კონსტანტინე ბრეგაძე
რომანტიზმის ისტორიის ფილოსოფია ნოვალისის“ღამის ჰიმნებში”
© სემიოტიკა
-
-
დავით გურამიშვილი და “დავითიანი”
-
ჟერარ ჟენეტი – ლიტერატურის უტოპია
ერთი შეხედვით, ბორხესი-კრიტიკოსი შეკავშირების უცნაური დემონით ატანილსა ჰგავს. ზოგიერთი მისი ესეს შინაარსი განსხვავებულ ინტონაციათა მოკლე ჩამონათვალზე დაიყვანება, ცვლილებებზე, რომელსაც ცალკეული იდეები, თემები და მეტაფორები განიცდიან საუკუნეთა მანძილზე: რიკეტსი და ჰესკეტ პირსონი ოსკარ უაილდს მიაწერენ ფრაზის, purple patches გამოგონებას, მაგრამ ეს ფორმულა უკვე “პიზონთა მიმართ ეპისტოლეებში” არსებობს; ჯონ დონიდან ორი საუკუნის შემდეგ, ფილიპ მაინლენდერმა წამოაყენა ჰიპოთეზა ღმერთის თვითმკვლელობის შესახებ; პასკალისეული სანაძლეოს იდეა უკვე გამოთქმული ჰქონდათ არნუბიუსს, სირმონსა და ალგასელს; ორი უსასრულობა ლეიბნიცთანაც იჩენს თავს და ვიქტორ ჰიუგოსთანაც; ქითსის ბულბული პლატონის გაგრძელებაა და შოპენჰაუერს განჭვრეტს; კოლრიჯის სიზმრიდან მოტანილი ყვავილი წინ უძღვის უელსის მომავლიდან მოტანილ ყვავილს და ჯეიმსის პორტრეტს – რომელიც წარსულიდან წამოიღეს; უელსმა “ჩვენი დროისთვის გადაამუშავა იობის წიგნი, პლატონის დიალოგების უბადლო, ძველებრაული მიბაძვა”; პასკალის სფერო ჰერმეს ტრისმეგისტოსიდან იღებს დასაბამს – რაბლეს გავლით – ან პლატონისეული პარმენიდედან აღმოცენდა და “ვარდის რომანი” გამოიარა. ნიცშემ უარყო სოკრატემდელთა თეორია მარადიული მობრუნების შესახებ და შემდეგ, მოგვიანებით, თავადვე აღმოაჩინა იგი…
თუკი ბორხესი არ ეძებს წყაროებს, იგი სიამოვნებით გამოჰყოფს ხოლმე წინამორბედებს: უელსისთვის (რონი, ლიტონი, პელტოკი, სირანო, ვოლტერი, ბეკონი, ლუკიანე), ბეკფორდისთვის (ერბელო, ჰამილტონი, ვოლტერი, გალანი, პირანეზი, მარინო), კაფკასთვის: “კაფკას წინამორბედთა გამოვლენა დიდი ხანია მიზნად დავისახე. როცა პირველად წავიკითხე, ვერავის მივამსგავსე – ეს იყო რიტორიკულ აპოლოგიათა უნიკუმი; მაგრამ, როცა გავუშინაურდი, მისი ხმა და თვისებები სხვა ლიტერატურებისა თუ სხვა ეპოქათა ტექსტებში ამოვიცანი. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ქრონოლოგიურად”, და ამას მოჰყვება ზენონი, ხან იუი, კირკეგორი, ბრაუნინგი, ბლუა და ლორდ დანსენი. როცა ასეთ ჩამონათვალს ხედავ და არ გესმის იდეა, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს ყველაფერ ამას, დიდი რისკია ნესტორ იბარას ფრაზა გაიმეორო “გამოგონილი ისტორიების” წინასიტყვაობიდან, სადაც იგი “პედანტიზმთან გამართულ გაცნობიერებულ და ზოგჯერ სასიამოვნო ფლირტზე” საუბრობს; შემდეგ კი ისღა დაგრჩენია, ბორხესის კრიტიკა საუნივერსიტეტო კომპილაციათა უხალისო წყებაში მოათავსო. შეიძლებოდა ასევე გაგვეხსენებინა თვალსაზრისთა და ჩვეულებათა შეთანხმებული თუ შეუთანხმებელი ჩამონათვალის გრძელი რიგი, რის მიხედვითაც მონტენი თავის პირველ ესეებს ქმნიდა. მონტენთან ასეთი დაახლოება უფრო გამართლებულიცაა; მათი საერთო სურვილი, შეექმნათ ყოვლისმომცველი კატალოგი, შესაძლოა ამ ორი მოაზროვნის გარკვეულ სულიერ ნათესაობაზე მეტყველებს და ორივე ცდილობს თავიანთი თავბრუსხვევა და ეჭვი ერუდიციის იდუმალ ლაბირინთებში გამოკეტოს. თუმცა, შეკავშირების ბორხესისეული ვნება და პარალელიზმების სიყვარული შედარებით უფრო სიღრმისეულ იდეას პასუხობს და დასკვნებს აქედან, არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ამ იდეის შედარებით აგრესიულ ფორმულირებას ჩვენ ვნახავთ მოთხრობაში “ტლიონი, უკბარი, Orbis Tertius“: “თავისთავად ცხადია, რომ ყველა ნაწარმოები ერთი ზედროითი და ანონიმური ავტორის მიერაა შექმნილი”. ამ იდეის გულისთვის, ტლიონის მწერლები ხელს არ აწერენ თავიანთ წიგნებს და მათთვის უცხოა პლაგიატის ცნება, ისევე, როგორც გავლენა და აპოკრიფი. გარკვეულწილად ტლიონის მწერლები იყვნენ ჯორჯ მური და ჯეიმს ჯოისი, რომლებიც თავიანთ ნაწარმოებებში “სხვისი ნაწერისა და ნააზრევის ინკორპორირებას ახდენდნენ”; ოსკარ უაილდიც ტლიონის მწერალი იყო, ოღონდ პირიქით, რადგან “ხშირად ჩუქნიდა სიუჟეტებს მათ, ვისაც მისი დამუშავების სურვილი ჰქონდა”; ამ რიგს შეგვიძლია მივათვალოთ სერვანტესი, კარლეილი, მოსე ლეონელი და მრავალი სხვა, მათ შორის, ალბათ თავად ბორხესიც, – ისინი ვიღაც გამოგონილ ადამიანს მიაწერდნენ ხოლმე თავიანთი ნაწარმოებების ავტორობას; მაგრამ ტლიონის მწერალი par excellence პიერ მენარი იყო, საუკუნის დასაწყისის ნიმელი სიმბოლისტი, რომელსაც მობეზრდა განსჯები ლაიბნიცისა და რაიმონდ ლულიუსის შესახებ, ან ვალერის “ზღვის სასაფლაოს” ალექსანდრიული ლექსით გაწყობა (ისევე, როგორც თავად ვალერი სთავაზობდა თანამედროვეებს ერთი ტერფით გაეზარდათ შვიდტერფიანი “მოპატიჟება სამოგზაუროდ”) და ერთ მშვენიერ დღეს ახლიდან შეუდგა – საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და აზროვნების ანაქრონიზმების გამორიცხვით – “დონ კიხოტის” ორივე ნაწილის წერას და ნაწილობრივ განახორციელა კიდეც თავისი ჩანაფიქრი, თანაც საოცარი სიზუსტით. როცა თავის თავზე ცდიდა საკუთარ მეთოდს, ბორხესმა ამ იდეის ძველი ვერსიებიც გაიხსენა – შელის იქნებოდა ეს, ემერსონის თუ ვალერის. შელის მიხედვით, ყველა ლექსი ერთი საყოველთაო პოემის ფრაგმენტებს წარმოადგენს. ემერსონისთვის “სამყაროში არსებული ყველა წიგნის ავტორი ერთადერთი პიროვნებაა”. რაც შეეხება ვალერის, ჩვენ ყველას გვახსოვს მისი მოთხოვნა, წარმოედგინათ ლიტერატურის ისტორია “როგორც ლიტერატურის მწარმოებელი და მომხმარებელი სულის ისტორია, ისტორია, რომელიც ისე შეგვეძლო დაგვეწერა, რომ არც ერთი მწერლის სახელი არ გვეხსენებინა”.
ესაა ლიტერატურის აღქმა, როგორც ერთგვაროვანი და შექცევადი სივრცისა, სადაც არ არსებობს არც ინდივიდუალური თავისებურებები და არც ქრონოლოგია, ესაა ეკუმენური გრძნობა, რომლის წყალობითაც მსოფლიო ლიტერატურა უზარმაზარ ანონიმურ ქმნილებად წარმოგვიდგება, სადაც ყოველი ავტორი მხოლოდ ზედროითი და უპიროვნო სულის შემთხვევით განსახიერებად წარმოგვიდგება, რომელსაც, პლატონის ღმერთივით, შეუძლია ყველაზე ლამაზი სიმღერა შთააგონოს ყველაზე მდარე პოეტს და XVIII საუკუნის ინგლისელი პოეტის მეხსიერებაში აღადგინოს XIII საუკუნის მონღოლი იმპერატორის ხილვები, – პოზიტივისტებს ასეთი იდეა მხოლოდ ფანტაზია ან ბოდვა შეიძლება ეგონოთ. ჯობია, მათში მითი დავინახოთ, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით, როგორც აზრის სიღრმისეული გაქანება. ბორხესი თავად მოინიშნავს ინტერპრეტაციის ორ შესაძლო დონეს: უმაღლესი, ანუ “პანთეისტური” ვერსიის თანახმად, ავტორთა, ნაწარმოებების, მოვლენებისა და საგნების ხილულ სიმრავლეში ერთი სული სახლობს და ატომთა ყველაზე შემთხვევით კომბინაციებში შეიძლება ერთი ღმერთის დაწერილობა გაიშიფროს; ამ ჰიპოთეზის თანახმად, წიგნების სამყარო და სამყაროს წიგნი – ერთი და იგივეა და თუკი “დონ კიხოტის” მეორე ნაწილის გმირს შეუძლია მისი პირველი ნაწილის მკითხველი იყოს, ხოლო ჰამლეტს კი ძალუძს “ჰამლეტის” მაყურებელი “შეიქნას”, მაშინ აქედან იქნებ ის გამომდინარეობს, რომ ჩვენც, მისი მკითხველები ან მაყურებლები, ჩვენთვის გაუცნობიერებლად გამოგონილი პერსონაჟები ვართ და იმ მომენტში, როცა “ჰამლეტს” ან “დონ კიხოტს” ვკითხულობთ, ვიღაც სხვა შესაძლოა ჩვენს შესახებაც კითხულობდეს, წერდეს ან შლიდეს ჩვენს კვალს ფურცელზე. მეორე დონეს წარმოადგენს XIX საუკუნის დასაწყისამდე გაბატონებული “კლასიკური” ცნება იმის შესახებ, რომ ავტორთა მრავლობითობა უბრალოდ არ იმსახურებს ყურადღებას: თუმცა ჰომეროსი ბრმა იყო, ამას არ დაუტოვებია კვალი მის შემოქმედებაზე. თავისუფლად შეგვიძლია პირველ ვერსიაში მეორის მეტაფორა ამოვიკითხოთ, ან მეორეში – პირველის მოკრძალებული ინტუიცია. მაგრამ ლიტერატურის ასეთ გადამეტებულ აღქმას, რომელსაც ზოგჯერ თავს გვახვევს ხოლმე ბორხესი, შესაძლოა დაწერილი ნაწარმოების გარკვეულ სიღრმისეულ ტენდენციასთანაც ჰქონდეს კავშირი – ესაა თავის სფეროში ყველა არსებული (და არარსებული) საგნის მოქცევის ტენდენცია, თითქოს ლიტერატურის მთავარი საყრდენი და გამართლება (საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში) მხოლოდ ეს ტოტალიტარული უტოპია იყოს. მალარმეს სიტყვებით, სამყარო იმისთვის არსებობს, რომ შემდეგ წიგნით დასრულდეს. ბორხესისეულ მითს თანამედროვე იდეა – ჯერ კიდევ არაფერი დაწერილა და კლასიკური – ყველაფერი უკვე დაიწერა – უფრო ამბიციურ ფორმულამდე დაჰყავს: ყველაფერი წერაა. ბაბილონის ბიბლიოთეკა – რომელიც ab aeterno არსებობდა და შეიცავდა “ყველაფერს, რისი გამოხატვაც კი შეიძლებოდა ნებისმიერ ენაზე” – რა თქმა უნდა, უნივერსუმს ერწყმის (იბარა თვლის, რომ იგი ამ უნივერსუმზე გაცილებით დიდიცაა) – ანუ მანამ, სანამ მკითხველი, ბიბლიოთეკარი, გადამწერი, კომპილატორი, “ავტორი” გახდება, ადამიანი დაწერილ ფურცელს წარმოადგენს. ბორხესის ლექცია ფანტასტიკურის შესახებ ირონიული და ამაღელვებელი კითხვით სრულდება: “რა სახის ლიტერატურას ვეკუთვნით ჩვენ – მე, ლექტორი და თქვენ, ჩემი მსმენელები: რეალისტურ რომანს თუ ფანტასტიკას?” აქ უნდა გავიხსენოთ უნამუნოს ჰიპოთეზა (იგი არსებითად ცოტა რამით თუ განსხვავდება ბორხესის ვერსიისგან), რომლის თანახმადაც, დონ კიხოტი უბრალოდ, ამავე სახელწოდების რომანის ავტორი იყო; “უეჭველია, რომ სერვანტესმა “დონ კიხოტში” უკეთ წარმოგვიდგინა თავი, ვიდრე ჩვენ მოველოდით ამას, მან აჯობა საკუთარ თავს. ეს გვაფიქრებინებს, რომ არაბი ისტორიკოსი სიდ აჰმედ ბენ-ინჰალი არაა წმინდა ლიტერატურული ქმნილება, არამედ მის მიღმა ღრმა ჭეშმარიტებაა დაფარული: ეს ამბავი სერვანტესს ვიღაც სხვამ უკარნახა, სულმა, რომელიც მისი სულის სიღრმეში იყო დაფარული. უზარმაზარი მანძილია ჩვენი კაბალიეროს ამბავსა და სერვანტესის სხვა ნაწარმოებებს შორის და სწორედ ეს აშკარა და ბრწყინვალე სასწაული წარმოადგენს ჩვენთვის არგუმენტს, რომელიც გვაიძულებს ვიწამოთ და ვაღიაროთ, რომ ეს ამბავი რეალურია და იგი თავად დონ კიხოტმა – სიდ აჰმედ ბენ-ინჰალის სახელს ამოფარებულმა – უკარნახა სერვანტესს”. ამ შემთხვევაში ის, ვინც ჩვენ ავტორი გვგონია, მხოლოდ მდივანი აღმოჩნდება ან საერთოდ, გამოგონილ პერსონაჟად იქცევა: “ჩვენ ხშირად რეალური და ისტორიული პირი გვგონია ხოლმე მწერალი – იმიტომ, რომ ცოცხლად წარმოგვიდგება იგი, პერსონაჟებს კი, მისი წარმოსახვის ნაყოფს, მისივე ფანტაზიის ნაყოფად მივიჩნევთ; სინამდვილეში კი ყველაფერი სწორედ რომ პირიქითაა – მხოლოდ პერსონაჟები ცხოვრობენ ჭეშმარიტი ცხოვრებით და იყენებენ მას, ვინც ჩვენ ცოცხლად წარმოგვიდგება, იყენებენ იმისთვის, რათა მკითხველის თვალში თავიანთი სახე მოიპოვონ”. უნამუნოსა და ბორხესის მითები სწორედ აქ უახლოვდება ერთმანეთს თავიანთი მკაცრი, შესაძლოა უმკაცრესი, “მორალით”: თუკი სერვანტესს სერიოზულად აღვიქვამთ, დონ კიხოტის არსებობაც უნდა გვჯეროდეს; მაგრამ თუკი დონ კიხოტი არსებობს, მაშინ უკვე სერვანტესი და ჩვენ – მისი მკითხველები – ვიქცევით აჩრდილებად, ანუ გვრჩება არსებობის ერთადერთი ხერხი – გავუჩინარდეთ და თავად ვიქცეთ ლიტერატურად, როგორც “მორელის გამოგონების” გმირი, რომელიც ორ ხატს შორის გაუჩინარებული, თავად იქცევა ხატად, სახედ და მიდის ცხოვრებიდან, რათა გამონაგონში დაიდოს ბინა. ლიტერატურა, ეს გაუმაძღარი მონსტრი, სანაცვლოდ ყველაფერს მოითხოვს: “შესაძლოა, მსოფლიო ისტორია – ესაა რამდენიმე მეტაფორის ისტორია”.
ტლიონის აბსოლუტურად მონისტურ სამყაროში საკუთარი აუცილებლობის შესანარჩუნებლად, კრიტიკა იძულებულია უცნაურ ხერხებს მიმართოს. იმდენად, რამდენადაც ავტორები არ არსებობენ, კრიტიკას უწევს მათი გამოგონება: “ირჩევენ ორ განსხვავებულ ნაწარმოებს – მაგალითად, “დაო დე ძინს” და “1001 ღამეს” – მიაწერენ მათ ავტორობას ერთ ადამიანს და შემდეგ კი კეთილსინდისიერად განსაზღვრავენ ამ ძალზე საინტერესო “homme de lettres” ფსიქოლოგიას. ჩვენამდე აქ პიერ მენარის მიერ აღმოჩენილი, კითხვის გაწაფული ტექნიკის გამოძახილი აღწევს – “განზრახული ანაქრონიზმისა და ცრუ ატრიბუციების ხერხი. ამ ხერხს უსასრულოდ იყენებენ – იგი გვაცდუნებს, რათა “ოდისეა” უფრო გვიან დაწერილ ნაწარმოებად აღვიქვათ, ვიდრე “ენეიდა”… ეს ხერხი თავგადასავლებით აღავსებს ყველაზე მშვიდობიან წიგნებსაც. ლუი ფერდინანდ სელინს, ან ჯეიმს ჯოისს რომ “ქრისტეს ბაძვის შესახებ” მივაწეროთ – ნუთუ უფრო არ გაახალისებდა ეს იდეა ამ დახვეწილ სულიერ რჩევებს?” ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ განა სარისკო არაა (და არც ისე დახვეწილი) ჩვენი მოქმედება, როცა თითქმის ყოველდღე, “ანდრომაქეს” ჟან რასინს მივაწერთ და “სვანის მიმართულებით” კი პრუსტის ნაწარმოებად მივიჩნევთ ხოლმე? ანდა, როცა ლაფონტენის “იგავებს” ფედრუსზე და ეზოპეზე უფრო გვიანდელ ნიმუშებად განვიხილავთ? აუცილებელია კი, სირანო უელსისა და ჟიულ ვერნის წინამორბედად წარმოვიდგინოთ; არადა, შეუძლებლად მიგვაჩნია, პირიქით, ჟიულ ვერნი და უელსი აღვიქვათ სირანოს წინაპრებად. არსებითად, ტლონისტური კრიტიკა სრულებითაც არაა ჩვენი პოზიტივისტური კრიტიკის საპირისპირო, არამედ იგი მხოლოდ ჰიპერბოლაა მისი.
აი, უკვე საუკუნეზე მეტია, ლიტერატურის ჩვენეული გაგება – და მასთან ურთიერთობაც – ერთი ცრურწმენითაა დასნეულებული, რომლის სულ უფრო ზუსტი და თამამი გამოყენება მუდმივად ამდიდრებს, მაგრამ იმავდროულად რყვნის, საბოლოო ჯამში კი – აღარიბებს ლიტერატურულ კომუნიკაციას; ესაა პოსტულატი, რომლის თანახმადაც, ნაწაროები ძირითადად განპირობებულია ავტორის მიერ, ე.ი. მას გამოხატავს. ამ სახიფათო სიცხადემ არამხოლოდ შეცვალა ლიტერატურული კრიტიკის მეთოდები და ობიექტებიც კი, არამედ მან გავლენა იქონია ყველაზე დელიკატურ და მნიშვნელოვან ოპერაციაზე, რომელიც კი ხელს უწყობს წიგნის დაბადებას – კითხვას. მონტენის დროს კითხვა თანასწორუფლებიანი თუ არა, ძმური დიალოგი მაინც იყო; დღეს კითხვა – განსწავლული შეჭრაა უცხო პირად ცხოვრებაში, რომელიც ფარულ კამერას გვაგონებს. არადა, რამდენი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია იკარგება, რაღაც ამოხსნილი (გაკვეთის შედეგად) პატარა საიდუმლოს გულისთვის! როცა ბორხესი გვთავაზობს ვალერის მაგალითით აღვფრთოვანდეთ, ადამიანისა, ვინც დაძლია ცალკეული პიროვნების ჩარჩოები და ვინც უილიამ ჰეზლიტის მიერ შექსპირის შესახებ გამოთქმული სიტყვებით შეგვიძლია დავახასიათოთ: “He is nothing in himself”. იგი აშკარად გვაიძულებს ხოტბა შევასხათ ნაწარმოებს, რომელიც არანაირი კონკრეტული პიროვნების მიერ არ იქნება შექმნილი; ზუსტად ასევე, ბორხესი იხსენებს ვალერისგან ძალზე განსხვავებული მწერლის, უიტმენის ფიგურას, რომელმაც თავის შემოქმედებაში – მისი წყალობით – ხელთ არსებული მასალისგან მეორე პიროვნება შექმნა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო პირველთან და გაოგნებაში მოჰყავდა ბიოგრაფები; იგივე შეიძლება ითქვას კევედოს შესახებაც – ესაა ლიტერატურის სრულყოფილი ხატი, რომელშიც ლიტერატურამ იმდენად მიჩქმალა ადამიანი, ყოველ შემთხვევაში, ინდივიდი მაინც, რომ მისი შემოქმედება ჩვენს წინაშე წარსდგება არა როგორც პიროვნების ქმნილება, არამედ როგორც რაღაც იდუმალი ბიბლიოგრაფიული თავგადასავლების შემთხვევითი შედეგი. კევედო “ლიტერატურის საუკეთესო ოსტატია, არა იმდენად ადამიანი, რამდენადაც ლიტერატურის ვრცელი და რთული სივრცე”. რადგანაც ბორხესისთვის, ისევე როგორც ვალერისთვის, ავტორი არანაირი უპირატესობით არ სარგებლობს ნაწარმოებთან შედარებით, იგი დაბადებიდანვე (შესაძლოა დაბადებამდეც) მხოლოდ სხვა ნაწარმოებებთან კავშირში არსებობს, პროცესში, რომელიც კითხვის უსაზღვრო სივრცეში ხორციელდება. არც ერთი ნაწარმოები ორიგინალური არაა, იმიტომ, რომ “ადამიანის წარმოსახვას მხოლოდ გარკვეული რაოდენობის სიუჟეტებისა და მეტაფორების შექმნა ძალუძს”, მათი რიცხვი შეზღუდულია, სამაგიეროდ, ნებისმიერი ნაწარმოები უნივერსალურია, რადგან “ეს რამდენიმე გამოგონება, შესაძლოა ჩვენ ყველას გვეკუთვნოდეს, როგორც მოციქულებს”. ნაწარმოებს, რომელიც დიდხანს ცოცხლობს, “ყოველთვის ახასიათებს უსაზღვრო და პლასტიკური მრავალმნიშვნელოვნება… იგი სარკეა, რომელიც მკითხველის ნაკვთებს გვიჩვენებს” და მკითხველთა ამგვარი მონაწილეობით იქმნება ლიტერატურული ობიექტის მთელი ცხოვრება. “ლიტერატურა თუნდაც იმ მიზეზის გამოა ამოუწურავი, რომ ამოუწურავია ერთადერთი წიგნი. წიგნი ხომ არაა ჩაკეტილი არსი, არამედ ურთიერთობა, უფრო ზუსტად კი, უსასრულო ურთიერთობათა ღერძი”. ყოველი წიგნი წაკითხვისას ახლიდან იბადება და ლიტერატურის ისტორიაც ასევე კითხვის ხერხებისა თუ მიზეზთა ისტორიაა. “ესა თუ ის ლიტერატურა წინამორბედისგან ტექსტების შემადგენლობით კი არ განსხვავდება, არამედ მათი წაკითხვის ხერხებით: რომ შემეძლოს, ეს სტრიქონები ისევე აღვიქვა, როგორც ამას ორი ათას წელს აღიქვამენ ადამიანები, მივხვდებოდი, როგორი ლიტერატურა იქნებოდა მომავალში”.
ამიტომაც ის, რასაც ჩვენ გამეორებებად აღვიქვამთ ლიტერატურაში, არამხოლოდ მემკვიდრეობითობას გულისხმობს, არამედ მშვიდ, განუწყვეტელ მეტამორფოზასაც. რატომ ჰგავს კაფკას ყველა წინამორბედი კაფკას, მაგრამ ერთმანეთთან კი მათ არაფერი აქვთ საერთო? იმიტომ, რომ მათი თანხვედრის ერთადერთი წერიტილი მომავლის იმ ნაწარმოებშია, რომელიც რეტროსპექტულად მოაწესრიგებს და საზრისს მიანიჭებს მათ შეხვედრას: “ბრაუნინგის ლექსი “Fears and Scruples” წინასწარ განჭვრეტს კაფკას შემოქმედებას, მაგრამ კაფკას წაკითხვის შემდეგ, ჩვენ უფრო ღრმად ჩავწვდით ბრაუნინგის ლექსებსაც. საქმე იმაში გახლავთ, რომ ყოველი მწერალი თავად ქმნის წინამორბედებს. მისი შემოქმედება ძირეულად ცვლის არამხოლოდ მომავლის შესახებ ჩვენს წარმოდგენებს, არამედ წარსულის”. ეს უკუღმართი სვლა ამართლებს და საფუძვლიანს ხდის ბორხესისთვის ძვირფას ყველა “ანაქრონიზმს”, რადგანაც, თუკი ბრაუნინგისა და კირკეგორის შეხვედრა მხოლოდ მომავალში, კაფკას შემოქმედებითაა შესაძლებელი, მაშინ უკუღმა უნდა გავიაროთ ისტორიკოსების დრო და გეოგრაფების სივრცე: მიზეზი შედეგს მოსდევს, “წყარო” კი ქვემოწელში აღმოჩნდება, რადგანაც ამ შემთხვევაში წყარო – შერწყმაა. კითხვის საპირისპირო დროის მიხედვით სერვანტესი და კაფკა თანამედროვეები არიან და კაფკამ არანაკლები გავლენა იქონია სერვანტესზე, ვიდრე სერვანტესმა კაფკაზე.
აი, ასეთი საოცარი უტოპიაა ლიტერატურა ბორხესის მიხედვით. ამ მითში უფრო მეტ ჭეშმარიტებას ვიპოვით, ვიდრე ჩვენი ლიტერატურული “მეცნიერების” ყველა ჭეშმარიტებაში. ლიტერატურა პლასტიკური ველია, გამრუდებული სივრცე, სადაც ნებისმიერ მომენტში ყველაზე მოულოდნელი ურთიერთობები და ყველაზე პარადოქსული შეხვედრებია შესაძლებელი (1). ჩვენი აზრით, მისი არსებობისა და გამოყენების ყველაზე უნივერსალური ნორმები – ქრონოლოგიური თანამედროვეობა, ნათესაური კავშირი ავტორსა და ნაწარმოებს შორის, – საზრისის წვდომის მხოლოდ პირობითი ხერხებია. ნაწარმოების გენეზისი ისტორიულ დროსა და ავტორის ცხოვრებაში ყველაზე შემთხვევითი და უმნიშვნელო მომენტია. ყველა დიადი წიგნის შესახებ იგივე შეიძლება ითქვას, რასაც ბორხესი უელსის რომანების შესახებ ამბობდა: “…ისინი, თეზევსის ან აჰასფერის სახეებივით, კაცობრიობის საერთო ხსოვნაში უნდა ჩაიბეჭდოს და იმედი მაქვს, გამრავლდებიან, გაცილებით მეტ სახელს მოიხვეჭენ, ვიდრე მათი ავტორი, ან ენა, რომელზეც ეს რომანები დაიწერა”. ნაწარმოებების დრო არაა წერის გარკვეული დრო, არამედ იგი კითხვისა და მეხსიერების განუსაზღვრელი დროა. წიგნების საზრისი მომავალშია და არა წარსულში – იგი თავად წიგნებშია; წიგნი არაა მზა საზრისი, გამოცხადება, რომელიც უნდა განვიცადოთ, ესაა ფორმათა მარაგი, რომელიც საზრისს მოელის, ესაა “გარდუვალობა, გამოცხადების მოახლოება, რომელიც არ რეალიზდება თავისთავად”, არამედ ყოველივე თავად უნდა რეალიზდეს თავისი თავისთვის. ასე იმეორებს, ან თავისებურად ახლიდან აღმოაჩენს ბორხესი ჭეშმარიტებას, რომ პოეზიას ყველა ქმნის და არა ერთი ადამიანი. პიერ მენარი – “დონ კიხოტის” ავტორია იმ ერთადერთი, სრულიად საკმარისი მიზეზის გამო, რომ ასეთივეა ნებისმიერი მკითხველი (ნებისმიერი ჭეშმარიტი მკითხველი). ყველა ავტორი ერთადერთი ავტორია, იმიტომ, რომ ყველა წიგნი ერთადერთი წიგნია, საიდანაც გამომდინარეობს, რომ ერთი წიგნი წარმოგვიდგენს ყველა წიგნს. ბაბილონის ბიბლიოთეკა სრულყოფილია ab aeterno; მაგრამ ადამიანი, როგორც ბორხესი ამბობს – არასრულყოფილი ბიბლიოთეკარია; ზოგჯერ, როცა საჭირო წიგნს ვერ პოულობს, იგი თავად წერს იმავე, ან თითქმის იმავე წიგნს. ლიტერატურა სწორედ ეს მოუხელთებელი და უსასრულო საქმიანობაა.
1) “ზედროითი მყოფობა, რომელიც ზოგადად ლიტერატურისთვისაა დამახასიათებელი, ნიშნავს, რომ წარსულის ლიტერატურას ყოველთვის შეუძლია აწმყოს ლიტერატურასთან იტნერფერირება – ჰომეროსს ვერგილიუსთან, ვერგილიუსს დანტესთან, პლუტარქესა და სენეკას შექსპირთან, შექსპირს გოეთეს “მეც ფონ ბერლიჰინგეთან”, ევრიპიდეს რასინისა ლა გოეთეს “იფიგენიასთან”. ჩვენი დროის მაგალითს რომ მივმართოთ, “ათას ერთი ღამე” და კალდერონი ჰოფმანსტალს დაუკავშირდება, “ოდისეა” – ჯოისს, ესქილეს, პეტრონიუსს, დანტეს, ტრისტან კორბიერს, ესპანური მისტიკა – ტ.ს.ელიოტს. ამაში მდგომარეობს შესაძლო მიმართებათა ამოუწურავი სიმდიდრე” (Curtius, La litterature europeenne et le moyen-age latin, p.17).
თარგმნა
მალხაზ ხარბედიამ
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
დიანა ანფიმიადი – ლექსები
I
ჩემი ჭა დაშრა
წვეთები ხეებს ნაყოფებად ჩამოეკიდნენ,
არ მაქვს სამშობლო.II
კარის მეზობლის კარზე – დაფაზე
მაგალითი გამოვიყვანე –
კუბური ფესვი მცენარიდან
და ფეხები რბენის ხარისხში,
არ მაქვს სამშობლო.III
მე მკვდარი ზღვა ვარ
აქ მარილიც ისე მკვდარია
ენის წვერიც ვეღარ აცოცხლებს
და ვეღარც ორი შესართავი
სირდარია
ამუდარია –
მკერდი, რომელიც უნდა გეწოვა.არ მაქვს სამშობლო.
IV
ნუ მეუბნები, რომ გიყვარვარ,
არ მსურს და ყურებს
თითებით ვიცობ,
ხმით გაჩენილს ვიხშობ იარებს
არ მაქვს სამშობლო
და სიყვარულს არა აქვს აზრი
და ალბათ ზღვაში ვიმშობიარებ.V
ჩემი ჭა დაშრა
წვეთები ხეებს ნაყოფებად ჩამოეკიდნენ,
არ მაქვს სამშობლო.რეზინობანა
მსოფლიოს ყველა მესაზღვრეს
იმ მხარეს მამა დავაყენე
ამ მხარეს დედა
ფეხებით უნდა დაიჭირონ ჩემი სამყარო,
ვხტები, ვშორდები დედამიწის მიზიდულობას
ტილები
თავს ვერ იმაგრებენ თმაში
– გავყარე.ერთი ორი სამი
ერთი ორი სამი
მამის ნაცვლად შემეძლო
აქ დამედგა სკამი,
მერე შევჯიბრებოდი
ამ თამაშში მამაჩემს,
მაგრამ მამა მომკვდარა
ჩემთან ვერ ითამაშებს…ერთი ორი
ერთი ორი
საზღვრის მავთულხლართები,
კისერს ზემოთ ვერ ვხტები,
ვვარდები…დე,
ნუ დაგეზარება მუხლის სპირტით მობანა
ორი ქვეყნის საზღვარი –
ჩემი რეზინობანა.……წესები ფეხით მოსიარულეთათვის
1) არ მოისმინო
საკუთარი ნაბიჯის რიტმი,
შეიძლება აგიყოლიოს.
2) ბუდას მეწამულ შესამოსელს
არ მოუხდება
შენი თეთრი ბოტასის კვალი.
3) თუკი კვერცხებს დებს
შენი ქოხი ქათმის ფეხებზე
– არ გაიკვირვო.
4) არ დაელოდო
მწვანის ანთებას,
დე, მანქანები შემოგატყდნენ,
როგორც ფრჩხილები.
5) მარჯვნივ იარე
რადგან მარცხნივ
მკვდრები მოდიან
6) არ გაბოროტდე,
როცა ქუჩა წინ გადაგასწრებს.
7) არც ბაყაყების კოცნა არ ღირს –
ყველა ბაყაყი მარადმწვანეა.
8) ვინც გვერდით მოგდევს,
ნურასოდეს აუწყობ
ნაბიჯს.
9) რომ გადადიხარ,
დაივარცხნე თმა,
შეიღებე ტუჩები,
გაისწორე მუხლთან წინდები,
ამ დროს
არცერთი მანქანა არ დაგეჯახება.
10) დაიმახსოვრე,
შუქნიშნები არ არსებობენ.
10) სხვებმა იარონ,
შენ გაჩერდი,
იარონ სხვებმა.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
მშვენიერების ცნება ბიზანტიურ, ძველ ქართულ ესთეტიკაში და რუსთაველთან
ქეთევან ბეზარაშვილი
მშვენიერების ცნება ბიზანტიურ, ძველ ქართულ ესთეტიკაში და რუსთაველთან
© სემიოტიკა
-
აქემენიდურ წარწერათა ნიმუშები
-
ო’ ჰენრი – დეტექტივის დეტექტორი

DOWNLOAD
ო’ ჰენრი დეტექტივის დეტექტორი
© ჩვენი მწერლობა -
ქართველი მწერალი ვორკუტაში
-
ტრუმენ კაპოტე – საუზმე ტიფანისთან
უილიამ გოიენი
სიყვარულის ნაცადი მომღერალი
ტრუმენ კაპოტე. “საუზმე ტიფანისთან”რომანი და სამი მოთხრობაეს კრებული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ტრუმენ კაპოტეს შემოქმედებაში სიყვარულის თემას წამყვანი როლი განეკუთვნება. წიგნში გაერთიანებულია მოკლე რომანი და სამი მოთხრობა, რომლებიც აღბეჭდილია მწერლის განუმეორებელი მანერით. “საუზმე ტიფანისთან” სასიყვარულო რომანია. მთხრობელი იგონებს 60-იანი წლების ნიუ-იორკსა და თავის ნაცნობობას ჰოლი გოლაითლისთან – “მართლაც რომ შერეკილ” ქალიშვილთან. ის ნიუ-იორკში ჩამოვიდა ტეხასის ერთი მიყრუებული სოფლიდან, ტულიპიდან, და მაშინვე დაუშვა რამდენიმე შეცდომა. მათ შორის ყველაზე სერიოზული ისაა, რომ ჰოლიმ მიზნად დაისახა, “ესაუზმა ტიფანისთან” და ქცეულიყო რესტორან “ელ მაროკოს” მუდმივ კლიენტად.
ჰოლი ველური გოგონაა, რომელიც თავის ადგილს ეძებს ცხოვრებაში. მისივე პოეტური განმარტებით, “არასოდეს არ უნდა შეიყვაროთ ველური არსება. რაც უფრო მეტად გეყვარებათ, მით უფრო გაძლიერდება ის. ხოლო როდესაც ძალას მოიკრებს, ტყეს შეაფარებს თავს. ან ხეზე აფრინდება. შემდეგ – უფრო მაღალ ხეზე. ბოლოს კი – ცაში”.
ჰოლი გოლაითლი ცისკენ კი არ მიისწრაფვის, არამედ – ტიფანისკენ. მას სურს, იპოვოს “ადგილი, სადაც თავს ისე იგრძნობს, როგორც ტიფანისთან; მაშინ ავეჯს იყიდის და თავის კატას სახელს დაარქმევს”. ამასთან, როდესაც ჰოლის პროვინციალი ქმარი ნიუ-იორკში ჩამოდის და მთხრობელს განუმარტავს ქალის ქცევის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, მთავარი პერსონაჟის სახე დამაჯერებლობას ჰკარგავს.
ინტრიგა, რომელშიც მონაწილეობენ ჰოლი და მავანი სალი ტომატო (ნარკოტიკებით მოვაჭრე ბნელი პიროვნება, სინგ-სინგის პატიმარი), აგრეთვე, მნიშვნელოვანწილად აქარწყლებს ჰოლის სახის შთამბეჭდაობას. კაპოტე მკითხველს თავს ახვევს არაბუნებრივ, მელოდრამატულ ამბავს, რომელშიც ფიგურირებენ ბოროტმოქმედები, გაკრეჭილი ნახუცრები, მიტოვებული ძმები და ა.შ., და მოითხოვს ჩვენგან, დავიჯეროთ ჰოლის მამოძრავებელი მოტივების სერიოზულობა, მაგრამ მწერალი მიზანს ვერ აღწევს.
კაპოტეს მიერ ვოდევილური ხერხების გამოყენება ძირს უთხრის გმირის თავდაპირველ, მეტად საინტერესო კონცეფციას და, შესაბამისად, აუფერულებს მას. საერთოდ, ოთხსავე ნაწარმოებში შეიმჩნევა სიტუაციების შელამაზებისა და გმირებით “თამაშის” ტენდენცია, რაც თავს იჩენს არა იმდენად სტილურ, რამდენადაც – კონცეპტუალურ დონეზე. საბოლოო ანგარიშში, ეს ხარვეზი აღიქმება, როგორც ეფექტურობის მისაღწევად გამიზნული ხერხი, და არა როგორც ლიტერატურული ოსტატობის გამოვლინება. შეიძლება, ის წარმოსახვის უმართაობის შედეგადაც მივიჩნიოთ.
“ბრილიანტის გიტარა” და “ყვავილების სახლი” ისევე წარმტაცი ქმნილებებია, როგორც ჰაერში აფრიალებული ჭრელი ლენტები. თუმცა, მათში მახვილგონიერება ხშირად აძევებს სიმართლეს, ისევე, როგორც პერსონაჟთა სახელები ენაცვლება დახასიათების სიღრმეს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ავტორი თავდაპირველად იგონებს სახელებს: მეგ უაილდვუდი, მისტერ ჰაჰა ჯონსი, ხოზე იბარა – ეგარი, ტიკო ფუ, შემდეგ კი მათ უსადაგებს გმირთა ხასიათებს.
ოსტატურად დაწერილი მოთხრობა “ყვავილების სახლი” მშვენიერ ზღაპარს წააგავს, თუმცა ის გვიამბობს რამდენიმე მეძავის ცხოვრების შესახებ პორტ-ო-პრენსში. “ბრილიანტის გიტარაში” გადმოცემულია ამბავი ახალგაზრდა კატორღელისა, რომელიც პატიმრებს აჯადოებს თავისი მშვენიერი გიტარით და ამაოდ აქეზებს მოხუც ტუსაღს, მასთან ერთად გაიქცეს ციხიდან.
“საშობაო მოგონებაში” მწერალი მოგვითხრობს მოხუცი, “სამოცდარაღაცა” წლის ქალბატონისა და პატარა ბიჭუნას მეგობრობის შესახებ. ეს ნაწარმოები ნაკლებად დახვეწილი, ნაკლებად გამართულია, ვიდრე – ორი დანარჩენი. სამაგიეროდ, მასში ვლინდება გაცილებით მეტი ფანტაზია, მეტი სილაღე. ამასთან, ბუკოლიკური განწყობილება, სამხრეთული ტყეებისა და იალაღების სურათები თითქოს ნახევარტონებშია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მოთხრობა, მისი სენტიმენტალური ჩანაფიქრის მიუხედავად, უჩვეულო სისასტიკით გამოირჩევა.
ყველა ამ ქმნილებაში თავს იჩენს კაპოტეს მიერ ადამიანის სიღრმისეული, ფარული არსის წვდომის უნარი. ყურადღებას იპყრობს მწერლის ინტონაცია – ის თითქოს წყვდიადში მონოლოგს წარმოთქვამს თავისი აუდიტორიის (მკითხველების) წინაშე. აშკარად შესამჩნევია ნაძალადევი მხიარულება შემოქმედისა, რომელიც მართავს თავის პერსონაჟებს – მარიონეტებს. ავტორი გარკვეულ ხანს იმყოფება ამ ნატიფ სამყაროში თავის გმირებთან ერთად, შემდეგ კი გამოეყოფა მას და მიმართავს თხრობის სადა მანერას, ან სენტიმენტალურ კილოს, მისტიფიკაციას ან გამაოგნებელ სიუჟეტურ სვლას. მოკლედ რომ ვთქვათ, კაპოტეს ნაწარმოებები უნიკალური ტექსტების ნიმუშებად წარმოგვიდგება.The New York Times Book Review, 1958, 2 ნოემბერი
© “წიგნები – 24 საათი”
-
ახალი წიგნები – 2002 – დეკემბერი

ირვინ უელში
“პორნო”
Porno
By Irvine Welsh
Jonathan Cape, pp.320, August 2002უკვე ათ წელზე მეტია, რაც მკითხველმა ცნობილი Trainspotting-ის გმირები გაიცნო. რა მოხდა შემდეგ? როგორ მოიქცა რენტონი? რომელიმე გმირმა მაინც თუ მოახერხა ნარკოტიკის გადაგდება? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ირვინ უელშის “პორნო” გვაძლევს.
უელშის ახალი რომანი Trainspotting-ის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. რენტონს უკვე ამსტერდამში ვიხილავთ. მან ახალი ცხოვრება დაიწყო, ახალი “გელფრენდი” იპოვა და ვარჯიშიც კი დაიწყო. საიმონ უილიამსონი კვლავ ლონდონშია, ფრენკ ბეგბიმ მოიხადა სასჯელი, მკვლებისთვის რომ მიუსაჯეს და ახლა გარეთაა, თუმცა მკითხველი ხვდება, რომ ბეგბის სრული რეინტეგრაცია პოლიციურ საზოგადოებასთან მაინც ვერასოდეს მოხდება.
კითხულობ რომანს და ნელ-ნელა იკვეთება ირვინ უელშის რბილი, რიტმული ტონები… “პორნო” მწერლისთვის ფორმასთან დაბრუნებაა. ამ ნაწარმოებმა უელშის შემოქმედების წრე შეკრა ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. უელშის რომანი ძველ გარემოში დაბრუნებაა, სადაც გმირები თავის ჯოჯოხეთში იხარშებიან. ეს გარემო მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და ამიტომ ნაკლებად შემაშფოთებელია.
“პორნოს” შინაარსი მარტივია, უელშის ნაწარმოებები ხომ არასოდეს გამოირჩევა განსაკუთრებულად დახლართული ფაბულით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რომანში გარდატეხაა – ირვინ უელში ქალის ფსიქოლოგიის ექსპერტად გვევლინება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველად წერს სიმპათიით ქალების შესახებ. ნიკი ფულერ-სმიტი რომანის ყველაზე საინტერესო პერსონაჟია, მისი პორტრეტი და ხასიათი ყველაზე კარგად არის დახატული.
ნიკი კინოსკოლის სტუდენტია, ის თვითონ ირჩენს თავს და მასაჟისტის მისაღებში მუშაობს. ნიკი ფიქრობს, რომ მისი მოწოდება პორნოგრაფიულ ფილმებში გადაღებაა. “ყველაზე საშინელება ისაა, როცა კაცი მოდის შენთან და გეუბნება, რომ ძალიან მაგარი ტანი გაქვს; სულაც არ მინდა კარგი, მშვენიერი, ლამაზი და მაგარი ტანი, ისეთიც მეყოფა, ჟურნალებში რომ ბეჭდავენ. ასეთი ტანი რომ მქონდეს, ჟურნალებში მეც ხომ დამბეჭდავდნენ. მაგრამ იქ ჩემი სურათები არ არის, არ მაქვს ასეთი ტანი და იმიტომ. თვალებიდან ცრემლები მომდის, სახე სულ ტუშით გამეთხუპნა. რატომ ვტირი? იმიტომ, რომ ვერსად მივდივარ. აი, რატომ” – ამბობს “პორნოს” პერსონაჟი.
ეს ეპიზოდი და სმიტის გაცამტვერებული ოცნებები “პორნოს” შემაჯამებელ მონაკვეთად უნდა ჩაითვალოს. რომანში ბევრი იმედგაცრუებაა, მაგრამ Trainspotting-ის მსგავსად, “პორნოც” ზეიმობს, რომ ახალგაზრდობას გაძლების, თვითგადარჩენის უნარი აღმოაჩნდა.უილიამ ტრევორი
“ამბავი ლუსი გოლტისა”
The Story of Lucy Gault
By William Trevor
Viking Penguin, pp. 228, September 2002უილიამ ტრევორი ჩვეულებას არ ღალატობს და მუდმივი ალტერნატივების ძიებაშია. ეს ისეთივე ბუნებრივია მისთვის, როგორც ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანი ორი ფეხით დადის. მერყეობა მცირე ჟანრის მოთხრობებსა და რომანს შორის, ირლანდიის ცხოვრებიდან ინგლისის ცხოვრებაზე გადასვლა, ეროვნული და პირადი პრობლემების სინთეზი – ეს ყველაფერი მწერლისათვის დამახასიათებელია. ტრევორის ბოლო ნაწარმოები “ამბავი ლუსი გოლტისა” ჭეშმარიტად ირლანდიური რომანია და ისევეა გაჯერებული ეროვნული და პირადი ტკივილით, როგორც მისი ადრეული “ბედის ნებიერები” (Fools of Fortune)
ნაწარმოებს ირლანდიის დამოუკიდებლობის ისტორია უდევს საფუძვლად. რომანი იწყება 1921 წლის მოვლენებით და იმ დროში მთავრდება, როცა ქალაქში, რომელსაც ავტორი ენისეალას უწოდებს, “ქუჩაში მოსიარულენი მობილურ ტელეფონზე საუბრობენ”.
სულ რაღაც 200 გვერდი 80 წლის ისტორიას იტევს, თუმცა ეს მკითხველს სრულებითაც არ აცვიფრებს, მაგრამ არ აცვიფრებს იმიტომ, რომ მწერლური სიურპრიზებით ტრევორს ის ბევრჯერ გაუკვირვებია.
ბედისწერას სასტიკ ტრაგედიამდე მივყავართ. კაცმა რომ თქვას, ის, რაც მოხდა, შეიძლებოდა არ მომხდარიყო; და ალბათ ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ვიღაცას რომ უკან მოეხედა, ვიღაცას ორი სიტყვა ეთქვა, ვიღაცას აეხსნა, ვიღაცა უფრო ადრე გამოჩენილიყო. ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ ადამიანები ერთმანეთთან საუბარს გაურბიან, არ შეუძლიათ აღიარება და დუმილს ამჯობინებენ. მიზეზი შეიძლება იყოს რისხვა, სიამაყე, მწუხარება ან თავდაცვის ინსტინქტი… ტრაგედია კიდევ უფრო მძაფრდება, როცა მისი მიზეზია სტოიციზმი, გარეგნული თავდაჭერილობა, სიყვარულის მცდარი კონცეფიცა ან თუნდაც ნამდვილი სიყვარული. მკითხველმა ისიც კი შეიძლება გაიფიქროს, ამ წიგნის დაწერა მწერალს რაღაც არაამქვეყნიურმა ძალამ შთააგონაო. ტრევორი სიფრთხილით ეკიდება თითოეულ დეტალს. რეალობა ასეთი ულმობელი არ უნდა იყოს, ადამიანი უნდა გამოფხიზლდეს – ეს ქვეტექსტი ყველა ეპიზოდში იკითხება. რომანის დასასრული, სადაც მკითხველი 80 წლის მთავარ გმირს შეხვდება, თითქოს არ არის ტრაგიკული, თუმცა ადამიანის გულში ხომ არაფერი სრულდება.ჯონ აპდაიკი
“ეძიე ჩემი სახე”
Seek My Face
By John Updike
276 pp. New York: Alfred A. Knopf, November 2002აპდაიკის ახალი რომანი ხელოვნებათმცოდნეებსაც დააინტერესებს. აქ ავტორი შეეცადა ხელოვნების ისტორიისა და მხატვრული ლიტერატურის შერწყმას. შედეგი მართლაცდა უჩვეულო გამოდგა; თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მწერალს დაავიწყდა ერთი ჭეშმარიტება, რომ ხელოვანის საქმე და მისი შინაგანი სამყარო მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. კრიტიკოსებმა არც აპდაიკის მიერ დახატული პერსონაჟები მოიწონეს: პერსონაჟები სქემატურია, მათში ხასიათი არ არის დაჭერილი, მთავარი გმირი ჰოუპი თითქმის უსახურია, მეორე გმირი – ზეკი კი მწერალმა ლამის უცვლელად გადმოიღო პირველწყაროდან. აპდაიკისთვის უჩვეულო რომანში ისაა, რომ მას არასოდეს მიუქცევია ასეთი მცირე ყურადღება ნიუანსებისა და მუსიკალურობისათვის. ყველა გვერდზე შეხვდებით გაწყვეტილ წინადადებებს.
რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხელოვნების ერთ დარგზე საუბარი მეორე დარგის მეშვეობით. როგორც წესი, ასეთი მცდელობა იშვიათად თუ ყოფილა წარმატებული. ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი თომას მანის “დოქტორი ფაუსტუსია”.
ერთ-ერთ მინაწერში მკითხველისადმი აპდაიკი წერს, რომ მისი რომანი მხატვრული აზროვნების ნაყოფია და მასში არაფერია აბსოლუტურად სინამდვილიდან აღებული. თუმცა, იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ დეტალების დიდი ნაწილი აღებულია სტივენ ნაიფეს და გრეგორი უაიტ სმიტის 1989 წლის ბიოგრაფიული თხზულებიდან – “ჯეკსონ პოლოკი: ამერიკული საგა” და კლიფორდ როსის ანთოლოგიიდან – “აბსატრაქტული ექსპრესიონიზმი: შემოქმედები და კრიტიკოსები”.
“ეძიე ჩემი სახე” მოგვითხრობს ამერიკელი მხატვრების – ექსპრესიონისტების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, როგორ ჩაუდგა მათ სათავეში ჯექსონ პოლოკი და როგორ მოახერხეს ამ ადამიანებმა ომის დამთავრების შემდეგ სულ რაღაც ათი წლის განმავლობაში ევროპელებისგან განცალკევება და იმ თვითმყოფადი კულტურის შექმნა, რამაც ნიუ-იორკი ხელოვნების სამყაროს დედაქალაქად აქცია.
მოქმედება ხდება ვერმონტის შტატში. აპრილის დასაწყისის ერთ ჩვეულებრივ დღეს, ჰოუპ ჩაპეტცის სახლში. ჰოუპ ჩაპეტცი მხატვარ ზაკ მაკოის (პოლოკის პროტოტიპი) მეუღლე და მხატვარ გაი ჰოლოუეის ქვრივია, ის თვითონაც ხელოვანია. ახალგაზრდა ჟურნალისტი კეტრინი ომის შემდგომი პერიოდის ამერიკული ხელოვნების ისტორიის შესწავლას გადაწყვეტს და ჰოუპს ეწვევა ინტერვიუს ჩასაწერად. მთელი დღე ილაპარაკებენ, საუბარი ძირითადად ჰოუპის – 78 წლის ქალის მოგონებებისგან შედგება, მკითხველის თვალწინ ხელოვანთა ცხოვრება და პორტრეტები წარმოჩნდება. თუმცა, კრიტიკოსებს თუ დავესესხებით, რომანი შეიძლება ვერც დაეხმაროს მკითხველს “იმ სახის ძიებაში”, რომლისკენაც ის მიილტვის, რადგან ხელოვანები მაინც მიუწვდომელნი არიან. ერთი რამ კი ცხადია: წიგნში მკითხველი ნამდვილად ბევრ საინტერესოს აღმოაჩენს, იმას, რაც დაფარულია და რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერც კი ვამჩნევთ.ცვეტან ტოდოროვი
“უსასრულო ბაღი: ჰუმანიზმის მემკვიდრეობა”
The Imperfect Garden: The Legacy of Humanism
By Tzvetan Todorov
Translated by Carol Cosman
Princeton University Press, pp.264, March 2002ერთი შეხედვით, 60-70-იანი წლების ფრანგი სტრუქტურალისტისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, ცვეტან ტოდოროვის რომანი “უსასრულო ბაღი” მავანსა და მავანს შეიძლება მწერლის შემოქმედების უკუსვლად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. უბრალოდ, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ეს წიგნი ფრანგული ლიტერატურის კლასიკაზეა ამოზრდილი და მთლიანად ფრანგ მკითხველზეა გათვლილი.
ტოდოროვი ჰუმანისტების ზნეობრივ ფილოსოფიას ასე ლაკონურად ახასიათებს: “მათი უნივერსალურობა, შენი სასრულობა და ჩემი ავტონომია”. ნებისმიერი ინდივიდი ავტონომიური სუბიექტია, ზნეობრივი არჩევანი მოყვასისთვის სიკეთის გაკეთებას, მოყვასის კეთილდღეობის საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა დაყენებას ნიშნავს. მხოლოდ მაშინ დაერქმევა მთელ კაცობრიობას ჰუმანიზმის სახელი, – წერს ტოდოროვი.
ტოდოროვის ნაშრომი მულტიკულტურული აზროვნების შედეგია. ამასთან, აქ ბევრ ლიტერატურულ-ფილოსოფიურ სიახლესა და მიგნებას წააწყდებით.
“უსასრულო ბაღის” ავტორი ტოლერანტული, გამგებიანი და ბრძენია შეფასების დროს. ტოდოროვი თავის ნააზრევს სისტემურად გადმოგვცემს, სწორედ ისე, სტრუქტურალისტს რომ შეეფერება, და XVI და XIX საუკუნეების საფრანგეთის ჰუმანისტური აზრის შთამბეჭდავ სინთეზს გვთავაზობს. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ტოდოროვის შეხედულებები კაცობრიობაზე, საზოგადოების ცხოვრებაზე, პოლიტიკასა თუ ზნეობრიობაზე მკითხველისთვის იმედისმომცემია.სალმან რუშდი
“გადააბიჯეთ ამ ზღვარს”
Step Across This Line
By salman Rushdie
New York: Random House, pp.402, September 2002“გადააბიჯეთ ამ ზღვარს” – ასე ჰქვია სალმან რუშდის ახალ კრებულს, რომელსაც სახელი ამავე წიგნში შესული ლექციების ციკლის მიხედვით დაერქვა. ლექციათა დიდი ნაწილი 11 სექტემბრის მოვლენებს ეხმიანება. მწერალი ყველა ხელოვანს მოუწოდებს, გაილაშქრონ ძალადობის წინააღმდეგ, იბრძოლონ, რათა ხალხი გამოფხიზლდეს და ბოლოსდაბოლოს, ჩვენი მსოფლხედვა შეიცვალოს. მთავარი საკითხი, რაც დღესდღეობით ყველაზე მწვავედ დგას, არის ღირებულების საკითხი, – ამბობს რუშდი და ეს ღირებულება ხელოვანის სამშობლოა.
აიათოლა ხომეინისა და ბრიტანელი პოლიტიკოსების ღალატის შემდეგ სალმან რუშდი კვლავ კალმით დაწერილი სიტყვის ერთგული რჩება. კრებულში შესული ესეები ძირითადად ლიტერატურას ეძღვნება. იგი მოიცავს ე.წ. “ჟამიანობის წლების” რჩეულ ესეებს (ამ სახელით მოიხსენიებდა რუშდი იმ პერიოდს, როდესაც მას სიკვდილით ემუქრებოდნენ, ხოლო ის მხარდაჭერა, რომელსაც მავანნი იჩენდნენ მის მიმართ ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ წრეებში, მხოლოდ მოჩვენებითი იყო).
კრებულის ყველაზე სუსტ სექციად კრიტიკოსები ჟურნალისტურ ნაშრომების სექციას ასახელებენ. აქ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საგაზეთო სვეტებია წარმოდგენილი. ეს სტატიები რამდენიმე წლის წინ საკმაოდ დროული ჩანდა, ახლა კი პრინციპში ტრივიალურია. თუმცა გაზეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, უჩვეულო აქ არაფერია: 2000 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ საგაზეთო წერილი მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის პაროდიას წარმოადგენს – აშშ მოხერხებულად იყენებს უსამა ბენ ლადენის ფიგურას, როგორც ბოროტ ძალას, ჩვენ, ბავშვები რომ დაგვაშინოს. ამავე წლის ბოლოს დაწერილ პუბლიკაციაში მწერალი ვარაუდობს, რომ ბუში და გორი ძალაუფლებას გაინაწილებენ და ა.შ.
თუ ეს კრებული მკითხველს დაამახსოვრდება, ისევ ზემოხსენებული ლექციებისა და მათი თანმდევი ესეების წყალობით. აქ რუშდი თავის ჩვეულ ამპლუაშია, გვიამბობს ადამიანურ ფასეულობებზე. ხაზები, რომლებიც გადაიკვეთება, ორგვარია. არსებობს საზღვრები და არსებობს მსაჯულთა – ხელისუფლებისა და ხელისუფალთა ზღვარი.
ამ თემაზე საუბრის დროს მწერალი აკრიტიკებს “პატივისცემის” იდეას, როგორც დიალოგის წინააღმდეგ მიმართულ იარაღს. “ჩვენგან მოითხოვენ, დავუპირისპირდეთ ამ რწმენას (რელიგიური ექსტრემიზმის იდეებს) და ის დანაშაულად, მოძველებულად, მცდარად აღვიქვათ. არადა, ასეთი განდგომა “პატივისცემის” კონცეფციასთან შეუთავსებელია.
საინტერესოა რუშდის რემინისცენციები “ჰიბრისის” თემაზე: “ღმერთები გვეუბნებიან, იყავი ის, რაც ხარ და იცოდე შენი ადგილი – ასეა მიღებული, თორემ სინამდვილეში მითები საპირისპირო ინფორმაციას შეიცავს – არ დახარო თავი, არ უნდა იცოდე, სად არის შენი ადგილი, გამოიწვიე ღმერთები და გაოცდები, იმდენ ღმერთს აღმოაჩნდება თიხის ფეხები.”
“რა არის ის საკითხები, რაზეც ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, – კითხვას სვამს რუშდი, – კოცნა საჯარო ადგილას, ბეკონის სენდვიჩი, უთანხმოება, გაშიშვლებული მოდა, ლიტერატურა, დიდსულოვნება, წყალი, მსოფლიო რესურსების თანაბარი და სამართლიანი განაწილება, ფილმები, მუსიკა, აზროვნების თავისუფლება, სილამაზე, სიყვარული… ჩვენ უნდა ავირჩიოთ ცხოვრების სწორი – უშიშარი გზა და ჩვენ გავიმარჯვებთ.”
“გადააბიჯეთ ამ ხაზს, – ამბობს რუშდი, – მაგრამ უკან აღარ დაბრუნდეთ, თქვენ ვეღარასოდეს შეძლებთ შინ დაბრუნებას…”ჰამფრი კარპენტერი
განრისხებული ახალგაზრდები: 50-იანელთა ლიტერატურული კომედია
The Angry Young Men: A Literary Comedy of the 1950s
By Humprey Carpenter
Allen Line, pp.244, March 2002მწერლებს და, საერთოდ, ხელოვანებს უყვართ, როცა მათ ბიოგრაფიებსა და შემოქმედებას კრიტიკოსები ინდივიდუალურ ჭრილში განიხილავენ, კრიტიკოსები კი ხელოვანთა ერთი რომელიმე ჯგუფის შემოქმედებითი თავისებურებების აღწერას ამჯობინებენ. კარპენტერს ორივე სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს – მას ცალკეულ ცნობილ ადამიანთა ადამიანთა ბიოგრაფიებიც შეუქმნია და ჯგუფური პორტრეტებიც. კარპენტერის ნაწარმოებები სასიამოვნოდ იკითხება, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, ამ ჟანრის ლიტერატურაში ბევრი უზუსტობა იპარება ხოლმე, რადგან მწერალს ცალკეულ პიროვნებათა ფსიქოლოგიურ სიღრმეებზე მეტად ამბის თხრობა უფრო აინტერესებს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ კარპენტერის რომანში უზარმაზარი ინფორმაცია და დიდი შრომაა ჩადებული.
ახალი წიგნი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის რუკაა, ოღონდ ბიოგრაფიული რუკა, სადაც მთელი თაობის ცხოვრებაა აღწერილი: ფილიპ ლარკინი, კინგსლი ემისი, ჯონ ოსბორნი, ჯონ უეინი, ჯონ ბრეინი და კოლინ უილსონი. ეს ადამიანები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ, ამავე დროს, ერთ თაობას – 50-იანელებს ეკუთვნოდნენ და ბევრი საერთო პრობლემა აღელვებდათ.
მარტო ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების სახელების ხსენებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ახალმა წიგნმა მკითხველი ჩაითრიოს. ისინი განრისხებული თაობის წარმომადგენლები იყვნენ, თაობისა, რომელსაც ყელში ამოუვიდა მეკავშირეთა გამარჯვების სიხარული, მშობლების გაუთავებელი ჩიჩინი, ხელისუფალთა დირექტივები და სტატუს კვო. და ისინი ეძიებდნენ გამოსავალს ცხოვრების გადახალისებისათვის.
კარპენტერის წიგნში მკითხველის თვალწინ გადაიშლება 50-იანელთა მშფოთვარე ცხოვრება, რომელიც მისთვის ყოველთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა.მოამზადა თამარ სუხიშვილმა
© “წიგნები – 24 საათი”






