• პროზა

    გელა ჩქვანავა – იავნანამ რა ჰქმნა

    ბაგი დარასელიამ, წმინდად წვერგაპარსულმა პენსიონერმა, სრული პიჯაკის სახელოები ხელების ზურგს მთლიანად რომ უფარავდა, ახალგაზრდა გამომძიებელს თაბაშირში ჩასმული, კისერზე ჩამოკიდებული ბინდისავე კოხტა მარყუჟში გაყრილი დაბინდული ხელი შეუთვალიერა, შემდეგ მზერა საფერფლეში ჩაჭყლეტილ სიგარეტის ნამწვებზე გადაიტანა.
    – ძალიან ბევრს ეწევით, პატივცემულო, – შენიშნა ბაგიმ. – ჩემი ბიჭებიც ეწევიან, ორივე. ვერაფრით გადავაჩვიე.
    – თემას ნუ გადავუხვევთ! – მკაცრად შენიშნა ახალგაზრდა გამომძიებელმა.
    – რასაც ვლაპარაკობთ, ყველაფერს იწერს ეს გოგო? – ოციოდ წლის სტენოგრაფისტზე მიანიშნა ბაგიმ გამომძიებელს.
    – ყველაფერს, რაც საჭიროა! – დაუმოწმა გამომძიებელმა და ყვითელი სანთებელა, აქამადე ხელში რომ ათამაშებდა ნერვიულად, სიგარეტის წითელ კოლოფს დაადო ზემოდან კოხტად და პროპორციულად.
    – ასწრებს მერე? – გაოცება და თანაგრძნობა ერთდროულად გაუკრთა ხმაში ბაგის.
    – ასწრებს! – ცივად მოუჭრა გამომძიებელმა და ისევ სანთებელასკენ წაღებული ხელი შუა გზიდან მოაბრუნა.
    – ყოჩაღი გოგოა, ეტყობა! – დაასკვნა ბაგიმ. – ყოჩაღები არიან იურისტები საერთოდ!
    – ეს გოგო იურისტი არ არის, სტენოგრაფისტია!
    – ნეტავი იმ ოჯახს, რომელშიც ეს გოგო შევა… თქვენ დაოჯახებული იქნებით, რა თქმა უნდა! – თვალები მოწიწებით მიაპყრო ბაგიმ გამომძიებელს.
    – არა, ვინ გითხრათ! – რატომღაც საწყენად მიიღო ეს უწყინარი კითხვა გამომძიებელმა. – საქმეს დავუბრუნდეთ. ასეთი არხეინი არ ვიქნებოდი თქვენს ადგილას!
    – როგორ მინდოდა ჩემი ბიჭები იურისტები გამოსულიყვნენ! – თავისას განაგრძნობდა ბაგი. – იურისტები რომ ყოფილიყვნენ ჩემი ბიჭები, რძლები ექიმები მეყოლებოდა და როცა დამჭირდებოდა, თუ არ მომარჩენდნენ, სწორ დიაგნოზს მაინც დამისვამდნენ. სწორი დიაგნოზის დასმაა მთავარი. თუ დიაგნოზი სწორია, დანიშნულებაც სწორია. აი, ღვიძლი რომ ამტკივდა, სულ სვადასხვა დიაგნოზი დამისვეს ექიმებმა…
    გამომძიებელმა სანთებელა აიღო და ბაგიც მიხვდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო.
    – თუ ხვდებით, დასაჭერად რომ გაქვთ საქმე? – შინაურულად ჰკითხა გამომძიებელმა.
    – გამომიშვებენ! – გლეხური თავდაჯერებით მიუგო ბაგიმ. – გადაურეკავენ ჩემს ბიჭებს რუსეთში და როგორ ფიქრობთ, ისინი მამას ციხეში დატოვებენ?… თქვენც მიიღებთ თქვენსას, თუ არ გამაწვალებთ და მთავარ გამომძიებელთან მიმიყვანთ პირდაპირ.
    – დააფიქსირეთ ოქმში!.. ქრთამის შეძლევა! – სტენოგრაფისტს უკანმოუხედავად ესროლა გამომძიებელმა.
    – ეხ-ხ!.. ახალგაზრდა ხარ შვილო და შენი გგონია ქვეყანა! – გულწრფელად შეიცოდა ბაგიმ გამომძიებელი.
    – აბა შენი და შენი ბიჭებისაა, რომლებიც ვინ იცის რა გზით შოულობენ ფულს მოსკოვში?!
    – ჩემი ბიჭები, ჩემი, ბაგი დარასელიას გაზრდილია და ცუდს არასოდეს იკადრებენ! – თქვა ბაგიმ. – ჩემს სიძეს რომ გაუჭირდა, მაშინვე გამოიყვანეს ციხიდან – ერთადერთი დის ქმარს როგორ მივატოვებთ გასაჭირშიო…
    – ის თუ არის დაფიქსირებული ოქმში, სიძე გაფლანგვისთვის რომ იჯდა? – ჰკითხა გამომძიებელმა სტენოგრაფისტს.
    – თქვენ ხომ მანიშნეთ არ გინდათო? – მიუგო სტენოგრაფისტმა. – შეგეცოდათ მაშინ გულუბრყვილობისათვის…
    – ახლა დააფიქსირეთ რასაც სიძეზე იტყვის, იყოს მაინც ოქმში ყოველი შემთხვევისათვის!
    – სიძეზე არაფერს ვიტყვი! – გაბრაზდა ბაგი. – მე თქვენ მართლა სულელი ხომ არ გგონივართ?!.. თქვენ რა, რახან იურისტი ხართ, სხვებზე ჭკვიანი გგონიათ თავი?.. ჩემი სიძის მამა, თუ გინდათ იცოდეთ, ვეტექიმი იყო თავის დროზე, მთელს რაიონში დაფასებული…
    – …და თქვენ რატომ ესროლეთ თორმეტკილოიანი ბრინზა ყველი მოქალაქე პარმენ გოგიას? – საქმეზე გადავიდა გამომძიებელი.
    – ერთხელ უკვე ვთქვი რატომაც, მეორეჯერ არ გავიმეორებ! – ამაყად განაცხადა ბაგიმ და სტენოგრაფისტ გოგოს მიუბრუნდა. – ცეცხლივით ბიჭები მყავს და ყველას შურს ჩემი. ხმას უვრცელებენ სოფელში, იქ, რუსეთში ცუდ წრეში არიან გარეულებიო. მიმოზასაგან მოდის ეს ყველაფერი, ძალიან უმაქნისი ბიჭი ყავს… იცით რა რემონტი გავაკეთე სახლში? ვანა-ტუალეტი შიგნით მაქვს, გარეთ გასვლა არაფერზე დაგჭირდებათ…
    – ესე იგი, მოქალაქე პარმენ გოგიას იმიტომ ესროლეთ ყველი, რომ უშნოდ გაგიღიმათ, ასე არ არის? – ჰკითხა ბაგის გამომძიებელმა.
    – მაგისთანა ღიმილი არვისთვის არ უპატიებია ჩემს გვარსა და ჯიშს! – მაგიდაზე გაშლილი ხელი დადო ბაგიმ.
    – ესე იგი, პარმენ გოგიას თქვენი ბიძაშვილი ყავდა ცოლად და მიატოვა. მას მერე პარმენ გოგია არ გინახავთ დღევანდელ დღემდე. დღეს კი ბაზარში ნახეთ და მან “უშნოდ” გაგიღიმათ. რას გულისხმობთ მაინც უშნო ღიმილში – დაცინვას, გამოწვევას თუ კიდევ სხვა რამეს?
    – ვთქვი მე, გადავიხდი იმ ყველის ფულს-მეთქი. პარმენ გოგიას კიდევ, თუ საჩივარი არ გამოიტანა მილიციიდან, მოკლავენ ჩემი ბიჭები. აი, ნახავთ თუ არა. ჩემი ბიჭები ისე გავზარდე, რომ მამის შეურაცყოფას არავის აპატიებენ. ჩემი დაჭერის ამბავი რომ გაიგონ, მაშინვე აქ გაჩნდებიან!
    – თუ ასეა და თუ მართლა მაშინვე აქ გაჩნდებიან, გაიგონ, თქვენთვის უკეთესი არ არის? – გაეღიმა გამომძიებელეს. – თქვენ არ ამბობდით, ოთხი წელია არ მინახავს, ჩამოსასვლელად ვერ იცლიანო? დაარეკინეთ დაჭერილია მამათქვენი-თქო და ჩამოვლენ და შვილებსაც ნახავთ!
    – გავიდეს ეს გოგო ხუთი წუთით, საქმე მაქვს თქვენთან! – საქმიანი გამომეტყველება მიიღო ბაგიმ.
    – ქრთამი უნდა შემაძლიოთ? – დამცინავი ღიმილისაგან თავი ვერ შეიკავა გამომძიებელმა.
    – რას მეთამაშება ეს ბიჭი, რომ მეთამაშება?! – თავისი აღშფოთება სტენოგრაფისტს გოგოს გაუზიარა ბაგიმ. – ბაგი დარასელიასთვის არავის დაუცინია ჯერ ამქვეყნად!.. იცით თუ არა თქვენ, როგორ ეხვეწებოდა პარმენი ბიძაჩემს, შვილი გამომატანეო?!.. იცით თუ არა-მეთქი, გეკითხებით! მე თვითონ იქ ვიყავი მაშინ. ძმაკაციც მოყვა ერთი, ქალის სახელი ერქვა იმ კაცს. პოეტი ვარო, ამბობდა და თურმე ჟესტიანშიკი ყოფილა. ნაქირავები “პობედით” ამოვიდნენ ბიძაჩემთან სოფელში ის და მაგის ძმაკაცი. მიგრძნობს გული, ან სულ მთლად ამაშენებს, ან სულ მთლად დამაქცევს ეს კაციო, თქვა მაშინ ბიძაჩემმა და აუხდა კიდეც ნათქვამი მეტი რომ არ შეიძლება ისე ცუდად – ქალიშვილის გამოთხოვებამ მოუღო ბოლო, ერთ წელიწადში გულით მოკვდა ჯანმრთელი კაცი. ამ დილით კიდევ, სოფლიდან რომ მოვდიოდი, სასაფლაოს რომ ჩავუარეთ ავტობუსით, ბიძაჩემი გამახსენდა, თითქოს გულმა მიგრძნო მაგის მკვლელი და მისი ოჯახის დამაქცევარი რომ უნდა მენახა. მთელი გზა ბიძაჩემზე ვფიქრობდი, ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს… აი, თქვენ, პატივცემულო გამომძიებელო და თქვენც…
    – ლია მქვია, – წაეშველა სტენოგრაფისტი გოგო.
    – ბიძები ხომ გყავს ლია, შვილო, მამის მხრიდან?
    – საქმეზე ვილაპარაკოთ! – მკაცრად გააფრთხილა გამომძიებელმა ბაგი.
    – აბა მე რაზე ვლაპარაკობ? – გაოცდა ბაგი. – შენ თუ გყავს ბიძა, პატივცემულო გამომძიებელო?
    გამომძიებელმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. მაგიდიდან სიგარეტი აიღო, ფანჯარასთან მივიდა და რაფაზე ჩამოჯდა მოხერხებულად.
    – რატომ ესროლეთ ყველიო, რომ მსაყვედურობთ თქვენ, რაც ხელში მომხვდა ის ვესროლე. თოფი რომ მქონოდა, თოფს ვესროდი, ზარბაზანი რომ მქონოდა – ზარბაზანს!
    – ჩავწერო? – მცირე პაუზის შემდეგ იკითხა სტენოგრაფისტმა.
    გამომძიებელი რაფიდან ჩამოძვრა, ფანჯრისკენ შეტრიალდა, თითები რაფაზე აათამაშა, თან ხელის ზურგზე დაიხედა, თითქოს იმის წარმოდგენას ცდილობდა, როგორი შესახედავი იქნება, მასაც ბაგივით სრული პიჯაკი რომ ცმოდა, რომლის სახელოები ლამის თითების სახსრებამდე ექნებოდა ჩამოშვებული.
    – არ ჩაწეროთ, – თქვა გამომძიებელმა.
    – ქვევრი აჩუქა იმ უხსენებელმა ბიძაჩემს, როცა ახალი სიძე იყო. ამოთხარეთ ის ქვევრი და ხევში გადააგდეთო, დაიბარა ბიძაჩემმა სიკვდილის წინ, – თქვა ბაგიმ.
    – ამოთხარეთ? – იკითხა გამომძიებელმა.
    – არა. თავიდან მაგისთვის ვის ეცალა, მიცვალებული უნდა დაგვეტირა. მერე დარჩა და დარჩა!
    – რას წერ? – ჰკითხა გამომძიებელმა სტენოგრაფისტს.
    – არაფერს არ ვწერ, ჯვრებს ვხატავ საშრობზე, – გამოეპასუხა სტენოგრაფისტი.
    – ჩემი გოგოც წერდა, ოღონდ დღიურებს, სანამ გათხოვდებოდა. რამდენი არ ვთხოვე, დამიტოვე, წავიკითხავ როცა მომენატრები-მეთქი, მაგრამ არ ქნა, – თქვა ბაგიმ და სტენოგრაფისტს გაუღიმა. – თქვენც ხომ წერთ დღიურებს?
    კითხვამ სტენოგრაფისტი გააწითლა.
    – სხვისი დღიურების წაკითხვა არ შეიძლება, – მორიდებით შენიშნა მან და ისევ გაწითლდა.
    – არც საკუთარი შვილის? – გაოცდა ბაგი.
    – რა დღიურებზეა ლაპარაკი, თუ ღმერთი გწამთ, მთელი დღე აქ წერს ოქმებს და სახლში მისული პასტის და ფურცელის დანახვაზე ალბათ ცუდად ხდება! – შენიშნა გამომძიებელმა და სტენოგრაფისტი კეთილი ღიმილით დაასაჩუქრა.
    – ღვინო ასხია იმ ქვევრში, – თქვა ბაგიმ. – ჯერ კიდევ იმ დროიდან დარჩენილი, როცა ის უხსენებელი ბიძაჩემის სიძე იყო. გავსინჯე ამ ოთხი წლის წინ. დამაინტერესა უბრალოდ. არაფერი დამილევია ჩემს ცხოვრებაში უკეთესი. სხვა სამი ქვევრი მსხლის ხის ფესვებს გაუბზარავს, იმ უხსენებელის ნაჩუქარი კიდევ მთელი დარჩენილა. შევავსე ნაკლული, ზევიდან ორნახადი არაყი დავასხი და ფიჭით ამოვუგლისე ისევ თავი. დალევით მაინც ვერ დავლევდი, ღვინოს დაქცევა კიდევ არ შეიძლება. ამ დილით ავტობუსში, ბიძაჩემი რომ მომაგონდა რატომღაც-მეთქი, რომ გითხარით, იმ ღვინოზეც ვიფიქრე ბევრი, ნეტავ ვინ უნდა დალიოს-მეთქი. თქვენ როგორ გგონიათ, ვინ უნდა დალიოს ის ღვინო?
    – მაინც რამდენი წლის იქნება? – მეტი კონკრტიკა მოითხოვა გამომძიებელმა ხმაგამკაცრებულად. სტენოგრაფისტმა ნაცნობი, ნათქვამის დაფიქსირების მომწოდებელ ნაცნობ ნოტებს მიამგვანა გამომძიებლის ხმაში გარეული მოჩვენებითი ფოლადი და საწერად მოემზადა, მაგრამ თვითონ გამომძიებელს რომ შეხედა, ისევ ჯვრების ხატვა განაგრძო.
    – ოცდარვისაზე მეტის! – თქვა ბაგიმ. – ჩვენ, დარასელიები, მაგ ღვინოს ვერ დავლევთ, არ შეგვერგება! დაე, იმათ დალიონ, ვისაც შეხვდება, თუნდაც ღვინის ქურდებმა-მეთქი, ვიფიქრე ამ დილით. არ იცის სოფელმა, თორემ არ გააჩერებდნენ ამდენი ხანი.
    – სხვა ქვევრში გადაასხით და ისე დალიეთ, – შესთავაზა გამომძიებელმა.
    – მტერს სხვა ტანსაცმელი რომ ჩააცვა, იქცევა მოყვრად? – საკუთარი ექსპრომტად გამოთქმული აფორიზმი პირველმა თვითონ დააფასა თავმომწონე ღიმილით ბაგიმ.
    – ღვინო ხომ ბიძაშენის დაყენებულია? – თავმომწონე ღიმილი ბოლომდე არ შეარგო გამომძიებელმა. – ადექით და დალიეთ თქვე დალოცვილებო!
    – იმ უხსენებელის ქვევრში ხომ არის დაღვინებული?! – წინადადება დაუფიქრებლად უარყო ბაგიმ. – ბიჭი არ მყავს და ბიჭი შემეძინაო, ამბობდა ბიძაჩემი იმ უხსენებელზე… უყვარდა გულწრფელად.
    – უიარაღო ხომ გაქვთ წაკითხული, ხვიჩაზე და გოჩაზე რომაა?.. კინოცაა, “მამლუქი”.
    – ძალიან კარგი კინოა. ჩემს უფროს ბიჭსაც ხვიჩა ქვია. ცეცხლივით ბიჭია, რომ იცოდეთ!
    – ჰოდა, ვთქვათ და, ხვიჩა და გოჩა არ მოკვდნენ, როგორც კინოშია ან წიგნშია, გადარჩნენ და მივიდნენ ხელიხელჩაკიდებულები თავიანთ მშობლებთან. როგორ ფიქრობთ, არ უნდა მიიღონ მშობლებმა ისინი ღვიძლ შვილებად, იმიტომ რომ მტრის ქვეყანაში არიან გაზრდილები? – კუთხეში მიიმწყვდია გამომძიებელმა ბაგი და ახლა თვითონ გაიღიმა თავმომწონედ. – ქვევრს, ანუ გამზრდელს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ღვინის დამყენებელი, ანუ მისი შემქმნელი თქვენიანია!
    ბაგი დარასელია ასეთმა მტკიცე არგუმენტმა დააბნია და დააფიქრა.
    – “იავნანამ რა ქმნაშიც” ხომ იბრუნებენ შვილს? – მორიდებულად შენიშნა სტენოგრაფისტმა.
    – ქეთოზე რომაა, ხომ?.. ეგეც ნანახი მაქვს, – მოწურული მხრები ისევ გაშალა ბაგიმ. – ქეთო დაარქვა თავის პირველ გოგოს ჩემმა სიძემ, ჩემი გოგოს ქმარმა…
    – აი ხომ ხედავთ! – უთხრა გამომძიებელმა.
    – თქვენს ბიძაშვილს ხომ ყავს შვილი დაზარალებულისგან? – მორიდებულად ჰკითხა ბაგის სტენოგრაფისტმა.
    – არა, არ ყავს!
    – აბა, მარტოხელა დედააო, რომ თქვით? – პირზე დაადგა სტენოგრაფისტი.
    – რომ გამოთხოვდა მერე აიყვანა შვილი გასაზრდელად. ერთადერთი შვილი ვარ, თანაც გოგო, ბიჭი არ რჩება მამაჩემს მემკვიდრედ და ვიშვილებ ბიჭსო. მამამისის სახელი დაარქვა. სინდისის ქენჯნის ამბავიც იყო, რა თქმა უნდა. რატომ მკითხეთ?
    – შვილიშვილის ქორწილში შეიძლება გაიხსნას ქვევრი-მეთქი, ვიფიქრე, – მიუგო სტენოგრაფისტმა.
    – გამორიცხულია! – თქვა ბაგიმ. – ჩვენი გვარისთვის არ შეიძლება იმ ღვინის დალევა!.. ბავშვს ვერ აჩენო, ეს მოსდო შარად ჩემს ბიძაშვილს იმ, რა ქვია მაგას… დაზარალებულმა. არადა, პირიქით იყო, როგორც მერე გამოირკვა!
    – იქნებ გაფუჭდა ის ღვინო. ქვევრი რომ გაიხსნება, თუ მაშინათვე არ გადაისხა სხვა ჭურჭელში, ფუჭდება ღვინოო, გამიგია! – თქვა გამომძიებელმა.
    – არ არის ღვინო გაფუჭებული. ძროხის შპრიცით ამოვიღე და გავსინჯე! – გამოტყდა ბაგი. – რამდენ გრამი ღვინო ამოვიღე ზუსტად იმდენი არაყი შევუშვი ისევ იმავე შპრიცით. არაყი ღვინოზე მსუბუქია და ზევიდან ტივტივებს! არ არის ღვინო გაფუჭებული, თავს დავდებ თუ გინდათ!
    – რომელი შპრიცით ამოიღეთ, თქვენი ვეტექიმი მძახალის შპირცით? – დაინტერესდა გამომძიებელი.
    – არა, სხვა შპრიცით. რა ხართ მაინც ეს გამომძიებლები, არაფერი გავიწყდებათ!
    – არ გვაქვს უფლება რომ დაგვავიწყდეს. ჩვენ რომ რამე დაგვავიწყდეს და ოქმებში დაფიქსიერებული ფაქტებიდან გამომდინარე არ გავაკეთეთ დასკვნები, ხომ დავიღუპებით! ცოტაოდენი გადახრა და მაშინვე მიკერძოებაში ჩაგვეთვლება და ეჭვის თვალით შემოგვხედავენ, ქრთამი აიღოო, იფიქრებენ. – თქვა გამომძიებელმა. – თქვენ რა იცით, დაზარალებული უნაყოფო იყო თუ არა?
    – მეორე ცოლისაგანაც არ ყოლია შვილი და იქიდან! – თქვა ბაგიმ.
    გამომძიებელმა ყვითელი სანთებელა კისერზე მარყუჟით ჩამოკიდებული დაბინდული ხელის თაბაშირზე დააკაკუნა.
    – ბანდიტების ტყვიაა? – დაბინდულ ხელზე ჩაეკითხა ბაგი. – “ბანდიტსკაია პულიაო”, რომ იტყვიან, ის არის?
    – სამსახურებრივი ტრავმაა! – მოკლედ მოუჭრა გამომძიებელმა და მაგიდას მიუჯდა. – რამდენი ღვინო ასხია იმ ქვევრში?
    – ათკოკიანი ქვევრია. კოკაში ოცდაოთხი ლიტრაა. ორასორმოცი ლიტრა გამოდის, – თქვა ბაგიმ.
    – ჩავჯდებით ახლა მე და შენ ჩემს მანქანაში, წავალთ შენს სოფელში, მივადგებით ბიძაშენის სახლს, ვნახავთ იმ ქვევრს და თუ ის, რაც შენ ილაპარაკე, მართალი გამოდგა, ხომ კარგი, თუ არადა, გახეხინებ ციხეს! – ძალიან მშვიდად უთხრა გამომძიებელმა ბაგის და სიგარეტს მოუკიდა. – თუ ღვინოს შევატყვე რომ მართლა ძველია, ორას მანეთს მოგცემ ნაღდ ფულად!
    – ისედაც გაჩუქებთ, ბატონო! – შეაგება ბაგიმ.
    – არავითარ შემთხვევაში! – ძალიან მკაცრად დააკაკუნა მაგიდაზე სანთებელა გამომძიებელმა. – მე ქრთამს არ ვიღებ!
    – არც მიკადრებია, ქრთამი აიღეთ-მეთქი! – დაიბნა ბაგი.
    – ჩვემ იურისტებს არაფერი გამოგვეპარება! – ღრმა ნაფაზი დაარტყა გამომძიებელმა. – თქვენ ჩემზე იფიქრეთ, ეს ცალხელა კაცი საჭეს ვერ მიუჯდება, სოფელში წასვლა გამოსაცდელად მითხრა – იმაში დასარწმუნებლად, მართლა არსებობს ის ღვინო თუ არა, მერე ადგება და მეტყვის, აქეთ მომართვი ღვინოოო, ასე არ არის? სხვა ღვინოს შემოპარებაც შეიძლება ამ შემთხვევაში, ტყუილს ვამბობ?
    – როგორ გეკადრებათ, ბატონო! – აღშფოთების გამოსახატავად სრული პიჯაკის ზედიზედ ორჯერ გასწორება არ ეყო ბაგის. – არასოდეს უთქვამს ბაგი დარასელიას ტყუილი და ამ სიბერეში რა ათქმევინებდა!.. ახლავე წავიდეთ, მაგრამ ფულს ნუ შემომთავაზებთ ღვინოში, არ ავიღებ მაინც! ოცდარვა წელზე მეტია იმ ღვინოს არ გავკარებივართ დარასელიები და ფულს ავიღებ, როგორ გგონიათ?
    გამომძიებელი თაბაშირში ჩასმულ საკუთარ ხელს დააცქერდა.
    – აბა, მართლა არსებობს ოცდარვა წლის ღვინო? – იკითხა მან და სტენოგრაფისტ გოგოს შეხედა.
    – შვილებს გეფიცებით, ხვიჩას და კაჯის და, შვილიშვილებსაც, ქეთის და უმცროს ხვიჩას! – ფიცი მაგიდაზე ხელის დატყაპუნებით წარმოთქვა ბაგიმ.
    გამომძიებელი ისევ სტენოგრაფისტ გოგოს მიაჩერდა, სტენოგრაფისტმა კი დაკითხვის ოქმში ჩაიხედა, თითქოს იქ უნდა ამოიკითხოს პასუხიო.
    – შეიძლება ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი, რომ თქვენ მოგცეთ ის ღვინო! – თქვა ბაგიმ. – რომც არ გამიშვათ მაინც გაჩუქებთ იმ ღვინოს. სულ ერთია, ჩემი ბიჭები მაინც გამომიყვანენ აქედან, აგერ ნახავთ თუ არა!.. ოღონდ ამ ღვინოს ამბავი ჩვენ სამს შორის უნდა მოკვდეს. არც ჩემმა ბიჭებმა და არც ჩემმა სიძემ არ იციან მაგ ღვინის ამბავი. ახალგაზრდები არიან, რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ცდუნებისთვის ვერ გაეძლოთ და ბიძაჩემის წყევლა არ ასცდებოდათ მაშინ!
    – აბა მე დაწყევლილ ღვინოს მტენი?! – აღშფოთდა გამომძიებელი.
    – სიტყვას მოჰყვა, თორემ ღვინო კი არ დაუწყევლია ბიძაჩემს, ქვევრზე თქვა, გადაუძახეთ ხევშიო. კაცი სიკვდილის წინ რომ დაიბარებს, გადაუძახეთ ქვევრს ხევშიო, ასე გამოდის, რომ იმ ქვევრიდან ღვინო ჩვენი გვარის კაცს არ დაელევა. აი თქვენთვის კი ნამდვილად ალალი იქნება. ხომ გითხარით, ალბათ ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი-მეთქი?
    – დაზარალებულისაც? – გესლიანად იკითხა გამომძიებელმა.
    – შეიძლება!.. იმიტომ რომ, ის უხსენებელი დაზარალებული რომ არ ყოფილიყო, ვერც თქვენ შეგხვდებოდით…
    – ორას მანეთს მოგცემ ნაღდ ფულს იმ ღვინოში, თუ არ აიღებ ჩაგალპობ ციხეში! – თქვა გამომძიებელმა. – თუ მატყუებ, მაშინაც ჩაგალპობ!
    – ვერ ავიღებ მე ფულს! რა სინდისით დავუნთო მერე ბიძაჩემს სანთელი საკურთხზე, ან როგორი თვალით შევხედო, როცა იმქვეყნად შევხვდებით ერთმანეთს?!
    – აი ამ ხელებით მოგახრჩობ, თუ არ აიღებ! – კბილებიდან გამოსცრა გამომძიებელმა და ბაგი დარასელიას ჯერ საღი ხელი აჩვენა, შემდეგ თაბაშირში ჩასმულიც.
    – არ ავიღებ! – თქვა ბაგიმ. – ბიძაჩემის სული არ მაპატიებს!
    – მე კიდევ გჭირდებით, თუ შემიძლია წავიდე? – გაუბედავად იკითხა სტენოგრაფისტმა გოგომ.
    – წადი, მაგრამ არ გაინტერესებს მაინც, როგორ დამთავრდება ეს ამბავი? – გაოცება ვერ დამალა გამომძიებელმა.
    – ის ფული, ღვინოში რომ სთავაზობთ ეჭვმიტანილს, აიღეთ და დაზარალებულს მიეცით კომპენსაციად ეჭვმიტანილის სახელით, ისიც ადგება და საჩივარს გამოიტანს. მერე თქვენც ადექით და იჩუქეთ ის ღვინო და მერე მეორე ოცდარვა წელი მაინც დაგრჩებათ მოსაგონრად და სატრაბახოდაც მისი გემო! – უპასუხა სტენოგრაფისტმა გოგომ და მისი კდემისთვის შეუფერებელი თავდაჯერებულობით გაიღიმა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    დათო ქარდავა – ვინ არის ვარსქენი?

    ვინ არის ვარსქენი?

    დათო ქარდავა

    დეპრესიას საქსოვი ჩხირებით ვებრძოდი, ამერიკის საელჩოდან რომ დამირეკეს, ერთი წლით ოკეანსგაქმა უნდა გაგაგზავნოთო. ვიფიქრე, უკბილოდ მეხუმრნენ-მეთქი, მაგრამ არა, მოვტყუვდი: ორი კვირის თავზე ჩია, სათვალეებიანმა კონსულმა ჩემი პასპორტის მეთერთმეტე გვერდზე ისრებჩაბღუჯული არწივი დაასახლა და კიდევ ორი დღის შემდეგ, ლონდონის გავლით ვაშინგტონში, ვაშინგტონიდან კი “United Airlines”-ის ბოინგით ვისკონსინის მთავარ ქალაქში, მედისონში ამოვყავი თავი. ერთი სემესტრი ადგილობრივ უნივერსიტეტში ამერიკის ჟურნალისტიკის ისტორიას, ორატორულ ხელოვნებასა და პრესის თავისუფლების მსოფლიო კომიტეტის მოწონებულ პროგრამას ვიზუთხავდი, დანარჩენი დრო კი ჟურნალისტიკის პრაქტიკულ შესწავლას მოვანდომე: ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელში გავდიოდი სტაჟირებას, შემდეგ კი ISTHMUS-ი და MADISONS WEEKLY NEWSPAPER-ი მმასპინძლობდნენ. ვერ ვიტყვი, დრო უსაშველოდ გაიწელაო, მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი დამთავრდა და ჩემს მასპინძლებს უნდა დავემშვიდობო, ასე მგონია, რომ შარშან კი არა, კოლუმბამდე აღმოვაჩინე ამერიკა…
    – თავს გაუფრთხილდით, – მეუბნება ენდრიუ და ხელს მართმევს. ჩემზე ათი თუ თორმეტი წლით უფროსი იქნება. მაღალია, ქერა და სპორტული. თავს ვერ დავდებ, გინდა თუ არა მხიარულიაო, მაგრამ თუ ვინმეს თვალსაწიერში მოხვდება, აუცილებლად გაუღიმებს, არადა როგორც თვითონ ამბობს, მძიმე სამუშაო აქვს და, წესით, პირქუში უნდა იყოს. ძირითადად ციხის ჯურღმულებზე, გამოუსწორებელ პატიმრებზე და პირქუშ ზედამხედველებზე უწევს წერა. თურმე წელიწადი ისე არ გავა, რომ საგრაფოში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ერთი ციხე მაინც არ გახსნან. ათიდან ცხრა პატიმარი ლოთი, ნარკომანი ან უბრალოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლია, რომლებმაც არც წერა იციან და არც – კითხვა. ენდრიუც თავის სტატიებში იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ განათლება დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა…
    – თავს გაუფრთხილდით, – იმეორებს და, როგორც ყოველთვის, ახლაც მიღიმის. ცდილობს მხნედ გამოიყურებოდეს, მაგრამ თამაში კარგად არ გმოსდის. მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა ვთქვა: ჩვენ შორის რაღაც ხდება, უფრო სწორად რაღაც შეიძლება მოხდეს, თუკი გადავიფიქრებ და დავრჩები, მაგრამ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია: საქართველოში ვბრუნდები! ენდრიუ კი დაბნეულია, როგორ მოიქცეს, არ იცის. პოლიტკორექტულობისა და ბევრი სხვა სისულელის მძევალია, რის გამოც ვერ გადაუწყვეტია, გამომშვიდობებისას მაკოცოს თუ – არა. ასე რომ, პირველი ნაბიჯი მე უნდა გადავდგა: ან ხელი უნდა წავართვა, ანდა გადავეხვიო… ჰო, უნდა გადავეხვიო, ასე აჯობებს, თუმცა არც მე ვარ ბოლომდე დარწმუნებული, სწორად ვიქცევი თუ არა. ამ ყოყმანში უხეირო მოძრაობას ვაკეთებ, რითაც კიდევ უფრო მეტად ვაბნევ საბრალო ენდრიუს და შედეგად შუბლებით ვეჯახებით ერთმანეთს…
    – Attention! – თეატრალური პათეტიკით ამბობს კიდევ ერთი მასპინძელი, მისტერ მალკოლმი, რომლის ხავსით დაფარულ ორსართულიან, ქვის სახლში მთელი ერთი წელიწადი ვიცხოვრე და, რომელსაც, მეუღლესთან, მისის მერისთან ერთად დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე კეთილი გულები აქვთ, – Objects in this mirror may be closer than they appear!
    ვიცინით. ენდრიუ ამბობს, რომ ბაიკერის ჩაფხუტით უნდა მოვსულიყავიო და მისტერ მალკოლმს ზურგზე უტყაპუნებს ხელს. მისტერ მალკოლმს კი ცოლის მარჯვენა ჩაუბღუჯავს და გულიანად იცინის. ალბათ, ასეთებად დამამახსოვრდებიან ეს მხიარული და სიცოცხლით სავსე მოხუცები, რომლებიც აგერ უკვე მეშვიდე თუ მერვე წელია უსასყიდლოდ თანამშრომლობენ სახელმწიფო დეპარტამენტთან და ყოველ წელს რამდენიმე თვით ჩემნაირ ვიზიტორებს მასპინძლობენ დემოკრატიის დაკლაკნილ გზაზე შემდგარი ქვეყნებიდან.
    არ დაგვივიწყოო, მეუბნება მისტერ მალკოლმი და მკერდზე პიგმენტური ლაქებით დაფარულ მტევანს იდებს, აქაო და გული არ მოგვიკლაო. რას ამბობთ-მეთქი, შევიცხადე და ბარათი ვაჩვენე, რომელიც წინა დღით მომცა და, რომელზეც ჩემი მასპინძლების ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერია მითითებული.
    მისტერ მალკოლმი ავიაინჟინერი და მოყვარული მფრინავია. წლების წინ ფლორიდაში მუშაობდა, კოსმოსში გასაშვებად შატლებს ამზადებდა. ახლა ის პენსიაშია და დარჩენილ წლებს ავიამოყვარულთა კლუბში, უფრო სწორად კი კლუბის კუთვნილ თვითმფრინავში, როგორც თვითონ ამიხსნა, პენტაგონის მიერ ჩამოწერილ შოტლანდიური წარმოების „jetstream“-ში ატარებს. კვირაში ერთხელ, პარასკევობით დაფრინავს და ამით ძალიან კმაყოფილია. წამოსვლის წინ მეც გადამეკიდა, გინდა თუ არა ფრენა უნდა გასწავლო, ველოსიპედის მართვაზე უფრო იოლიაო. ვერ დამიყოლია, მედგარი წინააღმდეგობა გავუწიე. სულ ბოლოს დაიჩემა, მაშინ ჯორჯიაში უნდა ჩამოვიდე და იქაური ცის დაპყრობაში უნდა დამეხმაროო…
    მე, რა თქმა უნდა, ავუხსენი, რომ დიდი სიხარულით ვუმასპინძლებდი მას და მისის მერის საქართველოში, რომ მათ განკარგულებაში იქნებოდა საქართველოს მატერიალური და სულიერი კულტურის ყველა ძეგლი, ბუნების ყველა საოცრება – მთების, ტყეებისა თუ ადამიანების ჩათვლით, მაგრამ ცის დაპყრობის იმედი, ტექნიკური საშუალებების სიმწირის გამო, არ უნდა ჰქონოდა… რატომო, მკითხა გულწრფელად გაოცებულმა.
    რა უნდა მეთქვა? ნაღდი ამერიკელი პენსიონერია. 24 საათი ტელევიზორი აქვს ჩართული და რასაც ლაპარაკობენ, ყველაფრის სჯერა. ამას წინათ, CNN – ის სტუდიაში ქართველი პოლიტიკოსი ჰყავდათ მიწვეული. თქვა, რომ ქვეყანა გიგანტური ნაბიჯებით ვითარდება და რომ უკვე დავეწიეთ ევროპას, ამერიკას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასო…
    – რა ხდება საქართველოს ცაში, რატომ ვერ ვიფრენთ? .
    – რატომ და, – ვცდილობ სერიოზული ვიყო, – ჩვენთან ცაში ფრენა სახიფათოა!
    – გარკვეულ რისკს ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა შეიცავს, – სავსებით სერიოზულად მიპასუხა.
    არა, მე სულ სხვა სახის ხიფათს ვგულისხმობ-მეთქი, ვუთხარი და გავიხსენე მამა თადეოზის ნათქვამი: ცაში ნუ ფრენ, შვილო ჩემო, იქ არაა ადამიანის ადგილი, დაგეჯახება ანგელოზთა გუნდი და ჩამოვარდები!
    ნათქვამმა მისტერ მალკოლმი ძალიან შეაწუხა. იფიქრა, რომ მორწმუნე ვარ და თავისი ცნობისმოყვარეობით ჩემ რელიგიურ გრძნობებს შეეხო… ცხადია, სისულელეა ეს ყველაფერი, მაგრამ ამ სულელური საქციელის გამო ახლაღა ვწუხვარ, როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ და, როცა მივხვდი, რომ სკოლაში ნასწავლი ფიზიკის კანონები მართლა მოქმედებს, რომ ცხოვრება შეუქცევადია, რომ რაც ერთხელ მოხდა, აღარ განმეორდება, რომ რაც დაკარგე, ვერ დაიბრუნებ… ერთი სიტყვით, დიდ, საშვილიშვილო შეცდომას ვუშვებ, არ ვრჩები ათი ათასი ტბისა და ახდენილი ოცნებების ქვეყანაში, სადაც ადამანები ერთმანეთს თუ არა საკუთარ თავს მაინც უღიმიან და სამშობლოში ვბრუნდები!

    * * *

    …მერილენდიდან თბილისში თვითმფრინავები არ დაფრინავენ, მერილენდიდან თბილისი არ მოჩანს… სხვა ამბავია ნიუ-იორკი, სამყაროს ცენტრი და ცივილიზაციის მწვერვალი, რომლის ჩრდილი ყველაზე შორეულ ქვეყანასა და ქალაქსაც წვდება… ამიტომაც ვმყოფები აქ, ქალაქში, სადაც უკანასკნელ სალახანასაც შეუძლია თქვას, რომ tomorrow is the first day of the rest of your life…
    ვდგავარ ტაიმსკვერზე და კოკა-კოლის სარეკლამო ეკრანის ქვეშ თბილისელ ნაცნობს, ნუგზარს ველოდები. ჩასხდომის გამოცხადებამდე 16 საათია დარჩენილი, ნუგზარი კი არ ჩანს… დროგამოშვებით საათს დავყურებ, ვნერვიულობ და ვაკვირდები ხალხის ნაკადს, რომელიც არა და არ ილევა და, რომელსაც ნიუ-იორკი როგორც ვულკანი ლავას, ისე ანთხევს საკუთარი წიაღიდან. მექმნება შთაბეჭდილება, რომ აქ, ტაიმსკვერზე შეყრილი ადამიანები ატრიალებენ იმ უხილავ მექანიზმს, რომელსაც მთელი დანარჩენი სამყარო მოჰყავს მოძრაობაში…
    ნუგზარი გასუქებულა, თმაც გაზრდია, წვერიც და მუცელიც. ზომაზე მეტად ნაღვლიანი მეჩვენა. ჯერ საქართველოში დარჩენილი მეგობრები მოიკითხა, მერე მოულოდნელად დაინტერესდა, რას შვებით, როგორ ხართ ქართველები საცვლების გარეშეო. ვიფიქრე, როგორ დაწვრილმანებულა, წლების წინ ნაჩუქარ თეთრეულს მაყვედრის-მეთქი.
    – რას გულისხმობ? – ვიკითხე დაბნეულმა.
    მშვიდად მიპასუხა: კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ, ჩემო ნინიკოო!
    სანამ საქართველოში ცხოვრობდა, ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა, ცალკე კურსი მიჰყავდა მოდის ისტორიაშიც. ნუგზარის თვალსაწიერში ხვდებოდა მოდის ტენდენციები როგორც ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში; ასევე აღორძინების, რეფორმაციისა და კლასიციზმის პერიოდში შეკერილი წაღებ-ქოშები, კაბა-შარვლები, კრინოლინები და სხვა ჭრელა-ჭრულა ჭინჭები. თუმცა, პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა ნუგზარი, მეგობრებთან ერთად, სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე სილამაზის სალონსა და თეთრეულის მაღაზიასაც ამუშავებდა.
    ეტყობა ძალიან განიცადა საქართველოდან წასვლა. ვერ მეჩვენა მხნედ.
    ვუთხარი, რომ სამშობლოში ვბრუნდებოდი და ბილეთი ვუჩვენე.
    ეგონა ვეხუმრე. ახლა არ მითხრა, რომ მამა-პაპათა მიწა გვიხმობს და პატრიოტულ ექსტაზში ქუდზე კაცი უნდა შევიყაროთო.
    – არ გადამრიო, ნინიკო! მითხარი, რა გემართება!
    მხრები ავიჩეჩე.
    – გელოდება ვინმე?
    – არა.
    – რამე გეგმები გაქვს?
    ისევ მხრები.
    – მოგდევს ვინმე?
    – კარგი რა…
    – აბა, მისდევ ვინმეს?
    – მორჩი მაიმუნობას!
    – აბა, რა გინდა, აქ დაეტიე და შეირგე დემოკრატიის მონაპოვარი!
    ბევრი მეჩიჩინა, მაგრამ ბილეთი მაინც ვერ გამომგლიჯა ხელიდან. ბოლოს თავისთან, სალონში დამპატიჟა, რას ჰგავხარ, გაგალამაზებ მაინცო. კვინსში, უკრაინელ ემიგრანტებთან სარდაფს ქირაობდა. სავარძელში რომ დამსვა, მაკრატელი და სავარცხელი რომ მოიმარჯვა, ისევ თბილისელ ნუგად იქცა…
    ეჰ, ჩემი ნუგა-ნუგზარა პარიკმახერი კი არა, ნამდვილი ფილოსოფოსია. თმას მარტო ფერს, ფორმასა და სიგრძეს როდი უცვლის. ცდილობს ვარცხნილობასთან ერთად აზრებიც შეგიცვალოს, გექაქანება და გექაქანება…
    – ვერავინ დამწამებს გულგრილობას, მაგრამ ვერ ვიტან ვარსქენებს, დაკომპლექსებულ ქართველ მამაკაცებს, რომლებსაც, ვითარცა მძვინვარე მხეცებს, დღენიადაგ ასტამი და მჯიღი აქვთ მომარჯვებული. ამ ვარსქენებთან ბრძოლას შევალიე ჩემი სიჭაბუკე… შენ ხომ კარგად იცი, პოლიტიკა არასოდეს მიტაცებდა, მაგრამ თავი მაინც არ დამიზოგავს – რაც შემეძლო ვიდექი იმ წვიმასა და ქარში, სანამ თირკმელები არ გამიცივდა, ისედაც ნეფროსკლეროზისკენ მაქვს მიდრეკილება, ყმაწვილკაცობიდან დაბალ სიცხეებს ვატარებ… არავის ვაყვედრი, მაგრამ ჩვენს დასაფიცარ სამშობლოს დემოკრატიული მსოფლიოს თვალწინ ერთი ტრუსიკი მეც ჩავაცვი! ვიფიქრე, ვარსქენების დრო ისტორიას ჩაბარდაო და ბავშვივით გავიხარე. რა გულუბრყვილო ვიყავი, არა?..
    თან ქაქანებდა, თან თმას მივარცხნიდა. ასე არაფერი ეშველებაო, თქვა და გულის ჯიბიდან მაკრატელი და სავარცხელი ამოიღო. მერე ამასაც რომ მორჩა, უჯრიდან პლასტმასის ქილები ამოალაგა.
    – რომელს ხმარობ? – სხვათაშორის იკითხა და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, საღებავი გააზავა.
    – 6-6-5, – ვთქვი შეცბუნებულმა.
    – 6-6-7 უფრო მოგიხდება, – მითხრა და ვითომც არაფერიო, ღიღინით გააგრძელა საღებავის წასმა. რომ მორჩა, დაველოდოთო, მითხრა და სიგარეტს მოუკიდა. მე კი ვიჯექი და სარკეში ვაკვირდებოდი თმას, რომელიც არა და არ ქერავდებოდა… მერე ჩამომბანა და დამვარცხნა.
    – აბა, ახლა ნახე! – მითხრა წელვით და სავარძელი, რომელშიც ვიჯექი, სარკისკენ შემოატრიალა.
    – რა გააკეთე? – მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე.
    თმა დაემოკლებინა და ალისფრად შეეღება!
    ალისფერი ხომ ჩემი თმის ბუნებრივი ფერია, რომელიც შთამომავლობით მერგო და, რომელსაც რაც წამოვიზარდე, მას მერე ვმალავ, როგორც კეთროვანი წყლულს, როგორც ჭლექიანი სისხლიან ნერწყვს…
    – ნინიკო, ნახე ახლა სულ სხვა ადამიანი ხარ, – არ ცხრებოდა ნუგზარი, რომელმაც მოახერხა და ვარცხნილობასთან ერთად აზრებიც შემიცვალა.
    – ვინ გთხოვა წითლად შეღებვა?
    – წითელი? – გულწრფელად გაიკვირვა, – საიდან მოიტანე… წითელი კი არა მზის ფერია… უდაბნოში ჩამავალი მზის ფერი!
    – არ ვიცოდი, მზეს თუ ეთაყვანებოდი.
    – რას ამბობ, მზეზე ვგიჟდები!
    – მერე, ვინ არის წინააღმდეგი, – ბრაზი მომერია, – მაგრამ ერთი მზე იკმარე. რა, მაინც და მაინც მე უნდა ვატარო მხრებით?
    – ძალიან გიხდება… რას ერჩი… დაე, მუდამ იყოს მზე!
    – გეყოფა! – ვიყვირე, – არ მესმის ეს რა ხუმრობაა! თუ გინდა მზე არ დაგიბნელო, ეს თმები ან გაამუქე, ან გააღიავე!
    – არ შემიძლია!
    – რატომ?
    – ჯერ ერთი ძალიან გიხდება…
    – სხვა?
    – სხვა… საღებავი არ მაქვს!
    – ხუმრობ?
    – თვით სერიოზულობა ვარ!
    – მომიწევს შენი გამხიარულება, – ვთქვი და მაკრატელს დავწვდი, – იცოდე, ყველაფერს დავამტვრევ ამ საშინელ ოთახში, რაც ჩემს ალისფერ თმებს აირეკლავს!
    მიხვდა, რომ მართლა ძალიან გავბრაზდი, რომ მართლა არ ვხუმრობდი, მაგრამ რაღა დროს. უზარმაზარი სარკე, რომელიც ლამის მთელ კედელს ფარავდა საშინელი ხმაურით ჩამოიშალა. არადა, მე არაფერ შუაში ვიყავი, მაკრატელი ისევ ხელში მეჭირა.
    სარკის გატეხვა ცუდის ნიშანია!
    კარში ორი კაცი იდგა. ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს: შავი თმა მოკლედ ჰქონდათ შეჭირილი, სამყაროსაც შავი სათვალის ოვალებიდან აკვირდებოდნენ, ეცვათ გრძელსახელოებიანი შავი პერანგები, შავი ჯინსები და შავი სამხედრო ბათინკები.
    – ღმერთო ჩემო! – შეიცხადა ნუგზარმა, – ვახო, შენ აქ საიდან?
    – საიდან და სარკიდან!.. აი, იმ სარკიდან, რომელიც წუთის წინ აქ ეკიდა… ახლა კი, ნახე რა დარჩა მისგან… – თქვა და ორიდან ერთმა, ვახო რომ ერქვა, ფეხით სარკის ნამსხვრევები მიმოფანტა. – როგორ ფიქრობ, ამ პატარა ნატეხს ახსოვს კედელზე რომ ეკიდა, ლამაზი სარკის ნაწილი რომ იყო და შენნაირ განდონებს რომ ირეკლავდა?
    ნუგზარი ოფლში ცურავდა. პასუხზე დიდხანს არ უფიქრია. არ უნდოდა შაოსანი მამაკაცების გაღიზიანება.
    – სარკეა, სარკის ნატეხს რა უნდა ახსოვდეს?
    – მერე, შენც სარკის ნატეხი ხო არ ხარ, ახვარო, ყველაფერი რომ დაივეიწყე?
    – აგიხსნი, – ნუგზარმა ოფლი მოიწმინდა, – თუ დამაცდი, ყველაფერს აგიხსნი!
    – რა დროს ახსნა და ლაპარაკია, ნუგზარ, კარგად მიმოიხედე ირგვლივ, აზრზე მოდი, სად იმყოფები. აქეთ, ტაიმსკვერი, იქით სტატუა სვაბოდი, ემპაიერი და ამბავი… აქ ლაპარაკზე დროს ვინ კარგავს, აქ, დრო ფულია, შეჩემა… ბევრი გეძებე, ბევრი დრო დავკარგე, მაგრამ მგონი წვალებად ღირდა… ფული მოიტა, ბიჭო!
    ნუგზარს ფული არ ჰქონდა, არადა შავებში ჩაცმული მამაკაცები 5 ათას ითხოვდნენ. ის, რომელიც ხმას არ იღებდა, იარაღით იყო მოსული. როგორც ჩანს, დამტვრეული სარკეც მის სინდისზე იყო, მაგრამ სარკე რაა, ნუგზარსაც არ დაინდობდნენ…
    ძველი კადილაკით წაგვიყვანეს. თავიდან ნუგზარს საბარგულში უპირებდნენ ჩატენვას, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს. მე უკანა სავარძელზე დამაჯინეს, ნუგზარი კი ფეხებთან დააგდეს. სკამზე დაჯდომის საშუალება მას არც მერე მისცეს, როცა ხელისკვრით დიდ, უფანჯრებო ოთახში შეგვყარეს.
    – შენი ხმა არ გავიგო, – გამაფრთხილა ვახომ და ნუგზარი ხელისკვრით გაიგდო წინ, ოთახის სიღრმეში, სადაც ორკარიანი უზარმაზარი მაცივარი ზუზუნებდა. კარზე ბიჭის ფოტო იყო გაკრული, იქვე ხელისგულისოდენა ხატი იდგა და სანთელი იწვოდა.
    – გეცნობა? – ჰკითხა ვახომ.
    ნუგზარი სურათს დააკვირდა.
    – როგორ არა… რა ქვია, სახელი დამავიწყდა… ზემელზე…
    – გიგიბერია.
    – ხო, გიგიბერია! გამახსენდა, თემუჩა გიგიბერია!.. რა დაემართა?..
    – აქ ვინახავთ. პროზექტურაში ძაან დიდი თანხა მოთხარეს: სუტკა 150 დოლარი. თბილისში აზრზე არიან, მაგრამ მაყუთი არ გვაქვს ტრუპი რომ გავგზავნოთ, არადა დედამისს დავპირდი, ამ ახვარ ბურჟუებს არ დავაფერფლინებ-მეთქი… მოკლეთ, მაგარ გაჭედილში ვართ, ფული გვჭირდება…
    – ვახო, ხო იცი როგორ გაფასებ, – შეწუხდა ნუგზარი, – ახლა ცენტიც არ მაქვს, ცოტა მაცადე, სული მოვითქვა და ყველაფერს გადავიხდი…
    – როდის გადაიხდი?
    – ორ თვეში!
    – ვერ გავიგე, ორ დღეში?
    – გამიგე რა, არ მაქვს…
    – გაგიგებდი, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ახლა ჩემი ჯერია… მე უნდა გამიგო, ფული მჭირდება, ძალიან მჭირდება!
    – ვიცი, რომ გჭირდება! ვიცი, რომ გეკუთვნის, მაგრამ უცხო ხომ არა ვარ? ცოტაც მაცალე…
    ჯერ ის გამიკვირდა ნუგზარმა ხელკავი რომ გამოსდო მასპინძელს და მერე ის, რომ გარეულ ბატებზე დაიწყო ლაპარაკი: თურმე, უცხო გუნდში მოხვედრილი გარეული ბატები ცნობენ ერთმანეთს და სხვების წინააღმდეგ ერთიანდებიან, ჩვენ რაღა გვემართება, ამ დასაკარგში ერთმანეთს ტყავი რომ არ გავაძროთო…
    კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ უსახელო შაოსანმა ფეხებშუა ამოარტყა. ნუგზარი მუხლებზე დაეცა. შაოსანმა უკნიდან შემოუარა. გაჩერდა. ერთი ხანობა უყურა, თითქოს დაფიქრდა, რა გავაკეთოო და ბოლოს მხრებზე დააჯდა. ნუგზარი ტიროდა, შაოსანი მხედარი კი, აჩუ, აჩუო, იძახდა…
    – კარგი ეყოფა, – თქვა ვახომ და ნუგზარი სკამზე დააჯინა, – გარეული ბატებიო? ეტყობა, ჩვენი მეგობარი „ვ მირე ჟივოტნიხ“-ს უყურებს, იქნებ „ენიმალს პლანეტ“-საც? კარგი რამეა, ერთხელ მეც ვუყურე ვირთხების ცხოვრებაზე გადაღებულ მაგარ ფილმს. მერე წიგნიც წავიკითხე ვიღაც გერმანელი თუ ავსტრიელი მეცნიერისა…
    – არა მაქვს, რომ მქონდეს, ხო იცი, გადავიხდიდი…
    – გეტყობა, რომ ძალიან გაინტერესებს შენი ძმების ამბავი… ხოდა, იმას გეუბნებოდი, რომ ვირთხები ოჯახის შიგნით ერთმანეთს არ ერჩიან. ქება და დიდება მათ ამისთვის, მაგრამ თუ ოჯახსმოწყვეტილი, სუნშეცვლილი ვირთხა უკან დაბრუნდება, მას ნაფლეთებად აქცევენ… შენ, ჩემო ნუგზარ, ძალიან გავხარ სუნდაკარგულ ვირთხას…
    – გეყოფა, გეყოფა… – ქვითინებდა ნუგზარი.
    – და კიდევ, პირველობისათვის ბრძოლაში იცი, რომელი ვირთხა იმარჯვებს? ყველაზე დიდი? ყველაზე ჭკვიანი? ყველაზე ცბიერი? ყველაზე სასტიკი? ნურასუკაცრავად! ის, რომელიც ყველაზე ადრე შეწყვილდება მდედრთან და მისი დახმარებით გაუსწორდება მტრებს! ეგრეა, კარგი მდედრი ბევრს ნიშნავს! – თქვა ვახომ და ჩემკენ გამოიხედა.
    – მე გადავიხდი, – ვიყვირე აკანკალებულმა, – ოღონდ 2 ათასს, მეტი არ მაქვს!

    * * *

    ქუჩაში დამეწია. სულ ბოდიში და მადლობა მიძახა. ასეთ ამაგს მთელი ცხოვრება არ დაგივიწყებ, ფულს კი ორ თვეში დავაბრუნებო, მითხრა და ცრემლები მოიწმინდა. არ ვაპირებდი გაჩერებას, მაგრამ მომეჩვენა, რომ ტუტუცურად ვიქცეოდი და შევურიგდი, თუმცა გადაკოცნა რომ დამიპირა, არ დავანებე.
    – რესტორანში წავიდეთ, – ხელკავი ისე გამოდო, თითქოს არაფერი მომხდარა, – თითო ფინჯანი ყავა დავლიოთ და ტოლიკას მოვუსმინოთ.
    – ვინ ტოლიკას?
    – მაჭავარიანს, მომღერალს…
    – რას მღერის… „თბილისოს“?
    – რა იყო, „თბილისოსაც“ მღერის და ბევრ სხვა რამესაც… რა გიკვირს, ქართულ რესტორანში მუშაობს…
    სენტიმენტალურიც გამხდარა! რომ ჰკითხო, ვარსქენებს ვერ იტანს და თბილისი ეზიზღება.
    – იცი, რატომ წამოვედი საქართველოდან? – რესტორანშიც არ მომასვენა, – სიმართლე გაინტერესებს? გითხრა? იმიტომ, რომ არაფერი შეიცვალა – თითქოს რაღაცა მოხდა, მაგრამ სინამდვილეში ქვეყანა ისევ ვარსქენების ხელში დარჩა! ძველებურად ჭამენ, ტ…ნავენ და კლავენ ერთმანეთს, არადა, ნოემბერში ვისთვისაც უნდა გეკითხა, აქ ამ წვიმაში, ქარში და სიცივეში რა გინდა, რისთვის დგახარო, გეტყოდა Liberté, Égalité, Fraternité-ო. მითხარი ასე არ იყო?
    თავს ვუქნევ, ვეთანხმები და ვცდილობ დავივიწყო, რაც მოხდა.
    – გითხრა, კიდევ რატომ წამოვედი, – ჩურჩულზე გადადის ნუგზარა, – გითხრა?
    – მითხარი, არაფერი დამიმალო! – ისე ვამბობ თითქოს მართლა მაინტერესებს, სინამდვილეში კი მთვრალი ვარ და დაკარგულ ფულს მივტირი.
    – იმიტომ რომ ტრაკი არ მქონდა!
    – რაა?
    – რაც გაიგე!
    – ნუგზარ! – შევიცხადე მე, – რა ტრაკი არ გქონდა, შენ ხომ გეი ხარ!
    – საქმეც ეგ არის! გეი აქ ვარ, თორემ იქ, თბილისში არაფერი ვიყავი!
    – ეგ როგორღა გავიგო?
    – როგორც გინდა!
    – მაინც?
    – გეი რომ იყო, ამისთვის მარტო სწორი ნაწლავი არ კმარა! იქ, ჩვენ სათაყვანებელ სამშობლოში გეი რომ იყო, ტრაკიც უნდა გქონდეს!..
    – რას გულისხმობ?
    – კარგად იცი, რასაც!
    ჩემი არ იყოს, სასმელი ნუგზარსაც მოეკიდა. არ ჩერდება, სულ ლაპარაკობს, თუმცა ხმაურის გამო, სიტყვების გარჩევა მიჭირს. რესტორანს „ნიკალა” ჰქვია, დაბალჭერიანია და ფანჯრებიც არ აქვს, კედლებზე კი ვითომ ფიროსმანის ნახატები ჰკიდია: “Feast with Organ-grinder”, “Lamb of god”, “Fisherman Wearing a red shirt…” და მენიუც ვითომ ქართულია. სულგუნის მაგივრად მაცარელა აქვთ, ღომის მაგივრად – მანანის ფაფა, ღვინოც ვარდისფერია, მგონი კალიფორნიული…
    – რამაზიკო, ჩემი ბიჭი, – ნუგზარი უხმობს ოფიციანტს, რომლის ქართველობას შავი ჯინსები, შავი მაისური და ჭაღარაშერეული შავი ულვაში ამხელს. – ჭაჭა თუ შეიძლება! – ლამის ყვირილით უკვეთავს და სანამ ოფიციანტი დაბრუნედება, ჭაჭის მოლოდინში არახისის საცივს ხვრეპს.
    – ასეც ვიცოდი, – ამბობს გულგატეხილი, – ხორბლის არაყი მომიტანეს…
    ამასობაში ტოლიკა „თბილისოს“ მორჩა და „ჩემი ხატია სამშობლოო“ წამოიწყო. თბილისელია, გვარად მაჭავარიანი. მამა რომ გარდაეცვალა, დედა წალკელ ბერძენს გაჰყოლია ცოლად. მზითევი რომ ჰქონოდა, კიდევ ხო, მაგრამ ხელცარიელს ქმრის ოჯახში ბავშვის მიყვანა ვერ გაუბედავს, რის გამოც, ტოლიკამ ბავშვობა კოჯრის სკოლა-ინტერნატში გაატარა. ქართული ესმის, მაგრამ ვერ ლაპარაკობს, დაავიწყდა, სამაგიეროდ მღერის.
    დაღამდა. რესტორანში ხალხმა იმატა. საბჭოთა კავშირი რუკიდან გაქრა, თორემ ემიგრანტები კვლავინდებურად შეკრული არიან მძლე და ძმური კავშირით. ქართველი, სომეხი, რუსი, უკრაინელი და აზერი აქ ისევ ერთად არიან. ტოლიკა ახლა მილიონ ალისფერ ვარდზე მღერის…
    ნუგზარი მიხსნის, „ნიკალასთან“ სულ ნაღები საზოგადოება იყრის თავს, ვინც წლების წინ უტრუსიკო ცხოვრებას გამოექცაო…
    შემოწმება მინდოდა, მართლა ყველა ტრუსიკით იყო მოსული თუ
    არა, მაგრამ სახელოში დამქაჩა და წამოდგომის საშუალობა არ მომცა. დებილო, ადგილზე დაეტიე, შენ თავს მიხედეო. საჯდომსო, ალბათ უნოდა ეთქვა.
    თუ ნუგზარს დავუჯერებ, ხორბლის არაყი ჭაჭას ვერ შეედრება, მაგრამ, ვხედავ, თავის საქმეს მაინც აკეთებს. სასმელი ჩემზე შუქურასავით მოქმედებს: ხან გამინათდება გონება, ხან კი პირიქით, დამიბნელდება. ბოლო გამონათებისას ჩამესმა:
    – ვისაც მე ჩავაცვი, სწორედ იმან გამხადა!
    – ჩოხა? – რატომღაც კლასიკოსის ნათქვამი გამახსენდა.
    – არა, ტრუსიკი!
    მინდოდა მეთქვა, ამ ტრუსიკებში ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვდიო, მაგრამ ვერ მოვასწარი: არახისის საცივი, კალიფორნიული ღვინო და ხორბლის არაყი – ყველაფერი ერთმანეთში აირია და ხმის ამოღება ვერ შევძელი!
    მთელი ღამე მეტროთი ვიმგზავრე, ნიუ-იორკის ცნობილი მეტროთი, ხალხი ტალონს სამახსოვროდ რომ ინახავს, აქაოდა ნიუ-იორკის მეტროში ვარ ნამყოფიო, მაგრამ მე ხეირიანად არაფერი მახსოვს მქროლავი ლამპიონებისა და თეთრი კაფელის კედლების გარდა.
    მთელი ღამე სახალხო დამცველს ვუხმობდი საშველად და ტრუსიკს ვაჩვენებდი ყველას: არაფერი შეგეშალოთ, მე თქვენ აქ უტრუსიკო ვინმე არ გეგონოთო.
    დილას რომ გავიღვიძე, ლოგინში ვიწექი. უტრუსიკოდ, რა თქმა უნდა. მხლოდ პერანგი მეცვა და თავზე შემოხვეული ნუგზარის პატიაშკები მახრჩობდა. გუშინდელი გამახსენდა: ნუგზარის წვერებიანი სახე; წითლად შეღებილი ჩემი თავი, რომელიც საშინლად მტკიოდა; ვახო და მეორე ტიპი… ფული!!!
    – უნიფხვო მონებო!!! – დავიყვირე და ტუალეტისკენ გავლასლასდი, მაგრამ იქ ვიღაც მამაკაცი შხაპს იღებდა და აშკარად ჩემს გასაგონად ყვიროდა:
    – who is warsqen?
    ნეტა, ვინ უნდა იყოს? ხომ არ მომეჩვენა, ენდრიუს ხმას ჰგავს, მაგრამ აქ რა უნდა, საიდან გაჩნდა?
    – ნუგზარ! – ვკივი მთელ ხმაზე.
    – გაიღვიძე სიცოცხლე? – მშვიდი ხმით მეზობელი ოთახიდან მეხმიანება. – მოდი ძვირფასო, გელოდებით, გაგონილა ამდენი ძილი?
    შევდივარ ოთახში, სადაც ნუგზარი, ჩემდა გასაოცრად, მისტერ მალკოლმთან ერთად სიგარეტს ეწევა და ყავას მიირთმევს.
    – დილა მშვიდობისა, – მიღიმის მოხუცი მფრინავი, რომელსაც ტყავის მოკლე ლაბადა აცვია. – ძალიან მიხარია, პატარავ, დარჩენა რომ გადაწყვიტე, სწორი გადაწყვეტილება მიგიღია.
    – მისტერ მალკოლმ!..
    – რა საჭიროა! – შემაწყვეტინა, – ენდრიუ ძალიან ბედნიერია. სავარძელში ძლივს დავაბით, ლამის თვითმფრინავიდან გადმოგვიხტა… ისე, ბედი გქონიათ, დღეს ხომ პარასკევია – კლუბში ფრენის დღე გვაქვს, ჰოდა, შენს დაძახილზე გამოვფრინდით…
    – მერე თბილისი? – დაბნეული ნუგზარას მივჩერებივარ, თითქოს მისგან ვითხოვ შველას. – თბილისში რომ მივფრინავ?
    – თბილისი? – შეიცხადა ნუგზარამ, – წუხელ სხვანაირად ლაპარაკობდი!
    – სად ვლაპარაკობდი?
    – აქ, ლაპარაკობდი, აი, აქ, ტელეფონზე!.. ენდრიუს დაურეკე. თუ გიყვარვარ ჩამომისწარი, არ გამიშვა იმ ჯოჯოხეთში, არ გამიშვა, არ ჩამაგდო ვარსქენების ხელშიო, ეხვეწებოდი, დაგავიწყდა?
    – მე ვეხვეწებოდი?
    – ჰო, შენ! რა, მართლა არაფერი გახსოვს?
    – არაფერი!
    – კარგი რა, სად გაგექცევა თბილისი, სხვა დროს დაბრუნდები!
    – სხვა დროს?
    – ჰო, სხვა დროს!
    – რომელ სხვა დროს, ნუგზარ, რომელ სხვა დროს, დრო ხომ ერთია!
    ნუგზარი დუმს, არაფერს ამბობს, ენდრიუ კი აბაზანიდან ყვირის: “who is warsqen?“
    რა ვქნა?
    …ისე, არ არის ცუდი ტიპი, თან ვიცნობთ ერთმანეთს, საქმეც და ინტერესიც ერთი გვაქვს… კი ბატონო, დავრჩები, მაგრამ რა ვქნა, რა ვუპასუხო, როგორ ავუხსნა, ვინ არის ვარსქენი?
    p.s. აქ, ვისკონსინში დაქალი გავიჩინე, ირინა – სანახევროდ ესტონელი, სანახევროდ უკრაინელი. ერთმანეთი ადგილობრივ უნივერსიტეტში გავიცანით. ძალიან კარგი ვინმეა, სასიამოვნო გარეგნობის და ისეთი ენერგიული, რომ ყველაფერს ასწრებს: თან სწავლობს, თან იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობს. წელიწადში სამჯერ თუ ოთხჯერ სხვადასხვა შტატში სასამართლო პროცესებზე თარჯიმნად იწვევენ ხოლმე. ერთხელ ირინამ მითხრა, რომ ყველაზე ძნელად საბჭოთა ადამიანები იცვლებიანო. მხოლოდ საბჭოთა ადამიანებს შეუძლიათ ყველაზე რთული რამ: დროის გაჩერება! ათი-თხუთმეტი წელი ისე იცხოვრებენ, რომ თავში HI–ის გარდა არფერს შეუშვებენ, ოდნავადაც კი არ შეიცვლებიანო. სწორედ ირინა და მისი ნათქვამი გამახსენდა, როცა ნუგზარი და „რუსული მაფიის“ სხვა წევრები ნიუ-იორკის პოლიციამ დააპატიმრა. 2006 წლის მზიანი დეკემბერი იყო. დილის გაზეთის მეექვსე გვერდზე მოთავსებული სტატიიდან შევიტყვე, რომ თაღლითობდნენ, ქურდობდნენ და თანამემამულეებს ფულს სძალავდნენ… მოგვიანებით ჩვენების მისაცემად სასამართლო პროცესზე მეც დამიბარეს. განსასჯელთა შორის ამოვიცანი მხოლოდ ვახო, უსახელო შაოსანი და გიგიბერია მაცივრის კარზე გაკრული სურათიდან. ნუგზარმა კი წყლიანი თვალებით შემომხედა და გულწრფელი სინანულით მითხრა, მაპატიე, ძალიან გამიჭირდაო…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ერეკლე დეისაძე – მამა

    მამაჩემი ყოველდღე უთენია დგება, ძველ რადიომიმღებს რთავს, ღია ფანჯრიდან ნისლიან ქუჩას აკვირდება და ფინჯან ჩაის სულმოუთქმელად ხვრეპს.
    “ამჯერად ხელისუფლება დათმობაზე მიდის, ოპოზიცია კი უკან დახევას არ აპირებს” – ღრიალებს რადიომიმღები.
    მამას ეღიმება, თითქოს მოცარტის მეორმოცე სიმფონიას უსმენს და ესთეტიკური ორგაზმის ტყვეა.
    მაგიდაზე წინა დღის შავი პური და რამდენიმე ნაჭერი ყველი დევს.
    – არ გშია? – მეკითხება ახალგაღვიძებულს.
    – არა, – ვპასუხობ გულგრილად და თბილ საბანში ბოლომდე ვიმალები.
    საწოლის თავზე დედა შავ-თეთრი ფოტოდან მიღიმის.
    დაორთქლილ ფანჯარასთან, სადღაც ახლოს, შეციებული მტრედი ღუღუნებს.
    “სპეცრაზმი ისევ მობილიზებულია, მოსახლეობა კი პანიკაშია… მათი რაოდენობა თანდათან მატულობს”.
    მამა პურის ნატეხს ფშხვნის და მტრედებს აივნის ღია კარიდან მშვიდი იერით აპურებს.
    “მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ნატო-ში შედის, დღევანდელი ვითარება სრულიად წარმოუდგენელია”, – არ ცხრება რადიომიმღები.
    – ნატოში არა, ნაწყლში შევალთ, – ამბობს მამა და თავისთვის ხითხითებს.
    90-ანებში მხედრიონელი იყო მამა…
    ზვიადი… კიტოვანი… იოსელიანი… ზვიადს რო უღალატეს… მიტინგი დახვრიტეს და ა.შ. ეს ამბები არასდროს მაინტერესებდა; რაც ვიცი, ისიც მამაჩემისგან. სიმთვრალეში ყოველთვის იხსენებს მაშინდელ ისტორიებს და პატრიოტიზმს თავისებური ჟესტებით გამოხატავს.
    “სნაიპერის ნასროლ ტყვიას დღემდე ხერხემლით დავატარებ და ეგ იმიტომ, რომ ჩემი სამშობლო ასე ძალიან მიყვარს,” – იტყვის და ხელებს განზე შლის, შუბლს ოდნავ შეკრავს და “საქართველო ლამაზოს” ბოლო ხმაზე ღნავის.
    მამას სამხედრო ფორმა და ომისდროინდელი “ბათინკები” აცვია, ამინდის მიუხედავად, თავზე ყოველთვის ბერეტი ხურავს, ცხვირზე კი შავი “რეი-ბანები” დაუკოსებია.
    გარეგნულად გარეწარის შთაბეჭდილებას ტოვებს, შინაგანად ორმაგად გარეწარია.

    * * *
    ერთ დღეს დამიძახა და მკითხა: “როგორ გგონია, ცოდვა ყოველთვის ბოროტებიდან გამომდინარეობს?” ჯერ კაიფში მეგონა, მაგრამ, სახეზე რომ დავაკვირდი, მივხვდი, სერიოზულად მეკითხებოდა.
    – არ ვიცი-მეთქი.
    გაბრაზდა. სირი ხარო, მითხრა. შენხელა რო ვიყავი, უამრავ რამეზე ვფიქრობდი, შენ და შენი თაობა კი სექსს და ნარკოტიკებს ვერ გაცდითო…
    მერე დამშვიდდა…
    იცოდა ხოლმე გაფრენები, ყველას და ყველაფერს აგინებდა, შემდეგ ხელისგულებს თავზე დაიწყობდა და მონოლოგის კითხვას იწყებდა:
    “ღმერთი მარკეტინგულად შეფუთული წმინდა სახის პროდუქტია, რომლითაც იმართება მასა, რომლის ცნობიერება სავსეა ნალექით. დღეს სნობიზმით გაჟღენთილი საზოგადოება მზადაა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს გაუთვიცნობიერებელი პროდუქტის გადასარჩენად.
    ერესი ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გონებრივი ერექცია განვიცადოთ, შევიყვაროთ ისეთი ღმერთი, როგორიც ბიბლიაშია, და არა ისეთი, სასულიერო პირები რომ ცდილობენ თავზე მოგვახვიონ და თვითონ გაბატონდნენ ჩვენზე, დღევანდელ ეპოქაში რელიგიამ უხეში ევოლუცია განიცადა, რის შედეგადაც მივიღეთ აგრესიული ორთოდოქსების ფრთა, რომლებმაც ჯვარი საბრძოლო იარაღად აქციეს, ყალბ პათეტიკაზე გაზრდილებს უჭირთ ამ წმინდა აქსიომასთან შეგუება, იგი უარყოფს ყოველგვარ სექტას და რეალურად გვიჩვენებს გზას მარადისობამდე…
    რაც შეეხება ცოდვას, ის შეიძლება არა მარტო ბოროტებამ, არამედ სიკეთისა და ბოროტების ჭიდილმაც გამოიწვიოს”.
    მაგალითად წმინდა გიორგის ხატს ასახელებდა, რომელზეც ამბობდა, ამ ხატის დანიშნულება და ძალა ჩემთვის მიუწვდომელიაო.
    რატომ-მეთქი, ვკითხე. გაეხარდა ჩემი დაინტერესება. მარტივად აგიხსნიო, დამაიმედა. ჯერ “გიყვარდეს მტერი შენიო” მითხრა, შემდეგ ხატზე მიმითითა, აქ მტერი კი არ უყვარს, სძულს და შუბით კლავსო, ამიტომ ეს ხატი და ქრისტეს სიტყვები ურთიერთგამომრიცხავიაო.
    ვერაფერი ვუპასუხე.
    მისი აზრებისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ბოლომდე იგივე პოზიციაზე დავრჩი…

    * * *
    თოთხმეტის ვიყავი, დედა რომ დავმარხეთ.
    მამა ჯერ გალოთდა, მერე წამალზე შეჯდა. ეგ და რაფიკა დოზას დოზაზე ამატებდნენ, მთელი ქალაქის ძაღლობა ამათ დასდევდა.
    უბანში მამას ყველა პატივს ცემდა, თითქოს მათ გვერდით ყოფილი მხედრიონელი კი არა, ცით მოვლენილი სასწაული იდგა, შეიძლება შიშის ამბავიც იყო, იმიტომ, რომ თუ გადაეკეტებოდა, ყველაფერი ეკიდა.
    ერთხელ სამოქალაქო ომის დროს ბიჭებმა გაიჩხირეს. მერე ქაშუეთის ეკლესიასთან მღვდელი დაინახეს. აუშარდნენ, ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და შენ რა პონტში დადიხარო, მღვდელმა თოვლის ბაბუა კი არა, მამა ვარო, მამა ბასილი. ბიჭებმა მაგრად ჩასცინეს, შენ ბოროტი თოვლის ბაბუა ხარ და შავი წვერიც ამიტომ გაქვსო. მამაოს პირჯვრის გადაწერის შემდეგ მუხლებზე დამდგარს დაუწყია ლოცვა, მამამ კი საჩუქრების ხურჯინი ითხოვა და მღვდელს თავი გადაპარსა.
    კაიფიდან გამოსულებს გზად მომიტინგეები გადააწყდნენ, ჩვეულებრივი მოსახლეობა, უმეტესად მოხუცები და ბავშვები. “ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი!” – გაჰყვიროდნენ ერთხმად. მამას ჯერ გინება დაუწყია, შემდეგ ეროვნული დროშებით აღჭურვილებისთვის ავტომატის ჯერი გადაუტარებია და მანქანით ათესილა.

    * * *
    სავარძელში ზის მამა…
    სიგარეტს ღერი ღერზე ეწევა, ღრმა ფიქრებშია წასული.
    ერთი საათის წინ გაიგო რაფიკას ამბავი. არავინ არაფერს ამბობს, ყველამ იცის, რომ გაიპარა.
    დაბოღმილია მამა.
    პირდაპირ კედელზე წმინდა გიორგის ხატს უყურებს, ესეც ომისდროინდელია, საკმაოდ ძვირფასი და ოქროსფრად მოჩუქურთმებული.
    – ეჰ, რაფიკ, შე ბოზო, – ოხრავს მამა. მზერა ჩემკენ გადმოაქვს,
    ერთხანს დაჟინებით მაშტერდება, მერე ისევ ახალ ღერს უკიდებს და ნამწვებით
    სავსე საფერფლეს ადგილს უნაცვლებს.
    – ისე, რას შვები, ახალი რა არის? – მეკითხება.
    მხრებს ვიჩეჩავ. ვგულისხმობ, რომ ახალი არაფერია, ყველაფერი ძველებურადაა. ვატყობ, უხმო ჟესტი არ აკმაყოფილებს.
    – სკოლაში რა ხდება?
    – არაფერი.
    – როგორ “არაფერი”, ტყუილად დადიხარ?
    – უფრო სწორად, ყველაფერი ძველებურად მიდის, – ვცდილობ, არ გავაღიზიანო.
    – ძველებურად რო მიდის, იმიტო გენძრევათ, ელასტიკიანი ბიჭების თაობა, ბალერონები ბლიად!
    მგონი ნასვამია.
    – თქვენი სკოლები ინკუბატორებია, ზომბებად გზრდიან, და, ჩვენი არ იყოს, თქვენც ვერაფერს ხვდებით.
    – რას უნდა მივხვდეთ?
    – სკოლებში არარსებულ პატრიოტიზმს და არარსებულ სიყვარულს ქადაგებენ, ჩემი თაობა დააყლევეს, ერთ იდეოლოგიაზე გაზარდეს, წითელი ყელსახვევებით დანომრეს… ერთ დღეს კი ყველაფერს თვითონ მივხვდით და ის ყელსახვევები სირზე შემოვიხვიეთ, აი ყოველივე ამან მიგვიყვანა სამოქალაქო ომამდე, ბოროტებამდე და დედისტყვნამდე…
    – ჩვენ რა შუაში ვართ?
    – თქვენც იგივე გელით, გაიზრდებით და უფრო ნათლად დაინახავთ ყველაფერს.
    მისი რჩევა-დარიგებები ხშირად ბოდვაში გადადიოდა… ამჯერად ხატთან გააგრძელა საუბარი და გავიგონე, როგორ შეიგინა.
    ქურთუკი ჩავიცვი და კარი გავიხურე.
    ქალაქი შიშველი იყო, გრილოდა…

    * * *

    საღამოს მეზობლებმა მამაჩემის გვამი ხატის წინ იპოვეს. შუბი თვალში ქონდა გარჭობილი. გამომძიებელმა ორჯერ დამკითხა. ყველაფერს გულახდილად ვპასუხობდი. არც ის დამიმალავს, რომ მამაჩემის სიკვდილს დიდად არ განვიცდიდი.
    “შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ვერავითარი სამხილი ვერ აღმოაჩინა, საქმე პარანორმალურ მოვლენასთან უნდა გვქონდეს, რის საფუძველსაც გარდაცვლილის ოთახში არსებული წმ. გიორგის ხატი იძლევა, საიდანაც ნახევარი სიუჟეტი გაქრა. ნახატზე მხოლოდ გველეშაპი ჩანს…”

    * * *
    ღამით, როცა ქალაქს ეძინა, ფანჯრიდან დავინახე, მხედარი როგორ მიაჩაკჩაკებდა თავის თეთრ ცხენს ცარიელ ქუჩაში…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ირაკლი ბერიაშვილი – ორი ელექტრონული მოთხრობა

    ჯადოქარი

    “ზედ, შენ გამოცდილი და საიმედო ჯადოქარი ხარ. მქონდეს იმედი, რომ ერთ თხოვნას შემისრულებ? ხომ იცი, ვალში არ დაგრჩები!”
    ბიჭმა კვესტის ბოლოს დახედა:
    Reward – 10000 xp, 2 ოქრო და წამოსასხამი – 9 გამძლეობა, 5 ძალა და 10 ინტელექტი… საჩუქარს არა უშავს, ალბათ არც ისე ადვილი კვესტია.
    DDდღეს ალბათ მიაღწევს მეორმოცე დონეს… მთელი თვეა ამ წუთზე ფიქრობს, წუთზე, როცა ორმოცის გახდება და ცხენის ყიდვის უფლება ექნება. საკმარისია ეს კვესტი შეასრულოს, ერთი-ორი მონსტრიც მოკლას და…
    კვესტის კითხვა განაგრძო:
    “მოკლედ, დებიურების კარმიდამოში, აროტში უნდა წახვიდე. რეფიუჯ პოინტის ჩრდილო-აღმოსავლეთით. წადი და კენატასა და იმისი შვილების ფარდელისა და მარსელის თავები მომიტანე!
    ეგ ღორი! ეგ… har…“
    ბიჭმა დისპლეის თვალი მოაცილა. გვერდით პატარა მაგიდიდან ინგლისურ-ქართული ლექსიკონი აიღო და “harlot”-ის ძებნას შეუდგა.
    ოთახი პატარა იყო – სამი ოთხზე. ფანჯარასთან საწოლი იდგა. იქვე, საწოლის თავზე, ნიშაში – წიგნის სამი თარო. პირველ თაროზე “ტომ სოიერი” და “ჰეკლბერ ფინი”, “რობინზონ კრუზო”, “საიდუმლო კუნძული”, “80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ” და “კაპიტან გრანტის შვილები”, ლინდგრენის “პეპი გრძელი წინდა”, “ბიჭუნა და კარლსონი”, “ჰარი პოტერის” ხუთივე წიგნი და, რა თქმა უნდა, “პატარა უფლისწული”.
    მეორე თარო დისკებით, მაუსისა და ფერად-ფერადი კაბელების კოლოფებით იყო სავსე. მარჯვენა კუთხეში მაღვიძარა იდგა. მესამე თაროზეც წიგნები ეწყო. ესენი ჯერ არ ჰქონდა წაკითხული.
    ფანჯრებს იქიდან ღამე იცქირებოდა. არც ადამიანების, არც მანქანების ხმა – გარედან შემოსული წვიმის ჩუმი შრიალი პროცესორის ვენტილატორის ღუღუნს უერთდებოდა.
    ნაცრისფერტილოგადაკრულ სავარძელში იჯდა. კარიდან რომ შეგეხედათ, მარტო წაბლისფერთმიანი თავი მოუჩანდა. ამ ზაფხულს თორმეტისა კი გახდა, მაგრამ ასაკთან შედარებით პატარა და თანაც ძალიან გამხდარი იყო.
    har… har… ბიჭმა თითი ჩამოაყოლა გვერდს… აი ისიც: harlot – ბოზი. ჩაეცინა. ლექსიკონი დახურა, ისევ მაგიდაზე გადადო და კვესტის კითხვა განაგრძო. მარჯვენა ხელი მაუსზე ედო, მარცხენა ხელის თითები – კლავიატურაზე. Elwynn Forest-ში მშვიდად ვერ იქნები – ყოველ წამს შეძლება მონსტრი ან ალიანსელი გამოჩნდეს.
    დისპლეიზე უჟმური, ჩამუქებული ტყე მოჩანდა. თვითონ ჯადოქრის გრძელ ბალახონში გამოწყობილი თეთრთმიანი ქალის წინ იდგა. კვესტის ტექსტი ეკრანის მარცხენა ზედა კუთხეში იყო მოთავსებული. მეჩხერი ტყის მიღმა ჟანგიან რკინისღობეშემოვლებულ სასაფლაოზე გრანიტის სვეტები აჩოჩხილიყო.
    “… ეგ ბოზი! კენატა ჯერ კიდევ ცოცხალია. მისი ოჯახი Hჰყვავის და სულ უფრო მდიდრდება, მაშინ როცა მე ვიტანჯები! რა უსამართლობაა! ჩემი ოჯახი დაიქცა, ჭირმა და უბედურებამ გააჩანაგა. ქონება წაგვართვეს, გაგვძარცვეს. ცალკე ხანძარმა შთანთქა ყველაფერი. და ამის შემდეგ მასა და მის საზიზღარ შვილებს თავხედობა ეყოთ მოეპარათ მამის დანატოვარი უკანასკნელი ძვირფასეულიც. არანაირი ნივთები აღარ მჭირდება. ის, რაც ახლა მინდა, მათი თავებია!
    მოკალი ჩემი გულისთვის! წადი აროტში, რეფიუჯ პოინტის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მათი თავები მომიტანე!”
    ბიჭმა მართკუთხა ჩარჩოს ქვედა მარცხენა კუთხეში Accept-თან მიიტანა კურსორი და დააწკაპუნა. კვესტის ჩარჩო დაიხურა.
    – ნიკა, დაწექი, გვიანია!­ – მოისმა ქალის ხმა მეზობელი ოთახიდან.
    – ცოტაც, რა, დე, – ბიჭმა ჯერ საათს შეხედა, მერე კარისკენ მიაბრუნა თავი, – ჯერ თერთმეტიც არ არის…
    მაგიდის ლამფისკენ გაიწვდინა ხელი და სინათლეს დაუკლო.
    მეზობელი ოთახიდან აღარავინ გამოხმაურებია. ფანჯრის იქით ისევ შრიალებდა წვიმა.
    დისპლეის ქვემოთა მარჯვენა კუთხეში პატარა მართკუთხედი ამოვარდა. “ელენე” ურეკავდა “სკაიპით”.
    “აქ ხარ?” – ეწერა პირველ სტრიქონზე.
    “ჰო” – ლათინური ასოებით აკრიფა კლავიატურაზე.
    “სკარლეტ მონასტერში” არ წამომყვები? ასორმოცდაათიან, შვიდსტამინიან და ათინტელექტიან სტაფს აგდებს ერთ-ერთი ბოსი.
    “რეფიუჯ პოინტის” კვესტზე ვაპირებდი წასვლას, ზუსტად ეხლა გამოვართვი. მაგრამ არა უშავს. მერე გავაკეთებ. სად შევხვდეთ?”
    იცოდა, რატომაც ურეკავდა ელენე. “სკარლეტ მონასტრის” შესასვლელთან დღედაღამ ალიანსელები დაძრწიან. ის “ვარიორიც” იქ იქნება…
    ეტყობა, უკნიდან ვიღაც მიეპარა – განათდა და სიცოცხლის ხაზიც დამოკლდა. შებრუნდა.
    ვეებერთელა რუხი დათვი იყო, Frost Nova მონიშნა. გაყინა. მერე მოშორდა და Frost Bolt-ი ესროლა. დათვი ისე ჩქარა ვეღარ იქნევდა ტორებს. ახლა Fireball გაუშვა თავდამსხმელისკენ. მერე კიდევ. დათვმა ყინული მოიხსნა, მაგრამ უკვე გვიან იყო. ღმუილით წამოსულს შუა გზაზე უწია კიდევ ერთმა Fireball-მა. კურსორი მკვდარ დათვს დაადო, ფული და რაღაც ნივთები აკრიფა.
    ისე, სკარლეტში წასვლას ტანარისში ჯობდა წასულიყვნენ. ძალიან უყვარდა ტანარისი. იქ ტყე არ იყო, სასაფლაოც კი უფრო მხიარულად გამოიყურებოდა. ქვიშის ბორცვები ისე ლამაზად მისდევდნენ ერთმანეთს… ეგეთ ქვიშიან ბორცვზე მოვიდა დედამიწაზე თავისი B-12 პლანეტიდან პატარა უფლისწული. თეთრ ქვიშაზე აქეთ-იქით საქმიანად დადიოდნენ ჯუჯა, გრძელცხვირა გობლინები. მას შემდეგ, რაც თავისი დაბადების ადგილი დუროტარის პატარა დაბა Den-ი მიატოვა, მეათედან ოცდამეთხუთმეტე დონემდე სულ ტანარისში აიწია. აქვე გამართა თავისი პირველი დუელი ალიანსელთან… წაგება ვის სიამოვნებს, მაგრამ როცა პატიოსან, რაინდულ ბრძოლაში მარცხდება, არ სწყინს…
    ერთი კვირის წინანდელი ამბავი გაახსენდა. შესვენებაზე დერეფანში ელენესთან იდგა ფანჯარასთან. წვრილი გოგო იყო. წაბლისფერი თმა და კოხტა ცხვირი ჰქონდა. კომპიუტერი თითქმის ერთდროულად უყიდეს მშობლებმა. WoW-ის თამაშიც ერთდროულად დაიწყეს. ზედი რატომ დაირქვიო, ეკითხებოდა.
    – მამაჩემი რომ თარგმნის წიგნს, იქ არის ერთი პირველი რანგის მოხუცი ჯადოქარი, ზედიკუს ზულ ზორანდერი. ზედ შემოკლებული სახელია.
    – საინტერესოა?
    – ძალიან. თვითონ არ წამიკითხავს, მაგრამ თითქმის თავიდან ბოლომდე ვიცი, დედაჩემს უყვება ხოლმე. სულ ცხრა წიგნია გამოსული, ამერიკელი მწერალია, ეხლა მეათესაც წერს თურმე.
    – რა ჰქვია?
    – ვის?
    – წიგნს.
    – არა, ვიფიქრე, მწერლის გვარი ხომ არ აინტერესებს-მეთქი.
    – ეგეც მაინტერესებს.
    – ტერი გუდქაინდი. წიგნების საერთო სათაური “ჭეშმარიტების მახვილია”, ცალ-ცალკე კი “ჯადოქრის პირველი კანონი”, “ჯადოქრის მეორე კანონი” და ასე შემდეგ, მეცხრემდე.
    – არ აპირებ წაითხვას?
    – კი. პოტერის მეხუთე წიგნს მოვრჩები და მერე…
    – მეც მათხოვებ?
    – გათხოვებ, ოღონდ მარტო პირველს.
    – რატომ მარტო პირველს?
    – დანარჩენები ქართულად არ არის ნათარგმნი. თუ რუსულად ან ინგლისურად შეგიძლია…
    ამ დროს დერეფანში მეშვიდეკლასელმა ბიჭებმა ჩაიარეს. ორ-ორად – მხრებზე ხელგადახვეულებმა. ერთი გაჩერდა და ნიკას თვალი თვალში გაუყარა.
    – საქმე მაქვს შენთან.
    ბიჭს გაუკვირდა, რა საქმე უნდა ჰქონდესო, მაგრამ მაინც გაჰყვა.
    – შენ, ბიჭო, მაგ გოგოსთან მეორედ არ გნახო, თორემ ცხვირ-პირს გაგინგრევ! გაიგე?
    ხმა არ გაუცია.
    მეორე დღეს დიდ დასვენებაზე ისევ ფანჯარასთან იდგნენ. ელენე მულგორეზე ეკითხებოდა, კვესტი მაქვს შესასრულებელი და რომელი გზით ჯობს წასვლაო.
    ამ დროს ისევ იმ შანტრაბამ ჩამოიარა. ჭიტომ – ასე ეძახდნენ იმ ბიჭს – ჯერ განზე გაიხმო, მერე ტუალეტში შევიდეთო. დანარჩენები მიჰყვნენ.
    – ხომ გითხარი, მაგ გოგოსთან არ გნახო-მეთქი! – თქვა და ისე ჩამოუსვა თავზე ხელი, თმა თვალებზე ჩამოეშალა. უკნიდან ვიღაცამ პანჩური ამოარტყა.
    მუშტი მომუჭა.
    – ერთი ამას უყურე, მგონი თავის დაცვასაც აპირებს, – ჩაიცინა ერთმა.
    – ეხლა წადი, ბიჭო, და დაიხსომე, რაც გითხარი, – ისევ ჭიტომ თქვა, – ისე დაგისიებთ ცხვირ-პირს, დედიკო ვეღარ გიცნობს.
    გუშინწინ თვალებჩალუჯებული დაბრუნდა სკოლიდან.
    – უი, თვალი დამიდგეს, – შეიცხადა ბებიამ.
    – ვინ გცემა? – ჰკითხა დედამ
    მამას არაფერი უკითხავს. თავი დაანებეთო, უთხრა ქალებს, თვითონ მოაგვარებს თავის პრობლემებსო.

    * * *
    ცოტათი გულიც კი დასწყდა, საინტერესო კვესტი იყო, მაგრამ ელენეს მარტოს ხომ ვერ გაუშვებდა სკარლეტში. აუცილებლად მოკლავენ.
    – სად შევხვდეთ და ანდერსითის წინ, მცველები რო დგანან იქ.
    – ო’კეი. მე ახლა დუროტარში ვარ, თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნები.
    სკარლეტში ალიანსელებიც დადიან. ის “ვარიორიც” სულ იმ მიდამოებში ტრიალებს. ოთხჯერ შეებრძოლა, ოთხჯერვე დამარცხდა. ორმოცდაათიანთან წაგება სასირცხვო არ იყო, მაგრამ მაიცდამაინც თავისზე დაბალლეველიან მეტოქეს ირჩევს ხოლმე… ჭიტოსავით…
    რაღაც უნდა მოიფიქროს. ტყის ვიწრო ბილიკზე მირბოდა და თან ფიქრობდა. უცებ გონება გაუნათდა. Frost Nova –ს შემდეგ რამდენჯერმე შენიშნა, რომ Frost Bolt-ი 316-ის მაგივრად 500-ზე მეტს ურტყამდა. აი თურმე როგორ გამოდის კრიტიკალი! ესე იგი ეს კომბინაცია რამდენჯერმე რომ გაიმეოროს, “ვარიორი’ ვერც მოუახლოვდება და აღარც Fireball-ის სროლა დასჭირდება. Frost Bolt-ი ხომ თითქმის წამით სწრაფია! ანდერსითიში შესასვლელთან ორი გოლიათი დარაჯის გარდა არავინ ჩანდა.
    ესენი “კომპის” მცველები იყვნენ – სამოციანები. ჰორდელების ქალაქს ალიანსელებისგან იცავდნენ.
    ბალახიან ფრდობზე დაჯდა და სიცოცხლე აღიდგინა. მალე მოპირდაპირე კოშკიდან ტელეპორტით გადმოსული ელენეს ფიგურა შენიშნა. გუშინ ოცდათოთხმეტი გახდა და სკარლეტის მწვანე სტაფის დაჭერის უფლებაც მოიპოვა. მაგრამ ჯერ სკარლეტში უნდა შეაღწიონ, მერე კი საიდუმლოებების მცველი დოანი მოკლან.
    ერთად წავიდნენ მონასტრისკენ მიმავალ დაკლაკნილ ბილიკზე. გზაზე რამდენიმე მონსტრის მოკვლა მოუხდათ.
    კიბეებზე ფართომხრებიანი “ვარიორი” იჯდა. ალიანსელები მორიგეობით დარაჯობდნენ სკარლეტს. არტეფაქტები რომლებიც იქ იშოვებოდა, ძალიან აძლიერებდნენ მოთამაშეს და ბუნებრივია მტრისთვის დათმობა არ უნდოდათ.
    ნიკამ ყურსაცვამები მოირგო თავზე და ლაპარაკის რეჟიმზე გადავიდა.
    – ორივე მოვერევით, მაგრამ მერე მთელ ქვეყანას შეყრის ორი ერთზე მოვიდაო.
    – აბა, რა ვქნა, ვუყურო როგორ მოგკლავს?
    – ვერ მომკლავს! შენ აქეთ-იქით იყურე ვინმე არ მოვიდეს მოსაშველებლად.
    – ო’კეი.
    “ამას ვის ვხედავ!” – გაჩნდა წარწერა ეკრანის ქვემოთა მარცხენა კუთხეში, – “დაითესეთ ეხლა, სანამ ლამაზები ხართ. რამდენჯერ უნდა მოგკლა რომ ჭკუა ისწავლო?”
    “გაგვატარე, ეს მონასტერი შენი საკუთრება არ არის. ჩვენც გვინდა არტეფაქტები.”
    “კი ბატონო, სცადე, თუ გაივლი…”
    FFrost Nova წრედ გაიშალა მწვანე ბალახზე და “ვარიორის” ფეხები ყინულმა შებოჭა. ნიკამ Frost Bolt-იც მიაყოლა. “ვარიორის” თავზე მოთავსებული მწვანე ხაზი საგრძნობლად დამოკლდა.
    ნიკა მეტოქის ფერად-ფერად ტანისამოსსა და ცინიკურად მომღიმარე სახის მეტს ვეღარაფერს ხედავდა.
    სკარლეტის დაუპატიჟებელი მცველი უკვე ფეხზე იდგა, ყინული მოიხსნა და ხმალშემართული წამოვიდა. ნიკამ იგრძნო როგორ დაკარგა მოძრაობის უნარი.
    “თუ მოასწრო ჩემამდე მოსვლა, კარგი დღე არ დამადგება.” საბედნიეროდ მხოლოდ ერთხელ მოასწრო დარტყმა “ვარიორმა”. ზედი განზე გახტა და ისევ Frost Nova და Frost Bolt-ი უთავაზა. ჭიტო ისევ დაება. ღიმილი გაუქრა სახიდან. თვითონაც მშვენივრად დაინახა როგორ დაპატარავდა მწვანე ზოლი.
    “რამდენიმე ასეთი სროლა და მომკლას ეს ლაწირაკი.”
    – ნიკა, ალიანსელები! – მოესმა ყურმილში ელენეს ხმა.
    ეტყობა ახლო-მახლო დაძრწოდნენ და “ჩატით” გამოიძახა.
    – ეკრანის მარცხენა კუთხეს დახედა. ერთი ხუთჯერ მაინც ეწერა: Help! Help! Help!
    იგრძნო როგორ მოხვდა Fireball-ი – უცებ განათდა და ნაპერწკლები აქეთ-იქით გაცვივდა. სადღაც ზურგიდან ესროლეს. ხეებს შორის კიდევ რამდენიმე ჩრდილი გამოჩნდა.
    – გაიქეცი, ელენე! ანდა, “ლოგაუტი” მიეცი! ჩქარა!
    ისევ იელვა Fireball-მა. დისპლეიზე მწვანე ზოლს ახედა. რამდენიმე მილიმეტრიღა დარჩენილიყო.
    – ჩქარა, ელენე, ჩქარა!
    წამის შემდეგ პატარა ფიგურა აღარსად იყო. ახლა შეეძლო მომკვდარიყო და სანამ სულად იქცეოდა, ვიღაცის ნათქვამი თუ წაკითხული გაახსენდა:
    “ადრე თუ გვიან ყველა ზღაპარი სრულდება;
    ადრე თუ გვიან ყველა გმირი ეცემა ბრძოლის ველზე”
    რატომღაც საათს გახედა. ორი სრულდებოდა. ფანჯრებს იქით ჩუმად შრიალებდა წვიმა.

    ბლეიდერი

    – ცხოვრება ძალიან მოკლეა საიმისოდ, რომ თამაშისთვის მოცდე.
    ჩემი მბრუნავი სავარძლის უკან დგას და ეგეთი ფილოსოფიური შეგონებით მამუნათებს ცოლი. წყალი არ გაუვა, ისიც დისპლეიზე გაფრანგებულ ჩემს “ზედიკუსს” შესცქერის, მარცხნივ და მარჯვნივ რომ კაფავს მტერს.
    “ბრძოლის” კადრი ჩავხსენი და ისევ თარგმანს მივუბრუნდი. ახლა აღარც გამოსხივება აქვს კომპიუტერს და აღარც ერთ ადგილზე ჯდომით ვიმოკლებ სიცოცხლეს. ის, რაც პირდაპირ თუ ირიბად მაინც ფულის წყაროს უკავშირდება, ჯანმრთელობისთვის ამ საშიშ გავლენებს როგორღაც ანეიტრალებს. თუ როგორ, ესეც ალბათ მარტო ჩემმა თანამეცხედრემ იცის.
    – ჩაის დალევ თუ ჰერკულესი გირჩევნია? – უკვე სამზარეულოდან მესმის ხმაში სითბოშეპარული ჟღურტული.
    – ჰერკულესი.
    ჩაისთვის ძველი პიჯაკივით მორგებული სავარძლიდან უნდა ავდგე, მაგიდასთან მივიდე. არა, ჯერ ხელები უნდა დავიბანო და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდე მაგიდასთან. იქიდან კი ჩემი P-4 შორსაა – ვერც ვთარგმნი და ვერც “ზედიკუსს” მივადევნებ თვალს. მაგიდასთან იმიტომ, რომ ამ ჩემს მყუდრო კუთხეში შეიძლება ფინჯანს წავკრა ხელი, ან კიდევ რამე სხვა უბედურება დამემართოს.
    “- ნეტა რა ნახე მაგ კოცონებში? მაინც რა არის საინტერესო? – ბუტბუტებდა კეისუკე სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე. ყინავდა, მაგრამ უქარო ღამე იყო. ამოისუნთქებ და სიტყვები პირს გამოსცდება თუ არა, იქვე იყინება.
    – “პერლ ჯემში” რაღაა საინტერესო? კაკაფონიაა და მეტი არაფერი, – უპასუხა ძიუნკომ.
    – “პერლ ჯემს” ათ მილიონამდე თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში…
    – კოცონის თაყვანისმცემლები კი უკვე ორმოცდაათი ათასი წელიწადი ცხოვრობენ დედამიწაზე.
    – რაც მართალია, მართალია, – დაეთანხმა კეისუკე.
    – ერთ მშვენიერ დღეს “პერლ ჯემი” აღარ იქნება, კოცონის თაყვანისმცემლები კი დარჩებიან.
    – ეგეც სიმართლეა.”
    დიალოგი ჩავიკითხე და მოთხრობის თარგმნა გავაგრძელე.
    მეორე წელიწადია, მურაკამის ვთარგმნი. ხარუკი მურაკამის. სამი რომანი და რამდენიმე მოთხრობა დამიგროვდა. ახლაც არ ვიცი, რატომ მოვკიდე ხელი. თარგმნაზე არასოდეს ვგიჟდებოდი. ხომ არიან, ხომ კი არა ნამდვილად არიან უკეთესი მწერლები. რაღა მაინცდამაინც ეს? რა უცნაურია. შეიძლება ვერც ვერასოდეს მივხვდე – რომანი ხომ მანქანა არ არის, ძრავის სიმძლავრით, სპიდომეტრზე დაწერილი ციფრებითა და დიზაინით ჩაგივარდეს გულში. ქალივით. თანაც სად მე და სად იაპონია, რა უნდა გვქონდეს საერთო? ალბათ მარტო მთები…
    “კეისუკემ ჯიბიდან მარჯვენა ხელი ამოიღო და ძიუნკოს მოხვია.
    – მაგრამ იცი რას გეტყვი, ძიუნკო?.. სულ არ მაინტერესებს, რა იყო ხუთასი საუკუნის წინათ და რა იქნება კიდევ ხუთასის შემდეგ. სულ არ მაინტერესებს! მთავარი ის არის, რაც ახლაა. იცის კი ვინმემ, რამდენი დარჩა ქვეყნის აღსასრულამდე? შენ გგონია, ფიქრობს ვინმე მომავალზე? კუჭი უნდა გქონდეს ამოვსებული და გიდგებოდეს. რა, არა?”
    ერთხანს დისპლეის უაზროდ შევყურებ. მერე ისევ ჩავიკითხე ბოლო აბზაცი. თითქოს არა უშავს. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვუდებ გულს. ეტყობა, რაღაც დავაკელი ჭიას. როგორც იტყვიან ხოლმე, ყველა თავის ჭიას ახარებს – ზოგი მათემატიკურს, ზოგი ალკოჰოლურს, ზოგი ფილოლოგიურს, ზოგი კაზინოში აკიდებულს, ზოგიც ვინ იცის სად ნაპოვნსა თუ ნაშოვნს. ეს online თამაში silk road-იც ჭიის ნაირსახეობაა. ეს არის და ეს. მაგრამ ამას სხვის გასაგონად არ ვამბობ. რა თქმა უნდა, ვერც ცოლს ვეტყვი – აზრი არა აქვს. ან ვერ, ან კიდევ უარესი – არ გაიგებს. ნეტა ჩემი “ზედი” რას შვრება? ისე, რა გამიტრაკა საქმე ამ ჩემმა კნეინამ. ჩემთვის ერთიც თამაშია და მეორეც. გააჩნია, როდის, როგორ და რა გუნებაზე ვარ. ვითომ სულ ერთი არ არის, რით მივიღებ სიამოვნებას? ჩემი ცოლი იტყვის, მურაკამი ინტელექტუალური სიამოვნებააო. თითქოს მართალია, მაგრამ ერთი უმნიშვნელო, მისთვის უმნიშვნელო დეტალი ავიწყდება: აზარტი. იქ, სადაც აზარტი არ არის, არაფერი მესაქმება. წლები თავისას შვრება – პოკერს უკვე ვეღარ ვთამაშობ, ნერვები აღარ მყოფნის. ჰო, უვალიუმოდ ვეღარ. დალევ და გინდ გითამაშია, გინდ არა – სანახევროდ გძინავს, ბურანში ხარ. არც პულსი აგიჩქარდება, არც წნევა აგიწევს. ადრენალინზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. კარესა და ჭირიანი ვალეტების ორ წყვილს ერთნაირად, დანისლული თვალებითა და გაგრილებული გულით უყურებ. მოკლედ, პრეზერვატივით სიყვარულსა ჰგავს. ეს, რაც შეეხება პოკერს, მაგრამ პაემნებზე სიარულის დროცა და გოგოებზე ლამის ქუჩაში ნადირობის დროც ძალიან შორს დარჩა. აი, Silk Road სულ სხვა რამეა. თან ახლა მოდაშიც რომ არის აბრეშუმის გზა?! არა, ხომ ლამაზი სახელია. დუელი გინდა? კი ბატონო. ქარავანი გინდა ატარო ბანდიტებით სავსე გზებზე? კი ბატონო. ისე, თუ მოინდომებ, შენც შეგიძლია ძარცვო ქარავნები. გადაიცვი ბანდიტის შავი ტანისამოსი და ხოცე ვაჭრები. რომ იცოდე, როგორ ელამუნება ყურს აგონიაში მყოფი ფულის ტომრების წყევლა-კრულვა! თითოეული მეომრის, სოვდაგრისა თუ ბანდიტის უკან ცოცხალი და, რაც მთავარია, შენი მასტის ადამიანები არიან. ზიხარ შენთვის მომყუდროებულში, რბილ, მართლა შენზე მორგებულ სავარძელზე გიდევს საჯდომი და თუმცა ხინკალსა და მწვადს აქ არავინ გაღირსებს, მაგრამ სამაგიეროდ დაუყვედრებლად გაქვს ჩაი, რძიანი ყავა, გახეხილი ვაშლი, გემრიელი ბუტერბროტები და, რაღა თქმა უნდა, ჰერკულესი…
    სანამ ჩემი “ზედის” ფარ-ხმლითა და აბჯრით ვტკბები, პროცესორის გვერდით კუჭის საუკეთესო მეგობრით სავსე მათლაფა იკავებს ადგილს. საუკეთესო მეგობარს საუკეთესო სურვილებიც მოჰყვა:
    – შენი გამოსწორება არ იქნება. ჰერკულესის კი არა, ვიცი, რისი ღირსიცა ხარ.
    თამაშის ჩახსნა, რა თქმა უნდა, ვერ მოვასწარი. საოცარია, მაინც როგორ ახერხებს ხოლმე ასე მოულოდნელად თავზე წამოდგომას.
    – კარგი, რა, მუშაობამ ვირი მოკლა, – თავის დაცვას ვცდილობ, – ხანდახან მეც ხომ შეიძლება ამოვისუნთქო!
    ამ ჩემს კონტრშეტევას ყურადღების ღირსადაც არ თვლის და თავის სამუშაო ადგილს უბრუნდება. მეც ჩემს ჭიას უნდა მივხედო. დღეს საღამოს “WAR-ია” – “ფენიქსებს” უნდა შევებრძოლოთ, ომი გამოგვიცხადეს და ქვეშიდან ხომ არ გამოვალთ. მანამდე ხოტანში – ეს ჩემი ქალაქია – ერთ-ორ რეისს მოვასწრებ აქლემით. ცოტა ფულს ვიშოვი. გზაზე ჩასაფრებული ბანდიტებისგან დავიცავ ჩემს ტვირთსა და აქლემს. ისე იოლად ვეღარ მერევიან – ხუმრობა ხომ არ არის, სამოცდამეოთხე დონის ბლეიდერი მყავს!
    დისპლეის მარცხენა ქვედა კუთხეში ტექსტი ტექსტს მიჰყვება. ერთმანეთშია არეული გერმანული, რუსული, ინგლისური…
    ქალაქში გახურებული ვაჭრობაა. ყიდიან, ყიდულობენ. ზოგს იარაღი უწყვია დახლზე, ზოგს აბჯარი, ზოგსაც სხვადასხვაგვარი ელექსირები, მიქსტურები – სამკურნალო, სიცოცხლის მოსამატებელი, ძალის მოსამატებელი…
    ჩვენს გილდიას საკუთარი სალაპარაკო არხი აქვს. შეკრების დრო, ადგილი, რომელიმე ქარავანზე თავდასხმა თუ პირიქით – ტვირთის გადატანა ერთი ქალაქიდან მეორეში – ეს ყველაფერი, ცხადია, საიდუმლოა და სხვამ არ უნდა გაიგოს.
    ეხლა გამოხტება ვინმე პრაგმატისტი და მეტყვის: ეგ ხომ ერთ მოცუცქნულ ეკრანზე ხდება, ადამიანებიც, იარაღიც, ფულიცა და აქლემებიც ვირტუალურია. ნეტა, რა სიამოვნებას ნახულობო.
    აბა, რა ვუთხრა, მაშინ ის თქვი, რა არ არის ვირტუალური-მეთქი. თანაც აქ ორმოცდაათი წლის წინათ პრივატიზებულ ჭიაზეა ლაპარაკი, ჩემს საკუთარ ჭიაზე.
    აი, ვიღაც თურქი ამეკიდა. ამ ბოლო დროს ეგენიც მომრავლდნენ, ვარსკვლავითა და ნახევარმთვარით შემკული ემბლემით უცბად იცნობ. რაღაცას მთხოვს დამტვრეული ინგლისურით. მგონი, ფარი მომყიდეო. მერე მე ონანიზმით გავერთო-მეთქი? მინდა ვუთხრა, მაგრამ არ ვიცი როგორ დავწერო “ონანიზმი” ინგლისურად. თურქულად ხომ არ ვიცი და არ ვიცი. ამიტომ go away-მეთქი და გზას ვაგრძელებ.
    – Hi. – მწვანე ფერის შრიფტია. ვიღაც დროებითი პარტნიორი მესალმება. ესტელა. ქალია. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, სალამს ხომ ვერ დავუჭერ. ჰაი-მეთქი.
    – German?
    – No,Georgian.
    პაუზა. ეტყობა, ვერ მიხვდა ვის ელაპარაკება.
    – Where’r u from?
    სხვა რა გზაა, უნდა გავიმეორო. ვიცი, უაზრობაა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა ვუპასუხო. ისევ პაუზა და:
    – What’s your name?
    ნამეტანი ჩქარი ტემპით მოიწევს. ეტყობა, რაღაც უჭირს.
    – Ira, – ბრიჯში აშშ ნაკრების კაპიტანს ჰქვია. შინაურობაში მეც, მაგრამ ამერიკულ ვერსიაში სუფთა მამაკაცური სახელია. ეგრეც მიიღებს. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა.
    – No. Honey.
    – What?
    – I want to call you such. May I?
    აი, ახალი ნათლიაც ვიშოვე. მაგრამ რა ჯანდაბაა ეს Honey, წარმოდგენა არა მაქვს. ვხვდები, რომ რაღაც მოსაფერებელი სიტყვა უნდა იყოს, თითქოს ნაცნობიც არის, მაგრამ… ჯობს ისევ ლექსიკონს დავეკითხო.
    ძველი, ორკილოგრამიანი მიულერის ლექსიკონი მაქვს. იქვე, გვერდზე, პატარა ტუმბოზე მიდევს სხვა ლექსიკონებთან ერთად. honey… honey… honey… აი… 1. თაფლი. 2. საყვარელი. რაღაც ვარიანტში თაფლის კვერიც შეიძლება იგულისხმო. თაფლის კვერიც გავხდი. ჯანდაბას, რაც არი, არი – ძალინ მაინტერესებს მაინც რა უნდა.
    – Ok.
    – Honey.
    როცა არც ხმა გესმის და ვერც ხედავ, აუცილებლად ახალგაზრდასა და ლამაზს წარმოიდგენ. სხვისი არ ვიცი, მე კი სწორედ ეგრე მემართება. ნეტავ საიდან არის?
    – Were’r u from, honey?
    – Philippines, honey.
    თხელები, ნაზები, ძალიან ქალურები. ისეთი მომსახურება იციან, მეშვიდე ცაზე აგაფრენენ. არც კი ვიცი, საიდან მაქვს ეგეთი წარმოდგენა, ფილიპინი თვალითაც არ მინახავს. ალბათ კინოდან. გაბრდღვიალებული წითელი ფარნები, წითელი ფარდები, ნელსაცხებლების სურნელი და ხერხემლის დაყოლებაზე მოცეკვავე ნატიფი თითები… ვგრძნობ, როგორ მიხშირდება პულსი.
    – What u want? – ფლირტი კარგია, მაგრამ მაინტერესებს მაინც რა უნდა.
    – Gold. Give me gold, honey.
    ღმერთო, რა ჩქარა შემოიხია ყველაფერი. მეგობრების ფანჯარაში ეს-ეს არის ჩაწერილი ესტელა უცებ წავშალე და bb-მეთქი.
    ჰო, ამ ფილიპინელი გამომძალველის გადამკიდე, სულ დამავიწყდა, რომ ჩემს ერთგულ მგელს – სხვათა შორის, ბროფი ჰქვია, ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთ წიგნში მგლად გადაქცეული კაი კაცის სახელი – ჭამა სჭირდება. სიცოცხლის ხაზი თითქმის განახევრებია. სულ პატარა ვიყიდე. ძალიან ლამაზი და საყვარელი იყო. ახლა ისეთი კოხტა აღარ არის, სამაგიეროდ სამოცდამესამე დონეს მიაღწია, ზედთან ერთად იზრდება, თანდათან ემატება ძალა და გამძლეობა. რაც მთავარია, ძალიან მეხმარება ბანდიტებთან და მონსტრებთან ბრძოლაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქარავანი მიმყავს ხოტანიდან დონჰანგში. იქ ერთი ადგილია, შხამიანი მონსტრებით სავსე, სიკვდილის ხეობას ეძახიან. სწორედ იქ უყვართ ჩასაფრება მოთამაშე ბანდიტებს. ცალკე მონსტრების, ცალკე ყაჩაღების მოგერიება ძალიან ჭირს. ბევრი, ძალიან ბევრი მექარავნე ტოვებს ამ ხეობაში საკუთარი ოფლით მონაგარს.
    – ისევ ომობანას თამაშობ, მურაკამის კი მალიარი ცაცოს ბიჭი გითარგმნის, არა?
    რომ აქვს, სულ არ მიკვირს, მაგრამ საიდან გამოაძრო ეს უჩინმაჩინის ქუდი ამ ჩემმა ცოლმა, ეგაა საინტერესო. თამაშის ჩახსნა აღარ მიცდია.
    – Hi. – ყავისფერი ასოებით მესალმება ვიღაც. ვიღაც კი არა, ჩემი გილდიელია. გოგო უნდა იყოს, აბა Princessa-ს რატომ დაირქმევდა. თუმცა, რა ვიცი… ისე, ქალების ნამდვილი ცვენაა დღეს. რაღაც პატარა ქალაქი ახსენა. დასავლეთ უკრაინიდან უნდა იყოს. Princessa-ს ინგლისური, ჩემი არ იყოს, Hi-თი იწყება და ამითვე მთავრდება. რუსულიც, ეტყობა, ისერა იცის. მაინც რუსულით ვაგრძელებთ.
    – ჩვენი გილდიიდან შენს გარდა არავინ თამაშობს, – ერთი სტრიქონი დაწერა და მერე, როგორც ჩანს, ყოყმანი დაიწყო, გავაგრძელო თუ არაო, – ეტყობა, სძინავთ ჯერ. ერთი შემპირდა, აქლემი დატვირთე და მე გამოგყვებიო. ნახევარი საათია ველოდები…
    – სად ხარ?
    – დონჰანგში.
    – სად მიგაქვს, პირველ ქალაქში თუ ხოტანში?
    – ხოტანში.
    – შემოვლითი გზით თუ პირდაპირ, სიკვდილის ხეობის გავლით.
    – რა ვიცი, როგორც შენ იტყვი.
    – გოგო ხარ თუ ბიჭი?
    – რა მნიშვნელობა აქვს?
    – ამ ბოლო დროს ბიჭებიც გოგოს სახელს ირქმევენ. ალბათ გამორჩენის მიზნით. თავს შეგაცოდებენ, და…
    – არა. გოგო ვარ. ჩვიდმეტი წლის. სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობ, პირველ კურსზე. საკმარისია? ჰო, ოლია მქვია.
    ცოტა არ იყოს, დავიბენი. ამდენი რამის კითხვას ნამდვილად არ ვაპირებდი.
    – ანკეტების შევსება არ მჩვევია. უბრალოდ მაინტერესებდა, ასეთი რისკიანი მართლა გოგოა-მეთქი?
    – სარისკო რა არის, მართლა ხომ არ მომკლავენ.
    უცებ წარმოვიდგინე როგორ გლეჯენ ჩვიდმეტი წლის გოგოს სხეულს მონსტრები, ყაჩაღებს კი სიცილ-ხარხარით მიაქვთ მისი ტვირთი.
    – დამელოდე. ხუთ წუთში მანდ ვიქნები. მე გაგაცილებ.
    მადლობა გადამიხადა და გაჩუმდა. სიცოცხლისა და მანის მოსამატებლები ვიყიდე, ბროფის ბოლომდე გავუვსე მწვანე ხაზი და ტელეპორტით დონჰანგში გადავედი. დასავლეთის კართან მელოდებოდა თავისი აქლემით.
    – შეჯექი და, რაც არ უნდა მოხდეს, არ ჩამოხვიდე. აქლემისთვის სიცოცხლის მოსამატებლები მოიმარაგე?
    – ჰო.
    – რამდენი ვარსკვლავი მოგაქვს?
    – ერთი.
    – ეგრე ჯობს. ცოტა და ნაღდი. სიხარბეს კარგი არაფერი მოაქვს. მაშინ სიკვდილის ხეობით წავალთ, შემოვლით ძალიან შორსაა.
    – კარგი.
    ერთი ვარსკვლავი ტვირთის ის რაოდენობაა, როცა მოთამაშე ყაჩაღს უფლება არა აქვს უშუალოდ შეუტიოს აქლემსა და მის პატრონს. ორი და მეტი ვარსკვლავი კი, ესე იგი, გაცილებით მეტი ტვირთი და შესაბამისად მეტი მოგებაც, ამის უფლებას აძლევს. თუმცა ყაჩაღებს ერთვარსკვლავიანი ქარავნის გაძარცვის საშუალებაც აქვთ. თავის ცხენს კომპიუტერის ყაჩაღების მისატყუებლად ცოტაოდენ ტვირთს აჰკიდებენ და ქარავანს წინ გაუვლიან. მერე ცხენიდან ჩამოხტებიან და კომპის ყაჩაღებს ისღა რჩებათ, ქარავანს მიესიონ. თუ აქლემსაც მოკლავენ და მის პატრონსაც, მიწაზე დაყრილ უკვე უპატრონო ტვირთს მოთამაშე ყაჩაღი კრეფს. ნაძარცვი თავის, მხოლოდ მძარცველებისთვის განკუთვნილ ბუნაგში მიაქვს და იქ ყიდის.
    – Party მომეცი.
    ეკრანზე “ზედის” ქვემოთ “პრინცესას” ფოტოც გამოჩნდა. ახლა ჩვენი საუბარი მხოლოდ ჩვენ “გვესმის”.
    სიკვდილის ხეობა დონჰაგიდან მთელი სავალის სამ მეოთხედზეა. ისე გავიარეთ ეს გზა, რომ ხმლის ამოღება არც დამჭირვებია – კომპიუტერულ ყაჩაღებსა და თითო-ოროლა მონსტრს დისტანციური ელვისა და ბროფის დახმარებით ისე ადვილად ვხოცავდი, რომ საუბრის გაგრძელების საშუალებაც კი მოგვეცა:
    – სად ცხოვრობ?
    – თბილისში.
    ეტყობა, იმ პატარა წყენამაც გაუარა და ცოტა გათამამდა კიდეც:
    – რამდენი წლისა ხარ?
    – ბევრის.
    – მაინც რამდენის – ოცის, ოცდახუთის?
    სიზმარში რომ დაფრინავ, ანდა განძს იპოვი, გაგეღვიძება და – არაფერი, ზუსტად ეგრე დამემართა.
    – უფრო მეტის.
    – ოცდაათის, ოცდათხუთმეტის?
    ჩვიდმეტწლიანებისთვის ეს ალბათ სულ ზედა ზღვარია. თითქოს საკმარისი არ იყო იმედგაცრუება. ახლა კიდევ ერთხელ მაღვიძებს და სილასავით მაწნის სახეში, რომ არც ფრენა შემიძლია და განძიც თვალსა და ხელს შუა ამიორთქლდა.
    ტყუილის თქმა არ მინდა. არადა, სიმართლე ამ მოულოდნელად გაბმულ უდღეურ ძაფებსაც დაწყვეტს. რამდენიც არ უნდა თქვას, ასაკს რა მნიშვნელობა აქვსო, მაინც დაწყვეტს.
    – დაახლოებით ეგრე, – ისევ ტყუილის თქმა ვამჯობინე.
    “კოცონის თაყვანისმცემლები კი უკვე ორმოცდაათი ათასი წელიწადი ცხოვრობენ დედამიწაზე… ერთ მშვენიერ დღეს “პერლ ჯემი” აღარ იქნება, კოცონის თაყვანისმცემლები კი დარჩებიან”.
    რა ვქნა, მე ჩემს პატარა კოცონს ვუფრთხილდები.
    სიკვდილის ხეობა არც ისე გრძელია, მაგრამ თავიდან ბოლომდე გავლას საკმაო დრო სჭირდება. არც ურჩხულები არიან მაინცდამაინც დიდები, მაგრამ ძალიან სწრაფები და გესლიანები არიან. ერთს რომ მოკლავ, იმის ადგილზე ორი ჩნდება. მე ვერაფერს დამაკლებენ, მაგრამ აქლემს უტევენ – ორ-ორი, სამ-სამი, ოთხ-ოთხიც კი. ბროფი თავის სტიქიაშია – აზარტში შესული ფლეთს შხამიან მონსტრებს. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც სივიწროვე და სიბნელეა – გზა სახურავივით წამოფარებულ ორ კუპრივით შავ კლდეს შორის მიიკლაკნება. არც გასასვლელი ჩანს, არც შემოსასვლელი. ერთ ადგილზე თუ დიდხანს იტრიალე, შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც, საიდან შემოხვედი და საით მიდიხარ.
    როგორც იქნა, უსწორმასწორო სამკუთხედის ფორმის სინათლეც გამოჩნდა.
    – ეხლა რაც შეიძლება სწრაფად იარე, არ გაჩერდე, გასასვლელთან იქნებიან.
    დღის სინათლეზე პირველები მე და ბროფი გავდივართ. მართლა გასასვლელთან ჩასაფრებულან. სამნი არიან. შავებში. ორი მაშინვე ჩამოხტა ცხენიდან. ფარზე და მახვილზე ეტყობათ – სამოცზე ნაკლები არც ერთი არ არის. მენტები არიან, მაგრამ ბლეიდერის დაგდება არც ისე იოლია. მთავარი ის მესამეა. სანამ ცხენიდან არ ჩამოვა, ვერც მიხვდები რა დონისაა. გავჩერდი. დრო უნდა მოვიგო. პრინცესას ჯერ ხელს ვერ ახლებენ. ეს იმათაც მშვენივრად იციან და შეტევაზე გადმოდიან. ბევრი ვერაფერი დამაკლეს. სიცოცხლე შევივსე და Heaven chain-ით ვუპასუხე. ბროფიც იმას ეცა და სიცოცხლე თითქმის გავუნახევრეთ. მეორემ Freeze იხმარა. მიქსტურა ავტომატურ რეჟიმში მაქვს დაყენებული – ყინული მტვერივით ჩამოვიფერთხე და ისევ პირველს დავცხე. ერთი ასეთი დარტყმაც და ორნიღა დარჩებიან.
    მარცხნივ პრინცესას მოვკარი თვალი. თავისი აქლემით ერთ ადგილზე დგას. არ ვიცი, ბრძოლამ გაიტაცა თუ უბრალოდ ჩემი მიტოვება არ უნდა.
    – წადი, რას მომჩერებიხარ, სანამ ესენი ჩემს მოკვლას მოახერხებენ, უკვე შორს იქნები.
    ამასობაში მესამე მიხვდა, რომ მის ორივე პარტნიორს ადრე თუ გვიან გავუსწორდებოდი და ისიც ჩამოხტა ცხენიდან. ზუსტად ჩემი დონისაა. სხვა შემთხვევაში ალბათ გავეცლებოდი, აქლემსა და ტვირთსაც კი დავუტოვებდი, მაგრამ ახლა ბოლომდე ვიბრძოლებ. მე ეხლა იერუსალიმისკენ დაძრულ ჯვაროსნებზე მეტი მიზეზი მაქვს – ერთი პატარა ქალბატონის ბედი მაბარია.
    იმ მესამემ პირდაპირ ბროფის დაჰკრა. მგელი უსულოდ გაიშალა მიწაზე. აქ კი პატარა შეცდომა მომივიდა. იმის მაგივრად, იმ პირველისთვის მომეღო ბოლო, გამწარებული ბროფის მკვლელს ვეცი. ამასობაში პირველმა სიცოცხლე ისევ აღიდგინა და სამივემ ერთად შემომიტია.
    შორს, იქ, სადაც მდინარეზე გადასასვლელი ბორანი მეგულებოდა, პრინცესას მოვკარი თვალი. კარგია, რომ დამიჯერა…
    შიგნით, სადღაც გულთან ახლოს რაღაც დაინთო. სიცოცხლის მწვანე ხაზი ნელ-ნელა მოკლდება, მაგრამ ეს უკვე აღარ მადარდებს…
    – ტყუილად კი არ ამბობენ, ბებრუხუნებს პატარა გოგოები მოსწონთო!
    ახლა კი ვიკადრე და უკან მივიხედე. ჩემი ცოლი დოინჯშემოყრილი მისჩერებია დისპლეის.
    “რა სულელები არიან ეს ქალები”, გავიფიქრე და იმის თქმა დავაპირე, რომ არც ჩემი და არც იმ გოგოს ასაკი აქ არაფერ შუაშია, რომ უბრალოდ… უბრალოდ…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ინა არჩუაშვილი – ბილიკი

    ჩვენ მეხუთე უბანზე ვცხოვრობდით, ბაბოჩემი და პაპაჩემი – მეოთხეზე. ჩვენი ბაღჩები ერთმანეთს მედიკო ძალოაანთ ბაღჩით იყო აცდენილი. როგორც დედაჩემი ამბობდა, მომიჯნეები ვიყავით ჩვენ და მედიკოაანი, ბაბოჩემისა და პაპაჩემის ბაღჩის ბოლო კი ვანია ძიაანთ ვენახს ემიჯნებოდა. ბაბოჩემთან რომ მივდიოდით, ჯერ ეზოდან ბაღჩაში უნდა გავსულიყავით ვიწრო, წოწლოპინა ფიცრის კარებით, რომელიც მამაჩემმა საფუტკრიდან მოტანილი ძველი ფიცრებისგან შეკრა. გარდა სივიწროვისა, ამ კარს კიდევ ის ნაკლი ჰქონდა, რომ ძნელად იღებოდა და იკეტებოდა. ერთ მშვენიერ დღესაც მამაჩემს ნერვებმა უმტყუნა, კარი მთლიანად გააღო და უკნიდან სახელურზე გამობმული მავთულით, ამირანივით სამუდამოდ მიაბა ქვითკირის გალავანზე. რამდენჯერ სთხოვა დედაჩემმა მისი შეცვლა ან საერთოდ ჩამოხსნა, მაგრამ სიჯიუტისა თუ მოუცლელობის გამო მამაჩემს კარი აღარ შეუცვლია.
    ბაღჩაში გასული ოციოდე მეტრს რომ გაივლიდი, ოდნავ წინ გადმოხრილი, დაჯღარკული ფურცელი შეგხვდებოდა.Aამ უნაყოფო ბებერ ხეს ფესვები სანახევროდ ზემოთ ჰქონდა ამოყრილი და პაპაჩემთან წარამარა პირაშვებული ფლოსტების დასაკერებლად სირბილი მათი პირდაპირი დამსახურება იყო. ერთხელაც, უფროსების ნებართვით მე და ჩემმა და-ძმამ ამ ფესვების ამოთხარა გადავწყვიტეთ. მიწით გამოტენილი, უცნაურად დაგრეხილი ძირკვების ამოღებისას, ვნახეთ, რომ ერთ ყველაზე დიდ ფესვს ყანწის ფორმა ჰქონდა. ეს ჩვენი არქეოლოგიური მონაპოვარი სახლში წავიღეთ, გულმოდგინედ გავასუფთავეთ, შიგნიდან ცხელი სანთელი გამოვავლეთ, სატუჩე გამოვუყვანეთ და ნამდვილ ხის ყანწად ვაქციეთ. ყანწს დღემდე ვინახავთ ოჯახში და ვინც ნახავს ყველა გაოცებულია მისი სილამაზითაც და ტევადობითაც.
    ფურცლიდან მიწა ოდნავ მაღლდებოდა, ასე, ნახევარი მეტრით. ბორცვზე რამდენიმე ნაბიჯს აადგამდი, მარცხნივ გაუხვევდი და იწყებოდა ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლისკენ მიმავალი ბილიკი. ამ ბილიკზე წინ და უკან სიარულსა და სირბილში გაირბინა ჩემი, ჩემი დისა და ჩემი ძმის ბავშვობამ. თუმცა, ჩემი ძმა ჩვენზე ბევრად უმცროსი იყო და, დღეს, როცა ან მესიზმრება ეს ბილიკი, ან შეგნებულად ვიხსენებ ბავშვობას, მხოლოდ ჩემს დასთან ერთად ვხედავ მასზე მიმავალ საკუთარ თავს. შვიდი-რვა წლისები ვართ და გასწრებაზე მივრბივართ ბილიკზე. ხან ერთს აგვიცდება ფეხი და ხნულში გადავვარდებით, ხან მეორეს. ტანზე დედაჩემის შეკერილი ჩითის ჭრელი კაბები გვაცვია, თმებიც ერთნაირად მოკლედ გვაქვს შეკრეჭრილი, როგორც ყველა ზაფხულს… ყურში კი მაშინდელივით ცხადად ჩამესმის ვენახში მომუშავე პაპაჩემის ხმა: “ჰაი, ინოოო, მიბრუნდი ერთი, წყაროდან ცივი წყალი მამირბენინე…”
    ბაღჩაზე გადასვლას ხუთ-ექვს წუთს ვანდომებდით. იმის მიხედვით, რა საქმეზე გვაგზავნიდნენ, დრო ან მცირდებოდა, ან იზრდებოდა. ჩემი გაუთხოვარი, ცოტა ქალაბიჭა დეიდისთვის ეს დრო ფურთხის გაშრობით შემოფარგლებოდა და, იცოცხლე, ჩვენც თავს არ ვზოგავდით. ისეც ყოფილა, რომ სიბნელის გამო, რომლის შიშიც საკმაოდ მოზრდილ ასაკში დავძლიე, გულამოვარდნილი სამ წუთშიც დავბრუნებულვარ შინ და ერთი საათიც მომინდომებია სახლიდან ბაბოჩემამდე გადასვლისთვის. ასე კი ძირითადად გაზაფხულზე ხდებოდა, როცა ზემოდან იქვე, ბილიკის თავში მდგარი აყვავებული ბალტყემლისა და შავი ბლის ქვეშ მივდიოდი; სახეზე მარცხენა მხარეს ჩარიგებული ჟონჟლების თეთრი, მტევანა კუნწულები მელამუნებოდა და ფეხებს ფრთხილად ვადგამდი, რომ არაფერი მევნო ბილიკის ძირში ამოსული ქალის იებისთვის. ამას თუ დავუმატებ პაპაჩემის ნათესავის, თენგიზას თეთრი ცხენით მოხნული მიწიდან ამოყრილი ბელტების ოხშივარს, გასაკვირი აღარ უნდა იყოს ჩემი შეყოვნების მიზეზი.
    ადრე ბაღჩის ეს ნაწილი მთლიანად ვენახს ეკავა. მერე პაპაჩემმა ნახევარზე მეტი ვენახი გაჩეხა, ძველი ვაზია, მეჩხერადღა ისხამსო, და ვენახმაც, უფრო სწორად, დარჩენილმა რამდენიმე პლანმა, მელიტოაანთ ღობისკენ ჩაიჩოჩა. გაკაჭული ადგილი კი ბაბოჩემმა პამიდვრისა და ბადრიჯნის ჩითილებით შეავსო.
    მელიტო პაპაჩემის ნახევარძმა და მარჯვენა მხრიდან მისი მომიჯნე იყო. ისინი მთელი ცხოვრება ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, მგონი მიწის, თუ რაღაც მემკვიდრეობის არასწორად გაყოფის გამო, მაგრამ არ მახსოვს, პაპაჩემს ოდესმე მასზე ცუდი წამოცდენოდა. რაც შეეხება ბაბოჩემს და მელიტოს ცოლს, ჟუჟუნას, ისინი ერთმანეთთან მართლა ვერ შველდებოდნენ. ბაბოჩემი თავის ნახევარმაზლის ცოლს იმის ღირსადაც კი არ თვლიდა, სახელით მოეხსენიებინა; მაგ არსაქნელის ქათმებმა სულ გადამიქექეს ბოსტანი, ან მაგ არსახსენებლის ფეხი ჩემ სახლში არა ვნახოო, იტყოდა ხოლმე მის დანახვაზე და გემრიელადაც ჩამოწყევლიდა. არ ვიცი, ბაბოჩემის დანაბარებისა თუ რის გამო, არც ჟუჟუნა და არც მელიტო მართლა არ მოსულან მის სამძიმარზე. ის კი კარგად მახსოვს, პაპაჩემის გასვენების დღეს როგორ ბავშვივით ტიროდა თავისი ქუჩის კარებთან უხერხულად მდგარი, ჯოხზე დაბჯენილი მელიტო.
    პაპაჩემს სხვა ვენახიც ჰქონდა სოფლიდან მოშორებით, შოროხევის მარჯვენა ნაპირზე, სადაც ხშირად მივყავდით ხოლმე ხან მაყვლის და ასკილის საკრეფად, ხან ჭინჭარზე, ზოგჯერ უბრალოდ გასასეირნებლად, რთველში ხომ – თავისთავად. ვენახის შესასვლელში, თაღართან, დაბალი, მრგვალად ტოტებგაშლილი შვინდი იდგა, რომლის ქვეშაც გაზაფხულობით მთვარე იები ამოდიოდა. გაფენდა ბაბოჩემი შვინდის ძირში ჭურჭლის ზოლებიან ტილოს, ვედროდან საგზალს ამოალაგებდა, რომელიც ძირითადად შოთი პურისა და ცხვრის ყველისგან შედგებოდა და ჩვენც მეტი რა გვინდოდა, მდინარის გრილ ნიავს და ბაბოჩემის დამოძღვრას, “ყველი ბეწა-ბეწა, პური ბევრი”, გემრიელად ვყლაპავდით ლუკმებთან ერთად. მერე კი, მე და ჩემი და მთელ ვენახს გარს ვუვლიდით და ჩვენთვის საინტერესო რაღაც-რუღაცეებს ვაგროვებდით.Mმახსოვს, როგორ ვეძებდით ორღობეებში ჩემთვის დღემდე სასაცილო და ცოტა უხერხული სახელის მქონე პატარა წითელ სოკოებს, ტურუტუტუს, რომელსაც მინდვრის ყვავილებთან ერთად ვაზაში ვაწყობდით. საერთოდ კი, მგონი იმ ბავშვებს უწვავდნენ და აჭმევდნენ, რომლებსაც უნებლიე შარდვა ჰქონდათ. მართალია პაპაჩემის ვენახში ვიყავით, დღე იყო და მზეც ანათებდა, მაგრამ ცოტათი მაინც ყოველთვის გვეშინოდა და, ვცდილობდით, უფროსები თვალიდან არ დაგვეკარგა.
    ჩვენი შიშის მიზეზი ლეკები იყვნენ, რომლებიც ვენახიდან ერთი ხელის გაწვდენაზე, მდინარის მეორე ნაპირზე ცხოვრობდნენ. როცა წამოვიზარდეთ და გავიგეთ, რომ თურმე ლეკებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, შიში რა თქმა უნდა გაქრა, მაგრამ მისი ჩანერგვა დიდწილად უფროსების კისერზე იყო; სწორედ მათ აძლევდათ ხელს გუდიანი ლეკებით ბავშვების დაშინების მეთოდი. თუმცა, ამასაც თავისი რეალური მიზეზი გააჩნდა, რომელიც სათავეს ლეკიანობის დროიდან იღებდა. ლეკის ქალები, ფატინები, ყოველდღე დადიოდნენ ჩვენს სოფელში; წელზე ჭრელაჭრულა შალები ჰქონდათ შემოხვეული, ფეხზე კი იშვიათი სილამაზის ასევე ფერადოვანი ლეკური წინდები, ან ჩითები ეცვათ და ათასი წვრილმანით ვაჭრობდნენ. მე დღემდე მაქვს ასეთი წინდები, რომელიც ჩემი ბავშვობის ხელშესახები სახსოვარია.
    ბილიკის მარცხენა მხარეს, საიდანაც მედიკოაანთ ბაღჩა ბაბოჩემისას ემიჯნებოდა, შავი ღოღნოშო ქლიავის ძირში იდგა იმ გარემოსთვის ოდნავ შეუფერებელი ვარდისფერი რკინის სკამ-სავარძელი, რომელზეც დაღლილი ბაბოჩემი და პაპაჩემი თუ არ ციოდა, საათობით ისხდნენ ერთმანეთის გვერდით. ბაბოჩემს ფართუკის ჯიბეში სულ ჰქონდა ვაშლის ჩირი, ჩამიჩი, პიტნის კანფეტი, გალეტის ნამტვრევები ან სხვა სასუსნავი და ფიცრების საზურგეზე ოდნავ მიწოლილი, როგორც თვითონ უყვარდა თქმა, ნება-ნება მიირთმევდა ამ ნუგბარს. სკამი ბილიკის გასწვრივ იდგა, პირით ჩრდილოეთისკენ და მასზე მჯდომი თვალს ვერ მოსწყვეტდი კავკასიონის მთების ულამაზეს ჯაჭვს. ერთ ადგილას მთები ვარცლივით იყო ჩაზნექილი, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს თეთრად მოქათქათე თოვლს მე ცომს ვეძახდი. შემოდგომობით, როცა ძველს ახალი თოვლი დაემატებოდა, ვამბობდი, ცომი ამოფუვდა, ცომი-მეთქი. მარცხნივ თუ გადმოიტანდი მზერას, დაინახავდი თითქმის სრულიად მოტიტვლებულ მინდორს – ნაკალოვარს. პაპაჩემის მონაყოლის მიხედვით, ლეკებს იქ ქართველი ტყვეები აუყვანიათ, ხელფეხშეკრულები ძირს დაუყრიათ და თავთავივით გაულეწავთ. მას შემდეგ დაურქმევიათ ამ ადგილისთვის ნაკალოვარი. ბუნებრივია, რომ ლეკების მიმართ ჩემი და ჩემი დის ზემოთ ხსენებული შიშის ერთ-ერთი მიზეზი, ეს საშინელი ამბავიც იყო.
    კიდევ ოციოდე ნაბიჯის გავლის შემდეგ, სანამ ბილიკი მარჯვნივ გადაუხვევდა და ბაღჩის პირველ კარს მიადგებოდი, კუთხეში ზღმარტლის უშნო ხეს თითქოს სიმახინჯის დასამალადო, წინიდან ეფარებოდა ბებერი გუდა ლეღვი, რომელიც ზაფხულში უგემრიელესი ნაყოფით ერთნაირად გვიმასპინძლდებოდა ბავშვებს, დიდებს, ათასგვარი სახეობის მწერებსა და ფუტკრებს, ზამთარში კი, ჩვენი ქალების წყალობით ქარვისფერ მურაბად იქცეოდა და იმის ჭამას არაფერი სჯობდა.
    მწერების ხსენებისას, ფუტკრები შემთხვევით არ გამომიყვია ცალკე. ისინი ჯერ კიდევ ჩემი შორეული წინაპრებიდან მოყოლებული, ჩვენი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას უზრუნველყოფდნენ და, შესაბამისად, ყოველთვის დიდი პატივით მოიხსენიებოდნენ. როცა სახლში სუფრა იშლებოდა, რაც არცთუ იშვიათად ხდებოდა, მამაჩემი თითქმის ყოველთვის სვამდა ამ გონიერი, სასარგებლო და შრომისმოყვარე არსების სადღეგრძელოს. მიუხედავად იმისა, რომ საფუტკრე ყოველთვის სოფლიდან შორს, რომელიმე მთის ძირში ან მინდორში გვქონდა მოწყობილი, ჩვენს სახლში ზამთარ-ზაფხულ ირეოდა ფუტკარი. თუ ძალიან არ შეგვაწუხებდა ცხვირწინ ბზუილით, მათ ხელსაც არ ავუქნევდით, რადგან ვიცოდით, რომ ამით უფრო გავაღიზიანებდით. კბენით კი, იცოცხლე, იმდენჯერ უკბენიათ, რამდენჯერაც გინდათ. იმის ცოდნა, რომ კბენის შემდეგ ფუტკარი კვდება, ჩვენი ცრემლების გამომზეურების უფლებას არ გვაძლევდა და ნესტრის ამოღებამდე მოთმინებით ვიტანდით ტკივილს – რა თქმა უნდა იშვიათი გამონაკლისების გარდა. მერე კი, ცივი ქვა და იმის ჯანი… დავიდებდით ნაკბენზე და აღარც ძალიან გვისივდებოდა და, რამდენიმე წუთში ტკივილიც უკვალოდ ქრებოდა.
    დაწვრილებით მართლა არ ვიცი როგორი იყო მამის მხრიდან ჩემი წინაპარი პაპა-ბებიების დამოკიდებულება ამ მწერის მიმართ, მაგრამ მამაჩემს მეფუტკრის პროფესიასა და ფუტკრის შესახებ ცოტა უცნაური და შესაძლოა, გადაჭარბებული წარმოდგენა რომ ჰქონდა, ეს მთელმა სამეზობლომ და ყველა მისმა ახლობელმა იცოდა. ალბათ ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, როცა თებერვლის ცრიატ დღეს, ეზოში ჩალის სკამებზე დასვენებულ მამაჩემის კუბოს, მთელი ერთი საათი დასტრიალებდა თავზე ფუტკრების გუნდი. იქნებ, მართლაც უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად, როგორც ამას მერე ხალხი ამბობდა…
    ფართო, ხის ჩარჩოთი შეკრული მავთულის ბადის კარებში გახვიდოდი თუ არა, ათი-თხუთმეტი მეტრი სიგრძის სულ სხვანაირ ბილიკზე იდექი. ეს ისევ იმ ბილიკის გაგრძელება იყო, მაგრამ თან დამოუკიდებელი, უფრო კოხტად, ლარივით გაჭიმული კარიდან კარამდე. ბაღჩის ამ ნაწილში პაპაჩემს და ბაბოჩემს ძირითადად ბოსტნეული მოჰყავდათ. აქ მიწას გუთნით არასოდეს ხნავდნენ, სულ ბარით და თოხით ამუშავებდნენ. ამიტომ, ბილიკი ყოველთვის საგულდაგულოდ და ფაქიზად იყო გვერდებზე ჩამოსწორებული. მასზე მიმავალს ისეთი შეგრძნება გქონდა, თითქოს ეს-ესაა ზღვაში გრძელი ნავით შეცურე და მიწის შავი ბელტები აქეთ-იქიდან ტალღებად გეხლებაო. გვიანი გაზაფხული თუ იდგა და მთელი ბოსტანი სარზე ასული ლობიო-ბარდის იისფერნარევი თეთრი ყვავილით ერთიანად იყო გადაპენტილი, ხომ თავი შუაგულ სამოთხეში გეგონებოდა. მთელ ამ მშვენიერებას ემატებოდა წითლად მოელვარე ღაჟღაჟი, რომელსაც ბაბოჩემი ხახვთან ერთად ულამაზესი კოპწია კვლების გარშემო ჩათესავდა ხოლმე. ბაღჩის ამ ნაწილშივე იდგა ორი კეხურა ვაშლის, ერთი გულაბი მსხლისა და ერთიც ჯიშიანი კარალიოკის ხე, რომლებიც აგვირგვინებდნენ ამ იდილიას, ტანმაღლები, ზემოდან დაჰყურებდნენ ნარგავებს, ემანდ არავინ არაფერი ავნოსო.
    მაგრამ ყოველთვის ასე მომხიბლავად როდი გამოიყურებოდა ეს ჩემ მიერ სამოთხედ მონათლული ადგილი. მაგალითად, ზამთრის პირზე, უმთვარო კუნაპეტ ღამეში, როცა ზევით-ქვევით მოთარეშე სუსხიანი ქარი ათასნაირ საშინელ ხმას გამოსცემდა, მე და ჩემი და კი შიშისგან ძლივს მივათრევდით სახლისკენ ფეხებს და ვფიქრობდით ხუთიოდე წუთის წინ გაგუზგუზებულ ღუმელთან პაპის მონაყოლ ლეგენდაზე დაცემული ანგელოზების შესახებ; კბილს კბილზე ვაცემინებიდით, ერთი სული გვქონდა სახლში მალე მივსულიყავით, რომ თბილ ლოგინში შემძვრალებს ვეღარ დაგვენახა თავს ზემოთ გაკაშკაშებული ცა, სადაც, ჩვენი აზრით, ანგელოზები შეკრებას მართავდნენ…
    მეორე კარს გააღებდი და იწყებოდა ბაღჩის ყველაზე მოზრდილი, ძირითადად ხეხილით გაშენებული ნაწილი. ბილიკი აქ ისეთი გამოკვეთილი და სწორი აღარ იყო, მაგრამ ერთგან მაინც კარგად ემჩნეოდა წლების განმავლობაში გატკეპნილი ვიწრო ზოლი, რომელიც ხან სწორად მიდიოდა, ხანაც დიდ, გაფართხულ თხილის ძირებში უჩინარდებოდა და ისევ ჩნდებოდა. ჯერ მარჯვენა მხარეს გვერდით ჩაუვლიდი ბებერ ხეჭეჭურსა და მის ქვეშ მდგარ, უფრო სწორად, სოკოსავით ამოსულ ცემენტის რკინისფეხიან მრგვალ მაგიდას, რომელსაც ბრტყელი რკინისავე სალტე ჰქონდა შემოვლებული. Aწინ და უკან ბევრი რომ არ ევლო, ბაბოჩემი ამ მაგიდაზე აგროვებდა ძირს ნაყარ ხილს, ჭყინტ სიმინდს, სხვადასხვა ბოსტნეულს და, შებინდებისას, ბაღჩაში საქმეს რომ მოითავებდა, ყველაფერი ერთ წაღებაზე მიჰქონდა შინ. სხვათა შორის, ხეჭეჭური უფრო იმით დამამახსოვრდა, რომ ბაბოჩემი ამ მსხალს ხარშავდა და ისე ჭამდა – ალბათ, უკბილობის გამო. თუმცა, ერთი-ორჯერ მეც გავუსინჯე გემო და, ვერ ვიტყვი, რომ უგემური მეჩვენა.Aაი ჩემი და კი მსგავს რამეს არასოდეს დააკარებდა პირს. მაგალითად, ასევე მარცვალ-მარცვალ მოხარშულ სიმინდს, რომელსაც მე, ბაბო და პაპა გემრიელად შევექცეოდით ზამთარში.
    მსხლიდან ოდნავ მოშორებით, სადაც ზაფხულობით მზე ნაკლებად უდგებოდა, ისეთივე რკინის გრძელი, ოღონდ უზურგო სკამი იდგა, როგორიც ვენახში. იქვე, სკამის უკან კი სარწყავი რუ გადიოდა და, თაკარა სიცხეში აქ ჯდომას და დასვენებას არაფერი სჯობდა. რაც შეეხება ტკბილ ბროწეულს, რომელსაც ტოტები სანახევროდ მედიკოაანთ ბაღჩაში ჰქონდა გადაშვერილი, ჩემი და ჩემი დის უსაყვარლესი ხილი იყო. სამწუხაროდ, მეწლეურობისა და იმის გამო, რომ საერთოდაც ცოტას ისხამდა, მისი ჭამით გული არასოდეს გვიჯერებია. სამაგიეროდ, ძღომაზე და თავზე საყრელად გვქონდა შავი ცერისსიმსხო თუთა, რომელიც, ჩემი აზრით, ცოტა უადგილო ადგილას, შუაგულ ეზოში იდგა. მიუხედავად იმისა, რომ მის კენწეროზე შემომჯდარს ფეხებში შიშის ქარი მივლიდა, მაინც ერთ რამედ ღირდა სამყაროსთვის ზემოდან ცქერა და უგემრიელესი თუთით პირის ჩატკბარუნება. ზოგჯერ, როცა ბევრი ერთად დამწიფდებოდა, თუთის ქვეშ დავდგებოდით, მაგიდის მუშამბას კუთხეებით გავჭიმავდით და პაპაჩემი ან ჩემი გაუთხოვარი დეიდა, რომელსაც მამაჩემი ცოლისძმას ეძახდა, თუთას რამდენჯერმე ძლიერად შეაქანებდნენ ხოლმე. მოდიოდა და მოდიოდა ტყაპატყუპით თუთის წვიმა და მუშამბის შუა ნაწილში შავი, სურნელოვანი გორა დგებოდა. მაშინდელი თუთის გემოს და სუნს დღემდე უცნაური, თავბრუდამხვევი ნეტარებით ვიხსენებ. ბავშვობის შემდეგ სულ რამდენჯერმე ვჭამე თუთა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას ის გემო და სურნელი აღარ ჰქონდა…
    ბროწეულის ხესთან ახლოს, მსხვილ პალოებზე ძველი რკინის საწოლის ჩაჭყლეტილი ბადე იდო, რომელზეც პაპაჩემი თივის უზარმაზარ ზვინს დგამდა ხოლმე. მის ქვეშ ზამთარ-ზაფხულ ქათმები იქექებოდნენ და კრიახობდნენ. ზვინის შემდეგ იდგა გვერდმობრეცილი ფეხსადგილი და საღორე, რომელთა გვერდით გავლაც ვერ გეტყვით რომ დიდ სიამოვნებას წარმოადგენდა. ამიტომაც, ბილიკი ზვინიდან მკვეთრად უხვევდა მარჯვნივ და უგემრიელეს, ლოყაწითელა და წვნიან მსხლის ხესთან გადიოდა. ხეს უკან მოექცეოდი თუ არა, თან ცალი ხელით ბაღჩის მესამე, პატარა და ვიწრო ეზოში შესასვლელი მაღალი კარი უნდა შეგეღო.
    ეზოში, სათონესთან, კიდევ ერთი მძიმე, მრგვალი რკინა ეგდო, რომელსაც სკამი არ ეთქმოდა, მაგრამ მის მოვალეობას მშვენივრად ასრულებდა. აცივდებოდა თუ არა, რკინაზე საზაფხულოდ დაფენილ თხელ ტილოს ბაბოჩემი ზემოდან ოთხად დაკეცილ კუბოკრულ შალს გადააფარებდა, ზედ თბილად დაჯდებოდა და ხან კალთაში ჩაყრილ ხახვს არჩევდა, ხანაც კარტოფილს ფცქვნიდა ან ვაშლს ჩირავდა. მარჯვენა მხარეს, მთელი ღობის გაყოლებაზე, სანამ ქვიტკირის გალავანი დაიწყებოდა, თითა ყურძნის პატარა ხეივანი იყო გაშენებული, რომლის ქვეშაც სხვადასხვა ფერის სურნელოვანი ვარდები გვიან შემოდგომამდე ყვაოდა. ეზოს სიგანეზე ჩამოუდიოდა საკმაოდ განიერ, ცემენტის კალაპოტში მოქცეული რუ. გადაივლიდი მის ერთ ნაწილზე ხიდად გადებულ ხმაურიან თუნუქს და ქვიტკირისავე ძველი, ორსართულიანი შენობის წინ იდექი. ეს იყო ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლი.
    თეთრად შეღებილი ხის კარებით დაბალჭერიან, ყვითელფარდებიან ოთახში შედიოდი. მარცხნივ, მარანში შესასვლელი კარები იყო, მარჯვნივ ღუმელი, კუშეტკა და დიდი, გასაშლელი მაგიდა იდგა. მეორე, შედარებით პატარა ოთახში ბაბოჩემს და პაპაჩემს ეძინათ ფანჯრებთან მიდგმულ რკინის საწოლებში; ერთ ფანჯარაზე ყოველთვის იდგა ყავისფერმუცლიანი ძველებური ნავთის ლამფა, დანარჩენ ორზე კი, ძველ ჩაიდნებსა და ქვაბებში ჩარგული ბაბოჩემის ოთახის ყვავილები ეწყო.Aამ ოთახიდან ფარდაჩამოფარებულ კარს შიგნითა ოთახში გაჰყავდი, სადაც ხან ჩვენ, ხანაც სტუმრად მოსული ჩემი დეიდები, ბიძები და დეიდაშვილები იძინებდნენ.
    მარანში შესვლამდე, რომელიც ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილს წარმოადგენდა, ჯერ მძიმე ურდული უნდა აგეხსნა ერთმანეთზე ცერად დაკრული ფიცრებისგან შეკრული განიერი კარებისთვის, მერე ცემენტის ერთი საფეხურით ქვემოთ ჩასულს უნდა გადაგეტრიალებინა მარცხენა კედელზე შნურებზე დამაგრებული ძველებური დენის ჩამრთველი და, პირველი, რასაც შუქის ანთებისთანავე დაინახავდი, იყო ჭერამდე ასული უბრალო გაურანდავი ფიცრის განიერი თაროები, რომლებზეც ათასნაირი ხილის კომპოტების, მურაბების, პავიდლოების, კონსერვებისა და მწნილის ქილები ეწყო. იქვე, დაბალ მაგიდაზე იდო შავი ემალის დიდი ქვაბი, რომელშიც ბაბოჩემი ორად გადატეხილ შოთ პურებს აწყობდა. ჭერში კი შიშველ კოჭებზე ჩამოკიდული, კონებად შეკრული გამხმარი მწვანილეული, პიტნის ნაწნავები, ხახვისა და ნივრის გალები და გრძელ ძაფებზე აკინძული ყურძნის მტევნები კონწიალობდა. ცოტა მოშორებით, ხის კავებით ეკიდა თონეში შებოლილი ღორის დიდრონი ბარკლები და ნეკნები, რომელსაც ზამთარში წვრილად ჩაკუწულს ხარშავდა ბაბოჩემი. Aამის მერე, დატკეპნილ მიწაზეც თუ მოატარებდი თვალს, დაინახავდი სამ უზარმაზარ სიპ ქვას, რომელთა ქვეშაც მუცელგაბერილ ოცჩაფიანებში, პაპაჩემი თავის დაწურულ ღვინოს ინახავდა.
    რაც შეეხება ორთვალა სახლის მეორე სართულს, ის რიყის ქვით ნაშენი რამდენიმე ფარღალალა ოთახისგან შედგებოდა. ერთი მათგანი მამაჩემს წლების წინ, ახალი სიძე რომ ყოფილა, თავისი ხელით გაუბათქაშებია, მაგრამ მას მერე ამ ოთახებს ბევრი აღარაფერი შემატებია და, ასაკში შესულ პაპაჩემსაც საბოლოოდ აუღია ხელი მათ გამართვაზე.
    ბაბოჩემი და პაპაჩემი ღრმა სიბერემდე ჯანმრთელობას მაინცდამაინც არ უჩიოდნენ. ერთი ეგ იყო, ბაბოჩემს ახალგაზრდობიდანვე დიაბეტი ჰქონდა და მსუყე საკვებს არასდროს მიირთმევდა; ჭამდა რუხი ფქვილით გამომცხვარ პურს და შაქარს და მარილს ახლოს არ ეკარებოდა. კულაკის ნებიერა ქალიშვილი, ბაბოჩემი, ჟამუტაანთ ბაბულია, ცოტა ცივი და ქედმაღალი ქალი იყო. სხვა სოფლელი ქალებივით მეზობლებში არასოდეს ითქვიფებოდა და საშინლად სძულდა ჭორაობა; თავსაც შეძლებისდაგვარად უვლიდა და საქმესაც ზომიერად აკეთებდა – დღეებზე ანაწილებდა, რომ ერთბაშად არ გადაღლილიყო. ზაფხულში სიგრილით წავიდოდა დაბლა ვენახში და იქიდანაც მზის ჩასვლამდე არ ამოვიდოდა; შვინდით ან ლეღვით სავსე მძიმე ვედროს არასოდეს ასწევდა, -Dკრეფდა იმდენს, რამდენის ტარებასაც შეძლებდა. თავზე მუდამ ლამაზი ბამბის მოსახვევი ეფარა და ჩითის კაბა და ჩუსტიც ყოველთვის შესაფერისი ეცვა. ჰყავდა საკუთარი მკერავი, გაუთხოვარი კოჭლი მარუსა. გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონს ისე არ ჩააგდებდა, ერთი ახალი საგარეო კაბა და თითოც ბამბაზიისა და ჩითის ხალათი რომ არ შეეკერა. ყმაწვილქალობაში ბაბოჩემი თურმე ბაფთიან გიტარაზეც უკრავდა და კარგი მოლხენაც ჰყვარებია.Uმერე და მერე, ასაკში რომ შევიდა, უფრო გაზეთი და ახალი ინფორმაციები აინტერესებდა. დიდ მაგიდაზე ყოველთვის ეწყო მშობლიური რაიონის გაზეთი და “სოფლის ცხოვრების” ახალი ნომრები. ამ ყველაფერთან ერთად, გიორგევნა, როგორც სიძეები ეძახდნენ ბაბოჩემს, დომინოს თამაშის უბადლო ოსტატი იყო და თავის ძირითად პარტნიორთან, პაპაჩემთან ერთად, საანგარიშოს ჩხაკუნსა და დომინოს კოჭების კაკუნში გაჰყავდა ზამთრის მოსაწყენი საღამოები.
    მისი მართლაც ერთგული თანამეცხედრე, პაპაჩემი გოგია კი უფრო ნაკლებად პრეტენზიული, უბრალო მშრომელი გლეხი იყო. ტრაქტორისტების ბრიგადირი დღესა და ღამეს მინდორში ატარებდა და სახლში ზოგჯერ დასაძინებლადაც ვერ მიდიოდა. პაპაჩემი ომის დროს ზურგში დაუტოვებიათ და უთქვამთ, იცოდე, ნახევარი საბჭოთა კავშირი შენი ტრაქტორებით მოხნულმა მიწამ და კომბაინით აღებულმა ხორბალმა უნდა გამოკვებოსო. ამასაც დაუკაპიწებია მკლავები და ზედმეტსახელი “მინდორაც” იმდროიდან შერქმევია. მაგრამ მხოლოდ ეს ჯილდო არ უკმარებიათ: მოსკოვში რომელიღაც ყრილობაზეც მიუწვევიათ და სტალინის ხელმოწერით საპატიო სიგელი გადაუცათ.Eიქიდან ჩამოტანილი ეს სქელი მუყაოს ფურცელი და კიდევ ორი სუვენირი – უზარმაზარი ჭრელი ფანქარი და შავ-თეთრი კალამი კრემლის გამოსახულებით, რომელთა ხელში დაჭერა ბავშვობაში ჩვენი ოცნების საგანს წარმოადგენდა, უკანასკნელად პაპაჩემის გასვენების დღეს ვნახე მის სხვა ნივთებთან ერთად. მე მას სიცოცხლეშივე დავპირდი, რომ დავიტირებდი და სიტყვა შევუსრულე:
    – პაპი, არც ერთი ყვავილი ისე ლამაზი აღარ იქნება, როგორც მინდვრიდან შენი მოტანილი ყაყაჩოები… როგორ მომენატრები ჩემო კარგო პაპი… მოვთქვამდი შაოსან ნათესავ ქალებში მორცხვად ჩამჯდარი და, კარგად მახსოვს, როგორ უერთდებოდა ჩემს ნატირალს ჩემი დეიდაშვილი გოგოების ხმამაღალი ქვითქვითი. აი, ასე გამოვემშვიდობე პაპაჩემს ჩემი პირველი და, ვინ იცის, უკანასკნელი ხმით ნატირალით, რადგან მერე, ვერც მამაჩემისა და ვერც ბაბოჩემის დატირება ვეღარ შევძელი.
    საწყალი ბაბოჩემი ამ დროს წნევადარტყმული და ფეხმოტეხილი, თუმცა გრძნობაზე მყოფი, მეორე ოთახში გაუნძრევლად იწვა. დროდადრო კედელზე ხელის რტყმითა და ხმამაღალი ამოკვნესით პაპაჩემს აქედან გაეხმიანებოდა ხოლმე, უმეტესად კი თავისთვის იყო გატრუნული ლოგინში და ჭერში უაზროდ აცეცებდა ცრემლდამშრალ თვალებს.
    პაპაჩემის შემდეგ, წესით მისი რიგი უნდა დამდგარიყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, თურმე ეშმაკს არ ეძინა: სრულიად საღსალამათი მამაჩემი ავარიით გარდაიცვალა და უბედურ ბაბოჩემს კიდევ უფრო გაუმწარა დარჩენილი სიცოცხლე, სიკვდილი სანატრელად ექცა და მამაჩემის ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე დაისვენა კიდეც საწყალმა… წესიერად ვერც დავიტირეთ, ვიღას ჰქონდა მისი თავი, მამაჩემის შემდეგ დახოცილები ვიყავით.
    თითქმის ორი კვირა იყო ღია ბაბოჩემისა და პაპაჩემის უკანა ეზოს დიდი, ცისფრადშეღებილი ქუჩის კარები. Qქელეხისთვის ნაქირავები გასაშლელი მაგიდები და სკამები დასაფლავების დღესვე წაიღეს სატვირთო მანქანით, ცხიმიან ხელსახოცებს და სუფრად გამოყენებული ქაღალდის დიდრონ ნაგლეჯებს კი კიდევ დიდხანს დააფრიალებდა აქეთ-იქით ქარი. მიუხედავად იმისა, რომ ბაბოჩემსა და პაპაჩემს სწორედ უკანა ეზო აკავშირებდა გარე სამყაროსთან – სოფლის მთავარ ქუჩასთან, ისინი ამ ეზოს ერთიანი კარმიდამოს ნაწილად მაინც ვერ აღიქვამდნენ.Dრამდენიმე დღე ისე გავიდოდა, რომ ბაბოჩემი აქეთ არცკი გამოხედავდა;Aან რა საქმე ჰქონდა ამ ცარიელ ეზოში, სადაც ერთი ჯუჯა, უხვნაყოფიანი ბალტყემლისა და კედლის ძირებზე ჩარიგებული ვარდების მეტი არაფერი იდგა. მარტო ზამთარში უხდებოდათ მოხუცებს აქეთ ხშირი სიარული, როცა პაპაჩემი ტყიდან მოტანილ ორ-სამ ლაფეტ პატარა მორებად დახერხილ წიფლისა და რცხილის შეშას დაახვავებდა ხოლმე.
    ბაბოჩემის ორმოცამდე დეიდაჩემი მესამე უბნიდან აქეთ გადმოსახლდა. ათასი საქმე იყო – სახლი არეული, ჭურჭელი დასაბინავებელი, არც მიმსვლელ-მომსვლელი წყდებოდა. გარდა ამისა, სანთელი ხომ უნდა აენთო ვინმეს ყოველ დღე? თანაც, ეს დეიდა, ყველაზე პატარა იყო დებს შორის და, ბაბოჩემმა და პაპაჩემმა სწორედ მას დაუმტკიცეს მთელი თავიანთი მონაგარი სახლ-კარიანად; ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი ქონება იყო, მაგრამ რაც შეძლეს საწყლებმა ის მოიქონიეს თავიანთი ალალი შრომით და პატიოსანი ცხოვრებით, სიბერეში კი პენსიისა და ოთხი გათხოვილი ქალიშვილის ანაბარა დარჩნენ. ეჰ, ბიჭის ფასი არაფერი არ არის, წამოსცდებოდა ხოლმე ზოგჯერ შვილებზე ნაწყენ ბაბოჩემს და დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ერთადერთ ბიჭსაც, რომლის შესახებაც არასოდეს არაფერს ამბობდა, მაშინ გაიხსენებდა ხოლმე სინანულით.
    მალე ორმოციც გავიდა და დეიდაჩემიც ისევ გადაბარგდა ქმრის სახლში. თავიდან თითქმის ყოველდღიურად გადმოდიოდა, სახლს გაანიავებდა, ლოგინებს გამოამზეურებდა და საღამოს ისევ უკან დაბრუნდებოდა. მერე ნელ-ნელა უკლო სიარულს, ხან რამდენიმე კვირა და თვეც ისე გავიდოდა, რომ აქეთ არც კი გადმოიხედავდა. ასე თანდათანობით, ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლი საბოლოოდ გამოყრუვდა და გაცივდა… იდგა გარინდებული, ოდესღაც სიცოცხლით სავსე და აღარავის ხიბლავდა შიგნით შესვლა. იქ მარტო ყოფნა არც მე მსიამოვნებდა, მაგრამ ზოგჯერ, დღისით, სახლის კარებიდან მაინც ჩამოვხსნიდი უცხო თვალის მოსაჩვენებლად ტყუილად ჩამოკიდულ ბოქლომს, ჩამოვჯდებოდი მაღალ კუშეტკაზე, რომელზეც ბაბოჩემის საყვარელი, უკვე ალაგ-ალაგ ჩრჩილისგან შეჭმული ჭრელი ფარდაგი იყო გადაფარებული და ვიხსენებდი ჩემი ბავშვობისა და ყრმობის საუკეთესო წლებს.
    ზუსტად მართლა არ მახსოვს ბაბოჩემის სიკვდილის შემდეგ რამდენ ხანში დაიწყო სახლის გაყიდვაზე ლაპარაკი. დაიწყო და აღარც დამთავრებულა, სანამ ბოლომდე არ მივიდა საქმე. ერთადერთი და რეალური მყიდველი, ისევ ჩვენი და ბაბოჩემის მომიჯნე, ნემსაძეაანთ მედიკო იყო, რომელსაც გროშებად უნდოდა სახლის ხელში ჩაგდება: “ვის დაუთმობ, გო, ორი ბიჭის დედა ვარ, მაგრამ ფასზე უნდა მოვილაპარაკოთ, უნდა მაცადო, ნაწილს ეხლა მოგცემ, დანარჩენს მერე, გამქცევი ხო არა ვარ”… ასე იწყებოდა თითქმის ყოველ დილა ღობეზე გადმომდგარი მედიკოსა და დეიდაჩემის ლაპარაკი. ამასობაში კი, ჩემი მეორე, მეზობელ რაიონში გათხოვილი დეიდა ხან ვისი პირით შემოუთვლიდა კვირაში რამდენჯერმე უმცროს დას და ხან ვისი პირით, რა ქენი, ხო იცი, შენს იმედზე ვარ, არ დამღუპოო; თურმე მულები პირში აგონებდნენ, იმ თქვენებიაანთ სახლში ხო აღარავინ ცხოვრობს და, მადლი იქნება ჩვენი ძმის შვილისთვის, ეგებ რამე ეშველოსო. “რა ვქნა, გო, ცალკე იმ ბალღის ცოდვით აღარა ვარ, ცალკე კიდე აქ აღარ ვიცი რა ვქნა, ჩალის ფასად ხო არ გადავაგდებ მართლა და მართლა ამხელა სახლს”, – დაიჩივლებდა ხოლმე დედაჩემთან ნათელა, ჩვენი უმცროსი დეიდა. მისთვის დეიდა არასოდეს დაგვიძახია არც მე და არც ჩემ და-ძმას, განა იმიტომ, რომ არაფრად ვაგდებდით, პირიქით, ძალიან ჩვენიანად რომ მიგვაჩნდა, იმის გამო. ის ჩვენთვის ნათო-ნათელა იყო ყოველთვის და ასეა დღესაც.
    ბოლოს მაინც ისე მოხდა, როგორც ნათელამ იწინასწარმეტყველა, მაგრამ ყველაზე დასანანი ის არის, რომ თურმე ბოლოს მედიკოც უკმაყოფილო დარჩენილა, დამპალი სახლი შემომატყუესო. დღემდე მიკვირს, ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლის ფულს, რომელსაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ჩემი დეიდაშვილი ფეხზე უნდა დაეყენებინა, რატომ არ დაემატა მათი ასევე მიტოვებული, თანაც სახლის კი არა, ცარიელი ადგილის ფული… თუმცა, ამაზე პასუხი ყველაზე კარგად თავად დეიდაჩემის, მარინეს სიზმარმა გამცა: სახლის გაყიდვიდან რამდენიმე თვეში, პაპაჩემი და ბაბოჩემი შებინდებისას ვენახში შვინდის ქვეშ ერთმანეთის გვერდით მსხდარნი დასიზმრებია. უკითხავს, ღამდება, სახლში რატომ არ მიდიხართო, იმათ კიდევ უთქვამთ, აბა სად წავიდეთ, სახლი აღარა გვაქვს, შვილებმა გაგვიყიდესო… ამოქანდა დილაუთენია დეიდაჩემი ტირილით საფლავზე სანთლების დასანთებად და ბოდიშის მოსახდელად. ან მეტი რა უნდა ექნა?!
    გაყიდული სახლიდან სიმბოლური თანხა დედაჩემსა და უფროს დეიდასაც შეხვდათ. ნათელამ თავისი წილი ფულიდან ერთი მეწველი ძროხა და, შვილებისთვის, როგორც თვითონ ამბობდა, ფანცი-ფუნცები იყიდა, დარჩენილი ორი კაპიკით კი ვალები გადაიხადა.
    გაზაფხულობით, როცა ქალის იები აყვავდება, მავთულის ღობესთან მდგარი დიდხანს გავყურებ ბაბოჩემისა და პაპაჩემის ერთიანად გადახნულ ბაღჩას და ვცდილობ, წარმოდგენაში ისევ გავირბინო ბილიკზე, ისევ გავიგონოAვენახიდან ექოდ გამოსული პაპაჩემის ძახილის ხმა: ინოოოოოო, ოო, ჰაი ინოოოოოოოოოოოოოოო… და სამუდამოდ ჩემთვის შევინახო ეს მოგონება ან, თუ ძალიან მომინდება ვინმესთვის გულის გადაშლა, მარტო ჩემს დას ვუამბო ამის შესახებ.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ლევან ორახელაშვილი – ნიკიტა

    ასეთი დაამახსოვრდა მამა. მუდამ ხალისიანი, უკან გადავარცხნილი ხშირი, ქერა თმითა და ლაჟვარდოვანი თვალების კუთხეებში, ალბათ, ხშირი, გულიანი ღიმილისაგან ნაოჭებგაჩენილი. სამხედრო ფორმით შემოსილი ძლიერი სხეულით, ფართო, ამოზნექილ მკერდზე მკაცრი თანმიმდევრობით მიბნეული ჟღარუნა მედლებით, სამხრეებიდან თვალისმომჭრელად მოელვარე ვარსკვლავებით.
    ყოველ კვირა დღეს, მამის ღონიერ მკლავზე ჩამომჯდარი მიემართებოდა გასართობად და სახალისოდ მაქსიმ გორკის სახელობის პარკისკენ. გზად, მის გულზე მიბნეულ ჯილდოებს ათამაშებდა პატარა თითებით, თან ოდეკოლონისა და თამბაქოს დაუვიწყარ სურნელს ისრუტავდა. ამაყად გადაჰყურებდა სიმაღლიდან “ფეხითმოსიარულე” თანატოლებსა და “სამოქალაქოში” გამოწყობილ მათ მამებს. ყველაზე მეტად კი ის მოსწონდა, მხედრულ სალამს რომ აძლევდა მამა ქუჩაში შემხვედრ სხვა სამხედროებს. მერე პარკის შესასვლელთან ჩერდებოდნენ ცოტა ხნით. აუცილებელი ნივთები უნდა შეეძინათ: დიდი, წითელი საჰაერო ბუშტი და პატარა, რეზინის ძაფზე გამობმული მოელვარე, მოუსვენარი და ონავარი ბურთულა. უკვე ამგვარად აღჭურვილნი მიემართებოდნენ პარკის სიღრმისკენ. მიდიოდნენ წითელი აგურის ნატეხებით დაფარული გზა-ბილიკებით უზარმაზარ, მწვანით შემოსილ შრიალა ხეებს შორის, რუპორებიდან გადმოღვრილი მხიარული მუსიკის თანხლებით.
    ენითაუწერელი ჟრუანტელი უვლიდა მუცლის არეში, როცა ქარზე უსწრაფესად ტრიალებდა უზარმაზარ წრეზე მამას მიხუტებული. ხეების ფოთლები ლამის სახეზე ეხებოდნენ. პატარა გოგონების წივილ-კივილი კი კარუსელის ძრავის გუგუნს ფარავდა. მერე, როგორც წესი, “ეშმაკის ბორბალზე” სხდებოდნენ და იქ უკვე ნე-ნელა ტრიალებდნენ, ოღონდ სხვა მიმართულებით. მთელ ქალაქს ხედავდნენ ზემოდან. მწვანეში ჩაფლულ რუხ სახლებს, აქა-იქ ამოზრდილ ოქროს გუმბათებს, წითელი კრემლის კონტურებს.
    ერთხელ ამ სანახაობით გაოცებულს უთხრა მამამ:
    – ნიკიტა, შვილო, მოვა დრო და შენც იფრენ ჩემი თვითმფრინავით.
    ძალზე სერიოზული ხმა ჰქონდა. არ იღიმოდა. თანაც ისე ელაპარაკებოდა, როგორც მამაკაცი მამაკაცს. მეორე დღეს კი, სამსახურში წასვლის წინ, ჭერისკენ ასტყორცნა ძლიერი ხელებით. დაიჭირა, გულში ჩაიკრა და მაგრად აკოცა. ვარდნისაგან გამოწვეული ჟრუანტელი ჯერაც არ ჰქონდა განელებული, მამა რომ წავიდა. წავიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა. დედა კი სულ ტიროდა და ტიროდა. ერთ კვირა დილას კი ვიღაც კაცებმა პატარა ურნა მოიტანეს და ოთახის შუაგულში დადგეს. მერე სამხედროები მოვიდნენ. მკლავებზე შავი ლენტები ჰქონდათ შემოხვეული და ჩუმად იდგნენ. ცოტა ხანში კი ურნა წაიღეს. დედაც მათ გაჰყვა. როცა დაბრუნდა, ის ბაშვებთან ერთად თამაშობდა ეზოში დაყრილ სილაში. სველი სილისგან რაღაც ფიგურების გამოძერწვას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ნაძერწი თითებშივე ეფშვნებოდა. მერე დედა მოვიდა და ჩაიხუტა. მიხაკების სუნი ასდიოდა. იმ დღიდან მოყოლებული “კომუნალკის” ტუალეტში იკეტებოდა ხოლმე დედა და იქ ტიროდა. მარია ევდოკიმოვნა კი წარამარა უბრახუნებდა კარზე და უყვიროდა.

    * * *

    ნიკიტა მაქსიმ გორკის ქუჩაზე “ელისეევსკი” მაღაზიის ვიტრინის წინ იდგა. იქ გამოფენილ, შუშის უზარმაზარ ლარნაკებში ჩაწყობილი კანფეტებისთვის დაედგა თვალი. ყველაზე მეტად “დათუნია” იზიდავდა. ლამაზად გაფორმებულ ქაღალდში გახვეული ხრაშუნა შოკოლადის და ვაფლის მსუქანი ნაჭერი. – ნეტავ, ეს დედაა თუ მამა? – გულმოდგინედ დააკვირდა ნიკიტა სქელი, დაორთქლილი შუშის მიღმა, ფიჭვნარში მოთამაშე ბელებს და თითქოს მათ სადარაჯოზე მყოფ დიდ მურა დათვს. მაგრამ ვერაფერი გაარკვია. ადგილზე ხტუნაობა დაიწყო სუსხით შეწუხებულმა. ასფალტი ისეთი მოყინული იყო, რომ ფეხსაცმლის ლანჩები ზედ ეკვროდა.
    “ელისეევსკის” კარი გამუდმებით იღებოდა და იხურებოდა. საკონდიტრო ნაწარმის ვანილოვან არომატში შეზავებული შებოლილი ძეხვეულისა და ლორის მჭახე სუნი იღვრებოდა ქუჩაში. რამდენიმე მაწანწალა ძაღლი “მორიგეობდა” მაღაზიის წინ. აღგზნებულნი მიდი-მოდიოდნენ, ხარბად იყნოსავდნენ სველი ცხვირებით ჰაერს. დაბჩენილი ხახებიდან ორთქლის დიდ ბოლქვებს უშვებდნენ, თან ნაწყვეტ-ნაწყვეტ წკმუტუნებდნენ, თითქოს ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ხალხის უწყვეტი ნაკადი მიედინებოდა ქუჩაში. ყველას სადღაც ეჩქარებოდა. ყინულზე მიასრიალებდნენ ფეხებს. ზოგიერთი მათგანი “ელისეევსკისთან” ამუხრუჭებდა და იქ შედიოდა. ნიკიტა მოსწყდა როგორღაც ვიტრინას და იმ ზოგიერთებს შეუერთდა.
    უზარმაზარი ჭაღებით განათებულ თბილ დარბაზში აღმოჩნდა. ნახერხმოყრილ მარმარილოს იატაკზე მიაბიჯებდა. ოდნავ დაბნეული. არ იცოდა, საით წასულიყო. ფეხის წვერებზე აწევას და ამგვარად “დათუნიას” ძებნას აზრი არ ჰქონდა. პატარა ვერაფერს დაინახავდა. ნელ-ნელა მიიკვლევდა გზას გაუთავებელ რიგებში მდგომ თუ მოძრავ ხალხს შორის. პირამიდებად დაწყობილი გაპუტული ბატების რიგს ძეხვის, თევზეულისა და სპირტიანი სასმელების რიგები ენაცვლებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, დარბაზის ცენტრს მიაღწია. ჭერამდე აზიდულ საახალწლო ნაძვის ხეს წრე დაარტყა. მხოლოდ ერთი წამით შეჩერდა, უნდოდა ზედ დაკიდებული ფერად-ფერადი სათამაშოები შეეთვალიერებინა, მაგრამ მყისვე მუჯლუგუნი მიიღო ვიღაც გატენილი პარკებით დატვირთული მომხმარებლისგან. მარცხნივ გადაუხვია თავისდაუნებურად და საკონდიტრო ნაწარმის სექციასთან ამოჰყო თავი. კილომეტრიან რიგში დადგა. როცა ჯერმა მოუწია, აუხსნეს, რომ ჯერ სასაქონლო ჩეკი უნდა აეღო. წავიდა პატარა, გაუბედავი ნაბიჯებით, სალაროს მიაგნო და კვლავ რიგში ჩადგა. ხელში თავისი რკინის მანეთიანი ჩაებღუჯა. ასე ნელ-ნელა მიიწევდა წინ. სულ ცოტა უკლდა სალარომდე, როცა წინ მდგომი მამაკაცი მისკენ შემობრუნდა. ალბათ, უნებურად. აათვალიერ-ჩაათვალიერა და რიგს მიმართა: “ამხანაგებო, ეს ყმაწვილი ურიგოდ გავუშვათ!” “როგორ? რატომ? ჩვენც გვყავს სახლში ბავშვები! ახალ წელს მეტროში შევხვდე? ეს მოქალაქე, მგონი, დილიდან ზეიმობს!” – გამოცოცხლდა გაქვავებული რიგი. მერე ვიღაც ენერგიულმა ბებიამ ყველას ხმა გადაფარა: “გავუშვათ ურიგოდ რა თქმა უნდა, თუ ეს ვაჟბატონი თავის ადგილს დაუთმობს, თავად კი რიგის ბოლოში გადაბრძანდება!” “რატომაც არა, ასეც ვიზამ!” – აუღელვებლად წარმოთქვა მამაკაცმა. მერე ჩაიცუცქა, ნიკიტას თვალებში ჩახედა, გაუღიმა, ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა და გაუჩინარდა. საოცრად ჰგავდა მამას, ოღონდ მისგან განსხვავებით არყის სუნი ასდიოდა.
    “ერთი მანეთის “დათუნია”, თუ შეიძლება!” – ახალგაზრდა, თეთრ ხალათში გამოწყობილმა ქალმა რკინის მანეთიანი ხურდა ფულით სავსე უჯრაში ჩააგდო. ზარითა და წკარუნით ამოარტყა ჩეკი სალარო აპარატიდან.
    ეს რკინის მანეთიანი შემთხვევით, მაგრამ დამქანცველი შრომის ფასად იშოვა ნიკიტამ. “მოდი, შვილო, მომეხმარე, ცოტაოდენი საქონელი მაქვს ფარდულში შესაზიდი, ეს ოხერი მუშები კი დილიდან გაილეშნენ, ეშმაკმა წაიღოს მაგათი თავები!” ამ სიტყვებით გააჩერა ქუჩაში მიმავალი ნიკიტა ვიღაც მხრებზე ძვირფასქურქშემოცმულმა ქალმა. რამდენიმე საათის განმავლობაში ეზიდებოდა ხილ-ბოსტნეულის ფარდულთან მიყენებული საბარგო მანქანიდან მჟავე კიტრით სავსე ქილებს. საწყობში ალაგებდა. ის ქალი კი წარამარა ეუბნებოდა, “ფრთხილად, ბიჭუნავ, არ გაგიტყდეს, ძვირფასი საქონელია, განსაკუთრებით ამ დღეებში”. არც ერთი ქილა არ გაუტეხავს. მერე იმ ქალმა კაბინეტში შეიყვანა, კარადა გამოაღო და იქედან ფული აიღო. სამმანეთიანი. მერე გაეცინა, ფული უკან დააბრუნა, ქურქის ჯიბეები მოიქექა, რკინის მანეთიანი მისცა და უთხრა, “ქაღალდის ფული ნამდვილად გაგეხევა, აი, რკინის კი სულ სხვაა”. კმაყოფილი წამოვიდა იქიდან ნიკიტა. ჯიბის ფული ჰქონდა ამჯერად. არა, უქონლობას არც უჩიოდა, უბრალოდ, მის სახარჯოს დეიდა ირინას უტოვებდა ხოლმე დედა. მეზობელს. ტელეფონის აპარატთან ყველაზე ახლოს რომ ცხოვრობდა, აი იმას. იმიტომ უტოვებდა, რომ თვითონ დიდი ხნით მიდიოდა ხოლმე. მამა რომ სამსახურში წავიდა და აღარ დაბრუნდა, იმ დღიდან ცოტა ხანში მუშაობა დაიწყო დედამ. შორი სვლა-გეზის მატარებელზე იშოვა გამცილებლის ადგილი. რამდენიმე დღით უწევდა გამგზავრება. მერე ისევ ბრუნდებოდა პროდუქტებით გატენილი ჩანთით. დეიდა ირინა კი მხოლოდ მოხარშულ კარტოფილს აჭმევდა. ზოგჯერ კი ისიც ავიწყდებოდა. ეს მხოლოდ იმ დღეებში ხდებოდა, როცა მისი ოთახიდან ხარხარისა და ჭიქების წკრიალის ხმა გამოდიოდა, ხოლო მარია ევდოკიმოვნა კარზე უბრახუნებდა და უყვიროდა. ამ დროს ყველაზე მეტად ენატრებოდა დედა. დედა სულ, სულ პირველად რეისში იმ დღეს წავიდა, როცა ნიკიტა პირველ კლასში ჩარიცხეს. ახლადგაუთოვებული თეთრი პერანგი ჩააცვა მაშინ დედამ, გულმოდგინედ გადაუვარცხნა ქოჩორი და აკანკალებული ხმით უთხრა: “ნიკიტუშკა, შვილო, არ დაიჯერო, არ შეგეშინდეს, არ სთხოვო… ასე იცხოვრე”. მანაც იქვე ჩაიბეჭდა ტვინში დედის ნათქვამი. თავისებურად გაიგო. არ დაიჯერა, რომ დედა არ დაბრუნდებოდა მამასავით და არც შეშინებია, ამიტომ არც უთხოვია, არ წახვიდეო. მას მერე უკვე სამი წელი გავიდა. მეოთხე კლასში გადავიდა…
    სასაქონლო ჩეკი მიაწოდა გამყიდველ ქალს. მან თავი გააქნია, ჩეკი რაღაც წვრილ რკინაზე ჩამოაცვა, რამდენიმე “დათუნია” დაყარა სასწორის ერთ მხარეს, ღრმად ამოიხვნეშა და სასწორის ისრის გაჩერების მოლოდინში გაქვავდა. მერე ორი “დათუნია” მოაკლო, მერე კიდევ ერთი. სულ ორი ცალი დარჩა. “შეგიფუთოთ თუ ჯიბით წაიღებთ?” “გმადლობ, დეიდა, ჯიბით წავიღებ”.
    ხრაშ-ხრუშ, ხრაშ-ხრუშ, თვალდახუჭული ღეჭავდა უგემრიელეს ლუკმას “ელისეევსკის” წინ მდგარი. მერე თვალები გაახილა. ჯიბეში ღრმად შენახულ “დათუნიას” ხელი მოუჭირა და შინისკენ გაემართა. გამთბარი შენობიდან ახლადგამოსულს განსაკუთრებულად შესცივდა. ცოტა იარა და ხელმარჯვნივ შეუხვია სუსტად განათებულ ვიწრო ქუჩაზე. ამ ქუჩას ჩაამთავრებს, ერთსაც შეუხვევს და მორჩა. უკვე შინ იქნება. ნელა უწევს სიარული. ასფალტია მოყინული. სახლში რომ მივა, ჯერ გათბება, მერე დაჯდება და ზღაპარს დაწერს აი, ამ დათუნიების ოჯახზე, ტყეში რომ ცხოვრობენ. ნატალია პეტროვნამაც ხომ დაავალა, არდადეგებზე თემა დაწერეო. ჰოდა, დაწერს. ჯიბიდან კანფეტი ამოიღო, შეათვალიერა და ისევ უკან ჩააცურა. ყველა ბელი ადგილზე იყო. არა, დღეს ვერ დაწერს, ახალი წელია. მერე დაწერს. ხვალ ან ზეგ. როცა გაიზრდება, საბავშვო მწერალი გახდება, ან მფრინავი, მამასავით. ან სულაც მფრინავი მწერალი. რა, არ შეიძლება?
    პატარა, გათოშილი თითებით ყინულიდან სანახევროდ ამოჩრილი ქვა ამოაძრო და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გაისროლა შუაგულ ქუჩაში მუშტივით შეკრული თვალებმოელვარე შავი კატისაკენ. არა, კატას კი არ ესროლა, ისე, მის დასაფრთხობად. წინ რომ არ გადაერბინა, თორემ ცუდად ჰქონდა დაცდილი. აი, ამას წინათ სკოლისკენ მიმავალს გზად გადაურბინა და ორიანი მიიღო არითმეტიკაში. თეთრი ან ჭრელი კატა ნამდვილად დაფრთხებოდა, უკან გაიქცეოდა. ეს კი არც ინძრევა ადგილიდან. წევს და თვალებს აელვარებს. ნატყორცნი ბრტყელი ქვა კი ისე მიხტის და მისრიალებს მოყინულ ასფალტზე, როგორც წყლის ზედაპირზე. მერე შუშის ჩამსხვრევის ხმა და ისეთი ყვირილის ხმა ისმის, მარია ევდოკიმოვნამ რომ იცის.

    * * *

    “ზოგს მღვდელი უყვარს და ზოგს მღვდლის ცოლიო”. ვასილიჩს მღვდლის ცოლი უყვარდა. ოღონდ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. სისხლიანი გარდაქმნების, საყოველთაო შეშლილობისა და განუკითხაობის ეპოქაში. როცა ეშმაკისეული სიტყვა, ტყვია და ფოლადი ბატონობდნენ პლანეტის ნახევარზე. როცა ტყვიააცდენილთ შიმშილი ცელავდა და იქვე ჰყრიდა თვალუწვდენელ სტეპებსა და დიდი მდინარეების ნაპირებზე, ხოლო გადარჩენილთ ძალა არ შესწევდათ საფლავების გასათხრელად…
    ახალგაზრდა ვასილიჩს სოფლის მღვდლის, თევდორეს ცოლი იმთავითვე, წითელი კომისრების მოსვლამდე უყვარდა. მალულად, ყველასგან დაფარულად. მუდამ აჩრდილივით დასდევდა სავსემკერდიან, ფართოთეძოებიან ნადეჟდას. სექტემბრის წვიმიან დღეებში ტყის სულივით ჩაუსაფრდებოდა ხოლმე სოკოს და კენკრის საკრეფად მიმავალს. ხშირ შამბნარში მიმალული ან სულაც ნამქერივით წვრილი წვიმის წვეთების ფარდას ამოფარებული უმზერდა მკლავებდაკაპიწებულ, ხან წინ გადაზნექილ და ხან განზე ფეხებგაშლილ ჩაცუცქულ ქალს. ზაფხულის ცხელი საღამოები კი მისწრება იყო ვასილიჩისთვის. ტყის სულიდან წყლის სულად გარდაიქმნებოდა ხოლმე და ახლა უკვე მახლობელ ტბასთან, ლელიანში ჩაბუდებული ზვერავდა თმაგაშლილ, დედიშობილა ნადეჟდას, ალივით რომ ცურავდა გამჭვირვალე წყალში. ხშირად მღვდელ თევდორესაც სტუმრობდა ვასილიჩი. ძირითადად სანთლის საყიდლად მიდიოდა ხოლმე მასთან. ის ორი-სამი წუთიც საკმარისი იყო დიასახლისის სათნო და მორჩილი სახით დატკბობისათვის. რატომღაც ყველაზე მეტად ეს ახელებდა ვასილიჩს. მისი სახის გამომეტყველება…
    “ეჰ, რაც იყო, იყო”, ხელი ჩაიქნია ვასილიჩმა. ამ მოგონებების განდევნა სურდა. კიდევ ერთი ჭიქა არაყი დაისხა და გადაჰკრა. მაგიდისკენ დაიხარა და გაზეთზე მიკრულ დამარილებულ ქაშაყს დაყნოსა. ვერ ერეოდა აშლილ ფიქრებს.
    …მერე სოფელში წითელი კომისრები მოვიდნენ. ხის მორებით შეკრული ეკლესიის ეზოში დაიბარეს მოსახლეობა. აუხსნეს პირდაბჩენილ ხალხს, ქვეყანაში ახალი, ბედნიერი ცხოვრება იწყებაო. ისიც უთხრეს, ფხიზლად იყავით, ყოველი ბუჩქის უკან მტერი გვყავს ჩასაფრებულიო. მაშინ ვასილიჩმა ერთი რამ გაიგო ყველაფერზე უკეთ – “ძირს მეფე, ძირს მღვდელიო”. მეფე ნაკლებად ანაღვლებდა, მღვდლის შესახებ კი რამდენიმე კითხვა დაუსვა სიტყვით გამომსვლელებს. გამომსვლელებმა პასუხად პროტოპოპი თევდორე საბძლიდან გამოიყვანეს და ერთ-ერთმა მათგანმა, ასე ჩვიდმეტიოდე წლის ბიჭმა “მაუზერის” ტყვია დაახალა კეფაში. მოხუცები მალულად იწერდნენ პირჯვარს, ახალგაზრდებმა კი სხვა სოფლის საზღვრებამდე გააცილეს წითელი კომისრები აკორდეონისა და არყის თანხლებით. ორიოდ დღეში კი კავალერისტის ჩექმებსა და შავ, ტყავის ქურთუკში გამოწყობილი ნადეჟდა ეკლესიის სოფლსაბჭოდ გადაკეთებას ხელმძღვანელობდა, თან ხალხს წერა-კითხვის შესწავლისაკენ მოუწოდებდა. ვასილიჩს კი თავად ამეცადინებდა ხოლმე გვიანობამდე. კარგად ახსოვს ვასილიჩს ეს გაკვეთილები. სწორედ მაშინ დაწერა პირველი ლექსი მშრომელი ფუტკრისა და ყვავილის იდუმალ სიყვარულზე, რომელმაც ადამიანის დოვლათის მატებაში ჰპოვა ხორცშესხმა. ეს ლექსი მაშინ რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა და სახელი გაუთქვა ვასილიჩს, როგორც ნიჭიერ პოეტს…
    “ბუმბულივით მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა, ჩემო ნადეჟდა”. ხმამაღლა, დაზაფრული ხმით წარმოსთქვა ვასილიჩმა. მერე ცარიელი ჭიქა ღონივრად დაჰკრა მაგიდას და საკუთარი სახელო დაყნოსა. დიდხანს ყნოსავდა. გულში ცეცხლი ენთო ვასილიჩს. კარგად უწყოდა, რა ცეცხლიც სწვავდა. სკამიდან წამოდგა და კოჭლობით დაიწყო აქეთ-იქით სიარული. გონებაში სასურველი სიტყვების გარითმვას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ძლიერ უჭირდა ახალი სიტყვის თქმა. აქამდე, თავის ეპოქას ფეხშეწყობილი უმღეროდა ტრაქტორსა და კომბაინს, მერე ქალაქში გადაბარგებულმა და ქვეყნის ინდუსტრიული განვითარებით ფრთაშესხმულმა ბულდოზერებსა და ფაბრიკა-ქარხნებს მიუძღვნა თავისი შემოქმედება… ასე წინ და უკან დაიარებოდა ოთახში კოჭლობით და ამ ახალი წლის ღამეს მისი ცხოვრების მანძილზე პირველად შობილი უბრალო ადამიანური გრძნობის ქაღალდზე გადატანა სურდა. ბოლოს უშედეგობით დარეტიანებული კვლავ სკამზე დაეშვა და ბოთლს წაატანა ხელი. “არა უშავს, ვასილიჩ, ეს მხოლოდ დიდი ქარტეხილის წინ ჩამოწოლილი სიჩუმე და მყუდროებაა!” – თავის თავს შეუძახა რიხიანად. თუმცა თავად გრძნობდა, რომ ტრაქტორებში ჩარჩენილმა მისმა პოეზიამ დიდი ხანია თავის დრო მოჭამა. ახალი ეპოქა სუფევდა. “ყველაფერი დაწერეს უკვე ამ ოხრებმა, ყველაფერი და ყველაფერზე. მე კი უკვე ჩამქრალი პაპიროსის ნამწვი ვარ”. პესიმიზმი შეეპარა დიდი ქარტეხილის წინ ჩამოწოლილ სიჩუმეში. მერე სკამიდან წამოდგა, ისევ გაიარ-გამოიარა ნახევარსარდაფში მოწყობილ საცხოვრებელში, ერთადერთი ფანჯრის ქვეშ დადგმული შეშის ღუმელის კარი გამოაღო და ორი ღერი შეშა შეუკეთა. პატარა ოთახში კიდევ უფრო დათბა.
    …ოქტომბრის მზიანი დილა იყო. ოდნავ იკბინებოდა შემოდგომის სუსხი. ვასილიჩი და ნადეჟდა ცხენშებმულ ფორანზე ისხდნენ და ნელ-ნელა, რწევა-რწევით შორდებოდნენ უღრანი ტყეებითა და მრავალი ტბორით გარშემორტყმულ მშობლიურ სოფელს. რაიონულ ცენტრში მიდიოდნენ. ნადეჟდა გაუთავებლად ლაპარაკობდა. საკუთარ თავზე, ვასილიჩის პოეზიაზე, მათ როლზე მსოფლიო პროლეტარიატის და ყველა ჩაგრული ხალხების გათავისუფლების საქმეში. დიად გეგმებსა და იდეებს სახავდა. ვასილიჩიც სულგანაბული უსმენდა. მერე ტყიდან პატარა მდელოზე გავიდნენ. ფორანი უხმოდ მოძრაობდა წიწვით მოფენილ მიწაზე. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ნადეჟდას მგზნებარე ხმა არღვევდა. მერე იქვე, შორიახლოს, გამხმარ, წაქცეულ რამდენიმე ფიჭვის ხეს შორის რაღაც ფუსფუსი და მოძრაობა ატყდა. მგზავრების ყურადღება მიიპყრო. უცბად მძლავრი ლაწალუწის ხმა გაისმა… ტკვილისაგან შოკირებული ვასილიჩი, კოჭიდან საზარდულამდე გაფატრული ფეხით ჯერ კიდევ ჰაერში იყო ატყორცნილი, როცა გაქცეულ ცხენს მოკრა თვალი, გადაბრუნებულ ფორანს რომ მიათრევდა. მერე კი, სანამ გონებას დაკარგავდა, უზარმაზარი დედა დათვი დალანდა, ნადეჟდას ხორცს რომ ფლეთდა უმოწყალოდ, მის გარშემო კი აღგზნებული ბელები დარბოდნენ აქეთ-იქით. ეს შემთხვევა მაშინ ცენტრალურ პრესაშიც დაიბეჭდა. კარგად ახსოვს ვასილიჩს. მაშინ დაკოჭლდა. ვერც ომობდა და ვერც შრომობდა. ქალაქში გადასახლდა. კოჭლობით დადიოდა რედაქციიდან რედაქციაში. დროთა განმავლობაში იქ სიარულსაც მოუკლო. მეეზოვის პროფესია აირჩია და აქ დასახლდა, ამ ნახევარსარდაფში…
    “მეორე ბოთლიც უნდა აგეღო, ვასილიჩ! შეიძლება მუდამ ერთი და იგივე შეცდომის დაშვება?” – საკუთარ თავს უთხრა გულდაწყვეტილმა და ბოლო წვეთები ჩაწურა ჭიქაში. ამ ახალი წლის ღამეს გალეშვა და თავდავიწყება სურდა ვასილიჩს. ცალკე მწარე მოგონებების და ცალკე არშემდგარი პოეტური მისწრაფებების გამო. ზუსტად ამ მომენტში გაისმა შუშის მსხვრევის ხმა. ოცდაათგრადუსიანი ყინვა და პატარა ბრტყელი ქვა ერთად შემოიჭრნენ ზედ ტროტუარის თავზე გაჭრილი ფანჯრიდან. “მოვკლავ ამ ნაბიჭვარს!” – დაიღრიალა ვასილიჩმა და კოჭლობით ისე გავარდა ქუჩაში, რომ ქურქიც კი არ მოუსხამს…
    ქარზე უსწრაფესად გარბოდა ნიკიტა. თუმცა თვითონ ეჩვენებოდა ასე. ისე კი მომწყვდეული კურდღელივით ზიგზაგებსა და მარყუჟებს ხაზავდა. ყინულზე ეცემოდა, დგებოდა, ისევ გარბოდა, მერე მუხლამდე თოვლში ეფლობოდა, ისევ ეცემოდა და ისევ დგებოდა. ზურგს უკან კი არყის სუნით გაჟღენთილ მძიმე, გავეშებულ ქშენას გრძნობდა…

    * * *
    ყინვისგან ლოყებდაწითლებული დედა ოთახში შემოვიდა. თორმეტი საათის დადგომას დაასწრო ოციოდე წუთით. ხორაგით სავსე ჩანთა იქვე კართან დადგა. თბილი, ნაცრისფერი თავშალი მოიხსნა თავიდან, პალტოს ღილები გაიხსნა და ფეხაკრეფით წავიდა ნიკიტასაკენ.
    ნიკიტა მაგიდას მისჯდომოდა და გამალებით წერდა რაღაცას. გვერდით მოხარშული კარტოფილით სავსე ხელუხლებელი თეფში ედო. დედა მიეპარა და კისერში აკოცა. ნიკიტა შეკრთა მოულოდნელობისაგან და სწრაფად მიტრიალდა დედისკენ. პერანგის საყელო ჩამოხეული ჰქონდა. ფაფუკ ლოყაზე ხუთი მსხვილი თითი აჩნდა წითლად.
    “ეს, ეს რა არის?” – ელდა ეცა დედას.
    “ისეთი არაფერი. ცხოვრებაა”. – წყნარად უპასუხა ნიკიტამ და დედას “დათუნია” გაუწოდა – “გილოცავ ახალ წელს”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“