• კრიტიკა,  რეცენზია

    ორიგინალური ჟანრი

    ლევან ბრეგაძე
    ორიგინალური ჟანრი
    იმერი ხრეველი, “უკუთქმანი” (პალინდრომული პოეზია). პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა. თბილისი, 2002.

    ლიტერატურასაც აქვს თავისი ორიგინალური ჟანრები (შეგახსენებთ: “ორიგინალურ ჟანრს” საესტრადო ხელოვნებაში ილუზიონისტურ ნომრებს უწოდებენ). ერთ-ერთი ასეთი ორიგინალური ლიტერატურული ჟანრი გახლავთ პალინდრომი – ფრაზა ან ლექსი, რომელიც წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება. მოსკოვური “მოკლე ლიტერატურულ ენციკლოპედია” გვაუწყებს: “პალინდრომის მხატვრული ხარისხი დამოკიდებულია ენის სტრუქტურულ მონაცემებზე: რუსულ და სხვა ინდოევროპულ ენებზე პალინდრომი ჩვეულებრივ ხელოვნურად და ბუნდოვნად ჟღერს; მაგრამ, მაგალითად, ჩინურ ენაზე პალინდრომის ფორმით დაწერილია მრავალი მაღალმხატვრული ლექსი” (ტ. 5, სვეტი 655-656).
    ცოტაოდენი ხელოვნურობა და ბუნდოვანება პალინდრომს, ცხადია, მიეტევება, მაგრამ რუსულ ენაზეც იქმნებოდა და იქმნება უაღრესად ბუნებრივი და სავსებით აზრიანი პალინდრომები, როგორიცაა, მაგალითად, მ. ბულგაკოვის “Аргентина манит негра” – არგენტინა იზიდავს ზანგს, რადგან… არგენტინაში არ იყო რასიზმი!
    რაც შეეხება ლექსს, სარეცენზიო კრებულს წამძღვარებულ ავტორისავე მიმოხილვაში შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული წარმომავლობის რუსი ავტორის, დიმიტრი ავალიანის, ჩინებულ ლექს-პალინდრომს, რომელიც მოსკოვურ ჟურნალ “მატადორში” გამოქვეყნებულა 1996 წელს.
    ამ ჟანრის ბუმი საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლო პერიოდზე მოდის, როცა გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” სატირისა და იუმორის კლუბმა, რომელსაც “ილიკო და ილარიონი” ერქვა და ზურაბ ასკანელი თავკაცობდა, პალინდრომების კონკურსი გამოაცხადა. საუკეთესო პალინდრომები საკონკურსოდ ვახტანგ ჯავახაძემ და სარეცენზიო წიგნის ავტორმა წარმოადგინეს.
    ტარიელ ჭანტურიამ შეამჩნია, რომ ჩვენს დროში მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობას ჰქონდა შანსი ორ პალინდრომულ წელს მოსწრებოდნენ – 1991-სა და 2002-ს, რაც მეტად იშვიათი მოვლენაა. (ტ. ჭანტურიას ეს ოპუსი – “ჩემი პალინდრომი” – მთლიანად მოჰყავს სარეცენზიო წიგნის ავტორს თავის მიმოხილვაში). და აი, იმერი ხრეველმა ორივე ამ პალინდრომულ წელს მოახერხა თავისი პალინდრომების კრებულის გამოცემა – პირველს პალინდრომული სათაური “ორდარა დრო” ერქვა, წლევანდელი ახალი პალინდრომების კრებულისთვის კი “უკუთქმანი” დაურქმევია (ასე გადმოუქართულებია ბერძნული “პალინდრომი”, რუსულად რომ “перевертень”-ს ეძახიან).
    კრებული იხსნება მაია გოგიშვილის შესავალი წერილით “უჩვეულო წიგნი”, ამას მოსდევს ავტორის წინასიტყვაობა (ზემოთ ნახსენები მიმოხილვა) და ასეთი განყოფილებები: “ათანაბანათა”, “უკუტანკა”, “უკუხოკუ”, “მაგიური კვადრატი”.
    “აისია თუ ქარი რამ, – არი, რა… ქუთაისია!” – ამ მშვენიერ პალინდრომს, რომელიც გალაკტიონის ცნობილი ლექსის მოტივებზეა შექმნილი, სათაურად უზის “არი, რა!..” – ესეც და ამ კრებულში შესული ყველა სხვა ლექსის სათაურიც პალინდრომია: “რახან ადექი – იქედანა ხარ…”, “ნათლიმამა… მილთან!”, “სვა!.. მოზომავს?”, “ამ შურმა, მრუშმა…”, “იადონთა სათნო დაი”, “უი! კეისარო… აჰა, ორასი ეკიუ”, “ენა-გესლა ქალს ეგანე!”, “იცინე, შაბაშ! აბა, შენ იცი…”. ამ სათაურის ქვეშ ასეთი მაზალო დიალოგია:

    – თიბეთ რამე!
    – შენ იცი, ვთიბე!
    – მთიბავი, მერე?!
    – მივაბი თმებით –
    ვიცინე შემართებით!..

    ლიტერატურულის გარდა მუსიკალური პალინდრომებიც არსებობს. თომას მანის “დოქტორ ფაუსტუსში” ვკითხულობთ: “როდესაც პოლიფონიური სტილის ნიდერლანდელი ოსტატები თავიანთ თავსატეხ ქმნილებებში გადაჯვარედინებულ ხმათათვის კონტრაპუნქტულ მიმართულებას ისე აგებდნენ, რომ ერთი ხმა ზუსტად იმეორებდა მეორეს, თუ მას ბოლოდან დასაწყისისაკენ წავიკითხავდით, ამას გრძნობად ბგერასთან ბევრი არა ესაქმებოდა რა. სანაძლეოს ვდებ, რომ ამ ხუმრობის სმენით აღქმას იშვიათად თუ ვინმე შეძლებდა და იგი უფრო მუსიკის ამქართა თვალისათვის იყო ჩაფიქრებული” (კარლო ჯორჯანელის თარგმანი).
    ლიტერატურული პალინდრომიც პირველ რიგში, ცხადია, ხუმრობაა, ოღონდ ჩვეულებრივი ხუმრობებისაგან იმით განსხვავდება, რომ სასწაულსა ჰგავს: მრავალი სიტყვისაგან შედგენილი ისეთი აზრიანი ტექსტის არსებობა, რომელიც წაღმა-უკუღმა ერთნაირად წაიკითხება, ძნელი დასაჯერებელია:

    აცოც-ახოხა, ახოხ-აცოცა
    ამ ავ-ცოცვამა, ამ ავ-ხოხვამა
    ასი ბოგანო – მონა გობისა!
    ამ ავ-ხოხვამა, ამ ავ-ცოცვამა
    აცოც-ახოხა… ახოხ-აცოცა…

    აი ყველაზე გავრცელებული ქართული მისამღერი სიტყვებისაგან შედგენილი მშვენიერი პალინდრომული მისამღერი:

    ეჰე – ჰეი,
    ეჰე – ჰე!
    ასა, რერო, რერასა!
    ასა, რერო ორერასა,
    ასა, რერო, რერასა!..
    ეჰე – ჰეი!
    ეჰე – ჰე!

    ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეფერილობის მქონე პალინდრომიც ვნახოთ:

    …ანუ ყალბი კავშირი შვა!
    – კავშირი შვა?!
    – კი, ბლაყუნა!..

    კოლორიტული სიტყვა “ბლაყუნი” ლექსიკონში ასეა განმარტებული: “უშნოდ და უთავბოლოდ სიარული”, ხოლო “ბლაყუნა” ის იქნება, ვინც უშნოდ და უთავბოლოდ დაიარება, ასეთი კი საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ორგანიზაციაც შეიძლება იყოს.
    ძველად (ძველ საბერძნეთში, ძველ რომში) პალინდრომს მაგიურ მნიშვნელობას მიაწერდნენ. მაგიურობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ის დიდი ეფექტი, რასაც წაღმა-უკუღმა საკითხავი ტექსტი ახდენს, მოულოდნელობის თუ დაუჯერებლობის ფაქტორის გარდა კიდევ რაღაცით უნდა საზრდოობდეს, ეს უცნაური მოვლენა თითქოს რაღაცას უნდა მიგვანიშნებდეს, რაღაცის სიმბოლოს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ რისას?
    მოდით, ცოტა წავიფილოსოფოსოთ.
    როგორც ცნობილია, ანტინომიები – ზემოთ და ქვემოთ, წაღმა და უკუღმა, წინ და უკან ერთმანეთთან მიმართებაში ფარდობითნი არიან, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ეს ემპირიული ხედვისა და აზროვნებისათვის (სახარების ფრაზაც “ესრეთ იყვნენ უკუანანი წინა, და წინანი უკუანა” ამას მიგვანიშნებს). ამ ღრმად დაფარული ფარდობითობის სიმბოლურ გამოხატულებად წარმოგვიდგება პალინდრომი. ხოლო სიმბოლო მაშინაც ახდენს იდუმალ ზემოქმედებას ცნობიერებაზე, როცა მისი სიმბოლოობა გაცნობიერებული არ გვაქვს.
    და კიდევ ერთი რამის სიმბოლოდ გამოდგება პალინდრომი – ერთი კეთილშობილური იდეის სიმბოლურ გამოხატულებად. მოგეხსენებათ, ნახევარი მსოფლიო მარცხნიდან მარჯვნივ წერს და კითხულობს (დასავლეთი), ხოლო ნახევარი პირიქით – მარჯვნიდან მარცხნივ (აღმოსავლეთი). პალინდრომი კი თითქოს ყველასთვის იწერება – გინდ მარცხნიდან მარჯვნივ წაგიკითხავს, გინდ მარჯვნიდან მარცხნივ, მაინც ერთსა და იმავეს ამოიკითხავ. ამრიგად, პალინდრომი აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთობის (თუ ერთიანობის), ურთიერთანგარიშგაწევის, ურთიერთპატივისცემის იდეის (ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მხოლოდ იდეის) სიმბოლური გამოხატულებაც არის.
    ზემოთ მუსიკალური პალინდრომი ვახსენეთ. ახლა სარეცენზიო წიგნის გარეკანს დააკვირდით: ზედ მორის ეშერის გრავიურა “ცა და წყალია” გამოსახული და, ცხადია, არცთუ შემთხვევით – ეს ერთგვარი ნახატი-პალინდრომია; ისიც ორმხრივ “იკითხება”: ქვემოდან ზემოთ “წაკითხვისას” თეთრი თევზები წარმოშობენ შავ მტრედებს, ზემოდან ქვემოთ “წაკითხვისას” კი შავი მტრედებისაგან თეთრი თევზები იბადებიან; დაკვირვებულ თვალს მტრედების აღმოჩენაც ისევე შეუძლია წყალში, როგორც თევზებისა – ჰაერში.
    როგორც ჩანს, ხელოვნების ყოველ დარგს მოეპოვება ორიგინალური ჟანრები.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • კრიტიკა,  რეცენზია

    ზურაბ ლეჟავა – არსება, რომელიც შენ გიყვარს

    დათო პაიჭაძე
    პირქუში და სევდიანი ფანტაზიები
    ზურაბ ლეჟავა. არსება, რომელიც შენ გიყვარს. რედაქტორი ლია შარვაშიძე, ყდის მხატვრობა მამუკა ცეცხლაძე, მოთხრობები გაფორმებულია ავტორის მიერ. თბ. “მერანი”, 2001

    ციხის თემა ქართულ პროზაში არც ისე ხშირად ჩნდება: თითებზე ჩამოთვლი მწერლებს, რომელთაც იცოდნენ და აღწერეს ზონა, საკანი თუ კრიმინალური სამყაროს შიდა ურთიერთობები. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ მწერლებმა თვითონ ნახეს ციხე, თანაც ზოგს ისეთ პირობებში მოუწია ყოფნა, “წესით” იქიდან ვერ უნდა დაბრუნებულიყო. ჭაბუა ამირეჯიბი, ჯაბა იოსელიანი, ნოდარ დუმბაძე, გივი მაღულარია… კოლონიაში ხდება აკა მორჩილაძის ერთი მოთხრობის მოქმედებაც, მაგრამ, ჩემი აზრით, სუსტი მოთხრობის…

    ზურაბ ლეჟავა კიდევ ერთი ავტორია, თავისი წიგნით ჩამოთვლილ მწერალთა ჯგუფს რომ უერთდება. თუ შედარებით უფროსი თაობის ქართველ პროზაიკოსთა “საციხე” ტექსტებში თავისუფლების წყურვილი პერსონაჟთა დიდი ნაწილის მთავარი გრძნობა და სამოქმედო მოტივია, ხოლო იოსელიანისა და ამირეჯიბის მოქმედი პირები ზოგჯერ ციხიდან გაქცევის დიდოსტატები არიან, ზურაბ ლეჟავას საკნებიდან არავინ გარბის. ეტყობა, გაქცევა უფრო იოლია, როცა მთელ ქვეყანას ციხეში ერეკებიან. ზურაბ ლეჟავას პერსონაჟები გვიან დააპატიმრეს, იმდენად გვიან, რომ ერთი მათგანი (ნიშნეულია, რომ თვითონ პერსონაჟი, მწერალი ზურაბ ლეჟავა) “პოლიტიკურზე ჯდომას” ვერშეფარული ირონიით იხსენიებს.

    “არსება, რომელიც შენ გიყვარს”, ვერასოდეს იქცევა “თეთრი ბაირაღების” მსგავს ბესტსელერად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემნაირ “არიფ” (ანუ ციხეგამოუცდელ) მკითხველს ლეჟავას პატიმართა განცდები ზოგჯერ უფრო დამაჯერებლად ეჩვენება, ვიდრე გაგანია კრიმინალებთან ბატონი ისიდორეს მტკიცე სიამაყით წარმოთქმული პასუხი: “ვარ პარტიის წევრი”! ვერ იქცევა, რადგან ზურაბ ლეჟავასთვის საკანი აღსაწერი სივრცეა: თხზვის ადგილი იქ აღარ რჩება.

    თავის დროზე გურამ ასათიანმა ნოდარ დუმბაძის “თეთრ ბაირაღებში” სენტიმენტალური ჰუმანიზმის ნაკადი შენიშნა. სენტიმენტალური ჰუმანიზმი ერთგვარი ევფემიზმი გახლდათ ორთაჭალის პატიმრების ურთიერთობათა ნამდვილობაში დაეჭვების გამოსახატად. ზურაბ ლეჟავასთან სენტიმენტები არ არის: საკნიდან საკანში პატიმარი ქალებისა და მამაკაცების სასიყვარულო მიმოწერაც აბსოლუტურად დაცლილია მღელვარე ემოციებისაგან. “კამერული სიყვარული” ქართულ “კამერულ პროზაში” იშვიათი ნიმუშია პატიმრების ზნეზე დაკვირვებისა მათი ეთნიკური ნიშნით გამორჩევის შემდგომ. საპატიმროთა კარგად მცოდნე ჩვენი მწერლები მაინცდამაინც არ დაგიდევენ საპყრობილეებისა თუ კოლონიების მკვიდრთა სადაურობას და სიმართლეც, ალბათ, ამაშია: დიდ ზონაში ეროვნება არ არის მარკა, რომლითაც პატიმარი უწინარესად გამოირჩევა სხვა პატიმრებისაგან. ზურაბ ლეჟავას რუსი და უკრაინელი მსჯავრდებულები საინტერესონი არიან იმით, რითაც არ გვგვანან ქართველებს: ჩვენ არ გვეჩვენება ლენასა და ჩეტვერტაკის, პაშასა და ნადიას ეპისტოლეთა ინტონაცია ყალბად.

    ქართველებმა სულ ახლახანს გაბედეს სიყვარული ვენახში. სიყვარული საკანში ჯერ ჩვენთვის წარმოუდგენელია (არ ითვლება უცნობი ვნებები მამათმავლების საკანში ჭაბუა ამირეჯიბთან ან ლიმონა დევდარიანის წაკითხული “ტანო ტატანო”. ზაზა ნაკაშიძის ერთჯერადი სექსი “ხოზაბსლუგის” ქალთან საკნის მიღმა ხდება). მით უმეტეს, ზურაბ ლეჟავას მოთხრობის თემა იმდენად სიყვარული კი არ არის, რამდენადაც სიყვარულის ადაპტაცია ციხის პირობებთან, სიყვარულის გათამაშება მისი მონატრების ნაცვლად. მთელი წიგნის გამჭოლი მოტივიც სწორედ ადაპტაციაა, შეგუება, გაძლება, ემოციების მაქსიმალურად დაჩლუნგება, მაგრამ არა ჩაკვლა. ესაა გზა, რომელიც უნდა გაიარო ციხიდან გამოსვლამდე. “პროფანი” ანუ ციხის არმცოდნე მკითხველის იდენტობა ლეჟავას პერსონაჟებთან შეუძლებელია, სამაგიეროდ, შესაძლებელია მათი გაგება, მათთან მიახლოება. მაგრამ, აბა სცადეთ, გაუგოთ პატიმარს, რომელიც პირველ პირში ჰყვება, რა ხერხით ურჩია თანასაკნელს მეორე პატიმრის მოკვლა, ხოლო მკვლელობის შემდეგ დასაძინებლად დაწვა: “სინდისი მქენჯნიდა. რატომ დავღუპე ეს ორი ადამიანი, შევეკითხე საკუთარ თავს. რატომ ვურჩიე ვიტალის პოლისჯოხზე შტირის მიბმა? – პასუხს არ დავლოდებივარ; გადავბრუნდი და დავიძინე. ხვალ დილით ადრე ადგომა იყო საჭირო”.

    საკანში სინდისის ქენჯნისათვის ცუდი პირობებია. სინდისის ხმას ჩახშობა არ სჭირდება, ის ისედაც არ ისმის. Притупление – აი პერსონაჟთა ემოციებისა და მოქმედების “მაკოორდინირებელი მოტივი”. რა თქმა უნდა, ამ “მეინსტრიმს” აქვს გამონაკლისიც: სასოწარკვეთილი, სასტიკი გარღვევები პატიმართა ქცევებში: უცაბედი მკვლელობა, თვითმკვლელობა, ცემა, საზარელი ჰალუცინაციები. პატიმართა შედარებით სუსტი პროტესტი ან თვით ციხის თანამშრომელთა სადიზმი თუ ზომიერი ექსცენტრულობა ნორმის ფარგლებშია, რომელსაც მთხრობელი ისევ შეკავებული ირონიით უყურებს: “იქ იყო ერთი ამაყი ახალგაზრდა, რომელიც შეეპასუხა ექთანს, ის კი არადა, წინააღმდეგობის გაწევაც კი სცადა. ზორბა ზედამხედველებმა ამისთვის დაუნდობლად მოდრიკეს იგი, ხოლო გაგულისებულმა ექთანმა მთელი ძალით აძგერა დაძაბულ სხეულში მავთულის ჩხირი! შედეგი?! – იმ ახალგაზრდას დიდხანს სტკიოდა ტრაკი”. ან: “მოუსვენარი, დებოშიორი პაშა შეცვალა უთქმელმა და აღმსრულებელმა ზედამხედველმა, რომლის ზედმეტი ლაპარაკიც არავის გაეგონა და რომელიც არც სხვებს აძლევდა ლაზღანდარობის ნებას. ის კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და არასოდეს აკუებდა პოსტზე”.

    სადღაა ზურაბ ლეჟავასთან თავისუფლების წყურვილი, ვითარცა აუცილებელი და მოთხოვნილი კომპონენტი სასჯელთა აღსრულების ადგილებზე შექმნილი ნაწარმოებებისა? სადაა და იმავე “ეპიკური” ინტონაციით გადმოცემულ პირქუშ თუ სევდიან ფანტაზიებში, რომლის რეალიზებას არავინ ცდილობს. მოთხრობაში “მილიონი ბედნიერება” ასეთი ფანტაზიაა მაღალი, ლამაზი, ჯანმრთელი რუსის ქალი, რომელიც თან გასიამოვნებს, თან დაგიცავს, ბლომად ფული და კოტეჯი შვეიცარიაში. ამ ქალთან ერთად სადღაც ლისის ტბის მიდამოებში ფრენა (თუმცა, ზურაბ ლეჟავასთან არ არის არც ერთი კონკრეტული ქართული ტოპოსი) ეროვნულ სიტყვიერებაში კონვერტირებული ვარიანტია იმ უზარმაზარი ძუძუსი, მთა-გორებზე რომ მიგორავს და ვუდი ალენის კინოპერსონაჟს ვითომ გასრესვით ემუქრება.

    ოცნება თავისუფლებაზე გაშარჟებულია, რადგან გარემო, სადაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოხვდები, დიდი ვერაფერი ბედენაა: ამ გარემოში დღისით უწლოვანი არამზადები პარპაშებენ, ღამით კი – ქაჯები და ტურები. ამ ანტურაჟში ვარანის გამოჩენაც არ უნდა გაგიკვირდეთ. პერსონაჟები ცხოველთა სამყაროდან ზურაბ ლეჟავას პროზას ხშირად სტუმრობენ, ისევე, როგორც გაცხოველებული ადამიანები.

    ციხეს ზურაბ ლეჟავა იცნობს, ხოლო რაც თავისუფლებაზე დახვდა, ის არ მოსწონს. ციხეზე წერისას ის მწერალია, სხვაგან – უფრო პუბლიცისტი. მას აქვს “ციხის ეთნოგრაფიის” – ნივთების, პატიმართა საქციელისა თუ ჩვევების სხვათათვის საინტერესო ცოდნა. გარეთ კი ჩვენი მზერები ბევრ რამეს ერთნაირად აღიქვამს. მაგრამ ეგებ მის მოთხრობებს უკეთესი მკითხველი შეხვდეს, ვიდრე ამ სტრიქონების ავტორი, რომელსაც მხოლოდ ექვსი დღე აქვს გატარებული ერევნის გარნიზონის ჰაუპტვახტში.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    მხიარული რიცხვები, მხიარული სურათები

    მხიარული და ყურადღებიანი წიგნები ასეთივე მკითხველებისთვის

    დალი კუპრავა

    “მხიარული რიცხვები”. ქართული გამოცემის ავტორები: თინათინ მამულაშვილი, ნიკო ნერგაძე. რედაქტორი: მარინე სოხაძე
    “მხიარული სურათები”. ინგლისურ-ქართული ლექსიკონით. დიზაინერი და მოდელების ავტორი ჯო ლიჩფილდი, ფოტოგრაფი ჰოვარდ ოლმანი და სხვა ავტორები. თბილისი, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2001.

    ივნისში, ფილარმონიაში წიგნის ბაზრობაზე იმედისმომცემი დინამიკა შეიმჩნა – ჩვენ ჩვენს ბავშვებზე ზრუნვა დავიწყეთ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კარგ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული მხატვრული და სასწავლო-შემეცნებითი საბავშვო ლიტერატურა.
    იქვე “გულდაწყვეტილი” ქართველობა აღნიშნავდა, რომ მათ დროს ასეთი წიგნები არ იყო, რომ რუსები თავის ბავშვების განათლებისთვის ოდითგან თავდაუზოგავად წერდნენ და ჩვენ ერთი საბავშვო ენციკლოპედიითა და ხალხური სიბრძნის ხუთტომეულით ამოვწურეთ ჩვენი ღვაწლიო.
    თაობები გაიზარდა ცუდი პოლიგრაფიის მწირ ქართულენოვან საბავშვო ლიტერატურაზე. რეზო ინანიშვილი, მაყვალა მრევლიშვილი, გივი ჭიჭინაძე, ედიშერ ყიფიანი, არჩილ სულაკაური და თითებზე ჩამოსათვლელი მწერლები რომ არა, ჩვენს ბავშვებს უფლება ექნებოდათ, ეთქვათ, როგორც თქვენ გვაქცევდით ყურადღებას, ჩვენც ისე გადაგიხდითო. â
    დიდი ხნის განმავლობაში, როგორც საერთოდ ყველაფერზე, ქართველი ყმაწვილების საგანმანათლებლო­-შემეცნებით ლიტერატურაზეც, მართალია, უფრო თავისი ინტერესებისთვის, მაგრამ მაინც საბჭოთა რუსეთი ზრუნავდა. იზრდებოდნენ ქართველი
    ბავშვები რუსულენოვანი “პაჩემუჩკებითა” და “ზნაი ვსიო”-ებით.
    “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”, სხვათა შორის, გამოსცა ორი მშვენიერი, ხალისიანი და საჭირო წიგნიც: “მხიარული რიცხვები” და “მხიარული სურათები”.
    ყველაფერი, რაც მხიარულია, ხალისს ბადებს და ისე არაფერი უხდება ცოდნის მიღების პროცესს, როგორც ხალისით სწავლა.
    კვასკვასა ნახატებიანი წითელყდიანი წიგნები ერთი შეხედვით იზიდავს დიდ-პატარა მკითხველს და დაუყოვნებლად გადაშლის სურვილს ბადებს – ნეტა შიგ რა არისო.
    ეს სურვილი, წიგნის საგანმანათლებლო აღმზრდელობითი ფუნქციისთვის შესანიშნავი პრელუდიაა.
    “მხიარული რიცხვები” არითმეტიკის წიგნია. წიგნი სახელმძღვანელოდ იმ მშობლებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც უყვართ შესანიშნავი ტრიოს შექმნა – “წიგნი, შვილი და მე”. თუმცა იმ მშობლებისთვისაც არა ნაკლებ უპრიანია, რომლებიც შვილებს დამოუკიდებელი გართობისკენ მოუწოდებენ, არ ეთამაშებიან, მაგრამ უნდათ, რომ თავისით გართობა ისწავლონ. თუ ბავშვმა ჯერ არ იცის სიტყვა “რამდენი”, მაგრამ იცის ერთი და ორი, მიეცით ეს წიგნი და თქვენ ცოტა ხნით დაისვენეთ, დალიეთ ყავა, ისაუბრეთ მეგობართან, ან იტრიალეთ სამზარეულოში. გარწმუნებთ, მალე “თავბედს დაიწყევლით”, პატარა თავს მოგაბეზრებთ შეკითხვებით და “იძულებული” გახდებით შვილთან და წიგნთან ერთად გაატაროთ თავისუფალი დრო.
    უფრო მოზრდილი ბავშვები პირველივე გვერდზე, უნებურად, “იქსის” განსაზღვრას შეეცდებიან. დათვლა, რაოდენობა, რამდენი? კიდევ რამდენი? უცნობი რიცხვი, კენტი თუ ლუწი? მეტი თუ ნაკლები? ამდენით მეტი, ნაკლები, შეკრება, გამოკლება, გამრავლება-გაყოფაც კი… და ეს ყველაფერი ამ წიგნის მეშვეობით ლოგიკური თამაშით ისწავლება. უფროსი მკითხველი კი დასკვნას გამოიტანს, რომ მათემატიკის სწავლება სულ არ ყოფილა მშრალი საქმე და აღმზრდელობითი ხარისხიც მაღალი ჰქონია.
    წიგნის გმირები ქართული სახელებით ეცნობიან მკითხველს, და ცოდვა გამხელილი სჯობს, არამც თუ ბავშვებს, დიდებსაც ძალიან გვიყვარს მხატვრულ პერსონაჟებთან თავის იდენტიფიცირება. ასე, რომ ამ წიგნის “გადამკიდე”, ბევრი ელენე, სანდრო, ლუკა, ანა და სხვები ყოველთვის სიამოვნებით ისწავლიან არითმეტიკას.
    “მხიარული რიცხვების” ტყუპისცალი “მხიარული სურათები” ინგლისური ენის სასწავლებელი წიგნია. როგორც ავტორები გვეუბნებიან, ის პატარას სწავლის სურვილს გაუღვიძებს და დახმარებას გაუწევს პირველი ნაბიჯების გადადგმაში.
    “მხიარული სურათები”, როგორც ინგლისური ენის სახელმძღვანელო, იმ ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც თვლა იციან. და თუ არა, მაშინ მასწავლებელ-მშობლის შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ასწავლიან ამ სურათებით თვლასაც.
    ყურადღების კონცენტრირებაზე, მეხსიერების გავარჯიშებაზე დაყრდნობით და ასაკობრივი შესაბამისობის გათვალიწინებით, სახელმძღვანელო კარგი შედეგის მომცემი იქნება. გასართობ და სასწავლო წიგნს თან ახლავს ინგლისურ-ქართული ლექსიკონი. სასურველია, რომ ქართულ-ინგლისური ლექსიკონიც იყოს, რადგან ქართველმა ბავშვებმა საგნების სურათებზე გამოსახული ქართული სახელწოდებაა იციან. და თუ ინგლისურ-ქართული ლექსიკონი სასურველი სიტყვის ქართული მნიშვნელობის მოსაძებნად წააქეზებს, ქართულ-ინგლისური, უკვე მნიშვნელობის მქონე ქართული სიტყვის ინგლისური შესატყვისის მოსაძებნად დამოუკიდებელ მუშაობას მიაჩვევს. კარგი იქნებოდა, რომ, როგორც სურათზე აღნიშნულ საგნებს, სათაურებსაც ქართულ-ინგლისური შესატყვისები ჰქონოდათ. მით უმეტეს, რომ სათაურებად გამოტანილი ქართული სიტყვები: სასტუმრო ოთახი, სახლი, ბაღი, წვეულება, ქუჩა, საჭმელი და ა.შ. არც ლექსიკონშია შეტანილი.
    ორივე წიგნს გაცოცხლებული სურათებიც შეიძლება ვუწოდოთ, იმდენად ეფექტურია მოდელების ავტორის, ფოტოგრაფისა და დიზაინერის ნამუშევარი. გადაფურცვლისას გრჩება შეგრძნება, რომ უმოძრაო ნახატს კი არა, ანიმაციურ ფილმს უყურებ.
    ბუნებრივია, ამ წიგნებით სარგებლობა მასწავლებელ-მშობელთან ერთად, ან, თუნდაც დამოუკიდებლადაც, იმ ასაკიდან არის შესაძლებელი, როცა ბავშვი წიგნს გრძნობს, ე.ი. დასახევად არ მიიწევს.
    იმდენად კარგი წიგნებია, რომ აუცილებლად ვუყიდი ჩემს დისშვილს, თუმცა ის უკვე რვა წლისააო, – დათვალიერების შემდეგ შეაფასა ნაცნობმა. რა თქმა უნდა, კარგი წიგნები ასაკს არ ცნობენ და კარგი მკითხველიც კარგ ლიტერატურას საკუთარი ასაკით არ ზომავს.
    ერთი სახალისო კორექტურაც, რომელიც წიგნისა და ბავშვების ურთიერთობის ხარისხზე მეტყველებს.
    ბავშვმა დედას ტუჩებში კოცნა მოუნდომა. დედამ აუხსნა, რომ ეს არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ვერაფრით დაუსაბუთა. ოთხი წლის გოგონამ, რომელიც ხალისით ფურცლავდა “მხიარულ სურათებს” და სიამოვნებით სწავლობდა ინგლისურსაც, ვერ გაიგო რას ნიშნავს არაჰიგიენური, ვერც იმას მიხვდა, რატომ უნდა იყოს დედის ტუჩები ჭუჭყიანი.
    სამაგიეროდ დედას “მხიარული სურათები” გამოუტანა, 41-ე გვერდზე გადაუფურცლა და აბა, ეს რა არისო, ჰკითხა. დედას რამდენჯერმე ჰქონდა ეს გვერდი გადაფურცლული, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, რომ ამ სურათზე მისი ქალიშვილის ტოლი ბავშვები მართლა ტუჩებში ჰკოცნიან ერთმანეთს.
    ეს ფაქტი ჩემთვის იმის ნიშანია, რომ ბავშვებისთვის წერაც და წიგნების გამოცემაც უდაოდ მადლიანი საქმეა. ბავშვივით ყურადღებიანი, ერთგული და ამაგის დამფასებელი მკითხველი ამქვეყნად არ მოიპოვება.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • კრიტიკა,  რეცენზია

    დათო ტურაშვილი – ჩაძირული ქალაქის ღამე

    გია არგანაშვილი
    ჩაძირული ქალაქის დასანახად
    დათო ტურაშვილი. ჩაძირული ქალაქის ღამე (ეთნოგრაფიული რომანის ვერსია), მხატვარი: ვახტანგ რურუა. თბ. “აზრი”, 2002.


    დათო ტურაშვილის ახალი წიგნი გამომცემლობა “აზრმა” დაბეჭდა.
    “ჩაძირული ქალაქის ღამე” რომანია, თემა – ისტორიული, დრო თითქოს წარსული, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ისევე როგორც ნაწილობრივ მომავალი. მთლიანად კი აწმყო, აწმყო წარსულის ნოსტალგიით და მომავლის იმედით, აწმყო დროთა გაწყვეტილი კავშირის აღდგენის სურვილით, თხრობის ტრადიციული სტილის პაროდირებით, არატრადიციული კომენტარით, იუმორით და უწმაწური სიტყვებით.
    ზოგიერთი მკითხველი ძალზე მტკივნეულად განიცდის ამგვარ გამოთქმებს, ვაღიარებ, რომ მეც უამისობა მერჩივნა, თუმცა ვფიქრობ, თანამედროვე ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ახალი ლექსიკური მარაგი, ერთგვარი ფორმაა პროტესტისა, იმ საზედამხედველო რეჟიმის მიმართ, რომელსაც ენის სიწმინდის დაცვის მომიზეზებით ყოველთვის ახორციელებდნენ სალიტერატურო ქართულის განვითარების შესაფერხებლად.
    შეიძლება დათო ტურაშვილის ახალი რომანის მკითხველს ბევრი სხვა სიძნელეც შეხვდეს ამ წიგნის კითხვისას. ტრადიციული სამკითხველო კულტურის მქონე ადამიანს ყოველთვის უჭირს სიახლესთან შეჩვევა. მას ურჩევნია თანამედროვე ლიტერატურაშიც კლასიკურ მწერლობასთან დამაკავშირებელი ძაფები მოძებნოს, კავშირი წარსულ კულტურასთან, ერთი მხრივ, იმ ნაცნობი ნიშნების ძიებას ჰგავს, ძნელადამოსახსნელ “რებუსს” რომ ამარტივებს, მეორე მხრივ – წინასწარ შეძენილი ცოდნით, შეფასების მზამზარეული სისტემებით სარგებლობა საზოგადო აზრთან და შეხედულებებთან სრული თანხმობის მყარ გარანტიას იძლევა.
    თუმცა ამისთვის ნუ გავკიცხავთ ნურც მწერალს, რომელიც საკუთარ მკითხველს ზრდის და ნურც ტრადიციულ მკითხველს, რომელიც ოდნავ დაბნეულია ლიტერატურულ ფორმათა და ესთეტიკურ ღირებულებათა მკვეთრი სიახლით.
    მაგრამ მას მალე მოუწევს იმის აღიარება, რომ ახალი ათასწლეულის გამოწვევას (ისე როგორც ქართულ ცეკვაში) ის ოდნავ ქალწულებრივი სიმორცხვით შეხვდა, თითქოს უნებურად შეეწინააღმდეგა ხელოვნების თავისუფლად განვითარების პრინციპს, რადგან დიდხანს, ძალიან დიდხანს, ლიტერატურული ფასეულობა მისთვის რელიგიურ ღირებულებათა ტოლფას დოგმატურ მცნებად განიხილებოდა, რაც ერთნაირად საზიანო იყო როგორც რელიგიისთვის, ასევე ლიტერატურისთვის, რომლის არსიც სწორედ დროსთან მიმართებაში ყალიბდება.
    აქვე შევნიშნავთ, რომ დროის კონკრეტულ საზღვრებში ჩაკეტვა ან დოკუმენტურობით ზედმეტი გატაცება სრულიად არ აკნინებს ნაწარმოების ღირსებას, არ ამცნობს მის მხატვრულ ღირებულებას, რადგან დრო (კონკრეტული წამი) ისეთივე მოუხელთებელია, როგორც რეალობა, რეალური მოვლენა, რომელსაც ვერასოდეს ვერ აღვწერთ ისეთი სიზუსტით, როგორც ის ხდება. რასაც ვერ აღვწერთ, რასაც ვერ დავინახავთ, მხოლოდ გუმანით (ინტუიცია) ვიგრძნობთ და მკითხველსაც ვაგრძნობინებთ. სწორედ ის არის ლიტერატურისთვის აუცილებელი მხატვრული სიმართლე, რომელიც რეალურ მოვლენას ან საგანს ყოფიერებისა და მარადიულობის გამყოფ მიჯნაზე შეაჩერებს და გაყინავს.
    რადგან მეც უპირველესად მკითხველი ვარ, ყველა ის რჩევა-დარიგება, რომელიც ამ წიგნის მომავალ მასპინძელს შევთავაზე, ჯერ საკუთარ გრძნობათა სისტემაზე გამოვცადე და სიამოვნებით ვაღიარე: დოკუმენტურ მასალაზე აგებული დათო ტურაშვილის ეთნოგრაფიული რომანი (ასე უწოდებს ავტორი) თხრობისას იძენს მხატვრულობის იმ აუცილებელ ელემენტს, რომელიც სრულიად საკმარისი იქნებოდა სიმბოლურ-ალეგორიული ჟანრის ნაწარმოების შესაქმნელად.
    ნაწარმოების მყარი, ისტორიული ფაქტებით გამაგრებული ქსოვილი უფრო დამარწმუნებელ სახეს აძლევს იდეას, რადგან ეს იდეა ცნობიერად, კონკრეტულ ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოში შექმნილი კულტურის მეტაფორული სახეა. რეალობა კი თავისი ჭუჭყიანი სამოსლის შიგნით იგავის სპეტაკ მორალს ატარებს, რომელსაც მხოლოდ აუცილებელი მანძილის დაცვა სჭირდება ნამდვილი იერ-სახის გამოსაჩენად.
    ეს სწორედ ის მანძილია, რომელიც ავტორს სჭირდება ჩაძირული ქალაქის დასანახად:
    “ვნახე ჩაძირული ქალაქი, ყველაზე ქართული ქალაქი, რომელიც მხოლოდ ზევიდან ჩანს. და რაც უფრო მაღლა ხარ ამ ქალაქიდან, უფრო ადვილად დაინახავ იმ ქალაქს, რომელიც მხოლოდ წყლისა და მიწის ქვეშ არსებობს, სადაც ისევ ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც დღემდე სჯერა, რომ ოდესღაც იქაც გათენდება, ერთ დღეს ამოვა მზე და მტკვარში ჩაძირულ ქალაქსაც გაანათებს, როგორც მაშინ, როცა პატრიკ ო’ლირი ტფილისში ჩამოვიდა ძველი ირლანდიური ლექსებით და ახალი ინგლისური პასპორტით, პატარა საკვოიაჟით და დიდი სურვილით – ქვეყანა, რომლის არსებობის შესახებაც მხოლოდ გადმოცემით იცოდა, აღმოჩენილიყო ისეთი, როგორზეც ოცნებობდა, როგორც მას სურდა, რომ ყოფილიყო ეს შორეული, ლეგენდარული საქართველო…”
    რომანი ეძღვნება ქალაქს, რომელიც ჯერ დაანგრიეს და მერე ჩაძირეს… აქ სრულიად ბუნებრივად ჩნდება ხომალდ-ქალაქის “ტიტანიკის” სიმბოლური სახე. მწერალი ჩაძირულ ქალაქსა და ხომალდს სიუჟეტურადაც აკავშირებს. “ტიტანიკმა” ტფილისის უძვირფასესი განძი, “მფრინავი ხალიჩა” ჩაიყოლა ზღვის ფსკერზე. მფრინავი ხალიჩა იგივე ოქროს საწმისია, ახალი განზოგადებული სახე ჩვენი მუდმივი ძიებისა, წარსულში ძიებისა, რომელიც კვლავ სავალალოდ მთავრდება, რადგან რამდენჯერაც არ უნდა განმეორდეს “წარსული”, ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგს მივიღებთ.
    თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ამ რომანის მთავარი იდეა მაინც “ტიტანიკს” უკავშირდება. თუ ერთი მხრივ ხომალდ-ქალაქი “არგოს” გვახსენებს და უხსოვარ წარსულთან გვაკავშირებს, მეორე მხრივ – მას მომავლისკენაც მივყავართ (თუნდაც ჩასაძირად?). მსოფლიო ისტორიული მოვლენა (“ტიტანიკის” ჩაძირვა), რომელმაც მთელი სამყარო შეძრა (1912 წლის 14 აპრილი) და დღემდე ჩვენში მხოლოდ უქმ ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებდა, ამ ნაწარმოებით უფრო ახლობელი გახდა ჩვენთვის. მსოფლიო ტრაგედიამ, თუმცა დაგვიანებით, ქართველსაც მოადინა თვალთაგან ცრემლი, ჩვენც გავხდით თანაზიარნი საერთო-საკაცობრიო ტკივილისა (თუნდაც მხოლოდ ტფილისიდან წაღებული და “ტიტანიკთან” ერთად ჩაძირული მფრინავი ხალიჩის გამო). ლიტერატურული ვერსია გამოდგა ის მაშველი რგოლი, რომელმაც კვლავ დაგვაკავშირა მსოფლიოს, დაგვაკავშირა გლობალურ პროცესებს იმ განუყრელი ინტერესით, რომელიც თითოეულ “მართლა ქვეყანას” სამომავლო-საკაცობრიო მოვალეობას და პასუხისმგებლობას ანიჭებს.
    მფრინავი ხალიჩა არ არის ის ერთადერთი უძრავი ლოდი, რომელიც რომანის საძირკველშია ჩაგდებული, რომელიც ფორმის ნებისმიერ სიახლეს, ორიგინალურ კონსტრუქციას გაუძლებს. ასეთივე მყარი და ტრადიციულია ნაწარმოების მთავარი ხაზი ირლანდიელი პატრიკ ო’ლირის და ქართველი სოფიო მეტრეველის სიყვარულის ისტორიისა, ნაცნობობის განცდა ანტიკურ სიუჟეტთან აქაც ზედაპირზე ძევს. თანამედროვე იაზონი და მედეა. იაზონი კვლავაც მედეას დახმარებით ეუფლება ძვირფას განძს (მფრინავი ხალიჩა). თითქმის მეორდება ისტორია. მეორდება ტრაგედიაც, თუმცა მწერალი ასე ადვილად ვერ იმეტებს სოფიოს დედობრივ ინსტინქტს, ვერც მის სიყვარულს და სოფიო ბრუნდება ტფილისში, ბრუნდება შვილებთან ერთად. “მაგრამ ისინი დაბრუნდნენ სხვა საქართველოში, დაბრუნდნენ იქ, სადაც საყვარელი ქალაქი ჩაძირული დახვდა სოფიო მეტრეველს და ეს არ იყო ქალაქი და ქვეყანა, რომელიც მას ენატრებოდა, რომელზეც ოცნებობდა…”
    მწერალი კი განაგრძობს “მფრინავი ხალიჩის” ძებნას. ეს ჩაძირული, დანგრეული, სადღაც წარსულში დაკარგული, სიზმარში ნანახი ქვეყნის ძიებაა, “რომელიც ერთი საუკუნის წინათ ისეთი ლამაზი იყო, როგორც არაფერი ამქვეყნად”, ის ოცი საუკუნის წინაც ისეთი ლამაზი იყო, როგორც არაფერი ამქვეყნად. ლეგენდა ლეგენდაში, ტექსტი ტექსტში, ლიტერატურული პირველწყაროს ხელახალი გააზრება. ხელოვნება კვლავ იბრუნებს თავის მთავარ ფუნქციას, რომელიც დროისა და სივრცის მიღმა უპირველესად საკუთარი თავის ძიებას გულისხმობს.
    რომანი იწყება სიზმრისეული ჩვენებით. “მაისში სიზმარი ვნახე”. კონკრეტული დრო თხრობას უფრო დამაჯერებელს ხდის. სიზმარი კი მხოლოდ ლიტერატურული ხერხია, მთავარი იდეის ანოტაციური ფორმით წარმოდგენისა: “მფრინავ ხალიჩაზე ვიჯექი და ვტიროდი. რა მატირებდა: ზემოდან ისეთი ლამაზი იყო თბილისი, უკითხავად ჩამომიგორდა ცრემლი ჯერ ლოყაზე, მერე ხელიჩაზე და ბოლოს ის ჩემი ცრემლი მეიდანზე დაეცა, იქვე, მეჩეთის მინარეთთან და გამიკვირდა. რამ გამაკვირვა: თბილისი იყო ძველი, საუკუნის წინანდელი და მეიდანი კი ისეთი ხალხმრავალი და მხიარული, ზემოდან კიდეც რომ მეყვირა, – ხალხო, რა გახარებთ, მალე ეს ქალაქი დაინგრევა და ჩაიძირება-მეთქი, – მაინც არ დამიჯერებდნენ. არც არაფერი მითქვამს, ერთხელაც შემოვუფრინე თბილისს და ძილი გავაგრძელე”.
    მართლაც, ძილშიც შეუძლებელია კარგად ნაცნობი სიუჟეტური ამბის ამაზე მეტი პაროდირება. ნაწარმოების მთავარი გმირი (ავტორი), რომელსაც შეუძლია და ვალდებულიც არის ქალაქი მოსალოდნელი უბედურების შესახებ გააფრთხილოს, არა მხოლოდ გაურბის ამ მოვალეობის შესრულებას (ბიბლიური იონა), არამედ მშვიდად ძილს აგრძელებს (!).
    ჩვენი მიზანი არაა რომანის მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმების ანალიზი, არც სიმბოლურ-ალეგორიული კოდების გაშიფრვა, ჩვენ მხოლოდ იმ განწყობილებას გამოვხატავთ, რომელიც დათო ტურაშვილის ახალი წიგნის წაკითხვის შემდეგ გაგვიჩნდა, თუმცა მწერლის პროფესიულ ოსტატობაზე მაინც ვიტყვით, რომ წიგნიდან წიგნამდე ის შესამჩნევად იზრდება და ამ პროცესის მიმართ ჩვენი უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება მომავალში უთუოდ სასარგებლო შედეგს მოუტანს როგორც მწერალს, ისე მის მკითხველს.
    ნაწარმოებში ბევრია პურივით მართალი სიტყვა და გრძნობა, ისეთი, ლუდის სმის დროს რომ ინატრა პოეტმა ჯუანშერ ტიკარაძემ, ასეთი სიმართლეა, რომ ქეშიშ დარდიმანდი მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ ძალიან უყვარდა სამშობლო, სიმართლეა, რომ იქ, სადაც საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გამო სიკვდილით სჯიან, მხოლოდ ღამდება. სიმართლეა ისიც, რომ შეიძლება ქალაქი ჩაიძიროს, მტკვარი ჩვენს თვალწინ გაქრეს და ამ მტანჯველი სიმართლიდან მხოლოდ ლუდხანიდან გამოყოფილმა თეთრქუდიანმა, ლოყებღაჟღაჟა დიდმა თავმა გამოგვიყვანოს:
    ” – მოიხარშა თქვენი სასისკი, წაიღეთ რა, სანამ გაცივდება…”
    მერე რა, თუ სასისკს მოწუწნიკი ჰქვია, მერე რა, თუ ავტორი რომანის 186-ე გვერდზე ალიხანოვს დედას აგინებს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    ასტრიდ ლინდგრენი – "ყაჩაღის ასული რონია"


    თამარ ლომიძე
    უკან, ბუნებისკენ
    ასტრიდ ლინდგრენი. “ყაჩაღის ასული რონია”. მთარგმნელი თამარ ჩიქოვანი. ილუსტრაციები ილონ ვიკლანდისა. გამომცემლობა “დიოგენე”. თბილისი. 2002.

    საბავშვო პროზის ცნობილი შვედი ოსტატის, ასტრიდ ლინდგრენის ვრცელი ზღაპარი “ყაჩაღის ასული რონია” მკვეთრად გამოირჩევა მწერლის სხვა ნაწარმოებთაგან. კერძოდ, მასში თავს იჩენს მჭიდრო კავშირი გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიასთან და ფოლკლორთან. ამ სტილური ხერხის მეშვეობით ნაწარმოებში გადმოცემული ამბავი მაქსიმალურად განზოგადებული იერით აღიჭურვება და მიგვანიშნებს იმაზე, რომ “რონია” მწერლისთვის საგანგებო მნიშვნელობის ქმნილებას წარმოადგენდა.
    ზღაპრის შინაარსი, მოკლედ, ასეთია: ყაჩაღთა თორმეტკაციანი რაზმის ბელადის, მატისის ასული რონია დაიბადა ქარიშხლიან ღამეს, ჭექა-ქუხილის დროს. იმავე მომენტში მატისის მოსისხლე მტერს, ყაჩაღთა ასევე თორმეტკაციანი ბანდის მეთაურს, ბორკას გაუჩნდა ვაჟი, ბირკი. ბავშვების დაბადებისას მეხმა შუაზე გააპო მატისის ციხე-სიმაგრე. მის ერთ ნაწილში დარჩა მატისის ოჯახი და რაზმი, მეორე ნაწილს კ4ი მალე დაეპატრონა ჯარისკაცების მიერ დევნილი ბორკა, თავისი ოჯახითა და ერთგული ყაჩაღებითურთ.
    როდესაც რონია წამოიზარდა, დედ-მამამ გოგონას ნება დართო, ყოველდღე დაეტოვებინა ციხე-სიმაგრე და გასცნობოდა გარემომცველი უზარმაზარი ტყის ყოველ კუთხე-კუნჭულს, მის ბინადართა ცხოვრებას. ერთ მშვენიერ დღეს რონიამ და ბირკმა ერთმანეთი გაიცნეს და, მშობლებს შორის არსებული მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, დამეგობრდნენ, შემდეგ კი და-ძმობაც შეჰფიცეს ურთიერთს.
    ბორკასა და მატისის შუღლმა აიძულა ბავშვები, წასულიყვნენ ციხე-სიმაგრიდან და თავი შეეფარებინათ გამოქვაბულისთვის, სადაც მათ გაატარეს გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. ისინი კვლავ დადიოდნენ ტყეში, სადაც არაერთი თავგადასავალი გადახდათ. ზამთრის დადგომისას შვილს მონატრებულმა მატისმა შინ წაიყვანა რონია. ბირკიც დაბრუნდა თავის დედ-მამასთან. მატისმა და ბორკამ, ორთაბრძოლის შემდეგ, დაივიწყეს ძველი მტრობა და დამეგობრდნენ. მომდევნო გაზაფხულზე ბავშვებმა კვლავ გამოქვაბულში დაიდეს ბინა, ახლა უკვე – მშობლების ნებართვით. ასე მთავრდება “ყაჩაღის ასული რონია”.
    ნაწარმოების აღქმის სისრულისთვის აუცილებელია, მივუთითოთ მისი ზოგიერთი ფოლკლორულ-მითოლოგიური პირველმოტივი და პირველსახე.
    “რონიაში” წარმოჩენილია (როგორც ეს სჩვევია, საზოგადოდ, ზღაპარსა და მითს) სამყაროს სივრცული მოდელი. ამიტომ ზღაპრის თემას, ფაქტობრივად, წარმოადგენს ემპირიული სივრცის (ტყის, ბუნების) ათვისება, რაც ხორციელდება რონიას მიერ ტყეში ხეტიალის, ტბასა და მდინარეში ცურვის, ცხენების გახედნის, კლდეებზე ცოცვის, ფანტასტიურ არსებებთან შეხვედრათა და ა.შ. საშუალებით. რაც შეეხება დროს, მითითებულია, უბრალოდ, მისი ციკლურობის შესახებ. ამასთან, დროის კონკრეტული მომენტები ან პერსონაჟების ასაკი მკითხველისთვის უცნობი რჩება. ჩვენ მხოლოდ შემთხვევით ვგებულობთ, რა ხნის არიან რონია და ბირკი (თერთმეტი წლისანი), როდესაც ისინი ტოვებენ მატისის ციხეს.
    ზღაპრის დასაწყისში საგანგებოდაა ხაზგასმული რონიასა და ბირკის დაბადების პირობები – ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი, მეხის გავარდნა. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვთა მამების – მატისისა და ბორკას მითოლოგიურ პირველსახეს წარმოადგენს ჭექა-ქუხილის სკანდინავიური ღმერთი, თორი (შემთხვევითი არაა, რომ დედამისი რონიას “ჭექა-ქუხილის ბავშვს” უწოდებს). ბორკა ნაწარმოებში, ერთგვარად, ჩრდილშია, მაგრამ მატისი ნამდვილად წააგავს თორს, რომელსაც მითები, ოდინისგან განსხვავებით, ჭკუა-გონებას კი არ მიაწერენ, არამედ – მხოლოდ უდიდეს ფიზიკურ ძალ-ღონეს და მრისხანე ხასიათს. თორის მსგავსად, მატისი ერთთავად “ბრდღვინავს”, “ღმუის” ან “ღრიალებს”. ისიც კანონზომიერია, რომ მატისსაც და ბორკასაც თორმეტკაციანი რაზმები ჰყავთ. სკანდინავიური ღმერთები იყოფოდა “აზებისა” და “ვანების” ორ ჯგუფად, თითოეულ მათგანში კი თორმეტი ღმერთი იყო გაერთიანებული. მითების მიხედვით, “აზების” და “ვანების” შებრძოლებას მოჰყვა მათი კონსოლიდაცია, ისევე, როგორც “რონიას” დასასრულს ერთიანდებიან მატისისა და ბორკას რაზმები.
    რონიას ცხოვრების რიტმი ერწყმის ბუნების ცხოვრების რიტმს. თავდაპირველად ესაა ყოველდღიური გასვლა ტყეში და ღამით შინ დაბრუნება. შემდგომ კი რონია მხოლოდ ზამთარს ატარებს მატისის ციხეში (მითოლოგიური წარმოდგენებით, ზამთარი=ძილი=სიკვდილი), გაზაფხულის პირს კი “იღვიძებს” და ბუნების წიაღს უბრუნდება. შევნიშნავთ, რომ ლინდგრენი იყენებს არა ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ერთჯერადი ციკლის (შინიდან წასვლა თავგადასავალთა საძიებლად – შინ დაბრუნება), არამედ – უფრო არქაული, მითოლოგიური მრავალჯერადი ციკლის (სიკვდილი – ხელახალი გაცოცხლება) მოტივს.
    ლინდგრენის ამ ზღაპარში არ გვხვდება უარყოფითი პერსონაჟები – მატისის ციხე “კეთილი ყაჩაღების” საუფლოა. ადამიანების ძარცვა ამ ყაჩაღთა შინაგანი ბოროტებიდან როდი გამომდინარეობს. ისინი, ბავშვებივით, ვერ განასხვავებენ სიკეთესა და ბოროტებას, გულუბრყვილონი არიან და ხშირად სასაცილოდაც გამოიყურებიან. კომიკურნი – და არა საშიშარნი – არიან ტყეში მცხოვრები ფანტასტიკური არსებებიც – მაჯლაჯუნები, ტრაკუნები. ბავშვები მათ იოლად აფრთხობენ და უმკლავდებიან.
    “ყაჩაღის ასულ რონიაში” აშკარად ვლინდება ავტორის ნოსტალგია იმ ეპოქების მიმართ, როდესაც ადამიანის მიერ ჯერ კიდევ შეურყვნელი ბუნება ინარჩუნებდა თავის პირველქმნილ მშვენიერებასა და იდუმალებას. ამ ბუნების ღვიძლ შვილებს წარმოადგენენ ნაწარმოების პერსონაჟები – რონიათი და ბირკით დაწყებული, მატისისა და ბორკათი დამთავრებული.

    © “წიგნები – 24 საათი”
  • რეცენზია

    მიხო მოსულიშვილი – ფრენა უკასროდ


    ანდრო ენუქიძე
    როგორ დაფრინავენ გერმანიაში?
    მიხო მოსულიშვილი: “ფრენა უკასროდ”. რომანი. თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2001.

    ამ პიკარესკული რომანის მოქმედება წარმოებს ოთხ ქვეყანაში: გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიგერიასა და საქართველოში. ჟანრულად რთული და, მიუხედავად ამისა, წასაკითხად იოლი და ხალისიანი თხრობა მოიცავს სამი მთავარი გმირის, სამი ქართველი ემიგრანტის ნახევრად ლეგალურ ყოფას გერმანიის ლტოლვილთა ბანაკებში და ზოგადად, გერმანიაში. მოქმედება ხდება ჩვენს დროში.
    ავტორმა თავის რომანს ხუმრობით “სახელმძღვანელოც” კი უწოდა. სახელმძღვანელო მათთვის, ვინც თავის ღარიბ ქვეყანაში კანონისგან გაქცევას შეეჩვია და ასეთი ცხოვრების წესზე არც გერმანიაში სურს ხელის აღება. ხოლო ლტოლვილთა ბანაკები ის სივრცეა, სადაც სხვადასხვა რჯულის ადამიანები, მიუხედავად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, თავის გატანის მიზნით, ქმნიან კრიმინალურ დაჯგუფებებს, საშუამავლო რგოლებს, რომლებიც აკავშირებენ დიდ ნარკომაფიას ნარკოტიკების მომხმარებელთან და ასე შემდეგ.
    გმირების საქციელი თითქოს მარტივია და პრიმიტიულიც კი, ცხოვრების წესი – ქურდობა, ბრძოლა ნარკოტიკებისათვის. ავტორი თავისი პერსონაჟების ყოფას ირონიულად უყურებს. თხრობა ხან ზედმიწევნით ეპიკურია და ხაზგასმით ყალბ პოეტურ ელემენტებს მოიცავს, ჰომეროსის “ოდისეასაც” კი ემგვანება, ხან კი ავტორი თავს ირთობს რაბლეანური მოტივებით და მკითხველი ჰიპერტროფირებულ, მაღალპოეტური სატირისა და იუმორის სამყაროში გადაჰყავს… ამ ნაწარმოებში უცნაურად ერწყმის ერთმანეთს ერთფეროვნების სიჭრელე და – პირიქით, – მრავალწახნაგოვანი ყოფის მონოტონურობა და ერთფეროვნება.
    რომანის სათაური გოეთეს “ფაუსტის” პერიფრაზია; დოქტორ ფაუსტს ცაში გასაფრენად აუერბახის სარდაფის ღვინის კასრი სჭირდებოდა, ჩვენს გმირებს კი ასეთივე გაფრენისთვის მარიხუანით შეკეთებული ამერიკული “ჯოინტიც” ყოფნით.
    გერმანიაში მოგზაურობისას პერსონაჟები ხვდებიან თავიანთი დიდი ქართველი წინაპრების სულებს, რომლებიც ამავე ადგილებში მოღვაწეობდნენ (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, დავით გურამიშვილი); ვაიმარში კი გოეთესა და შილერის სკულპტურები ცოცხლდებიან, რომანის გმირებს, ქართველ და ნიგერიელ ნარკო-ვაჭრებს ეკამათებიან, და იმავე კამათში მონაწილეობას ღებულობს ნიგერიელი ღმერთების მამამთავარი, ოლოკრუნი! (ნარკომაფიის იერარქიულ კიბეზე ასვლისას ქართველ ემიგრანტებს მფარველებად მოევლინებიან უაღრესად მომხიბვლელი, თვითმყოფადი, ოდნავ სასაცილო და საშიში ნიგერიელი არამზადები).
    საბოლოოდ, ინტერნაციონალური “არამზადების” ჯგუფის მოღვაწეობა მარცხით მთავრდება – რომანტიზირებულ ავაზაკობას წინ აღუდგება გერმანული სასამართლო მანქანა და “აზულიანტებს” თავ-თავიანთ ქვეყნებში გააძევებენ. ამგვარად, ირკვევა – არც გერმანიაა წარმოჩენილი რომანში იდეალურ სამყაროდ, ვინაიდან არამზადებს გერმანიაში თავიანთი შავ-ბნელი საქმეების თანამზრახველები ჰყავთ და, გარდა ამისა, არც დასავლური ცივილიზაციაა ისეთი რამ, რისი მორყევაც შეუძლებელია.
    სასაცილოსა და სატირალის ზღვარზე ბალანსირებული თხრობა რომანში შევსებულია უაღრესად მკაფიო, გმირებისთვის (დიტო ქინქლაძე, პუპა კოღუაშვილი და კახა ბურნაძე – ქართველი არამზადები; ბოზო ანჩიბუა ოდუდუვუა, საფა ჩუკუ ჩუკუ – ნიგერიელი არამზადები; ვილი ზაბელიკუსი და კრისტინ შვერდტლაინი – გერმანელი არამზადები; მარიშკა “პალმით” და ანანკე ორო კააია – ქართველი და ნიგერიელი ამორძალები) დამახასიათებელი, სისხლხორცეული ცნობიერების ნაკადის გადმოცემით.
    და ბოლოს, რა არის ავტორისთვის ყველაზე ფასეული პოსტმოდერნისტულად ორგანიზებულ თხრობაში, სადაც ყველა პრობლემა (განვითარებული და ჩამორჩენილი ქვეყნების ანტაგონიზმი, გლობალიზმი და ანტიგლობალიზმი, ფემინიზმი და ანტიფემინიზმი, სექსუალურ უმცირესობათა და უმრავლესობის ჰარმონიული თანაარსებობა და ასე შემდეგ) სასაცილო ასპექტშია გადაწყვეტილი?
    ადამიანი, როგორც ინდივიდი; ადამიანი, როგორც თავისებური სამყარო – ყველა თავისი მანკიერებითა და ღირსებით – ის სიყვარულის სივრცეა, რომელიც რომანში ავტორს შეარიგებს ქვეყნიერებასთან და, მიუხედავად სატირისა, მკითხველს თავის პერსონაჟებს შეაყვარებს. სწორედ ამიტომაა, რომ რომანის გმირები ცხოვრებას აგრძელებენ ქართველი მკითხველის ცნობიერებაში. აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი და საფუძველი, ვივარაუდოთ რომანის წარმატება როგორც დასავლეთ ევროპასა და გერმანიაში, ასევე ნიგერიასა და მის მსგავს განვითარებად ქვეყნებში.

    © “წიგნები – 24 საათი”