პოსტები კატეგორიიდან: პოეზია (თარგმანი)

ტედ ჰიუზი – ქორი ტოტზე და სხვა ლექსები

Ted Hughes

განვაგრძოთ კითხვა

ჰერბერტ ჰანკი – სიმღერა საკუთარ თავზე

hunke_94-7

განვაგრძოთ კითხვა

ჰომეროსი – ილიადა – მესამე და მეოთხე სიმღერა

iliada 43433

განვაგრძოთ კითხვა

ჰომეროსი – ილიადა – პირველი და მეორე სიმღერა

iliada33 copy

განვაგრძოთ კითხვა

ფრიდერიკე მაირიოკერი – ლექსები პროზად

frederike mayrocker

განვაგრძოთ კითხვა

შე­ი­მას ჰი­ნი – სიტყ­ვის ერთ­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა

Irish poet, writer and lecturer Seamus Heaney
განვაგრძოთ კითხვა

მაია ანჯელოუ – ლექსები

maya-angelou

განვაგრძოთ კითხვა

ამერიკელი ქალი–პოეტები

განვაგრძოთ კითხვა

ქრისტინე ლავანტი – ოცდახუთი ლექსი ო. ს.-ს

გერმანულიდან თარგმნეს თამარ კოტრიკაძემ და ვასილ გულეურმა

ქრისტინე ლავანტი 1973 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა ინსულტის შედეგად კარინტიის ქალაქ ვოლფსბერგში – პატარა დასახლება გროს-ედლინგისაგან სულ ორიოდ კილომეტრის დაშორებით, სადაც 1915 წელს დაიბადა და მთელი ცხოვრება გაატარა. მისმა ლირიკულმა კრებულებმა “გლახის ფიალა” (1956) და “თითისტარი მთვარეში” (1959) იმთავითვე მკითხველთა ფართო წრეების ყურადღება მიიპყრო, 1962 წელს კი მათ მისი უკანასკნელი ვრცელი კრებული “ფარშევანგის კივილი” მიჰყვა. ლავანტის ხეობაში განმარტოებულმა პოეტმა ქალმა, ფსევდონიმად ამ ხეობის მარწყულებელი მდინარის სახელი რომ აიღო, სიცოცხლის უკანასკნელი ათი წლის მანძილზე რამდენიმე საპატიო ლიტერატურული პრემია მიიღო, მათ შორის – 1963 წლის ბავარიის ხელოვნების აკადემიის პრემია, ავსტრიული ვილდგანსის პრემია (1964) და ავსტრიის დიდი სახელმწიფო სალიტერატურო პრემია (1970).
არადა, მხოლოდ მისმა უახლოესმა მეგობრებმა თუ იცოდნენ, რომ სიცოცხლის ამ პერიოდში ის უკვე ვეღარაფერს წერდა. მომღერალი მაია ლამპერსბერგი, რომელსაც ქრისტინე ლავანტი ხშირად სტუმრობდა მარია ზაალში, მის სააგარაკო სახლ “ჰანგების სასახლეში” (სხვათა შორის, ცოლ-ქმარი ლამპერსბერგები ლავანტს მწერალმა თომას ბერნჰარდტდმა გააცნო) ცდილობს შემდეგნაირად ახსნას ის უხერხულობა, რასაც ისედაც დეპრესიაში მყოფ პოეტს აღუძრავდნენ კეთილმოსურნე გამომცემლები თუ რედაქტორები თავიანთი დაჟინებული შეკითხვებით: “ბოლო წლებში სულ იმეორებდა, საერთოდ აღარ ვწერო, მაგრამ ამის საქვეყნოდ გამჟღავნებას ერიდებოდა, რადგანაც ეშინოდა, ამის გამო ის ორი მცირე პენსია არ დაეკარგა, რასაც სახელმწიფოსა და კარინტიის მიწისაგან იღებდა. ამიტომაც, აუცილებლობის შემთხვევაში უჯრიდან ამოაძვრენდა ხოლმე ისეთ ნამუშევრებს, რითაც თვითონ უკმაყოფილო იყო, თუნდაც ის ოთხი მოთხრობა, რომელიც 1969 წელს გამოიცა საერთო სათაურით “ნელი”. ხშირად უთქვამს, ეს მოთხრობები “ჩამიფლავდაო”. მათ გამოქვეყნებაზე, მე მგონი, მხოლოდ იმის გამო დათანხმდა, რათა ხმა არ გავარდნილიყო, ლავანტი აღარაფერს წერსო”.
მიუხედავად ამ მტკიცებისა, პოეტის გარდაცვალების შემდეგ მის არქივში არაერთი გამოუქვეყნებელი ტექსტი აღმოაჩინეს. მათ შორის – საქაღალდე, რომელშიც 25 ლექსი ინახებოდა, წარწერით “ო. ს.-ს”. ლავანტის დისშვილმა და ოფიციალურმა მემკვიდრემ არმინ ვიგოჩნიგმა ის კლაგენფურტის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ოტო სკრინცის გადასცა. ეს უკანასკნელი პოეტს ფსიქიატრიულ მკურნალობას უტარებდა და, გარდა ამისა, მასთან დამეგობრებულიც იყო და ცდილობდა, უბრალო ადამიანური მხარდაჭერა გაეწია მისთვის. ოტო სკრინცი ძველი ტიროლიური გვარის შთამომავალია. რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მისი პოლიტიკური საქმიანობა საზოგადოებაში წინააღმდეგობრივ გამოხმაურებას იწვევდა. მსოფლიო ომის შემდგომ ის კარინტიაში დასახლდა და თავის უშუალო სპეციალობაში, ფსიქიატრიის სფეროში, ექსპერტად იქნა აღიარებული. 1976 წელს სკრინციმ გააოცა კარინტიელი მკითხველი საზოგადოება ჟურნალ “ბრიუკე”-ში გამოქვეყნებული ვრცელი ნარკვევით, რომელშიც ქრისტინე ლავანტის ცხოვრების, ავადმყოფობისა და შემოქმედების შესახებ მსჯელობდა. მისდამი მიძღვნილი ლექსებიდანაც შვიდი პირველად სწორედ ამ პუბლიკაციით წარსდგა მკითხველის წინაშე.
ამ 25 ლექსიდან ერთ-ერთი (“შემოქმედო, რაც ყალბად ჰქმენ, დაივიწყე…”) შეიძლება ლავანტის ლირიკული სტილის ტიპურ ნიმუშად მივიჩნიოთ. ეს ლექსი, სხვა 78 ლექსთან ერთად თომას ბერნჰარდმა შეარჩია ლავანტის რჩეული ლექსების კრებულისათვის, რომელიც 1987 წელს თავად გამოსცა.
ის ათსტრიქონიანი მინაწერი, ბერნჰარდმა რომ ლავანტის ლექსების კრებულს წაუმძღვარა, თავისი სიტყვაძუნწობითა და ამომწურაობით ჩრდილში აყენებს ამ პოეტის შესახებ გამოთქმულ ყველანაირ მაღალფარდოვან გამონათქვამს. მეორე მხრივ, ამ სიტყვების წვდომა – და იქნებ მათი ეჭვქვეშ დაყენებაც – მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ლავანტის ცხოვრების მრავალ ფაქტსა და დეტალს გავეცნობით: “ეს წიგნი საბუთია ქრისტინე ლავანტის ცხოვრებისა, ვისაც აღსასრულამდე არც მოსვენება ღირსებია, არც სულიერი სიმშვიდე, ვისაც საკუთარი არსებობა გაუსაძლის ტანჯვას ჰგვრიდა, ვისაც ცხოვრებამ ღრმა და ალალი ქრისტიანული რწმენა გაუცრუა და გაუცამტვერა; ეს არის ყველა კეთილი სულისაგან ბოროტად მიტოვებული ადამიანის სათქმელი, დიდი პოეზიის სახით გამოთქმული – პოეზიისა, რომელსაც მსოფლიო ჯერაც სათანადოდ არ იცნობს და არ აფასებს.”

ჰანს ჰაიდერი (1991)

* * *
სასოწარკვეთის ბორბალს გაკრული
ვისრუტავ ჰაერს ტყვიაზე მძიმეს
და მერე ისევ წყევლაში ვფლანგავ.

ნელა მიფრინავს ჩიტი ცისკრის ვარსკვლავისაკენ
ჩემში კი მღერის დაქანცულობა.

ამგვარი შიში რომ განიცადონ
ანგელოზებიც დაიწყებენ მგლებივით ყმუილს.

ვერვინ გაიგებს ჩემი ახალი ბედისწერა
როგორ გალესავს ჩემს ყელზე ნაჯახს.

მაღლა მიიწევს მზე მნათობი საწამებელი
ო ჩამიმსხვრიე ბორბალო შუბლი!

* * *
სამყარომ შუქი მოჰფინა ირგვლივ.
აღესრულება საიდუმლო უცვლელად, სრულად
ჩემი სხეულის შემადგენელ ყველა სისხლძარღვში
და შინაგანად გამასპეტაკებს.

ახლა სამდურავს ვიღას შევბედავ?
ვერც ჩემი გულის ძგერას, რომელიც
წინასწარ მამცნობს, რომ საოცრად დამცირებული
და გამოცლილი ყოველგვარი ნუგეშისაგან
ღამეს და ღვიძილს ვითხოვ წკმუტუნით
როგორც გოშია პატარა ქოხმახს.

* * *
ჯერ არასოდეს წარმომითქვამს შენი სახელი.
ბგერებს, რომლებიც მაგიური გამხდარან, ვყლაპავ
არა იმგვარად როგორც პურს ან ღვინოს ან ჰაერს,
ვიხრჩობი, რადგან მადგებიან ისინი ყელზე
სალბის ფოთლებს და ონიოს შორის.

ზევით ჯერ კიდევ მრავლად ისმის ჩიტების ხმები,
ქვევით ჯერ კიდევ ძლიერია ფესვების ძალა,
ჩემივე, მაგრამ ახლა უკვე უცხო თითები
უბედურებას და სიმწარეს თავს დაატეხენ
ორ ღრმულს, აღსავსეს წყლითა და ცეცხლით.

ჩემი კეფიდან მომზირალი ორი თვალი ასე უეცრად
რატომ ეჩვევა ადგილს ცას და ჯოჯოხეთს შორის?
და რად ვერ ამჩნევს, რომ ორი შაშვი
თავიანთ ბარტყებს ჩემი გულისგულით კვებავენ
და მსუსხავი ჭინჭრის ფესვები
მიბურღავენ ორთავ ქუთუთოს?

* * *
ჩემს პირველქმნილ ძილს მზის ცელი თიბავს.
ჩიტების ყელი – ნეტამც ვინმე მოუგრიხავდეს! –
ჩემს სულში ტანჯვას წვეთ-წვეთად მიღვრის.
ლომისფერ მინდვრებს ოხშივარი ასდის ვნებისა.

- ადიდე სულო ჩემო უფალი! -
რადგან ზეცას და ჯოჯოხეთს შორის
ამგვარ სასწაულს ვერსად იხილავთ.

მე ქედმაღლობის ჯვარზე ვაცვამ
დედამიწავ, შენს ვაშლის სახეს.

ოღონდაც შევძლო მივატანო
დამცინავი თხემის ადგილას
უსასოობის მელოგინის სარეცელამდე.

* * *
დიახ – სწორედ რომ აღვდგები მკვდრეთით
წყევლით, მუდარით – მათ შორის ერთით
აღდგომის ღამე როდესაც მოვა.

მრისხანებს, თითქოს სხვა ძალა ჰპოვა
ჩემმა დამშრალმა უძლურებამ ამ ქვის ლოდებში
მას შემდეგ, რაც მე ვტიროდი და უხმოდ ვგოდებდი,
არ დამშრალიყო, ვევედრებოდი.
სულ უფრო მჭიდროდ ეკვრის ზემოდან
სიკვდილის შიში, თვალებდავსებულ
ჩემს გულს, ბზის ქერქის სიმწრით ავსებულ
ენას ისეთი გემო აქვს პირში
ცხარე და მწარე.
მაგრამ ვცოცხლდები თანდათან ახლა
რადგან შენს ხილვას ჩემი ხსნა ახლავს
ვიდრე დამძალავს სიკვდილის შიში.

* * *
შენ შეგწევს ძალა, ბედისწერა შემიმსუბუქო.
უკვე ძალგიძს რომ მდუმარეს და დამბლადაცემულს
მასწავლო სიტყვა რომლის ძალაც ძალზე ადვილად
შიმშილის ვარსკვლავს გარდასახავს მწუხრის ტრაპეზად.

ალბათ ძნელია რომ განკურნო დაწყლულებულნი
ქედმაღლობას რომ შეაფარეს თავი და მფრთხალად
დოლაბებივით მძიმე შიშით დამძიმებულებს
ჭის ძარღვებიდან სურთ მოიკლან მძაფრი წყურვილი.

შენ შეგწევს ძალა: გევედრები, აღარ დამარტყა!
თუნდ ერთხელ ვიგრძნო მეც სიმშვიდე პატრონის ხელში
ახლაც კი, როცა ჯოჯოხეთი მიმზერს თვალებში
რადგანაც ზეცა არასოდეს დახრილა ჩემსკენ.

* * *
ერთი ვარსკვლავი ზეციდან მოსწყდა.
თვალები მეწვის და მაინც ვუმზერ
როგორ ჩანავლდა ზეცაში იგი
თუმცა არც ერთ ძაღლს ეს ძილს არ უფრთხობს.

გაუცხოებულ მრავალგვარ ღამით
რა ემართება მძინარეთა გულს და გონებას?
უკვე ორმაგად გაღვიძებულებს
რას უმსხვრევს მათი ხომლის ცვლილება
და გადაქცევა მრავალგვარობად?

ჩემი ხერხემლის მალები დაბლა
ირკალება და თხემამდე თრთოლვით
გულს გამოუტანს უცხო განაჩენს
შემდეგ გველებად აიყალყება.

* * *
გულუბრყვილობის და ცოდნის ნაყენს
ნუთუ ოდესმე მე მართლაც მოვსვამ?
როცა ციდან და მიწიდან შორს ხარ
სულს შვება მისცეს ან ტკივილს აჰყვეს
განსაწმენდელის ცეცხლს ძალუძს მხოლოდ.
სიზმარი ხშირად სიბრძნეს გვძენს, ხოლო
მის საფასურსაც – ტანჯვასაც ვხედავთ.
რად განვიკურნო, თუ ჩემში კვდება
რაც სინაზით და კდემით იწვოდა?
იმ სიმამაცეს, რაც არ ვიცოდი
თუ დავლევ, უკან გამომაბრუნებს.
ბალახო, თრთოლვით შენ შესვი იგი.
მიჯობს, სიკვდილის რომ მოვა რიგი
განსაწმენდელის ცეცხლმა დამთუთქოს
და ყელს სიმღერა აღმოხდეს ძნელად
ტკივილით, როგორც ჩამკვდარ სულს ყველას.

* * *
ერთხელ მომეცა შემთხვევა ქვეყნად
მორჩილებასთან პირისპირ შეყრა
შემდეგ კი ელდამ ბოლომდე დამწვა
და კიდევ უფრო გულდაგულ ჩავწვდი,
რომ გარიყული ორთავ ყვრიმალით
ლუციფერულად საოცარ ძალით
უსასოობის გველს მჭიდროდ ეკვრის.

მაგრამ ძილ-ღვიძილს შორის კაეშნის
ხახა სურათის კადრებს გაუშვებს
როგორსაც ჭვრეტენ ბავშვები მხოლოდ
როცა აგებენ ხიდს, რომლის ბოლოც
მოირკალება და ზეცას ერთვის.

* * *
რად გსურს იწვოდე, თიხის ჭურჭელო?
ფილტვი მას ხარჯავს, რასაც მე ვსუნთქავ.
არ გადიქცევი სასმისად თუმცა
ენას შევასმევ მე უეჭველად
რაც ღრმა სიტყვებს და მათ მალვას უნდა –
დროც არის, რომ მან შიმშილი ნახოს.
დაიფშვენ, ვარსკვლავფენილი სახე
არც გქონდა, არც გამომწვარხარ სრულად
შენი გალევა ტკივილის უნარს
მხოლოდ მე და შენ გვიტოვებს, თუნდ რომ
არ ვდუმდეთ, განცდა ჯვარს გვაცვამს, გვრიყავს.
არაფრად ვღირვართ, თავმდაბლად იყავ
ღვთის გულისათვის! – ნუ იწვი, გულო.

* * *
ჩაქოლილი ვარ და ცხოვრებამ ბორბალზე მაცვა.
კარგად ვიცი, რომ ვარკვლავებიც ცვივიან ციდან.
ვისაც სწყურია, სხვა რამ არ სურს სულ ერთი ციდაც
და დაცემისას კლანჭები ჩანს ხელების ნაცვლად
რაიმე მკვრივის მოსაჭიდად რომ გადაშლილა.
ღმერთი არ სახლობს ჩემს მეზობლად. ისე წაშლილა
ადამიანთა კვალიც, რომ მე თვალები მეწვის
და ვეღარ ვხედავ ჩემს მახლობლად ფეხი ვინ დადგა.
გამოდით გარეთ, ვარსკვლავებო, გამოდით რადგან
სიკვდილის საფრთხეს ვეღარ ვხედავ ამ სიბნელეში.
ეს გული მაინც აკაკუნებს უცნაურ მორზეს,
ისწავლა, როცა შიშის ტალღამ გადაუარა.
თუმცა ვვარდები, მაინც ვიცი გარდაუვალად,
რომ ეს ბგერები საეჭვოა შენს სმენას მოსწვდეს.

* * *
ნუთუ წითელი საათები არ დაბრუნდება?
თუკი არ არის აღარც ერთი მწვანე საათიც –
მაშ ჩაიდინოს ეს კუპრივით შავმა საათმა
თავის წუთების სამოცი ლურსმნით
განსაწმენდელის ნამწვის ნარჩენი
ჩამოაფხიკოს ჩემს ნაწამებ თხემს
რომლის ქვემოთაც თავს იცავენ ჩემი თვალები
ვით დაცემული ანგელოზები
ხორციელი სურვილები რომ ვერ დაძლიეს.

ო დრო-სამსალავ გაიარე ხერხემლის გასწვრივ
და მალებს შორის არსად გაჩერდე
მხოლოდ იქ სადაც მგლის მახეა ჩემი სულისთვის
სასიკვდილო შიშს უხმე საშველად.

თავს ნურასოდეს ნუ წაგართმევს ცბიერი ძილი,
მან წითლები და მწვანეები მათივ ლურსმნებით
ჯვარზე გააკრა
მიწისათვის იმ უცხო ხეზე
სამრეკლოს კოშკს რომ ჩამოჰგავს თითქოს.

* * *
ხმადაკარგული და მდუმარებით
შეშლილი ტვინი იმ სურათების
საბუთებს ეძებს, რაც აკრძალვას და
ცნობას აერთებს იდუმალებით.

ზოგჯერ კი ძილში ებრძვის გონება
უკვე წაკითხულს და სევდის ფსკერზე
ეშვება, სადაც შიშით ფოლადად
ქცეული სიტყვა მეურვეს უხმობს

* * *
ჩემი ხმა მაღლა ამობრუნდა ღრმა სარდაფიდან
ფარნის გარეშე ღვინის გარეშე სასიკვდილო ხმების გარეშე,
იმ სიმამაცით, არაფერში რომ არ მარგია
და კვლავ მიმართა ადამიანურ გულმოწყალებას
მთლად ფაქიზად ამაღლებისთვის.

დასაშვებია გადაცდენა ჭირის ოფლით დაცვარულთათვის.
ვხედავ იჩოქებს ხელჩასაჭიდს სადაც ვერ ნახავს
იწვის და ირგვლივ მიმოფანტავს უცნაურ სიცილს
რათა ჩემს სმენას არ ამოხდეს შიმშილით სული.

* * *
ო, მომეც ძალა უბრალოდ მოვკვდე!
როგორც უბრალოდ ვიყავი მარტო
ამ უბადრუკი სხეულის მკვიდრი.

ნუღარ ჩაიდენ ჩემს მიმართ ცოდვას!
მე ყოველივე შევცოდე უკვე,
დანაშაული მიგიძღვის, ჩემი
რომ მოკვდა სული.

* * *
წითელი და შავი ფერის
ერთი სისხლის სევდის ბანდა
ჩემი ნეკნის მალებს შორის
აქეთ-იქით დაძრწის.

მათ აწამეს უკვე ვიღაც,
გაძარცვეს და დაწვეს სახლი,
იძალავეს და ურცხვების
კვეხნა მისწვდა მთვარეს.

ახლა ჭერი არ მაქვს, სხვისი
სიხარულის ნადავლს ვიყოფ,
ო, ბოცვრებო აბრეშუმის,
მებრალებით ძლიერ.

გამოკვება მე რომ მსურდა,
ის ბოცვერი გამიმგელდა.
მეორეს კი, რომ დაზამთრდა
მივეც ჩემი სითბო.

მშიერი ვარ, გაყინული,
მაცხოვარო, მომეც შვება
ამოვიცნო, როცა ვნახავ
სასიკვდილო ბალახს.

* * *
ალერსის ნაცვლად ჩემნაირებს აძლევენ ურვას
რათა უჩვენონ უხეშობა ჩამომფხოტნავი
ხანგამოშვებით სრიალებენ და ციგურებად
მათ ალმოდებულ გულებს ირგებენ.

ნუთუ ესაა სამართალი, ო, მამავ, ღმერთო?
დაფიქრდი, დიდხანს და გულდასმით დაფიქრდი აბა!
როდიდან მოდის უმოწყალო გამიჯვნა ასე
თანადგომას და სიძულვილს შორის?

როგორი მფრთხალი გავჩენილვარ – დამწყევლოს ღმერთმა! –
უსასოობით გახელებულ დედაჩემისგან
ახლა კი ჩემი ორთავ თვალი მრისხანედ შოლტავს
ნდობას, სიყვარულს და სასოებას.

როგორ გგონია, უიმედო, უმწეო ბავშვი
როდის ჩაასობს სულ პირველად პაწია ფრჩხილებს
ლოცვას, რომელიც უგალობებს მფარველ ანგელოზს
და მას საჭმელად ეშმაკს მიუგდებს?

* * *
ისე ეკვრიან ზეცას ვარსკვლავნი
თითქოს სუყველას პირი შეუკრავს
რომ საბოლოოდ მოაკლონ ჩემს ბედს
ბედნიერების ყოველი სხივი.

მაგრამ მე მაინც არ ჩავიმუხლებ
და მოთმინების ზღვარზე მისული
დარტყმას ვაგემებ პასუხად მაინც
და ჩემს გულს ტვინში მივუჩენ ადგილს.

* * *
გამქელე, გული მაინც განაგრძობს
შენს გულისცემას შმაგად და ნაზად.
შენს ტრფობას, თუკი საჭირო გახდა
ჯოჯოხეთშიც კი უცვლელს ჩავიტან.

უხსოვარ დღიდან ზეცას მოწყვეტილს
მაცხოვრის ხილვის ვერმეოცნებეს
მწარედ გულნატკენს და დამცირებულს
კაცთაგან წიხლიც კი შვებად მიჩანს.

ჩემო ძვირფასო, იმაზე ფიქრით,
რომ ხელებს როსმე ღაწვზე შემახებ,
თვით ნარკოტიკულ ზმანებებშიც კი
თავს არასოდეს დავიიმედებ.

* * *
არ ვიმსახურებ შენს სითბოს, მზეო.
მე ჩემი სულის საფასური არ გამიღია
და ბავშვი ჩემი სხეულიდან არ გამოსულა
ჩემი ფილტვი კი ქურდობით ცოცხლობს.
ხანგამოშვებით როცა ვსუნთქავ, მაშინაც კი
მე დედებს ვძარცვავ.
მუდამ თვალწინ მქვს ჩემი ცოდვა,
დოლაბებო – როდის გამსრესავთ?
ღირსი ვარ, თვალებს ტკივილებით რომ ვეღარ ვახელ!
ჩემნაირები არც მთვარეს უყვარს
და ვარსკვლავებიც ვერ ამხნევებენ.
რა უხალისოდ მიმიღებს მიწა
ჩემი ფერფლიც კი სარეველას თუ გამოკვებავს.
ვშიშობ, ეს იმგვარ ცეცხლოვანი კვდომით წამიყვანს
რომლის წინაშე ჯოჯოხეთიც უკან დაიხევს.

5. II. 65-ის აღსანიშნავად[1]

შეინარჩუნე შენი ძალა სიამაყეს და სიმფრთხალეს შორის.
კიდევ მრავალი ქედს მოგიხრის და არას გარგებს,
მაგრამ ბევრი რამ, შენი წყალობით რაც მოწესრიგდა
დაუბრუნდება თავის სინათლეს.
თუკი ვარამი ან მძიმე გარჯა
შემოგბოჭავს და გარს დაგეხვევა
იმდენ ხანს დარჩი მოწყალე, ვიდრე
იციმციმებენ შენი თვალები.

კვლავაც და კვლავაც მოაჯადოვებ.
ცუდია, რომ მე არ მაქვს სურვილი
მოგაჯადოვო საპასუხოდ, ძლიერად გტანჯო,
დაღლილ-დაქანცულს სიმხურვალეს მოგაწვდი მხოლოდ.

* * *
შემოქმედო, რაც ყალბად ჰქმენ, დაივიწყე!
მხოლოდ სისხლის გადამსხმელად რომ არ იქცე,
რაც გვამია, ეგ გადასხმა ვერ დაიცავს
კვლავ დარჩება გვამად, რათა დაბლა მიწას
შეუერთდეს სიხარულით, განა ზეცას.
წადი, მორთე შროშანები შენებურად,
ბეღურები ტკბილი თაფლით დააპურე –
მე საკვებად ობს ვიყენებ, ჟანგის მტვერსაც.
შენ ამბობ, რომ ამითი ვერ დავნაყრდები,
ღვთიურ ქალაქს რად მიხსენებ? როგორც ვხვდები,
მას მრავალმა მიაღწია. იყვნენ სხვები,
მე კი კვლავაც აქ ვიცხოვრებ, ამ თიხაში,
მსიამოვნებს, ქვად ვიქცევი მცირე ხანში,
მაგრამ ტვირთად შენ არასდროს დაგაწვები.

* * *
ისე უკუღმა მამცნეს ბრძანება,
რომ ვერ შევძელი ასრულება და
ვერც შევამზადე ჩემი გრძნობები
იდუმალისკენ უვნებლად სვლისთვის.

მხოლოდ ტყვედყოფნა თუ მხვდება წილად
ზოგჯერ იმგვარად მწველად, ვიდრემდე
ბედის სიცივეს გავუძლებ თრთოლვით
და უხმოდ ტირილს არ მივეჩვევი.

გულს მიმიკარით! – კვლავ არ მპასუხობთ
ჩემს ველურ მზერას მუდარა აქრობს,
ზეცა შეიკვრის და თვალს მადევნებს,
დაზაფრული რომ ჯოჯოხეთს ჩავალ.

* * *
ცავ დაკარგულო, თუმც ზომაზე მეტად კრიალავ,
დამცირებულებს რომ უმალავ სასოწარკვეთას.
ახლა დაცინვაც მილაწუნებს მწარედ სახეში,
სნეული თვალნი, მირჩევნია, მაგრად დავხუჭო.

იქნება მიწამ კიდევ ერთხელ ოდესმე შეძლოს,
სამყურათი და ბაიათი ვირწმუნო, რომ ის
იმათთვისაც კი თავშესაფრად რჩება მუდმივად,
ვინც შიშის ფსკერზე დაეშვა და ღრმად შეისწავლა.

არ მსურს სიკვდილი ჩემს დანიშნულ ვადაზე ადრე
მაგრამ არ ვიცი, დღე და ღამე როგორ გავლიო
რაც ჩავწვდი იმას, რომ სიცოცხლე მხოლოდდამხოლოდ
ცოცხლებს თუ სჩუქნის ბედისწერას და სხვას არავის.

* * *
ვინ მოიგონა მსგავსი შიშები?
შუბლს აღსავლიდან დასავალს გავქნევ
და თვალის კაკლებს რაც შეიძლება
შორს გავაგორებ.

მაგრამ სულთქმას მაინც ვერ ვპოვებ
ჩემს ირგვლივ კანი ჯოჯოხეთია
იმ დროს, როდესაც გულს ყინვა აზარობს
და იკვანძება უშიშრად ენა
რათა არც ერთი დაყვირება არ მოსწვდეს შენს ყურს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

[1] თარიღი ოტო სკრინცის დაბადების დღეს უკავშირდება, მაგრამ ეს ლექსი მან მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ წაიკითხა.

ჰანს კარლ არტმანი – პოეტური აქტის რვაპუნქტიანი პროკლამაცია

განვაგრძოთ კითხვა