-
-
ახალი ამბები – 2008 – ივნისი
ვლადიმირ ნაბოკოვის შვილი მამის ანდერძს არ ასრულებსვლადიმირ ნაბოკოვის შვილმა, დიმიტრიმ, განაცხადა, რომ აპირებს გამოაქვეყნოს მამის ბოლო დაუმთავრებელი რომანი, მიუხედავად იმისა, რომ მწერალმა ანდერძში დაიბარა, გაენადგურებინათ ხელნაწერი მისი გარდაცვალების შემდეგ. დიმიტრი დიდხანს ფიქრობდა გადაწყვეტილების მიღებაზე, ამჯერად კი განაცხადა, რომ მამის ხმა, რომელიც ხელნაწერის წაკითხვისას ცოცხლდება, უფლებას არ აძლევს მას, დაწვას დაუმთავრებელი რომანი. ასევე ჟურნალისტებს გაანდო წიგნის შინაარსიც – მთავარი პერსონაჟი ძალიან ჭკვიანი, ფიზიკურად ძლიერი, შესანიშნავი მეცნიერია, რომელმაც სიკვდილსა და სიკვდილის შემდგომ პერიოდზე დაიწყო ფიქრი. ამ მდგომარეობამდე კი იგი საკუთარი ახალგაზრდა მეუღლის სრულიად გარყვნილმა საქციელმა მიიყვანა. დიმიტრი მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო მამის უკანასკნელი სურვილის უარყოფით და მკითხველი აუცილებლად უნდა გაეცნოს ამ ხელნაწერს.90 წლის მორის დრიუონი წერას განაგრძობს
90 წლის იუბილე აღნიშნა ფრანგმა მწერალმა, მორის დრიუონმა. მას ხშირად უწოდებენ ისტორიული რომანების მეფეს, თვითონ დრიუონი კი აღნიშნავს, რომ როგორც მწერალი, ტოლსტოის ნაწარმოებებზე გაიზარდა. დრიუონს რუსული ფესვები აქვს, მისი მამა ორენბურგში დაიბადა და მწერალსაც ბავშვობიდან მოყოლებული განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა რუსული კულტურისა და რუსი ხალხის მიმართ. მორის დრიუონმა პირველად 5 წლის წინ მოინახულა რუსეთი – ქვეყანა, სადაც ასევე ძალიან უყვართ იგი და სადაც ყველაზე დიდი ტირაჟით იყიდებოდა მისი წიგნები.
ამჯერად იუბილარი კიდევ ერთ რომანს ამთავრებს. მწერალმა განაცხადა, რომ სულაც არ გრძნობს თავს დაბერებულად და, უფრო მეტიც, სწორედ ახლაა იმ ასაკში, როცა ცხოვრების ყველა ბედნიერება შეუძლია შეგირძნოს.გაბრიელ გარსია მარკესი ახალი რომანის გამოსაცემად ემზადება
81 წლის ნობელიანტი, გაბრიელ გარსია მარკესი თავის ახალ რომანზე მუშაობას ამთავრებს. რომანის სათაურს და გამოცემის ზუსტ თარიღს ჯერ-ჯერობით ავტორი არ ამხელს, თუმცა წიგნის მიახლოებითი მოცულობა – 250 გვერდი – უკვე გაანდო ჟურნალისტებს. ორი წლის წინ კი მარკესმა განაცხადა, რომ თავს ანებებდა წერას, აღარც მემუარების გაგრძელებას აპირებდა, რომლის პირველი ტომიც 2001 წელს გამოიცა. ბოლო რომანი კი, ”ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს”, მარკესმა 4 წლის წინ დაწერა, და წიგნის გამოცემას სკანდალი მოჰყვა. რომანის არალეგალური ვერსია ოფიციალურ პრეზენტაციამდე ერთი თვით ადრე გავიდა გაყიდვაში, რის საპასუხოდაც ავტორმა ფინალი შეცვალა და რეკორდული სისწრაფით ჩაუშვა ტირაჟში. არალეგალური გამოცემა კი, რომლის კონფისკაციაც პოლიციამ მოახდინა, უკვე კოლექციონერების ნადირობის ობიექტად იქცა.ხუან ჰელმანი სერვანტესის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა
ესპანეთის მეფემ, ხუან კარლოს I-მა არგენტინელი პოეტი, ხუან ჰელმანი, ესპანურენოვანი სამყაროს ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით, მიგელ დე სერვანტესის პრიზით დააჯილდოვა. 78 წლის ჰელმანი დღემდე 20 პოეტური კრებულის ავტორია, გარდა ამისა, გამოირჩევა საინტერესო ბიოგრაფიითა და საზოგადოებრივი აქტივობით. არგენტინის რეაქციული საომარი მმართველობის დროს გაიტაცეს პოეტის ცოლი და ვაჟი, რომლებიც შემდეგ დაიღუპნენ, წლების მერე გაიგო ჰელმანმა შვილიშვილის არსებობის შესახებაც, რომელთან შეხვედრაც მხოლოდ საერთაშორისო საპროტესტო კამპანიების საშუალებით გახდა შესაძლებელი. ცნობილმა ურუგვაელმა მწერალმა, მარიო ბენედეტიმ, რომელიც ასევე ნომინირებული იყო სერვანტესის პრემიაზე, ჰელმანის შესახებ განაცხადა, რომ მისი ლექსები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნათელი ხმაა ლათინოამერკიკულ პოეზიაში და ჯილდოც დამსახურებულად მიიღო.დოსტოევსკის ქორწინების მოწმობა ნაპოვნიანოვოკუზნეცკის მმაჩის ბიუროს არქივში ფიოდორ დოსტოევსკისა და მის პირველ მეუღლეს, მარია ისაევას შორის ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა აღმოაჩინეს. აქამდე ითვლებოდა, რომ ოდიგიტრიევის ეკლესიაში შენახული ჯვრისწერის ცნობა 1857 წლის 6 თებერვლიდან დაკარგული იყო, რადგან ნოვოკუზნეცკი ხან ტომსკის, ხან კი ნოვოსიბირსკის ოლქებს უერთდებოდა და არქივებიც გამუდმებით ირეოდა. არსებობდა ის ვერსიაც, რომ საბუთი 1919 წლის დიდი ხანძრის დროს შეიძლებოდა დამწვარიყო.
დოსტოევსკიმ მარია ისაევა სემიპალატინსკში გაიცნო, სადაც იგი კატორღის შემდეგ მსახურებდა. მწერალმა მას შემდეგ მოიყვანა ისაევა ცოლად, რაც მისი ქმარი გარდაიცვალა, თუმცა, ქორწინება წარუმატებელი გამოდგა. 1859 წლიდან ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ცხოვრობა, 1864 წელს კი მარია ჭლექისაგან დაიღუპა.Best of the Booker-ის ნომინანტები ცნობილია
გამოქვეყნდა საუკეთესო ბუკერის (“Best of the Booker”) სპეციალურ პრემიაზე ნომინირებულთა საბოლო სია. ექვს ნომინანტთა შორის ფავორიტად სალმან რუშდის მიიჩნევენ რომანით ”შუაღამის ბავშვები” (“Midnight Children”), რომელიც 1981 წლის ბუკერისა და 1993 წლის სპეციალური პრიზის, ბუკერთა ბუკერის ლაურეატია. გამარჯვებულის ვინაობა ლონდონში 10 ივლისს დასახელდება. ნომინანტები არიან ასევე სამხრეთ აფრიკელი ნადინ გორიმერი (“The Conservationist”, 1974 წ. ”ბუკერი”) ჯოზეფ მაქსველ კუტზეე (“Disgrace”, 1999 წ. ”ბუკერი”), პიტერ კერი (“Oscar and Lucinda”, 1988წ. ”ბუკერი”), პეტ ბარკერი (”The Ghost Road”, 1995წ. ”ბუკერი”). პრემია “Best of the Booker” ბუკერის პრემის 40 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც სწორედ წელს გაიმართემა. შესაბამისად, ექვსი ნომინანტიც 40 რომანიდან შეირჩა.მექსიკელი პოეტი ცენზურის მსხვერპლი აღმოჩნდა
მექსიკელი პოეტს, სერხიო ვიტსს, სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა. მიზეზი კი მისი ლექსი იყო, სადაც პოეტმა ეროვნული დროშის ტუალეტის ქაღალდის ფუნქციით გამოყენება აღწერა. ნაწარმოები სათაურით ”სამშობლო ქაქში” (”La patria entre mierda”) ერთ-ერთ მექსიკურ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა. სასამართლოს განცხადებით, ჯარიმა მხოლოდ სიმბოლურია, და ეს უბრალოდ ჭკუის სასწავლებელი იქნება მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება შეიძლება. თუმცა, თავად ვიტსი თვლის, რომ ეს თავისუფლება მოჩვენებითია და მექსიკაში ჯერ კიდევ არსებობს შეზღუდვები, ხელოვნების მიმართაც კი. პოეტმა განაცხადა, რომ არ აპირებს სასჯელის გასაჩივრებას, მიუხედავად იმისა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის და მექსიკური კანონმდებლობაც გასაჩივრების სრულ უფლებას აძლევს.
ტურინის წიგნის ბაზრობა ისრაელს უმასპინძლებს
ტურინში წიგნის 21-ე საერთაშორისო ბაზრობა დაიწყო. გახსნის ცერემონიალში იტალიის პრეზიდენტმა, ჯორჯო ნაპოლიტანომ მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ წლევანდელი ბაზრობის მთავარი სტუმარი ისრაელის სახელმწიფო იქნება და შესაბამისად, ფოკუსშიც ებრაული ლიტერატურა მოექცევა. ტურინის წიგნის ბაზრობას წელს ებრაელი მწერლები სტუმრობენ: ამოს ოზი, დავიდ გროსმანი, აბრაჰამ იეჰოშუა, ეტგარ კერეტი, ასევე გაიმართება ებრაული ფილმების ჩვენებაც. ტურინის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა პირველად 1988 წელს გაიმართა გამომცემლის, ანჯელო პეცანასა და მეცენატის, გვიდო აკორნეროს ინიციატივით. 2007 წელს კი უკვე წიგნის ბაზრობას 1300 საგამომცემლო სახლი და 302 830 სტუმარი ეწვია.
ებრაელები ”მაინ კამპფის” გამოცემას უწყობენ ხელს
გერმანიის ებრაული საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლები ემხრობიან ადოლფ ჰიტლერის წიგნის, ”მაინ კამპფის” ხელახლა გამოცემას. გაერთიანების წარმომადგენელმა, შტეფან კრამერმა, განაცხადა, რომ არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს ამ წამოწყების, პირიქით, ყველანაირად დაეხმარება საორგანიზაციო მხარეს და კომენტარების დართვაშიც მიიღებს მონაწილეობას. მისი აზრით, წიგნი არა მარტო მაღაზიებში, არამედ ინტერნეტის საშუალებითაც უნდა გაიყიდოს, იმისათვის, რომ ყველას მიუწვდებოდეს მასზე ხელი. ”მაინ კამპფი” პირველად 1925 წელს გამოიცა, 1933 წელს კი, ჰიტლერის გერმანიის მმართველობის სათავეში მოსვლის შემდეგ, წიგნი სასკოლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი გახდა. ”მაინ კამპფში” ჩამოყალიბებულია თეორია არიული რასის აღმატებულების შესახებ, ასევე მკვეთრადაა გამოხატული ჰიტლერის ზიზღი ებრაელი ხალხის მიმართ.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ახალი ამბები – 2008 – მაისი
Orange Broadband Prize-ის ფინალისტთა სია
გამოქვეყნდა Orange Broadband Prize-ის პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე ნომნირებულთა საბოლოო სია. ჯილდო, რომელიც 1996 წელს დაარსდა, გადაეცემა ქალ მწერალს ინგლისურ ენაზე დაწერილი პროზაული ნაწარმოებისთვის. 30 ათასი ფუნტი სტერლინგისათვის წელს ექვსი ფინალისტი იბრძოლებს, გამარჯვებული კი 4 ივნისს ლონდონში, Royal Festival Hall-ში დასახელდება. ნომინანტთა შორის არიან როუზ ტრემეინი (2004 წლის Orange Broadband Prize-ის მფლობელი) და ნენსი ჰასტონი. ასევე დებიუტანტები – სეიდი ჯონსი, ჰეზერ ო’ნილი და პატრიშა ვუდი. 2007 წელს Orange Broadband Prize-ის ლაურეატი ნიგერიელი მწერალი, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩე გახდა.
უილიამ შექსპირის მოგზაურობა იტალიაში
ვენეციის უნივერსიტეტის Universita Ca Foscari di Venezia-ს ლექტორმა, შაულ ბასიმ, და მისმა თანაავტორმა ალბერტო ტოსო ფეიმ, გამოსცეს წიგნი “შექსპირი ვენეციაში” (“Shakespeare a Venezia”), სადაც ნათქვამია, რომ ბრიტანელი დრამაურგი ნამყოფი იყო იტალიაში. ბასი და ტოსო დარწმუნებულები არიან, რომ შექსპირის პიესებში დეტალების მთელი რიგი ადასტურებს მათი ავტორის უშუალო შეხებას ამ ქვეყნის გეოგრაფიასა და წეს-ჩვეულებებთან. მათი აზრით, მართალია, მხოლოდ რიალტოს ხიდის ხსენება ვერ იქნება ბრიტანელი დრამატურგის ვენეციაში ყოფნის საბუთი, მაგრამ გვარი გობო, რომლითაც შექსპირი ლანჩელოტის მოსამსახურეს მოიხსენიებს, ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ ავტორს ნანახი ჰქონდა კუზიანი კაცის ფიგურა, რომელიც რიალტოს ხიდზე დგას და რომელსაც “Il Gobbo di Rialto” ჰქვია. ლიტერატურათმცოდნეები და ისტორიკოსები კი აქამდე არანაირ დოკუმენტურ მასალას არ ფლობენ იმის შესახებ, დატოვა თუ არა შექსპირმა ერთხელ მაინც ინგლისის საზღვრები. თვლიან, რომ იტალიის, დანიისა და სხვა ქვეყნების შესახებ ინფორმაციებს მას სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებების გარდა ვაჭრები და დიპლომატები აწვდიდნენ.
საუდის არაბეთი – ლონდონის წიგნის ბაზრობის სტუმარი
ლონდონში ყოველწლიური წიგნის ბაზრობა გაიხსნა. ბაზრობაზე მსოფლიოს 62 ქვეყნის სხვადასხვა გამომცემლობაა წარმოდგენილი, წლის ფოკუსში კი არაბული ლიტერატურაა. მარტო შაუდის არაბეთიდან 40-მდე ლიტერატორი და გამომცემელი სტუმრობს ლონდონს. პრეზენტაციებსა და მრგვალი მაგიდის გარშემო გამართულ ღონისძიებებში მონაწილებობას მიიღებენ ეგვიპტელი მწერლები ბაჰაა თაჰერი და ალაა ალ-ასვანი, პალესტინელი ლიტერატურათმცოდნე ფასლან დარაკი, პოპულარული ლიტველი პროზაიკოსი ჰიშამ მათარი, მწერალი არავიი რაჯა საუდის არაბეთიდან. ბრიტანულმა საბჭომ სპეციალური ინტერნეტ-საიტიც კი შექმნა თანამედროვე არაბული ლიტერატურის პოპულარიზაციისათვის. ბაზრობის ფარგლებში დადგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ცნობილი ბრიტანელი ავტორები – ბლეიკ მორისონი, ტონი პარსონსი, როდერიკ გორდონი და ბრაიან უილიამსი. პავილიონები ერლს-კორტის (Earls Court) ტერიტორიაზეა განლაგებული.
ფრანც კაფკას სახელობის პრემია ჩეხ მწერალს
ჩეხი მწერალი, ანრნშოტ ლუსტიგი, ფრანც კაფკას სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა. ლუსტიგი 1926 წელს დაიბადა ჩეხი ებრაელების ოჯახში. 15 წლის ასაკში იგი გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ და ჯერ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, შემდეგ – ბუხენვალდში. 1945 წელს მოახერხა გაქცეულიყო მატარებლიდან, რომელსაც ტყვეები დახაუს საკონცენტრაციო ბანაკისაკენ მიჰყავდა და პრაღაში დაბრუნდა. 1968 წელს ლუსტიგმა ჩეხეთი დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა, თუმცა 2003 წლიდან იგი ისევ პრაღაში ცხოვრობს. მისი წიგნების დიდი ნაწილიც ფაშისტების ტყვეობაში გატარებული პერიოდის მოგონებების მოტივზეა შექმნილი.
ფრანც კაფკას სახელობის პრემია ყოველ წელს გაიცემა პრაღის ფრანც კაფკას საზოგადოების მიერ. ლაურეატი ჯილდოდ კაფკას მცირე ზომის ქანდაკებას და 10 ათას ამერიკულ დოლარს იღებს. სხვადასხვა წელს ლიტერატურული პრემიის ლაურეატები იყვნენ ჰარუკი მურაკამი, ფილიპ როტი, ელფრიდე იელინეკი და ჰაროლდ პინტერი.ჯუნოტ დიაზი – 2008 წლის პულიცერის პრემიის მფლობელი
კოლუმბიის უნივერსიტეტმა პულიცერის პრემიის ლაურეატები გამოავლინა. საუკეთესო მხატვრული ნაწარმოების ჯილდო ამერიკელმა ავტორმა, ჯუნოტ დიაზმა მიიღო რომანისათვის “ოსკარ ვაოს საოცრად ხანმოკლე ცხოვრება” (“The Brief Wondrous Life of Oscar Wao”). ჯუნოტი 39 წლისაა. იგი 1974 წელს დომინიკის რესპუბლიკიდან ჩავიდა ამერიკაში და ინგლისურად წერა-კითხვაც არ იცოდა. 90-ან წლებში უკვე მან მოთხრობების კრებული “Drown” გამოსცა, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა.
პრემია განსაკუთრებული დამსახურებისათვის ლეგენდარულ პოეტსა და მუსიკოსს, ბობ დილანს გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალი 29 მაისს ნიუ-იორკში გაიმართება.
პულიცერის პრემია მედია-მაგნატმა ჯოზეფ პულიცერმა (1847-1911) დააწესა, რისთვისაც მან კოლუმბიის უნივერსიტეტს 2 მილიონი დოლარი უანდერძა. პრემია 1917 წლიდან დღემდე ყოველ წელს გაიცემა ლიტერატურის, ჟურნალისტიკისა და ზოგადად კულტურის სფეროში.ჰარუკი მურაკამი – დოსტოევსკის ეპიგონი
ჰაუკი მურაკამიმ მკითხველს ამცნო, რომ ახალ რომანს წერს, და თანაც ცდილობს, მაგალითი რუსი კლასიკოსისგან, ფიოდორ დოსტოევსკისგან აიღოს. “ახლა ყოველდღე 5-6 საათს ვატარებ საწერ მაგიდასთან. უკვე ორი წელი და რამდენიმე თვეა, რაც ახალ რომანზე ვმუშაობ,” – გაანდო მურაკამიმ საინფორმაციო სააგენტოს – რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ეს მათთვის, ვინც მწერლის დამოკიდებულებას იცნობს ჟურნალისტების მიმართ: როგორც წესი, იგი გაურბის მასმედიას. ამჯერად კი 59 წლის მურაკამი გვარწმუნებს, რომ მისი შთაგონება დოსტოევსკია. “ის ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო პროდუტიული ხდებოდა. “ძმები კარამაზოვებიც” მაშინ დაასრულა, როცა უკვე საკმაოდ მოხუცი იყო. მეც იმავეს გაკეთებას ვისურვებდი”. მურაკამი “გიგანტური რომანის” დაწერას აპირებს, რომელიც მსოფლიოს მთელი ქაოსის მომცველი იქნება და მკვეთრად დასახავს მისი განვითარების გზებს. ამჯერად მწერალმა უარი თქვა წერს ინტიმურ მანერაზე და პირველ პირში თხრობაც მესამე პირით შეცვალა.
IMPC-ის ლიტერატურული პრემიის რვა ნომინანტი
გამოცხადდა IMPC-ის ირლანდიურ ლიტერატურულ პრემიაზე ნომინირებულ ფინალისტთა ვინაობა. საბოლოო სია, რომელიც რვა ნომინანტს მოიცავს, მრავალფეროვანია. კონკურსანტთა შორის არიან ირლანდიელი პატრიკ მაკკეიბი, ავსტრალიელი ჰეილ ჯონსი, ესპაელი ჰავიერ სერაკასი, შრი-ლანკელი იასმინ გუნერანტე, ლიბანური წარმოშობის კანადელი რავი ჰაგე, არაბი საიედ კაშუა და იასმინა ჰანდრა, რომლის ფსევდონიმითაც ფრანკო-ალჟირელი მწერალი, მოჰამედ მულესეული წერს. IMPC-ის პრემიაზე ნომინირებულია ასევე რუსი ანდრეი მაკინი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ფრანგულად წერს. ნომინაცია მას წიგნისთვის “ქალი, რომელიც ელოდა” (“La femme qui attendait”) ერგო. გამარჯვებულის ვინაობა 12 ივნისს გახდება ცნობილი.
IMPC-ის პრემია ერთი ლიტერატურული ნაწარმოებისთვის გაცემულ ჯილდოებს შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხას მოიცავს – ფულადი პრიზი 100 ათასი ევროა.კონკურსი წიგნის სასაცილო სათაურებს შორის
ბრიტანულმა ჟურნალმა “The Bookseller”-მა წიგნის ყველაზე სასაცილო სათაურში ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა. ეს წიგნი კი არ მეტი, არც ნაკლები – მამაკაცებთან ურთიერთობის სახელმძღვანელოა, რომლის სათაურიც ასე ჟღერს: “თუ ურთიერთობის გარკვევა გსურთ, პირველ რიგში ეს საკუთარი ფეხებიდან დაიწყეთ” (“If You Want Closure in Your Relationship, Start With Your Legs”). წიგნის ავტორი ყოფილი სუტენიორია, რომელიც ბიგ ბუმის ფსევდონიმით წერს. კონკურსის ნომინანტთა სიაში მოხვდნენ ასევე შემდეგი სათაურები: “როგორ დავწეროთ წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ ვწეროთ”, “არიან თუ არა ქალები ადამიანები? და სხვა ზოგადსაკაცობრიო კვლევები”, “არ მასვენებს სიყვარულის პიგმეური ღმერთი”. წელს პრემიას 30 წლის იუბილე აქვს, რასთან დაკავშირებითაც გამომცემლობა Aurum Press-ი საშობაოდ სპეციალური გამოცემის დაბეჭდვას გეგმავს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ახალი ამბები – 2008 – აპრილი
-
ახალი ამბები – 2008 – მარტი
ფრანც კაფკას ფოტო-დღიურიჩეხმა ფოტოგრაფმა, იან ინდრამ, ფრანც კაფკას დღიურებისა და წიგნების მიხედვით ფოტოსერია შეადგინა. ფოტოები მკითხველებს იმ ადგილების წარმოდგენაში დაეხმარება, რომლებიც ”ციხესიმაგრეში, ”პროცესსა” თუ ”ამერიკაშია” აღწერილი. იან ინდრა 5 წლის განმავლობაში აგროვებდა საჭირო მასალებს, და მთელი ამ დროის მანძილზე მან ჩეხეთის, იტალიის, გერმანიის, უნგრეთის, ავსტიირსა და შვეიცარიის არაერთი ქალაქი თუ პატარა დასახლება შემოიარა. ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა თითქმის ყველა ადგილი, სადაც კი მწერალი ოდესმე ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაგროვდა, ლიტერატორი იოზეფ ჩერმაკი, რომელიც იანს მუშაობაში ეხმარებოდა, აღნიშნავს, რომ კაფკას მაინცდამაინც არ უყვარდა მოგზაურობა და მისი ყველა გადაადგილება დანიშნულების ადგილზე მისვლის აუცილებლობით იყო გამოწვეული. ფოტოების გამოფენა ბრიუსელში გაიხსნა, სახელწოდებით ”ფრანც კ.-ს მოგზაურობა,” მარტისთვის იგი შტუტგარტში გადაინაცვლებს, ზაფხულში კი ”ფრანც კ.-ს მოგზაურობა” ჩეხეთის ქალაქ ლიბერეცსაც ეწვევა.
“ჩინეთის დიდი ენციკლოპედიის” ასტომეული
ჩინეთში “ჩინეთის დიდი ენციკლოპედიის” ასტომეულის პირველი ნაწილი გამოიცა. ენციკლოპედიაზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო, და დღეისთვის უკვე 49 ტომია მზად. ენციკლოპედია 20 ათასზე მეტი უძველესი წიგნის, თქმულებისა და ნაწარმობის საფუძველზე შეიქმნა, მათში აღწერილია ჩინური ცივილიზაციის ყველა ასპექტი – უძველესი ხანიდან, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე. ენციკლოპედია მოიცავს პერიოდს ჩინური ნაციის, როგორც ცალკე ერთეულის ჩამოყალიბებიდან (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 221 წელი) სინხაის რევოლუციამდე, რომელიც 1911 წელს მოხდა და ქვეყანაში მმართველობის რესპუბლიკური ფორმა დაამყარა. ძველი და შუა საუკუნეების დროინდელი ნაწარმოებების ავტორების გვერდით ენციკლოპედიაში შესულია თანამედროვე მეცნიერების არაერთი სტატია და კვლევა. ჩინეთის მთავრობამ ასტომეულის გამოსაცემად 55 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. დანარჩენი 51 ტომის გამოცემა 2010 წლისთვისაა დაგეგმილი. აქამდე კი მსგავსი ტიპის ენციკლოპედიები მხოლოდ 10-15 ტომეულს მოიცავდა.
პორნოგრაფიული ლიტერატურა – კემბრიჯის უნივერსიტეტის საიდუმლო
კემბრიჯის უნვერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ დაადასტურა გავრცელებული ლეგენდა იმის შესახებ, რომ მათ საცავში ეროტიკული და პორნოგრაფიული ლიტერატურის კოლექცია ინახება. აქამდე კი ამ კოლექციის არსებობა კემბრიჯის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო იყო. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის 17 სართულიან შენობაში 200 ათასამდე ილუსტრირებული წიგნი ინახება, რომლებიც სექსისა და სიყვარულის ხელოვნებას ეძღვნება. მათს შორისაა ვიქტორიანული ეპოქის ეროტიკული ლიტერატურის ნიმუშებიც. საუკუნის მანძილზე ბიბლიოთეკის მონახულების ბედნიერება მოკვდავთა ძალიან მცირე რაოდენობას ჰქონდა – ძირითადად ესენი იყვნენ მეცნიერები და პოლიტიკოსები. სტუდენტებისთვის კი ამ წიგნების წაკითხვა აკრძალულია. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ვანესა ლეისიმ, განაცხადა, რომ კოლექცია მუდმივად ახლდება თანამედროვე ეროტიკული და პორნოგრაფიული ლიტერატურით, და ეს წიგნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამომავლო ისტორიული კვლევებისთვის შეიძენს.
ფედერალური ბიურო ერნესტ ჰემინგუეის კვალზე
ნობელის პრემიის ლაურეატის, ერნესტ ჰემინგუეის შესახებ არსებულ მდიდარი ბიბლიოთეკას კიდევ ერთი საინტერესო წიგნი შეემატა. ცოტა ხნის წინ კუბაში გამოიცა მწერლის, ენრიკე სირულესის კვლევა: “ჰემინგუეი – დიდი უცნობი”. წიგნში კუბელი ავტორი იმ პერიოდზე გვიამბობს, როდესაც ჰემინგუეი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულ წყალქვეშა ნავებზე დაკვირვებით იყო გატაცებული, რომლებსაც კუბის სამხრეთ სანაპიროებისაკენ ჰქონდათ აღებული კურსი და თავს ესხმოდნენ მოკავშირეების ტრანსპორტებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ეჭვის თვალით უყურებდნენ მწერალს, რისი მიზეზიც კუბაში ჰემინგუეის 20 წლიანი ცხოვრება გახლდათ, სადაც მან იქაურ მმართველობასთან თანამშრომლობის სურვილიც გამოქვა. უფრო მეტიც – 1941 წელს მწერალს სერიოზული მცდელობა ჰქოდა, ჩამოეყალიბებინა კუბაში ანტიფაშისტური სააგენტო, რის შემდეგაც უკვე ამერიკის ფედერალურმა ბიურომ მკაცრი კონტროლის ქვეშ აიყვანა იგი. ენრიკე სირულესის წიგნიც ნობელიანტი მწერლის ცხოვერების სწორედ ამ პერიოდზე გვიამბობს.
“წყნარი დონის” ხელნაწერი რუსეთში დაბინავდა
“წყნარი დონის” (მ. შოლოხოვი) პირველი და მეორე ნაწილის ხელნაწერის ფაქსიმილური გამოცემა 4 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკას გადაეცა. ხელნაწერის გამოცემაში მონაწილეობა მიიღო შოლოხოვის სახელობის საერთაშორისო კომიტეტმა, გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტმა და უკრაინის საპრეზიდენტო ფონდმა. აქამდე “წყნარი დონის” ფაქსიმილური გამოცემა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში, ფრანკფურტის, პარიზის, პრაღისა და პეკინის წინგის ბაზრობებზე იყო წარმოდგენილი. ახლა კი რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა გამართავს ხელნაწერის პრეზენტაციას და აიღებს პასუხისმგებლობას XX საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლის შენახვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ შოლოხოვის რომანს წელს 80 წელი შეუსრულდა,
დორის ლესინგმა კუთვნილი ჯილდო მიიღო
30 იანვარს ლონდონში ნობელის პრემიის ლაურეატმა, დორის ლესინგმა, თავისი კუთვნილი ჯილდო მიიღო. მწერალი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ეწვია შვედეთის აკადემიას დაჯილდოების ცერემონიალზე, ახლა კი 88 წლის ქალბატონი სტაფილოსფერი ხავერდის კაბითა და კაშნეთი საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა და ხალისით გამოართვა პრემია შვედეთის ელჩს ბრიტანეთში, შტეფან კარლსონს. ამ უკანასკნელმაც თავის მხრივ კომპლიმენტები არ დაიშურა მოხუცისთვის და მას საპატიო ჯილდოს გვირგვინოსანი უწოდა. ლესინგმა კი სამადლობელ სიტყვას ჩვეული იუმორი გამოურია: “ამის იქით ალბათ აღარაფერია – ახლა მგონი ისღა დამრჩენია, რომის პაპისგან თავზე ხელის გადასმას დაველოდო”. დორის ლესინგი მეთერთმეტე ქალია ნობელის პრემიის ისტორიაში, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.უოლტ უიტმენის ძეგლი მოსკოვში
ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის ძეგლი რუსეთის დედაქალაქში დადგმება. ძეგლის გახსნა მოსკოვში სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, ინიციატივა კი ვაშინგტონის მერიასა და რუსულ-ამერიკული კულტურული თანამშრომლობის ფონდს ეკუთვნის. სამუშაოების შესრულებისთვის 150 ათასი დოლარია გამოყოფილი. მაისში, პოეტის დაბადების დღეს, ოთხმეტრიანი ქანდაკების ადგილის პრეზენტაცია შედგება ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიეტის ბიბლიოთეკის ახალ შენობასთან. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უიტმენი არა მარტო ამერიკული კულტურისთვის არის განსაკუთრებული ფიგურა, არამედ მნიშვნელოვანია იგი რუსული ლიტერატურისთვისაც თავისი შემოქმედებით გავლენებით რუს პოეტებზე. თუმცა, ისიც აღინიშნა, რომ ძეგლს კულტურულზე მეტად პოლიტიკური დატვირთვა ექნება ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებისათვის.ორჰან პამუკის სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია
თურქეთში შეიარაღებული დაჯგუფება დააკავეს, რომელიც ცამეტი ულტრანაციონალისტის მიერ იყო ჩამოყალიბებული და მათ თურქი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ორჰან პამუკის ლიკვიდაცია ჰქონდათ დაგეგმილი. საერთაშორისო ბესტსელერების (“მე მქვია წითელი”, “შავი წიგნი”, “თოვლი”, “სტამბული”) ავტორის ფიზიკურ განადგურებას შეიარაღებული ჯგუფი 2009 წლისთვის აპირებდა. ამჟამად ეჭვმიტანილები სამხედრო სამსახურიდან დეზერტირებულ სხვა დამნაშავეებთან ერთად თურქეთის სამართლებრივი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, თუმცა, ქვეყნის გამოხატვის თავისუფლების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, სანარ იურდაპტანი აცხადებს, რომ მსგავსი საპროტესტო გაერთიანებები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს თურქეთში, და მწერლის სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტია ვერასდროს ვერ იქნება ქვეყანაში.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ახალი ამბები (იანვარი, 2008)
-
ახალი ამბები (დეკემბერი, 2008)
ემილი ბრონტეს რომანი ისევ პოპულარულია
ლონდონის აუქციონზე ემილი ბრონტეს რომანის, “ქარიშხლიანი უღელტეხილის” (“
”) პირველი გამოცემის ეკზემპლარი 114 ათას ფუნტ სტერლინგად – მოსალოდნელზე ორჯერ უფრო დიდ თანხად გაიყიდა. წიგნი, რომელიც 1847 წელსაა გამოცემული, რობერტ კერკმენის ანტიკვარიატის მაღაზიაში შეიძინა ადამიანმა “უცნობი ბრიტანელის” სახელით, როგორც ბრონტეს ნამუშევრების თავგადაკლულმა კოლექციონერმა. ბოლო 35 წლის მანძილზე ამ წიგნის მხოლოდ სამი ეკზემპლარია აუქციონზე გატანილი. “ “ქარიშხლიანი უღელტეხილი” ემილი ბრონტეს ერთადერთი რომანია. თავად ავტორს საკუთარი სახელი და გვარი წიგნის გამოცემაზე არასოდეს უნახავს. პირველად რომანი მამაკაცის ფსევდონომით – ელის ბელის სახელით გამოქვეყნდა. მხოლოდ ემილი ბრონტეს გარდაცვალების შემდეგ, 1848 წელს რომანის ავტორის ვინაობა ამოიცნეს და “ქარიშხლიანი უღელტეხილი” ინგლისური ლიტერატურის კლასიკად იქცა.Wuthering Heights გამოფენა ჯეკ კერუაკის თაყვანისმცემლებისათვის
ჯეკ კერუაკის “On the Road” – ის გამოქვეყნებიდან 50 წლის შემდეგ ნიუ იორკის გამოფენაზე 36 მეტრი სიგრძის ქაღალდის გრაგნილი გამოიტანეს, რომელზეც მწერლის ცნობილი რომანის ხელნაწერია დატოვებული, ასევე აღწერილია წერის პროცესისა და მოგზაურობის მთელი სიგიჟე. ბიტ თაობის ლეგენდარული კერპის რელიკვია – ქაღალდის მასიური გრაგნილი, ასევე მისი და თანამედროვე ბიტნიკების (ბეროუზი, გინზბერგი…) სხვა საბუთები, სურათები, ნივთები, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფინეს. ხელნაწერი “On the Road”–ის ორიგინალურ, ჩაუსწორებელ ვერსიას შეიცავს. იგი ჯერ კიდევ 2001 წელს აუქციონზე გაიყიდა. მისი მფლობელი კერძო პირია, რომელიც 2 მილიონნახევრად შეძენილი ნივთის გამოფენას მხოლოდ განსაკუთრებული პირობით დასთანხმდა – 36 მეტრიდან ნაჩვენები იქნა მხოლოდ ნახევარი, 18 მეტრი.
ასტრიდ ლინდგრენის 100 წლის იუბილე
14 ნოემბერს შვედეთში საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადებიდან 100 წლის იუბილე იზეიმეს. დღესასწაულის ცენტრალური ღონისძიება ვიმერბიუში – ლინდგრენის მშობლიურ ქალაქში გაიმართა. ბავშვები, მათი მშობლები, დიდები, პატარები – შვედეთის ყველა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები ყვავილებით ამკობდნენ საყვარელი მწერლის საფლავს. ქალაქში საზეიმო სვლა და ცნობილი შვედი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საიუბილეო წლის პროგრამა ასევე ითვალისწინებს ჰუმანიტარული პროგრამების მთელ რიგს, რომელიც ობოლი და ზრუნვამოკლებული ბავშვების დახმარებაზე იქნება ორიენტირებული. ყველაზე საინტერესო და მასშტაბური პროექტი კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საბავშვო დასახლების აშენება იქნება. ქალაქ “ასტრიდ ლინდგრენის” გახსნა 2009 წელს შედგება.
National Book Awards – ის ლაურეატები გამოვლინდა
ტიმ ვეინერი, ამერიკის კონტრდაზვერვის შესახებ დაწერილი წიგნის – ”ფერფლით დატოვებული მემკვიდრეობა: CIA-ს ისტორია”-ს ავტორი, ამერიკული პრემია National Book Awards – ის 2007 წლის ლაურეატი გახდა ნომიაციაში “დოკუმენტური ლიტერატურა”. ვეინერი The New York Times-ის მიმომხილველია და მისი პროფილიც სწორედ საიდუმლო სპეც-სამსახურებისა და სამხედრო მდგომარეობის გაშუქებაა. 1988 წელს ვეინერმა პულიცერის პრემია მიიღო რეპორტაჟისათვის, სადაც მან ეროვნული უსაფრთხოების პროგრამები გააშუქა.
ნომინაციაში “მხატვრული ლიტერატურა” პრემიის მფლობელი გახდა დენის ჯონსი, რომანით “კვამლის ხე” (“Tree of Smoke“) . საბავშვო ლიტერატურის ნომინაციაში კი ლაურეატად შერმან ალექსი დასახელდა წიგნისათვის “ნახევრად ინდიელის სრულიად ნამდვილი დღიური” (“The Absolutely True Diary of a Part-Time Indian“). სხვადასხვა დროს National Book Awards-ის ლაურეატები იყვნენ ჯონ აპდაიკი, ფილიპ როთი და რალფ ელისონი.
ნორმან მეილერი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
10 ნოემბერს მანჰეტენის ერთ-ერთ საავადმყოფოში ცნობილი ამერიკელი მწერალი, ნორმან მეილერი გარდაიცვალა თირკმელების უკმარისობით. მეილერი 84 წლის იყო და ბრუკლინში ცხოვრობდა. მისი ჯანმრთელობა ბოლო წლებში საკმაოდ დასუსტდა – გარდაცვალებიდან რამდენიმე თვით ადრე მან ფილტვების ოპერაცია გადაიტანა. მეილერი 40-ზე მეტი წიგნის ავტორი და პულიცერის პრემიის ორგზის ლაურეატია. იგი პირველივე რომანით გახდა პოპულარული (“The Naked and the Dead“) – წიგნი მეორე მსოფლიო ომის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. მწერლის ბოლო რომანი “ციხესიმაგრე ტყეში” (“The Castle in the
Forest ”) რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. თავისი მკვეთრად განსხვავებული პოზიციისა და გამოხატვის ხისტი ფორმების გამო, მეილერი პროვოკაციულ მწერლად იყო მიჩნეული. ემტერებოდა გორ ვიდალს, ტომ ვულფს, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ფემინისტურ ორგანიზაციებთან.კარამაზოვები იაპონიაში
ფიოდორ დოსტოვსკის “ძმები კარამაზოვები” იაპონიაში სენსაციური ბესტსელერი გახდა. იაპონური საგამომცემლო ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, წიგნმა უცხპური ლიტერატურული კლასიკის გაყიდვებში სრული რეკორდი მოხსნა. “ძმები კარამაზოვების” იაპონური ვარიანტი ხუთტომეულია. დღესდღეობით მისი 500 ათასი ეკზემპლარია გაყიდული, და ეს ორჯერ მეტია, ვიდრე 2003 წლის ბესტსელერის – “თამაში ჭვავის ყანაში” – ჰარუკი მურაკამისეული პოპულარული თარგმანი. კარამაზოვების მოულოდნელი პოპულარობა პირველ რიგში თარგმანის განსაკუთრებულობით აიხსნება, რომელიც ტოკიოს უნივერსიტეტის უცხო ენების პროეფესორს, იუკო კამეიამას ეკუთვნის. მისი თქმით, მისთვის მთავარი ამოცანა იყო, რომანი გაემარტივებინა და წასაკითხად იოლი გაეხადა. მიზნის მისაღწევად კი მან ჯერ პწკარედული თარგმანი შეასრულა, შემდეგ კი ტექსტის ადაპტირებული ვარიანტი მიაწოდა მკითხველს.
აზიური ბუკერის მფლობელი დებიუტანტია
აზიური ბუკერის – The Man Asian Literary Prize-ის მფლობელი 61 წლის დებიუტანტი, ჩინელი ძიან რონგი გახდა, რომანით “მგლის ტოტემი” (“Wolf Totem”). პრემია აზიელ ავტორებს გადაეცემათ, რომელთა ნაწარმოებებიც თარმნილია ინგლისურ ენაზე, მაგრამ დაჯილდოების თარიღამდე არ გამოცემულა. წიგნის ავტორის ჯილდო 10 ათასი დოლარია, მთარგმნელის კი – 3 ათასი. “მგლის ტოტემი” ჩინეთში 2004 წელს გამოქვეყნდა და მისი ტირაჟი ჩინეთის ბაზისათვის საკმაოდ დაბალი იყო – სულ რაღაც 20 ათასი ეკზემპლარი. თუმცა სულ მალე წიგნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ 20 მილიონიანი ტირაჟით პირატული ვერსია დაიბეჭდა. “მგლის ტოტემის” ინგლისურ თარგმანზე საავტორო უფლებები ბრიტანულმა გამომცემლობამ Penguin Press-მა შეიძინა. ძიან რონგის რომანის ინგლისური ვერსია 2008 წლის მარტში გამოვა გაყიდვაში.
გონკურის პრემია 2007
საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის – გონკურის 2007 წლის ლაურეატი Kჟილ ლერუა გახდა (Gilles Leroy). მწერალს ჯილდო რომანისათვის “ალაბამას სიმღერა” (“Alabama Song”) გადაეცა. წიგნი ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მეუღლის, ზელდა ფიცჯერალდის შესახებ მოგვითხრობს. ჟილ ლერუა 48 წლისაა. მისი პირველი რომანი 1987 წელს გამოქვეყნდა. კონკურენტები საუკეთესო ფრანგულენოვანი რომანის ავტორის წოდებაზე იყვნენ ოლივიე ადამი, ფილიპ კლოდელი, მიშელ ლესბრი, კარლა დიუპონ-მონო.
პრემია 1903 წლიდან დღემდე ყოველ წელს გაიცემა. ათკაციანი ჟიური გადაწყვეტილებას პარიზის რესტორან “დრუანში” (Drouant) იღებს, ჯილდოს ფულადი რაოდენობა კი სიმბოლური – მხოლოდ ერთი ევროა. სხვადასხვა დროს გონკურის პრემიის ლაურტატები იყვნენ სიმონა დე ბოვუარი, მარსელ პრუსტი და ა.შ.
ჰარპერ ლის ჯორჯ ბუში აჯილდოებს
მწერალი ჰარპერ ლი ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს, თავისუფლების მედლის მფლობელი გახდა. მწერალი ამერიკის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა დააჯილდოვა ლიტერატურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მწერლის ერთადერთი რომანი, “მოკალი ჯაფარა” (“To Kill A Mockingbird“) 1960 წელს გამოიცა, მაშინვე პოპულარული გახდა და დღემდე ბესტსელერი წიგნების სიაშია. 1999 წელს ჰარპერ ლის რომანი ასწლეულის საუკეთესო ნაწარმოებად დასახელდა, ორჯერ არის ეკრანიზებული და პულიცერის პრემიითაა აღნიშნული. თავად ჰარპერ ლი 81 წლისაა. იგი იშვიათად ჩნდება ხალხში და ინტერვიუებზეც უარს ამბობს, თუმცა, 5 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდა და პრემიაც ჯორჯ ბუშმა პირადად გადასცა.
ჩეხური პრემია ფრანგ ავტორს
ფრანგი პოეტი, 84 წლის ივ ბონფუა, ფრანც კაფკას პრემიის სახელობის ლაურეატი გახდა. პრემია – ფრანც კაფკას მცირე ზომის ქანდაკება და 10 ათასი დოლარი პოეტს 30 ოქტომბერს პრაღაში გადაეცა. ბონფუა, ომისშემდგომი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი ლიტერატორი და ცნობილი მთარგმნელი, მეშვიდეა, ვინც ეს პრემია მიიღო. 2006 წელს კაფკას სახელობის ჯილდო ჰარუკი მურაკამის, მანამდე კი ელფრიდე იელინეკსა და ჰაროლდ პინტერს გადაეცათ. ბონფუა არაერთი ლიტერატურული პრემიის (გონკურის, მონტენისა და საფრანგეთის აკადემიის ჯილდოები) მფლობელია, გამოცემული აქვს შექსპირისა და იეიტსის (William Butler Yeats) თარგმანები, არის არაერთი პოეტური, პროზაული თუ ესეისტური კრებულის ავტორი.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ახალი ამბები (იანვარი, 2009)
ჰორას ენგდალი თანამდებობას ტოვებს
ჰორას ენგდალი, მწერალი და კრიტიკოსი, 1999 წლიდან ნობელის კომიტეტის უცვლელი მდივანი, 2009 წლის ივნისში თავის პოსტს დატოვებს. მის მოვალეობაში სხვა დანარჩენთან ერთად ასევე შედიოდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის გამოცხადებაც. მის თანამდებობას ივნისიდან 51 წლის ისტორიკოსი პეტერ ენგლუნდი დაიკავებს – შვედეთის სამეფო აკადემიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. თეორიულად აკადემიის მდივნის პოსტი მისი მფლობელისათვის მუდმივია, თუმცა კი პრაქტიკაში არ არის გამორიცხული, რომ მდივანმა თავისი ნებით დატოვოს თანამდებობა, როგორც ეს ენგდალმა გააკეთა. მან ინტერვიუში განაცხადა, რომ აპირებს, მეტი დრო დაუთმოს სამწერლო საქმიანობას და ბერლინის კაფეებს – გერმანიის დედაქალაქში ამჟამად მისი მეუღლე ცხოვრობს. ენგდალმა ასევე აღნიშნა, რომ მუდმივი მდივნის პოსტი – ეს ვალდებულებების დიდი დოზაა, ასე რომ, ამ თანამდებობაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო.
პრუსტი ისევ იყიდება
ლიტერატურული რარიტეტების აუქციონმა Sotheby’s-მა, რომელიც 2008 წლის დეკემბერში პარიზში გაიმართა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მარსელ პრუსტის რელიკვიებზე ისევ დიდი მოთხოვნაა, მიუხედავად ფინანსური კრიზისისა. მწერლის ჯიბის ოქროს საათი, რომელიც 2000 ევროდ იყო შეფასებული, 60 ათასად გაიყიდა, მედალიონი კი, რომელშიც ავტორის თმა იყო ჩატანებული – 12 ათას ევროდ. აღნიშნული ნივთების მყიდველები კი რიგითი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც, უბრალოდ, პრუსტის შემოქმედების თაყვანისმცემლები არიან. ასევე ცეცხლის ფასად გადავიდა ახალი მფლობელების ხელში მწერლის შვიდსტროფიანი ლექსი და ყავის ლაქით შემკობილი ჩანაწერი. ალენ რენე, Sotheby’s ვიცე-პრეზიდენტი, სულაც არ თვლის მოულოდნელად აუქციონის ამგვარ წარმატებას და აღნიშნავს, რომ პრუსტი – ეს ჯადოსნური სახელია, და მასთან დაკავშირებულ ნივთებს ყოველთვის ეყოლება მყიდველი, იმისდა მიუხედავად, იქნება კრიზისი თუ – არა. აუქციონის მოგებამ 1,58 მილიონი ევრო შეადგინა.
ლონდონში უილიამ ბლეიქის გამოფენა გაიმართება
2009 წლის აპრილში ლონდონის გალერეა Tate უილიამ ბლეიქის გამოფენას გახსნის. გამოფენაზე პოეტისა და მხატვრის ის ტილოები იქნება გატანილი, რომლებიც მხოლოდ 1809 წელს მის პერსონალურ გამოფენაზე იხილა აუდიტორიამ. მაშინდელი კოლექციის 16 ნამუშევრიდან ჩვენამდე მხოლოდ 11-მა მოაღწია. მათგან 9 დანამდვილებით იქნება წარმოდგენილი Tate-ში, დანარჩენი ორი კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, არ არის გამორიცხული, გლაზგოს პოლოკ-ჰაუს მუზეუმში დარჩეს. თავის დროზე ბლეიქმა გამოფენა ძმის სახელოსნიში, ლონდონის რაიონ სოჰოში მოაწყო, თუმცა, მაშინ ავტორს იმედგაცრუება ხვდა წილად – მისი პროექტი ფართო აუდიტორიის მიერ შეუმჩნეველი დარჩა, გაზეთებში კი მის შესახებ მხოლოდ კრიტიკული წერილები დაიბეჭდა. პირველი წარუმატებლობის შემდეგ ბლეიქმა პრაქტიკულად გაწყვიტა პუბლიკასთან ყველანაირი კავშირი და თავისი ცხოვრების შემდეგი ათწლეულიც სიღარიბესა და მარტოობაში გაატარა.
ვიქტორ ჰიუგოს რომანი გრძელდება
პარიზის სააპელციო სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოუტანა ვიქტორ ჰიუგოს რომანს – “საბრალონის” თანამედროვე გაგრძელება უკვე ლეგალურად გამოიცემა. საჩივარი ჰიუგოს ნათესავებმა გამომცემლობა Plon-ისა და მწერალ ფრანსუა სერესას წინააღმდეგ შეიტანეს, რომლებმაც ორი რომანი გამოსცეს “საბრალონის” მოტივებზე. 2001 წელს დაბალი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ავტორის მორალური უფლებების დარღვევაში, თუმცა კი ავტორმა და გამომცემლობამ საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, რახან ჰიუგოს რომანი უკვე არაერთხელ იქნა ადაპტირებული თეატრსა და კინოში, ვერანაირ ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუ ეს ლიტერატურაშიც მოხდება. გარდა ამისა, ჰიუგოს ნათესავებს მწერლისა და გამომცემლობის მორალური ზარალის კომპენსაციისათვის 10 ათასი ევრო დაეკისრათ ჯარიმად.
ელიოტის პრემიის ახალი ლაურეატი
ჯენ ჰეფილდი თომას სტერნზ ელიოტის სახელობის პრესტიჟული ბრიტანული პრემიის ლაურეატი გახდა. მან ჯილდო თავისი მეორე პოეტური კრებულისათვის – “Nigh-No-Place” _ მიიღო. პრემიის ჟიურის თავმჯდომარემ, ენდრიუ მოუშნმა, ჰეფილდს საოცრად ორიგინალური ავტორი უწოდა, რომელიც თავისი შემოქმედების დასაწყისში უკვე ავლენს საკმაოდ დიდ პოტენციალს. პოეტი ამჟამად შეთლენდის კუნძულებზე ცხოვრობს, მისი კრებული კი, როგორც იგი თვითონ აღნიშნავს, კანადასა და შოტლანდიაში მოგზაურობისგან მიღებული შთაბეჭდილებების გალენითაა დაწერილი. თომას სტერნზ ელიოტის სახელობის პრემია 15 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს და იგი ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნელოვან პოეტურ ჯილდოდ ითვლება. მისი ლაურეატები იყვნენ ტედ ჰიუზი, დონ პატერსონი, შეიმუს ჰინი, კეროლ ენ დაფი.
ჰემინგუეის არქივი ციფრული ფორმატში
გაზეთ Latin American Herald Tribune-ის ცნობით, ერნესტ ჰემინგუეის პირადი არქივის 3000-ზე მეტი საბუთი მალე ციფრულ ფორმატში გადავა. მათს შორისაა “მოხუცი და ზღვის” სცენარი ფილმისათვის და რომანის, “For Whom The Bells Ring”-ის ეპილოგი. აღნიშნული დოკუმენტები ადრე არსად ყოფილა გამოქვეყნებული. ციფრულ ტექსტებს შორის იქნება ასევე საბუთები, რომლებიც უკავშირდებიან ჰემინგუეის ჰიპოთეზას იმის თაობაზე, რომ გერმანული წყალქვეშა ნავები მეორე მსოფლიო ომის დროს სამხრეთ კუბის სანაპიროდან იმართებოდა. არქივი, რომლის კუთვნილებაც აღიშნული დოკუმენტებია, სახლ-მუზეუმში, სახელად “ფინკა ვიხია” (“Finca Vigia”) ინახება. სწორედ ამ სახლში, ჰავანიდან ჩრდილოეთით, ცხოვრობდა ჰემინგუეი 1939-1960 წლებში. გარკვეული დროის შემდეგ ციფრული არქივით სარგებლობის უფლება ბოსტონის ბიბლიოთეკის მომხმარებლებს ექნებათ, მომსახურება უფასო იქნება.
ვინი პუჰი და მისი მეგობრები ბრუნდებიანბრიტანულმა გამომცემლობა Egmont Publishing-მა საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ 2009 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის წიგნის მაღაზიების თაროებზე ვინი პუჰის თავგადასავლის გაგრძელება გამოჩნდება. წიგნი, რომლის სახელწოდებაც უკვე ცნობილია – “დაბრუნება ასაკროვან ტყეში” (“Return to the Hundred Acre Wood”), 83 წლის წინ ალან მილნის მიერ დაწერილი ვინისა და მისი მეგობრების თავგადასავლის პირველი ოფიციალური გაგრძელება იქნება. ვინი პუჰის ახალი ისტორიების ავტორი დევიდ ბენედიქტუსი იქნება, სწორედ მას ეკუთვნის სცენარი მილნის აუდიოწიგნისათვის. გამოცემის მხატვრული გაფორმება კი მარკ ბერჯესს ანდეს, რომელმაც ადრე უკვე შექმნა ილუსტრაციები წიგნისათვის, სადაც ვინისა და დათუნია პადინგტონზეა მოთხრობილი.
თომას ბერნჰარდის ავტობიოგრაფია გერმანიაში გამოიცემა
გერმანულმა გამომცემლობა Suhrkamp-მა ავსტრიელი დრამატურგის, თომას ბერნჰარდის (1931-1989) აქამდე გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიული ტექსტი გამოსცა. წიგნს “ჩემი ჯილდოები” (“Meine Preise”) ჰქვია და 140 გვერდს მოცავს. პირველი გამოცემა, რომლის ტირაჟსაც 20 ათასი ეგზემპლარი შეადგენს, მწერლის გარდაცვალების ოცი წლის თავს მიეძღვნა. ავტობიოგრაფიული ტექსტის სათაური იმ მრავალრიცხოვან პრემიებსა და ჯილდოებს უკავშირდება, რომელთა მფლობელიც ბერნჰარდი 1979 წლამდე გახდა. მაშინ მწერალი ამტკიცებდა, რომ ამ ჯილდოების მიღება მისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მათი მატერიალურ-მერკანტილური მხარეები. გამომცემლის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ ბერნჰარდმა წიგნის წერა 1980 წელს დაამთავრა, თუმცა კი ანდერძში მიუთითა, მისი გამოუქვეყნებელი ტექსტები ავსტრიაში არ გამოეცათ.
ქენძაბურო ოე – ჩინური ლიტერატურული პრემიის ლაურეატი
იაპონელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ქენძაბურო ოე, ჩინეთის ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა საკუკეთესო საზღვარგარეთული რომანისათვის. მწერალმა ჯილდო წიგნისათვის “მშვენიერ ანაბელ ლის ქარმა დაუბერა და მოკლა” (“Routashi Anaberu ri souke dachitu mimakaritu”) _ მიიღო, რომელიც იაპონიაში 2007 წელს გამოიცა. დაჯილდოების ცერემონიალზე მწერალმა თავისი წიგნიდან ნაწყვეტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილია ამ პრემიით განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისაგან, სადაც მკითხველი საკმაოდ პრეტენზიულია თანამედროვე ლიტერატურის მიმართ. ოე პირველი იაპონელი ავტორია 2000-იანი წლების შემდეგ, რომელმაც ჩინური ლიტერატურული პრემია მიიღო.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”
-
ახალი ამბები (ნოემბერი, 2007)
ბრიტანული ბუკერი ირლანდიელ ავტორს
16 ოქტომბერს ბრიტანული ბუკერის პრემიის ლაურეატი გამოვლინდა – პრესტიჟული ჯილდო ირლანდიელ მწერალ ქალს, ენ ენრაიტს გადაეცა რომანისათვის “კრება” (“The Gathering”). გამარჯვებულის გარდა ბუკერის პრემიაზე წელს 5 ავტორი იყო ნომინირებული – ნიკოლა ბარკერი (“Darkmans”), მოჰსინ ჰამიდი (“The Reluctant Fundamentalist”), ლლოიდ ჯონსი (“Mister Pip”), იან მაკიუენი (“On Chesil Beach”), ინდრა სინჰა (“Animal’s People”). ენ ენრაითი წლევანდელ ფინალისტებს შორის აუტსაიდერად ითვლებოდა და ფსონებიც ძირითადად იან მაკიუენსა და ლოიდ ჯონსზე იყო გადანაწილებული, თუმცა, 50 ათასი ფუნტი სტერლინგისათვის ბრძოლაში ირლანდიელი ავტორი უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ენრაითი აქამდე ტელეპროდიუსერად მუშაობდა. “კრება” მწერლის მეოთხე რომანია. მასში ერთი დიდი ირლანდიური ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი – თაობათა შორის ურთიერთობა და ოჯახური პრობლემები რომანის მთავარი თემაა.
ანტირელიგიური ლიტერაურა National Book Awards – ზე
National Book Awards–ის ფინალისტების სია გამოცხადდა. 20 ფინალისტს შორის ყველაზე დიდი ყურადღება დოკუმენტური პროზის ჟანრში წარდგენილი ავტორების ნაშრომებმა მიიპყრეს – ქრისტოფერ ჰიჩენსის ანტირელიგიურმა ”ღმერთი არ არის დიადი: როგორ წამლავს რელიგია” (“God is Not Great: How Religion Poisons Everything”) და ტიმ ვაინერის წიგნმა ამერიკის კონტრდაზვერვის შესახებ – ”ფერფლით დატოვებული მემკვიდრეობა: CIA-ს ისტორია” (“Legacy of Ashes: The history of the CIA”). “წელს პირველი შემთხვევაა, როცა ნომინანტთა სია არ შეიცავს 11 სექტემბრის, ისლამისა და ცენტრალური აღმოსავლეთის პრობლემატიკით დატვირთულ ტექსტებს”, – განაცხადა National Book Awards–ის ფონდის ხელმძღვანელმა. ფონდი საუკეთესო ამერიკელ ავტორებს ავლენს და პრემია 4 სხვადასხვა ჟანრში გაიცემა – მხატვრული და დოკუმენტური პროზა, პოეზია და საყმაწვილო ლიტერატურა. საბოლოო გამარჯვებულთა ვინაობა ნოემბერში იქნება ცნობილი. სხვადასხვა დროს National Book Awards-ის ლაურეატები იყვნენ ჯონ აპდაიკი, ფილიპ როთი და რალფ ელისონი.
ფილის უითლის წიგნები 35 ათას დოლარად
18-ე საუკუნეში მოღვაწე მწერლის, ფილის უითლის საავტორო წიგნის ძველისძველი კოლექცია სამხრეთ კალიფორიის უნივერსიტეტმა შეისყიდა. წიგნში ავტორის სხვა ნაწარმოებებთან ერთად მისი პირველი ლექსიცაა შესული, რომელიც მწერალმა 13 წლის ასაკში დაწერა. უითლის წიგნის პირველი გამოცემა სულ რაღაც 100 ეგზემპლარადაა შემორჩენილი და აქამდე იგი თომას კუპერის ბიბლიოთეკის კოლექციის კუთვნილება იყო. ფილის უითლი პირველია აფროამერიკელ მწერალებს შორის, ვისი ნაწარმოებებიც წიგნად გამოიცა. იგი აფრიკაში დაიბადა და 7 წლის ასაკში ბოსტონელმა ოჯახმა მონების ბაზარზე იყიდა. მისი წიგნი ლონდონში 1773 წელს დაიბეჭდა და ერთი წლის შემდეგ უკვე უითლიც გაათავისუფლეს მონობიდან. წიგნის პირველმა ამერიკულმა გამოცემამ კი მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 1784 წელს იხილა დღის შუქი. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტმა უითლის თითოეულ წიგნში 35 ათასი დოლარი გადაიხადა.
ფრანკფურტის წიგნის 59-ე საერთაშორისო ფესტივალი
ფრანკფურტის წიგნის 59-ე ფესტივალმა წინა წლების რეკორდი მოხსნა – ფესტივალზე 108 ქვეყნიდან 7448 გამომცემლობა და წიგნის 400 ათასი დასახელება იყო წარმოდგენილი, სტუმრების რიცხვმა კი 300 ათასს გადააჭარბა. ფესტივალი 11-დან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდა და მისი ძირითადი პროგრამა საგამომცემლო საქმიანობის განვითარება, ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება და განათლების პოპულარიზაცია იყო. ფესტივალის დირექტორმა, იურგენ ბოოსმა, განაცხადა, რომ დღესდღეობით დაახლოებით 770 მილიონი ადამიანი ზოგადი განათლების დეფიციტს განიცდის და ფრანკფურტში შეკრებილი საზოგადოების მოვალეობაა, ამ პრობლემის გლობალურად გადაჭრის მეთოდები შეიმუშაონ. ”ის ეპოქა დამთავრდა, როცა წიგნის ფესტივალი მხოლოდ საზეიმო მოვლენად ითვლებოდა”, – აღნიშნა მან პირველივე დღეს, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე. 11-დან 14 ოქტომბრამდე მკითხველებს ასევე საშუალება ჰქონდათ, მწერლებისა და გამომცემლებისაგან საინტერესო სემინარები მოესმინათ – ფრანკფურტს წიგნის ფესტივალს წელს უმბერტო ეკო, გიუნტერ გრასი და ფეი უელდონი სტუმრობდნენ.კატა რომის პაპის ბიოგრაფიას წერს
იტალიაში მალე გაყიდვაში იქნება წიგნი, სადაც რომის პაპის, ბენედიქტ XVI-ის ცხოვრების შესახებ მისი კატა, სახელად – კიკო, ჰყვება. სახალისო ბიოგრაფიის ავტორი, ჟურნალისტი ჟან პერეგო, მილანში ცხოვრობს. მისი თქმით, ”იოზეფი და კიკო” საყმაწვილო ჟანრის წიგნი იქნება. მასში აღწერილია პაპის მთელი ცხოვრება – დაბადებიდან უწმინდესად არჩევის დღემდე. პერეგომ აღნიშნა, რომ იგი პირადად არასოდეს შეხვედრია პაპს, მაგრამ მისი პერსონა იმდენად კეთილი, მშვიდი და გაწონასწორებულია, რომ ყოველთვის ჰქონდა სურვილი, მის შესახებ დაეწერა. წიგნის წინასიტყვაობა ბენედიქტ XVI-ის პირადმა მდივანმა, გეორგ გენსვაინმა მოამზადა. ”ეს პაპის ყველაზე განსხვავებული ბიოგრაფიაა – თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მას კატა გვიყვება. კიკო დიდი ხანია, რაც ბენედიქტ XVI-ს იცნობს და მის შესახებ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალები იცის”, – წერს გენსვაინი.
გიუნტერ გრასი 80 წლისაა
გერმანელ მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატს – გიუნტერ გრასს, 16 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდა. მწერლის იუბილე მის მშობლიურ ქალაქში – გდანსკში (ყოფილი დანციგი) 3-დღიანი ზეიმით აღინიშნა. გრასი ასევე პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ლეხ ვალენსას შეხვდა და გერმანია-პოლონეთის მიმდინარე ურთიერთობებზე გაესაუბრა. წლების წინ, როცა გრასმა თავის ერთ-ერთ რომანში აღიარა, რომ ახალგაზრდობაში იგი ჰიტლერის საიდუმლო შეიარაღებულ ორგანიზაციაში მსახურობდა, ვალენსამ საკითხი დასვა, ჩამოერთმიათ მწერლისთვის გდანსკის საპატიო მოქალაქეობა. თუმცა კი, როცა გრასმა ქალაქის მერს, პაველ ადამოვიჩს, წერილი მისწერა და აუხსნა, რომ ეს მისი ახალგაზრდობის მწარე შეცდომა იყო, მას საპატიო წოდება შეუნარჩუნეს. ახლა კი პოლონეთი ნობელიანტის 80 წლის იუბილეს ზეიმობს, მის საპატივცემულოდ სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად ”თუნუქის დოლის” თეატრალური წარმოდგენაც კი შედგა.
მწერლები ღაზას სექტორის ტერიტორიაზეებრაელი მწერლები – ამოს ოზი, დევიდ გროსმანი და აბრაამ იეჰოშუა იმ 11 აქტივისტს შორის არიან, რომლებმაც ისრაელის მთავრობისადმი პეტიციას მოაწერეს ხელი. პეტიციის მოთხოვნა ღაზას სექტორში ჰამასის ისლამისტური დაჯგუფების წინააღმდეგ საომარი მოქმედების შეწყვეტას ითვალისწინებს. აქტივისტების მოწოდებაზე ისრაელის მთავრობამ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ახლა ლოიალურიბის გამოჩენა მოვლენების გაუარესებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ჰამასის ოფიციალური მიზანი ისრაელის გეოგრაფიული რუკიდან წაშლა და მის ადგილას (დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორის ჩათვლით) ისლამური თეოკრატიის შექმნაა. საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ებრაელი ავტორების პეტიცია მემარცხენე გაზეთში, “Ha’aretz”-ში, დაიბეჭდა, თუმცა, მათი ავტორიტეტი ისრაელის მთავრობისთვის სტრატეგიის შეცვლის მიზეზი არ აღმოჩნდა – რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ვერც ამოს ოზის სახელმა და ”ისრაელის სინდისად” აღიარებულმა წოდებამ იმოქმედა.
ბრიტანეთის ბიბლიოთეკას საფრთხე ემუქრება
ბრიტანეთის ბიბლიოთეკის საგანძურს აუქციონზე გაყიდვის საშიშროება ემუქრება. თუ აქამდე ბიბლიოთეკაში მსოფლიო ლიტერატურის არაერთ მნიშვნელოვან და ორიგინალური დოკუმენტზე მკითხველს თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი, ახლა უკვე სახელმწოფო დაფინანსების შეკვეცამ მკითხველთა ინტერესზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. წერილით, რომელიც ”The Observer”-ში გამოქვეყნდა, მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორი, ლინ ბრენდლი, მთავრობას მიმართავს, ხელი შეუწყოს ”ერის შემოქმედებითი აზროვნებისა და მეხსიერების ასწლოვანი რესურსის შენახვას”. ბრენდლიმ ასევე აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, რომელსაც წელიწადში 67 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, საკმაოდ დიდი თანხა შედის სახელმწიფო ბიუჯეტში და, სხვა თუ არაფერი, მთავრობა ვალდებულია, დაიცვას მსოფლიო კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები აუქციონზე გატანისა და კოლექციონერების ხელში ჩავარდნისგან.
ადოლფ ჰიტლერის პირადი წერილები
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გერმანელებისათვის მეტად საინტერესო წიგნის პრეზენტაცია შედგა – წიგნს ”წერილები ჰიტლერის მისამართით” ჰქვია და მასში 1925-45 წლებში ჰიტლერისათვის მიწერილი პირადი წერილებია თავმოყრილი. განწყობილება და მიმართვები ფიურერის მიმართ მრავალფეროვანია – წერილებს შორის არის როგორც აღფრთოვანება, პატივისცემა და მატერიალური დახმარების მოლოდინი, ასევე ხშირია დაზარალებულთა და ნაცისტური სისტემის მსხვერპლთა ვედრება, დატოვოს პოსტი. გარდა ამისა, ჰიტლერს სხვადასხვა პირად შეკითხვებსაც უსვამდნენ, კერძოდ, ეტანებოდა თუ არა იგი ალკოჰოლს ან თამბაქოს, ზოგიერთი წერილთან ერთად საჩუქრებსაც უგზავნიდა – მაგალითად, თაფლსა და ცხვირსახოცებს. წერილების ავტორებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფიურერის სტუმრად დაპატიჟებასაც ბედავდნენ. წიგნმა გერმანიაში დიდი ინეტერესი გამოიწვია და მისი ნაწყვეტები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გერმანულ ტაბლოიდში, ”ბილდში”, იბეჭდება.© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”
-
ახალი ამბები (დეკემბერი, 2008)