• რეცენზია

    მითების სამყარო და მთხრობელი


    ზურაბ ნამორაძე
    “ბერძნული მითების სამყარო” (ასპარეზზე გამოდიან გმირები, შვიდბჭიანი თებე, ტროას ომი. თხრობა და კომენტარები: ნანა ტონიასი, მანანა ღარიბაშვილის, გიორგი ხომერიკის, ლაშა ბერაიასი). თბ. “ლოგოსი”. 2001-2002.

    ვისაც დაებადა იდეა ბერძნული მითების სამყაროში შეეყვანა ქართველი მკითხველი, დელფოს სამისნოს წარწერა: “შეიცან თავი შენი” ნამდვილად იმ იმპერატივად ექნებოდა მიჩნეული, ურომლისოდაც ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია. ამ სამყაროსთან ზიარება, რა თქმა უნდა, უზარმაზარ დახმარებას გაუწევს საკუთარი თავის შეცნობის გზაზე დამდგარ ყოველ პიროვნებას.
    მე ხელთ მაქვს პროგრამა “ლოგოსის” სერიით გამოცემული სამი წიგნი: “ასპარეზზე გამოდიან გმირები”, “შვიდბჭიანი თებე” და “ტროას ომი”. წიგნების სათაურები ცხადად მიგვანიშნებს იმ თემებს, რომელთა თხრობას და კომენტირებასაც მოჰკიდეს ხელი ამ სფეროში დაკვალიანებულმა ქართველმა სპეციალისტებმა. ყოველი ელინისტი საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე იდგა: ერთი მხრივ, უნდა მოეთხრო, და მეორე მხრივ, შესაბამისი კომენტარებით აღეჭურვა სათხრობი მასალა. სირთულეს ქმნიდა სხვა გარემოებაც: ეს წიგნები საქართველოს განათლების სამინისტროს დამხმარე სახელმძღვანელოდ დაუმტკიცებია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასალა თანმიმდევრულად უნდა იყოს დალაგებული და ყმაწვილთათვის გასაგები, იოლად მისაწვდომი, მკაფიო ენით გადმოცემული. ამ ვითარებასთანაც რომ არ გვქონოდა საქმე, ისედაც ცხადი გახლდათ: ბერძნული მითების მთხრობელი მხოლოდ ის ავტორი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინც გვარიანად ფლობდა ქართულ სიტყვას და ვისაც მხატვრული თხრობის ძალაც შესწევდა. სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა, ვინაიდან ბერძნული მითები იმხელა ფანტაზიასა და წარმოსახვას იტევს, ისეთი უჩვეულო ხდომილებებით არის აღსავსე და ისეთი ცეცხლოვანი, მგრძნობიარე მუხტითაა დამუხტული, რომ უღიმღამო თხრობა ნამდვილად არ შეშვენის. მეც ამ ნიშნით გადავწყვიტე შემეფასებინა უკვე გამოცემული წიგნები და აღმენიშნა ის სავარაუდო ხარვეზები, რომელთა გათვალისწინებაც სამომავლოდ გამოადგებოდათ ავტორებს. უპირველესი მნიშვნელობა ფრაზების გამართულობას, სწორ ლექსიკურ არჩევანს, ენობრივ სიმწყობრეს და სინატიფეს უნდა ჰქონდეს.
    საერთო ღირსება გამოცემული წიგნებისა, რაც თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, ისაა, რომ თხრობაში არ არის ჩართული არქაული სტერეოტიპები, ტრაფარეტები, გაქვავებული შესიტყვებები. მართალია სიძველის ელფერს არქაიზაცია ქმნის, მაგრამ არქაული ლექსიკა თავის მხრივ, უხეშ სტერეოტიპებს და გაცვეთილ კლიშეებს ამკვიდრებს, რომელთა გამოყენებაც ტექსტის სიცოცხლეს კლავს. სწორად მინდა გამიგოთ, მე უგემოვნო, დამამძიმებელი არქაიზაციის წინააღმდეგი ვარ, რისი კვალიც, საბედნიეროდ, პროგრამა “ლოგოსის” სერიით გამოცემულ ბერძნულ მითებს არ ეტყობა.
    ჩემს ხელთაა წიგნი “ტროას ომი” (თხრობა და კომენტარები ლაშა ბერაიასი). აქ ერთ-ერთ თავში, რომელსაც ჰქვია “ტანტალოსი”, მთხრობელი წერს: “მან თავისი ვაჟი პელოფსი დაკლა და მისი ხორცი საუცხოო კერძის სახით მიართვა ღმერთებს” (გვ. 26). ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა ყოფილიყო “საუცხოო კერძად მიართვა ღმერთებს”. თავში “სინონი. ლაოკოონი. პრიამოსი ტყუვდება” ასეთი ფრაზაა: “ეს მას შემდეგ მომხდარა თითქოს, რაც ოდისევსმა და დიომედესმა პალადიონი გაიტაცეს მისი ტაძრიდან, როგორც კი მათ ქანდაკი ბანაკში მიიტანეს, ცეცხლის ალი სამჯერ მოეკიდა მას…” – ნაცვალსახელების სიჭარბე აშკარად ამძიმებს წინადადებას. იმავე თავში აბზაცი იწყება ასეთი ფრაზით: “ამ საშინელმა ნიშანმა ტროელები იმაში დაარწმუნა, რომ სინონი სიმართლეს ამბობდა” (გვ. 111). აქ სიტყვა “იმაში” კალკია და თანაც აბსოლუტურად ზედმეტია. ერთ-ერთ მომდევნო ფრაზაში ისევ ნაცვალსახელების სიჭარბეს ვაწყდებით: “მას არც კი გაუვლია აზრად, რომ მისნის დასჯის მიზეზი შეიძლებოდა ის შეურაცხყოფა ყოფილიყო, რომელიც მან აპოლონს მიაყენა, როცა მის ნაცვლად მსხვერპლი პოსეიდონს შესწირა” (გვ. 111).
    ახლა გადავფურცლოთ წიგნი “ასპარეზზე გამოდიან გმირები” (თხრობა და კომენტარები ნანა ტონიასი და მანანა ღარიბაშვილისა). “მათ არ ისურვეს შებმა, დაბლა დაყარეს იარაღი და სამტროდ შემართულებმა სამეგობროდ გაუწვდინეს ხელები ერთურთს” (გვ. 147). სიტყვა “დაბლა” აშკარად ზედმეტია. “გაუწვდინეს” ნაცვლად უნდა იყოს “გაუწოდეს”. თავი “ჰერაკლეს თორმეტი გმირობა” ასე იწყება: “საგმირო საქმეთა აღსასრულებლად ჰერაკლეს ოლიმპოსის დიდმა ღმერთებმა უბოძეს აღსაჭურველი” (გვ. 73). აქ ნამდვილად უკეთესი იქნებოდა სიტყვა “საჭურველი”. იქვე არის ასეთი წინადადება: “ასე ამბობენ, როცა ჰერაკლე საბრძოლველად შეიმართებოდა ხოლმე, შუა ბალთის გარშემო არშიად შემოვლებული თორმეტი გველის თავი გრგვინავდა და შიშის ზარს სცემდა მის პირისპირ მდგომთ”. სიტყვა “ხოლმე” აქ ზედმეტია. (გვ. 73)
    ნატიფი სტილით და ენობრივი დახვეწილობით გამოირჩევა წიგნი “შვიდბჭიანი თებე” (თხრობა და კომენტარები გიორგი ხომერიკისა). საერთო სისადავის ფონზე ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ქმნის არქაიზმი “მერმე”. ეს სიტყვა ბუნებრივად არ ერწყმის მთხრობელის სადა ენობრივ ქსოვილს: “ალკმეონმა შეიტყო დედის მზაკვრობა, გაიგო, როგორ გაწირა ერიფილემ ჯერ ამფიარაოსი, მერმე კი ალკმეონიცა და ამფილოქოსიც ჩააგდო საფრთხეში” (გვ. 28).
    შენიშვნებს აღარ გავაგრძელებთ. მე უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ მომავალში ამ ნიშნით უნდა გამახვილდეს ყურადღება და ეს შესანიშნავი გამოცემები უფრო სრულყოფილ სახეს მიიღებს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    მაია სარიშვილი – ცხადის გადაფარვა

    ანდრო ბუაჩიძე
    ასოციაციების კონტექსტში

    მაია სარიშვილი. ცხადის გადაფარვა (ლექსები). რედაქტორი შოთა იათაშვილი. თბ. “მერანი”, 2002.

    მაია სარიშვილის ლექსები რეალობის მეტად უცნაური აღქმით გამოირჩევა, ვთქვათ ის წერს: “თვალები – თონეები, ჩავაკარი ცრემლი ჩვენი არსობისა”. ანდა ასეთი სტრიქონები: “დაძველებული პარკეტის სუნი და თვალთან ნარინჯისფერი შუშის ნატეხი. მინდა ჩავეჭიდო ფიქრს იმ სივრცეზე, სადაც ირწევიან მსუყე ეტლები და მძინარე ლოკოკინებს წვიმის ხმა ყრუდ ესმით ნიჟარებში… აქ ვეღარ ვსუნთქავ. თითქოს ჟანგბადის ყველა მოლეკულა ქაღალდში სათითაოდ შეახვიეს”.
    ცხადია, რომ საქმე გვაქვს უცნაურ მეტაფორიკასთან, რომელიც ასოციაციურმა აზროვნებამ წარმოშვა. იქნებ ეს განსაზღვრება მიახლოებითი და პირობითი იყოს, მაგრამ სამყაროს თავისებურ აღქმას და შესაბამის ხელწერას ხომ რაღაც სახელი უნდა დაერქვას. მე მგონი, ამ შემთხვევაში, სწორედ ასოციაციურობაა ის ნიშანი, რომელიც თავის ირგვლივ იკრებს ლექსწერის სხვა ნიშნებსაც. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასოციაციურობა განაპირობებს სხვა სალექსო კომპონენტების თავისებურ წყობასაც. მაგრამ თავიდანვე უნდა ითქვას ერთი რამ: უცნაური მეტაფორების მეშვეობით ამოთქმული ასოციაციური აზროვნება ყოველთვის მოითხოვს სიცხადეს, გამჭვირვალებას, სიზუსტეს. სწორედ სიზუსტე უნდა იყოს იმის თავდები, რომ ამა თუ იმ პოეტთან ბუნებრივად იბადება ასოციაციური ხლართი აზროვნებისა. ლექსწერის ეს წესი რთულია, რადგან იმთავითვე გულისხმობს შემოსაზღვრას, საგნობრივ ატრიბუტიკას, გარკვეულ ემპირიკას, რომელიც კონკრეტულს, აღქმადს, ხელშესახებს გახდის ასოციაციას. თავისთავად ასოციაციური დინება გრძნობებისა და განცდებისა, თითქოს ორგანულად ეთავსება მეტაფორულ აზროვნებას, მაგრამ თუ მეტაფორა არაზუსტია, ე.ი. ღრმა შინაგანი ინტუიციით არ არის ნაკარნახევი, მკითხველის შთაბეჭდილება ფერმკრთალდება. პოეტი სცდება სამიზნეს.
    როცა მაია სარიშვილი ამბობს: “დაძველებული პარკეტის სუნი და თვალთან ნარინჯისფერი შუშის ნატეხი”, ასოციაცია გამჭვირვალეა და ფრაზა ემოციურად ზემოქმედებს მკითხველზე. ასევე მკაფიო ტონალობით და აზრობრივი სინათლითაა აღბეჭდილი სახე: “მძინარე ლოკოკინებს წვიმის ხმა ყრუდ ესმით ნიჟარებში”. მაგრამ ამ ფონზე და ამავე კონტექსტში ცოტა გაურკვევლად მეჩვენება მეტაფორა: “მსუყე ეტლები”; იქნებ ეპითეტი “მსუყე” აქ არ არის მთლად ზუსტი? არ ვიცი, შემიძლია მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილო ყურადღება: თხრობის ასოციაციური სტილი ყოველთვის ზუსტი ვერ იქნება, მაგრამ რამდენადმე ზუსტი მაინც უნდა იყოს, რათა არ დაირღვეს ლექსის კომპოზიცია, სტრუქტურა, ფარული ფაბულა, რომელიც თითქოს უკუფენილია ტექსტში. მაია სარიშვილის ლექსებიდან მე მოვიყვან ამ თვალსაზრისით სანიმუშო ვარიანტს, სადაც სინათლე და სისადავე ბუნებრივად ერწყმის თვითმყოფად ხელწერას: “რა მაღლა ცხოვრობთ! არ გეშინიათ? ხომ შეიძლება, რომ ღრუბელი შემოვიდეს ღია ფანჯრიდან… ან მზეს თვალებში ჩაეფერთხოს მტვერი, რომელიც ყოველდღე ჩვარით გაგაქვთ ოთახებიდან… თქვენ ქვემოთ ფრენენ ჩიტები და უფრო დაბლა ფრენენ პეპლები, და მთელ სახლში ფეხისწვერებზე დგანან ნივთები, რომ გაიხედონ ფანჯრიდან და დაინახონ, როგორ ყვავილობს ძირს შადრევანი. ან დაინახონ, როგორ იმსხვრევა ბრჭყვიალა მინა პირველ სართულზე… რა მაღლა ცხოვრობთ! ვერ აღწევენ ჩიტები და ბურთები და შადრევნები თქვენს ფანჯრებამდე და მოწყენილი ფარდები ზოგჯერ გარეთ იპარებიან და ფრიალებენ, როგორც ფრთები ოთახების… რა მაღლა ცხოვრობთ!..”
    ჩემი აზრით, მაია სარიშვილს კარგად აქვს გაცნობიერებული სირთულე არჩეული გზისა, ამიტომაც ყოველთვის ცდილობს თავი დააღწიოს მრავალსიტყვაობას, მოძებნოს ემოციურად და აზრობრივად კონტექსტის შესაფერი ეპითეტი, ნათლად შემოხაზოს მეტაფორა და რაც მთავარია, ბოლომდე შეინარჩუნოს ლექსის დასაწყისში განფენილი სიწრფელის ხარისხი, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ყოველგვარი შემოქმედება. და თუკი გარკვეულ სალექსო ფრაგმენტებში პოეტის მცდელობა სასურველი შედეგით არ გვირგვინდება, ეს სულაც არ არის საგანგაშო, რადგან აქაც კი ჩანს მაძიებელი სული, მოუსვენარი შთაგონების ნაკვალევი, აღსარების ამომთქმელი ინტონაცია.
    მაია სარიშვილის მცირე ფორმის ლექსები განსაკუთრებით კარგად ავლენს პოეტის საკუთარი ხელწერის დაუფლების პროცესში მიღწეულ სასურველ შედეგებს. აქ ისევ ერთადერთი და შეუნაცვლებელი ეპითეტის ძიებაზე, ლირიკული აქცენტების განაწილებაზე, მინიშნებებზე და ლექსის სტრუქტურული სრულყოფილებისაკენ ლტოლვაზეა საუბარი.
    “ერთი მაღალი კაცი ხის კენწეროებს კვნეტს კბილებით, ეს გემრიელი გაზაფხული მე მივასწავლე”. ანდა ვთქვათ ასეთი ლექსი: “ვეფერებოდი ამ ხეთა ნერგებს ოდესღაც. ახლა ცაში ჩაზრდილან ჩემი ხელმონაკიდი კენწეროები…” აქ, ამ მცირე ფორმის განწყობილებისმიერ შტრიხებში უფრო მეტია ნაგულისხმევი, ვიდრე ნათქვამი. აქ იჩენს თავს ფარული სურვილი იმ ნატიფი სიტყვიერი სამოსელის მიგნებისა, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად მოერგება სათქმელს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე,  რეცენზია

    მორის მეტერლინკი – ფუტკრების ცხოვრება


    ზაზა კვერცხიშვილი
    (ფუტკრების) ცხოვრების ქებათა ქება
    მორის მეტერლინკი. “ფუტკრების ცხოვრება”. ფრანგულიდან თარგმნა დავით აკრიანმა, გამომცემლობა “ნექტარი”, ყდის ფოტო ანდრო როგავასი.

    “ფუტკრების ცხოვრების” ჟანრი, მიუხედავად საკითხის მოჩვენებითი სიმარტივისა, საკმაოდ ძნელი განსასაზღვრია. ერთი შეხედვით, ჩვენს წინაშეა ნაშრომი, რომელიც გულმოდგინედ და თანმიმდევრულად, მეცნიერულ ობიექტურობაზე უაღრესად საფუძვლიანი პრეტენზიით, აღწერს მწერების ერთ სახეობას. ასე რომ, თითქოს, ბუნებრივი ჩანს შევიტანოთ იგი ბიოლოგიური წიგნების კლასში, სახელდობრ მის ენტომოლოგიურ ქვეგანყოფილებაში. და ამ დასკვნაში ხელს ვერ შეგვიშლიდა ფაქტი, რომ “ფუტკრების ცხოვრება”, არა ბიოლოგის, არამედ გენიალური მწერლის შექმნილია. თუმცა ასეთ კლასიფიცირებას გადაულახავ წინააღმდეგობებს, მორის მეტერლინკის პიროვნება კი არა, თვით ნაწარმოების ტექსტი უქმნის: მწერების ცხოვრების ნებისმიერი ენტომოლოგისთვის შესაშური დაწვრილებითი აღწერა აქ, თითქმის ყოველთვის, უფართოეს განზოგადებათა მხოლოდ ნაწილია (თანაც, ზოგჯერ, არცთუ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი), რომელიც ორგანულ საფუძველს ქმნის არსებობის საზრისზე მსჯელობისათვის. ასე რომ, წიგნი გამუდმებით “ცდილობს” ფილოსოფიური ლიტერატურის კატეგორიაში გადაბარგებას. ხოლო თუკი, ამის შემდეგ, ამოვალთ არა იქიდან, რას მოგვითხრობს ტექსტი, არამედ – თუ როგორ არის იგი დაწერილი, ვნახავთ, რომ “ფუტკრების ცხოვრების” მნიშვნელოვანი ნაწილი, არსებითად, მაღალი პოეზიაა – ღრმააზროვანი და დახვეწილი ლექსები პროზად.
    ამიტომ, წიგნის რაობის გარკვევაში, შესაძლოა, ანალოგიის მეთოდი დაგვეხმაროს. თუ “ფუტკრების ცხოვრების” უახლოესი მონათესავის მოძებნას დავაპირებდით, მას ვერ ვიპოვიდით ვერც ფილოსოფიურ და ვერც ზოოლოგიურ ლიტერატურაში (ალბათ, “ნობელით” პრემირებული ბიოლოგისა და დიდი მწერლის კონრად ლორენცის ძაღლებისადმი მიძღვნილი წიგნის გარდა – “ადამიანი პოულობს მეგობარს”. თუმცა, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა: სამეცნიერო-პოპულარული შრომის კარგად მორგებულ ნიღაბქვეშ აქ ნამდვილი და დიდი პროზაა შეფარული). ვფიქრობ, “ფუტკრების ცხოვრებასთან” ყველაზე ახლოს მაინც თომას მანის იდილია “პატრონი და ძაღლი” დგას: მრავალგვერდიანი დაწვრილებითი აღწერა ერთი გერმანული ქალაქის გარეუბნის ნახევრად ველური ბუნებისა და ავტორის ძაღლის ქცევა-ჩვევებისა – მომნუსხველი პროზა, რომლის მონაკვეთები ალაგ-ალაგ თავისთავად ლაგდება ჰეგზამეტრის რიტმით.
    სხვათა შორის, სწორედ თომას მანთან დაკავშირებით აღუნიშნავთ, რომ მის სოლიდურ პიროვნებასა და ხელოვნებას ისევე კარგად ესადაგება დამჯერი ძაღლი, როგორც მისი სულიერი მოძმისა და ანტიპოდის, სოლიდურობას ერთიანად მოკლებული ჰერმან ჰესეს მწერლურ სილუეტს – თავნება კატა. რაზე მიგვანიშნებს, ამ თვალსაზრისით, მ. მეტერლინკის სიყვარული საზოგადოებრივი მწერებისადმი, რომელმაც შვა: “ფუტკრების ცხოვრება” (1901), “ტერმიტების ცხოვრება” (1926), “ჭიანჭველების ცხოვრება” (1930)? – შესაძლოა, ამ სოციალიზმისკენ მიდრეკილი მისტიკოსის მისწრაფებაზე, ადამიანთა სიმრავლეში, სოციალურ მასაში მთლიანად გაეთქვიფა თავისი მეტისმეტად მკაფიო ინდივიდუალობა და მთელი კაცობრიობის ბედნიერი მომავლის საშენ მასალად, სხვათაგან განურჩეველ ერთ უბრალო აგურად თუ სასაძირკვლე ქვად ექცია იგი. მეტერლინკის შემოქმედების ერთიანად გახსენებისას პირველი (თუმცა, იქნებ, ზედაპირული) შთაბეჭდილება ისეთია, რომ კურთხეული ზაფხულის ტრფიალი ამ მრავალჟანრიანი (დრამა, ლირიკა, ესე) პოეტისთვის ყველაზე მახლობელი მაინც ფუტკრები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებშიც თითქოსდა თავად ზაფხულის ოქროცურვილი დღეები, მისი კამკამა ნათელი, მისი ათასფერობა და ათასარომატიანობა არის ხორცშესხმული. სამწუხაროა მხოლოდ, რომ მეტერლინკი სასწაულებისგან დაცლილ რაციონალიზმის ეპოქაში ცხოვრობდა და არა, თუნდაც, ერთიანად ღმერთებითა და ღმერთკაცების დასახლებულ ანტიკურ სამყაროში, რათა აპოლონის ბრძანებით გრძნეულ ფუტკრებს, – მზის ამ უბიწო ასულებს, – მორის მეტერლინკისთვისაც, ყრმა პლატონის მსგავსად, პირდაპირ ხახაში აეშენებინათ ფიჭა და თაფლით აევსოთ პირი.
    (მცირე გადახვევა: საინტერესოა, რა ვითარებაა “ანიმალისტური ჰერალდიკის” თვალსაზრისით ქართულ მწერლობაში. ბიოგრაფს და, ალბათ, ფსიქოანალიტიკოსსაც საინტერესო მასალას მისცემს ალექსანდრე ყაზბეგის “მეგობრობა” მაიმუნ “ჟაკოსთან”, რომლის შესახებ გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, რომ აქ “არის პოეტის გახელება მელანქოლიის არეში”. აი, ტექსტებში ასახული კი ბევრი არაფერი მაგონდება გალაკტიონის ერთი შენიშვნის გარდა: “ორი მერანია: მერანი ავთანდილის, მერანი ბარათაშვილის, ისინი სხვადასხვანი არიან. საჭირო იყო მათი შეერთება. და ეს მოვახერხე მე. ჩემი მერანი შეთავსებაა ამ ორი სხვადასხვაობის”. მართალია, ეს შენიშვნა უწინარეს ყოვლისა ლექსის ტექნიკას შეეხება – “რუსთაველის რითმის დაცვა ბარათაშვილის რიტმის გამოყენება” – და, შესაძლოა, არც იყოს ბოლომდე დამაჯერებელი, მაგრამ თუ აქ მაინც სწორედ “ჰერალდიკას” დავინახავთ, უნდა ითქვას, რომ ეს ქრონოლოგიური თანმიმდევრობა აღბეჭდილია საემბლემო ცხოველის რეალურ-ზოოლოგიური ნიშნების თანდათანობითი გაქრობით: ავთანდილის ტაიჭი სავსებით რეალური ცხენია და, ტარიელის მზერისუსწრაფესი რაშისგან განსხვავებით, ზებუნებრიობისა და ზღაპრულობის მეტისმეტად ჭარბმინიშნებითაც კი არ არის აღბეჭდილი ბარათაშვილის მერანი, – მიუხედავად იმისა, რომ ის დაწერილია შამილის მიერ ილია ორბელიანის დატყვევების შთაბეჭდილებით, რომელსაც ამ დროს ლეკებმა ოთხი სავსებით ჩვეულებრივი ცხენი წაართვეს, – უკვე ნამდვილ ცხენს აღარ ჰგავს და ბედისწერის სიმბოლოდ უფრო გვევლინება. აი, გალაკტიონის ლურჯა ცხენებს კი ზოოლოგიური არსების ნიშანიც კი აღარა აქვთ შერჩენილი, ეს არის ცხენები, ასე ვთქვათ, ცხენობისგან განძარცული სახით.)

    * * *
    რატომ უჩნდება დიდების მწვერვალზე მყოფ მწერალს სურვილი, მოკიდოს ხელი ზოოლოგიურ თემას, რომელიც ვერც ელიტარულ მკითხველთა აღფრთოვანებულ ღრიანცელს შემატებს და ვერც მნიშვნელოვნად გაუზრდის თაყვანისმცემელთა მასას? რა სულიერი მოთხოვნილებიდან არის ამოზრდილი “ფუტკრების ცხოვრება” ან “პატრონი და ძაღლი”?
    თომას მანის თქმით, “აპოლიტიკოსის ჩანაწერებზე” მუშაობისას აბსტრაქციის სფეროში ხანგრძლივმა გადასახლებამ მას გაუჩინა დაუძლეველი მისწრაფება წარუვალის, ურღვევის, ზეისტორიულის, წმიდათა წმიდასადმი, რაც გადმოიღვარა იდილიად ბუნებასა და ძაღლზე. არადა, ერთი შეხედვით, ამის საპირისპიროდ უნდა ყოფილიყო საქმე და სწორედ უზოგადესი საკითხებისადმი მიძღვნილ “ჩანაწერებს” უნდა დაეკმაყოფილებინა აპოლიტიკოსი ავტორისთვის ზეისტორიულისა და მარადიულის წყურვილი; ხოლო, მეორე მხრივ, თითქოს, რა შეიძლება იყოს არსებობის ფუნდამენტურ პრინციპებზე და საკრალურზე მოფიქრალი კაცისთვის უფრო შემთხვევითი, უმნიშვნელო, მსწრაფლცვალებადი და წარმავალი, ვიდრე რომელიმე ერთი ცხოველის, თუნდაც მისი საყვარელი ძაღლის, ქცევა და ცხოვრებაა?
    “ფუტკრების ცხოვრებაზე” მუშაობა რომ დაიწყო, მ. მეტერლინკი საკუთარი ცხოვრების მეოთხე ათწლეულს ასრულებდა. მას უკვე შექმნილი ჰქონდა ლექსები, რომლებმაც დიდი პოეტის სახელი დაუმკვიდრა; ესეები, რომელთა უცნაურ სტილურ სინატიფეს ძნელია ანალოგი მოეძებნოს მსოფლიო ლიტერატურაში (იქნებ, უაილდის საუკეთესო ფურცლების გარდა); დრამები, რომლებმაც მსოფლიო სახელი მოუხვეჭა (საგულისხმოა, რომ ამ ავტორს XX საუკუნის დასაწყისის საქართველოშიც იცნობდნენ და აფასებდნენ – “სცენის მეფედ” მოიხსენიებდნენ და მისი პიესები იმდროინდელ საშინლად არქაულ ქართულ თეატრშიც იდგმებოდა). მორის მეტერლინკი ლიტერატურული დიდების მწვერვალზე და შემოქმედებითი ძალების ზესავსეობის ხანაში იმყოფებოდა.
    გარდა ამისა, წიგნს საფუძველი დაუდო უძლიერესმა იმპულსმა – ოცწლიანმა (ცალმხრივმა?) მიჯნურობამ ფუტკრებისადმი, თაფლისმკეთებელი ამ მარადი ქალწულებისადმი.
    დიახ, მეტერლინკს მაშინ უკვე მეფუტკრის ოცწლიანი გამოცდილება ჰქონდა. ამ ხნის მანძილზე მან მოასწრო ამომწურავად შეესწავლა ფუტკრების შესახებ არსებული მთელი ბიოლოგიური ლიტერატურა და პარიზში თავის კაბინეტში მინისკედლებიანი სკაც კი დადგა, რათა მათ იდუმალებით მოცულ სამყაროს განუწყვეტლივ დაკვირვებოდა. მას დაუგროვდა ჩანაწერები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი წიგნის შექმნისას არც კი გამოიყენა, მათი სპეციფიკურ-სამეფუტკრეო ხასიათის გამო. იგი ატარებდა ექსპერიმენტებს, რომლებსაც, მართალია, დაკვირვების არასაკმარისად ზუსტი მეთოდები ხელს უშლის წმინდა სამეცნიერო მნიშვნელობამდე “ამაღლდნენ”; მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ცდილობ საყვარელი არსების ყველა თვისება თუ შტრიხი შეიცნო და შეიტკბო, ალბათ, მაინცდამაინც არ გაღელვებს “მეცნიერული ღირებულება” აქვს თუ არა შენს ცოდნას…
    “ფუტკრების ცხოვრება” შვა დიდმა ცოდნამ, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი როლი მაინც დიდმა სიყვარულმა შეასრულა… და არა მხოლოდ ზაფხულისა და სიცოცხლის ამ ბიოლოგიურ-ფილოსოფიური ოდის შექმნაში, არამედ მ. მეტერლინკის დიდი სულიერი მემკვიდრის, კარლ ფრიშის ცხოვრებაშიც – მხოლოდ თავგანწირულ სიყვარულს შეეძლო მიეცა ძალა XX საუკუნის ამ უთვალსაჩინოესი ბიოლოგისთვის, რათა მთელი თავისი განსაცვიფრებლად ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში უკიდურესი მეცნიერული პედანტურობითა და შესაშური ფანტაზიით, მოეხსნა ფუტკრებთან დაკავშირებული არსებული თითქმის ყველა ის კითხვის ნიშანი, რომელთა იდუმალების წინაშე მ. მეტერლინკის თავისი არსით საკრალურმა განცვიფრებამ და მოწიწებამ შვა “ფუტკრების ცხოვრების” საუკეთესო მონაკვეთები, მაგალითად, ერთგან მისტიკურ უზენაეს მიზანს დაქვემდებარებული ფუტკრების “ნეტარი” არსებობის შურით შემყურე ავტორი სვამს მარადიულ კითხვას – მსგავსად ამისა, შესაძლებელია თუ არა, ოდესმე მაინც, მთელი ადამიანური ცხოვრებაც აღარ იყოს მარტოოდენ “საწყაული აღუვსებელი” და გაქრეს ის საშინელი ძრწოლა სიკვდილის წინაშე, სულ ახალი და ახალი ძალით განმეორებად წყევლად რომ ექცა კაცთა მოდგმას: “ჩვენ ისე ვართ შექმნილნი, რომ არაფერი გვაკმაყოფილებს, ვერაფერს ვხედავთ ისეთს, მიზანს თავისთავშივე რომ ატარებდეს… წავალთ კი ოდესმე იმ დათმობაზე, რომ თუნდ რამდენიმე საათის მანძილზე წარმოვადგენდეთ მატერიის აქტივობის საინტერესო ფორმას, რათა მალევე, დანანების თუ გაკვირვების გარეშე მოვიპოვოთ მისი კიდევ ერთი ფორმა: უცნობი, გაუცნობიერებელი, მძინარე, მარადიული”.

    * * *
    ახლა თარგმანის შესახებ.
    ასეთი წიგნის რამდენადმე მაინც დამაკმაყოფილებელი თარგმანის არსებობა მშობლიურ ენაზე ბედნიერებაა ნებისმიერი კულტურისთვის; მაგრამ რამდენად გამართლებულია, სუსტი იმედი მაინც გვქონდეს, რომ თარგმანი მთლიანად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება? როგორც აღვნიშნე, “ფუტკრების ცხოვრების” აზრობრივ-სახეობრივი წყობა მაღალი პოეზიის კანონებს ემორჩილება, ხოლო პოეზიის ადეკვატური აჟღერება სხვა ენაზე, ყველამ იცის, ურთულესი საქმეა. თვალსაჩინოებისთვის ვიტყვი: სიტყვიერი ქსოვილის გამჭვირვალების ის ხარისხი, რომელსაც ტექსტის ბუნება მოითხოვს, ქართულ პროზაში საერთოდ არ მეგულება, ხოლო პოეზიიდან შემიძლია დავასახელო აკაკი და გვიანი გალაკტიონი.
    დავით აკრიანს სიყვარულით უმუშავია. ყოველ გვერდზე აშკარად ჩანს, რა მონდომებით ცდილობს იგი მ. მეტერლინკის სახოვანებას მიუსადაგოს ქართული ფრაზის ფერადოვნება და ბგერწერული კეთილხმოვანება. ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ოდესმე ისეთ თარგმანსაც ვეღირსებით, სადაც ასეთი მონდომებული მცდელობის კვალს საერთოდ ვეღარ შევნიშნავთ და სადაც ენობრივი ქსოვილი დაემსგავსება თვით სინათლეს – უფორმო და უფერო სუბსტანციას, სამყაროს ყოველ საგანს, ფორმას, ფერს და… სიცოცხლეს რომ აძლევს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხდება საოცრება, რომლითაც გენიალური ნაწარმოები გვაბედნიერებს ხოლმე: კითხვის დროს ავტორის მიერ დახატული პეიზაჟების წარმოდგენას კი აღარ ვეცდებით, არამედ წიგნი საერთოდ გაქრება და ჩვენ უშუალოდ დავინახავთ ზელანდიის მწვანედ მოხასხასე მდელოებზე მობალახე დიდჯიქნიან ძროხებს; სათამაშოებივით ლამაზ, სახურავაწვეტილ ფერად-ფერად სახლებს; თითქოს ზღაპრიდან გადმოსულ ზანზალაკისმაგვარკაბიან ქალებს; და სარკესავით ღრმად ამრეკლავი არხის გვერდით სამზარეულოს კედელთან მიწყობილ ჩალისგან მოწნულ ვარდისფერ, ყვითელ, ლურჯ სკებს…

    დაბოლოს, კიდევ ერთი აღსანიშნავი დეტალი – ქართულ თარგმანს აქვს მიძღვნა: “ზურაბ კიკნაძეს – ჩვენი საზოგადოების ფუტკარს”.
    სასიხარულოა, რომ ჩვენი საზოგადოებისა და კულტურის ამ ყველასგან გამორჩეული, კლასიკური მემკვიდრეობის თაყვანსაცემ უძრაობაშიც კი მარად სიახლისა და სიცოცხლის მაძიებელი მოღვაწისადმი მადლიერება და პატივისცემა ასეთი უჩვეულო ფორმითაც დადასტურდა.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • კრიტიკა,  რეცენზია

    "ახალი დროება", №2

    შოთა იათაშვილი
    “ახალი დროების” მეორე ჩქამის ჰიპერთამაშები და სურნელებანი
    “ახალი დროება”, №2. მთავარი რედაქტორი გია ჭუმბურიძე, გარეკანის გაფორმება შალვა ლეჟავასი. თბ. “აზრი”, 2002.

    ახალი დროების ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელი ხომ ძველ დროებასთან შედარებით მისი თავბრუდახვევამდე აჩქარებული რიტმია (ჩარლის “ახალი დროება” გავიხსენოთ თუნდაც), ჰოდა, 1994 წელს ალმანახი “ახალი დროება” რომ გამოვიდა ნუმერაციის ელექტრონული ვერსიით: 00:01, რაიც სასტარტო პირველ წამს აღნიშნავდა, ოპტიმისტნი, მორწმუნენი და ნეტარნი ელოდნენ ალბათ, რომ მართლა სეკუნდებივით წაეწყობოდა ალმანახის ახალ-ახალი ნუმრები და ეგ კი არა, “რომელი საათიაო” – იკითხავდნენ სულ მალე ალმანახის ფურცლებიდან დავით და ზურაბ, გია და ზაზა, მაგრამ, “ვაჰ, დრონი, დრონი”, პერვერსიულ ნიშან-თვისებათა მქონე ჩვენებური “ახალი დროების” გაუგონარი სიზანტე იმაში გამოიხატა, რომ მისი ელექტრონული მეორე წამი (00:02) მხოლოდ რვა წლის შემდეგ დადგა – კალენდარული თვალსაზრისით უკვე ნამდვილად ახალ ეპოქაში, ახალ მილენიუმში – ახალი დროების 02-ში…
    “შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!” – ეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უპოპულარულესი ფრაზა ამ ალმანახშიცაა მოხვედრილი (გვ. 13. თფუ, თფუ, ჯვარი აქაურობასა!) და ვფიქრობ, მისტიური ღრმა კანონზომიერება ძევს ამაში, ვინაიდან 00:02-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟის, კაკაბსონას პირით ნათქვამი ეს სიტყვები გულზე უნდა ამოვიჭრათ ჩვენც და შევუდგეთ “ახალი დროების” მეორე შეჩერებული წამის გაანალიზებას. ამ საქმეს კი ყველაზე უკეთ მისტერ ზაზა თვარაძესთან ერთად მოვახერხებთ, ვინაიდან მას ამ ფრაზის საკუთარი ბრწყინვალე ვარიანტი გააჩნია და ჰორიზონტის ხაზზე გამოჩენილ ნაცნობ-მეგობრებს ასე შესძახებს ხოლმე: “შეჩერდი, წამო, ხინკალი ვჭამოთ!” 00:02-ის ერთ-ერთმა ავტორმა, ბატონმა კურიეროვმა ეს პერიფრაზი მშვენივრად უწყის და წვერის ქიცინითა და განუმეორებელი იუმორით გაზავებული კულტუროლოგიური სხაპასხუპით მუდამ მზადაა დროის ამგვარ შეჩერებაზე; რა თქმა უნდა, არც სულით რაბლეზიანელი და მოდერნიზმის ერთგულებით ვერდაქანცული მაგისტრი იქნება წინააღმდეგი ჩაღლიოს მკითხველთან ერთად ღვინო მუქი ან თუნდაც ღია (ფონდ სოროსივით) და ისე იმასლაათოს “ახალი დროების” ავ-კარგზე; ერთი სკოტლანდიური ვისკი და საფეხბურთო გუნდი და აღა-მორჩილ-ხანიც ჩვენთან გაჩნდება, მერე davzur-საც აღარ მოუთმენს გული, მოსწყდება Rotmail-ს და შემოგვიერთდება. მოკლედ, შევიკრიბებით და მისტერ ზაზა თვარაძე თავის ცნობილ ფუნაგორიებსაც იტყვის აუცილებლად.
    მაგალითად, ამას:
    “თუ გინდა გქონდეს ბოდრი იერი,
    უნდა იკითხო ბოდრიიარი”.

    ან ამას:
    “თუ არ იცი დერიდა,
    ვერ ამოხვალ მძღნერიდან”.

    ეს ფუნაგორიები პირდაპირ მიმართებაშია “ახალ დროებასთან”, ვინაიდან ქართული თარგმანების პრობლემაზე დარდობს ეს ალმანახი, თანამედროვე ლიტერატურისადმი არასტერეოტიპულ მიდგომებს ავითარებს, აქვეყნებს კიდეც ბოლო-ბოლო ნათარგმნ ტექსტებს… და პრინციპში, იმას ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანას “ბოდრი იერი” ვერ ექნება და “მძღნერიდან” ვერ ამოვა, თუ კულტუროლოგიური ენა და თარგმნის ხელობა ვერ ისწავლა კარგად. ხელოვნება კი არა, ხელობა, მაგრამ ისეთი, “დასაოსტატებლად 10 წელი მაინც რომაა საჭირო” (გია ჭუმბურიძე, 00:02-ის მთ. რედაქტორი). სხვათა შორის, ალბათ ამ კონცეპციამ განაპირობა, რომ 00:01-სგან განსხვავებით, 00:02-ში ნათარგმნი ტექსტები ანონიმურად, მთარგმნელთა მითითების გარეშეა დაბეჭდილი. რაღაი ხელობაა, ხელოსანი რაღა აღსანიშნავიაო – ეტყობა დაასკვნა გ.ჭ.&Co-მ. ვითომ სწორი პოზიციაა? იმას თუ ვჩივით, კარგი ხელოსნები სანთლით საძებარნი არიანო, იმ ერთ-ორ კარგს რაღას ვუმალავთ საზოგადოებას?
    ჩაღლიეთ, ჩაღლიეთ მთარგმნელობით პროცესზე მჭმუნვარენო, მოამზადეთ კონტრარგუმენტები, მე კი მანამდე, იცით, რასა ვიქმ? თქვენი “ახალი დროების” პირველ სეკუნდს მეორეს შევადრი. თანაც არ მივკიბ-მოვკიბავ და პირდაპირ ვიტყვი: პირველი ჩემთვის გაცილებით საინტერესო გამოდგა. იგი უფრო მრავალფეროვანია, დინამიურია და, რაც მთავარია, უფრო მეტად პრობლემატურია! პირველში დაბეჭდილი დავით ზურაბიშვილის წერილი “ჯეიმს ბონდის რეაბილიტაცია ანუ პოლემიკური შენიშვნები თვითრეკლამის ელემენტებით” ჩემი აზრით ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერილია ქართულ ლიტერატურულ სინამდვილეში, ვინაიდან იგი ცდილობს სრულიად სხვა კუთხით დაანახოს წინასწარ ქედმაღლურად განწყობილ ქართველ მკითხველს და რაც მთავარია, მთარგმნელთა კორპუსს, მასკულტურა და ის დადებითი შედეგები, რაც მასკულტურის ხარისხიან თარგმნას შეიძლება მოჰყვეს. ერთი საეტაპო, პროგრამული ხასიათის წერილი 00:02-ში არ მოიძიება. გარდა ამისა, პირველ ალმანახში იყო მრგვალი მაგიდა თემაზე “მარგინალური საზოგადოება და ლიტერატურული პროცესი”, სადაც მწერლობისადმი დამოკიდებულების გადაფასების მტკივნეულ პროცესზე ცოცხლად და საქმიანად ბჭობდნენ ჭკვიანი ლიტერატორები. ამ მრგვალი მაგიდის შემდეგ რვა წელი გავიდა, მაჩანჩალობის მიუხედავად, მაინც ბევრი რამ შეიცვალა ლიტ.საქართველოში და ვფიქრობ, პრობლემატურობის გრადაციის შესანარჩუნებლად და ვინ იცის, ასამაღლებლადაც კი, რედაქციას არ უნდა დაზარებოდა ჭკვიანი ლიტერატორების კიდევ ერთხელ შეკრება და ამჭევრმეტყველება ამ მომენტისათვის ყველაზე აქტუალურ თემებზე.
    “ახალი დროების” 300-ზე ოდნავ მეტი გვერდიდან 200 გასული საუკუნის 80-იანი წლების შედევრისა და დღემდე ბესტსელერის – პატრიკ ზიუსკინდის “ნელსურნელებითაა” გაჟღენთილი. ამ რომანს თავის დროზე “Иностранка”-თი გავეცანი, ისევე როგორც ალბათ ბევრი სხვა, ამიტომაც ამჟამად თავიდან ბოლომდე აღარ გადამიბულბულებია, მხოლოდ ალაგ-ალაგ მიმოვიკითხე, გავიხსენე XVIII საუკუნის გენიალური ურჩხულის, ჟან-ბატისტ გრენუის ისტორია და ისიც ვიგრძენი, რომ თარგმანს აშკარად კარგი სუნი უდიოდა. ასე რომ, ერთი შეხედვით, რაა საპრეტენზიო? ბრწყინვალე ნაწარმოები, კარგი თარგმანი… ეჰ! როგორც წერილის დასაწყისში წარმოვიდგინეთ, ამ ალმანახის ახალ-ახალი ნუმრები მიწყობილად რომ გამოდიოდეს, ვთქვათ, იმავე “Иностранка”-სავით, მაგაზე უკეთესი რა იქნებოდა, მაგრამ როცა პირველ და მეორე წამს შორის 8 წელია?.. გამართლებულია ვითომ მაშინ, ალმანახის ორი მესამედი ერთ ნაწარმოებს დაეთმოს?.. ამ შემთხვევაში ძალიან ხომ არ “ჭამს” იგი “ახალ დროებას”?.. თანაც, “ნელსურნელება” ადრე გაგრძელებებით “ახალ 7 დღეში” იბეჭდებოდა (ვერ დავიჩემებ, რომ ზუსტად ეს თარგმანია, რადგან მთარგმნელი არ წერია, თუმც მეეჭვება დღეს საქართველოში ამ რომანის ორი თარგმანი არსებობდეს). ასე რომ, პირველი, საგაზეთო პუბლიკაცია უკვე არსებობდა, გამომცემლობა “დიოგენეს” საავტორო უფლება ამ ნაწარმოებზე აღებული აქვს და საფიქრალია, რომ არცთუ ტყუილუბრალოდ, – ანუ რომანის წიგნად გამოცემა, ფაქტობრივად უკვე გარდუვალია, – ჰოდა, ამ მიზეზთა გამო, ვფიქრობ, აღარ ღირდა თარგმანის კიდევ ერთი საშუალედო პუბლიკაცია, – აჯობებდა მის ხარჯზე მასალათა სხვა სპექტრით გამდიდრება ალმანახისა.
    შევხედოთ ახლა, “ნელსურნელების” გარდა რაა დაბეჭდილი 00:02-ში.
    ყველაზე პრობლემატური კვლავაც დავით ზურაბიშვილის მასალა აღმოჩნდა – ავტორისეული წინათქმითა და ბოლოთქმით შეკრული ეპისტოლარული კოლაჟი, შედგენილი 4 რეალური პერსონაჟის ინტერნეტ-მიმოწერიდან. ამ ოთხიდან ერთი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლია, ცნობილი ამერიკელი გამომცემელი და ლიტერატურის კრიტიკოსი ედვარდ გოლდმან უმცროსი, “ახალი დროების” პირველი ჩქამის სტუმარი რომ იყო და მერე იმეილის საშუალებით რომ ემუსაიფებოდა ხოლმე თავის ქართველ მეგობრებს საგამომცემლო და საერთოდ, ლიტერატურულ საკითხებზე. დავით ზურაბიშვილმა ედვარდ გოლდმან უმცროსის ტრაგიკულ აღსასრულს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა და “ახალი დროების” მეორე ჩქამი გადაწყვიტა ამ მიმოწერის საშუალებით შეეჯერებინა მიმოწერის მოქმედი გმირები. გარდა გოლდმანისა და ზურაბიშვილისა, არიან ამერიკაში მცხოვრები “პოეტი-ავანგარდისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ესეისტი და ბიზნესმენი” ზაზა კაკაბაძე და ავსტრიაში მცხოვრები “მწერალი, მთარგმნელი და ესეისტი” ზვიად შამანაური (ეს განსაზღვრებები მასალის სქოლიოდანაა ამოღებული).
    მიმოწერა შეუნელებელი ინტერესით იკითხება. ამას წამოჭრილი საკითხების პრობლემატურობის გარდა ისიც განაპირობებს, რომ მოკამათენი პრინციპულად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან და ამ პოზიციებიდან გამომდინარე, ერთმანეთს კიდეც “ამკობენ” შესატყვისი ტერმინებით. მაგალითად, გოლდმანის აზრით ზაზა კაკაბაძე (იგივე კაკაბსონა) მემარცხენე ინტელექტუალია, ზვიად შამანაური (იგივე ზვიადაური) კი მემარჯვენე ტრადიციონალისტი. სამაგიეროდ ზვიადაური გოლდმანს კოსმოპოლიტ ჟიდომასონს უწოდებს, თუმც ისეთს, რაღაც-რაღაცებში 100%-ით მართალი რომაა. დავით (იგივე დევიდ) ზურაბიშვილი პოზიციით ყველაზე ახლოს კოსმოპოლიტ ჟიდომასონთან დგას და ალბათ ამიტომაც არაა სხვა მოქმედ პირთა მიერ სახელდებული, თუმც მე უმაგისობას მაინც ვერ მოვითმენ და “ჯეიმს ბონდის რეაბილიტაციისა” და ამ კოლაჟის შემდგომ “მასკულუტურის ადვოკატს” ვუწოდებ თქვენის ნებართვით მას.
    ერთი სიტყვით, კაი გიჟმაჟი კვარტეტია (სამწუხაროდ, დღეს უკვე ტრიოდ ქცეული) და გირჩევთ, მათ “საბაჩკიან” დისკურსს delete არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ.
    ზაზა შათირიშვილი, რომელსაც საკუთარი გვარიც კი აქვს ნათარგმანები და შინაურულ-სახუმარო სიტუაციებში კურიეროვად იწოდების (შათირ-ი [არაბ.] (ძვ.) – იგივეა, რაც შიკრიკი; კურიერ-ი [ფრ. courrier] – დაწესებულების შიკრიკი), ალმანახში კულტუროლოგიურ წერილს “თარგმანების ხელოვნებას” გვთავაზობს, ოღონდაც ამ წერილში იგი მხატვრული ტექსტის თარგმანებაზე კი არ საუბრობს, არამედ მხატვრულ ტექსტად თარგმანებაზე ისეთი ტექსტისა, რომელსაც ქალაქი, ამ შემთხვევაში კი თბილისი (ტფილისი) ეწოდება. თბილისის მთარგმნელთა შორის განიხილებიან და მოიხსენიებიან ზურაბ ქარუმიძე, აკა მორჩილაძე, ვასილ ბარნოვი, იოსებ გრიშაშვილი, სერგო ფარაჯანოვი…
    თუმც ავტორი მხოლოდ თბილისით არ იფარგლება და კავკასიურ (თუ ამიერკავკასიურ?) დისკურსზე გადადის. საქართველოს და სომხეთს განიხილავს (აზერბაიჯანზე კრინტსაც კი არ ძრავს. რატომ?) და ასკვნის, რომ კავკასიურ დისკურსს ორი ძირითადი მეტაფორა გააჩნია – საზღვრის და სამოთხის.
    წერილი მოცულობით პატარაა და თან, ამავე დროს, საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი თემაა მასში მონიშნული. ამიტომაცაა, რომ იგი ესკიზის, მონახაზის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს ავტორმა თავისთვის დააფიქსირა ის თემატიკა და ის ძირითადი კონცეპციები, რომლებზეც სამომავლოდ უფრო დეტალურად და თანმიმდევრულად აპირებს მუშაობას. ალბათ ამიტომაცაა, რომ აუცილებელი ყველა სივრცე ჯერ არაა შესწავლილი (იგივე აზერბაიჯანი) და არაა “ნათარგმანები”, ყველა მოსაზრება არაა არგუმენტირებული. ერთი სიტყვით, ბატონი კურიერისაგან ამ მიმართულებით წესით სერიოზულ ნაშრომს უნდა ველოდოთ, ბოლომდე წესიერი და სერიოზული ადამიანი რომ იყოს იგი.
    ახლა ორიგინალურ მხატვრულ ტექსტებზეც გადავიდეთ. 00:02-ში ასეთი ორია. ორივე ფრაგმენტი. ერთია აკა მორჩილაძის “ჯერეთ გამოუქვეყნებელი რომანიდან” “ძირს სიმინდის რესპუბლიკა” და მეორე ზურაბ ქარუმიძის “დიდი სონატადან” “თხა და გიგო” (სხვათა შორის, ალმანახის უკანა ყდაზე ავტორთა ფოტოებია და ისინი იქ ერთ ფოტოზე, ტანდემში არიან გამოსახულნი).
    “ძირს სიმინდის რესპუბლიკა” ჯერ იყო და “ქომაგში” იბეჭდებოდა, მერე “24 საათში” გაგრძელდა მისი პუბლიკაცია, ახლა კიდევ “ახალ დროებაშიც” რომ ვნახე ფრაგმენტები, სიმინდის მარცვლებივით დამეფანტა თავში ყველაფერი. ასე რომ, ნება მიბოძეთ, ერთ წიგნად (სიმინდის ერთ ტაროდ) გაერთიანებამდე ანალიზს მოვერიდო, თუმც ზოგად შთაბეჭდილებას მაინც გაგიმხელთ, შეკოწიწებულს ჩემი დაკუწული შთაბეჭდილებებისაგან: მეჩვენება, რომ მას ის შთამბეჭდაობა აკლია, რაც ამ ავტორის ტექსტების დიდ ნაწილს აქვს (ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!).
    ზურაბ ქარუმიძის მკითხველს რომ გიგოობაში გადავარდნის დიდი შანსი აქვს, ამას თავად ზურაბ ქარუმიძეც კარგად აცნობიერებს, ამიტომაცაა ალბათ მისთვის “თხა და გიგო”-ს თემა ასე აქტუალური. მეტიც, ავტორი მაქსიმალურად ცდილობს, გიგოდ აქციოს მკითხველი, ამის შესაძლებლობა კი თითქმის 100%-ანია, თუკი მას საკუთარი სიბრიყვისდა გამო აქამდე შვეიცარული “გლასპერლენის” გემო არ გაუსინჯავს, ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჰერმან ჰესეს “თამაში რიოში მარგალიტებით” (“Игра в бисер”) არ წაუკითხავს.
    გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი კორპუსი “ჰიპერშპილის” აღწერას ეთმობა. კასტილური უნივერსალური თამაში ქარუმიძესთან რთველის სახეს იღებს, ოღონდ მისი გლობალსოფლელები ორღან-კომპიუტერ-საწნახელში ნამდვილი კი არა, ვირტუალური ყურძნის “რიოშ მარგალიტებს” წურავენ. ციფრულ-დიგიტალური მარცვლები რომ იწურება, ორღანი გუგუნებს და ტექსტებს გამოსცემს, ჩემი აზრით, არც მაინცდამაინც გემოვნებიანს მხატვრული თვალსაზრისით, ოღონდ ამას ავტორი შეგნებულად აკეთებს თუ ძალაუნებურად გამოუდის, უკვე ვეღარ ვხვდები. იმიტომ, რომ ეს უკვე პაროდია კი არა, პირდაპირი გამეორებაა იმ კიჩური ესთეტიკის, იმ ვითომ თანამედროვე პოეზიისა, უახლესი ტერმინოლოგიით რომაა გამოტენილი და მხოლოდ ამის ხარჯზე ცდილობს კონტექსტუალობის მოპოვებას. რომ მიხვდეთ, რაზეა ლაპარაკი, რამდენიმე სტრიქონი აქაც მოვიყვანოთ:
    “და on-line ერთობა ჩვენი ამ კვარკთაგან წარმოშობს
    ულტრა მაღალი სიხშირის ელექტრო-საკრამენტულ ტალღებს
    Info-Pleroma-დან რომ მოემartებიან,
    რომლის თაობაზეც სალვიფიკურ-მაცხონებელი message
    დაგვიტოვეს: სეთმა (მესამე ძემან ადამისამან), სოტერ-იესომ და
    ქადაგმა მანიმ (მანიპულატორმა)!”
    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავისთავად, თუნდაც ტრანსკრიფციის ისეთი ფორმების გამოყენება, როგორიცაა: მიემartებიან, საკრაmentalურ, Soupევა და ა.შ. დიდი ვერაფერი მიგნებაა, ისევე როგორც “ენათა აღრევის ბაბილონის გოდოლისეული ტრადიციისადმი პატივისცემის ნიშნად” სხვადასხვა ეტიმოლოგიისა და გენეზისის მქონე სახელ-გვარების ბავშვური ჰიბრიდიზაციით თავის გართობა. თუ ჰესეს ზემოხსენებული რომანი წაკითხული გაქვთ, აქ ბევრ პერსონაჟს იპოვით იმ რომანის პერსონაჟებზე დამყნილს: ნაომი ტეგულარიუსს, დიროლ ციხენგალსს, ტაისონ კნეხტს, ბრიუს ფონ დე ტრევეს, თუ არადა პეპსი ნაბოკოვით, ჰომეროს სიმფსონ ეკოთი, კონფუციუს სპილბერგით, ბორხეს მერდოკით, პლეიბოი ჰოიზინგათი შეიქცევთ თავს და შეიძლება საკუთარი თავიც სცადოთ ამ იოლ ვარჯიშობაში: ერთმა თქვას გარინჩა პავიჩი, მეორემ მარკიზ დე გალაკტიონი, მესამემ გოგოლ დიდი მოგოლი, მეოთხემ კასპაროვ თაგორი, მეხუთემ ჯეოსელ დანტე და ა.შ. და ასეთი ბრწყინვალე შედეგების მიღწევის გამო ყველამ ლიტერატორად წარმოიდგინოს თავი.
    მოკლედ, არ ვიცი, მაგისტრ ქარუმიძეს გულში რა ედო (იქნებ ჰიპერშპილში ჩვენი რამენაირად ჩართვა და აი, ახლა, გარინჩა პავიჩები რომ გვათქმევინა, უზომოდ კმაყოფილია და ხელებს იფშვნეტს), მაგრამ მისი დიდი ნიჭისა და ცოდნის ასეთ რაღაცებზე დახურდავება, ვფიქრობ, რომ მაინც არ ღირს. ჰესეს თამაში კია ორიგინალურად გათამაშებული ქართულ ყაიდაზე, მაგრამ მთლიანობაში “თხა და გიგო” მაინც ვერ მივა მის “ღვინომუქ ზღვამდე”. ცხადია, ეს დასკვნა მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექსტი წერა-კითხვის მცოდნე მკითხველივით სწორად მიჭირავს ხელში და არა გიგოსავით.
    “ჰესეც ჰესეეე!” როგორც იტყოდა თავად ზურაბი და ბარეღამ დავასრულოთ რეფლექსია მის ამ დიდ სონატაზე, რომელსაც მე, ჩემი ნება რომ იყოს, დიდ სონატს კი არა, დიდ ჰესეს (ჰესეისტიკას) ვუწოდებდი.
    კიდევ რა დაგვრჩა სახსენებელი? სამი თარგმანი. აქედან ერთი თარგმანის პრობლემებს ეხება (უმბერტო ეკო), მეორე რელიგიის საკითხებს (ფრანსის ბეკონი), მესამე კი ართურ კონან დოილის მოთხრობაა, სახელად “კარამაზოვების საქმე”. ცხვირი არ აიბზუოთ, აღარ გვინდა ისევ შერლოკ ჰოლმსი და უოტსონიო (თუ გსურთ, ეჭვი გამოთქვით, რომ ეს მოთხრობა მათი ფანის, აკა მორჩილაძის გაშანსულია). თავიდან მეც თქვენსავით ცხვირი ავწიე, აკა მორჩილაძის მიმართაც იგივე ეჭვები გამიჩნდა (სინამდვილეში ახლაც არ ვიცი, რაიმე ხელი ურევია თუ არა ამ საქმეში მას), მაგრამ იმის ინტერესით, თუ რა შუაში იყო აქ დიდი რუსის დიდი რომანი, თვალი მაინც გამეპარა მოთხრობისაკენ… და მოულოდნელად ისეთი რამ დამხვდა, რასაც ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, მიუხედავად ართურ კონან დოილისადმი ჩემი ღრმა პატივისცემისა.
    მეტს აღარაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ეს მოთხრობა ყველა დოსტოევსკისტმა და დოსტოევსკოლოგმა უნდა წაიკითხოს.
    მთლიანობაში კი, როგორც ხედავთ, ისე გამოდის, რომ ალმანახ “ახალი დროების” მეორე წამი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ხამუშ-ხამუშ კი ვაკრიტიკე იგი, სასტარტო ალმანახთან პარალელური ანალიზისას ნაკლებად პრობლემატურობაც დავწამე, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც ქართველნი იტყვიან ხოლმე, “დონე არის!”… არ არის მხოლოდ ახალი დროებისათვის შესაფერი რეგულარულობა, ის პულსაცია (ფულსაცია), აუცილებელ დინამიკას რომ გააჩენს ამ ალმანახშიც და მთლიანად, ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაშიც…

    რეცენზია დაიწერა 2002 წელს

    © “წიგნები – 24 საათი”

  • კრიტიკა,  რეცენზია

    თომას მანი – "დოქტორი ფაუსტუსი"

    ლევან ბრეგაძე

    კიდევ ერთი რომანი თომას მანის “ქართულ თაროზე”

    თომას მანი, “დოქტორი ფაუსტუსი” (რომანი). გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო კარლო ჯორჯანელმა. ნოდარ კაკაბაძის ბოლოსიტყვაობით. რედაქტორი ნოდარ კაკაბაძე. მხატვარი სპარტაკ ცინცაძე. “მერანი”, თბ., 2002.

    თომას მანს აქვს ერთი უჩვეულო ჟანრის თხზულება, რომლის სახელწოდებაა “დოქტორ ფაუსტუსის” შექმნის ისტორია. ერთი რომანის რომანი”. მასში მწერალი მოგვითხრობს, როგორ იწერებოდა “დოქტორი ფაუსტუსი”, მსოფლიო რომანისტიკის შედევრი. და ეს “რომანი რომანზე” არანაკლები ინტერესითა და გატაცებით იკითხება, ვიდრე თვით რომანი.
    ამგვარად, ჩვენ ვიცით, როგორ იწერებოდა “დოქტორი ფაუსტუსი”.
    მაგრამ ნეტა როგორ ითარგმნებოდა იგი ქართულად?
    ვინც ამას ნაჩქარევად ჩამითვლის უქმ შეკითხვად, დიდად შეცდება – ქალბატონმა ნელი ამაშუკელმა 1985 წელს მეტად საინტერესო თხზულება გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ თარგმნიდა ფრანც კაფკას “პროცესს”. ქალბატონი დალი ფანჯიკიძეც ხომ რა ხანია დიდი წარმატებით მუშაობს ამ ჟანრში – მაგალითად, ნაშრომში “თარგმანი და მკითხველი” (1975 წ.) იგი “ბუდენბროკების” თარგმნის ამბავს მოგვითხრობს. ეს ნაშრომები გარდა იმისა, რომ მომავალ მთარგმნელთა დაოსტატებას უწყობენ ხელს, ამავე დროს აფართოებენ ჩვენს წარმოდგენას შემოქმედებითი პროცესის შესახებ და ამის გამოც ერთობ საყურადღებონი არიან.
    ამგვარი ნაშრომი, სამწუხაროდ, ჯერ არ დაუწერია ბატონ კარლო ჯორჯანელს, ღვაწლმოსილ გერმანისტს, მთარგმნელსა და ენათმეცნიერს, რომლის თარგმანები – როგორც დაუვიწყარ გოგი ჯორჯანელთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად შესრულებული – ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლასიკას განეკუთვნება. მაგრამ ვიცი, რომ ბატონ კარლოს გამოსაცემადაა აქვს გამზადებული თავისი ნაყოფიერი ლიტერატურული მოღვაწეობის პროცესში შედგენილი ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, რომელიც – თუ მზის შუქი იხილა -, დარწმუნებული ვარ, ყველა ლიტერატორის სამაგიდო წიგნი გახდება. (ამ ყაიდის ლექსიკონები ძალზე საჭიროა სწორედ დღეს, როცა სასაუბროცა და სამწერლო ქართულიც ჩვენს თვალწინ ასე დამჭლევდა და გაღარიბდა).
    თომას მანი ამბობდა, ყოველი ახალი რომანის დაწერა ჩემთვის გერმანული ენის შესაძლებლობების გენერალური დათვალიერება არისო. შესაბამისად, მისი რომანების ქართული თარგმანები ქართული ენის შესაძლებლობების გენერალური დათვალიერება უნდა იყოს. ვიდრე გავარკვევდეთ, ასეთია თუ არა სარეცენზიო თარგმანი, მანამდე ერთ ადგილს მოვიტან იქიდან, იმას, სადაც დახასიათებულია კარგი მთარგმნელი – იქნებ იდეალურიც კი. ეს გახლავთ რიუდიგერ შილდკნაპი, მთავარი გმირის, კომპოზიტორ ადრიან ლევერკიუნის ოპერათა ლიბრეტოების ავტორი. მთხრობელის სიტყვით, შილდკნაპს ინგლისური ტექსტები გერმანულ ენაზე “უაღრესად კეთილსინდისიერად გადმოჰქონდა, სტილის ფაქიზი შეგრძნებითა და გემოვნებით. თავგადაკლული იღვწოდა თარგმანის სიზუსტისათვის, ისეთი ენობრივი საშუალებების გამოძებნისათვის, რომლებიც დედნის ენობრივ საშუალებათა შესატყვისნი იქნებოდნენ”.
    ეს დახასიათება თამამად შეგვიძლია გავიმეოროთ “დოქტორ ფაუსტუსის” ქართულად მთარგმნელის მიმართაც.
    როცა Krippenreiter-ის გადმოსაქართულებლად (სიტყვისა, რომელიც არ არის “დუდენში”) “ქელეხუტას” (გვ. 217) მიაგნებ (სიტყვას, რომელიც არ არის ქეგლ-ში და მუქთ პურმარილებს დაჩვეულ ადამიანს ნიშნავს), როცა იშვიათად ხმარებულ rodomontierende-ს სანაცვლოდ თარგმანში ასევე იშვიათ სიტყვას “პეიტრულს” დასვამ გავრცელებული “მეტიჩრულის” ნაცვლად (“გამსჭვალული იყო გარდასული ეპოქის გმირობით და პეიტრული ეტიკეტით” – გვ. 209), როცა winzig-ს აღწერითი ფორმით კი არ გადმოიტან – “ძალიან მცირეს” ან “ძალიან პატარას” კი არ დაწერ მის სანაცვლოდ, არამედ უმართებულოდ მივიწყებულ კოლორიტულ სიტყვას “ჟიჟმატს” შეუფარდებ (“მჭიდროდ ნაწერი, ჟიჟმატი ჩამატებებითა და შესწორებებით აჭრელებული [ბარათი]” – გვ. 163), როცა prezioes-ის სათარგმნელად, რაც მანერულს ნიშნავს, ძალზე გამომსახველ “მეტიკვნიტას” გააცოცხლებ, რომელსაც ვაჟა-ფშაველაც იყენებდა (“…აკადემოსის ჭალის მეტიკვნიტა შეთქმულთა წინაშე…” – გვ. 279), როცა Fluesterdienst-ს “ჭორბიუროს” მიუსადაგებ (გვ. 437), ხოლო allzu gelehrig-ს – “ჭკუისკოლოფას” (გვ. 623), როცა თარგმანში თამამად შემოუშვებ სასაუბრო მეტყველებიდან ნაცნობ ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს, როგორიცაა “მოახოხმარიკა” (“ნატურალური სიდიდის ნახატიც მოახოხმარიკა” – გვ. 426), “გამობზაკუნებული” (“ხალხიდან გამოსულსა და ძველბიურგერულ ყაიდაზე გამობზაკუნებულ ქალს…” – გვ. 426), “ჩიხომახო” (“სააბაზანო ოთახი არ გაგვაჩნია, არც ვატერკლოზეტი, მათ ნაცვლად სოფლური ჩიხომახოები გვაქვს სახლის გარეთ” – გვ. 328), “აზიზ-მაზიზი” (“აზიზ-მაზიზი, მელანქოლიური და თავიდანვე ცხოვრების მოშიში” – გვ. 370), “ნაყე-ნაყედ” (“ნაყე-ნაყედ იცოდა ლაპარაკი” – გვ. 254; დედანშია “…in sanft schleppender Sprache…”), “გაპეწენიკებული” (“სულ გაპეწენიკებული რაღაცები გამოგივათ, თუ მაგის გემოვნებას მისდიეთ” – გვ. 262; “გაპეწენიკებულ რაღაცებს” ორიგინალში Artigkeiten შეესაბამება), ან როცა ამგვარ სიტყვათწარმოებას მიმართავ – “ვისაც საძრახისად მიაჩნია თავი მოიკარგკაცოს…” (გვ. 308) – ეს უკვე უმაღლესი მთარგმნელობითი პილოტაჟია.
    რომანში რამდენიმეგზის შემოდის აქტიურად არქაიზებული ენობრივი პლასტი. ჯერ იგი პროფესორ კუმპფის მეტყველებაში იჩენს თავს, რომელსაც “დალოცვილ ძველგერმანულ ყაიდაზე” უყვარდა ლაპარაკი. შემდეგ მისი მეტყველების პაროდირებას ახდენს ადრიან ლევერკიუნი მთხრობელისადმი – თავისი სიყრმის მეგობრისადმი – ლაიფციგიდან მიწერილ ბარათში, რომლის ტექსტი მთარგმნელს შესაბამისად “დალოცვილ ძველქართულ ყაიდაზე” გადმოაქვს: “ფრიად პატივცემულო, ღრმად განათლებულო, უსაყვარლესო და უმოწყალესო უფალო მაგისტრო და ბალისტიკუსო! გულითად მადლობას გწირავთ, რომ მზრუნველობას იჩენთ და უსტარი გამომიგზავნეთ…”.
    ენის არქაიზება “დოქტორ ფაუსტუსში” რამდენიმე მხატვრული ფუნქციას ასრულებს. “ერთი მხრივ, ეს არის ხალხური წიგნის ენა, რათა ამით აღდგენილ იქნეს ძველი მაგიკოსის და ალქიმიკოსის ეპოქის კოლორიტი… მეორე მხრივ, ვთქვათ, შუასაუკუნეების სტილის პაროდირება ადრიანის მიერ მეგობრისადმი მიწერილ ბარათში ნართაულად მიუთითებს ადრიანის არსებობისთვის დამახასიათებელ, მისთვის ორგანულ ელემენტებს… ლევერკიუნი ამ თავისი არქაული ენითაც ემიჯნება თანადროულ ადამიანებს, სინამდვილეს და ცხოვრებას. და ბოლოს ოდნავ არქაიზებული ენა ქმნის შუა საუკუნეების ატმოსფეროსა და კოლორიტს, რაც შეესაბამება ნაცისტური გერმანიის გადაჩეხვას შუასაუკუნეობრივ-ინკვიზიტორულ ბარბაროსობაში” (ნ. კაკაბაძე).
    არქაიზების კიდევ ერთი მიზანდასახულობა მეგობრისადმი მიწერილ ბარათში სწორად ამოიცნო ადრესატმა – ამით ადრიანმა გაიიოლა იმ სათაკილო თავგადასავლის ჩემთვის მბობა, რომელიც უცხო ქალაქში გადახდენია თავსო (იგულისხმება საროსკიპოს ეპიზოდი). ამგვარად, არქაიზაცია აქ სათქმელის ევფემიზაციასაც ემსახურება. მაგრამ არქაიზების სტილისტიკურ ხერხს ამ ეპიზოდში უფრო შორსგამიზნული ფუნქციაც ეკისრება – იგი წინასწარ გვამზადებს ბოლო და უმნიშვნელოვანესი თავისათვის, როცა აღსასრულის წინ ადრიანმა მის მიერვე დაძახებულ საზოგადოებას აღსარება უნდა გაანდოს და ეშმაკთან ხელშეკრულების დადებით ჩადენილი ცოდვა მოინანიოს. ამ სულისწამწყმედელი ამბის თხრობასაც სტილის არქაიზებით იიოლებს:
    “ასე რომ, უწყოდეთ, – განაგრძობდა მაგიდასთან მჯდომი, – გულკეთილებო და სათნონო, რომელნიც თქვენი ზომიერი ცოდვილიანობით ღმრთის (ისევ გაასწორა და თქვა “ღმერთის”, მაგრამ მერე კვლავ პირველ ფორმას დაუბრუნდა) – ღმრთის მადლითა და წყალობის იმედითა ხართ, უწყოდეთ, რაც დიდი ხანია გულში მაქვს დამარხული და ახლა კი აღარ მინდა დაგიმალოთ, სახელდობრ ის, რომ ოცდაერთი წლისა სატანას შევუუღლდი”.
    სათქმელის შინაარსზე არანაკლებ სათქმელის გამოხატვის ფორმა აცბუნებთ აქ მსმენელთ – ვერ გაურკვევიათ, ხუმრობად მიიღონ ეს ყოველივე თუ სერიოზულად.
    ადრიანის მიერ საკუთარი პატივმოყვარეობისა და ქედმაღლობის დაგმობა, სიკეთისა და სიყვარულის ქადაგება, მხატვრული ტექსტისთვის შეუფერებელ პროპაგანდისტულ მოწოდებად გამოჩნდებოდა, რომ არა ეს არქაულ-სტილიზებული ფორმა, რის გამოც ძნელია დაბეჯითებით ითქვას, ირონიულ-პაროდიულ ტექსტთან გვაქვს საქმე თუ ეს გულწრფელი სინანულია:
    “თუ ვინმე ეშმაკს სტუმრად მოუხმობს, რათა მისი მეოხებით წინ გაიჭრას, სულს ცოდვით იმძიმებს, ეპოქის დანაშაულს თავად კისრულობს და შეჩვენების ღირსია. რამეთუ ნათქვამია: იფხიზლეთ და თვალი არ მოხუჭოთ! მაგრამ ეს ზოგს როდი ეპრიანება. ნაცვლად იმისა, რომ ჭკვიანურად ზრუნავდეს Qქვეყნის სასიკეთოდ, რათა ამ დედამიწაზე ადამიანმა უკეთ იცხოვროს, რათა ადამიანთა შორის ისეთი წესრიგი დამყარდეს, რომელიც მათ მშვენიერ ქმნილებებს კვლავ მყარ საფუძველზე დააყენებს და პატიოსნად დამკვიდრების საშუალებას მისცემს, ზოგი სწორი გზიდან უხვევს და ჯოჯოხეთურ ზარხოშს ეძლევა, სულს იწყმედს და სანაგვეზე ხვდება, ვითარცა მძორი და ლეში”.
    არაფერი ისე უცხო არ არის თომას მანისთვის, ამ “გამოუსწორებელი” დიალექტიკოსისა და დიდი ხელოვანისთვის, როგორც სიკეთისაკენ სწორხაზოვანი მოწოდება და ბოროტების სწორხაზოვანი გმობა. მაგრამ ამ რომანს ხომ იგი მეორე მსოფლიო ომის დროს და მის მომდევნო წლებში წერდა, ემიგრაციაში მყოფი, სამშობლოდან მისთვის ესოდენ საძულველ ნაციზმს გამორიდებული. იმ დროს მას, ამერიკის შეერთებულ შტატებს თავშეფარებულს, ომით დაქანცული და გაჩანაგებული მსოფლიო დაძაბული უგდებდა ყურს და იმედიან სიტყვას ელოდა მისგან… ამ ეპიზოდში იგი თავისი და თავისი პერსონაჟის მთავარი სათქმელის პროპაგანდისტულ პათოსს გამოხატვის მანერით მნიშვნელოვნად ანეიტრალებს.
    არ მაგონდება სხვა ნაწარმოები, სადაც არქაულ სტილურ ელემენტს მსგავსი ფუნქცია ჰქონდეს დაკისრებული.
    ახლა კი, მოდით, იმ ძირითადი სტილური პლასტის ნიმუშიც ვნახოთ, რომლის ფონზე უნდა წარმოჩნდეს არქაიზებულ პასაჟთა ზემოთ აღნიშნული ნიუანსები. ის ეპიზოდი შევარჩიე, სადაც სტუდენტური ექსკურსიებია აღწერილი. იგი ყურადღებას იქცევს თომას მანისთვის დამახასიათებელი (დავწერე ეს სიტყვა და გამახსენდა ფრაზა ამავე რომანიდან: “ჩვენ ხომ მუდამ გვახალისებს ის, რაც დამახასიათებელია”), დიახ, ეს ეპიზოდი ყურადღებას იქცევს მოვლენის თომას მანისთვის დამახასიათებელი სკრუპულოზური ანალიზით, მისი “მისწრაფებით კრიტიკული სიზუსტისადმი” (დალი ფანჯიკიძე), რაც ამ შემოქმედის თავისებური და განთქმული ირონიის საფუძველია:
    “…ზურგჩანთააკიდებულნი… მთელი დღე დავეხეტებოდით მომთაბარე ქარგლებივით, საჭმელს სოფლის ფუნდუკებში შევექცეოდით, ხშირად კი პირდაპირ მიწაზე ვშლიდით სუფრას, სადმე ჭალის პირას, ღამე კი არაერთხელ გაგვითენებია ვისიმე საბძელში… ქალაქელთა და გონებრივ მუშაკთა ასეთ წამიერ ზიარებას პრიმიტიულ სოფლურ ცხოვრებასთან, დედამიწასთან, როდესაც იცი, რომ, რაც უნდა იყოს, სულ მალე ისევ დაუბრუნდები შენთვის ჩვეულ “ბუნებრივ” ნებიერ ბიურგერულ ყოფას, ასეთ ნებაყოფლობით უკან დახევასა და სისადავეს მუდამ მეტ-ნაკლებად აზის ხელოვნურობის, ბატონკაცურობის, დილეტანტიზმისა და კომიზმის დაღი, რასაც ჩვენ დიახაც ვგრძნობდით და რაზედაც მიუთითებდა ალბათ ის გულკეთილი, მაგრამ დამცინავი ღიმილი, რომლითაც შეგვათვალიერებდა ხოლმე ზოგიერთი გლეხი, როდესაც ქვეშაგებად ჩალას ვთხოვდით”.
    ვნახოთ აგრეთვე რამდენიმე ჩინებული ფრაზა, ჩინებულადვე თარგმნილი, რომელნიც კონტექსტს მოწყვეტილნიც წარმატებით აგრძელებენ ღირსეულ არსებობას, ვითარცა აფორიზმები ან პარადოქსული თქმანი:
    “ჩემი აზრით, თეოლოგია საერთოდ არასოდეს არ შეიძლება ახალი დროისა იყოს, რაც მას დიდ უპირატესობად უნდა ჩავუთვალოთ”;
    “პიკანტურიც კი ნაკლებად პოპულარული ხდება, როდესაც ერთობ დახვეწილია”;
    “განდგომილება რელიგიური აქტია, ყოველივე ღმერთში არსებობს და ღმერთშივე ხდება, განსაკუთრებით კი მისგან განდგომა”;
    “თავისუფლებას მუდამ აქვს საკუთარი თავის წინააღმდეგობად გადაქცევის დიალექტიკური მიდრეკილება”;
    “ჭეშმარიტი ვნება მარტო ორაზროვან ამბებში არსებობს და ისიც, როგორც ირონია”;
    “საზღვრების გავლება უკვე მათ გადალახვას ნიშნავს”.
    ნებისმიერი თარგმანის დახვეწა დაუსრულებლად შეიძლება და სარეცენზიო თარგმანში მეც ჩავასწორებდი ზოგ რამეს.
    505-ე გვერდზე, იქ სადაც ადრიანთან გამომცემლის ვიზიტზეა საუბარი, ვკითხულობთ: “…ლევერკიუნს სთხოვა: – იქნებ გამანდოთ, ამჟამად რაზე მუშაობთო, – ადრიანმაც ორატორია დაუსახელა. – პირველად? ეჭვი მეპარება! – დასძინა სტუმარმა და აღარ მოეშვა, ვიდრე…”
    “პირველად? ეჭვი მეპარება!” – ეს სტუმრის სიტყვები არ არის, ისინი მთხრობელს ეკუთვნის და გულისხმობს: ეჭვი მეპარება, რომ ამ ორატორიის შესახებ სტუმარს პირველად ახლა, ავტორისაგან შეეტოო. წინა ფრაზაც – “ადრიანმაც ორატორია დაუსახელა” – შესაბამისად ასე უნდა გადაკეთდეს: “და ორატორიის ამბავი მოისმინა” (იგულისხმება, რომ ადრიანისგან მოისმინა).
    ერთგან რიუდიგერ შილდკნაპზე ნათქვამია: “წამდაუწუმ იცოდა ხოლმე თქმა: – კაი იქნებოდაო. ეს გამოთქმა ფორმულასავით ჰქონდა…” (გვ. 216).
    ეს “ფორმულასავით” გამოთქმა დედანში, ცხადია, ყოველთვის უცვლელად მეორდება (man sollte), თარგმანში კი, 243-ე გვერდზე, მისი ახალი ვარიანტია: “ურიგო არ იქნებოდა”. საჭიროა ამათი უნიფიცირება, მით უფრო, რომ იქვე ვკითხულობთ: “- სულ შილდკნაპივით დავიწყე ლაპარაკი, ურიგო არ იქნებოდა-მეთქი! ვინ იცის, რამდენი რამე არ იქნებოდა ურიგო!” (ეს ადრიან ლევერკიუნის სიტყვებია).
    ასევე აუცილებელია შილდკნაპის მიერვე ამოჩემებული მეორე ფრაზის – Besichtigen Sie jenes – უნიფიცირებაც, რომელიც თარგმანის 215-ე, 257-ე და 276-ე გვერდებზე სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება.
    ერთგან ვკითხულობთ: “განსაკუთრებით სოლომონ “ბრძენზე” იყო ამხედრებული და ისე გაწიწმატებით ესხმოდა თავს, რომ…” (გვ. 364). ადვილად შესამჩნევი უხერხულობა რომ თავიდან ავიცილოთ, უმჯობესია ასე დაიწეროს: “…სოლომონ “ბრძენის” წინააღმდეგ იყო ამხედრებული…”.
    ორ ადგილას უმართებულებულოდ არის ნახმარი ზმნა “გახლავთ”: “…უპასუხა: ასეთ ქალბატონს არ ვიცნობო, მაგრამ თავის მხრივ აღარ შეჰკითხვია, ვინ გახლავთო” (გვ. 505) და – “აი ის ბატონი, მაგიდას რომ უზის, ვინ გახლავთო” (გვ. 640). ორივე შემთხვევაში “ვინ გახლავთო”-ს ნაცვლად უნდა იყოს “ვინ არისო”.
    მსგავსი წვრილმანი ლაფსუსები და კორექტურული შეცდომები კიდევ შევნიშნე ამ დიდებულ ნაღვაწში, მაგრამ მათზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ და იმასღა შეგახსენებთ, რომ “დოქტორი ფაუსტუსი” რიგით მეხუთეა თომას მანის ქართულად გამოცემულ რომანთაგან. მას წინ უსწრებდა დალი ფანჯიკიძის თარგმნილი “ბუდენბროკები”, “ჯადოსნური მთა”, “ფელიქს კრული” და შალვა პაპუაშვილის მიერ გადმოქართულებული “ლოტე ვაიმარში”; მეექვსე – “იოსები და მისი ძმები” – ახლა იბეჭდება ჟურნალ “საგურამოში” (ნანა გოგოლაშვილისა და ირაკლი სურგულაძის თარგმანი). რამდენჯერმე გამოვიდა ქართულად თომას მანის მოთხრობების და ახლახან ესეების კრებულიც (თარგმნა რუსუდან ღვინეფაძემ). ასე რომ, დიდი გერმანელი მწერლის გამოცემათა “ქართული თარო” უკვე საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

    სტატია გამოქვეყნდა 2002 წელს

    © “წიგნები – 24 საათი”
  • რეცენზია

    "საბავშვო ენციკლოპედია"

    დალი კუპრავა
    დაგვიანებული, მაგრამ კარგი მეგობარი

    “საბავშვო ენციკლოპედია”. ჯეინ ელიოტი და კოლინ კინგი. ქართული გამოცემა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”,2002 წელი.

    გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებამდე “ენციკლოპედიური განათლება” შინაარსით დატვირთული და რეალისტური გამოთქმა იყო. დღეს კი, როგორც ამბობენ, ინფორმაციულ ოკეანეს მხოლოდ კომპიუტერი თუ გადასერავს, ადამიანს მხოლოდ ცოდნის მინიმუმი და ინფორმაციის მოპოვების უნარ-ჩვევები სჭირდება.
    საქართველო ჯერ არც ისე ციფრულია და მკითხველიც ქართულენოვანი ენციკლოპედიებით არც ისე განებივრებული, რომ ორმოცწლიანი შესვენების შემდეგ ქართული საბავშვო ენციკლოპედიის გამოსვლა არ გვიხაროდეს.
    “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა ჯეინ ელიოტისა და კოლინ კინგის “საბავშვო ენციკლოპედია”. წიგნის ქართული თარგმანი ანა ჭაბაშვილსა და ნოდარ ლადარიას ეკუთვნით.
    საბავშვო ენციკლოპედია ფერადია და უხვად ილუსტრირებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ილუსტრაცია, სურათი, როგორც ცნობილია, კიდევ უფრო აძლიერებს აღქმას და ინფორმაციის სრულ ათვისებას ეხმარება.
    ენციკლოპედიას წინ უძღვის შინაარსობრივი და ბოლოვდება ანბანური თუ საგნობრივი სარჩევით. თუ ბავშვი მოინდომებს ზოგადად მეცნიერების შესახებ ინფორმაციის მიღებას, მან მე-100 გვერდიდან 116-ე გვერდამდე უნდა წაიკითხოს, ხოლო თუ მას აინტერესებს უდაბნო, მაშინ სარჩევის შესაბამისად მე-2, მე-19 და 56-ე გვერდებს მიმართავს.
    შინაარსი ხუთი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ჩვენი პლანეტა, ბუნება, ისტორია, ადამიანები და მეცნიერება. რაც შეეხება დანართს, მასში არანაკლებ საჭირო და
    საინტერესო ინფორმაციაა მოთავსებული: აქ გვესაუბრებიან სრულიად ბუნებრივ ძალებზე, ახალ ტექნოლოგიებზე და ისეთ “გაბუნებრივებულ” საგნებზე, როგორიცაა მტვერსასრუტი, ქურები, აბაზანა თუ საკერავი მანქანა.
    ენციკლოპედია ესაუბრება მკითხველს, ტექსტის ინტონაცია ქმნის განცდას, რომ წიგნი მხოლოდ “შენ” გიხსნის და განდობს ამბავს, რაც კარგი ტონია ბავშვისთვის განკუთვნილი წიგნისთვის, არა აქვს მნიშვნელობა თვითონ კითხულობს, თუ სხვა უკითხავს.
    შინაარსის და ფორმის მიხედვით წიგნი რეკომენდირებულია მცირე საბავშვოასაკიდან
    ადრეთინეიჯერულამდე, როგორც ახლა მოიხსენებენ 13-14 წლის მოზარდებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უფროსმა თინეიჯერებმა არ უნდა გადაშალონ, თუ აინტერესებთ.
    ენციკლოპედიიდან შეიტყობთ თუ როდის და როგორ ცეკვავენ ფუტკრები, როგორ ნადირობდნენ ადამიანები მამონტზე, ან რატომ იყიდება აუქციონზე ნივთები ძვირად…
    ერთი სიტყვით, ეკვატორიდან დაწყებული ყველაფერს შევიტყობთ, მათ შორის იმასაც, რომ ცხოველთა უმეტესობა ფერებს ვერ არჩევს და კორიდაზეც ხარს წითელი ნაჭერი კი არა, მხოლოდ მისი რხევა აბრაზებს.
    ერთადერთი, რაც შეიძლება უსურვო ქართველ ბავშვებს, რომ მალე ორიგინალური ქართული საბავშვო ენციკლოპედია შეადგინონ და გამოსცენ ქართველმა ავტორებმა და გამომცემლებმა.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    აგოტა კრისტოფი – საერთო რვეული.

    სოსო ტაბუცაძე
    შეჯიბრი ყოფნაში
    აგოტა კრისტოფი. საერთო რვეული. თარგმანი მედეა ზუბალაშვილისა. ყდის დიზაინი სოფიო კინწურაშვილისა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2001.

    საქართველოში ლიტერატურის ფართო მკითხველისათვის აგოტა კრისტოფი უცნობი სახელია. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებამდე უცნობი იყო იგი ევროპელი მკითხველისთვისაც, ვიდრე 1986 წელს, უნგრული წარმოშობის შვეიცარიელი მწერალი ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნებდა რომანს, რომელიც კრიტიკოსებმა მეოცე ასწლეულის “ყველაზე ულმობელ წიგნად” მონათლეს და რომელსაც, ფრანგ კრიტიკოსთა მოწმობით, ლიტერატურაში აფეთქების ეფექტი ჰქონდა.
    ამ კალამბურული გვარ-სახელის მქონე მწერლის თხზულება “Le Crand Cahier” – “სქელი” თუ “საერთო რვეული” (ქართული თარგმანის ავტორმა, ქალბატონმა მედეა ზუბადალაშვილმა ეს უკანასკნელი ვერსია არჩია) – თხუთმეტი წლის შემდეგ ჩვენშიაც გამოქვეყნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ვიცი, დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პრობლემაა და არა მწერლის ან გამომცემლის, მით უფრო რომ სოფიო კინწურაშვილის მიერ შესრულებული ყდის დიზაინიც ძალზე მიმზიდველსა ხდის თაროზე შემოდებულ “საერთო რვეულს”, რომლის ავტორის გვარ-სახელიც ყველას ფსევდონიმი ჰგონია. თუ მაინც ფრანგ კრიტიკოსთა მიერ ხაზგასმულ “ულმობლობას” გავიხსენებ, მაშინ იმის თქმაც შეიძლება, რომ იგი არა მხოლოდ გვარ-სახელის კალამბურულობით, არამედ “ულმობლობითაც” მიაგავს თავშესაქცევი დეტექტივების ვირტუოზულ მთხზველ ლედის – აგატა კრისტის, რომელმაც მწერლური მოღვაწეობა ჰოსპიტალის აფთიაქში მუშაობისას, წამლების ჩამორიგების შემდეგ მორჩენილ თავისუფალ დროს გასართობი სიუჟეტების წერით დაიწყო. აგოტა კრისტოფმა კი სადაგი ყოფის გარდათქმა “ტექსტთან ახლო” არჩია და შეურევნელი რეალობა და “შიშველი სიმართლე” ასახა. ასეა დანახული რომანის გმირების მიერ ის სამყარო, რომელსაც მწერალი პერსონაჟების თვალთახედვით აღწერს. აღწერილის ქარგა კი ასეთია: ომი დასასრულს უახლოვდება, დედაქალაქიდან პატარა საზღვრისპირა ქალაქში დედას ტყუპი ვაჟიშვილი ჩამოჰყავს. დიდ ქალაქს ბომბავენ, შიმშილობაა. აქ კი ბებია ცხოვრობს, რომელსაც ყველა “კუდიანს” ეძახის, რადგან, როგორც ამბობენ, საკუთარი ქმარი მოუწამლავს. ამ ამბის შემდეგ ქალიშვილი აქ აღარ გამოჩენილა. ვერ იტანს დედას, მაგრამ გაჭირვებამ კვლავ მასთან მიიყვანა. ათი წლის შემდეგ დედასა და ქალიშვილს შორის გამართულ დიალოგს ფანჯარასთან ჩაცუცქული ბიჭებიც ისმენენ და მათთვის უკვე ნათელი ხდება, თუ სად მოხვდნენ. ბებია იტოვებს შვილიშვილებს იმ პირობით, რომ ბიჭებს თავის ყოველდღიურ მძიმე საქმიანობაში მოიხმარს და ამუშავებს: “დამაცადეთ, გაგაგებინებთ, რა სიმწრის ფასად მოიპოვება ეს ყველაფერი”. ბებიის ამ მუქარაზე ბიჭების რეაქციაც შესაბამისია: “ჩვენ ბებიას ენას ვუყოფთ. ის … ხმამაღლა ხითხითებს, თან თეძოებზე ხელებს იტყაპუნებს”. დედა გაბრუნდება, ხოლო ბებია-შვილიშვილების ასეთი “სიამტკბილობით” დაწყებული ურთიერთობა ამავე ნოტაზე გაგრძელდება ქვეყნიერების ამ ყურეში, სადაც ომის ჯერ მხოლოდ ექო აღწევს…
    ტყუპების შემდგომი ყოფა არის ერთგვარი შესავალი ტანჯვის ანესთეზიაში ანუ რაღაცნაირი მზადება უფრო მძიმე და აუტანელი ცხოვრებისათვის. ამიტომ შემთხვევით არ მიწოდებია მათთვის გმირები, რადგან ისინი მართლა ასეთები არიან: ითმენენ, უძლებენ, წინააღმდეგობებს გადალახავენ და ამ გულგრილ და თანაგრძნობისგან განძარცვულ გარემოს თავის კოლოსალურ ნებისყოფას უპირისპირებენ:
    “ბებია ხშირად გვცემს – ხელით იქნება, ცოცხითა თუ სველი ტილოთი. ყურებითა და თმებითაც ხშირად გვითრევს.
    ვერ გაგვიგია რატომ, მაგრამ სხვებიც არ გვაკლებენ ცემა-ტყეპასა და პანღურს”. ამ ყველაფერს ხომ გაძლება უნდა და ბიჭებიც გამძლეობაში იწყებენ ვარჯიშს. ეს კი ასე გამოიყურება: “გადავწყვიტეთ სხეული ისე გავიკაჟოთ, რომ ტკივილი უცრემლოდ გადავიტანოთ.
    თავდაპირველად ერთმანეთს ვცემთ და ვჟეჟავთ.
    შიშვლები ვართ და ერთმანეთს ქამრით კარგად ვახურებთ.
    ხელი ცეცხლზე გვიჭირავს, დანით ბარძაყს, ხელსა და მკერდს ვისერავთ და ზედ არაყს ვისხამთ, თან ერთთავად ვიმეორებთ:
    – არა მტკივა!
    მალე მართლაც დავკარგეთ ტკივილის შეგრძნება”.
    ასე მოუღლელი სიბეჯითით აგრძელებენ ბიჭები ვარჯიშებს “შიმშილში”, “მათხოვრობაში”, “სისასტიკეში”, “ლანძღვა-გინების ატანაში”, “გრძნობათა წრთობაში” და ყველა იმ მოსალოდნელ უბედურებაში, რასაც მათ სასტიკი ცხოვრება უმზადებს.
    “უბედურება” ვახსენეთ და ეს მხოლოდ ჩვენეული შეფასებაა, ხოლო მათთვის ყველაფერი უკვე რიგით მოვლენად აღიქმება. და, საერთოდ, ამ რომანში შეფასებათა და რაიმეგვარ მორალურ რეფლექსიათა ნატამალიც არ არის. აქ ყველაფერი ისეა აღბეჭდილი, როგორც ხდება ანუ როგორც ბიჭები ხედავენ და იწერენ საერთო რვეულში. “კარგი” და “ცუდი”, “სიკეთე” და “უკეთურობა” და სხვა რაიმე გრამატიკული, ომონიმური ფორმები თუ ცხოვრებისეული ოპოზიციები სრულიად ზედმეტია აგოტა კრისტოფის ენისათვის. აქ წამლად ვერ იპოვით ეპითეტს, მეტაფორას ან ფრაზეოლოგიურ კონსტრუქციას; მოვლენებთან რაიმეგვარ ემოციურ მიმართებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ აგოტას შემოქმედებას (ყოველ შემთხვევაში, “საერთო რვეულის” მიხედვით, რომელიც ტრილოგიის პირველი ნაწილია) მე ვუწოდებდი “უნაშთო პროზას”, რადგან აქ სიტყვა და ქმედება ერთმანეთს ფარავს, ერთმანეთს უდრის და ერთიერთზეა. ენა თავისი რესურსის მინიმუმს ავლენს და მხოლოდ მაშუალის ფუნქცია აკისრია. ეს ფუნქცია კი შეურევნელი სიმართლის ასახვას გულისხმობს და მწერლისა და მისი გმირების (ისინი ხომ ერთდროულად წერენ!) შემოქმედებითი მეთოდიც ეს არის. აი, რა წერია ტყუპების რვეულში: “თხზულება უნდა იყოს მართალი, უნდა აღვწეროთ რა ხდება, რას ვხედავთ, რა გვესმის და რას ვაკეთებთ.
    მაგალითად, არ შეიძლება დავწეროთ “ბებია კუდიანს ჰგავს”, მაგრამ შეიძლება დავწეროთ ასე: “ხალხი ბებიას კუდიანს ეძახის”.
    არ შეიძლება დავწეროთ “პატარა ქალაქი ძალიან ლამაზია”; ხომ შეიძლება პატარა ქალაქი ჩვენ გველამაზებოდეს და სხვას არ მოსწონდეს”.
    მოწონება გრძნობის გამომჟღავნებაა და იგი სრულიად ზედმეტი მარაგია თავისი ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის გამო. მოწონება მიჯაჭვულობასაც ნიშნავს, ისევე, როგორც სიზუსტესა და ობიექტურობას მოკლებული სიტყვა “სიყვარული” და ამიტომ ერიდებიან ბიჭები გრძნობათა აღმნიშვნელ სიტყვებს: “ყოველთვის ჯობს მოერიდო მას და უბრალოდ აღწერო საგნები, მოვლენები, ადამიანები და საკუთარი თავი – სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიჰყვე ფაქტების მიუკერძოებელ გადმოცემას”. ეს არის ძმების კრედო და მწერლის პოზიცია. მოკლედ რომ ვთქვათ, აგოტა კრისტოფმა შექმნა ერთი გაბმული მეტატექსტი, რომლის კითხვის დაწყება თუ შეძელით, დასრულება უკვე თქვენზე აღარ იქნება დამოკიდებული, რადგან მწერალი ისეთ მოვლენებში გაგხვევთ, რომ ტექსტის თამაშის პირობებს ბოლომდე ვერ დააღწევთ თავს.
    დაწყებით კი, როგორც უკვე ვთქვით, “წიგნიც” და “რვეულიც” ამ პატარა ქალაქში ჩამოსვლით იწყება: “მთელი ღამე ვმგზავრობდით. დედას თვალები დასწითლებია. მას ვეება ყუთი მოაქვს, ჩვენ კი, ორ ბიჭს პატარ-პატარა ჩემოდნები… მოგვაქვს აგრეთვე მამისეული სქელი ლექსიკონი. ხელები მალ-მალე გვეღლება და ლექსიკონიც რიგრიგობით მოგვაქვს”. შემდეგ ამ ლექსიკონს ბებიის სახლის სხვენზე ნაპოვნი ბიბლიაც ემატება და ბიჭების სწავლა-განათლების სტრატეგიაც ამ წიგნებს უკავშირდება: “ლექსიკონი გვჭირდება მართლწერისათვის, სიტყვათა მნიშვნელობის შესასწავლად და კიდევ იმისათვის, რომ შევისწავლოთ ახალი სიტყვები, სინონიმები და ანტონიმები.
    ბიბლიას ვიყენებთ ხმამაღალი კითხვის გაკვეთილებისათვის, კარნახისა და ტექსტების დაზეპირებისათვის”. ბიჭებისთვის წმინდა წიგნებს სხვა ფუნქცია არა აქვთ. მათ მხოლოდ პრაქტიკული მხარე აინტერესებთ. ის, რაც ყოველდღიურობაში გამოადგებათ და “საერთო რვეულის” შევსებაში დაეხმარებათ. სხვა დანარჩენი ფარისევლობად ესახებათ. მღვდლის შეკითხვაზე, – კითხვა თუ მაინც იცითო, – ბიჭები ცქვიტად უპასუხებენ: “- ჩვენ ყველაფერი ეს ვიცით, ბატონო. ბიბლია გვაქვს, და ძველი აღთქმაც და ახალი აღთქმაც უკვე წავიკითხეთ… ზოგიერთი თავი ზეპირადაც ვიცით.
    – თქვენ აბა ათი მცნებაც გეცოდინებათ. იცავთ კი მას?
    – არა, ბატონო, არ ვიცავთ. და არც არავინ იცავს. ნათქვამია, “არა კაც კლაო”, მაგრამ ყველა მარტო იმას ცდილობს, რომ მოკლას”. განიარაღებული მღვდელი ვერაფერს უპასუხებს და “- რას იზამ, ომიაო” – ჩაილაპარაკებს; მაგრამ ბიჭებს კიდევ უფრო “პრაქტიკული”, ისტორიასა და გეოგრაფიაზე დაწერილი წიგნები აინტერესებთ. “- მოგონილ კი არა, ნამდვილ ამბებზე დაწერილი წიგნებიო” – აზუსტებენ თავის ინტერესებს და მღვდელიც თავისი ბიბლიოთეკიდან ამგვარი წიგნების შერჩევას სამომავლოდ პირდება. ტყუპი ძმის ამგვარ პრაქტიკულ ზრახვათა შორის განსაკუთრებული ადგილი საერთო რვეულის ჩანაწერებს ეთმობა, რადგან სწამთ, რომ, – ადამიანი იმისთვის იბადება, რათა წიგნი დაწეროს… არა აქვს მნიშვნელობა, გენიალური თუ საშუალო; მაგრამ ვინც არაფერს დაწერს – დაკარგული ადამიანია; მან მხოლოდ განვლო დედამიწაზე და კვალი არ დატოვა. ბიჭებიც სწორედ ამ კვალისათვის იღვწიან რუდუნებით და ავსებენ და ავსებენ საერთო რვეულს და ამავე ტელეგრაფული სტილით იწერება აგოტას წიგნიც. იგი ცდილობს სიმართლის მოთხრობას არა იმდენად ომსა და საბჭოთა ოკუპაციაზე, რამდენადაც ადამიანის შინაგანი სამყაროს იმ ძვრებზე, რომელსაც ეს ისტორიული რეალიები მხოლოდ ფონად ევლინება. ამიტომ სულაც არაა შემთხვევითი, რომ რომანში ვერ აღმოაჩენთ ვერც ერთ გეოგრაფიულ პუნქტსა და დასახელებას. უნგრეთის დედაქალაქი მხოლოდ “დიდი ქალაქია”, ხოლო ავსტრიის საზღვარზე მდებარე ქალაქი, სადაც ბიჭები ჩამოიყვანეს – “პატარა ქალაქი”; “უცხოელი ოფიცერი” – გერმანელია, ხოლო “ახალი უცხოელები” – რუსები.
    მოვლენათა კალეიდოსკოპურ ცვალებადობაში ტყუპები სრულიად თავისებურ ზნეობრივ ნორმებს გამოიმუშავებენ. სკაუტების მსგავსად, ვარჯიშთა მათ მიერ შექმნილი კომპლექსები ისეთ იმუნურ უნარებს უყალიბებთ, რომ ძნელად თუ რამე გამოიყვანს მათ წონასწორობიდან: ყველაზე დიდი შოკი კურდღლისტუჩასა და მათი ძაღლის “სექსუალურ თამაშს” უნდა გამოეწვია, მაგრამ კრისტოფის გმირები არამიწიერი სიმშვიდით შეჰყურებენ რომანის ამ ყველაზე უჩვეულო და ამიტომაც შთამბეჭდავ სცენას; ეგ კი არა, იქით ამხნევებენ უსიყვარულობით გატანჯულ (“მარტო ცხოველებს ვუყვარვარ”) კურდღლისტუჩას: – ჩვენ არასოდეს არავის არაფერს ვუყვებით. შეგიძლია გვენდო.
    უფროსი ბავშვები პატარებს ჩაგრავენ. ადგილობრივებს დედები ჰყავთ ქომაგად. ტყუპებს გამომსარჩლებელი არა ჰყავთ: “ჩვენც ვიარაღდებით: ქვებს ისე ვამტვრევთ, რომ ბასრი პირი ჰქონდეს, წინდას ვტენით სილითა და წვრილი კენჭებით. გვაქვს სამართებელიც – იგი სხვენში კომოდში, ბიბლიის გვერდით ვიპოვეთ. საკმარისია სამართებელი ამოვიღოთ, რომ დიდი ბიჭებიც გარბიან”. ბიჭებს სამართებელი არ აუმოქმედებიათ, მაგრამ მათი “სისასტიკის ვარჯიშების” მცოდნე მკითხველმა უკვე იცის, რომ იარაღი, თუკი საქმემ მოითხოვა, საიმედო ხელს უპყრია.
    – გოჭის ან ქათმის დაკვლა როცა მოგინდეთ, გვითხარით, ჩვენ დაგიკლავთ ხოლმეო, – ემუდარებიან ბიჭები ბებიას.
    “- რაო, ეს საქმე მოგწონთ თუ რა?
    – არა, ბები, სწორედ იმიტომ, რომ არ მოგვწონს, გვინდა შევეჩვიოთ”. და ბიჭებიც ეჩვევიან. იწყებენ თევზების თავის გაჩეჩქვით, გადადიან “საჭმელად განდევნილ ცხოველებზე” – ქათმებზე, კურდღლებზე, იხვებზე. მერე ისეთი ცხოველების ხოცვას იწყებენ, “რომელთა დახოცვასაც აზრი არა აქვს. ვიჭერთ ბაყაყებს, ვაჭედებთ ფიცრის ნატეხზე და ვუფატრავთ მუცელს, ვიჭერთ პეპლებს და ქინძისთავით მუყაოზე ვაბნევთ.
    ერთხელაც ჩვენს წითურ კატას ვკიდებთ ხეზე. ჰკიდია, ჰკიდია და ნელ-ნელა ისე გაიწელა, რომ უზომოდ დაგრძელდა. კატა იკრუნჩხება და იგრიხება. მოძრაობას რომ წყვეტს, თოკს ვჭრით. კატა ბალახებზე გაჭიმული უგრძნობლად წევს, მაგრამ მერე უეცრად წამოხტება და გაიქცევა”.
    კრისტოფის გმირები არც სამრევლო ეკლესიის მღვდლის შანტაჟს ერიდებიან, რათა ცოტაოდენი ფული წასცინცქლონ და გაჭირვებულ კურდღლისტუჩასა და ლოგინად ჩავარდნილ დედამისს შეეწიონ. საჭიროების შემთხვევაში აპურებენ მათ, მაგრამ იმავე “საჭიროებისას” სიკვდილს მონატრულ კურდღლისტუჩას დედას (თვით კურდღლისტუჩას საბჭოთა ჯარისკაცებთან ორგიისას ამოხდა სული) ყელს გამოჭრიან და ტვირთად ქცეული სიცოცხლისაგან ათავისუფლებენ: “ჩვენ მას სამართებლით ყელს ვჭრით, მერე არმიის სატვირთო მანქანიდან ბენზინს ვიღებთ, ვასხამთ მკვდარსაც და სახლის კედლებსაც, ცეცხლს ვუკიდებთ და შინ მივდივართ”. ასე გულგრილად მოქმედებენ კრისტოფის გმირები და ისინი არასოდეს განიცდიან სიბრალულის მსგავს რაიმე განცდას; სინდისის ქენჯნაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. და მაინც საოცარი რამ ხდება: ტყუპ ძმებს ვერ შეიძულებ. პირიქით კი შეიძლება მოხდეს… ან უფრო სწორი იქნება, თუ ისევე “სულერთიად” წაიკითხავ წიგნს, როგორც კრისტოფის გმირები ცხოვრობენ.
    დაბოლოს, ჩემ მიერ არცთუ მწყობრად განსჯილი აგოტა კრისტოფის “საერთო რვეულის” პასაჟები თამაშად და მღერად მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, რასაც ტყუპები რომანის ბოლოს სჩადიან.
    ამაზე კი შეგნებულად არ ვამახვილებ ყურადღებას…
    “ყველაზე ულმობელი წიგნიო” – კრიტიკოსებმა.
    მგონი, არ უნდა ცდებოდნენ.

    © “წიგნები – 24 საათი”