• რეპორტაჟი

    ვერნერ თილე ქართველ გამომცემლებს თამაშის წესებზე ესაუბრა

    მისი პროგნოზით, საქართველოში საგამომცემლო საქმიანობას კარგი პერსპექტივა აქვს
    ნანა კობაიძე

    აპრილის დასაწყისში გოეთეს ინსტიტუტში ქართველ გამომცემელთა წინაშე მათი გერმანელი კოლეგა წარდგა. ვერნერ თილე იქაურ წრეებში საკმაოდ ცნობილი და, როგორც ასეთ დროს ამბობენ, “წონიანი” ფიგურაა. საქართველოში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით უკვე მესამედ ჩამოვიდა. ამჯერად მასპინძლებს ქართულად თარგმნილი “ნოუ-ჰაუ გამომცემლებისთვის” წარუდგინა.
    ეს არის არატრადიციული ფორმის სამაგიდო წიგნი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოიცა და მხოლოდ გამომცემელთათვის არის გათვალისწინებული.
    რამდენიმე სიტყვით თავად ვერნერ თილეს შესახებ. მისი CV (როგორც ამას დღეს უწოდებენ) საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: დაიბადა 1945 წელს გერმანიაში. პროფესიული გამოცდილება ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობაში მიიღო. მუშაობდა “კორნელსენის” (გერმანიის სასწავლო და პედაგოგიური ლიტერატურის ერთ-ერთი მოწინავე გამომცემლობა) ხელმძღვანელად და დირექტორად. იყო გერმანიის საზოგადოებრივ-სამართლებრივი რადიომაუწყებლობის ARD ბრანდებურგის განყოფილების ადმინისტრატორი და საწარმოო დირექტორი. 1998 წლიდან მის მიერვე შექმნილ ლიტერატურულ და ინტერნეტ სააგენტო Copyright International Agency – CorinA GmbH მფლობელი და ხელმძღვანელია. სააგენტო წარმოადგენდა რუსეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ავტორებსა და გამომცემლებს. 2000 წელს მინსკში დააარსა ორგანიზაცია “ვასსამედია,” რომლის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება და ნოუ-ჰაუს შეთავაზება წიგნის გამომცემლობისა და მასმედიის სფეროში. 90-იანი წლების დასაწყისიდან გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა საბირჟო კავშირის რეფერენტია ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩინეთში. ხელმძღვანელობდა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ მრავალ ღონისძიებას გამომცემელთა და წიგნით მოვაჭრეთათვის. დამეთანხმებით, ქართველი გამომცემლები მათთვის ასე საჭირო გამოცდილების გასაზიარებლად უკეთესს ვერ ინატრებდნენ (თუმცა, მჯობნის მჯობნს რა გამოლევს) და აგერ უკვე მესამე წელია სწორედ მისგან იღებენ რჩევებს. სემინარის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან თითმერიამ აღნიშნა, თილე თითქოს ახალს არაფერს ამბობს, მოჰყავს სრულიად მარტივი მაგალითები და ციფრები, რომლებიც იმიტომ გვეჩვენება მარტივად, რომ მათ დასადგენად ათწლეულების გამოცდილება დაიხარჯაო.
    პირველი სემინარი ბატონმა თილემ ქართველი გამომცემლებისთვის სამი წლის წინათ გამართა – მაშინ იგი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიწვევით ჩამოვიდა, წელს მესამედ გვესტუმრა და ისევე, როგორც ყველა უცხოელი (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობენ) საქართველოთი მოიხიბლა. სიამოვნებით ჩამოვიდოდი ყოველ წელს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული – უპირველეს ყოვლისა, ინტერესი უნდა არსებობდეს იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც მე ვმუშაობო. ინტერესი კი უდავოდ არსებობს, რადგან საქართველოში საგამომცემლო საქმემ ნელ-ნელა დაიწყო ფეხის ადგმა.
    ვერნერ თილეს ამჟამინდელი ვიზიტის თემა ქართველი გამომცემლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – გამომცემელთა ასოციაციის ფუნქცია და ის წესები, რომელთაც გამომცემლები უნდა ემორჩილებოდნენ. ეს ყველაფერი გერმანელ გამომცემელთა ასოციაციის მაგალითზე განიხილებოდა.
    როგორც სემინარის შემდეგ ბატონმა მერაბ ქათამაძემ მითხრა, ვერნერ თილე მათ გამომცემელთა შორის თამაშის წესებზე ესაუბრა. გერმანიაში ეს წესები საყოველთაოა – ვინც მათ არ იცავს, განზე რჩება, უფრო სწორად, ასოციაციიდან რიცხავენ. ეს ძალზე მძიმე სასჯელია და, ფაქტობრივად, უსაქმოდ დარჩენას ნიშნავს, ამიტომ აქამდე მისვლას ორივე მხარე ერიდება – გამომცემელიც და ასოციაციაც. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ამ სემინარის საფუძველზე პროფესიული ეთიკის კოდექსის მომზადებას აპირებს, რომელსაც ჯერ ასოციაციის წევრები, შემდეგ კი სხვა გამომცემლობებიც დაემორჩილებიან. “ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება, თუმცა იოლად არსად განხორციელებულა. თავის დროზე გერმანული ასოციაციაც იმისთვის შეიქმნა, რომ გამომცემელთა და წიგნით მოვაჭრეთა შორის ურთიერთობა მოეწესრიგებინა,” – თქვა ბატონმა მერაბმა.
    ცოტა დაწვრილებით მინდა შევეხო იმ სახელმძღვანელოს, რომელიც ვერნერ თილემ ქართველ გამომცემლებს წარმოუდგინა. როგორც აღვნიშნე, ეს არ არის წიგნი მისი კლასიკური გაგებით. არატრადიციული ფორმა მას “მომხმარებლისთვის” ძალზე პრაქტიკულს ხდის. როგორც ბატონმა ვერნერმა ბრძანა, გერმანიაში მას ფურცლების კრებულს ეძახიან და მართლაც ასეა – წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ საქაღალდეში ჩადებული ფურცლები, რომლებიც დანომრილიც კი არ არის, ამიტომ, ძალიან მარტივია მასში ახალი ინფორმაციის ჩამატება. შესაძლებელია ცალკეულმა გამომცემელმა იგი ინდივიდუალურ წიგნადაც აქციოს – ანუ შეიტანოს საკუთარი მონაცემები. წიგნი 12 თავისგან შედგება და მასში თავმოყრილია გამომცემლისთვის საინტერესო ყველანაირი ინფორმაცია – საკანონმდებლო ბაზიდან მასმედიასთან ურთიერთობამდე (რომ აღარაფერი ვთქვათ მენეჯმენტსა და საავტორო უფლებებზე). წიგნი იმითაც არის საინტერესო, რომ მისი წაკითხვა თანამშრომლებთან ერთადაც შეიძლება – იგი მოიცავს საკმაოდ ბევრ ინფორმაციას განსჯისათვის, რაც მათ დისკუსიის შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობ, ქართველი გამომცემლებისთვის ეს გამოცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მასში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაა თავმოყრილი. იგი ბატონი ვერნერის 20-წლიან მოღვაწეობას აჯამებს. სხვათა შორის, მისი რუსული ვერსია რამდენიმე წლის წინათ გამოიცა, ქართულ ენაზე კი პირველად ვიხილეთ. არსებობს მისი ინტერნეტ-ვერსიებიც, სამწუხაროდ, მხოლოდ რუსულად. სემინარზე განიხილებოდა საიტზე ქართული ვერსიის განთავსების შესაძლებლობაც, რაზეც, ალბათ, მხარეები შეთანხმდებიან.
    სემინარის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა ბატონ ვერნერს გავსაუბრებოდი და მისი აზრი შემეტყო დღესდღეობით საქართველოში მიმდინარე საგამომცემლო პროცესების შესახებ. შევეცდები პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის გარეშე შემოგთავაზოთ მისი პოზიცია, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ:
    “გასული წლებისგან განსხვავებით იგრძნობა, რომ მეტი ყურადღება ექცევა საბაზრო ეკონომიკას. ისიც შეიმჩნევა, იმის გამო, რომ წიგნის მაღაზიები მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, გამომცემლები იძულებულნი არიან, თავიანთი შესაძლებლობებით გაუკეთონ საკუთარ პროდუქციას რეკლამა. სასიხარულოა, რომ წიგნის ბაზრობები, რომლებიც გაცილებით პროფესიონალურად ტარდება, მომრავლდა და მისით უფრო მეტი ხალხი ინტერესდება. ჩემი აზრით, წიგნისადმი ინტერესიც შესამჩნევად გაიზარდა. კარგი იქნებოდა წიგნის მაღაზიების ახლებურად მოწყობა, რათა წიგნი დახლის უკან კი არ იდოს, მკითხველმა მისი ხელში აღება შეძლოს. ვისურვებდი მომრავლდეს ისეთი მაღაზიები, სადაც მკითხველი თავს სტუმრად ჩათვლის, სტუმრად, რომელსაც ელიან. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ინტერესი ქართული ლიტერატურისადმი გაიზარდა, რაც იმითაც არის განპირობებული, რომ რომ რუსულის მიმართ მოთხოვნილებამ იკლო. ეს, ალბათ, მკითხველის გაახალგაზრდავებით აიხსნება. დღეს ახალგაზრდებს გაცილებით ნაკლები საერთო აქვთ ყველაფერ რუსულთან, ვიდრე წინა თაობას. იმ ადამიანთა მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომელთაც ვესაუბრე, მივიჩნევ, რომ მათში გაიზარდა ინტერესი დასავლური ლიტერატურის მიმართ. ვისურვებდი, ეს შესაძლებლობა ქართველებს არ მოკლებოდეთ. თუმცა, არც ის არის დასამალი, რომ თარგმანი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა – ანუ ძვირია ლიცენზია, რომელსაც უცხოურ გამომცემლობა ყიდის. ვფიქრობ, ქართველი გამომცემლობებისთვის ისინი შეღავათიან ფასებში უნდა გაიცეს,” – ამბობს ბატონი თილე, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის მასთან საუბრის დასასრული. ვფიქრობ, არც ის იქნება უინტერესო, როგორ შეაფასებს იგი ახალ ქართულ გამოცემებს. “ამ ეტაპზე წიგნების დიზაინი საკმაოდ გაუმჯობესებულია, რასაც ვერ ვიტყვი გამოცემათა ტექნიკურ მომზადებაზე. ის ჯერ კიდევ ჩამოუვარდება თანამედროვე სტანდარტებს, მაგალითად იმას მოვიყვან, რომ წიგნს ფურცლები არ უნდა ძვრებოდეს. გარდა ამისა, დღესდღეობით აქტუალურია ციფრული გამოცემები, კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ამ გამოცდილებასაც გაიზიარებთ” – თქვა ბატონმა თილემ. მისი მოსაზრებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა წიგნების აკინძვასთან დაკავშირებული შენიშვნა, რაც მეც და, ალბათ, სხვებსაც საკუთარ თავზე, უფრო სწორად, საკუთარ წიგნებზე გამოუცდიათ. ძალიან ხშირად – იყიდი საინტერესო გამოცემას, გადაფურცლავ და ხელში ვერნერ თილეს “ნოუ-ჰაუს” მსგავსი ფურცელთა კრებული შეგრჩება, რაც ამ შემთხვევაში, სასიამოვნო ნამდვილად არ არის.
    გასაგებია, რომ ქართველებისთვის ვერნერ თილესთან შეხვედრა ინტერესს მოკლებული არ ყოფილა, რამდენად იყო საინტერესო თავად ბატონი ვერნერისთვის მასპინძელ კოლეგებთან ურთიერთობა? როგორც ბრძანა, აღფრთოვანებულია მათით, ადამიანებით, რომელნიც ასეთ მძიმე პირობებშიც კი ახერხებენ საქმის კეთებას. უცხოეთში კოლეგების ურთიერთობა მხოლოდ საქმიან ურთიერთობებს ეფუძნება, ქართველ გამომცემლებს კი, საქმის გარდა, პირისპირ, ადამიანურადაც შეიძლება დაელაპარაკოო, – დასძინა მან. საუბრის ბოლოს ჩვენს სტუმარს ვთხოვე, გაეკეთებინა პროგნოზი – როგორ განვითარდება საქართველოში საგამოცემლო საქმიანობა და აი, რა მიპასუხა: “ცვლილებები, რაც ძველი სტრუქტურის ნგრევამ გამოიწვია, ბოლომდე არ დასრულებულა. ვფიქრობ, პერსპექტივა ცუდი არ იქნება, ოღონდ ამისათვის საჭიროა გამომცემელთა ასოციაციამ უფრო აქტიური პოლიტიკა აწარმოოს – ანუ გაიმართოს უფრო მეტი ღონისძიება საგამომცემლო სფეროს უკეთ წარმოსაჩენად და გასაუმჯობესებლად. თუმცა, მხოლოდ ასოციაცია ვერაფერს გახდება, თუ სახელმწიფოც არ დაეხმარა. ეს დახმარება კი ამ ეტაპზე წიგნის დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებაში გამოიხატება.”

    2002

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ახალი ამბები,  ინტერვიუ,  რეპორტაჟი

    თანამედროვე ქართული ბიბლიოლუქსები

    ნანა კობაიძე
    გახსოვთ ალბათ, დოჩანაშვილის კარცერ-ლუქსებზე მეოცნებე ვასილ კეჟერაძე. საინტერესოა, როგორ მოერგებოდა იგი ელექტრონულ ბიბლიოთეკებად წოდებულ თანამედროვე რეალობას, როგორ “შეაგდებდა” ამ სივრცეში რომელიმე უწიგნურ მსხვერპლს და რომელ საიტს შესთავაზებდა პირველწაკითხვის სიამოვნების მისაღებად ბედნიერ “ტუსაღს”? ვერაფერს გეტყვით, რადგან თავად დოჩანაშვილი ახალი დროის კეჟერაძეზე მოთხრობის დაწერას არ აპირებს, მე კი ამდენს ვერ გავბედავ. ამიტომ, რაც ვიცი, უფრო სწორად, რის გაგებასაც შევეცადე, იმის შესახებ გესაუბრებით. მაშ ასე, ჩვენი თემაა თანამედროვე ქართული კარცერ-ლუქსები, უფრო სწორად, ელექტრონული ბიბლიოლუქსები.
    ქართულის რა მოგახსენოთ, თანამედროვე უცხოური ელექტრონული ბიბლიოთეკები კი ნამდვილად უჩენს მკითხველს სურვილს, შევიდეს და კარგა ხანს დარჩეს ვირტუალურ ელექტრონულ ბიბლიოსივრცეში. თუმცა, მხოლოდ სხვისი რას გვარგია, ჩვენმა საკუთარმაც თუ არ ივარგა? ქართულ ელექტრონულ ბიბლიოთეკებს ლუქსობამდე ბევრი უკლია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ შიშველ ენთუზიაზმს, რომელზეც მათი უმეტესობა იქმნება, რაც გვაქვს, ისიც გასაკვირია.
    მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში უცხოური ელექტრონული ბიბლიოთეკებიც უანგაროდ, ნამდვილი ენთუზიასტების მიერ იქმნებოდა, დღეს მათი დიდი ნაწილი ფასიანი გახდა. წიგნის ღირებულებასთან შედარებით ეს თანხა მიზერულია, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტრონულ ბიბლიოთეკებსაც სჭირდება დაფინანსება. საბედნიეროდ, ქართულ რეალობაში ეს საკითხი ჯერ არ დგას. დიახ, საბედნიეროდ, რადგან გლობალური კრიზისისა და სხვადასხვა სუბიექტურ-ობიექტურ მიზეზთა გამო ასე გაძვირებული ბეჭდური გამოცემების ფონზე, ჩვენი მკითხველისთვის წიგნთან ურთიერთობის ყველაზე ხელმისაწვდომ საშუალებად ელექტრონული ბიბლიოთეკა რჩება. მართალია, პოპულარულ თანამედროვე ქართველ ავტორთა ახალ ნაწარმოებებსა და ბესტსელერებს ვერცერთ საიტზე ნახავთ, მაგრამ კლასიკას და შედარებით ნაკლებპოპულარულ სახელებს გაეცნობით, ახალ ავტორებსაც წაიკითხავთ და ვინ იცის, იქნებ თქვენი ელიოტი ან ჰემინგუეიც კი აღმოაჩინოთ. მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა ძალზე შრომატევადი საქმეა და საკმაოდ დიდ ენერგიას და ფინანსებს მოითხოვს, ამიტომ, ვიმედოვნებთ, ნელ-ნელა საქართველოშიც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ენთუზიასტებს მხარში ამოუდგებიან და ქართულ ელექტრონულ ლიტსივრცეს ბიბლიოლუქსებით დაამშვენებენ.
    არცთუ დიდი ხნის წინათ მავანნი სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ იმაზე, რომ ინტერნეტი წიგნს მკითხველს შეუმცირებს. დღეს ეს ღიმილს იწვევს, რადგან აშკარაა, რომ ინტერნეტი და კონკრეტულად, ელექტრონული ბიბლიოთეკები მკითხველის საუკეთესო მეგობრად და მოკავშირედ იქცა. ამან შესაძლოა, გარკვეული “საფრთხე” გამომცემელს შეუქმნას, თუმცა, კანონი საავტორო უფლებების შესახებ, ალბათ, ამ საკითხსაც დაარეგულირებს. ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მომავალი ციფრულ ტექნოლოგიებს ეკუთვნის და ამას წინ ვერავინ აღუდგება.
    რასაკვირველია, ნაბეჭდ წიგნს ვერაფერი ჩაანაცვლებს, მას აქვს თავისი სიმყუდროვე და იდუმალება, თავისი ხიბლი და ინტიმი, თუმცა, როცა ეს ყველაფერი ისევდაისევ ფინანსებს უკავშირდება, სიმყუდროვეცა და იდუმალებაც, გვერდზე გრჩება. გირჩევნია, ისევ კომპიუტერის ეკრანთან დაითხარო თვალები. ელექტრონულ წიგნებს, ბეჭდურთან შედარებით, კიდევ ერთი პლუსი აქვს – მათი წაკითხვის შემდეგ შეგიძლია გადაწყვიტო, გსურს თუ არა შენი ბიბლიოთეკის თაროზე უკვე ორ ყდას შორის მოქცეული შემოდო. და კიდევ, ხანდახან ეს ერთადერთი საშუალებაა მოძებნო ბავშვობაში წაკითხული წიგნი, რომელიც მას შემდეგ აღარ დაბეჭდილა. ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, წიგნი ელექტრონულ ფორმატში სულ უფრო მეტად იპყრობს მსოფლიო მკითხველთა თვალებსა და გულებს. შესაბამისად, იზრდება ელექტრონული ბიბლიოთეკების რიცხვიც.
    რა ვითარებაა ამ მხრივ “ნაციონალურ” ინტერნეტ-სივრცეში? რას გვთავაზობენ ელექტრონული ბიბლიოთეკების “მამები”? არჩევანი არც ისე დიდია – ქართულ ლიტსაიტებს ხელის თითებზე ჩამოთვლი. მათგან რამდენიმე, შედარებით საინტერესოზე შევჩერდეთ.
    lib.ge – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიბლიოთეკაა ქართულ ვირტუალურ რეალობაში. მისი დაარსების იდეა ლ’ილ-ჯგუფს ეკუთვნის, მთავარი რედაქტორია პოეტი გიორგი კეკელიძე. პროექტი არაკომერციულია და მიზნად ისახავს საიტზე როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური ქართული და უცხოური ლიტერატურის ნიმუშების განთავსებას და მათ პოპულარიზაციას მკითხველთა ფართო წრეებში. ბიბლიოთეკაში მხატვრულ ტექსტებთან ერთად ფოლკლორის ნიმუშებსაც გაეცნობით, წაიკითხავთ ინტერვიუებს სხვადასხვა საინტერესო ავტორთან, სამეცნიერო წერილებს, ფოლკლორის ნიმუშებს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ბიბლიოთეკებთან შედარებით რესურსები მწირია, ქართული რეალობის გათვალისწინებით ურიგო ნამუშევარი არ არის. იმედს ვიტოვებთ, სამომავლოდ lib.ge – ერთ-ერთი ყველაზე ტევადი და საინტერესო ბიბლიოთეკა იქნება ჩვენს ინტერნეტ-სივრცეში.
    მეორე საიტი, რომელიც მკითხველის მოთხოვნით სარგებლობს, literatura.ge-ა. მისი მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ამ სივრცეში ახალი სახელების წარმოჩენა. ნებისმიერ ავტორს, ცნობილი იქნება თუ ახალბედა, შეუძლია თავისი ლიტერატურული ნაწარმოების გამოქვეყნება, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ლიტერატურული პერიოდიკა, თითო-ოროლა ჟურნალის გარდა, ფაქტობრივად, აღარ გამოდის. ეს არის უადვილესი და უსწრაფესი გზა მკითხველთა ფართო წრისთვის ნაწარმოების მისაწოდებლად. როგორც ავტორების, ასევე მკითხველთათვის საიტით სარგებლობა უფასოა. საინტერესეოა, რომ პორტალზე წარმოდგენილი ნაწარმოებების ყოფნა-არყოფნის საკითხს რედკოლეგიასთან ერთად მკითხველიც წყვეტს. თავად რედკოლეგიაც საიტის მუდმივი და კომპეტენტური მკითხველებისგან შედგება. მართალია, პორტალზე ბევრი “ქაფია,” მაგრამ დაკვირვებული თვალი არაერთ საინტერესო ნაწარმოებსაც მოიძიებს. მნიშვნელოვანია, რომ literatura.ge-მ დააფუძნა ლიტერატურული კონკურსი “წერო”, რომელიც, იმედია, თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში თავის სიტყვას იტყვის.
    გაცილებით აკადემიურად გამოიყურება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ვერსია (nplg.gov.ge), სადაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს ელექტრონულ რესურსებზე მუშაობა. ამჟამად საიტზე დევს “ვეფხისტყაოსნის” სამი: 1937, 1966 წლის საიუბილეო და 1978 წლის – უორდროპისეული თარგმანი, ასევე ვიქტორ ნოზაძის “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება.” საინტერესო პროექტია ქართული ლიტერატურის ციფრული კოლექცია, რომელიც 2004 წელს იუნესკოს პროექტ “გრინსტოუნის” ფარგლებში განხორციელდა. კოლექცია ქართული კლასიკური ლიტერატურის ანთოლოგიისგან შედგება. მასში ცალკეულ ფაილებად ჩართულია ძველ ქართულ სიტყვათა ლექსიკონი და ავტორთა მოკლე ბიოგრაფიები. პროექტი 93 მწერლის 2397 ნაწარმოებს მოიცავს და მისი განახლება რეგულარულად მოხდება. გარდა ამისა, მკითხველს შეუძლია გაეცნოს სხვადასხვა საინტერესო ხელოვანთა მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წაკითხულ საჯარო ლექციებს, ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის ლექსიკონებით და ა.შ.
    ალბათ ყველას გახსოვთ ეპოქა, რომელიც უახლეს ქართულ ლიტერატურაში ჟურნალმა “არილმა” შექმნა. ეს გამოცემა იმ რთულ პერიოდში, როდესაც საქართველოში ლიტერატურისთვის არავის ეცალა, ბევრი ავტორისთვის მკითხველთან ურთიერთობის ერთადერთ საშუალებად რჩებოდა, ბევრისთვის კი ლიტერატურული მოღვაწეობის პლაცდარმად იქცა. რამდენიმე წლის წინათ, როდესაც საქართველოში ინტერნეტ-კულტურა ახლად იდგამდა ფეხს, სწორედ “არილიდან” იგებდნენ ლიტერატურის მოყვარულები თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე სიახლეებს, ეცნობოდნენ ახალ ავტორებს, ძველების ახალ ნაწარმოებებს, საინტერესო ინტერვიუებს. დღეს ეს მასალები “არილის” ბლოგზეა განთავსებული, მისამართზე http://arili2.blogspot.com ჟურნალი ელექტრონული სახით განაგრძობს გამოსვლას და არაერთ საინტერესო მასალასაც გთავაზობთ.
    ცალკე მინდა აღვნიშნო ელექტრონული ბიბლიოთეკა MLibrary (http://lit-download.blogspot.com), რომელიც ნამდვილი ოაზისია ლიტერატურის თეორიით, ენათმეცნიერებით, კულტურის ისტორიით, ანთროპოლოგიით, ისტორიით, ანტიკური ლიტერატურით, მუსიკითა და ხელოვნებათმცოდნეობით დაინტერესებული მკითხველისთვის. მართალია, აქ ნაკლებად შეხვდებით ქართულენოვან ლიტერატურას, ეს “სივრცე” მხოლოდ რუსთაველის ორი გამოცემით შემოიფარგლება ჯერ-ჯერობით, სამაგიეროდ, რუსულ და განსაკუთრებით, ინგლისურენოვან მკითხველს გაუმართლა, რადგან შეგიძლიათ მოიძიოთ და უფასოდ გადმოიწეროთ წიგნები, რომელთა შეძენა amazon.com-ზე სოლიდური თანხა დაგიჯდებათ. აი, თუნდაც Macmillan Encyclopedia of Death and Dying, ორტომეული, რომელიც 346 დოლარადაა შეფასებული, Historical Dictionary of Sacred Music – 114-ად. ასეთი არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს და ფულს.
    იმის გამო, რომ მოსწავლეები მონაწილეობენ, შევჩერდები პროექტ “ვახტანგ VI”-ზე (www.dlf.ge), რომელიც, თავის მხრივ, პროგრამა “ირმის ნახტომის” ბაზაზე ხორციელდება. მისი მიზანია მთელი ქართული კლასიკური ლიტერატურის – დასაწყისიდან თანამედროვეობის ჩათვლით, ციფრულ ფორმატში გადაყვანა და ინტერნეტ-საიტზე განთავსება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ბავშვები. ეს განსაკუთრებით დასაფასებელია დღეს, როდესაც მოზარდები მშობლიური ლიტერატურის მიმართ არცთუ დიდ ინტერესს ამჟღავნებენ. პროექტში მონაწილე თითოეული სკოლა ირჩევს კონკრეტულ ავტორს და მის შემოქმედებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე საინტერესო ბაზაა შექმნილი. სამომავლოდ ტექსტების ნაწილი საერთაშორისო Project Gutenberg (www.Gutenberg.org)-ის შემადგენლობაში შევა. ეს არის ამერიკული არაკომერციული პროექტი, რომელიც დღეისთვის მსოფლიო კლასიკის 10 000-ზე მეტ შედევრს აერთიანებს.
    არის კიდევ რამდენიმე ელექტრონული ბიბლიოთეკა და პორტალი, თუმცა, იმის გამო, რომ ზემოთჩამოთვლილთაგან ბევრი არაფრით გამოირჩევა, მათზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ.
    * * *
    აქვე გთავაზობთ მცირე ინტერვიუს lib.ge-ს მთავარ რედაქტორ გიორგი კეკელიძესთან, რომელიც, ვფიქრობთ, ამ თემით დაინტერესებული მკითხველის ყურადღებას დაიმსახურებს.
    – როგორ გაჩნდა lib.ge-ს შექმნის იდეა?
    – ეს იდეა, რა ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ლიტერატურის სიყვარულმა ჩასახა. ერთის მხრივ, რამდენიმე პოეტი – ზაალ ჩხეიძე, მე, არჩილ თალაკვაძე, ნათია ნაცვლიშვილი, პედაგოგი ზაქარია ქიტიაშვილი და მეორე მხრივ, დიზაინერ-პროგრამისტები – ნიკა წიკლაური და გიორგი კაცია, ასევე, ლიკა ავალიანი, შევიკრიბეთ ამ მოსაზრების გასაზიარებლად და lib.ge-ც დაიბადა. მოგვიანებით ამ შემადგენლობას პოეტები, დიანა ანფიმიადი და ქეთო ნინიძეც შემოურთდნენ.
    – lib.ge არაკომერციული პროექტია. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის ჩვეულებრივი სამუშაო დროის ერთგვარ სასიამოვნო დამატებად იქცა, თუმცა, საკმაო ენერგიას მოითხოვს. დღესდღეობით lib.ge ყველაზე პოპულარული ლიტერატურული საიტია top.ge –ს სარეიტინგო დათვლებით (საშუალოდ დღეში 1200 ,,უნიკალური მომხმარებელი”).
    – რა სირთულეებს გულისხმობს დღეს ეს ყველაფერი, როგორ ხდება მასალების მოძიება, არის თუ არა საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები?
    -უამრავი სირთულეა: ელემენტარული კორექტურით დაწყებული – არაერთი ტექნიკური პრობლემით დამთავრებული. ზოგიერთი ღიმილის მიმგვრელიც კი იყო. მაგალითად, ავტორთა სიაში შეხვდებოდით ასეთ ჩამონათვალს: ჩესლავი მილოში, ფოლკნერი უილიამი და ა.შ. სახელობით ბრუნვას ,,ი” რატომღაც ავტომატურად ემატებოდა. მოგვიანებით ეს პრობლემა ,,დავძლიეთ.”
    საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ვთანაშრომლობთ თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემასთან, რომლებიც მასალებს გვაწვდიან, ასევე, ლიტერატურის ინსტიტუტთან. მასალის უმეტესობა ელექტრონული ფოსტით უშუალოდ ავტორებისგან შემოგვდის. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ისეთი ლიტერატორები, როგორიც, ზურაბ კიკინაძე და ლევან ბრეგაძეა, ძალიან ხშირად საკუთარი ინიციატივით გვიგზავნიან ტექსტებს. არაერთი თანამედროვე ავტორი ასევე ინტენსიურად მომართავს new@lib.ge-ს.
    – რა რესურსებს ფლობთ დღეისათვის, რას მიიჩნევთ თქვენი ბიბლიოთეკის ყველაზე დიდ პლუსად და რა სიახლეებს გვპირდებით უახლოეს მომავალში?
    – ჩვენი რესურსი დღესდღეობით რამდენიმე რომანით და სამეცნიერო ნაშრომით, ათასობით მცირე ჟანრის პროზაული ტექსტით და ამდენივე პოეტური ნიმუშით შემოიფარგლება. Gგვაქვს ესეისტიკის და ინტერვიუს განყოფილებები, დავიწყეთ ფოლკლორული ნიმუშების აკრეფა და განთავსება. ახლო მომავალში აუდიოთეკის დაფუძნებას ვაპირებთ.
    ჩემი დიდი ხნის ოცნებაა ისეთი განყოფილების შექმნა, სადაც მოთავსდება ყველა ის ქართველი ავტორი, რომლის ნაწარმოები მსოფლიოს სხვადახვა ან რომელიმე ენაზეა ნათარგმნი. აქ იგულისხმება ისეთი ტექსტებიც, რომელთა თარგმნაც ბიზანტისტიკის სპეციალური გამოცემების შეკვეთით ხდებოდა. ანუ, საჭიროდ მიმაჩნია თანამედროვე უცხოელ ქართველოლოგთათვის, რომელთა რიცხვი ახლა არცთუ დიდია, ე.წ ,,მკვდარ ენებზე’’ შესრულებული ტექსტების უფრო ადვილად მისაწვდომ რეჟიმში გამოქვეყნება.
    რაღა თქმა უნდა, სასურველია, თუ მთელ პერიოდს გადავწვდებით, ჰაგიოგრაფიიდან – XXI საუკუნემდე. ამ ტექსტების უცხოელი მკითხველისთვის ერთ კომფორტულ სივრცეში კონდესირება ქართული კულტურის პოპულარზაციისთვის პატარა საქმე არ იქნება.
    რასაკვირველია, ეს მთელ რიგ სირთულებს უკავშირდება, თუმცა, იმედს არ ვკარგავ, რომელიმე ფილანთროპი ოდესმე მსგავსი იდეებით დაინტერესდეს.
    lib.ge ავტორებთან დამოკიდებულებაში სრულიად ლიბერალურია, თუმცა, ეს სელექციას ეს სულაც არ გამორიცხავს. ჩვენს ბიბლიოთეკაში ქვეყნდება ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორის ნაწარმოები, რომელთაც არ აქვთ საშუალება ხშირად იხილონ თავი რომელიმე ბეჭდურ გამოცემაში.
    სასიამოვნოა, რომ lib.ge-ს არაერთი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველიც კითხულობს.
    – როგორ აფასებთ თანამედროვე თანამედროვე ქართულ ელექტრონულ ბიბლიოთეკებს? თუ შეგიძლიათ რომელიმე მათგანის გამორჩევა?
    – არსებობს ძალიან კარგი გვერდები literatura.iatp.ge, litsaxelebi.ge, ასევე gabro.ge, რომელიც ძველი წიგნის სკანირების გზით ცდილობს ვირტუალური სივრცის შევსებას, ამ მეთოდს მალე ალბათ ჩვენც გამოვიყენებთ. ქართული ინტერნეტის საინტერესო ფენომენია literatura.ge, სადაც ავტორების რეიტინგს მკითხველები განსაზღვრავენ. ასევე უნდა ვახსენოთ ფორუმი ,,ებლიტფოც”.
    ცალკე გამოსაყოფია ბლოგის სისტემაზე აწყობილი ჟურნალი ,,არილი”, მასში უამრავი მნიშნელოვანი მასალაა თავმოყრილი.
    – დღესდღეობით ბევრი უცხოური ელექტრონული ბიბლიოთეკა ფასიან მომსახურებაზე გადავიდა, ხომ არ “ემუქრება” ეს საფრთხე ქართველ მკითხველსაც, რომლის შეთხელებული ჯიბისთვის მსგავსი პროექტები (ვგულისხმობ უფასო ელექტრონულ ბიბლიოთეკებს) ძალიან დიდი შეღავათია.
    – რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელი ფუფუნებაა. მეტიც, ამჟამად სარეკლამო შემოთავაზებაზეც კი უარს ვამბობთ, რადგან გარკვეულ მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ ავტორების წინაშე, რომლებიც სრულიად უანგაროდ თანამშრომლობენ lib.ge -სთან. არ გამოვრიცხავ, შორეულ მომავალში ასეთი რამ მართლაც მოხდეს, მაგრამ, ცხადია, იმ დროისთვის სოციალური დონეც განსხვავებული იქნება.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • ახალი ამბები,  ახალი წიგნები,  რეპორტაჟი

    Adibas – წიგნი ომსა და სექსზე

    ია ვეკუა


    ზაზა ბურჭულაძე “ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის” სტუმარია. სწორედ ახლა, როდესაც ამ სტატიას კითხულობთ (მის შესავალს მაინც), ზაზა ბურჭულაძე ფრანკფურტშია. რას აკეთებს არ ვიცი. შეიძლება სძინავს, ინტერნეტში დაძვრება, ქუჩაში სეირნობს, ხსნად ყავას მიირთმევს ან სულაც რამე უფრო ინტიმურითაა დაკავებული, თუმცა ის კი ზუსტად ვიცი, რას გააკეთებს 14 იანვარს – ამ დღეს ბურჭულაძე “ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის” სტუმარი იქნება. სალონი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაარსდა, ოფიციალურად ამ დღეს გაიხსნება, მისი პირველი სტუმარი კი სწორედ ზაზა ბურჭულაძე იქნება. ზაზა ფრანკფურტში მის ახალ წიგნთან, Adibas-თან ერთად მიიწვიეს. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ნაწარმოების რამდენიმე თავი გერმანულად თარგმნეს, ასე რომ Adibas-ს, თუმცა მხოლოდ მის ნაწილს, იქაც გაიცნობენ. მსგავსი ტიპის შეხვედრა 17 იანვარს, ამჯერად უკვე ბერნში გაიმართება…
    საქართველო პატარა ქვეყანაა, შესაბამისად აქ სკანდალებიც ნაკლებია. სკანდალური სულ რამდენიმე რამ შეიძლება იყოს: რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პუტინთან ვიზიტი, შალვა რამიშვილის სატელევიზიო გადაცემა, შორენა ბეგაშვილის ინტერვიუ და ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში სკანდალი პრაქტიკულად გარდაუვალია – იმიტომ, რომ ზაზა წერს იმაზე, რაზეც სხვები მხოლოდ ფიქრობენ (ან ჰგონიათ, რომ ფიქრობენ), ზაზა რომელიმე ლიტერატურულ პრემიაზე წარდგენილ თავის ნაწარმოებს საკუთარი ინიციატივით ხსნის, ზაზა მამაკაცის სასქესო ორგანოს მხოლოდ სამი ასოს გამოყენებით წერს და ასე შემდეგ.
    Adibas-ის პრეზენტაცია ჯერ კიდევ შარშან, თუმცა მაინც არც ისე დიდი ხნის წინ, 17 დეკემბერს გაიმართა. პრეზენტაციაზე მიწვეულ ხალხს აუცილებლად შავი და ოქროსფერი დეტალებით გაფორმებულ სამოსში მისვლა სთხოვეს, რადგან თავად წიგნის დიზაინიც ამ ორ ფერშია გადაწყვეტილი. შავი იყო საპრეზენტაციო ტორტიც (ცხადია ისიც მოოქროვილი), თუმცა არსად ენთო შავი სანთლები და არც ამავე ფერის მაგიის ნიშნები შეიმჩნეოდა. ეს კი აშკარად დამამშვიდებელი ფაქტორია – ესე იგი წიგნის წაკითხვა თამამად, ყოველგვარი ქრისტიანული სინდისის ქენჯნის გარეშე შეიძლება.
    …წაიკითხეს და განიხილეს კიდეც. ვნახოთ, რას წერენ ლიტერატურულ საიტებზე, სადაც აზრის, უფრო კი თამამი აზრის, გამოთქმა ნიკების გამო უფრო იოლია (სტილი დაცულია):
    მომხმარებელი #1: “ეს რომანი, ალბათ, ბევრს გააღიზიანებს იმის გამო, რომ მასში მრავლადაა სექსუალური აქტები, თან სულ ნატურალისტურად აღწერილი და ემოციებისაგან დაცლილი. წიგნში სიტყვასაც ვერ ნახავ სიყვარულზე და თუ ნახავ, ისიც ისეთივე ყალბი იქნება, როგორც ყველაფერი სხვა”.
    მომხმარებელი #2: “ეს ავტორი ძალიან კარგი მოქართულეა. ერთ-ერთი კარგი მწერალი იქნებოდა, საუკეთესოც კი ასეთ სიყალბეებს რომ არ გვაფუჩეჩებდეს ხელთ.
    ანუ, რომ არ ანძრევდეს ხელოვნურად”.
    მომხმარებელი #3: “განსაკუთრებულად არც არაფერს გავუღიზიანებივარ. ანუ ისეთი არაფერი უწერია, რაც რეალურ ცხოვრებაში არ ხდება. ერთი ის გამიკვირდა, წიგნის ფინალში, ბოლო ეროტიული სცენა ზუსტად თუ არა, თითქმის ისევე აქვს აღწერილი, როგორც “სიმფსონებში”. ანუ როგორ ვერ ასწრებს ქალის საშოდან გადმოსული სითხის ყლაპვას მთავარი გმირი. ალბათ ცოტა მეტი მრავალფეროვნებაც იქნებოდა შესაძლებელი. სხვა მხრივ კი ორ საათში წასაკითხი წიგნია, რომელსაც წაიკითხავ და ძალიან დიდ ხანს არ გაგყვება. ნუ მაქსიმუმ ერთი კვირა. მერე ისევ თავიდან უნდა წაიკითხო, რაღაც დეტალები რომ აღიდგინო, ნუ თუ სურვილი გაგიჩნდება, რა თქმა უნდა. ისე კი საერთო ჯამში, ნამდვილად ღირს წასაკითხად”.
    მომხმარებელი #4: “მე თუ მკითხავთ ზაზა ბურჭულაძე სვეტსკი გოჩა მანველიძეა. და საერთო ჯამში 2-ვე ბულვარული დონის შემოქმედია
    აი ჟურნალ “სარკეში” რომ იბეჭდება ეგეთები”.
    მომხმარებელი #5: “სულ დასირდა ეს ხალხი”.
    მომხმარებელი #6: “მათხოვეთ რა, თუ იყიდით”.
    მომხმარებელი #7: “მე ვინ მათხოვებს. კაი ხანია წიგნი არ წამიკითხავს და ბურჭულაძით უნდა დავუბრუნდე”.
    მომხმარებელი #8: “მე მევასება ზამზა. იმიტომ, რომ კარგად ვიცნობ და ვიცი რას რატომ წერს. რაც მაღიზიანებს არც იმის თქმის მერიდება. კარგი, თანამედროვე გამართული ქართულით წერს. კარგი იუმორი აქვს და თვითირონია”.
    მომხმარებელი #9: “რიავი, მგონი აქამდე რაც აქვს დაწერილი, ჯობია ყველას”.
    ***
    წიგნის ანოტაციაში კი ვკითხულობთ, რომ “ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს. იმის მიუხედავად, რომ წიგნში არ არის არც ერთი საბრძოლო სცენა, ომი მაინც ამ რომანის მთავარი პერსონაჟია. მთავარი პერსონაჟია სექსიც, რომელიც წიგნში ომის ერთგვარ სინონიმადაა წარმოდგენილი”. ომის სცენები აქ მართლაც არაა, ომი ამ რომანში რამდენადმე უტრირებულია – მის მთავრ გმირს გამუდმებით ესმის სატელევიზიო თუ რადიო ინფორმაციები, საიდანაც ვიტყობთ, რომ რუსულმა ტანკებმა მტკვრის სანაპირო გაამაგრეს, შარდენი აიღეს, რომ პეკინის ქუჩაზე ახალი ბლოკსაგუშაგო გაიხსნა და ასე შემდეგ. ომი Adibas-ში თითქოს იმავე სიყალბითაა შენიღბული, როგორ სიყალბესაც თავად ნაწარმოების სახელწოდება გულისხმობს – სიყალბეს კი თავად ადამიანები ქმნიან, რომელთათვისაც ომი ისევ და ისევ საინფორმაციო გამოშვებებით შემოიფარგლება. გაიხსენეთ, სწორედ ასე ხდებოდა პირველი ომების დროსაც – ქვეყანა თითქოს ორ ნაწილად იყოფოდა: ერთი ნაწილი ყელამდე სისხლი იხრჩობოდა, მეორე კი შარდენის ქუჩის გარემონტებას იწყებდა. შესაძლოა, ავტორი სუროგატულ ბრენდებთან სწორედ ამ მეორე ნაწილის ცხოვრებას აიგივებს, ხოლო დროდადრო იმის შესახსენებლად, რომ სადღაც, შესაძლოა ჩვენთან ახლოსაც, ნამდვილი ცხოვრებაც არსებობს, ნამდვილ ბრენდებსაც გვისახელებს. ამ მხრივ ძალიან კარგია მე-11 თავი “საქართველო” – ვაიქართულ-რუსულ-ინგლისურად მოლაყბე ვინმე nylon-eyes-სა და robozapienz-ის სრულიად კრეტინული დიალოგი “სკაიპში”, რომლებიც საკუთარი სუროგატიზმის პიკს წარმოგვიდგენენ. ისინი საკუთარ თავზე სწორედ იმ თაობის განსახიერების მისიას იღებენ, ვისთვისაც ომი, თუნდაც კონკრეტულად ეს ომი, ჰოლივუდელი რეჟისორის მორიგი ფილმის მასალა უფროა და რაც უფრო ხმამაღლა იყვირებენ “სა-ქარ-თვე-ლო!”, მით უფრო კაი ტიპები იქნებიან.
    ერთი შეხედვით სუროგატულია მთავარი გმირის ცხოვრებაც, რომელიც გამუდმებით საკუთარ ამდგარ სასქესო ორგანოზე ლაპარაკობს (ამ სიტყვას, როგორც გითხარით, ბურჭულაძე მხოლოდ სამი ასოს გამოყენებით წერს) და თან ვერ გაიგებ, ამის გამო წუხს თუ ამაყობს. მთელი წიგნის განმავლობაში ამ თავისი ამდგარი სიამაყით დაყიალობს და მხოლოდ ნაწარმოების ბოლოს ახერხებს მის “დამშვიდებას” – თუმცა ეს სექსუალური აქტიც ამ შემთხვევაშიც, როგორც სექსის შესახებ ლიტერატურაში წერია ხოლმე, არატრადიციული ანდაც გაუკუღმართებული და სოდომის ცოდვით ჩადენილია (მაგარი სიტყვებია!:))). ამ ყველაფერს კი ვიდეოთვალზე მიწებებული საწყალი ნანიკო უთვალთვალებს – მოკლედ, სხვისი კონტროლის გარეშე ამ ქვეყანაში ხომ სექსითაც ვერ დაკავდები რა!
    P.S. Adibas პატარა წიგნია, როგორც მომხმარებელი #3 ამბობს, ორ საათში რომ წაიკითხავ, ისეთი. სანიშნე ლენტიც ახლავს, რომელსაც ზემოთ აღნიშნულის გამო პრაქტიკულად ვერ გამოიყენებ, თუმცა მაინც საჭიროა – თუ ცალი ხელით წიგნი გიჭირავს, მეორეთი შეიძლება სანიშნე თითზე დაიხვიო ან სულაც დაიბა, უბრალოდ კითხვის დროს თავისუფალი ხელი სხვა მიმართულებით რომ არ გაგექცეს…

    © “24 საათი”
  • ახალი ამბები,  რეპორტაჟი

    ძველი წიგნები, წიგნები ღია ცის ქვეშ და ახალ ქსელში

    2010 წელს ჩვენს გვერდებზე განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ლიტერატურას და ყველა იმ ცენტრსა თუ სივრცეს, სადაც მისი პროპაგანდა და გავრცელება ხდება.
    ინიციატივა საქართველოში განვითარებულმა და ცოცხალმა ლიტერატურულმა პროცესებმა არ დაბადა. უფრო პირიქით. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ნაკითხია ახალგაზრდა თაობა, ანდა რა სიხშირით დავდივართ წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში, სახარბიელო არ არის. თუმცა ეს ფაქტად ქცეული ინფორმაცია რთულად თუ იქცევა ხოლმე რეაქციად.
    2009 წელი ახალი წიგნების სიმრავლით ზოგადად არ გამოირჩეოდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საგამომცემლო საქმის არაეფექტურობაზე საუბრობენ კულუარებსა და სხვადასხვა წრეებში, არსებობს უფრო ლოგიკური კონტრარგუმენტი, შეკითხვა – არსებობს თუ არა ახალი გამოცემებით დაინტერესებული საზოგადოება და ხელსაყრელია თუ არა გამომცემელთათვის ტირაჟის გაზრდა? ამ და სხვა თემებზე “24 საათი” კიდევ ისაუბრებს, თუმცა ამ ეტაპზე სამი საკითხით დავინტერესდით. სად და როგორ შეიძლება ინგლისურენოვანი ლიტერატურის შეძენა-მოპოვება, რას გვთავაზობენ ბუკინისტები და რამდენად აქტუალურია დღეს ღია ცის ქვეშ გამოფენილი ძველი და ხშირად უნიკალური წიგნები. და ბოლოს, მკითხველს “ბიბლუსში” შევახედებთ.

    ძველი წიგნები თბილისში
    ანა ჩიქოვანი

    დღესდღეობით თბილისში წიგნის შეძენის მსურველებს მომსახურებას სთავაზობენ წიგნის ისეთი საფირმო მაღაზიები, როგორებიცაა, “პარნასი”, “ბიბლუსი”, “პროსპერო”, “საუნჯე” და სხვა. აღნიშნული მაღაზიები მომხმარებლებს საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობენ და თითქმის ყველა სახის ლიტერატურა აქვთ წარმოდგენილი.
    თუმცა, წიგნების შეძენა შესაძლებელია არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ მაღაზიებში, არამედ ქუჩაში, სადაც წიგნები სტენდებზეა გამოფენილი და აგრეთვე მიწისქვეშა გადასასვლელებში. აქ საფირმო მაღაზიებისაგან განსხვავებით უფრო დაბალი ფასებია და რაც მთავარია, წარმოდგენილია როგორც ახალი, ასევე ძველი გამოცემები. ამასთანავე, თუ საფირმო მაღაზიებში წიგნების მიმწოდებლები არიან ისეთი ცნობილი გამომცემლობები, როგორებიცაა “დიოგენე”, “წიგნის სამყარო”, “სიესტა” “სულაკაური”, Camridge University Press, Oxford University Press , Palgrave, Pearson, ბუკინისტური წიგნების შემთხვევაში სპეციფიკურ მიმწოდებლებთან გვაქვს საქმე, აქ მიწოდება ხორციელდება კერძო პირების, ოჯახების მიერ.
    ერთი სიტყვით, სულაც არაა გამორიცხული, ძველი წიგნების მაძიებლები მათთვის სასურველ გამოცემას რომელიმე მიწისქვეშა გადასასვლელში წააწყდნენ და თანაც საკმაოდ მისაღებ ფასად. თუმცა, ამ უკანასკნელთ შეუძლიათ მიაკითხონ ბუკინისტური წიგნების მაღაზიებსაც, მაგალითად აღმაშენებლის N77-ში მდებარე ბუკინისტური სახლი თითქმის ყველა სახის ლიტერატურას სთავაზობს მყიდველებს, თუმცა განსაკუთრებით ფართო არჩევანია სამეცნიერო ლიტერატურის მხრივ.
    ბუკინისტურ სახლში სამეცნიერო და ტექნიკური ლიტერატურა ძირითადად ქართულ და რუსულ ენებზეა წარმოდგენილი, ხოლო სხვა დანარჩენი, გარდა აღნიშნული ენებისა აქვთ ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. როგორც ბუკინისტური სახლის მფლობელმა ქალბატონმა ნანა კუხალეიშვილმა განაცხადა, მაღაზიაში დაახლოებით 20 000-მდე წიგნია. წიგნები თემატურადაა დალაგებული და მყიდველს დახმარების გარეშეც შეუძლია მიაკვლიოს სასურველ წიგნს. ფასები იწყება 3 ლარიდან და ადის 500 ლარამდე.
    ბუკინისტური სახლის მფლობელის თქმით, მყიდველების მხრიდან ყველაზე მეტი მოთხოვნაა მხატვრულ და ისტორიულ ლიტერატურაზე, შედარებით ნაკლებად იყიდება სამეცნიერო ლიტერატურა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თურმე, მაღაზიას მყიდველების ისეთი კატეგორიაც სტუმრობს, რომლებიც წიგნს ყდის სილამაზის მიხედვით არჩევენ
    რუსთაველის მეტროს გვერდით მდებარე ბუკინისტური წიგნების მაღაზიაშიც დიდი არჩევანია, მაგრამ აქ მოსული ადამიანი გამყიდველის დახმარების გარეშე შეიძლება წიგნების ლაბირინთებში ჩაიკარგოს, რადგან აქ წიგნები ქაოტურად აწყვია. მაღაზიაში ძირითადად მხატვრული, ისტორიული და ფილოსოფიური ლიტერატურაა წარმოდგენილი ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. რაც შეეხება ფასებს, 3-დან 100 ლარამდე მერყეობს. განსხვავებით წიგნების სხვა ბუკინისტური მაღაზიებისაგან, აქ შესაძლებელია წიგნის საფასურის მოგვიანებით გადახდა, მთავარია გამყიდველის-ქალბატონი მაგულის ნდობა მოიპოვოთ. მსგავსად, ზემოთ აღნიშული მაღაზიისა, აქაც ყველაზე მეტი მოთხოვნაა მხატვრულ და ისტორიულ ლიტერატურაზე.
    საინტერესოა, ბუკინისტური წიგნების კოლექციონერებისათვის ძველ წიგნებს რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა თუ აქვს? ცნობილია, რომ ასი წლის წინ გამოცემულ წიგნს, არ ყიდულობენ იმისათვის, რომ მხოლოდ წაიკითხონ, ასეთ წიგნს ისტორიული დატვირთვა აქვს. კოლექციონერს აღაფრთოვანებს იმის წარმოდგენა, რომ რომელიმე კონკრეტულმა წიგნმა ასი წლის წინ იხილა პირველად დღის სინათლე და შესაძლოა, მას ცნობილი საზოგადო მოღვაწეებიც კი ეხებოდნენ.

    ინგლისური ლიტერატურა თბილისში
    ეკატერინე ზარიძე

    დღეს ალბათ უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ჩვენს ქვეყანაში ინგლისური ენა საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ცდილობს გადავიდეს ევროპულ სტანდარტებზე, ფეხი აუწყოს ევროპული ცხოვრების რიტმს. იცვლება ძველი ტენდენციები, პოლიტიკური კურსიც, რომელიც, რა თქმა უნდა, განაპირობებს ამა თუ იმ ენის პოპულარიზაციას.
    ჩვენს დროში უკვე ინგლისური ენა ითვლება საერთაშორისო საკომუნიკაციო საშუალებად და ყველა ცდილობს როგორმე აითვისოს უცხო, მაგრამ აუცილებელი ინგლისური ენა. რუსული თანდათანობით ნაკლებ პრიორიტეტულ ენად გვევლინება საქართველოში და მის ადგილს უკვე ინგლისური იკავებს. ამ ყველაფრის შემდეგ აღარ უნდა გაგვიკვირდეს ის ინგლისურ ენოვანი წარწერები, რომლებსაც ქუჩაში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით, აღარც ის, რომ სოლიდურ სამსახურში მიღების ძირითადი წინაპირობაც ინგლისური ენის ცოდნა გახდა. ცხადია, ინგლისური ენის მცოდნეთა რიცხვის ზრდასთან ერთად მატულობს ინგლისური ლიტერატურის მიმართ ინტერესიც. საბედნიეროდ გვაქვს საშუალება ვისარგებლოთ ინტერნეტით და მოვიძიოთ ლიტერატურა ინგლისურად, მაგრამ ინტერნეტში ვერ ვნახავთ სრულყოფილ ნაშრომს ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებიდან.
    არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომლისთვისაც წარმოუდგენელია საათობით კომპიუტერთან ჯდომა. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერი დღევანდელ საზოგადოებაში ფართოდ გამოიყენება, მათთვის იგი ძალიან დამღლელია. გარდა ამისა, ალბათ პერიოდულად მაინც გვაშინებს გამოსხივება, რაც აშკარად უარყოფითად აისახება ადამიანის მხედველობაზე. ხალხის იმ კატეგორიისთვის, ვისაც მიაჩნია, რომ კომპიუტერი ვერასოდეს შეცვლის წიგნს, თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტში ყოველთვის ვერ მოვნახავთ სასურველი ავტორის ნაწარმოებებს, მათთვის, ვისთვისაც წიგნის კითხვა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ეკრანთან ჯდომა და ასევე ნებისმიერი წიგნის მოყვარულთათვის გახსნილია უამრავი წიგნის მაღაზია თბილისში, და არა მხოლოდ თბილისში, ასევე რეგიონებშიც. მკითხველს საშუალება ეძლევა შეიძინოს სასურველი წიგნი სასურველ ენაზე…
    ქართული წიგნის მაღაზიები ნამდვილად ანებივრებენ მკითხველს სხვადასხვა სახის წიგნებით, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი სახის ლიტერატურა. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მდებარეობს წიგნების მაღაზია “პარნასი”. ატმოსფერო საკმაოდ თბილი და მეგობრულია, მომსახურე პერსონალი – ყურადღებიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ( და რასაც წიგნის ყველა მაღაზია ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ). მაღაზიის სტუმარს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი კიდევ ეწვიოს “პარნასს,” შეიძინოს საყვარელი ავტორის ნაშრომი. მაღაზია მყიდველს სთავაზობს ლიტერატურულ ნაწარმოებებს ინგლისურ ენაზეც, რაც საშუალებას აძლევს ინგლისური ენის მცოდნეთ, გაიფართოვონ თვალსაწიერი, მიიღონ სიამოვნება სასურველი ნაწარმოების კითხვისგან. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ საბავშვო ლიტერატურა, გამორჩეული ილუსტრაციებით, რაც მაშინვე მიიპყრობს პატარების ყურადღებას, ასევე მხატვრული ლიტერატურა ინგლისურ ენაზე. “პარნასში” მისულებმა შევიტყვეთ, რომ მაღაზიაში შესაძლებელია შეკვეთების მიღებაც, ანუ თუ ვერსად აღმოაჩინეთ წიგნი, რომლის შეძენაც დიდი ხანია გსურთ, შეგიძლიათ “პარნასში” დაუკვეთოთ და დატკბეთ სასურველი ნაწარმოების კითხვით. შეგიძლიათ შეიძინოთ საბავშვო ლიტერატურა ლამაზი ილუსტრაციებით, ( ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული ) ბავშვები ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებიან. რაც მთავარია, ფასები მისაღებია და ხელმისაწვდომი.
    რუსთაველის გამზირზე, 40 ნომერში მდებარე მაღაზია “პროსპერო ბუქს” (PROSPERO BOOKS) გვთავაზობს ინგლისური ლიტერატურის ფართო არჩევანს, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სასწავლო, მხატვრული თუ საბავშვო ლიტერატურა ინგლისურ ენაზე და თან ხელმისაწვდომ ფასად. მაღაზიაში ფუნქციონირებს კაფეც, ასე რომ, სასურველი წიგნის შეძენასთან ერთად შეგიძლიათ ფინჯანი ყავაც მიირთვათ. მაღაზია ყიდის სასწავლო ლიტერატურას, მოსწავლეებს თუ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები. მყიდველის დაინტერესებას იწვევს ფერად-ფერადი, ლამაზად ილუსტრირებული მისალოცი ბარათები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზეც. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, თუ რატომ შედის სტუმარი მაღაზიაში “პროსპერო ბუქს”, მას წიგნის შეძენა სურს თუ უბრალოდ მაღაზიის კაფეს სტუმრობს, თუმცა მაღაზია ნამდვილად არ განიცდის სტუმრების ნაკლებობას. არასწორია იმის მტკიცება, რომ თბილისში წიგნები მხოლოდ შუშის ვიტრინებიან მაღაზიებში იყიდება. გარდა მაღაზიებისა, სადაც ყოველთვის მყუდრო გარემოა, მომსახურე პერსონალიც ყოველთვის ღიმილით გხვდებათ, სხვადასხვა წიგნის შეძენა შეგიძლიათ ქუჩაში, ნებისმიერ მიწისქვეშა გადასასვლელთან. მათი ფასი ხშირად გაცილებით დაბალია, ახალ წიგნებთან შედარებით.
    თუ თქვენ საზოგადოების იმ ნაწილს მიეკუთვნებით, რომელსაც არ იზიდავს ძველი, დაფურცლული წიგნები და უპირატესობას ახლის შეძენას ანიჭებს, მაგრამ ამჟამინდელი ბიუჯეტი არ გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ ახალი წიგნი, ინგლისური ლიტერატურის მოყვარულთ გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ანგლო-ამერიკული ცენტრი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სახის ლიტერატურა ინგლისურ ენაზე, ამისათვის საჭიროა მხოლოდ გაწევრიანდეთ ბიბლიოთეკაში და აირჩიოთ სასურველი წიგნი. ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე კვირის გარდა.
    დაბოლოს, ჩვენი რჩევა იქნება: იჩქარეთ, ნუ მოიკლებთ კითხვისგან მიღებულ სიამოვნებას და რაც მთავარია, გაიღრმავეთ თქვენი ცოდნა.

    წიგნის მაღაზია“ბიბლუსი”
    თეონა ხოსიტაშვილი

    თბილიში, წიგნის მაღაზიათა სხვადასხვა ქსელი არსებობს, მათ შორის – “ბიბლუსი.” “ბიბლუსი” 2008 წლის ივნისში დაარსდა. მისი დამფუძნებელია გაზეთი “კვირის პალიტრა”. “ბიბლუსის” მაღაზიები არა მარტო თბილისის სხვადასხვა უბანშია განთავსებული ,არამედ საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში.
    “ბიბლუსში” წიგნთა მრავალფეროვნებაა: მხატვრული ლიტერატურა, დარგობრივი, გასართობი, საბავშვო, შემეცნებითი და სხვა. “ბიბლუსის” ქსელი თანამშრომლობს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ გამომცემლობებთან და მკითხველს სთავაზობს უახლეს ლიტერატურას.
    “ბიბლუსის” ქსელის მენეჯერის, ნინო მელაძის თქმით, მათი ქსელი ორიენტირებულია წიგნის ფასების ხელმისაწვდომობაზე, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა მკითხველთათვის. ამ პრობლემიდან გამომდინარე იბადება კითხვა, ჰყავს თუ არა მყიდველი ამ მაღაზიებს და რამდენად გამართლებულია ამ ქსელის არსებობა წიგნის ბაზარზე. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად უმრავლესობამ დაადასტურა ეჭვი იმის შესახებ, რომ წიგნის მოყვარული, განათლებაზე ორიენტირებული ადამიანები ხშირ შემთხვევაში ბიბლიოთეკებს მიმართავენ და არა წიგნის მაღაზიებს. მაგარმ აქვე შემიძლია ვთქვა, რომ “ბიბლუსსაც” საკმაოდ სტუმრობენ.
    გარდა ამისა, წიგნის მაღაზია “ბიბლუსში” სხვა საინტერესო ამბებიც ხდება: ყოველ შაბათს, 15 საათზე იმართება მკითხველისა და მწერლების შეხვედრები. მწერლები, მსახიობები, პოლიტიკოსები, სხვა ცნობილი ადამიანები ჯადოსნურ სამყაროში – ლიტერატურაში სამოგზაუროდ გვიწვევენ. გვიზიარებენ შეხედულებებს, მოსაზრებებს, თანამედროვე ტენდენციებს ლიტერატურაში. “ბიბლუსში” ბოლო პერიოდში გაიმართა შეხვედრა დავით მაღრაძესთან. მან ისაუბრა, როგორც თანამედროვე ლიტერატურის პრობლემებზე და განვითარებებზე, ასევე პირად გეგმებზე. პოეტის ახალი პოემა “შენთვის” ითარგმნა ინგლისურად და ნიუ იორკში 5000-იანი ტირაჟით გამოიცემა. ასევე უკვე შემდგარ ღონისძიებებს შორის არის საინტერესო შეხვედრა ნიკო გომელაურთან, რომელსაც მკითხველი მოუთმენლად ელოდა.
    დაბოლოს, გურამ დოჩანაშვილის თქმისა არ იყოს: “ავმაღლდეთ, ვიკითხოთ, მკითხველი მწერალზე დიდი კაცია”.

    © “24 საათი”
  • რეპორტაჟი

    ქართული ლიტერატურა მსოფლიო ბაზარზე

    ფრანკფურტიდან ჩამოტანილი იმედები

    კოკა ჯიქია

    ახალი არ არის, რომ ლიტერატურისა და ზოგადად, საგამომცემლო ინდუსტრიის საყურადღებო მოვლენებს შორის წიგნის ბაზრობებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაც მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხის გამომცემლების, ავტორების, ჟურნალისტებისა თუ მკითხველებისათვის ყველაზე დიდი და ფართო სივრცეა, ყოველ წელს დათქმული დანიშნულების ადგილია, სადაც 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, სიახლეების, სამომავლო გეგმების, პრეზენტაციებისა და საავტორო უფლებების გაცვლა-გამოცვლა, გაზიარებაა შესაძლებელი. ბაზრობა, როგორც წესი, ოქტომბერში იმართება, წელს 15-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლა ფრანკფურტმა ათასობით სტუმარს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმართა რიცხვი ყოველ წელს იზრდება და რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, გამონაკლისი არც 2008 ყოფილა – საერთო რეკორდი კიდევ ერთხელ მოიხსნა და წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას 299 112 სტუმარი ჰყავდა. საყურადღებოა ისიც, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის წელს საიუბილეო თარიღი იყო – 60 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გერმანული საგამომცემლო ინდუსტრიის გაერთიანებულმა ორგანიზაციამ წიგნის ყოველწლიური ბაზრობის დაარსებას შეუწყო ხელი. წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები და ტრადიციები მკვიდრდებოდა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს კი – საპატიო სტუმრის მოწვევას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული ბენეფისის სახით, 1976 წელს ჩაეყარა საფუძველი. თუ შარშან ბაზრობის ეპიცენტრში კატალონიური კულტურა იყო, წელს საპატიო სტუმრის სტატუსი თურქეთს ერგო. დევიზით – „ფერთა მომხიბვლელობა“ – აღმოსავლური სამყაროს ქვეყანამ 100-მდე გამომცემლობა წარმოადგინა ბაზრობაზე, აღინიშნა ასევე 350-მდე თარგმნილი თურქულენოვანი წიგნი. თურქ გამომცემლებსა და ავტორებს შორის, რომლებიც საპატიო სტუმრებად იყვნენ ფრანკფურტში მიწვეული, რა თქმა უნდა, ნობელიანტი ორჰან ფამუქიც იყო და ტრადიციისამებრ ლურჯ სავარძელში (Blaue Sofa) მოკალათებულმა თავის შემოქმედებაზე, კერძოდ კი ახალ წიგნზე ( „უდანაშაულობის მუზეუმი“ ), თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებსა და ძვრებზე ისაუბრა. ლურჯი სავარძლიდან გაესაუბრნენ აუდიტორიას ასევე გიუნტერ გრასი, ინგო შულცე და უვე ტელკამპი – წლევანდელი ბუხნერის პრემიის ლაურეატი.
    7 000-ზე მეტი გამომცემელი 100 ქვეყნიდან, 400 ათასამდე დასახელების საგამოფენო ერთეული – ამ რიცხვობრივი მონაცემებით ჩაიარა წლევანდელმა წიგნის ბაზრობამ. ისევე როგორც შარშან, სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობებისა და სტენდების გვერდით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული საგამომცემლო სტენდიც იყო წარმოდგენილი. ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ ერთიორად გაზრდილმა ინტერესმა ქართული საგამომცემლო ინდუსტრიისა და ლიტერატურის მიმართ სხვადასხვა ქვეყნების გამომცემლებისაგან კონკრეტული წინადადებებიც მოგვიტანა – თანამედროვე ქართული მწერლობის ინგლისურენოვანი კატალოგებიდან განსაკუთრებული დაინტერესება რამდენიმე ავტორის რომანმა გამოიწვია (დავით ქართველიშვილი, ლაშა ბუღაძე, ზაზა თვარაძე, დათო ტურაშვილი), რაც იმას ნიშნავს, რომ გამორიცხული არაა, ქართული ლიტერატურა უცხო ენაზე ითარგმნოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წიგნის მაღაზიების თაროებზე აღმოჩნდეს. მართალია, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და არც თუ ისე მყარი გარანტიების მომცემია, მაგრამ პირველი – დაინტერესების ეტაპი – უკვე გადალახულია. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ესტუმრნენ წელს ქართველი მწერლებიც – ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი და ბასა ჯანიკაშვილი, რომელთა ვიზიტიც ფრანკფურტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა.
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საზეიმო გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 სექტემბერს, ბაზრობის დირექტორმა, იურგენ ბოსმა, პრესკონფერენცია ჩაატარა, აუდიტორიას წლევანდელი ღონისძიებების გეგმა-შინაარსი გააცნო და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბეჭდური საგამომცემლო ინდუსტრიის მომავალ კონკურენტზე – ციფრულ ტექნოლოგიებზე ისაუბრა. თუ აქამდე CD-ფორმატით მიწოდებული ლიტერატურის პოპულარობის ზრდა შემაშფოთებელ ფაქტორად ითვლებოდა, ახლა უკვე, ბოსის თქმით, უკეთესიცაა წიგნების შინაარსის მოქცევა განსხვავებულ ფორმაში, მთავარია, რომ შინაარსი არ იცვლება და ფორმებს კი მხოლოდ საინტერესო სიახლეები, აღქმის განსხვავებული და აქამდე უცნობი ასპექტები მოაქვთ. თუმცა, ფრანკფურტის ბაზრობის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ციფრული ტექნოლოგიების მომძლავრების მიუხედავად, ჯერ კიდევ ადრეა იმაზე ლაპარაკი, საბოლოოდ შეცვლის თუ არა ორ ყდას შორის მოქცეულ პროდუქტებს კომპიუტერულ ჩიპზე ჩაწერილი ინფორმაციები, ეს უბრალოდ პროცესია, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ და ვიზრუნოთ, რომ საუკეთესო შედეგი იქნას მიღწეული. 19 ოქტომბერს ფრანკფურტის ბაზრობის ფარგლებში გერმანული საგამომცემლო ბიზნესის მშვიდობის პრემიის (Der Friedenspreis des Deutschen Buchhandels) დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 25 ათასი ევრო ფრანკფურტის წმ. პავლეს სახელობის ეკლესიაში (Paulskirche) გერმანელ მხატვარსა და მოქანდაკეს, ანზელმ კიფერს გადაეცა. სწორედ 19 ოქტომბერს დაიხურა საგამოფენო პავილიონებიც და მაინზე გაშენებული მანჰეტენი წიგნების მოყვარულ მუდმივ, ძველ თუ ახალ სტუმრებს მომავალი წლის ოქტომბრამდე დაემშვიდობა.

    სტატია დაიწერა 2008 წელს

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“