• ესე (თარგმანი)

    სიყვარულის საიდუმლეობათა ფრანგული გასაღები

    ჟოელ ბასტენერი

    ფრანგული კულტურის ცენტრის დირექტორი

    სიყვარულის საიდუმლეობათა ფრანგული გასაღები

    როდესაც სიტყვა სიყვარულზე ჩამოვარდება, ფრანგი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, – მყისვე ენად გაიკრიფება, საკუთარ აზრს გაგიზიარებს, სასუბრო თემის შესაფერის ანეკდოტს გაიხსენებს, დაბოლოს, რაიმე ბრძნულ გამონათქვამსაც მოაყოლებს. ფრანგები ამაყობენ იმით, რომ ესოდენ ლაღად შეუძლიათ ილაპარაკონ სიყვარულზე და ეს უძველესი უპირატესობა სიტყვისა სავსებით გამართლებულად მიაჩნიათ, რადგან ამ გრძნობის არა მხოლოდ ცხოვლად განცდა, არამედ მასზე გადამწყვეტი, მჭექარე აზრის გამოთქმაც ხელეწიფებათ. ფრანგისთვის რაღა სიყვარული და რაღა პეწით გაშლილი სუფრა: ამ სიამოვნებათა შესახებ ფრანგებზე მეტი აბა ვის უთქვამს? ეს განსაკუთრებით იგრძნობა მწერლობაში: არც ერთი ქვეყნის ლიტერატურას არ დაუთმია ამდენი ადგილი სიყვარულისთვის, ესოდენ ხაზგასმით არ წარმოუჩენია, ვინ იცის საიდან მოყოლებული, ამ უნივერსალური პრობლემის უკლებლივ ყველა მხარე და წახნაგი, ესოდენ დაწვრილებით არ აღუწერია გრძნობის საფეხურები და განსხვავებული ფორმები, სექსის “დახვეწილი მანერები” თუ გარყვნილების სიღრმეები. ტრუბადურებიდან კრისტინ ანგომდე, – მადამ დე ლაფაიეტი, გიიომ აპოლინერი და ანდრე ბრეტონიც გავიხსენოთ, – ვინ მოსთვლის რამდენი რამ შევიცანით და რამდენი რჩევა თუ შეგონება მოვისმინეთ, – ფრანგული ლიტერატურა ნებისმიერ კითხვას უძებნის პასუხს, რადგან, როგორც სამართლიანად აღნიშნავს მწერალი და ფილოსოფოსი ფილიპ სოლერსი: “არც ერთ ქვეყანას არ შეუქმნია ესოდენ წინააღმდეგობრივი ლიტერატურა, რამეთუ სხვაგან ვერსად შეხვდებით გვერდი-გვერდ კლოდელს და ვოლტერს, სადს და მადამ დე სევინიეს…”
    მრავალსაუკუნოვან, თაობიდან თაობაში გარდამავალ სიყვარულის ჰერმენევტიკის სადარ ტრადიციას კარგად ახსოვს განსაკუთრებული ზეობის პერიოდები: XII-XVIII საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული, XX საუკუნის დასაწყისში და შემდეგ, 1960-70-იან წლებში განვითარების უმაღლეს საფეხურზე ასული ტოტალიტარული ნორმატიული წესის წინააღმდეგ მიმართული რეაქცია, ახალი საუკუნის დასაწყისში ძალებს იკრებს, რათა წინ აღუდგეს უცხოური ლიტერატურების მომძლავრებულ მაცდუნებელ კონკურენციას. ამ აღზევებას თან ახლავს, ლიტერატურაში სექსის და ამასთან ერთად, ღვთიურ მადლს მოკლებული ადამიანის მარტოსულობის განცდის კიდევ მეტი სიმძაფრით წარმოჩენა, რაც, ცხადია, უკავშირდება ეპოქისთვის დამახასიათებელ ყოვლისმომცველ ცინიზმს, რომელიც სრულიად აუფასურებს კეთილ გრძნობებს და “გულის სწრაფვებს”. მერე კიდევ, უკანასკნელი ორი საუკუნის ლიტერატურასა და ფილოსოფიაში სიყვარულის აურას თუ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ წარსულში სენტიმენტალიზმი იშვიათი მოვლენა იყო და ფრანგები, რომლებიც მუდამ ამაყობდნენ სიყვარულის მეცნიერების ზედმიწევნით ცოდნით, არც სულიერი კავშირისა და ერთგულების ქიმერებს წყალობდნენ და არც სხეულის ჯადოს მორჩილებას. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ქირქილით კითხულობს გაზეთში მოსახლეობის უმრავლესობისთვის საძულველი, მუდმივი დაცინვის სამიზნედ ქცეული საზოგადოებრივი ინსტიტუტის, ქორწინების მაცნე განცხადებას, საბოლოო ჯამში, ის მაინც დარწმუნებულია, რომ ოჯახური სიკეთეების დამცველმა კავშირებმა აუცილებლად უნდა სძლიონ გულის ცვალებადობას და სურვილის კონვულსიებს.

    სწორედ ამ “იძულებით სიბრძნეს” ადასტურებს ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობა, განსაკუთრებით, ბალზაკის შემოქმედება. საზოგადოებრივი აუცილებლობის წინაშე ქედის მოხრა და საკუთარი მარცხის მწარე აღიარება თავისუფლების მეხოტბეთ და ბურჟუაზიული სათნო სიმშვიდის შეურიგებელ მოძულეთ თვით სიყვარულის ძაგებისკენ უბიძგებს. ერთი საშინელი გაფრთხილება ჟორჟ ბატაის ეკუთვნის: “ჩემი ვნება სიყვარულისა გადაჰყურებს სიკვდილს, ისე, როგორც ფანჯარა ეზოს”. მსგავსმა თავბრუსხვევამ თავისი დაღი დაასვა პრუსტს და მორიაკს, ისევე, როგორც უელბეკს (მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს თვითონ! იხ. ინტერვიუ). სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ტანჯვა, მონობა, უბედურება და ასე და ამგვარად… ჭეშმარიტი სიბრძნე მისგან გარიდებას გვირჩევს. მორალისტები (აი, კიდევ ერთი წმინდად ფრანგული ხელობა), გრძნობებზე მხოლოდ იმიტომ გვესაუბრებიან, რომ ყველას დასაცინად, სამზეოზე წარმოაჩინონ მათი სიყალბე. ფრანგული მაქსიმებისა და აფორიზმების სისტემა მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის გასაღებს Gგვთავაზობს და სწორედ ამას უნდა უმადლოდეს საკუთარ წარმატებას. ცნების “გასაღები” ხმარება მაშინ, როდესაც საუბარი ეხება ესოდენ ცვალებად, პირადულობის ნიშნით დაღდასმულ თემას, ნიშნავს ილაპარაკო ზოგად ფრაზებზე, გაცვეთილ ტერმინებზე და უნდობლობაზე, რომ არ ვთქვათ, ზიზღზე, ე. ი. ყოველივე იმაზე, რაც არის სათავე სექსუალური წრეგადასულობისა. სწორედ სექსუალური უზომობაა სარჩული თავშეკავებულობისა (აბსტინანცია), რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრისტიანული დასავლეთის ისტორიაში. ამაღლებული გრძნობების წინააღმდეგ მიმართულ სარკაზმს ბადებს ილუზიების მსხვრევა, თუმც კი მათ ნაჭდეურებს ვხვდებით სექსუალური თავაშვებულობისა და ბისექსუალიზმის მეხოტბეებთან, თუნდაც ბრიუკნერისა და ფენკილკროტის სკანდალურ ტექსტში “ახალი სასიყვარულო უწესრიგობანი” (იხ. ქვემოთ).
    ნიშნავს ეს, რომ ფრანგებს სექსი უფრო იზიდავს, ვიდრე გრძნობა და რომ ხსნა მხოლოდ გულის ტოტალურ უარყოფაშია? ის, ვინც ამ ფაქტს ადასტურებს, შამფორის (1740-1794) სინანულს იზიარებს: “სიყვარული, იმ სახით, როგორც ის საზოგადოებაში არსებობს, მხოლოდ ორი ფანტაზიის ურთიერთობა და ორი ეპიდერმის კავშირია”. ბრუკნერი სინანულს გამოთქვამს, რომ სექსუალურ თავისუფლებაზე დისკურსმა დაგვავიწყა არც თუ ისე იდეალისტური ხასიათის “გულის რომანებისთვის” დამახასიათებელი სენტიმენტალური აღსარებანი და ისიც, რომ ძველი მწერლები ამაღლებულ სიტყვებს ერთობ “მიწიერ” მნიშვნელობას შესძენდნენ. გავიხსენოთ თუნდაც აბელარის დასაჭურისება ყოვლად უვნებელი “ლირიკული აღმაფრენის” გამო. იმის თქმაც საკმარისია, რომ ამაღლებული სიყვარულისა და ვულგარული გრძნობიერების დაპირისპირება სასიყვარულო თავგადასავლებით მოყირჭყებული, ყალბი “ცხოვრების გამფლანგველების” მიერ მოგონილი ტრუიზმია. ოვიდიუსის და კაზანოვას კვალდაკვალ, შოდერლო დე ლაკლომ, სტენდალმა და ბევრმა სხვა დიდმა მწერალმა კარგად უწყიან, რომ ის, ვინც ორმხრივი სიამოვნებისგან რაიმე გამორჩენას ელის შემწედ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები უნდა მოიხმოს და ენად უნდა გაიკრიფოს. მოგვიანებით, თემატური ნომრის გაცნობისას, ვნახავთ თუ როგორ იყენებს სულიერ აღტკინებას ზნეობრივი ცხოვრების ნორმების არც თუ ისე თავგადაკლული დამცველი ბენჟამენ კონსტანი, რომლის ნაწარმოები “ადოლფი”, მრავალგვარი სურვილის ხლართებში გაბმული ადამიანის ერთი გრძელი აღსარებაა.
    შეიძლება ვინმემ დაასკვნას, რომ მაღალი სწრაფვები დიდ წილად სიცრუესა და მოჩვენებითობას ეფუძნება. მართლაც, სურვილის გამოხატვაში ბევრია სიყალბე, უფრორე მაშინ, როდესაც ცდილობ სათქმელს რაც შეიძლება მეტი ხიბლი შესძინო. სწორედ ამას უპირისპირდება სტენდალი თავის ცნობილ ნაწარმოებში “სიყვარულის შესახებ”: “სიყვარულის მთელი ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად ითქვას ის, რასაც ამ წუთით თრობისას განიცდი”. ვგონებ, არც ისე ადვილი საქმეა, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს: ყველა მაცდუნებელს უნდა ახსოვდეს, რომ ქალის გულს ქათინაურებით ვერ მოიგებ, რადგან მან კარგად იცის, რომ ლამაზი სიტყვები ხორციელი სურვილივით წარმავალია. გამოდის, სიტყვები მხოლოდ იმას გამოხატავს, რაც უშუალოდ სხეულს, ხორციელს არ უკავშირდება, და რომ მხოლოდ ზუსტად მიგნებული სიტყვებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ სულიერ სიყვარულზე, რადგან გაუცნობიერებლად ვგრძნობთ, რომ ხსნის ერთადერთი გზა ღმერთის სამსახურია. ან იქნებ, იმის გამო, რომ სუბიექტი სხვა არაფერია, თუ არა ნაკრები ილუზიებისა და წარმოდგენებისა (რომელსაც, როგორც სტრუქტურალიზმი გვიმტკიცებს, იგი საკუთარ თავის შესახებ შეიქმნის), გრძნობებზე საუბარს არავითარი აზრიც არა აქვს?
    არა! მსგავსი უკიდურესობანი უცხოა ფრანგული ხასიათისთვის: საფრანგეთი მუდამჟამს იცავდა ზომიერების, მიმტევებლობის და კეთილგანწყობილი ჰუმანურობის პრინციპებს, რომლებიც არასოდეს უპირისპირებს ერთმანეთს გრძნობის ამაღლებულობას და ხორციელ ვნებას. აქ თავს იჩენს ჩვენი ყბადაღებული გულგრილობა, რომელსაც ასე გაცხარებით აძაგებდნენ სელინი, ბერნანოსი და მეოცე საუკუნის სხვა სახელოვანი მწერლები, თუმცა ამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო: ჩვენ ერთნაირად ვუპირისპირდებით თავშეკავებულობას და დონჟუანიზმისთვის დამახასიათებელ ფლობის ჟინს. ჩვენი ავტორები ამ ორ ცდუნებას შორის მუდამ შუალედურ პოზიციას ირჩევენ. მონტენის მოძღვრების მიმდევარნი, ხმას ვუწყობთ მორალისტს და მასთან ერთად ვაცხადებთ: “სამყაროს მოძრაობა ცხადდება სქესთა კავშირში და გამოიხატება სქესთა კავშირით, რამეთუ ეს არის ძალა, რომელიც ყოველივეს განსჭვალავს, ცენტრი, სადაც თავს იყრის ყოველი საგანი”. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ამ დებულების სისწორეს ბლეზ პასკალის, მკითხველის მიერ ნაკლებად დაფასებული, მცირე ზომის ტექსტიც ადასტურებს, რომელშიც პასკალი უარყოფს გონებისა და სიყვარულის ურთიერთდაპირისპირებას. ტექსტი გამოძახილია აღორძინების ჰუმანიზმისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პასკალის თანამედროვე ლაროშფუკოს ირონიასთან, რომლისთვის სიყვარულის გრძნობა სინამდვილეში არც არსებობს: “ჭეშმარიტი სიყვარული აჩრდილების გამოცხადებას ჰგავს, მათზე ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ცოტას თუ უნახავს”. ჩვენ ვულგარული სურვილების ტყვეობაში ვართ და ეს არის თავი და თავი იმისა, რომ ვერარა ძალისხმევით ვერ ვუახლოვდებით უანგარო სიყვარულის პრინციპს, რომლის არსი დაბადებიდანვე ჩასახულია ჩვენში და რომელსაც, ჩვენივე ნებით, ყურადღების ღირსად არ ვთვლით.
    ფრანგების სპონტანურ გონებაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ვნებისა და ტონის სიმსუბუქის, გულწრფელი გატაცებისა და ლიბერტინაჟის (ზნეობრივი ნორმების უგულველყოფა-გ. ე.) ბედნიერი შერწყმა, რომლის კვალი აშკარად საგრძნობია ჩვენი დიდი მწერლების უმრავლესობის შემოქმედებაში და რომელიც, ლიტერატურის სახელოვანი ქალბატონების (მარიამ ფრანგი, მარგარიტ ნავარელი) მიერ პირველად წარმოჩენილი, გრძელდება და გაცილებით მაღალ საფეხურზე ადის კრებიიონის, რეტიფ დე ლა ბრეტონის, სტენდალის, ფლობერის და მოპასანის ნაწარმოებებში. ტრადიცია გრძელდება პიერ ლუისის და ლუი არაგონის ლექსებში, ისევე, როგორც თანამედროვე “შანსონებში”. კრებიიონი უმცროსი (1709-1777) სასიყვარულო ისტორიის გადმოცემისას, მიზნად ისახავს წარმოაჩინოს სიყვარული მთელი სისავსით, ე.ი. სხეულიც და გულიც, რადგან ნებისმიერი სიყვარული ფიზიკურია ან მისკენაა მიდრეკილი და ამ სწრაფვის შეფერხება მტკივნეული განცდაა. სურვილი სამყაროს უზენაესი ჭეშმარიტებაა და ყოველივე სექსზე გველაპარაკება, ამრიგად, არ არის აუცილებელი, ალაპარაკო თვით სექსი. ამას ქალებიც აღიარებენ, – მადამ დე ლაფაიეტი “კლევის პრინცესაში” გადაკრულად, პერიფრაზებით უმხელს თავის შეხედულებებს მკითხველს. მისგან განსხვავებით, “წესიერად აღზრდილი ქალიშვილის მემუარებში” სიმონ დე ბოვუარი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღიარებს საკუთარ მრწამს. ის მამაკაცები, ვინც ყველაზე კარგად უგებს ქალებს, არა მხოლოდ ამართლებენ მათ მცდელობას, არამედ მათთან იდენტიფიცირებასაც ახდენენ. გავიხსენოთ ფლობერის ცნობილი ფრაზა: “ქალბატონი ბოვარი მე ვარ”.
    აი ის ზოგადი მიმართულება, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მიყვება ჩვენი ეროვნული პროზა. თუ კი მწერლები ზოგჯერ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მოქმედების წვრილმანების აღწერას, ეს იმიტომ, რომ მეტი სიმკვეთრით წარმოაჩინონ გრძნობები და ცოტას თუ ვნახავთ ისეთს, ვინც კრძალვით არ მიაგებს მისაგებელს სადს, რომლის მკითხველთა და თაყვანისმცემელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. საფრანგეთს ვერავითარი აღსარებით ვერ გააკვირვებ და ეს, გნებავთ, გულგრილობა ვუწოდოთ, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება შამფორის ღრმა რწმენას: “სიყვარულში ყოველივე ჭეშმარიტია, ყოველივე ყალბია და ის ერთადერთია, რომლის შესახებ სულელურს ან უაზროს ვერაფერს იტყვი”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • რეცენზია

    სოფიო კირვალიძე – ბერიკაობა

    სანდრო ჩხაიძე

    На деревню дедушке, Константину Макарычу

    სოფიო კირვალიძე, “ბერიკაობა”, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2003.

    პირდაპირ ვთქვათ, რომ ახალი ვარსკვლავი დაიბადა? არა, ნუ ვიჩქარებთ… მოდით, უფრო პროზაულ საგნებს მივაქციოთ ყურადღება, მით უმეტეს, რომ საქმე პროზასთან გვაქვს, თუმცა კი ბევრმა შეიძლება არ დაიჯეროს. მაშ ასე, საქართველოში უქმი ფსევდონიმების კორიანტელია: ყველამ იცის, რომ აკა მორჩილაძე გიო ახვლედიანია, ახლა იმასაც გეტყვით, რომ სანდრო ჩხაიძე კი არა, ნოდარ ლადარია ვარ. სარდაფში გამართულ ახალი წიგნის პრეზენტაციაზეც არავინ მოსულა ისეთი, რომელმაც წინასწარ არ იცოდა, რომ სოფიო კირვალიძე სინამდვილეში “24 საათის” მკითხველთათვის საკმაოდ ცნობილი ანა კორძაია-სამადაშვილია.
    …რომელიღაც მოთხრობაში ვლადიმირ ნაბოკოვი გამოგონილ მწერალს დაახლოებით ასე მიმართავს: რა თქმა უნდა, ქალი ბრძანდებით, მე ამას უცებ ვგრძნობ — ყველა თქვენს წინადადებას მარცხენა მხრიდან აკერია ღილები. მიხვდებოდა თუ არა ნაბოკოვი ტყუილს, ანა კორძაია-სამადაშვილს ფსევდონიმად რომ მამაკაცის სახელი აერჩია? ნაბოკოვისა რა გითხრათ, მე კი დავიბნეოდი. იმიტომ არა, რომ მოთხრობების ტექსტში ხშირად გვხვდება ის, რასაც განათლებული ადამიანები არანორმატიულ ლექსიკას უწოდებენ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები — უცენზურო სიტყვებს, ხოლო ეკლესიური მორწმუნენი — უხამსობას. არც იმიტომ, რომ კრებულში მოთავსებული მოთხრობები ნიჭის ყბადაღებული მამაკაცური სიძლიერითაა აღბეჭდილი. უბრალოდ, სოფიო კირვალიძესთან ერთად ქართულ ლიტერატურაში ერთი უჩვეულო სიახლე შემოვიდა…
    ოდესღაც რომის უნივერსიტეტის, “ლა საპიენცას” ერთი სტუდენტისათვის დავწერე სადიპლომო შრომა “ლიუდმილა პეტრუშევსკაია — რუსეთის ქალური პროზის თვალსაჩინო წარმომადგენელი”. სათაური აშკარად პოლიტკორექტულობამ (კინაღამ პროლეტკულტელობა დავწერე, მაგრამ ეს თითქმის ერთი და იგივეა!) უკარნახა იმ სტუდენტის ნომინალურ ხელმძღვანელს. ჩვენი ავტორის მისამართითაც გაისმა რამდენიმე მსუბუქი ღრენა — ფემინისტიაო. არ ვიცი, რამდენად სამართლიანია ეს თვალსაზრისი, მაგრამ სიახლე, რომლის შესახებაც წინა აბზაცის ბოლოს გაუწყეთ, შემდეგია: სოფიო კირვალიძის მოთხრობებით ქართულ ლიტერატურაში ქალური კი არა, უფრო unisex ლიტერატურა შემოვიდა. მის წინადადებებს ღილები არც მარცხნივ აკერია და არც მარჯვნივ — მისი წინადადებები ელვა-შესაკრავებითაა აღჭურვილი.
    მაინც რატომ უღრენდნენ ავტორს, ფემინისტიაო? ჩემი აზრით, ავტორი მხოლოდ სწორუპოვარი მთხრობელია, რომელსაც სიტყვები საგნებზე მეტად უყვარს. საგნები საერთოდ მხოლოდ ავტორის ნებას ემორჩილებიან, სინამდვილე, თუნდაც მტრული, მხოლოდ მაშინ მოჩანს სიტყვათა საფარველიდან, როცა ამას ავტორის გრძნობები და ახირებები მოითხოვს. აი, ამუშავდა ყველასათვის ცნობილი ახირება, რომელიც ქვეყნად ყველაზე დაჩაგრულ ადამიანად გახდომას გვიბრძანებს ხოლმე და მთხრობელის ცხვირწინ გაჩნდება მაღაზია, სადაც მთხრობელი ყელამდე ვალებშია ჩაფლული. მთხრობელს ვიღაც არ ევასება? — იმწამსვე იმ ვიღაცის ხელში აღმოჩნდება პურის საჭრელი დანა, რომლითაც ის ვიღაცა ფრჩხილებს იწმენდს. საგნები უხმოდ ჩნდებიან და უკვალოდ ქრებიან ავტორის და მასთან ერთად ჩვენი ცხოვრებიდან. მაგრამ ეს არაა მთავარი. ჩვენი მკაცრი შემფასებლების გაღიზიანება კი ნამდვილად იმან გამოიწვია, რომ ამ საგნებივით ჩნდებიან და ქრებიან ავტორის ნებას დამორჩილებული მამაკაცებიც. ეს არ უნდა გაებედა სოფიო კირვალიძეს!
    მაინც ვის მიმართავს, სოფიო კირვალიძის უწყება?
    ჩვენი ემპირიული ავტორი, ანა კორძაია-სამადაშვილი თავისი პირველი სპეციალობით რუსისტია (არ აგვერიოს რუსოფილში). ახლა მას უფრო გერმანისტი ეთქმის. პროფესიით ალბათ ჟურნალისტია. სამივე ამ ასპექტმა თავისი შესაფერი გამოხატულება პოვა მის პროზაში. და მაინც, სოფიო კირვალიძე სულ სხვაა. არის ერთი რამ, რაც მას ასხვავებს ანა კორძაია-სამადაშვილისაგან — ამ მუდამ სიხარულითა და თუ აუტანელი არა, წარმოუდგენელი სიმსუბუქით აღსავსე არსებისაგან. სოფიო კირვალიძე ისეა ჩამწყვდეული ჩვენს ბერიკაობა-სინამდვილეში, როგორც ჩეხოვის ვანკა — ხარაზის სახელოსნოში. იგი ამ სინამდვილიდან თავის ამოყოფას ლამობს, იმ ცხოვრებისაკენ ისწრაფვის, სადაც ჩვენი ბერიკაობა იმათი კარნავალის სიმაღლემდეა ასული და გაკეთილშობილებული.
    ამიტომ სოფიო კირვალიძე განწირულია: ის ვერასოდეს იპოვის გამოძახილს, როგორც ჩეხოვის ვანკას წერილი — ბაბუას. მისი ტექსტი უხილავის დამნახავისთვისაა განკუთვნილი. სოფიო კირვალიძე მოკვდა. დაიბადა ანა კორძაია-სამადაშვილი. აი, ამის თქმა შეგვიძლია.
    ჩვენ? — ჩვენ კი ადამიანური განცდების მიმართ მუდმივი სიყრუვე გველოდება, თუ კვლავ ბერიკაობის თამაშს გადავყვებით და ვერ მივხვდებით, რომ დრო დადგა კარნავალის ცეცხლოვან სამყაროში შებიჯებისა.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • კრიტიკა,  რეცენზია

    აკა მორჩილაძე – ძირს სიმინდის რესპუბლიკა!

    ნოდარ ლადარია

    ლონდონის გერები
    აკა მორჩილაძე, “ძირს სიმინდის რესპუბლიკა!”, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, თბილისი, 2003.


    ძალიან ძნელია სხვადასხვანაირად წერო ავტორზე, რომელიც ყოველთვის ერთნაირად წერს. ეს პირველი წინადადება, ერთი შეხედვით, ძალიან ცუდი გამოვიდა. მაგრამ შემდეგ კიდევ უარესი იქნება…
    ბოროტი ენები ამბობენ, რომ ეს ერთნაირობა აკა მორჩილაძეს კარგა ათი წელი კიდევ აჭმევს პურს. ჰოი, ძმანო, პურის ჭამაა და პურის ჭამა! მე რაც შემეხება, არა მგონია, ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ ტექსტი იყოს — ის ტექსტი და მის გარშემო მომხდარ მოვლენათა ერთობლიობაა. ეს მოვლენები ყოველთვის სხვადასხვანაირია, შემთხვევით და გამიზნულად ნაწარმოებ აზრთა და მოქმედებათა მრავალფეროვნება თითქმის ამოუწურავია, ამიტომაც, სანამ არ შეწყდა და არ დაიშრიტა ტექსტის გარშემო აგორებული რეალობის ტალღა, მანამ ვერავისზე ვიტყვით, რომ ყოველთვის ერთნაირად წერს…
    ეს ჩემი ნაწერიც უკვე აკა მორჩილაძის ახალი რომანის ნაწილს თუ არა, ჩვენს მკითხველთა საზოგადოებაში მისი ცხოველქმედების პროდუქტს წარმოადგენს. “ძირს სიმინდის რესპუბლიკა!” — ასე ჰქვია წიგნს. სათაური მომწონსო, — წამოიძახა ერთ-ერთ საჯარო განხილვაზე რატი ამაღლობელმა. იქ ჩვენი ახალი თაობის ლიტერატორები იყვნენ შეკრებილნი და წიგნი არავის ჰქონდა წაკითხული, იქ ქვემორე ხელისმომწერიც სამგზის გამოვიდა სიტყვით, მაგრამ წიგნი არც მას ჰქონდა წაკითხული. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ გუშინ დავასრულე რომანის კითხვა, მაგრამ შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვსულვარ და ამიტომ რომანიდან კი არ დავიწყებ, არამედ, როგორც უკვე ვთქვი, მის გარშემო აგორებული რეალობის ტალღიდან.
    როცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რომანი გამოსცა და ავტორიც ახალდამკვიდრებული ტრადიციის შესასრულებლად “პარნასში” გაყიდულ ეგზემპლარებზე ავტოგრაფებს უტოვებდა თავის მკითხველებს, ტელევიზიით გამოგვიცხადეს, რომ წიგნი ლონდონში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილებზე იყო. წიგნი მათ გრძნობებსა და სიძნელეებით აღსავსე ცხოვრებაზეაო, — გვითხრეს, — ძნელიაო უცხო მხარეში გაძლება, აკი რომანშიც წერია, ლონდონი საშლელია და თუ თავს იზოგავ, თუ ათი წუთით მეტი გძინავს, წაგშლისო. ეჰ, ჩვენები ტელევიზიითაც იმას წუწუნებენ, რომ შრომა ეზარებათ… დიახ, წიგნი ლტოლვილებზეა, უფრო სწორად კი ლონდონის ქართველ იმიგრანტებზე. ოღონდ ნამდვილი, ესე იგი, ხორციელი სინამდვილიდან აღებული ქართველი სულ ორია — კარგად მოწყობილი დათო ოჯახითურთ და პლეხანოველი ჯამბულა. სიძნელეებიცა და გრძნობებიც ნაცნობია და მშობლიური: არც მთლად ადვილია ცუდად მოწყობილმა კარგად მოწყობილი მოძებნოს და შემოსავლის, სამომავლო გეგმების, თვით ცხოვრების წილში ჩაუჯდეს, წურბელასავით გამოსწოვოს ფული, ძალები, სიცოცხლე. გრძნობებიც ნაცნობია და მშობლიური: შავი რომ კარზე მოგადგება, ოჯახში შემოგეპარება, უბრალოდ შენს მისამართს გაიგებს და იმის ფიქრში მოკვდები, რომ საქართველოში, საკუთარ ოჯახში დატოვებული მშობლები სინამდვილეში მძევლებია, რომ გამოსავალი მხოლოდ ორია — ან მიწა უნდა გაგისკდეს, ან შენ თვითონ უნდა გასკდე, მაგრამ მოიგონო, ვინა გყავს ქურდი ნათესავი, მეგობარი ან ნათლია. ეს ნამდვილია რომანში — ჩვენი გარდაუვალი წყევლა თუ შეჩვენება, რომელსაც ასე სხარტად გამოთქვამს ჯამბულა: “სადაც მე ვარ იქ ყველგან პლეხანოვია”. მორჩა და გათავდა, ვერ დაუძვრები და შენს ცხოვრებაში ერთადერთი თავგადასვლის არჩევანი გაქვს: თვისტომთა წინაშე როგორ გაამართლო უდიდესი დანაშაული — შრომით მოპოვებული სიფრიფანა კეთილდღეობა.
    მაგრამ თავგადასავლები მაინც ხდება რომანში. ეს კიდევ ორი ქართველის დამსახურებაა, მაგრამ ისინი ნამდვილები არ არიან. ერთი, მალხაზ მ., რომელიღაც ზღაპრიდანაა მოსული (აბა, რამდენს გინახავთ ოციოდე წლის ოსტატი მჭედელი სოფელში, სადაც გალოთებული კაცებისა და ხალათმოსხმული უშნო ქალების გარდა არაფერი დარჩა დღეს?). მეორე, უსახელო, რომელიც თავის თავს მაკგარლიკს ეძახის (ალბათ ნიორაძე უნდა იყოს), სტივენსონის “განძის კუნძულიდან” გადმოსახლდა ახალ ქართულ რომანში. ერთ მშვენიერ დღეს მასთან ბილი ბონსისა და ჯონათან სილვერის ჰიბრიდი მოდის, რომელსაც კონან დოილის ერთი შურისმაძიებლის გენებიც გამოჰყოლია, აი, იმისი, აორტის გაგანიერებით რომ მოკვდა ციხეში. მხოლოდ ასე შეიძლება მოხდეს თავგადასავალი და შესრულდეს ცხოვრება.
    ნამდვილი და გამოგონილი ქართველების ორომტრიალს ზემოდან ორი ღმერთი აკვირდება — არცთუ მთლად წარმატებული ინგლისელი გამომცემლების წყვილი. ისინი მითიური მოირების თუ ნორნების მსგავსად თავიანთ ნებაზე ჭრიან პერსონაჟთა ცხოვრების ძაფებს და ჩვენს რომანში სიკვდილის შეგრძნება შემოდის. ყოველი ცალკეული ეპიზოდი სწორედ მაშინ წყდება, როცა უკვე შეეჩვიე მის სტილსა და ატმოსფეროს, როცა უკვე შეეთვისე მასში მოქმედ ადამიანებს. მაგრამ მაკრატლის ერთი მოსმა და განშორების წამი დაუკითხავად მოდის, მომავალი შეხვედრა კი სათუოა. ასე რომ, ცხოვრების წარმავალობაზე არაფერს გეუბნება ეს წიგნი, უბრალოდ, კითხვის პროცესში ჩნდება დაუძლეველი შეგრძნება იმისა, რომ უნდა იჩქარო, რადგან თავგადასავლისა და გამარჯვების შესაძლებლობა შენს სიცოცხლეს ასევე დაუკითხავად და მოულოდნელად დატოვებს.

    © “წიგნები – 24 საათი”
  • კრიტიკა,  რეცენზია

    ორიგინალური ჟანრი

    ლევან ბრეგაძე
    ორიგინალური ჟანრი
    იმერი ხრეველი, “უკუთქმანი” (პალინდრომული პოეზია). პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა. თბილისი, 2002.

    ლიტერატურასაც აქვს თავისი ორიგინალური ჟანრები (შეგახსენებთ: “ორიგინალურ ჟანრს” საესტრადო ხელოვნებაში ილუზიონისტურ ნომრებს უწოდებენ). ერთ-ერთი ასეთი ორიგინალური ლიტერატურული ჟანრი გახლავთ პალინდრომი – ფრაზა ან ლექსი, რომელიც წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება. მოსკოვური “მოკლე ლიტერატურულ ენციკლოპედია” გვაუწყებს: “პალინდრომის მხატვრული ხარისხი დამოკიდებულია ენის სტრუქტურულ მონაცემებზე: რუსულ და სხვა ინდოევროპულ ენებზე პალინდრომი ჩვეულებრივ ხელოვნურად და ბუნდოვნად ჟღერს; მაგრამ, მაგალითად, ჩინურ ენაზე პალინდრომის ფორმით დაწერილია მრავალი მაღალმხატვრული ლექსი” (ტ. 5, სვეტი 655-656).
    ცოტაოდენი ხელოვნურობა და ბუნდოვანება პალინდრომს, ცხადია, მიეტევება, მაგრამ რუსულ ენაზეც იქმნებოდა და იქმნება უაღრესად ბუნებრივი და სავსებით აზრიანი პალინდრომები, როგორიცაა, მაგალითად, მ. ბულგაკოვის “Аргентина манит негра” – არგენტინა იზიდავს ზანგს, რადგან… არგენტინაში არ იყო რასიზმი!
    რაც შეეხება ლექსს, სარეცენზიო კრებულს წამძღვარებულ ავტორისავე მიმოხილვაში შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული წარმომავლობის რუსი ავტორის, დიმიტრი ავალიანის, ჩინებულ ლექს-პალინდრომს, რომელიც მოსკოვურ ჟურნალ “მატადორში” გამოქვეყნებულა 1996 წელს.
    ამ ჟანრის ბუმი საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლო პერიოდზე მოდის, როცა გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” სატირისა და იუმორის კლუბმა, რომელსაც “ილიკო და ილარიონი” ერქვა და ზურაბ ასკანელი თავკაცობდა, პალინდრომების კონკურსი გამოაცხადა. საუკეთესო პალინდრომები საკონკურსოდ ვახტანგ ჯავახაძემ და სარეცენზიო წიგნის ავტორმა წარმოადგინეს.
    ტარიელ ჭანტურიამ შეამჩნია, რომ ჩვენს დროში მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობას ჰქონდა შანსი ორ პალინდრომულ წელს მოსწრებოდნენ – 1991-სა და 2002-ს, რაც მეტად იშვიათი მოვლენაა. (ტ. ჭანტურიას ეს ოპუსი – “ჩემი პალინდრომი” – მთლიანად მოჰყავს სარეცენზიო წიგნის ავტორს თავის მიმოხილვაში). და აი, იმერი ხრეველმა ორივე ამ პალინდრომულ წელს მოახერხა თავისი პალინდრომების კრებულის გამოცემა – პირველს პალინდრომული სათაური “ორდარა დრო” ერქვა, წლევანდელი ახალი პალინდრომების კრებულისთვის კი “უკუთქმანი” დაურქმევია (ასე გადმოუქართულებია ბერძნული “პალინდრომი”, რუსულად რომ “перевертень”-ს ეძახიან).
    კრებული იხსნება მაია გოგიშვილის შესავალი წერილით “უჩვეულო წიგნი”, ამას მოსდევს ავტორის წინასიტყვაობა (ზემოთ ნახსენები მიმოხილვა) და ასეთი განყოფილებები: “ათანაბანათა”, “უკუტანკა”, “უკუხოკუ”, “მაგიური კვადრატი”.
    “აისია თუ ქარი რამ, – არი, რა… ქუთაისია!” – ამ მშვენიერ პალინდრომს, რომელიც გალაკტიონის ცნობილი ლექსის მოტივებზეა შექმნილი, სათაურად უზის “არი, რა!..” – ესეც და ამ კრებულში შესული ყველა სხვა ლექსის სათაურიც პალინდრომია: “რახან ადექი – იქედანა ხარ…”, “ნათლიმამა… მილთან!”, “სვა!.. მოზომავს?”, “ამ შურმა, მრუშმა…”, “იადონთა სათნო დაი”, “უი! კეისარო… აჰა, ორასი ეკიუ”, “ენა-გესლა ქალს ეგანე!”, “იცინე, შაბაშ! აბა, შენ იცი…”. ამ სათაურის ქვეშ ასეთი მაზალო დიალოგია:

    – თიბეთ რამე!
    – შენ იცი, ვთიბე!
    – მთიბავი, მერე?!
    – მივაბი თმებით –
    ვიცინე შემართებით!..

    ლიტერატურულის გარდა მუსიკალური პალინდრომებიც არსებობს. თომას მანის “დოქტორ ფაუსტუსში” ვკითხულობთ: “როდესაც პოლიფონიური სტილის ნიდერლანდელი ოსტატები თავიანთ თავსატეხ ქმნილებებში გადაჯვარედინებულ ხმათათვის კონტრაპუნქტულ მიმართულებას ისე აგებდნენ, რომ ერთი ხმა ზუსტად იმეორებდა მეორეს, თუ მას ბოლოდან დასაწყისისაკენ წავიკითხავდით, ამას გრძნობად ბგერასთან ბევრი არა ესაქმებოდა რა. სანაძლეოს ვდებ, რომ ამ ხუმრობის სმენით აღქმას იშვიათად თუ ვინმე შეძლებდა და იგი უფრო მუსიკის ამქართა თვალისათვის იყო ჩაფიქრებული” (კარლო ჯორჯანელის თარგმანი).
    ლიტერატურული პალინდრომიც პირველ რიგში, ცხადია, ხუმრობაა, ოღონდ ჩვეულებრივი ხუმრობებისაგან იმით განსხვავდება, რომ სასწაულსა ჰგავს: მრავალი სიტყვისაგან შედგენილი ისეთი აზრიანი ტექსტის არსებობა, რომელიც წაღმა-უკუღმა ერთნაირად წაიკითხება, ძნელი დასაჯერებელია:

    აცოც-ახოხა, ახოხ-აცოცა
    ამ ავ-ცოცვამა, ამ ავ-ხოხვამა
    ასი ბოგანო – მონა გობისა!
    ამ ავ-ხოხვამა, ამ ავ-ცოცვამა
    აცოც-ახოხა… ახოხ-აცოცა…

    აი ყველაზე გავრცელებული ქართული მისამღერი სიტყვებისაგან შედგენილი მშვენიერი პალინდრომული მისამღერი:

    ეჰე – ჰეი,
    ეჰე – ჰე!
    ასა, რერო, რერასა!
    ასა, რერო ორერასა,
    ასა, რერო, რერასა!..
    ეჰე – ჰეი!
    ეჰე – ჰე!

    ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეფერილობის მქონე პალინდრომიც ვნახოთ:

    …ანუ ყალბი კავშირი შვა!
    – კავშირი შვა?!
    – კი, ბლაყუნა!..

    კოლორიტული სიტყვა “ბლაყუნი” ლექსიკონში ასეა განმარტებული: “უშნოდ და უთავბოლოდ სიარული”, ხოლო “ბლაყუნა” ის იქნება, ვინც უშნოდ და უთავბოლოდ დაიარება, ასეთი კი საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ორგანიზაციაც შეიძლება იყოს.
    ძველად (ძველ საბერძნეთში, ძველ რომში) პალინდრომს მაგიურ მნიშვნელობას მიაწერდნენ. მაგიურობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ის დიდი ეფექტი, რასაც წაღმა-უკუღმა საკითხავი ტექსტი ახდენს, მოულოდნელობის თუ დაუჯერებლობის ფაქტორის გარდა კიდევ რაღაცით უნდა საზრდოობდეს, ეს უცნაური მოვლენა თითქოს რაღაცას უნდა მიგვანიშნებდეს, რაღაცის სიმბოლოს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ რისას?
    მოდით, ცოტა წავიფილოსოფოსოთ.
    როგორც ცნობილია, ანტინომიები – ზემოთ და ქვემოთ, წაღმა და უკუღმა, წინ და უკან ერთმანეთთან მიმართებაში ფარდობითნი არიან, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ეს ემპირიული ხედვისა და აზროვნებისათვის (სახარების ფრაზაც “ესრეთ იყვნენ უკუანანი წინა, და წინანი უკუანა” ამას მიგვანიშნებს). ამ ღრმად დაფარული ფარდობითობის სიმბოლურ გამოხატულებად წარმოგვიდგება პალინდრომი. ხოლო სიმბოლო მაშინაც ახდენს იდუმალ ზემოქმედებას ცნობიერებაზე, როცა მისი სიმბოლოობა გაცნობიერებული არ გვაქვს.
    და კიდევ ერთი რამის სიმბოლოდ გამოდგება პალინდრომი – ერთი კეთილშობილური იდეის სიმბოლურ გამოხატულებად. მოგეხსენებათ, ნახევარი მსოფლიო მარცხნიდან მარჯვნივ წერს და კითხულობს (დასავლეთი), ხოლო ნახევარი პირიქით – მარჯვნიდან მარცხნივ (აღმოსავლეთი). პალინდრომი კი თითქოს ყველასთვის იწერება – გინდ მარცხნიდან მარჯვნივ წაგიკითხავს, გინდ მარჯვნიდან მარცხნივ, მაინც ერთსა და იმავეს ამოიკითხავ. ამრიგად, პალინდრომი აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთობის (თუ ერთიანობის), ურთიერთანგარიშგაწევის, ურთიერთპატივისცემის იდეის (ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მხოლოდ იდეის) სიმბოლური გამოხატულებაც არის.
    ზემოთ მუსიკალური პალინდრომი ვახსენეთ. ახლა სარეცენზიო წიგნის გარეკანს დააკვირდით: ზედ მორის ეშერის გრავიურა “ცა და წყალია” გამოსახული და, ცხადია, არცთუ შემთხვევით – ეს ერთგვარი ნახატი-პალინდრომია; ისიც ორმხრივ “იკითხება”: ქვემოდან ზემოთ “წაკითხვისას” თეთრი თევზები წარმოშობენ შავ მტრედებს, ზემოდან ქვემოთ “წაკითხვისას” კი შავი მტრედებისაგან თეთრი თევზები იბადებიან; დაკვირვებულ თვალს მტრედების აღმოჩენაც ისევე შეუძლია წყალში, როგორც თევზებისა – ჰაერში.
    როგორც ჩანს, ხელოვნების ყოველ დარგს მოეპოვება ორიგინალური ჟანრები.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • კრიტიკა,  რეცენზია

    ზურაბ ლეჟავა – არსება, რომელიც შენ გიყვარს

    დათო პაიჭაძე
    პირქუში და სევდიანი ფანტაზიები
    ზურაბ ლეჟავა. არსება, რომელიც შენ გიყვარს. რედაქტორი ლია შარვაშიძე, ყდის მხატვრობა მამუკა ცეცხლაძე, მოთხრობები გაფორმებულია ავტორის მიერ. თბ. “მერანი”, 2001

    ციხის თემა ქართულ პროზაში არც ისე ხშირად ჩნდება: თითებზე ჩამოთვლი მწერლებს, რომელთაც იცოდნენ და აღწერეს ზონა, საკანი თუ კრიმინალური სამყაროს შიდა ურთიერთობები. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ მწერლებმა თვითონ ნახეს ციხე, თანაც ზოგს ისეთ პირობებში მოუწია ყოფნა, “წესით” იქიდან ვერ უნდა დაბრუნებულიყო. ჭაბუა ამირეჯიბი, ჯაბა იოსელიანი, ნოდარ დუმბაძე, გივი მაღულარია… კოლონიაში ხდება აკა მორჩილაძის ერთი მოთხრობის მოქმედებაც, მაგრამ, ჩემი აზრით, სუსტი მოთხრობის…

    ზურაბ ლეჟავა კიდევ ერთი ავტორია, თავისი წიგნით ჩამოთვლილ მწერალთა ჯგუფს რომ უერთდება. თუ შედარებით უფროსი თაობის ქართველ პროზაიკოსთა “საციხე” ტექსტებში თავისუფლების წყურვილი პერსონაჟთა დიდი ნაწილის მთავარი გრძნობა და სამოქმედო მოტივია, ხოლო იოსელიანისა და ამირეჯიბის მოქმედი პირები ზოგჯერ ციხიდან გაქცევის დიდოსტატები არიან, ზურაბ ლეჟავას საკნებიდან არავინ გარბის. ეტყობა, გაქცევა უფრო იოლია, როცა მთელ ქვეყანას ციხეში ერეკებიან. ზურაბ ლეჟავას პერსონაჟები გვიან დააპატიმრეს, იმდენად გვიან, რომ ერთი მათგანი (ნიშნეულია, რომ თვითონ პერსონაჟი, მწერალი ზურაბ ლეჟავა) “პოლიტიკურზე ჯდომას” ვერშეფარული ირონიით იხსენიებს.

    “არსება, რომელიც შენ გიყვარს”, ვერასოდეს იქცევა “თეთრი ბაირაღების” მსგავს ბესტსელერად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემნაირ “არიფ” (ანუ ციხეგამოუცდელ) მკითხველს ლეჟავას პატიმართა განცდები ზოგჯერ უფრო დამაჯერებლად ეჩვენება, ვიდრე გაგანია კრიმინალებთან ბატონი ისიდორეს მტკიცე სიამაყით წარმოთქმული პასუხი: “ვარ პარტიის წევრი”! ვერ იქცევა, რადგან ზურაბ ლეჟავასთვის საკანი აღსაწერი სივრცეა: თხზვის ადგილი იქ აღარ რჩება.

    თავის დროზე გურამ ასათიანმა ნოდარ დუმბაძის “თეთრ ბაირაღებში” სენტიმენტალური ჰუმანიზმის ნაკადი შენიშნა. სენტიმენტალური ჰუმანიზმი ერთგვარი ევფემიზმი გახლდათ ორთაჭალის პატიმრების ურთიერთობათა ნამდვილობაში დაეჭვების გამოსახატად. ზურაბ ლეჟავასთან სენტიმენტები არ არის: საკნიდან საკანში პატიმარი ქალებისა და მამაკაცების სასიყვარულო მიმოწერაც აბსოლუტურად დაცლილია მღელვარე ემოციებისაგან. “კამერული სიყვარული” ქართულ “კამერულ პროზაში” იშვიათი ნიმუშია პატიმრების ზნეზე დაკვირვებისა მათი ეთნიკური ნიშნით გამორჩევის შემდგომ. საპატიმროთა კარგად მცოდნე ჩვენი მწერლები მაინცდამაინც არ დაგიდევენ საპყრობილეებისა თუ კოლონიების მკვიდრთა სადაურობას და სიმართლეც, ალბათ, ამაშია: დიდ ზონაში ეროვნება არ არის მარკა, რომლითაც პატიმარი უწინარესად გამოირჩევა სხვა პატიმრებისაგან. ზურაბ ლეჟავას რუსი და უკრაინელი მსჯავრდებულები საინტერესონი არიან იმით, რითაც არ გვგვანან ქართველებს: ჩვენ არ გვეჩვენება ლენასა და ჩეტვერტაკის, პაშასა და ნადიას ეპისტოლეთა ინტონაცია ყალბად.

    ქართველებმა სულ ახლახანს გაბედეს სიყვარული ვენახში. სიყვარული საკანში ჯერ ჩვენთვის წარმოუდგენელია (არ ითვლება უცნობი ვნებები მამათმავლების საკანში ჭაბუა ამირეჯიბთან ან ლიმონა დევდარიანის წაკითხული “ტანო ტატანო”. ზაზა ნაკაშიძის ერთჯერადი სექსი “ხოზაბსლუგის” ქალთან საკნის მიღმა ხდება). მით უმეტეს, ზურაბ ლეჟავას მოთხრობის თემა იმდენად სიყვარული კი არ არის, რამდენადაც სიყვარულის ადაპტაცია ციხის პირობებთან, სიყვარულის გათამაშება მისი მონატრების ნაცვლად. მთელი წიგნის გამჭოლი მოტივიც სწორედ ადაპტაციაა, შეგუება, გაძლება, ემოციების მაქსიმალურად დაჩლუნგება, მაგრამ არა ჩაკვლა. ესაა გზა, რომელიც უნდა გაიარო ციხიდან გამოსვლამდე. “პროფანი” ანუ ციხის არმცოდნე მკითხველის იდენტობა ლეჟავას პერსონაჟებთან შეუძლებელია, სამაგიეროდ, შესაძლებელია მათი გაგება, მათთან მიახლოება. მაგრამ, აბა სცადეთ, გაუგოთ პატიმარს, რომელიც პირველ პირში ჰყვება, რა ხერხით ურჩია თანასაკნელს მეორე პატიმრის მოკვლა, ხოლო მკვლელობის შემდეგ დასაძინებლად დაწვა: “სინდისი მქენჯნიდა. რატომ დავღუპე ეს ორი ადამიანი, შევეკითხე საკუთარ თავს. რატომ ვურჩიე ვიტალის პოლისჯოხზე შტირის მიბმა? – პასუხს არ დავლოდებივარ; გადავბრუნდი და დავიძინე. ხვალ დილით ადრე ადგომა იყო საჭირო”.

    საკანში სინდისის ქენჯნისათვის ცუდი პირობებია. სინდისის ხმას ჩახშობა არ სჭირდება, ის ისედაც არ ისმის. Притупление – აი პერსონაჟთა ემოციებისა და მოქმედების “მაკოორდინირებელი მოტივი”. რა თქმა უნდა, ამ “მეინსტრიმს” აქვს გამონაკლისიც: სასოწარკვეთილი, სასტიკი გარღვევები პატიმართა ქცევებში: უცაბედი მკვლელობა, თვითმკვლელობა, ცემა, საზარელი ჰალუცინაციები. პატიმართა შედარებით სუსტი პროტესტი ან თვით ციხის თანამშრომელთა სადიზმი თუ ზომიერი ექსცენტრულობა ნორმის ფარგლებშია, რომელსაც მთხრობელი ისევ შეკავებული ირონიით უყურებს: “იქ იყო ერთი ამაყი ახალგაზრდა, რომელიც შეეპასუხა ექთანს, ის კი არადა, წინააღმდეგობის გაწევაც კი სცადა. ზორბა ზედამხედველებმა ამისთვის დაუნდობლად მოდრიკეს იგი, ხოლო გაგულისებულმა ექთანმა მთელი ძალით აძგერა დაძაბულ სხეულში მავთულის ჩხირი! შედეგი?! – იმ ახალგაზრდას დიდხანს სტკიოდა ტრაკი”. ან: “მოუსვენარი, დებოშიორი პაშა შეცვალა უთქმელმა და აღმსრულებელმა ზედამხედველმა, რომლის ზედმეტი ლაპარაკიც არავის გაეგონა და რომელიც არც სხვებს აძლევდა ლაზღანდარობის ნებას. ის კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და არასოდეს აკუებდა პოსტზე”.

    სადღაა ზურაბ ლეჟავასთან თავისუფლების წყურვილი, ვითარცა აუცილებელი და მოთხოვნილი კომპონენტი სასჯელთა აღსრულების ადგილებზე შექმნილი ნაწარმოებებისა? სადაა და იმავე “ეპიკური” ინტონაციით გადმოცემულ პირქუშ თუ სევდიან ფანტაზიებში, რომლის რეალიზებას არავინ ცდილობს. მოთხრობაში “მილიონი ბედნიერება” ასეთი ფანტაზიაა მაღალი, ლამაზი, ჯანმრთელი რუსის ქალი, რომელიც თან გასიამოვნებს, თან დაგიცავს, ბლომად ფული და კოტეჯი შვეიცარიაში. ამ ქალთან ერთად სადღაც ლისის ტბის მიდამოებში ფრენა (თუმცა, ზურაბ ლეჟავასთან არ არის არც ერთი კონკრეტული ქართული ტოპოსი) ეროვნულ სიტყვიერებაში კონვერტირებული ვარიანტია იმ უზარმაზარი ძუძუსი, მთა-გორებზე რომ მიგორავს და ვუდი ალენის კინოპერსონაჟს ვითომ გასრესვით ემუქრება.

    ოცნება თავისუფლებაზე გაშარჟებულია, რადგან გარემო, სადაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოხვდები, დიდი ვერაფერი ბედენაა: ამ გარემოში დღისით უწლოვანი არამზადები პარპაშებენ, ღამით კი – ქაჯები და ტურები. ამ ანტურაჟში ვარანის გამოჩენაც არ უნდა გაგიკვირდეთ. პერსონაჟები ცხოველთა სამყაროდან ზურაბ ლეჟავას პროზას ხშირად სტუმრობენ, ისევე, როგორც გაცხოველებული ადამიანები.

    ციხეს ზურაბ ლეჟავა იცნობს, ხოლო რაც თავისუფლებაზე დახვდა, ის არ მოსწონს. ციხეზე წერისას ის მწერალია, სხვაგან – უფრო პუბლიცისტი. მას აქვს “ციხის ეთნოგრაფიის” – ნივთების, პატიმართა საქციელისა თუ ჩვევების სხვათათვის საინტერესო ცოდნა. გარეთ კი ჩვენი მზერები ბევრ რამეს ერთნაირად აღიქვამს. მაგრამ ეგებ მის მოთხრობებს უკეთესი მკითხველი შეხვდეს, ვიდრე ამ სტრიქონების ავტორი, რომელსაც მხოლოდ ექვსი დღე აქვს გატარებული ერევნის გარნიზონის ჰაუპტვახტში.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    მხიარული რიცხვები, მხიარული სურათები

    მხიარული და ყურადღებიანი წიგნები ასეთივე მკითხველებისთვის

    დალი კუპრავა

    “მხიარული რიცხვები”. ქართული გამოცემის ავტორები: თინათინ მამულაშვილი, ნიკო ნერგაძე. რედაქტორი: მარინე სოხაძე
    “მხიარული სურათები”. ინგლისურ-ქართული ლექსიკონით. დიზაინერი და მოდელების ავტორი ჯო ლიჩფილდი, ფოტოგრაფი ჰოვარდ ოლმანი და სხვა ავტორები. თბილისი, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2001.

    ივნისში, ფილარმონიაში წიგნის ბაზრობაზე იმედისმომცემი დინამიკა შეიმჩნა – ჩვენ ჩვენს ბავშვებზე ზრუნვა დავიწყეთ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კარგ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული მხატვრული და სასწავლო-შემეცნებითი საბავშვო ლიტერატურა.
    იქვე “გულდაწყვეტილი” ქართველობა აღნიშნავდა, რომ მათ დროს ასეთი წიგნები არ იყო, რომ რუსები თავის ბავშვების განათლებისთვის ოდითგან თავდაუზოგავად წერდნენ და ჩვენ ერთი საბავშვო ენციკლოპედიითა და ხალხური სიბრძნის ხუთტომეულით ამოვწურეთ ჩვენი ღვაწლიო.
    თაობები გაიზარდა ცუდი პოლიგრაფიის მწირ ქართულენოვან საბავშვო ლიტერატურაზე. რეზო ინანიშვილი, მაყვალა მრევლიშვილი, გივი ჭიჭინაძე, ედიშერ ყიფიანი, არჩილ სულაკაური და თითებზე ჩამოსათვლელი მწერლები რომ არა, ჩვენს ბავშვებს უფლება ექნებოდათ, ეთქვათ, როგორც თქვენ გვაქცევდით ყურადღებას, ჩვენც ისე გადაგიხდითო. â
    დიდი ხნის განმავლობაში, როგორც საერთოდ ყველაფერზე, ქართველი ყმაწვილების საგანმანათლებლო­-შემეცნებით ლიტერატურაზეც, მართალია, უფრო თავისი ინტერესებისთვის, მაგრამ მაინც საბჭოთა რუსეთი ზრუნავდა. იზრდებოდნენ ქართველი
    ბავშვები რუსულენოვანი “პაჩემუჩკებითა” და “ზნაი ვსიო”-ებით.
    “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”, სხვათა შორის, გამოსცა ორი მშვენიერი, ხალისიანი და საჭირო წიგნიც: “მხიარული რიცხვები” და “მხიარული სურათები”.
    ყველაფერი, რაც მხიარულია, ხალისს ბადებს და ისე არაფერი უხდება ცოდნის მიღების პროცესს, როგორც ხალისით სწავლა.
    კვასკვასა ნახატებიანი წითელყდიანი წიგნები ერთი შეხედვით იზიდავს დიდ-პატარა მკითხველს და დაუყოვნებლად გადაშლის სურვილს ბადებს – ნეტა შიგ რა არისო.
    ეს სურვილი, წიგნის საგანმანათლებლო აღმზრდელობითი ფუნქციისთვის შესანიშნავი პრელუდიაა.
    “მხიარული რიცხვები” არითმეტიკის წიგნია. წიგნი სახელმძღვანელოდ იმ მშობლებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც უყვართ შესანიშნავი ტრიოს შექმნა – “წიგნი, შვილი და მე”. თუმცა იმ მშობლებისთვისაც არა ნაკლებ უპრიანია, რომლებიც შვილებს დამოუკიდებელი გართობისკენ მოუწოდებენ, არ ეთამაშებიან, მაგრამ უნდათ, რომ თავისით გართობა ისწავლონ. თუ ბავშვმა ჯერ არ იცის სიტყვა “რამდენი”, მაგრამ იცის ერთი და ორი, მიეცით ეს წიგნი და თქვენ ცოტა ხნით დაისვენეთ, დალიეთ ყავა, ისაუბრეთ მეგობართან, ან იტრიალეთ სამზარეულოში. გარწმუნებთ, მალე “თავბედს დაიწყევლით”, პატარა თავს მოგაბეზრებთ შეკითხვებით და “იძულებული” გახდებით შვილთან და წიგნთან ერთად გაატაროთ თავისუფალი დრო.
    უფრო მოზრდილი ბავშვები პირველივე გვერდზე, უნებურად, “იქსის” განსაზღვრას შეეცდებიან. დათვლა, რაოდენობა, რამდენი? კიდევ რამდენი? უცნობი რიცხვი, კენტი თუ ლუწი? მეტი თუ ნაკლები? ამდენით მეტი, ნაკლები, შეკრება, გამოკლება, გამრავლება-გაყოფაც კი… და ეს ყველაფერი ამ წიგნის მეშვეობით ლოგიკური თამაშით ისწავლება. უფროსი მკითხველი კი დასკვნას გამოიტანს, რომ მათემატიკის სწავლება სულ არ ყოფილა მშრალი საქმე და აღმზრდელობითი ხარისხიც მაღალი ჰქონია.
    წიგნის გმირები ქართული სახელებით ეცნობიან მკითხველს, და ცოდვა გამხელილი სჯობს, არამც თუ ბავშვებს, დიდებსაც ძალიან გვიყვარს მხატვრულ პერსონაჟებთან თავის იდენტიფიცირება. ასე, რომ ამ წიგნის “გადამკიდე”, ბევრი ელენე, სანდრო, ლუკა, ანა და სხვები ყოველთვის სიამოვნებით ისწავლიან არითმეტიკას.
    “მხიარული რიცხვების” ტყუპისცალი “მხიარული სურათები” ინგლისური ენის სასწავლებელი წიგნია. როგორც ავტორები გვეუბნებიან, ის პატარას სწავლის სურვილს გაუღვიძებს და დახმარებას გაუწევს პირველი ნაბიჯების გადადგმაში.
    “მხიარული სურათები”, როგორც ინგლისური ენის სახელმძღვანელო, იმ ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც თვლა იციან. და თუ არა, მაშინ მასწავლებელ-მშობლის შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ასწავლიან ამ სურათებით თვლასაც.
    ყურადღების კონცენტრირებაზე, მეხსიერების გავარჯიშებაზე დაყრდნობით და ასაკობრივი შესაბამისობის გათვალიწინებით, სახელმძღვანელო კარგი შედეგის მომცემი იქნება. გასართობ და სასწავლო წიგნს თან ახლავს ინგლისურ-ქართული ლექსიკონი. სასურველია, რომ ქართულ-ინგლისური ლექსიკონიც იყოს, რადგან ქართველმა ბავშვებმა საგნების სურათებზე გამოსახული ქართული სახელწოდებაა იციან. და თუ ინგლისურ-ქართული ლექსიკონი სასურველი სიტყვის ქართული მნიშვნელობის მოსაძებნად წააქეზებს, ქართულ-ინგლისური, უკვე მნიშვნელობის მქონე ქართული სიტყვის ინგლისური შესატყვისის მოსაძებნად დამოუკიდებელ მუშაობას მიაჩვევს. კარგი იქნებოდა, რომ, როგორც სურათზე აღნიშნულ საგნებს, სათაურებსაც ქართულ-ინგლისური შესატყვისები ჰქონოდათ. მით უმეტეს, რომ სათაურებად გამოტანილი ქართული სიტყვები: სასტუმრო ოთახი, სახლი, ბაღი, წვეულება, ქუჩა, საჭმელი და ა.შ. არც ლექსიკონშია შეტანილი.
    ორივე წიგნს გაცოცხლებული სურათებიც შეიძლება ვუწოდოთ, იმდენად ეფექტურია მოდელების ავტორის, ფოტოგრაფისა და დიზაინერის ნამუშევარი. გადაფურცვლისას გრჩება შეგრძნება, რომ უმოძრაო ნახატს კი არა, ანიმაციურ ფილმს უყურებ.
    ბუნებრივია, ამ წიგნებით სარგებლობა მასწავლებელ-მშობელთან ერთად, ან, თუნდაც დამოუკიდებლადაც, იმ ასაკიდან არის შესაძლებელი, როცა ბავშვი წიგნს გრძნობს, ე.ი. დასახევად არ მიიწევს.
    იმდენად კარგი წიგნებია, რომ აუცილებლად ვუყიდი ჩემს დისშვილს, თუმცა ის უკვე რვა წლისააო, – დათვალიერების შემდეგ შეაფასა ნაცნობმა. რა თქმა უნდა, კარგი წიგნები ასაკს არ ცნობენ და კარგი მკითხველიც კარგ ლიტერატურას საკუთარი ასაკით არ ზომავს.
    ერთი სახალისო კორექტურაც, რომელიც წიგნისა და ბავშვების ურთიერთობის ხარისხზე მეტყველებს.
    ბავშვმა დედას ტუჩებში კოცნა მოუნდომა. დედამ აუხსნა, რომ ეს არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ვერაფრით დაუსაბუთა. ოთხი წლის გოგონამ, რომელიც ხალისით ფურცლავდა “მხიარულ სურათებს” და სიამოვნებით სწავლობდა ინგლისურსაც, ვერ გაიგო რას ნიშნავს არაჰიგიენური, ვერც იმას მიხვდა, რატომ უნდა იყოს დედის ტუჩები ჭუჭყიანი.
    სამაგიეროდ დედას “მხიარული სურათები” გამოუტანა, 41-ე გვერდზე გადაუფურცლა და აბა, ეს რა არისო, ჰკითხა. დედას რამდენჯერმე ჰქონდა ეს გვერდი გადაფურცლული, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, რომ ამ სურათზე მისი ქალიშვილის ტოლი ბავშვები მართლა ტუჩებში ჰკოცნიან ერთმანეთს.
    ეს ფაქტი ჩემთვის იმის ნიშანია, რომ ბავშვებისთვის წერაც და წიგნების გამოცემაც უდაოდ მადლიანი საქმეა. ბავშვივით ყურადღებიანი, ერთგული და ამაგის დამფასებელი მკითხველი ამქვეყნად არ მოიპოვება.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  რეცენზია (თარგმანი)

    უოლტ უიტმენის ბალახის ფოთლები

    უიტმენის “ბალახის ფოთლების” ბოლო გამოცემამ განაახლა ის კამათი, სხვათა შორის, მეტ-ნაკლებად აგრესიული, მუდამ რომ იჩენდა ხოლმე თავს ამ ავტორის სახელის ხსენებისას. ზოგიერთი კრიტიკოსი ხელაღებით უარყოფს მის პოეტურ ტალანტს და თავის პირდაპირ მოვალეობად მიიჩნევს დაგმოს ის “ვულგარული და მოულოდნელი იერიში”, რომელიც უიტმენს მხატვრული მეთოდის გამოვლენის ძირითად ხერხად დაუსახავს. უნდა ითქვას, რომ მსგავსი კრიტიკოსები უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს სწორედ იმ შეხედულებათა (და ზოგჯერ გამონათქვამთა) ვულგარულობითა და გაურანდავობით, რომლითაც სხვისი ვულგარულობის წინააღმდეგ ილაშქრებენ. თუკი ისინი ამ წიგნში ვერაფერს ხედავენ ბრტყელ-ბრტყელი ტრუიზმებისა და აგრესიულობის გარდა, უნდა ვიფიქროთ, რომ მათი გემოვნება დასახვეწია; ისინი სათანადოდ ვერ აღიქვამენ ჩვეულებრივი მოვლენების ახლებურ, სისხლსავსე წარმოჩენას, მძლავრ აღმაფრენას, უდიდეს სიყვარულს ადამიანისა და ბუნების მიმართ, ვერც უკვდავების რწმენას პატიობენ პოეტს. ეს ყოველივე ხომ არის უიტმენის პოეზიაში მიწიერი ყოფის გამომხატველი უმართებულო სითამამისა და იმ მოუქნელი მეთოდის პარალელურად, რომლითაც იგი ხშირად აღწერს დაკნინებულ, დაბეჩავებულ საზოგადოებას? დროის უბრალო დაკარგვად მიმაჩნია იმის გარკვევა, არის თუ არა პოეტი მისტერ უიტმენი: მისი უდიდესი ავტორიტეტი – შემოქმედებითთან ერთად კრიტიკულიც – გვინდა თუ არა, მაინც მეტყველებს მის სასარგებლოდ. არც მის მხატვრულ მეთოდზე ღირს თავის მტვრევა: ეს ფორმა სულაც არ არის ისეთი გამაოგნებელი და ნოვატორული, ძალიან ბევრს, და მათ შორის თავად უიტმენსაც რომ მიაჩნია.
    მართალია, ამ წიგნში მოვლენათა უმრავლესობა სინატიფეს მოკლებული ხერხითაა გადმოცემული და ზოგჯერ ფორმისა და სტილის უსუსურობა ამ პოეზიას მოსაწყენ პროზამდე აქვეითებს, მაგრამ მკითხველი გვერდს ვერ აუვლის მის ფურცლებზე წამიერად გაელვებულ სილამაზესა და უჩვეულო დახვეწილობას. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ შემოქმედის თითოეულ რაფსოდიას ერთიან, განუყოფელ მთლიანობად განვიხილავთ, გინდაც მათი ცალკეული მონაკვეთები უშინაარსო და უმწიფარ პოეზიად მოგვეჩვენოს. ისე კი, უსაზღვრო, შეუზღუდავი ფანტაზია და ამა თუ იმ აზრის “ახლებურად” გამოთქმისაკენ სწრაფვა, უიტმენს ზოგჯერ ასეთ რამესაც წამოაძახინებს: “მე ჩემს სხეულს მორევს მივანდობ!”… “განმიმარტეთ მითები აზიაზე!”… “ნიღაბს ჩამოვგლეჯ და წარმოგიდგენთ!” როგორ უნდა ემსახუროს თავისუფლებას ხელოვნებაში, ან ნებისმიერ სხვა ამაღლებულ იდეალებს ის მწერალი, რომელიც თავად “literat”-ს განასახიერებს? უფრო შთამბეჭდავი და ორიგინალური იქნებოდა, მისთვის უბრალოდ “inkvat” რომ გვეწოდებინა (სიტყვათა თამაში: literate – განსწავლული, განათლებული; literat – ლიტერატურის ვირთხა; inkvat – მელნის ვირთხა (მოკალმე)). მეორეს მხრივ, ამ წიგნის ფურცლები ამზეურებენ გემოვნებით შერჩეულ და ცინცხალ გამონათქვამებს. ერთგან მოცურავე ასე მომნუსხველად არის აღწერილი: “მონავარდე გამჭვირვალე, მწვანე ნათელში”; … “გულახდილი ყბედობა ქვაფენილისა”… ეს მართლაც შესანიშნავი მიგნებაა. საინტერესო და დახვეწილ პოეზიად მიმაჩნია ასეთი სტრიქონები: “ფიცარსა რანდავს დურგალი / და შალაშინის ენა / ველურ მელოდიას უსტვენს”. შედარებით დიდი ზომის ნაწარმოებები, სადაც ბევრი რამ ბანალური და საკმაოდ უფერულია, გაყალბებულ ესეებს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე პოეზიას, თუმცა ხელაღებით არც მათი უარყოფა შეიძლება, აქაც ხშირია შემთხვევები ძალიან მარტივი და გაცვეთილი აზრის საინტერესო კუთხით გადმოცემისა. მაგრამ აშკარა უგუნურობაა იმის მტკიცება, თითქოს To You-თი დასათაურებული ეს სტრიქონები ადგენენ ლექსს და არა რაღაც უაზრობას (ამაში, ალბათ, თავად პოეტიც დაგვეთანხმება):
    “უცხოვ, თუკი ჩამივლი გვერდით
    და მოისურვებ შეხმიანებას,
    რატომ არ უნდა შემეხმიანო?
    ანდა თავად მე რატომ არ უნდა შეგეხმიანო?”

    მაგრამ თუ გსურთ მის პოეზიაში რაიმე საინტერესოს აღმოჩენა, გირჩევთ წაიკითხოთ მშვენიერი Pioneers, O Pioneers. ბევრი რამ მოგხიბლავთ ამ სტრიქონებში: ვაჟკაცური შემართება და მძლავრი რიტმი, მეგობრობის სულისჩამდგმელი გრძნობა და აღტაცება ახალი სამყაროს წინსვლით; წაიკითხეთ უიტმენის მდიდრული და შთამბეჭდავი წარმოსახვით გაჯერებული Man-of-War-Bird, ანდა შესანიშნავი ელეგია ზღვისპირეთზე, ასეთი სიტყვებით რომ იწყება: “აკვნიდან, რომელიც მარად ირწევა…” აი, ეს ლექსები სავსეა სიცოცხლითა და ემოციებით. ლინკოლნის აღსასრულის პოეტური აღწერისას მან ასე გამორჩეულად უმღერა სიკვდილს: “ო, ბნელო დედავ, უხმაუროდ რომ ჩაგვიქროლებ მსუბუქ ფეხებით”… ან როგორ ასხამს ხოტბას ჩვენებური გაზაფხულის ერთ-ერთ საღამოს!

    “ო, ეს მეოთხე თვით საღამო, ეს დაისი
    და მონაცრისფრო ბურუსი გამჭვირვალე.
    ზანტად გამავალი ოქროსფერი მზის
    სხივთა მარაო…
    ლორთქო ბალახი, მკრთალი ფოთლები,
    შორით ელვარე მკერდი მდინარის,
    ქარით აჭრილი და აქოჩრილი…”

    წაიკითხეთ პოეტის ის სტრიქონები, რომლებითაც ჩვეულებრივ ლოკომოტივს ახასიათებს:
    “თანამედროვე ემბლემა მოძრაობისა
    და კონტინენტის მაჯისცემაა.”

    გამოყენებითი მექანიკის გრანდიოზულობა ასე არავის აუსახავს ამერიკულ პოეზიაში. დემოკრატიზმი, ვაჟკაცობა, სიკეთის რწმენა – აი, რითი ფასობთ უიტმენის შემოქმედება. “მკლავის სიმაგრე და სიმამაცე!” “კმარა ვედრება და ქედის მოხრა!”… იგი ესწრაფვის დაუშრეტელი ენერგიის გამოვლენას და ამის გამო, რაც არ უნდა მცდარი იყოს მისი მეთოდი, ამერიკულ ყოფასა და ლიტერატურას, ვფიცავ, აუგი არაფერი ემუქრება!
    მაგრამ სხვა კუთხით უნდა მივუდგეთ უიტმენისეულ სხეულის “განდიდებას”. აკი თავადაც გვაფრთხილებს ერთგან: “ჩემს ლექსებს ყოველთვის არ მოაქვთ სარგებელი, მათ ზიანის მოტანაც შეუძლიათ”. მას თავი “სხეულისა და სულის” პოეტად მიაჩნია და ჩვენც გვარწმუნებს, რომ სული არ არის სხეულზე მეტი. ამით თითქოს როზეტის აზრსაც იზიარებს, თუმც ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, მაინც იყურება მომავლისაკენ: “განახლებული ჯიში, გონიერი ქალები და მამაკაცები, უცოდველობა და სიჯანსაღე… ალბათ ეს არის ბედნიერება!” მის ბოლო ლიტერატურულ მანიფესტში ასეთ სიტყვებსაც ამოიკითხავთ: “ველტვი უაღრესად ინდივიდუალურ საზოგადოებას, ბუნებასავით დაუდეგარს, კეთილკრძალულს და კეთილმოსურნეს, თანაგრძნობით ნიჭით დაჯილდოებულს, სრულქმნილს, მგზნებარეს, შთაგონებულს, მამაცს”. ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ საბოლოო მიზანი ქების ღირსია და არც პოეტი ტკბება საკუთარი უდიერებით, მაგრამ ამ მიზანს სავალალო შედეგი მოსდევს: იგი აშიშვლებს და ხელმისაწვდომს ხდის ყველაფერ იმას, რასაც ბუნება ოდითგანვე იფარავდა უდიდესი რუდუნებით და თავმდაბლობით. უცნაურია, რომ ეს ზედმიწევნით “ბუნებრივი” შემოქმედი არღვევს ბუნების ერთ-ერთ საუკეთესო და უღრმეს კანონს და იმის ნაცვლად, რომ სხეული წმინდად მიიჩნიოს, იგი ძარცვავს მას ყველა იმ სიკეთისაგან, რასაც ამჟამად მას მიაწერს კაცობრიობა. უიტმენი ამცრობს სულსაც და ხორცსაც და ადამიანს მხეცს უთანაბრებს, განძარცულს ყოველგვარი სულიერი თვისებებისგან.
    მისტერ უიტმენი ამაყობს საკუთარი სიჯანსაღით. მაგრამ რა არის ეს სიჯანსაღე თუ ჯანმრთელობა? სხვა არაფერი, თუ არა ადამიანის ორგანოთა ნორმალური მოქმედება და ასეთ დროს ის იშვიათად ფიქრობს მათ ფუნქციაზე, მაგრამ როგორც კი რომელიმე მათგანის ფუნქცია დაირღვევა – გულის, კუჭის, ტვინის თუ ნებისმიერი სხვა ორგანოსი – ადამიანი მყისვე შეიგრძნობს ამ ცვლილებას და, ცხადია, ჯანმრთელობაც შეერყევა… აქედან კი სნეულებაც წარმოიშვება. ზუსტად ასეა უიტმენის შემთხვევაშიც: როდესაც იგი ხელით ეხება ხელშეუხებელს და თავს იმტვრევს იმ იდუმალ პროცესებზე, წესით, უჩუმრად რომ უნდა მიმდინარეობდნენ, მას უკვე ჯანსაღს ვეღარ ვუწოდებთ. გახრწნილი არა, მაგრამ სნეული უთუოდ შეიქნება. მას თავი მოაქვს საკუთარი “მრავლისმომცველობით”, კარგისა და ავის უკიდურეს გამოვლინებათა ფლობით, და ყველაფერში ერთი პოლუსიდან მეორეზე გადაფრენას ელტვის. სხეულთან (ხორცთან) დაკავშირებით მშვენივრად ართმევს თავს ამ ამოცანას, ხან აკნინებს და ხანაც აღაზევებს. ისე კი, ჩანს, თავად სათანადოდ ვერ აღუქვამს საკუთარი “ყოვლისმომცველობა” ამ მიმართულებით, და რომ აღექვა, ალბათ, თავისი ლექსის სიტყვებით მიპასუხებდა:
    “მაშ, მე საკუთარ თავს ვუმხედრდები?
    ძალიან კარგი, ასეც ვიქცევი!
    მე უსაზღვრო ვარ, მრავლისმომცველი”.

    მაგრამ ეს “მრავლისმომცველობა” ვერაფერს შველის მის სნეულებას. მას არ ძალუძს შეარბილოს მისტერ უიტმენის დიდი შეცდომა. მან ხომ ხელახლა ისეთი რამ გამოაქვეყნა, რისი ხმამაღლა გამეორებაც კი აღარ ღირდა. რატომ შეიტანა ადრინდელი უხამსობა ახალ გამოცემაში? განა ეს წიგნი მრავალი წლის შემდეგ არ გამოვიდა? ნუთუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასე გაძნელდა ყმაწვილკაცური სენისაგან განკურნება? ყველა “საღი აზრის მატარებელი” უნდა აღშფოთდეს მისი “აგრესიული იერიშით”, ყოველმა ჩვენგანმა უნდა გააპროტესტოს ეს წრეგადასული უდიერება. საბედნიეროდ, ზემოაღნიშნულით ძირითადად თავად ავტორი ზარალდება: ის ხომ შესაშური მონდომებით იკნინებს საკუთარ ფიზიკურ ბუნებას – სხეულს! მართალია, კაცობრიობა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე “ბალახის ფოთლებში” აღწერილი – დამახინჯებული, თავლაფდასხმული და გაყალბებული. აი, ამიტომ ვერ იქონიებს ეს წიგნი ჩვენზე დიდ გავლენას, აი, ამიტომ გაუჭირდება ჩვენი დათრგუნვა.

    ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა
    The Atlantic Monthly, January 1882

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე

    წიგნის ზეიმი

    8 ოქტომბერს ფრანკფურტის 53-ე წიგნის ბაზრობა გაიხსნა
    ანა კორძაია-სამადაშვილი

    წელიწადში ერთხელ, გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში, მსოფლიოს უდიდესი წიგნის ბაზრობა იმართება. იმისთვის, რომ მკითხველმა მისი მაშტაბები უკეთ წარმოიდგინოს, მოგახსენებთ, რომ წელს, ოქტომბერში, 100 ქვეყნიდან ჩამოსული 6.700 მონაწილე 200 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე გამოფენს 400 ათას წიგნს, და ამ მოვლენის გასაშუქებლად ექვსი დღით ფრანკფურტში მთელი მსოფლიოდან 10 ათასი ჟურნალისტი ჩადის. თუკი გაგიმართლათ და წიგნის ბაზრობის დროს ფრანკფურტში მოხვდით, მთელს მსოფლიოს გაიცნობთ. სულ ერთია, გამომცემლობის თანამშრომელი ბრძანდებით თუ წიგნით მოვაჭრე, ლიტერატორი თუ ჟურნალისტი, ხელოვანი თუ მეცნიერი, თუ უბრალოდ მკითხველი, – ანუ ბაზრობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი – ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი სიამოვნება გელით.
    მკითხველისთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ნარკოტიკივითაა: ერთხელ თუ მოხვდით, ყოველ წელს მოგინდებათ ჩასვლა, წიგნებით სავსე უზარმაზარ დარბაზებში ხეტიალი, იმ ავტორებთან შეხება, რომელთა წიგნებსაც დილამდე ვერ წყდებით ხოლმე. აქ შევხვედრივარ იაშარ ქემალს, რიუდიგერ საფრანსკის, არუნდატი როის, ხელში მჭერია წიგნები, რომელთა შესახებაც მხოლოდ მიოცნებია… ოთხი წელი ჩავდიოდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, დილიდან საღამომდე გადავდიოდი დარბაზიდან დარბაზში, და მთლიანად მინახავს-თქო, მაინც ვერ ვიტყვი.
    ***
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიის მოსათხრობად მე-15 საუკუნეში უნდა დავბრუნდეთ. მაშინ, ფრანკფურტიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, იოჰანეს გუტენბერგმა წიგნის ბეჭდვა დაიწყო. ცოტა ხანში “ბაზრობების ქალაქ ფრანკფურტში” ახალი, წიგნის ბაზრობაც გაიხსნა და მე-17 საუკუნემდე ფრანკფურტს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის ბაზრობის ქალაქის საპატიო წოდებაში არავინ შედავებია.
    წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი სტუმრის წერილი, რომელიც 1574 წლითაა დათარიღებული, სულისკვეთებით ძალიან ჰგავს ჩვენი თანამედროვეების ჩანაწერებს, რომლებიც მეგობრებს უკვე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზიარებენ მიღებულ შთაბეჭდილებებს: ისიც სწავლულებსა და მწერლებს აქებს და ცდილობს აღწეროს, როგორი დიდებული ატმოსფეროა ბაზრობაზე, წიგნების და მათი შემქმნელების გარემოცვაში.
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მაშინაც “თავისუფალი სულით” გამოირჩეოდა. აქ თვით მარტინ ლუთერის “ნაწერებსაც” გადააწყდებოდით, და ეს იმხანად, როცა დანარჩენ გერმანიაში მწვალებელს კოცონი ემუქრებოდა. სწორედ ეს ლიბერალიზმი იყო ფრანკფურტში წიგნის საქმისა და ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობა. ასე გრძელდებოდა მე-17 საუკუნემდე, სანამ გერმანიაში დიდი პოლიტიკური და კულტურული ცვლილებები მოხდებოდა: 1750 წელს ფრანკფურტში ბოლოჯერ გამოსცეს ბაზრობის კატალოგი, რომელიც 1564-დან ყოველწლიურად იბეჭდებოდა.
    მიუხედავად ასეთი გრძელი ისტორიისა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის “დაბადების დღედ” 1949 წელია მიჩნეული – უკანასკნელი კატალოგის გამოსვლიდან 200 წლის თავზე ფრანკფურტის წმინდა პავლეს ეკლესიაში 205 გერმანელმა მონაწილემ მოიყარა თავი. ასე ჩატარდა დამარცხებულ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი წიგნის ბაზრობა. მაშინ წმინდა პავლეს ეკლესიას, გერმანიის დემოკრატიული ტრადიციების სიმბოლოს, 14 ათასამდე ადამიანი ეწვია. ბაზრობას არნახული წარმატება ჰქონდა, და მას შემდეგ ფრანკფურტი ყოველწლიურად ეპატიჟება ყველას, ვისაც წიგნთან რაიმე აკავშირებს.
    ***
    წელსაც, 8 ოქტომბერს, მაინის ფრანკფურტში ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა: 17 საათზე – ფრანკფურტის 53-ე წიგნის ბაზრობის გახსნის საზეიმო ცერემონია, ოთხი საათის შემდეგ კი – სტუმარი ქვეყნის, ლიტვის პრეზენტაცია, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვალდას ადამასკუსმა გახსნა.
    ფრანკფურტის წლევანდელი “სტუმარი ქვეყანა”, ლიტვა, თავისი წარსულისა და აწმყოს სურათს გვთავაზობს. დასავლეთ ევროპაში ნაკლებად ცნობილი ლიტერატურისა და კულტურის წარსადგენად, წელს ლიტვა ასობით ღონისძიებას აწყობს ფრანკფურტსა და მთელს გერმანიის ფედერაციაში: გამოფენებს, თეატრალურ დადგმებს, ლიტერატურულ თუ მუსიკალურ საღამოებს, და სხვა.
    ლიტვის სტუმრობის დევიზია “გაგრძელება იქნება”, პლაკატზე კი პატარა მინდვრის ყვავილია გამოსახული – ლიტვა ევროპისათვის ამ ყვავილივით პატარა, მაგრამ მიმზიდველი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიც შესაბამისად პატარა ჰქონდათ, სულ რაღაც 1,47 მილიონი ევრო, ლიტველებმა უაღრესად მრავალფეროვანი პროგრამის შესახებ გააკეთეს განაცხადი: ჯერ კიდევ ბაზრობის დაწყებამდე 30-მა ლიტველმა ლიტერატორმა გერმანიის ქალაქებში საჯარო კითხვის საღამოები ჩაატარა, ბაზრობის დროს კი მათთან შეხვედრა და დისკუსიებში მონაწილეობის მიღება ბაზრობის ტერიტორიაზეც შეიძლება, სტენდებთან თუ კაფეებში. თუმცა დასავლეთევროპელებისა არ იყოს, ვერც ქართველები დავიკვეხნით ლიტვური ლიტერატორის ცოდნას, რამდენიმე ავტორს მაინც დავასახელებთ – იურგა ივანაუსკაიტე, იურგის კუნჩინასი, ტომას ვენცლოვა და იონას მეკა. (თუკი დაინტერესდებით: მათი ნაწარმოებები “არილის” საგანგებოდ ლიტვური ლიტერატურისადმი მიძღვნილ ნომერში იყო გამოქვეყნებული 2000 წელს).
    უამრავი წიგნის გარდა, ამ ექვსი დღის განმავლობაში ბაზრობის სტუმრებსა და მონაწილეებს 2000 სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ: პრეზენტაციების, საჯარო კითხვებს, სახელმოხვეჭილ ლიტერატორებთან შეხვედრებსა თუ დისკუსიებს. ფრანკფურტის ყველაზე ცნობილი კლუბები საღამოობით After Fair Parties აწყობენ – აფრიკული დოლების ცეცხლით, მექსიკური რიტმებით… ბაზრობაზე გატარებული დღის შემდეგ ყველას შეუძლია Living XXL-სა თუ King Kamehameha-ში საუცხოო კერძებით და ცეკვით იჯეროს გული. მაგრამ ეს – საღამოს, მაშინ, როცა ძირითადი ღონისძიებები უკვე დამთავრებული იქნება. ამ უკანასკნელთა შესახებ კი ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ:
    წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები პირველად იწვევენ საერთაშორისო კონგრესს “Frankfurt Futura Mundi”, რომელიც “გაყოფილი მსოფლიოს ხიდების” პრობლემას ეხება. აქ მსოფლიოს მოაზროვნეები, მწერლები და ფილოსოფოსები კაცობრიობის საერთო მომავლის საკითხებს განიხილავენ – თანასწორობასა და თანასწორუფლებიანობას ე.წ. გლობალიზაციის და მის შედეგად წარმოშობილი კონფლიქტების კონტექსტში: რა აერთიანებს მსოფლიოს – ერთიანი მმართველობა თუ ერთიანი ღირებულებების სისტემა?
    თუკი გლობალიზაციის პრობლემები ნაკლებად გაღელვებთ და არც “ხიდჩატეხილობის” დარდი გაქვთ, მშვიდობის ჯილდოს გადაცემაზე წაბრძანდით – ის ფრანკფურტის წმინდა პავლეს ეკლესიაში ტარდება, სადაც მეცხრამეტე საუკუნეში პირველი გერმანული პარლამენტი შეიკრიბა, 53 წლის წინათ კი პირველი წიგნის ბაზრობა ჩატარდა. გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა ბირჟების გაერთიანება მშვიდობის ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს მწერალს, რომელიც, საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით იმსახურებს ამ საპატიო წოდებას.
    უკვე ივნისის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ წელს, 12 ოქტომბერს, მშვიდობის ჯილდოს მიიღებს ჩინუა აჩებე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიგერიელი მწერალი. საბჭოს გადაწყვეტილების მოტივაცია ასეთია: ის არის “… ყველაზე მძლავრი და ნაზი ხმა მე-20 საუკუნის აფრიკულ ლიტერატურაში, შეუდრეკელი მოძღვარი და მორალისტი, და, უპირველეს ყოვლისა, დიადი მთხრობელი. ის სამართლიანად ითვლება დასავლეთ აფრიკის ინგლისურენოვანი აუთენტური რომანის ტრადიციის დამფუძნებლად. მის სტილზე დიდი გავლენა იქონია თავისი ხალხის ზეპირმეტყველებამ, და თავისი შემოქმედებით მან ამ ტრადიციის უკვდავყოფა შეძლო”.
    პირველივე რომანმა, Things fall apart, რომელიც 27 წლის ჩინუა აჩებემ 1958 წელს გამოაქვეყნა, ნიგერიელ მწერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რომანი მოგვითხრობს ტრადიციული აფრიკული ცხოვრების წესის ნგრევაზე, იმის შესახებ, თუ რა მოუტანა კოლონიალიზმმა შავ კონტინენტს. სწორედ კულტურათა კონფლიქტი და “ახალი აფრიკული გზის” ძებნაა ჩინუა აჩებეს რომანებისა და ესსეების ძირითადი თემა. გარდა ამისა, ავტორი, რომელმაც ნიგერიული რადიო და თავის სამშობლოში მრავალი გამომცემლობა დააარსა, ყოველთვის პოლიტიკურად აქტიური იყო – ესეც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მშვიდობის ჯილდოს მისაღებად.
    ***
    ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრები ქართველი გამომცემლებიც არიან. მათი ვიზიტები საკმაოდ წარმატებულია ხოლმე: ყოველწლიური წიგნის ბაზრობის ტრადიცია საქართველოშიც დაინერგა, “ყოველი ფრანკფურტის შემდეგ” ჩვენს დახლებზე ახალი წიგნები ჩნდება, გამომცემლებისათვის სემინარები ტარდება, ახალი მედიებისადმი მიძღვნილი კონგრესების მონაწილეთა სიებში კი ქართულ გვარებს შეხვდებით. ქართველი გამომცემლები ძალიან ყოჩაღი ხალხი გამოდგა და ვინ იცის, ეგებ, მათი ძალისხმევით მაინც, რამდენიმე (თუნდაც მრავალი) წლის შემდეგ, ლიტვის მსგავსად საქართველოც გახდეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარი გმირი!?

    2002

    © “წიგნები – 24 საათი”