სევდიანი ჩანაწერები
© ჩვენი მწერლობა
დღევანდელ ნომერში ერთი ამერიკელი კრიტიკოსის საინტერესო ესეს ნახავთ ბერძენი პოეტის, იორგოს სეფერისის შესახებ. იქ ერთ ლექსზეა საუბარი, ლექსს “ელენეს” ჰქვია. მას “ჰომეროსის მითის ევრიპიდესეული გამანადგურებელი ვერსია უდევს საფუძვლად, რომლის მიხედვითაც ელენე არასდროს ყოფილა ტროაში და ამხელა ომი მხოლოდ მოჩვენების გამო გაჩაღდა. მთხრობელი კი, ერთ-ერთი ბერძენი ჯარისკაცი, ვერ ახერხებს, ჩასწვდეს იმ ფაქტს, რომ “ამდენი ტკივილი, ამდენი სიცოცხლე/ მიეცა უფსკრულს/ ელენეს ცარიელი ღამის პერანგის გამო”.
ნაცნობი სიტუაციაა. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ სტრიქონებს ქართველი მკითხველი გაცნობისთანავე შეავსებს თავისი გამოცდილებით, სისხლით, რომელიც უკვე წლებია იღვრება ასეთი “ცარიელი ღამის პერანგების გამო”.
მიკვირს, რატომ არ ამჩნევენ ევრიპიდეს ამ გენიალურ იდეას ქართველი რეჟისორები? იქნებ უბრალოდ ალღო და გაბედულება არ ჰყოფნით? ეჭიდებიან ათეულობით თითიდან გამოწოვილ მოდურ იდეას, უხეშად აქართულებენ პიესებს, აწყობენ კლოუნადებს, რეალობის პირისპირ კი არავინ ჩერდება, არც რეალობად შემოსაღებულ “ცარიელ ღამის პერანგზე” ამბობს ვინმე სიმართლეს.
ეს საყვედური მარტო თეატრს არ ეხება, იგივე სიტყვებს გავიმეტებდი თანამედროვე ქართული პროზისთვის და პოეზიისთვისაც. თუმცა დღევანდელი ნომერი გამონაკლისია, ამ შემოდგომაზე, როგორც ჩანს, რამდენიმე პოეტს მწარე მოსავალი მოუვიდა.
დღევანდელ ჩვენს ნომერს პირობითად “სიმართლის პოეზია” შეგვიძლია ვუწოდოთ, სადაც განსხვავებული თაობისა და მსგავსი გულისცემის ორი პოეტი, ბესიკ ხარანაული და ზვიად რატიანი თავიანთ სიმართლეს ამბობენ. ამბობენ მწვავედ, გულახდილად, სინანულით.
ბესიკ ხარანაული ლექსში უძველეს მეტაფორას მიმართავს, იყო დრო, როცა პოეტებს თავისივე სტრიქონები მიადგებოდნენ საყვედურით, ანდა მათ თავად პოეტი აგზავნიდა ხოლმე დავალებებით, ხან ვიღაც მეძავთან, ლექსების რვეულის გამოსასყიდად, ხან იმპერატორთან, თავის მოსაქონად, ხანაც ვაჟიშვილთან, გასამხნევებლად. როგორც აღმოჩნდა, სტრიქონები ჩვენს დროშიაც აკითხავენ ავტორს: “რომ გავიხედე და… კარს მომდგომოდა ჯოხის რაკუნით/ ჩემივ ნათქვამი, წლების უკან დაწერილი ჩემივ სტრიქონი/ და დამცინავად დამკითხავდა ბრაზიანი ხმით:/ – “სიღარიბის ნოსტალგია ისევ ღარიბს ეწვევა ხოლმე!” – ასეა, არა?/ ნაღარიბალო!”. ასე ამბობს წლების წინ დაწერილი სტრიქონი და თან ავტორს ქუჩაში მიერეკება, უმოწყალოდ სცემს, ძუნძულით დაატარებს ქუჩებში, ერთ სურათად ანახებს მთელ ქალაქს.
ზვიად რატიანი კი პირდაპირია, ძველებურად მრავალხმიანი, სადაც “ჩვენ”-აა მთავარი და არა “მე”, “ისინი” და არა “იგი”: “ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ/ და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,/ არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს/ და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ/ ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს”. ვინც ზვიადის ლექსებს იცნობს, ეს “ჩვენ” ადვილი ამოსაცნობი იქნება, პირველ რიგში ერთი უძველესი ლექსიდან: “ჩვენ ხომ აქ ვმდგარვართ. ჩვენ ხომ აქ დიდხანს…”, შემდეგ ამოძახილით: “რა დავაშავეთ ჩვენ, ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით,/ ვერც დავიხოცეთ?” და ბოლოს “მამებიდან”: “ისინი აწყობდნენ ლამაზ საღამოებს./ ისინი აწყობდნენ ძნელზე ძნელ საქმეებს./ ისინი აწყობდნენ მზრუნველ ხელისგულებს საყვარელი შვილების მხრებზე და/ აწყობდნენ, უსასრულოდ აწყობდნენ გეგმებს.”
“მამების” დაწერიდან, თუ არ ვცდები, უკვე, 10 წელი გავიდა. 10 წლის წინ მამებს ყოფნიდათ თავხედობა “დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ”, ახლა კი მხოლოდ “სიზმრებია”, სადაც „უწყვეტად/ ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,/ სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან/ და აღვიძებენ”.
ამ ბოლო სტრიქონმა ბესიკ ხარანაულის ერთი დიდი ლექსი გამახსენა, და გულში შეცდომით წამომცდა: „სად არიან მამები? მამები სად არიან?“ და რადგან იმ ერთხელ ნაფიქრში მეორეჯერ ვეღარ შევაღწიე, დასასრულისთვის მხოლოდ ერთი ხმელი აზრი შემომრჩა: ეს ორი ლექსი პოეტური მამა-შვილის დიალოგია, მკაცრი და გულახდილი დიალოგი.
2008
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
ვერა ნეფარიძე
ფრთხილად, ჯონ!
ნუგზარ ერგემლიძე, Back in the USSR. თბ. “საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია”, 2002.
ამ წიგნის სათაურისა და გარეკანის გამო, შესაძლოა, თავიდან ჩემსავით შეცდეთ და იფიქროთ, რომ თქვენს ხელთაა ცნობილი მომღერლის ტკბილი მოგონებების კრებული. თავად სახელწოდება Back in the USSR და გარეკანზე “ბითლზების” სტილში გადაღებული “ორერას” ფოტოც დაგაიმედებთ, რომ წინ გელით ათასგვარი ისტორიები, თუ როგორ გაუსინჯეს გემო “აკრძალულ ხილს” ქართველმა მელომანებმა და ა.შ.. მაგრამ, დაიწყებთ თუ არა კითხვას, მიხვდებით, რომ წიგნი ნუგზარ ერგემლიძის ორიგინალური პროზაა, ე.წ. Fiction. აბა, სხვაგან სად წაგიკითხავთ იმ ედუარდ შევარდნაძეზე, რომელიც ჯერ არც კომპარტიის პირველი მდივანი გამხდარა, არც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი და არც საქართველოს პრეზიდენტი. ან თავად ჯონ ლენონზე, ჯერ კიდევ რომ არ მიუღწევია დიდების მწვერვალს…
მათ გარდა წიგნში კიდევ რამდენიმე ისტორიულ პიროვნებას შეხვდებით, ავტორისთვის ხომ ეს სხვადასხვა ეპოქების შესადარებელი ერთგვარი ხერხია. ალბათ თავიდანვე უნდა ითქვას, რომ წიგნის მთავარი ღირსებაც სწორედ ეს იყოს – ისტორიულ პიროვნებებთან ერთად დროში მოგზაურობა, მოტივი, რომლითაც არც ისეა განებივრებული თანამედროვე ქართული ლიტერატურა.
არ ვიცი, რამდენად შეიძლება ირაკლი ჩიქოვანსა და ნუგზარ კალმახელიძეს ჩვენი თანამედროვეები ვუწოდოთ. მათი სახით წიგნს ორი მოგზაური მთავარი გმირი ჰყავს. ისინი პარალელურად ცხოვრობენ 90-იანების, 70-იანებისა თუ 60-იანი წლების თბილისში. წიგნიც ძირითადად, ამ პერიოდის ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობის საამაყო თუ სამარცხვინო მოვლენებსა და პიროვნებებს გვახსენებს; მოქმედებაც მათ ირგვლივ ხდება.
ნაწილობრივ, ცნობილი მოვლენების გამო, 1993 წელს ირაკლი ჩიქოვანის უფერულ ცხოვრებას (იმ დროისათვის ჩვეულებრივს) აბსოლუტურად შეცვლის ნუგზარ კალმახელიძესთან შეხვედრა. ეს ადამიანი გარკვეულწილად, ახალგაზრდა გმირის მასწავლებლადაც შეგვიძლია ვიგულოთ. “მოძღვარი” ჩიქოვანს ერთგვარ საიდუმლოს გაუმხელს, რისი წყალობითაც შემდეგში ირაკლი ჩიქოვანი საკუთარ წარსულში იმოგზაურებს და ამ გზით გადაწყვეტს, აარიდოს განსაცდელი სხვებს. საამისოდ ირაკლი ჩიქოვანი იგონებს სხვადასხვა მაქინაციებს, თუმცა ამ ხრიკებით იგი თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთი მეგობრის გადარჩენას შეძლებს. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლებოდა საქართველოს ისტორიაში, 1964 წელს რომ ვინმე კომკავშირელი შევარდნაძისთვის მისი მომავალი შეეტყობინებინათ? ნაწარმოების გმირისა და ამხანაგ შევარდნაძის რამდენიმე გულღია საუბრების მიუხედავად შეკითხვა წიგნის ბოლო ფურცლებამდე უპასუხოდ რჩება.
სხვადასხვა პერიოდის წარმოჩენის მცდელობისას ავტორს ცოტა ზედაპირულობაშიც შეიძლება შევედავოთ. 90-იანი წლების უფერულ თბილისს ირაკლი ჩიქოვანი მოკლედ ახასიათებს: “მეტრო ისევ არ მუშაობს. დენი არ არის! ენერგეტიკული კრიზისი ზაფხულშიც ახსენებდა თავს მოქალაქეებს. ტაქსი აღარ იყო თბილისში, ხოლო კერძო მანქანების მფლობელნი ისეთ თანხას ითხოვდნენ, უკიდურესი საჭიროებისათვის თუ შეიძლებოდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა”.
70-იანების თბილისი გარკვეული გაგებით უფრო ლაღია. წიგნის პერსონაჟები ბათუმში “ატარებენ დროს”; აქ გაიელვებს იპოლიტე ხვიჩიას პერსონა, რომლის შვილიც ირაკლი ჩიქოვანის მეგობარია; ისევე, როგორც 90-იანი წლების ახალგაზრდებს, მათაც უყვართ პოეზია, რაც ძირითადად, პირად საუბრებში ფრაზების გარითმვით გამოიხატება, მაგრამ, მაშინდელ ახალგაზრდებში მეტია სიახლისადმი სწრაფვა. დასავლეთში “სუპერსტარის” ეპოქაა. თბილისელმა მელომანებმაც გაუსინჯეს გემო ამ ნეტარებას და ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდ დატკბენ ამ მელოდიებისა თუ საბჭოეთში აკრძალული უცხოური ფილმების კადრებით. აი, სულ სხვაა 60-იანი წლები. აქ ავტორი ცდილობს ეპოქის სიდიადე უფრო გლობალურად აჩვენოს, რისთვისაც სწორ არჩევანს აკეთებს – მიდის ინგლისში, მუსიკალურ კაბადონზე ახლადგამოჩენილი “ბითლზების” სამშობლოში. თბილისში ამ დროს “ორერაა” ერთადერთი და უნიკალური. მახსოვს, ბავშვობაში მესმოდა ხოლმე, უცხოეთში “ორერას” მოუსმინეს და “ბითლების” დონის შეფასება მისცესო, – როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას თანამედროვე საქართველოშიც იზიარებენ…
რაც შეეხებათ პერსონაჟებს, წიგნში შეხვდებით: ნოდარ დუმბაძეს, “ორერას”, მთელი თავისი შემადგენლობით; იპოლიტე ხვიჩიას; გაიელვებს მიშა ფოფხაძის (რომელსაც რადიო “თავისუფლების” მსმენელი ლუკა ბეთანელის სახელით უფრო იცნობს) სახელიც, რომელიც საბჭოთა კავშირიდან თავშესაფარს დასავლეთში აღმოაჩენს; ერთ პასაჟში თავად წიგნის ავტორის, ნუგზარ ერგემლიძის პერსონაც ჩნდება, ისმის მერაბ სეფაშვილის სახელიც – ეს ის ხალხია, ვისთან ერთადაც წიგნის ავტორს შემოქმედებითი თუ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა;
ნაწარმოების ერთ-ერთი ნაკლი ალბათ ბანალური დიალოგებია. ასეთ დიალოგებში ავტორი ცდილობს წარმოაჩინოს “ჩვენი”, ძირითადად კი, ქართველი მამაკაცების ხასიათი; როგორია ქართველი მოსკოვში – არხეინი, მფლანგველი, “ურა-პატრიოტი” და ა.შ. როგორ სვამს და ასმევს “ჩრდილოელებს” საკუთარი სამშობლოს სადღეგრძელოებს და როგორ აღაფრთოვანებთ მასპინძლებს მისი (ამ შემთხვევაში, ირაკლი ჩიქოვანის) სამშობლოსადმი ასეთი ერთგულება და სიყვარული.
არ ვიცი რატომ, ყველაზე სახალისოდ ბოლო გვერდები მომეჩვენა, სადაც ლიტერატურული ფანტაზიის წყალობით, წიგნის მთავარი გმირისა და “ორერას” ინგლისში მოგზაურობაა აღწერილი. როგორ გააოგნეს საბჭოთა ქართველმა მუსიკოსებმა თავად ჯონ ლენონი (ოღონდ, კიდევ კარგი რომ არა საკუთარი მუსიკალური შემოქმედებით), დროში მოგზაურობის შესაძლებლობებითა და მომავლის (მათ შორის, თავად ჯონ ლენონის) წინასწარმეტყველებით; ირაკლი ჩიქოვანი საუკუნის ვარსკვლავს 1980-ში თაყვანისმცემლის ხელით მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ შეატყობინებს. “იცით, რა? მომკლან, არ დავეძებ”, – წაიკითხავთ წიგნის დასასრულს ლენონის ერთ-ერთ უკანასკნელ ფრაზას, რომელიც მან ქართველ მოგზაურს გაანდო. ცოტა სასაცილოა, თუმცა რა – ლიტერატურული ფანტაზიის საზღვრები ხომ დაუდგენელი, ხოლო ლიტერატორის “თავნებობა” – შეუზღუდავია?!
ავტორს, მისივე დებიუტანტობის გამო უდაოდ უნდა ვაპატიოთ თითო-ოროლა გაუმართავი წინადადება, მაგალითად ასეთი: “ჩიქოვანი მოძრაობაში ტელეფონის დარეკვით გამოწვეულმა საჭიროებამ მოიყვანა”. ნუგზარ ერგემლიძის მხატვრული შედარებებიცა თუ მეტაფორებიც თავისებურია. ზოგადად კი, ავტორის ლიტერატურული ენა თანამედროვე, ადვილად გასაგებია და ამიტომაც, ამ წიგნის წაკითხვა ერთი ამოსუნთქვით შეიძლება და საბოლოო ჯამში, ალბათ მისასალმებელია, რომ მომღერალმა ახალ ამპლუაში გამოჩენა კიდევ ერთი ორიგინალური ხერხითაც სცადა.
© “წიგნები – 24 საათი”