• ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (ივლისი, 2007)

    დორის ლესინგი

    “ბზარი”

    Doris Lessing

    “The Cleft”260გვ, Fourth Estate


    სადღაც, ოდესღაც, ზღვის პირას სახლობდნენ ქმნილებები, რომლებიც მდედრობითი სქესის უჩვეულო, უცნაურ არსებებს ჰგავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არცერთი არ იყო მამრი, მათ ბავშვები უჩნდებოდათ – პართეროგენეზის პრინციპით მრავლდებოდნენ. აჩენდნენ ბავშვებს, აწოვებდნენ ძუძუს, ხანდახან ახალგაზრდა მდედრს მაღალი კლდიდან აგდებდნენ – მსხვერპლშეწირვის მიზნით… ერთი სიტყვით, არაფერი აღელვებდათ და მშვიდად, უზრუნველად ცხოვრობდნენ. თუმცა, მათი სიმშვიდე დაირღვა, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ მდედრს მეტად უცნაური ახალშობილი გაუჩნდა – პატარას სხეულზე ის დეტალი ჰქონდა, რომელიც აქამდე მათს შორის არავის ენახა… ამბავი რომაული სამყაროს ერთ-ერთი მისტიური მანუსკრიპტიდანაა, „ბზარი“ კი ამ ამბის დორის ლესინგისეული ინტერპრეტაციაა, შიგადაშიგ ავტორის კომენტარებითა და მოკრძალებული ავტობიოგრაფიული ელემენტებით.

    ჰარუკი მურაკამი

    “სიბნელის შემდეგ”

    Haruki Murakami

    “After Dark”

    191გვ, Harvill.

    იმისთვის, რომ ღამე ჩვეულებრივი და მოსაწყენი არ გახდეს, მას მოჯადოება სჭირდება. ტოკიოს სადღეღამისო კაფეებისა და სიყვარულისათვის განკუთვნილი სასტუმროების ნოქტურნული ატმოსფერო – ეს უკვე ის მისტიკაა, რომლითაც ღამეული სიბნელე იქით გაჯადოებს. “შუაღამით დრო თავისი განსაზღვრული სტილით მიედინება. მას ვერ შეებრძოლები”, – ამბობს ქალაქის ერთ-ერთი პატარა და მყუდრო ჯაზ-ბარის მენეჯერი, რომლის უკანაც, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და თვით ჰარუკი მურაკამის აჩრდილი არ შენიშნო. “სიბნელის შემდეგ” – ეს ის რომანია, რომლითაც მწერალი ღამესთან შიშისმომგვრელ მეტაფიზიკურ ნაძლევს დებს, და რომელსაც ჰარუკი მურაკამის თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდებოდით.

    დონ დელილო

    “კაცი, რომელიც ვარდება”

    Don DeLillo

    “Falling Man”246გვ, Picador






    გავრცელებული მოსაზრებით, ხელოვანები ყველაზე უფრო ახლოს არიან ადამიანების კოლექტიურ ქვეცნობიერთან და შემოქმედებითი პროცესის დროს საკმაოდ ხშირადაც მიმართავენ მას. თუმცა, ის, რაც დონ დელილომ შეძლო, მხოლოდ ქვეცნობიერზე დაფუძნებული გათვლები არ არის – ვაშინგტონსა და ნიუ-იორკზე თავდასხმების წინასწარ აღწერას თავისუფლად შეიძლება, წინასწარმეტყველებაც ვუწოდოთ. “კაცი, რომელიც ვარდება” 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტზე გვიამბობს; მაშინ, როცა ხალხმა ამ თავდასხმების შესახებ გაიგო, პირველი სახელი, რაც გონებაში ამოტივტივდა, დელილო იყო. თავად მწერალი კი, შეკითხვაზე, თუ როგორ გაართვა ასეთი შინაარსის წიგნის დაწერას თავი, მშვიდად პასუხობს: “როგორ და, ძალიან მოკრძალებულად.”

    პოლ ოსტერი

    ლექსების კრებული

    Paul Auster

    Collected Poems

    208გვ, Faber.


    პოლ ოსტერმა მკითხველის ყურადღება პირველად 80-იან წლებში, თავისი მისტიური დეტექტივებით, “ნიუ იორკის ტრილოგიით”, მიიქცია. ახლა კი მისი ლექსების კრებულიც გამოვიდა, რომელშიც 1967 წლიდან დღემდე დაწერილი პოეტური ნაწარმოებებია შესული. ბუნებრივია, რომ ისინი, ვინც უკვე ოსტერის რომანებს იცნობს, მისი ლექსების წაკითხვისას მწერლის ლიტერატურული წარმოსახვის განვითარების შესახებ დასკვნების გამოტანას მოისურვებენ, და შეიძლება, უკვე ფიქრობენ კიდეც, რომ მის პოეტურ ნაწარმოებებში ოსტერის, როგორც რომანისტის, ხელწერას შენიშნავენ, მაგრამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლექსებში მინიმალური დოზითაა ნარატივი. პირიქით – ოსტერის პოეზია ევროპული რომანტიზმის მოდელის გავლენას განიცდის.

    ვოლე შოიინკა

    “ამოთქვი მზის ამოსვლისას. მემუარები.”

    Wole Soyinka

    “You Must Set Forth at Dawn: A Memoir”

    626გვ, Methuen, in association with Bookcraft.


    ერთ-ერთი აფრიკული სიბრძნის მიხედვით, როდესაც ადამიანი უფროსის სტატუსს უახლოვდება, ის ბრძოლაში ჩართვისაგან თავს იკავებს. ვოლე შოიინკა კი, მიუხედავად იმისა, რომ მას გაჭაღარავებული თმა და თეთრი წვერი სხვა აფრიკელი ასაკოვანი მწერლებისაგან ყველაზე მეტად გამოარჩევს, ჯერაც არ აპირებს კალმის დადებას. მის წიგნს ახლა უკვე მემუარების სახე აქვს და შიგ ნობელიანტი მწერლის შემოქმედებითი თუ პოლიტიკური მოღვაწეობის საინტერესო ფაქტებია თავმოყრილი. “იყო დრო, როცა ვერავინ იფიქრებდა, რომ ნიგერია, როგორც პოლიტიკური ერთეული, დღეს კიდევ იარსებებდა”, – აღნიშნავს შოიინკა თავისი მემუარების დასაწყისში. იგი სწორედ ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ათასებისა და ათიათასების ვარაუდი ნიგერიის არსებობა-არარსებობის შესახებ არ გამართლდა. როგორი იყო გზა სახელმწიფოებრიობამდე, როგორ ემატებოდა ნიგერიას სასიცოცხლო ძალები – ამ ყველაფერს ვოლე შოიინკა თავის ახალ წიგნში გვიყვება.

    ა.დ. ნათალი

    “შექსპირი – მოაზროვნე”

    AD Nuttall

    “Shakespeare the Thinker”

    448გვ, Yale






    მაშინ, როცა ახალ ლიტერატურულ კრიტიკაში შექსპირის ხელოვნების ნაკლებ სიღრმისეულად მიჩნევის ტენდენციები შიემჩნევა; როცა თანდათან მყარდება შეხედულებები, რომ შექსპირი თავისი დროის კლიშეებით წერდა და ამას თან მისი რასიზმი, სექსუალურ უმცირესობაში ყოფნისგან გაჩენილი ფსიქოლოგიური დარღვევები ემატებოდა, ნათალი სრულიად საპირისპიროს გვიჩვენებს – პროფესორის კვლევის ობიექტი გაცილებით უფრო განათლებული, სიღრმისეულად მოაზროვნე და ტოლერანტი იყო, ვიდრე მისი 21-ე საუკუნის მკითხველები არიან. ნათალის კვლევა შექსპირის შემოქმედების ინტელექტუალურობაზე მისი საკმაოდ წარმატებული კარიერის დამაგვირგვინებელია. იგი უკვე არაერთი ნაშრომის ავტორია შექსპირის შესახებ.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    მაგდა კალანდაძე

    დაგერხათ, ღორებო!

    დი ბი სი პიერი, “ვერნონ გენიოს ლითლი”, რომანი, მთარგმნელი ქეთი ქანთარია. თბ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2006.


    სანამ 2003 წლის “ბუკერის” ჟიური საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ორი-სამი დღით ადრე პრესამ ერთ-ერთი ნომინანტის, დიბისი პიერის, არც თუ ისე სახარბიელო წარსული გამოააშკარავა – მექსიკაში დასახლებული ავსტრალიელის ბიოგრაფია ნარკოტიკების მოხმარებით, ძარცვით, ვალების გადაუხდელობითა და სხვა ათასი დანაშაულებრივი ფაქტით იყო დატვირთული. თუმცა, თავად ავტორს არასდროს უცდია საკუთარი შავბნელი წარსულის დამალვა – პირიქით, მისი ფსევდინიმი (ნამვილი სახელია პიტერ უორენ ფინლეი) სწორედ განვლილი ცხოვრების აბრევიატურაა – DBC – Dirty But Clean (“ბინძური, მაგრამ სუფთა”). ზემოთაღნიშნული ფაქტორის და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ “ვერნონ გენიოს ლითლი” დიბისი პიერის სადებიუტო რომანია, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო ჟიურის გადაწყვეტილება – ბუკერის პრემია – 50 ათასი ფუნტი სტერლინგი – საკმაოდ “არაელიტურ” ავტორს არგუნეს. საინტერესოა, რითი მოხიბლა დებიუტანტი მწერლის რომანმა საკმაოდ პრესტიჟული პრემიის კონსერვატიული ჟიური – ბუკერი ხომ ჰუმანიტარული დახმარება არაა, დიბისი პიერისთვის ვალების გასასტუმრებლად გადაეცათ ამხელა თანხა.
    “ვერნონ გენიოს ლითლის” მოქმედება ტეხასში ხდება – ფასტფუდებით, ბარბექიუებითა და ტომატის სოუსით გაჟღენთილ ამერიკის ერთ-ერთ შტატში. მთავარი მოქმედი პირი 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლია, რომელსაც თანაკლასელის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობა ბრალდება. სასამართლოს ეჭვმიტანილი ჰყავს და საქმეს იძიებს, თუმცა, მართლმსაჯულება ერთადერთი არაა, ვინც ვერნონითაა დაინტერესებული – საქმეში ტელევიზია ერთვება. მასმედიის ინტერესებში მხოლოდ ერთი რამ შედის – როგორმე რეალურ შოუდ აქციოს გამოძიების პროცესი, ჟურნალისტები და შოუმენები ძალღონეს არ იშურებენ, კიდევ უფრო ჩახლართული გახადონ ვერნონის საქმე და მეტი ინტრიგა შემატონ მას. მკითხველმა რომანის დასაწყისშივე იცის, რომ ლითლი უდანაშაულოა, თუმცა, მართლმსაჯულება და სენსაციებზე მონადირე ტელევიზია ყველანაირად ცდილობენ, სასიკვდილო განაჩენამდე მიიყვანონ ბიჭი. დიბისი პიერი ცინიზმსა და სარკაზმს არ იშურებს ამერიკელების ნამდვილი სახის წარმოსაჩენად – ვერნონს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობენ, ატყუებენ, მშობელი დედიდან დაწყებული, საყვარელი გოგოთი დამთავრებული, ყველა სარგებლის ნახვას და გამორჩენას ცდილობს შექმნილი სიტუაციიდან. ეს არის სატირა ქვეყანაზე, სადაც ადამიანებისთვის მთავარია სანახაობა, დროის გაყვანა, კარგი კვება და უახლესი საოჯახო ტექნიკა. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობს -კოკა-კოლას, ჰამბურგერების, სატელევიზიო შოუებისა და ახალნაყიდი ტანსაცმლის ენაზე – ადამიანებს შორის მაინც სრული დისონანსი და გაუგებრობაა. ამის ყველაზე ნათელ და სასტიკ მაგალითად მწერალს რომანის მთავარი მოვლენა გამოჰყავს: მკვლელობის მიზეზი ჰომოფობური გამოხდომაა – მოზარდის სექსუალური ორიენტაცია დაცინვის საგანი ხდება. დიბისი პიერის მიერ აღწერილ საზოგადოებაში განსხვავებული აზროვნებისა და შეხედულებების ადამიანს არა თუ არ იღებენ და ზურგს აქცევენ, არამედ ცდილობენ, გაანადგურონ, მოიშორონ, უკეთეს შემთხვევაში – რეალური შოუს გმირად აქციონ და როგორც გალიაში გამომწყვდეულ მხეცს, ისე, შორიდან უყურონ.
    რამდენადაც მძიმე და დამთრგუნველია თემატიკა, იმდენად მსუბუქი და ლაღია მწერლის ენა და თხრობის სტილი. 15 წლის გაუნათლებელი ბიჭისთვის დამახასიათებელი ჟარგონული ლექსიკითა და სიმარტივით მოყოლილი ამბავი წიგნის ყოველ გვერდზე უფრო და უფრო ითრევს მკითხველს. თავად ვერნონ ლითლი კი მთხრობელი უფროა, ვიდრე მთავარი გმირი – ერთადერთი, რაც მას დანარჩენებისგან გამოარჩევს, ისაა, რომ მსხვერპლის როლში გვევლინება. რომანის პერსონაჟები ერთ მთლიან გროტესკულ სახეს ქმნიან, სათითაოდ კი მოკლებულები არიან ყოველგვარ ინდივიდუალობას, ყველა იმ შტრიხს, რომელიც მათს ადამიანურობას აგრძნობინებს მკითხველს. ეს საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ მწერალს პერსონაჟის შექმნის უუნარობაში დავდოთ ბრალი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ვერნონიც და მის გარშემო მოფუსფუსე “კეთილისმსურველებიც” მხოლოდ ფონია იმისათვის, რომ მთავარი გმირები გამოიკვეთონ: პირსისხლიანი მართლმსაჯულება, ადამიანის უბედურებაზე აწყობილი ბიზნესი – რეალური ტელეშოუ და ფასტფუდების ცხიმში გახვეული, ტომატის სოუსით შეღებილი ამერიკა. ეს ის პერსონაჟებია, რომლებსაც ავტორი სარკაზმისა და ირონიის მკვეთრ ფერებში გვიხატავს და რომლებიც არა მარტო ამ რომანის, არამედ თანამედროვეობის ნამდვილი “გმირები” არიან. დიბისი პიერი კი თანამედროვეობის მწერალია – მან ზუსტად იცის, რას ამბობს, რისი თქმაა დღეს საჭირო და რას მოითხოვს მისგან მკითხველი. იცოდე, რა სურთ და რას ელოდებიან შენგან – ეს უკვე ნახევარი გამარჯვებაა. იმარჯვებს სიკვდილმისჯილი ვერნონ ლითლიც, რომელიც ერთი გამოცდილი მკვლელისა და რეციდივისტის უკანასკნელი დარიგების მიხედვით მოქმედებს: “მიეცი ხალხს ის, რაც სურს, გაიგე მათი მოთხოვნილებები და იმოქმედე – შენი ხელის აქნევაზე იცეკვებენ”, – ეს გადარჩენისა და გამარჯვების რეცეპტია, რომელიც დიბისი პიერმა მკითხველს გაანდო, რომლის მიხედვითაც მისი სამწერლო დებიუტი შედგა… და რამდენიც არ უნდა უძახოს მისმა პერსონაჟმა მთელს მსოფლიოს, ღორებო, დაგერხათო, ავტორი კარგად ხვდება, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც მისგან “ღორები” მოითხოვენ და რისთვისაც იგივე “ღორები” ”ბუკერის” პრესტიჟულ პრემიას არიგებენ.

    © ”ცხელი შოკოლადი”