პოსტები კატეგორიიდან: პროზა (თარგმანი)

ჰომეროსი – ილიადა – პირველი და მეორე სიმღერა

iliada33 copy

განვაგრძოთ კითხვა

მარგერიტ დიურასი – სიკვდილის სენი

tumblr_la9hmm6DZa1qa7boko1_1280

განვაგრძოთ კითხვა

დონ დელილო – ბაადერ–მაინჰოფი

gerhard richter 342

განვაგრძოთ კითხვა

იან მაკიუენი – ორი მოთხრობა

Ian-McEwan 43245

განვაგრძოთ კითხვა

ჯულიან ბარნსი – თანამზრახველები

julian-barnes-illo_2429925b

განვაგრძოთ კითხვა

დონალდ ბართელმი – სკოლა

donald barthelme

დონალდ ბართელმი (1931-1989), ავტორი, რომელიც ქართველი მკითხველისთვის დღემდე თითქმის უცნობია, თანამედროვე ამერიკული პოსტმოდერნული ლიტერატურის ერთ-ერთ ,,მამად“ ითვლება. ამერიკელი მკითხველისთვის უმეტესად მოთხრობებითაა ცნობილი, თუმცა, ასევე დაწერილი აქვს ოთხი რომანი, არის პაროდიული ნაკვესების, ,,აკრძალული სიამოვნებების“ ავტორი. განვაგრძოთ კითხვა

კევინ ბროკმაიერი – მკვდრების ქალაქის მოკლე ისტორია

ქალაქში მოხვედრისთანავე, უსინათლო კაცმა იმის მტკიცება დაიწყო, ცოცხალი ქვიშით სავსე უდაბნო გამოვიარეო. ჯერ მოვკვდიო, ასე ამბობდა, მერე კი ერთბაშად უდაბნო დამატყდა თავსო. ამ ამბავს ყველას უყვებოდა, ვინც კი ყურს უგდებდა, მათ ფეხის ხმას აყურადებდა და თავს აქეთ-იქით აქნევდა. ჟღალი ქვიშა ნიაღვრად სცვიოდა წვერიდან. მისი თქმით, უდაბნო უკაცური და ხრიოკი იყო და გველივით სისინებდა. რამდენ დღეს იარა, თვითონაც არ იცოდა, ვიდრე მის ფეხქვეშ დიუნები გადაიხსნა, ქვიშა მთელ სხეულზე შემოეხვია და ნიკაპამდე ამოუვიდა. მერე კი სამყაროში მხოლოდ გულისცემაღა ისმოდა. ეს ყველაზე მკაფიო ხმა იყო, რაც კი ოდესმე გაუგია. შემდგომში ყვებოდა, როდესაც მილიონობით ქვიშის მარცვალმა გამიფხაჭნაო სხეული, მხოლოდ იმწამს ვიგრძენი, რომ ნამდვილად მკვდარი ვარო. განვაგრძოთ კითხვა

სტივენ კინგი – დარჩე ცოცხალი

ინგლისურიდან თარგმნა ზაზა კოშკაძემ
ადრე თუ გვიან მედიკოსი სტუდენტები აუცილებლად სვამენ კითხვას: რა სიძლიერის ტრავმულ შოკს შეიძლება გაუძლოს პაციენტმა. ყველა მასწავლებელი სხვადასხვანაირ პასუხს იძლევა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პასუხი წარმოადგენს კითხვას:
გადარჩენის რამდენად ძლიერი სურვილი აქვს პაციენტს?
26 იანვარი
ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც შტორმმა ნაპირზე გამომრიყა. ამ დილით მთელი კუნძული ფეხით შემოვიარე. ეს უცნობი კუნძული, ერთი ბოლოდან მეორემდე, სიგანეში ას ოთხმოცდაათი ნაბიჯია, სიგრძეში ორას სამოცდაშვიდი.
მინდა აღვნიშნო, რომ მთელ კუნძულზე არაფერია ისეთი, რაც შეიძლება შეჭამო.
მე მქვია რიჩარდ პაინი. ეს ჩემი დღიურია. თუ ვინმე მიპოვის (როდის?), საკმაოდ მარტივად გავანადგურებ. ასანთის ნაკლებობას არ განვიცდი. არც ასანთის და ჰეროინის. ორივე საკმარისზე მეტი მაქვს. ისე არც ერთი მათგანისთვის არ ღირდა აქ მოხვედრა, ჰა-ჰა. ასე რომ მე ვიწყებ დღიურის წერას. დროს მაინც მოვკლავ, სხვა თუ არაფერი.
თუ მხოლოდ სიმართლე უნდა მოვყვე – მოვყვები, რატომაც არა? დრო ნამდვილად საკმარისი მაქვს! – დავიწყებ იმით, რომ მე, რიჩარდ პინცეტი, დავიბადე ნიუ-იორკის პატარა იტალიაში. მამაჩემი “ძველი სამყაროდან” იყო. მე მინდოდა ქირურგი გამოვსულიყავი. მამაჩემი დამცინოდა, გიჟს მეძახდა და მთხოვდა კიდევ ერთი ჭიქა ღვინო მიმეტანა მისთვის. ის კიბოთი მოკვდა ორმოცდაექვსი წლის ასაკში. მე ეს გამიხარდა.
სკოლაში ფეხბურთს ვთამაშობდი. მე ვიყავი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი, რომელსაც კი იმ სკოლაში უთამაშია, ამის დედა მოვტყან. მცველი. ბოლო ორ წელს ქალაქის ნაკრებში ვთამაშობდი. მე მძულდა ფეხბურთი. მაგრამ თუ შენ ღარიბი იტალიელი ხარ და სწავლა გინდა, სპორტი ერთადერთი ბილეთია შენთვის კოლეჯში მოსახვედრად. მე ვთამაშობდი და ვიღებდი სპორტულ განათლებას.
კოლეჯში იქამდე ვთამაშობდი, სანამ უმაღლესი აკადემიური განათლება არ მიიღეს ჩემმა თანატოლებმა. მამაჩემი ექვსი კვირით ადრე მოკვდა, ვიდრე მე კოლეჯს დავამთავრებდი. მშვენიერი ამბავია. თქვენი აზრით, მე მინდოდა სცენაზე გამოვსულიყავი დიპლომის მისაღებად და ქვემოთ ეს ქონის მასა დამენახა წამოსკუპებული? თქვენი აზრით ქათამს სჭირდება დროშა? სტუდენტურ საძმოშიც კი შევედი. ეს საძმო ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაცია იყო, მთლად პინცეტივით ვერ ქაჩავდა, მაგრამ ეს საძმოები ხომ სულ ერთმანეთს გვანან.
რატომ ვწერ ამას? ეს უკვე სასაცილო ხდება. არა, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. ეს მართლა ძალიან სასაცილოა. დიდებული ექიმი პაინი კლდეზე შემომჯდარა, პაჟამა-შარვალში და მაისურში გამოწყობილი, გადაფურთხების რადიუსის მქონე კუნძულზე და წერს თავისი ცხოვრების შესახებ. მშია. არა უშავს. მაინც დავწერ ჩემი საცოდავი ცხოვრების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ეს იმაში მაინც დამეხმარება, რომ საჭმელზე აღარ ვიფიქრო.
გვარი პაინად მანამდე გადავიკეთე, სანამ კოლეჯში ჩავაბარებდი. დედაჩემი მეუბნებოდა, რომ გულს ვტკენ. ნეტავ რომელ გულს გულისხმობდა? მეორე დღეს მამაჩემი უკვე მიწაში იდო, ის კი იმ ებრაელ ვაჭარს დასდევდა, ჩვენსავე კვარტალში, რომ ცხოვრობდა. იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც გვარი ასეთი მნიშვნელოვანია, ზედმეტად სწრაფად გადაკეთდა შტაინბრანერად.
ქირურგობა იყო ის, რაც ყოველთვის მინდოდა. სკოლიდან მოყოლებული. მაშინაც კი ხელთათმანებს ყოველი თამაშის წინ ვიცვამდი და თამაშის შემდეგ ხელებს ვიბანდი. თუ ქირურგობა გინდა, საკუთარ ხელებზე უნდა ზრუნავდე. ბავშვები დამცინოდნენ ამის გამო და ქათმის სკინტლს მეძახდნენ. მე მათთან არასდროს ვჩხუბობდი. ფეხბურთის თამაში ისედაც სარისკო იყო. თუმცა სხვა მეთოდებიც არსებობდა. ყველაზე მეტად ჰოუი პლოცკი მაწუხებდა. უზარმაზარი, ჩლუნგი, სახედამუწუკებული მუტრუკი. ფული ცოტა მქონდა და რაც მქონდა, იმით ვირჩენდი თავს. შემოსავლის წყაროები არ მაკლდა, მაგრამ შემოსავალი ცოტა მქონდა. საჭიროა, რომ იცნობდე ადამიანებს, რომლებსაც გავლენიანი ნაცნობები ჰყავთ… ეს აუცილებელია, თუ ქუჩაში დაწანწალებ. ნებისმიერმა პროჭმა იცის, როგორ უნდა მოკვდეს. მთავარია ისწავლო, როგორ გადარჩე, ხვდებით, რას ვგულისხმობ? ამიტომ მე ათი დოლარი გადავუხადე ყველაზე დიდ ბავშვს ჩვენს კოლეჯში, რიკი ვიცის, რომ ჰოუი პლოცკისთვის ცხვირ-პირი მოენგრია. ცხვირ-პირი მოუნგრიე, – ვუთხარი მე, ათ დოლარს გადაგიხდი ყოველი მისი კბილისთვის, რომელსაც მომიტან. სამი კბილი მომიტანა, ქაღალდის ხელსახოცში გახვეული. მან ორი თითის სახსარი დაიზიანა ამ დავალების შესრულების დროს, წარმოიდგინეთ, ჩემს თითებს რა მოუვიდოდა.
სამედიცინო კოლეჯში, სანამ დანარჩენი მწოველები თავს იმასხარავებდნენ და ხან ოფიციანტებად დარბოდნენ აქეთ-იქით და ხან ჰალსტუხებს ყიდდნენ, ან იატაკებს რეცხავდნენ, მე გაცილებით უკეთ ვცხოვრობდი. საფეხბურთო ტოტალიზატორებით, საკალათბურთო ტოტალიზატორებით, აზარტული თამაშებით. ძველ მეგობრებთან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებდი. ასე რომ, კოლეჯში მშვენივრად ვიყავი.
კიდევ უფრო უკეთესი იყო, როცა პრაქტიკები დამეწყო, ნიუ-იორკის ყველაზე დიდ საავადმყოფოში ვმუშაობდი. თავიდან მხოლოდ სარეცეპტო ბლანკები მეხებოდა. მე ასამდე ბლანკს მივყიდდი ხოლმე ერთ ტიპს სამეზობლოდან, მას კი ისინი ისევ ჩემთან მოჰქონდა, ორმოცი ან ორმოცდაათი ექიმის მის მიერვე გაყალბებული ხელმოწერით, და ამ ბლანკებსაც ისევ მე მივყიდდი ხოლმე მას. შემდეგ ის მიდიოდა და პირდაპირ ქუჩაში ყიდდა ამ ბლანკებს, ათ და ოც დოლარად. სირები სიხარულით ყიდულობდნენ ხოლმე.
მალე აღმოვაჩინე თუ როგორი ქაოსია წამლებზე საავადმყოფოში. არავინ იცოდა რა რაოდენობის მედიკამენტები გადიოდა და შემოდიოდა საწყობში. იყვნენ ისეთი ტიპებიც, მუჭებს რომ ივსებდნენ ხოლმე ნარკოტიკებით. მაგრამ მე – არა. მე ყოველთვის ფრთხილი ვიყავი. პრობლემებში არასდროს ვეხვეოდი, სანამ უდარდელი არ გავხდი და იღბალმაც არ მიმტყუნა. მაგრამ მე ისევ დავდგები ფეხზე. ყოველთვის ვახერხებდი ამას.
ამჯერად მეტის წერა აღარ შემიძლია, ხელი დამეღალა და ფანქარიც დამიბლაგვდა. ვერ ვხვდები, რა მანერვიულებს. მალე ვიღაც მიპოვნის და წამიყვენს აქედან.
27 იანვარი
ნავი წუხელ გამორიყა დინებამ და კუნძულის ჩრდილოეთით, ნაპირიდან ათი ფუტის მოშორებით ჩაიძირა. ვინ გადმოგიგდებს თოკს? ფსკერი შვეიცარიულ ყველს ჰგავდა, მას შემდეგ რაც ნავი გაეხახუნა. იქიდან ყველაფერი წამოვიღე, რისი წამოღებაც ღირდა. ოთხი გალონი წყალი. საკერავი იარაღების კომპლექტი. პირველადი მედიკამენტების კომპლექტი. ბლოკნოტი, რომელშიც ვწერ და რომელიც წესით მაშველი ნავის ცვლის ჟურნალი უნდა ყოფილიყო. სასაცილოა პირდაპირ. სად გაგიგიათ მაშველი ნავი, სადაც საჭმელი არ ინახება. უკანასკნელი ჩანაწერი გაკეთებულია 1970 წლის 8 აგვისტოს. ხო, კიდე, ორი დანა, ერთი ბლაგვი და მეორე ძალიან ბასრი, ერთი კოვზ-ჩანგალა. მე მას ვახშამზე გამოვიყენებ ამაღამ. შემწვარ კლდეს ინებებთ? ჰა-ჰა. მოკლედ ასე, ფანქრის გათლა მაინც მოვახერხე.
როცა აქედან გავაღწევ, აუცილებლად ვუჩივლებ ამ “პერედაის ლაინს” და ცხვირიდან ამოვადენ ყველაფერს. მარტო ამისთვის ღირს ცხოვრება. და მე ვაპირებ ცხოვრებას. მე ვაპირებ გავაღწიო აქედან. ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში. მე ვაპირებ გავაღწიო.
(მოგვიანებით)
როცა წამოღებულ ინვენტარებს ვწერდი, ერთი გამომრჩა: ორი კილო სუფთა ჰეროინი, 350,000 დოლარი ღირს, ნიუ-იორკის ქუჩის ფასებით. აქ მას ნეხვის ფასი აქვს. სასაცილოა არა? ჰა-ჰა.
28 იანვარი
მაშ ასე, მე ვჭამე, თუ თქვენ ამას ჭამას დაუძახებთ. ერთ-ერთ კლდეზე, თოლია იყო შემომჯდარი, კუნძულის ცენტრში. აქაური მთები და კლდეები ფრინველის სკინტლითაა დაფარული. მე ავიღე ქვის ნატეხი, რომელიც ხელში კარგად დამეტეოდა და ბობღვით მივუახლოვდი, სადამდეც გავბედე. ის უბრალოდ თავის კლდეზე იდგა და მე მიყურებდა, თავისი კრიალა შავი თვალებით. მიკვირს, ჩემი მუცლის ბუყბუყმა არ დააფრთხო და არ გაფრინდა.
ქვა მთელი ძალით ვესროლე და გვერდში მოვარტყი. ხმამაღლა იკივლა და გაფრენას შეეცადა, მაგრამ მე მარჯვენა ფრთა მოვტეხე. ხელი წავატანე, მაგრამ ის ადგილიდან ახტა. თეთრი ბუმბულებიდან სისხლი წასკდა. დაჭერობანას მეთამაშება ეს ბოზის შვილი, ერთ მომენტში კლდის მეორე მხარეს ტერფი გამეჭედა ორ ქვას შორის და კინაღამ კოჭში გადამიტყდა.
საბოლოოდ ის დაიღალა და კუნძულის აღმოსავლეთ მხარეს დავიჭირე. ცდილობდა წყალში შეესწრო და ცურვით გამცლოდა. მე მას ბუმბულის კუდში ვტაცე ხელი, ის კი მობრუნდა და ჩამკორტნა. მაშინ ერთი ხელი ფეხებში ჩავავლე. მეორე თავზე მოვკიდე და კისერი გადავუმტვრიე. მტვრევის ხმამ დიდი სიამოვნება მომანიჭა. საჭმელი მოგართვით, იცოდით? ჰა-ჰა.
ჩემს “ბანაკში” წავიღე, მაგრამ სანამ გამოვშიგნავდი, მისი ჩაკორტნილი ჭრილობა იოდით დავიმუშავე. ჩიტები უამრავ მიკრობს ატარებენ, ინფექციაღა მაკლდა ახლა.
ოპერაცია “თოლიამ” კარგად ჩაიარა, თუმცა მე ვერ შევძელი მისი მომზადება. არანაირი მცენარეულობა, არანაირი საჭრელი დაფა, ნავიც კი ჩაიძირა. ასე რომ უმის ჭამა მომიწია, მუცელს მაშინვე ამორწყევა მოუნდა. მესმოდა მისი გასაჭირი, მაგრამ ამის უფლებას ვერ მივცემდი. მე ვითვლიდი უკუღმა, სანამ გულის რევის შეგრძნებამ არ გამიარა. ეს თითქმის ყოველთვის შველის.
შეგიძლიათ, ასეთი ჩიტი წარმოიდგინოთ, კოჭში რომ კინაღამ გადამამტვრია და ჩამკორტნა? თუ კიდევ ერთ ასეთს დავიჭერ ხვალ, აუცილებლად ვაწამებ. მას გაუმართლა და იოლი სიკვდილით მოკვდა. ახლაც კი, როცა ამაზე ვწერ, შემიძლია დავიხედო ქვემოთ და ქვიშაში მის მოჭრილ თავს დავინახავ. მიუხედავად იმისა, რომ მისი შავი თვალები სიკვდილითაა დაფარული, მაინც მეჩვენება, რომ დამცინავად მიყურებენ. ნეტავ თოლიებს აქვთ რამენაირი ტვინი? ნეტავ იჭმევა?
29 იანვარი
არავითარი საჭმელი დღეისათვის. ერთი თოლია კლდის წვერზე შემოჯდა, მაგრამ მანამდე გაფრინდა, სანამ მივუახლოვდებოდი და “ზუსტ პასს მივცემდი წინ”, ჰა-ჰა! წვერი წამომეზარდა. საშინლად მექავება. თუ ეს თოლია ისევ დაბრუნდება და დავიჭერ, თვალებს ამოვჩიჩქნი, სანამ მოვკლავ.
თავისუფლად შემიძლია იმის თქმა, რომ საოცარი ქირურგი ვიყავი. მაგრამ მათ ამიკრძალეს ეს საქმე. მართლა სასაცილოა: ამას ყველა აკეთებს, მაგრამ როგორც კი ვინმე ჩაუვარდებათ ხელში, მაშინვე სისხლიანი ფარისევლები ხდებიან. რომ იცოდეთ, როგორ მომიხაზეს. ესეც შენი ჰიპოკრატეს და ჰიპოკრიტეს მეორე ფიცი.
ისე ამოვიდა ყელში ეს პრაქტიკანტობა და რეზიდენტობა (რაც ნიშნავს რომ უნდა იმუშაო სინდისიერად, იმ ფიცის თანახმად, რომლისაც არ გწამს), რომ გადავწყვიტე საკუთარი საავადმყოფო გამეხსნა “პარკ ავენიუზე”. და რაც ყველაზე მაგარია, ეს მდიდარი მამიკოს და გავლენიანი მფარველის გარეშე შევძელი, ჩემი “კოლეგებისგან” განსხვავებით. მაგრამ ცოტა ხანში ჩემი ყველაფერი დასრულდა. მამაჩემი ცხრა წლის დამარხული იყო ღარიბთა სასაფლაოზე. დედაჩემი ერთი წლით ადრე მოკვდა, ვიდრე ლიცენზიას ჩამომართმევდნენ.
ეს პანჩურის ამორტყმას ჰგავდა. მე ვთანამშრომლობდი ექვსიოდე აღმოსავლელ ფარმაცევტთან, ორ მსხვილ მომწოდებელთან და სულ ცოტა ოც ექიმთან მაინც. ისინი მე მიგზავნიდნენ პაციენტებს, მე კი მათ. მე ვაკეთებდი ოპერაციებს და ვუწერდი მათ აუცილებელ გამაყუჩებელ საშუალებებს. ყოველი ოპერაცია ნამდვილად არ იყო აუცილებელი, თუმცა არც ერთი მათგანი არ ჩამიტარებია პაციენტის სურვილის საპირისპიროდ. არასდროს მყოლია პაციენტი, რომელიც დახედავდა რეცეპტს და მეტყოდა: “მე ეს არ მინდა”. მისმინე: ისინი ხან საშვილოსნოს იჭრიდნენ 1960-ში, ხან ფარისებრ ჯირკვალს 1970-ში და თუ ნებას დავრთავდი, ხუთი ან ათი წლის შემდეგაც იღებდნენ გამაყუჩებლებს. ზოგჯერ ასეც ვიქცეოდი. და ალბათ ხვდებით, რომ მე ერთადერთი არ ვიყავი. მათ შეეძლოთ საკუთარი თავისთვის ასეთი თვისებების გამომუშავების ნება მიეცათ. ზოგჯერ კი პაციენტებს ცუდად ეძინათ, თუნდაც უმნიშვნელო ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ან ნერვულნი ხდებოდნენ, სადიეტო ტაბლეტების გამო. ან ლიბრიუმის გამო. ეს ადვილი მოსაგვარებელი იყო. ჰა! ნამდვილად! თუ ჩემგან ვერ მიიღებდნენ, სხვისგან მაინც შეძლებდნენ მიღებას.
შემდეგ საგადასახადო დაადგა ლოუენტალს. ამ ცხვარს. ხუთწლიანით დაემუქრნენ და იმანაც ექვსამდე გვარი ამოღერღა. მათ შორის ჩემიც. ცოტა ხანს მითვალთვალეს და როცა ისინი დაიწვნენ, მე უკვე ხუთ წელზე გაცილებით მეტი მეკუთვნოდა. იქ კიდევ რამდენიმე საქმე იყო, სარეცეპტო ბლანკების ჩათვლით, რისი კეთებაც არასდროს შემიწყვეტია. რა ღადაობაა, ეს აღარაფერში მჭირდებოდა, უბრალოდ ჩვევაში მქონდა. ძნელია უარი თქვა ერთით მეტ კოვზ შაქარზე.
მოკლედ, მე ვიცნობ ვიღაც-ვიღაცეებს, სხვადასხვა სიმებისთვის გამომიკრავს. ერთი-ორი მგლებისთვისაც მიმიგდია საჯიჯგნად. არც ერთი მათგანი არ მომწონდა სინამდვილეში, ყველანი წმინდა წყლის ბოზის შვილები იყვნენ. ღმერთო, როგორ მშია.
30 იანვარი
დღეს თოლიები არ მოფრენილან. ეს ამბავი წარწერას მაგონებს, პროდუქტის ურიკით დამტარებლებს რომ აქვთ ხოლმე ზოგჯერ, “დღეს პომიდორი არ მაქვს”. წელამდე წყალში შევედი ბასრი დანით ხელში. ოთხი საათის განმავლობაში სრულიად გაუნძრევლად ვიდექი ერთ ადგილას, სადაც მზე ეცემოდა. ორჯერ მეგონა, რომ გონებას ვკარგავდი, მაგრამ ისევ უკუთვლას შევუდექი, სანამ არ გამიარა. ერთი თევზიც კი არ შემინიშნავს, ერთიც კი.
31 იანვარი
კიდევ ერთი თოლია მოვკალი, ზუსტად ისე, როგორც პირველი. ძალიან მშიერი ვიყავი იმისათვის, ისე მეწამებინა, როგორც ვაპირებდი. გამოვშიგნე და შევჭამე. შემდეგ ნაწლავებიდან განავალი გამოვიღე და ისიც შევჭამე. უცნაური გრძნობაა, როგორ უბრუნდება ადამიანს სიცოცხლისუნარიანობა, ცოტათი შემეშინდა კიდეც, ერთ მომენტში. როცა ცენტრალური კლდის ჩრდილში ვიწექი, მომეჩვენა რომ ხმები მესმოდა. მამაჩემის. დედაჩემის. ჩემი ყოფილი ცოლის. და ყველაზი უარესი, იმ დიდი ჩინელის, რომელმაც ჰეროინი მომყიდა საიგონში. ის ჩლიფინით ლაპარაკობდა, შესაძლოა იმიტომ, რომ ენა ნახევრად მოჭრილი ჰქონდა.
“მიდი ხო,” მისი ხმა არსაიდან მოდიოდა, “მიდი, გაიცქირე ცოტა, თჰულ დაგავიწყდება შიმშილის გრძნობა, ეთ მაგარია..” მაგრამ მე არასდროს მიმიღია გამაბრუებლები, დამაძინებელი ტაბლეტებიც კი არ მიმიღია.
ლოუენტალმა თავი მოიკლა, არ მითქვას თქვენთვის? ეგ ცხვარი. თავი ჩამოიხრჩო, ოთახში, რომელიც ადრე მისი კაბინეტი იყო. ჩემი აზრით, დიდი სამსახური გაუწია სამყაროს.
მე ისევ პრაქტიკა მინდოდა. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე ამაზე, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა, ოღონდ დიდი ფული დაჯდებოდა. იმაზე დიდი, ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო. სეიფში 40 000 მედო. გადავწყვიტე შანსი გამომეყენებინა და ეს ფული დამეტრიალებინა. გამეორმაგებინა ან გამესამმაგებინა.
ასე რომ რონი ჰანელის სანახავად გავემართე. მე და რონი ფეხბურთს ვთამაშობდით ერთად კოლეჯში, მერე როცა მისმა პატარა ძმამ სამედიცინოზე ჩაბარება გადაწყვიტა, მე ადგილის პოვნაში დავეხმარე. თვითონ რონი იურიდიულზე სწავლობდა, მოდი და ნუ გაგეცინება, არა? იმ უბანში, სადაც ჩვენ ვიზრდებოდით, რონის ეძახდნენ “რონი – შემსრულებელს” იმიტომ, რომ ის მსაჯობდა თამაშებს, რომლებსაც ჯოხით და ბურთით თამაშობენ, მათ შორის ჰოკეისაც. თუ შენ მისი ჩასტვენა არ მოგწონდა, არჩევანი შენზე იყო – ან უნდა მოგეკეტა ან თითები გეღრღნა. პუერტო რიკოელები მას “რონი-მაკარონის” ეძახდნენ. ამ სახელის დაძახება მას ყოველ ჯერზე აგიჟებდა. და ეს ტიპი შევიდა სკოლაში, შემდეგ კოლეჯში, იურიდიულზე, გამოცდები პირველივე ჯერზე ჩააბარა, ბოლოს მაღაზია გახსნა ჩვენსავე უბანში, ბარის პირდაპირ. მე თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ მოსრიალებს უბანში თავისი თეთრი კონტინენტალით. ქალაქის ყველაზე მსხვილსაქმიანი ნაბიჭვარი.
მე ვიცოდი, რომ რონის რაღაც ექნებოდა ჩემთვის, “ეს საშიშია.” თქვა მან, “მაგრამ შენ შეგიძლია შენ თავზე ზრუნვა, თუ ეს საქმე გამოგივა, მე გაგაცნობ ორ ადამიანს, რომელთაგან ერთ-ერთი მთავრობიდანაა.
მან ორი სახელი მითხრა, ერთი დიდი ჩინელი იყო, ჰენრი ლი-ცუ, მეორე ვიეტნამელი, სოლომ ნგო, ქიმიკოსი. დიდი თანხის სანაცვლოდ ის ჩინელის საქონელს ამოწმებდა. ჩინელს ხანდახან გამოხტომებიც სჭირდა. ეს გამოხტომები იმაში გამოიხატებოდა, რომ პლასტიკური პაკეტები ხშირად ტალკუმით იყო გატენილი, ნიჟარის საწმენდი ფხვნილით, სიმინდის ფქვილით. რონიმ მითხრა, ერთხელაც ლი-ცუს სიცოცხლის ფასად დაუჯდება ეგ გამოხტომებიო.
1 თებერვალი
თვითმფრინავი გამოჩნდა. კუნძულს ზედ თავზე გადაუფრინა. შევეცადე კლდის წვერზე ავცოცებულიყავი და იქიდან დამექნია ხელი. ისევ ფეხი გამეჩხირა ნახვრეტში. იგივე დაწყევლილ ნახვრეტში, რომელშიც მაშინ გამეჩხირა, როცა პირველად მოვკალი ჩიტი. ფეხი კოჭთან გადამიტყდა. ორმაგი მოტეხილობა მქონდა. თითქოს იარაღი მესროლეს. წარმოუდგენლად მტკიოდა. მე ვიკივლე და წონასწორობა დავკარგე. ხელები გიჟივით ავიქნიე, მაგრამ თავი ვეღარ შევიმაგრე, დავგორდი, თავი დავარტყი და გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი, უკვე ბნელოდა. თავიდან სისხლი მდიოდა. ფეხი გასიებული მქონდა და ამ ყველაფერს მზისგან მიღებული დამწვრობაც ემატებოდა. მზეს კიდევ ერთ საათს რომ გაეძლო, მე ალბათ წყლულები გამიჩნდებოდა.
როგორღაც აქამდე მოვხოხდი, მთელი ღამე ვცახცახებდი და ვღრიალებდი მოტეხილობის ტკივილებისგან. დეზინფექცია ჩავუტარე ჭრილობას მარჯვენა საფეთქელთან და შევიხვიე, როგორც შევძელი. მე მგონი ეს სკალპის უმნიშვნელო დაზიანება და მსუბუქი ტვინის შერყევაა, მაგრამ ფეხის კოჭი… რთული მოტეხილობა მაქვს. ორ ან შეიძლება სამ ადგილასაც.
ახლა როგორღა ვინადირებ ჩიტებზე?
წესით, რამე თვითმფრინავი უნდა დაფრინავდეს, “კალასიდან” გადარჩენილების მოსაძებნად. სიბნელეში, შტორმმა, შესაძლოა სამაშველო ნავი რამდენიმე მილის მოშორებით გარიყა იმ ადგილიდან, სადაც ჩაიძირა. შეიძლება ისინი აღარც კი დაბრუნდნენ ამ ადგილას.
ღმერთო, როგორ მტკივა კოჭი.
2 თებერვალი
მე მინიშნება ავაგე კენჭებით, კუნძულის სამხრეთით, სადაც სამაშველო ნავი ჩაიძირა, ამას მთელი დღე მოვუნდი, ზოგჯერ ჩრდილში ვისვენებდი ხოლმე. ამის მიუხედავად, მაინც ორჯერ კინაღამ გონება დავკარგე. რამდენადაც ერთი შეხედვით ვხვდები, უკვე ოცდახუთი ფუთი დავიკელი წონაში, ძირითადად ორგანიზმის შიგნიდან გამოშრობის გამო. სამაგიეროდ აქედან, სადაც ახლა ვზივარ, მშვენივრად ვხედავ შავი ქვებით თეთრ ქვიშაზე გამოყვანილ ასოებს, რომლებიც შეადგენენ სიტყვას: “მიშველეთ” და რომელიც ოთხი ფუტია სიმაღლეში.
შემდეგი თვითმფრინავი აუცილებლად დამინახავს.
თუკი შემდეგი თვითმფრინავი არსებობს.
ჩემი ტერფი შეუწყვეტლივ პულსირებს. ის უფრო მეტად გასივდა და გადატეხილი ნაწილის გარშემო ავისმომასწავებელი ლაქები გამიჩნდა. სილურჯე სწრაფად ვრცელდება ფეხზე. როცა მას მაისურით ძლიერად ვიხვევ, ტკივილი კლებულობს, თუმცა ის მაინც იმდენად ძლიერია, რომ როცა მგონია რომ ძილი მერევა, სინამდვილეში გული მიმდის.
უკვე იმაზეც კი ვფიქრობ, რომ შესაძლოა ამპუტაცია გახდეს საჭირო.
3 თებერვალი
ფეხი უფრო მეტად გამისივდა და სილურჯემაც მოიმატა. ხვალამდეც მოვიცდი. თუ ოპერაცია აუცილებელი გახდა, მე ვფიქრობ, რომ შევძლებ მის ჩატარებას. მე მაქვს ასანთი იმისათვის, რომ ბასრ დანას სტერილიზაცია გავუკეთო. მაქვს ნემსი და ძაფი საკერავი კომპლექტიდან. შესახვევად მაისურს გამოვიყენებ.
ორი კილო “ტკივილგამაყუჩებელიც” კი მაქვს, ოღონდ იმისგან განსხვავებული, რასაც პაციენტებს ვუწერდი. მაგრამ ისინი აუცილებლად მიიღებდნენ მას, მისი შოვნა რომ შეძლებოდათ. სანაძლეოს დავდებ. ის მიხრწნილი ცისფერთმიანი ქალბატონები დეზედორანტსაც კი შეიყნოსავენ, თუკი ეტყვი, რომ ის აბრუებს. დამიჯერეთ!
4 თებერვალი
გადავწყვიტე ფეხი მოვიჭრა. ოთხი დღეა არაფერი მიჭამია. თუ ასე გაგრძელდა ეს გაზრდის რისკს, რომ ოპერაციის დროს მე დავკარგავ გონებას შიმშილისგან და შოკისგან და სისხლისგან დავიცლები. ასეთ მდგომარეობაშიც კი მე ჯერ კიდევ მინდა სიცოცხლე. მახსოვს, რას გვეუბნებოდა მოკრიჯი ანატომიის გაკვეთილზე. ბებერი მოკი, ასე ვეძახდით. ადრე თუ გვიან მედიკოსი სტუდენტები სვამენ კითხვას: რა სიძლიერის ტრავმულ შოკს შეიძლება გაუძლოს პაციენტმა? ის თითს ურტყამდა ადამიანის სხეულის რუკას. ურტყამდა თირკმელებს, ღვიძლს, გულს, ელენთას, ნაწლავებს. როგორც წესი, ბატონებო, ამ კითხვას პასუხად მოსდევს შემდეგი კითხვა: გადარჩენის რამდენად დიდი სურვილია აქვს პაციენტს?
მე ვფიქრობ, რომ შევძლებ ამის გადატანას.
მართლა ასე ვფიქრობ.
ალბათ მე იმისთვის ვწერ, რომ დროებით გადავდო ის, რაც გარდაუვალია. მაგრამ ახლა გამახსენდა, რომ არ დამისრულებია იმის თხრობა, თუ როგორ აღმოვჩნდი აქ. მგონი აჯობებს დავასრულო ის, რაც დამრჩა მოსაყოლი, იმ შემთხვევისთვის, თუ ოპერაცია ცუდად ჩაივლის. ეს დაახლოებით ათი წუთის საქმეა და დღის სინათლე ოპერაციის ჩასატარებლადაც საკმარისი დამრჩება, მით უმეტეს, რომ ახლა ჩემს საათში დილის ათის ცხრა წუთია. ჰა.
საიგონში ტურისტად ჩავფრინდი. უცნაურად ჟღერს? არადა სულ ტყუილად ფიქრობთ ასე. იქ დღემდე ათასობით ტურისტი ჩადის, მიუხედავად ნიქსონის დაწყებული ომისა. ისეთებიც არიან, დამტვრეული მანქანების და ქათმების ჩხუბის სანახავად რომ ჩადიან იქ.
ჩემმა ჩინელმა მეგობარმა საქონელი მომცა. მე ის წავიღე ნგოსთან, რომელმაც თქვა, რომ ეს ძალიან ხარისხიანი საქონელია. მან მითხრა, რომ ლი-ცუმ უკანასკნელად გამოავლინა თავისი გამოხტომები და მისი ცოლი ჰაერში ასწია აფეთქებამ, როცა საკუთარი “ოპელის” დაქოქვას ცდილობდა. იმ დღის შემდეგ მისი გამოხტომები აღარ გამეორებულა.
საიგონში სამი კვირა დავრჩი. ადგილი ტურისტულ გემზე დავჯავშნე, რომელსაც “კალასი” ერქვა და სან-ფრანცისკოში მიდიოდა. პირველი კაიუტა ავიღე. საქონლის შეტანა უპრობლემოდ მოვახერხე. ნგომ დაცვის ორი წევრი მოისყიდა, რომლებმაც ერთი თვალი შეავლეს ჩემს ჩემოდანს და გემზე ამიშვეს. საქონელი სპეციალურ შეკვრაში მედო, რომლისთვისაც არც კი შეუხედავთ.
“ამერიკის საზღვარზე გაცილებით რთული იქნება,” მითხრა ნგომ, “მაგრამ ეგ უკვე თქვენი პრობლემაა.”
საქონლით ამერიკის საზღვარზე მისვლას არც ვაპირებდი. რონი ჰანელიმ მყვინთავი დაიქირავა, რომელსაც ერთი ჯოჯოხეთური საქმე უნდა შეესრულებინა სამი ათას დოლარად. მე ის უნდა მენახა (ორი დღის წინ ახლა როგორც ვვარაუდობ) სან-ფრანცისკოს ერთ ღამისგასათევში, რომელსაც ერქვა “სასტუმრო სენტ რეჯისი”. გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ საქონელი წყალგაუმტარ ქილაში უნდა მოგვეთავსებინა. მასზე უნდა მიმაგრებულიყო ტაიმერი და წითელი საღებავი. როგორც კი გემი დოკში შევიდოდა, ქილა უნდა გადაგდებულიყო ზღვაში – ოღონდ არა ჩემს მიერ, რა თქმა უნდა. ზუსტად იმ დროს, როცა მე ვეძებდი მზარეულებიდან ან გამცილებლებიდან რომელიმეს, რომელიც ფულის სანაცვლოდ ამ საქმეს შეასრულებდა და გამოიჩენდა გონიერებას, – ან უგუნურებას, – რომ ენისთვის კბილი დაეჭირა, კალასი ჩაიძირა.
არ ვიცი, როგორ ან რატომ. შტორმი იყო, მაგრამ თითქოს გემს საფრთხე არ ემუქრებოდა. სადღაც, საღამოს რვა საათისთვის პირდაპირ გემბანის ქვეშ მოხდა აფეთქება. მაგ დროს მე ვისვენებდი და უცებ “კალასი” ცალ მხარეს გადაიხარა. მარცხნივ… ზუსტად არ ვიცი როგორ ამბობენ, “პორტს” თუ “ქიმს”?

ადამიანები კიოდნენ და სხვადასხვა მიმართულებით დარბოდნენ. ბარში ბოთლები თაროებიდან ჩამოცვივდა და ძირს ეყარა. ქვედა სართულიდან კაცი ამოვარდა. შარვალი დამწვარი ჰქონდა, კანი გადაყვლეფილი. რუპორები მგზავრებს მოუწოდებდნენ წასულიყვნენ სამაშველო ნავებისკენ, რომლებიც ინსტრუქტაჟით მათთვის იყო გათვალისწინებული. მგზავრები მაინც აქეთ-იქით სირბილს აგრძელებდნენ. ძალიან ცოტა მათგანმა შეიწუხა თავი ინსტრუქტაჟს მიჰყოლოდა. მე არათუ გამოვცხადდი ადგილზე, არამედ ყველაზე ადრე მივედი. მინდოდა პირველ რიგებში მოვხვედრილიყავი, ხომ ხედავთ, მე ყველაზე ყურადღებიანი ვხდები, როცა საქმე ჩემს ტყავს ეხება.
მე კაიუტაში დავბრუნდი, ავიღე ჰეროინის შეკვრები და ჯიბეებში ჩავილაგე. შემდეგ გავემართე მერვე სამაშველო ნავისკენ. სანამ კიბეებით მთავარ გემბანზე ასვლას ვცდილობდი, კიდევ ორი აფეთქება მოხდა და გემი თითქმის ბოლომდე აყირავდა ცალ მხარეს.
ზემოთ პანიკა სუფევდა. დავინახე, როგორ ჩამირბინა გვერდით შემზარავად აკივლებულმა ქალმა, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა და თავის შემაგრებას ცდილობდა სრიალა, აყირავებულ გემბანზე. ის მოაჯირს მიეჯახა თეძოებით და გემიდან გადავარდა. ჰაერში ორჯერ ამოტრიალდა და როცა მესამე ტრიალზე წავიდა, მე ის დავკარგე მხედველობის არედან. იქვე იჯდა კაცი მზარეულის თეთრ ფორმაში გამოწყობილი, სახე და ხელები საშინლად ჰქონდა დამწვარი და ყვიროდა:
“მიშველეთ! ვერაფერს ვხედავ! მიშველეთ! ვერაფერს ვხედავ!”
პანიკა ყველას მოედო: ის გადადიოდა მგზავრებიდან მეზღვაურებზე, როგორც მომაკვდინებელი ვირუსი. მინდა დავამატო, რომ პირველი აფეთქებიდან გემის სრულ ჩაძირვამდე, ოცი წუთი გავიდა. რამდენიმე სამაშველო ნავი ბოლომდე იყო გადატენილი აკივლებული მგზავრებით, მაშინ, როცა დანარჩენები ცარიელები იყვნენ. ჩემი ნავი, გემის აყირავებულ მხარეს, თითქმის ცარიელი იყო. გარშემო არავინ ჩანდა ერთი მეზღვაურის გარდა, რომელსაც მუწუკებიან სახეზე მკვდრის ფერი ედო.
“მოდი ეს სათლის მსგავსი ბებერი ძუკნა წყალში მოვისროლოთ.” თქვა მან, თვალებს გიჟივით აცეცებდა. “ეს დაწყევლილი აბაზანა აშკარად ფსკერისკენ იწევს.”
სამაშველო ნავის ბაგირით დაშვება უმარტივესია, მაგრამ მან ნერვული ფათიფუთის გამო არასწორად დაუშვა ის. ნავი ექვსი ფუტით ჩამოცურდა და გაჩერდა. შედეგად ცხვირი ორი ფუტით უფრო დაბლა ჰქონდა, ვიდრე ძირი.
როცა მან ყვირილი მორთო, მე გადავწყვიტე დავხმარებოდი. თუმცა მალევე გაართვა თავი სიტუაციას და იმავდროულად ხელიც ჩაიყოლა სადღაც. თოკმა მის ხელს ბოლი აადინა, კანი გადააცალა და ნავიდან გადაითრია. მე ვისროლე თოკის კიბე, დავეშვი მასზე, ნავი ფრთხილად მოვაცილე ბაგირს. შემდეგ კი ნიჩბების მოსმა დავიწყე. ადრე ამას ხშირად ვაკეთებდი ჩემი სიამოვნებისთვის, როცა მეგობრებთან დავდიოდი სტუმრად აგარაკზე, ახლა კი ამას სიცოცხლის შესანარჩუნებლად ვაკეთებდი. ვიცოდი, რომ თუ ჩაძირვამდე “კალასს” საკმაო მანძილზე არ მოვშორდებოდი, ის მეც ჩამიყოლებდა.
ხუთ წუთში ის წყალმა ჩაყლაპა. მე ვერ მოვასწარი ბოლომდე გავცლოდი საშიშ ზონას, საიდანაც ის ვეღარ შეძლებდა ჩემს ჩათრევას. გიჟივით უნდა მესვა ნიჩბები, რომ ერთ ადგილას დავრჩენილიყავი. ძალიან სწრაფად ჩაიძირა. მის მოაჯირს ჩაბღაუჭებული ადამიანები ჯერ კიდევ შემზარავად ღრიალებდნენ. მაიმუნების გროვას ჰგავდნენ.
შტორმი გაძლიერდა. ერთი ნიჩაბი დავკარგე, მაგრამ მეორე მაინც შევინარჩუნე. მთელი ღამე თითქოს სიზმარში გავატარე. ჯერ ნავიდან წყალს ვხაპავდი, შემდეგ ვეჭიდებოდი ნიჩაბს და გამეტებით ვიქნევდი, რომ მომავილი მზარდი ტალღა გადამელახა.
ოცდამეოთხე დღეს ჩემს უკან ტალღები გაძლიერდა. ნავი წინ მიცურავდა. ეს საზარელიც იყო და სახალისოც ერთდროულად. მოულოდნელად ნავის ფიცარი შეირხა ჩემს ფეხებთან. სანამ სამაშველო ნავი ჩაიძირებოდა, ის შეეჯახა ამ ღვთის მიერ აღმართულ კლდეს. წარმოდგენა არ მაქვს, სად ვარ: არანაირი იდეა არ მაქვს, სად შეიძლება ვიყო. ნავიგაციაში აშკარად მოვიკოჭლებ. ჰა-ჰა.
მაგრამ მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო. შეიძლება ეს უკანასკნელი მცდელობაა, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ ამას შევძლებ. ყოველთვის ასე არ იყო? დღეს უკვე ადამიანები სასწაულებს სჩადიან პროტეზით. ცალი ფეხითაც მშვენივრად ვიცხოვრებ.
ახლა გამოჩნდება, თუ მართლა ისეთი მაგარი ვარ, როგორიც მეგონა თავი. წარმატებები.
5 თებერვალი
გავაკეთე.
ყველაზე მეტად ტკივილი მაშინებდა. საერთოდ ტკივილის გაძლება შემიძლია მაგრამ ასეთ დასუსტებულ მდგომარეობაში, შიმშილისა და აგონიის ერთობლიობას შეეძლო გონება წაერთმია, სანამ ოპერაციას დავასრულებდი.
ჰეროინი ძალიან დამეხმარა.
მე გავხსენი ერთ-ერთი პაკეტი და შევისუნთქე ორი ჯანმრთელი დოზა ბრტყელი ქვის სლიპინა ზედაპირიდან. ჯერ მარჯვენა ნესტოთი, შემდეგ მარცხენათი. თითქოს გამაყუჩებელი სიგრილე შემესუნთქოს ცხვირით, რომელმაც თავიდან ფეხებამდე დამიარა. მე შევისუნთქე ჰეროინი მაშინათვე, როგორც კი დღიურის წერას მოვრჩი გუშინ, – 9:45 საათზე. შემდეგ, როცა საათს დავხედე, ჩრდილი უკვე გადასული იყო და ნახევრად მზეში ვიწექი, ზუსტად 12:41 იყო. შემდეგ გავითიშე. ვერც კი წარმომედგინა, თუ ასეთი კარგი იქნებოდა. არ მესმის რატომ ვუყურებდი ამას აქამდე ასე აგდებულად. ტკივილი, შიში, ტანჯვა… ეს ყველაფერი გაქრა, დარჩა მხოლოდ მშვიდი ეიფორია.
სწორედ ამ მდგომარეობაში ჩავატარე ოპერაცია.
ტკივილი მაინც იგრძნობოდა, განსაკუთრებით ოპერაციის დასაწყისში. მაგრამ ეს ტკივილი თითქოს ჩემგან მოშორებით არსებობდა, როგორც უცხო ადამიანის ტკივილი. ამან შემაწუხა, მაგრამ დამაინტერესა კიდეც. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? თუ ოდესმე მიგიღიათ ძლიერი, მორფინის მაგვარი ნარკოტიკი, ალბათ შეძლებთ კიდეც. ის არა მხოლოდ ამცირებს ტკივილს, არამედ ცვლის ცნობიერებას. სიმშვიდე. მე მესმის მათი, ვინც მასზე შეჯდა, მიუხედავად იმისა, რომ “შეჯდა” ზედმეტად უხეში სიტყვაა, რომელსაც უმეტესად ისინი იყენებენ, რომლებსაც არასდროს გაუსინჯავთ ის. სადღაც შუაში, ტკივილი ნელ-ნელა ისევ ჩემი გახდა. აგონიის ტალღებმა გადამირბინეს. პირღია პაკეტში დარჩენილ ფხვნილს დავყურებდი თვალის დაუხამხამებლად. თავი ვაიძულე, მზერა მომეწყვიტა მისთვის. კიდევ ერთხელ რომ შემესუნთქა, აუცილებლად სისხლისგან დავიცლებოდი და მოვკვდებოდი იმიტომ, რომ გონებას დამაკარგინებდა. ამის ნაცვლად ისევ უკუთვლა დავიწყე, ასიდან ქვემოთ.
სისხლდენა ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო, მე ბოლომდე მესმოდა ეს. უმიზეზოდ არც ერთი წვეთი არ უნდა დაღვრილიყო. თუ პაციენტი სისხლს ღვრის საავადმყოფოში, მას უნაზღაურებენ. მე აქ სისხლით ვერავინ მომამარაგებს. ის, რაც დავღვარე, – სხვათა შორის ოპერაციის შემდეგ ჩემს ფეხთან ქვიშა შავი იყო სისხლისგან, – აღმოჩნდა იმდენი, რამდენიც ორგანიზმის შინაგან რესურსს შეუძლია ხელახლა გამოიმუშავოს. მე არ მქონდა სამაგრები. არ მქონდა ჰემოსტატი. არ მქონდა არანაირი ქირურგიული იარაღები.
მე დავიწყე ოპერაცია ზუსტად 12:45-ზე. დავასრულე 1:50-ზე და დაუყოვნებლივ მივიღე ჰეროინის ახალი დოზა, უფრო დიდი, ვიდრე მანამდე. ჩავეშვი ნაცრისფერ სამყაროში, სადაც არ არსებობდა ტკივილი და დაახლოებით ხუთ საათამდე დავრჩი მასში. როცა გამოვერკვიე, მზე უკვე დასავლეთის ჰორიზონტს უახლოვდებოდა, წყნარი ოკეანის ზედაპირზე მზე ოქროს გზას აფენდა, რომელიც ჩემსკენ მოემართებოდა. ასეთი ლამაზი არასდროს არაფერი მენახა. ალბათ ჩემი ტკივილები მხოლოდ საფასური იყო ამ წამიერი სანახაობისა. ერთ საათში კიდევ შევიყნოსე, რომ ბოლომდე დავმტკბარიყავი მზის ჩასვლის ცქერით.
მალევე, როგორც კი მზე ჩავიდა მე…
მე…
მოიცადეთ. მე ჯერ არ მითქვამს, რომ ოთხი დღე არაფერი არ მქონდა ნაჭამი? და ერთადერთი, რასაც შეეძლო დაებრუნებინა ჩემთვის დაკარგული სასიცოცხლო ძალა, ეს იყო ჩემივე სხეული. და არ გიმეორებდით და გიმეორებდით, რომ გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული? ზეადამიანურ გადაწყვეტილებაზე. თავს იმით არ ვიმართლებ, რომ თითქოს ჩემს ადგილას თქვენც ასევე მოიქცეოდით. თქვენ ალბათ ქირურგიც კი არ ხართ. რომც იცოდეთ, როგორ კეთდება ამპუტაცია, ალბათ ისე ცუდად ჩაიტარებდით ამ ოპერაციას, რომ აუცილებლად სისხლისგან დაიცლებოდით. რაც მთავარია, ოპერაციაც რომ გადაგეტანათ და ტრავმული შოკიც, ალბათ არც არასდროს მოგივიდოდათ აზრად ამ ოპერაციის ჩატარება გაკეთება. ერთი სიტყვით, როგორც არის, – არის! წინასწარ არავინ იცის. უკანასკნელი, რასაც ამ კუნძულის დატოვებამდე გავაკეთებ, იქნება ის, რომ ამ რვეულს გავანადგურებ.
ძალიან ფრთხილი ვიყავი.
გულდასმით გავრეცხე, სანამ შევჭამდი.
7 თებერვალი
ჭრილობა საშინლად მტკიოდა და ტკივილი აუტანელი ხდებოდა. ვფიქრობ, შიგნიდან ქავილი მიუთითებს რომ ის შეხორცებას იწყებს, ეს უარესი ტანჯვა იყო. იმ შუადღეს მე ვფიქრობდი ჩემს პაციენტებზე, რომლებიც ლუღლუღებდნენ ხოლმე, რომ აღარ შეეძლოთ ოპერაციის შემდგომი ნაკერების მოფხანვის სურვილის გაძლება. მე მათ ღიმილით ვპასუხობდი, რომ ხვალ უკეთ იქნებოდნენ, სინამდვილეში კი იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორი უმადური დედიკოს ბიჭები იყვნენ ისინი. ახლა მათი მესმის. რამდენჯერმე სულმა წამძლია, ფეხიდან მაისური მომეხსნა და გამრიელად დამეფხანა ჭრილობა, თითები თბილ და რბილ ხორცში შემეთხარა, უხეში ნაკერები გამერღვია და სისხლი ქვიშაზე გადმომენთხია, რაც გინდა, რაც გინდა, ოღონდაც ეს ჯოჯოხეთური ქავილი დასრულებულიყო.
ასეთ მომენტებში უკუთვლას ვიწყებ და ჰეროინს ვიყნოსავ.
არ ვიცი რამდენი ჰეროინი მივიღე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ოპერაციის შემდეგ “კაიფიდან” არ გამოვსულვარ. შიმშილის გრძნობასაც აქრობს. საერთოდ არც კი მახსენდება, რომ მშია. მხოლოდ სუსტი, შორეული განცდა იმის, რომ რაღაც გღრღნის მუცელში, სულ ესაა. ამას მარტივად დააიგნორებ. თუმცა მე ასე არ ვიქცევი. ჰეროინი კალორიებს არ შეიცავს. ჩემს თავს ვამოწმებდი, ერთი ადგილიდან მეორისკენ მივხოხავდი, ჩემს ენერგიას ვზომავდი. ის იშრიტება.
ღმერთო, იმედი მაქვს, რომ არა, მაგრამ… მგონი მეორე ოპერაციაც დამჭირდება.
(მოგვიანებით)
კიდევ ერთმა თვითმფრინავმა გადაიფრინა. ძალიან მაღლა იყო იმისათვის, რომ რამე შეცვლილიყო ჩემთვის. ერთადერთი, რაც დავინახე, იყო მისი კვალი, რომელსაც ის ტოვებდა ცაზე. მე მაინც ხელებს ვუქნევდი. ხელებს ვუქნევდი და ვყვიროდი. ხოლო, როცა თვალს მიეფარა, ავქვითინდი.
ისე დაბნელდა, რომ ვეღარაფერს ვხედავ. საჭმელი. დიდი ხანია მხოლოდ სხვადასხვა სახის საჭმელზე ვფიქრობ. ნივრიანი პური. ლოკოკინა. კიბორჩხალა. ნეკნები. პირველი ხარისხის ვაშლი. შემწვარი წიწილა. უზარმაზარი ტორტის ნაჭერი და ერთი თეფში სახლის ნაყინი. შებოლილი ორაგული, შებოლილი შაშხი ანანასით. ხახვის რგოლები. ხახვის სოუსი შემწვარ კარტოფილთან, შეგრილებული ჩაი და მისი ხანგრძლივი და მშვიდი წრუპვა ფრანგულად შემწვარ კარტოფილთან ერთად, თითებს ჩაიკვნეტ.
100, 99, 98, 97, 96, 95, 94…
ღმერთო ღმერთო ღმერთო
8 თებერვალი
ამ დილით კიდევ ერთი თოლია შემოჯდა კლდის წვერზე. დიდი და მსუქანი. მე კლდის ჩრდილში ვიჯექი, რომელსაც ჩემს ბანაკად ვთვლი, ნაოპერაციები ფეხი ქვაზე მქონდა შემოდებული. მაშინვე ნერწყვი წამომივიდა, როგორც პავლოვის ძაღლს. უიმედოდ ვყლაპავდი ნერწყვებს. როგორც უმწეო ბავშვი. როგორც უმწეო ბავშვი.
მე ავიღე ქვა, იმ ზომის, რომელიც ხალში კარგად მოთავსდებოდა და მისი მიმართულებით დავიწყე ხოხვა. ოთხი მეოთხედიდან სამი უკვე გავიარე. მესამე და ყველაზე გრძელი მონაკვეთი. პინცეტი უკან ისვრის, რათა გადააწოდოს პასი (პაინს, საწყალ პაინს). დარწმუნებული ვიყავი, რომ გაფრინდებოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა მეცადა. თუ იმ ნოყიერ და უტიფარ ჩიტს დავიჭერდი, ჩემი მეორე ოპერაცია დიდი და გაურკვეველი დროით გადაიდებოდა. მე მივხოხავდი მისკენ. ჩემი გადაჭრილი ფეხი დროდადრო კლდეს ეცემოდა და ამ დარტყმებით გამოწვეული ტკივილი მთელ სხეულს გადაეცემოდა, თან ვუცდიდი, როდის გაფრინდებოდა.
ის არ გაფრინდა. გაჭიმული დააბიჯებდა აქეთ-იქით, წინ გამოზნექილი მკერდით, გეგონებოდათ ავიაციის გენერალი იყო და თავის ჯარისკაცებს ათვალიერებდა. ყოველ ჯერზე, როცა ის ჩერდებოდა და მე მაშტერდებოდა თავისი პატარა, საზიზღარი თვალებით, მე ადგილზე ვშეშდებოდი და ვიწყებდი უკუთვლას, სანამ ის აქეთ-იქით სიარულს არ განაახლებდა. ყოველ ჯერზე, როცა ფრთებს შეარხევდა, მუცელში ყინული მეზრდებოდა. ნერწყვებს ვყლაპავდი. ამას ვერაფერს ვუხერხებდი. როგორც უმწეო ბავშვი.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვუთვალთვალე. ერთი საათი? ორი? რაც უფრო ახლოს მივდიოდი მასთან, მით უფრო ხმამაღლა ცემდა ჩემი გული და მით უფრო საეჭვოდ გამოიყურებოდა ის. ისიც კი ვიფიქრე, რომ მეღადავებოდა და როგორც კი საკმარისად მივუახლოვდებოდი, მაშინვე გაფრინდებოდა. ხელების და ფეხების ცახცახი დამეწყო. პირი გამიშრა. ფეხი ისევ ამტკივდა. მე ვფიქრობ, უკვე ”ლომკის” შეტევაც მქონდა. მაგრამ ასე მალე? ერთი კვირაც არ იქნება, რაც ჰეროინს ვიღებ.
ეგ არაფერი. მე ის მჭირდება. კიდევ ძალიან ბევრი დამრჩა. ძალიან. თუ მკურნალობა დამჭირდა ამის გადასაგდებად, როცა ამერიკაში დავბრუნდები, მე ავირჩევ საუკეთესო კლინიკას კალიფორნიაში და ამას გავაკეთებ ღიმილით. ახლა ეს არანაირი პრობლემა არაა, ასე არ არის?
როცა საკმარისად მივუახლოვდი, აღარ მინდოდა ქვა მესროლა. ავადმყოფურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ავაცილებდი, შეიძლება რამდენიმე ფუტითაც. კიდევ უფრო ახლოს უნდა მივსულიყავი. ასე რომ კლდეზე ცოცვა განვაგრძე, უკან გადაგდებული თავით, ოფლად დაღვრილმა, საფრთხობელასავით ჩამომჭკნარი სხეულით. ჩემმა კბილებმა უკვე ლპობა დაიწყეს, ეს ჯერ არ მითქვამს? ცრუმორწმუნე რომ ვყოფილიყავი, ამას დავბრალებდი იმას, რომ მე შევჭამე…
ჰა! ჩვენ უკვე ვიცით ეს, ხომ ასეა?
მე ისევ გავჩერდი. ახლა მასთან უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე სხვა ნებისმიერ თოლიასთან ოდესმე. მაინც ვერ ვბედავდი ამის გაკეთებას. ქვას ხელს ისე ვუჭერდი, რომ უკვე თითებიც კი ამტკივდა და მაინც არ ვესროდი, ეს იმიტომ, რომ ვიცოდი რაც მელოდებოდა თუ ავაცელდი.
არ მაინტერესებს, მთელ საქონელს ვიხმარ თუ არა. როგორმე თავს დავაღწევ მათ და დანარჩენ ცხოვრებას ფუფუნებაში გავატარებ. ჩემს ხანგრძლივ, ხანგრძლივ ცხოვრებას!
მე ვფიქრობ, შევძლებდი მასთან ბოლომდე მიახლოვებას, ფრთები რომ არ აექნია. მივწვდებოდი და დავახრჩობდი. მაგრამ ის უცებ აფრინდა. მე ვიღრიალე, მუხლებზე შევდექი და ქვა მთელი ძალით ვესროლე. მოვარტყი.
მას მოგუდული ჩხავილი აღმოხდა და კლდის მეორე მხარეს გადავარდა. ხარხარით და ბოდვებით გადავფოფხდი კლდის მეორე მხარეს, აღარც იმ ტკივილებზე ვღელავდი, რომლებსაც ნაოპერაციების ქვაზე დარტყმების დროს ვგრძნობდი და აღარც ჭრილობის გახსნაზე. წონასწორობა დავკარგე და თავი დავარტყი. მაშინ ეს ვერც კი ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი კოპი ამომეზარდა. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, იყო ჩიტი, და ის, თუ როგორ გავარტყი ქვა. წარმოუდგენლად გამიმართლა. პირდაპირ ფრთაში მოხვდა.
ის ნაპირისკენ მიფრატუნობდა, ფრთა მონგრეული ჰქონდა, უკან სისხლს ტოვებდა. მე ხოხვით გავეკიდე, მთელი სისწრაფით რაც შემეძლო, მაგრამ ის ჩემზე სწრაფად მიბობღავდა. ინვალიდების გასწრობანა. ჰა! ჰა! რომ არა ჩემი ხელები, ალბათ დავიჭერდი კიდეც მას, ჩვენ შორის დისტანცია აშკარად მცირდებოდა. საკუთარ ხელებს უფრო უნდა მოვფრთხილებოდი. ისინი ჯერ კიდევ დამჭირდებიან. მიუხედავად ჩემი სიფთხილისა, როცა ნაპირს მივაღწიეთ, ხელები სულ დაკაწრული მქონდა. მაჯის საათი კლდეზე მივამსხვრიე.
თოლია წყალში შევარდა. გულისწამღებად ჩხაოდა. მე ხელი ვტაცე და ხელში მისი ბუმბულის კუდი შემრჩა. შემდეგ დავეცი, წყალი გადამცდა, ვიხრჩობოდი და ვქშინავდი.
უფრო წინ გავედი წყალში. ამ ყველაფრის შემდეგ ისიც კი ვცადე, რომ ცურვით დავწეოდი. ფეხიდან სახვევი მომძვრა. ჩაძირვა დავიწყე. როგორღაც ნაპირისკენ მოტრიალება მოვახერხე, დაუძლურებული ვცახცახებდი, ტკივილს აყოლილი, ვტიროდი, ვღრიალებდი და თოლიას ვწყევლიდი. მან კიდევ დიდხანს იტივტივა იქ, უფრო და უფრო მშორდებოდა. მგონი ვემუდარებოდი კიდეც, რომ დაბრუნებულიყო. მაგრამ როცა მან რიფს მიაღწია, მე ვფიქრობ უკვე მკვდარი იყო.
ეს უსამართლობაა.
თითქმის ერთი საათი დამჭირდა, საკუთარ ბანაკში რომ დავბრუნებულიყავი. ჰეროინის უზარმაზარი დოზა შევიყნოსე, მაგრამ ამის შემდეგაც კი ძალიან ვიყავი გამწარებული თოლიას გამო. თუ მაინც ვერ დავიჭერდი, მაშინ რაღატომ მეღადავებოდა? რატომ თავიდანვე არ გაფრინდა?
9 თებერვალი
მარცხენა ფეხი მოვიჭერი და ჩემი საცვალით შევიხვიე. უცნაურია. მთელი ოპერაციის მანძილზე ნერწყვებს ვყლაპავდი. ისევე, როგორც თოლიას ყურებისას. უმოწყალოდ ვყლაპავდი ნერწყვებს. თავი ვაიძულე საღამომდე მომეცადა. უკუღმა დავითვალე ასიდან.. ოცჯერ თუ ოცდაათჯერ! ჰა! ჰა!
შემდეგ…
შუჩერებლად ვუმეორებდი თავს: ცივი შემწვარი ხორცი. ცივი შემწვარი ხორცი. ცივი შემწვარი ხორცი.
11 თებერვალი (?)
ორი დღეა გადაუღებლად წვიმს. და ძლიერი ქარია. ცენტრალური კლდიდან ქვები მოვათრიე, რომ სორო ამეშენებინა და შიგნით შევმძვრალიყავი. ერთი პატარა ობობაც ვიპოვე. სანამ გაქცევას მოახერხებდა, თითებით მოვჭყლიტე და შევჭამე. გემრიელი იყო. წვნიანი. გავიფიქრე, შეიძლება ეს სორო თავზე დამემხოს და აქ დავიმარხო-მეთქი. რა პრობლემაა.
შტორმი ქვით ნაგებ სოროში გადავიტანე. შეიძლება სამი დღე წვიმდა ორის ნაცვლად. ან სულაც ერთი. მაგრამ მე მახსოვს, რომ ორჯერ დაბნელდა. მიყვარს, როცა ვითიშები. აღარც მტკივა, აღარც მექავება. მე მჯერა რომ გადავრჩები. არ შეიძლება ეს ყველაფერი უშედეგოდ გადაიტანოს ადამიანმა.
ბავშვობაში, როცა ეკლესიაში დავდიოდი, იქ ერთი მღვდელი მსახურობდა, პატარა, დაბალი ბიჭი იყო და გიჟდებოდა, ისე უყვარდა ჯოჯოხეთზე და მომაკვდინებელ ცოდვებზე ლაპარაკი. ეს მისი სარწეველა ცხენი იყო. სასიკვდილო ცოდვის მონანიება შეუძლებელია, ასე ფიქრობდა ის. წუხელ მე ის დამესიზმრა, მამა ჰეილი შავი სამოსით, ულვაშებით ცხვირთან. თითის ქნევით მეუბნებოდა: “სირცხვილი შენი რიჩარდ პინცეტ.. სასიკვდილო ცოდვა.. ჯოჯოხეთი არ აგცდება.. ჯოჯოხეთი არ აგცდება..”
მე მას დავცინოდი. თუ ეს ადგილი არაა ჯოჯოხეთი, მაშ რაღაა? სასიკვდილო ცოდვა კი ასეთ დროს, დანებებაა.
ნახევარ დროს ბურუსში ვატარებ. დარჩენილ დროს კი ქავილის საშინელი შეგრძნებით და ჭრილობების ტკივილით ვიტანჯები, რომელსაც აქაური ნესტი იწვევს.
მაგრამ მე არ დავნებდები. გეფიცებით. არაფრის გამო. შეუძლებელია ჩემი ბრძოლა ამაო იყოს.
12 თებერვალი
მზე ისევ ამოვიდა, ლამაზი დღეა. იმედი მაქვს ჩემი მეზობლები ტრაკებს ილღვობენ.
დღეს კარგი დღე იყო ჩემთვის, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ამ კუნძულზე. ციებ-ცხელება, რომელიც შტორმის დროს მქონდა, გამიქრა. ძალიან სუსტად ვიყავი და საშინლად ვცახცახებდი, როცა ჩემი სოროდან გამოვხოხდი, მაგრამ ორი-სამი საათით ცხელ ქვიშაზე წოლის შემდეგ თავი თითქმის ადამიანად ვიგრძენი. კუნძულის სამხრეთით მივხოხდი და ხის ნაჭრები ვნახე, რომელიც შტორმა გამორიყა, მათ შორის ჩემი სამაშველო ნავის ფიცრებიც. ზოგიერთი მათგანი წყალმცენარეებით იყო მორთული. მე შევჭამე ისინი. საშინელი გემო ჰქონდათ. თითქოს სააბაზანოს სველ ფარდას ვჭამდი. თუმცა თავს გაცილებით მოძლიერებულად ვგრძნობდი ამ დილით.
ხის ნაფოტები ზღვიდან მოშორებით გადავათრიე, რომ გამშრალიყვნენ. ჯერ კიდევ მქონდა მორჩენილი წყალგამძლე ასანთის მარაგი. სასიგნალო კოცონს დავანთებ იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე მეძებს. თუ არადა საჭმელს მაინც მოვამზადებ მასზე. ახლა ცოტა უნდა წავუძინო.
13 თებერვალი
კიბორჩხალა ვიპოვნე. მოვკალი და ნელ ცეცხლზე შევწვი. ამაღამ კინაღამ ხელახლა ვიწამე ღმერთი.
14 თებ
ამ დილით აღმოვაჩინე, რომ შტორმმა ჩემს ნიშანს “მიშველეთ” ასოების უმეტესობა მოსტაცა. მაგრამ შტორმი შეწყდა… სამი დღის წინ? მე მართლა იმ სოროში ვიყავი? ამას უნდა მივხედო და დოზას მოვუკლო. იქნებ გემმა იმ დროს ჩაუარა კუნძულს, როცა მე გათიშული ვიყავი?
მე ისევ დავამატე ასოები, მაგრამ ამან მთელი დღე წაიღო და ახლა ძალიან გამოფიტული ვარ. კიბორჩხალას ვეძებდი იმ ადგილას, სადაც წინათ ვიპოვნე მაგრამ ამაოდ. ქვებზე ხელები გადავიჭერი და მიუხედავად ჩემი დაღლილობისა, სასწრაფოდ იოდით დავიმუშავე. ხელებს კარგად უნდა მოვუფრთხილდე. მიუხედავად ყველაფრისა.
15 თებ
თოლია კლდის წვერზე შემოჯდა. მანამდე გაფრინდა, სანამ მივუახლოვდებოდი. მე მას ჯოჯოხეთში მოხვედრა ვუსურვე, რომ მამა ჰეილის თვალები ეკორტნა მთელი მარადისობა.
ჰა! ჰა!
ჰა! ჰა!
ჰა!
17 თებ (?)
მარცხენა ფეხი მუხლამდე მოვიჭერი და უამრავი სისხლი დავღვარე. ტკივილი გაუსაძლისია ჰეროინის მიუხედავად. ტრავმული შოკი აუცილებლად მოკლავდა ჩემზე სუსტ კაცს. ნება მომეცით კითხვით გიპასუხოთ: რამდენად სუსტია პაციენტის გადარჩენის წყურვილი? რამდენად სუსტია პაციენტის გადარჩენის წყურვილი?
ხელები მიცახცახებენ. თუ ისინი მიმტყუნებენ, ყველაფერი მორჩება. უფლება არა აქვთ მიმტყუნონ. მე გამუდმებით მათზე ვზრუნავდი. ვანებივრებდი. ასე რომ არც იფიქრონ ღალატი. თორემ ძალიან ინანებენ.
რაც მთავარია მშიერი არ ვარ.
სამაშველო ნავის ერთ-ერთი ფიცარი შუაზე გასკდა. ერთ-ერთს ბასრი პირი აღმოაჩნდა. მე ის გამოვიყენე. ნერწყვი მდიოდა მაგრამ ვითმენდი. შემდეგ გამახსენდა.. ჩემი საყვარელი ბარბიქიუ. უილ ჰამერსმიტის ის ადგილი ლონგ აილენდზე. იქ დიდი სექცია ჰქონდა, სადაც გოჭის შეწვაც კი შეიძლებოდა. ჩვენ ვისხედით ვერანდაზე, ბინდში, ხელში მომარჯვებულები დიდი, სასმელით სავსე ჭიქებით და ვლაპარაკობდით ქირურგიაზე, გოლფზე, ნებისმიერ რამეზე. ნიავს შემწვარი გოჭის ტკბილი სუნი მოჰქონდა ჩვენთან. იუდა ისკარიოტელო, შემწვარი გოჭის ტკბილი სუნი-მეთქი.
თებ?
მეორე ფეხიც მუხლამდე მოვიჭერი. მთელი დღეა მეძინება. “ექიმო ეს ოპერაცია აუცილებელი იყო?” ჰაჰა. ხელები მოხუცივით მიცახცახებს. მძულს ჩემი ხელები. სისხლი ფრჩხილებს მიღმა. ნაბიჭვრები. გახსოვს ის მოდელი გამჭვირვალე მუცლით, სამედიცინო სკოლაში? ზუსტად მასე ვგრძნობ თავს. უბრალოდ არაფრის დათვალიერება არ მინდა შიგნით. არც ისე, არც ასე. მახსოვს, დომი ამბობდა ხოლმე ასე. ვალსის ცეკვით მოსრიალებდა ქუჩის ბოლოდან შენსკენ, თავის საკლუბო პიჯაკში გამოწყობილი. შენ ეკითხებოდი, ჰეი დომ, როგორ ჩაიარა იმ გოგოსთან პაემანმა? ის კი გპასუხობდა, არც ისე, არც ასე. ბებერი დომი. ნეტავ იქვე დავრჩენილიყავი, ძველი მეგობრების სიახლოვეს. რაღაც ტრაკულად მიდის, როგორც დომი იტყოდა-ხოლმე. ჰაჰა.
მე მგონია, რომ შესაბამისი მკურნალობით და კარგი პროტეზით თავს ისევ მშვენივრად ვიგრძნობ. მერე აქ მოვიყვან მეგობრებს და ვეტყვი: “აი. სად მოხდა. ეს ყველაფერი.”
ჰაჰაჰა.
23 თებერვალი
ვიპოვნე მკვდარი თევზი. დამპალი და აყროლებული. მაინც შევჭამე. რწყევა მინდოდა, მაგრამ თავს ამის ნება არ მივეცი. მე გადავრჩები. რა ლამაზად უბრუნდება მზე თავის სოროს.
თებერვალი
თან ვერ ვბედავ და თან სხვა გზა აღარ მრჩება. მაგრამ როგორ უნდა შევაჩერო სისხლდენა ბარძაყის არტერიიდან? ის ხომ ახლა გვირაბივით უზარმაზარია.
როგორმე უნდა შევძლო. მე მოვხაზე ჩემი ბარძაყის ზედა ნაწილი, ნაწილი, სადაც ჯერ კიდევ შემრჩა ხორცი. ამავე ფანქრით მოვხაზე.
ნეტავ ამ ნერწყვის შეჩერება შემეძლოს.
თე
შენ… დაიმსახურე… შესვენება დღეს… ასე რომ… ადექი და წადი.. მაკდონალდსში… ორი ხორცის ღვეზელი… სოუსი… სალათი… კიტრის მწნილი… ხახვი… ფუნთუშა…
მნია… მნია… ნამუ… ნამ… ნამ… ნამ…
თებბა
დღეს წყალში საკუთარი სახე დავინახე. ძვალზე გადაკრული ტყავი ვარ. შეშლილი გგონივართ არა? წესით კი უნდა ვიყო შეშლილი. მე მონსტრად ვიქეცი, საფრთხობელად. წელს ქვემოთ აღარაფერი შემრჩა. ნამდვილი საფრთხობელა ვარ. ტანზე დამაგრებული თავი, რომელიც იდაყვებით დააბიჯებს ქვიშაზე. კიბორჩხალა. კიბორჩხალა კაიფში. ასე არ ეძახიან თავს ისინი? ჰეი, მეგობარო, მე საწყალი კიბორჩხალა ვარ, ხურდას ხომ არ მაჩუქებდი?
ჰაჰაჰაჰაჰა.
ამბობენ, რომ ადამიანი არის ის, რასაც თავად ჭამს. თუ ასეა, მე ოდნავადაც არ შევცვლილვარ. ღმერთო ჩემო. ტრავმული შოკი. ტრავმული შოკი. არავითარი ტრავმული შოკი არ არსებობს.
ჰა.
თე/40?
მამაჩემი მესიზმრა. როცა თვრებოდა, ინგლისურად სიტყვასაც ვერ ამბობდა ხოლმე. პრინციპში არც არაფერი ჰქონდა სათქმელი. დედამოტყნული მუნჯი. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მაგ სახლიდან გამოვაღწიე მამიკო, მუნჯო ნაბიჭვარო. შენ ნოლი იყავი, სრული არარაობა. მჯეროდა, რომ ამას შევძლებდი. ხომ გამოგექეცი კიდეც? ხელებით წამოვედი.
ქვემოთ აღარაფერი დამრჩა, რასაც მოვიჭრიდი. გუშინ ყურები მოვიჭერი.

მარცხენა ხელი ბანს მარჯვენას და დაე შენმა მარცხენამ არ იცოდეს, რას აკეთებს შენი მარჯვენა დო რე მი ფა სოლ ლა სი ხვალ არ წავალ სკოლაში. ჰაჰაჰა.
ვის ანაღვლებს, მარცხენა ხელია თუ მარჯვენა. კარგი საკვები, კარგი ხორცი, ვჭამოთ, გვაკურთხებს ღმერთი.
თითებს თითების გემო აქვთ, დიდი არაფერი.
© kalmasoba.com

ჯონ აპდაიკი – მამაჩემის ცრემლები


ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

სიმართლე რომ ვთქვა, მამაჩემის ტირილი მხოლოდ ერთხელ ვნახე. ალტონის ვაგზლის ბაქანზე ვიდექით, მატარებლები კი ჯერ კიდევ გზაში იყვნენ. მე ფილადელფიაში მივემგზავრებოდი, რათა იქ სხვა მატარებელში გადავმჯდარიყავი და ბოსტონში, ჩემს კოლეჯში დავბრუნებულიყავი. წასვლა გულით მინდოდა: მშობლები და მშობლიური სახლი როგორღაც არარეალური გამხდარიყო, კოლეჯი კი, მთელი თავისი სასწავლო კურსებითა და მომავლის იმედებით, რომლებსაც ისინი მისახავდნენ, სემესტრიდან სემესტრამდე სულ უფრო რეალური ხდებოდა – ისევე, როგორც შეყვარებული, რომელიც მეორეკურსელს უკვე მყავდა. თავზარი დამეცა, მიწა გამომეცალა ფეხქვეშ, როცა დამშვიდობებისას მამაჩემმა ხელი ჩამომართვა და ამ დროს მის თვალებში მოციმციმე ცრემლები შევნიშნე.

ყველაფერი ხელის ჩამორთმევას დავაბრალე: თვრამეტი წლის მანძილზე ერთხელაც არ შეგვისრულებია ეს რიტუალი, ერთხელაც არ მიგვიმართავს მამაკაცური ურთიერთობის ამ ფორმისთვის, რომელიც ბოლო წლებში ნელ-ნელა გავბედეთ. მამა ჩემზე მაღალი იყო, თუმცა დაბალი არც მე მეთქმოდა და როცა ხელში მისი ხელის სითბო ვიგრძენი – ამ დროს ის გაღიმებას ცდილობდა – მივხვდი, რომ ყველაფერს სხვა რაკურსით ხედავდა. მე სადღაც მივდიოდი, მამა კი იდგა და მიყურებდა. საკუთარ სამყაროში თანდათან ვიზრდებოდი, ხოლო მის თვალში სულ უფრო ვპატარავდებოდი. იმ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი, რომ ვუყვარდი. მანამდე ასეთი რამის თქმა საჭირო არ გამხდარა, ახლა კი ამას მისი ცრემლები ამბობდა.

ალტონის ძველ ვაგზალზე ყველაზე უკეთ იგრძნობოდა მოგზაურობის სული და ქალაქური ცხოვრების პატარა, მალული სიამოვნებების სიტკბო და სურნელი. სიგარეტის კოლოფი პირველად აქ ვიყიდე. საგაზეთო ჯიხურში მოვაჭრეს უმცირესი წინააღმდეგობაც არ გაუწევია, არადა, თხუთმეტი წლისა ვიყავი და სულ მთლად ბავშვური იერი მქონდა. კაცმა, უბრალოდ, ხურდა დამიბრუნა, მას კი ასანთიც მოაყოლა, რომელზეც ადგილობრივი ლუდის, “სანშაინის” რეკლამა იყო განთავსებული. ალტონი საშუალო ზომის ინდუსტრიულ ქალაქს წარმოადგენდა, რომელმაც მნიშვნელობა მას შემდეგ დაკარგა, რაც საფეიქრო ფაბრიკებმა თანდათან სამხრეთისკენ გადაინაცვლა. ამ დროის მანძილზე, სანიმუშოდ დასუფთავებული ქუჩებისა და უხვი საჭმელ-სასმელის წყალობით, ის თავის მოქალაქეებს ტრადიციული კომფორტითა თუ კეთილდღეობის ილუზიით მაინც უზრუნველყოფდა. მახსოვს, ვაგზალზე ნაყიდ სიგარეტს მოვუკიდე და მართალია, მოწევა არ ვიცოდი, მაგრამ თავში რაღაცამ დამარტყა: თითქოს ტროტუარმა ჩემკენ ამოიწია და მთელი სამყარო გამსუბუქდა. იმ დღის შემდეგ სოციალურად როგორღაც გავუთანაბრდი ყველაზე მიმზიდველ თანატოლებს – მათ, ვინც უკვე ეწეოდა.

შინ ყოფნის მოყვარულ დედაჩემსაც კი, რომელიც მკითხველი იყო და არა მოგზაური, ვაგზალთან რაღაც აკავშირებდა: ქალაქში “ემერიქენ მექიური” და “ეთლენთიკ მანსლი” მხოლოდ ამ ადგილას იყიდებოდა. ისევე, როგორც ორი კვარტალის მიღმა, ფრენკლინის ქუჩაზე მდებარე კარნეგის ბიბლიოთეკის დიდებულ შენობაში, თავს აქაც უსაფრთხოდ იგრძნობდით. მშენებლების ჩანაფიქრით, სადგურს მარადისობისთვის უნდა გაეძლო – მაშინ ხომ ეგონათ, რომ რკინიგზა სამუდამოდ დაგვჭირდებოდა. მარადიულად უნდა მდგარიყო ეს კვადრატული გრანიტის ტაძარი მარმარილოს იატაკითა და მაღალი ჭერით, რომლის მოოქროვილი კესონებიც ქვანახშირის კვამლის ფენას დაეფარა, მაგრამ მაინც ელვარებდა; და გრძელი, მაღალსაზურგიანი სკამებით, რომლებიც ეკლესიის მერხებივით დამთრგუნველად გამოიყურებოდა. რადიატორები ჟღარუნებდა და კედლები ისე დუდუნებდა, თითქოს დღისით და ღამით შთანთქმულ ხმებს, მგზავრების ხმებს იმეორებსო. კაფეში თუ საგაზეთო ჯიხურთან, ჩვეულებრივ, ხალხი ირეოდა, მოსაცდელ დარბაზში კი ყოველთვის თბილოდა, როგორც მე და მამაჩემმა ზამთრის ღამეებში აღმოვაჩინეთ. ჩვენ ერთსა და იმავე სკოლაში დავდიოდით: ის, როგორც მასწავლებელი და მე, როგორც მოსწავლე – ნახმარი მანქანებით, რომლებიც ხან არ იქოქებოდა, ხან თოვლიან ქარიშხალს ვერ უძლებდა და შუა გზაში ჩერდებოდა. მაშინვე ვაგზალს მივაშურებდით ხოლმე. ვიცოდით, რომ ის ღია დაგვხვდებოდა.

იმ დროს, როცა სასიგნალო ზარმა ბაქანზე მდგომებს ჩემი მატარებლის მოახლოება გვამცნო, რომელსაც სადგურამდე ნახევარი მილიღა დარჩენოდა, ვერცერთი ვივარაუდებდით, რომ ათიოდე წელში ფილადელფიაში მგზავრების გადაყვანა შეწყდებოდა. ვერც იმას ვიფიქრებდით, თუ დროთა განმავლობაში ამ ვაგზალს, მთელ აღმოსავლეთში მოფენილი ვაგზლების მსგავსად, დიდ კლიტეს დაადებდნენ და ფიცრებს მიაჭედებდნენ. მერე ის მართლაც ვეება მავზოლეუმივით იდგებოდა მანქანების გასაჩერებელ, მოასფალტებულ ადგილას და ერთ აკრს მოაცდენდა. სიცოცხლე, რომელიც ერთ დროს მასში ჩქეფდა, სამუდამოდ ჩაკვდებოდა და ირგვლივ მდუმარება დაისადგურებდა, საუკუნის ბოლომდე კი მას სამარცხვინო ლოდინი მოუწევდა იმ ქალაქში, რომელიც ასე ნელა ვითარდებოდა – მანამდე, სანამ მიწის პირიდან სრულად არ აღგვიდნენ.

მამაჩემმის თვალებში მოციმციმე ცრემლები მოწმობდა, რომ მან ერთი რამ მაინც გამოიცნო: დრო გვცვლის და ბოლოს გვიღებს. ის ბიჭი, რომელიც ვიყავი, კვდებოდა, თუ უკვე არ მომკვდარიყო და რაც დრო გავიდოდა, ერთმანეთთან სულ უფრო ნაკლები საერთო გვექნებოდა. მან მე სიცოცხლე მაჩუქა, ახლა კი მას ისე გავურბოდი, თითქოს ხელში ნაქურდალი მეჭირა. მატარებელი ჩამოდგა, გრძელი, მბზინავი ბარბაცა ლილვებითა და დიდი, ფოლადის ბორბლებით – როგორი შეუსაბამობა იყო მასსა და იმ პატარა, სათუთ სხეულებს შორის, რომლებსაც დაატარებდა. ვაგონში ავედი. აი, ჩემი მშობლებიც დაპატარავდნენ. ერთმანეთს მორცხვად დავუქნიეთ ხელი, მიუხედავად იმისა, რომ დალაქავებული შუშა გვყოფდა. სანამ ალტონის უფერული გარეუბნები თვალს მიეფარებოდა, “ჯონ მილტონის დასრულებული პოეტური ნაწარმოებები” გადავშალე და კითხვა დავიწყე.

მთელი დღის ნამგზავრი, ბოსტონის სამხრეთ ვაგზლის ნაცვლად, ერთი გაჩერებით ადრე – კემბრიჯთან ახლოს, ბექ ბეიში ჩამოვედი, სადაც შეყვარებული დამხვდა. მაგარი რამეა, მთელი დღე მილტონს რომ კითხულობ, “დაბრუნებული სამოთხის” უღიმღამო და ძნელად დასამახსოვრებელ პენტამეტრებს, ბაქანზე გადმოსულს კი, სხვა სტუდენტების თვალწინ, ნაცრისფერ ქურთუკსა და ტილოს კედებში გამოწყობილი, კეფაზე თმაშეკრული გოგო – არა, ქალი – რომ ჩაგეხუტება. ალბათ გაზაფხულის მოკლე არდადეგები იყო და დები იმიტომ დამხვდა, რომ შინ, სენტ ლუისში წასვლასა და ჩამოსვლას ვერ მოასწრებდა. ამის ნაცვლად, ჩემს დაბრუნებას ერთი კვირა ელოდა. ნიუ ინგლენდის გრძელ ზამთარში ის ისე თხლად ჩაცმული დადიოდა, მე კი ბეწვშემოვლებული, ბალთიანი ქამრით შეკრული, სქელი პალტო მეცვა, რომელიც მშობლებმა, ჩემდა სამარცხვინოდ, იმისთვის მიყიდეს, რომ ამ მხარეში არ გავციებულიყავი.

როცა ტრამვაით და მერე მეტროთი ჰარვარდის მოედნისკენ მივემართებოდით, დებიმ ყველაფერი მომითხრო, რაც იმ კვირაში თავს გადახდენოდა. მოულოდნელად თოვლიანი ქარიშხალი ამოვარდნილიყო, რომლის ჭუჭყიანი კვალიც ჯერ კიდევ მოჩანდა. გარდა ამისა, თვალებზე სიმწრის ცრემლები მოსდგომოდა, როცა კოლეჯში მიღებული განათლების გამო, იმ რესტორანში, სადაც საღამოობით მიმტანად მუშაობდა, მისთვის სარდაფში ჯდომა და ციფრების დაჯამება ეთხოვათ, ამ დროს კი სხვა მიმტანებს მთელი წვრილი ფული თვითონ ჩაეჯიბათ. მეც მოვუყევი, რაც გამახსენდა – პენსილვანიაში გატარებული კვირა მეხსიერებაში უკვე ფერმკრთალდებოდა, თუმცა მასში ერთი დეტალი მაინც ჩაბეჭდილიყო და შუშის ნამსხვრევივით ელვარებდა – მამაჩემის ცრემლები. თვალები მეწვოდა და მექავებოდა იმის გამო, რომ მატარებლის რწევაში დილიდან საღამომდე წიგნი ვიკითხე, თავი კი მხოლოდ მაშინ ავწიე, როცა ნიუ ლონდონს ჩავუარეთ – მოციმციმე წყლის დანახვა მინდოდა.

ახლადდაქორწინებულები რომ ვიყავით და ბავშვები ჯერ არ გვყავდა, მე და დები ზაფხულის თითო თვეს ერთმანეთის მშობლებთან ვატარებდით ხოლმე. მამამისი გამოჩენილი უნიტარიანელი პასტორი გახლდათ და ნეო-გოთიკური სტილის ერთ მორუხო შენობაში ქადაგებდა, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ისე მყარად აეშენებინათ, რომ მისთვის დროთა სვლას ვერაფერი დაეკლო. ივნისში ის, ოჯახთან ერთად, ლინდელის ბულვარზე მდებარე დიდი აგურის სახლიდან ვერმონტში, მიტოვებულ და გავერანებულ სოფლურ ნაგებობაში გადაბარგდებოდა ხოლმე, რომელიც 30-იან წლებში 500 დოლარზე ნაკლებად შეეძინა. რამდენჯერმე ისე მოხდა, რომ ივნისში მე და დები იქ მანამდე ჩავედით, სანამ მამამისს სამწყსოს საქმეები უფლებას მისცემდა, ოჯახის დანარჩენ წევრებთან – ცოლსა და ორ ქალიშვილთან ერთად ჩამოსულიყო. მუდმივი სიგრილე და სიმარტოვე იგრძნობოდა იმ შენობაში, რომელშიც ცივი წყალი კი მოდიოდა, მაგრამ ელექტროგაყვანილობაზე არავის ეზრუნა. იგი მტვრიანი, მიხვეულ-მოხვეული გზის ბოლოში იდგა – შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც ერთადერთი სახლი მოჩანდა და იქ სხვა უნიტარიანელი პასტორი ცხოვრობდა. ეს ყველაფერი იმ განცდას მიმძაფრებდა, რომ ახლადშერთული ცისფერთვალა ცოლის წყალობით, ახალ, უფრო ამაღლებულ, უფრო ფართოდ გადაშლილ სივრცეში მოვხვდი.

ერთადერთი სააბაზანო გრძელ ოთახს წარმოადგენდა, შეუღებავი ხის იატაკითა და თეთრად შელესილი კედლებით, რომლებსაც პატარა, მაგრამ ხასხასა ცისარტყელა შესჩენოდა: დღის განმავლობაში კედლებზე მზესავით ამოდიოდა და ჩადიოდა, რადგან შუქი სულ სხვადასხვა კუთხით ირეკლებოდა წამლების კარადის სარკის მრუდე კიდეზე. როცა ნავთქურაზე საჭირო რაოდენობის წყლის გათბობას დიდი გაჭირვებით ვახერხებდით, რათა დღის შუქზე გვებანავა, ცისარტყელა წამითაც არ გვშორდებოდა – ნაზად თრთოდა და ირხეოდა, როგორც კი სახლში ვინმე გაივლიდა, ან ქარი დაუბერავდა. ეს არიელისებური ზღაპრული არსება ჩემს თვალში უნიტარიანული სიმკაცრის ჯადოსნურ ნაყოფს, იმ ამაღლებული დამოკიდებულების სიმბოლოს წარმოადგენდა, რომლის გამოც, ურბანული კომფორტისა და კეთილდღეობის შემდეგ, უბრალო სოფლური სახლი შვებად მოჩანდა. ვიცოდი, რომ ეს რაღაცით უკავშირდებოდა ჩემს ახლადმიღებულ განათლებას, იდეალიზმს, ემერსონს, თოროს, თავდაჯერებას, ბუნების ენასა და ბუნების აღქმას. დიდ განაპირა ოთახში, რომელსაც ნავთქურის პაწაწინა სითბო ვერ სწვდებოდა, ვეება საქსოვი დაზგა იდგა, რომელიც სახლის ყოფილ მეპატრონეს დაეტოვებინა. იქვე იდო ძველთაძველი ენციკლოპედია და ყდაგახუნებული, დიდი ხნის წინ გამოცემული, მაგრამ იშვიათად გადაშლილი წიგნების წყება – “მსოფლიო ფილოსოფიის უმთავრესი ნაშრომები.” როცა ერთ-ერთი ტომი გადმოვიღე, მისი დახორკლილი ყდა თითებში უსიამოვნოდ მომხვდა. მასში ემერსონის რჩეული ესეები შეეტანათ. ამოვიკითხე: “ბუნების ყოველი მოვლენა რომელიმე ზებუნებრივ მოვლენაზე მიანიშნებს”, “ყველაფერი ერთადერთი ამოუცნობი მასალით არის შექმნილი”, “ყველა გმირი ბოლოს მოსაწყენი ხდება” და “ყველანი განსხვავებულ ტემპერატურაზე ვდუღდებით”.

დები სწორედ ამ დიდ ოთახსა და ვაზით მოჩრდილულ ქვის აივანს იყენებდა, როცა ზეთის საღებავებით ფაქიზად ხატავდა, ან აკვარელის ბაცი ფერებით მქრალ სურათებს ქმნიდა. მზიან დღეებში ნავთქურაზე წყლის გაცხელებით თავს არ ვიტკიებდით და მთის მდინარეში ვბანაობდით, რომელიც სახლთან ახლოს ჩამოდიოდა – იმ ტბორში, მამამისმა საკუთარი ხელით რომ დააგუბა. მინდოდა, “ბროუნი ჰოკით” შიშველი დებისთვის სურათი გადამეღო, მაგრამ მან ცივი უარი განმიცხადა. ერთხელ ძველი ხიდიდან რამდენიმე ფოტო მაინც გადავუღე, რის გამოც ისეთი ყვირილი ატეხა, რომ ფოტოაფარატის საკეტის ჩხაკუნიც კი გადაფარა, მერე გაიქცა და წყალში ჩახტა.

მოგვიანებით გამოვთვალეთ, რომ ჩვენი პირველი შვილი სწორედ ვერმონტში, სხვების ჩამოსვლამდე ჩასახულა. ეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო, მაგრამ ნამდვილად არ გვინანია. ახლადშერთული ცოლის წიაღში მოთავსებული მიკროსკოპული არსება წარმოდგენით იმ პატარა ცისარტყელას დავუკავშირე, სააბაზანოს კედელზე რომ დაცოცავდა – სინათლის გარდატეხის შედეგად წარმოქმნილ ჩვენს ნებიერასა და ეშმაკუნას.

როცა მამამისი ჩამოვიდა, ისეთი მამა აღმოჩნდა, როგორსაც მიჩვეული არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა, თავი მაინც უიღბლო კაცად მოჰქონდა – იმად, ვისი ყოველი დღეც, სკოლასა თუ სხვა ადგილას, დაბრკოლებებითა და უსიამოვნებებით იყო სავსე. ხან მანქანა არ იქოქებოდა, ხან მოსწავლეები იქცეოდნენ ცუდად. მას მუდამ ხალხი და პატარ-პატარა პრობლემები სჭირდებოდა, რათა ცხოვრების ხალისი არ დაეკარგა. ღირს უითვორთს კი ვერმონტი იმიტომ მოსწონდა, რომ სენტ ლუისთან შედარებით, თითქმის დაუსახლებელი იყო. ის მთელ კვირებს გორაკზე ისე ატარებდა, ქვემოთ ერთხელაც არ ჩადიოდა, თუმცა ჩვენ უფლებას გვაძლევდა, მანქანით ორი მილი გაგვევლო ტალახიან გზაზე და უახლოეს დასახლებაში ჩავსულიყავით, სადაც ფოსტა, სასურსათო მაღაზია და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია ერთ შენობაში მოეთავსებინათ, მათ მფლობელს კი იქვე, ახლოს სამხერხაოც მოეწყო. უკან ადგილობრივი ჭორებითა და წინა დღის გაზეთებით დატვირთულები ვბრუნდებოდით. ჩემი სიმამრი თავდახრილი გვისმენდა, როცა დიდი სამყაროს ამბებს მღელვარებით მოვუთხრობდით, მაგრამ მისი ტუჩის აწეული კუთხე გვახვედრებდა, რომ ჩვენი ნათქვამი ერთი სიტყვაც არ გაეგონა. უსაქმოდ არც ის იჯდა: ქვის კედლებს აშენებდა, ტბორის ჯებირებს ამაგრებდა და შუადღით თვალსაც ატყუებდა ხოლმე – ამ დროს ყველა ჩუმად უნდა ვყოფილიყავით.

მომხიბლავი კაცი იყო. ხშირი, ხეშეში თმა ჰქონდა, რომელსაც ჭაღარა კი შერეოდა, მაგრამ შეთხელების საფრთხე არ ემუქრებოდა. მეინში ბავშვობისას გადატანილი რევმატიზმის გამო ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა. სოფლური სიმშვიდე, ტყის სიჩუმე, ლამფის შუქის შეთრთოლება და აციმციმება, როცა ანთებულ პატრუქთან ახლოს ფურცელს გაიქნევდნენ ან ლამფებს ოთახიდან ოთახში დაატარებდნენ – ასეთი რამეებით ედგა სული და არა ქალაქური ალიაქოთით. გორაკის თავზე გატარებული ამ თვეების განმავლობაში ისე მოძრაობდა ჩვენს ირგვლივ – ცოლის, სამი ქალიშვილის, სიძის, გაუთხოვარი ცილისდის გარშემო – როგორც პლანეტა, რომელიც მიზიდულობის ძალას არ ემორჩილებოდა.

უმთავრესად თამაშის დროს გვესაუბრებოდა, თამაშებს კი ერთმანეთის მიყოლებით იგებდა – შუადღით ოჯახურ კროკეტს, საღამოს – ოჯახურ ბანქოს, ნავთქურისა და მაგიდის აბაჟურიანი ლამფის გაერთიანებულ შუქსა თუ სურნელში. ამ მეტად თავისებური ლამფის აბაჟური სინათლეს აძლიერებდა და ათეთრებდა, ფერფლი კი კონუსისებურად გროვდებოდა და მაგიდაზე ჭიქის უხეშად დადგმაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ერთიანად ჩამოშლილიყო. ღირსი უითვორთი გადამეტებული სიფრთხილით აკეთებდა ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებდა და ახალგაზრდული დაუნდობლობისა თუ მოუთმენლობის გამო ეს ძალიან მაღიზიანებდა. მაღიზიანებდა მწეველის ნერვული ჟესტები, როცა ის ჩიბუხს ტენიდა, თუთუნს ცეცხლს უკიდებდა და აბოლებდა. მაღიზიანებდა მისი მკაცრად დაცული შუადღის ძილი, მისი უძირო ცისფერი თვალები (რაც დებისაც გამოჰყვა), მისი შეუმღვრეველი უნიტარიანიზმი. პენსილვანიაში ხომ ცისფერი თვალები ისეთ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, რომ უცნაურზე უცნაურად გვეჩვენებოდა. ჩვენთან თვალის ყველაზე ღია ფერი თაფლისფერი იყო, რადგან თავის დროზე მდინარე სკულკილის სანაპიროებზე დასახლებულ, უელსიდან და სამხრეთ გერმანიიდან ჩამოსულ ყველა ემიგრანტს მუქი ყავისფერი თვალები ჰქონოდა.

უნიტარიანიზმს რაც შეხება, ის ისეთი ნაზი მეჩვენებოდა, ისე მიმზიდველად ბუნდოვანი და მოუხელთებელი: სრულყოფილად ერთგვაროვანი ფორმით მოწოდებული ქრისტიანული რელიგია, რომელსაც მე ლუთერანული სახით ვიცნობდი – მენახა მთელი ეს დაუჯერებლად ლამაზი, ფერადი და გულის გამხარებელი გობელენები, ზედ გამოსახული უფლის განკაცებითა და მოგვებით, საშობაო ისტორიებითა და სანტა კლაუსით, ადამითა და ევათი, სიშიშვლითა და კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხით, გველითა და ადამის დაცემით, ედემის ბაღში მომხდარი ღალატითა და ჯვარცმული უფლის მიერ კაცთა ცოდვების გამოსყიდვით, მისი სიტყვებით: “ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?” და პილატეთი, რომელმაც ხელები დაიბანა, მესამე დღეს იესოს აღდგომით, მოწაფეთა შეკრებებით და თომას ეჭვებით, იერუსალიმის სახელგატეხილ გარეუბნებში ანგელოზთა გამოცხადებებით, მოციქულთათვის მიცემული მითითებებით, დამასკოს გზაზე პავლეს ვირიდან გადმოვარდნით და მრავალ ენაზე ამეტყველებული მოციქულებით (აი, ამ პრაქტიკაზე უარი თქვეს ალტონისა და მისი შემოგარენის მკვიდრმა უხალისო მორწმუნეებმა). ჩვენს საჯარო სკოლაში პირველი გაკვეთილი ბიბლიის კითხვითა და “მამაო ჩვენოთი” იწყებოდა, მასწავლებლები, ბანკირები, მესაფლავეები და ფოსტალიონები – ყველანი ირწმუნებოდნენ, რომ ქრისტიანთა ოჯახებში დაიბადნენ და თავადაც ქრისტიანები იყვნენ. მახსოვს, ვფიქრობდი, რომ რაც მათი წარმოდგენით კარგი იყო, უნიტარიანელების თვალშიც კარგი უნდა ყოფილიყო. მე უკვე ბევრი რამ წამეკითხა კირკეგორის, ბარტის, უნამუნოსი და ვიცოდი, რა შეეძლო რწმენის ძალას. ღირსი უითვორთი კი, ამ ძალის გამოცდის ნაცვლად, ნაშუადღევს თვალს ატყუებდა და ქვის კედლებს აშენებდა. ერთხელ მის საძინებელში ტილიხის იაფფასიანი გამოცემა ვნახე – მგონი, “ყოფნისთვის საჭირო სიმამაცე” იყო, თუმცა არასდროს შემინიშნავს, რომ მას ეს წიგნი წაეკითხოს და სხვათა შორის, არც “მსოფლიო ფილოსოფიის უმთავრესი ნაშრომები”. მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი, ღვთის კაცი რომ იყო: სამი ქალიშვილიდან ერთ-ერთს მოზომილი სინაზით ესაუბრებოდა და ამ დროს კვაკერული ბიჭობის ხანაში ნასწავლ მიმართვის ფორმებს იყენებდა.

გარდაცვალებამდე ჯანმრთელობამ იმდენად უმტყუნა, რომ ღირსების ყოველგვარი გრძნობა დაკარგა. ალცჰეიმერის დაავადებამ ტვინი იმდენად არ დაუზიანა, რამდენადაც აზრის ბუნდოვნად გამოთქმისა და ფიქრებს აყოლის ჩვევა გაუღრმავა. კიბოთი გარდაცვლილი ცოლის დაკრძალვაზე, სამგლოვიარო რიტუალის დაწყებამდე მომიბრუნდა და სათნო ღიმილით მითხრა, თუმცა დაბნეულობა აშკარად ემჩნეოდა: “ჯეიმს, კარგად ვერ ვხვდები, რა ხდება, მაგრამ მგონი, ყველაფერი გაირკვევა”. ვერ აცნობიერებდა, რომ ცერემონია მისი მეუღლის სულის მოსახსენებლად იმართებოდა, რომლის გვერდითაც 45 წელი გაეტარებინა.

ცოლის სიკვდილის შემდეგ სენმა ხელი სწრაფად დარია. ბოლოს მოხუცთა თავშესაფარში მივიყვანეთ, სადაც სარეგისტრაციო მაგიდასთან დადგა და სლუკუნ-სლუკუნით ხტუნვა დაიწყო, თითქოს შარვალში რაღაც შეუძვრა და იმას ერჩისო. მივხვდი, მოფსმა უნდოდა, მაგრამ გამბედაობა არ მეყო იმისათვის, რომ ტუალეტში სასწრაფოდ წამეყვანა, უბე ჩამეხსნა და მისი ასო ამომეღო. ჰოდა, ჩაიფსა – თვითონაც დასველდა და იატაკიც დაასველა. ეს მანამდე მოხდა, სანამ დების გავეყრებოდი – ჯერ კიდევ უფროსი სიძე, გაზრდილი ოჯახის პირველი შემომატებული წევრი ვიყავი, მე კი როლს კარგად ვერ ვასრულებდი, თუმცა მის გამო ერთგვარ სიამაყეს მაინც ვგრძნობდი. რაც უნდა უცნაური იყოს, ვერმონტში გატარებული ზაფხულების შემდეგ სიმამრი ყოველთვის მენდობოდა: თავიდან ქალიშვილის კეთილდღეობა მანდო, მერე ქვების აწევასა და კედელზე დაწყობაში დახმარება მთხოვა – ხომ შეიძლებოდა, მისთვის თითები წამეცალა ან ტერფებზე ლოდი დამეგდო.

ეს კაცი, სინამდვილეში, მიყვარდა. მამაჩემივით გულში ცუდი არაფერი ედო და ირგვლივ მყოფებს ბევრს არაფერს სთხოვდა. ჩუმად რომ უნდა ვყოფილიყავით, რათა მისთვის ძილი არ გაგვეფრთხო, ახლა დიდ მოთხოვნად არ მეჩვენება, თუმცა თავის დროზე საკმაოდ მაღიზიანებდა. მისი თეოლოგიისა თუ სულაც ამ თეოლოგიის არარსებობის წყალობით სულ სხვა ჰორიზონტი ვიხილე. ის მთელი კოსმოსი იყო, რომელიც ცრურწმენის ნისლისგან თითქმის მთლიანად გათავისუფლებულიყო. თავის სამწყსოში, დასავლეთის კარიბჭედ წოდებულ სენტ ლუისში, იგი რამდენიმე ეგზისტენციალისტ პროფესორსაც მიითვლიდა და მათმა მოდურმა ფილოსოფიამ ერთგვარად შეარბილა მისი ყავლგასული, ტრანსცენდენტალიზმით გაჯერებული ქადაგებები, რომლებსაც სასიამოვნო ხმით, დიდი სიფრთხილით წარმოთქვამდა ხოლმე. უნიტარიანელია, მაგრამ თეისტურ განშტოებას ეკუთვნისო, არაერთხელ უთქვამს დების საწოლში – იმ იმედით, რომ ჩვენს მორიგებას შეძლებდა. მახსოვს, ზრდილობას არ ვივიწყებდი და მამამისს ხშირად არ ვეკამათებოდი, თუმცა ის მაინც ამჩნევდა ჩემს ჰარვარდულ ნეო-ორთოდოქსიზმს, რომელსაც ელიოტისეული პანიკის შენაკადი ახლდა.

ვერმონტში ჩემს ყოველდღიურ ვალდებულებას გამოყენებული ქაღალდების კასრში დაწვა წარმოადგენდა – სახლის უკან, ფერდობზე, იმ წყაროს მხარეს, საიდანაც ცივი წყალი მოგვქონდა. ტყით დაფარული დაბლობი ოც მილზე გადაჭიმულიყო, მერე კი მწვანე მთაგრეხილის სხვა ქედები იწყებოდა. ღირსი უითვორთის წყალობით, თვალუწვდენელი სივრცეების, ყინულოვანი წყლებისა და ნიუ ინგლენდური მდუმარების სამყაროში აღმოვჩნდი. მართლაც კარგი კაცი იყო, რომელსაც არც მეინური მარილი აკლდა. რა იოლია ადამიანების სიყვარული, როცა მათ იხსენებ და რა რთულია, გიყვარდეს მაშინ, როცა ისინი შენს თვალწინ არიან.

პენსილვანიაში მე და დები არაერთ სირთულეს გადავაწყდით. თავიდანვე არ გაგვიმართლა: სახლში, მშობლების გასაცნობად რომ მიმყავდა, მატარებლიდან სხვა სადგურზე ჩამოვედით. სანამ ფილადელფიიდან გამოსული მატარებლი ალტონში შევიდოდა, შვიდ მილში გორაკებზე შეფენილ, ფაბრიკის ირგვლივ გაშენებულ დასახლებაში ჩერდებოდა. ისიც სკულკილის ნაპირას მდებარეობდა და რამდენიმე მილით იყო დაშორებული იმ სოფლიდან, რომელშიც დედაჩემის მონდომებით, ომის შემდეგ გადავსახლდით. მატარებლიდან ხუთიოდე მგზავრთან ერთად ჩამოვედით, ხეებით მოჩრდილული ბაქანი კი მალე დაცარიელდა. ჩვენს დასახვედრად არავინ მოსულა. ჩემი მშობლები, რომლებისთვისაც გზის შემოკლება მინდოდა, ალტონში წასულიყვნენ, არადა, მეგონა, მათ ყველაფერი გარკვევით ავუხსენი.

ახლა მიკვირს, როგორ დავუკავშირდით ერთმანეთს იმ დროს, როცა მობილური ტელეფონები არ გვქონდა. თუმცა მაშინ მომსახურე პერსონალი პატარა სარკინიგზო სადგურებსაც ჰყავდა. სადგურის უფროსი ალტონს ჩვენი ნიშნობის ამბავს ტელეგრაფით გადასცემდა, ჩემს მშობლებს კი ვაგზლის დიდ შენობაში ხმის გამაძლიერებლით გამოუცხადებდნენ. ისიც შესაძლებელია, რომ მათ ჩამორჩენილი რეგიონების მოსახლეობისთვის ცნობილ “მენტალურ ტელეგრაფს” მიმართეს და სიმართლე მაშინვე გამოიცნეს, როცა მატარებლიდან არ ჩამოვედით, მერე კი უბრალოდ იქით გამოემართნენ, სადაც ვიქნებოდით. მე სოფლელი ბიჭი ვიყავი, ხოლო დები, ვინც თავს ყველაზე მშვიდად სენტ ლუისსა და კემბრიჯში გრძნობდა, ჩემს სახლში თავგზააბნეული ჩანდა. ჩვენებური პრიმიტიული ყოფისგან მას ვერაფრით ვიცავდი. ისიც შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცოლ-ქმარი არ ვიყავით, დებიმ ჩემი გასარეცხი წინდები და ქვედა საცვლები საკუთარ ტანსაცმელთან ერთად გარეცხა, მერე კი თავის ჩემოდანში ჩაალაგა. როცა დედაჩემმა სტუმრის საძინებლის მილაგებისას ეს გადაადგილება შენიშნა, მდუმარე რისხვის ჩვეული შემოტევა იგრძნო, რომელიც უმოწყალო ტალღებად გადაუვლიდა და ბოლოს შუბლზე, წარბებს შორის, დიდ წითელ V-დ აღებეჭდებოდა ხოლმე. მისი რისხვა, როგორც წესი, ნატეხი ქვით ნაშენი პატარა სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულამდე აღწევდა. ჩემი ბავშვობის სახლი ქალაქ ოლინჯერში, სადაც ალტონიდან უბრალო ტრამვაითაც მოხვდებოდით, გრძელი და ვიწრო აგურის შენობა იყო, დიდი ეზოთი – უამრავი გასაქცევი გვქონდა, როდესაც დედა, დარცხვენილი და გაოგნებული მამაჩემის სიტყვებით რომ ვთქვა, “ყველაფერს თავზე გვამხობდა”. ამ ახალ სახლში კი ისიც გვესმოდა, ღამით საწოლში ვინმე თუ გადაბრუნდებოდა, ხოლო დედაჩემის გაცეცხლებისგან მობზუილე მწერებითა და აქოჩრილი სარეველებით სავსე ეზოც ვერ გვიფარავდა. მისი უხასიათობა თუ გაღიზიანება ჩემი ბავშვობის თანმხლები მოვლენა იყო, რასაც, ჩვეულებრივ, უფროსთა შორის გამართული ის კამათები იწვევდა, რომელთა მომსწრეც არასდროს გავმხდარვარ. ზოგჯერ დედას გულში წყენა რამდენიმე დღე ედო, სანამ სკოლიდან ან მეგობრის სახლიდან დაბრუნებული მოულოდნელად აღმოვაჩენდი, რომ განწყობა სასწაულებრივად გამოკეთებოდა. მისი მძიმე ხასიათი ჩემი ბავშვობის ნაწილი გახდა, როგორც პენსილვანიური სინესტე და ისეთი მწარე წყევლა, რომელსაც შეეძლო ჩახუთულ სახლებში მოხუცები ამოეხოცა და ტრამვაი რელსებიდან გადაეგდო.

დების ჩურჩულით ვებოდიშებოდი ასეთი ატმოსფეროს გამო მაშინ, როცა დედაჩემის გულისწყრომა, რომელმაც სადილობისას ყველას ენა ჩაგვიგდო, მის საძინებელში ვეღარ ეტეოდა და ქვედა სართულზე, სასტუმრო ოთახამდე აღწევდა. კარის ჩარაზვის ხმა თავს მეხივით დაგვატყდა.

- არა, შენ არაფერი დაგიშავებია, – ვარწმუნებდი დების, თუმცა გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ დედაჩემის განაწყენება შეცდომა, მისი უმთავრესი შეცდომა იყო. უხმოდ ვკიცხავდი, რადგან ჩემი ქვედა საცვლები თავის ქვედა საცვლებში შეურია: ხომ უნდა მიმხვდარიყო, ამას რა მოჰყვებოდა.

- ის, უბრალოდ, ასეთია.

- დაიძინებს და გადაუვლის, – ისე ხმამაღლა მიპასუხა დებიმ, რომ შემეშინდა, ზედა სართულზე დედას არ გაეგონა. გაოგნებულმა აღმოვაჩინე: ჩემგან განსხვავებით, დების მისი რისხვის ყველა ნიუანსის მოხელთება არ შეეძლო.

მამაჩემმა, რომელიც ჩვენს დივანთან ახლოს, სარწეველა სავარძელში იჯდა და მათემატიკის დავალებებს უხალისოდ ასწორებდა, გვითხრა:

- მილდრედისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. ქალია და ახირებებს ვერ თმობს.

მისი სექსისტური თაობის თვალში ქალობა ყველაფერს ხსნიდა და ამართლებდა, მაგრამ ჩემი თაობა სხვაგვარად ფიქრობდა. ამ დაძაბულობამ ბოლო მომიღო. აღარ მახსოვს, ეს მაშინ იყო თუ მომდევნო სტუმრობისას: დებიმ, რომელსაც ეგონა, რომ კარგ საქმეს აკეთებდა, კვირა დილით იმ სამფერა იების მოთხრა დაიწყო, რომლებიც დედაჩემს ვერანდაზე დაერგო და მოუვლელად მიეტოვებინა. ფეხშიშველი იდგა ფაფუკ მიწაზე – როგორც ინგრიდ ბერგმანი “სტრომბოლიში” – და ვერაფერს იგებდა, როცა ვუხსნიდი, ამ მხარეში კვირაობით არავინ მუშაობს, ყველა ეკლესიაში დადის-მეთქი.

- რა სისულელეა, მამაჩემი ზაფხულში კედლებს და სხვა რამეებს სულ კვირაობით აშენებს, – მითხრა დებიმ.

- ის სხვა აღმსარებლობის კაცია.

- ჯიმ, ამას ვერ ვიჯერებ, მართლა ვერ ვიჯერებ.

- ჩშშშ. დედაჩემი სახლშია. ჭურჭლის ჭახუნი მესმის.

- აჭახუნოს რა. თავისი ჭურჭელია.

- ეკლესიაში წასასვლელად უნდა მოვემზადოთ.

- ეკლესიაში ჩასაცმელი ტანსაცმელი არ წამომიღია.

- მხოლოდ ფეხსაცმელი ჩაიცვი და ის კაბა, მატარებელში რომ გეცვა.

- მეტი საქმე არ მაქვს. ყველას დასაცინი გავხდები. არა, მირჩევნია, დავრჩე და ყვავილები ვთხარო. შენი ბებია და პაპაც ხომ სახლში რჩებიან?

- ბებიაჩემი რჩება, პაპაჩემი მოდის. ვერ შეამჩნიე, ყოველ დღე დივანზე რომ ზის და ბიბლიას კითხულობს?

- არ ვიცოდი, ამერიკაში ასეთი ადგილები კიდევ თუ იყო დარჩენილი.

- იცი რა…, – დები მიხვდა, რომ დამაჯერებელ პასუხს ვერ გავცემდი და შემაწყვეტინა, თან ის უძირო ცისფერი თვალები მომაპყრო:

- ახლა მივხვდი, საიდან მოგდის თავში უაზრობები, რომლების გამოც მამაჩემს ასე ეუხეშები ხოლმე.

აღვშფოთდი, მაგრამ თან სხვაგვარი მღელვარებაც ვიგრძენი: გავაცნობიერე, რომ შესაძლებელი იყო, დედაჩემს ვიღაც წინ აღდგომოდა. იმ დღეს დები ბებიასთან დარჩა, რომელსაც პარკინსონის დაავადება ჰქონდა და არც სიარული შეეძლო, არც ლაპარაკი. მე კი ღირსი უითვორთის მიმართ გამოჩენილი უხეშობისთვის სამაგიერო მაშინ მომეზღო, როცა მისი პირველი შვილიშვილის, ჩვენი პირველი შვილის ნათლობისას – ლუთერანი ბებიისა და პაპის სახლში ჩატარებული, ყოველმხრივ დაგეგმილი და შეთანხმებული უნიტარიანული რიტუალის დროს – მან “წმინდა წყლის” თაობაზე იხუმრა. ეს წყალი ჩვენი წყაროდან ამოვიტანეთ, რომელიც სახლიდან მოშორებით, ცოტა ქვემოთ იყო და არა ზემოთ, როგორც ვერმონტში. ამის გამო დედაჩემი დღის ბოლომდე შუბლშეკრული დადიოდა, ჩვენს პირველ შვილს, ქეთრინს კი ყოველთვის “მოუნათლავ ბავშვად” იხსენიებდა. როცა მომდევნო სამი შვილი შეგვეძინა, მე და დები უკვე მასაჩუსეტში ვცხოვრობდით, სადაც კონგრეგაციონალისტები გავიცანით, მათი მოძღვრებით დავინტერესდით და ბოლოს კონგრეგაციონალურ ეკლესიაში სიარული დავიწყეთ, რაც ჩვენი მხრიდან გონივრულ კომპრომისს წარმოადგენდა.

ჩვენს ირგვლივ ხომ სულ წმინდა წყალია – წყალი, ჩვენი ქიმიური დედა წმინდაზე წმინდაა. როცა ბოსტონიდან ნიუ იორკში მივფრინავ, თვითმფრინავში ყოველთვის მარჯვენა მხარეს ვჯდები ხოლმე, მაგრამ ერთ დღეს მარცხენა მხარეს დავჯექი და ჯილდოდ ეს სანახაობა მერგო: დილა იყო და მზის სხივები ირეკლებოდა კონეკტიკუტის წყლებზე – არა მხოლოდ მდინარეებსა და ყურეზე, არამედ პატარა ტბებსა და ტბორებზე, წყლის მოციმციმე ქსელზე, რომელმაც რამდენიმე წამით ცისკენ ვერცხლისფრად ამოაშუქა და თვალებში მომანათა. მამაჩემის ცრემლებიც წამით რაღაცამ გაანათა – აი, ამიტომ დავინახე. მისი გარდაცვალების შემდეგ მე და დები გავიყარეთ. რატომ? ძნელი სათქმელია. ემერსონი ამბობდა, ყველანი განსხვავებულ ტემპერატურაზე ვდუღდებითო და ჩემს ცხოვრებაში ისეთი ქალი გამოჩნდა, რომელსაც ჩემნაირი დუღილის ტემპერატურა ჰქონდა. საინტერესო ამბავია: გაყრის დროს დებიმ თავის საკუთრებად გამოაცხადა ის სურათები, შიშველს რომ გადავუღე. მეგონა, ისინი ჩემი იყო – მე არ გადავიღე? მან კი თქვა, ჩემი სხეული მე მეკუთვნისო.

უკვე ცოლს გაყრილი ვიყავი, როცა დედა მამაზე მესაუბრებოდა და ასეთი რამ მითხრა:

- როგორც კი ის სახლში მოიყვანე, მამაშენს თქვენი ორივეს ბედი იმ დღიდან აშფოთებდა. თვლიდა, რომ შენთვის საკმარისად ქალური არ იყო.

- მაგრად კი ერკვეოდა ქალურობაში, – ესღა ვთქვი. არ ვიცოდი, დედაჩემის ნათქვამი მერწმუნა თუ არა. გარდაცვლილთა სიტყვების არასწორად გახსენება ხომ ძალიან იოლია.

დების დაცვა ყოველთვის ჩვევად მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ გაყრა მე მოვინდომე. ახლაც ვბრაზდები, როცა კლასელების შეკრებებზე ვინმე თავს მომაბეზრებს იმის აღნიშვნით, თუ რამდენად სჯობს მას ჩემი მეორე ცოლი. სილვიამ მათთან საერთო ენა მართლაც გამონახა, რაც დებიმ სიმორცხვის გამო ვერ შეძლო. ის ხვდებოდა, რომ კლასელები ჩემი წარსულის ნაწილი იყვნენ – რაღაც ისეთს ეკუთვნოდნენ, რაც უკან მოვიტოვე, მაგრამ ხუთ წელიწადში ერთხელ ვუბრუნდებოდი. ამ დროს სილვიამ, ვინც ასაკში შესული გამიცნო, იცის, რომ სინამდვილეში პენსილვანიიდან არც წავსულვარ – სწორედ აქ ვარ ისეთი, როგორსაც საკუთარ თავს ვაფასებ, მერე რა, თუ შეფასების შესაძლებლობა ხშირად არ მეძლევა. ბოლო, 55-ე შეკრება დების ალბათ დათრგუნავდა: ყველა სამოცდაათს გადასცილდა, უმრავლესობა კი ისევ მშობლიურ მხარეში ცხოვრობს, ათიოდე წუთის სავალზე იმ დასახლებიდან, სადაც დაიბადა. არიან ისეთებიც, ვინც მშობლების სახლს არ გასცილებია. შეკრებაზე ზოგი ინვალიდის ეტლით მოვიდა, ზოგი იმდენად ავად იყო, რომ მანქანის მართვა ვერ შეძლო და შუა ხნის შვილებმა მოიყვანეს. ბროშურის უკანა გვერდზე გარდაცვლილი კლასელების სია სულ უფრო იზრდება. კლასის ლამაზმანები ჩასუქებულ თუ გაძვალტყავებულ დედაბრებად იქცნენ, ხოლო ვარსკვლავები, რომლებიც სპორტსა და სხვა რამეებში ბრწყინავდნენ, ახლა გულის ელექტრონული სტიმულატორებისა და ხელოვნური მუხლების საშუალებით მოძრაობენ. ისინი პენსიაზე გავიდნენ და ისეთ ასაკში შეაბიჯეს, რომელშიც ჩვენი მამების უმრავლესობას წინდახედულება გამოეჩინა და მომკვდარიყო.

ჩვენ ხომ ერთმანეთს მოხუცებად და ხეიბრებად ვერ აღვიქვამთ. ერთმანეთში ისევ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ვხედავთ – იმ პაწია მრგვალ სახეებს, იმ პარტყუნა ყურებსა და გრძელწამწამა თვალებს. ახლაც ჩაგვესმის დაწყებით კლასებში, გაკვეთილებს შორის ატეხილი მხიარული ყიჟინი და ადგილობრივი სვინგ-ბენდების საქსოფონებისა თუ საყვირების მაცდური ხმა, რომელიც ცისფრად განათებულ სპორტდარბაზში უფროსკლასელებისთვის გამართული ცეკვების დროს ჟღერდა. ერთმანეთს იმ ქალაქისთვის დამახასიასთებელ უბრალოებას ვამჩნევთ, რომელიც ვერც დიდი დეპრესიის წლებმა შეცვალა და ვერც მეორე მსოფლიო ომმა, რომლის ბომბებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ სასურსათო ტალონები, სათამაშო ტანკები და საჰაერო თავდაცვის გაკვეთილები ჩვენც ვნახეთ. ხანდახან ძველი მეტოქეობა იფეთქებს, მაგრამ მას მალე ვივიწყებთ ხოლმე, ძველი სიყვარული წამით აბრიალდება და მერე საერთო სითბოში, უთავბოლო კეთილგანწყობაში იკარგება. როცა კლასის ორგანიზატორი, ძვირფასი ენ მელონი, რომლის წაბლისფერი კულულებიც ახლა გაქათქათებულ სარეცხზე უფრო თეთრია, მიკროფონს იღებს და გარდასული დღეების გასახსენებლად ვიქტორინაში მონაწილეობას გვთხოვს – აბა, ვის ახსოვს მასწავლებლების მეტსახელები? მაშინდელი სასადილოებისა და სანაყინეების სახელები? იმ პიესების სათაურები, რომლებსაც დაბალ თუ მაღალ კლასებში ვდგამდით? ვინ გაიმარჯვა მესამე კლასში, როცა მაკულატურისა და სხვა უსარგებლო რამეების შეგროვება მოგვთხოვეს? – პასუხები ყველა მხრიდან ისმის. ერთ წვრილმანზეც კი არ წავბორძიკდებით ხოლმე: ჩვენ ხომ იქ, მაშინ ყველა ერთად ვიყავით… მეუღლეები, მათ შორის სილვიაც, დგანან და ტაშით უშურველად გვაჯილდოებენ ამდენი ხნის ნაგროვები განძისთვის – ჩვენი უსარგებლო ცოდნისთვის.

ისინი არა მხოლოდ ჩემი თანაკლასელები, არამედ მამაჩემის მოსწავლეებიც იყვნენ და მას ხშირად ვიხსენებთ ხოლმე. ბოლო შეკრებაზე ენ მელონის შეკითხვებზე სწორ პასუხად რამდენჯერმე გაისმა: “მისტერ უერლი!” ნასადილევს კი ხვეულა ბენი, რომელიც თავის დროზე კლასში ჩარჩა და ამის გამო შემოგვიერთდა – ჩვენზე ერთი წლით უფროსს უკვე ალცჰეიმერის დაავადება აქვს – სულ თან დამდევდა, თვალებს ისე ჭუტავდა, თითქოს კაშკაშა შუქი აწუხებსო და ხრინწიანი ხმით მეკითხებოდა:

- ჯიმბო, მამაშენი… ისევ ჩვენთან არის?

მას ფაქტები დავიწყებოდა, მაგრამ კარგად ახსოვდა, რომ გამოთქმა “ისევ ცოცხალია” და სიტყვა “მკვდარი” არ უნდა ეხმარა – ეს უტაქტობა იქნებოდა.

- არა, ხვეულ, – ვეუბნებოდი ყოველ ჯერზე, – ის 1972-ში გარდაიცვალა, მეორე ინფარქტისგან.

როგორი უცნაურიც უნდა იყოს, აბსურდულად სულაც არ ჩანდა, როცა 74 წლის კაცს ხრაშუნა ნამცხვრის სახელს ვუწოდებდი.

თავი დამიკრა და სახეზე სევდასთან ერთად, დაბნეულობაც აღებეჭდა.

- ვწუხვარ, რომ ასეთი ამბავი გავიგე, – მითხრა მან.

- ვწუხვარ, რომ ასეთი ამბავი გითხარი, – ვუპასუხე, თუმცა მამაჩემი იმ დროს ას წელს გადაცილებული იქნებოდა და მოხუცთა თავშესაფარში მისი შენახვა ძალიან ძვირი დამიჯდებოდა.

- დედაშენი, ჯიმ? – არ მეშვებოდა ხვეულა.

- დედაჩემმა მამაჩემზე ჩვიდმეტი წლით მეტი იცოცხლა, – მკვახედ ვუთხარი, თითქოს ეს ფაქტი რაღაცნაირად მაღიზიანებდა, – და ბედნიერი ქვრივი იყო.

- ძალიან ამაყი, ღირსეული ქალბატონი ბრძანდებოდა, – თქვა ნელა, თან თავს ისე იქნევდა, თითქოს საკუთარ ნათქვამს ეთანხმებაო. გულზე მომხვდა, დედაჩემის გახსენებას რომ ცდილობდა, ხოლო რაც მითხრა, საბოლოო ჯამში, სიმართლეს შეესაბამებოდა და სამყაროსთან მის დამოკიდებულებას კარგად გამოხატავდა. ის, ერთი შეხედვით, მართლაც ამაყი და ღირსეული ქალი გახლდათ – ახალგაზრდობაში ლამაზიც, ან როგორც ერთხელ გამიმხილა ხანგრძლივი ქვრივობის მანძილზე სულ უფრო გულწრფელი საუბრებისას: “არც ისე ლამაზი”.

როცა მამაჩემი გარდაიცვალა, მე და დები იტალიაში ვიყავით. იქ ჩვენსავით გაყრის პირას მყოფ ერთ წყვილთან ერთად წავედით, რათა საბოლოოდ გაგვერკვია, ოჯახის შენარჩუნება შეგვეძლო თუ არა. ფლორენციაში პატარა სასტუმროში ვცხოვრობდით, საიდანაც მდინარე არნო მოჩანდა. როგორც კი ფიეზოლედან დავბრუნდით – პატარა რომაული თეატრის, პატარა მუზეუმის ნახვის შემდეგ – ოთხივემ გადავწყვიტეთ, რომ ნაშუადღევს ნომრებში არ გამოვკეტილიყავით და სასტუმროს ზედა სართულზე, კაფეში დაგველია. იქაურობა თითქმის ცარიელი დაგვხვდა: კუთხეში რამდენიმე გერმანელი ლუდს სვამდა, ორიოდე იტალიელი კი, ხელში ესპრესოს ფინჯნით, ბართან იდგა. ტელეფონის ხმა არ გამიგია და თუნდაც გამეგო, მაინც ჩავთვლიდი, რომ მე არავინ დამირეკავდა. ამ დროს ბარმენი ბარიდან გამოვიდა, ჩემკენ გამოემართა და მითხრა:

- სენიორ უერლეი? თქვენთვის ტელეფონია.

ვის უნდა სცოდნოდა, რომ იქ ვიყავი?

ხაზზე დედა იყო: შხრიალში მისი ხმა სუსტად მესმოდა.

- ჯიმი, ერთობოდი? ბოდიში, რომ გაწუხებ.

- გამიკვირდა, ჩემი პოვნა რომ მოახერხე.

- ოპერატორები დამეხმარნენ, – ამიხსნა მან.

- რა მოხდა, დედა?

- მამაშენი საავადმყოფოში წევს. მეორედ მოუვიდა ინფარქტი.

- ძალიან ცუდად არის?

- მანქანაში თვითონ ჩაჯდა და ალტონში მე წავიყვანე.

- მაშ, არ ყოფილა ძალიან ცუდად.

პასუხები დაყოვნებით მესმოდა, რაც ტრანსატლანტიკურ კაბელს დავაბრალე. როგორც იქნა, მისი ხმა გავიგე:

- მაინცდამაინც დარწმუნებული არა ვარ.

მხოლოდ ტელეფონზე საუბრის დროს ვამჩნევდი, როგორი მკვეთრი პენსილვანიური აქცენტი ჰქონდა დედაჩემს. როცა პირისპირ ვსაუბრობდით, მისი ხმა ისევე სუფთად ჟღერდა, როგორც ჩემი.

- როცა გაიღვიძა, მკერდზე სიმძიმე იგრძნო. ამას არაფრად აგდებდა ხოლმე. დღეს სხვა გზა აღარ დარჩა. ახლა აქ შუადღეა.

- გინდა, რომ დავბრუნდე, არა? – საყვედურნარევი ხმით ვუთხარი. ვიცოდი, რომ მამაჩემს ჩემი შეწუხება არ ენდომებოდა. მომდევნო დღეს უფიციში მივდიოდით და ბილეთები უკვე დაჯავშნული გვქონდა.

მან ამოიოხრა. ოკეანის ქვეშ კაბელი გატკაცუნდა.

- ჯიმი, კარგი იქნება თუ ჩამოხვალ. დებიც წამოვიდეს, რა თქმა უნდა, თუ მანდ დარჩენა და ხელოვნების ნიმუშების თვალიერება არ ურჩევნია. ექიმ შერკს არ მოსწონს, რაც ესმის და ხომ იცი, ჩვეულებრივ, რა ძნელია მისი შეშფოთება.

მერე მამაჩემს გულის ოპერაცია გაუკეთეს და არტერიების დასამუშავებლად ანგიოპლასტიკას მიმართეს. ექიმებს თითქმის აღარაფერი დარჩათ სტეტოსკოპით მოსმენისა და ნიტროგლიცერინის გამოწერის გარდა. კონსიერჟმა რომში მიმავალი მომდევნო მატარებლის გასვლის დრო გამიგო, მეორე წყვილმა ფლორენციის ვაგზლამდე გაგვაცილა. ეს ვაგზალი ზუსტად მედიჩის კაპელასთან მდებარეობს, რომლის ნახვაც მე და დების ყოველთვის გვინდოდა, მაგრამ მისი ერთად დათვალიერება არ გვეწერა. რომში ტაქსის მძღოლმა ავიაკომპანიის ღია ოფისი იპოვა. არასდროს დამავიწყდება ის თავაზიანობა და მოთმინება, რაც ახალგაზრდა კლერკმა გამოიჩინა და სკოლაში ნასწავლი ინგლისურის დახმარებით, მომდევნო კვირისთვის შეძენილი ბოსტონის ბილეთები იმ ბილეთებში გადაგვიცვალა, რომლებითაც მეორე დღესვე ფილადელფიაში გავფრინდებოდით. იმ დროს უფრო მეტი თვითმფრინავი დაფრინავდა. ლონდონში საღამოს ჩავფრინდით და მთელი ღამე დავრჩით. ქალაქისგან მოშორებით, ჰითროუს მხარეს, შუა გზაში მყოფი მგზავრებისთვის განკუთვნილი, ახლადაშენებული, მაღალ-მაღალი სასტუმროების მთელი სამყარო აღმოვაჩინეთ. ნომერში ნაშუაღამევს ავედით. დედაჩემს დავურეკე – ამ დროს პენსილვანიაში საღამო უნდა ყოფილიყო – და შევიტყე, რომ მამაჩემი გარდაცვლილიყო. ეს ამბავი მას რამდენიმე საათის წინ გაეგო, ახლა კი მოქანცული მიყვებოდა, როგორ გაატარა მთელი შუადღე ალტონის საავადმყოფოში, სადაც სულ უფრო თავზარდამცემ ცნობებს ისმენდა. ბოლოს მითხრა:

- ექიმმა შერკმა თქვა, სიკვდილის წინ მაგრად იბრძოლაო. საშინელი სანახავი ყოფილა.

ყურმილი დავდე, მერე კი დების ეს ამბავი ვაცნობე. საწოლში რომ ჩავწექი, მან გულში ჩამიკრა და მთხოვა, იტირეო. ვიცოდი: ნამდვილად ამის დრო იყო და სწორადაც მოვიქცეოდი, მაგრამ არა მგონია, მეტიროს. მამაჩემის ცრემლებმა ცრემლები ამომიშრო.

© „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

სტივენ კინგი – ცხოვრება გრძელდება

განვაგრძოთ კითხვა