• ესე (თარგმანი)

    სიყვარულის საიდუმლეობათა ფრანგული გასაღები

    ჟოელ ბასტენერი

    ფრანგული კულტურის ცენტრის დირექტორი

    სიყვარულის საიდუმლეობათა ფრანგული გასაღები

    როდესაც სიტყვა სიყვარულზე ჩამოვარდება, ფრანგი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, – მყისვე ენად გაიკრიფება, საკუთარ აზრს გაგიზიარებს, სასუბრო თემის შესაფერის ანეკდოტს გაიხსენებს, დაბოლოს, რაიმე ბრძნულ გამონათქვამსაც მოაყოლებს. ფრანგები ამაყობენ იმით, რომ ესოდენ ლაღად შეუძლიათ ილაპარაკონ სიყვარულზე და ეს უძველესი უპირატესობა სიტყვისა სავსებით გამართლებულად მიაჩნიათ, რადგან ამ გრძნობის არა მხოლოდ ცხოვლად განცდა, არამედ მასზე გადამწყვეტი, მჭექარე აზრის გამოთქმაც ხელეწიფებათ. ფრანგისთვის რაღა სიყვარული და რაღა პეწით გაშლილი სუფრა: ამ სიამოვნებათა შესახებ ფრანგებზე მეტი აბა ვის უთქვამს? ეს განსაკუთრებით იგრძნობა მწერლობაში: არც ერთი ქვეყნის ლიტერატურას არ დაუთმია ამდენი ადგილი სიყვარულისთვის, ესოდენ ხაზგასმით არ წარმოუჩენია, ვინ იცის საიდან მოყოლებული, ამ უნივერსალური პრობლემის უკლებლივ ყველა მხარე და წახნაგი, ესოდენ დაწვრილებით არ აღუწერია გრძნობის საფეხურები და განსხვავებული ფორმები, სექსის “დახვეწილი მანერები” თუ გარყვნილების სიღრმეები. ტრუბადურებიდან კრისტინ ანგომდე, – მადამ დე ლაფაიეტი, გიიომ აპოლინერი და ანდრე ბრეტონიც გავიხსენოთ, – ვინ მოსთვლის რამდენი რამ შევიცანით და რამდენი რჩევა თუ შეგონება მოვისმინეთ, – ფრანგული ლიტერატურა ნებისმიერ კითხვას უძებნის პასუხს, რადგან, როგორც სამართლიანად აღნიშნავს მწერალი და ფილოსოფოსი ფილიპ სოლერსი: “არც ერთ ქვეყანას არ შეუქმნია ესოდენ წინააღმდეგობრივი ლიტერატურა, რამეთუ სხვაგან ვერსად შეხვდებით გვერდი-გვერდ კლოდელს და ვოლტერს, სადს და მადამ დე სევინიეს…”
    მრავალსაუკუნოვან, თაობიდან თაობაში გარდამავალ სიყვარულის ჰერმენევტიკის სადარ ტრადიციას კარგად ახსოვს განსაკუთრებული ზეობის პერიოდები: XII-XVIII საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული, XX საუკუნის დასაწყისში და შემდეგ, 1960-70-იან წლებში განვითარების უმაღლეს საფეხურზე ასული ტოტალიტარული ნორმატიული წესის წინააღმდეგ მიმართული რეაქცია, ახალი საუკუნის დასაწყისში ძალებს იკრებს, რათა წინ აღუდგეს უცხოური ლიტერატურების მომძლავრებულ მაცდუნებელ კონკურენციას. ამ აღზევებას თან ახლავს, ლიტერატურაში სექსის და ამასთან ერთად, ღვთიურ მადლს მოკლებული ადამიანის მარტოსულობის განცდის კიდევ მეტი სიმძაფრით წარმოჩენა, რაც, ცხადია, უკავშირდება ეპოქისთვის დამახასიათებელ ყოვლისმომცველ ცინიზმს, რომელიც სრულიად აუფასურებს კეთილ გრძნობებს და “გულის სწრაფვებს”. მერე კიდევ, უკანასკნელი ორი საუკუნის ლიტერატურასა და ფილოსოფიაში სიყვარულის აურას თუ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ წარსულში სენტიმენტალიზმი იშვიათი მოვლენა იყო და ფრანგები, რომლებიც მუდამ ამაყობდნენ სიყვარულის მეცნიერების ზედმიწევნით ცოდნით, არც სულიერი კავშირისა და ერთგულების ქიმერებს წყალობდნენ და არც სხეულის ჯადოს მორჩილებას. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ქირქილით კითხულობს გაზეთში მოსახლეობის უმრავლესობისთვის საძულველი, მუდმივი დაცინვის სამიზნედ ქცეული საზოგადოებრივი ინსტიტუტის, ქორწინების მაცნე განცხადებას, საბოლოო ჯამში, ის მაინც დარწმუნებულია, რომ ოჯახური სიკეთეების დამცველმა კავშირებმა აუცილებლად უნდა სძლიონ გულის ცვალებადობას და სურვილის კონვულსიებს.

    სწორედ ამ “იძულებით სიბრძნეს” ადასტურებს ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობა, განსაკუთრებით, ბალზაკის შემოქმედება. საზოგადოებრივი აუცილებლობის წინაშე ქედის მოხრა და საკუთარი მარცხის მწარე აღიარება თავისუფლების მეხოტბეთ და ბურჟუაზიული სათნო სიმშვიდის შეურიგებელ მოძულეთ თვით სიყვარულის ძაგებისკენ უბიძგებს. ერთი საშინელი გაფრთხილება ჟორჟ ბატაის ეკუთვნის: “ჩემი ვნება სიყვარულისა გადაჰყურებს სიკვდილს, ისე, როგორც ფანჯარა ეზოს”. მსგავსმა თავბრუსხვევამ თავისი დაღი დაასვა პრუსტს და მორიაკს, ისევე, როგორც უელბეკს (მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს თვითონ! იხ. ინტერვიუ). სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ტანჯვა, მონობა, უბედურება და ასე და ამგვარად… ჭეშმარიტი სიბრძნე მისგან გარიდებას გვირჩევს. მორალისტები (აი, კიდევ ერთი წმინდად ფრანგული ხელობა), გრძნობებზე მხოლოდ იმიტომ გვესაუბრებიან, რომ ყველას დასაცინად, სამზეოზე წარმოაჩინონ მათი სიყალბე. ფრანგული მაქსიმებისა და აფორიზმების სისტემა მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის გასაღებს Gგვთავაზობს და სწორედ ამას უნდა უმადლოდეს საკუთარ წარმატებას. ცნების “გასაღები” ხმარება მაშინ, როდესაც საუბარი ეხება ესოდენ ცვალებად, პირადულობის ნიშნით დაღდასმულ თემას, ნიშნავს ილაპარაკო ზოგად ფრაზებზე, გაცვეთილ ტერმინებზე და უნდობლობაზე, რომ არ ვთქვათ, ზიზღზე, ე. ი. ყოველივე იმაზე, რაც არის სათავე სექსუალური წრეგადასულობისა. სწორედ სექსუალური უზომობაა სარჩული თავშეკავებულობისა (აბსტინანცია), რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრისტიანული დასავლეთის ისტორიაში. ამაღლებული გრძნობების წინააღმდეგ მიმართულ სარკაზმს ბადებს ილუზიების მსხვრევა, თუმც კი მათ ნაჭდეურებს ვხვდებით სექსუალური თავაშვებულობისა და ბისექსუალიზმის მეხოტბეებთან, თუნდაც ბრიუკნერისა და ფენკილკროტის სკანდალურ ტექსტში “ახალი სასიყვარულო უწესრიგობანი” (იხ. ქვემოთ).
    ნიშნავს ეს, რომ ფრანგებს სექსი უფრო იზიდავს, ვიდრე გრძნობა და რომ ხსნა მხოლოდ გულის ტოტალურ უარყოფაშია? ის, ვინც ამ ფაქტს ადასტურებს, შამფორის (1740-1794) სინანულს იზიარებს: “სიყვარული, იმ სახით, როგორც ის საზოგადოებაში არსებობს, მხოლოდ ორი ფანტაზიის ურთიერთობა და ორი ეპიდერმის კავშირია”. ბრუკნერი სინანულს გამოთქვამს, რომ სექსუალურ თავისუფლებაზე დისკურსმა დაგვავიწყა არც თუ ისე იდეალისტური ხასიათის “გულის რომანებისთვის” დამახასიათებელი სენტიმენტალური აღსარებანი და ისიც, რომ ძველი მწერლები ამაღლებულ სიტყვებს ერთობ “მიწიერ” მნიშვნელობას შესძენდნენ. გავიხსენოთ თუნდაც აბელარის დასაჭურისება ყოვლად უვნებელი “ლირიკული აღმაფრენის” გამო. იმის თქმაც საკმარისია, რომ ამაღლებული სიყვარულისა და ვულგარული გრძნობიერების დაპირისპირება სასიყვარულო თავგადასავლებით მოყირჭყებული, ყალბი “ცხოვრების გამფლანგველების” მიერ მოგონილი ტრუიზმია. ოვიდიუსის და კაზანოვას კვალდაკვალ, შოდერლო დე ლაკლომ, სტენდალმა და ბევრმა სხვა დიდმა მწერალმა კარგად უწყიან, რომ ის, ვინც ორმხრივი სიამოვნებისგან რაიმე გამორჩენას ელის შემწედ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები უნდა მოიხმოს და ენად უნდა გაიკრიფოს. მოგვიანებით, თემატური ნომრის გაცნობისას, ვნახავთ თუ როგორ იყენებს სულიერ აღტკინებას ზნეობრივი ცხოვრების ნორმების არც თუ ისე თავგადაკლული დამცველი ბენჟამენ კონსტანი, რომლის ნაწარმოები “ადოლფი”, მრავალგვარი სურვილის ხლართებში გაბმული ადამიანის ერთი გრძელი აღსარებაა.
    შეიძლება ვინმემ დაასკვნას, რომ მაღალი სწრაფვები დიდ წილად სიცრუესა და მოჩვენებითობას ეფუძნება. მართლაც, სურვილის გამოხატვაში ბევრია სიყალბე, უფრორე მაშინ, როდესაც ცდილობ სათქმელს რაც შეიძლება მეტი ხიბლი შესძინო. სწორედ ამას უპირისპირდება სტენდალი თავის ცნობილ ნაწარმოებში “სიყვარულის შესახებ”: “სიყვარულის მთელი ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად ითქვას ის, რასაც ამ წუთით თრობისას განიცდი”. ვგონებ, არც ისე ადვილი საქმეა, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს: ყველა მაცდუნებელს უნდა ახსოვდეს, რომ ქალის გულს ქათინაურებით ვერ მოიგებ, რადგან მან კარგად იცის, რომ ლამაზი სიტყვები ხორციელი სურვილივით წარმავალია. გამოდის, სიტყვები მხოლოდ იმას გამოხატავს, რაც უშუალოდ სხეულს, ხორციელს არ უკავშირდება, და რომ მხოლოდ ზუსტად მიგნებული სიტყვებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ სულიერ სიყვარულზე, რადგან გაუცნობიერებლად ვგრძნობთ, რომ ხსნის ერთადერთი გზა ღმერთის სამსახურია. ან იქნებ, იმის გამო, რომ სუბიექტი სხვა არაფერია, თუ არა ნაკრები ილუზიებისა და წარმოდგენებისა (რომელსაც, როგორც სტრუქტურალიზმი გვიმტკიცებს, იგი საკუთარ თავის შესახებ შეიქმნის), გრძნობებზე საუბარს არავითარი აზრიც არა აქვს?
    არა! მსგავსი უკიდურესობანი უცხოა ფრანგული ხასიათისთვის: საფრანგეთი მუდამჟამს იცავდა ზომიერების, მიმტევებლობის და კეთილგანწყობილი ჰუმანურობის პრინციპებს, რომლებიც არასოდეს უპირისპირებს ერთმანეთს გრძნობის ამაღლებულობას და ხორციელ ვნებას. აქ თავს იჩენს ჩვენი ყბადაღებული გულგრილობა, რომელსაც ასე გაცხარებით აძაგებდნენ სელინი, ბერნანოსი და მეოცე საუკუნის სხვა სახელოვანი მწერლები, თუმცა ამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო: ჩვენ ერთნაირად ვუპირისპირდებით თავშეკავებულობას და დონჟუანიზმისთვის დამახასიათებელ ფლობის ჟინს. ჩვენი ავტორები ამ ორ ცდუნებას შორის მუდამ შუალედურ პოზიციას ირჩევენ. მონტენის მოძღვრების მიმდევარნი, ხმას ვუწყობთ მორალისტს და მასთან ერთად ვაცხადებთ: “სამყაროს მოძრაობა ცხადდება სქესთა კავშირში და გამოიხატება სქესთა კავშირით, რამეთუ ეს არის ძალა, რომელიც ყოველივეს განსჭვალავს, ცენტრი, სადაც თავს იყრის ყოველი საგანი”. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ამ დებულების სისწორეს ბლეზ პასკალის, მკითხველის მიერ ნაკლებად დაფასებული, მცირე ზომის ტექსტიც ადასტურებს, რომელშიც პასკალი უარყოფს გონებისა და სიყვარულის ურთიერთდაპირისპირებას. ტექსტი გამოძახილია აღორძინების ჰუმანიზმისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პასკალის თანამედროვე ლაროშფუკოს ირონიასთან, რომლისთვის სიყვარულის გრძნობა სინამდვილეში არც არსებობს: “ჭეშმარიტი სიყვარული აჩრდილების გამოცხადებას ჰგავს, მათზე ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ცოტას თუ უნახავს”. ჩვენ ვულგარული სურვილების ტყვეობაში ვართ და ეს არის თავი და თავი იმისა, რომ ვერარა ძალისხმევით ვერ ვუახლოვდებით უანგარო სიყვარულის პრინციპს, რომლის არსი დაბადებიდანვე ჩასახულია ჩვენში და რომელსაც, ჩვენივე ნებით, ყურადღების ღირსად არ ვთვლით.
    ფრანგების სპონტანურ გონებაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ვნებისა და ტონის სიმსუბუქის, გულწრფელი გატაცებისა და ლიბერტინაჟის (ზნეობრივი ნორმების უგულველყოფა-გ. ე.) ბედნიერი შერწყმა, რომლის კვალი აშკარად საგრძნობია ჩვენი დიდი მწერლების უმრავლესობის შემოქმედებაში და რომელიც, ლიტერატურის სახელოვანი ქალბატონების (მარიამ ფრანგი, მარგარიტ ნავარელი) მიერ პირველად წარმოჩენილი, გრძელდება და გაცილებით მაღალ საფეხურზე ადის კრებიიონის, რეტიფ დე ლა ბრეტონის, სტენდალის, ფლობერის და მოპასანის ნაწარმოებებში. ტრადიცია გრძელდება პიერ ლუისის და ლუი არაგონის ლექსებში, ისევე, როგორც თანამედროვე “შანსონებში”. კრებიიონი უმცროსი (1709-1777) სასიყვარულო ისტორიის გადმოცემისას, მიზნად ისახავს წარმოაჩინოს სიყვარული მთელი სისავსით, ე.ი. სხეულიც და გულიც, რადგან ნებისმიერი სიყვარული ფიზიკურია ან მისკენაა მიდრეკილი და ამ სწრაფვის შეფერხება მტკივნეული განცდაა. სურვილი სამყაროს უზენაესი ჭეშმარიტებაა და ყოველივე სექსზე გველაპარაკება, ამრიგად, არ არის აუცილებელი, ალაპარაკო თვით სექსი. ამას ქალებიც აღიარებენ, – მადამ დე ლაფაიეტი “კლევის პრინცესაში” გადაკრულად, პერიფრაზებით უმხელს თავის შეხედულებებს მკითხველს. მისგან განსხვავებით, “წესიერად აღზრდილი ქალიშვილის მემუარებში” სიმონ დე ბოვუარი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღიარებს საკუთარ მრწამს. ის მამაკაცები, ვინც ყველაზე კარგად უგებს ქალებს, არა მხოლოდ ამართლებენ მათ მცდელობას, არამედ მათთან იდენტიფიცირებასაც ახდენენ. გავიხსენოთ ფლობერის ცნობილი ფრაზა: “ქალბატონი ბოვარი მე ვარ”.
    აი ის ზოგადი მიმართულება, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მიყვება ჩვენი ეროვნული პროზა. თუ კი მწერლები ზოგჯერ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მოქმედების წვრილმანების აღწერას, ეს იმიტომ, რომ მეტი სიმკვეთრით წარმოაჩინონ გრძნობები და ცოტას თუ ვნახავთ ისეთს, ვინც კრძალვით არ მიაგებს მისაგებელს სადს, რომლის მკითხველთა და თაყვანისმცემელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. საფრანგეთს ვერავითარი აღსარებით ვერ გააკვირვებ და ეს, გნებავთ, გულგრილობა ვუწოდოთ, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება შამფორის ღრმა რწმენას: “სიყვარულში ყოველივე ჭეშმარიტია, ყოველივე ყალბია და ის ერთადერთია, რომლის შესახებ სულელურს ან უაზროს ვერაფერს იტყვი”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  რეცენზია (თარგმანი)

    უოლტ უიტმენის ბალახის ფოთლები

    უიტმენის “ბალახის ფოთლების” ბოლო გამოცემამ განაახლა ის კამათი, სხვათა შორის, მეტ-ნაკლებად აგრესიული, მუდამ რომ იჩენდა ხოლმე თავს ამ ავტორის სახელის ხსენებისას. ზოგიერთი კრიტიკოსი ხელაღებით უარყოფს მის პოეტურ ტალანტს და თავის პირდაპირ მოვალეობად მიიჩნევს დაგმოს ის “ვულგარული და მოულოდნელი იერიში”, რომელიც უიტმენს მხატვრული მეთოდის გამოვლენის ძირითად ხერხად დაუსახავს. უნდა ითქვას, რომ მსგავსი კრიტიკოსები უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს სწორედ იმ შეხედულებათა (და ზოგჯერ გამონათქვამთა) ვულგარულობითა და გაურანდავობით, რომლითაც სხვისი ვულგარულობის წინააღმდეგ ილაშქრებენ. თუკი ისინი ამ წიგნში ვერაფერს ხედავენ ბრტყელ-ბრტყელი ტრუიზმებისა და აგრესიულობის გარდა, უნდა ვიფიქროთ, რომ მათი გემოვნება დასახვეწია; ისინი სათანადოდ ვერ აღიქვამენ ჩვეულებრივი მოვლენების ახლებურ, სისხლსავსე წარმოჩენას, მძლავრ აღმაფრენას, უდიდეს სიყვარულს ადამიანისა და ბუნების მიმართ, ვერც უკვდავების რწმენას პატიობენ პოეტს. ეს ყოველივე ხომ არის უიტმენის პოეზიაში მიწიერი ყოფის გამომხატველი უმართებულო სითამამისა და იმ მოუქნელი მეთოდის პარალელურად, რომლითაც იგი ხშირად აღწერს დაკნინებულ, დაბეჩავებულ საზოგადოებას? დროის უბრალო დაკარგვად მიმაჩნია იმის გარკვევა, არის თუ არა პოეტი მისტერ უიტმენი: მისი უდიდესი ავტორიტეტი – შემოქმედებითთან ერთად კრიტიკულიც – გვინდა თუ არა, მაინც მეტყველებს მის სასარგებლოდ. არც მის მხატვრულ მეთოდზე ღირს თავის მტვრევა: ეს ფორმა სულაც არ არის ისეთი გამაოგნებელი და ნოვატორული, ძალიან ბევრს, და მათ შორის თავად უიტმენსაც რომ მიაჩნია.
    მართალია, ამ წიგნში მოვლენათა უმრავლესობა სინატიფეს მოკლებული ხერხითაა გადმოცემული და ზოგჯერ ფორმისა და სტილის უსუსურობა ამ პოეზიას მოსაწყენ პროზამდე აქვეითებს, მაგრამ მკითხველი გვერდს ვერ აუვლის მის ფურცლებზე წამიერად გაელვებულ სილამაზესა და უჩვეულო დახვეწილობას. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ შემოქმედის თითოეულ რაფსოდიას ერთიან, განუყოფელ მთლიანობად განვიხილავთ, გინდაც მათი ცალკეული მონაკვეთები უშინაარსო და უმწიფარ პოეზიად მოგვეჩვენოს. ისე კი, უსაზღვრო, შეუზღუდავი ფანტაზია და ამა თუ იმ აზრის “ახლებურად” გამოთქმისაკენ სწრაფვა, უიტმენს ზოგჯერ ასეთ რამესაც წამოაძახინებს: “მე ჩემს სხეულს მორევს მივანდობ!”… “განმიმარტეთ მითები აზიაზე!”… “ნიღაბს ჩამოვგლეჯ და წარმოგიდგენთ!” როგორ უნდა ემსახუროს თავისუფლებას ხელოვნებაში, ან ნებისმიერ სხვა ამაღლებულ იდეალებს ის მწერალი, რომელიც თავად “literat”-ს განასახიერებს? უფრო შთამბეჭდავი და ორიგინალური იქნებოდა, მისთვის უბრალოდ “inkvat” რომ გვეწოდებინა (სიტყვათა თამაში: literate – განსწავლული, განათლებული; literat – ლიტერატურის ვირთხა; inkvat – მელნის ვირთხა (მოკალმე)). მეორეს მხრივ, ამ წიგნის ფურცლები ამზეურებენ გემოვნებით შერჩეულ და ცინცხალ გამონათქვამებს. ერთგან მოცურავე ასე მომნუსხველად არის აღწერილი: “მონავარდე გამჭვირვალე, მწვანე ნათელში”; … “გულახდილი ყბედობა ქვაფენილისა”… ეს მართლაც შესანიშნავი მიგნებაა. საინტერესო და დახვეწილ პოეზიად მიმაჩნია ასეთი სტრიქონები: “ფიცარსა რანდავს დურგალი / და შალაშინის ენა / ველურ მელოდიას უსტვენს”. შედარებით დიდი ზომის ნაწარმოებები, სადაც ბევრი რამ ბანალური და საკმაოდ უფერულია, გაყალბებულ ესეებს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე პოეზიას, თუმცა ხელაღებით არც მათი უარყოფა შეიძლება, აქაც ხშირია შემთხვევები ძალიან მარტივი და გაცვეთილი აზრის საინტერესო კუთხით გადმოცემისა. მაგრამ აშკარა უგუნურობაა იმის მტკიცება, თითქოს To You-თი დასათაურებული ეს სტრიქონები ადგენენ ლექსს და არა რაღაც უაზრობას (ამაში, ალბათ, თავად პოეტიც დაგვეთანხმება):
    “უცხოვ, თუკი ჩამივლი გვერდით
    და მოისურვებ შეხმიანებას,
    რატომ არ უნდა შემეხმიანო?
    ანდა თავად მე რატომ არ უნდა შეგეხმიანო?”

    მაგრამ თუ გსურთ მის პოეზიაში რაიმე საინტერესოს აღმოჩენა, გირჩევთ წაიკითხოთ მშვენიერი Pioneers, O Pioneers. ბევრი რამ მოგხიბლავთ ამ სტრიქონებში: ვაჟკაცური შემართება და მძლავრი რიტმი, მეგობრობის სულისჩამდგმელი გრძნობა და აღტაცება ახალი სამყაროს წინსვლით; წაიკითხეთ უიტმენის მდიდრული და შთამბეჭდავი წარმოსახვით გაჯერებული Man-of-War-Bird, ანდა შესანიშნავი ელეგია ზღვისპირეთზე, ასეთი სიტყვებით რომ იწყება: “აკვნიდან, რომელიც მარად ირწევა…” აი, ეს ლექსები სავსეა სიცოცხლითა და ემოციებით. ლინკოლნის აღსასრულის პოეტური აღწერისას მან ასე გამორჩეულად უმღერა სიკვდილს: “ო, ბნელო დედავ, უხმაუროდ რომ ჩაგვიქროლებ მსუბუქ ფეხებით”… ან როგორ ასხამს ხოტბას ჩვენებური გაზაფხულის ერთ-ერთ საღამოს!

    “ო, ეს მეოთხე თვით საღამო, ეს დაისი
    და მონაცრისფრო ბურუსი გამჭვირვალე.
    ზანტად გამავალი ოქროსფერი მზის
    სხივთა მარაო…
    ლორთქო ბალახი, მკრთალი ფოთლები,
    შორით ელვარე მკერდი მდინარის,
    ქარით აჭრილი და აქოჩრილი…”

    წაიკითხეთ პოეტის ის სტრიქონები, რომლებითაც ჩვეულებრივ ლოკომოტივს ახასიათებს:
    “თანამედროვე ემბლემა მოძრაობისა
    და კონტინენტის მაჯისცემაა.”

    გამოყენებითი მექანიკის გრანდიოზულობა ასე არავის აუსახავს ამერიკულ პოეზიაში. დემოკრატიზმი, ვაჟკაცობა, სიკეთის რწმენა – აი, რითი ფასობთ უიტმენის შემოქმედება. “მკლავის სიმაგრე და სიმამაცე!” “კმარა ვედრება და ქედის მოხრა!”… იგი ესწრაფვის დაუშრეტელი ენერგიის გამოვლენას და ამის გამო, რაც არ უნდა მცდარი იყოს მისი მეთოდი, ამერიკულ ყოფასა და ლიტერატურას, ვფიცავ, აუგი არაფერი ემუქრება!
    მაგრამ სხვა კუთხით უნდა მივუდგეთ უიტმენისეულ სხეულის “განდიდებას”. აკი თავადაც გვაფრთხილებს ერთგან: “ჩემს ლექსებს ყოველთვის არ მოაქვთ სარგებელი, მათ ზიანის მოტანაც შეუძლიათ”. მას თავი “სხეულისა და სულის” პოეტად მიაჩნია და ჩვენც გვარწმუნებს, რომ სული არ არის სხეულზე მეტი. ამით თითქოს როზეტის აზრსაც იზიარებს, თუმც ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, მაინც იყურება მომავლისაკენ: “განახლებული ჯიში, გონიერი ქალები და მამაკაცები, უცოდველობა და სიჯანსაღე… ალბათ ეს არის ბედნიერება!” მის ბოლო ლიტერატურულ მანიფესტში ასეთ სიტყვებსაც ამოიკითხავთ: “ველტვი უაღრესად ინდივიდუალურ საზოგადოებას, ბუნებასავით დაუდეგარს, კეთილკრძალულს და კეთილმოსურნეს, თანაგრძნობით ნიჭით დაჯილდოებულს, სრულქმნილს, მგზნებარეს, შთაგონებულს, მამაცს”. ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ საბოლოო მიზანი ქების ღირსია და არც პოეტი ტკბება საკუთარი უდიერებით, მაგრამ ამ მიზანს სავალალო შედეგი მოსდევს: იგი აშიშვლებს და ხელმისაწვდომს ხდის ყველაფერ იმას, რასაც ბუნება ოდითგანვე იფარავდა უდიდესი რუდუნებით და თავმდაბლობით. უცნაურია, რომ ეს ზედმიწევნით “ბუნებრივი” შემოქმედი არღვევს ბუნების ერთ-ერთ საუკეთესო და უღრმეს კანონს და იმის ნაცვლად, რომ სხეული წმინდად მიიჩნიოს, იგი ძარცვავს მას ყველა იმ სიკეთისაგან, რასაც ამჟამად მას მიაწერს კაცობრიობა. უიტმენი ამცრობს სულსაც და ხორცსაც და ადამიანს მხეცს უთანაბრებს, განძარცულს ყოველგვარი სულიერი თვისებებისგან.
    მისტერ უიტმენი ამაყობს საკუთარი სიჯანსაღით. მაგრამ რა არის ეს სიჯანსაღე თუ ჯანმრთელობა? სხვა არაფერი, თუ არა ადამიანის ორგანოთა ნორმალური მოქმედება და ასეთ დროს ის იშვიათად ფიქრობს მათ ფუნქციაზე, მაგრამ როგორც კი რომელიმე მათგანის ფუნქცია დაირღვევა – გულის, კუჭის, ტვინის თუ ნებისმიერი სხვა ორგანოსი – ადამიანი მყისვე შეიგრძნობს ამ ცვლილებას და, ცხადია, ჯანმრთელობაც შეერყევა… აქედან კი სნეულებაც წარმოიშვება. ზუსტად ასეა უიტმენის შემთხვევაშიც: როდესაც იგი ხელით ეხება ხელშეუხებელს და თავს იმტვრევს იმ იდუმალ პროცესებზე, წესით, უჩუმრად რომ უნდა მიმდინარეობდნენ, მას უკვე ჯანსაღს ვეღარ ვუწოდებთ. გახრწნილი არა, მაგრამ სნეული უთუოდ შეიქნება. მას თავი მოაქვს საკუთარი “მრავლისმომცველობით”, კარგისა და ავის უკიდურეს გამოვლინებათა ფლობით, და ყველაფერში ერთი პოლუსიდან მეორეზე გადაფრენას ელტვის. სხეულთან (ხორცთან) დაკავშირებით მშვენივრად ართმევს თავს ამ ამოცანას, ხან აკნინებს და ხანაც აღაზევებს. ისე კი, ჩანს, თავად სათანადოდ ვერ აღუქვამს საკუთარი “ყოვლისმომცველობა” ამ მიმართულებით, და რომ აღექვა, ალბათ, თავისი ლექსის სიტყვებით მიპასუხებდა:
    “მაშ, მე საკუთარ თავს ვუმხედრდები?
    ძალიან კარგი, ასეც ვიქცევი!
    მე უსაზღვრო ვარ, მრავლისმომცველი”.

    მაგრამ ეს “მრავლისმომცველობა” ვერაფერს შველის მის სნეულებას. მას არ ძალუძს შეარბილოს მისტერ უიტმენის დიდი შეცდომა. მან ხომ ხელახლა ისეთი რამ გამოაქვეყნა, რისი ხმამაღლა გამეორებაც კი აღარ ღირდა. რატომ შეიტანა ადრინდელი უხამსობა ახალ გამოცემაში? განა ეს წიგნი მრავალი წლის შემდეგ არ გამოვიდა? ნუთუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასე გაძნელდა ყმაწვილკაცური სენისაგან განკურნება? ყველა “საღი აზრის მატარებელი” უნდა აღშფოთდეს მისი “აგრესიული იერიშით”, ყოველმა ჩვენგანმა უნდა გააპროტესტოს ეს წრეგადასული უდიერება. საბედნიეროდ, ზემოაღნიშნულით ძირითადად თავად ავტორი ზარალდება: ის ხომ შესაშური მონდომებით იკნინებს საკუთარ ფიზიკურ ბუნებას – სხეულს! მართალია, კაცობრიობა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე “ბალახის ფოთლებში” აღწერილი – დამახინჯებული, თავლაფდასხმული და გაყალბებული. აი, ამიტომ ვერ იქონიებს ეს წიგნი ჩვენზე დიდ გავლენას, აი, ამიტომ გაუჭირდება ჩვენი დათრგუნვა.

    ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა
    The Atlantic Monthly, January 1882

    © “წიგნები – 24 საათი”