-
-
შოთა იათაშვილი – საძაგელი სონეტები
გაფუჭების სონეტი
ცუდი ფიქრებით, ცოდვიანი გულისძგერებით
თანდათანობით ცოტა მაინც თუ არ გავფუჭდით,
უფალი ჩვენში ვერაფრისგზით ლექსს ვერ გაფურჩქნის,
და ვერც ქაღალდი დამშვენდება კალმის ძგერებით.ამიტომ არის, რომ ბუნებით ასე კეთილებს
ღმერთმა გულ-ღვიძლში დარიშხანი შემოგვირია,
და ზოგი უკვე დამპალია, ზოგიც ვირია,
მაგრამ სტროფებს ჭრის შთამბეჭდავად გამოკვეთილებს.ღირს თუ არა ღირს? – საკითხავი აი ეს არი:
ნაზი გალობა თუ ღორული შმაგი ღრუტუნი?
მშვიდი ყოფა თუ სტრიქონები, მუდამ მკვნესარი?ვერაფერს იტყვი, ყველასა აქვს თავის რუტინა,
და ყველამ თავის წეს-კანონით უცილობელით
უნდა აშენოს პოეტური ჭრელი სოფელი.ჯართის სონეტი
პოეტი თუ ხარ და ცხედარზე ოდნავ ჯანმრთელი,
ერთურთისგან თუ ჯერაც არჩევ ბზას და ყაყაჩოს,
ცოდვილ მიწაზე ნაგროვები სულის ჯართები
სიზიფესავით მწვერვალისკენ უნდა აქაჩო.და გადგე განზე, რომ დაეშვას ძირს რახარუხით
ეგ შენი ჯართი, და მეხივით თავზე დაეცეს,
მას, ვინც უღმერთოდ ნატანჯია და გალახული
და არც კი ძალუძს, რომ აუყვეს მაგ გზებს, დამრეცებს.და თუ ეს მოხდა, შეგიძლია ქიმზე ჩამოჯდე,
ჩამოისვენო, და ელოდო, რომ კვლავ გამოჩნდეს
თავისი ბარგით ახალი და ბრიყვი სიზიფე –ყოველ ნაბიჯზე რომ ისწრაფვის მაღლა და მაღლა,
თუმც არ ქოშინებს, არ ეტყობა ოდნავი დაღლაც,
პირიქით – ტკბება, ემატება სულის სიმწიფე.როტვის სონეტი
წააგავს თუმც კი პოეტური შენი ეგ ბოდვა
კედელზე ცერცვის შეყრას, ნაყვას წყლის ან ქვის კოდვას,
ძილში ღრმად წასულ მაგ შენს მკითხველს მაინც მიუჯექ,
და გწამდეს, ღმერთი სუყველაფერს ადგილს მიუჩენს:უხამსობასაც, ბრძნულ აზრსაც და ლამაზ ფრაზასაც,
და სანამ როტავ, არ დაგადებს პირზე რაზასაც,
არ მოგინათლავს არც ჯანდაბად და არც ზახრუმად
ნათქვამს ვერლიბრად, სონეტად ან სულაც ზაუმად.შენს ირგვლივ ჯარი მოგროვდება, დასცემს ბანაკებს,
მთელი დღე, მთელი წელიწადი გალაპარაკებს,
გალაპარაკებს სიკვდილამდე გიჟზე გიჟივით,რომ ყური მოკრას, როგორა ჟღერს შენი ჟივჟივი,
ან დაინახოს, უცნაური მოხვრა-მიხვრებით
მძინარისაკენ ჩანჩქერივით როგორ იღვრები.გულისხეთქვის სონეტი
თუ გინდა, ლექსით დაასრულო ეს დღე, სადაგი,
იპოვე რამე ნივთი გულში მწარედ სატაკი:
ბავშვობის ფოტო, ცოლის წინდა, სანთელი, ნემსი,
ის, რაც გაგჩხვლიტავს უნებლიეთ ან თუნდაც ნებსით.იპოვე კოცნა, ალიყური, ლოცვა, პანღური –
ქათმისფეხებზე მდგარი შენი ქოხი ზღაპრული,
სადაც ზეიმობს ყოველ ინფარქტს სონეტის ჭინკა,
და მასთან ერთად ხტუნავს წიგნი, ცოცხი თუ ჭიქა.სადაც იწყება როკვა სულის მაჯლაჯუნების –
ხელნაწერების – დამწვრების და დაჭმუჭნულების –
ამოოხვრებით, შეკითხვებით: რატომ და ვისთვისეს განსხვავებულ ალფავიტთა ჩლახუნა ტვისტი?
და მაინც დღემდე წკვარამს ანთებს ტექსტი თეთრრქება –
ქებათა ქება ამისთანა გულისხეთქებას!© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ზაალ ებანოიძე – ლექსები
-
გიორგი ლობჟანიძე – ლექსები
-
გაგა ნახუცრიშვილი – ლექსები
თეთრი ცხელება
მოჩვენებები სტოვებენ ბინას,
სადღაც მიქრიან შავი ცხენებით,
მარტოობისგან ვიღაცა გმინავს,
რუხი დღეები თეთრი ცხელებით.ეჭვები ყოფნას ისევ წამლავენ,
ვიღაცა კარგავს იღბალის ჩანთას,
ტრამალს მოჰყვება ისევ ტრამალი,
არავინ არ ჩანს, არავინ არ ჩანს.არ ჩანს მირაჟი… თუნდაც მირაჟი,
რამდენიც გინდა ათვალიერე,
ცა დაეცემა უცებ მიწაზე,
და რჩება მაღლა სიცარიელე.მოჩვენებები სტოვებენ საკანს,
იპარებიან შავი ცხენებით,
ტყვიები ვეღარ შველიან ნაგანს,
და სუჩემეა მხოლოდ შედეგი.და რჩება მხოლოდ სიჩუმის შიში,
და შავი, შავი, შავი ცხენებით,
რუხი დღეები გვტოვებს და მიქრის,
რუხი დღეები თეთრი ცხენებით.ეს მოხდა
კართან
სიცოცხლე იდგა ქალივით
და ეშინოდა სივრცეში გასვლა,
იყო უცნობი დღე და თარიღი,
ალბათ,
არ ღირდა რიცხვების დათვლა,
ტყუილს ეხურა თავზე პარიკი,
რადგან
რცხვენოდა ეარა ქაჩლად
და გაქრა ყველა გათვლა, განრიგი,
ეს მოხდა მართლა…კრიზისი
ქალი ხალათში, ნივთებს ალაგებს,
ის თურმე წუხელ დასტოვა ქმარმა,
არ დაუტოვა თანაც ბარათი,
რადგან სიტყვების არასდროს სწამდა.ხო, ქალიც წავა, არ სურს დარჩენა,
წავა, რომ მარტომ მოკლას ფიქრები,
ჩამოიღამეს უკვე ფანჯრებმა,
ალაგებს ჩანთას და სძულს ნივთები.წავა, რადგანაც მაინც ხუნდება,
ადგილი, სახლი, ლოგინი, გრძნობა.
რაც იყო, მაინც არ დაბრუნდება,
მოვა სიბერე, ავადმყოფობა.ხომ მაინც ბოლოს იღლები ყოფნით
თუ ბითურდება გიყვარდა რაცკი,
თურმე სადღაც შორს გავარდა თოფი,
სადღაც დაეცა უსულოდ კაცი.უმისამართო
უმისამართოდ ვცხოვრობდი მაშინ,
უმისამართო დამდევდა მთვარეც,
შენ არასოდეს იყავი სახლში
და მე ყოველთვის ვიყავი გარეთ.მე შენს მისამართს ვეძებდი მაშინ,
სულ წამით შენი დანახვა მსურდა,
უმისამართო მოვიდა ბავშვი
გამახსენდი და მივეცი ხურდა.მუმიები
გვიანი არის, ამ დროს ვერ შეცვლი…
ამ დროს რამდენიც გინდა უკმიე,
ცეცხლი ენთო და შემორჩა ფერფლი,
ვერ გააცოცხლებ მაინც მუმიებს.ვერ დააბრუნებ ძველ, ჩავლილ კადრებს,
სურათებს რეცხავს დროის საპონი,
ის იყო ბრძენი და მოკვდა ადრე
და ერქვა თურმე ტუტანჰამონი.ვერ დაინახავ, ბევრი იბრძოლო,
თუნდაც და ბევრის გსურდეს გამხელა,
მას სიყვარული უნდოდა მხოლოდ,
მას სერაფიტა ერქვა სახელად.რეალობა კი რომანტიზმს ახრჩობს,
იდეალი კი არის წაშლილი,
იყო ბატონის ერთგული სანჩო
და სუფთა გული ჰქონდა ბავშვივით.ვის აუხსნია ანდა ვინ იცის,
რატომ იცვლიან ნიღბებს, პარიკებს,
და ისტორია არის ცინიზმი,
რადგან გვიტოვებს მხოლოდ თარიღებს.გვიანი არის, ამ დროს ვერ შეცვლი,
და იმეორებ ერთს და იგივეს,
ცეცხლი ენთო და შემორჩა ფერფლი,
მუმიებს მხოლოდ მოაქვთ სიცივე.გადაბრუნებული დედამიწა
არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,
და სიტყვით ვინღა უნდა ვაცდუნო,
სად არის ღერძი, მომეცით ღერძი,
დედამიწა რომ გადავაბრუნო.რომ არაფერი აღარ შევცვალო
და დასალევიც უკვე დავლიე,
რომ აღარავინ არ შევიყვარო,
მხოლოდ ვუყურო ზეცას ცარიელს.არაფერს ვამხელ, არაფერს განვსჯი,
არ მინდა რამეს ცილი დავწამო,
მე მარტო ვზივარ ჩემს მყუდრო სახლში
და გარეთ მოდის მყუდრო საღამო.არაფერს ვცლი და არაფერს ვავსებ,
და არ ვარ ბოლო და არც პირველი,
ვინც იგონებდა სულელურ ზღაპრებს,
ვის ჯადოსნური სწამდა ფრინველი.არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,
და არ მსურს ისევ თავი ვაცდუნო,
სად გაქრა ღერძი, მომეცით ღერძი,
დედამიწა რომ გადავაბრუნო.* * *
როცა ყველას სძინავს,
გამეღვიძა ამდროს,
რას დავარქმევ სიზმარს,
რას დავარქმევ ამ დროს.რას დავარქმევ სადგურს,
რას დავარქმევ წასვლას,
რას დავარქმევ ზაფხულს,
რას დავარქმევ ზამთარს.გაანათებს ზამთრებს
ვარსკვლავების სხვენი,
ცას სინათლე ავსებს,
ჩანს თვალები შენი.სიცოცხლის დროა
მთვრალი ხომალდი
არტურ რემბოდავტოვოთ სევდა, ცრემლების გროვა
და სინანულიც გვეყო, არ გვინდა,
წამოდით დროა, წამოდით დროა!
რემბოს ხომალდი უკვე გაფხიზლდა!…ვერ მოაქვს შვება სასმელს და თრიაქს,
მომყევით, უკვე უნდა ვიჩქაროთ,
ჩვენი წამები ქარს უკვე მიაქვს,
მომყევით, ერთად მზე მოვიპაროთ!თავისუფლება ვიპოვოთ თვითონ,
გავყვეთ საკუთარ მნათობს, ვარსკვლავებს,
წავიდეთ დროა, ბევრს ნუღარ ფიქრობთ,
მკვდრები თავის მკვდრებს თავად მარხავენ.წამოდით, შუქი მოჰყვება გვირაბს,
სანამ ველური ცეცხლი ანთია,
წამოდით, სანამ ვცოცხლობთ და გვიყვარს,
სანამ სიმუნჯე არ დაგვმართია.წამოდით, თორემ მერე ვინანებთ,
ასეთი ვნება არ მოვა ისევ,
უნდა მოვიდეთ ერთხელ მიწაზე,
რომ ავიხედოთ მაღლა და ცისკენ.რომ დავეუფლოთ კოსმოსს, პლანეტებს,
რომ მივატოვოთ წარსულზე გლოვა,
წამოდით, ერთხელ მაინც გაბედეთ,
სიცოცხლის დროა, სიცოცხლის დროა!ჩვეულებრივად
წამით ჩათვლიმა და ისევ ფხიზლობს,
ღამით დაშორდა საყვარელ გოგოს,
თან არაფერი შეცვლილა თითქოს,
წვიმს და უყურებს ამინდის პროგნოზს.ფანჯარას აღებს, დუღდება ყავა,
თან ნერვებს უშლის სისველე თარსი,
იცის, რომ მალე ქუჩაში გავა
და ისეირნებს წვიმაში ტაქსით.უყურებს უჟმურ ღამეს და სახლებს,
და მძღოლი ჩუმად მანქანას მართავს,
სიგარეტს იღებს და ასანთს ანთებს,
ჩვეულებრივად იცხოვრებს ალბათ.შემოდგომის სინანული
სინანული თუ გზას გაანათებს,
მაშინ გაქრება ჩემი შეცდომა,
თუკი სიცოცხლე იყო ღალატი,
სიკვდილი რატომ ჰგავს შემოდგომას.რატომ იძინებს ნამუსი თბილად,
ფოთლების ყვითელ იხურავს საბანს,
ფოთლები ცვივა, ფოთლები ცვივა,
სინაცრისფრეა და ცაც კი არ ჩანს.ელიან საკენკს – ბეღურებს ვხედავ,
ველია, სადაც სივრცე მთელია,
ვერცერთი ქალი და ვეღარც დედა
სიცარიელეს ვერ უშველიან.დავრჩებით ასე: კვლავ მე და სივრცე,
სადამდეც გავძლებთ, ალბათ ვიქნებით,
“იყავი ჩიტი!” – ამბობდა ქრისტე,
სად მიფრინავენ ნეტავ ჩიტები.ცოტა ხნით დარჩით, ჯერ ხომ არ ცივა,
ცოტა ხნით დარჩით და ღმერთის გწამდეთ,
ფოთლები ცვივა, ფოთლები ცვივა,
არ შეგეშინდეთ, დაგიყრით საკენკს.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
გივი ალხაზიშვილი – ბოლო გაჩერება – ზაზა თვარაძეს
გივი ალხაზიშვილიბოლო გაჩერება
ზაზა თვარაძეს
ხეებიც იდგნენ, მეზობლების დეკორატიულ
თავშეყრას ჰგავდა მოყურყუტე ბაღი დეკემბრის,
საპანაშვიდო, მლიქვნელური თავმოდრეკები,
ბებერ მერქანზე ახელილი შავი ნუჟრები
და ჭირისუფლის უსიტყვობის უსასოობა
მას მერე, შენ რომ თვალში ცრემლად ამოუშრები.წაჩურჩულება და ბაგესთან გამკრთალ ღიმილზე,
წაფარებული ცრუ წუხილი, როგორც ნიღაბი
და შენ აღარ ხარ, შენ მაშინაც აღარ იყავი,
რომ დაინახე შავი უპე ბებერ მნათობის
და შეგეშინდა საკუთარი უნუგეშობის,
გაბმული სმის და ცივ კედლებთან მასლაათობის.სალამი, ძმაო, ზეციური ზესტაფონიდან,
ჩვენ ისევ აქ ვართ პირობითად, რადგან ვითვლებით
ამომრჩევლებად და ცხოვრებას ასე მითვლემილს,
დღეღამეებით გადავებით და მივენასკვეთ,
ვათვალიერებთ ბოსხს, ბრეიგელს და ჩვენს ქალაქში
მათ პერსონაჟებს და იმათაც, ვინც იენასკენ,ვინც ლონდონისკენ, პარიზისკენ, თელავივისკენ,
ათენისაკენ, დუბლინისკენ მიემართება,
ზოგი წავიდა, ზოგი მიდის, ვინ ემართლება
წასულს და წამსვლელს ან წასვლაზე ფიქრში ჩარჩენილს,
აქ ვადამდელი არჩევნების ისმის გნიასი
და გვაქვს იმედი შეუცვლელი მამა-მარჩენლის.ჩვენ ისევ აქQვართ, ეს ხეებიც აქვე არიან,
და ხეებივით ფიქრის ბაღებს ვერ გავექცევით,
თქვენ დაბრუნდებით გაზაფხულზე, როგორც მერცხლები,
როცა სხივები ლაჟვარდების სუნთქვით ელავენ,
მაგრამ მანამდე იმედია, გავმეჩხერდებით
და სათითოოდ ყველას ვეღარ გადაგვბელავენ.ტრამვაის ბოლო გაჩერება გაგახსენდება
ეკლესიიდან გამომავალ ნასტუდქალაქელს,
ხსოვნის ფრაგმენტებს, აბურდულებს, ვერ დაალაგებ,
მოხრიალდება სამოციან წლების ვაგონი,
და ერთმანეთში ვერაგულად აილუფხება
წარსული, აწმყო, რეალობა და მონაგონი.აქ არი ბოლო გაჩერება და მზეს ჩახჩახას
ოქროს მარცვალი დაბნევია ასი ბათმანი,
მაინც სუსხია და ფხიზელი დროის ვატმანი
გირჩევს ჩახვიდე დეკემბრიდან და “მე არ ვარ შინ,”
კი არ იყვირო, გაიფიქრო, რომ ჩაგეძინოს,
და გაგეღვიძოს გაურკვეველ წლის იანვარში.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ზაზა თვარაძე – ლექსები
* * *
მ. და ზ.ჯერ თოვლი მოთოვს,
მერე კი მიწას
დაეწვეთება თვალების ნამი.
თუ შეედრება გარანდულ ფიცარს –
ცამდე ასული ლარიქსის ტანი.
თუ შეედრება სინათლე ლოდინს,
შეხვედრა დუმილს,
სინაზე საფლავს,
შავი და მძიმე საფლავის ლოდი –
ჩვენი მსუბუქი ცხოვრების ამბავს…* * *
გარეთ გამოდი ხელში
იმ შენი ძველი გიტარით,
რამე იმღერე ეშხით
რამე ამბავი გვითხარი
სადაც ანთია ცეცხლი,
სადაც გელიან ძველები,
სადაც ყველაფერს შეცვლი
ამ დალურსმული ხელებით.
დავრჩი მარტოკა სახლში,
გარეთ ლოთები კივიან
და ვარსკვლავები ცაში
მკვდარ ბავშვებივით მტკივიან.* * *
გამომეცხადა ზაზა თვარაძე
მე – ჩაძინებულს – დამცა თავზარი.
დაიწყო როშვა ქარზე, მთვარეზე,
დავემორჩილე, ხმაც ვერ დავძარი.მოისხა მხრებზე ჩემი სამოსი,
გაუყვა ჩემი ხსოვნის სანახებს,
ხეტიალობდა იმ მიდამოში,
რომელიც სიზმრად მევე ვანახე,გაპაპაჯორდა ჩემს საბრძანისში,
აღარ დატოვა ჩემი მისხალიც,
ვეჭვობ – ქირასაც არ გადამიხდის
დავიღუპები ალბათ მის ხელით.ალმასხან
და ჩემს თავსზემოთ მოჩანდა
ცივი ფუტურო ცა.
ვიდექი მეტროს ჩასასვლელთან –
ეს არის გვირაბი,
არა, ჯურღმული,
ქვევით დამრეცად მიმავალი
თავისი ხოდით,
გოგირდოვანი ქარით სავსე,
უცნაური, შეუძლებელი,
სრული აბსურდი.
მე იქ ვიდექი.
ცივი ფუტურო ცა.
ცა ცარიელი.
არ ხარხარებდა ველური ღმერთი,
მეძავებსაც ჩასძინებოდათ,
ზამბახიც ისევ
თავს უხრიდა ნაბიჭვარ ნიავს.
ცივი ფუტურო ცა.
ცარიელი.
ვდგავარ მეტროსთან.
ყველაფერი მიაგავს ბილიკს.
ყველაფერი მიაგავს ბილიკს.
თვით ბილიკიც კი –
მიაგავს ბილიკს.
ცარიელი ცა.
ფუტურო, ცივი.
დაკარგული სინათლით სავსე,
გამობრუჟული ტრაკებით სავსე –
ცა ცარიელი.
და მეტროს ხარო,
პირდაფჩენილი,
ხან ამომძახებს: გარყვნილი ხარო.
რადგან ფუტურო, ცარიელი,
ვდგავარ მეტროსთან,
ცივი ნიავით შუბლდანაქროლი,
გოგირდოვანი სუნთქვით სავსე
როგორც ზღაპრის ელექტროდეპო..
არა – ურჩხული,
ცივი, ფუტურო,
გადანგრეული.
ცა – დანგრეული,
იქ ღრუბლები კორპუსებივით
უმოწყალოდ ეხეთქებიან
და ხალხი კივის,
კივის უღმერთოდ:
მიწისძვრა, ზემლეტრესენიე!
იქ ის ინგრევა,
მე აქ, მეტროსთან
ვდგავარ მყარი და მონამორჩილი
პარლამენტივით,
ბულგარეთის პარლამენტივით
სანზონასავით ცივი, ფუტურო,
ცარიელი,
ამქვეყანაზე მოვლენილი, როგორც ალმასხან.პოეტის ჩონჩხი
მთელი ზამთარი ვიჯექი მარტო,
წინ მედგა ვისკი, არ მქონდა ძალა
არც სიცოცხლისთვის, არც სიკვდილისთვის,
არც ოცნებისთვის, სული რომ მალავს.
თავზე მეხურა, რაღაც გლეხურად,
მეზობლისაგან ნათქერი ჭერი,
ვგავდი მტრებისგან ნაკორტნ ბეღურას,
თუმცა ამქვეყნად არა მყავს მტერი,
ვერ ვგრძნობ ამხანაგს, მხოლოდ ხანდახან
როგორც ქარხანა, წარმოშობს შეშლილს
ეს ბრმა ქალაქი, და ასამარებს
საკუთარ იმედს გიჟური თესლით,
მხოლოდ ხანდახან, ერთ დროს მამაცი,
პირზე შერჩენილ სინაღდის მისხლით,
მოდის ძმაკაცი ლოთურ ბარბაცით,
და ღრანჭებიდან ნიჰილიზმს ისვრის..
ზღვიდან მოტანილ ფერად ნიჟარებს
ვალაგებ, როგორც ბარტყების გვამებს,
ვეღარ ვიშორებ მლაშე სიზმარეთს,
სასტიკ აკორდებს, შემპარავ გამებს,
რაღაც ციფრებად იქცა სინათლე,
სულიც იქცევა სისხლიან წყალად,
მივდივარ სადღაც, ძლივსღა მივათრევ
შერჩენილ ბოდვებს სულ უფრო მკრთალად,
ხელს მიქნევს ჩონჩხი ძმური სინაზით:
“წამო, ძამიკო, გავცდეთ ამ ქალაქს,
ზურგი ვაქციოთ ჩამქრალ მირაჟებს,
წამო, ძამიკო!
გავიქცეთ ჩქარა!”* * *
ცარიელია ღამე და დღე და
საღამო, დილა და ყველა წამი,
და ყოველ საგანს, რომელსაც ვხედავ
ედება ჩუმი სიკვდილის ნამი,
და შხამი შიშის, და თრთვილი წასვლის,
და სიცოცხლიდან დაძრული აზრი,
რომ ყველა იმედს სიბნელე წაშლის
და კაპიკია სიცოცხლის ფასი,
რომ ყველა გრძნობა, არსებობს რაც კი,
არარსებობის მემკვიდრე არის,
ქვეყნად მყოფნიც კი ერთმანეთს ავცდით
და უკვე სადღაც მიგვრეკავს ქარი,
არის სინათლე, მაგრამ სინათლეც
დაბადებითვე არაფერს მალავს,
ცარიელია ღამე და დღე, და
თვით სინამდვილეს აკლია ძალა.
მაგრამ შემხედავს დაცინვით ვინმე:
მაშ, ასე მწყობრად რატომღა როშავ?
ეს არის მხოლოდ უაზრო ჰიმნი,
და ნარცისების კეკლუცი დროშა.გაზაფხული
დღეს მერცხალი შემოფრინდა
ფრთა შემოჰკრა ფანჯარას,
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
კოკოითი ფანდარასტ!ვკითხე: ჩიტო, ჩიტუნია,
ვის უგალობ? ანდა – რას?
მან კვლავ ცივად გადმომჭყივლა:
კოკოითი ფანდარასტ!ჩემს თავს ვუთხარ: ადე, კაცო!
რას უზიხარ მანდა, რას?!
რა თავს ქინდრავ, გამოცოცხლდი:
კოკოითი ფანდარასტ!ჰოდა, აწი რას დაგაკლებს
ავაზაკთა ბანდა, რას?!
გაზაფხულდა! გაზაფხულდა!
კოკოითი ფანდარასტ!მივდექ სარკმელს… რას ვნახავდი:
არაფერი ჩანდა, რას…
მხოლოდ ჩიტი გაჰკიოდა:
კოკოითი ფანდარასტ!ეეჰ…
კვლავ ჩემს ფიქრს დავუბრუნდი,
ვით ქათამი ქანდარას,
ჩემს თავს, როგორც ვიღაც უცხოს,
ჩიას და კაფანდარას,ნეტა დედამ მშობა რისთვის,
ეს ცხოვრება ჰგვანდა რას…
კოკოითი, ბოკოითი,
გოკოითი ფანდარასტ!* * *
ავი გრძნობები მაწუხებს
უკვე რამდენი წელია,
გულში ვგრძნობ მწარე მარწუხებს,
ჩემი ცხოვრება ძნელია,დავწექი, თვალი დავხუჭე,
სიზმრებშიც ნათელ-ბნელია,
იქაც არავინ არ არის,
აღარსად აღარ მელიან.სიზმრის და ცხადის გარჩევით
მე გული გადამელია.* * *
დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
გავხდი სრულიად პოსლიკა,
ბებერ ხარივით დავეცი,
ვერ გამოვდივარ ბოსლიდან,ვერ გამოვდივარ ბოსლიდან,
ვერ გამოვდივარ ბაგიდან,
რად მინდა – კაცი არ კაცობს,
ქართლის სიგლახემ დამბრიდა.გრძელი როქი
სიტყვა მხოლოდ კონტექსტში იძენს
ელფერს და წონას:
“ქიშის” გარეშე რა იქნებოდა
სახელი “ნონა”?!“ლექსის” გარეშე რას მოასწავებს
გვარი “თვარაძე”?
და თუ არა “შენ”,
“ყველაფერი” – ნიშნავს “არაფერს”.იფნები
მე დავიღალე. მე მეძინება.
ბინდით ივსება ჩემი გონება.
სახეზე ბინდი დამეფინება.
გული მიწისკენ დაიწონება.შენც დაიღალე. შენც გეძინება.
შენ გინდა იგრძნო მეტი სინათლე,
ბინდი გიკარგავს შენ მოთმინებას
დაუყოვნებლივ და მაშინათვე,მაგრამ სად ვნახავთ ჩვენ სხვა სიხარულს,
უერთმანეთოდ, ამ მურტალ ქვეყნად,
წავალ და წახვალ, სულ გვეხსომება
რომ ერთდროს კაცი და ქალი გვერქვა,და ყველაფერი ისევ იქნება
თუ ისევ შევხვდით სადმე და ოდეს
მოვალთ ხეებად, თუნდა იფნებად
ისევ ერთმანეთს გავუწვდით ტოტებსდა ვიგრძნობთ ვარჯში გაცრილ სინათლეს,
ჭკნობაშეპარულ ფოთლების ცვენას
და რაღაც ძველ და მარტივ სიმართლეს
რამაც ამქვეყნად აღმოგვაცენა.
* * *კვერცხივით თოხლო მზე, გორაკები. ქვემოთ დაბლობზე – დიდ სივრცეზე გადაჭიმული ქვის კორპუსები. სასახლეები, რუხ გორაკებზე მიმავალი ხვეული შარა. იქ ავდიოდით ავტობუსებით – სასაფლაოსკენ. წინ და შორს, რწევით, მიცვალებულს მიასვენებდნენ. ჰა მუხათგვერდიც. ისმოდა მკვდრების მკვახე ყიჟინა: აქ ნუ მოდიხართ, აქ ნუ მოდიხართ! თქვენი ადგილი აქ აღარ არის! ზემოთ ზეგანზე ტბა გამოჩნდა. ჯვრის მონასტერი ხელისგულივით. მაგრამ არსად არ ჩანდა ღმერთი. არც მიწაზე და არც ზეცაში. რადგან ცაც ხომ ამ პლანეტის ელემენტია. მივედით ქვების სამყოფელში. კვიპაროსებში. მაგიდებზე ჩიტის სკინტლები. აქ ნუ მოდიხართ! – ყვიროდნენ მკვდრები. მიწა ჩავთხარეთ, ჩავეჭერით, პირი ტალახით ამოვუვსეთ. ფიცხლად ვეკვეთეთ გაშიშვლებული ტისაკებით. ჩავეცით თითო, ჩამპალ ღვიძლებში გავუყარეთ ცივი მეტალი. ვაოტნეთ ორგზის დაბრედილნი. ჩავჭერით მიწა. ჩავაწვინეთ ჩვენი დათო. იდგნენ მდელოზე კვიპაროსები მდუმარებაში. ცა, მდუმარება, როგორც სურათი უშფოთველი, რომელზეც არცერთ დეტალში მოჩანს თვით შემოქმედი. როგორც ფოტო – ვრცელი, ფერადი – რომლის მიღმა იმალებიან შემზარავი ნეგატივები. ღამე უმზეო, ღამე მზიანი. მე ამ ღამეს კარგა ხანია, მთელი არსებით ასე მივები – ასე მივები, უკიდეგანოდ. ამოვქოლეთ მერე საფლავი. წამოვედით მოქელეხენი, დარბაზის ბუნკერს მივაშურეთ, როგორც აკლდამას.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ვახუშტი კოტეტიშვილი – სონეტები
აი, შეხედე, შადრევანი მიელტვის ზეცას,
ეკეკლუცება თავის ზემოთ უსაზღვრო სივრცეს,
მღელვარე კაბის კალთებს როკვით ხან შლის, ხან კეცავს
და მზად არის, რომ მთელი გზნება ამ ზეცას მისცეს.საკმარისია, ამ ცეკვაში გაჩნდეს პაუზა,
ის იმწუთშივე დაცხრება და იქცევა გუბედ,
თუმცა მას უკვე თვინიერად მდუმარ აუზად
კვლავ ჩაიხუტებს დედამიწის მზრუნველი უბე.ასე სრულდება სურვილების ბრუნვა წრიული,
მას ვერვინ შეცვლის, ამაოა ყველა მცდელობა.
დროებითია ფრენა, ქვეყნად მარადიული
არის მარტოდენ დედამიწის მიმზიდველობა.რა ბედი სწია, გახსოვს ზეცამ ჭაბუკ იკაროსს?!
მისი წესია, მიწიერი არ მიიკაროს!
16.02.2008.ქარავნის სონეტი
ამ უდაბნოში ხან მზე აჭერს, ხან უკუნია,
ქარნი ხორშაკნი ქვიშის ბორცვებს უჩენენ ხაოს,
არავინ უწყის, მერამდენე საუკუნეა,
აქ ქარავანი თავს ვერ აღწევს ქარების ქაოსს.აქ ლომი ლამობს, აქლემს სადმე გამოჰკრას კბილი,
აქლემს ჰგონია, ვერ მიაღწევს ლომი მიზანსო.
აქ ყელყელაობს ყველა: ფლიდი, ქლესა თუ წბილი
და ქედმაღლურად იქადლება, ვინ რას მიზამსო?!თვალს ვერ აამებ, ქვიშის გარდა, ვერაფრის ნახვით,
არსად ბალახი, ოაზისი, მთა თუ ტყე-ველი,
წყალიც არ არის, რომ გაერთო იმისი ნაყვით,
მხოლოდ მირაჟი, მიზანი კი მიუღწეველი.უგზოდ და უკვლოდ მიქარავნობს აქლემთა წყება
და ზანზალაკთა ხმად ჩაესმის ძაღლების ყეფა.
17.02.2008.სარკის სონეტი
მზეოს
სინათლის ტბაში ირეკლება ნაზი პროფილი,
ეალერსება სავარცხელი ფაფუკ დალალებს
და ვარცხნილობა, მერამდენედ უარყოფილი,
ნაუცბათევად ჩამოშლილი სწუხს და ვალალებს.შუბლი, ღაწვები და მიმოხვრა ყელის თუ კისრის
თლილმა თითებმა საალერსოდ დაითითოვეს.
სარკე ასლების ანარეკლებს გულუხვად ისვრის,
ხოლო თავისთვის ამ ხილვათა დედანს იტოვებს.ქალისთვის თითქოს შედედდაო დროის დინება,
თითქოს მან კვლავაც გაიხსენა ანცი ბალღობა.
პოზების ცვლისას იერი რომ შეეყინება,
მას იმწუთშივე ლბილ ღიმილად უწევს გალღობა.და აი, უცებ მამაკაცის ბანმა მოჰბერა:
– ჩქარა, ძვირფასო, თორემ უკვე მორჩა ოპერა!
20.02.20.08.მხატვრობის სონეტი
თენგიზ მირზაშვილს – “ჩუბჩიკას”
მე ბავშვობიდან დღევანდლამდე ვარ მოხიბლული
გოგენ – ვან-გოგით, რენუარით, მანე – მონეთი,
მათი ყოველი მონასმია ჩემთვის ხილული
და ახლაც მზად ვარ, ყოველ ნახატს ვუძღვნა სონეტი.პარიზის ქუჩებს უტრიალებს მუდამ უტრილო,
ვით ვარიეტეს კვამლში ქალებს – ტულუზ-ლოტრეკი.
მსურს, მათ ტილოებს სიყვარულით რომ მოვუჩრდილო
და ვცე პატივი სათანადო ქედის მოდრეკით.რა პალიტრა აქვთ, რარიგ ფერთა ფართო სამყარო?!
ვეღარ მოწყდები, თუკი ერთხელ ახლო მიუხველ,
უმზერ და გინდა შენი ხილვა სხვებსაც ახარო
და აგრძნობინო ფუნჯთა ჯადოს ლაღი სიუხვე.ფერადოვნების ზეიმია ყველა მათგანი. –
მაგრამ… ნიკალას თუნდაც ერთი თეთრი ბატკანი?!…
25.02.2008.კანტის სონეტი
ჩემი ქალაქიQკენიგსბერგი, საფლავი კენტი…
გამცნობთ: – სახელი – ემანუილ და გვარი – კანტი:
მე არასოდეს არ ვყოფილვარ ფრანტი თუ დენდი,
და გარს არასდროს მომვლებია ლივრეის კანტი..არა მყოლია ოჯახობა, ცოლი თუ შვილი,
არ მდომებია, რომ ცხოვრება რამედ მექცია.
თუ რომელიმე სტუდენტს აკლდა ქურთუკზე ღილი,
ვღელდებოდი და მეშლებოდა ლამის ლექცია.ამქვეყნად ორი საოცრებით ვიყავი სავსე
და მათ განსჯაში არ შემცვლია ალღო თუ გეში:
ეს ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა ჩემს თავზე
და უმტკიცესი ზნეობრივი კანონი ჩემში.ეს შენც თუ იგრძენ და გზა-კვალი არ აგერია,
იცოდე: ქვეყნად დანარჩენი – არაფერია!
25.02.2008.ტროას სონეტი
ვიხსენებ მითებს, იწყებოდა ახალი ერა
კაცობრიობის და ამ სურათს ვერაფრით წაშლი.
სამი ქალღმერთი: აფროდიტე, ათინა, ჰერა –
ეს სამი ევა და მათ შორის სადავო ვაშლი…პირისპირ მდგარი დაბნეული ნორჩი პარისი…
ტროა, ქცეული სამუდამო ლაქად თუ დაღად.
აწ რომელი დგას ნეტავ რიგში: რომი, პარიზი,
ფილადელფია თუ მოსკოვი, ვენა თუ პრაღა?ვის ელის ახლა ისტორიის მსახვრალი ტორი,
ვინ განიცადოს, აწ რომელმან წალკოტმან შლილმან?..
იქნება, ეს დღე, ავბედითი, არც არის შორი.
თქვენი გუმანი რას გკარნახობთ, ბატონო შლიმან?დღეს მითიურზე ბევრად უფრო საშიში დროა,
ნუთუ არაფერს გვეუბნება ეს სიტყვა: ტროა?!
25.02.2008.ბუნების სონეტი
ბუნება ითმენს ჩვენს ჯებირებს, ხიდებს, კაშხალებს,
მაღაროებს და ცათამბჯენებს, თხრას თუ დაცობას.
ჩვენსავ წარმართულ ზარ-ზეიმებს, ზათქს და მაშხალებს,
მუდმივ ტრაბახს და ამბიციურ ქონდრისკაცობას.ბუნება ითმენს თვინიერად რაღაცა ზღვრამდე,
რადგანაც იგი არ მიგვიჩნევს ნამდვილ მეტოქედ,
უცებ მოიმცვრევს მხარ-ბეჭიდან, ვინ იცის, რამდენ
საუკუნეებს, ჩვენი აზრით, დიად ეპოქებს.და იმარხება ქვესკნელების წიაღ ცივილი-
ზაციები და კულტურები ავლა-დიდებით,
მას კი არარად მიაჩნია ჩვენი ტკივილი –
ჰერკულანუმი, პომპეა თუ ატლანტიდები…ბუნების კანონს, ნუ გგონია, რომ წინ უძღვები,
შენა ხარ მისთვის, ვით მშობლისთვის, შვილი უძღები.
26.02.2008.ყოფნის სონეტი
მიუხედავად იმისა, რომ იცოდი კარგად,
შენ სამყაროში იყავ მხოლოდ წერტილი ერთი.
გააზრებული თუმც არ გქონდა აქ ყოფნის ქარგა,
მაინც გეგონა, ბედისწერას, თავადვე წერდი.ცხოვრობდი, ჩქეფდი, მღელვარებდი, გიყვარდა, გძულდა…
წინასწარ გქონდა შედგენილი ცხოვრების გეგმა…
მაგრამ, რადგანაც ვერ შენივთე შენ ხორცი სულთან,
ვერ შეიგუე ამ ცხოვრების უხეში ჩექმა.უცებ დამწუხრდი და ჭეშმარიტს უქციე გვერდი
ვერ გაიაზრე, რომ შენ განგებ შეგქმნა განგებამ,
რომ მხოლოდ შენ კი არ გჭირდება მაღალი ღმერთი.
ღმერთსაც სჭირდები, ოღონდ გიჭირს ამის გაგება.დადგება ჟამი და ცხოვრების ბოლოს გებულობ:
წერტილი იყავ, მაგრამ თურმე – სავალდებულო.
26.02.2009.საჭიროების სონეტი
გვაქვს მოცემული ბარაქა და ხვავი ულევად,
მან რა მოიგო, ვინც ამ დოვლათს ზურგი უქცია?!
ქვეყნად ყვალაფერს აქვს თავისი დანიშნულება
და ყოველ საგანს აკისრია თავის ფუნქცია.და რომ ცხოვრება გქონდეს, მართლაც, ლაზათიანი
და ამქვეყნიურ მსუყე ტრაპეზს არ უჯდე უქმად,
შენ ეს იცი, რომ კოვზით უნდა ხვრიპო წვნიანი,
ხოლო ჩანგლით კი დაითრიო მოზრდილი ლუკმა.გარდა ამისა, იცი, რისთვის გჭირდება ფული,
ფონდი, კრედიტი, განვადება, ნაღდი, ნისია…
ეს იცი, მაგრამ ვერ გაიგე, რა არის სული,
ანდა თვით ლექსი ამაქვეყნად რის მაქნისია?!თოთო ტვინს თითი ერთხელ მაინც რომ დააჭირო,
იქნება მიხვდე, რისთვის არის ლექსი საჭირო.
28.02.2009
მწყრების სონეტიძნელია, იყო სანიმუშო ზნეობის მქონე,
არ გებადოს და არ გებუდოს არცერთი მწყერი.
თავით ფეხამდე დავარცხნილს და გაპარსულს, ვგონებ,
სჯობს, ვისაც ზოგჯერ გასაპარსი დარჩება წვერი.და ვისი სქესიც შორიდანვე უკვეა ცხადი,
ვისაც ფრანტობას უჯობს, იყოს ოდნავ აპაში,
ვინც ამ მიწაზე მამაკაცურ მიმოხვრით დადის
და არა ისე, როგორც ქალი ვიწრო კაბაში.მცირეს თუ დიდის შემოქმედი მხოლოდ ღმერთია
თვით უმცირესსაც ნურასოდეს აქცევ ქილიკად.
ღვთისთვის ლოცვაა მთავარი და სად – სულერთია:
გუმბათოვანი ტაძარია თუ ბაზილიკა.შენ კაცი იყავ და როდესაც მოგიწევს ჯერი,
ღმერთი შეგინდობს, თუკი გყავდა ორიოდ მწყერი.
28.02.2009ნიავის სონეტი
თქვენ მყარად დგახართ ამ მიწაზე. მე ვარ ნიავი.
თქვენ ნუ გგონიათ, გიყურებდეთ თითქოსდა უნდოდ.
გარწმუნებთ, არ მაქვს მე თქვენს მიმართ რამე სიავე,
ოღონდ ეს ჩემი ნიავობა არ შემიზღუდოთ.მე ხომ არ მიშლის ნერვებს თქვენი მთობა, ზღვაობა,
ცათამბჯენობა, მიწიერი წონა, სიმძიმე?!
თქვენ რად გაღელვებთ, ჩვენს შორის რომ არის სხვაობა?
თქვენ მჭახედ ბრჭყვინავთ, ხოლო მე კი ოდნავ ვციმციმებ.თქვენია, ქვეყნად ყველაფერი, რაც იყიდება,
და თვლა არა აქვთ ფუთებს, ყუთებს, ჩანთებს თუ ბოთლებს…
თქვენ მიიხვეტავთ მთელი ქვეყნის ავლა-დიდებას,
მე კი მარტოდენ შემოდგომის ნაირფერ ფოთლებს.ითმინეთ ჩემი ნიავობა, სანამ გიგალობთ.
ნუ იზამთ ისე, რომ უეცრად ამაგრიგალოთ!
2802.2009ჯინის სონეტი
მე ამ ქვეყანას სათავისოდ ვერაფერს მოვთლი,
ხელეჩო არ ვარ, ყველაფერი ჩემსკენ მოვხვეტო,
სულის ზღვის ფსკერზე ხავსიანი მიგდია ბოთლი
და ჩემი ვალი ის არის, რომ ამას მოვხედო,რათა უეცრად არ ისროლოს ჯინმა საცობი,
ბებერი კია, მაგრამ ჯინი მაინც ჯინია,
კიდევ აჯობებს სხვებს გმირობით და ვაჟკაცობით,
რადგან არაფრის და არავის არ ეშინია.დღევანდდელობა მას ნაგრძნობი ჰქონდა ადრევე,
მისი ეჭვები რომ გამართლდა, მას ეს ამხედრებს:
როდესაც ხედავს, რომ ლომები ტვირთს მიათრევენ.
მათ ადგილზე კი ზარ-ზეიმი უდგათ სახედრებს.მეც, ამ ყველაფრის შემხედვარეს, მომივლის ჟინი
და ვფიქრობ, ხომ არ ამომეშვა ბოთლიდან ჯინი!
03.03.2008.მიწის სონეტი
კაცობრიობის ისტორიის ხლართებს რომ ჩეჩავ,
მისი სასტიკი სამართალი რას არ გაგონებს?!
ურჩობა ბედის რჩეულთაგან რომელ ერთს შერჩა,
მაკედონელებს, რამზესებს თუ ასარგადონებს?!ბრუნავდა ჩვენი წუთისოფლის მძიმე ბორბალი,
საუკუნენი განა ღირდნენ ცოდვის ტირილად?!
მაგრამ იმ დღეთა ნახანძრალზე კვლავაც ხორბალი
ითესებოდა და აქა-იქ ენთო გვირილა.დინასტიები გადაეგნენ და დარჩა გლეხი,
ქვეყნად ზეპურნი აზნაურნი უქმად მიდიან,
მხოლოდ ის რჩება, ვისაც ადგას ცხოვრების კეხი
და ხვალინდელი ლუკმა-პური ვიზეც ჰკიდია.ეს დედამიწა კვლავ ცოცხალი ალბათ მიტოა,
რომ მას უვლიდეს და ჯიუტად ხნავდეს მიტუა.
05.03.2008.გაზაფხულის სონეტი
გაზაფხულია, კანის საკანს ვეღარ სჯერდები.
კივის სხეული სისხლძარღვებით მონასირმები.
ხეებს ასკდებათ ვნებისაგან კვირტის კერტები
და გახელებით შეჰბღავიან ფურებს ირმები.მდინარეებში გაუმართავთ თევზებს ჯირითი,
მდედრუნახავნი მიაპობენ წყლის ჩქერებს გუნდად,
იქ ეგულებათ, სათავეში, ქვის ქვეშ ქვირითი
და ხვაშის მოსხმით ხვაშიადის დაცხრობა უნდათ.შენ არც თევზი ხარ, არც ირემი, არც სხვა ცხოველი,
სხეულზე მეტად შენ მეწყვილედ გჭირდება სული.
ნახევარია ამა ქვეყნად კაცი ყოველი
მას სურს მეორე ნახევარი, რომ გახდეს სრული.და თუ იპოვა, მიხვდება, რომ სწორედ ის არი,
ვისაც ეძებდა ნააპრილარ-ნამაისარი.
12.03.2008.
სიყვარულის სონეტიშენ სიყვარულმა აღგამაღლა აღსავლის კარად
და ოცნებებში მოგანიჭა ყველა უფლება.
მისგან ავდარიც გეჩვენება საამო დარად
და უმწიფარი ძახველიც კი გეალუბლება.თუმც შესაძლოა, რომ ოდესმე შენც სწვნიო წვენი
და საყვარელი არსებისგან იგრძნო ღალატი.
ეცადე, ამით არ დაემხოს ტაძარი შენი
და ვერვინ გწამოს, თითქოს რწმენას ეჭვით ჰბღალავდი.გრძნობა, რაც უფრო ცალმხრივია, უფრო დიდია
და უფრო მძაფრი, თუ განცდები გაწევს ლოდებად.
სიყვარული ხომ საცალფეხო ბეწვის ხიდია,
რომლის გადაღმა შენ არავინ არ გელოდება.შენზე ძლიერი ქვეყნად განა ეშმა რითია?!
მას დასძლევ, თუკი შენი მრწამსი ჭეშმარიტია!
14.03.2008.გზის სონეტი
რა მოხდა, თუკი არ სრულდება ის, რაც გულს უნდა
და თუ შენს მიმართ დრო-ჟამია დაუდევარი!
ან შენს თავზე თუ გრიგალივით გადაზუზუნდა
შემზარავი და ავბედითი ბედი მდევარი!რა მოხდა, თუკი ვერ მიხვედი აღთქმულ მიზანთან
და ოცნებათა მექარავნე გზაში დავარდი!
სამაგიეროდ შენმა სულმა ხომ არ იზანტა
და თუნდაც ერთხელ შეძლო ცაში ლაღი ნავარდი!სიცოცხლე გზაა, სიკვდილი კი ამ გზის შედეგი,
ადრე თუ გვიან ჩვენ იქ უნდა დავცეთ ბანაკი.
არსთა გამრიგემ თუკი ბრძანა: – აბა, შემდეგი! –
გიხმობს ქარონის ქარავანის ზარ-ზანზალაკი..იქ, სამსჯავროზე შენ განგსჯიან იმის მიხედვით,
თუ ცხოვრებაში სად კი არა, როგორ მიხვედი?!
15.03.2008.მოცარტის სონეტი
“…როგორც Hჰაერის იქითა მხარე,
წმინდა, დიდი, უკაცრიელი…”
რაინერ მარია რილკევინ იყო იგი, მე არ ვიცი, კაცი თუ ღმერთი,
ბრძენი თუ ბავშვი?! ვით მივუდგე, რომელი მხრიდან?!
როგორ იტევდა ოკეანეს ეს ვიწრო მკერდი,
რომელიც ასეთ აუმღვრეველ ნიაღვრებს ღვრიდა!მოცარტის ტაქტის გარეშე ხომ თითქოს დროც არ დის,
ყოველი სივრცე დახშული და ცარიელია;
და როცა ცაში აჟღერდება ჰანგი მოცარტის,
ღვთის გულისათვის, ჩუ! – რაღა დროს სალიერია!ჰანგების ჩქერი, ხან კამკამით, ხან აზვირთებით…
ვეღარ იგუებ, მდუმარების ობი რომ გეკრას…
მისი თითები, ვით სამოთხის ცელქი ჩიტები,
კლავიშებს უცებ აკენკავენ ისე, ვით კენკრას.იცოდე, როცა გადასცდები სამყაროს არეს,
ეს ჰანგი გელის შენ ჰაერის იქითა მხარეს.
15.03.2008.სულის და ხორცის სონეტი
ნაქანდაკარი ანტიკური ქალღმერთის ტორსი
სრულყოფილია, თუნდაც იყოს ხელფეხნაკლული,
რადგან სული ქმნის ამ სისრულეს და არა ხორცი,
ხორცი, რომელსაც ჯიქურ ელტვის თავგადაკლულიჯანსრული მამრი, ატანილი ცხოველურ ჟინით
უცებ ქცეული თავაღმართულ, დაძაბულ კუნთად,
როგორც უეცრად ამომხტარი ბოთლიდან ჯინი,
რომელსაც თავის მორჩილ მსხვერპლზე ზეობა უნდა!ბოლოს კი, როცა დაუცხრება ხორცი უძღები
და გონს არ უმღვრევს ქვეყნად უკვე ვინმეს ქალობა,
ზესამყაროში ბეატრიჩედ სული უძღვება
და მას ეძღვნება მისი ლექსი, ხოტბა, გალობა.სული – სივრცეებს, ხორცს – სამარის პატარა ბორცვი.
მაგრამ იქაც ხომ ძვლები ყრია და არა ხორცი?!
16,03.2008.ყოფნა-არყოფნის სონეტი
“ყოფნა – არყოფნა?!” – აი, შენი კითხვა მორიგი,
ჭაბუკო ჰამლეტ, მაგრამ არსი ყოფნა-არყოფნის
ვინ განგიმარტოს?! დუმს გონება, ვით იორიკი,
რომელსაც ამის საპასუხოდ ცოდნა არ ჰყოფნის.იქნებ არყოფნაც ყოფნა არის, ოღონდ სხვაგვარი,
უფრო მსუბუქად მონანავე, ან უფრო მძიმედ?!
ადამიანად ყოფნის დრო ხომ მხოლოდ აქ არის,
რამე სხვადყოფნა გაამართლებს განა ჩვენს იმედს?!იქნებ აჯობებს, რომ დავჯერდეთ იმას, რაც არის
და არ ვისწრაფოთ, სადაც მაინც ადრე თუ გვიან
მოგვიწევს მისვლა, არა ვქექოთ ფუჭად ნაცარი
და აღვასრულოთ ვალი, რასაც სიცოცხლე ჰქვია.სიკვდილისა რომ არრა ვიცით, ეს ის წესია,
რომლითაც ცოდნა არცოდნაზე უარესია.
17.03.2008.ადამიანის სონეტი
ქვეყნად მაღალმა ღმერთმა შექმნა არსი ყოველი
და დაანათლა თავ-თავისი ყველას ბუნება:
ქვეწამავალი თუ ფრინველი, თევზი, ცხოველი
თავის მკმარია და არ უნდა სხვა ფუფუნება.მხოლოდ ერთია იმათ შორის – ადამიანი,
ვისაც სურს, თავად გამოსჭედოს თავისი ბედი
და რადგან არის იგი ვითომ სხვებზე ჭკვიანი,
უნდა რომ იყოს არა ლოდი, არამედ სვეტი.მაგრამ ამისთვის მას სჭირდება, გამრავლდეს ხალხად
და დაიმონოს ქვეყნად მიწა, წყალი, ტყე-ველი,
და თუ აზვირთდა ოკეანის მძვინვარე ტალღად,
ის უკვე ბრბოა, ყოველივეს დამანგრეველი.ბრბო ერთსახაა, ვინც მას არ ჰგავს, ვერ ჰგუობს ეგეთს,
ღმერთიც რომ იყოს. იღრიალებს: “ჯვარს აცუ ეგე!”
19.03.2008.სიზმრის სონეტი
ღამის დარბაზში იდუმალი ჰანგები იძვრის,
თანდათანობით უფრო ეშხში შედის ქეიფი,
მზერას იტაცებს ვნებიანი დეკოლტე სიზმრის
და მიიხვეტავს ზმანებათა გრძელი შლეიფი.მიმოირხევა სამეჯლისო ცეკვის ნიავი,
ჩემი მეწყვილე მშვენიერი ქალბატონია,
მე მის წინაშე ჩემი გული მოვაღიავე
და საკუთარი თავი მეცხრე ცაზე მგონია.მგრამ რომ დაჰკრა შუაღამემ თორმეტჯერ ზარი,
თვალს და ხელსშუა გამიქრა და აღარსად არ ჩანს,
და დავრჩი ასე, სასახლეში უაზროდ მდგარი,
ხელში იმ ქოშით, რომელიც მას კიბეზე დარჩა.ვეძებე ყველა ქვეყანაში და ყველა დროში,
მაგრამ ვერავის ვერ მოვარგე ის ოქროს ქოში.
20.03.2008.მადლის სონეტი
ცხოვრებისაგან დაქანცულსა და სასომიხდილს
წამლეკავს ზოგჯერ შემზარავი ტალღა უცები,
დავმწუხრდები და ნაადრევად მოვუხმობ სიკვდილს,
შინაგანად კი კვლავ სიცოცხლეს ვებღაუჭები.გმირი არ ვიყავ, არც მესიის მქონდა მისია,
რომ უდრტვინველად ამეტანა ტანჯვა და ჯვარცმა.
ცხოვრებამ ყველა განსაცდელი შემომისია,
მაგრამ გავუძელ ამ ყველაფერს უბრალო კაცმა.რა ძალა იყო, რამაც მომცა ამის შეძლება
და შემომაჭდო ჯადოსნური ჯაჭვის ბეგთარი?!
როგორც ჩანს, ქვეყნად ჩემებრ ტანჯულს შვებად ეძლევა
ღვთიური მადლის თუნდ წვეთ-წვეთი წმინდა ნექტარი.და მივხვდი, რამაც უკუნეთში აღმავსო ნათლით,
ეს იყო თურმე პოეზიის ღვთიური მადლი.
22.03.2008.ღირსების სონეტი
სანამ ვარ ქვეყნად, რაღაც მაინც უნდა ვაკეთო,
რათა დამეტყოს, ამ მიწაზე რომ ვარ ნამყოფი,
ბუტაფორიულ მუყაოდ კი არ ვიმაკეტო,
არამედ ჩემგან თუნდ მცირედი დარჩეს ნაყოფი.უნდა ვიმინდვრო, ვივენახო, ანდა ვიყანო,
გული ვამტევნო, ვათავთავო ან ვაჩითილო,
მკერდზე ლექსები ყვავილებად ამოვიყვანო
და ჩემს გაზაფხულს ცა და მიწა მოვაჩითინო.თუმც ბედ-იღბალმა წამებით და ტანჯვით მაცხოვრა
და ათასგვარი ჭირ-ვრამი არ მამყოფინა,
ხალხს თავი მაინც ისე უნდა დავამახსოვრო,
რომ ეთქვათ ჩემზე: ” – ღირსეული კაცი ყოფილა!ისე გავიდა ამ ცხოვრების ბოლო კარიდან,
რომ სიკვდილს თვალი ერთხელაც კი არ აარიდა!”22.03.2008.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
დავით წერედიანი – ლექსები
-
ქეთი თუთბერიძე – ლექსები