გართული დღევანდელი დასავლური ჰუმანიტარია სულ უფრო ხშირად უბრუნდება 20-იანი წლების ელიოტის პირქუშსა და ირონიულ მუზას. ხშირად გაისმის ხოლმე ისეთი ხალასი, აღტაცებული შეფასებებიც, თითქოს საქმე ინგლისურენოვანი ლიტერატურის კლასიკოსს კი არ შეეხებოდეს, არამედ თანამედროვე, სულ ახლახან სახელმოხვეჭილ პოეტს. Dდა მაინც, როგორიც არ უნდა იყოს “ჯერონშენის” “კულტუროლოგიური” დატვირთვა, ის, უპირველეს ყოვლისა საინტერესოა, როგორც ლექსი და არა როგორც “ეპოქის დოკუმენტი”, რადგან საბოლოოდ, მთელ მის თვისებრიობას სწორედ პოეტიკა განსაზღვრავს. ესაა “კულტურულ ტრადიცათა ქაოსის ასახვა მედიტაციურ შინაგან მონოლოგში, ვერლიბრის ფორმით გამოხატული… არაფერი ამ ლექსის მსგავსი ინგლისურ ენაზე მანამდე არ შექმნილაო”, – აღნიშნავს “ჯერონშენის” შესახებ ერთი საკმაოდ კომპეტენტური წერილის ავტორი. სავსებით შესაძლებელია იმის თქმა, რომ “უნაყოფო მიწის” გამოკლებით, ინგლისურ ენაზე არც მას მერე შექმნილა მსგავსი პოეტური ნაწარმოები. თავიდან ლექსი ისედაც ჩაფიქრებული იყო, როგორც “უნაყოფო მიწის” შესავალი, მაგრამ ეზრა პაუნდმა გადააფიქრებინა ელიოტს პოემის მოცულობის გაზრდა და “ჯერონშენიც” ცალკე გამოქვეყნდა, კრებულში – “ლექსები, 1920”.
    “ჯერონშენისადმი” თანადროული კრიტიკის დამოკიდებულება ყოველთვის არაერთგვაროვანი იყო და მას ქრონიკული კამათის სახე ჰქონდა. ერთადერთი, რის შესახებაც თანხმობა ყოველთვის სუფევდა, იყო ის, რომ ნაწარმოები უკიდურესად კრიზისულ განწყობილებებს გამოხატავს და რომ მასში დომინირებს ოთხი ძირითადი სიმბოლური ხატი: თვით ჯერონშენი (სიტყვასიტყვით, “ბებრუხანა”), ქარი, გვალვა და წვიმა, რომელსაც ეს მოხუცი მთელი ლექსის მანძილზე ამაოდ ელოდება. არ დავობენ იმაზეც, რომ ლექსის “მოქმედება” (თუკი ლექსის უჩვეულო სახეთა მონაცვლეობას საერთოდ შეიძლება მოქმედება ეწოდოს) მოხუცის ფსიქიკაში, ან უფრო სწორად, მის ცნობიერების ნაკადში ხდება. ყველა ნახსენები თუ ნაგულისხმევი მოვლენა, ისტორიული, თუ პოეტის მიერ შეთხზული ფაქტის მინიშნება, მკაფიოდ გამოკვეთილ, გროტესკულ პერსონაჟთა სახეები და ასოციაციურ დეტალთა მონაცვლეობა, ყოველივე ეს, მხოლოდ ჯერონშენის ცნობიერებაში არსებობს. აქაც ვლინდება ელიოტის ასოციაციური პოეტიკის აზრობრივ-ემოციური მრავალნიშნადობა. საკვანძო სიმბოლოების მნიშვნელობასა და აღქმის მიმართულებას ის თითქოს თავად კარნახობს მკითხველს, ხოლო ინტელექტუალური ნიუანსებისა და ასოციაციური დეტალების ინტერპრეტეციას ის უკვე თვით მკითხველს, მის გემოვნებასა და განათლების დონეს მიანდობს.
    ჯერონშენის მოგონებათა მდორე, სიზმრეული დინება აღიქმება როგორც მთვლემარე მოხუცის შინაგანი მონოლოგი, სანახევროდ ცხადში ნაფიქრი და სანახევროდ სიზმრად ნანახი. გარეგნულად, ესაა ლოგიკურ კავშირს მოკლე-ბულ აზრთა და სიტუაციურ შთაბეჭდილებათა ფრაგმენტები, რომლებიც თითქოს “დაფარფატებენ” მოხუცის ცნობიერების სივრცეში, ან უფრო – მის სიზმრეულ ფანტაზიაში. ზანტი თვლემის განწყობილებას თავიდანვე წარმოქმნის ლექსის შექსპირისეული ეპიგრაფი “საწყაული საწყაულის წილიდან” (მოქმ. III, სურ. I, 32-34), სადაც ჰერცოგი ეუბნება სიკვდილმისჯილ კლოდიოს, რომ ის არც ახალგაზრდაა და არც მოხუცი, მაგრამ როგორც ნასადილევს ჩაძინებულს, ესიზმრება, თითქოს ორივეა:
    Thou hast neither youth nor age
    But as it were an after dinner sleep
    Dreaming of both.
    E იმას, რომ კლოდიო “არც ახალგაზრდაა და არც მოხუცი” და თან ეზმანება, რომ “ერთდროულად ორივეა”, ელიოტი სიმბოლურად იყენებს. ჯერონშენის სახით ის წარმოსახავს “დროისაგან თავისუფალ” ცნობიერებას, როგორც წარსულისა და აწმყოს “ერთდროულობას”. შექსპირისეულ ეპიგრაფს სიტყვასიტყვითი კავშირიც აქვს ლექსთან: ჯერონშენის აზრთა დინება მართლაც წააგავს ნასადილევს ჩაძინებული მთვლემარე მოხუცის წყვეტილ ასოციაციებს. წააგავს ის ჯოისის ლეოპოლდ ბლუმის ცნობიერების ნაკადსაც, რომელიც “ულისეს” მე-17 ეპიზოდში, (“ითაკა”) ჩაძინებისას, მთელ ტირადას წაიბუტბუტებს სინდბად-მეზღვაურზე (“Sinbad the Sailor and Tinbad the Tailor and…”) და ბოლოს ფშვინვას ამოუშვებს სიტყვებით: “…. Linbad the Yailer and Xinbad the Phthailer”.
    ამ ცნობილ პასაჟში ჩაძინების ფონეტიკური იმიტაციით, ჯოისი ბლუმის თვლემას უკიდურესი ნატურალიზმით წარმოსახავს (თუმცა ზედმეტსახელები, რომლებითაც ბლუმი სინდბადს მოიხსენიებს, მისივე დუბლინელი ნაცნობების სახელთა პაროდიებია და მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას შეიცავს). ელიოტის მიზანი სხვაა: სიმბოლურად, ჯერონშენის სიზმრეული “ანალიზის” საგანი არც მეტი, არც ნაკლები, ევროპის მთელი ისტორიაა, ძველი წელთაღრიცხვის 480 წლიდან, ისტორია, რომლის თვითმხლიველი ის ერთ-დროულად იყო კიდეც და არ ყოფილა, ან პირიქით, არ იყო, მაგრამ “ახლა არის”, რადგან ყველაფერი, რაც შესაძლებელია რომ ყოფილიყო, “ახლა” და “აქ”, მის ცნობიერებაში ხდება. “Here I am…” – “აი, აქა ვარო”, ამბობს იგი და ეს მისი “ვარ” (I am) ხაზს უსვამს ლექსის აწმყო სიტუაციას. Mმეორე მხრივ, ის, რომ ჯერონშენი უბრალოდ კი არ “არის”, არამედ სწორედ “აქ” არის, ადგილმდებარეობის, სივრცის აღმნიშვნელია და “აქა ვარ” სივრცე-დროის, ანუ სივრცედ ქცეული დროის, ანუ იმავე ერთდროულობისა და მყისიერების ხატად აღიქმება. Dცხადია, ფრაზა “Here I am, and old man…” შეიძლება ისეც ითარგმნოს, როგორც მარტივი “აი, მეც, მოხუცი…”, მაგრამ ლექსის მთლიანი კონტექსტის გააზრებისას ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ელიოტის ტექსტუალური პედანტიზმი და უმკაცრესი პოეტური ეკონომია აქ სულ სხვა აზრს აქსოვს. დაუკვირვებელი მკითხველი ასეთ, ერთი შეხედვით, “წვრილმანს”, ყურადღებას ნაკლებად მიაქცევს; არადა, სწორედ ამ დასაწყისში ეყრება საფუძველი არა მხოლოდ ნაწარმოების თემატიკას, არამედ მის პოეტიკასაც:
    Here I am, an old man in a dry month…
    ლექსის პირველსავე სტროფში ელიოტი ერთობ უჩვეულო ხერხს მიმართავს: სიმბოლური მნიშვნელობისა და პოეტიკური ჩანაფიქრის გამოსახატავად ის სახის აზრობრივ დატვირთვას კი არ იხმობს, არამედ სიტყვათა ლექსიკურ და გრამატიკულ ფორმას. იმას, რომ “ჯერონშენის” უკიდურესად სუბიექტური სივრცე-დრო არა მხოლოდ “ერთდროულია”, არამედ პროცესუალურიც, ის ყოფნა-ზმნის კონტინიუსის ფორმით გამოხატავს. ჯერონშენს ბიჭი წიგნს უკითხავს, ის ელოდება წვიმას, ანუ მისი აწმყო ცნობიერება ერთგვარ პროცესშია “ჩაფლული”:
    Being read to by a boy, waiting for rain…
    ამგვარად, იქმნება პროცესუალური და ამავე დროს მყისიერი სივრცე-დროის ხატი, ერთგვარი მითოპოეტური ქრონოტოპოსი, რომელიც ლექსის მთელ მხატვრულ სისტემას უდევს საფუძვლად. არსებითად, ეს გაცნობიერებული რეალიზაციაა ი. ლოტმანის მიერ მოგვიანებით გამოთქმული მოსაზრებისა იმის თაობაზე, რომ მხატვრულ ნაწარმოებში ხდება სამყაროს მოდელირება და რომ თვით ნაწარმოები თავისი პოეტიკური წყობით სამყაროს მინიატურულ მოდელს წარმოადგენს. “ჯერონშენში” ეს მხატვრული ხერხი სივრცობრივ და დროის–მიერ წარმოდგენათა მოდელირების საშუალებით ხორციელდება. როგორც გროვერ სმიტი აღნიშნავს, ამ ლექსში ელიოტის პოეტიკური ჩანაფიქრი ის არის, რომ წარსული აღიქმებოდეს აწმყოდ, რომ ის აწმყო ცნობიერებად წარმოგვიდგეს, ხოლო თვით აწმყო ცნობიერება წარმოჩინდეს მეხსიერებაში შემონახულ წარსულად. ცხადია, აქ თავს იჩენს ანრი ბერგსონის გავლენაც, რომლის ლექციებს “ხანიერების”, “გახანგრძლივებული აწმყოს”, ანუ სუბიექტური დროის შესახებ ახალგაზრდა ელიოტი ჯერ კიდევ სორბონში სწავლისას ისმენდა.Aაწმყო, რომელიც დრო კი არ არის, არამედ დროთა აღრევის შედეგად წარმოქმნილი კონტინუუმია, მეხსიერების ძალით შეიცავს წარსულს და შესაძლებლობათა წარმოდგენის ძალით – მომავალს. სწორედ ეს მომენტია ასახული “ჯერონშენის” პოეტიკაშიც, თუმცა თვით ელიოტი ბერგსონიანელი არასოდეს ყოფილა, ის უბრალოდ იყენებდა ბერგსონის იდეებს თავისი მხატვრულ მეთოდის შემადგენელ ნაწილად.
    ჯერონშენის ცნობიერებაში წაშლილია დიქოტომია თვით ზმანებასა და იმ რეალურად არსებულ საგანთა შორის, რომლებიც მას ეზმანება. Mმისთვის წარსულის რეალობა სწორედ იმ ფიქრად არსებობს, რომელიც ამ რეალობის შესახებ აწმყო მომენტში ფიქრობს. ელიოტის მხატვრულ მიზანს წარსულის აწმყოდ წარმოსახვა შეადგენს და ამიტომ, ჯერონშენის ნაზმანებიც “ქრონოლოგიური” კი არ არის, არამედ კალეიდოსკოპურია. ამგვარი ფიქრი წმინდა პროცესუალობაა, ის “ერთდროულია” და აქედან გამომდინარე, “ზედროულიცაა”. ესაა ერთგვარი პარადოქსი, “მყისიერი კონტინუუმი”, რომლის მიღმა ისტორია არ არსებობს, მაგრამ რომელიც ამ ისტორიას თვითონ მოიცავს, თანაც მოიცავს მას არა ქრონოლოგიურ, არამედ დიაქრონულ ჭრილში, როგორც აწმყო პროცესუალობას, ამ შემთხვევაში – მეხსიერებას.
    “ჯერონშენში” სამყაროს მოდელირება “აპრიორთა ოთხების” სიმბოლიკის მოხმობითაც ხორციელდება. ლექსში გაუთავებლად უბერავს ცხელი, ორპირი ქარი (ჰაერი, ამაოება), ჯერონშენის სახლი ბორცვის ძირასაა განლაგებული, მიწაზე, რომელსაც გვალვის ცეცხლი უკიდია და ის წვიმას (წყალს) ელოდება. იმას, რომ მოვლენათა შორის კავშირები მოშლილია და სამყაროს გლობალური ლოგიკური სტრუქტურა დეფორმირებულია, ისიც განასახიერებს, რომ ოთხი აპრიორული სტიქიიდან ქარს (ჰაერს) ძირითადი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ცეცხლი მხოლოდ გვალვისმიერი სიცხით არის წარმოსახული, წყალი კი (იუდეო-ქრისტიანულ რელიგიურ ტრადიციაში – ხსნა) ლექსში ფიზიკურად არ არის, თუმცა წვიმის დეკლარირებული მოლოდინი სიმბოლურად კიდევ უფრო ტევადია, ვიდრე გვალვაც (სულიერი უდაბნო) და ქარიც. აღსანიშნავია, რომ ქარის სიმბოლო ასოციაციურად აკავშირებს “ჯერონშენს” ბიბლიური იობის წიგნთან. როგორც ჟუჟა ენჯელა ლანგი აღნიშნავს, „ერთადერთი უშუალო მინიშნება იობის წიგნზე, რომელიც „ჯერონშენში” გვხვდება,
    “Vacant shuttles / Weave the wind”
    Q@”ქარს ქსოვენ უძაფო დაზგები”
    ცხადად მეტყველებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ამ ლექსში ქარს ენიჭება… ბიბლიის სხვა წიგნებისაგან განსხვავებით, სადაც ქარში ღმერთის ხმა, მისი სიტყვები გაისმის, იობი და მისი “მეგობრები” ქარს ახსენებენ, როგორც ფუჭი საუბრისა და უაზრო სიტყვების მეტაფორას (იობი, 6:26, 8:12, 15:2). “ქარს” აგრეთვე ღვთაებრივი რისხვისა და დესტრუქ-ციული ნების გამომხატველის სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს (იობი, 21:18, 27:21, 30:15, 30:22). “ჯერონშენში” ქარს ფუჭსიტყვაობისა და დესტრუქციის გარდა, გამოხმობისა და გამოშრობის, ელემენტთა დეჰიდრა-ტაციის სიმბოლური მნიშვნელობაც ენიჭება”. ასე რომ, “ჯერონშენის” დისონანსურ სამყაროში თვით პირველ-სტიქიებიც ტრადიციული თვალსაზრისით მოუაზრებადსა და ალოგიკურ ურთიერთობაში იმყოფებიან.
    ლექსი იწყება “ნეგატიური” მოგონებებით, ანუ იმის გახსენებით, რასაც ჯერონშენი სიფხიზლისას ვერ გაიხსენებდა იმიტომ, რომ ამ მოვლენებს ის არ მოსწრებია:
    I was neither at the hot gates
    Nor fought in the warm rain
    Nor knee deep in the salt marsh, heaving a cutlass,
    Bitten by flies, fought.
    “Hot gates”, სადაც ჯერონშენს “თბილ წვიმაში არ უბრძოლია”, არც “მძიმე ხმალი არ უთრევია და არც ჭაობებში ჩაფლულა, ბუზებით დაკბენილი”, სიტყვასიტყვითი თარგმანია გეოგრაფიული სახელწოდება თერმოპილესი (Thermopylae), – საბერძნეთში, სადაც ძველი წელთაღრიცხვის 480 წელს ბერძნებსა და სპარსელებს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა მოხდა. თერმოპილე და იქ მომხდარი ბრძოლა ისტორიულ რეალობაში, ანუ კონკრეტულ სივრცე-დროში არსებული ის ერთგვარი “ათვლის წრტილია”, რომლის ხსენების შემდეგაც ჯერონშენის ცნობიერებაში იწყება ერთმანეთთან ლოგიკურად დაუკავშირებელ ასოციაციურ სახეთა და სიტუაციათა დინება.
    ასოციაციური თვალსაზრისით, მრავალნიშნადია თვით ჯერონშენის სახე. ერთი მხრივ, ის ელიოტის “ბებრუხანაა”, რომლის ცნობიერებაც სიმბოლურად მთელ ევროპულ ისტორიასა და თანამედროვეობას იტევს, ხოლო მეორე მხრივ – ის აგრეთვე ჯონ ჰენრი ნიუმანის (1801-1890) რელიგიური პოემის, “გერონტიუსის სიზმრის” მთავარი გმირის პაროდიული ასლია. გარდა ამისა, ჯერონშენის სახე ომარ ხაიამის პოეზიის ცნობილი ინგლისელი მთარგმნელის, ედუარდ ფიცჯერალდის ასოციაციასაც შეიცავს. ბ.ს.საუთემის ცნობით, თვით ელიოტს პირად საუბარში უხსენებია, რომ ლექსის პირველი ორი სტროფი სიტყვასიტყვითაა ნასესხები ედუარდ ფიცჯერალდის ე. ს. ბენსონისეული ბიოგრაფიიდან, სადაც ფიცჯერალდის სიცოცხლის ბოლო დღეები ერთობ მხატვრულადაა აღწერილი: “აი აქა ზის, გამომშრალ თვეში, ბრმა და მოხუცი, მას სოფლელი ბიჭი უკითხავს წიგნს და ის ელოდება წვიმას”.
    როგორც ჩანს, ახალგაზრდა ელიოტისათვის ფსიქოლოგიურად და მსოფლმხედველობრივად ახლობელი იყო ცნობილი რელიგიური მოღვაწის, კარდინალ ნიუმანის სახე, რომელმაც თავისი კარიერის შუა ეტაპზე ანგლიკანიზმი უარყო და კათოლიკედ მოიქცა (მოგვიანებით, სულიერი ევოლუციის ანალოგიურ გზას თვით ელიოტიც გაივლის). ნიუმანი თავის პოემაში აღწერს გარდაცვლილი მოხუცის, გერონტიუსის სულის მოგზაურობას იმქვეყნად, ღვთის სამსჯავროზე, რომელიც ცოდვათა გამოსყიდვითა და მისი ინდივიდუალური ხსნით მთავრდება. ჯერონშენის სულის შინაგანი მოგზაურობა მის წარსულ შთაბეჭდილებათა სამყაროში პირქუშია და ირონიული; მისთვის არ არსებობს ხსნა, იგი ამაოდ ელოდება წვიმას. თუ ნიუმანის გერონტიუსი იმქვეყნიურ სამყაროში მოგზაურობს, ჯერონშენისათვის “იმქვეყნიურობა” მისი ნაზმანევი წარსულია. გარდაცვლილი გერონტიუსის “მოგზაურ” სულს უფალი შეიწყალებს, ჯერონშენის სიზმრეული მოგზაურობა კი იგივე ცოცხლად კვდომის პროცესია. “სიზმარი” ნიუმანის პოემაში სიკვდილის მეტაფორაა, მაგრამ გერონტიუსის სული ჭეშმარიტ სიცოცხლეს სწორედ სიკვდილის გზით ეზიარება. სიზმარი “ჯერონშენშიც” სიკვდილის მეტაფორაა, მაგრამ არა “უკვე მომხდარის”, არამედ უსაშველოდ გაჭიანურებულის. მისი სიზმარი მატაფორულად არის წარმოსახული როგორც მთელი ევროპული ცივილიზაციის სიბერე, მიხრწნა და კვდომა. ამ მოტივს, რომელიც ელიოტისტიკაში “ცოცხლად კვდომის” მოტივად (death-in-life motif) არის ცნობილი, “უნაყოფო მიწაში” პირველივე მნიშვნელოვანი ასციაციური სახე, კუმეს სიბილა განასახიერებს, რომელსაც ღმერთებმა უკვდავება უბოძეს და რის გამოც ის უსასრულოდ ბერდება და უსასრულოდ კვდება. ჯერონშენი, რომელიც თავიდან “უნაყოფო მიწის” შესავალი ნაწილის პროტაგონისტად იყო ჩაფიქრებული, პოემაში ამ თემატიკის შემომტან სახედ მოიაზრებოდა.
    ლექსის დასაწყისშივე ვიგებთ, რომ ჯერონშენის სახლი @”ჩამონგრეულია” და რომ ის აქ მხოლოდ მდგმურია; რომ სახლის მეპატრონე ებრაელი იქვეა მიმჯდარი, ფანჯრის რაფაზე; რომ ქალი, რომელიც მას ჩაის უდუღებს, საღამოობით აცემინებს და რომ თხა ღამღამობით ველებზე “ახველებს”. ანტიკური წარსულის მოგონებების შემდეგ, უცებ თვალწინ წარმოგვიდგება პროზაული და ერთობ ნატურალისტურად აღწერილი აწმყო, თუმცა თვით ევროპის სურათი, როგორც “ჩამონგრეული სახლისა”, სადაც ჯერონშენს წარსულის მოგონებები ერევიან, ასოციაციურად ძალზე ტევადია. ეპიზოდს ერთგვარ სიმბოლურ მთლიანობად წარმოაჩენს ევროპული სივრცის ხატი (ბრიუსელი, ანტვერპენი, ლონდონი) და სახლის მეპატრონე ებრაელის სახე, რომელიც ფანჯრის რაფაზეა მიმჯდარი და ამავე დროს, მთელ ამ სივრცესაც არის მოდებული. ის “ანტვერპენის კაფეებში გამოიჩეკა, მეჭეჭებით ბრიუსელში დაიფარა, ლონდონში დაიბლანდა და გაითალა”:
    And the jew squats on the window sill, the owner,
    Spawned in some estaminet of Antwerp,
    Blistered in Brussels, patched and peeled in London.
    ეპიზოდის ბოლოს ჯერონშენი ერთგვარი შეჯამების სახით იმეორებს საკუთარი თავის შესახებ: “მე, მოხუცი კაცი, – ფუტურო თავი, ქარიან სივრცეებს შორის გაჩხერილიო”:
    I an old man,
    A dull head among windy spaces.
    ჯერონშენის სულიერი და ფიზიკური სიძაბუნე, მისი “ფუტურო თავი”, მისი პასიური და დეგრადირებული ყოფა სრულ აზრობრივ-ემოციურ კონტრასტს ქმნის იმ ექსტრატექსტუალურ სახეებთან, რომლებსაც ის ასოციაციურად განასახიერებს – “იმქვეყნად” მოგზაურ ღვთისმოსავ გერონტიუსთან, თვით კარდინალ ჯონ ჰენრი ნიუმანთან და, რაღა თქმა უნდა, თავისი დროის ერთ-ერთ დიდ ინტელექტუალთან, ხაიამის მთარგმნელ ედუარდ ფიცჯერალდთან. არა მხოლოდ იმჟამინდელი ნაკითხი ინგლისელისათვის, არამედ თანამედროვე ინგლისურენოვანი ჰუმანიტარისთვისაც კი, ეს მნიშვნელოვანი სახელებია, რომლებიც არსებითად ვიქტორიანული ეპოქის ფილოსოფიას, თეოლოგიას, მხატვრულ ლიტერატურასა და აღმოსავლური კულტურისადმი ინტერესს, ანუ მთელი ვიქტორიანული მსოფლმხედველობის მნიშვნელოვან ნაწილს განასახიერებენ. ჯერონშენის სახეში ამ პაროდიულ ასოციაციათა შემოტანით, ვიქტორიანული და, ფართო გაგებით, წინა საუკუნის მთელი ევროპული კულტურა პაროდირდება; ნაჩვენებია თანადროულ სამყაროში ამ ტრადიციის სიძაბუნე, უუნარობა და მის ფასეულობათა დეგრადაცია.
    მაგრამ ელიოტი კიდევ უფრო შორს მიდის: მისი ჯერონშენის სიზმარეული ცნობიერება მთლიანად დასავლური კულტურის წიაღშიც “მოგზაურობს”. პაროდიისა და ირონიის საგნად პოეტს ორი ძირითადი და ერთმანეთში გადაჯაჭვული თემა აქვს არჩეული – რელიგია და ისტორია. საგანგებოდ არაერთგვაროვან ასოციაციებს ელიოტი ისე “ალაგებს”, რომ არსებითად, ჯერონშენის სიზმარი წარმოადგენს მთელი ევროპული ისტორიის, კულტურისა და თანამედროვეობის შესახებ რეფლექსიას. ეს პაროდიული რეფლექსია ხან მკაფიო, ვიზუალური ხატების, ხან თეოლოგიური დებულებებისა და ხანაც ციტატების სახით წარმოგვიდგება. შემდეგ სტროფებში ჯერონშენის სახე ფაქტობრივად “იშლება დამსხვრეული ევროპული ცივილიზაციის ატომებად, რომელთა გაერთიანება მხოლოდ მათი საერთო, მოჩვენებისმაგვარი ხასიათითა და თვით ჯერონშენის რიტორიკით ხდება”.
    ასოციაციურ სახეთა მთელ ამ კორიანტელში პირველივე რემინისცენცია რელიგიურია. ესაა ციტატი მე-17-ე საუკუნის ცნობილი მოღვაწის, ეპისკოპოს ლენსლოთ ენდრუსის (1555-1626) საშობაო ქადაგებიდან, რომელიც თავის მხრივ, სახარებიდან ნასესხები სახეებისაგან შედგება:
    Signs are taken for wonders. “We would see a sign!”
    The word within a word, unable to speak a word,
    Swaddled with darkness.
    “მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან” (“We would see a sign!”), ანუ, შენი ღვთაებრიობის ნიშანი მოგვავლინეო. ამ კითხვით მწიგნობარნი და ფარისე-ველნი მიმართავენ მაცხოვარს, რომელიც მიუგებს: “ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას….” (მათე, 12. 38-39). ლექსის ამ ნაწილის საინტერესო ინტერპრეტაციას იძლევა ჯ.ს. ბრუკერი, რომელიც აღნიშნავს, რომ ფარისეველთა მიერ ნიშანთა ვერ ცნობა “იმ მენტალობის ბრალია, რომელშიც გონება, სურვილი და რწმენა ერთმანეთისაგან იზოლირებულია… ქრისტეს მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი სწორედ იმას დაეთმო, რომ ის ნიშნებს აძლევდა სამართლისა და რელიგიათმცოდნეობის ამ პროფესორებს (მწიგნობრებსა და ფარისევლებს – თ.Kკ.), მაგრამ, როგორც კი მათ ნიშნები მიეცემოდათ, ეს ამაყი, მაგრამ არსის ბოლომდე ვერ მწვდომი მეცნიერები მათ სასწაულებად აღიქვამდნენ და რაც ყველაზე ირონიულია, თავიდან წამოიწყებდნენ ხოლმე კამპანიას მათთვის ნიშნის მიცემის თაობაზე. სასწაულთა ავთენტურობაში მათ ეჭვი არ ეპარებოდათ, მაგრამ ისინი ვერ აღიქვამდნენ ამ სასწაულებს, როგორც ნიშანს. ანუ ის, რაც მათ სასწაულების სახით ეძლეოდათ, სწორედ რომ ნიშანი იყო, მაგრამ მათივე ცოდნისაგან გამომდინარე ურწმუნოების გამო, ისინი ამ ნიშანს ვერ აღიარებდნენ.“ ერთი სიტყვით, სკეფსისი, ფარისევლობა და ურწმუნოება ფუჭ განსწავლულობაში (“მწიგნობრობაში”) იღებს დასაბამს, რომელსაც ჭეშმარიტ ცოდნასთან არაფერი აქვს საერთო. ამგვარი “ცოდნა” სიბრძნისა და სარწმუნოების დათმობის ხარჯზე მიიღწევა. როგორც მოგვიანებით იკითხავს ელიოტი,
    Where is the wisdom we have lost in knowledge?
    Where is the knowledge we have lost in information?
    სად არის სიბრძნე, ცოდნას რომ ვანაცვალეთ?
    სად არის ცოდნა, ინფორმაციას რომ ვანაცვალეთ?
    (The Rock, 1934)
    აქვე, ლექსში ციტირებულია ლენსლოთ ენდრუსის იმპროვიზაცია იოანეს სახარების ცნობილ დასაწყისზე, სადაც სიტყვა, ლოგოსი, წარმოსახულია როგორც პარადოქსი: “Verbum Infans, უსიტყვო სიტყვა, მარადიული სიტყვა, რომელსაც სიტყვის წარმოთქმა არ ძალუძს”, ანუ ყრმა იესო, რომელიც ხმას ჯერ ვერ იღებს იმიტომ, რომ ჩვილია (რაც თავისთავად უკვე პარადოქსია, რადგანაც ეს ჩვილი სიტყვა – მარადისობაა). ელიოტს ეს ციტატი სახეშეცვლი-ლად გადმოაქვს: ენდრუსის ქადაგებაში საუბარია “უსიტყვო სიტყვაზე” (Verbum Infans, the Word without a word; the eternal Word not able to speak a word), ჯერონშენში კი ვკითხულობთ ფრაზას “სიტყვა სიტყვაში” (The word within a word). თანაც, სიტყვა (ლოგოსი) მთავრული ასოთი არ არის გამოყოფილი და მას “ბნელი მოსავს” (შდრ. სახარება: “ბნელი მას ვერ ეწია”), რაც ერთი მხრივ, ევროპული კულტურული ტრადიციის სეკულარიზმსა და სულიერ სიბნელეზე მიუთითებს, ხოლო მეორე მხრივ – უბრალოდ “სიტყვათა”, ანუ ფუჭსიტყვაობის თაყვანისცემაზე. და თუმცა “წლის სინორჩისას” სამყაროს მრისხანე “ქრისტე-ვეფხვი” მოევლინება (უილიამ ბლეიკის ცნობილი სახეა ლექსიდან “The Tyger”), თვით სამყაროში ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის:
    რყვნა შეეპარა მაისის თვეს, შინდიც და წაბლიც, იუდას ხეც
    გაირჩევა, შეიჭმება, შეიხვრიპება
    ჩურჩულსა შინა.
    (ზ. რატიანის თარგმანი)
    ამ სამყაროში კი უცნაური სახეები ირევიან: სახლის მფლობელი ებრაელი, რომელსაც მთელი ევროპა მოუვლია და ახლა ფანჯრის რაფაზეა მიმჯდარი; ქალი, რომელიც ჯერონშენს ჩაის უდუღებს და ღამღამობით სამზარეულოს ნიჟარაში იქექება; მისტერ სილვერო, “ალერსიანი ხელებით”, რომელიც “ლიმოჟშია” (ლიმოჟის დახვეწილ ფაიფურს “ეალერსება”?) და იმავდროულად, მთელი ღამე გვერდით ოთახში ბოლთას სცემს, გაუთავებლად (?); ჰაკაგავა, “თავს რომ ხრის ტიციანის სურათებს შორის” (ირონიული შეხვედრა დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციებისა, რომელთაც ერთმანეთის არაფერი გაეგებათ); მადამ დე ტორნკვისტი, “ბნელ ოთახში სანთლებს რომ გადააადგილებს”; ფროილაინ ფონ კულპი, “ჰოლში რომ მოტრიალდება და ხელი კარის სახელურზე შერჩება…”. ეს მოჩვენებები მექანიკურსა და არაადექვატურ ქმედებებს ჩადიან. ლექსში თავიდანვე ისეთი მაღალი პოეტურ-ფილოსოფიური ნოტაა აღებული, რომ მის ფონზე ტრივიალური ყოფითი დეტალების ხსენება მეტად უჩვეულო ეფექტს წარმოქმნის:
    ……….Mr. Silvero
    With caressing hands, at Limoges
    Who walked all night in the next room;
    By Hakagawa, bowing among the Titians;
    By Madame de Tornquist, in the dark room
    Shifting the candles; Fraulein von Kulp
    Who turned in the hall, one hand on the door.

    რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, ვთქვათ, ჰაკაგავას ტრადიციულ იაპონურ თავის დაკვრას, ან იმას, თუ რატომ სცემს ბოლთას მთელი ღამე მეზობელ ოთახში ბ-ნი სილვერო, რომელსაც ალერსიანი ხელები აქვს? ვინაა ფროილაინ ფონ კულპ, ბნელ ოთახში რომ მოტრიალდება, ან მადამ დე ტორნკვისტ, სანთლებს რომ გადააადგილებს, ან ვინ არიან მისის ქემელ, ფრესკა და ვინმე დე ბეილაში, ბოლოს ცაში რომ აფრინდებიან და დათვის თანავარსკვლავედს გარს უვლიან? “გარყვნილ მაისის” თვეში სწორედ ამათ მიერ “გაირჩევა, შეიჭმება, შეიხვრიპება” ქრისტე-ვეფხი (ზიარების პაროდიაა), რომელიც “წლის სინორჩისას” ევლინება კაცობრიობას. უცნაურია ამ ხალხის გვარები: ისინი თითქოს ევროპულ ყაიდაზეა “მოჭრილი”, მაგრამ რომელიმე კონკრეტულ ევროპულ ეთნოსთან მათი ასოცირება შეუძლებელია და თვით ამ “მიმსგავსებაშიც” მძაფრი ირონიაა ჩაქსოვილი. ჟღერადობით, ეს “ზოგადევროპული” (და არა კონკრეტულ-ეთნიკური) გვარები გამეფებულ კოსმოპოლიტიზმს, კულტურულ ქაოსსა და ტრადიციულ სოციალურ, ან ეთნიკურ ფესვთა უარყოფას გამოხატავენ. არსებითად, საკუთრივ ევროპასთან ამ ხალხს ისეთივე კავშირი აქვს, როგორიც ჰაკაგავას – ტიციანთან. ეს მოჩვენებები იმ თანამედროვე “სარკეების უდაბნოს” (Wilderness of mirrors) მკვიდრნი არიან, რადაც ქცეულა ევროპული ცივილიზაცია. მათ მექანიკურ, უმიზნო ქმედებებს და ერთი შეხედვით ტრივიალურ ჟესტებს (თავის დაკვრა, სანთლების გადაადგილება, ოთახში სიარული, შემოტრიალება, კარის სახელურზე ხელის წავლება) ელიოტი მკაფიო ვიზუალურ შთაბეჭდილებებად გარდასახავს. ერთიან ლოგიკურ შეუსაბამობაში ისინი თანადროული ყოფის აბსურდულობის გამომხატველ ხატებად აღიქმებიან და ერთობ დამთრგუნველ ემოციას ასხივებენ. ნიშანდობლივია, რომ ლექსის ყველა პერსონაჟის მოქმედება (ფინალში მისის ქემელის, ფრესკას და დე ბეილაშის “გაფრენის” გარდა) ინტერიერში ხდება, ჯერონშენის მონგრეული სახლის ოთახებში, ხოლო ეს სახლი კი სიმბოლურად ევროპას განასახიერებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯერონშენის მთელი ეს “სიზმარეული სურათი” არა მხოლოდ ელიოტის თანადროული ევროპისა და მისი წარსულის პოეტური ჩანახატი, არამედ გარკვეულწილად ევროპული მომავლის ელიოტისეული პროგნოზიცაა. ამ მკაფიო პოეტურ სახეებში თავს იჩენს ელიოტის სოციალურ-თეორიული შეხედულებები, რაც მის პოეზიაში არც ისე ხშირად გვხვდება. უკვე “ჯერონშენის” შექმნის პერიოდში, მისთვის მიუღებელი იყო ინდუსტრიალიზაციის გზაზე დამდგარი საზოგადოების ის ტენდენცია, რომელიც, მისი აზრით, კონკრეტული კულტურულ-ისტორიული ფესვებისაგან ადამიანთა მოწყვეტასა და აქედან გამომდინარე, მათ ზნეობრივ ნიველირებას იწვევდა. როგორც ის მოგვიანებით აღნიშნავდა, “შეუზღუდავი ინდუსტრიალიზაციის შედეგად წარმოიქმნება კულტურული ტრადიციისაგან გასხვისებულ, რელიგიისაგან გაუცხოებულ და მასობრივ წარმოდგენებზე დამოკიდებულ მამრთა და მდედრთა ერთობლიობა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრბო. და ეს ბრბო იმ შემთხვევაშიც ბრბოა, თუ ის გამაძღარი, კარგად ჩაცმული, კარგ ბინებში ცხოვრებას ჩვეული და საერთოდ, ცხოვრება-აწყობილია.” მთელი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ თვით ელიოტიც, გაევროპელებული და თანაც პოლიგლოტი ექსპატრიატი, მშვენიერ მაგალითს წარმოადგენდა საკუთარ სოციალურ-ისტორიულ ფესვებს მოწყვეტილი კოსმოპოლიტის, ანუ იმ სოციოკულტურული ტიპისა, რომლის პირველი ტალღაც ვრცლად მოედო იმჟამინდელ ევროპას და რომლიც მას, კულტურულ ტრადიციათა უდავო მატარებელს და დიდ ჰუმანიტარს, ესოდენ აღიზიანებდა.
    ლექსის ინტელექტუალური და ემოციური სიმძიმის ცენტრი გამოხატულია ჯერონშენის რიტორიკულ შეკითხვაში,
    After such knowledge, what forgiveness?
    ამის შემცნობელს, რაღა მრჩება მისატევები?
    რომელიც რელიგიურ და ისტორიულ მოტივთა ერთგვარ სინთეზს შეადგენს, რადგან ის, რასაც ჯერონშენი სიზმარში “შეიცნობს”, ისტორიაა, ხოლო ხსნასა და მიტევებას სიმბოლურად ის წვიმა განასახიერებს, რომელსაც ის გვალვიან სეზონში ამაოდ ელოდება. სახე-სიმბოლოებით ლექსი აშკარად ბიბლიურ განწყობილებებს გამოხატავს და ჯერონშენის ეს შეკითხვაც აღიქმება, როგორც ექო ეკლესიასტეს ცნობილი გამონათქვამისა: “რომელმან შეიძინა მეცნიერება, შეიძინა ლმობა” (ეკლ. 1:18). აქ ვითარდება მწიგნობრებისა და ფარისევლების თემა, რომლებიც ქრისტეს შესთხოვდნენ, ნიშანი მოგვივლინეო. ჩვენ ყველას, ჩვენი ღრმა “განსწავლულობის” გამო ლმობით აღვსილებს, ისტორია “ამპარტავნობის გზით დაგვატარებს” და “პატივმოყვარეობის ჩურჩულით გვეთვალთმაქცება”….
    History has many cunning passages, contrived corridors
    And issues, deceives with whispering ambitions,
    Guides us by vanities.
    ელიოტის გვიანდელი პოეზიისაგან განსხვავებით, სადაც უკვე ხსნის გზაც იკვეთება და აქცენტიც “მბრუნავი სამყაროს უძრავ წერტილზეა” გადატანილი, “ჯერონშენი” მხოლოდ სიტყვის წინააღმდეგ “აწრიალებულ” ქვეყნიერებას ასახავს, თვით საწუთროს ჩარხს, “მბრუნავი ბორბლის” კიდეს, “ხვეულ დერეფნებს”, “უშველებელი და ცარიელი საავადმყოფოს ქვით ნაშენ გასასვლელებს”, და არა “ბაღნარს, სადაც ყველა სიყვარული აღესრულება” (“ოთხი კვარტეტი”). ის “ვარდების ბაღი”, ის “უძრავი წერტილი”, სადაც დრო უქმდება და მარადისობა სუფევს, სადაც ისტორია ქრება და მარადიული სიტყვა მთელ ქვეყნიერებას აბრუნებს (ანუ “ნაცრისყრის ოთხშაბათისა” და “ოთხი კვარტეტის” ტრანცენდენტური სამყარო), “ჯერონშენში” ჯერ კიდევ არ ჩანს.
    ცხადია, ლექსში კონკრეტული ისტორიული ფაქტების მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე კი არ არის საუბარი, არამედ მხატვრულად არის ხორცშესხმული ისტორიის ზოგადი კონცეფცია. პრაგმატიზმით აღსავსე ცივილიზაციის მკვიდრთათვის ხსნა მიუწვდომელია. გაჭიანურებული კვდომისა და ზნეობრივი დეგრადაციის ხანგრძლივი ისტორია თანადროული სულიერი და ფიზიკური სტაგნაციით სრულდება. პოეტი სულაც არ ამარტივებს ისტორიულ პროცესს (უთვალავ “ხვეულ დერეფანთა”, გასასვლელ-გამოსასვლელთა, ფარულ “საძრომთა” ერთობლიობად წარმოაჩენს მას), მაგრამ მთავარი მისთვის ამ პროცესის ზნეობრივი პათოსია, მისი ფასეულობითი მხარე, სულიერებასთან კავშირი, რომელიც ადამიანს დაკარგული აქვს. ზნეობრივ კომპრომისსა და ამპარტავნობას ჩვეული კაცობრიობა ასცდა ღმერთთან აღმავალ გზას და ამიტომ ხსნა მისთვის მიუღწეველია. ლექსში “გვალვის სეზონი” დგას, წვიმა არ მოდის, შვება არსაიდან ჩანს და მხოლოდ ამაოების ქარი უბერავს.
    თვით ჯერონშენს ჯოისის სტივენ დედალოსივით სავსებით შეეძლო ეთქვა, რომ “ისტორია… ის კოშმარია, რომლისგან გამოღვიძებასაც ვცდილობ”. ნიშანდობლივია, რომ ელიოტი ისტორიის ერთგვარ პერსონიფიკაციასაც ახდენს – თავნება და მაცდურ ქალად წარმოსახავს მას და ლექსში ამ სახეს მდედრობითი სქესის პირის ნაცვალცახელით (She) გამოხატავს:
    … deceives with whispering ambitions,
    Guides us by vanities.
    She gives when our attention is distracted
    And what she gives, gives with such supple confusions
    That the giving famishes the craving. Gives too late
    What’s not believed in, or if still believed,
    In memory only, reconsidered passion.
    ……
    …….თვითგანდიდებას გვიჩიჩინებს, გვაცდუნებს ამით,
    და ჩვენივე ქედმაღლობის კვალში მიგვათრევს…
    ის წყალობას იმეტებს მაშინ, მოდუნებული არის როცა სიფხიზლე ჩვენი
    და რასაც გვწყალობს, გვწყალობს მუდამ პირმთონე თრთოლვით
    და მით უფრო ამძაფრებს შიმშილს. ნაგვიოანები არის მუდამ წყალობა მისი –
    როს გვეშრიტება უკვე რწმენა ნაწყალობევის, ანკი, ჯერ თუ არ გვეშრიტება,
    გვწამს მხოლოდ ხსოვნით გამოხმობილ, უძალო ჟინით.
    (ზ. რატიანის თარგმანი)
    “ჯერონშენის” შექმნისას პოეტს ძალიან გართულებული ჰქონდა ურთიერთობა ფსიქიურად დაავადებულ ცოლთან, რის გამოც ის ერთი პერიოდი დეპრესიისაგანაც მკურნალობდა. თანამედროვენი იხსენებენ ვივიენ ჰეივუდს, როგორც მიმზიდველსა და ნიჭიერ ქალს, მაგრამ ამავე დროს, როგორც არასტაბილური ფსიქიკის მქონე ნევროტიკს, ან უფრო, მკვეთრად გამოხატულ ფსიქოპატს. პოეტი აქ სწორედ იმ “მძაფრ პირად შთაბეჭდილებაზე დაფუძნებულ განზოგადებულ სიმბოლოს” წარმოსახავს, რომლის შექმნასაც ის თეორიულ წერილებში ჭეშმარიტი პოეზიის ერთ-ერთ ძირითად ნიშნად მიიჩნევს. ამ “მძაფრი სუბიექტური შთაბეჭდილების” გაობიექტურებასა და “შეუთავსებლის შეთავსებას” (discordia concors) ელიოტი ასოციაციურ სახეთა ვირტუოზული კომბინაციით აღწევს. ზემოთ მოყვანილი ეპიზოდი ერთდროულად წარმოადგენს ისტორიის შესახებ ელიოტის პოეტურ მსჯელობასაც და ვივიენ ჰეივუდის ერთგვარ ფსიქოლოგიურ პორტრეტსაც. ეპიზოდის “She”, იმავდროულად მინიშნებაა ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის, მწერლისა და მოგზაურის, ჰენრი ადამსის (1838-1918) ავტობიოგრაფიულ ნაშრომზე, რომელშიც ის ისტორიის პოზიტიურ მამოძრავებელ ძალად, ლიბერალიზმისა და პროგრესის სიმბოლოდ “ქალწულს” (Virgin) სახავს, “მანქანის” (Dynamo) საპირისპიროდ, რომელიც მისთვის საზოგადოების უსულგულო ტექნოლოგიზაციას განასა-ხიერებს.
    “ჯერონშენის” შეუმზადებელმა მკითხველმა შეიძლება ისე ჩაიკითხოს შექსპირის “მეფე ლირის”, “ანტონიოს და კლეოპატრას”, “ვენეციელი ვაჭრის”, ჩეპმენის, ტურნერის, მიდლტონის, ბენ ჯონსონის, შემდეგ ისევ ჩეპმენის რემინისცენციები, რომ ვერც გააცნობიეროს, რომ მას საქმე აქვს ინგლისური რენესანსული დრამატურგიის პაროდირებასთან. გარკვეულწილად, მთელი ლექსი შედგება ელიზაბეთისა და ჯეიმზ პირველის დროინდელი დრამატურგების აზრობრივი და სტილური იმიტაციისაგან. მათი ცალ-ცალკე განხილვა ბევრს ვერაფრს ეტყვის ქართველ მკითხველს, მაგრამ ინგლისურენოვანი მკითხველისათვის ეს ყოველივე მახვილგონივრულ და ირონიულ თამაშად აღიქმება, “ოდესღაც გაგონილი მელოდიის” გახსენებისა და “მიხვედრის” სურვილს აღუძრავს მას. ამასთან, ელიზაბეთისა და ჯეიმზ პირველის ეპოქის დრამატურგთა პაროდირება ისე ორგანულადაა შერწყმული “ჯერონშენის” სხვა ასოციაციურ ელემენტებთან, რომ შეუმზადებელი მკითხველი ხშირად ვერ აღიქვამს ლექსის მსუბუქ არქაულ ინტონაციას, ვერც მის მძაფრ პაროდიულ მუხტს, ვერც ალუზიებსა და მათთან დაკავშირებულ წყაროებს. მაგრამ ის, რაც მასზე მაინც მოახდენს განცდით შთაბეჭდილებას, ძირითადია. ესაა ღრმა ემოციით გაჯერებული ელიოტის ლექსის ტექნიკური სრულყოფილება, რომელიც იმის საშუალებასაც იძლევა, რომ “ჯერონშენის” რთული ინტელექტუალურ-ემოციური კომპლექსი აღქმული იქნას არა კონკრეტულ-აზრობრივად, არამედ “როგორც მუსიკა” (რიჩარდსი). ესაა ალუზიის ხატოვანი ბუნების უშუალო ზემოქმედების შედეგი, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად რთულ აზრობრივ-ასოციაციურ მექანიზმს შეიცავს ის, როგორც “უჩვეულო”, პაროდიული, მოდერნისტული ტროპი.
    თუ მაგალითს ქართული პოეტური ტრადიციიდან მოვიხმობთ, როდესაც ვკითხულობთ, რომ ნესტან-დარეჯანი “ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული”, იშვიათად ვაცნობიერებთ (ან საერთოდ არ ვაცნობიერებთ) იმას, რომ “კლდისა ნაპრალი”, სადაც ნესტანი “ქვე წვა”, უბრალოდ, სარეცლის, ან ტახტის მეტაფორაა. უფრო მეტიც, რუსთველი ალბათ არც შექმნიდა ამ სახეს, თუ მკითხველის ცნობიერებაში სწორედ “სარეცლის”, ან “ტახტის” ცნება აღიბეჭდებოდა. დიდ პოეზიაში მეტაფორის აღსანიშნი ხშირად უკიდურესად პირობით სახეს ღებულობს და განცდით ფასეულობას კარგავს. ასე რომ, ისევ ელიოტის პოეტიკურ არსენალს თუ დავუბრუნდებით, “ჯერონშენის” უშუალო, “შეუმზადებელი” აღქმისას მკითხველისათვის სულაც არ არის აუცილებელი მთელი ასოციაციური სირთულის გაცნობიერება. ლექსის უჩვეულო მეტაფორი-ზაციის დონე ყველა შემთხვევაში წარმოქმნის სასურველ განცდით ეფექტს. მეორე მხრივ ცხადია ისიც, რომ მოდერნისტული ესთეტიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტ ასოციაციას გააცნობიერებს მკითხველი, მით უფრო მძაფრი იქნება კითხვისგან შექმნილი შთაბეჭდილება და განცდითი ეფექტიც შესაბამისად გამდიდრდება და დაიხვეწება.
    ხშირად ისეც ხდება, რომ მეტაფორის აღსანიშნი არა მხოლოდ განცდით, არამედ აზრობრივ პირობითობასაც იძენს: ხატოვანება ელიოტისათვის აზრის ‘მხატვრული ფორმით გადმოცემის” საშუალება კი არ არის, არამედ მხატვრული აზროვნების არსია. “მოაზროვნე პოეტი”, უბრალოდ, აზრის ემოციური ექვივალენტის გამომხატველი პოეტია; თავისთავად აზრი პოეტს ნაკლებად აინტერესებს”, წერდა ის ესეში “შექსპირი და სენეკას სტოიციზმი”. “ჯერონშენის” უკიდურესად პესიმისტური, პირქუში ჟღერადობა მთელი ეპოქის ემოციურ განწყობილებას გამოხატავს, მაგრამ აზრები, იდეები, წარმოდგენები, რომელთა კომბინირებითაც ეს ემოციური მუხტი მიიღწევა, ელიოტისათვის განცდის გამოხატვის საშუალებაა და არა მსოფლმხედველობრივი კრედოს დეკლარაცია. სხვადასხვა ნასესხებ “იდეათა” მოხმობით, პოეტმა შესაძლოა განზრახ გაამუქოს, ან პირიქით, “გაახალისოს” კიდეც ლექსის სიტუაცია მისთვის სასურველი განცდითი ეფექტის მისაღწევად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველა ამ “გამოყენებული” აზრისა სჯერა, ან “იდეების” სწამს. ცხადია, პოეტი გულგრილი ვერ იქნება იმ აზრთა მიმართ, რომლებსაც მისი პოეზია გამოთქვამს, მაგრამ ელიოტის “ფილოსოფიის” აღქმისას ზომიერი სკეფსისი ნამდვილად გამოსადეგი ინსტრუმენტია. “ძნელია იმის თქმა, – წერს იგი, – სწამდა თუ არა დანტეს თომისტური ფილოსოფია. ვერც იმას ვიტყვით, რამდენად სწამდა შექსპირს რენესანსის არეული და ეკლექტური სკეპტიციზმი. უკეთეს ფილოსოფიაზე დაყრდნობით რომ ეწერა შექსპირს, შესაძლოა უარესი პოეზიაც შეექმნა.Mმისი საქმე ეპოქის უდიდესი ემოციური დაძაბულობის გამოხატვა იყო იმაზე დაყრდნობით, რითაც მის ეპოქას მოუხდა აზროვნება.”
    ამიტომაა, რომ “ჯერონშენის” საკმაოდ ხისტი და ნაკლებად ტოლერანტუ-ლი “ფილოსოფია”, რომელიც დღევანდელ ლიბერალურ ფასეულობათა მატარებელს, შესაძლოა, რეტროგრადულადაც მოეჩვენოს (ანუ ის, რომ ისტორია და რელიგია განუყოფელია, რომ კულტურის გადარჩენა მხოლოდ რელიგიას შეუძლია, რომ რელიგია კულტურის ისტორიის არსია და მისი წარმმართველი ძალა და ა.შ.), სიტყვასიტყვით არ უნდა იქნას აღქმული. ელიოტის მიზანი, უბრალოდ, აზრების “პოეტური დალაგება” რომ ყოფილიყო, მისი ლექსი, როგორც მხატვრული ნაწარმოები, ვერ შედგებოდა. “ჯერონშენის” განცდით-ინტელექტუალური სინთეზი, ევროპის სულიერი ცხოვრების მთელი ეს პესიმიზმით აღსავსე, პანორამული ტილო, შეუდარებლად უფრო რთულსა და დახვეწილ ესთეტიკურ მთლიანობას წარმოადგენს, ვიდრე ის “იდეური” მასალა, რომლითაც “მის ეპოქას მოუხდა აზროვნება”. მითუმეტეს, რომ ლექსში ასახულ ყველა კულტუროლოგიურ, თეოლოგიურ და სხვა თვალსაზრისთა ამოკითხვა მე-20 საუკუნის დამდეგის ტრაქტატებსა და გამოკვლევებშიც შეიძლება, მაგრამ ამგვარ შემეცნებით ვარჯიშს პოეზიით ტკბობასთან საერთო არაფერი ექნება.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“